დედა ევროპა დ მამა აფრიკა-ეგვიპტე
ადრე მართლა მეგონა, რომ თვითმფრინავები შუაღამისას მხოლოდ თბილისის აეროპორტში ეშვებოდნენ, რადგან ევროპაში ღამით ფრენა საერთოდ აკრძალულია და რადგან კაირო იქვე, ხმელთაშუა ზღვის გადაღმა მეგულებოდა, ვიფიქრე, რომ ღამის ალექსეევკას აქ მაინც არ გვაკადრებდნენ. ალექსეევკა (ოფიციალურად) ჰქვია თბილისის აეროპორტს, ხოლო ეგვიპტე (ოფიციალურად) ეკუთვნის აფრიკას და ამიტომაც ჩვენი თვითმფრინავი კაიროს აეროპორტში მაშინ დაჯდა, როცა ეგვიპტის ცაზე მართლა ვეებერთელა მთვარე, კარგა ხნის ამოცურებული იყო. კაირო უზარმაზარი, ოცმილიონიანი ქალაქია და შესაბამისად რამდენიმე აეროპორტი აქვს, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ აეროპორტმა მიგვიღო, რომელიც მართლა ჰგავდა კოპიტნარის მოსაცდელს, თუმცა დიდხანს მოცდა არ მოგვიწია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტელები ვიზების გარეშე იღებენ. ასეთი ქვეყანა (დსთ-ს გარდა) მსოფლიოში (მგონი) სულ სამია და გიორგი ჯანჯღავას, ამ სიამოვნებისთვის, ჩასვლისთანავე მადლობა ვუთხარი. გიორგი ჯანჯღავა საქართველოს ელჩია ეგვიპტეში და მისი ინიციატივითა და მონდომებით, ქართველებს დამსახურებული უფლება აქვთ ეგვიპტის ნებისმიერ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, იქვე გადაიხადონ თხუთმეტი დოლარი და ერთი თვის მანძილზე ღიღინით იარონ მისრეთის მიწაზე. ჩვენს მამლუქ წინაპრებს იმდენი სისხლი აქვთ დაღვრილი ეგვიპტისთვის, რომ (წესით) საქართველოს მოქალაქეებს იმ თხუთმეტ დოლარსაც არ უნდა ახდევინებდნენ, მაგრამ წინასწარ რომ ზუსტად მცოდნოდა, რასაც ვნახავდი, პირადად (სრულიად დაუნანებლად), მეტსაც გადავიხდიდი ეგვიპტის ბიუჯეტის გასამხნევებლად. მართალია ეგვიპტეს უზარმაზარი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს და ეს ქვეყანაც (თავისი რესურსებით) ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი მაინც სიმდიდრის სწორად გამოყენება და განაწილებაა და ამიტომაც ეგვიპტე ისეთი კონტრასტების ქვეყანაა, შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. ყველასათვის კარგად ნაცნობ ხეოფსის პირამიდასთან (რომელსაც წელიწადში შვიდი მილიონი ადამიანი ნახულობს), აუცილებლად წააწყდებით მძღნერს (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) და აუცილებლად იფიქრებ, რომ მხოლოდ ბრწყინვალე წარსული სულაც არ არის საკმარისი ბედნიერი აწმყოსა და მომავლისათვის. თუმცა ყველაზე კონტრასტული ეგვიპტეში მაინც კაიროა და მით უმეტეს არქიტექტურული თვალსაზრისით, რომელიც იმდენად გრანდიოზულია, რომ შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, მაგრამ ამ ქაოსს ისტორიული და ლოგიკური ახსნაც აქვს, რადგან გამარჯვების ქალაქს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხი აშენებდა. აშენებდნენ ყველანი, ვინც აქ მოდიოდნენ და რჩებოდნენ, მაგრამ აშენებდნენ ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და ახლა უბრალოდ შეუძლებელია იმის გაგება, სად იწყება და სად მთავრდება ეს საოცარი ქალაქი. აქ ყველა ეპოქა და სტილია და ყველა უბანი ერთმანეთისაგან განსხვავდება (ფერებითაც კი) და ისეთ უბანშიც შეიძლება მოხვდეთ, რომელიც მთლიანად ცენტრპოინტის აშენებული გეგონებათ; შეიძლება ნახოთ უბანი, სადაც სახლებს სახურავები არა აქვთ, რადგან სანამ სახლი არ გადაიხურება, იგი მშენებარედ ითვლება და მისი პატრონიც ნაკლებ გადასახადებს იხდის; შეიძლება აღმოჩნდეთ მენაგვეების უბანშიც, სადაც მენაგვეები კი არ ცხოვრობენ, არამედ ხალხი, რომელსაც ნაგავი შინ მიაქვს და იქ ახარისხებს იმ იმედით, რომ ნაგავში რამე საჭიროსა და მნიშვნელოვანს იპოვის. მკვდრების უბანში კი აუცილებლად მოხვდებით, რომელიც სინამდვილეში ქალაქია ქალაქში, სადაც საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ეგვიპტელებს კრძალავდნენ და ამიტომაც აქ, გასაოცარი სილამაზის საფლავებს ნახავთ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც იმ ხალხის უდარდელობაა, ვინც ახლაც ამ სასაფლაოზე ცხოვრობს და ასეთი კაიროში მილიონზე მეტია. მუკატამის მთაზე კი, აუცილებლად უნდა ახვიდეთ და სალაჰ-ად-დინის მიერ აშენებული ციტადელიდან უნდა გადმოხედოთ კაიროს, თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ რატომ კვდებოდნენ ამ ქალაქის მისადგომებთან მსოფლიოს საუკეთესო ჯარისკაცები. სალაჰ-ად-დინი, ეგვიპტის მმართველი _ კაცი ბრძენი და მამაცი, ჭკვიანი და უშიშარი, მოწყალე და სულგრძელი (ყველა ომიდან გამარჯვებით გამოსული), წარმოშობით ქურთი იყო და ეს მან თქვა (მეთორმეტე საუკუნის იერუსალიმში) ფრაზა ქართველების შესახებ, რომელიც ქართულ ენერგიას კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე კვებავდა. აკაკი ასათიანის გარდა, არავინ იცის, მართლა შეხვდა თუ არა სალაჰ-ად-დინს იერუსალიმში შოთა რუსთაველი, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი ციტადელის სასახლე კაიროში ყოველთვის ღია იყო მთელი მსოფლიოს პოეტებისთვის, რათა პოეტებს აქედან უკეთ შეეცნოთ კაიროს ბრწყინვალება და ქებათაქება მიეძღვნათ მისთვის. აქედან მართლა ძალიან ლამაზია ალ კაჰერა და აქედან მართლა ვერც კი წარმოიდგენთ ამ ქალაქის ნაგავს, რომელსაც ვერსად დაემალებით. თუმცა ამავე ქალაქში შეიძლება მოხვდეთ ისეთ უბანშიც, სადაც ევროპულად დაკრიალებული სადარბაზოების დანახვა გაგაკვირვებთ კიდეც ხუთვარსკვლავიან, მსოფლიოში ცნობილ სასტუმროებთან ერთად, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს კაიროა _ ყველაზე კონტრასტული ქალაქი დედამიწაზე, სადაც რადიარდ კიპლინგი არასოდეს ყოფილა. მას არასოდეს უნახავს კაირო, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი დღისითაც და ღამითაც ერთმანეთს ხვდებიან და თუ თქვენც შეგხვდათ ნილოსის რომელიმე გემზე (სადაც უამრავი ღამის კლუბია), დღისით ჩადრში დამალული რომელიმე არაბი ქალი, ამასაც ნუ გაიკვირვებთ, რადგან თქვენ მას, უბრალოდ, ვერ ამოიცნობთ. ჩვენ ვერ ამოვიცნობთ კაიროსა და აღმოსავლეთის უამრავ საიდუმლოს, რადგან ამ საიდუმლოს წაკითხვა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გვეკრძალებოდა (ცოტა მეტი) და ახლა, უბრალოდ, აღარც გვახსოვს. არც ის გვახსოვს, რომ ხეოფსის პირამიდას სინამდვილეში (ძველეგვიპტურად) ხუფუ ჰქვია და მისი სახელი ჩვენ უფრო ადრე ვიცოდით, ვიდრე ბერძნებმა, რომლებმაც ხუფუ ხეოფსით ისევე შეცვალეს, როგორც მამა აფრიკისა და დედა ევროპის მთელი ისტორია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი