ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება


(პროლოგის მაგიერ)

- რა სჯობია კარგ, წესიერ, ვაჟკაცურად ლამაზ, განათლებულ მამაკაცს? – იკითხა ეკატერინე ხომასურიშვილმა, და, თავის სიმართლეში დარწმუნებულმა, საზოგადოებაში ამაყად მიმოიხედა, – არაფერი.
- რა და კაი ქალი, – მიუგო ბარბაბა ჯაშმა, არც დაფიქრებულა.
ასეა, ვის როგორ…

1
ვაიმე, რა იყო.. რა იყო მაინც ეს – თავი სკდებოდა, გავარვარებულ-აჟრიალებული, რკინის სალტით უმოწყალოდ შემოჯარული, განწირული თავი და ყურებიდან გამოძრომას ლამობდა, და შიშით თვალსაც ვეღარ ვახელდი, ეგება ისევ სიზმრად დარჩეს ყველაფერი ეს-მეთქი, განაწამებ ბინდბუნდში ვფიქრობდი და, კიდევ ის იყო ძალიან ცუდი, გულზედაც წვეტიანიდაყვება მაჯლაჯუნა რომ მაწვა და, ვაიმე დედა, მიშველეთ, ძმებო, თავი იბერებოდა და, ჩემდა გულის გასახეთქად, მევე ვბერავდი უნებურად, თითქოს, ვსუნთქავდი რადგან, მე ბეჩავი, ცოცხალი ვიყავ, კიდეც ვგმინავდი და ვირწეოდი კიდევაც, ძმებო, ჩემს თავს ეს რაა, და მკვეთრი, წყვეტილი ბიძგებით მუქარიანი ახლოვდებოდა ტანკი, და ერთიც რომ ახტა და ისევ დამატყდა თავს მაჯლაჯუნა, შეშინებულმა მიმოვაპყარ საბრალო მზერა – რა დავინახეე… ჯერ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი, დათუთქულპირდაღებული მივჩერებოდი მკრთალ ლურჯ ნათურას, საიდუმლოდ რომ დამშტერებოდა და იმ მუქ ლიცლიცში, შეშფოთებულმა, წამოვიწიე და რა აღმოვაჩინე – გადასავარდნი იყო! და მერე, თითქოს შემშვიდებული, ყველაფერს მივხვდი – მატარებელში ვიმყოფებოდი, მესამე თაროზე ვიწექ, მძვინვარედ ცხელ მილზე მედო თავი, და რის წყვეტილბიძგება ტანკი, რა ტანკი – სადღაც ძალუმად ხვრინავდა ვიღაც და, გულზე ძველებური, ხის ჩემოდანი მაწვა!.. მაგრამ მთავარი საშინელება მაინც ის იყო, რომ რაღაც განუზომელ-სასტიკად, კოსმიურად ნამთვრალევი ვიყავ, გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომია საყლაპავი და ხახა, მესამე თაროზე ამირანივით ვიწექ, უსუსურობით მიჯაჭვული და დიდი ჩიტი გულღვიძლს კი არა, თავს მიკორტნიდა!.. ჩემოდანი განზე გადავახოხე, ამოვისუნთქე, გაჭირვებულმა, და სულ რაღაც წამით თითქოს ცოტათი მომეშვა, ისევ წამოვიწიე და თავშიაც მაშინვე უხილავი ვითომ ჩაქუჩი, მაგრამ რაღაც უხილავი – ისეთი ცხადი, ჩამცხეს… და დაოსებული შეძრწუნებით გამიელვა – აქ რა ჯანდაბა და… აქ რა მინდა მე, ძალიან რბილი, ორადგილიანი კუპე საკუთრივ მქონდა!
აქ, ამ მესამე თაროზე, რა ძალამ ამაგდო მაინც, გაბრუებულს, დუნედ მიკვირდა და უცებ გულმა რეჩხი მიყო – ფეხსაცმელები არ მეცვა! ვაიმე… ჯიბეზეც სწრაფად მოვისვი ხელი, და გარედანვე შევატყვე – მედო. მომეფონა გულს, და შეგუბებული კვნესით, წვალებით ჩავიხედე – დაბლა, იატაკზე, ჩემი ლურჯი, კრიალა ჩემოდანი წესიერად იდგა, მესიამოვნა, კი, და იქავ ნაცნობი, მშობლიური, წყვილი ფეხსაცმელი ერთიმეორეზე კოხტად მიჯრილი ელაგა, გამეხარდა, აჰ! – უფეხსაცმელოდ, მაინც ძნელია… ჩემს ჩამოსვლას კი ნუღარ იკითხავთ – თავბრუდახვეული, ძლივძლივობით მივჩოჩავდი დაბლა, მეორე თაროს დავაყრდენი აკანკალებული ხელისგული ჯერ, მერე მუხლი, მესამე თაროს დაბუჟებული ლოყით ჩამოვეყრდენ, და თვალდახუჭული რომ დავხტი, მუცლიდან ლურსმანი ამომერჭო თავში, გამწარებულმა კიდევ უფრო მაგრა მოვხუჭე თვალები და მაინც რომ გავახილე – ცნობისწადილიანნი ვართ – პირველ თაროზე გაწოლილი, კედლისკენ გადაბრუნებული, ვეებად ამობურცულთეძოიანი ქალის კოჭთით მიმჯდარი კაცი წამოდგა, გამიღიმა და ჩურჩულით დამეკითხა:
- ჰა, როგორა ხარ… ძველო?
ვინ ოხერი და… მყისვე გავმკაცრდი:
- მე ძველი არა ვარ.
თავს ვერა ვხრიდი და, გაჭიმულმა, ტერფის ცეცებით მოვძებნე ფეხსაცმელი, მომერგო კოხტად.
- აბა, რა გქვია?
- სიმა.
შეეჭვებულმა ამათვალიერა, და განვუმარტე:
- გერასიმე მქვია, ისე.
- ძალიან კარგი. ხომ არ გეწყინებათ, გერასიმე რომ დაგიძახოთ?
და კვლავ დამეხვა მე ბეჩავს თავბრუ, სუსტად მივუგე:
- არა, არა, რატომ…
ბედშავი ყელი ჩემი, გადამწვარი – ოჰოჰო, ჰუჰუ, ლუდი მინდოდა, და კიდევ უფრო – ნაღდი ჰაერი, აბარბაცებულმა გადავაბიჯე ვიღაცის ჩანთას, ვიწრო გზას დავადექი, რელსების ღრჭიალი ამომესმა და გვერდითა თაროს შევეხალე, გავსწორდი ისევ, და პატარა ხანში ვაგონის გამოღებულ კართან ვიდექ, სახელურზე თითებჩაჭიდებული, ნიავს ვუშვერდი წყალშესხმულ სახეს, ოდნავ შევფხიზლდი,და ადგრიალებულ შავეთს რიდით გავცქეროდი, – კი, თენდებოდა თითქოს, კი.. ისიც მომეჩვენა, თითქოს მხარი მექცა, ასე მეგონა, თბილისისკენ ვბრუნდები-მეთქი, ანდა – კახეთში, სულაც; ასე პირველად კი არ მომსვლია, ბადენ-ბადენში, მოგზაურობისას, მატარებლიდან კინაღაც ჩავტხი… აქ მხარზე ფრთხილად დამიკაკუნეს, ელდანაკრავი მოვცილდი გრიალით მიმავალი, განრისხებული მატარებლის კარს, მივიხედე და – ისევ ის კაცი, ოღონდ ახლა – ხელრუკზაკიანი, ღიმილით მითხრა:
- აბდარაუდუ?
- რა? – დავიძახე, ბორბლების ხმაურში ძნელად ისმოდა.
ყურში ჩამყვირა:
- ლუდი ხომ არ გინდათ, გერასიმე?
როგორ მიბედავდა! და მკაცრი პასუხის მოსაფიქრებლად რომ დავძაბე აწეწილი ტვინი, გამახსენდა რომ – ისე ძალიან მინდოდა, ააჰ… ხელი გავუშვირე და, რუკზაკი დადო, ჩაიმუხლა და მარჯვედ გახსნა, „ჟიგულს“ თავსახური ვაგონისეულ რკინის საფერფლეზე წააგდებინა, გამომიწოდა, და უჭიქობას რას დაგიდევდით, პირდაპირ ბოთლით მივიყუდე – ეს მე – და მერე, შვებით რომ ამოვისუნთქე, მაშინვე ვიგრძენი, ღაწვზე რაღაც უნამუსოდ გაკვანძული ყულფი რომ გამეშალა და ფილტვებმაც უცებ იგრძნეს ჰაერი, თავის ტკივილი მყისვე შემეშვა, თვალებში სინათლე ჩამიდგა – კაცი ვხდებოდი…
- ერთიც რომ არ გნებავს, გერასიმე?
ეს მონაცვლეობითი „შენ-თქვენ“-ობითი მომართვა მაღიზიანებდა და, საყვედურს რადგან ვერ ვეტყოდი (გაჭირვებისას ლუდი დამალევინა), გაკრვეული უპირატესობა მაინც მომინდა და „სეიკოზე“ ხაზგასმულად დავიხედე – ხუთი ხდებოდა, ორი საათიღა რჩებოდა ადლერამდე, იქ კი, აეროპორტში, კონიაკის ყუთს გამომიტანდა კაცი, ერთ ჭიქას დავლევდი მხოლოდ, და ლიეპაში საღ-სალამათი ჩავიდოდი, ფუჰ, რამ დამათრო წუხელ ისე…
დაინტერესდა:
- მაგ საათს დაქოქვა არ უნდა, არა?
- არა!
- და… წყალგამძლეა?
- დიახ… მაშ, როგორ.
- ცეცხლგამძლეც თუა?
- არის, მე მგონი.
აქ მოიწყინა, ასე მეგონა, შეშურდა-თქო, მაგრამ სევდიანად აღნიშნა:
- გინდაც საერთოდ გაფუჭდეს, დროს ვერაფერი შეაჩერებს. ვბერდებით, ძველო…
კიღამ ვიფეთქე, და ისევ ის ერთი ბოთლი გამახსენდა… კიდევ მინდოდა, თანაც…
- კიდევ ხომ არ გსურთ? – მყისვე ამოიცნო.
- რა? – გამეხარდა და, მაინც, ვითომ ვერ მივუხვდი.
- ლუდი – რა…
- რა ვიცი… შეიძლება, შეიძლება.
- აგენაცვალე.
მივიყუდე და, ვსვამდი, აჰ, ვსვამდი, ყელი ლბებოდა, გადამწვარი, გადახრუკული, ქაფი მალამოდ ედებოდა და, თავგადაწეულს რომ შემომესმა: „ცოტაც მოითმინე, გერასიმე, და ჭიათურაში ღვინოსაც დავლევთ“, ჯერ არაფრად ჩავაგდე ნათქვამი, გავმხნევდი კიდეც… და სწრაფად მოვიცილე პირიდან ბოთლი, გაკვირვებული შევაცქერდი:
- ჭიათურაში რა გვინდა… კაცი…
- აბა, მანამდე ჩავიდეთ?
- რატომ მანამდე – ადლერამდე ორი საათის გზაა…
ახლა იმას გაუკვირდა:
- ადლერში რა გვინდა…
- როგორ თუ რა მინდა… – დავიბენი, – იქიდან, ტუთი, ლიეპაში უნდა გავფრინდე.
- აა, – გაეღიმა, – აა, აღარ გახსოვს…
- რა უნდა მახსოვდეს…
- გუშინ რომ დავთქვით, წუხელ…
- რა!..
- ჭიათურაში გამომგზავრება და, როგორც ხედავ, კაცურად შევასრულეთ პირობა კიდეც…
- თქვენ… ჩვენ წუხელ, როგორ, ერთად ვსვამდით?
- როგორ არა, კი. თავისუფლად.
და, გამახსენდა: წამოდი, წამო, მეუბნებოდა, საქართველო, ჩვენი სამშობლო, ვნახოთ; აღტაცებული ჩამჩიჩინებდა რომ, ზემო იმერეთი ყველაზე მეტად საქართველოა, რომ საოცრადაა შეხამებული იქ დასავლეთი და აღმოსავლეთი – ჩვენი; აგერას, აო, გომის გაგრძელებაა კორბოულ-საჩხერეო, იქაურებიც, შედარებით დინჯი მიხრა-მოხრითა და სიტყვა-პასუხით, ქართლელებს წააგვანანო, და თანაც ნამდვილი იმერლებიც არიანო, და მეც, სულელი, თავს ვუქნევდი, ძალიან საინტერესოა-თქო და, ბეჰ! გამახსენდა – გადავეხვიეთ ერთმანეთს კიდეც, მანამდე კი, ძალიან მწყუროდა (რებეცმა იცის) და მატარებლის მოლოდინში მძღოლი გავუშვი, განაპირა ჯიხურთან, ბნელში, ერთადერთი უწყინარი კათხის გამოცლა გადავწყვიტე, იქ კი ვიღაც შემთვრალი ფილოლოგები ჯგუფად იდგნენ და არ ვიცი, ხუმრობით იყო თუ რა, სამპირიანი ზმნის სადღეგრძელოს სვამდნენ, ფილოლოგები ხომ უცნაური ხალხია, მათგან ერთი კი შორეული თანაკლასელი აღმოჩნდა ჩემი, და მართლა გაგვეხარდა თითქოს ერთიმეორე, ვიწრო დახლზე კათხა მომიჩოჩეს, მოვწრუპე და თავიდან ერთი კი გამიკვირდა – სულ სხვა, მკაცრი გემოსი ყოფილა ეს ჩვენი ლუდი, რადგან ჩეხური, დანიური, არაბული – სხვაა… მაინც გამოვცალე და უჩვეულო აღტყინება ვიგრძენ, ერთიც შემივსეს და ვერ მოვახერხე, დამშვიდობება, არადა, როგორია, შესმა და დაუმშვიდობებლად გაცლა, ვერაფრით ჩავაგდე გახურებულ კამათში სიტყვა, რადგან სამპირიანმა ზმნამ ვიღაც უპირო კაცი გაახსენათ და გაცხარებულნი ალაპარაკდნენ იმ ვიღაცაზე, უცნაურია ჩვენი ენა, ქართული – ზოგი უპიროს რომ ეძახდა, სხვა ორპირს ეძახდა და კიდევ სხვამ, შვიდასპირიანიაო, ოხერია, გაიძვერაა და გარეწარიო, მაგას ეგეთი კარგი სახელი უნდა ერქვასო? – დანანებით იძახდნენ, მე კი მომწყინდა, მეორე კათხაც გამოვცალე და საკმაოდ რომ ავმსუბუქდი, თავაზიანი გამომშვიდობება კვლავ გადავწყვიტე, მაგრამ ბავშვობის სადღეგრძელო შემომთავაზეს, და ბავშვობა ხომ, დამეთანხმებით, კარგია, არა? – მესამეც შევსვი, და ისევ იმ კაცს მიუბრუნდნენ, უპიროსა თუ მრავალპირიანს, ურწმუნოაო, გაიძახოდნენ, თმას იღებავსო, ინჩიბინჩი არაფრისა გაეგებაო, ზოგი რომ ამას ამტკიცებდა, სხვანი ამბობდნენ, რას ამბობ, კი, კი, როგორ არა, ყველფრის აზრზეა, მაგრამ ბოროტია, ხელმოცარულიო, და ხელმოცარულს არავითარი თანამდებობა არ უნდა მისცე, იმიტომ რომ გაბოროტებულია და სხვაც თავისნაირი უნიჭო უნდა გვერდით, ხელმოცარულიო; მხოლოდ ერთი ფილოლოგი გამოექომაგა, მაგრამ ძალიან უნიათოდ – რა ქნას იმანაც, საწყალმაო, მერე არ ვიცი, როგორ შესცვალეს სალაპარაკო თემა, აქვს გურამიშვილი და ვაჟა, ლექსები წარმოსთვას, რას არ გადასწვდნენ, შუბერტიც კი ახსენეს ორჯერ, ახლა კი ვხვდები, ურევდნენ, მოკლედ, მე კი, შებარბაცებული, დედმამიშვილების სადღეგრძელოს ვსვამდი, და ახლა რომ ვუკვირდები, სწორედ დედმამიშვილების სადღეგრძელომ მომიღო ბოლო, ასე მეგონა, რომ ვბარბაცებ, მეჩვენება-მეთქი, ლუდმა რა უნდა მიყოს-მეთქი და, შესამოწმებლად, ხომ არ დავთვერი-მეთქი, ჩემ თავს გუნებაში ვამოწმებდი, ვეკითხებოდი და პასუხსაც სწორად ვცემდი: „აბა, მამაჩემს რა ერქვა-მეთქი?.. – ვახტანგგ-მეთქი… აბა, რომელი წელია ახლა-მეთქი?.. ახლა ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი წელია-მეთქი…“ და ამ ყოფაში რომ ვიყავი, მოულოდნელად დავინახე, რომ ლუდში არაყსაც ამატებდნენ თურმე და, მე სულელს, ბითურს, მეამაყა კიდეც ასეთ ვაჟკაცურ ხალხში ყოფნა და რკინიგზის ბაქანზე, გზისა და მგზავრობის სადღეგრძელო პირველმა შევსვი, და ეს ყმაწვილი, ახლა შეურყვნელი ლუდით რომ მიმასპინძლდებოდა, არ ვიცი, თანამდებობა შეიტყო ჩემი თუ რა, ამეკიდა და საქართველოში გასეირნება შემომთავაზა, მეც, ხბო, დიდად აღგზნებული დავთანხმდი და ხელიხელგადახვეულები მივბარბაცებდით, ვინ ოხერია, ახლა, ვინ იცის, რაიმე გამოსარჩენიც მომთხოვოს ეგებ კიდეც, და მართლა მითხრა:
- ერთი თხოვნა მაქვს.
- რა… – დავიძაბე.
გაეღიმა და:
- შარვლის ღილები შეიკარით, უხერხულია.
მსწრაფლ დავიხედე და ვთქვი:
- აჰ!
მერე საქმეზე გადავედი:
- ჭიათურაში ვერტმფრენები ჰყავთ?
დაინტერესებულმა ამათვალერა:
- რომელი ფერის გნებავთ…
ძლიერ გავმკაცრდი:
- ნებისმიერი!
- არ ვიცი, არა მგონია… რად გინდათ?
- ადლერში ცხრაზე უნდა ვიყო.
- ლიეპასათვის?
- დიახ. ოთხი საათი კიდევა გვაქვს.
- ჭიათურაში, – დარწმუნებით მითხრა, – როგორც ყველგან, ღამღამობით სძინავთ.
- იქნება ვინმე… მორიგე, პასუხისმგებელი…
- კი, კი, იქნება…
დალაქულ კედელს აზიზად მოვშორდი, მაგრამ შარვალზე დავიხედე და… აჰ, ჩემ მტერს, მტრისას – ირგვლივ სულ კირით მქონდა მოთხვრილი. ავდექი და, უსუსურობისაგან, ვაგონის კიბეზე დავჯექ.
- ყოველი შემთხვევისათვის, მაიც… – მითხრა და რუკზაკს ისევ შეუხსნა თავი, – მორიგე-პასუხისმგებელთან რომ შეხვალთ, წვერგაუპარსაობა არ ივარგებს ნამდვილად… აჰათ, ინებეთ, ჩამრთველი არ უნდა, თქვენი საათისა არ იყოს, თავისით მუშაობს, – და აბზუილებული სამართებელი მომაჩეჩა.
კარგი შესახედი კი ვიქნებოდი მოადგილეებსა და თანამშრომელთათვის ახლა – ვაგონის კიბეზე მჯდარი, ცალი ხელით გაბრუებული ვისვამდი ყელ-ღაწვზე აზუზუნებულ სამართებელს, მეორე ხელით – ლუდის ნახევრად დაცლილი ბოთლი მეჭირა.
- რას მოგიწყენია რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე – გამამხნევა კაცმა, – ეგეთები ხდება?

2
ჭიათურაში, დავითარსე.
ჯერ ის იყო და, მატარებლიდან ჩამოსვლისას, ჯარიმა მლეწეს – თბილის-საჩხერეზე, ადლერის ბილეთის ნაცვლად, ჯიბეში გინდაც დღის კინოსეანსის ძველი ბილეთი გდებია. კიდევ კარგი რომ, არავინ დამინახა მაინც. მერე იყო და, რომ გადმოვედი, რა მომელოდაა – იდგა, მიცდიდა… მოვიქუფრე და, რომ ვჭოჭმანობდი, დავემშვიდობო თუ უმძრახად ჩავუარო-მეთქი, მკითხა:
- კარგი საათის რომელია, ბოდიში?
ეჭვით შევათვალიერე, მაგრამ უცოდველად შემომყურებდა, მივუგე:
- რვის ოცი წუთია. კარგად იყავით.
ყურიც არ გაუბარტყუნებია:
- თუ გინდა, ქიმწმენდაში მიგიყვან, ტკბილო.
- არა, არ მინდა. ახალს ვიყიდი…
- ათზე იღება უნივერმაღი, გერასიმე. აბა?!
ამ მოთხვრილი შარვლით, ვინ ოხერს მივდგომოდი. არადა, რა მექნა…
- ვიცი, რომ არ გინდებვარ, გერასიმე, – წამოიწყო, აქ, ჭიათურაში, უკვე იმერულად უქცევდა, მაგრამ დამიგდე აბა ყური – მაგ პიჯაკ-შარვლით, ჩემო, თქვენი ამბავი რომ ვიცი, შორს ვერ წახვალ შენე. აქ, უნივე…
გავღიზიანდი:
- თუ შეიძლება, ზრდილობიანად ილაპარაკეთ! მე შენე არა ვარ.
თავი იმართლა:
- მე შენე უზრდელობით არ მიხსენებია.
- აბა?
- არამედ აკლიმატიზაციისათვის, გენაცვალე.
ელაპარაკე ამას…
მერე, განაგრძო:
- აქ, უნივერმაღში, ვერც თქვენს საკადრისს იშოვნი რამეს – ხელათ გეტყობა, მზა-ტანსაცმლისათვის დაბადებული რომ არ ხარ.
მართალს ამბობდა, ვიგინდარა – სხვადასხვა ზომის შარვალი და პიჯაკი მინდა, ამიტომ, თბილისში, კოსტიუმებს მუდამ ატელიეში ვაკერინებ ხოლმე.
- ასე რომ, გერასიმე, – დამაჯერებლად განაგრძო, – ქიმწმენდის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ, იმის გახსნა-გაღებამდე კი ორსაათ-ნახევარია და, აგერ აქავე, ყურისძირში, სასადილოა ადრეული ერთი და, შევიდეთ ვაჟკაცურად შიგ.
აჰ, ესღა მაკლდა, რუკზაკიანი კაცის გვერდით მევლო:
- არა, არ მინდა…
- კაი ბატონო. აბა, მაშინ ახლა შენ თქვი, რა ვქნათ და – ჩემი კისერი.
სასადილოში წავედით, ბოლოს.

3
სად უნდა ვყოფილიყავ და, სად ვეგდე ახლა: კონდიცირებულჰაერიანი, ვერცხლისფერი ლაინერის ნაცვლად, ბინდბუნდიან, გაკვამლულ ოთახში ვაპაჭუნებდი თვალებს, სავარძელში გადაფლვის მაგივრად, ლურსმნებამოჩრილი სკამის კიდეზე დამფრთხალი ვიჯექ, სახელგანთქმული კონიაკი „თბილისი“ კი არა, მჟავე ღვინო მედგა წინ და მომხიბვლელ სტიუარდესასაგან ფრიად განსხვავებული – ყელში ბანჯგვლებამოჯეჯილებული, მძლავრღიპიანი მებუფეტე უნდილად გვემსახურებოდა – აი, რა მიყო წუხანდელმა დედმამიშვილების სადღეგრძელომ, მყავნდნენ მაინც, თორემ კი…
სალათა მოგვიტანეს, პური, ყველი – ფიჰ… იგი მადიანად შეექცეოდა. ორიოდ ჭიქა ყოველგვარი სადღეგრძელოს გარეშე აჟრჟოლებულმა (ძალიან მჟავე იყო) შევსვი, თავის ტკივილმა საბოლოოდ გამიარა, გავმხნევდი და ბოთლი განზე მივდგი – გათავდა, მორჩა, ისედაც მეყო ამდენი სმა. იმას ჭიქისთვის პირი არ დაუკარებია, მერე, ანგარიშის მოლოდინში, ამათვალიერა და მკითხა:
თქვენ ცოლშვილიანი ხართ?
- რა თქმა უნდა, – მივუგე მე.
- ძალიან კარგია, კარგი, ბარაქალა. ისე, სხვათა შორის, დაიარება მოსაზრება, ვითომ ბრინჯაოს ხანაში ქმარი რომ კვდებოდა, ცოლსაც მიაყოლებდნენ ზედ. არ იყო, ალბათ, ცუდი წესი – უნდოდა – არ უნდოდა, უფრო გაგიფრთხილდებოდა ცოლი, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოგივლიდა, შეგინახავდა, აბა, ახლა, ჩვენს დროში, რომ შეიკლავს ზოგ ქმარს ზოგი ცოლი, ზოგიერთმა, პანაშვიდზე, შეიძლება ხელზედაც კი აკოცოს.
- ვინ ვის… – დავიბენი.
ამიხსნა:
- მეპანაშვიდემ – ცოლს.
და დააყოლა:
- ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
- რამ გაგახსენათ… – და სახე პირველად გამებადრა, – აა, თქვენ ალბათ, ძალიან გაწამებთ ცოლი…
მაგრამ მომიგო:
- უცოლშვილო ვარ. და არც მყოლია. რა უჩვეულო ასოციაციაა, არა?
რაღაცას ურევდა… მითხრა:
- დადე ეგ შლაპა სკამზე, რომ ჩაგიბღუჯია ხელში. არსად გაგექცევა… სხვათა შორის, გრიშაც და ვასიკოც უცოლშვილოებია.
- ვინ ოხრებია… – წავიბუტბუტე.
- ძმებია ჩემი. მე – შალვა მქვია.
ის მებუფეტე აღარ ჩანდა, თუმცა, სად გვეჩქარებოდა, ცხრაც არ იყო ჯერ, და სწორედ აქედან, ცხრას რომ უკლია ოცი წუთი, ის მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი წამოიწყო, მის პიროვნებას თურმე მუქ წითელ ხაზად რომ გასდევდა, როგორც იტყვიან. მკითხა:
- სპორტი თუ გიყვართ?
- რა ვიცი, ისე… კი, როგორ არა, საჭიროა.
- კრივშია ერთი ძლიერ ცუდი წესი.
- რომელი… წარბი რომ უსკდებათ?
- აარა, კაცო, ეგ წესი არაა. რომელი და, გამარჯვებულს რომ უთვლიან მოგებას.
- ეს როგორ… – დავიბენი.
- როგორ და, გერასიმე, ერთხელ, ერთადერთხელ, შევესწარი სამართლიან გადაწყვეტილებას: გამოვიდა რინგზე ორი კაცი, გამოწყობილები ისე, როგორც იმათი წესი და რიგია, და ჯერ ერთმანეთს დასცხეს, მერე კი ერთმა დაჯაბნა და ურტყა – თურქის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი. მაგრამ მერე, მსაჯმა იმ მეორეს, დასიებულს, ცხვირპირდასისხლიანებულს რომ აუწია ხელი, ატყდა სტვენა დარბაზში, მაგრამ რა ატყდა, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება იყო…
- ეს როგორ…
- როგორ და, კოხტად – აბა, თან უნდა გირტყან და თან უნდა წააგო? – არა, ბატონო, არა… როგორი ამბავია, წარმოდგინე შენ – ვიღაცამ სულ ცხვირპირში გირტყას და ამისათვის ბროლის თასი უნდა მიანიჭონ? არა, ბატონო, არა, მე აქეთურის მომხრე ვარ, უნდა შეიცვალოს კრივში ეს წესი.
ურევდა, ურევდა…
- ჩვენ, სამ ძმა კეჟერაძეს, მხოლოდ ერთი და გაგვაჩნია, გერასიმე და, დისშვილებიც გვყავს, აცოცხლოს ღმერთმა. ორი მშვენიერი, წესიერი ბავშვია, მესამე კი – უჰუჰუ, მტრისას… მსგავსი ახირებული ეკრანზეც არ მინახავს, ცოტათი მე მამსგავსებენ… სახით. გრიშა და მე ძალიან ვეხმარებით ჩვენს დას ბავშვების აღზრდაში, ვასიკო ისე არა, სულ წიგნებშია ჩაფლული, და ნათესაურ კრებასავით მოვაწყვეთ რაღაც და, რა ვუშველოთ ამ ბავშვსო, ვთათბირობდით და სიძემ ჩვენმა, კაი ხვითოა ჩვენი არ იყოს ისიც, წამოაყენა წინადადება, ჭადრაკზე შევიყვანოთ ბავშვიო, ჭადრაკი – სპორტიცაა, ხელოვნებაც, ფილოსოფიაც, მელიორაციაცო და მე ვითავე ეს საქმე – ხელჩაკიდებული დამყავდა. ვარჯიშებზე არა უშავდა რა, შედარებით წესიერად იქცეოდა, ნიჭიც აღმოაჩნდა, მაგრამ, პირველსავე შეჯიბრებაზე არ მომჭრა თავი? როგორ თუ აფიცერი მომიგეო და, ვიღაცა სათვალიან მოწინააღმდეგეს, გაუშალა და არ გაარტყა ხელი? აბა… იმ სათვალიანს მაშინვე გამარჯვება მიაკუთვნეს…
და დააყოლა:
- კრივში როგორც უნდა იყოს კანონით, ისე.
ნამდვილად ურევდა!..
- საერთოდ, სპორტს, პოეზიასთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს… – ფიქრებში წავიდა შალვა, და გამოცოცხლდა: – ფეხბურთი ავიღოთ თუნდაც. ვინმემ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის ილეთი რომ გაიმეოროს, გაგიჟდება სიხარულით ხალხი – დიდისავით ჩაახვია „ხმელი ფოთოლი!“, მიშას ფინტი გააკეთა, ვენაცვალე! უხარია მაყურებელს, რადგან პირიქით, უკეთესია, ფეხბურთელი ვინმეს თუ ჰგავხარ, მაგრამ აბა, თუ კაი ბიჭი ხარ, დაწერე ლექსში სადმე – სადაა ხარ, ჩემო ეელიკოო… – სტვენას დაგიწყებს კარგი საზოგადოება, ხალხი.
შლაპაზე ბუზი დამჯდარიყო, ხელი ავუქნიე.
ისე შეცვალა სალაპარაკო თემა, ვითომც არაფერი:
- და, საერთოდაც, ჩვენ, წერა-კითხვის მცოდნეებს, დიდი დანაშაული მიგვიძღვის ეის წინაშე.
- რის წინაშე?
- ე-წერტილი ი-წერტილის წინაშე, ესე იგის წინაშე, ესე იგი.
- რატომ… – გავოცდი.
- რატომ და, გერასიმე, დაწერენ ხანდახან მკვლევარები უშველებელ წიგნს, აუარება ზედმეტი მსჯელობით, ვითომ მოსაზრებებიანს, უვარგისს ყოვლად და, აქაოდა, ეკონომიას დიდ პატივს ვცემთო, ესე იგის ამოკლებენ – ე-წერტილი, ი-წერილი-ს წერენ. ესაა, გერასიმე, საქმე? ეკონომია თუ გიყვარს, შე დალოცვილო, ესე იგის რას ერჩი, რატომ ჩეხავ, იყოს თავისთვის, ამას ის არ სჯობდა, კილონახევარი წიგნი ტყვილა არ დაგეწერა? ხომა ვარ სწორი…
- რატომ, წესია…
- წესი… – ხელი აიქნია, – წესი კი არა, დამნაშავეები ვართ კაცობრიობა ამ სიტყვების წინაშე და, ცოტათი მაინც რომ გამოვისყიდოთ, ამის შემდეგ ასე დაუნ დავწეროთ – ესსსე იგგგი, ხომა ვარ სწორი?
- ექვსი მანეთი, – თქვა მებუფეტემ, თავს დაგვდგომოდა, მაგრამ იყურებოდა შორს.
ფული არაფრით გადამახდევინა, აკი მე დაგპატიჟეო, შალვამ და, უცნაურად თეთრკანიანი მებუფეტეს შემყურემ, კუპრივით შავი ულვაში რომ ჰქონდა, თქვა:
- ისე, ზანგებს, წესით, გერასიმე, თეთრი წამწამები უნდა ჰქონდეთ.
გამოჩურჩუტდა, მთლად…

4
ქიმწმენდაში ვიღაც წითური კაცი ტომარას კემსავდა და თან არხეინად ღიღინებდა: – შა-ავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა…
- კაი გამარჯობა! – შესძახა შალვამ.
- გაგიმარჯოს? – შეათვალიერა ქიმწმენდელმა.
- აგერ, პატივცემულის შარვალ-იდაყვს ვერ მოგვიყვანთ წესრიგში?
ამხედა, დამხედა, ეუცხოვა: – რა ნაჭერია, ბატონო?
- ინგლისური ტრიკოა.
- აჰ, ტრიკოზოლი არ გვაქვს.
- აბა, რა გაქვთ, რა… – ამოვიგმინე.
- რა და – დაკრონზოლი, შალზოლი, კრეპზოლი, ბუკლეზოლი… ტრიკოზოლი არ გვაქვს.
- რასა ჰგავს ეს! – გავფიცხდი, მართლა, – ქიმწმენდაა ეს თუ რა!
- რას ჯდებოდი, ძამია, აბა უწესი ადგილას… მე გირჩიე თუ…
ამის ძამიაც რომ გავხდი…
- ყური დამიგდე, – მკლავზე წავატანე ხელი, – ორ საათში თუ მომიწესრიგებ, ამდენს გაჩუქებ, – თითებით ვაჩვენე.
- მანათს? – აიბზუა ტუჩი.
- თუმანს, შე კაცო…
- სიტყვა სიტყვაა? – ამაღლებულად შემომაცქერდა.
- კი.
- მაშინ ხვალ არა, ზეგ… ნაშუადღევისთვის. ძალიან ვეცდები.
რა თავს იგდებდა!
- ორ საათში-მეთქი, ადამიანო!
- ორ საათში, პატივცემულო, შეუძლებელია ყოვლად.
- რატომ…
- სიმართლე გითხრა?
- თქვი.
- რა და, გენაცვალე, ამას არავითარი ტრიკოზოლო არ უნდა, უნდა გაიწმინდოს შეძლებისდაგვარად ჯერ, მერე „ნოვოსტში“ გაირეცხოს, გაშრეს და გაუთოვდეს ბოლოს, და, გენაცვალე, ხვალინდელ თერთმეტის ნახევრამდე არ ეშველება არაფერი. „ნოვოსტი“ საღამოთი უნდა მომიტანონ ზესტაფონიდან, ქალაქის კარგი ასეთი, მანამდე, გავწმენდ, შენ ხარ ჩემი ბატონი, გავასუფთავებ, გავუდენ კაშკაშს. იდაყვი მაჩვენე აბა…
მივუშვირე, როგორც შემეძლო… ათვალიერებდა, სული შეუბერა, წკიპურტი გაჰკრა, კვლავ აღიღინდა: – შაავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა… ახალთახალს დავამგვანებ. რომ შეგნატროდეს ყრუ-მუნჯი ყველა…
რა შუაში იყო…
- გაქვს შემოდანში გამოსაცვლელი თუ…
- მაქვს, როგორ არა, – მოფარებულში შევედი, შარვალი და ნაქსოვი პერანგი ამოვიღე, გავძახე, – თერთმეტის ნახევარს ხომ არ გადააცილებთ…
- საჩივრის წიგნის მადლი გამიწყრეს, ჰიჰ… – ჩაეცინა, და გაუმკაცრდა ხმა, – შენ ხომ არ დაგავიწყდება, – თითები შემოჰყო ფარდაში.
- არა, კაცო, არა… სიტყვა სიტყვაა, ხომ გით… – დავბარბაცდი, შარვლის ტოტი ფეხში გამებლანდა.
- აკი დაგემართოთ.
გამოვედი და, მოგრძო სარკეში ჩავიხედე, არა მიშავდა რა, ჭიათურის პირობაზე… შლაპა დავიხურე, ვუსურვე:
- კარგად იყავით.
- აგრე იყოს, – თქვა ქიმწმენდელმა. უზრდელი…
- თქვენ ნამდვილი ქართველები იყოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, – თქვა შალვამ, ქუჩაში რომ გამოვედით.

5
მაგრამ უგუნებობამ სასწრაფოდ გადაუარა; დარიგებას მოჰყვა, თავისი ჭკუით:
- შენ თვალსაჩინო კაცი ხარ, გერასიმე და, ქალს თუ ეტყვი შემთხვევით, მიყვარხარო, და თუ ის შეგესიტყვება – არ მჯერა, ვაი – არ უნდა უთხრა: „ცოლ-შვილს გეფიცები…“ ამას აჯობებს, ყოჩაღად მიუგო: „დედა ნუ მომიკვდება“, ანდა უბრალოდ: „თუ არ მიყვარდე, ცუდი ვიყო…“
გიჟია, ოხერი… და რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმეკვეთა მისი ეს თავგასულობა, თანამდებობა პირში ვუთხარი ჩემი, ასე მეგონა, გადანცვიფრდებოდა ჯერ, და ღრმა პატივისცემით შემომაცქერდებოდა მერე, მაგრამ მშვიდად თქვა:
- რა ვუყოთ მერე… – და მანუგეშა, მანუგეშა კიდეც, წარმოგიდგენიათ? – ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა ხარ…
სულელი იყო. და კარგი აზრი მომივიდა, დადებითი – სისულელეში უნდა ავყოლოდი, სხვა გზა არ იყო – აბა, დადექი ახლა და ესაუბრე ამას სერიოზულად ქვეყნის ავ-კარგზე, როგორც იტყვიან… იქ, კაბინეტში, ამისთანები გამიცურებია? და აგდებულად ავხედ-დავხედე, პირველად შევათვალიერე საფუძვლიანად, დავეკითხე:
- შავები რატომ გაცვიათ ამ გაგანიაში, შალვა-უფროსო?
„უფროსო“-მეთქი, აჰ; იუმორის შესანიშნავი გრძნობა… მაგრამ არ მოტყუვდა, მაშინვე ბანზე ამიგდო სიტყვა:
- შენ საქართველოს გიყვარს, გერასიმე?
გამომიჭირა – მე, ჩემდა თავად, ამ შეკითხვაზე ვერ გადავუტანდი სიტყვას, ჩემთვის უხერხულია მაინც საქართველოზე მოყრუება, და დროებით მივუგე:
- კი, როგორ არა…
მაგრამ აქ წარმოთქვა ყოვლად უხამსი, ერთდერთი:
- ისემც…
უზრდელი! ხეპრე…
მერე, კინოთეატრში შევედით… დრო რომ გაგვეყვანა.

6
კინოთეატრიდან, გედების პარკი დამათვალიერებინა… იმდენი არაფერი – რაღაცნაირი ხეები იდგა და გედები დაცურავდნენ წყალზე. გრძელ მერხზე ჩამოვჯექით, ჩრდილში, რადგან მზეზე უფრო ცხელოდა და, საერთოდაც, ცხელოდა. სინოპტიკოსებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დიდი სიცხე იყო საქართველოში მიმდინარე 1971 წელს.
- უხდება ტირიფი გედს – აღნიშნა, – რა სულელური ფილმი იყო?
- რატომ… – არ დავეთანხმე, – კეთილშობილებაზე იყო, პატიოსნებაზე, სიწმინდეზე…
- კარგი, გაჩერდი, თუ კაცი ხარ… – შეიჭმუხნა, – ტყუილი იყო თავიდან ბოლომდე…
- რა არ დაიჯერეთ მაინც… – „თქვენობით“ იქით მივმართავდი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ასე იყო საჭირო…
- რა და, ჯერ ერთი, ის ქმარი ტყუილად არ ეჭვიანობდა.
- როგორ თუ არა… ხომ გამოირკვა ბოლოს ყველაფერი.
- რა ყველაფერი…
- რა და, ქალის უბიწოება.
- კარგი გაჩერდი, გერასიმე… – აიმრიზა.
- როგორ თუ გაჩერდი… – ავიმრიზე მეც.
- როგორ და, ნამდვილად მოხდა იმათში რაღაც…
- რა რაღაც… რა!
- იცი ის შენ.
- არაფერიც არ მომხდარა, – გავუსაჩივრე ნათქვამი, – ხომ გაირკვა ბოლოს…
- არა, გენაცვალე. მე ყოველთვის ვხვდები, წყვილის დანახვაზე, მომხდარია თუ არა იმათში რამე… ვხვდები და რა ვქნა.
- რითი…
- ეტყობათ, კოჭებში.
აღვშფოთდი:
- ახლა, შენ უკეთესად იცი სცენარისტზე?
- აბა რა! – გამოცოცხლდა შალვა, – ოთხ თვეს გამნათებლად ვმუშაობდი.
- მაგ ფილმზე?
- არა, თეატრში.
ელაპარაკე ამას…
- არა ხართ სწორი, არა, შალვა, – დამაჯერებლად ვუთხარი. მაგრამ ამ ვაჟბატონზე, შალვაა თუ ვიღაც, ამან არ გასჭრა, და, საერთოდაც, ჩემს არგუმენტებს არ უჯერებდა, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით განვაგრძობდი:
- ბოლოს ხომ გაირკვა ზუსტად ყველაფერი.
- ეკრანზე – კი…
- აბა, სხვა რა გინდა… – ამოვისუნთქე.
- სცენარით გინდაც არაფერი მომხდარიყოს, მაინც მოხდებოდა… იქ.
- სად იქ, შალვა, კაცო…
- სად და ცხოვრებაში.
აყევი ახლა ამას… მაგრამ გავბრაზდი:
- რა იცი შალვა შენ! – გაცხარებულს „თქვენობის“ თავი აღარ მქონდა, – რაზე შეატყვე მაინც!
- ეტყობათ-მეთქი, კოჭებში… – და დააყოლა, – რა კარგი შლაპაა? იფ…
და მყისვე მისი ჩამოცილება გადავწყვიტე. ამეკიდა, რა, იმასავით… აი, იმასავით. აი, აი ტკიპასავით, ჰო. კატეგორიულად დავეკითხე:
- თქვენ საით წაბრძანდებით ახლა?
- სად მაქვს თქვენს იქით გზა… – არხეინად მომიგო, კიდევ კარგი, „თქვენ“-ობითში რომ მაინც ამყვა, მაგრამ მაშინვე გააბათილა – ხომ გადავწყვიტეთ მე და შენ, ერთად მოგვევლო ჭიათურის რაიონი.
- აარა, გენაცვალე, აარა, – ავნერვიულდი, – იძახით აქ სისულელეებს და…
- სისულელეებს რომ ვიძახდე, კამათი არ ამყვებოდი. ეტყობა, შენც გენიშნა რაღაც… ტყუილ-უბრალოდ არ კამათობენ. აბა ახლა, მე რომ ვთქვა, მაგალითად, ასეთი რამ – დუშეთის ფლოტი მსოფლიოში უძლიერესია – შემეკამათები, გერასიმე?
სულელი იყო ვიღაც… ტუტუცი, შტერი… ვინც დედმამიშვილების სადღეგრძელო კიდევ შესვას, ჩემდა თავად…
- აბა, მოვიაროთ, აბა? – სულწასულად დამეკითხა, – აკი დავთქვით და…
- აარა, ბატონო, სრულიადაც აარა, – ისევ ავთრთოლდი, – ის სულ სიმთვრალის ბრალი იყო.
- სიმთვრალემ შეგაცდინა, ხომ… – გულდაწყვეტილი დამეკითხა.
- დიახ!
- ცუდია, არა, ცუდი სიმთვრალე?
- ძალიან ცუდი. ვერ ხედავთ, რა დღეში აღმოვჩნდი? სად უნდა ვყოფილიყავ და…
- აბა, ცუდია? – დაკვირვებით მიყურებდა.
- ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ განვუმარტე.
- ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი…
დავინტერესდი აქ:
- რა, მაინც… შალვა?
რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა, მითხრა:
- რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება… ცუდი სიფხიზლე თქვი შენ…

7
სხვა გზა არ იყო – რაღაცით უნდა დამემტკიცებინა ჩემი უპირატესობა, სულ აიგდო თავი, და გამოსავალს ვეძებდი. საათზე დამეხედა? არა, ეს ხომ უკვე ვცადე და, უშედეგოდ, სხვა რამ იყო საჭირო, და მსუბუქად ჟრჟოლადავლილმა კუჭმა მიხსნა – დილით რა ვჭამე, არაფერი და, ცოტათი მშიოდა, და მისი პირველხარისხოვან რესტორანში დაპატიჟება განვიზრახე, თუკი მსგავსი რამ არსებობდა აქ, ჭიათურაში, სადმე. თურმე, ყოფილა და იქით გავსწიეთ, იმან – რუკზაკმოკიდებულმა, მე – ჩემოდნით ხელში, და რადგან გარდერობი ზაფხულობით არ მუშაობდა, ფეხებთან დაიდო იმან თავისი ბარგი, მე – ჩემი მოწყობილობა, მომცრო კაბინაში ვისხედით, ზედ რომელიღაც ამღვრეული მდინარის პირას. აქ, რესტორანში, შალვასთან დაძაბული თამაშისას, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდი, რადგან რესტორნების მაქვს გარკვეული გამოცდილება, დიახ, და ოფიციანტთან მსწრაფლ ხელში ვიგდე ინიციატივა, რადგან არცთუ ისე ქართქათა სუფრა გამოვაცვლევინე, მართალია უარესი მოიტანა, მაგრამ მაინც… ცივი შამპანური დაუდევრად, თითქოსდა უგულისყუროდ ვიკითხე, მოვატანინე ორი, მერე ერთი უკან გავატანე, მაცივრის უმაღლეს თაროში შესადებად, შევუკვეთე ხბოს მწვადი, სუკი (ხიზილალას არ ვენდე) და ორი წიწილა, ერთიც – დედალი; სალათა, კუჭმაჭი, ბორჯომ-ლიმონათი და ყველი რა სახსენებელია, ანდა – მჟავეული. ბაზარში ოხრახუშისთვის გავაგზავნე დამლაგებელი, წუთში მობრუნდა, და ოხრახუშს ოსტატურად ვურევდი შამპანურით სავსე ჭიქაში, გაზი რომ გასცლოდა – მძიმეა იგი სასმელად, დალოცვილი… მერე ქართულ პურზედაც პროტესტი გამოვთქვი, გასაცხელებლად გავატანე ქუხნაში („კ-“-უხნას კი არ ვამბობ ზოგზოგებივით, ჩვენ, ზოგიერთმა ქართველმა, თუკი საჭიროა, ვიცით მშობლიური ენის ფასიც), და რომ გაივსო მშვენიერი, სხვათაშორის ჭიათურის პირობაზე, საჭმელ-სასმელ-სანოვაგით სუფრა, შალვამ შემაქო:
- ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია.
- ხომ არ აკლია რამე? – სუფრას გამომცდელად გადავხედე.
- კი.
ეს პირში მითხრა, გავოცდი ძლიერ:
- რა მაინც…
- ერთი, თუ კაცი ხარ, – თითი ასწია, – ლობიო ან შემწვარი კარტოფილი მოატანინე.
- რა, ამეებს აჯობებს?
- ვინც ხორცს არ გეახლება, გერასიმე, იმისთვის – კი. და, თუ არ გეწყინება, მე ღვინოს დავლევ.
- რატომ…
- გამათამამებს შამპანური. თანაც, მივეჩვევი და… ვინ დამალევინებს მერე.
ფუჰ, უპირატესობა ხელიდან მეცლებოდა. გუნება გამიფუჭდა და, რაღაცნაირად, მეუხერხულებოდა კიდეც წიწილის კვნეტა, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, გაგიგიათ, ალბათ… მაგრამ უკანდახევა არ მჩვევია, ჭიქა ავწიე:
- გაუმარჯოს ყველაფერ კარგს, რაც ქვეყანაზე არის.
- ერთი ჭიქით სვამ ამას, გერასიმე? – გაკვირვებული შემომცქეროდა.
- ჰა, ორით იყოს, – ვთქვი და მეორე ჭიქაშიც ქაფის უნაზესი ვულკანი ამოვიყვანე, კარგია შამპანური, ვენაცვალე მას.
- გაუმარჯოს, – თქვა შალვამ, – მაგის იმედით არ ვართ?!
მადა გამეხსნა. სუკი ჩავკბიჩე, აჰ, ოდნავ ძნელად მნებდებოდა, მე რომ მიყვარს, ისე; ხბოც კარგი იყო, ნაზი, ცვრიანი, და წიწილასაც კურტუმიდან რომ მივადექი, შალვამ იკითხა:
- თქვენ ხინკალი თუ გიყვართ, ა, გერასიმე?
- გააჩნია გაკეთებულს, – მაინც ვფრთხილობდი, ავწონ-დავწონე სიტყვა.
- მე კი, გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.
- აღმოჩენამდე? – გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე, – რა, ნიუტონის კანონია?
- არა, ეს კუჭის კანონია, – სერიოზულად მომიგო, – ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, – შეუდგა ახსნას, – ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი – ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის – მწვავეს, მადიანს, ველურს – უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია… მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ – ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? – დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ… ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ – რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! – კუჭის კანონია ეს, გერასიმე.
სუფრაზე უხერხული დუმილი ჩამოწვა, ბარკალს ხელი ვუშვი.
- რამე ხომ არ მოგართვათ, ბატონო, ხომ არ გამოვაცოცხლოთ სუფრა? – დუნედ იკითხა ოფიციანტმა, ფანჯარაში იყურებოდა.
- ჰა… არა, – ვთქვი მე.
იმან კი, შალვამ, ასე მომმართა:
- მიირთვით რამე, გერასიმე.
ჩემს პურ-მარილზე, მეპატიჟებოდა!

8
მაგრამ შამპანურს, ამხანაგებო, თავისი გააქვს. ასე იყო ახლაც, რასაც მეტს ვსვამდი, ვმსუბუქდებოდი უფრო, და მსიამოვნებდა, ისიც, სულელი, ღვინოს წრუპავდა და შევსვით სხვადასხვა სადღეგრძელო, ამჩატებული, მეტის პატივით მექცეოდა, მეტი ზრდილობით, ძლივს არ გაიგო ჩემი ფასი? მაგრამ რაღაცას აპირებდა, მგონი; ეტყობოდა, რაღაცნაირად, მისივე გამოთქმისა არ იყოს, კოჭებში, თუმცა ფეხები მაგიდის ქვეშ სულ არ უჩანდა – გამჭრიახი ვარ – ძალიან დატკბა, სულ თვალეში შემომციცინებდა, ბატონო სიმაც მიწოდა ორჯერ… შვება ვიგრძენი, მჭიდროდ მივეყრდენი სკამის ზურგს, მიდამოს გავხედე, საბაგირო გზები ჰქონიათ ჭიათურაში, თურმე, კარგია, ყოჩაღ, მომეწონა ეს. მაგრამ რაღაცა გაბრაზება, მთელი დღე გონებაში რომ მიღიტინებდა, სწორედ ახლა არ გამახსენდა? წამსვე ვიფიქრე:
- კი მაგრამ, შალვა, შუა ზაფხულში რატომ ათბობდნენ ვაგონს?
მაინცდამაინც არ აღელვებულა, ის კი არა და, მშვიდად მომიგო:
- რა გითხრათ, აბა, ალბათ ნახშირი თუ აქვთ ასათვისებელი…
- როგორ თუ ასათვისებელი…
- ტყვილა ხომ არ გადაყრიან აბა?
- გადაყრა არ სჯობს ხალხის ამოხრჩობას?
- აჰ, ეგ არა თქვათ, საპასუხისგებო საქმეა ტყვილა რაიმეს გადაყრა, თქვენ კი უნდა მოგეხსენებოდეთ ეს.
გამომიჭირა, ოხერმა და, ეს მდგომარეობა რომ განმემუხტა, მესამე ბოთლი ჩემით გავხსენი, გამოზომილი, დახვეწილი მოძრაობით და, სანამ ჭიქაში ქაფი ჩადიოდა და სითხე კი პირიქით, ამოდიოდა, უეცრად ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:
- ერთი თხოვნა მაქვს, ბატონო სიმა. ნუ გამაწბილებთ…
ერიჰაა! აჰა – თავიდან ვგრძნობდი, რაღაცის გამორჩენა რომ უნდოდა ჩემგან, მაინც გულთბილად შედარებით, ვთქვი:
- მითხარი, შალვა.
- რა და, ბატონო სიმა, ერთი აზრი მომივიდა, თუკი გვიკადრებთ.
- რატომ არ ვიკადრებ, თუკი ნორმის ფარგლებს არ სცილდება, – და ადამიანურად გავამხნევე: – ადამიანები ვართ მეც და შენც.
ნასვამი ვიყავი, თორემ ვინ ოხერი გაუყადრებდა თავს.
- რა და, ბატონო სიმა, ღამე მაინც აქ გვაქვს გასათევი და, სასტუმროში ოთახის ძებნას, აგერ, აქავე, ერთი საათის სავალია ავტობუსით სულ, ბიცოლა ცხოვრობს მკვიდრი ერთი ჩემი და, მივიდეთ ბარემ, სულ მეხვეწება, წერილობით, ეე, ამოდი ერთი, რა იქნება, ამხანაგებით, შალვაო და, კაი ქართულად დაგვიხვდება, მშობლიურ-ტკბილად, ბატონო სიმა, ბევრს კი ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ სიმინდზე გაზრდილ ქათამს დაგიკლავთ, ჭყინტი ყველი და პრასი ექნება, ქოთნის ლობიო, კეცის ჭადი და ნამდვილი ღვინო, ქვევრიდან მცირე ზვირთებად ამოლიკლიკებული, – და საცოდავად დამეღრიჯა, – ავიდეთ რაა?
- არა, ახ, არა, არავითარ შემთხვევაში, – კატეგორიულად განვუცხადე მე.
- რატომ, ბატონო სიმა…
- რატომ და, ვიცი, წამოიწყება იქ დედმამიშვილების სადღეგრძელოები!
- რა უჭირს მერე…
- არა. – ვთქვი კვლავ მე, შეუვალი ვარ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, მაგრამ განაგრძო:
- რა იქნება, რა, ბატონო სიმა, პატივი დაგვდეთ…
- არა-მეთქი. აჰ! – ამ შეძახილით გავკიცხე და ხელისგული მაგიდაზე მრავალმნიშვნელოვნად დავდე. ახლა კი მივხვდი – ამიყვანდა იქ, სადღაც სოფელში, დამალევინებდნენ რაღაცა ღვინოს, გაშლიდნენ ქეციან პურ-მარილს ისეთ დაბალ მაგიდაზე, წელში რომ გაგწყვეტს, მერე კი, შემთვრალს, შემაცოდებდნენ თავს – მარტოა აქ, მოხუცია, გამოყრუვდაო და, თქვენი ჭირიმე, ეგებ ქალაქში გადმოვწეროთო და, ან მასალა ენდომებათ რაიმე, გამომტყუებდნენ დაპირებას და მისამართს, მერე ქალაქში რაიმე ძღვენით მომადგებოდნენ და, ამათი თავი მქონდა მე? აქაც კი ვიჯექი გაწყობილ მაგიდასთან, კოხტად.
- მაშინ, ბატონო სიმა, აქ შევსვათ დედმამიშვილების სადღეგრძელო, – მითხრა.
- აჰ, არა, არა, – გავასავსავე ხელი, – მაგ სადღეგრძელოს დამლევი არ ვარ.
- რატომ, პატივცემულო? – დაინტერესდა.
- იმიტომ. მორჩა! – მკვეთრად მივუგე.
- კაი, ბატონო, – მაშინვე დამეთანხმა, – აბა, მე დავლევ და, მისმინეთ მაინც.
- კი, სმენით – გისმენთ.
- ჩვენ სამნი ძმა ვართ, კეჟერაძეები, და ერთი დაც გვყავს, გაგვიმარჯოს ჩვენ. ერთი გვყავს კიდევ, ბიძაშვილი, დედის მხრიდან და, დედაჩემი კი სანაძის ქალია, ბატონო სიმა, დადმამიშვილებში არ გვერჩევა ბიძაშვილი ის.
ძაან არ მაინტერესებდა? ვარიდებდი თვალს…
- ჩვენ, სამნი ძმანი კეჟერაძე და ბიძაშვილი ჩვენი, სულ სხვადასხვა გზით წავედით ცხოვრებაში: აგერ, მიხეილი ჩვენი, სანაძე, წავიდა დირიჟორად, მუსიკის გზით, გრიშა, ჩემი ღვიძლი ძმა, წავიდა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით, ხოლო მეორე ღვიძლი ძმა, ვასიკო, წავიდა ლიტერატურის სიყვარულის გზით.
ალმაცერად გადავხედე აქ:
- და თქვენ? თქვენ საითკენღა წახვედით, შალვა?
- მე ყველაზე რთულ გზას დავადექი, – თქვა მან, – მე წავედი სოფელ-სოფელ წოწიალის გზით.
- კი მაგრამ, რატომ?
- ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება.
- რაა ასეთი? – ჩავაჯინდი.
- მერე გეტყვით… როდესმე, სხვა დროს.
- რა, ლიეპაში წამომყვებით თუ… – კვლავ იუმორი მივაშველიე.
- აჰ, ლიეპაში რა მინდა, კაცო… ლიეპაში კი არა, აქ ვერ ავსულვარ, ბიცოლას სოფელში, სადაც…
გავაწყვეტინე:
- თამადაო, ჩანჩალაო… – ვეხუმრებოდი.
- გაუმარჯოს, აბა, ჩემს და-ძმებს კეჟერაძეებს, მიხეილს ჩემსას, თქვენ არ გყავთ, ვიცი.
- რა იცი? ჰა… – დავიბენი.
- კიბეზე არ მითხარით?
- რომელ კიბეზე…
- თბილისის ვაგზლის.
და, ლაპარაკი რომ მსწრაფლ სხვა რამეზე გადამეტანა, ჭიქას წამოვავლე ხელი: – დედმამიშვილებს გაუმარჯოს.
და, საოცრებავ, არ მივიყუდე? აკი დავთქვი, რომ… არ შეიძლება, გულში ვიძახდი, აარა-მეთქი, მაგრამ მაინც – ყლუპ, „ეს სადღეგრძელო გაგაფუჭებს – ჩემს თავს ვეუბნებოდი და მაინც – ყლუპ, „ბოლომდე მაინც ნუ გამოცლი“ – ყლუპ, „რას სჩადი, კაცო“ – ყლუპ, და გამოვცალე ამასობაში, მე სულელს, მაინც კიდევ მინდოდა, ჭიქა მაგიდაზე იდგა, მე კი ჭიქაზე შემომეჭდო უგუნური თითები და, გამიგო კიდეც, მყისვე შემივსო, მითხრა:
- ძალიანა გთხოვ, მიხეილის სადღეგრძელოც მიირთვათ, ბატონო სიმა. იგივ დედმამიშვილია ჩემი…
მაშინვე დავუჯერე:
- ეს გაუმარჯოს ლიტრა… ტერატუტურის… – ენა ამებნა.
- აჰ, არა, არა, ის ვასიკოა… დირიჟორია ეს…
- გაუმარჯოს ყველა დირიჟორს… თავისი ჯოხით…
- აგრე იყოს, ამინ, – და გამამხნევა, – ოო, ეგრე სჯობს, მასე, ბატონო სიმა, ბოლომდე დაცლა – ვაჟკაცურია.

9
ახლა რომ ვუკვირდები, იმჯერადაც დედმამიშვილების სადღეგრძელომ დამღუპა – შექანავებული, ცხვარივით დავდევდი აღგზნებულ შალვას, ვისაც მყისვე დავთანხმდი სოფლად ასვლაზე, მერე მითხრა, რომ სოფელში ჩემი ამ ძვირფასი ტანსაცმლით გამოჩენა შეუსაბამობას გამოიწვევდა ერთგვარს, და მაყიდინა უნივერმაღში ხამი ტილოს შარვალ-ხალათი, ვაი სირცხვილო – სადღაც ბუჩქებში გადავიცვი, მოვჩანდი კიდეც ალბათ, კარგი სამოსი – ჩემოდანში მზურნველად ჩადო, შლაპაღა შემრჩა ძვირფასი თავზე, და მილოცავდა აღჭურვილობას ახალს, რომელსაც, მისი შეხედულებით უბრალოსა და მშობლიურს, „ტყრუშულს“ უწოდებდა, ბიცოლასეული ღობის სახეობიდან ნასესხებ გამოთქმას; ბილეთების აღებდა დამასწრო, რადგან მე ჩემოდანიანა ერთ ადგილას ვიყავ, გაღიმებული შემომეგება:
- ა, მაშ, მივდივართ, პატივცემულო ბატონო სიმა?
- კი, – და დავეჭვდი, ნასვამიც კი, საზრიანი ვარ, – კი მაგრამ, იმანო… – სახელი დამავიწყდა, – ჰო, შალვა… – და სახელი კი გავიხსენე, მაგრამ ახლა სათქმელი დამავიწყდა, და გავიხსენე ისიც. – აი, ეგ შენი ბიცოლა, შალვა, რომ არ დაგვხვდეს, ა, შალვა?
ერთხანს მიყურა, და გაუბრწყინდა სახე, ჯიბისკენ წაიღო ხელი:
- აგერ არა მაქვს იმისი სახლის გასაღები?
და ამოაძვრინა კიდეც – პატარა, ოქროსფერი, კოხტა.
- კარგი, შალიკო… – დავეთანხმე, პატარას თითქოს ვბარბაცებდი, დიდი ამბავი, მერე რა… და მემშობლიურა შალვა მერე უცებ, რა იყო მაინც, რა ჭირი მეტაკა, მხარზე მოვხვიე ტყრუშულსახელოიანი ხელი: – ჩი-იტი გვრი-ტი მო-ოხ! ვეეუულშიიი…
- ზემო იმერეთს, ბატონო სიმა, ნამდვილ იმერეთს, საქართველოს ვნახავთ… – აღტაცებული იმეორებდა, გავაწყვეტინე:
- ძალიანაც კარგი.
და ავტობუსთან, უკანასკნელად შეჭოჭმანებულს, ისეთნაირი ვედრებით მითხრა: – წავიდეთ, რაა…
წავიდეთ, ჯანდაბას, კარგი, – ხელი ჩავიქნიე და ისე – უბრალოდ, ჰაი-ჰარაზე რომ არ დავთანხმებულიყავ, რიხიანად დავასაბუთე კიდეც, ასე ვთქვი მე: – ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს.
აი ასე ვთქვი მე, მიყვარს ხალხური პოეზია.
პატარა ავტობუსში ჯერ თითქოს სიხალვათე იყო, ჩვენ-ჩვენ ადგილას მოვკალათდით, მაგრამ როგორც კი დაიქოქა მანქანა, იხუვლა ხალხმა, სად იყვნენ იქამდე მაინც, შეშფოთებული ზეწამოვიჭერ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვეღარ ჩავიდოდი, ადამიანი კი არა, ლაზერის სხივი ვეღარ გააღწევდა გარეთ, და ისევ მოწყვეტით დავჯექი, რადგან ვიღაცა ქალი მიზანსწრაფულად წამოვიდა ჩემი ადგილისკენ, თავიდან ჯერ ცოტათი ამან გამომაფხიზლა; შალვამ დაუთმო იმ ქალს თავისი სკამი, და მეც მომიხდა ცოტა ხანში წამოდგომა, რადგან ქათმები დამადეს მხარზე, ფუჰ, ცოცხალ ქათმებს ვერ ვიტან, ქათმები შემწვარი ან მოხარშულია მხოლოდ კარგი, ნასვამმა, მძიმედ ავათრიე წელი და ქათმებიანი ქალი, ჩემს კუთვნილ ადგილზე, არხეინად მოკალათდა! ვიღაცის ფეხებზე კი ვიდექ, მაგრამ მეც ფეხზე ვიღაცა მადგა, საშინლად ჭყვიტინებდა სადღაც კუთხეში ცოცხალი გოჭი, აღმართში გაჭირვებით მიხროტინებდა ავტობუსი, და უცებ სადღაციდან შალვას ხმა შემომესმა:
- რავაა საქმე, გერასიმე, ვინმემ ხომ არ დაგაბიჯა ფეხზე!
ჰაიი, თაღლითი… კვლავ „გერასიმეზე“ გადავიდა, აქ რომ დამიგულა, ამ ხალხში ჩაჭედილი. თვითონ არ ჩანდა, სადღაც წაეღო მძლავრ ნაკადს, გავიტრუნე და, ისევ, კვლავაც არ შემომესმა?!
- სად ხარ, გერასიმე, ხომ წაგივიდა ამ შეუჩვევლობაში გული!
ხამსები ყუთში, კიდევ რაღაც წესრიგისდამიხედვით აწყვიან, ალბათ, მე კი, საცოდავს, ბეჩავს, გადაჩვეულს საერთო ტრანსპორტს, ამ სისასტიკეში გამქირდავი სიტყვების მოსმენაც მიხდებოდა, მთლად გავიხვითქე, ხალხი კი შალვას ყოველ წამოძახილზე მე მიყურებდა – ჩემი ტყრუშული შარვალ-ხალათის მიუხედავად, შემიცნეს, უცხო… და ერთხელაც რომ დამიძახა: „როგორ ხარ, გერასიმე!“ „კარგად“ – ვითომც ომახიანად გავეპასუხე, მაგრამ ჩემს ფეხებზე მდგარი კაცი ძალიან შეიჭმუხნა და მისაყვედურა: „რაა, ბატონო, მთლად გამიხეთქე ყურის ბარაბანი“ – ელაპარაკე, ამათ…
იგი კი, შალვა, აღარ იშლიდა: „მოსახვევია ახლა, გერასიმე, გამაგრდი იცოდე კაჟივით!“, „ორმოა აქ მოსალოდნელი მკვეთრად გადამხრელი, გერასიმე, არ შემარცხვინო!“, „ვინმეს ტომარა ხომ არ მოგედო, გერასიმე, იმ ნაღრძობ ფეხზე!“, იმდენი იძახა, შემომეცალა ხალხი თანაც ჩავიდნენ ზოგ-ზოგები და, უფრო უცხოდ და ყასიდად ვიდექ… მერე, გაჩუმდა, როგორც იქნა და, სიმთვრალეს, თუნდაც გაბზარულს, მაინც თავისი გააქვს – სულ ცოტათი წინ გადავინაცვლე და ვიღაც ბავშვიან ახალგაზრდა ქალს, თავთით დავადექი, გულისპირი ჰქონდა შემთხვევით მოღეღილი, წამძლია სულა და თვალი დავადგი, და რომ ვერ შეემჩნია ჩემი მზერა, აქამდე ხელში ჩაბღუჯული, დაჭმუჭვნილი შლაპა გავასწორე და ჩამოვიფხატე, და თუმც დაჟინებით, მაინც შენიღბვით ჩავცქეროდი, მაგრამ ქალი საერთოდ ალღოიანია ხანდახან ოხერი, მაინც მიმიხვდა და, რა ქნა, თუ იცით? – არ დამიჯერებთ – მთლად ამოიღო ცალი ძუძუ, ბავშვს პირში ჩაუდო და, ხალხის გასაგონად – წარმოგიდგენიათ? – მიმართა: ჭამე, გენაცვალე, თორემ ბიძია წაგართმევს… და ამომხედა, აჰ, ჩემი ბედი! მაინცდამაინც ასეთს უნდა გადავყროდი? ატყდა სიცილი ავტობუსში, მაგრამ რა ატყდა… იმანაც, შალვამ, წამსვე გამომძახა: „რაშია საქმე, გერასიმე, შენზე ხომ არ იცინიან, ხომ არ მომჭერი თავი!“ ხედავდა ალბათ, ყველაფერს, ოხერი, მაგრამ რა დავაშავე მაინც ასეთი, დასაცინ-მასხრად რომ ამიგდეს, გამექცა ისე, უბრალოდ, თვალი, აკი თქვა კიდეც ცნობილმა პოეტმა აკაკიმ – „საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა…“ ექსპონატივით ვიდექ, სიცილით ცრემლმორეული მთელი ხალხი დიაცის უბესავით ახლა მე შემომყურებდა, კიდევ კარგი რომ, ის ქალი სადღაც ახლოს ჩავიდა, თუმცა კიდევ კარგი კი არა, პირიქით, უარესი გამოდგა ეს, რადგან მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ავტობუსის დატოვება და ჭიათურაში დაბრუნება, ლიეპა თითქმის აღარ მახსოვდა, ჭიათურაზე ვოცნებობდი, წარმოგიდგენიათ? – მაგრამ იმ ქალს ხომ ვერ ჩავსდევდი, შემდეგი სოფლისთვის გადავდე ჩემი ეს განზრახვა, და გადაუხვია კიდევ ავტობუსმა, რაღაც დანჯღრეულ, საცალფეხო გზაზე ახრიგინდა. ვაჰ, ჩემი ბედი, და საბოლოოდ იმან გამომაფხიზლა, რაღაც ტომარა რომ შეხტა უცებ და ჩემსკენ გადმოხტა, და სანამ შექანებული გული დამიმშვიდდებოდა, კიდევ კარგი რომ, მივხვდი – გოჭი ეყოლებოდათ შიგ, თანაც, ფუიჰ, ცოცხალი.
…ჩემი საათი შვიდის ნახევარს აჩვენებდა, ავტობუსიდან რომ გადმოვედით.
მაინც ძალიან ცხელოდა, მთლად დამისველდა გადახახუნებული შუბლზე მწარედ, ცხირსახოცი. ეს შალვა ისე დაძაბული იცქირებოდა ირგვლივ, ასე მეგონა, ვიღაცას ეძებს-მეთქი, უნებურად თვალი გავაყოლე, მეც დავტრიალდი ადგილზე, მაგრამ აჰ, არა, არავინ ჩანდა. რა ჯანდაბა და ოხრობა აფაციცებდა აბა, სულ ვერ გავიგე… როგორც იქნა და, მომიბრუნდა, მითხრა:
- ბატონო სიმა, არ გეწყინოთ და, საქართველოს პატარა მონაკვეთი ფეხით გვაქვს გასავლელი…
მსწრაფლ შევიცხადე:
- ძლიერ შორსაა?
- აგერ იქ, იქით, მანდ არა, აი იქით, სახლები რომ მოჩანს…
კარგა გვარიანი მანძილი ჩანდა, უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. ჩემოდანს დავწვდი, გაბრაზებული ვიყავ. მოსახვევთან ვიღაც ბებერი შემოგვეფეთა, როგორღაც, დაეჭვებულმა მოგვმართა:
- გამარჯობათ თქვენი?!
- კაი გამარჯობათ, ბატონო, – ხალისიანად შეაგება შალვამ, – როგორი ამინდებია აქეთ?
- რა უჭირს, კარგი, – უთხრა ბებერმა და, თითქოს რიო დე ჟანეიროს გარეუბანში შევხვედროდეთ ერთმანეთს, გახარებულმა გვკითხა: – ქართველები ხართ, ბიჭებო?
ალბათ შალვას რუკზაკმა თუ შეაეჭვა, ან – ჩემმა შლაპამ, გავღიზიანდი, მივუგე:
- არა!
აის ბებერი დაკვირვებით შემომაცქერდა, მერე დამიყვავა, თავისი ჭკუით: „კაი ბატონო, კაი ბატონო, კაი ბატონო…“ შალვამ კი, ჩემით ძალიან აშკარად გულდამწვარმა, ვითომ გამოსავალი იპოვნა:
- ნუ გეწყინებათ, ბიძაჩემო, ნერვიულია…
- რა უჭირს მერე, – თქვა ბებერმა და მხარზე ტომარა შეისწორა, – მასეთები ხდება? მშვიდობით გევლოთ…
- კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, – დაადევნა შალვამ და მაშინვე დაბალის ხმით მისაყვედურა: – გეთქვა, რაღა – ჰო…
- რატომ უნდა მეთქვა! – გავცხარდი, ნერვიული ვარ, – ქართულად გამოველაპარაკეთ და რა უნდოდა მეტი! კუდს ხომ არ გავუქიცინებდი კიდევ…
უზრდელი, თავხედი – აქ ორიოდ ნაბიჯით დაიხია და ერთ ადგილას დაკვირვებით, ხაზგასმულად შემომხედა. წელში გაიმართა, მისაყვედურა მერე:
- უნდა გეთქვა – ჰო…
- არ უნდა მეთქვა, არა!
- შენ იცი შენი საქმე… – სწრაფად დათმო და, კვლავ იაგრესიულა, – მაგრამ შენ შენი საქმე იცოდე, მეტი არაა ჩემი მტერი…
საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, უთქვამს ბრძენს, გაჩუმება ვამჯობინე. მაგრამ მთლიანად ვერ გავეცლებოდი, დედმამიშვილების სადღეგრძელოს გადამკიდე, იმის ტერიტორიაზე ვიყავ.
- აბა, შევუდგეთ ჩვენ-ჩვენ კუთვნილ გზას, – მხნედ გამოაცხადა შალვამ, – აი, ეს სიმინდის ყანა გვაქვს გადასალახი, შენ იცი, გერასიმე, როგორც მშრალადაც გამოხვალ, ხომ არ გეშინია მაჩვის?
- მაჩვის კი არა… – წავიბუზღუნე.
შრიალ-შრიალში, ოღროჩოღროზე მივაბიჯებდი, გული მიცემდა. სად ვიყავ მაინც, საით მივდიოდი, მაღალ სიმინდში არაფერი ჩანდა, მიცემდა გული. მარტო ვიყავი, შალვა არსად ილანდებოდა, წახრილს, ქურდულად მიმქონდა ჩემი საკუთარი ჩემოდანი, ალაბედობით მივიკვლევდი გზას.
- როგორაა საქმე! – როგორც იქნა, შემომესმა.
- კარგად, კარგად! – გახარებული შევეხმიანე.
- ასე იარე, ასე, ჩემი ხმისკენ! ხომ არ გიჭირს რამე!
- არა! – გავძახე.
- თუ გაგიჭირდება რამე, დამიძახე – ვაშლიი! კარგი?
- კარგი, შალიკო!
როგორც იქნა და, გავაღწიე იმ ყანას თავი, და შემომესმა წყლის რაკრაკი, როგორც იტყვიან. მომცრო ღელესთან შალვა იდგა, დაფიქრებული დასცქეროდა წყალს მერე მე მიყურა ერთხანს, და გულით მთხოვა:
- ხუთ წუთს ვერ დამითმობთ, პატივცემულო?
- რაშია… საქმე…
- ვიპკურო მინდა, გერასიმე, წყალი…
მხრები ავიჩეჩე. შალვა კი იქვე, მაღალ ბუჩქებში შეიმალა და, პატარა ხნის მერე, საცურაო ტრუსში გამოწყობილი წარმოსდგა ღელის პირას. რად უნდოდა ასეთი საგანგებო აღჭურვილობა, კოჭებამდე თუ მისწვდებოდა წყალი; ფეხი რომ შედგა, იმის მაგივრად მე გამაჟრჟოლა, მაგრამ შალვა მხნედ დაიხარა, ორთავ პეშვით ამოიღო წყალი, გაიმართა და, ისევ გემრიელად შეისხა მკერდზე, გული დამწყდა და, გაკვირვებული, თანაც შურით შევქცეროდი, როგორ გრილდებოდა ამ პაპანაქებაში – მთელი ეშხით… მერე ღელეში საერთოდ გაწვა, ხელ-ფეხს იქნევდა, კოტრიალობდა, მზეზ კი წყალში ნებივრობდა, ოხერი, და რომ შემომხედა, თითქოს მიმიხვდა შურსა და სურვილს, ნელა წამოდგა, ხელით მოიჩრდილა სველი სახე, დაკვირვებით მათვალიერებდა, და მერე მკითხა:
- გული ხომ არ გაქვს ცუდი და გლახა?
- არა, მე მგონი.
და უცხო რამ ბგერები, ნაზი და მოთბო, გაერია ხმაში:
- მოდი აბა გერასიმე, წყალში.
…ვხვანჩალობდით, ჰეჰ!

10
სანამ იმ საშინელ ამბავს მეტყოდა, სუყველაფერი კარგად იყო – მასპინძლის სახლი შორიახლო მეგულებოდა, გაგრილებული, ჩამავალი მზის სხივებქვეშ ვიწექით, ორთავე თვალი მილულული მქონდა, უგუნებობა გადამეყარა – წყლით. სოველ სახეზე მოთბო შუქი მადგა, სიგრილეს მწოვდა, ნაზად მთენთავ ნეტარებას მმატებდა, კარგია მაინც, რაც უნდა უნდა იყოს, მზე. მერე პირქვე გავწექ, ხელები გავშალე, კოხტად დავმძიმდი და, აი სწორედ მაშინ, მადიანად რომ გავიზმორე, ასე წამოიწყო:
- თუ არ გეწყინებათ, ბატონო სიმა, სიმართლეს გეტყვით.
ვინ თქვა, წინათგრძნობა არ არისო, ნამდვილად არის, რაღაცა ცუდი მაშინვე მიგრძნო გულმა.
- რა სიმართლეს… კაცო?
- რა და… შემომხედე ჯერ, ვაჟკაცურად, თვალში.
ღელის პირას წამოვჯექი და, მოლოდინით მივაპყარ მზერა, იმას კი განზე გაიხედა, თითქოს ცოტათი დამორცხვებულმა, თითით აჩიჩქნა მიწა, და მითხრა მერე:
- მე ამ სოფელში არავითარი ბიცოლა არ მყავს, გერასიმე.
სანამ რაიმეს მოვისაზრებდი, და ამოვიღებდი ხმას, იმ ციცქნა ღელის კალაპოტში ბლომად წყალმა ჩაიარა.
- როგორ თუ…
- არ მყავს და, რა ვქნა. – და ვითომ, ამიხსნა: – თავს ზემოთ ძალა არ არის.
- რანაირად… ა… ბიცოლა ხომ… – და, გაოგნებულმა, უცებ ვიფეთქე, გონება დამებინდა: – როგორ თუ არ გყავს! რაშია საქმე, ბოლოს და ბოლოს! რაღაც მაპეტიჟებოდი აქეთ… მე შენ გიჩვენებ! სადაა ტელეფონი!
აქ გაიბადრა, ღიმილ-ღიმილით მითხრა:
- აგერ იქ, ჭალაში, მესამე ხეზე ჰკიდია, გერასიმე.
მაგრამ არ მიმიხედია, არ მოვტყუვდი; გამახსენდა:
- ეს გასაღები რომ მაჩვენე? არა, არა, კი გყავს, როგორ არა, – ათრთოლებული, თავს ვიმხნევებდი, – კი გყავს ბიცოლა აქ შენ, ეე…
- შალვა, ბატონო.
- კი გყავს ბიცოლა შალვა, აქ, შენ…
- ის გასაღები, ბატონო სიმა, ჩემი ღვიძლი ძმის, ვასიკოს ფოტოატელიისაა. თბილისში, ღამღამობით, იქ მძინავს ყარაულივით, უხელფასოდ, კოხტად…
- ვინ ვასიკოა… რა ფოტოატელიე…
გაკვირვებულმა, დამანამუსა:
- როგორ, არ გახსოვს ნუთუ, ბატონო სიმა, დედმამიშვილების სადღეგრძელო?
გულშემოყრილი, წყლის პირას ვიჯექ.

11
კარგა ხანი გავიდა, სანამ ვიტყოდი, ხმადაბლა, სხვათა შორის:
- კი მაგრამ, მე აქ რატომ წამომიყვანეთ?
- არ გეწყინება, გამოგიტყდე?
შევხედე:
- არა.
მყისვე წამოდგა, გაიარ-გამოიარა, მითხრა:
- კარგი ადამიანი ხარ შეიძლება შენ, გერასიმე, მაგრამ უნდა გაგაადამიანურო უფრო.
- გამა… ამამადამიანო? – ავიბენი, რაებს ამბობდა, – ისეთი რა მჭირს…
- შენს საქციელში, გერასიმე, გავზალშიც და ისეც, საერთოდ, სამშობლოდავიწყებული კაცი იგრძნობოდა.
- რადავიწყებული?
- გაიგე, კოხტად.
ერთხანს სიძულვილით შევცქეროდი; რომ შემძლებოდა, ცემით გავასიებდი, მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე.
- რაზე შემატყვე, მაინც…
- ეტყობათ ხოლმე კოჭებზე, გერასიმე. თანაც, ისე ამაყად, ისე ქედმაღლურად გაუშვი მძღოლი…
- ეს მაინც როგორ…
- წმინდად გაპარსული ნიკაპი მცირედ და მკვეთრად რომ ასწიე მხოლოდ.
- და შენ… ახლა… უნდა გამამადამ… ადამუნო… იანამურო? – კვლავ ავიბენი, ფუჰ, ეს მრავალპირიანი ზმნები, მაგრამ მიმიხვდა:
- დიახ.
- კი მაგრამ, როგორ!
- როგორ და, აქ, ზემო იმერეთში ხომ ამოგიყვანე… მიპასუხე, მითხარი!
- კი!
- ხომ გაგაბანინე ტანფეხი საქართველოს წყლით?
- სულ საქართველოს წყალში არ ვარ, შალვა?
- სად, დაკარგულო…
- აბაზანაში, სად…
- აჰ, ის სულ სხვაა.
- რატომ, ვითომ…
- იძახე ახლა რატომ და ვითომ… სხვაა და, რა ვქნა.
აქ რაღაც ჩიტმა უეცრად – ფრთხ და, წამოვიკრიფე, ეჭვებმა დამსერა, ფრთხილად, შეპარვით დავეკითხე:
- კი მაგრამ, ახლა რაღას მიპირებ…
- ერთი ღამე უნდა გაგათევინო აქ, ზემო იმერეთის ცის ქვეშ, და მერე წადი, სადაც გენებოს.
- კი მაგრამ, რატომ!
და ისევ ის არ მომიგო, მრავალპირიანი?
- გასაადამიანურებლად, ტკბილო. აგერ, შეხედე, როგორ ღამდება… იხილე საოცრება იგი, გერასიმე ჩემო!
რა საოცრება, რის საოცრება – უბრალოდ, ბნელდებოდა.
- იცოცხლე, კაია, კარგი, ლიეპა და კარლსრუე, გერასიმე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე, აბა, იქითკენ გაიხედე, რა ხაზებია, გერასიმე, და რა სირბილე… აგეე, იქით, ჩრდილებს შეხედე… სად ნახავ ამას, ამ იმერეთს, ზემო იმერეთის გარდა…
რისი ხაზები, რაის სირბილე… განაგრძობდა ის:
- რა სიმწვანეა, რა უცნაური…
მწვანე იქნებოდა ბალახი და ყანა, რა იქნებოდა აბა… ხმას დაუდაბლა:
- აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე.
ჩურჩულ-ჩურჩულზე გადავიდა და, საცურაო ტრუსში გამოწყობილი, ათვალიერებდა არემარეს, როგორც იტყვიან; აღარ მესმოდა იმისი უთავბოლო სიტყვები, ისევ მეტაკა ჩემი დარდი, ისევ ვიფეთქე:
- კი მაგრამ, რა უფლეა გქონდათ მაინც, აქ რომ წამომიყვანე?
მსწრაფლ გაიკვირვა:
- რა უფლება მასწავლებლობას უნდა…
დავანამუსე:
- მასწავლებელი ხარ ჩემი შენ, შალვა?
- ამ მიდამოში, კი.
- და მე – შეგირდი?
- არა. – მითხრა და, შემომაჩერდა, ამხედ-დამხედა, მათვალიერებდა როგორ…
- რა ვარ, შალიკო, აბა…
- არ გეწყინოს და, ბითური ხარ გერასიმე, შენ.
მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე…
- მიწას კი ნუ ჩაჩერებიხარ, გერასიმე, იყურე ირგვლივ… და არ წააგებ.
ეეჰ, რას გავებდი, მე კი ვიცოდი, დრო ხომ – ფულია… ტყრუშულ ხალათმოხურული, თავჩაქინდრული ვიჯექი ისევ, იმან კი, შალვამ – თავხედმა, ბრიყვმა, მხარზე ვითომ ნუგეშის ნიშნად დამადო ხელი:
- რას მოგიწყენია, რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე, რასაა რომ მოგიწყენია, შე კაი კაცო, – მცირედ შემაჯანჯღარა და, ვითომც გამამხნევა, თავისი ჭკუით, მერე: – ეგ არაფერი, სიმა-ბატონო, ნამდვილად ვიცი, ორი-სამი საუკუნის შემდეგ შესაძლოა სულერთი იყოს, მე ამ სოფელში ბიცოლა მყავდა თუ არ მყავდა, აბაა, გერასიმე.

12
ჯერ ის იყო და, შემოგვაბნელდა, სახლები შუქად გადაიქცა, პატარა ხანში მაგრად ბნელოდა. მე ჩემი თხელი სვიტრი გადავიცვი, მერე – ნაქსოვი პერანგი, მერე – ჩვეულებრივი იშვიათად კარგი პერანგი (სად ვაფუჭებდი?) და, ისე ძალიან აცივდა, გაჭირვებულმა მაისურიც კი წვალებით ჩამოვიჭიმე, მაკანკალებდა მაინც, მუხლებზე ხელებშემოხვეული, მოკუნტული და უმძრახად ვიჯექ. იგი კი, შალვა, რაღა თქმა უნდა, ახლა – ჩაცმული, მუქშაც აჩრდილად მიმოდიოდა და, მე, ზაფხულის სუსხით ათრთოლებულს, თავისი ჭკუით, ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა ასე:
- იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ არა შენ ეს, გერასიმე – ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიცინებს ის, წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს.
უუჰ, ციოდა… იგი კი მეუბნებოდა ასე:
- ანდა, გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად აღშფოთდება ის. ეს იმიტომ რომ, რა ქნას, იმანაც – ჩვენ, ადამიანთა დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.
ფუჰუჰ, ციოდა… საათს დავხედე, თერთმეტის ნახევარი ხდებოდა, ჩემი საათი – ფოსფორიფიცირებულია, შალვა კი, თავხედი, მეუბნებოდა ასე:
- შენ, გერასიმე, გამომეტყველებაზე გეტყობა ახლაც კი, ბნელში, რაღაც წარმატებისთვის რომ მიგიღწევია, შენი გაგებით. მაგრამ მორბენალები ავიღოთ თუნდაც, ბატონო სიმა. თავს რომ დაადებს და რომ გაიქცევა გრძელ მანძილზე შვიდასი კაცი, და საბოლოოდ სწორის ბოლოს პირველი რომ მიიჭრება ვინმე, აღფრთოვანებულები ვართ ჩვენ, შემყურე ადამიანები – აჰ, შვიდას კაცში მაინცდამაინც როგორ გაიმარჯვა… მაგრამ, გერასიმე, სხვანაირად რომ მივუდგეთ საკითხს, ვთქვათ, გავიფიქროთ, რომ ვინმე ერთი, რომელიღაცა, პირველი ხომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე იმ ზღვა ხალხში, უფრო უბრალოდ მოგვეჩვენება მისი გამარჯვება. არაა ასე?
ბჰ!-რრ, ბუჰრრ… როგორ ციოდა, ციოდა როგორ… იგი კი აგრეთვე მეუბნებოდა ასე:
- …რადგან საერთო ტრანსპორტსაც აქვს თავისი კარგი მხარეები, გერასიმე. კი, კი ბატონო, გეთანხმები, არაა კარგი, ავტობუსში ვინმე მტკივან ფეხზე რომ დაგაბიჯებს, მაგრამ გამოჭედილ ტრანსპორტში, სამაგიეროდ, ადამიანები უნებურად ახლოვდებიან და ერთმანეთის გულისცემა ესმით, თანაც, საერთო ტრანსპორტში, გერასიმე, ადამიანები ერთ ჭერქვეშ არიან…
ილაპარაკოს, რა… ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ აი ასე:
- მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, გერასიმე – ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი – მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო.
ააქ კი, გაავცხარდი, გავცხარდი მართლა:
- ადამიანი მარტოა, მარტო, – გესლიანად წავიჩურჩულე, და თავს ავყევი, არ უნდა მექნა, – ყველამ იცის, რომ მარტო უნდა დაიბადო, მარტოკა უნდა დაადგე ძნელ გზას, პირში გიცინიან და ზურგს უკან გლანძღავენ. გილოცავენ და შურთ, მარტოკა უნდა მოკვდე ბოლოს და, ოცდაცხრამეტი და ექვსი რომ გაქვს, ლოგინზე მისავათებული, მარტო ხარ, აბა, რა ხარ, მარტო…
მყისვე ვიგრძენი, როგორ საოცრად დაინტერესდა, იმ სიბნელეში დაბერილი ნესტოებიც კი დავუნახე, გაფაციცებით მოელოდა ჩემგან კიდევ რაიმეს გაგონებას, მაგრამ გავჩუმდი, ნურას უკაცრავად, ისედაც ბევრი ვილაპარაკე. არ დააყოვნა:
- მომვლელს, ექიმს და მსგავს წვრილმანებს, მოდი, გერასიმე, დავანებოთ თავი და, რა იცი შენ, რომ მარტო ხარ… მითხარი.
- რა ცოდნა უნდა ამას. ასე არის ეს.
- არა, კეთილო, მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, გერასიმე, და გეჩვენება, რომ მართალი ხარ.
- მხოლოდ მე კი არა, ყოველი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს და, სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვათ ასეთი აზრი.
- რომ ადამიანი მარტოა?
- დიახ!
აქ ნაღვლიანი ხმა შემომესმა, მაგრამ თურმე თვალთმაქცობდა, როგორც მალე დავრწმუნდი, ოხერი:
- ესე იგი, ბევრნი ხართ არა, ასეთი აზრის?
- დიახ! – ამაყად გავუმეორე, მაგრამ მომიგო:
- მაშინ, გამოდის, თუნდაც ამიტომ არა ხართ მარტო. კი, გერასიმე.

13
ვისხედით, ბნელში. სამართებელი პირს არ მიხსნიდა, უცხო მხარეში, კუშტად შევცქეროდი ცალთვალაჭიატებულ სახლებს. შალვა გულაღმა გაშხვართულიყო, ნაძირალას, რუკზაკზე ედო რეგვენი თავი. მე მოკუნტული ვიჯექი ისევ; ძველებურადვე, მაკანკალებდა. არა, მაინც სად უნდა ვყოფილიყავ და, სად გადაკარგულში აღმოვჩნდი ახლა… კიდეც მშიოდა. ხანდახან ვთვლემდი, ნამგზავრს, ნამთვრალევს, გამოძინება ყველაფერს მერჩია, მაგრამ აკანკალებული კაცი, ამხანაგებო, ვერ დაიძინებ. თანაც, ახირებული იყო ეს შალვა ვიღაც, გავიხედე და, ჩაძინებულს, მოზრდილი ლოდი დამიშვას თავში?! მოწმისა მოერიდება თუ რა, ამ სულელური ღელის პირას მარტოდმარტონი ვიყავით, ბნელში. მაგრამ ბოროტმოქმედს, სიმართლე სიმართლედ, შალვა არ ჰგავდა – უზრდელი იყო, უბრალოდ, იგი. ჩემი საათი ორს აჩვენებდა, და მეტსაც უფრო, მისი ფრთხილი ხმა რომ შემომესმა:
- არ გძინავს, გერასიმე?
- არაჰ! – აღმომხდა.
- რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე…
- რა დამაძინებს… რა მინდოდა აქ!
- რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე…
- არ მინდა, რატომ წამომიყვანე…
- ერთი რამის სიყვარულით…
- რის სიყვარულით, კაცო…
- დაფარვა რომ სჭირდება…
- რატომ სჭირდება…
- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია… – და იდუმალის ხმით დააყოლა, – გულში სათუთად უნდა ატარო…
- რაა ასეთი…
მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:
- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი…
კარგა ხანს ისევ ჩუმად ვისხედით. ის ღელე თითქოს ტანზე მდიოდა. ისევ დავიხედე მაჯაზე, საათი ადამიანის მეგობარია, ოღონდ – პირშიმთქმელი, რა ნელა გადიოდა დრო, სამის ნახევარი ძლივს ხდებოდა. თუმც მაკანკალებდა, მაინც ერთგვარად გავიტრუნე, მაგრამ შალვა მხნედ წამოდგა უცებ, მხარზე დამკრა ხელი:
- აბა, წავიდეთ, გერასიმე-ჩემო…
- რა-ჰ!.. სად უნდა… შალვა?
- აგერ, იმს სახლთან მივიდეთ და შევძახოთ ჩვენებურად ომახიანად ერთი…
- რა შევძახოთ რო…
- რა და – მასპინძელოო…
იმ სიბნელეში დაბნეული მივჩერებოდი ჯერ, მერე გავფაციცდი, ყველაფერს მივხვდი მეგონა:
- აჰ, ბიცოლა გყავს? გყავს ხომ, ა, შალვა…
- იქ, იქ გავიგებთ, ადგილზე გავიგებთ ყველაფერს, გერასიმე…
გამეხარდა, კი. მსწრაფლ წამოვდექი, ჩემოდანს დავწვდი, და მცირე ორმოში ფეხჩავარდნილს, მაგრად ჩამჭიდა შალვამ ხელი. მცირე ბორცვებზე გადავდიოდით, ხანდახან მიწა მეკარგებოდა, გულშექანებულს, შალვას თითები მაჯაზე იმედად შემომჭდომოდა, ასე მივტივტივებდით ღამეში, შეყვარებული ტურისტებივით, ოღონდ მე ჩემი ჩემოდანი მეკავა ხელში. სადღაც, შორს, ძაან აყეფდა ძაღლი, ჩვენ კი სწორედ პირველსავე ეზოს მივადექით, შალვამ რუკზაკი შეისწორა ზურგზე, თითები შემიშვა, ტუჩის კუთხესთან ირიბად მიიდო ხელისგული და შესძახა:
- მასპინძელოო!
გულაჩქროლებული ვიდექი, ვიცდიდი, აჰ, საჭმელი და თბილი ლოგონი ყველაფერს მერჩია ახლა, მაგრამ ჯერ ხმას არავინ გვცემდა, და შალვამ მეორედაც რომ დაიძახა: „მასპინძელოო“, მეც, მოუთმენლობისაგან იყო თუ რა, სახლს ძველქართულად მივაყვირე:
- მასპინძელო, ჰაი გიდი!!
აწ სახლის კარი გამოიღო, შარვალ-პერანგისამარა კაცი გამოვიდა, ერთი კი გამკრა: „აიმ ბიცოლას საყვარელია თუ რა…“ მაგრამ კაცი რომ მოგვიახლოვნდა, ხელით მოიჩრდილა (კი, კი მზე და სიცხოე იყო დიდი, როგორ არა…) და დაგვეკითხა:
- რომელი ხარ… რას მიბრძანებთ, ბატონო… ხომ მშვიდობაა. კაი გამარჯობა თქვენი…
- გაგიმარჯოთ, ბატონო, გზა აგვებნა და… – რუკზაკი მაღლა ასწია შალვამ, – თუ შეგვიკედლებთ… ერთი ღამით… ასე, უცხოებს…
- აუჰ!.. – შეიცხადა კაცმა და ისე ღონივრად გამოაღო კარი ცალი ხელით, (მეორეთი შარვალი ეჭირა), კინაღამ საერთოდ მოაძრო: – თუ შემოგვიკედლებთო, რა საკადრისია… მობრძანდით, აგერ… აქეთ, ბატონო…
შინ შეგვიძღვა და, გვეუბნებოდა თან:
- აგერ, აქ დაბრძანდით, ახლავე იქნება ყველაფერი… ქალიშვილი ნავარძეთში გამითხოვდა და, მარტოხელა კაცის პირობაზე… იქაა ცოლიც… რასაც კი შევძლებ… კი ნუ დამძრახავთ…
რა ბიცოლა, რის ბიცოლა, თურმე… მაგიდაზე უკვე იდო ყველი, ლობიო, პრასი… მასპინძელი მონდომებულად დაფაცურობდა, მხოლოდ ერთხელ შედგა, როცა ჩემს მაისურს, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული შეაცქერდა: – სპორცმენები ხართ?
- რა ვიცი… – მორცხვად მიუგო შალვამ, ფუუჰ, თვალთმაქცი, – ინდივიდუალური ტურისტობა თუ სპორტსმენობაა…
- რატომ არა, კია, კია, შე კაცო… – გაამხნევა მასპინძელმა, ესეც – ბიცოლაა… ულვაშიც ედო. რაღაცა მრგვალ ბუხართან ჩაიჩოქა, შეშა ერთმანეთზე კოხტად დააწყო, ასანთი ყურთან გაიჩხაკუნა.
- როგორ ამინდები იყო აქეთ? – იკითხა შალვამ.
- თქვენი სახელი, ბატონო?
- ამ ჩემ მეგობარს გერასიმე ჰქვია, მე – შალვა, ბატონო.
- ძალიან სასიამოვნოა, მე – სევერიონი მქვია, სევერიონ-ე-საც მეძახიან შიგადაშიგ, ბატონო.
- ძალიან სასიამოვნოა, ბატონო.
- აქეთ ამინდებს არა უშავდა.
ბუხარში ცეცხლი ატკაცუნდა, და თუმცა ბუხარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ გათბობას ვერ შეედრება, მაგრამ სითბოს გამომცემია მაინც ერთგვარი… ჯერ მაისური გადმოვიხახუნე თავზე, მერე ჩვეულებრივი იშვიათი კარგი პერანგი, მერე – ნაქსოვი პერანგი, მერე – ჩემი თხელი სვიტრი, ისევ ტყრუშული შარვალ-ხალათის ამარა დავრჩი.
- არ მოიწყინოთ, ბატონო და… საით ყოფილხართ, მართლა?
- აგერ, რაჭიდან გადმოვედით. ამან აიჩემა და… ანიშნა ჩემზე!
- აუჰ, უჰუჰუჰ… ამ ღამებნელში, ბატონო?
- დიახ, სევერიონე-ბატონო.
- თქვენ გქონიათ ვეფხვის გუილ. ახლავე მოვალ მე და, მეზობლის ქალს მოვიხმარ, არ მოიწყინოთ.
მაგრამ ისევ მარტო რომ დავრჩით, მომაჩურჩულა:
- შენთან, კაბინეტში, ასეთ უდროო დროს რომ მოსულიყო ვინმე, მიიღებდი? ა, გერასიმე…
- მე კაბინეტში ამ დროს რა მინდა! – წამოვიყვირე.
- მეძახდით, ბატონო? – თავი შემოჰყო მასპინძელმა.
- არა, ბატონო, – მიუგო შალვამ.
ტახტზე წამოვჯექი, მუთაქა მოვიმარჯვე, კედელს მივადე, თვითონ კი – მუთაქას მივაწექი, თავიც დავადე, მივლულე თვალი…
- საერთოდ, ქართველებს, ექვსი რამა გვაქვს კარგი, – წამოიწყო შალვამ, – ხალხური სიმღერები, ხალხური პოეზია…

14
რომ გამაღვიძეს, ჩემი საათი ხუთის თხუთმეტ წუთს აჩვენებდა, არა მიშავდა რა, ცოტათი მაინც ხომ წავუძინე. მხნედ წამოვდექი, ამტანი ვარ მე, ხელებიც კი ერთი-ორჯერ გავიქნ-გამოვიქნიე, მაგიდისაკენ გავეშურე, იქ კი, შემწვარი ქათამი დაემატებინათ, ხაჭაპური, ნადუღი, გეენაცვალეე, ტყემალი, თონის პური, ღვინოც, აბა რა, რა ასმევს ამ ხალხს ამდენს. კარგად არც მეყურებოდა, რა სადღეგრძელოები ითქვა – შემწვარ ქათამს მივადექი და, გაუმარჯოს-მეთქი, ამას ვამბობდი მხოლოდ და ოდნავ ვყლუპავდი – კიდევ დათრობა მინდოდა? აარა, ბატონო, აღარ შევცდებოდი, მეყო ისედაც, ამ ორ თუ სამ დღეში ამდენი, ისე კი, სევერიონემ ჯერ მგონი ჩვენი მობრძანებისა შესვა, იძახა ვითომ გულითადი რაღაც-რაღაცეები. არა უშავდა რა, არ სცოდნია აქაც მთლად ურიგო ქათმები, ნადუღიც მესიამოვნა. ასევ ხალისიანად ლაპარაკობდნენ, ის – სევერიონი და, ეს – შალვა, ყური მივუგდე, ღვინოს აქებდნენ. ჰეჰ, ბითურები – კონიაკი ქვეყნად იყოს და… მაგრამ აიმ კაცს ვიპოვნიდი ვითომ, ადლერში რომ უნდა დამხვედროდა? – ვინ იცის… ჩვენ, ადამიანებმა, ხანდახან არ ვიცით, რა მოხდება… თუნდაც, აი, ეს ფაქტი – სევერიონემ სამი თუ ოთხი ჭიქის შემდეგ თქვა:
- ეჰეჰ, დავთვერი მგონია, ბატონო…
- ჩვენი ბრალია, – შეწუხდა შალვა, – ნამუშევარი იქნებოდით მთელი დღის და, შუაღამეზე გაგაღვიძეთ და…
- მაგ არაფერი, – გულით მიუგო სევერიონემ, ცოტა თვალები ეხუჭებოდა. მაგრამ უეცრად გამოფხიზლდა, – კაცო, გავიხედე ამას წინათ და, მესმის კრიახი, მაგრამ რა მესმის, ასე, ეს დრო თუ იქნებოდა… ავდექი ხელათ, მელა მეგონა, მელა ბევრია, ძალიან ჩვენში, ცალი ხელით ჯოხი მოვიმარჯვე, მეორეთი… ჯიბის ფარანი, პოლონურია, შევედი ფრთხილად საქათმეში, დავანთე და – რას ვხედავ, მაჩვი! ერთი ქათმისთვის მოესწრო უკვე ყელის გამოჭმა, და გაქცევა უნდოდა…
- რას ბრძანებთ, ბატონო, – ზომიერად გაიკვირვა შალვამ – მაჩვი და, ქათმისმჭამელი?
- მეც ეგ არ მიკვირს? – აღნიშნა სევერიონმაც, ძალიან პატარა ყურები ჰქონდა, – მელა არ გვეყოფოდა? გადაგვარებასაა ეს ბუნება თუ რაშია საქმე, არ ვიცი სწორედ…
- უჰ, ვერ მოგსვლიათ ეგ კარგი ამბავი.
- ეს ჩვენ-ჩვენ მშობლებს გაუმარჯოს, ვისაც გვყავს, ჯამრთელად გვიმ…
ახლაღა გავსინჯე ხაჭაპური და, თითქოს არ იყო ურიგო, წარმოიდგინეთ. გუნება ცოტა გამომიკეთდა, არადა, კარგად დავნაყრდი უკვე, სუფრასთან ჯდომა აღარ მინდოდა, ადამიანი უშუალო უნდა იყოს, ვთქვი:
- ახლა პატარას წავუძინებ ისევ, ავტობუსის გასვლამდე კია საათ-ნახევარი. მაინც არ ვსვამ და შვიდის ნახევარზე გამაღვიძეთ.
სევერიონმა შემომხედა, არაფერი უთქვამს. შალვამ კი, მეტიჩარამ, მყისვე შემარცხვინა:
- არაა ზრდილობა, გერასიმე, ეგ… ეს კაციც მშვენივრად გამოიძინებდა, ჩვენ რომ არ მოვდგომოდით.
ჰმ, რა გამოჰყავდა? უშუალობა ცუდი ყოფილა, ესე იგი. გავბრაზდი აქ, მაგრამ სევერიონემ წამოიწყო:
ჩვენს ადათ-წესებს გაუმარჯოს, ძველი დროიდან მოყოლებული და ეს ჩვენი კუთხის ისტორიასაც გაუმარჯოს, ბატონო. აგერ აქ, ქვემოთ, – ფანჯრისკენ ხელი გაიშვირა სულელმა, თვალი გავაყოლე – იმ სიბნელეში, ძალიან რამეს არ დავინახავდი? ხელგაშვერილი განაგრძობდა: – მდინარის პირას, მღვიმეა ერთი, ხერგულას ვეძახით, ველური ადამიანი ნაცხოვრება ადრე, გეოლოგები ჩამოვიდნენ, გათხრები ჰქონდათ…
- გეოლოგები კი არა, არქეოლოგები ყოფილან, – შევუსწორე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული მე.
- სწორი ბრძანებაა, მოკლედ, თხრიდნენ იმ გამოქვაბულში და ხნიერი ქალი ჰყავდათ უფროსად, იმ ქალმა გაგვაოცა სწორედ მთელი სოფელი, ისე რომ ადამიანს ჰყვარებოდა თავისი საქმე? არ გამიგია… ყოველ ნაპოვნ კაჟს დასციცინებდა, დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა და, რა მშრომელი და, რა ძვირფასი ადამიანი თანაც; ერთი ჩვენებური ქალი ესტუმრა თბილისში თურმე და, მშვენიერი კარგად ყოფილა მოწყობილი, მაგრამ აქ, ამ ჩვენ სოფელში მოუწევდა მაინც სულ გული, ერთ ზამთარს და ოთხ ზახფულს მუშაობდა აქ, თბილისში მანქანა ჰყოლია საკუთარი, სულ არ ახსოვდა, აქ, ამ აღმართ-დაღმართში ერთი დილა-საღამოს სიარული, ხერგულას კლდეში ტრიალი, თანაც, გვიხსნიდა ჩვენ-ჩვენ წარსულს, როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა და, თავიდან თუ ჩუმ-ჩუმად გვეცინებოდა, ამხელა ქალს კაჟის მოსაბოჭად როგორ მოუცლიაო, მერე, თანდათანობით, შეგვაყვარა ჩვენც თავისი საქმე, და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი საქმეც კი ყოფილა ეს – მშობელი კუთხის ისტორია, და სიყვარული.
შალვას შევხედე. ისეთი გაბადრული და გაამაყებული იჯდა, იმას აქებდნენ ვითომ. სულელი…
- ოქროს და ვერცხლს რომ პოულობენ სხვა გეოლოგები, იმათი აღტაცება, ჩემო ბატონო, არცაა გასაკვირი, მაგრამ ეს ქალი, პატივცემულებო, კაჟს დაეძებდა, პირველყოფილი ადამიანის შესასწავლად. სხვა არაფერი უპოვიათ ჯერჯერობით მაინცდამაინც ისეთი ჩვენში, მაგრამ იმ ქალმა დაამტკიცა, თავიდანვე რომ ცხოვრობდნენ აქ, თავიდანვე რომ გული დაუდია ადამიანს აქაურობაზე თურმე. ჩვენს ისტორიასთან ერთად შალვა-ბატონო, მოდით, იმ ქალსაც გაუმარჯოს, ქალბატონ ნინოს…
შალვა მოწიწებით წამოდგა, რაღაცეებს ამბობდა, სუფრაზე მედო თავი, ჩამთვლიმა, ცოტათი…
- დიდი განათლებული კაცი იყო, – ამბობდა სევერიონე, თვალები უჟუჟუნებდა, სულ წასულიყო ხელიდან, – ჩოთქი არ სჭირდებოდა, ანგარიშობდა ისე…
ექვსის ნახევარი ხდებოდა. გავღიზიანდი, ამათ რაიმე თუ არ უთხარი, გაუნათლებლად ჩაგთვლიან და, ჩემი სადიპლომო ნაშრომი გამახსენდა, „კატილინას შეთქმულება“, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს.
- ჩაცმა-დახურვის ყადრიც იცოდა, – განაგრძობდა სევერიონე, ვიღაცას გულმოდგინედ აქებდა.
- კატილინა შეძლებული ოჯახიდან იყო, – წამოვიწყე მე, – და დიდი გაფუჭებული. იმდროინდელ რომში სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც ყველაფერზე ხელის მომწერს…
- ძალიან სასიამოვნოა, ბატონო, – ჩამომართვა სიტყვა სევერიონემ, – ყოველთვის გალსტიკი ეკეთა.
- რა ეკეთა? – გამეღიმა.
- ჰალნსტუნხი, – გაღიზიანებულად მომიგო შალვამ, – გასაგებია? – და უცბად გამოიცვალა, დატკბა, – წავიდეთ ახლა, გერასიმე, გათენება ვნახოთ.
- რა გათენება… არავითარ შემთხვევაში!
- გინა წვიმა ყოფილიყო, გინა ქარი, ყოველთვის გალსტიკი ეკეთა, – განაგრძობდა სევერიონი.
- კატილინამ თავის გარშემო შემოიკრიფა ისეთივე აღვირახსნილი ამხანაგები, როგორც თვითონ იყო.
- წავიდეთ, გერასიმე, რა იქნება, გათენება ვნახოთ…
- რადიოთი სულ მუსიკებს უსმენდა და, თვითონაც იცოდა პიანინოზე დაკვრა, ცალი ხელით…
- იმდროინდელ ძველ რომში ძალიან ცუდ, აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ხანდახან მამაკაცი, – ხმას დავუდაბლე, – ქაილს მაგივრობას ნებაყოფლობით ასრულებდა.
აქ სევერიონი დაინტერესდა:
- რავა, რომში ხაჭაპურს კაცი აცხობდა? ჩემსავით ყოფილან მაგინი, ბატონო…
სულ ვერ გამიგო…
- შენ რომ იცოდე, გერასიმე, აქ, ზემო იმერეთში, როგორ თენდება… ცხონდები კაცი!
- მე ღმერთი არ მწამს, – კოხტად მოვუჭერი, – კატილინა მთელი სენატის ამოჟლეტას აპირებდა, მაგრამ არც ციცერონი იყო დოყლაპია.
- ერთხელ, კამპანიაში, ძალიან რომ დათვრა, ორი ხელითაც კი დაუკრა…
- ამისთვის ამოგიყვანე აქ, გერასიმე, და ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარს მეუბნები?
ყური არ ვათხოვე:
- კვინტუს კურიუსს რომ არ წამოეყრანტალებინა შეთქმულების ამბავი ქალთან, უარყოფითად იქნებოდა სენატის საქმე.
- არ მოდიხარ, გერასიმე, აბა?
- იმის სამკერდე ნიშნებს აღარ იკითხავთ? – ამაოდ გვიწვევდა სევერიონი.
- არასადაც არ მოვდივარ, ადრეა ჯერ, კატილინამ რომ…
- პოლონეთის ემბლემიდან დაწყებული…
- რა გინდა აბა, აქ – არა სვამ, აღარ ჭამ, გავიდეთ, გერასიმე, ბუნებაში…
- არა. ცივა იქ…
- ტყის მეგობრის ირმიანი ნიშნით გათავებული…
- აბა, ერთი სადღეგრძელო მაქვს და, – ფეხზე წამოდგა შალვა, – ერთი, ერთადერთი და, უნდა გამოვცალოთ ეს ჭიქა ბოლომდე ყველამ.
- აგრე იყოს, გისმენთ ბატონო, – დოქს წაატანა ხელი სევერიონმა.
- დალევთ თქვენც, გერასიმე?
- მხოლოდ ერთ ჭიქას?
- ერთადერთს, კი.
რას მიზამდა ახლა, მაინცდამაინც, ის ერთი ჭიქა? მეც დავეთანხმე:
- ჯანი გავარდეს, დავლევ.
შალვამ კი მაღლა შემართა ხელი, და იცით, რა თქვა?
- ეს ჩვენ-ჩვენ დედმამიშვილებს გაუმარჯოს.
აუუჰ, წამოვხტი, კინაღამ ვიკივლე. დავფაცურობდი: „სადაა შლატა… ჩემი სვიტრი რა იქნა… ჰო, აგერაა… ახლავე მივდივარ!..“
- გაწყენინეთ რამე, ბატონო? – შეიცხადა სევერიონემ, გაელმებული თვალებით შემომცქეროდა, – რავა ზოგიერთი მაჩვივით იქცევით თქვენ…

15
ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:
- ასწიე თავი.
კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:
- გერასიმე, სდექ!
შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი – აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა…
- სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, – განრისხებული მიმზერდა, – ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე.
გიჟია, მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე – სერზე ვიდექ.
- ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?
მე სერზე ვიდექი.
- რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი…
ვიდექი მე სერზე.
- ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?
სერზე ვიდექი მე.
- აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავთი არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, იმართა იმას ჩვენი რაიმე?
მე ვიდექი სერზე.
- და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!
ვიდექი მე სერზე.
- წვიმისას, გერასიმე, – ავალწუნებით ამომცქეროდა, – ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ.
სერზე ვიდექი მე.
- ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… – და დარცხვენილმა დაამატა, – საშობლოსათვის. – მთლად აირია, – რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა… მაგრამ, მაიძულე…
ჰოიი, ავტობუსი – ჭიათურაში ქიმწმენდელი კაცი მელოდება, კოსტუმი უნდა გამომეტანა ჩემი და ის, ლიეპაში, ვინ იცის, როგორ ღელავდნენ, ეგენ ოჯახშიც ედეპეშნათ, ძალიან მაფასებს და გაგიჟდება ცოლი, ამ შალვას, მოცლილს, ხომ ვერ ავყვებოდი, თვალი ავარიდე და, ფრთხილად, კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა, ავი მოლოდინით მხრებაწურულმა ავიარე სერი, ავტობუსს ხელი დავუქნიე, გამიჩერდა და სკამზეც არ ვიყავი ჯერ დამჯდარი, შალვამ თავი შემოჰყო ფანჯარაში და, ასე მეგონა, ბრიყვი, უზრდელი, ერთს გემრიელად შემომაგინებდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სულ სხვა რამ შემძახა:
- ნახვამდის, სიმიკოო!
ქიმწმენდაში ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი კოსტუმი კოხტად მოვირგე, ტყრუშული შარვალ-ხალათი იქვე ჩავაგდე, მდინარეში, და ზესტაფონამდე ტაქსით მივედი, უკანა სავარძელზე ცოტათი წავუძინე კიდეც. ზესტაფონში მატარებელი დაბარებულივით დამხვდა, და საბოლოოდ მაშინ გამომიკეთდა გუნება, თვითმფრინავში რომ შევედი; თავიდან, ადრე, გამოუცდელს, თვითმფრინავის ძალიან მეშინოდა, მერე ნაკლებად მეშინოდა, მერე შევეჩვიე და სულ აღარ მეშინოდა, მერე კი, პირიქით, მიხაროდა, რადგან თვითმფირნავი – გზაა, ხოლო გზას, გამოზომილ-დაგეგმილს, შედეგი მოაქვს, და ახლა, ამჟამად, საბოლოოდ მაშინ მოვედი ხასიათზე, სიმაღლე რომ ავიღეთ, როცა შესანიშნავ კავკასიონს ზემოდან დავცქერი.

ბოლოთქმის მაგიერ
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.
ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი