დვაბზუ და ბაბზუ (აილა) - ეგვიპტე
კაირო კაი როა, ყველა ტურისტმა იცის, მაგრამ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, რომ კაიროში რაც კარგია (არქიტექტურული თვალსაზრისით), უმეტესი ნაწილი (გვიანდელი შუასაუკუნეებისა) ქართველების შექმნილი და აშენებულია. მართალია ეგვიპტეში ქართველების მოხვედრა ძირითადად ისე ხდებოდა, როგორც ამას კონდრატე თათარაშვილი აღწერდა თავის მოთხრობაში “მამლუქი” (რომლის მიხედვითაც გადაღებულ ფილმს “ხვიჩა და გოჩა” ერქვა), მაგრამ ქართველი ბავშვების გატაცების გარდა, იყო გაყიდვის სამარცხვინო ფაქტებიც და ამ ფაქტების დამალვას აზრი არა აქვს. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ იმ სამი საუკუნის მანძილზე, რამდენიმე მილიონი ბავშვი გაიყიდა კავკასიიდან და ყველაზე მეტნი მათ შორის ქართული წარმოშობისა იყვნენ. ყველაზე მეტად იმერეთის მეფე სოლომონის დამსახურებაა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სამარცხვინო საქმიანობა საქართველოში აიკრძალა და ჩვენს წინაპრებს შემოსავლის ეს წყარო სამუდამოდ გადაეკეტათ. ქართველები სწორედ ამ შემოსავლის გამო ჰყიდდნენ ძმისშვილებსა თუ დისშვილებსაც კი და მაშინდელი კაიროს, დამასკოსა და სტამბოლის ბაზრებზე, ჩერქეზებთან ერთად, ქართველები ყველაზე მეტად ფასობდნენ. მათ ყიდულობდნენ ერაყის, ოსმალეთისა თუ მისრეთის ჯარებისთვის, ამიტომ წვრთნიდნენ მეომრებად და ასწავლიდნენ ყველაფერს, რაც უშიშარ მხედარს ბრძოლაში გამოადგებოდა. ბუნებრივია, უცხოეთში გადახვეწილი ქართველები ერთმანეთს ადვილად პოულობდნენ და უკვე გაძლიერებულები და ომებში გამოწრთობილები, ძალიან ხშირად (და საკმაოდ ადვილად) ახერხებდნენ როგორც სამხედრო ხაზით დაწინაურებას, ასევე სამოქალაქო თანამდებობებზე მოხვედრას, რადგან მაშინდელს აღმოსავლეთში (და არა მხოლოდ აღმოსავლეთში) ქალაქებსა და ქვეყნებს სწორედ ისინი განაგებდნენ, ვისაც ყველაზე კარგი მეომრები და ძლიერი ჯარი ჰყავდა, სხვადასხვა საუკუნეებში ქართველები აღმოჩნდნენ ირანისა და ერაყის, ოსმალეთისა და ეგვიპტის სამხედრო და სამოქალაქო ელიტაში უდიდესი ძალაუფლებით და ამ ძალაუფლებისა და ყოფილი ქართველი მამლუქების წარმატებების ამბავი, რასაკვირველია, საქართველომდეც აღწევდა. ამიტომაც საქართველოში (იმერეთში იქნებოდა თუ სხვაგან) თოხის უშედეგოდ მობლაყუნე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იმაზე დაფიქრება, რომ არსებობდა სამხედრო ასპარეზი, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა უკეთესობისკენ და თუ ახლა ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად ევროპასა თუ ამერიკაში მიდიან, მაშინ რატომ არ წავიდოდნენ. ჰოდა, ქართველებიც მიდიოდნენ და რამდენი სისხლი და ენერგიაც ჩვენს წინაპრებს სხვა ქვეყნებისთვის გაუღიათ, იმის მეასედი რომ ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად დაეხარჯათ, ახლა ბუშის ოთხკლასიან განათლებაზე მაინც არ იქნებოდა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ბედი და არც ძიუდოისტი პუტინის გადასაწყვეტი იქნებოდა ჩვენი მომავალი. ეგვიპტეში კი უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩნდნენ ძალიან ძლიერი ქართველი ბეგები, ყოფილი მამლუქები, რომლებიც თანდათან მთელი ეგვიპტის მმართველები გახდნენ და ძველი კაიროს უბნებში ბაბზუველასა თუ ხან ელ ხალილში ახლაც ნახავთ მათ ეპოქაში აშენებულ მეჩეთებსა თუ მედრესებს, აკვადუკებსა თუ სასახლეებს. ნახავთ შენობას, რომელიც მამლუქ ბეგს _ ალ-გურიას ეკუთვნოდა, წარმოშობით დვაბზუდან, შუხუთიდან თუ შემოქმედიდან. მართალია ყოფილ მამლუქებს ქართულ და ქრისტიანულ სახელებს უცვლიდნენ, მაგრამ ეგვიპტის ისტორიაში მაინც დარჩა რამდენიმე ქართული გვარი, რომელთა გარეშე მისრეთის წარსული წარმოუდგენელია და ტარბაიძეები და სინჯიკაშვილები, არსენიშვილები და ხოსროშვილები ისევე იბრძოდნენ ეგვიპტის თავისუფლებისათვის, როგორც ეგვიპტის ქვიშებში დაბადებული არაბი ბედუინები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი