აპრილი
(ეძღვნება შორენა სიხარულიძეს) თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს, უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს, უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს, და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს… შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები, შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება, და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად. შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს, დრო როცა ქარის ლიტანიას თავზე დაათევს, მახსოვს ტაძართან აპრილი რომ სანთლად ამინთე, და ასხივებდა ყვავილობის დღე ოცდაათი. თუ უშენობას გავყოფთ სამზე,მივიღებთ აპრილს, მივიღებთ მაისს,ივნისს,ივლისს და იცი მერე… შეშლილ სამყაროს ჰგონია,რომ პოეტი აფრენს, როცა უბრალოდ პოეტები აპრილზე წერენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი