ნაავდრალი


(ჩემს ძმას, გიორგი გაბაიძეს)

ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...

სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...

ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...

გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამ წამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი

ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი