ხუფუ და ხეშკე - ეგვიპტე


ხუფუს გარდა, გიზას პირამიდების ჯგუფში კიდევ ორი პირამიდა შედის, რომლებიც იქვე (დღევანდელი კაიროს გარეუბანში) დგანან, მაგრამ ხუფუ მათ შორის ყველაზე სახელოვანია და რაც მთავარია, ყველაზე მაღალია დღემდე შემორჩენილ და აღმოჩენილ პირამიდებს შორის. გარდა ამისა, სწორედ ხუფუს ჩააყოლეს ნავი-საოცრება ოთხი ათასი წლის წინ, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელუხლებელი აღმოაჩინეს და მის რესტავრაციას თოთხმეტი წელიწადი დასჭირდა. ეს უზარმაზარი, მდინარე ნილოსზე გადასაადგილებელი საშუალება, ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, დაშალეს და ისე ჩააყოლეს ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ სახელოვან მმართველს, რადგან ძველი ეგვიპტელების რწმენით, ადამიანს (და მით უმეტეს ფარაონს) ნავი გარდაცვალების შემდეგაც ისევე სჭირდებოდა, როგორც სიცოცხლეში. ძველი ეგვიპტელები იმაშიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ საგულდაგულოდ დაშლილ ნავს, იმ შემდეგ ცხოვრებაში, ისევე ადვილად ააწყობდნენ (ამჯერად სხვები), როგორც დაშალეს. ნავს ჰქონდა (ხუფუს პირამიდასთან, იქვე) თავისი სამარხი და სარკოფაგი, მაგრამ არ ჰქონდა არცერთი ლურსმანი და მის აწყობას თოთხმეტი წელი მოანდომეს თანამედროვე ადამიანებმა. როცა სამარხი გახსნეს, მეცნიერები თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან თითქმის ოთხი ათასი წლის წინანდელი თოკებიც კი ხელუხლებელი დახვდათ და ეს (ალბათ) ეგვიპტური ქვიშების დამსახურებაც იყო.
ხუფუს (ბერძნულად ხეოფსის) პირამიდის გვერდით დგას ხეფრენის პირამიდა _ სწორედ ის, რომელსაც უზარმაზარი სფინქსი დარაჯობს და ამ სფინქსის შექმნის უამრავი ვერსია არსებობს და მათ შორის ბუნებრივიც. ზოგიერთებს ახლაც სჯერათ ეგვიპტეში, რომ მისი თავი და სახე ქარებმა წარმოშვეს და ადამიანებმა კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვეთეს სფინქსის დანარჩენი სხეული. პირველად ეს ვერსია გია ჯანჯღავასგან რომ მოვისმინე, მეც გამეღიმა, მაგრამ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია იმდენ საიდუმლოს მალავს, რომ გასაკვირი არაფერია და მით უმეტეს გიორგი ჯანჯღავასაგან, რომელიც ჩემზე მანიაკია _ ამ სიტყვის ყველაზე ჯანმრთელი და მეცნიერული გაგებით. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ეგვიპტეში ჩასვლისთანავე ქართული საფლავების ძებნა დაიწყო და ცოცხლებიდან კი, ვინც პირველი გაახსენდა, რა თქმა უნდა, ომარ შარიფი იყო. თუმცა ან კი როგორ დაავიწყდებოდა ლეგენდარული ეგვიპტელი მსახიობი, რომელიც ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ მთავარ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. ბავშვობის კინოზე მძაფრი (შთაბეჭდილების თვალსაზრისით) ძალიან ცოტა რამ არსებობს და “მაკენას ოქროში” კი ომარ შარიფი მართლა დაუვიწყარი იყო. ამიტომაც, გია ჯანჯღავამ არ დაიზარა და უკვე ოთხმოცი წლის ეგვიპტელი მსახიობი მაინც მოძებნა, რომ მისთვის (ბავშვობაში ათასჯერ ნანახი ფილმის გამო) მადლობა ეთქვა. დიდ ომარ შარიფს (უკვე თითქმის ყველასაგან მივიწყებულს) ცრემლიც კი მოადგა თვალზე იმის გამო, რაც ქართველი ელჩისაგან მოისმინა და გათამამებულმა ჯანჯღავამ იფიქრა _ ბარემ ხეშკესაც მოვიკითხავო. (ახლანდელი ახალგაზრდა ქართველი მაყურებლისთვის არაფრისმთქმელი ხეშკე ულამაზესი ინდიელი ქალი იყო, რომელიც იმავე ფილმში (”მაკენას ოქროში”) ერთ-ერთი სცენის დროს შიშვლდებოდა და ტბაში განიბანებოდა). ომარ შარიფმა ცრემლი მოიწმინდა (თურმე) და საპასუხოდ გიორგი ჯანჯღავას ჰკითხა, _ კი, მაგრამ ხეშკე ვინ არისო და ახლა ჯანჯღავას მოადგა ცრემლი, რადგან დიდი ეგვიპტელის ასაკს დააბრალა იმ ზღაპრული ქალის დავიწყება, რომელიც ერთნაირად აღელვებდა საბჭოთა ქართველ მამაკაცთა უმრავლესობას, მიუხედავად ასაკისა. თუმცა ომარ შარიფი მართალი იყო, რადგან იმ ფილმს (სინამდვილეში) სულაც არ ერქვა “მაკენას ოქრო” და არც ხეშკე იყო ნამდვილი ინდიელი (როგორც ბავშვობაში გვეგონა) და არც კონდრატე თათარაშვილი გვატირებდა უიარაღოდ და სამართლიანად ისედაც გაწვალებულ საბჭოთა ბავშვებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი