ორი კოლხური იარა
ფრთები შეასხა ქარმა ტალავერს, მზე ზღვაზე სხივებს სიმებად ჭიმავს... იყო ქართველი ამასთანავე, იყო პოეტი - ძნელია ჯიმა. ყოველ დილით კოლხეთში ჩვენი წილი მზე ტირის, ყოველ ღამით მზეს გლოვობს ჩვენი წილი ერთი მთა ამ ეპოქის სათქმელში ჩვენ ვართ ერთი წერტილი, ერთი მცირე წერტილი შორის მრავალწერტილთა... მთებს დაუხურავთ ქუდი გაზეთის... ენგური მძიმედ მიათრევს კურტანს, ვირჩენთ აჭარას და აფხაზეთი ისევ შეგვეხსნა ჭრილობად გულთან... მოდი, ისე ვიყვიროთ, მთები შევაზანზაროთ!!! სამშობლოს ხმით ყვირილი პოეტური ბედია, სისხლად ჩვენი ლექსები გადავუსხათ აფსაროსს, რომ მოუჭრას მოკლე გზით გონიოსთან მედეას... კოლხ ოსურიშ ჩილამურს სანამ პეშვში დავიტევთ ნუ გავატანთ ქართულ სულს ზღვისტორიულ დინებას! - სანამ სარფთან შავ ზღვაზე მზის მოჭრილი თავი დევს, სანამ ტალღა კოლხეთის გულმკერდს ეპოტინება... ისევ დამდგარა ჩვენი რიგი და გაღმა სამშობლოს მივესალმებით... და გულსაკლავად ვხედავთ იქიდან რომ ხელს გვიქნევენ მხოლოდ პალმები... ზღვაში მბჟუტავი მზის თავი მოსჩანს, და მოგვაგონებს კანდელს ზეთიანს ახლაღა ვხვდებით, ხვიჩა და გოჩა - სამეგრელო და აფხაზეთია! ყოველ დილით, კოლხეთში, ჩვენი წილი მზე ტირის და გადაღმანაპირელ მთას მისტირის ერთი მთა, ამ ეპოქის სათქმელში დავსვათ ჩვენი წერტილი, ჩვენი მრავალწერტილი, შორის მრავალწერტილთა!... დასრულდება ეს ლექსი ალბათ წერტილმძიმეთი... დნება ყველა ოცნება, რჩება მხოლოდ იმედი, რჩება მხოლოდ იმედი, გულზე გამოკერილი, "მოვა, მოვა მშვიდობა, როგორც სატრფოს წერილი!"... ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩვენს უღმერთო წამებას, ბედის ირონიამაც ცალი თვალით უყურა.... სანამ ძმობა ძალგვიძს და გვახსოვს წმინდა სამება ჯიმალობა დიხვამუ! საქართველო უღურალ!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი