სნოფრუ - ეგვიპტე
ჯვარი და ეკლესია კი იმდენია კაიროში, ცოტა დაეჭვდები კიდეც რომ უდიდესი ისლამური ქვეყნის დედაქალაქში ხარ, რადგან ჩვენი დოგმატური, სტერეოტიპული წარმოდგენებით, მუსულმანურ ქვეყნებში სხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანებს წვავენ, კლავენ ან ცოცხლად ჭამენ. სინამდვილეში კი ქრისტიანები მშვიდად ცხოვრობენ ეგვიპტეში და კაიროშიც, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეკლესია გხვდება, ყველაზე მეტი კოპტების _ კოპწიები და კოხტები. თუმცა სხვა ქრისტიანებსაც არავინ უშლის ტაძრების აშენებას და კაიროში არის ბერძნული ეკლესიაც _ იქვე, ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც ჰეროდეს დროს მალავდა მარიამ ღვთისმშობელი პატარა იესოს. ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა და ამიტომაც არ არის გასაკვირი ამ ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატების სიმრავლე, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ ყველგან წმიდა გიორგი ულვაშებითაა გამოსახული, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ცოტა უჩვეულოა. კაიროში რამდენიმე სომხური ეკლესიაც კი არის (ერთი მათგანი ისე მომეწონა, გამიკვირდა კიდეც, რადგან ერევანში ასეთი ლამაზი ეკლესია არც მინახავს). ბატონ ბენიამინ სილაგაძეს ჩვენზე უკეთ ეცოდინება, მაგრამ კაიროში მგონი ქართული ეკლესია არ არსებობს, რადგან ეგვიპტის ქართველი ბეგები (ყოფილი მამლუქები) ეკლესიების ასაგებად ფულს საქართველოში აგზავნიდნენ და სოფელ მარტყოფში ახლაც ახსოვთ იბრაჰიმ სინჯიკაშვილის ქველმოქმედება. სამაგიეროდ, ეგვიპტეში არის ეგრეთ წოდებული წითელი პირამიდა, რომელიც ირიბად მაინც უკავშირდება საქართველოს ისტორიას და ამ პირამიდას სნოფრუ ჰქვია და მართლა ულამაზესია, მიუხედავად იმისა, რომ ზედ რუსი ტურისტები დაძვრებოდნენ კაუნასის ბოტასებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ წითელი პირამიდის აგება უკავშირდება მეთორმეტე დინასტიის ფარაონ სესოსტრისს, რომელმაც ჰეროდოტეს მიხედვით, ლაშქარი შავი ზღვისკენ გააგზავნა და ლაშქრის ნაწილი სამუდამოდ კოლხეთში დარჩა. შესაძლებელია “ქართლის ცხოვრების” უცნაური ფრაზა იმის შესახებ, რომ მეგრელების წინაპრები საქართველოში ეგვიპტიდან მოვიდნენ, სწორედ ჰეროდოტეს ამ განმარტებას ეყრდნობოდა, თუმცა ახლა სიმართლის დადგენა ძალიან ძნელია და ამიტომაც, გიორგი ჯანჯღავამ მაინც (ყოველი შემთხვევისათვის) სიამოვნებით იტირა სავარაუდო წინაპრების პირამიდასთან. რასაკვირველია, წყაროები მომარჯვებული გვქონდა მეგრული პირამიდის ძიებაში (თან დაგვქონდა წიგნებიც) და იქვე გაჩნდა ალტერნატიული ვერსიაც, რომ კოლხეთის ექსპედიციას უკავშირდებოდა არა სესოსტრისი, არამედ ფარაონ სენუსრეტ მესამე და შესაბამისად, სხვა პირამიდასთან უნდა გვეტირა, მაგრამ ამდენი ცრემლის საშუალება, უბრალოდ, უკვე აღარ იყო. ეგვიპტის ნაციონალურ მუზეუმშიც რომ მივდიოდით, რაღაც იმედი იმისა, რომ მეტის გარკვევას შევძლებდით, ნამდვილად მქონდა, მაგრამ ამ გასაოცარი სიმდიდრის მუზეუმში შეუძლებელი და წარმოუდგენელია რამის მიგნება, რადგან ექსპონატები იმდენად ქაოტურადაა დარბაზებში გამოფენილი, რომ უბრალოდ ვერ გაიგებ, სად იწყება და სად მთავრდება ეგვიპტის უძველესი ცივილიზაცია. ერთადერთი, რასაც პირდაღებული ხვდები, ის არის, რომ ალბათ მსოფლიოში ასეთი სიმდიდრის მქონე მუზეუმი არ არსებობს, მაგრამ ეგვიპტელებს თავისი სიმდიდრის ორგანიზება ისევე უჭირთ, როგორც სხვა ყველაფრის. სხვას ყველაფერს რომ თავი დაანებო, მუზეუმში იმდენი მუმია და სარკოფაგია, შეიძლება მართლა გაგიჟდე და გასაგიჟებელი კი ისაა, რომ ყველა სარკოფაგი შედევრია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ათასობით სარკოფაგიდან არცერთი არ ეკუთვნის რომელიმე ფარაონს და ისინი რიგითი, ჩვეულებრივი მოკვდავების სასახლეებია. როგორც ცნობილია, ერთადერთი ფარაონი, რომლის სამარხსაც ინგლისელებმა მიაგნეს 1922 წელს, ტუტანხამონი იყო და ის ზღვა ოქრო, რომელშიც იგი მოკრძალებულად იწვა, სხვა უამრავ განძთან ერთად, ინგლისელების გარდა, ფრანგებმაც გაზიდეს და ამერიკელებმაც. სხვათა შორის, ერთი ეგვიპტური მუმია ჩვენც დაგვრჩა გიორგი ავალიშვილის წყალობით, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნეში ეს მუმია ადგილობრივი ჭირისუფლებისგან ათას ორას ოქროდ იყიდა და ახლა იგი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იოანე ბატონიშვილის თანახმად, ქართველს რისი მოფიქრება გაუჭირდებოდა (მით უმეტეს გიორგი ავალიშვილს) და საზღვრების გადალახვისას, თურმე თვალზე ცრემლს იმშრალებდა _ ბებია მყავდა წაყვანილი ეგვიპტეში პირამიდების სანახავად და უკანა გზაზე მომიკვდაო… ვინ იცის, იქნებ ეს მართლა რომელიმე ეგვიპტელი ფარაონის მუმიაა და ალბათ სიმართლე თამარ სუხიშვილმა იცის, რადგან “კალმასობის” სპეციალისტი “ცხელ შოკოლადში” სწორედ ის გახლავთ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი