ჩაძირული ქალაქის ღამე (ფრაგმენტი)
შიო მღვიმელს შეჰყვარებია მეწისქვილის გოგო, სახელად ნანა, რომელსაც ხის მორებზე უწერდა ლექსებს და მდინარეში აცურებდა წისქვილისკენ, _ წაიკითხავს, შემიყვარებსო. წაუკითხავს, შეჰყვარებია. მეწისქვილე მამა გაგიჟებულა – პოეტის სიყვარული რა სიკეთეს მოგიტანს, აშუღები ალაშა ხალხიაო. განა თავისის თვალით არ ენახა მიხეილის ქუჩაზე, ლინეიკა რო დეეყენებინათ ალაშებსა (პოეტებს რო ეძახიან თავის თავსა): კოლია რატიშვილსა, ლელო ანდრონიკაშვილსა, არუთინ ტერშმანოვსა, შიხი ტუსიშვილსა და ბექა ყარალაშვილსა. დეეყენებინათ ლინეიკა, შიგ ჩეესხათ მეზურნე ზიბიაშვილი, ხლეპუზა მედაირე, მესტვირე ბლიაძე და შიო მეჭიანურე. გადმოესოთ ძირს ჰოროტოტოს კაცი, თვითონ ჩეებერათ ჰოროტოტოსთვინ და ღრიალით მოსდებოდნენ მიხეილის ქუცას. განა წისქვილში არ მეესმინა შეწუხებულ ტფილისელ მოქალაქეთა სიტყვები: წუხელის რესტორან “სიმპატიას” დასცემიან პოეტები პუშკინოვის ქუჩაზედ; გუშინწინ დაგრეხილუას დუქანი აუკლიათ აშუღებს; ამასწინათ დამსხდარან ერმოლოვის ჯვართან და ოთხი დღე უქეიფნიათ, განა ეგრე არა ჰქვიან აემ დუქანსა _ “ნე უეზჟაი, გალუბჩიკ მოიო” _ აბა სცადეთ და აქედან დაგვითხოვეთო. გასულ თვეში პოეტები არ იყვნენ, რო “ფანტაზია” კინაღამ დასწვეს გარეთუბანში _ მეეყვანათ მუხამბაზები და ცეცხლი დეენთოთ, ლექსებს უხდებაო… …განა ემაგ აშუღთა დოსტმა დავით ყიფიანმა არ დაარტყა დანა ტილიპუჭურის პატრონსა არტემ ქამალოვსა, კიდენ ორი თუმნის წამლობა რომ დასჭირდა ევგენი ზემელის აფთიაქიდგან, ოსპიტლის შემდეგ? ადრე იქნება თუ გვიან, ვინმე ყარაჩოღელი შეეყრება მაგათ სადმე და იგრე გაუხდისთ საქმეს, რო სუ თავისი ლექსები იწყევლონ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი