სიჩუმე შტორმის წინ
დუმს პოეზია ჩემი ბედის ჩაწყვეტილ სიმში, რადგან ჩაყოლას ვამჯობინე ისევ ჩათრევა, რადგანაც ყელში გავეჩხირე სიკვდილის შიმშილს, ვით წვიმის წყვეთი მიტოვებულ ქუჩის შადრევანს. დუმს არსებობის ჩავარდნილი ბოლო კლავიში და ახლა გულში ჩემს რეკვიემს მუნჯურად ვგალობ, რადგან იღბალი ჩამაფრინდა ისევ მკლავებში მრჩება ნახევრადგალეწილი ცხოვრების კალო. მუნჯდება ტალღა მზეჩაგდებით,კენჭებჩაგდებით, თითქოს კომეტას ხედავდეს და სურვილს უთქვამდეს, ზოგჯერ გგონია გაიყინა,ისე ჩაკვდება ზღვა ნერვიული ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე. თითქოს სასცენოდ ემზადება სკოლის ზეიმზე, წამოაწითლა პულსაციის გაზრდილმა მარჟამ... ვდგავარ ნაპირთან ნანგრევივით კოლიზეუმის და თვალს ვაყოლებ დროისა და დუმილის მარშებს დუმს დამიზნებით მოშვერილი ათასი თოფი, რადგანაც ყელში გავეჩხირე სიკვდილის შიმშილს, რადგან სამყაროს ვერ ვუყურებ თვალებში ნდობით, დუმს პოეზია ჩემი ბედის ჩაწყვეტილ სიმში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი