ქარანფულა - ეგვიპტე
არაბულად უდაბნოს “ბადიია” ჰქვია და სიტყვა ბედუინიც უდაბნოს შვილების სახელია _ მათი, ვინც უდაბნოში იბადება და მთელი ცხოვრება ოაზისებს ეძებს, რათა შეისვენოს, ცოტა გაგრილდეს და თავისი ცხელი და ქვიშიანი გზა ისევ გააგრძელოს. თუმცა ბედუინებს არსად ეჩქარებათ, რადგან არც ეგვიპტის და არც სხვა არაბულ უდაბნოში დროის ჩვენებური ან დასავლური გაგება არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში აქვთ დრო და არა შვეიცარიული საათები. მათ აქვთ დრო, რომელიც ძალიან გრძელია და მზე ძალიან ნელა, ძალიან ზანტად მოძრაობს უდაბნოს ცაზე, სადაც ღრუბლებიც ტაატით მიყვებიან ერთმანეთს და ბედუინები წრუპავენ პიტნიან ლიმონს. ცივი წვენი ისევე სიამოვნებს მათი დამსკდარი ყელის კედლებს, როგორც უცებ მოვარდნილი წყალი _ უდაბნოს დახეთქილ ქვიშას. მაგრამ უდაბნო არც მიწაა და არც წყალი, უდაბნო მზის ქვიშაა და როცა მზე ქრება, ქვიშა ისე ცივდება, რომ არც კი გჯერა, რომ იმ დღეს, მზის ჩასვლამდე, ძალიან ცხელოდა. ამიტომაც ღამით უდაბნოში ძალიან ცივა და ბედუინები ცეცხლს ანთებენ: ჯერ აცხელებენ ლახმაჯს დაღლილი ძვლების გასათბობად და მერე კი იმ ცეცხლის გარშემო ნარგილეს ამზადებენ, რადგან ისინი ემზადებიან გრძელი არაბული ღამისთვის, რომელიც სინამდვილეში ათას ერთი უდაბნოს სიზმარია. ბედუინებს უყვართ ბასრი ხმლები და მჭრელი სატევარი, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ხმალზე ბასრი შეიძლება იყოს სიტყვა, რომელიც ოქროა და არა დუმილი. უდაბნოში დუმილი ოქრო არ არის და ბედუინები ყოველთვის უსმენენ სიტყვებს, რომლებიც ქარებს მოაქვთ უდაბნოდან და ისინი კი ღამით, ცეცხლის პირას, ამ სიტყვებს ლექსებად აგროვებენ. ბედუინები ამ ლექსებს საუკუნეების მანძილზე აგროვებდნენ ღამის უდაბნოში და მერე ქალაქებში მიჰქონდათ, რათა საუკეთესოები ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე გაეკრათ და თვლიდნენ, რომ სამყაროში ყველაზე ცუდი ქალაქი ის არის, სადაც თუნდაც ერთი კარგი პოეტი არ ცხოვრობს. ალბათ მეტია, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ეგვიპტეში სამი კარგი მწერალია: აჰმედ ზევაილი, ნაგიბ მაჰფუზი და ტავფიკ ალ-ჰაკიმი. აქედან ორი _ ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ლიტერატურაში და ნაგიბ მაჰფუზი კი ჩემი (ერთ-ერთი) უსაყვარლესი მწერალია. მისი რომანი “კაფე კარნაკი” ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, რომ კაიროში ჩასვლისთანავე, იმ ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც ნაგიბ მაჰფუზი თავის მშვენიერ წიგნებს წერდა. ვიცოდი, რომ იმ კაფეს სახელი შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ მისი მოძებნა არ გამიჭირდა, რადგან ოცმილიონიან კაიროში ნებისმიერმა უწიგნურმაც კი იცის ნაგიბ მაჰფუზის სახელი, რადგან ახლა ამ სახელით ნებისმიერი ეგვიპტელი ამაყობს. მართალია ეგვიპტელებმა ჯერ მოკლეს ნაგიბ მაჰფუზი და მერე დააფასეს (ჩვენი არ იყოს ხოლმე) და ძეგლიც კი დაუდგეს კაიროს ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ადამიანებს მწერალი უყვართ. ამ სიყვარულს განსაკუთრებით კაიროს იმ ძველ უბანში იგრძნობთ, სადაც ნაგიბ მაჰფუზი დაიბადა (გამალიია ჰქვია) და სადაც იგი იზრდებოდა თავისი მომავალი წიგნების პერსონაჟებთან ერთად. მათი უმრავლესობა (ალბათ) ცოცხალიც აღარაა, მაგრამ ის კაფე, სადაც ნაგიბ მაჰფუზს უყვარდა ჯდომა და მუსაიფი (ან მასლაათი), დღესაც არსებობს და ელ-ფიშაუი ჰქვია, იქვე ჰუსეინის მეჩეთთან, ხან-ელ-ხალილში. ერთ დღესაც ამ კაფეში იჯდა თანამედროვე არაბული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი, ოთხმოცი წლის ნაგიბ მაჰფუზი, როცა იგი დანით დაჭრა ვიღაც ფანატიკოსმა მკითხველმა და დღემდე არავინ იცის, რატომ. შეიძლება იმის გამო, რომ “აიშ” არაბულად პურს ნიშნავს და მუსულმანმა მწერალმა ერთხელ მუჰამედის ცოლზე, რომელსაც აიშა ერქვა, სიყვარულით თქვა, რომ ულამაზესი აიშა ალბათ პურივით გემრიელი ქალი იყოო. სიყვარულით კი თქვა ეს ფრაზა, მაგრამ სიყვარულს აბა ვინ გაპატიებს და მით უმეტეს მაშინ, თუ კარგი მწერალი ხარ. მართალია მაშინ ნაგიბ მაჰფუზი გადარჩა და მხოლოდ დაბრმავდა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მწერალი ბრმაა, სხვებიც ვერაფერს ხედავენ… ვინღა დაინახავდა ეგვიპტელების მთავარ დარდსა და პრობლემას და ვინღა ეტყოდა ეგვიპტელებს, რომ მონობაზე საშინელი არაფერია და სანამ ეგვიპტელები (მიჩვეულ) მონობას არ გადაეჩვევიან, ან რუსები მიადგებიან ან ამერიკელები, როგორც იყო კიდეც სინამდვილეში და როგორც არის. ნაგიბ მაჰფუზი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ეგვიპტის პირამიდები მონების აშენებული არ იყო (ამას ჩვენც ისევე გვასწავლიდნენ, როგორც ეგვიპტის სკოლებში) და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაამტკიცეს და აღიარეს მსოფლიოს მეცნიერებმაც, რომ პირამიდებზე დაქირავებული ადამიანები მუშაობდნენ და არა მონები. მონებს მხოლოდ დანგრევა შეუძლიათ და არა აშენება, მაგრამ აბა მწერალს, სანამ ცოცხალია, ვინ უჯერებს. ქარანფულა კი მისი რომანის პერსონაჟი ქალია, რომელიც მაშინვე შემიყვარდა, როცა პირველად წავიკითხე ნაგიბ მაჰფუზი და ალბათ იმ ქალს თუ ჰგავდა ქარანფულა, ახლა რომ იჯდა მწერლის საყვარელ კაფეში და ნელა, ძალიან გემრიელად ეწეოდა არაბულ ჩილიმს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი