დედის საფლავზე
ვინღა მომეფეროს დედასავით? ფიქრი აფთარივით მომახტება, გულზე დამეტაკა ელდასავით შენი საოცარი მონატრება. ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით, სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა, წარსულს გადავხედე ამოოხვრით, გული საგულედან ამოვარდა. გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით, სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო, შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით, ქვაო, დედის გულზე დადებულო. ახლა შენს ქვეშაა მოქცეული, ჩემი დედამიწის მთელი სფერო, იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული, იქნებ დედასავით მომეფერო. იქნებ შეიწოვე დედის სისხლი, იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა. ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე, შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე, ქვაო, დედასავით მომეფერე, დედის მაგივრობა გამიწიე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი