როსტომ მანველიძე
მანველიძეები იმერეთის აზნაურთა გვარს ეკუთვნიან; იმ გარემოებით, რომ არც ერთ მანველიძეთაგანს გადათქმული გვარი არ რქმევია, რაც ხშირად იციან იმერეთში მომრავლებულ მოგვარეთა გასარჩევად, დიდად იწონებდნენ თავს და ამ შემთხვევას ისე ხსნიდნენ, თითქოს მათთან მორიდებისა და შიშის გამო ვერ უბედავდნენ გვარის გადარქმევას. თავიანთ გვარის წარჩინებულებაზე სიტყვა მუდამ ენაზე ეკერათ და ამ წარჩინებულების დასასაბუთებლად მოჰყავდათ ამბავი, ვითომ ერთ მეფეს, რომელს - ბაგრატს, ფარნაოზს თუ ალექსანდრეს - ამას გვარში დაცული ზეპირგადმოცემა გარკვევით არ აღნიშნავდა, ერთი მანველიძეთაგანი კარის კაცად ჰყოლია. ისე დაწინაურებულა, რომ მეფეს მისთვის სახლთუხუცესობაც კი უბოძებია. თუმცა მოკლე ხნით შერჩენია ეს საპატიო თანამდებობა, რადგან ჩვეულებრივი არეულობა მომხდარა, მეფე გადაუგდიათ, მოუკლავთ და ამასთან ერთად დაღუპულა მისი მსახური, ისე რომ მისი სახელიც კი დაკარგულა. ამ ზღაპრული სახლთუხუცესის შემდეგ მანველიძეთა გვარი მაინცდამაინც არავის უსახელებია, თუ სათვალავში არ მივიღებთ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთაც მათმა არა საკადრისმა საქციელმა ციმბირში ამოაყოფინა თავი. მაგრამ მანველიძეებს მაინც დიდად მოჰქონდათ თავი, ძვირად თუ ვისმეს იტოლებდნენ და სხვა აზნაურებში არჩევდნენ თავიანთ თავს. რადგან მანველიძეთა დიდება ბუნდოვანი წარსულის ამბებზე იყო დამყარებული, იგი ადვილად დავიწყებას ეძლეოდა და საჭირო ხდებოდა ხშირხშირად ამ შორეული ამბების გახსენება და ჩაგონება სხვებისათვის, ნამეტურ იმ ვიგინდარებისათვის, რომლებმაც ამ ბოლო დროს თავი წამოჰყვეს და ტუტუცურად ტუჩს უბზუებდნენ წარსულისაგან ნაანდერძევ დიდებულებას და დასცინოდნენ ზღაპრულ ამბებზე აშენებულ ამაყობას. ამგვარ ჩაგონებას არა ერთხელ გამოუწვევია აყალმაყალი, ბევრი უსიამოვნება შეუხვედრებია მანველიძეთათვის, მაგრამ ესენი მაინც თავისას არ იშლიდნენ და არავითარ შფოთს არ ერიდებოდნენ. ამგვარმა დაურიდებლობამ ამას წინათ, მაგალითად, მხიარული ქორწილი გააუგემურა და კინაღამ სისხლითაც შეღება. ერთი მანველიძეთაგანი საკმარისად ჩამოქვეითებული თავადის ქალზე იწერდა ჯვარს. სიძის სახლიკაცმა სახელდახელო შემთხვევად მიიჩნია აეხსნა შეკრებილ საზოგადოებისათვის, თუ რა ღირსშესანიშნავი ამბავი ხდებოდა, აეხსნა, რომ დიდებულ სახლთუხუცესის და სხვათა გამოჩენილ მანველიძეთა შთამომავალი ანახლებდა კავშირს მათსავით დიდებული თავადის ოჯახთან, რომლის წინაშე ერთ დროს თრთოდა მთელი ქვემო მხარე, და ამ განახლებული კავშირით ვითომ საფუძველი ეყრებოდა ქვემო და ზემო მხართა აღორძინებას და აყვავებას ამ ორ გვართა გავლენის ქვეშ იმავე დიდებით, როგორც ეს წინათ ყოფილა. რასაკვირველია, მჭევრმეტყველის განმარტება გაზვიადებული იყო, ახსნა სრულიად უსაჭირო და უმნიშვნელო. სამაგიეროდ ზოგიერთთათვის საოხუნჯო მასალად გამოსადეგი აღმოჩნდა, რამაც გულზვიადი ორატორი ისე გააბრაზა, რომ გულმოსულმა თავი ვეღარ შეიკავა, მთელ საზოგადოებას უშვერი სიტყვებით მიმართა, და, რაც სრულიად საჭირო აღარ იყო, სიტყვას ფურთხი მიაყოლა. შეგინების მაგივრად - ერთი ყვირილი, მიწევ-მოწევა და ჩვეულებრივი ხანჯლებზე ხელის გასმა. ამგვარი ჩხუბი-დავიდარაბით ცდილობდნენ მანველიძეები თავიანთი გვარის დიდებულებისა და წარჩინებულების დაცვას. სხვა გზა ვერ გამოენახათ. ცხოვრება კი თავისას შვრებოდა: გვარი შეუბრალებელ კლებაში შეჰყავდა, გადაქაჩულ აზნაურებს უკან-უკან წევდა, დღედადღე გაჭირვებას უმატებდა. ყველას ხასიათი გამოუცვალა. ზოგი ისე გაამწარა, რომ ბზიკს დაამსგავსა, ზოგი ისე გაწყვიტა წელში, რომ ყველაფერზე გული გაუგრილა და თვით დიდებულ სახლთუხუცესის ხსენებასაც ავიწყებინებდა. როსტომ მანველიძე თავის დროზე თავმომწონე მანველიძე იყო. ყმაწვილობისას გული საგმირო საქმეებისათვის უძგერდა; სხვებსავით შემთხვევაზე იგიც გამოწყობილა თოფ-იარაღით, შემჯდარა ცხენზე, ჯარიანობაში მონაწილეობა მიუღია და ჩხუბსაც დასწრებია, გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენია, რისთვისაც იუნკრის ჩინითაც ყოფილა დაჯილდოებული. თავის დროზე იუნკრობაც ხარისხი და ჩინი იყო, მრავალთათვას სახარბიელო და სანატრელი და საძებარი, როგორც წარმატებისათვის ერთი საფეხური. მაგრამ ბედმა ამ საფეხურს როსტომი აღარ გადააშორა. დროთა ვითარებაში კი ხარისხი ისე გაახუნა, რომ ამ ბოლო დროს როსტომს საწყენადაც ურჩებოდა, თუ ვინმე გაუხსენებდა მის იუნკრობას. თუ რამ შერჩა როსტომს მისი ვაჟკაცობისა და გულადობის მოსაგონებლად - ეს წითელ კანტჩაყოლებული ლურჯი შარვალი, რომელსაც იგი ატარებდა, როგორც ცხენოსან ჯარში ნამსახური პირი. ბატონყმობის გაყრიდან ბედნიერად გამოვიდა როსტომი. რაღაც მისდა იღბლად შერჩა ერთი ნაყმევი, დღეს მასავით მოხუცებული დათია, რომელმაც აღარც თავისუფლება დაეძია, აღარც ცოლი, აღარც შვილი, აღარც საკუთარი ოჯახი და როსტომს შეეკედლა განუშორებლად. თავისნება კაცი იყო დათია, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსათმენი იყო, რადგან როსტომის ოჯახში იგი მოურავიც იყო, მზარეულიც, ხაბაზიც, თავიცა და ბოლოც. ძალიან უწყობდა ხელს თავის გუნებაში დათია თავის ნაბატონარს. მეტად მეცადინეობდა იგი, რომ მანველიძეთა საკადრისი ცხოვრებით ეცხოვრებინა, მაგრამ ყოველივე ამაო ხდებოდა. შემოსწრებულ ცხოვრების შეუბრალებელი პირობები თავისას შვრებოდნენ - მანველიძის ოჯახი უკან-უკან მიდიოდა, უკან-უკან მიჩოჩავდა, მუდამ დღე კლებაში იყო. კეთილშობილება და მასთან შეკავშირებული სხვადასხვა უფლება უკანასკნელ ხანამდის განუყრელ და განუშორებელ საკუთრებად მიაჩნდა როსტომს. კეთილშობილ აზნაურს პატივი ედებოდა, საქვეყნო საქმეებში ხმა ჰქონდა: არჩევნებში, - მარშლებისა იქნებოდა თუ ბანკისა, - მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა და კიდეც სარგებლობდა ამ უფლებით. მართალია, მოლაპარაკე კაცი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ მეკენჭე იყო და მის მიმხრობას ცდილობდნენ და ხშირად ”პრაგონი” შინ მოსვლია ქუთაისში ჩასასვლელად. ბევრი პატივისცემა ახსოვს იმათგან, ვისაც მიემხრობოდა როსტომი. გასაოცარი მასპინძლობით შეგებებიან, დიდად უსიამოვნებიათ და შინ დაბრუნებულს ბევრი საინტერესო ამბები მოუტანია ქვეყნის გასაბედნიერებლად გარდახდილი ბრძოლის შესახებ. მაგრამ ამ უკანასკნელ ხანებში, ზოგიერთ მყვირალათა წყალობით, ჯერ ბანკში მოესპო ხმა და გავლენა, შემდეგ, თვითონ კეთილშობილება ჩამორთმეოდა; მარშლების არჩევნებშიაც აღარ მიუშვეს და ქუთაისში აღარ იბარებდნენ, რასაც იგი გაფაციცებით უმალავდა დათიას. თავადაზნაურთა მიწა-წყალზე შემოღებულმა გადასახადმა ხომ სულ დაათავა ყოველგვარი დაკლება და ჩამოთლა, ისე რომ წამოსწრებულმა არეულობამ მხოლოდ ტყუილი შიში გამოაცდევინა, თორემ ჩამოსართმევი, ჩამოსათლელი და ჩამოსაკლები ვეღარაფერი მოუნახა როსტომს. - გაგვაგლეხკაცონ ბარემც დალოცვილებმა და ის იქნება! - წამოიძახებდა ხოლმე გულნატკენი როსტომი. - რაღა შეგვრჩენია: ყოველივე უფლება ჩამოგვერთვა, წაგვერთვა და ეგ არის!.. რიღათი გაირჩეს კეთილშობილი ადამიანი ამ ჩემ დათიასაგან, არ ვიცი!.. მადლობა ღმერთს, ქონდეს! მოვისვენებთ მაინც!.. მეტი რაღა დაგვემართება? ალბათ, ვერ ამჩნევდა როსტომი, თორემ ყველაფერზე უარესი იყო ის, რომ მისი ოჯახი ნიავდებოდა, ცივდებოდა, ინგრეოდა. ერთი ვაჟი ჰყავდა როსტომს და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, ისე გადაიკარგა სადღაც. მეუღლე იყო მისი, მარიამი, და როგორც ის, ისე როსტომთან შეურცხვენელ მეუღლეობაში ნაყოლი ოთხი ქალიშვილი ოჯახს სრულიად გულს არ უდებდნენ, სრულიად არ დაეძებდნენ, მუდამ საკუთარ ოჯახს გარეთ იყვნენ, გაურბოდნენ თავიანთ უხალისო ბუდეს, მისვლა-მოსვლას უნდებოდნენ: ხან ნათესავებში იყვნენ, ხან კეთილებში, ხან ნაცნობებში, თვითონაც დროს ატარებდნენ და სხვებსაც ეხმარებოდნენ დროს ტარებაში. ამაში კი ზედმიწევნით დახელოვდნენ; ზოგმა დაირა იცოდა შესანიშნავად, ზოგმა სიმღერა, ზოგმა ცეკვა - ლეკური, უზუნდარა, ბაღდადური და, ხანდახან მახლობლებთან, კეკ-უოკიც. ქალიშვილები თამამნი, ლამაზნი და მოხდენილი შეხედულებისანი იყვნენ. როსტომი ხმას არ იღებდა ქალებისაგან ოჯახის ამგვარ მივიწყებაზე, შეიძლება იმ მოსაზრებითაც, რომ წლიდან წლამდის მათი შინ ყოფნა უფრო გაუჭირვებდა ისედაც გაჭირვებულ ცხოვრებას. სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა როსტომი ქალებს ასეთ მათ წანწალზე და ესენიც შემოიხედავდნენ თუ არა ოჯახში, იქვე იმ ფიქრს და დარდს ეძლეოდნენ, თუ სად და როდის წასულიყვნენ. ამასწინათ რაღაც შემთხვევით, დედამაც და ქალიშვილებმაც თავი მოიყარეს ოჯახში. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ აწრიალდნენ წასასვლელად და ამისათვის მთელი დღე არბენიეს სოფლად დათია, რომ ურემი სადმე ენათხოვრებინა სადგურამდის ჩასასვლელად. საღამო იყო, დათია რომ დაბრუნდა. - რა ქენი, ბიჭო?.. - შემოეხვივნენ ქალიშვილები... - ვერსად ვერ ვიშოვე... არავინ არ გვათხოვა! - თქვა დათიამ. ქალიშვილებმა თავი მიანებეს ფუთების კვრას და შეზრიალდნენ. - მძულს აქ მოსვლა! - წამოიძახა უფროსმა ქალიშვილმა თალიკომ.- სიკვდილს უნდა ეღირსო, სანამ აქედან ფეხის გადადგმას მოახერხებდე ადამიანი! დასწყევლოს ღმერთმა აქაურობა! - მე რომ ზეგ ქუთაისში არ ვიქნე, მომკალით და ის იქნება! - გამწარებით გაიძახოდა ლამაზი ნატალია. - ზეგ ნუციკო დღეობას იხდის... სიტყვა მივეცი, უსათუოდ ჩამოვალ-თქვა და დათიას წყალობით ყოველგვარ სიამოვნებას უნდა ჩამოვრჩე! - რა დაგემართათ?.. რა მოგივიდათ? არაფერი საშფოთავი არა გაქვთ - დინჯად წარმოთქვა ქალიშვილების ახმაურებაზე ოთახში შემოსულმა მარიამმა: - თქვენ თქვენი საქმე ქენით, რაც წასაღები გაქვთ, არაფერი დაგრჩეთ... ხვალ ყველანი ერთად წავალთ!.. ბიჭო, მთელი დღე იარე და ერთი ურმის შოვნა გაგიჭირდა?..- მიუბრუნდა იგი დათიას. - ყოველთვის კი აღარ გვათხოვეს, შე დალოცვილო! ყველას თავისი საქონელი საქნარისათვის ჭირდება... ტყვილა კი არავინ ზის სახლში! - მიუგო დაღლილმა დათიამ. - როსტომ, ეგებ შენ იშოვო სადმე ურემი! - მიმართა მარიამმა ტახტზე წამოწოლილ ქმარს. როსტომს თითქოს არ გაეგონოს ნათქვამი, პირველად არც კი განძრეულა. - ადექი... ადექი... ნუ გეზარება! - არ ეშვებოდა მარიამი. როსტომი ზანტად წამოდგა, მოითხოვა ჯოხი და როგორც იყო ახალუხის ამარა გასწია ამ შეღამებულში ურმის საძებრად. - ტყვილა მიდიხარ... არავინ არ გათხოვებს! - გააყოლა სიტყვა დათიამ. - გაწყვა შენი ენა! - შეუტია მას უმცროსმა ქალიშვილმა პელომ. - არავინ არ გათხოვებსთ! - ჯიუტად გაიმეორა დათიამ. - რატომ, ბიჭო? - მიეჭრა მარიამი. - იმიტომ, რომ ბევრი მიდიხართ ერთად... ორ წყებად წასულიყავით, გერჩიათ... თქვენთვის საქონელს არავინ დაღლის ამისთანა საქნარიან დროს! - არ იშლიდა თავისას დათია. - რჩევას არავინ გკითხავს! - გულმოსულად შეუტია მარიამმა და გაშორდა. დათიას სიტყვა გამართლდა; ხარ-ურემი ვერც როსტომმა იშოვა, ქალიშვილებმა შექნეს ერთი ალიაქოთი. ყოველივე მათი დაწყებულება იშლებოდა. მარიამის და თალიკოს დამხვდური - დედულიდან სადგურზე გამოგზავნილი - უსათუოდ უკან გაბრუნდებოდა, რაკი მათ დანიშნულ დღეს ჩასულს ვერ ნახავდა, ამგვარივე საქმე მოუვიდოდა პელოსაც და კატულიასაც, რომელნიც მამიდისას მიდიოდნენ. ნატალიას ყველაზე უკეთ ჰქონდა საქმე - ერთი დღე რომ დაგვიანებოდა, ზეგ მაინც ჩავიდოდა ქუთაისში და ამხანაგის დღეობას არ დააკლდებოდა; მაგრამ რა: იმ დღის ნამგზავრს, დაღლილს, სად შეეძლო ისეთი მონაწილეობა მიეღო მოლხენაში, როგორც წინა დღით მისულს და დასვენებულს! ქალიშვილების გამწარებას საზღვარი არა ჰქონდა. მარიამიც მეტად გაჭირვებული იყო. ბევრი ჩაქცევა და ჩანგრევა უნატრეს სოფელ ადგილებს და განსაკუთრებით თავისას. ბევრი იწრიალეს, ბევრი იქაქანეს, ბევრიც იკაპასეს და ბოლოს დედის რჩევაზე შეჩერდნენ: დილა ადრიანად ადგებოდნენ, ფუთებს დათიას აჰკიდებდნენ, ფეხით ივლიდნენ რკინიგზის სადგურისაკენ მიმავალ გზაზე მცხოვრებ პელოს ნათლიის სახლამდის, იქ გამოართმევდნენ ურემს და მატარებელს ჩაუსწრებდნენ თავის დროზე. გადაწყვიტეს და კიდევაც ასე მოიქცნენ მეორე დღეს. შეღამებული იყო, დათია რომ სადგურიდან დაბრუნდა. მარტოდ-მარტო დარჩენილი როსტომი მოწყენით უჯდა ბუხარს და ნაქურჩელის ცეცხლს ეფიცხებოდა. - ჩაიყვანე? - უხალისოდ შეეკითხა იგი დათიას და თან, ჩიბუხის ტარის პირიდან გამოუღებლად, ზანტად გააპურჭყა განზე. - ჩავიყვანე... - მიუგო დაღლილ-დაქანცულმა დათიამ, რომელიც ბუხრის გვერდზე მიეყუდა და გაცივებულ ხელებს თბობა დაუწყო. - კარგი ქნეს, ფეხით რომ წავიდნენ, თორემ ბევრს გვარბენინებდნენ, ბიჭო, სანამ გავისტუმრებდით! - თქვა როსტომმა. - აბა რა... მოგვეშობოდნენ თუ! ორთავე მიჩუმდა. - ხომ არა დაუბარებია რა, ბიჭო? - რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ იკითხა როსტომმა უფრო იმისთვის, რომ დათიასთან ლაპარაკში გაბმულიყო, თორემ მისთვის სულ ერთი იყო, დაბარებულის ასრულებისათვის თავს არ გაიტეხდა. - შენთან არაფერი დოუბარებიათ, - მიუგო დათიამ. - აბა ვისთან, ბიჭო? - მე დამიბარა ქალბატონმა. - რაო? - შეიძლება დამაგვიანდესო და საბუდრები დაბწენიო და თავის დროზე ქათმები დააჯინეო... შეიძლება ზაფხულზე სტუმრიანობა შეგვხვდესო... ქათმები ბლომად დაგვჭირდებაო. - დიდხანს დამაგვიანდებაო? - რა ვიცი!.. შეიძლება დამაგვიანდესო... დააგვიანდება უთუოდ, აბა რა! - ჰოდა ისე ქენი, როგორც დაგიბარა! - და როსტომმა ისევ ზანტად გადააპურჭყა. მუსაიფი შეწყდა. დათიამ მიიტანა დაბალი ხის საჯდომი და ბატონიც და მოსამსახურეც ხმაამოუღებლად ეთბობოდნენ მბჟუტავ ნაქურჩელის ცეცხლს. მალე ორივეს ყვინთიც მოერია. - უვახშმოდ ვრჩებით, ბიჭო?! - იკითხა რამდენიმე ხნის შემდეგ, ალბათ, შიმშილისაგან გამოფხიზლებულმა როსტომმა. - აბა გამკეთებელი ვინ იყო?! მე თელი დღე გზაში ვიყავი გაკრული, - მიუგო დათიამ. - აბა რაღას ვუყურებთ!.. დავწვეთ ბარემაც და ის იქნება... დილით კი, თუ კაცი ხარ, ცოტა რამ ზაკუსკა მომიხერხე... როსტომი წამოდგა, გაიზმორა, ერთხელ კიდევ მიუშვირა ზურგი ბუხარს და, რა იგრძნო სითბო, ერთი შეხვანხვალდა, შეინძრა და მძიმე, ზანტი ნაბიჯით გასწია ტახტისაკენ, რომელზედაც დათიამ ქვეშაგებელი დაუწყო, და მოსასვენებლად მიეგდო. გდებაში ამოკლებდა უხალისოდ მიმდინარე სიცოცხლის დღეებს პატიოსანი აზნაური, დიდებული სახლთუხუცესის მანველიძის შთამომავალი. თითქმის კარგადაც შეეჩვია იგი ამგვარ გდებას, მაგრამ ხანდახან მაინც ისევ გაიღვიძებდა მასში წინანდელი მანველიძე და მაშინ შესაბრალისად მიმართავდა თავის დათიას: - სულ ასე ვეგდოთ, ბიჭო, ჰა?! - აბა რას იზამ? - მიუგებდა ერთგული მოსამსახურე, ერთადერთი არსება, რომელიც მისთვის ზრუნავდა და რომელსაც სულით და გულით მისთვის კეთილი სურდა. - ჯორი შემიკაზმე, თუ კაცი ხარ... გევივლი ერთი სადმე... მეც მომეწყინა, ბიჭო! - გეიარე მერე... გიშლის ვინმე თუ! შეჯდებოდა როსტომი თავის გამხდარ. ბებერ ჯორზე, მიადგებოდა მახლობლად მცხოვრებ რომელიმე ნათესავს ან მეგობარს, რომ, მწარე გულით მონდომებულს, ძველებურად მოელხინა და ყმაწვილებთან სმაში შებმულიყო. მაგრამ მეორე-მესამე ჭიქაზე უკვე მთვრალი იყო ხოლმე, მეოთხეზე კი ძილი მოეკიდებოდა და სუფრაზე ხვრინავდა. დაბრუნდებოდა შინ და ისევ მიეგდებოდა თავის გამოყრუებულ სახლში. ასეთ ცხოვრებას ატარებს დღეს საწყალი როსტომ მანველიძე, რომელსაც აღარც სახლთუხუცესის ჯავრი აქვს, აღარც მარშლების, აღარც ბანკისა, აღარც ოჯახისა; რომელიც აღარც ცოლის ამბავს კითხულობს, აღარც შვილებისას, - კარგად არიან, ავად არიან, სად არიან, ვისთან არიან? თხოვდებიან თუ ისევ ქალიშვილობაშივე ბერდებიან? თუ ვინმე საქვეყნო საქმეებზე ჩამოაგდებს მასთან სიტყვას - ერთი გაჯავრებით ხელს ჩააქნევს, გესლიანად კარგად შეუკურთხებს და ყველაზე გულგატეხილი, ყველაფერზე გულდაწყვეტილი, ყველასა და ყველაფერს ჯანდაბამდის გზას დაულოცავს, მიყუჩდება და ისევ თავისებურად მიეგდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი