ჩემპიონი
მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რადგან აიოვას უნივერსიტეტში, კურტ ვონეგუტის სანახავად არამარტო მეზობელი ქალაქებიდან, მეზობელი შტატებიდანაც ჩამოვიდნენ მისი მკითხველები, მაგრამ შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნივერსიტეტის უზარმაზარმა დარბაზმაც კი ვერ დაიტია და ასობით ადამიანი მაინც შენობის გარეთ დარჩა. ასობით ადამიანი იდგა აიოვას უნივერსიტეტის ეზოში და გარეთ გამოდგმულ რეპროდუქტორებში სულგანაბული უსმენდა საყვარელ მწერალს. მაშინ პირველად ვნახე უსასრულოდ გრძელი რიგი ადამიანებისა მწერლის წიგნებით ხელში, ავტოგრაფების მოლოდინში. მწერლისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ იმ ღამესვე თბილისში გიო ახვლედიანთან დავრეკე და რაც ვნახე, სხაპასხუპით ვუამბე. როცა ამოვისუნთქე, გიოს გაეღიმა _ შენ, ეტყობა, ის კადრი აღარ გახსოვს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას, აკაკი წერეთელი რომ წრეში დგას და ბავშვები კი მის გარშემო ფერხულობენო…. გიო ახვლედიანი რომ ვერაფრით გავაკვირვე, ლაშა ბუღაძესაც დავურეკე და მასაც აღტაცებულმა ვუამბე, რაც ვნახე და ლაშასაც გაეღიმა _ ეგ რა არისო, _ ჩვენ რომ ლისაბონში ვიყავით, ჟოზე სარამაგუმ ფეხით ჩამოიარა და მის სანახავად ქუჩაში იმდენი ადამიანი გამოვიდა, რომ ჩვენთან რომ პრეზიდენტების გამოჩენისას ხდება, სწორედ ისე გადაკეტეს ქუჩებიო… ვონეგუტის სანახავად კი იმ გრძელ რიგში ჩადგომას აზრი არა ჰქონდა, რადგან აიოვას უნივერსიტეტის რექტორატმა, როგორც ამას ჩვენი პროგრამა ითვალისწინებდა, მასთან შეხვედრა ცალკე მოგვიწყო სემინარის მონაწილე ოცდახუთ მწვალებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი შეხვედრა შედგა გვიან ღამით (იმ დიდი შეხვედრის შემდეგ, რადგან ვონეგუტი მეორე დილით ნიუ იორკში ბრუნდებოდა), მაგრამ მწერალი ძალიან დაღლილი იყო და მალე დავიშალეთ. იმ დიდ შეხვედრაზე კი, რამდენიმეათასიანი აუდიტორიის წინ, სანამ მწერალი მკითხველების შეკითხვებს მოისმენდა, ჯერ კურტ ვონეგუტმა მიმართა მათ _ თქვენს შორის, შემთხვევით, ვინმე ქალიშვილი თუ არის, ხელი აწიოსო და რა თქმა უნდა, ყველას გაეცინა. რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე ათას (თუნდაც ამერიკელ) გოგონას შორის, რომელიმე ქალწულიც ყოფილიყო, მაგრამ დარბაზში ხელი არავინ აწია და ამიტომაც ვერავინ გაიგო, რისი თქმა უნდოდა ამერიკელ მწერალს, რომლის იუმორიც საქვეყნოდ ცნობილია. მეტიც, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მის უდიდეს პოპულარობას სწორედ მისი არაჩვეულებრივი, მართლაც ზღაპრული იუმორი განაპირობებს. თუმცა, პირადად ჩემთვის, როგორც მისი მკითხველისთვის, თანამედროვე, ცოცხალ ამერიკელ მწერლებს შორის, კურტ ვონეგუტი ყველაზე დიდი მწერალია. უფრო მეტიც, ჩემთვის კურტ ვონეგუტი ყველაზე დიდი ამერიკელია მათ შორის, ვინც ამჟამად ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს და კიდევ უფრო მეტიც _ ამერიკა ჩემთვის სწორედ ის არის, რასაც ვონეგუტი წერს… დღევანდელი ამერიკაც ჩემთვის, კურტ ვონეგუტმა აღმოაჩინა და არა კოლუმბმა, მაგელანმა ან ვესპუჩიმ და მგონი ნებისმიერი ქვეყანაც ის არის, რასაც მისი საუკეთესო მწერლები ქმნიან. იმ ოცდახუთს შორის კი საუკეთესო ჩემი კარის მეზობელი, ინგლისელი ბენ რაისი იყო, რომელმაც მეორე დილით ადრიანად მომიკაკუნა _ ფეხბურთი ვითამაშოთო და იტალიელი როკო კარბონეც გავაღვიძეთ. კიბეზე ჩასვლისას როკომ თქვა, გუშინ რა შანსი დავკარგეთ, კურტ ვონეგუტს ხომ ნაღდად ვეღარასოდეს ვნახავთო და სინანულის გამომხატველი რაღაც იტალიური სიტყვაც დაამატა. ერთი ქუჩა უნდა გადაგვეჭრა ფეხბურთის მოედნამდე, მაგრამ შენობიდან გამოსულებმა ერთი ნაბიჯიც ვეღარ გადავდგით _ შენობის წინ მარტოდმარტო იდგა კურტ ვონეგუტი და ნერვიულად აბოლებდა. ბენ რაისი ალბათ იმან გაათამამა, რომ შარშან მისი წიგნი `პობი და დინგანი~ ინგლისური ბესტსელერი გახდა _ მივიდა ვონეგუტთან და სიგარეტი სთხოვა. ჩვენც მივყევით და სამივე შეგვათვალიერა. ჩვენ ტრუსებში და, ასე ვთქვათ, სპორტულად, თვითონ ლურჯ კოსტიუმში და ყელში ჩაფენილი კრებდეშინით (სხვათა შორის, ასე გემოვნებით (სამხრეთევროპულად) ჩაცმული მამაკაცი ამერიკაში სხვა არც მინახავს). ისევ ბენ რაისმა იყოჩაღა (რაღაი გათამამებული იყო უკვე) _ ჩვენც მწერლები ვართო და ოთხივეს გაგვეღიმა. ხელი კი სათითაოდ ჩამოგვართვა და სახელები გვკითხა. ჩვენ, სახელებთან ერთად, ქვეყნებიც ვუთხარით, საიდანაც ვიყავით და ალბათ ცოცხალ ქართველს პირველად თუ ხედავდა და ამიტომაც დამაკვირდა განსაკუთრებულად. მე ვუთხარი, რომ ქართულ ენაზეც არის თარგმნილი მისი წიგნი და ოთახში მაქვს, ავალ და ჩამოგიტანთ-მეთქი. თუ მოასწრებთ, კი ბატონო, მაგრამ უკვე აეროპორტში მივდივარ, ვინც უნდა წამიყვანოს, წუთი-წუთზე გამოჩნდებაო. ვისაც კურტ ვონეგუტი აეროპორტში უნდა წაეყვანა, ფოიეში იდგა და ადვილად ამოვიცანი, რადგან წინა დღეს ის კაცი მწერალს არც მოშორებია და ახლაც საათს დაჰყურებდა. ვონეგუტის ქართულად გამოცემული წიგნი `ბზობა~ კი (მანანა ცხაკაიამ რომ მათხოვა), ჩემი ოთახიდან ჩამოვარბენინე და ავტორს ვაჩვენე, მაგრამ მისთვის არ მითქვამს, რომ მგონი ის კაცი, აეროპორტში რომ უნდა წაგიყვანოთ, შენობაში, შიგნით გელოდებათ-მეთქი და ანკი რატომ უნდა მეთქვა – იქნებ უბრალოდ ვცდებოდი. პატარა ქართულ წიგნს, საკუთარი ფოტოთი ყდაზე, ვონეგუტმა ღიმილით დახედა, მერე წიგნი გადაფურცლა და ძალიან ყურადღებით დააკვირდა ქართულ ასოებს. და უცებ მკითხა: _ იზ ით სტალინს ნეითივ ლენგვიჯ? მე თავი დავუქნიე და ახსნა არ მიცდია იმისა, რომ მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, სტალინი მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევდა. მერე ისევ გარეკანსა და საკუთარ ფოტოს დააკვირდა, საჩვენებელი თითიც დაადო და თქვა: _ სოუ იანგ ჰია… მე კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი _ წიგნის ყდაზე მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ოთხმოცი წლის კურტ ვონეგუტი და გარეგნულად, ახლანდელი მწერალი საკმაოდ განსხვავდებოდა იმ ფოტოზე შავულვაშდამშვენებული ავტორისაგან. ახლა მას ღაჟღაჟა ყვითელი ფერის ულვაშები ჰქონდა (ალბათ ნიკოტინისაგან) და როკო კარბონეს შეკითხვებს პასუხობდა. როკომ (რატომღაც) ჯეკ კერუაკი აიჩემა და ყველაფერი ჰკითხა ვონეგუტს, რაც კი კერუაკის შესახებ აინტერესებდა. მგონი ზედმეტიც მოუვიდა, რადგან ბატონმა კურტმა ისიც ბრძანა, რომ ჯეკ კერუაკი ბოლოს გაგიჟდა _ სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელი აკვიატებული ჰქონდა, რომ მას, როგორც ამერიკელი ახალგაზრდობის საყვარელ მწერალს, კერპსა და ლიდერს მოსკოვი და კრემლი ებრძოდა. მერე ვონეგუტმა ბრძანა, კერუაკმა პირადად მითხრა ეს და თან უცნაური ფრაზაც დაამატა _ კრემლი და მოსკოვი გინზბერგის ხელით მებრძოდაო. ალენ გინზბერგი კრემლის აგენტი იყო და მოსკოვი კერუაკის “ვერბოვკას” ალენ გინზბერგის საშუალებით ცდილობდაო. ჩვენ კარგად ვერ გავიგეთ, გინზბერგის გაბოზება ვონეგუტის ვერსია იყო თუ კერუაკისა და თითო ღერი სიგარეტი ისევ გამოვართვით ამერიკელ მწერალს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამერიკაში ქალი მამაკაცზე ძლიერია და მათ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეცდომით უწოდებენ _ რასაც ქალი უძლებს, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს და მამაკაცთა ჰეგემონია მითოსური მოვლენააო. ქალები კაცებზე უკეთ და ადვილად იტანენ სიცივეს, შიმშილს და ყველანაირ ტკივილს. სექსის შემდეგ, კაცისთვის ყველაზე ძვირფასი დუმილია, ქალისთვის კი პირიქით _ ყველაზე სანატრელი თუნდაც ერთი სიტყვაა, ორგაზმის შემდეგ კაცისაგან საალერსოდ რომ მოისმინოს და ამას წინათ მილოშ ფორმანმა თქვა, მამაკაცებს მასტურბაცია ამიტომაც ურჩევნიათ _ იმ საალერსო სიტყვების წარმოთქმა ეზარებათ და ისეთი სუსტები არიან, ძალაც აღარ ჰყოფნით სიტყვებისთვისო. მე ძალიან ხმამაღლა, გულიანად გამეცინა და ვონეგუტმა საათს დახედა _ ქალებზე რამდენ რამეს მოგიყვებოდით, აეროპორტში რომ არ მაგვიანდებოდესო. შენობის შიგნით, ფოიეში რომ კაცი ელოდებოდა კურტ ვონეგუტს, ამერიკელი კი იყო, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მიხვდებოდა, რომ გარეთ უნდა გამოსულიყო და მეც ავჩქარდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ის ვკითხე _ მართალი იყო თუ არა, რომ ვონეგუტის შვილმა რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო ისე სცემა, რომ ყველაზე ერთგული მკითხველიც კი ვერ ამოიცნობდა. ვონეგუტს გაეღიმა: _ იუ ჰეით რაშენს? რუსების სიძულვილი რაზე შემატყო, არ ვიცი და თავი გავაქნიე. – აი დონ’თ ლაიქ სოვიეტს. არ ვიცი ჩემი პასუხი მოეწონა, არ ვიცი ამ თემაზე საუბარი უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმფრინავის ამბავი საერთოდ გადაავიწყდა (ყოველ შემთხვევაში, დროებით) და ისეთი მონდომებით მოგვიყვა თავისი ვაჟისა და ევტუშენკოს შეხვედრის ისტორია, რომ აშკარად დამუშავებული ჰქონდა ყველა დეტალი. რუსი პოეტი და ამერიკელი მწერლის შვილი ბრაზილიაში, ამაზონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩხუბის მიზეზი იყო ძალიან უბრალო _ შვილმა ვონეგუტმა თავისი კატარღიდან ვისკის ბოთლი გადააწოდა ევტუშენკოს (მეზობელ კატარღაზე) _ ნიშნად პატივისცემისა, მაგრამ რუსმა პოეტმა, გამოცალა რა ნაჩუქარი ვისკი, მეორე ბოთლი მოსთხოვა ვონეგუტის ვაჟს და როცა უარი მიიღო, ძალიან გაბრაზდა. ამერიკელი მწერლის შვილს თავიდან წყნარად აუხსნია რუსი პოეტისთვის, რომ ვისკის ერთადერთი ბოთლი ჰქონდა და ისიც რუსებს დაუთმო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვით _ გამოეხატა საკუთარი კეთილგანწყობა და პატივისცემა მეზობელ კატარღაზე აფრიალებული დროშის მიმართ. მაგრამ ევგენი ევტუშენკო უკვე მთვრალი იყო და დაჟინებით მოითხოვდა ბურჟუა ამერიკელებისაგან კიდევ ერთ ბოთლს და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის იყო რუსი პოეტი ევტუშენკო და რასაც ითხოვდა, ეკუთვნოდა კიდეც. კურტ ვონეგუტის ვაჟს კარგა ხანს უთმენია, სანამ გამწარებულა და არ უთქვამს საშინელი ფრაზა _ აი, ამ ჩემს ფალოსს, თუ ევტუშენკო ხარო და ორივე ხელითაც შესაბამისი მოძრაობა გაუკეთებია (სინამდვილეში, ჩვენ ეს საშინელი ფრაზა არა მხოლოდ ვთარგმნეთ, საკმარისად შევარბილეთ კიდეც, თორემ სინამდვილეში, შვილი ვონეგუტი ევტუშენკოს მიმართ, გაცილებით დაუნდობელი ყოფილა, ვიდრე ამის ატანა ქართველ მკითხველს შეუძლია: (”საქ მაი დიქ!..~). განაწყენებულმა ევტუშენკომ ის ჩაცლილი ვისკის ბოთლი ამერიკელების კატარღის მიმართულებით ისროლა (სიტყვას `კატარღა~ რუსთაველიც ხმარობს) და აქ კი, ვონეგუტის შვილმა თავი ვეღარ შეიკავა (ასეთი სისხლი გვაქვს ჩვენ, ვონეგუტებსო) და რუსების კატარღაზე ისკუპა. გაიგდო წიხლქვეშ რუსი პოეტი და იმდენი ურტყა მას, რუსის ბარაბანს რომ არასოდეს მოხვედრია (ეს დებილური შედარება მე შევაშველე მამა ვონეგუტს)… რომ გამოფხიზლებულა ევტუშენკო და უჩივლია, მერე დაუდგენია ამერიკელი თავდამსხმელის ვინაობა და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ნიუ იორკში მამამისს შეხვედრია, საყვედურიც უთქვამს მისთვის უღირსი შვილის გაზრდისათვის. კურტ ვონეგუტი აიოვაშიც, მაშინაც აღშფოთებული იყო ევტუშენკოს საყვედურის გამო, როცა ჩვენ გვიყვებოდა ამ ისტორიას და მეც ხომ არ ვცემდი რუს პოეტსო, _ თავს იმართლებდა _ სინამდვილეში ამერიკული ლიტერატურა ყველაზე მეტად რუსული ლიტერატურისაგან არის დავალებულიო. მერე გაიხედ-გამოიხედა დილის, ცარიელ ქუჩაზე და ისიც თქვა _ აქ, ამერიკაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ უყვართ, მაგრამ სინამდვილეში, მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურა მეცხრამეტე საუკუნის რუსული ლიტერატურისაგან დაიწყო და წარმოიშვაო… მეც გავხედე დილის ცარიელ ქუჩას და ძალიან მომინდა კურტ ვონეგუტის იმ ასობით მკითხველს, გუშინ რომ მისი ავტოგრაფისათვის უგრძელეს რიგში იდგნენ, ახლა დაენახათ, მათი საყვარელი მწერალი რამდენ დროს უთმობდა ჩვენთან საუბარს. ცოდვა გამხელილი ჯობიაო (?) და მაშინ, მახსოვს ისიც კი ვიფიქრე, გენიოსისთვის ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის-მეთქი _ გენიოსებს ხომ (ჩვენი ოდინდელი წარმოდგენებით) დუმილი ურჩევნიათ ლაპარაკს (იყო ჩვენს ქართულ, არცთუ შორეულ წარსულში ასეთი შემთხვევაც: ერთ დიდ თანამდებობაზე კაცი გაამწესეს დუმილის გამო _ დუმს, ესე იგი ფიქრობს, ანუ აზროვნებსო. მას პირადად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჩვეულებრივი იდიოტი იყო და მხოლოდ ამიტომ დუმდა)… როკო კარბონემ მორავია ახსენა (აღარც მახსოვს, რატომ), შეიძლება პირიქითაც იყო _ ვონეგუტმა ახსენა მორავია და როკოს თვალები გაუბრწყინდა. ასე თვალებგაბრწყინებული მოუსმენდა ალბათ ბოლომდე ვონეგუტს ბენ რაისი (ჩვენს შორის მაინც ყველაზე თამამი (მაინც ინგლისელი)) რომ არ ჩარეულიყო საუბარში და სიტყვა რომ არ ჩაედგა. ვონეგუტს, როგორც შევატყე, ნებისმიერ თემაზე უსასრულოდ შეეძლო ლაპარაკი და თვითმფრინავის დარდი მაინცდამაინც არცა ჰქონდა _ მხოლოდ ერთხელ ახსენა ნიუ იორკი და ნიუ იორკის ხსენებაზე ისა ვთქვი, რომ ნიუ იორკში ჩავალ თუ არა, დავლატოვის საფლავს მოვინახულებ-მეთქი. დავლატოვის საფლავზე არცა ვყოფილვარ და არც ის ვიცი, სად დაკრძალესო. კი გავიფიქრე, დავლატოვის საფლავზე ერთად წასვლას შევთავაზებ-მეთქი, მაგრამ აღარაფერი მითქვამს ვონეგუტისთვის, რადგან ჯერ ეს ერთი, სასაფლაოზე კლასიკოსის დაპატიჟება რა პატივისცემაა მისი და მეორეც, იქნებ სულ არ უყვარს (ჩემგან განსხვავებით) საფლავებზე ჩამოვლა და წარწერების კითხვა. თუმცა, სერგეი დავლატოვის ხსენება მაინც აშკარად ესიამოვნა, გაეღიმა და მკითხა: _ დუ იუ ლაიქ ჰიზ სთორის? კი-მეთქი, _ ვუპასუხე კმაყოფილმა იმით, რომ ვსაუბრობდით მწერალზე, რომლის შესახებაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და უფრო მეტიც: როკო კარბონესა და ბენ რაისისაგან განსხვავებით, კურტ ვონეგუტი არათუ კარგად იცნობდა დავლატოვის შემოქმედებას, არამედ სწორედ მისი რეკომენდაციით დაიბეჭდა ამერიკაში ემიგრანტი დავლატოვის მოთხრობები მაშინ, როცა დავლატოვი დასავლეთის ლიტერატურული წრეებისთვისაც უცნობი ავტორი იყო. კმაყოფილი კი ვიყავი იმიტომ, რომ მანამდე ბენ რაისმა ორი ისეთი გვარი შეაპარა ვონეგუტს თანამედროვე ინგლისური ლიტერატურიდან, რომელთა ხსენებამაც არაფერი მითხრა და მეთერთმეტე არმიაზე გაბრაზებას იქ რა აზრი ჰქონდა, როცა ბენ რაისი გვერდით მედგა და მეც მასზე გავნაწყენდი და სამაგიეროც მას გადავუხადე (აბა მეთერთმეტე არმიას, სამწუხაროდ, ვერ მოვერიეთ)… სხვათა შორის, კურტ ვონეგუტს ისიც ვკითხე (რაც ასე ხშირად ითვლება ჩვენში გოიმურად თუ არა, უხერხულად მაინც), _ ქართული ლიტერატურის შესახებ რამე თუ იცით-მეთქი და უარის ნიშნად თავი რომ გააქნია, ერთი ბზობა მისივე ქართული გამოცემის ჩუქებაც დავაპირე პატრონის დაუკითხავად, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, სურვილი და ინტერესი ვერ შევატყე და ამიტომაც იქვე გადავიფიქრე. კურტ ვონეგუტმა, როგორც თანამედროვეობის უდიდესმა მწერალმა, ალბათ ზუსტად იცის, რომ უკვე დაწერილი წიგნი მკითხველის საკუთრება უფრო მეტად არის, ვიდრე ავტორისა და ალბათ ისიც იფიქრა, რომ ქართულად გამოცემული მისი წიგნი ქართველ მკითხველს უფრო გამოადგებოდა, ვიდრე თვითონ მას. ალბათ კარგად ნაცნობი, ჩვენთვის (თითქმის) საყოველთაო კომპლექსის გამო, მეორედაც ვკითხე ვონეგუტს, იქნებ ვინმე გახსოვდეთ ქართული ლიტერატურიდან-მეთქი და მეორედაც რომ თავი გააქნია უარის ნიშნად და ვერავინ გაიხსენა, მე გურამ დოჩანაშვილი გამახსენდა, გასაგები მიზეზების გამო და ვუთხარი, რომ იგი იღბლიანი კაცია, რადგან ქართული ლიტერატურის გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ წინა აქვს. ვონეგუტმა ხმამაღლა, გულიანად გაიცინა და საპასუხოდ ვეღარაფრის თქმა მოასწრო _ ის გამწარებული კაცი, ფოიეში რომ ელოდებოდა მწერალს და აეროპორტში რომ უნდა წაეყვანა, გაკვირვებისაგან ხელებგაშლილი გამოვარდა ქუჩაში და აჩქარებით ჩასვა გრძელ, ამერიკულ მანქანაში კურტ ვონეგუტი. მანქანაც ძალიან სწრაფად დაძრა და ჩვენ მხოლოდ ხელის დაქნევით დამშვიდობება მოვასწარით. კარგა ხანს ვიდექით გაუნძრევლად და ვდუმდით. იმ დღეს ფეხბურთი აღარ გვითამაშია, დაუნთაუნში წავედით და მაგრად დავთვერით. დილით, ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, გაგვაღვიძეს აღელვებულმა მასპინძლებმა და ტელევიზორების ჩართვა გვიბრძანეს _ ეკრანზე ხდებოდა საშინელება _ ნიუ იორკის ტყუპებს, ცნობილ ცათამბჯენებს, ტერორისტები თვითმფრინავებით უტევდნენ. ინსტინქტურად დავრეკე ნიუ იორკში ნაცნობ ქართველებთან იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა ქართველები დაღუპულებს შორის. ერთმა ჩემმა მეგობარმა (ნიუ იორკში მცხოვრებმა) ძალიან მშვიდად მითხრა – აბა შენ თვითონ დაფიქრდი, სამსახურში თხუთმეტი წუთით ადრე რომელი ქართველი მივიდოდაო… შუადღისას როკომ თქვა, ვონეგუტი მანჰეტენზე ცხოვრობს, დავურეკოთ და მოვიკითხოთ, როგორ არისო. ბენ რაისიც ისეთი მონდომებით დაეთანხმა კარბონეს, თითქოს ჩვენ სამზე ახლობელი არავინ ჰყავდა კურტ ვონეგუტს და ნომერი გავიგეთ და დავრეკეთ. გვიპასუხა მისმა (ჯერ-ჯერობით უკანასკნელმა) ცოლმა. მოვიკითხეთ მწერალი და ქალბატონმა ძალიან მშვიდად გვითხრა _ ჩემს ქმარს ძალიან მშვიდად ძინავს, არც გაღვიძებია და არც არაფერი გაუგიაო. გასაკვირი არც არაფერი იყო _ ეს ქართველ მწერლებს უჭირთ ტაზეპამების გარეშე ჩაძინება, თორემ ამერიკელ მწერალს და მით უმეტეს კურტ ვონეგუტს შეუძლია მშვიდად იძინოს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი