კატმანდუ
თანამდევი ფიქრი
სარჩევი გზა კატმანდუ ჰიმალაი და ალპინიზმი ნუ დაველოდებით მაიკო შუბლაძეს ისევ გზა… რელიგია და ჩვენ კალი-განდაკი სადაც მელოდებიან გზა, რომელიც მთავრდება ეს წიგნი ჩემი ქვეყნიდან შორს, ძალიან შორს იწერება, მაგრამ ფიქრმა არც მანძილი იცის და არც დრო. იგი გამუდმებით გაწუხებს, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს. გაწუხებს, რადგან ეს მთავარი ფიქრია და მას ვერსად გაექცევი. თუმცა ზუსტად და კონკრეტულად რას დაარქმევ, არც იცი და, ალბათ, არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ გაწუხებს და სამყაროს იმ პატარა ნაწილს, რასაც შენი ქვეყანა და მიწა ჰქვია, მაინც ვერ შორდება. და ეს ფიქრი გამუდმებით თან დაგყვება, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და მაინც ყველგან და ყველაფერს შენს პატარა სამშობლოს ადარებ, შენს ხალხს, წესსა და ტრადიციას, მდინარეებსა და მთებს… სწორედ მთებიდან დაიწყო ყველაფერი – ბავშვობის მთებიდან – პირველი წიგნებიდან. იმ საოცარი წიგნებიდან, რომლებსაც ქმნიდნენ ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი, მორის ჰერცოგი და ჯონ ჰანტი. წიგნები სიზმრებად იქცნენ, სიზმრები კი ცრემლნარევ ოცნებად – საკუთარი თვალით მენახა ჰიმალაი. ამ ოცნების ახდენამდე ჯერ კიდევ შორს იყო და მეგობრებთან ერთად, ფეხით მოვიარე საქართველოს მთიანეთი. ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, კავკასიონის მწვერვალები ჰიმალაის ბუმბერაზ მთებს უნდა შეეცვალა, მაგრამ სტუდენტობისა და ახალგაზრდობის შუალედური დრო, უდარდელობიდან უზარმაზარ დარდში გადაიზარდა და ჩვენი აშლილი ეპოქისა და ქვეყნის დაშოშმინებას ღვინით შევეცადეთ. სანამ კარგი ღვინოები ჯერ კიდევ არსებობდა ჩვენს ქალაქში, პირადად ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და სადღეგრძელოებს სიამოვნებით ვაყოლებდი ხოლმე ლირიულ ლექსებს. მაგრამ თანდათანობით, არაუალკოჰოლო სასმელს ნერვებისა და ხელების კანკალი მოჰყვა და, რამდენადაც მახსოვს, პირველად გული სადღაც იგოეთის ტეკთან (ან მისადგომებთან) გამიჩერდა. მეორედ და მესამედაც ექიმებმა ზუსტად იგივე თქვეს, რაც პირველად – აღარ უნდა დალიოო, მაგრამ უკვე გვიან იყო – ჭიქები შევსებული გახლდათ და თამადა სწორედ ჩემთან გადმოდიოდა ალავერდს. მაშინო, – უკან არ დაიხიეს ექიმებმა, – აი, ეს თანხა დასჭირდება ოპერაციას და შენგან სტამბულის კაჟს გამოვთლითო. კურსების გრანიტზეც თანახმა ვიყავი და მივდექ-მოვდექი, როგორც ჩვენში იტყვიან, ხალხი შევაწუხე, მაგრამ ამაოდ – ესაო, ისაო, პატივს კი გცემთ, მაგრამ ვერაო და სწორედ მაშინ გამახსენდა ჰიმალაი – კიდევ ერთხელ, როგორც ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების სარეალიზაციოდ და, რაც მთავარია, როგორც საშუალება საკუთარი სხეულის დასაძლევად. გამახსენდა ჰიმალაი და სწორედ მაშინ მივხვდი და დავიჯერე, რომ ადამიანისათვის სულისა და სულიერის წარმართვა არის ურთულესი და პირიქით, თუ იგი მოინდომებს, სრულიად იოლად შეძლებს სხეულის დამორჩილებას. და გადავწყვიტე და შევძელი – გასაკვირად ჩვენი ოჯახის წევრებისა და კეთილისმსურველებისა – ჭიქა დავდგი, უფრო მეტიც – გვერდზე გადავდგი და ვარჯიში დავიწყე. თუმცა ჰიმალაისათვის მხოლოდ სხეულის წვრთნა ვერაფერი ბედენაა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქაური ჰარმონიის მისაღწევად, ფსიქოლოგიური მომზადებაა; ამის მიღწევა, პირადად ჩემთვის, გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ფიზიკური მზადყოფნა მწვერვალზე ასასვლელად. პირველი მწვერვალი კი, რომელზე ასვლაც პირველი ქართული ექსპედიციისათვის ღმერთმა ინება, ჰიმალაის მონბლანად წოდებული დჰაულაგირია. ქართველი მთამსვლელების რამდენი თაობა ოცნებობდა, ჰიმალაის თოთხმეტი რვაათასიანიდან ერთ-ერთზე მაინც განეხორციელებინა ასვლა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ქართველი ალპინისტები სამოციან წლებში იყვნენ, როცა ჩვენს ქვეყანას ნეპალის მაშინდელი მეფე ეწვია სტუმრად და, თუ ეს ლეგენდა არ არის, სვანეთის მთებში ჯიხვიც კი მოინადირა. ქართველ მთასვლელთა იმდროინდელი, უძლიერესი გუნდი, ჰიმალაიში მიიწვია, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ სასტიკი უარი განაცხადა ნეპალში ექსპედიციის გამგზავრებაზე. 1982 წელს (სხვა ინფორმაცია მე არ გამაჩნია) ჰიმალაის მთებში პირველი ქართველი მთამსვლელი აკაკი ხერგიანი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად. ექსპედიციის თერთმეტმა მონაწილემ დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ღამის ასვლა განახორციელა, მაგრამ მათ შორის აკაკი ხერგიანი არ ყოფილა. მიზეზი უცნობია, ფაქტი კია, რომ იგი ჟურნალისტის მოვალეობას დასჯერდა. 1991 წელს უკვე რუსეთის გუნდი დაიძრა იმავე ევერესტის დასალაშქრად და მწვერვალზე ასვლის სიხარული, სხვებთან ერთად, 54 წლის რომან გიუტაშვილმაც გაიზიარა; თუმცა წარმატებული ექსპედიცია მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა, როცა უკანა გზაზე, მწვერვალიდან დაშვებისას, ბატონ რომანს ტკბილად ჩამოეძინა… წელს კი, ბატონ ასლან აბაშიძის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ქართველ მთამსვლელთა გუნდი კატმანდუში გაემგზავრა. ჩემი სპონსორობის თხოვნა ვერ გავბედე და მთავარ ჯგუფს ორი კვირით ჩამოვრჩი. ჩვენი ექსპედიცია ნეპალის მიმართულებით ინდოეთის გავლით წავიდა. მე კი, ნასესხები ფულით (ამჯერად სხვებისგან) მოსკოვიდან გავფრინდი კატმანდუს…გზა
ძალიან მიყვარს მგზავრობა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან – დედაჩემს ზაფხულობით ზღვაზე მივყავდით დასასვენებლად, ძირითადად გაგრაში და მატარებლის ფანჯარასთან მიმსხდარნი, მე და ჩემი და, გემრიელად მივირთმევდით საგზლად წამოღებულ შემწვარ ქათამს. სკოლის კატლეტისა არ იყოს, მსგავსი აღარაფერი შემხვედრია სადმე და გაგრასთან ერთად ის საოცარი სუნიც დაიკარგა, ზღვიდან რომ შემოიჭრებოდა ხოლმე ახლადგაღვიძებულ მატარებელში და ფანჯარასთან აკრული ბავშვებისათვის ამდენი სიხარული მოჰქონდა. მინის იქით ნაწვიმარი გალი და ოჩამჩირე ჩანდა და მატარებლის გამცილებელი აჩქარებით იწყებდა ჩამოტარებული ჩაის ჭიქების ფულთან ერთად აკრეფას. აღარც ისეთი ჩაის ჭიქები შემხვედრია სადმე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი დროსა და საშუალებას გამოვნახავ ხოლმე, წინ და უკან დავწანწალებ გაუთავებლად. და არც მესმის იმ ადამიანების, ვისაც სურვილიც კი არ უჩნდება სხვა მიწა და ქვეყანა ნახოს, ახალი ისწავლოს და გაიგოს, ვინმე გაიცნოს და დაუმეგობრდეს. არ მესმის იმ ადამიანების, ინტერესიც რომ არა აქვთ მოგზაურობის და შეიძლება პირიქით, ჩემისთანა გიჟების ხეტიალია მათთვის გაუგებარი. ალბათ ასეც იყო მოსკოვში, მოსკოველმა რაჭველებმა, ნეპალისკენ გზა რომ დამილოცეს და ერთი კი გაიკვირვეს – რაზე მიდიხარო, რაჭულადვე შევეცადე პასუხი გამეცა და ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოვიდა. რაჭველთაგან გაცილების ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ: მამუკა რაზმაძე, ძმები დავით და ნიკოლოზ კახეთელიძეები, აგრეთვე, წარმოშობით რაჭველი (ამჟამად კახელი) გია ნაცვლიშვილი და მისი მეუღლე ნინო გილიგაშვილი. ინფორმაციისათვის: ეს ის გია მილვერდის ძე ნაცვლიშვილია (დედა – თამარ ქურდოვანიძე), ვისზეც ასე ხატოვნად თქვა გოგა კალანდაძემ – ერთადერთი ქართველია, ჩვენი ქვეყნის გარეთ რომ შოულობს ფულს და შიგნით ხარჯავსო. კვლავ ინფორმაციისათვის: თავად ეს ფრაზაც ერთადერთი, აზრობრივად გამართული წინადადებაა, რაც გოგა კალანდაძის ბაგეებს დღემდე დასცდენია. დამშვიდობებისას ყველამ ერთად, ფეხზე ადგომით, შევასრულეთ “ქვედრულა მოდიდებულა” და “წერეთელმა დაგვიბარა”. დროის სიმცირის გამო აღარ დაგვიზუსტებია, რომელ წერეთელს ვგულისხმობდით და სუფრის წევრებს საზეიმოდ დავპირდი, რომ ჰიმალაის მთებში აუცილებლად შევსვამდი ქვემო და ზემო რაჭის სადღეგრძელოს (ღების, ჭიორას და გლოლას ჩათვლით, რასაკვირველია…). პირველი ცდუნება კი თვითმფრინავის აფრენისთანავე გაჩნდა – ეკატერინბურგის მთამსვლელთა გუნდის წევრებმა არაყი რომ შემომთავაზეს. თავიდანვე ვთქვი უარი – ცივი, მაგრამ თავაზიანი. სხვათა შორის, თანამედროვეობის უდიდესი ალპინისტი ანგ რიტა შერპა, რომელიც მხოლოდ ევერესტზე ცხრაჯერ არის ნამყოფი, გამოუსწორებელი ლოთია. იმასაც ამბობენ, ზედ მწვერვალზე დაილოცება ხოლმეო, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია. მჯერა იმის, რასაც ჩემი თვალით ვუყურებ – ცხრა საათის განმავლობაში (რაც კატმანდუმდე ფრენას სჭირდება) რუსებს ბოთლებისთვის ხელი არ გაუშვიათ. მე ისევ მტკიცედ ვიცავდი ჩემს ფხიზელ მდგომარეობას და სადილამდე ვიკითხე ჩემი საყვარელი მწერლის სერგეი დავლატოვის მოთხრობების წიგნი. დაშვებით კი, საწვავის შესავსებად, რომელიღაც არაბული ქვეყნის ქვიშიან ქალაქში დავეშვით და ისეთი სიცხე იდგა, იმის გარკვევასაც მოვერიდე, სად ვიყავით. ავფრინდით და რამდენიმე მგზავრი შემოგვემატა. მათ შორის (როგორც გაირკვა) შვედი გოგონა (სიმაღლე ორი და ათი), ჩემს გვერდით რომ დაჯდა, ქამარი შეიბა და კატმანდუმდე სკამზე დაბმულმა იფრინა. ვერაფრით შევახსნევინე – ესაო, აეროფლოტის თვითმფრინავია და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს, მეშინია, თავი არაფერს მივარტყაო. აეროპორტში ნეპალელი ქმარი მელოდება და დალეწილს და გაუბედურებულს რომ მნახავს, შეიძლება იქვე გამშორდესო. ქმარი მართლაც ელოდებოდა იმ შვედ გოგონას და, მიუხედავად იმისა, რომ წელამდეც ვერ წვდებოდა ცოლს, მაინც ყურებამდე გაკრეჭილი იდგა აეროპორტის მოსაცდელში. თვითმფრინავში სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ყველა უცხოელ მგზავრს “აეროფლოტის” მიერ შემოთავაზებული უცნაური კერძისაგან კუჭები და ნერვები აეშალა. მხოლოდ საბჭოთასინამდვილეგამოვლილნი ვისხედით მშვიდად და აუღელვებლად, ვკითხულობდი ნათან ზარეცკის ბრძნულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ კლიმაქსი ქალებს ტოტალიტარულ გარემოში უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში… ვიცოდი, რომ წინ იყო საოცრებების მიწა, მაგრამ პირველი აღტაცება და სევდაც იმავდროულად თურმე თვითმფრინავში მელოდა – ჩვენთან ერთად მგზავრობდა აბსოლუტურად უსინათლო სიმპათიური გოგონა, რომელსაც ძლიერ, ძლიერ უნდოდა ნეპალის ნახვა და სწორედ მაშინ მივხვდი, – ამ ქვეყანას, ხილვის გარდა შეგრძნებაც სჭირდება და ჰიმალაის მხოლოდ ნახვა სრულიადაც არ არის საკმარისი – იგი უნდა გაიგო კიდეც. გაიგო და იგრძნო… მახსოვს, როგორი მოწიწებით შეხვდნენ იმ უსინათლო გოგონას ნეპალის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები და მაშინვე ჩვენი, თბილისის აეროპორტი გამახსენდა, სადაც ყოველ შინ დაბრუნებულ ქართველს ისე უყურებენ, როგორც დამნაშავეს, კონტრაბანდისტს, მორფინისტსა და მკვლელს. და რომ არა ჩემი მეგობარი ბასიკა, (იგივე ნუგზარ კევლიშვილი) ადამიანს საკუთარ, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება შეიძლება ისევე შესძულდეს, როგორც ის აუტანელი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი პროცედურა, ასეთი მონდომებით რომ ასრულებენ ჩვენი რესპუბლიკის რჩეული ანგელოზები…კატმანდუ
მიშა გოგიტიშვილის, ჯერ კიდევ 1983 წელს რომ იყო ნეპალში, თბილისიდან გამომგზავრებამდე ვკითხე, როგორი ქვეყანაა-მეთქი და გურიას ჰგავსო – გაეღიმა. ხუმრობად ჩავთვალე მისი ნათქვამი და მეც გავიღიმე. მაგრამ კატმანდუს აეროპორტს რომ გავცდი, ჩოხატაურში მეგონა თავი და პირი დავაღე. მძღოლმა, პირდაღებული რომ დამინახა, ცხვირსახოცი აიფარე სახეზეო – ხელით მანიშნა და ვიწრო ქუჩას პიპინით შეუყვა. ჩოხატაური მორჩა და კატმანდუ დაიწყო. დაიწყო საშინელი სუნით, იმ ნაგვის, ჭუჭყისა და სიბინძურის გამო, რითაც სავსეა აქაური ქუჩები და რომელთა გავლის გარეშეც ვერ მოხვდები ტამელში. ტამელი ტურისტულ, ყველაზე სუფთა, გაკაშკაშებულ უბანს ჰქვია, სადაც ძირითადად ალპინისტები, დამსვენებლები, გიჟები და ჰიპები ცხოვრობენ. ტამელი სასტუმროებისა და მაღაზიების უბანიცაა და აქ ყველაფრის შეძენა შეგიძლია, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია. ევროპულ ფასებთან შედარებით ყველაფერი გაცილებით იაფია და ერთადერთი, რაც ძვირი ღირს (ჩვენგან განსხვავებით), წიგნია წიგნების მაღაზიაში. ხარისხისა და მრავალფეროვნების გამო შეგიძლია საათობით იდგე და იტირო, რადგან ვერ მოიფიქრებ და გაიხსენებ ავტორსა და ნაწარმოებს, რომლის აღმოჩენაც აქ შეუძლებელია. წიგნების გარდა დანარჩენ მაღაზიებს, პირდაპირი რეისი რომ იყოს თბილისიდან კატმანდუში, ქართველები ალბათ რამდენიმე თვეში დედას უტირებდნენ. ამჟამად კი, რამდენადაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება, ამ ქალაქში ორად ორი ქართველია – ერთი ქალი და ერთი კაცი. ქალბატონი თალიკო (გვარს არ ვამბობ, რადგან მშობლებმა შეიძლება არც იციან) აქაურ კინორეჟისორს დიპაკრაია მაჯის გაჰყვა ცოლად და კატმანდუში დასახლდა. იმ ქართველი კაცის სახელი და გვარი კი ჩემთვის უცნობია და მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰიპების მოძრაობას ჩამოჰყვა ევროპის რომელიღაც ქვეყნიდან და საცხოვრებლად ნეპალში დარჩა. პირველი ჰიპები აქ 1968 წელს, საფრანგეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ და, მათი გაგებით, აშმორებულ, პრაგმატულ ცივილიზაციას გამოექცნენ. რამდენიმე ადგილას ნეპალში ბანაკებიც დასცეს და მათი დიდი ნაწილი სამუდამოდ დარჩა აქ. ახლაც შეხვდებით კატმანდუს ქუჩებში ზოგიერთ მათგანს – უკვე დაბერებულსა და ძველებურად თმებმოშვებულს. კრიალოსნით ხელში და ნეპალელებისაგან, უპირველესად, კანის ფერითა და სიმაღლით გამორჩეულებს. ნეპალელები კი ყველანი (იშვიათი, სისხლნარევი გამონაკლისის გარდა), ერთი ზომისანი არიან და მათ შორის (რაც მეტად მახარებს) გულივერივით გამოვიყურები. როგორი პატარებიც არიან, ისეთივე პატარა სახლები აქვთ და იმ პატარა სახლებში ისეთივე პატარა ტახტები უდგათ. სახლებს პატარა ფანჯრები აქვთ და, რაღა გავაგრძელო, მართლა პატარა ხალხია. პატარა, მაგრამ განსაცვიფრებლად მუშა, – კატმანდუ მზის ამოსვლამდე იღვიძებს და მათი სამუშაო დღე გათენებამდე იწყება. აქ ყველანაირი პროფესიისა და საქმიანობის ადამიანს შეხვდება კაცი. ქუჩაში გამუდმებით დაგდევს რამდენიმე ნეპალელი ერთად და შესაბამისი თანხის საფასურად ათასგვარ სამსახურს გთავაზობს – ფეხსაცმელების გასუფთავებიდან დაწყებულს და ყურების გამოწმენდით დამთავრებულს. მრავლად არიან მათხოვრებიც – ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლები; და ბერტოლდ ბრეхტი, მიუხედავად მემარცხენეობისა, მართლა გენიოსი იყო. “სამგროშიანი ოპერაც” შემთხვევით არ დაწერილა და, როგორც მითხრეს, მათხოვრების ისეთი კასტაც არსებობს (არა მარტო ნეპალში), ბავშვობის ასაკიდან ფიზიკურად რომ ამახინჯებენ ადამიანებს, რათა მომავალში ფულის მოპოვება ხეიბრისათვის უფრო ადვილი იყოს. კატმანდუელი მათხოვრები სხვა ქვეყნის კოლეგებს ერთი საერთო ნიშნით საოცრად ჰგვანან – თუ შეგეცოდება და ფულს აჩუქებ, მიაჩნიათ, რომ ბევრი გაქვს და იმიტომ აძლევ და არა იმიტომ, კეთილი რომ ხარ და სხვაგვარად არ შეგიძლია. ეს თვისება, სხვათა შორის, არა მარტო მათხოვრებს ახასიათებთ და არა მარტო ნეპალში. ჩვენშიც ხშირად შემიმჩნევია, თუ ვიღაცისთვის სიკეთეს გააკეთებ, იმას კი არ ფიქრობს, რომ სხვაგვარად არ შეგიძლია, შენს მოვალეობად მიაჩნია ან უბრალოდ თვლის, რომ მეტი შესაძლებლობა გაქვს. კატმანდუში კიდევ უფრო ძველი პროფესიის ადამიანები კიდევ უფრო მრავლად არიან და, რა თქმა უნდა, აგრერიგად ფრთებგაშლილ ადგილობრივ პროსტიტუციას ვგულისხმობ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები ინგლისურენოვან მიპატიჟებას აღმოსავლურ, ზღაპრულ მასაჟზე, რაც აუცილებლად ბატკანით ან ბატკნით მთავრდება. პირადად, ხელმოკლეობის გამო, ყოველ მიპატიჟებაზე თუმცა ცივ უარს ვამბობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ (გადმოცემითაც ვიცი), შიგ მართლა ზღაპარი ელოდება სტუმარს ჯადოსნური მასაჟის სახით. რაც შეეხება ინგლისურს, კატმანდუსა და მთელ ნეპალში ბრიტანელთა შემორჩენილი გავლენის გამო, საყველპუროზე მეტს ამ ენაზე ყველა ლაპარაკობს. სახელმწიფო ენა კი ნეპალურია, რომელიც საფუძველში ჰინდურს უკავშირდება და ამიტომაც ინდოევროპულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება. სწორედ ნეპალური გახლავთ ურთიერთობის საშუალება ნეპალის იმ ჭრელი მოსახლეობისათვის, ასე მრავლად რომ ცხოვრობს აქ და ერთმანეთისაგან ტომობრივი წარმოშობით, ენით, ტრადიციითა თუ აღმასრულებლობით საკმაოდ განირჩევა. აღმსარებლობის თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული რელიგია ნეპალში, რა თქმა უნდა, ჰინდუიზმია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბუდა ნეპალში დაიბადა და არა ტიბეტსა თუ ჩინეთში. თუმცა ბუდისტურ თვალებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ და გრძნობ. კატმანდუში, როგორც ჰინდუსთა, ასევე ბუდისტთა სალოცავები საკმაოდ მრავლადაა და, როგორც ასეთ შემთხვევებში (თუნდაც სხვა ქვეყნებში) ხდება ხოლმე, აქაც უნდა იყოს ერთგვარი დაძაბული ურთიერთობა ამ ორი რელიგიის მიმდევართა შორის. მაგრამ მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს არავინ არღვევს და უფრო მეტიც, რელიგიური უმცირესობებისადმიც კი შესაშური ტოლერანტული დამოკიდებულება იგრძნობა. უმცირესობა ამ მხრივ ნეპალში მუსულმანთა დასახლებებია ინდოეთის საზღვართან ახლოს და მცირე რაოდენობაც ქრისტიანი ნეპალელებისა. ბუდისტები ძირითადად მთებში სახლობენ და მათი ერთი ნაწილი შერპაა – ალბათ, დედამიწაზე ფიზიკურად ყველაზე ძლიერი და ამტანი ხალხი და შემთხვევითი არაა, რომ ევერესტზე პირველამსვლელი (ერთ-ერთი პირველამსვლელი) თენსინგ ნორგეი სწორედ შერპა იყო. შერპები წარმოშობით ტიბეტიდან არიან, მაგრამ ევერესტის მისადგომებთან დიდი ხნის წინათ დასახლდნენ, განსხვავებით იმ ლტოლვილი ტიბეტელებისაგან, რომელთა ბანაკები ასე მომრავლდა ნეპალში ჩვენი საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან. 1949 წელს სოციალისტურმა ჩინეთმა მანამდე დამოუკიდებელი, თეოკრატიული სახელმწიფო ტიბეტი, მარტივად რომ ვთქვათ, დაიპყრო და მხოლოდ დეკლარირებული ავტონომიის უფლებით ჩინეთს შეუერთა. მაშინ სრულიად ახალგაზრდამ, ტიბეტური, ლამაისტური ბუდიზმის ლიდერმა, მეთოთხმეტე დალაი-ლამამ თენსინგ გიათსომ სასწრაფოდ შეაგროვა ტიბეტელთა თორმეტათასიანი ჯარი, მაგრამ ჩინელთა აგრესიისაგან სამშობლოს დაცვა მაინც ვერ შეძლო. თავდაპირველად ჩინელებმა ლოიალური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს ტიბეტელი ხალხის ტრადიციების, რელიგიისა და სახელმწიფოებრივი წყობის მიმართ, მაგრამ თანდათანობით, დევნის და შევიწროების ფაქტებმა თავად ჩინელებივით იმრავლა და ტიბეტის კოლექტივიზაციას 1959 წელს სახალხო აჯანყება მოჰყვა შედეგად. აჯანყება მარცხით დასრულდა და ტიბეტელთა სულიერი ლიდერი თენსინგ გიათსო იძულებული გახდა, ტიბეტიდან ჩრდილოეთ ინდოეთში გახიზნულიყო. წლების მანძილზე იქაური, დროებითი რეზიდენციიდან აწარმოებდა მშვიდობიან ბრძოლას თავისი ხალხის სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური უფლებების დასაცავად. 1989 წელს ამ საოცრად განათლებულ, ხალასი ნიჭის, წერისა და მეტყველების უნარით დაჯილდოებულ ადამიანს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში. მეთოთხმეტე, მუდამ ღიმილიანი დალაი-ლამას ფოტოებით აჭრელებულია კატმანდუს მაღაზიათა ვიტრინები და საოცრად მახარებს ის ფაქტი, რომ ნეპალში აშკარად იგრძნობა პირადად მისდამი სიმპატია და, საერთოდ, ტიბეტელთა მიმართ მხარდაჭერა. და ვგრძნობ ჩემში მზადყოფნას (თუ, რა თქმა უნდა, რამე შემიძლია), ვიდგე ტიბეტელთა გვერდით კომუნისტური ჩინეთის, როგორც დამპყრობლის, წინააღმდეგ ბრძოლაში. და მხოლოდ ახლა ვხვდები, რატომ წავიდა ნიკო ბაგრატიონი შორეულ აფრიკაში ბურების მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას მაშინაც და ახლაც უფრო მეტად უჭირდა და უჭირს, ვიდრე ბურებსა და ტიბეტელებს. ამას არანაირი სხვა ახსნა არ გააჩნია, ოდენ იმისა, რომ ქართველები ვართ, აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს… დალაი-ლამას გარდა, მთელ კატმანდუში (და ნეპალში) ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ნეპალის მეფისა და მისი მეუღლის ფოტოებსაც შეხვდებით. მეფე, რა თქმა უნდა, უყვართ და პატივს სცემენ, მაგრამ მასზე შემომწყრალ ადამიანთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით წითლები აქტიურობენ და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩემგან, ამ შემთხვევაში მართლები არიან. ნეპალის მეფე, მდაბიურად, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, ყველა ალპინისტური ექსპედიციის წილშია (კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვა – ზის) და ზედაპირული დაანგარიშებითაც კი, უზარმაზარი შემოსავალი აქვს. თოთხმეტი რვაათასიანი მწვერვალიდან რვა (მათ შორის ევერესტი) ნეპალის ტერიტორიაზეა და წელიწადში ორი სეზონის მანძილზე (გაზაფხულზე და შემოდგომით) მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ალპინისტური ექსპედიციები ახორციელებენ ასვლას ამა თუ იმ მარშრუტით. ძალზე ხშირად (იმდენია მსურველი) საბაზო ბანაკში რამდენიმე ექსპედიცია იყრის ხოლმე თავს. მაგალითად, მწვერვალ დჰაულაგირზე, ქართული გუნდის პარალელურად, კიდევ რვა ექსპედიცია ცდილობდა ასვლას. (მათ შორის სამი სხვადასხვა გუნდი მარტო იაპონიიდან). აღარაფერს ვამბობ ევერესტზე, გრძელი რიგები რომ დგას ზოგჯერ და ალპინისტები წლობით ელოდებიან ნებართვას. ეს ნებართვა, რასაც ინგლისურად “პერმიტ” ჰქვია, საოცრად ძვირი ღირს. სხვადასხვა მწვერვალს სხვადასხვა ფასი აქვს, მაგრამ შვიდი ათას ამერიკულ დოლარზე იაფად ვერც ერთ მათგანზე ვერ მოხვდები (ყველაზე ძვირი, რა თქმა უნდა ევერესტის ნებართვა ღირს). ამას გარდა, ყოველ მდინარესა თუ ხეობაში მოგზაურობა (რასაც უამრავი ტურისტი ეშურება მთელი მსოფლიოდან) აგრეთვე შემოსავლის წყაროა და ყოველი სოფლის კარიბჭესთან ქვაზე ჩამომჯდარი პოლიციელი საგულდაგულოდ გიმოწმებს შენი ფოტოთი დამშვენებულ ნებართვის ქაღალდს, რომელსაც კატმანდუში გაძლევენ და რაშიც, აგრეთვე, ფულს იხდი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეპალის მეფე (ბუტანისა არ იყოს) ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში და არმად ნაშოვნ ფულს არასაკმარისად ახმარს საკუთარი ქვეყნის განვითარებას. სხვა,აბა, რითი უნდა აიხსნას ამდენი უსახლკაროს, დავრდომილისა და მშიერ-მწყურვალის არსებობა კატმანდუს ქუჩებში, რომელთა დიდ ნაწილს პირდაპირ მიწაზე სძინავს. მოსაქმებითაც იქვე, შენს თვალწინ მოისაქმებს ხოლმე და მერე იმ დაუბანელი ხელებით სიამოვნებით მიირთმევს (ძირითადად) ბრინჯს. სახალხოდ მოშარდვის გარდა ნეპალელებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს სრულიად უადგილო და ყოველწუთიერი, ღრმადმონდომებული ფურთხება. ჩემი, უკვე არამწირი, გამოცდილებით შემიძლია დავასკვნა, რომ არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც შეიძლება ნეპალელებზე მეტად უყვარდეს ფურთხება. (ახლაც, როცა ამ სტრიქონს ვწერ ჩვენი სასტუმროს ეზოში, ყურადღებით ვაკონტროლებ მიმდებარე ტერიტორიას, რომ, უნებლიეთ, თავზე არავინ დამაფურთხოს. მათ საქებრად უნდა ითქვას, რომ თანამემამულეთა ნანერწყვალს თვითონ საკმაოდ ოსტატურად იცილებენ ხოლმე…). კატმანდუ მართლაც კონტრასტების ქალაქია და ფუტკარივით დაუზარელსა და მშრომელ ნეპალელთა გვერდით უამრავი უსაქმური დააბოტებს და დახოხავს, ამ ბოლო სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, რომ ფეხზე წამოდგომაც ეზარებათ და მდიდრული სასტუმროებისა და ნაგებობების ფონზე მათი დანახვა საკმაოდ არასასიამოვნოა. ყველაზე ენერგიულები მაინც ნარკოტიკების გამყიდველები არიან (ძირითადად ჰაშიშისა და მარიხუანის), დილიდან დაღამებამდე დღეში ასჯერ რომ შეუძლიათ მოსაწევის შემოთავაზება და ბოლოს იმას გთხოვენ – ერთი ნაფაზი მაინც დაარტყა. – არ ვარ მე ის კაცი, – ცდილობ დაარწმუნო და რაც მეტად ცდილობ, უფრო მეტად ეღიმებათ. საერთოდ, ღიმილი ამ ხალხის თანამდევი თვისებაა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ღიმილიანი, გადამდებად კეთილგანწყობილი სახე აქვს – დაწყებული თუნდაც იმავე მათხოვრით და დამთავრებული პოლიციელით. როცა ამ ღიმილიან თვალებს ვუყურებ, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის ქუჩები მახსენდება, სადაც იმდენი აგრესია და სიძულვილი დაგროვდა უკვე, თავს ცოტა ძალა თუ არ დავატანეთ, კბილებთან მომდგარმა ბოღმამ, ერთ საშინელ დღეს შეიძლება ჩვენი ქუჩებიანად წაგვლეკოს. სწორედ ზემოხსენებული, არამწირი გამოცდილებით შემიძლია კიდევ ერთი რამ დავასკვნა, – საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც იგივე პოლიციელი ან ოფიციანტი “ძველი ბიჭი” შეიძლება იყოს. შეიძლება კი არა, რამდენჯერ გავმხდარვარ თვითმხილველი იმისა, თან რომ გიჭერენ და თან “გებლატავებიან”, ან გემსახურებიან (რესტორანში ასეთიც მინახავს) და თან ისევ “გებლატავებიან”. თუ გერიდება, შე დალოცვილო, ან ერთი, ან მეორე, ვინ გაძალებდა. თუ ვინმეს ჰგონია, იგივე ნარკოტიკების გამყიდველებს, პოლიცია არ ავიწროებს, ძალიან სცდება, მაგრამ ამ ჩამორჩენილ, ჯერჯერობით განუვითარებელ ქვეყანაშიც კი, სადაც ყოველი უბნისა და ქუჩის “ბარიგას”, არათუ ადგილობრივი პოლიცია, წინა დღით ჩამოსული ტურისტიცა სცნობს, თუ ფაქტით არ წაასწრეს, ელემენტარულად ვერ იჭერენ. უბრალოდ, კანონს არ არღვევენ და მორჩა. უდანაშაულობის რომელ პრეზუმფციაზეა ლაპარაკი საქართველოში, როცა არც ერთი ჩვენგანი (თუ იგი ხელისუფლებისათვის არასასურველი პირი იქნება) ხვალ იმისგან არ არის დაზღვეული, პოლიციასთან შეხვედრისას, ჯიბეში დიდი თუ არა, იმ რაოდენობის ნარკოტიკი მაინც არ აღმოაჩნდება, სასამართლომ შესაბამისი განაჩენი რომ გამოუტანოს. იმის ახსნა კი, წამალი რომ ცხოვრებაში არ გაგიკეთებია, იმ კურდღლის ამბავს ჰგავს, მგლებთან ერთად რომ გარბოდა, რომ დამიჭერენ, და მერე მიდი და ამტკიცე, მგელი არა ვარო. იმის თქმაც აუცილებელია (რასაკვირველია), რომ ჩვენს პოლიციაში პროფესიული განზრახვითაც მიდის ვიღაც სამუშაოდ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – იოლად მოსაპოვებელის ინტერესიც სერიოზულია და სანამ ცვლილება ზემოთ არ მოხდება, ქვემოთ კანონის დაცვა არც უნდა მოეთხოვებოდეს ვინმეს. და სანამ სამართალდამცავი ორგანოები, სამართალდამრღვევის ფუნქციას უფრო ასრულებენ, მანამ საქართველოს ციხეები უდანაშაულო ადამიანებით იქნება სავსე. ამაში თავად დავრწმუნდი, წამოსვლამდე, ჩემი დაპატიმრებული მეგობრები რომ მოვინახულე თბილისის ციხეში და იმდენი ნაცნობი შემხვდა (მე რომ ქობულეთში მეგონენ დასასვენებლად და თვითონაც არ იციან, რატომ სხედან), მთელი ღამე არ მიძინია. სხვათა შორის, უკვე ნახევარგზაზე, მოსკოვში, (ადრე რომ ფალიაშვილის ქუჩა ერქვა) ბუბა კიკაბიძეს შევეფეთე და ჩვენსკენ რა ხდება, რამე ახალი ხომ არ იცი-მეთქი, ვკითხე. ვერაფერს გეტყვი, სადაც დავრეკე, ერთი და იგივე მიპასუხეს: ან წუხელ ღამეს წაიყვანეს ან ეს წუთიაო. გაეღიმა, გომიაშვილთან მეჩქარებაო, ბოდიში მოიხადა და წავიდა… კატმანდუში ყოველივე ეს იმიტომაც მახსენდება, რომ თბილისში უსამართლოდ დაპატიმრებული მეგობრები დავტოვე და ახლა საშინელ სინდისის ქენჯნასა ვგრძნობ, რაკი ვერაფერი გავაკეთე მათ გასათავისუფლებლად. უფრო სწორად, რაღაც გავაკეთე, მაგრამ ვერაფერი შევძელი… დავდივარ ღამის კატმანდუში და მათზე ვფიქრობ. ფიქრში ხელს არავინ და არაფერი მიშლის. არც უამრავი უპატრონო ძაღლი, სხვათა შორის, ღამის ქუჩებში რომ გამოლაგდებიან და იშვიათად, მხოლოდ იმიტომ ყეფენ, რომ ძაღლები ჰქვიათ. სხვა მხრივ აქაური ადამიანებისა არ იყოს, არაძაღლურად მშვიდნი და ასევე კეთილგანწყობილნი არიან. ალბათ, მათზე გადამდებად მოქმედებს აურა და შექმნილი გარემო მშვიდი ბიოდენებისა, ან პირიქით. მაგრამ ცხოველთაგან ყველაზე დიდ პატივში რა თქმა უნდა ძროხაა, რადგან ძროხა ჰინდუსებისათვის წმინდა არსებაა და, შესაბამისად, ხელშეუხებელია. მახსოვს, შორტების საყიდლად მივდიოდი (სიცხეს ვეღარ გავუძელი, თორემ არ ვიკადრებდი) და რიქშას ანცმა მესაჭემ ისე გიჟივით გააქანა სამთვლიანი ტრანსპორტი, რომ გულმა მაშინვე რეჩხი მიყო. მხარზე ხელის დატყაპუნებაც დავაპირე – ცოტა ნელა-მეთქი, რომ გზაზე გაწოლილ ძროხას გამეტებით შევასკდით. ჩვენ დავზარალდით, იმან კი მშვიდად გააგრძელა ცოხნა, მაგრამ მთელი კატმანდუ მაინც ჩვენ გამოგვეკიდა და ვიწროებში რომ არ შეგვესწრო, რითი დამთავრდებოდა ყოველივე ეს, კაცმა არ იცის. მთელი გზა (სირბილის პარალელურად) რიქშას ანც მძღოლს იუდა გამყიდველი ვეძახე. ის კი მე მაბრალებდა ყველაფერს – ხომ გითხარით სერ, თოფი უნდა წამოგვეღოო… სხვათა შორის, რიქშას მართვა და მესაჭეობა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მას, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კიდევ ერთხელ სხვათა შორის, მათი მომსახურება იმ საერთო, აგრესიული სერვისის ნაწილია, პირველ თუ არა, მესამე დღეს მაინც რომ მომაბეზრებელი ხდება. რიქშების გარდა, მოტორიქშებიც დაქრიან კატმანდუს ქუჩებში და პატარა ავტობუსებიც. ოღონდ ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ ეტევა ჩვენებური “მარშრუტკისხელა” ტრანსპორტში სამოცი-სამოცდაათი ადამიანი ერთად. ეტყობა ნეპალელები მართლა პატარები და, რაც მთავარია, ერთი ზომისანი არიან; ზუსტად და კონკრეტულად მორგებულნი იქაური ცხოვრების წესსა და კლიმატურ გარემოს, განსხვავებით ახლადჩამოსული უცხოელებისაგან, რომელთაგან ზოგიერთს სერიოზულად უჭირს აკლიმატიზაციის გავლა. პირადად მე, ერთი-ორჯერ ცხონებული სესილია თაყაიშვილივით შემაქანა პირველ დღეებში, ოღონდ დაფიქსირება ვეღარ მოვახერხე – საიდან საით. რაც შეეხება კვებისადმი შეგუებას, გაცილებით იოლია. უფრო რთულად დგას (რუსულად რომ ვთქვა) წყლის პრობლემა. რაც ონკანში მოედინება, იმის დალევა ნამდვილად არ შეიძლება იმ უამრავი, მასობრივად გავრცელებული დაავადების გამო, რომელთა უბრალო ჩამოთვლაც კი პანიკური შიშის მომგვრელია ყოველი ქართველი დედისათვის. კატმანდუში ჩამოსვლის პირველ თუ მეორე დღეს, მიუხედავად სასტიკი და დაჟინებული გაფრთხილებისა, მაინც გადამავიწყდა გაფრთხილება და ონკანის წყლით კბილები გამოვიხეხე. ჩემთა კბილთა სასახელოდ უნდა ითქვას, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ჩვენი სასტუმროს იმ მეზობელ ჰოლანდიელთა ხვედრი არ გავიზიარე, ორი კვირის მანძილზე წვეთოვანები რომ ედგათ ევროპულად მოვლილ მკლავებში. რადგან ეს საშინელება ჯერ კიდევ მემუქრება, წერის პარალელურად, როგორც ჩვენში იტყვიან, თვალი რომ არ მეცეს, სამჯერ და მოზომილად ვაკაკუნებ ხის თაროზე. აგრეთვე დიდ და სერიოზულ საშიშროებად უნდა ჩაითვალოს ღიად დარჩენილი ფანჯარა ძილის წინ. რამდენადაც ნეპალში ადამიანები პატარები არიან, იმდენად ბუმბერაზნი და ახოვანნი გვხვდებიან ადგილობრივი კოღოები. რასაც ისინი სჩადიან (თუ ფანჯარა ღია დაგრჩა) კბენაც აღარ ჰქვია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სისხლი (არა მარტო ქართული) ვედროებით მიაქვთ. ვედროს ქართულად (სხვათა შორის) სათლი ჰქვია და ერთ დილას, ღიად დარჩენილ ფანჯარას რომ ავხედე და მერე ჩემს დაგლეჯილ და გაუბედურებულ სხეულს დავაკვირდი, ჰიჩკოკის ყველაზე საშინელი ფანტაზიის ნაყოფიც კი საბავშვო გასართობ ფილმად მომეჩვენა. რადგან ფილმი ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ კატმანდუს შვიდას ათასიან მოსახლეობაში უკლებლივ ყველას ერთი და იგივე კინოგემოვნება აქვს. კინოდარბაზებშიც კი მხოლოდ ინდურ, ჩვენში ბავშვობიდან კარგად ცნობილ ფილმებს უჩვენებენ და ჰოლივუდის ქუენტინიზაციაზე ბუნდოვანი წარმოდგენაც კი ჯერ არავის შექმნია. რაც შეეხება მუსიკას, ყოველგვარი ჩანაწერის შეძენა შეიძლება კატმანდუში, კარუზოდან ბონ ჯოვამდე. მოსმენითაც ყველაფერს წააწყდები, რაც კი გაინტერესებს, იმ მრავალრიცხოვან საღამოს (და არა ღამის) კლუბებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გხვდება. ღამის კლუბი ან ბარი აქ არ არსებობს – მეფის ბრძანებით თერთმეტზე ანუ ოცდასამ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე ყველაფერი იკეტება და ქალაქში სინათლე ქრება. როგორც მივხვდი, ევროპულად, დილამდე რომ იმუშაონ ბარებმა, დასაძინებლად არცერთი ევროპელი არ წავა და, შესაბამისად, იმ “ტრეკინგ” მარშრუტსაც აღარავინ გაივლის, ამდენი შემოსავალი რომ მოაქვს მეფისა და სახელმწიფო ხაზინისათვის. ყველაზე ლამაზები კატმანდუში, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ბავშვები არიან, რომელთაც დაუსრულებლად ვუღებდი ფოტოებს და, ვინც მთელი დღე ულამაზეს საჰაერო ფრანებს დასდევენ. კატმანდუს ცა, ზემოთ რომ აიხედავ, ფერად-ფერადი ფრანებითაა აჭრელებული და ამ უჩვეულო სცენას უამრავი მაყურებელი ჰყავს. აქაურები, საერთოდ, ზედმეტად ცნობისმოყვარენი არიან და აეროპორტის სახურავზე, მაგალითად, ნემსის ჩასაგდებ ადგილსაც ვერ იპოვნი. სხედან ზედ კატმანდუელები, არც არავის ხვდებიან და არც არავის აცილებენ. სხედან და უყურებენ ბავშვის გაფართოებული თვალებით აფრენილ თვითმფრინავებს. ან დაჯდება რომელიმე რეისი, ტაშს დასცხებენ და ისე ამოისუნთქავენ, თითქოს თვითმფრინავში მხოლოდ მათი ბიძაშვილები ისხდნენ. მახსოვს, ჩვენი ექსპედიციისათვის ქვაბებსა და ტაფებს რომ ვყიდულობდით, რჩევა-დარიგების მოსაცემად მთელი კატმანდუ მოვიდა. იყო ერთი ჟივილ-ხივილი და ჩემთვის ახლაც გაუგებარია, რატომ აინტერესებდა ამ ხალხს ასე ძლიერ, მოკლე ჩანგლებს შევიძენდით თუ გრძელ კოვზებს. ან რა დამავიწყებს სცენას, სადმე რომ ჩამოვჯდებოდი ხოლმე რაიმეს ჩასაწერად და ვისაც არ ეზარებოდა, ისეთი ყურადღებით აკვირდებოდა ქართულ ასოებს, თითქოს მზექალა შანიძის კურსდამთავრებულები იყვნენ. არადა, როგორც ვთქვი, ზარმაცებიცა ჰყავთ; ალბათ, სპეციალურად მათთვის აშენებული ისეთი სალოცავებიც ვნახე, მრგვალ, ბრუნვად დაფაზე ლოცვები რომ არის ჩამოწერილი და ზარმაცისთვის ხელის წაკვრა და დატრიალება სრულიად საკმარისია, რომ ლოცვაში ჩაეთვალოს. მეორე, თვალშისაცემი კონტრასტი, შრომისადმი დამოკიდებულების გარდა, უზარმაზარი განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მდიდრები, რა თქმა უნდა, უმცირესობაა, მაგრამ ზღაპრული, ფეშენებელური სასახლეებითა და მოსამსახურეებით, მოახლეებითა და გრძელი ლიმუზინებით. ისინი, რა თქმა უნდა, ცოტანი არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან შორს იმ უბრალო პრობლემისაგან, თუნდაც ჩვენი სასტუმროს წინ, ყოველ დილით რომ აწუხებს ნეპალელ ქალს – ბავშვის დამტოვებელი, ალბათ, არავინ არ ჰყავს და საკუთარ შვილს განცხადებების ბოძზე მოკლე თოკით აბაиს. თოკი იმიტომ არის მოკლე, დედის მოსვლამდე ბავშვი შორს რომ არ გაცოცდეს. წავა თუ არა ქალი, რეზო თაბუკაშვილი კიბეებზე ჩაირბენს და პატარა ამირანს ახსნის ხოლმე. ახსნის თუ არა (ახლაც ვერ ვხვდები, საიდან) დედა უკან ბრუნდება უფრო მოკლე თოკით და რეზიკოს ალბათ იმას უხსნის – ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამო. რეზო მხოლოდ იმიტომ არ კადრულობს შეგინებას, კარგ ოჯახში რომ არის გაზრდილი. სამაგიეროდ, ასეთ წუთებში ისეთ გამომეტყველებას იღებს, რომ საოცრად ჰგავს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩენ, მაგრამ სიმპათიურ “ბოევიკს”. სწორედ რეზო და მე არა ვართ ნამდვილი ალპინისტები და რეზიკო ექსპედიციას ახლავს, როგორც ჟურნალისტი. ხოლო ჟურნალისტმა, სხვა რა უნდა ისურვო და ინატრო, რაც მას შეემთხვა – ფოტოაპარატით ხელში, ბომბოსთან ერთად (ბომბო – იგივე ოთარ თაბუკაშვილი – რეზოს უმცროსი ძმაა), შუაგულ მიტინგზე აღმოჩნდა კატმანდუში ჩემს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე. მიტინგი თავიდან, როგორც ჩანს, წყნარად მიმდინარეობდა, მაგრამ საჯარისო ნაწილების გამოჩენამ მიტინგის მონაწილეთა შორის არეულობა გამოიწვია და მშვიდობიანი დემონსტრაცია ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა. მუშტი და წიხლი ჯოხმა და ქვამ შეცვალა და ბომბოს მისამართით ნასროლი წითელი აგური უფროსმა ძმამ ჰაერშივე ოსტატურად შეაკავა. თავად ძმების შეკავება კი, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყვეს, ნეპალის არმიის მიერ შეუძლებელი გახდა. სპონტანურად წარმოქმნილი ბრძოლის ველიდან ჯოტია ცაავას სახელობის ქართული ორეულის გამოყვანა ისევ ქართველმა ალპინისტებმა მოახერხეს. განსაკუთრებით ისახელა თავი ჰიმალაიში პირველი ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელმა გია (იგივე პადოშა) თორთლაძემ და დანარჩენმა ალპინისტებმა. ესენი იყვნენ: დათო (იგივე დათიკო) ჩანტლაძე; ზურა ასტახიშვილი (იგივე ასტახა – ექსპედიციის ექიმი); ბიძინა გუჯაბიძე (სამი შვილის მამა); გელა (იგივე გეგე) ოთარაშვილი და სრულიად სვანეთის სიამაყე აფი გიგანი. სწორედ ამ შემადგენლობით დამხვდნენ ქართველი მთამსვლელები კატმანდუში და რომ არა ბიუროკრატია და ქაღალდის ჩინოვნიკები (რომლებიც ყველა ქვეყანაში გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს), ალბათ მარტოდმარტო მომიწევდა მათი დევნა დჰაულაგირისაკენ მიმავალ გზაზე. მადლობა კი მეთქმის აქაურ ბიუროკრატთათვის, მაგრამ ჩვენი ექსპედიცია მართლა სერიოზულად გააწვალем – ხან რა საბუთი მოითხოვეს და ხან რა რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზად გვქონდა. თბილისიდან კატმანდუში ფაქსით რაიმეს გამოგზავნა როგორ სირთულესთანაა დაკავშირებული, ყველა დამეთანხმება, ვისაც საქართველოში ერთხელ მაინც უნახავს ფაქსი და მისი გამოყენების ჩვენებური ცოდნა. თბილისური ბიუროკრატიისა თუ სხვა დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, დაუჯერებელია, მაგრამ პირველ ქართულ ექსპედიციას ჰიმალაიში ერთადერთი ჟანგბადის ბალიში აღმოაჩნდა და ისიც ჩემთვის გათვალისწინებული. თუმცა, ხუთიათას მეტრს მიახლოებულმა, როცა მეხსიერება და გონება სრულიად გამეთიშა, ჰალუცინაციები დამეწყო და გული, ფაქტიურად, გამიჩერდა, მაინც არ გამოვიყენე ის ერთადერთი, ჩემთვის გამიზნული ჟანგბადის ბალონი და მწვერვალისაკენ მიმავალ ჩვენს ბიჭებს გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის დავუთმე. თუმცა გავიმეორებ, მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია – აბსოლუტურად არ მახსოვდა არავის სახელი (ჩემი ჩათვლით) და ზურა ასტახიშვილს (ჩვენს ექიმს), ვისთან ერთადაც კარავში მომათავსეს, მთელი ღამე დებილი ბავშვივით ვეკითხებოდი – რა გქვია-მეთქი. იმავდროულად, დაახლოებით ორი-სამი წუთის ინტერვალებით, კარვის გარეთა მხრიდან ვიღაც მეპარებოდა და დიდ, უზარმაზარ უროს გამეტებით მირტყამდა თავში. თავიდან პადოშაზე მქონდა ეჭვი (ალბათ ხელმძღვანელები და ცეკას მდივნები ბავშვობიდან რომ არ მიყვარს, იმიტომ), მაგრამ მერე პადოშაც რომ გადამავიწყდა რომელი იყო, ყველაფერი იეტს – ჩვენს ბანაკში ჩუმად შემოპარულ თოვლის კაცს დავაბრალე. თოვლის კაცამდე და ურომდე კი იყო რვადღიანი, ფეხით სავალი გზა დჰაულაგირის მისადგომებამდე. მანამდე – რამდენიმე თავისუფალი დღე კატმანდუში საბუთების მოლოდინში და ის დრო მე და რეზო თაბუკაშვილმა ადგილობრივი რეალობის შესწავლას მოვახმარეთ. ნეპალში ჩასვლისთანავე ექსპედიციის ხელმძღვანელმა პადოშა (გია) თორთლაძემ, სასტიკად და მკაცრად გამაფრთხილა – გზას რომ დავადგებით, ჩემს უკან იარე და კისერში მიყურე, თორემ ყოველი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ შეიძლება ტრაგიკულად დაასრულო და ყველაფერი მე დამბრალდებაო. ვიცოდი რა, რომ იმ რთულსა და გრძელ გზაზე პადოშას კისრის გარდა ვერაფერს დავინახავდი, რეზო თაბუკაშვილს შევთავაზე, სანამ აქა ვართ, თვალს წყალი დავალევინოთ-მეთქი და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. საქმე ის გახლდათ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში მთელი მსოფლიო კატმანდუში ჩამოდის. ყველაზე მეტნი მათ შორის მშვენიერი, მომხიბვლელი, ჯანმრთელი და მარტოხელა გოგონები არიან. მათი გაცნობა აქ (თავიანთი ქვეყნებისაგან განსხვავებით) ძალზე იოლია, – ევროპიდან და ამერიკიდან სწორედ იმ ცივი და პრაგმატული ურთიერთობის გამო გამორბიან, რომელიც მოსწყინდათ და აღმოსავლეთის ქვეყნები, ეგზოტიკის გარდა, მათთვის თავგადასავალიცაა. ბომბო უკვე თბილისში იყო, ექსპედიციის დანარჩენი წევრები კი იმიტომ არ შემოგვიერთდნენ, რომ ურთულესი მწვერვალი და გზა ედოთ წინ და ყოველგვარ გადატვირთვას შეგნებულად ერიდებოდნენ. (ალპინისტებისთვის თვალის გადაღლაც მავნებელია და თავად ფრაზაც – “თვალს წყალი ხომ არ დავალევინთო” – საშინლად მიუღებელი). რაღა დაგვრჩენოდა მე და რეზოს, – კატმანდუს მხოლოდ ორმა ჩავხედეთ შიგ თვალის გუგებში – უამრავი მშვენიერი გოგონა გავიცანით და მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით (ფიზიკური მონაცემების გამო) რეზო სარგებლობდა. მე, ძირითადად, დიალოგის წარმართვაზე ვიყავი პასუხისმგებელი, რაც ჩემთვის (რაღა დაგიმალოთ) არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც – დავაკვირდი, რომ უცხო ენაზე ტყუილი გაცილებით იოლი წარმოსათქმელია და პირდაღებულ ევროპელ ტურისტებს რაც არ დამეზარებოდა, წარბშეუტოკებლად ვუყვებოდი. რეზოზე ვამბობდი (ერთ-ერთი ძირითადი კოზირი იყო) უმა ტურმანს უყვარს-მეთქი, ხოლო მე ჰელენ ბარკლინის მეგობრობას ვიბრალებდი და აღტაცებული, ცრემლმომდგარი გოგონები მანამ ხოხავდნენ ჩვენს გარშემო, სანამ პადოშა არ წამოგვადგებოდა ხოლმე თავზე ციციკორე პაპასავით – სასტუმროში მოუსვით, ხელები დაიბანეთ, კბილები გამოიხეხეთ, დაწექით და დაიძინეთო. სხვა რა გზა გვქონდა, მორჩილად ვასრულებდით უფროსის ბრძანებას. გაკვირვებულ გოგონებს უკვე ცრემლშემშრალებულებს ვტოვებდით და დასაძინებლად მივდიოდით. უნდა ვაღიარო, რომ იმდენი სიზმარი, რაც ნეპალში ყოფნისას ვნახე, საერთოდ არ მინახავს და ასეთი შინაარსიანი და მრავალფეროვანი მანამდე არაფერი დამსიზმრებია. მადაც ისეთი მრავალფეროვანი და პრეტენზიული გამიხდა, გაკვირვებას ვიყავი, რადგან სახლში მუდამ უჭმელსა და მშიერს, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ტომატის სუპი მინდებოდა და კიდევ ერთხელ დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ სიბერე იწყება იქ და მაშინ, ბავშვობასა და ახალგაზრდობაში შემოთავაზებულ და არშეჭმულ სუპებზე გული რომ გწყდება. უმადობას არც სხვები უჩიოდნენ და ამიტომაც საკმაო რაოდენობის პროდუქტები გულმოდგინედ შევიძინეთ. დავახარისხეთ, შევკარით, ავწონეთ, ბარგი გავამზადეთ და მტვირთავთა ორმოცდახუთკაციან ჯგუფს ჩავაბარეთ. საღამოს ექსპედიცია რვა ქართველისა და ორმოცდაშვიდი ნეპალელის შემადგენლობით გასამგზავრებლად უკვე მზად იყო…ჰიმალაი და ალპინიზმი
ჰიმალაია და არა ჰიმალაი, როგორც ვუწოდებთ ხოლმე დედამიწის ამ უდიდეს მთათა მასივს, როგორც ცნობილია, რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება. ჰიმალაიში ისეთი მწვერვალებიცაა, ზედ რომ სახელმწიფოთა საზღვრები გადის და ზემოთქმული რვაათასიანებსაც ეხება. მათ შორის ევერესტსაც. მას მისადგომი ნეპალის მხრიდანაც აქვს და ტიბეტის ზეგანიდანაც. და როდესაც პირველი ექსპედიციები გამოჩნდნენ ჰიმალაის მთებში და ალპინისტებმა რვაათასიანებზე ასვლა დაიწყეს, სწორედ იმ სახელმწიფოებზე გადიოდა გზა, რომელთა მთავრობები მეტ-ნაკლებად კეთილად იყვნენ განწყობილნი ევროპელთა ინიციატივების მიმართ. პოლიტიკურის გარდა, ექსპედიციისათვის ნებართვისა და ვიზის მიცემისას, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი რელიგიაც იყო. თავის დროზე, რადგან კანჩენჯუნღა წმინდა მთად ითვლებოდა, ინგლისელები, მწვერვალამდე ხუთი მეტრი რომ დარჩათ, უკან დაეშვნენ. ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი მწვერვალზე, ადვილად მიხვდება, რა მტკივნეული იქნებოდა ინგლისელი ალპინისტებისათვის რვაათასიანი კანჩენჯუნღიდან ისევ ქვემოთ დაბრუნება. მაგრამ მათ, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, რადგან სიტყვა მისცეს ნეპალის მეფეს და ჯენტლმენურად შეასრულეს იგი. ჰიმალაიში ახლაც არის ასეთი მწვერვალები და, მაგალითად, ნეპალის მშვენება, ჩემი საყვარელი მწვერვალი მაჩაპუჩრე (იგივე მაჩაპუჩარი), დღემდე ფეხდაუდგმელია. და სანამ მასზე, როგორც უწმინდეს მთაზე, ტაბუ არ მოიხსნება, ვერაკაცი შეძლებს ასვლას. ჩუმად, ხელისუფლებისაგან მალულად, ამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ყველა მწვერვალი მკაცრად კონტროლდება და აქაური კანონის დამრღვევს საშინელი სასჯელი ელის. თუნდაც მინიმუმი – ყველა მთამსვლელისათვის მძიმეზე მძიმე განაჩენია – იგი ვერასოდეს ნახავს ჰიმალაის სანატრელ მწვერვალებს. ყველაზე დიდი ინტერესი, თოთხმეტ რვაათასიანთაგან, რა თქმა უნდა, იმთავითვე ევერესტის მიმართ არსებობდა. თუმცა, საკმაოდ დიდხანს, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, დედამიწის უმაღლეს მწვერვალად დჰაულაგირი ითვლებოდა (იყო სხვა მოსაზრებებიც). ჩვენი საუკუნის დასაწყისში კი, პოლკოვნიკ ევერესტის წყალობით, კამათი შეწყდა და დედამიწის უმაღლეს მწვერვალს სწორედ მისი სახელი ეწოდა. თუმცა, ევროპელთაგან განსხვავებით, სამყაროს უდიდეს მთას ნეპალელები საგარმათხას, ხოლო ტიბეტელები ჩომოლუნგმას ეძახიან და ამ სამთაგან, პირადად, ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომწონს. მაგრამ ისე მოხდა, ალპინისტებმა რვაათასიანთაგან პირველად არა ჩომოლუნგმაზე, არამედ ულამაზესსა და უმშვენიერეს ანაპურნაზე შეძლეს ასვლა 1950 წელს და იმ ფრანგულ ექსპედიციას ლეგენდარული მორის ჰერცოგი სარდლობდა. სხვათა შორის, თავდაპირველად ასვლა დჰაულაგირზე იყო დაგეგმილი და სოფელ ტუკუჩადან, სადაც მათი საბაზო ბანაკი განლაგდა, გამუდმებით აწარმოებდნენ დაზვერვით სამუშაოებს, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალის მისადგომებს საკმაოდ მიუახლოვდნენ, მაინც მიიჩნიეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ნილგირის ხეობებით გეზი ანაპურნას მიმართულებით აიღეს. იმ უღელტეხილს კი, რომელიც ჰერცოგის ექსპედიციამ დჰაულაგირის მიმართულებით გადაიარა, ახლაც ფრანგების სახელი ჰქვია, ხოლო სოფელ ტუკუჩაში ადგილობრივ ოჯახებში დღემდე სათუთადა აქვთ შენახული დიდ ფრანგებთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოები. ისინი მართლაც უდიდესი ალპინისტები იყვნენ და საფრანგეთის ხელისუფლებამ ანაპურნადან გამარჯვებით დაბრუნებულ მორის ჰერცოგს საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდო უბოძა. იგი ფრანგი ხალხის ეროვნული გმირი გახდა და მშობლიური ქალაქის მერადაც კი აირჩიეს. ბუნებრივია, ყველამ არ იცოდა საფრანგეთში, რა იყო ალპინიზმი ზუსტად, მაგრამ თითოეულმა მათგანმა დაიჯერა, რომ რაც ჰერცოგის ექსპედიციამ შეძლო, უდიდეს გმირობასთან იყო დაკავშირებული და ფრანგები დღემდე ამაყობენ პირველამსვლელთა სახელებით. ამაყობენ სამართლიანად და დამსახურებულად… ჩომოლუნგმაზე კი (იგივე ევერესტი), მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წელს დადგა ფეხი ადამიანმა. საკმაოდ დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა ფაქტი – მაინც ვინ იყო პირველი ჩომოლუნგმაზე – ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი თუ შერპა თენსინგ ნორგეი. მხოლოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თენსინგ ნორგეიმ შეთანხმებული დუმილი შეგნებულად დაარღვია და აღიარა, რომ მწვერვალამდე მარშრუტი მასზე წინ ედმუნდ ჰილარიმ გაიარა. ახალზელანდიელი ლეგენდა, რომელმაც პირველმა დაადგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე, ახლაც ცოცხალია და კატმანდუში საკუთარი სამოგზაურო ოფისიც აქვს. ეწევა საკმაოდ სასარგებლო, საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოჯახი დაეღუპა ავიაკატასტროფაში ანაპურნასთან ახლოს და აქ მატერიალურად ხელმოკლეთათვის საავადმყოფოც კი ააშენა. ედმუნდ ჰილარსა და თენსინგ ნორგეიმდე რამდენიმე თავგანწირული მცდელობა იყო ჯომოლუნგმაზე ასვლისა და მათ შორის განსაკუთრებული პატივის ღირსი, რა თქმა უნდა, მორის ვილსონია, რომელმაც რაც კი ებადა, ყველაფერი გაყიდა აკვიატებული, მაგრამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად. მშობლიური ინგლისიდან ერთადგილიანი, საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა ჰიმალაისაკენ და მწვერვალებს მიღწეულმა, ის თვითმფრინავიც პროდუქტებში გადაცვალა, რათა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ევერესტზე ასულიყო და საკუთარი თავისა და კაცობრიობისათვის დაემტკიცებინა, – მთავარია უზარმაზარი სურვილი და რწმენა და ადამიანი შეუძლებელსაც შეძლებს. მორის ვილსონმა ევერესტის გზაზე უკანასკნელი ბუდისტური მონასტერი მოიტოვა უკან და მწვერვალის მიმართულებით დაიძრა. იმ დღის შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს. ნახეს ერთი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორც მოკვდა – სახით მწვერვალისაკენ და ყინულში თითებჩასობილი – მას ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც მიიწევდა აუხდენელი და სანუკვარი ოცნებისაკენ… მორის ვილსონის გარდა სხვებიც იყვნენ, მარტომარტო რომ ცდილობდნენ ევერესტზე ასვლას (და არა მის დაპყრობას, როგორც ჟურნალისტები ამბობენ), მაგრამ სწორედ იგი შევიდა ჰიმალაისა და ალპინიზმის ისტორიაში, როგორც სიმბოლო ადამიანის დაუცხრომელი სწრაფვისა საკუთარი შესაძლებლობების გადასალახად. მორის ვილსონამდე კი, ჯერ კიდევ ოციანი წლების დასაწყისში, ინგლისელებმა კარგად ორგანიზებული, დიდი ექსპედიცია მოაწყვეს ჩომოლუნგმაზე და ამ ექსპედიციის შედეგები დღემდე საკამათოა. მაგრამ, რადგან ჯერჯერობით ინგლისელი ალპინისტების ირვინგისა და მელორის მწვერვალამდე მიღწევა არ დასტურდება, აბსოლუტურად სამართლიანად, პირველწარმატებულად ითვლება ევერესტზე ჯონ ჰანტის 1953 წლის ექსპედიცია – სწორედ ის, რომლის წევრებიც იყვნენ გამარჯვებული ჰილარი და ნორგეი. რაც შეეხება სრულიად ახალგაზრდა ინგლისელ გმირებს (ჭეშმარიტად უმამაცეს ხალხს), მათ, სხვათა შორის, კინოკამერაც ჰქონდათ (ერთ-ერთი პირველი გამოშვებისა) და თუ მოხერხდა დაკარგული ფირის პოვნა, თუ არ ვცდები, კომპანია “კოდაკმა”, მზადყოფნა გამოთქვა, ხარისხისა და მდგომარეობის მიუხედავად, გაამჟღავნოს ფირი და საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ მელორისა და ირვინგის პირადი ნივთები (წერაყინი,მაგალითად) მწვერვალიდან ძალიან ახლოს იპოვნეს, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, ისინი ასვლისას დაიღუპნენ თუ უკანა გზაზე – როგორც გამარჯვებულები. ღმერთმა იცის… დჰაულაგირი კი საკმაოდ დიდხანს მთამსვლელთაგან შეუვალი იყო და პირველ რვაათასიანზე წარმატების შემდეგ კიდევ ათი წელი დასჭირდა გაერთიანებულ ევროპულ ექსპედიციას მწვერვალზე ასასვლელად. დჰაულაგირის სიმაღლე, რაც თარგმანში თეთრ მთას ნიშნავს და ჰიმალაის მონბლანადაც იწოდება, იმთავითვე რვაათას ასსამოცდაშვიდი (8167) მეტრი იყო, მაგრამ უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო დროის ცნობარებში რვაათას ასსამოცდათორმეტი (8172) მეტრია ფიქსირებული. თოვლმა მოიმატა მწვერვალზე თუ ალპმეტრები გაასწორეს, ფაქტია, რომ დёაულაგირზე ასვლა კიდევ უფრო გართულდა. შეიძლება ვინმეს არასერიოზულად მოეჩვენოს ზემონათქვამი, მაგრამ ვისაც მთაში უვლია, მან იცის, გაიშვიათებული ჟანგბადის პირობებში რას ნიშნავს მთამსვლელთათვის ყოველი მეტრი და ყოველი ნაბიჯიც კი. ალპინიზმის ისტორიაში ისეთი ფურცლებიც არსებობს, რვა კილომეტრიანი სიმაღლის მწვერვალზე რამდენიმე მეტრი რომ დარჩენიათ ალპინისტებს და მაინც ვერ გაუვლიათ. ვერ გაუვლიათ, რადგან ერთი ნაბიჯის ზემოთ უკვე სიკვდილი იყო. თუმცა სიკვდილის საშიშროება მუდმივად თანამდევია ყოველი მთამსვლელისათვის და დღემდე მრავალი სახელოვანი თუ უსახელო ალპინისტი დაიღუპა და სამუდამოდ დარჩა ყინულის საუფლოში. მათ იციან, რომ შეიძლება უკან აღარ დაბრუნდნენ და მაინც მიდიან. როგორც, ალბათ, ყველა დროის უდიდესმა ალპინისტმა, რაინჰოლდ მესნერმა მარტივად და ზუსტად უპასუხა ამ კითხვას – მიდიან, რადგან ევერესტი არსებობს… 1994 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულმა ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა, ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევის შედეგი გამოაქვეყნა და აზარტული თამაშების მიმდევართ აუცილებელ მკურნალობას დასაქვემდებარებელი პაციენტები უწოდა. ამ ძველ ავადმყოფობას კი ახალი, კონკრეტული სახელი დაარქვა და სამედიცინო კომუნიკეს შესავალ ნაწილში, მართალია გაკვრით, მაგრამ ალპინიზმიც მოიხსენია. ალპინისტების ამდაგვარ კონტექსტში მოხვედრა აშკარად არ იყო შემთხვევითი, რადგან მთამსვლელობა მართლაც არის აზარტთან დაკავშირებული და ძალიან ხშირად, როცა ალტერნატივა არსებობს, ისინი მაინც რთულსა და გაცილებით ხიფათიან მარშრუტს ირჩევენ. ხდება ისეც, რომ ნაკლებად ცდილობენ ხოლმე ასვლისას თავი დაიზღვიონ და მათი მარშრუტი რაც შეიძლება რისკიანი იყოს და, როგორც კაზინოში ხდება, თუ ფეხი შეგიცდა, უკან გამოღწევას ვეღარ ახერხებ, სანამ უკანასკნელ კაპიკს არ წააგებ, ალპინიზმშიც არის რაღაც მსგავსი – ერთხელ თუ მოხვდი მწვერვალზე, ჩათვალე, რომ მოწამლული ხარ მთების სიყვარულით და მანამ გენატრება თოვლიანი მზე, საძილე ტომარა და გახშირებული სუნთქვა, სანამ ბარგს არ ჩაალაგებ და ისევ იმ, მწვერვალისაკენ მიმავალ გზას, არ დაადგები. შეიძლება ქართველი (და არა მარტო ქართველი) ნარკომანებისათვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ალპინიზმით გატაცება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ნარკოტიკული ნივთიერებით და, შესაბამისად, სიამოვნებაც – უფრო ნეტარი და საამო. დასაწყისი კი ორივეს თითქმის ერთნაირი აქვს და თუ არ ვცდები, ინტერესით იწყება. ინტერესი მოსინჯვისა და შეცნობისა – გაიგო, რას ნიშნავს ეს, და როგორც ჩვენი მეგობარი ალეკო სარალიძე ამბობს, იცოდე, თუ რა მცნებაა იგი საერთოდ. როცა საქართველოდან შორს ვარ, უკვე ერთი კვირის თავზე საშინლად მომენატრებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, მაგრამ ამჯერად ეს ჩამოსვლისთანავე, პირველ დღეს დამემართა, როცა აეროპორტის სახურავებზე ამდენი ცნობისმოყვარე ადამიანი დავინახე და ალეკო (იგივე ალე) სარალიძე გამახსენდა, რომელსაც თვითმფრინავის ჰაერში აწევისა და დაფრენის ცქერა უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ცხრამეტმილიონიან ნეპალის მოსახლეობას ერთად აღებულს. პრობლემა კი ისაა, რომ ამ მართლა ლეგენდარულ, თვითმფრინავებზე, ლიტერატურაზე, არამძიმე ყოფაქცევის ქალებსა და ინგლისურ ფეხბურთზე შეყვარებულ კაცს, აეროპორტის იქ არქონის გამო, ზესტაფონიდან თბილისში უწევს ხოლმე ჩამოსვლა. ზესტაფონში რომ სამოქალაქო (და სამხედრო) ავიაციის განვითარება ასე ტაატით მიიწევს წინ, იმ მხრივ არის კარგი, რომ თბილისს თუნდაც კვირაში ერთხელ, ნამდვილი კოლორიტის ხილვის საშუალება მოაკლდებოდა. ორიოდე წლის წინ კი, თბილისის აეროპორტში პირველი ნამდვილი და დიდი “ბოინგი” რომ დაეშვა, იმ რეისის მოლოდინში ნერვიულობისაგან წინაღამენათევი ალეკო “ბოინგის” საჭეს ეკიპაჟის წევრებმა ძლივს ააგლიჯეს. თავიდან კოსტუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი ალე სალარიძე უცხოელ მფრინავებს მასპინძელი ქვეყნის ავიაციის თმაგაცვენილი, მაგრამ ღვაწლმოსილი და დამსახურებული მუშაკი ეგონათ (ერთი-ორ სტიუარდესას – აეროპორტის დირექტორის მოადგილე სამეურნეო ნაწილში). ხოლო თვალებგაფართოებულმა, სიხარულისაგან ცრემლმომდგარმა ალეკომ, ბავშვივით ღმუილი რომ დაიწყო, სიჩქარეები გადართო და ნახევარსაჭეს კოტიტა თითებით ჩააფრინდა, ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მიუხედავად იმისა, რომ იქ მოტყუებით წაყვანილი შალვა ჯავახაძე გამართულ ინგლისურ ენაზე იხვეწებოდა – ნოუ პოლიცია! – მალე გაუვლისო, მაინც არავინ დაუჯერა და ალეს დაშოშმინება ისევ მხოლოდ ქართულმა მილიციამ შეძლო, – მესაზღვრეების, მოქმედი და ვეტერანი მფრინავებისა და მოლარეების დახმარებით. და დილით, როცა დროებითი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებულ ალეკო სალარიძეს ვკითხე, სად მიძვრებოდი-მეთქი, – მაინტერესებდა, ბიჭოო, – მითხრა და ისე გაებადრა სახე, აშკარად მზად იყო თუნდაც ორკვირიანი პატიმრობისათვის, ოღონდ ერთხელ მაინც მოხვედრილიყო იქ, სადაც “ბოინგის” მფრინავები უამრავ ღილაკებს შორის სხედან და ღმუილით მიაპობენ ცისფერ ღრუბლებს… ალბათ ასე აინტერესებდათ მწვერვალების ძირას, მწვერვალების სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს იმის ცოდნა, შეძლებენ თუ არა მარადიული თოვლით დაფარულ მთებზე ასვლას და ამ ლოგიკის საპირისპიროდ, სხვა რეალობაც არსებობს – მსოფლიოში ორადორი მთებში მცხოვრები ხალხია (სვანები და შერპები), პროცენტულად ბარზე მეტი სახელი რომ მისცა ალპინიზმს და ამის სამაგალითოდ ჩვენი მიხეილ ხერგიანი და შერპა თენსინგ ნორგეიც იკმარებდა; მათ საკმაოდ კარგი, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და, თუ არ ვცდები, პირველად ინგლისში შეხვდნენ ერთმანეთს. შერპების და სვანების გარდა ესოდენი ინტერესი ალპინიზმისადმი მთის სხვა ხალხს არ გამოუჩენია, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს და, მათ შორის, უპირველესად სტეფანწმინდელებს – იოსებ მოხევეს, იაგორა კაზალიკაშვილს, სუჯაშვილებს, რომელთა ინტერესი ალპინიზმისადმი საუკუნის დასაწყისის გამოძახილია და შემდგომი “ინერცია”. პირველი ასვლები კი, არა კავკასიონსა და ჰიმალაიში, შუაგულ ევროპაში – ალპებში მოეწყო. უკვე 1904 წელს მონბლანსა და იუნგფრაუზე ქართველი მთამსვლელებიც იყვნენ ნამყოფი, მაგრამ ერთი-ორის გარდა, მათი სახელი დღევანდელობას აღარ შემორჩა. რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობისა და ანექსიის შემდეგ ქართული მთამსვლელობა საბჭოთა ალპინიზმის ნაწილად იქცა და ყოველი ქართული წარმატება თუ წარუმატებლობა მოსკოვის ხელისუფლების განწყობასა და ნებართვაზე გახდა დამოკიდებული. ნიკოლაძეთა და ჯაფარიძეთა თავგანწირვა და შეუპოვრობა საბჭოთა ალპინიზმის გამარჯვებად ჩაითვალა. უკვე საბჭოთად ქცეული ქართული მთამსვლელობის ათვლის წერტილად კი 1923 წლის 28 აგვისტო გამოცხადდა. თითქოს საბჭოთა ხელისუფლების აპოლოგეტებს კაბინეტებში ლენინის პორტრეტების ნაცვლად ღვთისმშობლის ხატები ეკიდათ (რა ძნელი მისახვედრია, რომ ის ასვლა მარიამობას მიეძღვნა). ამრიგად, ადამიანებისა არ იყოს, ბოლშევიკებმა მთებიც საბჭოთად და ანტისაბჭოთად დაყვეს. განსხვავება ის იყო, რომ 1923 წელს მყინვარწვერზე ასული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კომუნისტებმა სხვადასხვა დროს დახვრიტეს, მყინვარწვერი კი ისევ იქა დგას, სადაც იდგა და ისევ ისეთი ულამაზესია დედამიწის ზურგზე (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), როგორიც იყო. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, ვერ დახვრიტეს, თუმცა სურვილი აუცილებლად ჰქონდათ და, სურვილის გარდა, საფუძვლიანი საბაბიც განაჩენის სისრულეში მოსაყვანად – მყინვარწვერი სრულიად მშვიდად, დუმილით (არამოწონებით), შეხვდა საბჭოთა საქართველოს კოლექტივიზაციის ოქროს გეგმას. შეიძლება ვიღაცას არასერიოზულად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთი პროექტიც ექნებოდათ ბოლშევიკებს, სტეფანწმინდის, როგორც პოლიტიკურად და იდეოლოგიურად არასაიმედო მწვერვალის დადნობას რომ ითვალისწინებდა და მერე იმ დაგროვილი თოვლის გაგზავნას ცხელი, მაგრამ მოძმე შუა აზიის სოციალისტური რესპუბლიკებისათვის. სადაც მდინარეების უკუღმა შებრუნებას აპირებდნენ, ვითომ ასეთი პროექტის მოფიქრება რატომ უნდა გასჭირვებოდათ? ფაქტია, რომ არგაგონილი სისულელე მაინც მოიგონეს ალპინიზმთან დაკავშირებით და საბჭოთა კავშირი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მთამსვლელობას სპორტი უწოდეს. შესაბამისად, თანრიგების მიხედვით დაახარისხეს ალპინისტები და მეკლდეურობასა და მთამსვლელობაში შეჯიბრებების ჩატარება დაიწყეს. იდეა, რა თქმა უნდა, აბსურდული იყო, მაგრამ აბსურდის სახელმწიფოში ამით ვის გააკვირვებდი და ტურნირს ტურნირი ცვლიდა. ალპინისტებსაც, თუნდაც მთების სიყვარულის გამო, სხვა რა გზა ჰქონდათ და ბედსა თუ უბედობას, როგორც სპორტსმენები, დროებით დამორჩილდნენ. იმის თქმა, რომ ამ პერიოდში ცუდი მთამსვლელები გაიზარდნენ და არსებობდნენ, ტყუილი იქნება – რამდენიმე მათგანის ჩამოთვლაც კი საკმარისი არგუმენტია ოპონენტთა საწინააღმდეგოდ. სასიხარულო და საამაყო ისაა, რომ იმ დროსაც თავიანთი ოსტატობითა და გაბედულებით ბრწყინავდნენ ქართველი ალპინისტები და არც იმის დამალვა იქნებოდა აუცილებელი, რომ რუსებსაც, იმავე პერიოდში, არანაკლები დონის სპორტსმენები ჰყავდათ. რაც შეეხება ინდივიდუალურ ასვლებს, ასეთი რამ საბჭოთა კავშირში სასტიკად აკრძალული იყო (არაკოლექტიური საქციელის გამო, თუნდაც) და ამ კანონისა და წესის დამრღვევნი სახალხოდ და სამაგალითოდ ისჯებოდნენ. და მაინც იყვნენ ასეთი ერთეულები, ვისთვისაც ალბათ ინდივიდუალური ალპინიზმი პროტესტის ფორმასა და ნაწილსაც შეიცავდა. შეიძლება ქვეცნობიერს, შეიძლება აბსოლუტურად გააზრებულსა და გაცნობიერებულს… მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა ყოველ ადამიანში (სპორტსმენი იყო იგი თუ არასპორტსმენი) ჩაეკლა თუ არა, მაქსიმალურად დაეთრგუნა ინდივიდი, ქართულ ალპინიზმში მაინც არსებობს აშკარად გამოკვეთილ, ნამდვილ პიროვნებათა სახელები. მიხეილ ხერგიანიც იმიტომ იქცა იმთავითვე ლეგენდად, რომ უდიდესი მთამსვლელის გარდა, უდიდესი პიროვნებაც იყო. პიროვნებები იყვნენ პამირსა თუ ტიანშანში დაღუპული ქართველი ალპინისტებიც და ათიოდე წლის წინ, უშბის სიყვარულს ირაკლი გელდიაშვილთან ერთად შეწირული ახალი თაობა. მიუხედავად ყველაფრისა, ახალი თაობა ქართულ ალპინიზმისა მაინც არსებობს, თუმცა ახალი პრობლემებით და საზრუნავით, მაგრამ ისევ დიდი ოცნებებითა და იმედით. პრობლემები იმ გარემოსა და რეჟიმისაგან, რომელშიც ვიცხოვრეთ, ყველას დაგვრჩა (არა მარტო მთამსვლელებს). საზრუნავიც უამრავი დაგვიგროვდა და თუ მთავარი საკითხი არ მოგვარდა, კარგა ხანს სახელმწიფოს ვერ შევქმნით. და სანამ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო არ გახდება, მუდამ გვექნება წყურვილი იმ ელემენტარული სიკეთეებისა, რითიც დიდი ხანია ცივილიზებული სამყარო ასე თამამად სარგებლობს. ის მთავარი კი ჩვენი ცნობიერებაა და ამაზე ქვემოთ.ნუ დაველოდებით მაიკო შუბლაძეს
ცხონებული ბებიაჩემი, სიზარმაცეს რომ შემატყობდა, გაიღიმებდა ხოლმე – იმეცადინე, ბიჭო, შენს ნაცვლად მაიკო შუბლაძე ხომ არ ისწავლისო. არც მაშინ ვიცოდი ვინ იყო მაიკო შუბლაძე და ვერც ახლა (ამდენი წლის რომ მოვიყარე) ვერაფრით დავადგინე, საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა საქართველოში და თუ არსებობდა ვინმე ამ სახელითა და გვარით. აზრი და არსი, ყოველ შემთხვევაში, გასაგებია და იმ ადამიანს ნიშნავს, ვინც შენს ნაცვლად უნდა გააკეთოს შენი გასაკეთებელი; ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გაქვს და სანამ ასეთად, თუნდაც მოგონილი, მაიკო შუბლაძე გეგულება, მშვიდად ხარ, არც არსად გეჩქარება და ისიც იცი, რომ შენს საზრუნავზე სხვები იზრუნებენ – სხვები იფიქრებენ და გააკეთებენ. ბოლშევიკებმა ჩვენს სისუსტეს (ზოგადადამიანურს ალბათ და არა მხოლოდ ქართულს), ზუსტად აქილევსის ქუსლში მიაგნეს და საბჭოთა მოქალაქეს (ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა), სრულიად დაუმსახურებლად, დამაკმაყოფილებელი საზრდო მისცეს. საბჭოთა მოქალაქეთა ძირითად ნაწილსაც ზუსტად იმდენი ჰქონდა ხელფასი, ოჯახის გამოსაკვებად და ჩასაცმელად რომ ჰყოფნოდა. ამიტომაც იმ ძირითად ნაწილს უფრო მეტის არც სურვილი ჰქონდა, არც მოთხოვნილება და სამსახურებშიც დილიდან ხუთ საათამდე იყო ხოლმე ჭადრაკისა და დომინოს თამაში (ქალები ყავას იდუღებდნენ). ჭადრაკისა და დომინოს ყველაზე სუსტ მოთამაშეებსაც კი თვეში ორჯერ მაინც განაღდებული ჰქონდათ კუთვნილი ჯამაგირი არაფრის გამო და სრულიად საკმარისი იყო მათთვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ და მათში ბუნებრივად მოკვდა უმთავრესი თვისება ადამიანისა, რაც ყველა ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის აუცილებელი პირობაა – ეს ინიციატივა და პასუხისმგებლობაა საკუთარი არსებობის გამო. და როცა აქებენ ხოლმე საბჭოთა პერიოდის საქართველოს, ამას უპირველესად ისინი და იმიტომ აკეთებენ, ვინც ახლა საკუთარი შესაძლებლობების ამარა დარჩა და იმ დროს მისტირის, როცა შეეძლო არ ემუშავა და მაინც ჰქონოდა (თუნდაც მინიმალური) საარსებო საშუალება. მათ შეეძლოთ არ ეფიქრათ და არ ეაზროვნათ, ამას მათ ნაცვლად საბჭოთა ხელისუფლება წყვეტდა, და თამაშის ეს წესი ორივე მხარისათვის მისაღები იყო. მთავრობისთვის გასაგებია რატომ და ამას განმარტება არ სჭირდება. რაც შეეხება ხალხს, მასში პოტენციურად არსებობს როგორც თავისუფლების, ასევე მონობისადმი მიდრეკილების საწყისი და შესაბამისი პირობებისდა მიხედვით ავითარებს მას. უფრო სწორად, უვითარდება და ძალიან ხშირად მისთვის შეუმჩნევლად და ქვეცნობიერად. და ახლა, როცა ასე ხშირად ვამბობთ სიტყვას – თავისუფლება, გვავიწყდება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებით წარმოუდგენელი და შეუძლებელია, და თავისუფალ ქვეყანას თავისუფალი საზოგადოება ქმნის. თავისუფალი საზოგადოება კი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა ერთობლიობაა და ამის მიღწევას ჩვენი ბოლშევიკური (ჩვენდაუნებურად ჩამოყალიბებული) ცნობიერების ძირეული შეცვლა სჭირდება. მახსოვს, ჩვენი სტუდენტობისას, როცა პირველი მიტინგები მოვაწყეთ უნივერსიტეტში, სადაც ჯერ არს (და მითუმეტეს იყო) ყველა კაბინეტში ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ (ალბათ ჩემს მეგობრებსაც) – ვინ იყო ჩვენი უფროსი, ვინ გვმოძღვრავდა და გვარიგებდა ჭკუას და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, არავის ვასახელებდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი არავინ იყო და რასაც გადავწყვეტდით და მოვიმოქმედებდით ხოლმე, – მხოლოდ ჩვენის მოკლე ჭკუითა და გულის კარნახით. მათ ეჭვი, რა თქმა უნდა, ძველ დისიდენტებზე ჰქონდათ, მაგრამ როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ისინი (ძველი დისიდენტები) ძალიან ხშირად წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი აქტიურობისა (ზოგიერთების გარდა) და ჩვენ მაინც ჩვენსას ვაკეთებდით. ბუნებრივია, მათ ვერ დავასახელებდი და იმ კაბინეტებში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერ გამომტეხეს. სინამდვილეში არანაირი ლიდერი არა გვყოლია და ტყუილს ხომ არ ვიკადრებდი? (მოგვიანებით, როცა მომბეზრდა ერთი და იგივე კითხვა, ლიდერებს შორის ვასახელებდი (სერიოზული სახით) ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, სულხან-საბას და ა.შ. მახსოვს მათი სახეები, ერთმანეთს რომ გადახედავდნენ ხოლმე, და ბევრი უკეთესი კურიოზის გახსენებაც შემიძლია, მაგრამ სხვა დროს). იმის თქმა კი მინდა, რომ მათთვის, როგორც იმავე რეჟიმის პროდუქტთათვის, რომელსაც ემსახურებოდნენ, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო, ასეთ ახალგაზრდებს (მაშინ კი ჩვენ მართლა ახალგაზრდები ვიყავით) შეეძლოთ დამოუკიდებლად, სხვისი კარნახის გარეშე ეაზროვნათ და ემოქმედათ, რადგან თავად ისინი, მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმ ნაბიჯებს დგამდნენ, რასაც მათი უფროსები კარნახობდნენ და ამჟამადაც კარნახობენ. თუმცა იმ რეჟიმის პირობებსა და საბჭოთა ხელისუფლების დროსაც იყვნენ საქართველოში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და, ღვთის წყალობით, ისინი დღესაც არიან, მაგრამ სახელმწიფოს შექმნას მაინც საზოგადოება სჭირდება და ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. საზოგადოების ფორმირებასა და ჩამოყალიბებას კი დრო უნდა, თაობა და მეტიც – რამდენიმე თაობა ზოგჯერ. დრო ჩვენ არა გვაქვს, რადგან მეოცე საუკუნე მიიწურა უკვე და ჩვენ ისედაც ძალიან, ძალიან დავაგვიანეთ. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს. დაიწყოს ქვემოდან – ადამიანის დაბადებიდან, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან… ამтტომაც მაქვს იდეა თავისუფლების სკოლის დაარსებისა, სადაც ადამიანს პატარაობიდანვე, ცოდნასა და განათლებასთან ერთად, პიროვნებად ქცევის სურვილი უნდა ჩაენერგოს და იგი თავისუფალ, შინაგანად თავისუფალ მოქალაქედ უნდა აღიზარდოს (საერთოდ, იდეების მეტი რა მაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით წვერის გაპარსვას ვახერხებ მხოლოდ და არა მათ რეალიზაციას). პიროვნული თავისუფლება კი ლოგიკურად და ბუნებრივად ბადებს რეალურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც ასე აუცილებელია ყოველი ერის არსებობისა და განვითარებისათვის და ჩვენი ურთიერთობა, თუნდაც რუსეთთან, ისეთ გაუკუღმართებულ ინტიმურ კავშтრს ემსგავსება, სადაც ბოლომდე არცაა გარკვეული, ვის რა გვინდა და ფუნქციის უქონლობისა და გაუაზრებლობის გამო, ახლაც უაზროდ ვღლაბუცობთ… ზუსტად ბრძანა დიმიტრი თუმანიშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად უნდა გავიაზროთ, რა არ გვაქვს, შესაბამისად, რა გვჭირდება და აქედანვე დაიწყოს მშენებლობა – ჩვენი სახლის მშენებლობა, რასაც საქართველო ჰქვია; და მას შიდას გარდა გარე მოპირკეთებაც სჭირდება და თუნდაც იგივე რუსეთი იმდენად დიდი და უცნობია, ჩვენ კარგა ხანს ვერ გამოვაღწევთ მისი გავლენიდან. ზემოთქმული (იგივე რუსეთთან განშორება) დასაშვებია, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად იმ პროგრამისა თუ გეგმის შექმნისა და არსებობის პარალელურად, რაც ჩვენს ქვეყანას კუთვნილ ადგილს არგუნებს იმ მთლიანობასა და ჰარმონიაში, რასაც ცივილიზებული სამყარო ჰქვია… იმ ხვალინდელი საქართველოს შექმნა კი (რადგან ჩვენ სწორედ ახლა ვცხოვრობთ) ყოველი ჩვენგანის ვალია და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანას არ ვჭირდებით, მაინც უნდა დავიჯეროთ სხვა არჩევანის არარსებობა და იმ მიწის ერთადერთობა, რომელსაც ვეკუთვნით სისხლით, ხორცითა და სულით… საბჭოთა პერიოდიდან გურულის პასუხი კითხვაზე – საზღვრები რომ გახსნან, რას იზამ და, ხეზე ავალ, ხალხმა რომ არ გადამიაროსო – ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც მართალი გამოდგა. შეიძლება თავად ის გურული არც ამძვრალა ხეზე და იმ უკვე მილიონიან (თუ მეტი არა) ქართველს შეუერთდა, ვინც საქართველო დატოვა და დროებით მაინც ემიგრანტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის ეს სერიოზული რიცხვია, მაინც არა მგონია, დღევანდელი ემიგრირება ტრაგიკული იქნება საქართველოსთვის და პირიქით, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ იქ, ევროპასა და ამერიკაში, მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტად გამოადგება სამშობლოს. რადგან იქ, მიუხედავად უამრავი ნაკლისა (განვითარებულ ქვეყნებს ვგულისხმობ), ბუნებრივი პროცესი თითქმის არ დარღვეულა და ადამიანური ყოფისა და აზროვნების არსს ემორჩილებოდა და არა ხელოვნურ, თუნდაც ლამაზსა და მშვენიერ იდეას. და მართლაც ლამაზი იყო თავად იდეა კომუნისტური და სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისა და შედეგად რაც მივიღეთ, ყველამ ვიცით. უმთავრესი მიზეზი კი კრახისა თვითონ ადამიანი (მისი ბუნებით) იყო და არის. და, როცა ბატონმა ოთარ იოსელიანმა სინანული გამოთქვა საბჭოთა კავშირის, როგორც კაცობრიობის უკანასკნელი იმედის დაშლის გამო და იმის გამოც, რომ ადამიანთა ოცნება ასეთი სახლის აშენებისა ფუჭი აღმოჩნდა, მახსოვს ჩვენი რეაქცია და გაკვირვებული სახეები. რეაქცია ჩვენი – იმათი, ვისაც ასე გვძულდა და გვძულს საბჭოთა კავშირი – როგორც ასპარეზი ბოროტების ზეობისა და ოთარ იოსელიანი მაინც მართალი იყო – უამრავ მაცხოვრებელს ჩვენი პლანეტისა მაინც სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა და არც მოხდება… ამიტომაც, ნუ ვეძებთ ჩვენს ბედნიერებას სხვებთან ერთად, საკუთარი ბედნიერების გზა უნდა გამოვნახოთ და თუ ეს გზა რთული იქნება (ალბათ ხშირად) მაინც არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა შეგვეშინდეს პასუხისმგებლობის და პირველივე გასაჭირის შემდეგ, პირველივე შემხვედრს (დსთ იქნება თუ სხვა) თავი არ უნდა შევაფაროთ. მხოლოდ რუსეთი არ იგულისხმება და თავის დროზე, ინგლისელებმა თუ გერმანელებმა ისევე დაუთმეს საქართველო საჯიჯგნად ბოლშევიკებს, როგორც თავად ქართველმა მენშევიკებმა. და ამიტომაც იმედი ისევ საკუთარი თავისა უნდა გვქონდეს – იმ თავისა, მხრებზე რომ გვაბია და შიგ, ღმერთისგან ბოძებულ ტვინს ცოტა განძრევა რომ სჭირდება, რადგან ჩვენში ნატოს ჯარების გამოჩენამდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის და ერთადერთი, ვინც შეიძლება საქართველოს უშველოს და დაეხმაროს, ისევ ქართველია, სამწუხაროდ, მეტი არავინ. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, რაც რუსეთთან გვაკავშირებს, ისევ ბავშვივით გვჯერა, დღეს თუ არა ხვალ მაინც, რუსეთი ჩვენი მოკავშირე იქნება და პირადად ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ჩვენი, ეგრეთწოდებულ ინტელიგენტთა განაწყენებული სახეები, რაც მათთვის (რუსებისთვის) პატივი გვიცია და რა უმადურები გამოდგნენო. და მახსენდება ჩვენი მოტყუებული მეანაბრეები, რომელთაც, მიუხედავად გამოცდილებისა, მაინც სჯერათ, რომ ვიღაცას ფულს მიაბარებენ და ის ვიღაცა (ან ვიღაცეები) ღამეს ღამეზე გაათენებენ იმაზე ფიქრში, როგორმე დიდი პროცენტით დაუბრუნონ თანხა გაჭირვებულ მოსახლეობას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, ვინც ამგვარად კარგავს ფულს, მათ შორის დიდ ნაწილს მხოლოდ იმიტომ შეაქვს თანხა ბანკებსა თუ კომპანიებში, რომ დაჯდეს, ფეხი ფეხზე გადაიდოს და ყოველთვიურად (როგორც მიჩვეული იყო) შემოსავალს ელოდოს. მთავარი მიზეზი კი სიზარმაცეა, რადგან იმის მოფიქრებას, დაგროვილი თუ ნაჩუქარი ფული როგორ დააბანდოს ან საქმეს მოახმაროს, დრო სჭირდება. ჩვენ კი არ ვიცით, რა არის დრო – იგი ხომ ჩვენთვის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე გაჩერებული იყო და მისი ფასი მხოლოდ ახლახანს, გუშინ თუ გუშინწინ გავიგეთ და თანაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილმა. იმ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე კი ერთ-ერთი აუცილებელი უნარიც დაგვიჩლუნგდა (თუ საბოლოოდ არ ჩაგვიკვდა) და ეს, რა თქმა უნდა, შრომაა – შრომის კულტურა საერთოდ და მახსოვს საშინელი ფრაზა ჩვენი ბავშვობის სკოლიდან და ოჯახიდან – ისწავლე, თორემ მუშაობა მოგიწევსო და ახლაც ხშირად მესმის ხოლმე უფროსი თაობის გაკვირვება, ვინმეს შესახებ რომ გაიგებენ, საზღვარგარეთ თეფშებს რეცხავსო და როგორ არა რცხვენიაო. მათთვის შრომა სათაკილო და მიუღებელია და ისინი, ბუნებრივია, ვერასოდეს შექმნიან სახელმწიფოს. ერთადერთი, რასაც სიმდიდრე მოაქვს ქვეყნისთვის, სწორედ შრომაა და უამისოდ ისევე უაზროა რაიმე წარმატებაზე ფიქრი, როგორც რამდენიმე წლის წინანდელი ჩვენი ოცნება – საღამოს დაგვეძინა და დილით დამოუკიდებელ, შვეიცარიასავით განვითარებულ სახელმწიფოში გაგვეღვიძა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება. იქნება განვითარებული, აყვავებული და გაბრწყინებული საქართველო, მაგრამ ამას დრო, თაობა, ენერგია და შრომა სჭირდება. სჭირდება აგრეთვე პოტენციურად ჩვენში არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. (ისლანდია საოცრად განვითარებული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიელებს თოვლის გარდა არაფერი გააჩნიათ, მაგრამ აღმოაჩნდათ მთავარი – ნება). საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური შესაძლებლობებით. რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, ისიც უზარმაზარი სიმდიდრეა – მთაც, მინდორიც, მდინარეც, ვენახიც, ჰაერიც, წყალიც… მაგრამ ყველაფერ ამას გონისმიერი მიდგომა უნდა და სჭირდება. სულ ახლახანს (ცოტა ხნის წინ) ერთი ქართველი მწერალი სერიოზულად ბრძანებდა ტელევიზიით, რომ ერთ-ერთმა ქართულმა ფირმამ უცხოელებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც ქართულმა მხარემ ძროხის ნაკელი უნდა მიაწოდოს უცხოურ კომპანიას შესაბამისი სარგებლის პირობით. იმ ქართველ მწერალს საოცრად აღელვებდა ეს ფაქტი და საზოგადოებას ერთ მუშტად შეკვრისაკენ მოუწოდებდა (ალბათ კაკაბეთთან), რადგან, როგორც მან ბრძანა, ახლა კი მართლა იღუპება საქართველო – ქართულ ნეხვს საზღვარგარეთ ჰყიდიანო. იმ ქართველი მწერლის გულწრფელობასა და პატრიოტობაში ეჭვიც არ მეპარება და უფრო მეტიც – ისეთ მწერალსაც ვიცნობ, ვისთვისაც ცნება ეროვნული შემოქმედებისა იმას ნიშნავს, რომ ქართველმა კაცმა ლექსები მხოლოდ ქედის კიტრზე, ჭოპორტის პამიდორზე, ხაშურის ციმორზე, შროშის თიხაზე და წალკის კარტოფილზე უნდა წეროს. ამ პრინციპის საფუძველიც მისთვის წმინდად და გულწრფელად პატრიოტულია, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის – შოთა რუსთაველს ამოდენა პოემაში ერთხელაც არ დასცდენია სიტყვა ქართველი და საქართველო (შეიძლება იმიტომაც დაამთავრა სიცოცხლე ისე და იქ, სადაც დაასრულა)… და მიუხედავად იმისა (ჩემის ღრმა რწმენით), შოთა რუსთაველს დღეს რომ ეცხოვრა, ახლაც ისეთივე მონდომებით გააგდებდნენ საქართველოდან, მაინც მჯერა იმ გაბრწყინებული და აყვავებული საქართველოსი, რომელიც აუცილებლად იქნება. იქნება, რა თქმა უნდა, თუ მანამდე ჩვენი თვითმკვლელობის პროცესი არ შეჩერდა და ფიზიკური გაქრობის საშიშროება რეალობად არ იქცა. თუ ბოლო წლების საშინელი სინამდვილე – ჩვენი, ჯერჯერობით უსასრულო, სიარული სასაფლაოდან სასაფლაომდე ბოლოს და ბოლოს არ დასრულდა. თუ ხელისუფლება ისევ იმ პოლიტიკოსთა თავშესაფრად არ იქცა, ვის ამბიციასაც და ინტერესსაც უგუნურებასა და სულსწრაფობას, ამდენი ადამიანის, ამდენი ახალგაზრდა ქართველის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ საქართველოში პოლიტიკა ჯერჯერობით უფრო მეტად იმ ადამიანთა ასპარეზია, ვისთვისაც იგი თავშესაფრად იქცა და სხვათა შორის, ეს არა მარტო საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს ეხება და თავად ფრაზაც, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, იმ ადამიანთა მოგონილია, ვინც საკუთარი ბინძური ზრახვები და ამბიციები მოღვაწეობის ამ სფეროში მოიტანა და პირიქით, როგორც ტიბეტელთა დალაი-ლამამ თენზინ გიათსომ ბრძანა, “პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის კულტურის დონეა დაბალი და ამიტომაც სუფთა იდეალები და კეთილშობილური მიზნები დამახინჯებულ სახეს იღებენ პოლიტიკაში”. თავად დალაი-ლამა იმიტომაც გახდა იძულებული პოლიტიკაში ჩარეულიყო, რომ შეძლებისდაგვარად მორალური პრინციპების დამკვიდრება მოახერხოს იქ, რადგან მას პოლიტიკაში არანაირი ამბიცია არ გააჩნია. და არც ისაა მართალი, რომ პოლიტიკას ცბიერება და განსაკუთრებული ცოდნა თამაშის გარკვეული წესებისა აუცილებლად სჭირდება. არ არის მართალი, რადგან პოლიტიკას (დანარჩენისა არ იყოს) ისე არაფერი უხდება, როგორც გულწრფელობა… ბუნებრივად და ლოგიკურად არც უნდა იყოს გასაკვირი ჩვენი დამოკიდებულება (არა მარტო პოლიტიკაში), საგნებისა და მოვლენებისადმი, რადგან რამდენი საუკუნეა ქართველებს სახელმწიფო არა გვქონია და სახელმწიფოში არ გვიცხოვრია. გვქონდა ნიშნები და ნაფლეთები (ალაგ-ალაგ) ეროვნული ერთიანობისა და, რა თქმა უნდა, ახლა ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერებით ვცხოვრობთ და თუ ჩვენს ტვინებში (ეკონომიკურ რეფორმამდე) სერიოზული ცვლილებები არ მოხდა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცოტნე დადიანზე ფიქრი და ოცნება. კიდევ დიდხანს ვიქნებით გმირის მოლოდინში, თაფლი რომ უნდა წაისვას და მის ხარჯზე ჩვენ უნდა გადავრჩეთ. და კარგა ხანს არ დავიჯერებთ, რომ ის თაფლი (წასასმელად) ყველამ უნდა გავინაწილოთ და ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედი და უბედურება, აწმყო და წარსული არა მხოლოდ გამსახურდიამ ან შევარდნაძემ, ყოველმა ჩვენგანმა უნდა ვიტვირთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კითხვაც, ასე ხშირად რომ გაისმის ჩვენს ირგვლივ და გარშემო – ვის უნდა გავყვეთ – კიდევ დიდხანს გაგვაწვალებს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ დავიჯერებთ, რომ ადამიანები ვართ და არა ცხვრები და არც ყოჩი გვჭირდება და არც ბელადი. და ერთადერთი, ვისაც უნდა გავყვეთ (თუ მართლა სადმე მივდივართ), საკუთარი თავია. და ღმერთმაც ფიქრისთვის გაგვაჩინა და არა მონობისთვის, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ. ფიქრს კი სიმშვიდე სჭირდება, ადამიანს ფიქრისთვის – არაეგზალტირებული გარემო და ჩვენში გაბატონებული აგრესიის დასაშოშმინებლადაც, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ შინაგანი, სულიერი სიმშვიდე. რაც იქნება კიდეც ქვეყნისთვის აუცილებელი მშვიდობის გარანტი და პირიქით, აღარ მივცეთ საშუალება დროის გამო აღზევებულ პირებს ომითა და სისხლით ხელები მოითბონ, ფული და სკამი მოიპოვონ.ისევ გზა…
კატმანდუდან საღამოს გავედით ავტობუსით ჩვენს მტვირთავებთან ერთად და ისე გვქონდა გათვლილი, რომ ავტობუსში გამოვიძინებდით, დილით ბაგლუნგში ვიქნებოდით და იქედან საცალფეხო ბილიკს გავუყვებოდით ბენისაკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ბარგითა და მტვირთავებით გაძეძგილ ავტობუსში თვალის მოხუჭვაც კი ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. მთავარი მიზეზი ამისა მტვირთავები იყვნენ, გათენებამდე წვრილ ხმაზე რომ მღეროდნენ ერთხმიან ნეპალურ სიმღერებს. როგორც დავაკვირდი, ნეპალელებს სამი სიმღერა აქვთ: ორი სიყვარულზე და ერთი კატმანდუზე. და თორმეტი საათის განმავლობაში ბაგლუნგამდე შეუჩერებლივ, რიგრიგობით აგუგუნებდნენ ამ სამ სიმღერას. განსაკუთრებით ძნელი მოსასმენი იყო სევდიანი სიმღერა სიყვარულზე, რომელიც, როგორც ეტყობოდა, შეყვარებულთათვის არცთუ საბედნიერო ფინალით სრულდებოდა (მეორე უფრო ოპტიმისტური იყო). მიუხედავად იმისა, რომ არათუ მოსმენა, ჯდომაც კი, ავტობუსში აუტანელი შეიქნა, მტვირთავებს სიმღერა ვერ შევაწყვეტინე – არ ეწყინოთ, გზაში ბარგი არ დაყარონ სადმე და უკან არ დაბრუნდნენო (რაც საკმაოდ ხშირად ხდება). იყო მეორე ვარიანტი – ბიძინა გუჯაბიძის იდეა – ჩვენც გვემღერა (“სიმღერისა სიმღერითა დამთრგუნველი”) რაიმე ქართული ჩვენი რეპერტუარიდან, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ, არ შეშურდეთ და ახლა ამის გამო არ დაყარონ ბარგიო. მოკლედ, გავწვალდით და მთელი ღამე ერთ საგანზე ვფიქრობდით, ამ უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ხალხს რატომ აღმოაჩნდა ასეთი მწირი (ყოველ შემთხვევაში სიმღერის მხრივ) ფოლკლორი და, მართლაც, რა საოცრად მდიდარი, უმდიდრესნი ვართ ჩვენ – ხალხი და ქვეყანა… გამთენიისას ბაგლუნგში ვიყავით, სადაც სამანქანო გზა მთავრდება და საიდანაც გველოდა რვადღიანი მომქანცველი ბილიკები დჰაულაგირამდე. ავტობუსიდან ჩვენი ბარგი გადმოვალაგეთ იქვე, სამხედრო ყაზარმის ეზოში და უცებ ცაც მოიწმინდა, ღრუბელი გადაიყარა და შორს მთელის თავისის სიდიადითა და ბუმბერაზობით გამოჩნდა დჰაულაგირი. პირველი, რაც ჩვენმა მწვერვალმა ჩემში დაბადა, იყო შიში და კარგა ხანს პირდაღებული ვუყურებდი ამ საოცარ მასას, მართლა დამთრგუნველს, მაგრამ თეთრსა და ულამაზესს. ვუცქერდი მანამ, სანამ ისევ არ მოიღრუბლა და ჩვენც დავიძარით. გრძელი, უზარმაზარი ქარავანი ბენის ბილიკებზე გაიწელა და დაიწყო დამღლელი და ურთულესი გზა, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაგვევლო, რადგან ისედაც დაგვიანებულთ გზაში დასაკარგი დრო ნამდვილად არა გვქონდა. ვჩქარობდით ჩვენც და მტვირთავებიც, თუმცა მათ ჩვენზე დიდი და მძიმე ტვირთი მოჰქონდათ და ჩვენზე მეტად უჭირდათ. ტანით მომცრონი უზარმაზარი კალათით ზურგზე, იმ ჭიანჭველებს ჰგავდნენ, დოკუმენტურ ფილმებში რომ გვინახავს და ნახევარზე მეტს ფეხზეც არაფერი ეცვა. როგორ ახერხებენ ასეთი გზის ფეხშიშველა გავლას ოცდაათკილოიანი ტვირთით, ჩემთვის გაუგებარია. მით უმეტეს გაუგებარია გოგონების ამტანობა, ჩვენს მტვირთავებს შორის რომ ერივნენ და ძირითად ქარავანს არა თუ რჩებოდნენ, ლიდერებს შორისაც კი იყვნენ. რეზო თაბუკაშვილი დარცხვენილი არიდებდა ხოლმე თვალს მტვირთავ გოგონებს (რამდენჯერმე შევამჩნიე), მაგრამ იგივე სიმძიმე, რეზოსი არ ვიცი და, მე რომ ათი მეტრის მანძილზე გადავაადგილო, მაქსიმუმ ოც წუთში ის გრიჟა ჩამომივა, ჩვენში თიაქარს რომ უწოდებენ. საიდან ამდენი ენერგია, არ ვიცი, თვითონ დალბატს აბრალებენ თავიანთ გამძლეობას და ყოველი შესვენებისას თითებით მადიანად შეექცევიან ბრინჯს. ბრინჯს ჩვენც შევეჩვიეთ, მაგრამ მათგან განსხვავებით კოვზით ან ჩანგლით მივირთმევთ. ყოველ ერთ ან ორ საათში ერთხელ ვჩერდებით და რამდენიმე წუთით ვისვენებთ. ამ დროს ვცდილობ, ყველაფერს ყურადღებით დავაკვირდე, რადგან სიარულის დროს ძალიან ძნელია ირგვლივ არსებულის აღქმა და, შეთანხმებისამებრ, პადოშას კისერს ვუყურებ. მთები აქ სულ სხვაგვარია, მკვეთრად განსხვავებული კავკასიონისა და ალპებისაგან, ხოლო გზა და საცალფეხო ბილიკი ზოგან ვიწრო, ძალიან საშიში და მართლა კლდეზე დაკიდებული. მიდიხარ და იცი, ქვემოთ არ უნდა ჩაიხედო; მაინც ვერ ვიკავებ თავს და ვცდილობ უძირო უფსკრულს თვალი ჩავაყოლო, თავბრუ მეხვევა და კედლისკენ ვიხრები, რომ არ ჩავვარდე. აქ თუ ჩავარდი, ფსკერამდე ვერც კი ჩააღწევ. გზაში ჩანჩქერები და წყაროები გვხვდება. მესნერის რჩევით, ვცდილობთ, არ დავლიოთ (სხვათა შორის, თბილია და გაცილებით უგემური, ვიდრე ნებისმიერი მთის წყარო საქართველოში). გვხვდება ბუნებრივად ცხელი წყლებიც (სოფელ ტატოპანში, სადაც ერთი ღამე გავათენეთ, ცხელი წყლის აუზში მთელი საღამო ვიწექით და ვნებივრობდით, მიუხედავად იმისა, რომ გულისთვის სერიოზულად საშიშია). აფი გიგანი, გელა ოთარაშვილისა არ იყოს, დინჯად, თანაბარ რიტმში მიუყვება ბილიკს. ყველაზე წინ, რა თქმა უნდა, ბიძინა გუჯაბიძეა. ზურა ასტახიშვილს ქოლგა აქვს გაშლილი, მზემ რომ არ დასიცხოს, პადოშა მე მეუბნება – გზაში ჩუმად იარე, მავნებელიაო და თვითონ ყოველ ხუთ წუთში ანეკდოტს ჰყვება. იუმორის განსაკუთრებული ნიჭით, გია თორთლაძის გარდა, დათო ჩანტლაძეცაა დაჯილდოებული და გამუდმებით თავმჯდომარის თეთრ, ნაფერებ ჯორებს აკვირდება. ჯორები აქ უამრავი ჰყავთ და მტვირთავებად იყენებენ, მაგრამ მათი დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება. ნახე, რა იყო?! – გადმომძახებს დათო და თეთრ, სიმპატიურ ჯორს დამანახებს, – ნაღდად თავმჯდომარისაა – გამოთქვამს ვარაუდს და თან ეჭვს, რომ ჯორებს აქ იგივე გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, რაც ჩვენში ვირებს. მე მხრებს ვიჩეჩავ (ამ საკითხში არაკომპეტენტურობის გამო) და გზას ვაგრძელებ. ყველა ლოდზე რვეულით ხელში ჩამომჯდარი რეზო თაბუკაშვილი მხვდება, მან კატმანდუში ერთ-ერთი საუკეთესო ქუდი შეიძინა (რაც კი მინახავს) და მზე აქ სრულიად არ აშინებს. ძროხები ამ ხეობაში (რომელსაც კალი-განდაკი ჰქვია მდინარის გამო) ჯორებზე პატარები ჰყავთ, ქალები კი პირიქით, კატმანდუელებზე უკეთესნი არიან და დედაქალაქელებისაგან განსხვავებით, მკერდიც მკერდს მიუგავთ (მდინარეში წელსზევით შიშვლები ბანაობენ და ძალაუნებურად ყურადღებას აქცევ). გზაში უამრავი ტურისტი გვხვდება მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და ამ ბილიკებზე არსებული, დაუწერელი, კანონით ერთმანეთს ზრდილობიანად მოვიკითხავთ, წარმატებებს ვუსურვებთ და ჩვენ-ჩვენ გზებს ვაგრძელებთ. აქაურებს ხომ ვერ დაასწრებ მისალმებას და ჯადოსნურ სიტყვას – “ნამასტე!”, რაც თარგმანში იმას ნიშნავს, რომ მთქმელი შემხვედრში ღმერთს ხედავს და ცნობს. განსაკუთრებით სასიამოვნოა პატარების, ბავშვების “ნამასტე” – გაშლილ ხელისგულებს ერთმანეთს რომ ატყუპებენ და თავისდაკვრით გიღიმიან (მე ამ დროს ჩემი ტუტუცი შვილი მახსენდება ხოლმე, რომელიც ზრდილობაში ჩემი არ იყოს, სერიოზულად მოიკოჭლებს). და როგორი დაღლილიც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გიჭირდეს მისალმება, მაინც ამბობ ჯადოსნურ “ნამასტეს” და მაინც იღიმი. დაღლილები კი საშინლად ვართ, რადგან ჩვენი ტემპი, სიარულს კი არა, გადარბენას უფრო ჰგავს და საღამოობით ვივახშმებთ თუ არა, დასაძინებლად ვწვებით. ჩვენი სირდარი (ესე იგი მტვირთავების უფროსი სამეურნეო ნაწილში), რომელსაც სიკი ჰქვია და ძალიან ჰგავს სკოლების ფიზკულტურის მასწავლებელს (სამმანეთიანი, მუხლთან გამობერილი სპორტული რეიტუზით), საღამოობით წიწილებივით გადათვლის ხოლმე მტვირთავებს და მათ ექსპედიციის ხარჯებიდან კუთვნილ გამომუშავებელ გასამრჯელოს ურიგებს. ჩვენსა და მტვირთავებს შორის კიდევ ერთი შუალედური ხაზია ეგრეთ წოდებული კავშირის ოფიცერი, რომელიც კატმანდუდან მოგვყვება და ჩვენი ექსპედიციის ასვლა უნდა დააფიქსიროს მწვერვალზე ნეპალის ტურიზმის დეპარტამენტისათვის. მტვირთავებს შორის რამდენიმე შერპაა. ვისაც კონკრეტულად რეზოსი და ჩემი ბარგი მიაქვს, კეიდარი ჰქვია და ერთადერთი წითურია ნეპალელთა შორის და საერთოდ ნეპალის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. წითური სწორედ ისაა, რასაც ჩვენ “რიჟას” ვეძახით და ჩვენში არსებული წესის თანახმად, მოგეხსენებათ ასეთი კაცის დანახვისას, უკაცრავად და სამში ორს (არა გრძელს და საკუთარს) მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი, რომ არ დაითარსო და რამე ხიფათს არ გადაეყარო. რომ ვიხსენებ, რაც დჰაულაგირის მისადგომებთან დამემართა, ალბათ, სწორედ იმის ბრალია, ხალხურ სიბრძნესა და რჩევას ყური რომ არ ვუგდე და ზემოთ მოყოლილი აუცილებელი პროცედურის ჩატარება უბრალოდ დამეზარა. დამეზარა და დავისაჯე კიდეც. ღირსი კი ვარ, მაგრამ ცოდო ვიყავი, რადგან ის ჩემი დამღუპველი კეიდარი სულ ჩემს წინ მიდიოდა და რა ძნელი იქნებოდა რვა დღის მანძილზე ორივეხელჩავლებული სიარული, ალბათ ადვილი წარმოსადგენია… ნეპალი იმითაც არის საოცარი ქვეყანა, რომ ერთდროულად რამდენიმე კლიმატურ სარტყელს მოიცავს და მათი ცვლილება და ერთმანეთში გადასვლა შენს თვალწინ, შენი თანდასწრებით ხდება. რაც უფრო ზემოთ მიიწევს ბილიკი, მით უფრო მკაცრი ხდება ბუნება და შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც კლებულობს. მიუხედავად ასეთი სიმაღლისა, ყველა სოფელში, სადაც კი ღამე გავათენეთ, არის პატარა, კოხტა და იაფი სასტუმროები ცხელი წყლითა და გემრიელი სადილით. თვალშისაცემია აგრეთვე მოვლილი ბილიკები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაციებული გამაგრილებელი სასმელები ნებისმიერი სამარკო ნიშნით, რომელიც ბარიდან ზურგით ამოაქვთ და ყველა იმ ტურისტსა და მოგზაურს შორის, ვინც კი ამ ბილიკზე შეგვხვდა, პირადად მე, ყველაზე მეტად (როგორც არგენტინის გიჟი და ავადმყოფი) ცოცხალი არგენტინელის ნახვამ გამახარა. პაოლო იმავე სასტუმროში გაჩერდა სოფელ კალოპანში, სადაც ჩვენ და ლიტერატურაზე საუბრით გული რომ ვიჯერეთ, რამდენჯერმე უშვერი სიტყვებით მოვიხსენეთ ჟოაო აველანჟის დედის მეგობრები და ვნატრობდი, ბიძინა ბარათაშვილს წამით მაინც მოესმინა ჩემთვის და დაენახა ჩვენს მიერ ტალახში ამოგანგლული უსამართლო და სამარცხვინო ბრაზილიელი… ისედაც უკვე მაწუხებდა უძილობა და იმ ღამეს რაღა დამაძინებდა. დილით საოცარი რამ მოხდა – ცა მთლიანად მოიწმინდა და ჩვენგან მარჯვნივ ულამაზესი ანაპურნა გამოჩნდა. გავაღვიძე რეზო და უსიტყვოდ ვისიამოვნეთ ამ დიდებული, მართლაც ზღაპრული მწვერვალის ცქერით… არ ვიცი შრომა აკეთილშობილებს აქაურებს თუ შინაგანად არიან ასეთი კეთილისმოსურნენი, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე და საუბარში გრძნობ მხარდაჭერასა და თანადგომას. უფრო მეტიც, ყველა სოფელში იციან, დჰაულაგირზე რამდენი ექსპედიციაა და მათ წარმატება-წარუმატებლობას ახლობლებივით განიცდიან. შრომით კი მართლაც მშრომელი ხალხია და თუნდაც ბრინჯის მოყვანა (მუხლამდე წყალში) რად ღირს… ერთიც შევნიშნე – რამდენადაც ღიმილიანნი, სალმიანნი და კეთილგანწყობილნი არიან სიფხიზლეში, იმდენად საშინლად, აუტანლად გამოიყურებიან სიმთვრალეში და ეს, ალბათ მხოლოდ ნეპალელებს არ ეხებათ და მთის მოსახლეობის საერთო სისუსტეა (ერთ-ერთ სოფელში ერთ-ერთი მთვრალი ნეპალელი, ვინც აუგად მოიხსენია საქართველოს პარლამენტი, ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გია თორთლაძეს). ბოლო სოფელშიც კი, რომლის სიმაღლე სამი ათას მეტრზე მეტია, არის დენი და ყველანაირი სიკეთე ცივილიზაციისა, გარდა სამანქანო გზისა, რაც შეგნებულად არ გაჰყავთ, რადგან სწორედ ბილიკების გამო ჩამოდის აქ ათასობით ტურისტი ყველა ქვეყნიდან და როგორც კი სამანქანო გზა გაჩნდება, ის უზარმაზარი შემოსავალიც, ეგზოტიკის გამო რომ არსებობს, გაქრება და დაიკარგება. სხვათა შორის, ტურისტული მარშრუტებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ნეპალი, მით უმეტეს ევროპელთათვის, და ამაზე ზრუნვაც დღესვე უნდა დაიწყოს. სამთო ტურიზმი საქართველოში სერიოზული შემოსავლის წყარო იქნება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა ოთარ მიმინოშვილმა (ლეგენდარულმა დულულომ) წიგნიც მოამზადა სავარაუდო მარშრუტთა განხილვის, რუკებისა და ეკონომიკური გაანგარიშების დართვით, მაგრამ რა ბედი ეწია ამ იდეას არ ვიცი; ის კი მჯერა, ამ მხრივ პირველი ნაბიჯის გადადგმა თუნდაც დღესვე, სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის და თუ მთავრობამ არ იღო ყურად ბატონი ოთარის რჩევა, იქნებ ამ იდეით კერძო პირები და კომპანიები მაინც დაინტერესდნენ. (ვისაც ეღიმება, “ბორჯომი” როგორ გვარჩენსო, მე მათზე მეცინება, რადგან ჭკუამ და ტვინმა უნდა არჩინოს საქართველო, მით უმეტეს, რომ “ბორჯომთან” ახლოსაც ვერ მოვა ვერცერთი წყალი დედამიწის ზურგზე). როგორც ვთქვი, გზად შემოყრილთაგან ყველაზე მეტად არგენტინელი პაოლოს გაცნობამ გამახარა, ხოლო გაკვირვებით კი – ასაკოვანი ზურგჩანთამოკიდებული ქალბატონების შეხვედრამ ისეთ ბილიკებზე, ვერცერთი ქართველი ბებია იმავე ასაკის იმავე გზაზე გავლას ფიქრადაც რომ არ გაივლებს თავში. - საით, ბაბო?! – ხელის აწევით ესალმები ევროპელ ან ამერიკელ, უკვე სერიოზულად ხანდაზმულ ქალს და ისე თამამად გაიშვერს ხელს ანაპურნასა თუ ნილგირისაკენ, თითქოს ოცი წლის იყოს და გორი-ხაშურის გზაზე შემოგყროდეს. წარმოვიდგენ ხოლმე ჩვენმა ძვირფასმა, თბილმა და საყვარელმა ბებიებმა ჩვენი ბედნიერებისათვის დაცხობილი ჭადი ან ხაჭაპური რომ მიატოვონ სამზარეულოში და ჰიმალაის ბილიკებს ამათსავით აღმა-დაღმა დაუყვნენ. ბებიების არა, მაგრამ ჩვენი ბაბუების და წინაპრების კი მართლა ყოველთვის მიკვირდა და ახლაც სერიოზულად მიკვირს – რატომ არ უჩნდებოდა ჩვენს წინაპარ ქართველს უცხო ქვეყნის ნახვისა და აღმოჩენის, მოგზაურობისა და გაცნობის სურვილი. საქართველოს ისტორიას სულ ერთი-ორი მოგზაური ახსოვს და ჩემთვის ახლაც აუხსნელი და გაუგებარია, რომ ქართველებს ზღვა ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ არათუ გემი, ნავიც არ გამოუთლიათ და შიგ არ შეუცურავთ. და ეს მაშინ, როცა პატარა (ჩვენსავით) ჰოლანდიამ კაცობრიობას ამდენი უდიდესი მოგზაური და პირველაღმოჩენი თუ მკვლევარი შესძინა (არაფერს ვამბობ ესპანელებსა და ინგლისელებზე). სხვათა შორის, იმავე ჰოლანდიაში სწავლის დროს, შაბათ-კვირას ჩუმად ვარღვევდი ხოლმე, ჯერ კიდევ მაშინ გაუერთიანებელი, ევროპის საზღვრებს და რამდენიმე ქვეყანა ფეხით, სოფელ-სოფელ მოვიარე. ავტობანზე მანქანას ვაჩერებდი ხოლმე და უფულოდ და უსახსროდ, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსე ვბრუნდებოდი უკან. არც ერთ გზაზე, არც ერთ მუზეუმში ქართველი არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ისინი უკვე მრავლად არიან. ქართველი მოგზაური და ტურისტი არ არსებობს ერთეული აფრა და ველოგამონაკლისის გარდა და ვისაც ფული აქვს, მხოლოდ ისეთ დროსტარებას ახმარს, რწყევით თუ არა, საშინელი თავისტკივილით მაინც რომ მთავრდება. არადა, რა უნდა იყოს უფრო სასიამოვნო, შეყვარებულთან თუ ცოლთან ერთად ზურგჩანთაწამოკიდებულმა თუნდაც ჰიმალაის ბილიკები ტკეპნო, გეძინოს სუფთა ჰაერზე, თუნდაც კარავში, ღამღამობით უყურო ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დილით თავზე წამოგადგეს ამა-დაბლამი თუ მაჩაპუჩარი. ამიტომაც მშურს ამ ულამაზესი წყვილების, მათი ბედნიერი სახეებისა და ჯანმრთელი ღიმილის. მშურს კეთილი და თეთრი, მაგრამ გულწრფელი შურით. დავაკვირდი და უცხოელთათვის იმდენად საამაყოა მოგზაურისა და მრავლისმნახველის სახელი, რომ თავიანთ ბარგს აეროპორტში დარტყმულ “ბირკასაც” კი არ ხსნიან, ვითომ შემთხვევით და სინამდვილეში – განზრახ. ფაქტი კია, როგორც კი დროს გამონახავენ, ბარგს კრავენ და გლობუსს ან გაშლილ რუკას საჩვენებელ თითს ადებენ. ცდილობენ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და არიან კიდეც ჯანმრთელები. ყოველ შემთხვევაში, ჩემგან განსხვავებით, როცა ბოლო სოფლიდან აშკარად ვიგრძენი დაღლა (უძილობაც ალბათ ამიტომ დამეწყო) და მანამდე მოწეული სიგარეტის ყოველი ღერი გამახსენდა. ამ დროს (საერთოდ მთაში) ადამიანის გასაცოცხლებლად ცხელი ჩაი უებარი წამალია და ამაში საბოლოოდ იქ დავრწმუნდი. სხვათა შორის, საბჭოთა ციხეებში სპეციალურად ასხამდნენ და არიგებდნენ ჩაის პატიმართა შორის ალუმინის ჭიქებით, რომელთაც სახელურები არა ჰქონდა და სანამ ჩაი არ გაცივდებოდა, პატიმრები ჭიქას ხელს ვერ ჰკიდებდნენ. როგორც ჩანს, ვინც ეს მოიფიქრა, დანამდვილებით იცოდა, რომ ცხელი ჩაი იმდენად სასიამოვნოა ადამიანისათვის, შეიძლება თავი ციხეშიც კი, თუნდაც რამდენიმე წუთით, კარგად იგრძნო. სწორედ ეს არ სურდათ მათ, რადგან ადამიანური უფლებები, არათუ საბჭოთა პატიმარს, საბჭოთა მოქალაქესაც არ გააჩნდა. მთაში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და შედეგიანი წამალი ცხელი წვნიანია (სხვათაშორის, ხაში, როგორც საოცრება, ჩვენს გარდა სხვა ხალხებსაც გააჩნია სხვადასხვა სახელით, მაგალითად ბულგარეთში ასეთ წვნიანს “შკემბე ჩორმა” ჰქვია და ჩვენი ხაშის არ იყოს, მკვდარს აცოცხლებს. (ამ რამდენიმე წლის წინ ქუთაისელთა ინიციატივით, ნახევარლიტრიანი ქილებით ხაშის მასალა იყიდებოდა მთელს საქართველოში; მისი შენახვა დილამდე მაცივარში შეგეძლო და დილით კი, გაცხელება და შეჭმაღა აკლდა. სად დაიკარგა ეს პატიოსანზე პატიოსანი ხალხი, დღემდე ვერ გავარკვიე და ამ კეთილშობილური წამოწყების შეფერხებამ სერიოზულად დამწყვიტა გული). მაგრამ უკვე ბოლო სოფელ მარფაში, საიდანაც სამი დღის სავალიღა რჩება დჰაულაგირის საბაზო ბანაკამდე, ფრანგების უღელტეხილის გავლით, ტომატის ბოლო სუპი მივირთვი მწვერვალამდე და ჩვენი პირველი მწვერვალი გამახსენდა – ჩვენი ბანგურიანი სვანეთის მთებში. მაშინ ჩვენ – ტყუპი ძმები, ზურა და ირაკლი საყვარელიძეები, მიშა ხიზანიშვილი და მე (თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისანი), პირველად გავიპარეთ მწვერვალზე. გავიპარეთ მესტიიდან. გავიპარეთ ყოველგვარი თოკის, აღჭურვილობისა და, რაც მთავარია, ცოდნის გარეშე. ვიცოდით მხოლოდ, რომ სწორედ ამ მწვერვალზე, ბანგურიანზე ავიდა პირველად მიხეილ ხერგიანი და გვქონდა უზარმაზარი სურვილი, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, გაგვეკეთებინა იგივე, კაუნასის კედების, ერთი ქილა ვაშლის ხილფაფისა და წყვილი ხელთათმანის ამარა. ჩვენმა მეხუთე, საზიარო მეგობარმა კი, ერეკლე გრიგოლიამ, მიიხედ-მოიხედა რა მესტიაში და დისკოთეკა ვერ აღმოაჩინა, ბარგი ჩაალაგა და თბილისში დაბრუნდა. მახსოვს ჩვენი კმაყოფილი სახეები იმ გადაწყვეტილების გამო, რომ სხვა ჩვენი მეგობრებივით დაგომისსა თუ სოჭში არ წავსულვართ და წინ პატარა, მაგრამ ნამდვილი მწვერვალი გველოდა. ახლა ზუსტად აღარც მახსოვს, ვის მოაფიქრდა ბანგურიანზე აძრომა, მახსოვს, მესტიაში გადაუღებლად წვიმდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მწვერვალზე თოვდა. თუმცა თექვსმეტი წლის ასაკში რა თოვლი შეგვაშინებდა და შუაღამისას გავიპარეთ. გამთენიისთვის საკმაოდ გავცდით მესტიას და მწვერვალის მისადგომებს მივუახლოვდით. შუადღისთვის საკმაოდ დავიღალეთ და დაღლილნი მწვერვალისაკენ მიმავალ თოვლიან გზას დავადექით. თოვლის საფარმა ნელ-ნელა, მაგრამ საგრძნობლად იმატა და ქარბუქი რომ დაიწყო, უკვე წელამდე თოვლს ძლივსღა მივარღვევდით მწვერვალისაკენ, რომელიც ცოტა ხანში თვალსაწიერიდან გაქრა და ქარბუქი ნამდვილ შტორმში გადაიზარდა. ერთმანეთს ვერ ვხედავდით (ვერც ვერაფერს), ვგრძნობდით ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას და ჯიუტად მივიწევდით ზევით. მაინც წინ და ზევით და ვიარეთ მანამ (მწვერვალს ალბათ გავცდით კიდეც), სანამ მივხვდით – უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობდით. მწვერვალის გარშემოც იმდენი ვიხოხეთ (როგორც ჩანს), საკუთარი ნაკვალევის მიგნებაც ვერ შევძელით და დაღამებისაც შეგვეშინდა. თუმცა ისედაც არაფერი ჩანდა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი მაინც მოძრაობა იყო და ჩვენც გზა გავაგრძელეთ – სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით და ორი დღის სავალზე დავშორდით მესტიას. მახსოვს, რომ სიარული აღარ შემეძლო დაძაბულობისაგან და ბიჭებს ვთხოვე, დამტოვეთ-მეთქი. მახსოვს ირაკლი საყვარელიძის სახე, როცა იგი ნაპრალში ჩავარდა და შეშინებულებმა და ხელებაკანკალებულებმა, ამოვიყვანეთ იგი. საბედნიეროდ გამოიდარა, მთვარე ამოცურდა და განათებული და გოროზი უშბა თავზე დაგვყურებდა. მახსოვს, უკვე შუაღამისას, მყინვარს რომ ჩამოვცდით და კლდეებს ჩამოვუყევით, ჩასასვლელი დამთავრდა და ვიდექით ზურგით კლდეს აკრულნი, კისერში ყინულივით წყალი ჩაგვდიოდა და ქვემოთ აღარაფერი ჩანდა. მახსოვს ჩვენი სწორი გადაწყვეტილება, იქ დარჩენა სიკვდილი იყო, ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და გადავხტით. არათუ ტკივილს, მოყინულ ფეხებსაც ვერა ვგრძნობდით და მახსოვს მიშა ხიზანიშვილი, მთელი ღამე მგლებთან მებრძოლი, და ჩვენი უსასრულო, ცალ-ცალკე თუ ერთდროულად საშინელი ჰალუცინაციები წინადღით მზისგან ამომწვარი თვალების გამო… მესტიაში როცა დავბრუნდით, მაშველი ჯგუფი მაშინ აპირებდა ჩვენს საძებრად წამოსვლას და ჩვენ ორი დღე ვიწექით – ისეთი ღონეგამოცლილნი, რომ სხვების დაუხმარებლად ჩაისაც ვერ ვსვამდით და მაინც ვიყავით საოცრად ამაყნი და ბედნიერნი, მაინც კმაყოფილნი და შეძლებისდაგვარად (ჩვენი დახეთქილი ტუჩების გამო) მაინც ღიმილიანნი. და მახსოვს უმთავრესი, ჯერ კიდევ მწვერვალზე, როცა არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა გამოღწევას, როგორ დავიჩოქე და ღმერთს ვთხოვე – მიშველე-მეთქი. ღმერთი მაშინ გვახსენდება, როცა გვიჭირს და დჰაულაგირთანაც, გონზე მოსულმა, ისევ ღმერთს ვთხოვე დახმარება და შემწეობა, თუმცა ღმერთზე სხვა დროსაც (საკმაოდ ხშირად) მიფიქრია და თუ რა, ამაზე ქვემოთ.რელიგია და ჩვენ
მიუხედავად იმისა, რომ მცირედ მორწმუნე ვარ, მართლა ძალზე ხშირად (შეიძლება გამუდმებითაც) ვფიქრობ ღმერთზე. და ალბათ ამ ფიქრს ვერაკაცი გაქცევია დღიდან ადამიანის გაჩენისა ამქვეყნად. მეტნაკლებად ყველა ფიქრობს ღმერთზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა სიკვდილი ახსენდება. სერიოზული ფიქრი მეც სიკვდილის შემდეგ დავიწყე, კლინიკური სიკვდილის შემდეგ, როგორც მას ექიმები უწოდებენ და იგი გამთენიისას, დილის ექვს საათზე მეწვია სამი წლის წინ ზამთარში, როცა გულის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა და მერე ეს ტკივილი უფრო აუტანელი სისწრაფითა და ხარისხით მთელს სხეულს მოედო. ტკივილმა კულმინაციას მიაღწია (ალბათ) და გრძნობა დავკარგე, გული გაჩერდა და მე წავედი. რასაც აქ სულ ბოლო წამს თვალი შევავლე (გრძნობის დაკარგვამდე) სასთუმალთან დაჩოქილი ჩემი ცოლის (ჩემს დასანახად გადმოღვრილი) ცრემლს. ცრემლი დავაფიქსირე და გვირაბში შევედი. სწორედ იმ გვირაბში, რომელსაც ყველა “გარდაცვლილი” ერთნაირად აღწერს ანალოგიურ სიტუაციაში. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა (როგორც მოგვიანებით შევიტყვე) თითქმის ერთიდაიგივე დროის მანძილზე გრძელდება. როგორც უკანმობრუნებულს ჩემიანებმა მითხრეს, ჩემმა გარდაცვალებამ ტრადიციულზე მეტი, დაახლოებით თხუთმეტი წუთი მოიცვა. პირველი იყო შიში იმ არაადამიანური სისწრაფის გამო, რომლითაც გვირაბში მივექანებოდი, მაგრამ მახსოვს რაც ვიფიქრე – ეს სწორედ ის გვირაბია, რომელზეც გსმენია და არ უნდა შეშინდე, მთავარია იგი გაიარო და იქ უკეთესი გელის (სხვა გარდაცვლილებთან ერთად, რატომღაც შემხვდა პუშკინი). იქ კი, მართლაც საოცარი მინდორი თუ მდელო მელოდა. დიდი კარიბჭის წინ მახსოვს გრძელი კედელი და იმ მინდორსა თუ მდელოზე პატარა ყვავილები საოცარი სურნელით. სურნელით, რომლის აღწერა ან გადმოცემა არ შემიძლია, რადგან იგი არაფერს მიწიერს არა ჰგავს და სწორედ იქ მივხვდი, რომ ვარ სრულიად ახლოს ნეტარებასთან. ეს იყო ნეტარების დასაწყისი და იმდენად სასიამოვნო (თუ ეს სიტყვა სწორად ესადაგება განცდილს), რომ ძალიან მომინდა იმ კარიბჭისა და კედლის გადალახვა. მომინდა მას შემდეგ, რაც ვძლიე შიშს, რომელიც უცებ გამიჩნდა იმ ადამიანებისა თუ სულების დანახვისას, უაზროდ რომ დაბოდიალობდნენ იმ კედლის გაყოლებაზე. არც იქით იყვნენ, არც აქეთ. მახსოვს მათი სახეები, რაღაც გაუბედურებულისა თუ დაჩარგულის მსგავსი. უამრავ ადამიანს ანალოგიურ სიტუაციაში ეცხადება ღმერთი ან ძირითადად ვიღაც თეთრებში შემოსილი და უსვამენ ზუსტად იმ ორ შეკითხვას, რაც მეც დამისვეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ არც ღმერთი მინახავს და არც თეთრებში შემოსილი ვინმე. დავინახე თუ ვიგრძენი კი, სინათლე, კაშკაშა სინათლე, რომელმაც (რამდენადაც მახსოვს) არანაირი კონკრეტული ფორმა არ მიიღო და დიალოგიც სწორედ ამ სინათლესთან, ენერგიასთან თუ რაღაც საოცრად ძლიერ წყაროსთან მქონდა. ორივე შეკითხვა გავიგონე მკაფიოდ და გარკვევით. ხმა იყო თან შორს და თან ძალიან ახლოს. ჩემის მხრივ ალბათ ლაპარაკობდა ჩემი სული (სხეული ეგერ ეგდო კეკელიძეებთან), მაგრამ დაფიქსირება იმისა, თუ როგორ ხდებოდა საუბარი, ვერ შევძელი. შესაძლოა ეს იყო აზრობრივი დიალოგი. მახსოვს მხოლოდ, რომ ოდნავ დარცხვენილივით, გამოცდაზე მოუმზადებელივით ვპასუხობდი კითხვებს და, ალბათ, სწორედ ამ მოუმზადებლობის (ჯერჯერობით) ან სხვა მიზეზის გამო გადაწყდა ჩემი ისევ უკან დაბრუნება. დამრჩა ისეთი გრძნობა, თითქოს რაღაც პერიოდი მსჯელობაც კი იყო, როგორ მოქცეოდნენ ჩემს სულს (ანუ მე) და ბოლოს განაჩენი უარყოფითი აღმოჩნდა და მე უკან დავბრუნდი. მახსოვს, რომ გული დამწყდა ამ გადაწყვეტილების გამო და როცა თვალი გავახილე, თეთრხალათიანი ექიმი მადგა თავზე და ბრმანაწლავს მისინჯავდა. გამეღიმა, რადგან მივხვდი, რაც მოხდა და ვერც ექიმი და ვერც დანარჩენები ვერ დავარწმუნე, რომ არანაირი სამედიცინო დახმარება აღარ მჭირდებოდა. მივხვდი, რომ რაიმეს მოყოლას მათთვის აზრი არ ჰქონდა, რადგან არ დამიჯერებდნენ და თან ყველა დეტალი არც მახსოვდა. მახსოვდა და მახსოვს იმ ორი შეკითხვის ზუსტი შინაარსი. პირველი: რამდენად შევძელი შეცნობა სამყაროსი, სადაც ვიცხოვრე და მეორე: რამდენად მიყვარდა ადამიანები ირგვლივ და რამდენად ვირწმუნე, რომ ღმერთი სიყვარული არს… მეორედ, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ უფრო შთამბეჭდავი გასვლა მქონდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან წიგნის კითხვისას (წამოწოლილ მდგომარეობაში) უცებ და სრულიად მოულოდნელად სხეულიდან გავედი (ან დავრჩი და სული გავიდა). ყველა დეტალი ზეპირად მახსოვს და ამის გადმოცემაც ძნელიც არის და დროც ცოტა მაქვს. ვიტყვი მხოლოდ, რომ წარმოუდგენელი, დაუჯერებელი და აშკარად არამიწიერი ნეტარება განვიცადე, როცა ჩემს სხეულს ჯერ ჭერის სიმაღლიდან გადმოვხედე (იქვე, საწოლზე რომ იწვა) და მერე არნახული სისწრაფით ზევით დავიძარი. მთავარი კი არა და უმთავრესი სხვაა, სწორედ ის, რაც უკვე ვახსენე – სამყაროს და ჭეშმარიტების შეცნობა, რასაც შეიძლება მთელი შენი ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება დასჭირდეს და მეტიც – უბრალოდ არ ეყოს. მაგრამ შენ, მიუხედავად იმისა, სურვილი მაინც უნდა გქონდეს საკუთარი არსებობის გაცნობიერებისა და მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძნელია მიახლოება სრულყოფილებასთან, მაინც უნდა შეძლო თუნდაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მისკენ. ბუნებრივია, სრულყოფილებას სულიერს ვგულისხმობ და არა ფიზიკურს, და სულიერ სრულყოფილებას კი აუცილებლად სჭირდება განათლება. განათლება და არა ცოდნა, როგორც მათ ხშირად ერთმანეთში ვურევთ ხოლმე და სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებული აზრია თითოეულ მათგანში. ცოდნის მიღება ფიზიკური, წიგნისმიერი მოვლენაა და მისი მიღწევა არც ისე რთულია, როგორც განათლებისა, რომელსაც ფუძეშივე უდევს სიტყვა “ნათელი” და განათლებული კაცი სინამდვილეში შესაბამის სულიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უნდა ერქვას და არა უმაღლესდამთავრებულსა და დიპლომიანს, როგორც ჩვენ გვგონია. თუმცა აუცილებელი ცოდნა ბაზისია განათლებისა და რამდენადაც განათლებულია ადამიანი იმ მნიშვნელობითა და გაგებით, რაც ზემოთ ვიგულისხმეთ, მით მეტად უიოლდება სამყაროს არსში გარკვევა და ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, როგორც გარდაუვალ პროცესსა და რეალობაზე. ფიქრის გარდა, შეგუება იმ აზრთან, რომ იგი უნდა გარდაიცვალოს, ერთი მდგომпრეობიდან მეორე, სხვა მდგომარეობაში გადავიდეს და ამ შემთხვევაში ქართული სიტყვა “გარდაცვალება” ზუსტად იტევს ამ მარადიულ აზრს. და მართლაც მიწიერი სიცოცხლე, როგორც დროებითი მოვლენა და ყოფა, არის და უნდა იყოს კიდეც ადამიანისთვის მზადება იმ მუდმივი სამყოფელისა და საცხოვრისისათვის, რომელიც სიკვდილის შემდეგ იწყება. ამიტომაცაა, რომ ჭეშმარიტად ძლიერმორწმუნე ადამიანებს (რაშიც იმავდროულად განათლებულს ვგულისხმობ) ნაკლებად უჭირთ თავად სიტყვა “სიკვდილზე” ფიქრი, რადგან ჩვენზე მეტად სწამთ სააქაო წარმავლობისა და პირიქით საიქიო მარადიულობისა. ჩვენ კი ცრემლიანნი, გულნატკენნი და დათრგუნულები ვემშვიდობებით ხოლმე გარდაცვლილს, რომელიც ვინ იცის, გაცილებით უკეთ არის, ვიდრე თავად ჩვენ და იგივეს მოსურნეა ყოველი ძვირფასი და ახლობელი ადამიანისათვის. ეს მხოლოდ ღმერთმა იცის და ჩვენ მხოლოდ ვარაუდის შესაძლებლობა გვაქვს. თუმცა არის სხვა გზაც, გზა რწმენისა, რომლისადმიც მოთხოვნილება მაშინ გაჩნდა, როცა ადამიანი დაიბადა, როცა იგი ღმერთმა შექმნა და როგორც არ უნდა დავყოთ და დავანაწილოთ მიწიერი სამყარო სხვადასხვა რელიგიებად, ღმერთი მაინც ერთია, მაინც ერთადერთი და ამის დასტური თუნდაც ის საოცარი, თუნდაც მიწიერი ჰარმონია და სრულყოფილებაა სამყაროსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ქაოსი მოიცავდა ყოველსა და ყველაფერს და ამიტომაც მიყვარს იგი და ჩემი ქართველი და დიდი წინაპარივით ზოგჯერ კი არა, ხშირად შენობით მინდა ვიყო მასთან. რადგან თავად მე მისი ნაწილი ვარ, როგორც ყველა სულიერი თუ უსულო ამქვეყნად, და მას ინტუიციითაც კი ვგრძნობ. შეუძლებელი და წარმოუდგენელია დასაჯერებლად, მაგრამ რამდენჯერმე ისიც მიგრძვნია (ალბათ შინაგანი რწმენისა და სიყვარულის გამო), როგორ მოვიდა მიწაზე ღმერთი იესო ქრისტეს სახით ჩვენი დამძიმებული ცოდვების გამოსასყიდად და ჩვენ იგი ჯვარს ვაცვით. ჯვარს ვაცვით მაშინ და დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც არ უნდა დაეშვას იგი ფეხად მიწაზე, იმდენჯერ ისევე მოვიქცევით, როგორც მაშინ იესოს მოვექეცით და დავრჩებით ისეთივე უგუნურ და ურწმუნო არსებებად, როგორებიც მაშინ ვიყავით. ისევე ვიხოხებთ ჩვენი ცოდვებითა და მოძმეთა სისხლით გაპოხიერებულ მიწაზე, როგორც მანამდე და მხოლოდ საკუთარი ტყავისა და ხორცის შიში გვექნება მეორედ მოსვლის გამო, ჩვენს მიერ მოგონილი იმედით – იქნებ გადავრჩეთ. სწორედ ამ გადარჩენის იმედით, ბოლო წლებში მასობრივად და კოლექტიურად მომრავლებულ ქართველ მლოცველთა შემხედვარეს, პირველი, რასაც ვფიქრობ, არ გავხდე კოლექტივის ნაწილი, და მეორე – რა ძნელი იქნებოდა ამ ხალხის ქრისტიანობაზე მოქცევა, როცა ისინი წარმართები იყვნენ. თანაც ისეთი წარმართები და კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, დღესაც, პარალელურად, სხვა ღმერთები ჰყავთ და აკი არც მალავს ჩვენი წინაპარი მემატიანე, როგორ სისხლად და მახვილად დაუჯდა ქართველ ერს ახალი სარწმუნოების მიღება (შემთხვევითი არ არის, რომ პერიოდულ ლოცვას ქართველმა ინტენსიური “და-ლოცვა” ამჯობინა და ისევ სუფრას მიუჯდა. რა დასამალია და მეც, როგორც მთიელ წარმართს, სიამოვნებით მიწევს ხოლმე იგივეს გაკეთება და თუ რომელიმე ლოცვის წარმოთქმა შეიძლება ძნელი იყოს, არ არსებობს სადღეგრძელო, რომლის გამართულად გამოთქმაც გამიჭირდება). ბუნებრივია სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენშიც გამოიყენეს რელიგიური არჩევანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მიზნით. უფრო მეტიც (და ამის დამალვასაც აზრი არ აქვს), ისეთ ომებშიც გამოგვიყენებია ჯვარი, სადაც თავს არ ვიცავდით, და როცა დღეს მუსულმანური ქვეყნების და საერთოდ ისლამის, როგორც აგრესიული რელიგიის შესახებ ასე ხშირად და ამდენს ლაპარაკობენ, უბრალოდ ავიწყდებათ, – როცა ქრისტიანობა იმავე ასაკის იყო (თორმეტი-თოთხმეტი საუკუნის) არანაკლები სისასტიკითა და დაუნდობლობით სწორედ ჯვრით ხელში მოაოხრა იმდროინდელი მსოფლიოს მიწები (ევროპაცა და აზიაც). და იმაზე ფიქრი (ღმერთის, როგორც ყოვლისშემქმნელის გათვალისწინებით), რომ სხვა რელიგიის მიმდევარნი, არაჭეშმარიტად აღმსარებელნი არიან და მათი ადგილი ჯოჯოხეთშია, ხოლო ჩვენი – სამოთხეში, ღიმილისმომგვრელია მხოლოდ, რადგან რა არის ჭეშმარიტება, ნებისმიერ მღვდელზე უკეთ თავად ღმერთმა უწყის. და ერთადერთი რელიგია (რამდენადაც ინფორმირებული ვარ), რომელსაც არავისთვის ძალა არ დაუტანებია თავისი მრევლის გასაზრდელად და მიზნით, რომლის სახელითაც ბოროტება არ ჩაუდენიათ, ლამაისტური ბუდიზმია, მაგრამ ამ რელიგიის პატივისმცემელი რელიგიური თვალსაზრისით კი არა ვარ, მე იგი როგორც ფილოსოფია (უპირველესად), მორალური კოდექსი და ზნეობა მომწონს. შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს (ალბათ ქვეცნობიერი) და ამ რელიგიის მიწა ისევე დაპყრობილია დიდი და “მოძმე” მეზობლის მიერ, როგორც ჩემი პატარა სამშობლო… და მათზე ფიქრი ერთმორწმუნე ჩინელი ხალხის გვერდით, ჩემს ხალხს მაგონებს – თვითონ არამორწმუნემ მართლმადიდებლობის გამო რუსული არჩევანი რომ გააკეთა და ევროპული არჩევნის გამო კათოლიკე სულხან-საბა სვეტიცხოვლის გალავანში თმებით ათრია (წვერით)… შეიძლება ბიზანტიური არჩევანიც ერთმორწმუნეობის გამო მოხდა ან პირიქით, შეიძლება იმიტომაც იქცა ბიზანტია ჩვენს მეკავშირედ, რომ მართლმადიდებლობა გადავწყვიტეთ და, რადგან მეკავშირეთა არჩევაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ბედი არასოდეს გვწყალობდა, ბიზანტია აღმოჩნდა ის დაბრკოლება და წინაღობა, საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ცრუ დაპირებებით რომ ჩაგვეხერგა. რუსეთის იმპერიამ მოგვიანებით საოცარი სიზუსტით გაიმეორა ბიზანტიელთა გამოცდილება ქართველებთან ურთიერთობაში და ამაოდ იარა ნიკიფორე ირბახმა ევროპულ სამეფოთა კარებზე. არც ჩვენ მოგვიკლავს თავი ევროპისაკენ ლტოლვით, რადგან ჩვენი რელიგიური ცხოვრება სრულიად გვაკმაყოფილებდა, უფრო სწორად, ყოველ საუკუნესა და დროში საკვირველი გულმოდგინებით ვახერხებდით სარწმუნოების შეხამებას ჩვენი ცხოვრების წესთან და ტრადიციასთან, მენტალიტეტსა და მკრეხელობასთან. (ქმედება და ფიქრი რომ ერთი და იგივეა ქრისტიანულად, ამას არ ვგულისხმობთ). “ქართლის ცხოვრება” არც მალავს ჩვენს შეცოდებებს და ალბათ ვინც მას წერდა, იმის შიშიც არ ჰქონდა, ჩამომავლებს თუ გაგვაოცებდა ჩვენი დიდი წინაპრების დიდი ვნებანი. და მიუხედავად ამისა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს და ამ მხრივ სამართლიანად გამოვირჩევით ჩვენსავით პატარა ხალხებისაგან. ჯვრისა და ქრისტიანობისათვის მართლაც მრავალი დიდებული თუ უბრალო ქართველი ეწამა და ეს კონტრასტი ურწმუნოებასა და იმავე დროს საოცარ თავდადებას ქრისტიანობისათვის, ჩემს უცნობ და ამოუხსნელ ქვეყანას მაგონებს, რომლის საიდუმლო ძალა და ენერგია, ნიჭი და უნარი დღემდე მოღწევისა, შეიძლება კიდეც იყოს ასეთი მრავალფეროვანი ღიმილიან-ცრემლიანი ბუნება მისი. სწორედ შინაგანი ბუნებისა გამო, დარწმუნებული ვარ, ნორმალურ ქართველში არ არსებობს სიძულვილი სხვა რელიგიის ხალხთა მიმართ და უფრო მეტიც – წარმოუდგენელია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი პატივს არა სცემდეს სხვათა აღმსრულებლობას და სადაც იწყება სიძულვილი, იქ ყოველგვარი რწმენა კვდება ღმერთისა. და ასევე ღრმად მწამს და მჯერა, მიუხედავად მრავალი ცოდვისა და მკრეხელობისა, ჩემმა ხალხმა მაინც საოცარი სიყვარულით იცხოვრა ღმერთის მიმართ, დღემდე არსებობს და იმ გენიოსმა ღვთისკაცმა შემთხვევით არ ბრძანა სწორედ ქართულად – “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვაყანა”…კალი-განდაკი
გარეჯიდან (სადაც ჩვენი სევდიანი სიჭაბუკე პირველ სიყვარულთან ერთად დარჩა) საღამოობით, მზის ჩასვლისას, ერთი უცნაური ადგილი მოჩანდა ხოლმე – არცთუ დიდი ზომის მთას ზედა ნაწილი ბუნებრივად წაკვეთილი ჰქონდა და საოცრად ჰგავდა მფრინავი თეფშების აეროდრომს. უფრო სწორად (თუ არ ვცდები პირველმა ბოცო წიკლაურმა იხუმრა – ღამღამობით უცხოპლანეტელები სხდებიანო), საოცრად გვინდოდა დაგვეჯერებინა თავად ჩვენ, რომ ადრე თუ გვიან სადღაც აქ მფრინავი თეფშები უნდა გამოჩენილიყვნენ და დავიჯერეთ. იმდენად დავიჯერეთ, რომ შაბათ-კვირას ჩამოსულ სტუმრებს და დამთვალიერებლებს სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად იმ ადგილსაც ვაჩვენებდით ხოლმე სერიოზული სახით და ჩვენს მიერვე მოგონილ ტყუილში ჯიუტად ვარწმუნებდით. ვარწმუნებდით ისეთი მონდომებით, რომ ჩვენს ნათქვამში ეჭვიც არ გვეპარებოდა. ერთი წლის წინ ჩვენი ტელევიზიით გადაცემა აღმოვაჩინე, სადაც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და უნიჭიერესმა ქართველმა გოდერძი ჩოხელმა ულამაზესი ისტორია მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ შემოვიდა კინო მის ცხოვრებაში – პირველი ფილმი, რომელიც ნახა, გუდამაყრელი კინომექანიკოსის მიერ კიტოხში ცხენით ატანილი “ჯარისკაცის მამა” იყო. და სწორედ იმ სცენის დროს, ცხონებული სერგო ზაქარიაძე განწირული ხმით რომ შესძახებს შვილს – ბიჭო გოდერძიო! – პატარა გოდერძი ჩოხელი, დარწმუნებული, რომ ეკრანიდან მას ეძახდნენ, ფეხზე წამოხტა და აქა ვარო – ცრემლიანი ხმით იყვირა. ეს ამბავი ტელევიზიით რომ მოვისმინე, ჩემი ცხოვრებიდან უამრავი ანალოგიური შემთხვევა გამახსენდა, როცა ლამაზი ისტორიის მხოლოდ იმიტომ დამიჯერებია, რომ იგი ლამაზი იყო და იმდენად გამითავისებია, რომ არც არავის შეძლებია ჩემი გადარწმუნება, სწორედ ასე რომ არ მოხდა, რაც მოხდა და არა სხვაგვარად. მრავალჯერ თავად მომიგონებია ამბავი და საკუთარი თავიც დამირწმუნებია მოგონილის სიმართლეში და მერე ვეღარც გავრკვეულვარ, მართლა იყო თუ არა. და მე არ ვიცი, მართლა ასე თუ იყო, მაშინ გუდამაყარში და თავად გოდერძის ისევე სჯერა ამ ლამაზი ისტორიის, როგორც მე – ჩემი გოდერძის. და ალბათ მთავარია, გჯეროდეს და დაიჯერებ და პირიქით – თუ გინდა გჯეროდეს, უნდა დაიჯერო (ავთო შარვაძე). სწორედ ასე გადავწყვიტე, რომ შევძლებდი დაულაგირზე ასვლას. უცებ, ამდენწლოვანი სერიოზული ღვინისძიებების შემდეგ დავიჯერ, სხვებთან ერთად მეც მივაღწევდი მწვერვალამდე და საერთოდ დამავიწყდა, რომ რამდენიმე თვის წინ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფს, სრულიად უიმედოდ დამყურებდნენ აცრემლებული კარდიოლოგები… რადგან გვაგვიანდებოდა, ბოლო სოფლიდან (მარფა) გასულებმა ერთ დღეში კილომეტრნახევარი სიმაღლე ავიღეთ (რეკომენდირებულია დღეში მხოლოდ ხუთასი მეტრი) და კარგა ხნის დაცემულ ბანაკში სულ ბოლოს მივედი. ბოლო აღმართები ბუნდოვნად მაგონდება და მახსოვს, რომ ვუახლოვდებოდი ხუთიათასიან სიმაღლეს და ჩემს გამო უკან მობრუნებულმა ბიძინა გუჯაბიძემ ზურგჩანთა მომხსნა. მახსოვს, როგორ ამარიდა თვალი (უკვე ძალიან თეთრი ვიყავი) ზურა ასტახიშვილმა, პულსი გამისინჯა და არა უშავსო, აშკარად იცრუა. ისინი დაწინაურდნენ ალბათ. ალბათ, რადგან ნისლი წამოვიდა და მარტო აღმოვჩნდი სხვა ბილიკზე. გზა ამებნა აშკარად და ზურა-ექიმსა და ბიძინას ზევით, ჩემგან საკმაოდ შორს მოვკარი თვალი. კარვებამდე მიღწევას ორი იმდენი (თუ მეტი არა) ენერგია მოვახმარე, ვიდრე საჭირო იყო; ბიჭებმა ცხელი ჩაი დამახვედრეს. ჩემთვის იმდენად გაიშვიათებული აღმოჩნდა ჟანგბადით ჰაერი და იმდენად დაღლილი და დაწრეტილი ვიყავი რვადღიანი მარათონის გამო, არანაირი ძალა და ღონე არ გამაჩნდა ნაბიჯის გადასადგმელად. როგორც ჩვენში იტყვიან, სანამ რამსი ამერეოდა, კარგად მახსოვს დათო ჩანტლაძის ხმა – იარე და არ გაჩერდე, სისხლმა უნდა იმოძრაოს და ტვინამდე ააღწიოსო. სიარული და მოძრაობა აღარ შემეძლო (რომელიღაცას ვთხოვე კიდეც, გადამაყენეთ-მეთქი), ტვინში კი, როგორც ჩანს, სისხლის მიწოდება თუ საბოლოოდ არ შემწყდარა, სერიოზულად ნამდვილად შემიფერხდა და სხვას რას უნდა დავაბრალო ჩემი უეცარი დადებილება, რომ ყველას სახელი მოულოდნელად დამავიწყდა და მიუხედავად ერთად გამოვლილი გრძელი გზისა, ექსპედიციის ვერც ერთი წევრი ვერ ამოვიცანი. თითქოს მახსოვდა ზოგიერთი მათგანი, მაგრამ კარავში შემოყოფილ თავებს რომ დავაკვირდებოდი, მაინც არაფერი გამომდიოდა. ჩემს გვერდით გამუდმებით ვიღაცის ხმა ისმოდა – ჰაერმა უნდა იმოძრაოს, ჰაერი სჭირდება ამასო. შენ ვიღა ხარ მეთქი – იმ გვერდითას რომ გადავხედე – ექიმი ვარ, ზურაბ ასტახიშვილიო – მხოლოდ მაშინ გაჩერდა. ჰაერი კი მართლა მჭირდებოდა, უფრო სწორად, ჟანგბადი და ვეღარ ვსუნთქავდი. უროსაც გამუდმებით მირტყამდა ვიღაც თავში და გადავწყვიტე, რომ ვკვდები. უფრო სწორად კი ასე გადაწყდა და სხვა რა გზა მქონდა. სიკვდილის არ შემშინებია (გულახდილად), შემეშინდა გარდაცვალების უდროობის და ექსპედიციის ჩაშლის. და შემრცხვა, რომ ჩემს გამო ამდენ კარგ ბიჭს ამდენი ხნის ოცნება ისევ ოცნებად უნდა დარჩენოდა. და სრულიადაც არ შემრცხვა ცრემლების, უცებ რომ წამომივიდა (როგორც გარეჯში, პირველად რომ ვნახე, რუსები როგორ ესროდნენ ფრესკებს ყუმბარებს) და გულწრფელად ვიტირე, რადგან მივხვდი, რომ ხვალიდან გაძევებული ვიყავი ექსპედიციის რიგებიდან და მე კი ასე უსაშველოდ, ასე ძალიან მინდოდა მათთან ერთად ყოფნა. ის ერთადერთი ჟანგბადის ბალონიც არ გამოვიყენე და დილით, როცა განაჩენი გამოტანილ იქნა (განსაკუთრებით აქტიურთა გვარებს არ დავასახელებ) უხმოდ შევკარი ბარგი, სათითაოდ გადავკოცნე ყველა და ბილიკს დავუყევი. სულ ბოლო წამს მაინც მივიხედე უკან, რეზოს და პადოშას ხელი ავუწიე, უკვე აღმართში მიმავალ აფი გიგანსა და გელა ოთარაშვილს გავხედე და ქვემოთ დავეშვი. ყოველი მეტრი ძირს ახალი შვება იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც აუჩქარებლად ჩავიარე გზა და დაღლის მიუხედავად ბულგარელების ექსპედიცია მოვძებნე მარფაში. ბულგარელების ექიმმა სადილი მიატოვა და რჩევები მომცა. სიარული და მძაფრი მოძრაობები ამიკრძალა, მაგრამ მარფაში რაღა გამაჩერებდა და საღამოს ჯომსომში გავიპარე. ჯომსომი სწორედ ის სოფელია, სადაც პატარა თვითმფრინავებისათვის პატარა აეროდრომია და იმ ღამესვე იქაური უფროსობა მოვიკითხე (ვერტმფრენის იმედი მქონდა – თავისთავად იდიოტური იდეაა აკლიმატიზაციის გარეშე გადაფრენა საბაზო ბანაკში, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მექნა?). ჯერ მითხრეს – დჰაულაგირზე ბევრი ექსპედიციაა და ვერტმფრენი ვერ დაჯდებაო. თოკით დამიშვით-მეთქი. თოკის კიბეს არ ვიყენებთო, ჩამაგდეთ-მეთქი (ახლო მანძილიდან). ხელს ვერ გკრავთ, ბუდისტები ვართო. მე თვითონ გადავხტები, ჯანდაბას-მეთქი და ფასი ვკითხე. ისეთი თანხა დამისახელეს, კონვერტში ჩადებულს სადაც მომცემენ, იქიდანვე გადავფრინდები, საითაც მეტყვიან, ფრთების გარეშე, ნებისმიერ მანძილზე და მიმართულებით. მოკლედ, ეს ბოლო იმედიც ჩაკვდა და დასაძინებლად წავლასლასდი. მქონდა თავბრუსხვევები და მაწუხებდა თვალების ტკივილი. მეძინა ცუდად და გამთენიისას უკვე აეროპორტის მოსაცდელში ვიჯექი. მახსენდებოდა რეზო ინანიშვილი და ვერტმფრენის მომლოდინე თუშები. ჩემთან ერთად პოკჰარის რეისს ინგლისელები უცდიდნენ (ინგლისურზე მივხვდი). მოწყენის მიზეზი მკითხეს (ერთ-ერთმა მშვენიერმა გოგონამ, სხვათა შორის). მე ჩემს მეგობარ ინგლისელებზე ვკითხე (მწერლებზე, რა თქმა უნდა) თუ იცნობთ-მეთქი და ჯენეტ ვინტერსონის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდათ. თუ მაინც კატმანდუში მიდიხარ, პოკჰარიდან ტყუილად ამდენი ფული უნდა ხარჯო და ჩვენ გამოგვყევი კალი-განდაკზე ნავებით უნდა დავეშვათო. ნავში საერთოდ არ ვმჯდარვარ-მეთქი წამომცდა და სწორედ აქ, იმ მშვენიერმა გოგონამ (ვინც პირველი გამეცნო) თქვა ის საბედისწერო ფრაზა, რომელმაც უმძიმესი წუთები განმაცდევინა ჩემი ცხოვრების და ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვა კი იყო – ხომ არ გეშინიაო?!… რეზინის გასაბერი ნავი მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი და ადიდებულ მდინარეებზე ნიჩბებით დაშვებულ ადამიანებს ჩვეულებრივ სულელებად ვთვლიდი, მაგრამ რეიჩალდმა შეკითხვა რომ გამიმეორა – ხომ არ გეშინიაო, და ირგვლივ მყოფთა დაინტერესებული თვალები დავაფიქსირე, არა-მეთქი ომახიანად წარმოვთქვი და ამ უცნაურ წინადადებას როგორც ჭეშმარიტი გურჯი, საბოლოოდ დავთანხმდი. იმ პატარა თვითმფრინავში კი (რატომღაც რუსი პილოტები რომ მართავდნენ) რეიჩალდმა (სინამდვილეში მას რეიშელ ერქვა) კიდევ ერთხელ მკითხა – ხომ არ გეშინიაო და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ჩვენი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად იმ ნავში მთელი ქართველი ხალხის სახელით მომიწევდა ჩაჯდომა. პოკჰარაში ინგლისელების ჯგუფს კიდევ ორი ჯგუფი შემოუერთდა – იაპონელების და საერთო ევროპული, და მდინარე კალი-განდაკს სამი დიდი რეზინის გასაბერი ნავით დავუყევით. მე მხოლოდ ჟილეტის (წყალში რომ არ ჩაიძირო) და ჩაფხუტის (მუზარადის, იგივე “კასკის”) ფული გადამახდევინეს, იქვე რომ მომაქირავა მასპინძელმა კომპანიამ. ყოველ ნავში იმ კომპანიის ორი წარმომადგენელი ზის. ერთი – გიდი, რომელიც უკნიდან იძლევა მითითებებს და გვკარნახობს, რომელმა მხარემ უნდა მოუსვას ნიჩაბი და როგორი სიხშირით. მეორე კი მზარეულია, რომელსაც შუაგულ ნავში დაბმულ ბარგზე აკისრია პასუხისმგებლობა და, გარდა ამისა, ყოველ საღამოს (მდინარის პირას დაცემულ ბანაკში) სადილს ამზადებს. ჩვენს ნავში სწორედ უკანა ვაკანტური ადგილი დავიკავე, რომლის გამოც ასე ადვილად დამთანხმდა ნეპალური კომპანია, უფულოდ შემევსო ჯგუფი. მათთვის აუცილებელი ბალანსი და ორივე მხარეს თანაბარი რაოდენობის ნიჩბები ძალზედ მნიშვნელოვანია ცურვის დროს და ადგილებსაც ფიზიკური მონაცემების მიხედვით ანაწილებენ. პირველ საღამოს, როგორც ვთქვი, უკან მომიწია ჯდომა და რამდენიმე დღიანი ერთ-ერთი უდიდესი და შთამბეჭდავი თავგადასავალი ჩემი ცხოვრებისა ღმერთების მდინარეზე უღმერთოდ დაიწყო. უღმერთოდ, რადგან ქალის რჩევას ავყევი და რაც გადამხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ბრალია. რადგან უძველესი ოსმალური სიბრძნე აღარ გამახსენდა – ყურადღებით მოუსმინე ქალს და ყველაფერი გააკეთე საწინააღმდეგოდ!… ჯგუფის დანარჩენ წევრებს რა ენაღვლებოდათ, ქალიან-კაციანად (როგორც მოგვიანებით გამომიტყდნენ) ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ და სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მდინარეებზე დაშვების რამდენიმეწლოვანი გამოცდილება ჰქონდათ. ნეპალამდე ორი კვირით ადრე ახალ ზელანდიაში იყვნენ და გიჟებივით უხაროდათ, რომ როგორც იქნა, ნამდვილ მდინარესთან ექნებოდათ საქმე, უდიდესი ლოდებითა და ტალღებით, საშინელი სისწრაფითა და უზარმაზარი პიტალო კლდეებით. მათ ახარებდათ ზუსტად ის, რამაც რამდენიმე დღეში გამაჭაღარავა შიშისაგან – ვგულისხმობ მდინარის იმ მონაკვეთებს, სადაც იგი ვიწროვდებოდა და კლდეებს შორის საშინელი სისწრაფით მიგვაქანებდა უზარმაზარი ლოდებისაკენ. ნეპალელი გიდი უკნიდან განწირული ხმით გვკარნახობდა, რა უნდა გვექნა და მახსოვს, ძალას ჩემში ნიჩბის მოსასმელად, მიუხედავად იმისა, რომ მართლა აღარ მქონდა, მაინც ვპოულობდი. ვპოულობდი შიშის გამო და ნიჩაბს იმ ტალღას ვუხვედრებდი, რომელიც რამდენიმე წამში გამაპობდა და ზოგჯერ როცა გაგიჟებული მდინარიდან აზიდული ტალღა თავზე გადაგვივლიდა, შიში მიასკეცდებოდა, რადგან ვეღარაფერს ვხედავდი და მხოლოდ ჩვენი გამოცდილი გიდის იმედითღა ვიყავით. თუმცა მათაც (მიუხედავად გამოცდილებისა) ძალიან უჭირდათ, რადგან ლოდების განლაგება ხშირად შეცვლილი იყო და ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ჩანდა. და ასეთ დროს კივილით ვეშვებოდით ახალწარმოქმნილ ჩანჩქერში და კივილი კი, ძალაუნებურად, თუნდაც შიშისაგან, აღმოგხდება. იყო ისეთი მონაკვეთებიც კალი-განდაკზე, რომელთა მიახლოებისას ყველა გიდი ნაპირზე გადადიოდა, სამასამდე მეტრით წინ დაწინაურდებოდნენ, ლოდების განლაგებასა და ტალღების სავარაუდო სიდიდეს შეისწავლიდნენ, კლდეებს დაზვერავდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. გულახდილად გვთავაზობდნენ (იმდენად საშიში მონაკვეთი გველოდა წინ) სურვილისამებრ ჩამოვსულიყავით და ფეხით გავყოლოდით მდინარის ნაპირს. როგორ მინდოდა ხოლმე გადმოსვლა, მაგრამ როგორი გადმოსასვლელი იყო – ევროპის უმშვენიერესი არსებები მშვიდად ისხდნენ ნავებში და ჩემს გადაწყვეტილებას ელოდნენ, და მეც ვრჩებოდი გაუბედურებული და გათეთრებული (მოკლე ჭკუის გამო) და ასეთ წუთებში ვფიქრობდი ჩემს შვილზე, ჩემს პატარა ანა-მარიამზე, რომელიც ასე შორს იყო ჰიმალაებში ჩაკარგული გადარეული მდინარისაგან და მწყდებოდა გული, რომ ვკვდებოდი აქ, ყოვლად უაზროდ, ლამაზი, მაგრამ სულელი ქალების მიზეზით. და იყო წუთებიც, როცა ჩვენი გადარეული ნავი განწირულივით მიაპობდა აზვირთებულ ტალღებს, ვფიქრობდი საკუთარ ნეკროლოგზე და სამშობლოში გადასვენების ხარჯებზე, როგორც საბოლოოდ შეგუებული ამგვარ დასასრულს. თუმცა დასასრული, სიცოცხლის გარდა, ყველაფერსა აქვს, და საღამოობით ჩვენი მოგზაურობაც სრულდებოდა. თუმცა დროებით და მეორე დილამდე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან მიწაზე ვიდექი და არა წყალში, ჩემი კარვის წინ და მდინარის ქვიშიანი ნაპირიდან ავყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ცა იყო საოცრად ლამაზი, მაგრამ მე მაინც მესხეთის ცა მირჩევნია სოფელ ოთაში ნანახი და ანასავით მენატრებოდა სამცხის მთვარე. რამდენიმე სასიამოვნო წუთი იმ ტანჯვასა და ვაებაში მაინც გამოერეოდა ხოლმე და ცეცხლის პირას, ცხელ ჩაისთან ერთად, სიამოვნებით ვუყვებოდი ტყუილსა და მართალს პირდაბჩენილ ევროპას საქართველოს შესახებ. მსიამოვნებდა ქვიშიან ნაპირზე ფეხშიშველა სიარული და სოფლის ბავშვებთან ერთად გველების დევნა (სანამ ერთ-ერთი, ორი მეტრი სიგრძისა დაახლოებით, უკან არ მოგვიბრუნდა და აქეთ არ გვარბენინა სტუმარმასპინძლიანად). კი ვთქვი, მაგან შემოტრიალება იცისო, მაგრამ ვინ დამიჯერა – სწორედ იმ სოფლის ბავშვები (სხვებისაგან განსხვავებით) ჩემდაჭირად დაუჯერებლები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, ისეთი სოფლებიც ვნახე ხეობების თავზე, სადაც ცხოვრება არათუ შესაძლებელი, წარმოუდგენელიცაა, მაგრამ ადამიანები იქ ჩალითა და ისლით გადახურულ ქოხებში მაინც ცხოვრობენ. მათ არასოდეს უნახავთ ტელევიზორი და ტანზეც ფაქტიურად არაფერი აცვიათ. მთელი დღე უგონოდ დაბოლილები არიან და დაღამებამდე, დიდი ამოჩემებული ხის ძირას სხედან. კიდევ ერთხელ სხვათა შორის და ჩვენი ნავის გიდი, სახელად კალუ, რომელიც შერპა იყო, აგრეთვე მოყვარული აღმოჩნდა მოსაწევის და წყალ-წყალ, მდინარის ჩაყოლებაზე, მოსავლის ასაღებად მიუწევდა ხოლმე გული. მთებში კაცის სიმაღლისა (და უფრო მეტიც) იზრდება ეგ ოხერი და მართლა მაგარი გული უნდა გქონდეს, ბაღ-ბოსტნებს რომ მშვიდად ჩაუარო. კალუ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვთხოვე, არ დამღუპო, ნავში ნუ ეწევი-თქო, მაინც მიადგებოდა ხოლმე სოფლის შესასვლელთან ჩამომჯდარ, მზეს მიფიცხებულ რომელიმე მოხუცს და პაპა, დამაბოლეო – სთხოვდა. მეც მთავაზობდა კალუ (საკმაოდ კეთილი გული ჰქონდა), მაგრამ მე აბა კიდევ ეგ მინდოდა? (ძაან შიშები იცის!)… ისედაც შიშისაგან ჩასველებას (ამხელა მუტრუკს) ზოგჯერ აღარაფერი მაკლდა. უკვე ქვემოთ, ტროპიკულ სარტყელში, მიუხედავად არამუსონური სეზონისა, საშინელმა თავსხმა წვიმამ მოგვისწრო ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე – მდინარე დავიწროვდა და წვიმის ხმას აქეთ-იქედან კლდეებზე ჩამოკონწიალებული ორასამდე მაიმუნის კივილის ხმაც დაერთო. ეტყობა ხმაურის გამო ბოლო ნავიდან როდის და როგორ გადავარდა მშვენიერი ჯეიმი, ვერავინ დაინახა. ტალღებს რომ გავცდით, მისი გაუჩინარება მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინეთ, მაგრამ ჩვენი დახმარება აღარ სჭირდებოდა – უკვე სამშვიდობოს იყო და ცერა თითის აწევით – ნუ გეშინიათო – ჩვენსკენ მოცურავდა. წყალში გადავარდნა დიდი ტალღების დროს საკმაოდ იოლია, რადგან დაბმული არანაირად არა ხარ და მხოლოდ ცალი ფეხი გაქვს გაყრილი სპეციალურად ამისათვის არსებულ ამოსადებში. მაგრამ ფეხი თავისუფლად უნდა გქონდეს, რადგან ნავის გადაბრუნების შემთხვევაში, თავი არ ურტყა ჩახერგილ ლოდებს. იქ, სადაც ჯეიმი გადავარდა, საშინლად სწრაფი დინება იყო და მან ჩაფხუტი (იგივე “კასკა”) დაკარგა – წყალმა წაართვა და მის ძებნას, რა თქმა უნდა, აზრი არა ჰქონდა (მუზარადს კი არა, ზოგჯერ ნავს ძლივს პოულობენ). მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმის ნავში რამდენიმე ბიჭი იჯდა, ჩემი “კასკის” დათმობა ჯეიმისთვის მაინც ვერცერთმა დამასწრო და იქნებ არც უფიქრიათ. ფაქტია, რომ ყველას დამოკიდებულება ჩემს მიმართ საოცარი უკეთესობისკენ შეიცვალა, და რამაც ყველაზე მეტად გამახარა, ამ მშვენიერ გოგონებს, იმ წვიმიანი დღის შემდეგ, ცხელი ჩაი დილაობით კარავში მოჰქონდათ ხოლმე ჩემთან და, რაც მთავარია, რიგ-რიგობით. არათავმდაბლობის გამო ვიტყვი, რომ არაფერი მსგავსი თავის დროზე ქართველი ექიმის, ბატონ გივი ჟორდანიას მიერ ჩადენილი გმირობისა, როცა მან არგენტინელ ბავშვს ოკეანეში თავისი ჟილეტი დაუთმო, მე არ გამიკეთებია. გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი ნორმალური ქართველი გააკეთებდა და რაც შეიძლება ცოტა ძნელიც იყოს მისახვედრად ნებისმიერი ევროპელისათვის. თუნდაც ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გულგამწყრალი ვარ მასზე, გაგიჟებით მიყვარს ჩემი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ნორმალურ ქართველზე (ნორმალურს ხაზს ვუსვამ) გონებრივად და სულიერად ჯანმრთელი კაცი არც არსებობს დედამიწის ზურგზე… რამაც განსაკუთრებით გამახარა (ამ შემთხვევაში ჩვენგან განსხვავებით), ნეპალელების დამოკიდებულება იყო საკუთარი ქვეყნის მიმართ. ხომ მართლა დეტალია, მაგრამ სადაც არ უნდა გაგვეშალა კარვები (თუნდაც სრულიად უკაცრიელ ადგილას), ჩვენი ნეპალელი გამყოლები ყოველ დილით საგულდაგულოდ წვავდნენ სადილის ნარჩენებს ან თხრიდნენ ღრმა ორმოებს და ასეთივე გულმოდგინებით მარხავდნენ დაგროვილ ნაგავს. გამაკვირვა აგრეთვე ადგილობრივი (ზოგჯერ მართლა ტყიური) მოსახლეობის მშვიდმა დამოკიდებულებამ უცხოელთა მიმართ და რამდენჯერმე წარმოვიდგინე ანალოგიური სიტუაცია ჩვენთან საქართველოში – სადმე (ვთქვათ, კასპის რაიონში) რომელიმე სოფელთან მდინარის პირას ფაქტიურად შიშველმა ინგლისელმა, დანიელმა და შვეიცარიელმა გოგონებმა ბანაკი რომ დასცენ, რა ამბავი ატყდება. ნაპირის გარდა ნეპალელები საოცარ პატივს სცემენ თავად მდინარესა და უდიდესი მოწიწებით ეპყრობიან მას. და ეს დამოკიდებულება წყლისადმი აშკარად გადამდებია და, რა თქმა უნდა, მეც გადმომედო. უფრო მეტიც – მდინარის მიმართ პატივისცემის გარდა სიყვარულიც გამიჩნდა და როცა შიშებს მოვერიე, იგი საკმაოდ აზარტული გამოდგა. იმდენად, რომ ბოლო დღეებში წინ პირველ ეშელონში ვითხოვდი ადგილს და ისიც კი დავაფიქსირე ჩემში, როგორ ველოდებოდი ტალღას მართლა დიდი აზარტითა და სურვილით, რომ დამეძლია ის. მდინარის ყოველ რთულ მონაკვეთს თავისი საკუთარი სახელი ჰქვია და ბოლოს წინა დღეს იმ დღის უკანასკნელ სირთულეს, რომელსაც აშკარად ხუმრობით ნეპალურად “მცირე ტალღა” ერქვა, ვეღარ მოვერიეთ. ტალღა იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ დარტყმისთანავე ჩვენი ნავი ჰაერში ამოტრიალდა და მახსოვს ფეხის გამოძვრენა (იმ ამოსადებიდან) მაინც მოვასწარი (ტვინი ალბათ ავტომატურად მუშაობს, რადგან სრულიად გათიშული ხარ) და რამდენიმე წამში წყალმა ზემოთ ამომაგდო. ტალღას თავზე მოვექეცი და იმის დანახვა მოვასწარი, რომ შემდეგ ნავსაც ჩვენნაირი ბედი ეწია (მესამე აღარ დამინახავს) და მდინარემ საშინელი სისწრაფით წამიღო. საბედნიეროდ, ლოდს ან კლდეს არ შევხებივარ და წყალი რომ გაიშალა და მდინარის სისწრაფემ იკლო, საბოლოოდ დავმშვიდდი. დაახლოებით ორი საათი ერთმანეთისა და ბარგის ძებნას მოვანდომეთ. მე არაფერი დამიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ნავი დაიშალა და თოკები გაწყდა (გვარს არ დავასახელებ და ზოგიერთმა ტანსაცმლის გარეშე გააღწია ნაპირს). სწორედ იმ დილით საქორწილო ბეჭდის მოძრობა დამავიწყდა და დაკარგვის მეშინოდა და როგორც კი ამოვყვინთე, მაშინვე მარჯვენა ხელის თითებს დავხედე. ბოლო ბანაკი კუნძულზე დავეცით, კარვები გავშალეთ და კოცონის გარშემო ცხელი სუპის ხვრეპითა და ცემინებით დილამდე ვშრებოდით. დილამდე არ დაგვიძინია, რადგან ბოლო ერთობლივი ღამე იყო და ერთმანეთის ნახვა მეორე დღიდან მხოლოდ კატმანდუში შეგვეძლო. კატმანდუში დაბრუნებულს კი ერთი სიურპრიზი მელოდა – “აეროფლოტის” თვითმფრინავზე (ალბათ სიიაფის გამო სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით) არც ერთი თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა და ნეპალში კიდევ ორი კვირით მომიწია დარჩენა. კალი-განდაკის შემდეგ ჩვენს პატარა სასტუმროში დაახლოებით სამი დღის მანძილზე (აბსოლუტურად ძალაგამოცლილს) თითქმის გადაბმულად მეძინა. მესიზმრებოდა, რომ ვიყავი გემის კაპიტანი და ჯეიმს კუკი მთხოვდა, მეც წამიყვანე ავსტრალიის აღმოსაჩენადო. მეორე დილით ბარგი ისევ შევკარი და ამჯერად ნამდვილი ჯუნგლების სანახავად გავემგზავრე.სადაც მელოდებიან
იქ, სადაც მელოდებიან (თავისთავად კარგია, როცა ვიღაც გელოდება) და რასაც ჩემი სამშობლო ჰქვია, სულ მალე არჩევნები უნდა ჩატარდეს და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ შორს ვიყო პოლიტიკისაგან, იგი მაინც ჩემი ქვეყნის მომავალს ეხება და ბუნებრივია, მისი შედეგებით დაინტერესებული ვარ. თუმცა, რაღა დასამალია და, ვიცნობ რა ასე კარგად ჩემს სამშობლოში ამომრჩეველთა უმრავლესობას, არჩევნების შედეგებზე ზუსტი თუ არა, მიახლოებითი წარმოდგენა მაინც მაქვს. უფრო გულახდილი რომ ვიყო, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერადაც ბოლშევიკები გაიმარჯვებენ. ბოლშევიკები ჩემთვის (მემარცხენეებიცა და მემარჯვენეებიც) უმრავლესობას ნიშნავს და სადაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტით იმარჯვებს, იქ და იმ ქვეყანას აუცილებლად ემუქრება სამომავლოდ დიქტატურის საფრთხე და ამის მთავარი მიზეზი თავად გამარჯვებულია (ან გამარჯვებულთა ჯგუფი), რომელიც იჯერებს რომ მოსახლეობის უმრავლესობა მისი (ან მათი) მომხრეა და სწორედ ამ ილუზიაზე დაყრდნობით ის (და ისინი) თავს იმის უფლებას აძლევს (ან აძლევენ) კანონის ნაცვლად თავად მართოს (ან მართონ) სახელმწიფო. სახელმწიფოში კი უზენაესი მხოლოდ და მხოლოდ სწორედ კანონი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სახელმწიფო კი არა, ტომია და სულაც არ არის აუცილებელი, ბელადმა ამოსაცნობად ბატის ან სირაქლემას ფრთა ატაროს. რაც შეეხებათ მხარდამჭერებსა და მომხრეებს, ხშირად ისინი მართლა უმრავლესობაა, მაგრამ უფრო ხშირად ჭეშმარიტება სწორედ უმცირესობის სახელმძღვანელოა და არა პირიქით, და გარდა იმისა, რომ ყველანაირი დიქტატურა (კანონის დიქტატურის გარდა) მართლაც სამარცხვინოა მეოცე საუკუნის ბოლოს და აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი ჩუმად ჩვენს თავს ვუტყდებით ხოლმე, მართლა ძლიერი და მკაცრი ხელი ხომ არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაინც სხვა, დემოკრატიული გზა უნდა ვცადოთ და არა დიქტატურა, და მკაცრი და ძლიერი კანონთა კოდექსი უნდა იყოს, რომელმაც უნდა მართოს კიდეც ჩვენი სახელმწიფო. და ეს თუნდაც იმის გამო, რომ ქართველი მაინც ვერ შეეგუება თუნდაც თავისსავე გაბატონებულ ერთპიროვნულ ძალას და ადრე თუ გვიან მისი მოწინააღმდეგე გახდება. და მაშინ დიქტატორ ხელისუფალსა თუ ხელისუფალთ აღარაფერი დარჩენია, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო, გარეშე ძალას უხმობს – როგორც ეს ხშირად ხდებოდა და ხდება. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქართველი იტანდა (და შეიძლება სამომავლოდ შეეგუოს) მეფე იყო – ქართველი მეფე, ღვთის ძედ წოდებული და ვინც საქართველოს ისტორია კარგად იცის, დამეთანხმება, მაგრამ ორი საუკუნით გაწყვეტილი შინაგანი თაყვანისცემა და სიყვარული მეფისადმი შეიძლება დღეს ძნელად აღდგეს და როგორც კი ხორხე ბატონიშვილი რუსთავის ტრასაზე თავის ფორმულა ერთს გაარბენინებს, იუმორისა და ხუმრობის მოყვარულ ქართველ კაცს რაღა დააშოშმინებს. ყველაზე მისაღები მაინც ალბათ პარლამენტური რესპუბლიკა იქნებოდა საქართველოსთვის, ოღონდ განსხვავებით დღევანდელი სიტუაციისაგან, პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, დეპუტატის ფუნქციას რა წარმოადგენს და საერთოდ რას ნიშნავს დეპუტატი. რადგან ვატყობ, რომ საქართველო ისეთი სახელმწიფო, რომ მინდა და ვოცნებობ, კარგა ხანს არ იქნება, ის ჩვენი ძველი ოცნება მახსენდება პატარა ქალაქის აშენებისა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი სტუდენტობის დროს დაიბადა. იმ ქალაქს რა ერქმევა, ჯერ არ გადაგვიწყვეტია (შეიძლება ერქვას “გუგულეთი” და არა “გუგუნეთი”, როგორც თბილისელ გოგონებს უყვართ ხოლმე თქმა – მაგრად ვიგუგუნეთო, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ცეკვას ნიშნავს). თუმცა აქ მთავარი სახელი კი არაა, არსია, და ეს ჩვენი ოცნების ქალაქია. სხვათა შორის, შარშან იმ ქალაქის კონსტიტუციის ძირითად მუხლებსა და პრეამბულაზე სერიოზულად ვიმუშავე და არცთუ უშედეგოდ. რა თქმა უნდა, ჩვენი პარლამენტის მიერ შექმნილ ისტორიულ დოკუმენტთან ახლოსაც კი ვერ მოვა ეს მოკრძალებული ცდა, მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მთავარია, რომ გადაწყდა მოქალაქეობის საკითხი და იმ ჩვენს პატარა ქალაქში ისინი იცხოვრებენ, ვისაც უკვე მობეზრდა ერთმანეთის საამებლად ნათქვამი სადღეგრძელოების მოსმენა და ღვინის სმის გარდა (ან პარალელურად) რაღაცის კეთება შეუძლია ან თუნდაც სურვილი აქვს. უკლებლივ ყველა ქართველ დედას ვინაიდან თავისი შვილი აგული ერისთავივით ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი ჰგონია, იმ ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა შერჩევა სწორედ საპირისპირო პრინციპით მოხდება და იქ არავითარ შემთხვევაში არ დაირგვება არც ერთი კაკლის ხე, რათა მათი ფოთლების შრიალქვეშ ქართველებმა ისევ საუკუნო ძილს არ მისცენ თავი. (იმიტომაც ითხოვდნენ კომუნისტები “დაე იშრიალონ კაკლის ხეებმაო”, რომ კაკალი სწორედ იმ ნივთიერებას გამოყოფს თურმე, სხეულს რომ აძინებს და ადუნებს). იმ ქალაქში იქნება საღამოს კლუბები, სამსახურიდან დაბრუნებული ხალხისთვის როგორც ოჯახური, ასევე სხვა დანარჩენი ინტერესებისდა მიხედვით (იარსებებს, რა თქმა უნდა, ღამის ისეთი კლუბიც, სადაც სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, რათა ჩვენს მოქალაქეებს იგი აგრესიაში არ გადაეზარდოთ დანარჩენთა საზიანოდ. და, სხვათა შორის, დროა თავი დავანებოთ გაუთავებელ სიამაყეს ქართველ ქალთა ზეგარდმო პატიოსნებით, გავიხსენოთ თუნდაც მედეა კოლხი და დავიჯეროთ, რომ ბოზები ყველგან არიან და მათ შორის საქართველოშიც). ჩვენს ქალაქში, რა თქმა უნდა, სასტიკად აიკრძალება აკვნების გამოყენება და ზოგიერთი, იდეოლოგიურად გაუმართლებელი ფილმი (როგორიცაა იგივე “აკაკის აკვანი”), რადგან აკვანი არასწორი ფიზიკური და სულიერი განვითარების საწინდარია სიყრმიდანვე და ჩვენი უმთავრესი საზრუნავი კი ბავშვი იქნება – მისი ადამიანად ქცევის ყველაზე ოპტიმალური პროცესი. ამის იმედი მაქვს, რადგან ოდესღაც ქართველთა სულიერ ჯანმრთელობაზე ჩემთვის თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ იმ მრავალ კედლის მხატვართა შორის, რომელთაც საქართველოში უმდიდრესი ფრესკები შექმნეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შთამომავლებს მათი სახელები არ შემოგვრჩა. როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს და დაუჯერებელი დღევანდელი ქართველისათვის, ფაქტი ფაქტად რჩება, – ისინი ხატავდნენ, ქმნიდნენ და სახელს არ ტოვებდნენ. და თუნდაც ერთი წამით წარმოვიდგინოთ – რაოდენი შვება იქნებოდა საქართველო ამბიციების გარეშე… ჩემი კიდევ ერთი ოცნებაც სწორედ ესაა – სამშობიარო სახლის აშენება, სადაც ქართველი დედები სიამოვნებით გააჩენენ უამბიციო შვილებს. თუმცა უამბიციოდ შეიძლება ის უნარი არსებობისა დაგვიჩლუნგდეს, რომელმაც დღემდე მოგვაღწევინა და მახსოვს, როგორ გამახარა სითავხედეში გადაზრდილმა ამბიციამ, ქართველებმა პარიზში პარფიუმერიის წარმოება რომ დაიწყეს რამდენიმე წლის წინ და საფრანგეთში კი იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში ამის საშუალება მათ არავინ არ მისცა. და სანამ უზარმაზარ ახალგაზრდულ (და არა მარტო ახალგაზრდულ) ენერგიასა და ინიციატივას სარეალიზაციო ასპარეზი არ ექნება საქართველოში, მანამ არ შეწყდება გაქცევის პროცესი და სრულიად ადვილი შესაძლებელია, ხვალ ან ზეგ მარტო მინისტრები დარჩნენ საქართველოში, რამდენიმე ერთგული მრჩევლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირ პროგრესზე საუბარი დროის დაკარგვა იქნება და უამრავი ოჯახი საქართველოში ისევ იმ საბჭოურ პერიოდზე იოცნებებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროდუქტი მაინც რომ ჰქონდა. მაგრამ არსებობს უმარტივესი, ჩვეულებრივი და პრიმიტიული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც არც ეკონომიკური და არც აგრარული რეფორმები სჭირდება და საკითხი იმდენად მარტივია, რომ მის გადასაჭრელად სულაც არაა აუცილებელი ჰარვარდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრო და ჩვენ მათ ყოველდღიურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. და სულაც არ მინდა მშურდეს ნეპალელის და დავიჯერო, რომ მას თავისი ქვეყანა უფრო მეტად უყვარს, ქვეყანა, რომელიც იმ დარჩენილ ათ დღეში სოფელ-სოფელ მოვიარე.გზა, რომელიც მთავრდება
ნეპალში ჩამოსულ ტურისტთა უმრავლესობა თავს მოვალედ თვლის, ამ ქვეყნის ნამდვილი ჯუნგლები ნახოს, რომელსაც ამჟამად ჩიტვანის ნაციონალური პარკი ჰქვია და მის მოვლაზე საგულდაგულოდ ზრუნავს სახელმწიფო. ეს უზარმაზარი ტერიტორია გარეული (ყოველგვარი) ცხოველებით მეც მოვინახულე, მაგრამ ნეპალის ინდუსტრიულ და არაინდუსტრიული განვითარების პროგრამაში ჩართულ ნადირთა ნახვამ ცოტა არ იყოს, დამანაღვლიანა. ყველანაირი ცხოველი ვნახე, რაც კაცს მოაფიქრდება ჯუნგლების ხსენებაზე, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი (და ამავე დროს დამთრგუნველი) სპილოების მიერ იქვე ტურისტთა თვალწინ, სახელდახელოდ დამყარებული ინტიმური კავშირი იყო. არ ვიცი, ამ ნომერს წინასწარ ამზადებენ თუ იგი სპონტანურად ხდება, მაგრამ მამალმა სპილომ აღგზნებულ მდგომარეობაში პარტნიორისკენ (ანუ დედალი სპილოსკენ) რომ გაიწია, ჩემს გვერდით ამერიკელ ბაბო-ტურისტს გული წაუვიდა და თქვენ არა, თქვენ ნუ გეშინიათ-მეთქი, – ძლივს მოვაბრუნე. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ხდებოდა, მაგრამ პირველი, რამაც დამაეჭვა – მათი უხალისო გამომეტყველება გახლდათ და მეორე, როცა გამოგვიცხადეს, რომ მალე შეიძლება სპილოებიც შემოგვეფეთონო, ბოდიშის მოხდით ფოტოაპარატები ჩამოგვართვეს. ხოლო იტალიელებმა რომ იყვირეს, სწორედ ამის გადაღება გვინდოდაო, მასპინძლებმა იქვე შემოგვთავაზეს უკვე დამზადებული, დაბეჭდილი ფოტოები სწორედ იმ პოზაში, წუთის წინ სპილოები რომ ვნახეთ. მაშინ კი მივხვდი, რომ აქაც ბიზნესის მკაცრი წესი და კანონი ბატონობს და იძულებული ხარ სწორედ ეს ფოტოები შეიძინო, მაგრამ ვერაფრით გავარკვიე, როგორ გაგიჟებითაც არ უნდა უყვარდეთ დედალ და მამალ სპილოს ერთმანეთი, რანაირად არიან მზად ამის საილუსტრაციოდ ყოველი ახალი ტურისტული ჯგუფის გამოჩენისას. მიუხედავად მათი უბედობისა (თუ პირიქით, ბედნიერებისა ასეთი ინტენსიური ეროტიზმის გამო) ერთი ფოტო, მოტრფიალე სპილოების გამოსახულებით, დურუსათვის მაინც შევიძინე. შევიძინე აგრეთვე ვეფხვის თვალი ძვირფასი სიდედრისათვის, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნათელი სახელი ჰქვია, მე მაინც დედას ვეძახი. სხვათა შორის, გამყიდველს რომ ვთხოვე, რამე კარგი შემირჩიე, სიდედრისათვის მინდა-მეთქი, ამაზე ძვირფასი რა შემოგთავაზოო და ყურებდაცქვეტილი კობრა ამომიძვრინა (ჟოაო აველანჟივით ის გადამყიდველიც სულ ტალახში ამოვგანგლე). ჩიტვანის ნაციონალური პარკიდან უკანა გზაზე ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. იმ სოფელში, სადაც გავჩერდით, ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯში ინდუსთა სადღესასწაულო სუფრა იყო გაშლილი ღია ცის ქვეშ და ერთი კაცის მიმართ ყურადღება და განსაკუთრებული პატივით მოპყრობა აშკარად იგრძნობოდა. ჯერ რაღაც დირექტორის მსგავსი მეგონა და რომ გავიკითხე, დაახლოებით ის აღმოჩნდა, რასაც ჩვენში კანონიერი ქურდი ჰქვია. ასეთივე ინსტიტუტი, სხვათა შორის, ინდოეთშიც არსებობს, მაგრამ პროცენტულად იმდენი ქურდი არც ერთ ქვეყანას არა ჰყავს, რამდენიც ალბათ საქართველოს. ქურდებთან შეხვედრისა და მათთან საუბრისას ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, გავერკვე ამ რეალობის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ მხარეში, რადგან საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეოცე საუკუნის ბოლოს მათ არსებობას ზოგიერთები ანაქრონიზმად თვლიან, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ ჩვენს გვერდით და მათი გავლენაც საზოგადოების ნაწილზე ფაქტიური რეალობაა. ფაქტია ისიც, რომ ქურდები ჩვენი საუკუნის დასაწყისში გაჩნდნენ და სწორედ იმ სახელმწიფოში, სადაც უკანონობა იყო და ამ სახელმწიფოს ნაწილში ურთიერთობებისა და ცხოვრების საკუთარი, მათთვის მისაღები წესები შექმნეს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ქურდული კანონების ლოგიკურობა, რომელთა შენარჩუნება და ერთგულება სრულიად სხვა საკითხია. იმ სოფელში კი დიდხანს არ დავრჩენილვართ და დეტალები მსგავსება-განსხვავებისა ვეღარ გავარკვიე. ღამე გავათენე ულამაზეს ადგილას, რომელსაც ნაგარკოტი ჰქვია და რომელსაც აგრეთვე ყველა ჩამოსული და უცხოელი სტუმრობს. ეს არის მთა, უფრო სწორად სოფელი მთაზე, სადაც მრავალი პატარ-პატარა სასტუმროა აშენებული და საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ირგვლივ ყველაფერი. ეს მთა პირდაპირ უყურებს ჰიმალაის მასივს და სასტუმროს მომსახურენი ყველა მცხოვრებს დაახლოებით დილის ხუთ საათზე კარზე მორიდებული, ზრდილობიანი კაკუნით აღვიძებენ. მიზეზი და მიზანი ერთია – ჰიმალაის თეთრი მთებიდან ამოცურებული უზარმაზარი, დიდი, წითელი მზის ნახვა ყველას სურს და დილის სუსხში იმ პატარა სატუმროების პატარა აივნები ტურისტებით ივსება, მოსაწევები რომ აქვთ მომარჯვებული და ფეხმორთხმით ელიან საოცრების ხილვას. მზის ამოსვლა კი აქ მართლა საოცრებაა, რომელიც თავად ვნახე და რაღა დასამალია და მეზობელი აივნიდან მაცდურ იდეას (იდეის ავტორი მშვენიერი ავსტრალია იყო) – ყანწი ხომ არ დავურტყათო (მანამდე ყანწი მხოლოდ ქართული მოვლენა მეგონა) – ვეღარ გავუძელი. და ჩვენ შევუერთდით მზეს. ასეთ წითელსა და თბილს და მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რას ნიშნავს მზე. სწორედ ნაგარკოტში გავიცანი ბელგიელი გოგონა, წარმოშობით იტალიელი და გვარად ტარანტინო. ტარანტინოს გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა და ათასმა ავმა და მავნე აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი გზები გაიყარა და ტრავოლტას არც კი დასიზმრებია, იმდენად და ისე ვიყავი მზად ჩემი მძიმე, მაგრამ ძვირფასი ბათინკები გამეძრო და ხელის თითებს შორის უმა თურმანი დამენახა. თუ ძალა მეყო (და ვიცოცხლე) აუცილებლად დავწერ წიგნს, რომელსაც ერქმევა “იქ, ნაგარკოტზე” და რომელსაც აუცილებლად მივუძღვნი ჩემს მეგობარ მიუღიელ ტარანტინოს, მშვენიერ ბელგიელ გოგონას – გამოუსწორებელ ნარკომანს, რომელმაც ამაოდ მთხოვა დამეხმარეო და საპასუხოდ მხოლოდ ჩემი ბავშვობის მეგობრები გამახსენდა, რომელთაც ვხვდები ხოლმე, რომლებიც მიყვარს და გამარჯობის მეტს ვეღარაფერს ვეუბნებით ერთმანეთს… სხვათა შორის, ნეპალი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უამრავი ანალოგიური ჭკუისა და მოთხოვნილებების ადამიანი დააბიჯებს და ყოველი მათგანი – ცალკეული წიგნია, რომანია, მოთხრობა და ისტორიაა. ყოველი მათგანის გაცნობა და მათთან შეხვედრა თავგადასავალია, ზოგჯერ მრავალთვიანი და მრავალწლიანიც კი. ნეპალი სავსეა ადამიანებით, რომლებიც გამოექცნენ საკუთარ ქვეყანას, ოჯახს, სამსახურს, მშობლებს, ქმრებს, პოლიტიკას და უზნეობას… და ისინი, ერთი შეხედვით, არანორმალურებს ჰგვანან (მე რომ მიყვარს, ისეთებს), თუმცა არავინ იცის, ჩვენ ვართ გიჟები თუ პირიქით – ისინი, ვინც სულიერ საზრდოს სახლიდან ასე შორს, ათასი კილომეტრის დაშორებით ეძებს და აღარ უნდა თავი იმ საშინელებებზე ფიქრით დაიმძიმოს, რაც ჩვენ ასე გვაწუხებს და გვაწვალებს ყოველდღიურად, ჯერჯერობით უსასრულოდ… ნაგარკოტზე და საერთოდ ნეპალში უამრავი ადამიანი გავიცანი, როგორც ვთქვი და ყოველ მათგანს გამორჩეული, მართლაც საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. მათგან რამდენიმე განსაკუთრებით დამამახსოვრდა და რა დამავიწყებს ახალზელანდიელ მწერალს, სახელად ვუდის, ჩემს გვერდით რომ იჯდა ხოლმე ღია კაფეში კატმანდუს თბილი საღამოების ჟამს და წერდა. ხელის აწევით მომესალმებოდა და – ხომ არ დალევდიო – ხელით მანიშნებდა. მეც ხელით ვანიშნებდი – ვწერ და არა ვსვამ და რა ვქნა-მეთქი – მხრებს ვიჩეჩავდი. მაშინ გაიღიმებდა და ვისკით სავსე ჭიქას ზუსტად ისე ცლიდა, როგორც ჩვენ, ქართველები. თვრებოდა და აგინებდა ჯეიმს კუკს. აგინებდა უშვერი სიტყვებით და დილაობით ხოლმე, ნაბახუსევზე, საოცრად ჰგავდა დაღლილ და ოფლიან მიკ ჯეგერს. რა დამავიწყებს მშვენიერ დანიელ გოგონას, რომელსაც თავი გადახოტრილი ჰქონდა და მისი რთული სახელის წარმოთქმა რომ მეზარებოდა, დანიელას ვეძახდი (დანიელი იყო და ჟუჟუნას ხომ არ დავუძახებდი), ის სერიოზული სახით მიმტკიცებდა, ქალწულობა სიზმარში დავკარგე და იმის მერე ვმოგზაურობო. მარტოდმარტო ჰქონდა მოვლილი ინდოეთი, პაკისტანი, ბანგკოკი და ჩინეთში აპირებდა წასვლას. ან გველხოკერასი არ გეშინია, ან გველაძუასი-მეთქი და – არაო. რა დამავიწყებს ორ იტალიელს, ერთმანეთზე უარეს აფერისტებს, საშინელი მონდომებით რომ დასდევდნენ ქალებს და, რაღაც მსგავსი ქვეყნიდან რომ ვიყავი, ხვდებოდნენ და ეღიმებოდათ. რამ დამავიწყოს ინგლისელი სამანტა, ცხვირის მარცხენა ნესტოში პატარა ოქროს რგოლით და ისეთი შავი, დიდი და ლამაზი ბათინკებით, რომ შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა (რომ არა ობიექტური, შინ მომლოდინე რეალობა, რასაკვირველია). მახსოვს ნორვეგიელი ჰიპი, გრძელი თმებით, სახელად ეშუდ, გამხდარი მორფინისტი ბიჭი, დედის სურათით ჯიბეში, ბოლოს რომ გამომიტყდა, სულ არ მიყვარს დედა, მაგრამ სურათის ტარება მოდაშიაო. გორკი თუ წაგიკითხავსო, მკითხა და მაგაზე უარესი ბავშვობა მქონდა და მესამე წელია სახლში არ დავბრუნებულვარო. მახსოვს ტერრა – ესპანელი ალპინისტი გოგო, ევერესტიდან დაბრუნებული, გარუჯული სახითა და მკლავებით და ოდნავ დაღუნული ფეხებით. ქმარი მეზღვაური მყავს და თუ დამიჯერებ – ცურვა არ იცისო. თევზაობა კი ძალიან უყვარს, მაგრამ თევზს არ ჭამს და როგორი ძნელი ასატანი იქნება, ალბათ მიხვდიო. ვერა-მეთქი, როგორო – მაგის გამო დავიწყე ალპინისტობა და მთაში სიარულიო… მახსოვს კატმანდუს თბილი საღამოები და საუბარი ჟან-კრისტიანთან, კამათი ფრანგულ ღვინოსა და პოლიტიკაზე, ქალებზე და რა თქმა უნდა, ფეხბურთზე… ქალებს შორის საუკეთესონი, ჩემდა გასაკვირად და ძნელად დასაჯერებლად – ებრაელი გოგონები იყვნენ ისრაელიდან. სადაც, როგორც ჩანს, ევროპული მოდა და გატაცება ნეპალითა და ტიბეტით სერიოზულად მოედო მოსახლეობას და კატმანდუს ქუჩებსა თუ ჰიმალაის ბილიკებზე მრავლად ვხვდებოდით ულამაზეს ებრაელებს, რა თქმა უნდა, არაქართველ ებრაელებს და ძირითადად გოგონებს. რა თქმა უნდა, მათ სახეებსა და გამომეტყველებაზე ვცნობდით და ხელის აწევით ვამბობდი “შალომ” – ყოველი ისრაელელისათვის ძვირფასსა და მისასალმებელ სიტყვას. 24 სექტემბერს ებრაული კალენდრით ახალი წელი დადგა და დღესასწაული მთელი ღამე გრძელდებოდა. კატმანდუს ხელისუფლებამ, ასე დაშორებულმა რელიგიურად თუნდაც ისრაელისაგან, საოცარი ტოლერანტობა გამოიჩინა და ებრაელებს გამონაკლისის სახით მთელი ღამით მისცეს საშუალება, ეზეიმათ თავიანთი ახალი წელი და ბარებმა და რესტორნებმა ოცდაოთხ სექტემბერს დილამდე იმუშავა. დილამდე ცეკვავდნენ და მღეროდნენ მშვენიერი ებრაელები და არავის უკადრებია შეხსენება იმისა, რომ ეს მთა აღთქმული მიწა კი არა, ინდუსური ნეპალი იყო… ალბათ ქართველ ებრაელთა გამო (უპირველესად), ვინც კი გავიცანი ისრაელიდან და ჩვენი ქვეყანა ვახსენე, უკლებლივ ყველას გაებადრა სახე და აშკარად დაეტყო რაღაც კმაყოფილების, ინტერესისა თუ კეთილგანწყობის ნიშანი, რაც ძალიან მახარებდა ხოლმე და მეორე თემა კი მათთან საუბრისა, რა თქმა უნდა შუასაუკუნეების ებრაული პოეზია გახლდათ, ასე დიდებულად რომ თარგმნა ბატონმა ჯემალ აჯიაშვილმა და ახლაც მახსოვს წაკითხვისას განცდილი სიამოვნება… ებრაელები ალბათ ერთადერთი გამონაკლისი იყვნენ, ვისაც არ აწუხებდა იდეა დარჩენისა, რასაც პირად საუბარშიც ხშირად გამოთქვამდნენ სხვები და ყოველ შემთხვევაში ისრაელელთა მხრივ ამის შესახებ არა მსმენია. პირადად მე კი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავრჩებოდი (რამდენიმე წლით მაინც), რომ არა ობიექტური მიზეზები სამშობლოსა და ოჯახის სახით. და ვიცხოვრებდი უპრობლემოდ, მაგრამ მონატრებით – ჩემი ქუჩისა და მეგობრების (სხვაგან სად იქნება თუნდაც ზურა გეგენავა) და გამუდმებული შიში – იქ რამე ხომ არ ხდება. სწორედ ამითი განვსხვავდები ევროპელებისაგან, რომელთაც შეუძლიათ დაბოლდნენ და ყველაფერი დაივიწყონ. და მათ სულაც არ ექნებათ დარდი საკუთარი ქვეყნისა, ამიტომაც შეუძლიათ მშვიდად და აუღელვებლად იმოგზაურონ ან სრულიად უფულოდ და უსახსროდ (არც რომ შეაწუხებთ ეს) იმ დაბოლილ კატმანდუს შეუერთდნენ, რომლის ქუჩებშიც ასე ხშირად ისმის ბობ მარლის ხმა – ხმა ყველაზე სასურველი აქ. თუმცა არის კიდევ ერთი სერიოზული განსხვავება ჩვენსა და ევროპელებს შორის – განსხვავება კბილებში – უზარმაზარი უპირატესობა მათი და სინანული ჩემი, რომ ასეთი თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს უკვე აღარ ექნებათ. და პირიქით – ჩვენსავით ყველაზე სასტიკი და აუტანელი კბილის (ან კბილების) ტკივილი არ შეაწუხებთ. ამიტომაც თქვა ალბათ ლეგენდარულმა რობერტ ბერნსმა – ჩემი სამშობლოს, ჩემი შოტლანდიის მტრებს, კბილის ტკივილს ვუსურვებ, სხვას არაფერსო… მიუხედავად რამდენიმეგზის გაფრთხილებისა, მაინც დამეზარა მინერალურის შეძენა და კატმანდუდან გამგზავრების წინ ონკანის წყალი გამოვიყენე კბილების გამოსახეხად და ღრძილში ინფექცია შემეჭრა. აეროპორტში მისვლამდე მოწამლული ყბა ისეთი არნახული ტემპით და მოცულობით გამეზარდა, რომ თვითმფრინავში ძლივს, გაჭირვებით შევეტიე (ერთი პირობა დამატებითი თანხის გადახდაც კი მომთხოვეს, როგორც ზედმეტი ბარგისათვის). თვითმფრინავში სიცხე გავიზომე – ორმოცდაერთი და შვიდი ხაზი უჩვენა თერმომეტრმა, მაგრამ მგზავრებს შორის ექიმი არ აღმოჩნდა და ისევ რომელიღაც არაბული ქვეყნის ისეთ ცხელ აეროპორტში დავეშვით, რომ აქლემი მოვითხოვე – ვიფიქრე შემაფურთხებს და ცოტას გავგრილდები-მეთქი. მაგრამ ვერც აქლემმა მიშველა და ვერც ექიმმა და მოსკოვამდე ცივ ნიავს ვნატრობდი. თუმცა მანამდე კატმანდუშიც უკვე საკმაოდ აგრილდა და ის დარჩენილი დღეები სამხრეთ ნეპალის დათვალიერებას მოვანდომე. ვმგზავრობდი ხოლმე საზოგადოებრივი ავტობუსით ქათმებთან, გოჭებთან, ცხვრებთან, ხბოებთან და ძროხებთანაც კი. ვიჯექი ზევით და ყოველ გაჩერებაზე იმის შიში მქონდა, ნიანგი არ ამოეყვანათ. მერე ფეხით ვიმოგზაურე სუნ-კოსის, მართლაც ოქროს მდინარის, ხეობაში და ღამეებს მონასტრებში ვათენებდი ხან ბუდისტებთან, ხან კრიშნაიდებთან, ხან ინდუსებთან და ცეცხლის პირას ზოგჯერ დილამდე ვუყვებოდი მათ მართლმადიდებლობაზე და საერთოდ ქრისტიანობაზე. მახსოვს მათი სახეები – სავსე მოთმინებითა და ინტერესით. მახსოვს ყოველი კლდე თუ კედელი სოფლის სახლზე – მზის სადიდებელი ტექსტითა და სურვილით – ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი… ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში სიგარეტის მაღაზია მიმასწავლეს, მაღაზიის სახურავზე უშველებელი ნამგალი და ურო დავინახე და მაღაზიის მეპატრონემ გაკვირვება რომ შემატყო, თავად ამიხსნა – მეო, ნეპალის კომუნისტური პარტიის წევრი ვარო. მერე ჩემი ვინაობა რომ გაიგო, შევარდნაძე როგორ არისო – მკითხა, ისევ კომუნისტია თუ არაო (გულს ხომ არ დავწყვეტდი და მოინათლა-მეთქი ხომ არ ვეტყოდი ბუდისტ კაცს). მხნედ არის-თქო, დავამშვიდე და ზუსტად ათ წუთში თავისი სოფლის ყველა კომუნისტი მაღაზიაში მოიყვანა – შევარდნაძის ქვეყნიდან ცოცხალი კაცი გვეწვიაო. რაღა გავაგრძელო და იმ ღამეს არ გამომიშვეს და შევარდნაძის, მაო ძე-დუნის, ენვერ ხოჯას, ფიდელ და რაულ კასტროების, დენ სიაო პინისა და სტალინის სადღეგრძელოებს დილამდე სვამდნენ. მე საერთოდ არ ვსვამდი, ტიბეტში ვაპირებ-მეთქი წასვლას და საზღვარზე ჩვენ გადაგიყვანთ – სულ კომუნისტები დგანანო. შემეძლო ამ რევოლუციურად ანთებული ადამიანების გულწრფელი დახმარებით მესარგებლა, მაგრამ ტიბეტში მაინც არ წავსულვარ, რადგან ტიბეტი ჩემი ოცნების ქვეყანა იყო და ჯერ მისი შესწავლა მინდოდა კარგად და მერე მისი ნახვა. კატმანდუში ლექსიკონებიც შევიძინე და ტიბეტურ სკოლაშიც დავდიოდი ხოლმე დილაობით. დავდიოდი ტიბეტურ მონასტერშიც და დიდხანს ვსაუბრობდი იქაურ ბერებთან, რომელთაც ლამაზი ფეხსაცმელები ეცვათ (დალაი-ლამასი არ იყოს) და ვნახე ინდუსთა ცოცხალი ქალ-ღმერთიც – ექვსი წლის კუმარი-დევი და ვნახე ყველაფერი, რისი მოსწრებაც კი იმ დარჩენილ რამდენიმე დღეში შევძელი. ვჩქარობდი, რადგან მინდოდა კიდევ ერთხელ მესიამოვნა იმ საოცარი სამყაროთი, რასაც კატმანდუ ჰქვია და ვჩქარობდი, რადგან ვიცოდი და ვიცი – ეს ქალაქი-ზღაპარი და ქვეყანა-ზღაპარი ძალიან, ძალიან მომენატრება თავისი ნაირ-ნაირი ჭრელი ფერებით, ღიმილიანი ადამიანებით და ნაცნობი სახეებით, სუნითა და ფერით, ულამაზესი თეთრი ბუდისტური დროშებითა და უზარმაზარი იმედით – ადამიანებს ისევე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც აქ, კატმანდუში უყვართ… და ვიცი, რამდენჯერ დამესიზმრება ჰიმალაის თოვლიანი მწვერვალები და ულამაზესი, მართლაც ოქროს ხეობები, სადაც ვერაფრით მივაგენი ქალბატონ მარიკა დარჩიასათვის შეპირებულ ედელვაისებს დп მაინც მივაგნებ, მიუხედავად იმისა, რომ ედელვაისები ჰიმალაიში არა ჰყვავიან და მაინც მივაგნებ, მაინც დავბრუნდები, თუნდაც ედელვაისების გამო… მაინც დავბრუნდები, რადგან ჩემი სამშობლოდან თუმცა ასე შორს, მაინც არსებობს საოცარი მიწა, ცადაზიდული მწვერვალებით და იმედით, დიდი და კეთილი იმედით – ადამიანად იგრძნო თავი. და როგორც ყველას, ვისაც ფეხი დაუდგამს ამ საოცარ მიწაზე, მეც მჯერა, რომ ეს მიწა კვლავ მელოდება, რადგან მინდა ადამიანი ვიყო – ერთხელ დავიბადე, ერთხელ უნდა მოვკვდე და მინდა – ადამიანივით ვიცხოვრო და ადამიანად მოვკვდე. ამიტომაც დავბრუნდები ჰიმალაიში და ამიტომაც მჯერა – მთებმა ჩვენზე უკეთ, ჩვენზე ერთგულად იციან მოლოდინი – დგანან და გველიან, სანამ თავად არ მივალთ და საკუთარი თვალით ვიხილავთ მიწიერ საოცრებას – ჰიმალაის თოვლიანი მწვერვალებიდან ტაატით ამოცურებულ უზარმაზარ წითელ მზეს… P.S. კატმანდუში, მშვენიერმა ინგლისელმა გოგონამ სამანტა ვილიამსმა, ჯეროვანი ყურადღება რომ ვერ მივაქციე, გაიღიმა და მკითხა – ვისთვის წერო. მეც გამეღიმა და სწორედ იქ და მაშინ მივხვდი, რომ ვწერ ჩემი შვილისთვის – ანა-მარიამისათვის, რომელიც მხოლოდ ორი წლისაა და სანამ გაიზრდება და გაიგებს რა ცუდი მამიკო ჰყავდა, კიდევ მრავალი წელი გაივლის. და სანამ ჩემი შვილი გაიზრდება და შესაბამის ასაკს მიაღწევს, თუ ამ პატარა წიგნს სხვაც ვინმე წაიკითხავს, უბედნიერესი კაცი ვიქნები. თბილისი, 1995 წლის აგვისტო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი