რა დამაძინებს, როდესაც ფირით ..
რა დამაძინებს, როდესაც ფირით შენს ფანჯარაზე ვამჟღავნებ თბილისს?... რა დამაძინებს? რა დამაძინებს როცა დაკარგულ წლებს აჩქარების ფორმულით ვიყვან... რა დამაძინებს... რა დამაძინებს, როდესაც ამ შენს, ამ ჩემს ოთახში წვიმის ხმას ღვიძავს?... რა დამაძინებს... რა დამაძინებს, როდესაც ფიქრი, ძუკნა ძაღლივით ეძებს საკბილოს, დარბის ნაწვიმარ ქუჩაბანდებში, მგელივით მშიერ ღამეს აცილებს... რა დამაძინებს? რა დამაძინებს, როცა ჩემივე ცხოვრების წიგნის მდიდარ სარჩევში, საკუთარ თავსაც ვეღარ ვპოულობ.... რა დამაძინებს?! რა დამაძინებს, როდესაც ვიცი, რომ შემიძლია შენი ხმა მეცვას, რომ შემიძლია შევცურო შენი თვალის და ჩემი არყოფნის ფერში... რა დამაძინებს?! რა დამაძინებს, როდესაც ვიცი, რომ დაკარგული ძველი ლექსი დამესიზმრება, როგორც აბორტით მოკლული შვილი - უცნობ დედას, სიცხიან სიზმრად მესტუმრება და თვალს ამარიდებს... რა დამაძინებს? რა დამაძინებს, როდესაც ვიცი, სიზმარში მოვა დარეჯან ბებო, მისაყვედურებს გუშინ ჭამის წინ დაუბანელი ხელების გამო... მე დარცხვენილი დავმუნჯდები და დღესაც ვერ ვეტყვი, რომ ცოლ-შვილი მყავს... და ვერ გავაცნობ სიკვდილის წინ ნანატრ შვილთაშვილს... რა დამაძინებს? რა დამაძინებს, როდესაც ვიცი, რომ ხვალ დილითაც, რიგითი ქუჩის რიგით მარკეტში, მშიერი გურამ დოჩანაშვილი იყიდის ლავაშს, გაღიმებული გამყიდველი ეტყვის - გიცანით! - თქვენ ხომ გუშინაც იყიდეთ პური... ამ დროს კი ვინმე ერის მოძღვარი, თვით რუსთაველის პრემიის ფულით ისრაელიდან გამოწერილ ციურ მანანას მაცივარში დაასაწყობებს... დაიძინებს და მოსეს ნაცვლად ალფრედ ნობელი დაესიზმრება... რა დამაძინებს? რა დამაძინებს როცა უცნობი წვიმა ნაცნობი ლექსით მციტირებს... "ყველაზე მეტად იმას უყვარხარ, ვინც უსიტყვოდ და უხმოდ გიტირებს..." ჩაიღიღინებს მთვრალი ქალაქი... ღიღინით ჩავკლავ ლექსის ბაცილებს, რა დამაძინებს სანამ არაყი, ხსოვნას არ წაშლის რა დამაძინებს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი