გულო


დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე...
ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! -
ოცი წლის ხარ, ჩემსავით...
მაპატიე,
თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...
მაპატიე,
ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე -
ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო - ენით დაკოდილო,
ჩემო - ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი