ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე


“წუთისოფელი რა არის,
დაგორებული ქვა არის…”
მიკ ჯეგერი, “Rolling Stones”

ერაყელები ბაბილონს, არა მხოლოდ უძველეს ქალაქს, არამედ მთელს შუამდინარეთსაც უწოდებდნენ ხოლმე და ალბათ ახლაც ასევე მოიხსენებენ თავიანთ ქვეყანას, ოღონდ ბედნიერების გარეშე.
ბედნიერი ქვეყანა კი ერაყსა და ბაბილონს ოფიციალურადაც ერქვა დაუდ-ფაშას დროს, რომელიც ერაყის მმართველი იყო მეცხრამეტე საუკუნეში და ოფიციალურ ქაღალდებზეც კი, ზუსტად ასე აწერდა ხელს _ ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე…

სინამდვილეში არათუ წინასწარმეტყველი მიკ ჯეგერი, ქვემოქართლელი დათუნა მანველაშვილის… მშობელი დედაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სოფლის წყაროზე მოტაცებული, მისი ცელქი და გონებამახვილი ბიჭი, ოცდაათი წლის შემდეგ დიდი ერაყის სახელოვანი მმართველი გახდებოდა.
სადაურსა სად წაიყვანო, _ რამდენ ქართველს დასცდებოდა მაშინ ეს ფიქრი, როგორც წუთისოფლის სამდურავი, როცა მანველაანთ დათუნას დიდკაცობის ამბავს შეიტყობდნენ ქვემო ქართლში და წუთისოფელსაც კიდევ ერთხელ შეადარებდნენ აგორებულ ქვას.
ამბავი კი პეტერბურგიდან მოვიდა (საიდუმლო ფოშტით) და არა ბაღდადიდან, რადგან დაუდ-ფაშამ თავისი დარდი რუსეთის იმპერატორს გაანდო, როგორც ქართლის მაშინდელს პატრონს და თხოვნითაც მას მიმართა მისი მშობლები და ძმები ყმობიდან გაეთავისუფლებინა.

აბა თუ უხერხული არ არის, თქვენ თვითონ დაფიქრდითო, _ წერდა დაუდ-ფაშა რუსეთის მეფეს _ მე ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე ვიყო და ჩემი მშობლები და ძმები კი ყმობაში რჩებოდნენო და რუსეთის იმპერატორმა დაუდ-ფაშას თხოვნა დაუყონებლივ შეასრულა კიდეც სპეციალური განკარგულებით. რუსები სპარსეთისაკენ მიიწევდნენ მაშინ და რა თქმა უნდა ისიც იფიქრეს, რომ იქნებ სპარსეთის წინააღმდეგ ერაყის მმართველიც გამოვიყენოთო და ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფემ ყმობიდან უკვე გათავისუფლებული მშობლები და ძმები ბაღდადში დაპატიჟა. დაუდ-ფაშას მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედამ უარი თქვა ბაღდადის სასახლეში ცხოვრებაზე (ჩემი ქრისტიანული ქოხი მირჩევნიაო) და ძმები კი ერაყისაკენ სიხარულით გაემგზავრნენ.
ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ზეიმითა და პატივით მიიღებდა ერაყის ქართველი მეფე თავის ძმებს, რომლებიც ბავშვობის მერე ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ უმცროსი ძმა ბაღდადში დიდხანს არ დარჩენილა _ ერთი თვე იხალისა და უკან, საქართველოში დაბრუნდა.

რაც შეეხება დაუდ-ფაშას უფროს ძმას, მან საერთოდ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე და ხელმწიფე-ძმაც დიდად გაახარა ამ გადაწყვეტილებით. თუმცა მაშინ აბა რას წარმოიდგენდა დაუდ-ფაშა, რომ ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ ღვიძლი ძმა შეუქმნიდა ერაყის ქართველ მმართველს.
უფროსი ძმა ბახუსის, ქალებისა და ფუფუნების ისეთი მოყვარული აღმოჩნდა, რომ სადაც დანიშნეს, ყველგან კორუფციის საშინელი ბუდე შექმნა და ერაყშიც ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები გაჩნდნენ. ოსმალეთის სულთანმაც ეს უკმაყოფილება მშვენივრად გამოიყენა და ბაღდადისკენ თავისი ჯარები სწორედ იმ უკმაყოფილო ერაყელების იმედად დაძრა. თუმცა მრავალი მიზეზის გამო ერაყელებს თავისი ქართველი ხელმწიფე მაინც ისე უყვარდათ, რომ ალყაშემორტყმულ ბაღდადს რამდენიმე თვის მანძილზე საოცარი თავგანწირვით იცავდნენ. ბაღდადის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა ერაყში ოღუზი მმართველი დანიშნა, მაგრამ დამარცხებულმა ერაყელებმა მალე თურქი მმართველი მოკლეს და ბრძოლაც ბაღდადის გათავისუფლებისათვის ისევ განახლდა. ერაყის თავისუფლებისათვის ბოლომდე იბრძოდა ერაყის ქართველი მეფე დავით მანველაშვილი, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა და ალბათ ამ ღვაწლის გამო ერგო კიდეც მას პატივი ხალიფა ომარის გვერდით დაკრძალვისა _ იქვე, თვითონ მუჰამედის საფლავთან ძალიან ახლოს…

სხვის ომში ყოველთვის ბრძენი იყო ქართველი და ქართველმა მამლუქებმაც სხვა ქვეყნების დიდებასა და თავისუფლებას, ზღვა ენერგია შეალიეს, მაგრამ რადგანაც მაინც ქართველები იყვნენ, თავის წარმომავლობასაც არ ივიწყებდნენ და ქართული საქმეებისთვის შესაწირიც არ ენანებოდათ. ამიტომაც საქართველოში მამლუქების ფულით აგებული მრავალი ეკლესია და ციხეა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მუსულმანები იყვნენ და არა ქრისტეანები. საქართველოსთვის რაღაცის გაკეთებას არამხოლოდ ქართველი მამლუქები ცდილობდნენ, არამედ უცხოეთში მოხვედრილი ქართველი ქალებიც და ცნობილი ფაქტია, რომ ოსმალეთის სულთნის ჰარამხანის ქართველი ქალები საიდუმლოდ აწვდიდნენ სოლომონ პირველსა და ერეკლე მეორეს ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს…
თუმცა ქართველი მამლუქები (ძირითადად) მაინც იმ ქვეყნების სამსახურში იდგნენ, სადაც მათი ხმალი ჭრიდა, სადაც მამლუქებად იქცნენ და ოსმალეთსაც თავისუფლებისათვის იმავე ქვეყნებში ებრძოდნენ.

სხვისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახელოვნებულმა ქართველებმა ყველაზე მეტი პრობლემები ოსმალებს მაინც ეგვიპტეში შეუქმნეს და თურქებიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მამლუქების განადგურების გარეშე, ეგვიპტის დაპყრობას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. თუმცა თურქებს თავდაპირველად მათი ევროპაში გადასახლების გეგმაც ჰქონდათ, მაგრამ ეგვიპტელმა ქართველებმა სულთანს წერილი მისწერეს და საქართველოში გადასახლება სთხოვეს ევროპის ნაცვლად. ახლა ეს ამბავი უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მაშინ ოსმალეთის სამეფო კარმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან თურქები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხალი მამლუქი (ევროპაში იქნებოდა თუ კავკასიაში), მათთვის მაინც საშიში იყო. ოსმალებმა მამლუქების განადგურება კი გადაწყვიტეს, მაგრამ ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ეგვიპტელი ქართველების ბრძოლაში განადგურება შეუძლებელი იყო და მათი მოსყიდვის მცდელობებიც ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ჯიუტი და ამპარტავანი ქართველები ჯიუტად ირჩევდნენ ხოლმე მაინც დაუმორჩილებლობას და ამიტომაც 1811 წლის დასაწყისში კაიროს მმართველმა მუჰამედ ალიმ საშინელი მზაკვრობა ჩაიფიქრა.

მუჰამედ ალიმ (ვისი სახელიც მეოცე საუკუნეში ამერიკელმა მოკრივემ კასიუს კლეიმ დაირქვა), გადაწყვიტა მოტყუეებით მოეწვია ქართველი ბეგები თავის სასახლეში და ისინი ერთიანად გაეჟლიტა. მართალია ფორმალურად მუჰამედ ალი კაიროს მმართველი იყო, მაგრამ სინამდვილეში კაიროსა და მთელ ეგვიპტეს ქართველი მამლუქები განაგებდნენ და ამის მოთმენა კი მუჰამედ ალის აღარ სურდა.
ამიტომაც, ხუთასმა ქართველმა ბეგმა მიიღო ოფიციალური მიწვევა მუჰამედ ალისაგან საზეიმო აღლუმზე, რომელიც 1811 წლის პირველ მარტს კაიროში უნდა გამართულიყო და ქართველები დედაქალაქში სააღლუმო სამოსითა და დროშებით შეიკრიბნენ. (სხვათა შორის, ქართველი მამლუქების დროშებზე ყველაზე ხშირად გრაალის თასი იყო გამოსახული ბორჯღალთან ერთად).

მუჰამედ ალის სასახლე მუკატამის ბორცვზე იდგა _ იმ ციტადელის ტერიტორიაზე, რომელიც ჩემმა ქურთმა ძმამ, სალაჰ ად-დინმა მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს კაიროში ააგო და 1811 წლის პირველი მარტის დილა კი თურმე იყო უჩვეულოდ თბილი და მზიანი. აღლუმის დაწყებამდე, მუჰამედ ალიმ ქართველები ყავაზე მიიწვია სასახლეში და ერთ-ერთ მათგანს (ამინ-ბეგს) მამლუქურ სამოსზე ყავა გადაესხა და ეს ამბავი ისე ცუდად ენიშნა, რომ მუკატამის სასახლე მაშინვე დატოვა. დანარჩენმა ქართველებმა კი ყავაც მიირთვეს და ტკბილეულიც და ციხესიმაგრიდან ქალაქისკენ დაეშვნენ, მაგრამ სწორედ იქ, სადაც გზა ვიწროვდებოდა, მუჰამედ ალის ჩასაფრებული ერთგულები თავს დაესხნენ ქართველებს და მოულოდნელად მათი ხოცვა დაიწყეს. ქართველებმა სივიწროვის გამო, ვერც ბრძოლა მოახერხეს და ვერც გაქცევა, რადგან ქვემოთ ჭიშკარი ჩარაზული იყო და ერთადერთი გამოსავალი ისევ ცხენებიანად აღმა ასვლა იყო, რასაც ელოდა კიდეც მუჰამედ ალის ხალხი. მათ ზემოდანაც გახსნეს ცეცხლი და ვინც ტყვიას გადაურჩა, თურქული ისარი მაინც მოხვდა, ვინაიდან ციხესიმაგრის ძალიან ვიწრო ქუჩაზე თავდაცვა შეუძლებელი იყო.

ქართველებს კი ასეთი სიკვდილი, ყველაზე მეტად არ უნდოდათ (მით უმეტეს მოჰამედ ალის ხელით) და ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ და ხმლებიც იშიშვლეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რჩეული ქართველი ბეგები უკვე დახოცილები იყვნენ და თურქები ახლა დანარჩენებს კლავდნენ მთელი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც კი მათ მიაგნებდნენ ან წააწყდებოდნენ. საიდუმლო ბრძანების მიხედვით, არცერთი მამლუქი ცოცხლად არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ერთი ქართველი, სახელად ჰასანი, მაინც გადაურჩა იმ დღეს ციტადელში სიკვდილს და ამ მამლუქის თავგანწირვის შესახებ, ნებისმიერმა ეგვიპტელმა იცის. ნებისმიერი ეგვიპტელი ახლაც გაჩვენებთ კაიროს ციხესიმაგრის გალავანზე იმ ადგილს, საიდანაც ის ჰასანი იმ დღეს ცხენიანად გადახტა ხევში ოცი მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ გადარჩა და ნუბიაში გაიქცა. (იგი მაშინვე გახდა არაბული და აღმოსავლური პროზისა და პოეზიის პერსონაჟი).
დანარჩენები კი, ყველანი დახოცეს, მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ ალის შვილმა რამდენიმე ქართველი მამლუქი თავისთან გადამალა, მაგრამ ღამით მათაც მიაგნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

დილით მთელი ციხესიმაგრის ეზო გვამებით იყო მოფენილი და ქართული სისხლი კი მუკატამის მთიდან ვიწრო ქუჩებით მიიკვლევდა გზას ქალაქისკენ, სადაც მთავარ მოედანზე სისხლი გროვდებოდა მთელი დღის განმავლობაში და მერე ერთი კვირის განმავლობაში, აქვე აგროვებდნენ ქართველი მამლუქების მოჭრილ თავებს. ეს უკვე იმ ქართველი ბეგების თავები იყო, ვინც იმ დღეს აღლუმზე არ ჩავიდა ან ჯერ არ იცოდა რა მოხდა კაიროში და ამიტომაც მშვიდად მიიღეს სიკვდილი მოღალატეების ხელით. თუმცა იყვნენ მამლუქები, ვინც არაბეთში ან სუდანში გაქცევა მოასწრო, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ მოახერხეს კაიროში დაბრუნება, როგორც იბრაჰიმ-ბეგ სინჯიკაშვილმა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გადაასვენა ცოლმა კაიროს ლეგენდარულ სასაფლაოზე.
ამიტომაც, სინამდვილეში ქართული მმართველობა 1811 წლის პირველ მარტს დამთავრდა ეგვიპტეში და ამის შემდეგ ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, სანამ ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკად არ იქცა, ხოლო ეგვიპტე კი ისევ დამოუკიდებელი, თანამედროვე მონარქიული ქვეყანა გახდა.

მეოცე საუკუნეში ეგვიპტელებს იმაზე უფრო თანამედროვე მეფე ჰყავდათ, ვიდრე სიტყვა თანამედროვე შეიძლება ამას გულისხმობდეს, მაგრამ რუსებმა მაინც იმდენი ქნეს, რომ ეგვიპტელებმა ის ოქრო-მეფე ფარუკი ტახტიდან ჩამოაგდეს და ორმოცდაათიანი წლებიდან ეგვიპტელმა ხალხმა საკუთარ თავზე სრულიად გაუგებარი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო. ამ უცნაური ექსპერიმენტის უცნაურ შედეგებს (ყველას) რა ჩამოთვლის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად თვალშისაცემია, რომ დღევანდელი კაიროსა და ეგვიპტის ნებისმიერი სტუმარი შეამჩნევს. ნებისმიერ დაწესებულებაში (ნებისმიერ საქმეზე) მისული ადამიანი შეხვდება (მაგალითად) ნერწყვის კაცს, რომელიც სწორედ ხსენებული ექსპერიმენტის პირმშოა და რომელსაც ენის გამოყოფა და თქვენი მარკის დასველება ევალება. ამ აუცილებელი ნერწყვის გამოყოფაში ამ კაცს სახელმწიფო ხელფასს უხდის და აუცილებელი კი იმიტომ არის, რომ ამ სპეციალური მარკის გარეშე არცერთ დაწესებულებაში არცერთ საბუთს არ მიიღებენ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მარკისთვის თქვენი ნერწყვიც ივარგებს, ძალიან ცდებით, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ნერწყვის კაცის მოვალეობაა და ასეთი სახის პირადი ინიციატივები ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ გამოგადგებათ. კაიროში არც იმის ცოდნა გამოგადგებათ, რომ შუქნიშნის მწვანე ფერი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია წახვიდე, ხოლო წითელი კი პირიქით _ უნდა გაჩერდე, რადგან კაიროში შუქნიშანს მხოლოდ ერთი, ყვითელი ფერი აქვს და მისი მნიშვნელობაც დანამდვილებით არავინ იცის. ამიტომაც იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რაც უზარმაზარი, ოცმილიონიანი კაიროს გზაჯვარედინებზე ხდება, მაგრამ რომც წარმოიდგინოთ, როცა ნახავთ, მაინც არ დაიჯერებთ და ამიტომაც (ნერწყვის არ იყოს), წინასწარ ნუ შეწუხდებით. როცა ეგვიპტეში ჩახვალთ, ისედაც მოგიწევთ შეწუხება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყოველი ეგვიპტელი შეგეკითხებათ რომელი ქვეყნიდან ხართ და თუ გამოიცნობთ რაში აინტერესებს ამ ხალხს თქვენი ვინაობა, თქვენ ამოხსნით კიდეც ეგვიპტური ექსპერიმენტის მთავარ საიდუმლოს. მანამდე კი დანარჩენი სტუმრებივით შეიძლება გეგონოთ, რომ შენი სადაურობა გადაწყვეტილების მისაღებად აინტერესებთ და სჭირდებათ: აგაფეთქონ თუ დაგინდონ.
ამფეთქებლები კი, იცოცხლე, მრავლად არიან და მით უმეტეს პოტენციურები, რომელთაგან ყველაზე მერყევ ადამიანებს, სულ ოცი წუთის აგიტაცია სჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ სამოთხეში მოხვედრის ყველაზე მოკლე და ნაღდი გზა ტროტილზე გადის.

კაიროს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ იცავდნენ ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ამერიკის პავილიონს, რომლის აფეთქების მსურველებიც იქვე ირეოდნენ, თუმცა მრავალი ამერიკელისაგან განსხვავებით (პირადად), სულაც არ მგონია, რომ ტერორიზმის წყარო ისლამია. პირიქით _ ეგვიპტეში, როგორც ისლამურ ქვეყანაში, ძალიან გამაკვირვა ტყუილის არსებობამ მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა, უბრალოდ არ არის. რატომღაც მეგონა, რომ მუსულმანები საერთოდ არ ამბობდნენ ტყუილს (როგორც, მაგალითად, იორდანიაში), მაგრამ ეგვიპტელები სიამოვნებით მოგატყუებენ თუ უცხოელი ტურისტი ხარ და ტურისტები კი, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ უცხოელები არიან. ეგვიპტეში უცხოელი თუ ვერ მოატყუეს, მაშინ უბრალოდ რამეს მაინც მოთხოვენ და ეს რამე, როგორც წესი, ფულია.

უმდიდრეს ქვეყანაში უღარიბესი ხალხი ცხოვრობს (თუ მათხოვრობას ცხოვრება ჰქვია) და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ სამი ათასი წლის წინათ, ამავე ქვეყანაში ადამიანებმა უნიკალური ცივილიზაცია შექმნეს.
მხოლოდ წარსულით ცხოვრება მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია, რომელსაც აწმყო არა აქვს და მომავალი ექნება თუ არა, არავინ იცის…

P.S. დღევანდელ ეგვიპტელებს რამდენიმე მიზეზის (უპირველესად ეკონომიკური ჩამორჩენილობის გამო), მეზობელი არაბული (უფრო განვითარებული) ქვეყნების მუსულმანები, ცოტა არ იყოს, ქედმაღლურად უყურებენ და საუდელების მაგალითზე ეს განსაკუთრებით საგრძნობია. საუდის არაბეთის მოქალაქეები ძირითადად ეგვიპტის კურორტებზე ისვენებენ, მაგრამ საუდელებს კაიროშიც შეხვდებით და მათ სადაურობას ჩაცმულობითაც ადვილად გამოიცნობთ. თუმცა ყველაზე თვალშისაცემი მათი სილაღეა, რადგან საუდის არაბეთში რამდენიმე ძალიან მკაცრი კანონი მოქმედებს და ამ კანონებს (დროებით მაინც) საუდელები ეგვიპტეში ემალებიან. მაგალითად, საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვა ეკრძალებათ და საჭეს დანატრებული საუდელი ქალები ეგვიპტის გზებზე დააქროლებენ ავტოებს ძალიან ბედნიერი სახეებით. კაიროში გაცნობილმა კაცმა საუდის არაბეთიდან (როცა გაკვირვებულებმა ვკითხეთ ამ აკრძალვის მიზეზი), ჩვენზე მეტად გაკვირვებულმა გვიპასუხა, რომ ამ კანონის მიზანი სწორედ ქალთა უსაფრთხოებაა და მართლა ძალიან უცნაურად ახსნა ქალთა ავტოდისკრიმინაცია საუდის არაბეთში: აი, ვთქვათ, მიდის არაბი ქალი ერთი ქალაქიდან მეორეში ავტომობილით და შუა გზაზე საბურავმა უმუხთლა და მანქანა გაუჩერდა, ხომ შეიძლება ამ დროს ვიღაც ბოროტმა კაცმა გამოიაროს და ის ქალი მოტყნასო (ზუსტად ასე გვითხრა, ოღონდ ინგლისურად)…
აშკარად ჩვენი აზრი აინტერესებდა, მაგრამ გაოგნებულებმა ხმა რომ ვერ ამოვიღეთ საპასუხოდ, ისევ თვითონ გააკეთა დასკვნა _ აი, ამიტომაც ეკრძალებათ ქალებს საუდის არაბეთში მანქანების მართვაო…

მეზობელი და არამეზობელი, სხვა მუსულმანური და არაბული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ეგვიპტეში ქალები სამოცი წლის წინ უკვე ისხდნენ ავტომობილების საჭესთან და კინოში მიყავდათ ქმრები თუ შეყვარებულები. კინოში იმიტომ, რომ ცხონებულ ოქროს მეფე ფარუკს ძალიან უყვარდა კინო და მის სამეფოში იმდენი კინოთეატრი იხსნებოდა, რომ შინიდან გამოსული რომელიმე კინოსეანსს უბრალოდ ვერ აცდებოდი. ეგვიპტის მეფეს კინო კი ისე უყვარდა, რომ მისი დაჟინებული მონდომებით მაშინ ეგვიპტური კინოს ფენომენიც კი გაჩნდა, რომლის მიმართაც მთელს მსოფლიოში უზარმაზარი ინტერესი იყო. ეგვიპტელი რეჟისორები მაშინ ისეთ ფილმებს იღებდნენ, რომელიც არამხოლოდ უჩვეულო პოეტურობით ხიბლავდნენ მაყურებელს და მაყურებელს ყველგან აოცებდა ეგვიპტური კინოს ლიბერალიზმიც. დასავლეთისთვის მართლაც დაუჯერებელი იყო ასეთი აღმოსავლური სითამამე, მაგრამ ეგვიპტელი ომარ შარიფი ისეთი დამაჯერებელი იყო არაეროტიულ სცენებშიც კი, რომ მას ჰოლივუდი არ ასცდებოდა (ადრე თუ გვიან) და ასეც მოხდა. მერე ისიც მოხდა, რომ უკვე ოთხმოცი წლის ომარ შარიფი ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა, მაგრამ არა გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც ეგვიპტეში ჩასვლისთანავე (პირველ რიგში), ომარ შარიფი მოინახულა და ხეშკეს ამბავიც მოიკითხა. ეს ამბავიც ადრე უკვე მოვყევი, მაგრამ ომარ შარიფი განა იმის ღირსი არ არის, რომ კიდევ ერთხელ ვახსენოთ და რაც მთავარია, განა ომარ შარიფი იმის ღირსი არ იყო, რომ მისი ერთი ფოტო (თუნდაც ძალიან პატარა) “ცხელ შოკოლადშიც” დაგვებეჭდა?
თუნდაც ჩვენი მრავალტანჯული ბავშვობის გამო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი