IN VINO VERITAS


დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი ამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და
დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ3 თვის წინ

ჩემი საყავარელი ლექსი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი