ნამდვილი ზღაპარი


ჩვენ ერთად გავალთ ყოველ დილით ფეხით სახლიდან...
და ერთად ვივლით ჩვენი სამი შვილის სკოლამდე...
მერე ჩემს სირცხვილს შუქნიშანთან კოცნით დაღლი და
გავიყოფთ გზებს და გზის ფულებს და მერე ო, რამდენს
ვიფიქრებ შენზე, სანამ ზღვაში დღე არ დაყვინთავს
სანამ სკოლიდან არ ამოვა ჩვენი სამი მზე...
მერე ჩვენს ნაცნობ შუქნიშანთან შევჭამთ ნაყინს და...
გამოცლილ მზერას კოცნითა და სუნთქვით ამივსებ...
მერე - ჯიბეში აღმოაჩენ ფერად თაიგულს...
დავშლით და ბავშვი დამშვიდებით ჩაგაბნევთ თმებში
შენ და თავისზე თერთმეტი თვით უფროს დაიკოს...
და მოფრინდება უმცროსისთვის მფრინავი თეფშით
ცხელი ფაფა და სასაცილო ლურჯი ზღაპარი
ერთ პოეტ ბიჭზე პრინცესა რომ შეირთო ცოლად...
გოგო თავიდან აწვალებდა - იტყვი - აბა რა?!
პრინცესა უნდა მოიპოვოს რაინდმა ბრძოლით...
და ჩვენს ზღაპარში არ იქნება ბოროტი გმირი...
რომ ბოროტების დათესილი ყველა ხე გახმეს...
და ასე ლურჯი ზღაპარივით დადგება კვირაც,
მთელი ოჯახი ტიტრებივით ავივლით აღმართს
და ასე ერთად დავითენებთ სოფელში ტაძრად
იცელქებს ბავშვი და ჩაუქრობ ბოროტ სიანცეს,
როცა, უბრალოდ, ცალი თვალით გახედავ მკაცრად...
გვიან ღამით კი მოსაწყენი კინოს სეანსზე
გეტყვი, რომ ყველა მიყვარხარზე მეტი ხარ ჩემთვის...
გამიღიმებ და ცხელი კოცნის ვირუსს გადამდებ
და ნუ გგონია დღეს უბრალოდ, შემთხვევით, შევხვდით
ჩვენ ხომ წინ დიდი ზღაპარი გვაქვს, მაგრამ მანამდე -
ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე რაა...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი