შავლეგო
თოვდა. ღრუბელი სევდიანი ზღაპრების გუდა რა ნაადრევად დაბერებულს აჰკიდეს ქალაქს?! თოვდა... მთაწმინდა დაეხურა რუსთაველს ქუდად ანძა კი ქუდზე მიმაგრებულს მოჰგავდა კალამს... თოვდა და ზამთარს უწეწავდა ნიავი ფაფარს ეცვა მოედანს ორი ზომით ვიწრო მიტინგი თოვდა... ქართველთა ერთადდგომის ბოლო მითი კი ტყის ბილიკივით დაეფარა ფიფქების საფარს. თოვდა,ამინდის მუნჯურ კინოს მივაყურადე და ხსოვნის კადრზე აღიბეჭდა ერთი სურათი: ორი სამი თვის ლეკვი თოკით მოჰყავდა პატრონს... ლეკვი ქუჩაში არაერთხელ მენახა სხვა დროს... მენახა ჯაჭვით,პირსაკრავით,სკვერში თუ ბაღთან მაგრამ მგლის ლეკვი არასოდეს მენახა ნაღდად... არაძაღლური მზერა ჰქონდა,სულის ამღლეტი და მის თვალებში ბობოქრობდა მთელი სამგლეთი... ჰო,მის თვალებში (ბოდიშს ვიხდი სხვა მგლის ლეკვებთან) ყმუოდა მგელზე დაწერილი ყველა ლეგენდა... ელავდა ვახტანგ გორგასალის ბოლო ომი და გრგვინავდა ექო წამოსული ძველი რომიდან... რადგან ჩათვალა ირღვეოდა ბუნების დოგმა -მგლის შვილს ქალაქში რა უნდაო?-იკითხა ზოგმა. პატრონმა გვითხრა,რომ პატარა ხევსურ მაუგლია ორი კვირის წინ ტყეში თვალწინ დედა მაუკლეს. მოვეფერე და ვით ქართველთა მონამ თათრისა თათი ამიკრა,მოფერება იუკადრისა... თითქოს შემღრინა: -შენ მე ძაღლში ხომ არ გეშლები? და იხმალშიშვლა მოკაშკაშე მთვარის ეშვები... ალალი იყო მასზე... ალბათ გრძნობდა თავადაც გმირის სახელი და გმირულად ეჭირა თავი... წასვლამდე ერთიც აგდებულად შემხედა ცერად- ავტოგრაფივით დამიტოვა უტეხი მზერა... გაჰყვა რუსთაველს უდარდელი სევდით შავლეგო და თეთრ ქუჩაზე კარგახანი ჩანდა შავ ლაქად... გადასდო ამინდს ხასიათი სევდისმაგვარი და გაურითმა გრძელ ქუჩაზე ნაკვალს ნაკვალი. თითქოს ქალაქის ყველა ცოდვა თეთრმა წაშალა თითქოს უფალთან მიდიოდა ყველა გზა-შარა. თოვდა,ამინდის სიმყუდროვე ჰგავდა კელიას... თოვდა... ჭადარი იდგა,როგორც წირვის რეგენტი ვიდექი თოვლში და ვფიქრობდი მგელი მგელია მგელი-მგელია ზღაპრისაა,ტყის თუ ლეგენდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი