აციება (კადრი წარსულიდან)
მიედგა ქალაქს ზღვით სავსე კათხა ნაპირთან ქაფით დასვროდა ტუჩი მახსოვს გავრბოდით სახლიდან - სადღაც მთვარე ძაღლივით მოგვდევდა კუდში ნაპირს მომდგარი ქაღალდის ნავი ელოდებოდა ზღვას კვლავ ებიძგა... ზეცა დავცალეთ თუთის ხესავით ნახევრადმწიფე ვარსკვლავებისგან აწიე ცივი ხელისგულები და თქვი რომ ცალკე სავალი გზა გაქვს.. და სიბნელეში ხურდა ფულივით. დაიპნა ჩვენი ბავშვური საგა... (და დღესაც ჩვენდა ჭირად და ბედად მაშინ დათესილ ტკივილებს ვიმკით) მერე - დეკემბერს - სუროგატ დედას, წასკდა იანვრის პირველი ფიფქი... ღეჭავდა ტალღა - მშიერი ლოქო, სიბნელეს - ქვრივი ამინდის კალთას... და იდგა ზამთრის სიცივე როგორც უსიყვარულოდ დაწოლა ქალთან.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი