დათო ტურაშვილი - ზურაბ ჭავჭავაძე
მახსოვს შემთხვევა, როცა ზურა ჭავჭავაძეს კაგებეში ჩემზე ჰკითხეს თუ იცნობო და ზურამ (რასაც ჩემზე ფიქრობდა) გულწრფელად უპასუხა – ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭიაო. შეკითხვის ავტორს უთქვამს, ჩვენ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს და ეგ ბიჭი, მგონი, ცოტა ვერ არისო… ზურამ ეს ამბავი რომ მომიყვა, მართლა გულით გავიხარე, რადგან გიჟი არა მარტო ალექსი ინაურს (ალბათ, მისივე გავლენით), სხვებსაც ვეგონე და ეს ჩემთვის აშკარად მომგებიანი იყო – რამდენადაც არასერიოზულად ჩამთვლიდა კაგებე, იმდენადვე არასერიოზული დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს მიმართ ხელისუფლებას და ზურა ჭავჭავაძემაც (იქ და მაშინ) სულ ტყუილად დამიცვა. თუმცა ზურა ისეთი ადამიანი იყო, ნებისმიერ დროს დამიცავდა მეც და სხვებსაც და ერთადერთი, ვისი დაცვაც არასოდეს უცდია, საკუთარი თავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას არცთუ იშვიათად უპირისპირდებოდნენ. სხვათა შორის, საქართველოში რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, ამას თვითონ ზურას თვისებები განაპირობებდა, რადგან ის იყო ჭკვიანი და განათლებული, კეთილშობილი და ლამაზი კაცი და თანაც ჭავჭავაძე. ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, არ უყვართ და მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას არ ეთანხმებიან და მაინც ჯიუტად არიან მშვიდობის და არა ომის მომხრე. ზურა ჭავჭავაძე კი ყოველთვის იყო მშვიდობის მომხრე და ყოველთვის სჯეროდა, რომ არცერთი ადამიანი არ იქნება ჩვენი მტერი, თუ ჩვენ მათ მოვუსმენთ და იმის გაგებასაც შევეცდებით, რაც მათ აწუხებთ. ჩვენ კი მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ჩვენ რა გვაწუხებდა, რა პრობლემები გვქონდა (მხოლოდ ჩვენ) და სასწრაფოდ გვინდოდა ყველა პრობლემის მოგვარება. დაუყონებლივ გვინდოდა საქართველოსაგან შვეიცარიის შექმნა და ზურა ჭავჭავაძეს კი ძალიან არ მოსწონდა ჩვენი სულსწრაფობა, აჩქარება და მოუთმენლობა. ამიტომაც ზურა ჭავჭავაძე თითქმის ერთადერთი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის (იყვნენ სხვებიც, მაგრამ ცოტანი), ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მართლა ცდილობდა ისეთი ურთიერთობის მიღწევას, ომსა და სისხლისღვრას რომ აგვაცილებდა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან თბილისში (მრავალათასიან მიტინგებზეც კი), სრულიად სხვა აზრები და მოწოდებები ისმოდა არაქართველების გასაგონად. უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ზურა ჭავჭავაძე ფრაზას, რომელსაც ახლაც არ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა და სინამდვილეში ვერავის ვაიძულებთ ჩვენთან ერთად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ და გამოსავალიც ერთადერთია – შევქმნათ სხვებისთვისაც მიმზიდველი სახელმწიფო… ერთხელაც სტუდენტური ზაფხული გვაქვს და მიგვიზიდა კახეთმა. სოფელ გავაზში ისე დავთვერით, რომ ლევან თითმერიასთან ერთად გამთენიისკენ ყვარელში აღმოვჩნდი და ყვარლის სასადილოს ლუდი რას გვიშველიდა. როგორც ხდება ხოლმე (გაჭირვების დროს), ზურა ჭავჭავაძე გამახსენდა, რადგან რატომღაც მეგონა, რომ ყვარელში მათ სახლი ჰქონდათ და ვიფიქრე მივალთ, ოჯახს დავლოცავთ და ამ დასიებულ თავებსაც ვუწამლებთ-მეთქი. ამიტომაც პირველივე შემხვედრს ვკითხეთ სად შეიძლებოდა ზურა ჭავჭავაძის ნახვა და იმ პირველივე შემხვედრმა უგემრიელესი კახურით გვკითხა – რომელი ზურასიო. ჩვენც დავუკონკრეტეთ ნიკო ჭავჭავაძის ბიჭისო და იმანაც დაბეჯითებით გაიშვირა მარჯვენა ხელი – ორივენი ემანდ არიან, ეკლესიაშიო. ეკლესია იქვე იყო და სიხარულითაც შევედით შიგნით, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა (ასეთებიც ხდებოდა მაშინ) და მაშინვე უკან გამოვედით და იმ ტკბილ მოხუცსაც იქიდანვე გამოვძახეთ, რომ ეკლესიაში არავინ იყო. კარქა ნახეთო, – იმ ტკბილმა კაცმაც ტკბილად, ადგილიდანვე დაგვარიგა და ისევ შევედით და კარქა ვნახეთ. საკურთხევლის წინ ორი საფლავი იყო: ერთზე ეწერა ნიკო ჭავჭავაძე და მეორეზე კი – ზურაბ ჭავჭავაძე. ახლაც არ ვიცი (დაღესტნის ყოფილი გუბერნატორის საფლავი რომ გვაჩვენა), გვეხუმრა თუ საქართველოს უახლესი მომავალი იწინასწარმეტყველა იმ ტკბილმა კახელმა კაცმა, რადგან მაშინ ორივენი (ვისაც ვეძებდით) ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ: ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძეც და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერიც – ზურა ჭავჭავაძეც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი