უბედურება
სურათი ერთ მოქმედებადმოქმედნი პირნი
მაია ტუფია ნატალია პავლია ამირანა ლომინა ვასილა რომანოზა სერაფიონი სეფე ილია ნიკო პატარა ბიჭი ანტონა გლეხები: მამაკაცები და დედაკაცებიმოქმედება პირველი
ანტონას ეზო. მარცხნით, ისლით დახურულ სახლის წინ, სიღრმეში დიდი ხე, რომლის ძირთან დასაჯდომი ქვებია. მარცხნით ყორე და წნელის ჭიშკარი, ყორეს გადაღმა სოფლის გზა. გამოსვლა პირველი ილია და მაია მაია (სახლის წინ ფოთიარობს. დაინახავს რა ჭიშკართან მომდგარ ილიას. გაექანება ჭიშკრის გასაღებად). ჩემო ბატონო... ჩემო სინათლევ! რა კაი დღე გამთენებია!.. მობრძანდი, ჩემო ბატონო! მობრძანდი, შენი ჭირიმე!... ილია (ყავარჯნებით). გაგაკვირვე, მაია?.. მაია უფრო გამახარე, ჩემო ბატონო, უფრო გამახარე!.. შენ იხარე ათას წელიწადს!.. ილია (ჯდება ხის ძირას). არა მკითხავ, მაია, რამ გამომარონია ფეხებდამტვრეულ კაცს ამოდენა გზა?.. მაია რაკი კარგად მყოფს გხედავ, ამბავიც კარგი იქნება, ჩემო ბატონო! ილია გული მიწუხს, მაია... გული მიწუხს!.. მაია გული შენს მტერს შეუწუხდა, ჩემო ბატონო!.. რატომ, რატომ, ჩემო სინათლევ?.. ილია მა რა იქნება, როცა ყოველ მხრიდან მარტო მწუხარება გესმის!.. ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე... თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ... ყველა წუხს, ყველა დაღონებულია, ბედის მომჩივანია... ასე მეჩვენება, თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა იყოს-რა... ყველაფერი უხალისო, უფერული, ჩამობნელებული მეხატება!.. მაია რატომ, ჩემო ბატონო, რატომ, ჩემო სინათლევ?.. ილია ასეა, ასე, ჩემო მაია!.. შევწუხდი, ვეღარ გავძელი სახლში... ვიფიქრე, რაც რომ გამიჭირდეს, ეზოს გადაღმა გადავალ-მეთქი... ეგებ ჩემს ეზოს გადაღმა არც ისე უხალისო და შეწუხებული მეჩვენოს ყველაფერი... ეგებ გული გამიხსნას ხალხის დანახვამ... ამან ამაღებინა ხელში ეს ყავარჯნები, გამომარონია ამხელა გზა და მომიყვანა ჩემს მკურნალთან. მაია ეჰ, ჩემო ბატონო, მწუხარება და გაჭირვება არავის გვაკლია, მაგრამ გულმაგრად უნდა ვიყვეთ მაინც!.. თუ ვიმწუხარეთ, თუ ვიჯავრეთ მარტო, სულ წავხდებით... თქვენ უფრო მეტი გულმაგრობა გმართებთ: ნამყოფი და განათლებული ბრძანდებით... ჩემზე მეტ გამწარებაში და გაჭირვებაში იქნება ვინმე?! მარა, ასე თუ ისე, ვუძლებ... ვუძლებ, ჩემო სინათლევ!.. ილია ნეტავი თქვენ!.. მე კი ეს არის, ყოველი იმედის დამკარგველი შევიქნე! უკეთეს ცხოვრებას ვეძებდი და ეს შევიძინე! (ყავარჯნებზე). მაია იმედდაკარგული მტერი გიმყოფოს, ჩემო ბატონო, მტერი!.. იმედით ვართ ყველა, შენი ჭირიმე, იმედით, თვარა რა გაგვაძლებინებდა! ილია იმედი... იმედი... მაია კი, ჩემო ბატონო, კი!.. იმედი და მასთან მოთმინებაც, შენი ჭირი შემეყაროს! ილია იმედი და მასთან მოთმინებაც, აჰ?.. მაია კი, ბატონო, კი! ამით ვუძლებთ ჩვენს ცხოვრებას... სხვა რა საშვალება მოგვენახება... და გვშველის... შენც ასე მოიქეც!.. ბევრი მოგითმენია, კიდევ მოითმინე და ღმერთი და შენი სალოცავი კარგად გამყოფებს!.. ილია მაშ ასე, მაია - მოთმინება და იმედი... მოთმინება და იმედიანად ყოფნა, ა?.. მაია სწორედ!.. რაც გაგვეწყოს, მოვითმინოთ... ვინ იცის, საწინაოდ რა მოგველის!.. დღეს ვწუხვარ, ხვალ ეგებ მხიარული დღე გვითენდება... ვინ იცის, ყველაფერი მოსალოდნელია... გულს ნუ გევიტეხავთ... იმედს ნუ დავკარგავთ!.. ილია ეჰ, კარგია, ვისაც ეგ შეუძლია, ჩემო მაია!.. მაია უნდა შევძლოთ, ჩემო სინათლევ!.. ილია კაი დაგემართოს, მარა ეს შენი იმედები კარგა ხანია მესმის, ჩემო მაია; შენზე იმედიც დიდი მქონია, მოთმინებაც არ დამიკლია, მაგრამ, ა, ისევ ამ ჯოხებით დავდივარ!.. მაია კიდევ მოთმინება, ჩემო სინათლევ!.. კიდევ მოთმინება!.. ილია ჰოო!.. მაია ცუდი გაზაფხული გვქონდა, შენ გენაცვალე... ვერაფერმა ნაყოფმა ვერ იხეირა, ძალა ვერ გამოიტანა დედამიწიდან... თვარა ჩემი ბალახებით რამდენი და რანაირი ავადმყოფი არ მომირჩენია!.. დღეის ამბავი ქე მოვითმინოთ, ხვალინდელ დღეზე იმედით ვიყვეთ... ღმერთი უკეთეს გაზაფხულს შეგვასწრებს და ყველას შუბლი გაგვეხსნება... ყველას გვესაშვალება და შენც, ჩემო ბატონო, ჩემო სინათლევ?.. ღმერთი ისე არ დაგტოვებს მისგან გაჩენილს!.. ილია მოვესწრებით კი კაი გაზაფხულს? მაია კი მოვესწრებით!.. ღმერთი ყველაფერს მოგვასწრებს - ავსაც და კარგსაც, ჩემო ბატონო!.. ილია ოღონდ იმედით ვიყოთ?! მაია ოღონდ იმედით ვიყოთ. ილია ასე რომ, მაია ჩემო, პირველი წამალი იმედი და მოთმინება ყოფილა, ა? მაია სწორედ!.. სწორედ!.. ილია სწორედ რომ ნამდვილი მკურნალი ხარ, მაია!.. თუ შენი ბალახებით ვერ არჩენ, შენი ე მაგ სიტყვით... შენი ე მაგ ნაქვამის კილოთი, უნდა გითხრა, სწორედ კურნავ ჩემისთანა გულდამწუხარებულს და აი ამიტომაც მიყვარს შენთან მუსაიფი და ამიტომაც არ შევმცდარვარ, როცა შენსკენ გამოვსწიე გულშეწუხებულმა... რომ გამეგონა შენი ეს საუცხოვო მოთმინება და იმედი!.. იცოცხლე, იცოცხლე, მაია! შენი ეგ სიტყვები, მე და ჩემმა ღმერთმა, ნამდვილი წამალია!.. მაშ ასე, ჩემო კარგო მაია, მოთმინება და იმედი!.. მოთმინება და იმედი!.. მაია კი, ბატონო, კი! კი, შენი ჭირი შემეყაროს! გამოსვლა მეორე იგინივე, ტუფია და ნატალია ტუფია (ჭიშკართან მომდგარი ფიჩხით მხარზე). ნატალია, ნატალია, შე დაწყევლილო!.. შე შეჩვენებულო!.. გამომხედე, გამომხედე, შე თვალდამდგარო!.. მოვკვდი, აღარ ვარ მეტი! გააღე ეს დასაწვავი!.. მაია (სახლისკენ) ნატალია, გახედე, შვილო!.. დედაშენია ჭიშკართან! (ნატალია გამოვარდება და მიირბენს ჭიშკართან გასაღებად). ტუფია ჩაიკეტებით, სასიკვდილე!.. რა გაქვთ ჩასაკეტავი?.. გავწყდი წელში... მოგესპოთ სიცოცხლე! ნატალია სტუმარია, დედა! ტუფია (გადმოხურულში დაჰყრის ფიჩხს). უიმე!.. მაპატიეთ უზრდელობა... ასე მხეცურად მოვვარდი... ვერ დაგინახეთ!.. ილია რა ბოდიშს იხდი, ტუფია? ტუფია თავს ვეღარ ვერევი, ჩემო ბატონო!.. სულ მწუხარებაში, სულ უბედურებაში ყოფნამ გული დაასუსტა, ჩემო ბატონო, და ჭკუაც!.. ილია რატომ, შე ქალო, მერე?.. დედამთილი აგერ გვერდით გყავს, რომელმაც მაგის საწინააღმდეგო მშვენიერი წამალი იცის!.. ტუფია რა წამალი, ბატონო? რა წამალი? ილია რა და მოთმინება და... მოთმინება და იმედით ყოფნა! ასე არაა. მაია?.. ა? მაია (რომელიც ფიჩხს ალაგებდა). კი, ბატონო, კი, მაგრამ მას ვერ ვასწავლე ეს და ვერ დავაჯერე!.. ილია რატომ, რატომ, ტუფია? ტუფია ვაი, ჩემო ბატონო!.. მაგის დასწავლა არ გაგვიძნელდება... ჩვენდა უნებურად სულ მოთმინებაში არა ვართ, ბატონო?! მაგრამ რო არაფერი გამოდის!.. მოთმინებაც გვეკარგება, ჩემო ბატონო... ილია იმედი ხომ გრჩება? ტუფია რისი იმედი, რისი იმედი, ჩემო ბატონო? რისი იმედი მქონდეს?.. ეჰ, მეტსაც მოვითმენ, ოღონდ კაცი მყავდეს კარგად! ილია როგორ, ავათაა ანტონა თუ? ტუფია ავადაა, ბატონო, ავად! აღარა ვარ ჯავრით! ეს ერთი ხანია ცუდად გრძნობს თავს... ჩემ გონებაზე აღარ ვარ. რომ რამე უარესი შეემთხვას, რომ დაგვივარდეს, რა გვეშველება, რამ დაგვარჩინოს?! უიმისოთ სისაწყლეში ვყრივართ!.. ვინ იქნება ჩვენი გამკითხავი, ჩვენი შემხედვარე, ჩვენი შემწყალე, ჩვენი შემბრალე?! მაია რატომ ვინ იქნება?.. ღმერთი, შვილო, ღმერთი!.. ტუფია ღმერთს ჩვენთვის, ეტყობა, არ ცალია... მაია ჩვენთვისაც მოიცლის... მოიცლის, შვილო!.. ილია სად არის ახლა ანტონა? ტუფია სად იქნება, ჩემო ბატონო? ყანაშია... სამუშევარში... ილია ავადმყოფ კაცს ყანაში რად უშვებთ, თქვე დალოცვილებო?.. უნდა დაასვენოთ!.. ტუფია უიმე, ჩემო ბატონო, ჩვენთვის დასვენება ვის გაუგონია!.. მიწას მივებარებით - აჰ, მაშინ იქნება ჩვენთვის დასვენება!.. სანამ ცოცხალი ვართ, რა დაგვასვენებს!.. ამდენი სამუშევარია, ამდენი საქნარი... სად შეგვიძლია დასვენებაზე ვიფიქროთ!.. წელზე ფეხს ვიდგამთ, მაინც გაჯახირებაში ვართ, დასვენებაზე ფიქრს რომ მივეცეთ, სულ არ ამოვწყდებით? ჩემი დასვენება მიწაში იქნება, ჩემო ბატონო, მიწაში!.. გამოსვლა მესამე იგინივე და ამირანა ტუფია (ამირანას). უიმე, ეს ახლა მოდის!! ამირანა (მოხუცებული, ჯოხით ხელში. წალდი წელში აქვს გარჭობილი). დილა მშვიდობისა... დილა მშვიდობისა, ბატონო ილია! დილა მშვიდობისა, ტუფია! ილია ამირანას გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ამირანას! ტუფია შე კაცო, მე ყანაში მეგონე ანტონასთან, შენ კი... ამირანა აბა, აბა!.. მოხმარებას შევპირდი, მარა ამ დილას ამბავი მომიტანეს - მთაში პაწია ყანა მაქვს - საქონელს გადაუჭამიაო... წევედი დასახედავად... ნეტავი არ მენახა! ყანა სულ გოუოხრებია ვიღაც სულწაწყმენდილის საქონელს!.. ვერ გევიგე, ვისი ყოფილა... გევიგებ კი... უნდა გევიგო!.. აბა, კაცის ასე ამოგდება შეიძლება?! რამ უნდა დამარჩინოს?.. ის იყო ჩემი იმედი, ჩემი საცხოვრებელი!.. თვარა უსათუოდ მოვეხმარებოდი, უსათუოდ!.. ტუფია როდი შეგაწუხებდი, ამირანა, მარა რა ვქნა: კაცი უღონოთაა, ვისაც ვთხოვე - არ გვცალიაო... სამარგლავი კი დაგვიგვიანდა... ვეღარაფერი გავაწყვეთ!.. ამირანა უსათუოდ, უსათუოდ მოვეხმარები!.. კარგად ვერც მე ვარ, მარა... რა ვქნა!.. უსათუოდ მოვეხმარები!.. ტუფია ძალიან დაგიმადლი, ამირანა, მეტი აღარ შეიძლება!.. ილია ტუფია, თუ ქალი ხარ, მე ნუ მომერიდები, შენს საქნარს მიხედე!.. მე რომ აქ ასე ვზივარ, ესეც დიდად სასიამოვნოა ჩემთვის... მერე კიდევ, აგერ მე და ამირანაც წევიმუსაიფებთ... ტუფია უკაცრავად, ჩემო ბატონო, უკაცრავად!.. (შედის სახლში). ილია აბა, კიდევ ყოჩაღად ყოფილხარ, ამირანა... შენს სამუშევარსაც ასწრებ და სხვასაც ეხმარები!.. ამირანა თავს ვეძალები, შენი ჭირი შემეყაროს! თავს ვეძალები, თვარა ჩემი ხნის ადამიანს რაღა მუშაობა უნდა შემეძლოს!.. თავს ვეძალები! ილია რამდენი წლისა იქნები, ამირანა? ამირანა მე?.. თუ მეტისა არა, ოთხმოცის უსათუოდ ვარ, შენი ჭირი შემეყაროს!.. ილია და მუშაობ კიდევ? ამირანა აბა, რა ვქნა?! ვინაა შემხედვარე? ვინაა გამკითხავი, შენი ჭირი შემეყაროს!.. ილია ბედნიერი კაცი ხარ, ამირანა! ამირანა რითი, შენი ჭირი შემეყაროს?.. ა?!. რითი უნდა ვიყო ბედნიერი? ილია ასე ყოჩაღად ხარ... ამირანა ყოჩაღად, შენი ჭირი შემეყაროს?! აჰ!.. ერთობ მომერია, ჩემო ბატონო, ხნოვანებაც... ღონემაც მისუსტა და ამასთან დიდ, დიდ შევიწროებაში ვიმყოფები... რამდენჯერ გავაპირე შენთან მოსვლა... რჩევა მეკითხა შენთვის... გზაზე დაგეყენებიე... ილია მერე? ამირანა ვერ მოვბედე... ვერ შეგაწუხე, შენი ჭირი შემეყაროს! ილია ეჰ, ამირანა, არა გრცხვენია? ამირანა ახლა კი აგერ ბძანდები და ახლა კი მოგახსენებ და უნდა დამარიგო... უნდა მირჩიო... რა ვქნა? რავა მოვიქცე? ილია რა ამბავია? რაშია საქმე? ამირანა რაშია და შვილებმა რომ ასე მომიძულეს და ასე მიმატოვეს და მიმივიწყეს... ასე საცოდავად რომ მიმაყრუეს... შეიძლება ასე?! შენ ბრძანებ, რომ ბედნიერი კაცი ხარო... ბედნიერი კი არა, ჩემისთანა საცოდავად თუა კიდევ ვინმე, არ ვიცი, არ ვიცი, შენი ჭირი შემეყაროს!.. ამ ხნის ადამიანი ასე საცოდავად მიმატოვეს, ჩემსას აღარაფერს კითხულობენ!.. გადავარდნენ ასე უგზო-უკვლოდ!.. აღარც ოჯახი აგონდებათ, აღარც მე... ცოცხალი ვარ, მკვდარი ვარ, სულ რომ არ კითხულობენ, შეიძლება ასეთი ამბავი? აქვთ ამის ნება, შენი ჭირი შემეყაროს? გამაგებიე, ჩემო ბატონო, არის ასეთი კანონი, ნებას აძლევდეს მათ ასე მომექცენ? ასე მიმივიწყონ ამ ხნის კაცი?.. რა უნდა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს, ჩემი ხნის ადამიანმა, რა? აძლევს კანონი ამის ნებას, ასე შეუბრალებლად მომექცნენ? ეს გამაგებინე, შენი ჭირი შემეყაროს! ასე რომ დაცანცალობენ, ვინ იცის სად, და მე კი უკანასკნელ გაჭირვებაში ვყევარ... ილია რას აპირობ მერე, ამირან? ამირანა რასა და უნდა ვეახლო მთავრობას. მთავრობამ მომიდენოს შვილები ჩემს ოჯახში და იყვნენ ჩემს სიკვდილამდე, მერე კი რავარც უნდათ, ისე ქნან! სიკვდილამდინ კი მომხედონ. აბა რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს, რა ვქნა, ჩემი ხნის ადამიანმა? შენ უნდა დამარიგო, რარიგად მოვიქცე, რა გზას დავადგე, რომ მთავრობას ისინი აქ მოვაყვანიო, მთავრობამ რომ ერთი კარგად შეუცაცხანოს და ფეთება მისცეს, რომ ასე უგულოდ ეკიდებიან ჩემი ხნის ადამიანს! კი, ასე მინდა ვქნა და შენ უნდა დამაყენო გზაზე, შენი ჭირი შემეყაროს! ჰმ, გოუტკბათ ქალაქის ცხოვრება... თეთრ პურზე ბრძანდებიან და მე კი ცხელი ჭადი სანატრელი მაქვს, შენი ჭირი შემეყაროს! უნდა მოვიყვანო, აბა, რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს, ჩემი ხნის ადამიანმა? ილია ეჰ, ამირანა, დამიჯერე, თეთრ პურზე უსათუოდ არ არიან შენი შვილები ქალაქში. ვაი თუ ისინი შენზე უფრო მეტ გაჭირვებაში იყვნენ! დარწმუნებულიც ვარ, უსათუოდ ასე იქნება! თეთრი პურის კი არა, შავი პურის ლუკმის შოვნა ქალაქ ადგილას, შენ არც კი იცი, რა ძნელი საშოვარია, ჩემო ამირანა!.. აი, ჩემიანებსაც შენსავით ეგონათ, მეც ბევრი საყვედურები გამიგონია მათგან იმ დროს, როცა მე გაჭირვებულ ცხოვრებას ვებრძოდი... მინდოდა, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც უკეთესები შემეძინა, მაგრამ, ა, ხომ ხედავ, რა შევიძინე: დამტვრეული გულსაკლავად, ყველას შესაწუხებლად ვაგდივარ ყმაწვილი კაცი და, ვინ იცის, რა ხანს ვეგდები კიდევ ასე!.. გაჭირვება თან სდევს, ჩემო ამირანა, ყველას, გაჭირვებამ გადააგდო შენი შვილები თავიანთ ეზოს გადაღმა დამერწმუნე, ისინი შენზე მეტ გამწარებაში თუ არიან, თორემ დალხინებასთან კარგა დაშორებული იქნებიან უსათუოდ! ნუ უსაყვედურებ შენს შვილებს, ჩემო ამირანა; იმათ ის გაჭირვება დააწანწალებთ ქალაქის ქუჩებში ლუკმა-პურის საძებნელად... კი, ჩემო ამირანა, კი!.. ამირანა აბა, მე რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს? რა ვქნა? ასე ვიყო? ილია რას იზამ, ჩემო ამირანა! გეუბნები, ყველა გაჭირვებაში ვართ, ყველას თავთავის გაჭირვება თან გვახლავს და, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერჯერობით ჩვენს გაჭირვებას ჩვენ ჩვენი ძალ-ღონით უნდა ვეჭიდოთ, ჩვენი საკუთარი ძალ-ღონით ვებრძოლოთ! ამირანა თუ აღარ შემიძლია, შენი ჭირი შემეყაროს, მაშინ? აღარა მაქვს არც ღონე და აღარც ძალა, მაშინ? მაშინ რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს, რა ვქნა ჩემი ხნის ადამიანმა, ა?.. თუ არ შემიძლია? არავინ უნდა მომხედოს? ყველამ უნდა წამიყრუოს? ილია ოჰ, ეგ კარგ კითხვას იძლევი, ჩემო ამირანა, კარგსა და მაგარ კითხვას იძლევი, ამირანა! ამირანა ჰო, რა ვქნა, რა... როცა აღარც ღონეა და აღარც ძალა მაქვს...ა? (იცინის) ა, მაგარ კითხვას ვიძლევი, შენი ჭირი შემეყაროს?!. ილია სწორედ, კარგ და მაგარ კითხვას იძლევი... ყველასთვის საგულისხმიერო კითხვას იძლევი, ჩემო ამირანა! ამირანა მერე, რა პასუხს მომცემ, შენი ჭირი შემეყაროს, ა?.. რა პასუხს მომცემ, ა?.. გამოსვლა მეოთხე იგინივე და პატარა ბიჭი, ღობეზე გადმომდგარი, მერე ნატალია პატარა ბიჭი (იძახის) ნატალია!.. ნატალია!.. ილია ვიღაცა იძახის! ამირანა ვინ ხარ, ბაბუ, ვინ? ბიჭი ნატალია! ნატალია! ილია რაღაც ამბავი უნდა იყოს, ისეთნაირად იძახის ეს ბოვში! ამირანა (კარებისკენ მიდის). ნატალია, ვიღაც ბოვში იძახის, გამეიხედე! ნატალია (გამოდის სახლიდან). ვინ არი? ამირანა ბოვშია ვიღაცა... (ნატალია მიდის ჭიშკართან, ილიას) ა, მაგარ კითხვას ვიძლევი, ა, შენი ჭირი შემეყაროს?! ნატალია (შეჰკივლებს) უიმე! უიმე! (გავარდება ჭიშკარში და გარბის კივილით.) ილია რა ამბავია? რა იყო? ამირანა (მიიჩქარის ჭიშკრისაკენ). რა ამბავია? რა იყო, ბოშო? ნატალია, რა იყო? გამოსვლა მეხუთე იგინივე, ტუფია, შემდეგ მაია ტუფია (კარებთან მომდგარი). რა ამბავია, ამირანა? რა იყო? ნატალია რა იქნა? ამირანა ბოვში იყო ვიღაცასი... რაღაც ამბავი მეიტანა უთუოდ. ნატალიამ ერთი იკივლა და გავარდა იქით, ქვეითკენ! მაია (გამოვარდება შეშინებული). ქვეითკენ გადავარდაო? ტუფია მიშველეთ! ჩვენს თავზე ალბათ უბედურებაა! უსათუოდ საწყალ კაცს რაღაც შეემთხვა! (მაიას). მიხედეთ აქაურობას; ჩვენ თავზე რაღაც უბედურებაა! მიშველეთ! მიშველეთ! (გარბის გამწარებული) მაია რა ამბავია? რა არი? რა მოხდა, რა? ილია ვეღარაფერი გევიგე!.. ვიღაცას ბოვში იყო, რაღაც ამბავი მოიტანა, ალბათ ანტონას შესახებ. მაია უიმე! მიშველეთ! მიშველეთ!.. იმ გაჭირვებულს უთუოდ რაღაც მოუვიდა... მომკალით! ამირანა ბოვში მოადგა ღობეზე... ვერ გევიგე, ნატალიას უთხრა რაღაცა... მაია ჩვენს თავზე უბედურებაა! უბედურებაა უსათუოდ! (გარბის ჭიშკრისკენ). ტუფია (ისმის ხმა). მიშველეთ, მიშველეთ! გამოსვლა მეექვსე იგინივე, ანტონა (რამდენსამე კაცს საკაცით შემოაქვს). ტუფია, პავლია, ნატალია, ვასილა, ლომინა, სიმონა, რომანოზა, თებროლე მაია (რა დაინახავს მოსულს). მომკალით! მომკალით! გამათავეთ ახლავე! შვილო, შვილო... რას ხედავს ჩემი დასამიწებელი თვალები, რას, რას? ტუფია (უკან მოსდევს). მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! პავლია მოითმინეთ, მოითმინეთ, ბატონო... რო არაფერი უჭირს საამისო! მოითმინეთ! ტუფია მიშველეთ! მაია მომკალით, მომკალით ყველამ! შვილო, შვილო ანტონა! (ნატალია ტირილით მოსდევს უკან. ავადმყოფი შეაქვთ სახლში). ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა... ჩემო ანტონა! ოჰ, ოჰ, ოჰ! (ეზოში ყოველმხრიდან შემორბიან გლეხები, მამაკაცები და დედაკაცები. ზოგი სახლში შედის, ზოგი იქვე ეზოში ჯგუფებშია, ყველანი გაფაციცებით კითხულობენ:,,მოკვდა, მოკვდა?”). ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა! პავლია (გამოდის სახლიდან. სახლის წინ კარებთან შეჯგუფულ გლეხებს). ნუ მოიყრით ასე თავს... უტიეთ, ჰაერი შევიდეს სახლში... ნუ მოგუდავთ, უიმისოთაც უჭირს საწყალს! ამირანა (პავლიას). უჭირს ვითომ, შენი ჭირი შემეყაროს? ა? პავლია უჭირს და არა, შე დალოცვილო! კაცი სიკვდილზეა მიმდგარი... ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა... ჩემო ანტონა! ილია რა იყო? რა დეემართა, პავლია? პავლია (გარს ახვევია გლეხები) ჩემს გვერდით პატარა ყანა რო აქვს მაგას, იქ მუშაობდა: ქე ვიცოდი, რომ კარგად ვერ იყო... გუშინაც ავადმყოფობას ჩიოდა... თვალი მისკენ მეჭირა, არ ვიცი, რატომ. გევიხედე ერთი და ის იყო... ე კაციც უცბათ, თითქო ბალახი მოცელესო, წეიქცა. მივაყვირე, ხმას არ იძლევა. მაშინათვე გადავარდი, მივარდი, რას ნახავ: მკვდარია, მკვდარი კაცი აგდია! გადაუძახე, იქვე ბიჭები მუშაობდნენ, მოვარდნენ, ავსწიეთ და წამევიღეთ ცოცხალ-მკვდარი ადამიანი... ვასილა (გამოდის სახლიდან) ნამეტნავად ცუდადაა საწყალი! არ ვიცი, რავა იქნება მაგის საქმე! ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა! ლომინა (სახლიდან გამოსული). ბატონო ილია, შებრძანდით... ერთი დახედეთ... ეგებ რჩევა რამე მისცეთ... არავინ იცის, რა ქნას, ყველა დაბნეულია.. საწყალი კაცი არ შემოაკვდეთ მაგ უბედურებს... შებრძანდით! შებრძანდით ერთი! პავლია შებრძანდით, შებრძანდით! ეგებ რამე ურჩიოთ, თვარა მარტო მაგათი ქაქანით საცოდავს რა უნდა ეშველოს! შებრძანდით, ბატონო! (ილია შედის სახლში). ტუფიას ხმა მიშველეთ!.. მიშველეთ!.. მიშველეთ!.. ვასილა რა ეშველება მაგ საცოდავს... რა ეშველება? ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა! ჩემო ანტონა! პავლია ბატონო, თუ ყველამ მარტო ვიძახეთ, რა ეშველება, რა ეშველებაო და ლაპარაკით გავათავეთ საქმე - მართლა რომ აღარაფერი ეშველება და ეს კაციც შემოგვაკვდება ხელში და ის იქნება! ასე გაჩერება არ შეიძლება... ექიმი ჩვენთვის არაა და ფერშალი... ჩვენვე უნდა შევეცადოთ... ვისაც რა შეუძლია... სიმონია, გადირბინე, ბიჭო, გადირბინე ერთი ხელათ ნიკოსთან! გააგებინე ამბავი... გთხოვენ, გადმობძანდეთ-თქვა... განათლებული და ნაყურები ადამიანია - ეგებ რამენაირად უშველოს საწყალს!.. ვასილა ის თვითონ გაჩდება აქ, რავარც კი გეიგებს ამბავს... თვითონ გაჩდება!.. პავლია კი, მარა... დაჩქარება ჯობია! მალე, მალე, თუ კაცი ხარ!.. სიმონა ახლავე, ახლავე! (გარბის). ლომინა ე ქალები რომ გაჩერებულან, სეირს უყურებენ დალოცვილები, თუ რავაა... გამოულოცონ მაინც, ვინ იცის, ეგებ ქე ეშველოს, ეშაღავათოს! რომანოზა მართალია!.. მართალია!.. ყოველნაირი საშვალება უნდა იხმაროთ, რავა შეიძლება! დროით უნდა მიშველება! ლომინა (მივა კარებთან). თებროლე, თებროლე, გამობრძანდი აქეთ! თებროლე (ხნიერი დედაკაცი გამოდის სახლიდან). რა გნებავთ? პავლია თქვე დალოცვილებო, რომ შემორტყმიხართ ამ საცოდავ კაცს, სეირს უყურებთ თუ? თებროლე რა ვქნათ, ბატონო, დაგვარიგე, შენი ჭირიმე! პავლია რავა რა ქნათ, შე ქალო! ასე რავა დეიბენით ყველა: გამოულოცეთ, შე დალოცვილო, ეგებ ეშველოს რამე! ნუ, ნუ გაჩერებულხართ, თუ ღმერთი გწამთ! თებროლე კი, ბატონო! კი, ბატონო! თუკი ინებებენ, ახლავე გამოულოცავთ, ჩემო ბატონო! პავლია იმათ რაღას ეკითხებით... ეს თქვენ უნდა ქნათ და აბა ჰე!.. აბა ჰე!.. დროს ნუღა კარგავთ!.. შეუდექით, შეუდექით, ეგებ ეშაღავათოს საწყალს! აბა ჰე, აბა ჰე! თებროლე ახლავე, ჩემო ბატონო! (შედის სახლში). გამოსვლა მეშვიდე იგინივე და ნიკო ლომინა ნიკოც აგერ მობრძანდება! ვასილა აკი ვთქვი, უსათუოდ აქ გაჩნდება ახლავე-თქვა! ნიკო გამარჯობათ! გამარჯობათ თქვენი! პავლია შენ გადღეგრძელა ღმერთმა, შენ რომ ჩვენისთანა საწყალი კაცი გებრალება და გეცოდება! შენ გადღეგრძელა უფალმა! ნიკო ეს რა მოუვიდა საწყალ ანტონას? როგორ არის ახლა? ლომინა თქვენი მტერი იქნა ისე, ის რომ არის! მკვდარივით აგდია საცოდავი! ტუფიას ხმა მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! გამოსვლა მერვე იგინივე, სერაპიონ და ილია, გამოდიან სახლიდან. სერაპიონ (სახლიდან გამოდის, ნიკოს) მოითმინეთ, ბატონო! ცოტათი მოითმინეთ!.. გამოლოცვას გაათავებენ ახლავე დედაკაცები. ნიკო (შეჩერდება) კეთილი, კეთილი. პავლია (სახლიდან გამომავალ ილიას) რავა ატყობთ, ბატონო ილია, ა? ილია ცუდათაა საწყალი... ცუდათაა. ამირანა ოჰ, ჩემო ანტონა! ჩემო ანტონა! ნიკო საწყალი კაცი, რა მოუვიდა ასეთი უბედურს? ვასილა ანტონა ანტონაა და ამდენ სულს რა ეშველება? მუშა კაცის ასეთ დროს წაქცევა... ამდენი სამუშევარი, ამდენი საქნარი, ყველაფერი უნდა გაოხრდეს, ეს ოჯახის ამოგდებაა ნამდვილი! პავლია რატომ, შე კაცო, რატომ უნდა გაოხრდეს? ნუ გავაოხრებთ, ბრმები ხომ არა ვართ, ხომ ყველა ვხედავთ, რა ყოფაში ჩავარდა ჩვენი მეზობელი? ყველა წევეხმარებით, ყველა შევუდგებით და შევეწევით!.. სიკვდილით ღმერთმა ნურაფერი გაუჭიროთ და სხვებრ ყველა ხელს შევუწყობთ. რატომ გავაოხრებინებთ! ჩვენს თავზეც უნდა ვიფიქროთ. დღეს ანტონას ასე მოუვიდა, ხვალ შეიძლება მეც ასე შემემთხვეს, შენც, ერთმანეთს უნდა მივხედოთ და კიდეც მივხედავთ, კი, კი! ნიკო უსათუოდ, უსათუოდ! ილია კარგი დაგემართოს, პავლია, თუკი ასე მოიქცევით... კარგი დაგემართოს! ხმები რასაკვირველია, რასაკვირველია, ყველა წავეხმარებით! ამირანა კი, კი! ყველა, ყველა! ლომინა ამ წუთისოფლის გაჭირვებას, ბატონო, ჩვენც ვხვდებით, რომ ერთმანეთს თუ გევიტანთ, თვარა ისე სხვებრ ვერას გავხდებით. ნიკო რასაკვირველია, რასაკვირველია, ლომინა ჩემო, ეგ ნამდვილი სიტყვაა... ილია რომელიც საქმედ უნდა იქცეს, საქმედ იქცეს!.. სერაპიონ (ნიკოს). მობრძანდით, ბატონო! (ნიკო შედის სახლში). პავლია ყველამ უნდა გევიზიაროთ ჩვენი მეზობლის გასაჭირი... ყველამ! ხმები კი, კი! ამირანა ყველამ, ყველამ! ილია შენც, ამირანა? ამირანა მეც... მეც, შენი ჭირი შემეყაროს, მეც, მეც! ილია (იცინის). ყოჩაღ, ყოჩაღ, ამირანა! ამირანა აბა, რავა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს? სანამ ცოცხალი ვარ, ვერ ჩამოვშორდები ჩემს მეზობლებს ვერც ჭირში და ვერც ლხინში. ვერა, შენი ჭირი შემეყაროს, ვერ ჩამოვშორდები! ვასილა ჩამოგვშორდები - ჩვენც ჩამოგშორდებით. ამირანა ვერა, ვერ ჩამოვშორდებით, ვერა, თქვენი ჭირი შეგვეყაროს! ხმები ასე უნდა, ამირანა, ასე, ასე! (იცინიან). პავლია ბატონო ილია, რატომ გეეჭვებათ ჩვენი ნათქვამი, რომ ამ ჩვენი მეზობლის გასაჭირს გევიზიარებთ და შევეფარებით? ილია რატომ? მიტომ, ჩემო პავლია, ხომ ხშირად სიტყვა რჩება და საქმედ არა თუ არ იქცევა, სულ სხვანაირადაც მიიმართება. პავლია არა, ბატონო ილია, არა! აგერ ყველა ვამბობთ და ყველა კიდეც ავასრულებთ ჩვენს ნათქვამს, ყველა შევეფარებით ანტონას, ყველა გევიზიარებთ ჩვენი მეზობლის ოჯახის გასაჭირს! ჭკუა ჩვენც უნდა ვისწავლოთ, ბატონო, დროა! ხმები კი, კი, კი! ილია ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას! პავლია ა, ნახავთ თუ ასე არ იქნება! ილია ვნახავთ, ჩემო პავლია, ვნახავთ. ყოველ კეთილს შევსწრებოდეთ! გამოსვლა მეცხრე იგინივე და სერაპიონი ლომინა (სერაპიონს, რომელიც ის იყო სახლიდან გამოვიდა და რამდენიმე გლეხს გადმოხურულში ელაპარაკებოდა). რაო, რას აპირებენო? სერაპიონ გადალოცვას აპირებენ. პავლია რას აპირებენო? გადალოცვას? სერაპიონ ჰო, გადალოცვას. პავლია ვინ? სერაპიონ ვინა და ტუფია... ხმები (მოშორებით რომ იდგნენ). გადალოცვას აპირებენ? სერაპიონ ჰო, ტუფია აპირებს გადალოცვას. ვასილა მართლა გადალოცვას აპირებენ, ბატონო? ნიკო ჰო... ისე, როგორც ეს იცით ხოლმე... ტუფიაც აპირებს გადალოცვას. ლომინა სით ულოცავს? ხმები სით ულოცავს? სერაპიონ სით გოდოულოცავს? ზევით ხომ არ შეუდგება იმ შეღმართს? ქვეითკენ წავა, აბა, სით უნდა წავიდეს?.. პავლია ქვეითკენ? სერაპიონ ჰო, ქვეითკენ. პავლია რატომ ქვეითკენ უსათუოდ? სეფე(გაცხარებით) რატომ და იქით წასვლა უფრო მოსახერხებელიცაა... და ამონაყოლიც იქიდანაა... ლომინა ზევითკენ წევიდეს! ვასილა კი, ზევითკენ წევიდეს! რომანოზა უთქვამს იმ ადამიანს, სით უნდა გოდოულოცოს და კიდეც იქით გოდულოცავს, თქვენ არ გეკითხებიან! რომ დაობთ, დოუშლით ახლა იქით წასვლას, სითაც უნდა, თუ? პავლია დოუშლი, აბა, არ დოუშლი? რომანოზა რავა დოუშლი!.. ერთი შენ კიდევ! პავლია რავა და კარგად! რომანოზა რა ძალა გაქვს ამისთანა, შე კაცო? პავლია ეს მე ვიცი! ლომინა (რომანოზას). თქვენკენ რომ არ მოდის, იმიტომ იჩაჩები მაგგვარად... აგერ გეუბნებით, ქვეითკენ ვერ გოდოულოცავს. პავლია ვერა, ვერა! სერაპიონ რატომ ვითომ, რატომ? მიზეზი რა არი? პავლია რაში დაგჭირდათ ახლა ეს გადალოცვა? არ გვეყოფა, რაც ჩვენ ყოველ ფეხის გადადგმაზე წინ სიმწარე და ჭირი გვხვდება? რაღა ჩვენკენ დენიან კიდე თავიანთ უბედურებას... რაღა ჩვენკენ გზას ულოცავენ?.. ჩვენი მწუხარება არ გვეყოფა თუ? ქვეითკენ არ გოუშვებ გადასალოცავად!.. არა, არა, ტყვილი იმედია! ამირანა კი, კი, გვეყოფა ჩვენი უბედურება! ჩვენკენ არ გადავალოცვიებთ!.. ლომინა ქვეითკენ ვერ წამოვა... არ გოუშვებთ! ხმები არ გოუშვებთ, არა, არა! ნიკო პავლია, ლომინა, ნურც თქვენ ღელავთ, ნურც სხვებს აღელვებთ. სითაც ურჩევნიათ, იქით გოდოულოცონ. თქვენ იმით არაფერი დაგიშავდებათ, გულშეწუხებულ ჭირისუფალთ კი გულზე მოეშვებათ... დამშვიდდით, დამშვიდდით, დაწყნარდით, თუ კაცი ხართ! პავლია არა, არა, ქვეითკენ ვერ გოდულოცავენ, ვერა! ეს ნათქვამია და გათავებული! ლომინა ვერა, ვერა! ამირანა არ გოუშვებთ! ხმები არ გოუშვებთ! ილია (პავლიას) თქვე კაი კაცებო, ახლა არ იყო, თავს იკლავდით, შეწუხებული იყავით ამ კაცის მდგომარეობით, ყველა ერთად აცხადებდით, ოჯახის გაჭირვებას გევიზიარებთო... ახლა წინააღმდეგი უხდებით, გადასალოცავად გზას უკრავთ. რა მოხდა ამისთანა, რა იქნა? თქვენი სიტყვა სადღაა? პავლია შევეწევით, წევეხმარებით... თავის უბედურობას ჩვენსკენ ნუ მოდენიან, ჩვენსკენ გზას ნუ ულოცავენ, ნუ! ქვეითელები არ შეიძლება, არა, არა! არ გოუშვებთ! ამირანა არ გოუშვებთ, არა, არა! ს ე ფ ე თქვენ არავინ გეკითხებათ, გოუშვებთ თუ არა! არა, არავინ გეკითხებათ! სერაპიონ ვნახავთ, რავა არ გოუშვებთ! ილია (ნიკოს) თქვენ ნახავთ, თუ აქ ერთი უცნაურობა არ დატრიალდეს. პავლია ფეხი ქვეითკენ არავინ გადმოდგას გადმოსალოცავად, გეიგონეთ ყველამ! (გადადიან ჭიშკარს გადაღმა და ეწყობიან გზაში). ხმები არავინ, არავინ! სერაპიონ ესენი, ეტყობათ, მართლაც და არ ხუმრობენ... რას სულელობთ, რას, რას სულელობთ თქვენ, ეი! პავლია (გაჯავრებული ჭიშკრისკენ მიდის). ფეხი არავინ გადმოდგას ქვეითკენ!.. ფეხი, ფეხი, თუ არა... სერაპიონ თუ არა, რა? თუ არა, რა, ბიჭო? რას იმუქრები, შე უსინდისო, შენ? პავლია უსინდისოც ხარ და უარესიც! ილია სირცხვილია, პავლია, სირცხვილი, რას ჩადიხარ: არ გრცხვენია? პავლია თავი დამანებე... თავი დამანებე, თვარა ხელახლა მიგამტვრევ მაგ დამტვრეულ ფეხებს! თავი დამანებე, შენ შემეწევი, შენმა სიცოცხლემ, რომ გამიჭირდეს... დიახ!.. სეფე რას ელაპარაკებით მაგ ჭკუა გადამცდართ! რას ელაპარაკებით ამ გადარეულებს! ლომინა აბა, გადმოდგით ფეხი, აბა, მაშინ ნახავთ, გადარეული რავარი უნდა! გამოსვლა მეათე იგინივე და მაია მაია პავლია, შვილო, რატომ ნებულობ, რატომ ნებულობ, შვილო? ლომინა, ამირანა! პავლია არ შეიძლება, არ შეიძლება, არა, არა! ქვეითკენ არა, გესმით!.. მაია (ნიკოს და ილიას) მიშველეთ, მიშველეთ, განათლებულებო! ამირანა არ შეიძლება, არ შეიძლება! ლომინა არ შეიძლება! ვასილა არ შეიძლება! ხმები არა, არა! სერაპიონ რას ელაპარაკებით ამ გამოტვინებულთ, რას ელაპარაკებით! რამდენიმე გლეხი რაღას ელაპარაკებით, რაღას ელაპარაკებით? სეფე ტუფია, წამოდი, წამოდი, ტუფია, ვნახავთ, რავა არ გაგიშვებენ!.. პავლია ფეხი არ გადმოდგა, ფეხი, ჰეი! სერაპიონ ვნახავთ, რას გაბედავენ, ვნახავთ! (სახლთან) ტუფია, წამოდი, წამოდი, ტუფია! სეფე წამოდი, წამოდი, ტუფია, წამოდი! პავლია და ქვეითელები ფეხი არავინ გადმოდგათ, ფეხი არ გადმოდგათ! გამოსვლა მეთერთმეტე იგინივე და ტუფია წმინდა სანთლებით თითებზე, გადასალოცავად გამზადებული. უკან მისდევენ ნატალია, მაია და რამდენიმე დედაკაცი ტუფია (ღაღადით). ჩემზე მომდგარ უბედურებას გზა დაგელოცა, კვალმა შენმა იხარა... შენმა სავალმა... იკმარე ჩემი სიმწარე... იკმარე ჩემი გაჭირვება!.. პავლია (ყვირის) ტუფია, აქეთ ნუ მოდიხარ! ტუფია შემიბრალე... შემიწყალე... შემიცოდე!.. ლომინა აქეთ არ წამოხვიდე! ამირანა არ წამოხვიდე, არ წამოხვიდე! (ყვირიან სხვებიც). სერაპიონ (უძღვება წინ ტუფიას). მოდი, მოდი! ილია ნახავთ, აქ ერთი უბედურება დატრიალდება! ნიკო დაწყნარდით, დამშვიდდით, რას ჩადიხართ, გონს მოდით! სეფე მოდი, აბა გაბედონ რამე, გაბედონ რამე! პავლია (ღობიდან კეტს მოგლეჯს). ფეხი არ გადმოდგათ, ამ კეტით გაგიპობ თავს, თავს გაგიპობ, იცოდე! (ყვირიან). ქვეითელები არ გაგიშობთ, არ გაგიშობთ, არა, არა! სერაპიონ (ეძგერება პავლიას). იქით, იქით, შე გამოტვინებულო! იქით-მეთქი! ლომინა დაჰკარით მაგ მამაძაღლს კეტი, მაგ მამაძაღლს კეტი!.. სეფე და რამდენიმე გლეხი დაჰკარით ამ ვირებს! დაჰკარით გამოტვინებულებს! (საერთო ყვირილი, ორივე ჯგუფის შეჯახება). პავლია კეტი... კეტი... კეტი მაგათ! ნიკო რას ჩადიხართ? რას ჩადიხართ?! შეჩერდით, შეჩერდით! ღმერთო ჩემო, ეს რა ამბავია! შეჩერდით, თუ გწამთ ღმერთი! ილია გეიზიარეს მეზობლის გაჭირვება, გეიზიარეს! სერაპიონ (რომელსაც მოხვდა პავლიასაგან მოქნეული კეტი). მიშველეთ, მიშველეთ!.. ხმები კაცი მოჰკლეს!.. მოჰკლეს კაცი!.. დაჰკარით, დაჰკარით მაგ შეჩვენებულებს!.. დაჰკარით მაგ არაწმინდებს, დაჰკარით, დაჰკარით! (საერთო ყვირილი, წივილი, შეტაკება, ჯოხებით ცემა). ნიკო ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ამბავია ეს, რა ამბავია? რა ამბავია?.. რა საშინელებაა! ფარდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი