ჯგრაგი
გვიდო კარდულინი (მისიონერი)
„როგორც მის უავგუსტესობას უკვე რელაციონით ვაუწყეთ, აფხაზთა და ქართველთა მეფის დავითის ლაშქრის ძლევაი სარკინოზთა ზედა ტფილისის მახლობლად, დიდად სასიხარულო იყო მთელის საქრისტიანოსათვის და ფრიადაც გავიხარენით, რამეთუ სულტანი ილღაზი ალეპოსი და სხვა მოჰამედიანთა, ეპირებოდა ნგრევასა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმთა და ასეც მოხდებოდა, რომ არა მტკიცენი იბერიელნი, რომელთა დალეწენ მოჰამედიანნი ველსა დიდგორისასა. გვეუწყა აგრეთვეცა მხიარულობა პაპისა ჩუენისა ამა ძლევისა გამო და აგრეთვეცა გვეუწყა ინტერესი ფრიადი მისისა უავგუსტესობისა, რომელი განაკვირვა ხსენებამ წმიდისა გიორგისი. რელაციონის აღწერილობაშიდ ბრძოლის ველზედ ჩუენ პირველმან მოვიხსენიეთ წმიდა გიორგი, რომელი გამოეცხადა მოლაშქრეთ და მხილველნი ზემორე თქმულისა, არიან მრავალნი ორთავე სპათა შინა. უკეთუ მისი უავგუსტესობა ისურვებდეს წვრილ ამბავთა თხრობასა შესახებ ამისა, ყოველს ცნობას ვაახლებდეთ პაპის კანცლერსა თქუენის მეშვეობითა და ჩუენის მეცადინეობითა...“ (თარგმანის ავტორი უცნობია. ჩვენი ვერსიით, შესაძლოა ქართულად გადმოეღო ეს ტექსტი არქანჯელო ლამბერტის (მოგვიანებით) ან პირიქით — ლათინურის მცოდნე რომელიმე ქართველს). ალ ქალად იბნ ედჩინ ილაზი (თბილისის მოქალაქე, XIIIს.) „ჩვენ ალაჰს ვადიდებდით, როცა მეჩეთში შევიტყვეთ ჯურზების გამარჯვების შესახებ ნაჯმ ედ-დინის ჯარებზე და დიდადაც გავიკვირვეთ, რადგან ბაღდადის მძლეველსა და ისლამის ვარსკვლავს, როგორ უნდა გასჭირვებოდა აფხაზ-ქართველთა დამარცხება, ვერ მივხვდით და ვერც ახლა გაგვიგია. ილღაზი ხომ უძლეველი სარდალი იყო და როგორ გაიმარჯვეს ჯურზებმა, არ ვიცით და მოჰამედიანთა არმია კი უფრო მრავალრიცხოვანიც იყო და ძლიერიც. ტფილისის ქრისტიანებმა მაშინ თქვეს, რომ ქართველებს წმინდა გიორგი თვითონ დაეხმარაო და ეს წმინდა გიორგი ყოფილა მათი მფარველი მხედარი, რომელიც ალბათ გინახავთ კიდეც ეკლესიებში მათს ხატებსა და ფრესკებზე, მაგრამ რუმში, ჯერ კიდევ მოჰამედის დაბადებამდე მოკლული კატპატუკელი ჯარისკაცი, შარშან როგორ დაეხმარა ჯურზებს, მართლა ვერ გამიგია და თუ თქვენ რამეს გაიგებთ, მეც ნუ დამიმალავთ. ახლა ჩვენს ქალაქში შაჰინშაჰის დავითის შემობრძანების შემდეგ, ქართ¬ველები და ქრისტიანები ძლიერ მომრავლდნენ და შეგ¬¬იძლიათ მათ ჰკითხოთ იმ დიდგორის ბრძოლის ამბავი და იქნებ ომის მონაწილეც მოძებნოთ აქვე, ქართველების უბანში...“ (ტექსტი თარგმნა არაბისტმა გიორგი ჩადუნელმა) ბეწიკა ლიქოკელი (დიდგორის ბრძოლის მონაწილე) „ფხოველთა ჩონ ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო. ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“ გიგა ამაშუკელი (საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ყივჩაღი) „ჩვენი ყივჩაღი წინაპრები ახალი ჩამოსახლებული ჰყავდა დავით აღმაშენებელს, როცა დიდგორის ომი მოხდა, მაგრამ დავით მეფემ ყველას არ მიაღებინა ბრძოლაში მონაწილეობა — მხოლოდ რჩეული მეომრები გამოიყვანა ბრძოლის ველზე. თქვენ რაც გაინტერესებთ და რასაც მეკითხებით, პაპაჩემისგან ვიცი და პაპაჩემმა კი პაპამისისგან იცოდა გადმოცემით და პაპას იმიტომ ვამბობ და არა ბაბუას, რომ ჩვენი წინაპრები როცა ჩამოასახლეს ყივჩაღეთიდან, ჯერ ქართლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ XIX საუკუნეში გადავიდნენ იმერეთში. იმ დროს (და მერეც) იმერეთიდან ხალხი აქეთ გამორბოდა, მაგრამ პაპაჩემის მამა პირველი ქართველი იყო, ვინც მატარებელზე სამუშაოდ მიიღეს და იმერეთის მონაკვეთზე დანიშნეს რამდენიმე სადგურის უფროსად. თავისი ცოლიც იქ გაიცნო ამაშუკეთიდან ხაშურისკენ მომავალი და პაპაჩემის მამა გზაზე გადაუდგა, უკან მიაბრუნა და იქვე ჩაესიძა. თბილისისაკენ მერე მათი შვილები მაინც წამოვიდნენ, მაგრამ მე საით წავედი — სულ სხვა ამბავს ვყვებოდი. თქვენც ხომ დიდგორის ამბავი გაინტერესებდათ, ეგ არ მკითხეთ, მართლა იყო თუ არა წმინდა გიორგი ბრძოლის ველზეო და რაც გადმოცემით ვიცი, იმას გეტყვით. ჩვენი წინაპრები სიხარულით კი ჩამოსახლებულან საქართველოში, ნელ-ნელა ქართულის სწავლაც დაუწყიათ, მაგრამ გაქრისტიანებას თურმე არ ჩქარობდნენ და გასაკვირიც არ არის, რომ ქრისტიანობისა მაინცდამაინც არ სჯეროდათ. მაგრამ დიდგორის ველზე ისე გამოეცხადათ თურმე წმინდა გიორგი, რომ მეფეს ომის მერე რომ ლაშქარი სახლებში გაუშვია დროებით, ყივჩაღების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ, სასწრაფოდ გაქრისტიანებულა და ჩემი უშუალო წინაპარიც იმათ შორის ყოფილა. ეს ვიცი გადმოცემით, რომ ბრძოლის წინ ქართველებმა ისე ილოცეს და წმინდა გიორგის დახმარება ისე სთხოვეს, რომ თვითონ წმინდა გიორგი იბრძოდა მათთან ერთადო და ყივჩაღებმაც ირწმუნეს ქრისტიანობაო. სხვა რა გითხრათ, რაც გადმოცემით ვიცი, სულ ეს არის...“ ჟან პიერ ჟან გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე) „მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“ და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული, გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“ (ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)შავგოგი ალხასტაისძე
(ქართველი მოისარი, ომის მონაწილე) „კაცმან ძლიერმან და ერ-მრავალმან ილღაზ ამირამან, როს დაიჭირა სომხითნი და მოსდგა სამძღვარსა ქართლისასა თრიალეთითგან, მეფეთ-მეფემან ჩუენმან დავით ბრძანა გაწურთვა სპათა მეომართა და აგრეთვეცა ყივჩაღთა ნათესავთა, რომელი მომტკიცებულ ჰყვანდა მრავლითა ფიცითა ერთგულობისა. ხოლო რომელი პყრობილ ყო მეფემან მსტოვარი სარკინოზთა ბათუყარ, გასტეხა იგი საიდუმლოსა შესახებ სპათა მომხვდურისა ურიცხვისა სულთა მოჰამედიანთა, რომელნი იწყეს ოხრება და კაცისა ხოცა ყოველგან ქრისტიანეთა. ამადაც განასრულა მეფემან დავით ნათესავნი ყივჩაღნი ცხენებითა და საჭურველითა, რომელთა არა აკლდეს სიმხნე, სისუბუქე და შეტევისა სიფიცხე ბრძოლასა შინა. ხოლო ქართველნი მოისარნი და მბრძოლნი ყოველნი იესოს სახელითა და მამულისა ჩუენისა გამოსახსნელად არა დაგიდევდით მოჰამედიანთა სიმრავლესა ჩუენთა ზედა, რამეთუ არა არს ძალი დათმობისა მიწისა, რომელი იყოს სახლი შენი და ოდეს შევიმოსენით ფიჩვითა საბეროითა და დავკოდენით ამირა მოჰამედიანთა, ლაშქარი მათნი აოტნეს და მრავალნიცა ტყუედ იქმნეს. ხოლო ხილვაი წმიდისა გიორგისი ჩუენთა მოისართა ვერა შემძლენი შევიქენით, რადგანცა პირველნი ვეკვეთენით მოჰამედიანთა სპასალარსა და ვერა ვიხილენით იგი წმიდა გიორგი, რომელი სდგა მეფეთ მეფისა ჩუენისა მარჯვნით — ახლოით დავითისი და შორთა ჩუენსა...“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი