ხამსინი - ეგვიპტე
“შემაწუხეს ქარებმა, მაგრამ არ მეჩქარება…” ნაპოლეონის უცნობი ლექსიდან სინამდვილეში ნაპოლეონ ბონაპარტეს ძალიან ეჩქარებოდა (ინგლისელები წყალდაწყალ მოყვებოდნენ ფრანგებს) და სინამდვილეში ქარებმა მამლუქები შეაწუხეს და არა ფრანგები. ამიტომაც ეგვიპტელმა ქართველებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გიზას პირამიდებთან სწორედ ქარის გამო წააგეს. სინამდვილეში ეს ცნობილი ბრძოლა პირამიდებთან არც ისე ახლოს მოხდა, როგორც ამას ისტორიკოსები აღწერენ ხოლმე და ეს შეცდომაც ნაპოლეონის ბრალია. ლეგენდარულმა კორსიკელმა იმ ბრძოლის წინ ათასწლოვანი პირამიდები ახსენა, თუმცა ჩვენთვის (ქართველებისთვის) გაცილებით საინტერესო ნაპოლეონის პირველი მიმართვაა, რომელიც ფრანგებმა კაიროში შესვლისთანავე, მთელს ქალაქში გაავრცელეს. მიმართვა სამენოვანი იყო და ნაპოლეონ ბონაპარტე რიტორიკულად ეკითხებოდა კაიროსა და ეგვიპტის არაბ მოსახლეობას _ როდემდე უნდა მოეთმინათ ვიღაც ქართველების (და საერთოდ, კავკასიელების) ბატონობა თავიანთ მიწაზე. ბონაპარტეს ეგვიპტის ექსპედიციაში ფრანგ მეცნიერთა მთელი კორპუსი ახლდა თან და ბუნებრივია, იმ ქვეყნის შესახებ, რომლის დასაპყრობადაც მიდიოდა, წინასწარ უკვე ყველაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ის კი ნამდვილად იცოდა, რომ ეგვიპტეს (რამდენიმე საუკუნის მანძილზე) კავკასიელი მამლუქები მართავდნენ და მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კი ეგვიპტის ყველაზე გავლენიანი ბეგები სწორედ ქართველები იყვნენ. ნაპოლეონის მარჯვენა (თუ მარცხენა) ხელი, ვინმე რუსტამი, ჩვენ რომ ბავშვობიდან ქართველი გვეგონა და ბოლოს თბილისელი სომეხი გამოდგა, შეიძლება იყო კიდეც საფრანგეთის იმპერატორის მთავარი მრჩეველი ქართულ (და საერთოდ, კავკასიურ) საკითხებში. არავინ იცის, ზუსტად რა უთხრა იმ რუსტამმა ნაპოლეონს ქართველების შესახებ, მაგრამ ბონაპარტე რომ გაოგნებული იყო ქართველი მამლუქების მამაცობითა და ბრძოლისუნარიანობით, ეგვიპტისა და საფრანგეთის ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ხომ ისედაც კარგად მოგვეხსენება, სხვის ომში ქართველი როგორი ბრძენი და გულადია, მაგრამ მაშინ, კაიროსთან ბრძოლის წინ, უცნაური რამ მოხდა. შეტაკების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიღაც აფრიკული, ქვიშიანი ქარი ამოვარდა სწორედ მამლუქების მიმართულებით და მურად-ბეგმა თურმე ქართულად შეიგინა _ რა დროს ხამსინი იყოო. მაგრამ ეს არ იყო ხამსინი (ორმოცდაათდღიანი ქარების სეზონი), რომელიც ეგვიპტეს გაზაფხულობით გადაუვლის ხოლმე და უკვე ზაფხული იდგა და სინამდვილეში ეს იყო უცნობი ქარიშხალი, რომელიც იმის საშუალებასაც არ აძლევდა ქართველ მამლუქებს, რომ თვალები გაეხილათ და ასე ბრმად ბრძოლა კი, მართლა ძალიან ძნელი იყო. თუმცა მათ მაინც იბრძოლეს ბედუინებთან ერთად და ეს ბრძოლა მანამ გრძელდებოდა, სანამ ფრანგებმა ეგვიპტე საბოლოოდ არ დატოვეს. თუმცა სამშობლოში დაბრუნება ფრანგებისთვის არც ისე ადვილი იყო, რადგან სანამ ისინი ეგვიპტეში ქართველებს ებრძოდნენ, ინგლისელებმა ფრანგულ ფლოტილიას მიაგნეს და მათი გემები უდიდესი სიამოვნებით დაადუღეს. ფრანგებს კი გემები ძალიან სჭირდებოდათ, რადგან ბევრი ბარგი ჰქონდათ (პირამიდების წაღებაც კი უნდოდათ ნაწილ-ნაწილ) და ყველაზე ღირსეულად ისევ თვითონ ნაპოლეონი მოიქცა, რომელმაც ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა კაიროს იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა. ის სახლი (როგორც კაიროს საუკეთესო სახლები მაშინ) ეკუთვნოდა ქართველ მამლუქს _ ალფი ბეგს (ვინ იცის, იქნებ გვარად ალფაიძეს), რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს, მაგრამ თუ ვინმე იმ სახლის მოძიებით მაინც დაინტერესდება, შეუძლია ბატონ გოჩა ჯაფარიძეს მიმართოს, რომელმაც კაიროსა და ეგვიპტის შესახებ ყველაფერი იცის. ნაპოლეონ ბონაპარტემ კი იცოდა, რომ იმ დროისათვის ყველაზე კარგად გაწვრთნილი, ევროპულ წესრიგზე დაფუძნებული ჯარით ეგვიპტელ მამლუქებსაც დაამარცხებდა, რომლებიც ფრანგებს საზამთროებს ეძახდნენ. მაგრამ ორგანიზებულმა საზამთროებმა ეგვიპტის სიცხესაც გაუძლეს და მამლუქების სიმამაცესაც, თუმცა ნაპოლეონს მაინც დასცდა ფრაზა, რომელიც ძალიან ზუსტი იყო _ ქართველებს რომ ორგანიზების ნიჭიც ჰქონდეთ, საფრანგეთის დაპყრობასაც შეძლებდნენო. ჯვარიც გვწერია. ჩვენც და ფრანგებსაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი