ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები


(ფანტასტიკური მოთხრობა)

ქვემორე მოყვანილი ამბის ავტორმა, აფრედერიკ მემ, გაითვალისწინა რა ეროვნულ ლიტერატურაში ფანტასტიკური ჟანრის გამოვლენათა რეალური ნაკლებობა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეექმნა ძნელად მიმოსასვლელ გზებზე დაფუძნებული ამა მიმართულების ნაწარმოები (იგივე: ქმნილება, ნიმუში, შედევრი, სისულელე) და აღაფრთოვანა იმ გარემოების გახსნებამ, ნებისმიერი ნაშრომის დასურათხატებას მხოლოდ სამი უბრალო რამ რომ სჭირდება – ქაღალდი, მელანი და შვინდისფერი კალამ-კალმისტარი. ამ შემეცნებით გამხნევებულმა, გააპიპინა რა ლურჯი მელნით (შავი ვერ იშოვა) ზემორენახსენები ფერის კალამ-კალმისტარი, მაგიდას მიუჯდა, და იქავ აღმოაჩინა, რომამ უკანასკნელ ავეჯის სახეობასთან ერთად ამბის ხორცშესხმისათვის საჭიროა სკამიც და სინათლეცა და მხედველობაც, აგრეთვე მარჯვენა ხელი, და სხეულის სხვა ათასი წვრილმანიც, დაწყებული თავით და დამთავრებული იმით, რითაც სკამზე უნდა დაჯდე, მაგრამ აფრედერიკ მეს ამაზე დიდად არ უნაღვლია – ახლომხედველი გახლდათ.

1

მიუხედავად იმისა, რომ აქაურებს ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდათ ხარებთან ბრძოლისა, ესე ამბავი ძირითადად ესპანელების კუთვნილ ტერიტორიაზე და ესპანელებში მოხდა.
ბესამე კარო ჯერ ფლეიტაზე, მერე კი სულ სხვა რამეზედ უკრავდა.

2

ბესამე კარო დაიბადა ანდალუზიაში, ღარიბი მწყემსის ოჯახში და ჩვილბავშვობისას, აბაჯბაჯებული, ფეხებში ედებოდა ხბოებსა და ცხვრებს. ეჰ, კარგი იყო ანდალუზია დღისით, დიდმანათობლით გაშუქებული, მწვანედ ელვარებდა მინდორი და ტყე, ვიწრო ბილიკზე მიიგრიხებოდა სოფლის პატარა, უსახელო მდინარე, და თან, გზადაგაზა, ურჩი, ჯიუტი, სხივებს ისხლეტდა, თბებოდა მაინც; კარგივე იყო მცირე ჩანჩქერი – გალიპულ კლდეთა ჩამოშლილი თმა, აწოწილ ძნათა მწყალობელი სუნი, დილდილაობით, კამეჩის ძნელად საღეჭი მაწვნით დანაყრებული, გარე-გარე დატანტალებდა ფეხშიშველა ბესამე კარო, ხოლო იგი კი, ყვითლად შეფერილი გველი, განზე ხოხავდა. ჰეჰ, რა იცოდა მაშინ ბესამემ, რაღას არ ასცდა, და ზამთრობითაც, ცხვრის ტყაპუჭში გამოხვეული, სულ ვერ ამჩნევდა შორეული ტყიდან გამონაკვერჩხლებულ, დამშეულ მზერას – საჭმლად უნდოდათ. მაგრამ ბესამეს ამაეების დარდი არ ჰქონდა, შემოდგომობით, მოუთმენელი სულიშებერვით აგრილებულა ლეღვისა და ყურძნის შეზავებული სიტკბოთი გაწებილ მცირე ხელისგულებზე მოგორავე, ცეცხლისპირას შერუჯულ სიმინდს, თან – ღიღინებდა, ხოლო დღის ბოლოს, გრძნეული შებინდებით ქოხში შედენილი, ხის დიდი კოვზით რომ შეხვრეპდა ხისავე ჯამში მოოორთქლე სქელ, მჟავე წვნიანს, ბუხრით შემოსულ, მოალერსე თხევად სითბოში, თითქოსდა რული ეძალებოდა, და მამამისიც, გოროზად ჩაკირული მწყემსი, ბესამეს დედას – სოფლის მეორე ქალს სილამაზით, ერთ-ორს სულსწრაფად გამოხედავდა და დედის ნატიფად უხეში, თბილი ხელებით იშლებოდა ბესამეს მოკლე, მარტივი ლოგინი, და მოუთმენლად ელოდა მის დაძIნებას ცალქოხიანი მამამისი, ხოლო ბესამე დაჭყეტილი თვალებით იყურებოდა ჭერში. შვილს მკაცრად აიყვანდა ქმარზე დაბოღმილი დედა, ცხვრის ტყავის ლოგინს შემოახვევდა, მუხლებზე დაისვამდა, და მკვეთრად არწევდა, დაჰღიღინებდა თან: `დაიძინეე, ნანაა, ნანნაა, ცხენი წავიდა, ძაღლი მოვიდა..~ `რომელი ძაღლი...~ _ ეკითხებოდა მთლად გამოფხიზლებული ბესამე კარო. `არაა ეგ შენი საქმე! ნანაა, ნანნააა...~ `რატომ არაა?..~ `იმიტომ! _ ისეთი რისხვით აქანავებდა დედა, ხაშხაშნაჭამსაც კი გააღვიძებდა, _ შენ ჩემი შვილი არა ხარ, არრა, დედაშენი ბოშაა, იმან ჩვენი სახლის კართან მოგაგდოოო...~ `ჰა! _ შეკრთებოდა ხოლმე ბესამე, თავს წამოსწევდა, შეშინებული მიჩერებოდა, _ ჰა...~ მაგრამ ისეთი სიყვარულით დააცქერდებოდა სწორედ მაშინ, შეშფოთებულს, დამფრთხალი და დამნაშავე, გაქვავებული დედა... ბესამე საწყლად ამოჰყურებდა, მონანიებად ქცეული დედა კი გრძნობდა ქოხის სიდუხჭირეს, სოხანეს მარადიულ ნესტს, ყოველ იმ ნაპრალს, დაბზარულ ხის ჭურჭელს რომ ჰქონდა, გახევებული დაჰყურებდა და მერე გულზე უცებ იკრავდა ბესამეს ნედლ საფეთქელს, ალერსითა და ცრემლით ხმაში, აჰ, მოფერებით, თანაუგრძნობდა: `შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო...~ `მე... ღარიბი ვარ როგორც ვინ, დედა?~ _ ცალი თვალითღა ამოჰყურებდა ბესამე, მეორე თვალი დედის მკერდზე ჰქონდა, `შენ ღარიბი ხაარ, როგორც ისეო...~ _ ნაზად არწევდა, უმღერდა დედა, ხოლო თვით მამა, შრომით ხელებგადაყვლეფილი, სად არ წანწალით ბირკებმოდებული, უნებური დამნაშავე, გორგალგაჩრილი ყელში, ზურგს შეაქცევდა, ერთადერთ ცოლს და ერთადერთ შვილს და, ტირილი რადგან ვერ შეეძლო, ნელინელ, დინჯად, სივდებოდა გულზე.
ღარიბები იყვნენ.

აქ აფრედერიკ მეს ცოტათი მოგვშივდა და გაახსენდა, ფანტასტიკურ ნაწარმოებში ფანტასტიკური მოვლენებიც საჭირო როა, ხოლო დანიშნულება ესე დააკისრა ისეთ მარტივ და ამ შემთხვევაში უწყინარ საგანს, როგორიცაა სიგარეტი და, მაშინვე თამბაქოს ნაწარმი `კარმენ~ (ნამდვილი კარმენიც აკი თამბაქოს ქარხანაში მუშაობდა ერთხანს, სანამ მოლიპულ გზას საბოლოოდ დაადგებოდა) გახსნა, ამოიღო ორი ღერი სიგარეტი, სამკუთხა ტაფაზე დადო, კარაქით შესწვა და მიირთვა კიდეც, რადგან ზემორემოტანილი ამბავი ცოტათი მწარე, ღვარჭნილი გახლდათ.

3

აჰ, მაინც კარგი რამ იყო ანდალუზია, მაგრამ განგებამ, ყველაზე დიდმა, უზენაესმა ფანტასტმა, რომელსაც, ამხდარს, უბრალოდ წარსულს ეძახიან, ისე ინება, რომ თორმეტიოდე წლის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ბესამე კარო პროვინცია მურსიის ქალაქ ალკარასში თეთრი კონსერვატორიის სტუდენტი გახდა.
ახლა როგორია აფრედერიკ მემ ამისა არა უწყის რა, მაშინ კი ალკარასი პატარა, მშვენიერი ქალაქი გახლდათ, აგურით ნაგებ კოხტა, დამრეცსახურავებიან შენობებზე კრამიტი იყო დაფენილი, და კასერესას ბორცვიდან თუ დავხედავდით, მთელი ალკარასი რბილად, თიხურად ბზინავდა მაშინ. ამის დანახვას მოზრდილ შეღმართზე ასვლა უნდოდა, თორემ ქვემოდან მთელი ქალაქი სავსებით არა სჩანდა. პატარა იყო აქ ყოველივე: რუხი მარმარილოს აუზები, მცირეჭავლიანნი, ზანტად მოციმციმე პაწია ოქროს თევზებით, ფაქიზად მოკირწყლულ ქუჩებში ახტუნავებული კოხტა ურიკით დააგორებდნენ სევილირ ფორთოხლებს ცქვიტი ბიჭები, კოპწია სახლის ვიწრო სარკმელში იდუმალებით მოსილი რომელიმე დონნას პირბადიანი სახება აბჟუტდებოდა წამით, უჩინარდებოდა მერე, მომცრო ლანდოებს კაკუკ-კაკუნით დაარონინებდნენ შუახნის სახედრები, გრილ სარდაფებში პაწა თაგვები თავისას ღრღნიდნენ; პატარა იყო პატარა კოშკი, მოკლე და ვიწრო – რიკარდოს ქუჩა, რომლის ბოლოშიც, ქალაქის განაპირას, იდგა პატარა საროსკიპო, პატარა მოწყენილი ტანმორჩილი როსკიპებით; აქეთ, ქალაქში, ციცქნა ფანჯრებიდან შემწვარ წაბლსა და ზეთისხილს პეშვობით ჰყიდდენ; უქმეებს გარდა, ისე-დღეებშიც, შებინდებისას, საკუთარ სულში ჩაღრმავებულნი, ერთმანეთს აინუნშიც არ აგდებდნენ და ისე, შუა ქუჩაში კოცონის ირგვლივ ჩაფიქრებულნი აცეკვდებოდნენ რიგითი ალკარასელები, ყველგან ისმოდა მაშინ ბოლერო, ბნელი ქუჩის კუთხეში კი, მოსასხამში ჩვილივით გახვეული, მიჯნურ-წაგვრილი ავაზაკი იდგა, ამა ქალაქის გამონაკლისი და ყოველ ჩქამზე დანიანი ხელი უთრთოდა.
აქ, ამ ქალაქში მოიყვანეს დაობლებული ბესამე კარო, ხოლო აფრედერიკ მემ სიგარეტი `კარმენ~ მოგვიმარჯვა, იქიდან ჩვენც დაგვისხა და თავისთვისაც, აიღო და შესვა (ალბათ ნამდვილი კარმენიც წრუპავდა ცოტ-ცოტას, რაკიღა პოლიპულ გზაზე შედგა ლამაზი ფეხი), ოღონდ აფრედერიკ მეს ჩვენდა გასახარად უბრალო `გაგვიმარჯოს~-აც კი არ უთქვამს, ფიჰიჰ, უზრდელი...

4

იმ ცვალებად დღეს ბესამე კარო, როგორც ყოველთვის, სხვის ფარას მწყემსავდა.
თხუთმეტისა იყო, ობოლი გახლდათ – დედა მოუკვდა, მერე იმის დარდს წყნარად გადაჰყვა უთქნელი მამა. ნათესავთაგან, არავინ შერჩა; დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, საწყალ ბესმეს, უბრალო პაპა ხიშტით მოუკლეს ცნობილი პირუტყვის, ნაპოლეონის ესპანეთში შემოჭრილმა ჯარისკაცებმა თურმე, მთლად ახალგაზრდა დიდედამისს კი, ქმრის ნედლ საფლავზე ჯერ დამხობილსა და ცისკენ ხელებაპყრობილს მერე, იმ ბონაპარტეს ხმამაღლად მაწყევარს, გრილ. ლამაზ ყელზე ჩამოაცვეს უგრძნობი ყულფი, თურმე.
ჩვენი ბესამეც, მამამისივით, სამისა იყო, როცა დაობლდა. ჩვენს ბესამესაც, მამამისივით, სამადლოდ ცხვრის რძეს ასმევდნენ სოფლად და, რძით მადლიერებს, ცხვარი უყვარდათ. ეჰ, ჩვენი კარო, ჰეჰ... ადრე გაიგო დაუმსახურებელი როზგის ბევრმაგი სუსხი, და ხელ-კეთილით გამოწვდილი ხმიადის სითბო... ბესამე კაროს ორადორი მეგობარი – ტბა და სალამური _ ჰყავდა. ცოცხლები იყვნენ – ციმციმა ტბაში თავფეხიანა გადაშვებული, უცხოდ ნაზ ალერსს გრძნობდა ბესამე, დიდად ობოლი; ვრცელი იყო ტბა, მიმტევებელი – აფართქალებულ ბესამესგან წამით მრავალგან დამსხვრეული, აჰ, რა ლამაზად, უმტკივნეულოდ, როგორ ადვილად კოწიწდებოდა მერე... სალამურზე კი, ჰოიი, იცოცხლეთ, ბესამე კარომ იცოდა დაკვრა. გალუმპულისთვის ცეცხლიც კი იყო იმისი შემწე, მაგრამ ძალიან ახლოს, მეგობრებამდე თავკერძა ცეცხლი არ მიუშვებდა. სულ სხვა იყო ტბა... და მაგრამ, მაინც, ბესამე კაროს ის უწყინარი სალამური ქვეყანას ერჩია – არ არსებობდა მთელს ცისქვეშეთში ისეთი ცხენი, ამ უბოროტო საკრავივით ძნელად გასახედნი რომ ყოფილიყო, მაგრამ ბესამეს თხელ თითებსა და მოთბო ჩაბერვას დაყოლილი, სუყოველივეს უსრულებდა ძალიან ობოლს, აღაზევებდა.
ვითომ, კმაროდა?..
თანაც, ზამთრობით, აჰ, ისე ცივად ებუტებოდა ბესამე კაროს გაყინული ტბა, უცეცხლო ქოხში ტლანქ მეპატრონედ ჩამოწოლილიყო სრულიად ღამე, ბუხრიდან სუსხი შემოდიოდა, კუთხეში მიჟუჟულ, დაგლეჯილ ფარდაგში გამოხვეულ ბესამეს თხელი ნესტოებიდან ორთქლი სდიოდა, ციცქნა პურიც არ მოეძევებოდა და, მისი სიდუხჭირით განაწყენებულნი, მთლად გადაიკარგნენ ბესამეზე ხელჩაქნეული თაგვები, დამზრალ თითებით სალამურზეც ვეღარ უკრავდა, უბეში უქმად, ყინულოვან ლოლუად ედო, და სწორედ პატრონივით კანკალებდა ისიც, მაინც მეგობარი, ეჰეე, ბესამევ, მეტისმეტად ობოლო, მობუზულ მხრებით აგიტანია მერამდენე ასეთი ღამე, საბრალოს, ბეჩავს, როგორ გიჭირდა, მაგრამ განგება, უზენაესი ფანტასტი, ვისთანაც შედარებით ზემორენახსენები აფრედერიკ მე ზღვაში წვეთია, თანაც, უთავბოლოდ აორთქლებული, ობლის კვერს ნელა აცხობდა თურმე.
იმ ცვალებად დღეს ბესამე კარო, როგორც ყოველთვის, სხვის ფარას მწყემსავდა, ზაფხული იყო და ტბაში... _ მაგრამ აქ აფრედერიკ მემ შეკრთომამდე იგრძნო, რომ მთლად გადაავიწყდა ჟანრი და, გვარიანა შეშფოთებულმა, გამოსავალი იმაში ჰპოვა, მხსნელად მოვლენილ სიგარეტ `კარმენ~-ს ხელზედ აკოცა, რადგან ნამდვილ კარმენს, რომელიც კარგად ხმარობდა ბებუთის ტიპის დანას, ხელი რომ არ ჰქონოდა, დაუშვებელია. აქ აფრედერიკ მე დაგვიმშვიდდა და კვლავ შეგვიძლია, ბესამე კაროს მივუბრუნდეთ, რომელიც ტბაში იმყოფებოდა, ხოლო განგებამ, უზენაესმა ფანტასტმა, ისე ინება, რომ შორიახლო მიმავალ ეტლს სულერთია რომელი, მაგრამ მაინც, სიზუსტისათვის, მარცხენა წინა თვალი დაუზიანა.
_ რა მოხდა, სოტო? _ მშვიდად იკითხა ეტლში მჯდარმა პირქუში გარეგნობის მოხუცმა; არ შეეფერებოდა რბილი, დაბალი, ლამაზად ხავსმოდებული ხმა.
_ ოციოდ წუთში ყოველივე წესრიგში იქნება, სენიორ.
მოხუცი შეფიქრიანდა, ტყეს გახედა, შეჭოჭმანდა, თქვა:
_ მაშინ, ცოტას გავივლი.
_ თქვენი ნებაა, სენიორ, _ უთხრა მეეტლემ, ჩაქუჩი და პატარა ხერხი უკვე მოემარჯვებინა.
მეეტლემ მოკლე ტოტი შეარჩია, დიდი ხნის უსაქმობით მოწყენილი, კბილებდაკრეჭილი ხერხი აამოქმედა და პატარა ხანში ჩაქუჩის ყრუდ წერტილოვანი ხმაც მისწვდა ტყედ მიმავალ მოხუცს, ვისი გრძელი მოსასხამიც შარშანდელ და შარშანწინდელ ფოთლებს ზურგს უკან აშარიშურებდა. პირქუში მოხუცი მიდიოდა ტყედ და მაღალყელიანი ჩექმის რბილი ძირები ნედლ მიწას გრძნობდნენ, მოხუცი ისუნთქავდა ტყის დალოცვილად ნოტიო ჰაერს, თვალს ეჭრელებდა სად და სად არ გამომსხლტარი მზე, ჩიტები თავთავიანთ უწყინრად მარადიულ ენაზე სტვენდნენ, გრძლად დაშვებული ხელები მღელვარების არტახებით სხეულზე მიჰკრობოდა მოხუცს – აჰ, ტყე უყვარდა, სულში ბავშვობა ემძაფრებოდა, ეჰ, საკუთარი; მისი ფეხდადგმის წყალობით წამით გაცოცხლებული ფოთლები კვლავ უილაჯოდ ებღაუჭებოდნენ მოსასხამზე, და საიდანღაც სახეზე მოდებული ბაცი აბლაბუდაც უღონოდ ცდილობდა მის შეჩერებას თითქოს, მაგრამ მოხუცი ჯიუტი იყო როგორც განგება, მიაბიჯებდა.
და უცებ, შედგა: ველი რამ იყო ტყით გარემოსილი, შუა ველზე კი ტბა ბრჭყვიალებდა, ტყის პირას ფარა ბალახობდა, ტბაში კი ბიჭი ხვანჩალაობდა, ჩვენი ბესამე, და მისი ანცობით ყელში გორგლად ბავშვობამოწოლილი მოხუცი შედგა, ამეოფარა ხეს, ბესამემ კი იჭყუმპალავა, მერე მშვენივრად იცურავა, ლაღად მიაპობდა წყალს; შემდგომ, ნაპირზე ამომხტარი, შემცივნებული მიმორბოდა და გათბობაზე დრო რომ გაეყვანა, სიტყვების ფასი არც იცოდა და ისე, ვიღაცისაგან გაგონილ სიმღერას ისე რა, ყასიდად ახმიანებდა:

ფარაში დამიდიოდა
ერთი ციკანი,
მოფერებამ გადამიქცია
გარეულ მხეცად.

ავაზაკივით სუნთქვაშეკრული, ავაზაკივითვე ამოფარებოდა სისასტიკეგამხლვარი მოხუცი ხეს, და ქვის სახეზე რაღაცა რბილად ნატიფი ნაპრალები ებზარებოდა თითქოს, რადგან ბესამემ ობლის დაუმკესავი, ტანსაცმელი ეთქმოდა თუ რა, მხრებზე მოირგო, თავი შემართა, თვალდახუჭულმა უბეში მოიძია სალამური და, და რომ ჩაბერა, აჰ, ისევ კუშტად ჩამოეძერწა იმ მოხუცს სახე, რადგან ვინ ვინ და, მოხუცმა იცოდა დაკვრის ფასი, ხოლო ესოდენ პირქუში სახე მხოლოდ ჭეშმარიტ, მრავალტანჯულ მუსიკოსებსა აქვთ.
ჯერ კიდევ გრილი ბესამე კი, ახლად შემშრალი, ნამდვილს, თავისას, ობლურს უკრავდა; სიფრიფანა ხმით იმსჭვალებოდა მახლობელი ტყე, იმ ტყის ერთ-ერთი ხის უკან კი ავაზაკივით ამომდგარიყო დიდი ბებერი მუსიკოსი, და, მრავლისმნახველს, თვალები მაინც გაოცებოდა – თავად ბესამე წააგავდა ახლა მცენარეს, ერთი პატარა, გრძნეული ტოტით, რომლიდანაც რომ უცხო ფოთლებად ამოდიოდა თვით ის: _ უფსკერო, განუზომელი, თვით ის – მაღალი, უხვი, მდიდარი, თვით ის – უზომოდ მწყალობელი, _ ლაღი, ფარფატა ღონიერება, სიბედნიერე თვალთუხილველი, ყოვლისმომცველი ჩვენი მეუფის, თავად ჰაერის, ჰაერის მეფე უზენაესი, დიდაღზევების მასუნთქებელი თვით იის – მუსიკა!
რისხვამდექცეულ სიყვარულით, ღონივრად, მკაცრად მიაბიჯებდა დიდი მოხუცი ბესამესაკენ. დაკვრა შეწყვიტა პატარა მწყემსმა, გაოგნებული მიჩერებოდა მრისხანე ბებერს, ყვრიმალებდაბერილი რომ უახლოვდებოდა, ბესამეს მიეტმასნენ იმა ბებერით დამფრთხალი ცხვრები, სალამურიანი ხელი ზურგს უკან დაემალა ბესამეს, დანაშაულის მიხვედრას ამაოდ ცდილობდა, მოხუცებული მუსიკოსი კი მუხლამდე ფარას მიარღვევდა, ურჩმა, თავნებამ, მოურიდებლად გაარღვია ეს თოვლისფერი, ცოცხალი გზა და, შემკრთალს, დაბნეულს, აიასე ჰკითხა:
_ მწყემსო, რა გქვია?
_ მე... ბესამე ვარ.
_ მშობლები თუ გყავს...
და რადგან პასუხით სხვისა გული უნდა ეტკინა, უნებურად სხვაც უნდა შეეწუხებინა, ბესამემ თავი ჩაღუნა და თქვა:
_ არა, სენიორ.
_ ძალიან კარგი, _ უთხრა მოხუცმა, _ ფარა შენია?
გაოცებული ამოჰყურებდა ბესამე კარო.
_ შენია-მეთქი? აი ეს ფარა.
_ არა, სულ სხვისი...
_ ჩემთან წამოხვალ?
_ როგორ სენიორ?
_ წამოხვალ ჩემთან?
ვინ კაცი იყო...
_ რატომ, სენიორ...
_ მუსიკოსობა გინდა, ბესამე?
_ ძალიან დიახ.
_ მაშინ, წამოდი.
გაოგნებული შესცქეროდა ყოფილი მწყემსი.
_ ფარას რა ვუყო...
_ პატრონს მიჰგვარე.
ფარას დახედა ბესამე კარომ. ენანებოდა...
_ შინაც შევივლი.
_ ჰო. ტანსაცმელი წამოიღე.
_ არაფერი მაქვს წამოსაღები, _ ისევ ჩაღუნა თავი ბესამემ, და, გაახსენდა და, მცირე სიამაყით ხმაში, მაგრამ თავდახრილმა, უთხრა: _ მე ღარიბი ვარ, როგორც იესო.
მოხუცი ერთხანს დაჰყურებდა და ბზარშეპარულმა რბილ, დაბალ ხმაში, წყნარად ჩაჰკითხა:
_ შინ რაღა გინდა?
_ კარ-ფანჯარა უნდა ავაჭედო, სენიორ, წესია ასეთი.
მოხუცი წყნარად დასცქეროდა. მერე კი, უთხრა:
_ გზაზე ეტლი დგას, ეტლში დაგიცდი.

5

ნაწილობრივ ზემორემოყვანილი და ძირითადად ქვემორემოსახსენებელი ამბის ავტორი, აფრედერიკ მე, ყოვლად ფანტასტი, შეუმჩნევლად აახტა უკანიდან ეტლს და ზურგითა სარკმელს სუნთქვაშეკრული მიეწება, თუმცა არა, არა, აჰჰ, ეს რა წამომცდა მაინცდამაინც ეს, `შეუმჩნევლად~-მეთქი _ აფრედერიკ მეს ძალიანაც რომ ეღრიალა და ევიშვიშა, მაინც ვერავინ შეამჩნევდა – ავტორი გახლდათ.
მაააშ, ასე – მივსეირნაობთ – ეტლის ზურგს მიკრული აფრედერიკ მე გაფაციცებით იჭვრიტებოდა სარკმელში, რომელი სარკმლის იქითურა აბრეშუმის ფარდაც დორდადრო ნიავისა და გზადშემხვედრი პაწია ორმოების წყალობით მსუბუქად აფრიალდებოდა, ან შეხტებოდა დასწორედ მაშინ ჩვენს აფრედერიკს თვალსაწიერი ემატებოდა. რას ჰხედავდა მე? შეჭმუხვნილსა და ღმად დაფიქრებულ, თეთრად გრძელთმიან მუსიკოსს, _ მოხუცს, რომელიც მისკნე სახით-პირქუშით, იჯდა, და პატარა მწყემსის მომრგვალო კეფას, მთელი სახიდან მხოლოდ ფანჯრისკენ მიქცეული ცხვირის ნამიანი ბოლო რომ უჩანდა, ეგებ, ტიროდა ბესამე კარო? რიგით მაწანწალასავით ეტლზე ამხტარი აფრედერიკ მე შეჰყურებდა თოვლოვნად სპეტაკ თეთრი ხავერდით შემოსილ მოხუცს და ჩვენს ბესამეს, რომლის ჩამოკონკილ ძონძებს რაგინდარა აღარ აჩნდა: ნაძვის დიდ ხეზე ჩამოღვენთილი ფისი, უბეში ჩაყრილი და იქიდან გარეთ გამოჟონილი მწიფე შვინდისნატყვიარივით ლაქა, ძველ ნახანძრალზე წამოწოლის კვალი, გულზე მიხუტებული კრავის ბეწვები, თმაში გაბლანდული თივის ნამცეცები, აოქროვილნი სხივზე, ხელებსა და ტუჩებზე აბეზარა წენგო, მთელს ძონძეულზე – ბალახის წვენი, ალაგ-ალაგ კი – ჯიუტი ბირკა, ყოველივე ეს – მზითა და წვიმით გახუნებული, მტვერდადებული, ტალახაკრული, მაგრამ ბესამე, ძალიან ობოლი, როგორღაც უცოდველად ჭუჭყიანი იყო.
აფრედერიკ მე სარკმელს მოსცილდა, რაღაც შვერილზე ჩამოჯდა და, ეტლის ზურგს ზურგით რომ მიეყრდნო, შაგვიფიქრდა და შემდეგნაირი შესახედავები იყვნენ: სულ წინ – სამი ცხენი, სამივ კისერმოღერებული, ფაფარაშლილნი, მდინარე ხენილზე გადებული ხიდის ფიცრების ამადგრიალებელნი, მემრე – ნაცნობი ჩვენი მეეტლე, მოყოჩაღო-მოშტერო სოტო, შემაღლებულ კოფოზე არხეინად მჯდარი, ხელშოლტიანი, იმადა და ეტლის რბილ სავარძელში ჩაფლულ თეთრ მოხუცს ზურგი შეეშვირათ ერთმანეთისთვის, ჩავლილ, ბუნდოვან, მტვერადენილ გზას გასცქეროდა კუშტი მუსიკოსი, იმის პირდაპირ კი ჩამოძენძილი მწყემსი ბიჭუნა, _ ბესამე კარო სავარძლის კიდეზე ფრთხილად იჯდა და მდინარე ხენილისპირა რბილ, დილით დანაწვიმარ ფაფუკ ჭალას იმედით უმზერდა, და ზუგი შეექცია თავის მხრივაც ზურგშემოქცეულ, ზემორენახსენებ აფრედერიკ მესთვის, ვინაც რომ დიდად დაფიქრებული, ღრმად მოჭოჭმანე, სიგარეტ `კარმენ~-ს ერთობ აზრწამოშლილი დასცქეროდა – კი, კი, შორიახლოდან სწორედ ასეთი სანახავები იყვნენ, ეტლით არწეულ-დარწეულნი, აფრედერიკ მეს კი უცნაური რამ არჩევანი თითის წვერებზეღა ეკიდა – დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა თუ არა, ამჟამად, ბოლოს და ბოლოს, სიგარეტი `კარმენ~.
ეტლი ბაენას ცნობილ დაბლობზე მიდიოდა რბილად, ნარნარად, ეჟვნების თანაბარი წკარუნით, სილაღეს გრძნობდნენ თვალმიშვებული ეტლშიგა მგზავრები, ბესამე კაროს ამ სიშორეზე პირველად წაუვიდა გამოუცდელი მზერა; წანწალში გამობრძმედილ სოტოს ლანდშაპტ-რელიეფების დარდი არა ჰქონდა რა, ხანდახან ჩათვლემდა კიდეც, ოღონდ შედარებით ფრთხილად, აფრედერიკ მე კი დრო და დრო ასანთიანი ჯიბისკენ აპარებდა მოუთმენელ ხელს, მაგრამ ციცქნა ალის დანთებაც ძლიერ უჭირდა, ნამდვილ კარმენს კი, აკი ცნობილი, ძლიერ უყვარდა ცეცხლთან თამაში როგორცვე სოფლად, ასევ – ქალაქში, რაკიღა მოლიპულ გზაზე შედგა ისედაც მაღალქუსლიან შემდგარი ტერფი და თოფ-დანებიან უარყოფით ადამიანებს, როგორც იტყვიან, აედევნა იგი, ისედაც კონტრაბანდაკიდებულებს, აეკიდა იგი, და თავისი წვლილიც ბლომად შეიტანა იმათ შავბნელ საქმეში, როგორც იტყვიან, იგი. ასე ჰფიქრობდა. აფრედერიკ მე, ეტლმა კი აიარა ესიხას ბორცვი და თავდაღმართში ნელა დაეშვა, ფრთხილობდა სოტო; შებინდებისას, ბესამე კაროს ფარეხში შესადენ ცხვრებთან ისე მოუნდა, აეწვა კიდეც პატარა გული, ბნელში მალულად შეიმშრალა ორიოდ ცრემლი, აიასეთ ეტლში, აიასე მშიერს, თვლემა და რული ეძლეოდა, მერე, ჩაყვინთა და ვერც გაიგო, გვადალკვივირზე გადებული ოთხბურჯა ხიდი გადაიარეს როგორ, ბოლოს კი შეკრთა, რადგან მოხუცმა თავზე დაადო უხეში ხელი, გაიხედა და ვრცელი სიშავე დაინახა, აუარება ლბილი ციაგით მრავალგან მცირედ გაბზარული, `ესეეთს, კორდოვააა~, აღნიშნტა სოტომ; ბესამე კარო, თვალდაჭყეტილი, პირველად ხედავდა ქალაქს, თანაც დიდს ასე, სადაც მღეროდნენ მშობლიურ კანტეს, ცეკვავდნენ იქვე, ხელმაშხალიანთა იდუმალ წრეში. ბესამე კარო თავბრუ დაეხვა და, მერე იყო და, გაბრუებული, რაღაც დიდ ლამაზ აგურის სახლში შეიყვანეს და, სოტო კანაფით უზომავდა ხელს, ფეხს, თავს, სხეულს, თველამოგვრილი, იდგა და იდგა, მერე კი ვიღაცა ორად მოხრილმა დედაბერმა ჩასჭიდა ხელი, სადღაც გვირაბით წაიყვანა, მერე, მოკაკვულს, ხვეულ კიბეზე ჩაჰყავდა ბიჭი, და გაოგნებულს მორჩილად ჩამყოლს, დროდადრო ცერად გამოხედავდა, და შავი სახით ამოსცინებდა!, ძალიან დაბალ კართან შედგნენ, სწორედ დედაბრის სიმაღლისა თუ იქნებოდა, გამოუღეს და, იქიდან ორთქლი მოტივტივებდა. ახლა ბესამეც ორად მოხრილი, დაბალი გვირაბით, ზურგმორკალული მიბარბაცებდა სადღაც, სახეზე რასმეს წებოვანს გრძნობდა, რომ გაიმართა გვირაბის ბოლოს, შედგა, გახევდა – მრგვალი ოთახი იყო აორთქლებული, ჩახუთული, თითქმისდა ბნელი, ბევრს ვერაფერს შველოდა სანთლებჩამდგარი ფარნები წრიატა შუქი... ბურუსი მრუმედ დატრიალებდა, მძიმედ შეოფლილ მუქ, რუხ კედლებს ღვარჭნილი, მქისე ღვარი სდიოდა... უცხო, ტლანქ ბურუსს თვალს აჩვევდა ბესამე კარო, და ისე შეკრთა! _ შედედებულ ნისლს მოჩვენებად გამოეყო და მისკენ დაიძრა მაღალი, შავი, აღზევებულად მუქი სახება, არ მოდიოდა – მოცურავდა, სულაც არ ჩანდა ფეხს თუ ადგამდა, ისეთი გრძელი სამოსი ეცვა, ნატიფ რხევაზე მხოლოდღა ისე ეტყობოდა, ქალი რომ იყო, უახლოვდებოდა თავდახრილს, ბეჩავს, და რომ შეჩერდა, ორთქლოვან სიჩუმეში მის ამოხედვას კი, რომ უცდიდნენ, მიხვდა ბესამე, და თანაც, ზურგზე, შავი დედაბრის მოუთმენელ მუჯლუგუნს გრძნობდა და, როგორც იქნა და, გაბედა და ნელა, შიშით, ძლივს აღაპყრო და მიაბჯინა ორთავე თვალი.
მაღალ სახებას ძალიან გრძელი სამოსი ეცვა, უბრალო, თალხი, სახეშებურვილს, ორთქლში ზმანებასავით ასვეტილს, თითი რა არის, გრძელ სახელოდან ისიც არ უჩანდა; პირაკრულს, შავადს, შუბლზე ქათქათა თეთრი ნაჭერი გადატკეცოდა, თავსაბურიდან ძLივს გამომძვრალი, _ და მხოლდო თვალები უჭვიოდა, მაგრა ისე ირიბად ახლეჩილი, ისე მეტყველი, ისეთი მწვანე! 
მომნუსხველ მზერას მინებებული, თავაპყრობილი იდგა ბესამე, და რაღაც უხმო ბრძანებას, უცხო თავლებში აკიაფებულს, გრძნობდა. რა იყო მაინც ამდენი ორთქლი... მაგრამ იმ არეულ ბინდში გამონაშუქ, წყვილად მბრძანებულ ციაგს დაყოლილი, მორჩილად იდგა, შეჰყურებდა და, მცირედ შეჩვეულს, ემატებოდა მუხლებში ძალა, მოღონოვრებულს, ეზიდებოდა მომწვანო ხიბლის, თითქოს ნაბიჯიც კი გადადგა და ისე შეკრა!.. თვალები იყო? – იმათ მიხედვით თავით ფეხამდე შიშველი ჩანდა თითქოს ზმანება, ქალისა და ამისთანაების ბესამემ, უბრალომ, აბა რა იცოდა, მაგრამ დამხვდურის უხეში ტანსაცმლის მიღმა უცხო ბორცვები ამოეგულა, მაღალი ყელი, ლავიწის ძვალი, დრეკადი წელი, სიზმრისმიერი თეძო, იმისი რბილად ამოხაზული მუცელის კი წარმოიდგინა და, ყოველივე ეს, სასტიკი იყო! _ სალუქად საშიშ ქალის ცხელ სხეულს შეძრწუნებული აღიქვამდა მთელი ბესამე, თავრეტდასხმული, ძლივას შებრუნდა – იმა თვალები ნაყოფილს ხილვას, ისევ დედაბრის ყურება სჯობდა, მგარმა გამქარლიყო ის... ბურუსის ქალმა კი ნელა გამოაძვრინა სახელოდან ნატიფი ხელი, მხარზე დაადო, ზურგშექცეული შემოაბრუნა, აუჩქარებლად გახადა ტანთ, იქვე კუთხეში მიჰყარა დაკონკილი ტანსაცმელი, მერე ყელამდე აუზში ჩაიყვანა, თავადაც ჩაჰყვა, კვლავაც მხოლოდ თვალებშიშველი ბესამე კი, ტიტლიკანა ობოლი, სირცხვილითა და ორთქლით სახეალანძული, მწარედ ითმენდა სუყოველივეს, იმან კი, უცნაურმა მონაზონმა, დაი ტერეზა ერქვა, იმ წყალშიაც კი ძალიან მშრალი ხელის გულით, ყველგან დაბანა, ოღონდ ისე რომ, მთელ ამ საქმეში ბიწიერების ნამცეცის კი სულ არ ერია, მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავისა იყო. სხვა, გრილ ოთახში გაიყვანა შიშველი მერე, ნათელში უფრო, დიდი ზეწარი შემოახვია, ძალიან უცებ გაშრა ბესამე, რადგან – შველოდნენ, მერე კი ქალმა უფთა, ახალი შესამოსი, მოხუცებულის მიერ სოტოს ხელით ნაყიდი მოარგო, ჩააცვა, უყურა ერთხანს, თან ტანსაცმლიდან სულ თბილი წყალი ჩამოსდიოდა, მერე თვალები ოდნავ სხვაგვარად, წვრილი ციმციმით აუბჟუტდა, ჩაეღიმა თუ არა, და ბესამესკენ, ხელები წელს უკან წაიღო და ისე, გადაიხარა, პირბადე წამით მოიცილა, სავსე ტუჩებით შუბლზე აკოცა, და გაკვირვებულმა ბესამემ იქვე აღმოაჩინა, რომ სისუფთავესაც ქონია თავისი სუნი, ვრცელი და სიფრიფანა, შემდგომ გაიგო, ესე სუნი ქაღალდისასაც ძალიან ჰგავდა – რაღაც სიმძიმე მაინც ერია, ახლა კი მარტივად მოჩუქურთმებულ კარზე მიუთითეს, და იმ ოთახში გავიდა, სადაც მაგიდას მოხუცებული მუსიკოსი და სოტო უსხდნენ; რაღაც ცხელი და გემრიელი დაალევინეს, სულ სხვა ქვეყნების კერძებით ავახშმეს კარგად, და მერე, მაგიდაზე ლოყადადებულს, მადლიერად მიძინებულს, მხარში შეუდგნენ, ერტლში ჩასვევს; მთელ ღამეს მიჭენაობდნენ, _ ჯერ უბედაში, მერე ესტეში და კიდევ სადღაც, აქაფებული ცხენები ახლებით შესცვალეს, გამოცდილი ხელებით საქმიანობდა სოტო, მოკუნტულ ბესამეს სავარძელზე ეძინა, მოხუცი თვლემდა, აფერედიკ მეც სადღაც იქვე დაყიალობდა და, გათენების პირს ზემოაღწერილ ქალქა ალკარასს, შესაძლოა დაგამახსოვრდათ კიდეც, კასერესას ბორცვის ჩავლით მიადგნენ, და ეგებ ისიც გახსოვთ, იმა ქალაქში ყოველივე რომ პატარა იყო, ერთი რამ მკვიდრი შენობის გარდა, რომელიც ქალქის აღწერისას აფრედერიკ მემ ახირებულობისა გამო შეგნებულად გამოტოვა – თეთრი, ნათელი, გათენებისას მძიმედ მოტივტივე, მრავალხმიერი კონსერვატორიის გარდა.

6

ჯერ ეგონა რომ, მზე დაადგა თავთ, რადგან ლოყაზე სითბოსა გრძნობდა, და ძილ-ბურანში დუნედ გაკვირდა, რადგან მზეს მუდამ ასწრებდა ხოლმე, მაგრამ თვალი რომ გაახილა, ძალიან შეკრთა – დიდი მოხუცი ჩამოსცქეროდა. ახლად ნამწყემსარი იყო და, მცირე რამ ძილი ჰკმაროდა ხოლმე, მაგრამ ახლა კი, უხვად სათუთ ლოგინში გამოძინებულს, მოხუცზე მეტად ჯერ წამოზრდილი დილა ეიცხოვა, მერე დილაზე მეტად – წეღანდელი მოხუცი, შეშფოთებულმა წამოიწია, მაგრამ აქ მკრთალად გაუღიმეს და, სუყოველივე გაახსენდა, გულზე მოეშვა.
_ საუზმე აქ გაქვს, მაგიდაზე, _ უთხრა მოხუცმა, _ მერე კი, ქუჩაში გახვალ, მიმოიხედავ და ყველაზე მაღალ სახლს მიაშურე.
_ დიახ, _ თავი დაუქნია ბესამე კარომ, და იმ ქათქათა თეთრეულში ყოფნისა შერცხვა, მაგრამ, არა, არა, აჰ – თავდაც სუფთა იყო.
_ ხელ-პირი აგერ, იქ დაიბანე.
_ იმ მაღალ სახლში... რომ არ შემიშვან?
_ შეგიშვებენ.
_ იმ მაღალ სახლში, სენიორ, რაა...
_ იმ მაღალ სახლში მუსიკოსი უნდა დადგე, ბესამე. გინდა?
_ ძალიან დიახ.
მოხუცი კუშტად ჩამოაცქერდა, ჰკითხა:
_ მერედა, შესძლებ?
_ ცდას არ დავაკლებ, სენიორ.
_ ბევრნი იქნებით, _ შელხვა მოხუცი, _ უნდა გამოირჩე.
_ ბევრი ვინ?
_ შენისთანები, დამწყებები, _ უცხო ალერსი შეერია იდუმალ ხმაში, _ ჯერ ბატკნებივით მუსიკოსები.
_ იმ სახლს ბევრებს... _ აირია ცოტა ბესამე, _ მთავარი მწყემსი თუ გააჩნიათ...
_ კი.
_ რა და რა ჰქვია...
მოხუცს აქ განზე ჩაეღიმა, მიიხედა, თქვა:
_ ქრისტობალდ როხასი. დაიმახსოვრებ?
_ დიახ. ადვილი გვარი და სახელია.
_ ის იკითხე და, გაგატარებენ.
_ მერე, რა ვუთხრა?
_ იქ გამოჩნდება. წავალ.

ხელ-პირი ნასაუზმევს დაიბანა და, მერეღა, მცირედ შეეჭვებულმა, თეფშის ამობჟუტულ ფსკერზე ოდნავ გასვარა დანა-ჩანგალი.

გუმბათისებური ოთახი გახლდათ, ოთხგან სარკმელდატანებული, და აივანზე გამავალი კარიცა ჰქონდა. მაგრამ ბესამეს, საერთოდ უმყოფს არანაირ აივანზე, იქით გასვლისა ,პეროდა და სხვა კარს ჩასჭიდა ჯერაც წენგოიანი თითები, გამოაღო. ხვეული კიბით ჩადიოდა და, ქვემო სართულზე, ქოთნის ლიმონთან, თეთრი მოხუცის შვილიშვილი იდგა – ოთახის რამონა. 
ცამეტი წლის გოგო და, თხუთმეტი წლის ბიჭი. 
გაწითლებულები, გაწითლებულები რომ, მეტი აღარ იქნება... რა დააშავეს, თორემ კი, ამაოდ დაშვრალი აფრედერიკ მეც, ყოვლად ფანტასტი, ვერაფერს მიხვდა, ბესამემ თავი უშნოდ ჩაკინკლა, გოგონამ მოკლედ ჩაიმუხლა, ბესამემ ჯიბეში უმიზეზოდ ჩაიყო ხელი, გოგონამ განზე დაიხედა და გრძელი კაბიდან წინ გამოაჩოჩა ლამაზი ფეხსაცმლის წვერი, ბესამეს წენგოიანი თითები გაახსენდა და მეორე ხელიც ჯიბეში იტაცა, მაგრამ ამასობაში თურმე ეზოში იყო. 
სულგანაბულმა გამოაღო რომელიღაც ფერის ჭიშკარი. 
ჩვენი პატარა, მომცრო ალკარასი, აფრედერიკ მეს სატახტო ქალაქი. 
პატარა იყო პატარა კოშკი... მოკლე და ვიწრო – რიკარდოს ქუჩა... მაგრამ ბესამე, ჩვენ-ჩვენი კარო, ვერას ამჩნევდა, თეთრი შენობისკენ მონუსხული მიადგამდა ფეხს, იგი კი, იის, თეთრად ნაგები, ადგილზე მძიმედ, თეთრულად იდგა, მერე შემჩატდა თითქოსდა ოდნავ, რადგან ბესამეს სწორედ იქიდან რაღაც გამჭოლი ხმა შემოესმა, კლარნეტისა იყო, მერე სულ სხვა ხმა, ვიოლინოსი, მოთბოდ დამზრზენი, და შემსუბუქდა შენობა უფრო, ხმები კი ბესამეს მცირე ნაბიჯთა წყალობით, ძალას იკრეფდნენ. დიადდებოდნენ, ხავერდოვანი რაღაც საკრავიც გამოერიათ, საკუთარ თავთან გულჩახვეულად მობაასე, მერე – კიდევ სხვა, აღმა და დაღმა მოარულ ხმებით, გასიფრიფინდა შენობა უფრო, სადღაც აიჭრა მაღალი ბგერა, სულ სხვებიც აჰყვნენ, და გუნდი და გუნდი საკრავთა, გამჟღავნებული და ნებამიშვებული, ამა თეთრ სკაში აჰ, ზუზუნებდა, და ყოველგვარი ჰარმონიის წინააღმდეგ ამხედრებული, უზენაესი თავყრილობა – სრულიად ორკესტრი, მოვარჯიშე და ათქვეფილი, აჭრილ-დაჭრილი, და შეშლილივით ოკრო-ბოკროდ აღზევებული, დიდ შენობაში უთავ-უბოლოდ ხმიანებდა და, თავად სახლი კი, ატორტმანებული, ზევით აწევას ლამობდა, თითქოს – ამა თეთრ სკაში, ყოვლისმომცველში, თუმც არეული და აწეწილი, მაინც მუსიკა, თავად მუსიკა, ჯანყოვანი მუსიკა ენთო!
თავაწეული იდგა ბესამე, ობოლი ბიჭი, უცხო საკრავთა უცნაურ ჯირითს ყურს მიუგდებდა კი არა, გაჟღენთილიყო, ოღონდაც შიშით, და ხელი უბეში ჩაეყო, სალამური იმდენად ჩაებღუჯა, მცირე საკრავი, და გაუდიდდა – დუმდა შენობა. დამუნჯებულიყო ყოვლად, მერე მოჩუქურთმებული კარის მიღმიდან ნაჯირითევი მუსიკოსები ისე უწყინრად გამოდიოდნენ, ვითომც – არაფერი, აჰ, თვალთმაქცები თუ იყვნენ ნეტავ, ქუდიც სხვადასხვანაირი ეხურათ: ფრთაგარჭობილი ზოგს, მრგვალად მაღალი და ძაან ლაპლაპა – მეორეთ, მესამეთ – ჩაჩი, ზოგსაც წოწოლა... ვიღაც კაცმა კი ზემო ფანჯრიდან გადმოიხედა, ჰკითხა: `შენ ბესამე ხარ?~, მოისმინა: `კი~, და ჰაერი ხელით მოიხვეტა: `მოდით, დიდი მაესტრო ქრისტობალდ დე როხასი გიცდით~.
გადაააბიჯა ზღურბლს!
ვერას ამჩნევდა, დაადო თავი და მიდიოდა, და ის-ის იყო, მარმარილოს კიბეზე უნდა შეედგა უცოდველი ფეხი, მკაცრად, მრისხანედ ჩამოესმა:
_ მანდ დაიცადე!
მყისვე შედგა და, შეშფოთებული, მაინც მორჩილად იცდიდა.
_ შემოტრიალდი.
დიდად საკვირველ დარბაზში ყოფილა თურმე, ზურგმაღალ სკამებზე, ჰოი, რაღარანაირი, სულ მთლად უცნობი საკრავები იდო... გაკვირვებული, იდგა და იდგა, ვიდრემდე ისევ არ ჩამოესმა:
_ მიმოიარე და ყოველ მათგანს დაადე ხელი.
ბოლოსდაბოლოს, რაა ამდენი, ბოლოს და ბოლოს, აქ აფრედერიკ მემ მეტის დათმენა ვეღარ შესძლო და, ფანტასტიკაა ეს თუ ფიჰ, რაა, სუყოველივე ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არა, ბატონო, ახლა თავისა მასაც უსმინეთ – ეჰ, სიგარეტი, აჰ, კარმენტისავ, კონტრაბანდული მინდვრის ღიღილოო, როგორ და როგორ სულ სხვადასხვაფრივ უყვარდი ყველას, მაინც რა ნახეს შენში ისეთი, გზასაცდენილი, უკაცრაოდ კი პასუხია, ქალი იყავი, და შენ-შენი მშობლების და დედმამიშვილების შემარცხვენელი, არც ვიცი, გყავდა?იქ, ფაბრიკაში დროებითად გზაზე დამდგარმა, იმის ნაცვლად რომ შრომითი მაჩვენებლებით გესახელა თავი, სისხლის სამართლის დანაშაული ცივი იარაღით ჩაიდინე, შრომითი გზიდან სადღაც ჯაგნარში გადაუხვიე რად, რა გინდოდა იქ, სხვა რომ არაფერი, ეგ აბრეშუმის ძალიან გრძელი შენი შენი თავსაფარი ეკლებს წამდაუწუმ კი ედებოდა, ხომ ედებოდა, აკი ედებოდა, დიახაც რომ ედებოდა მაგრამ შეგაჩერებდა რა, მოლიპულ გზაზე დაგორებულს, თუმცა მოლიპულ ჯანგარს რა უნდა, მოკლედ, გზას ასცდი და, უარყოფითად დაგორებულს, შეგაჩერებდა-მეთქი რა, ხოლო კარგად აღზრდილი სანაქებო მანდილოსნები, რომელთაც გრძელ კაბაში ფეხსაცმელიც არ მოუჩანდათ, შენ კი წვივებშიშველი მდინარის პირას დატანტალობდი, არც კი გესალმებოდნენ, დიახ. აუგი იყო შენთან ცნობანა, თუ არა გჯერა, აფრედერიკ მეს, აგერ არაა? _ პირში მთქმელს, ვკითხოთ. აი, რას ამბობს იგი: მე რომ გულის რჩეული სატრფო მყოლოდა, შენთან მუსაიფს ავუკრძალავდი, თუ არ მოიშლიდა, მუვუთითებდი, მაინც თუ არ მოიშლიდა, დავტუქსავდი და მაინც თუკი აღარ მოიშლიდა, გავროზგავდი და კიდევ თუ მაინც არ მოიშლიდა, სამმაგ ბოქლომზე ჩავკეტავდი და მერე კი პირდაპირ შენთან გამოვიქცეოდი, რადგან მიყვარხარ. ეიფ, ეს რა თქვა, რა გქონდა მაინც საყვარელი, აჰ, კარმენსიტა, ბოდიშით _ კარმენ, რა გქონდა მაინც შესაყვარელი, ვერ გამიგია, აჟუჟუნებდი თუმცა მაგ თვალებს, შავ თვალებს, დიდრონ თვალებში ცეცხლი გიხტუნავდა, სიგარეტთათვის ალის მომდები, ხოლო სიგარეტად ახლა პირიქით, აფრედერიკ მეც კი გამოდის, ჩვენი, სიფრთხილე ჰმართებს, არ აგედევნოს შენ, დიდად საშიშს, ვისთვისაც რომ იმისობისას სულერთი იყო თავსასთუმლად ბუმბულოვანი მუთაქა თუ შემთხვევითი ბალახი, რომელი ცხენი შენა გვყავდი, აღვირახსნილი რომ დაჭენაობდი მოლიპულ გზებზე, ვის რად უყვარდი, ვერ გამიგია, თუმცა ერთი რამ მაინცა გქონდა, მცირედი რაღაც მაინც გაგაჩნდა ძლივს ღირებული – თუმც უწესრიგოდ, მაგრამაც, მგონი, სადღაც მაინც ცოტათი ოდნავ თითქოს და იქნებ თავისუფალი იყავი, არა? ამით გვხიბლავდი?, რა ვიცი, ეგებ; თუკი ასეა, თქვენ ბრძანდებოდით თავად საკრავი, თანაც საკრავი უზენაესი, რადგან თუმცაღა მხოლოდ ორი, მაგრამ უნეტარესი ყოვლად სიმები შიშვეულ სხეულზე, ტან-ტატანზე გადაგჭიმვოდათ – თავისუფლება და სიყვარული, და რადგან ყოველ საკრავში ეს ორი მცნება, აკი ვიძახი: უზენაესი, _ ტანჯვით საწვდომი თავისუფლება და სიყვარული, ეს ორად ორი უუმაღლესი ამაღზევება, საიდუმლოდ ძევს, ჩვენი ბესამე, პატარა კარო, საკრავთა შორის მიმოდიოდა და ყოველს ადებდა წენგოიან ხელს, იქითიდან კი გამაბრუელბად ამოესმოდა ხის, ლითონისა და ცხენის ძუის ეს უმთავრესი დანიშნულება, საკრავთმიერი, რაღაცა უგრძნო ობლურმა გულმა, რაღაც უნამუსოდ ძლიერი, და რომ გახევდა, თავრეტდასხმული, რბილად ჩამოესმა:
_ ახლა, ამოდი.
ატორტმანებულ, მარმარილოს საფეხურებზე თან გასუსული ადიოდა და, რომ აიარა, გაოცდა როგორ!:
შემაღლებულზე, სქლად ჩამომშვარი ლურჯი ფარდის წინ, დიდ სავარძელში მძიმედ ჩაფლული, სახელურებზე ჯაფით დაოსებულ დიდრონ ხელებდალაგებული, თვით ის მოხუცი, სოფლიდან მისი წამომყვანი, დიდი მაესტრო ქრისტობალდ დე როხასი ბრძანდებოდა, იჯდა. კვლავაც ეს ჰკითხა:
_ მუსიკოსობა გინდა, ბესამე?
კვლავაც მიუგეს:
_ ძალიან დიახ.
_ ძალიან კარგი, _ უთხრა მოხუცმა, _ მომიახლოვდი.
რაღაც დამდგარი წყლისა ფერი, უილაჯოდ მონაცისფრო და ფესვგადგმულად მწვანე, თვალები ჰქონდა.
_ ორთავე მუხლზე დაიჩოქე, _ უთხრა მოხუცმა, და აღუსრულეს ნება.
გამხდარ ღაწვებზე შემოაჭდო ნაძვის ხისა თუ ფიჭვის ხელისგულები, ლითონის თითებს საფეთქლამდე გრძნობდა ბესამე, და ცხენის ძუიანი ხემით დაძაბულ სულში ჩამოუსვეს; ისე ახლოდან ჩაჰყურებდა მოხუცი, რომ მის თვალებზე ვერ შეაზუსტა ბესამემ მზერა, და ბუნდოვნად გაშლილ ფერადოვან რასმე, სივრცეს ხედავდა აჭრელებულს, რადგანაც მოხუცს ასე ახლოდან მრავალი ფერის ნამცეცი ერია თვალში, თურმე, ათასფერნაირი, რის ცისარტყელა, და გაშეშებულად აწრიალებულმა ბესამემ, როგორც იქნა და ამოიცნო ის სხვადასხვა ერთმანეთში ათქვეფილი და მაინც ზეუცნაური წესრიგით განზავებული ესე ფერები – წეღანნანახი ორკესტრისა გახლდათ.
_ ახლა წადი და კუთხეში დადექ, _ უთხრა მოხუცმა, _ შებრუნდი კიდეც.
ნეტავი რატომ, დასჯილივით იდგა. თანაც, ესმოდა:
_ მუსიკოსობა თუ გსურს, ბესამე, დიდ უღელში უნდა გაჰყო მორჩილი თავი, და მაგ სიფრიფანა მხრებზე უზარმაზარი ტვირთი დაიდო. შესძლებ?
_ არ ვიცი, დიახ.
_ კარგად იცოდე, ბევრნაირ სიამოვნებაზე უნდა აიღო ხელი, რადგან ადამიანს მხოლოდ გარკვეული სიამის მოპოვება შეუძლია, ხოლო მუსიკოსისთვის მუსიკის ხარჯზე სხვა არაფერი არ უნდა მოხდეს, ბესამე – ერთადერთი შენი შვება, მხოლოდ და მხოლოდ შენი საკრავიდან უნდა გამოისმოდეს.
_ მე სიამოვნება არ მქონია, სენიორ, _ თქვა უცებ ბესამემ, _ არც ბევრნაირი და არც ცოტა.
შეპასუხებით მოკუნტული, შიშიანად იდგა, იცდიდა. დუმდა მოხუცი.
_ მე სულ ძალიან ვშიმშილობდი, სენიორ, _ კვლავაც გაბედა ბესამე კარომ, პირმიქცეული კუთხეში იდგა, _ და ყინვებისას ძლიერ მციოდა. და აქვე უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი ახალი ტანსაცმელი რომ მსიამოვნებს და, გთხოვთ ისევ ძველი დამიბრუნოთ.
_ მოდი, ბესამე, _ მოესმა უცებ მთლად გამხლვარი ხმა, მიახლოებულს, მხარზე დაადო მოხუცმა ხელი, _ არა გქონია სიამოვნება, მაგრამ მერე და მერე, რაღაცებს რომ მიაღწევ, გამოგიჩნდება და მუდამ პირქუში უნდა იყო, ყოველნაირი ლხენის მიმართ, ახალ ტანსაცმელს კი რაც შეეხება, გქონდეს – ჯერ ერთი რომ, შეჩვევა იცის, და მეორეც ის, გარეგნულადაც სხვებისგან არ უნდა გამოირჩე – არც სიმდიდრით და არც სიდუხჭირით. უნდა ეცადო, რომ ყურადღება არაფრით მიიქციო. მერე მიხვდები, რატომ.
და აქ მოხუცმა რაღახა შავად მოგრძო და თხელი ყუთი გაუწოდა.
_ რაა, სენიორ... _ შეკრთა ბესამე.
_ აქ ფლეიტა დევს, სალამურთაგან უპირველესი, და ეს ერთადერთი საკრავია, რომლის ახმიანებაც ამბორით იწყება.
_ რაა ასეთი...
_ გაიგებ მალე. შენ ჩემს ოჯახში დაბინავდები, ბესამე, და საჭმელ-სასმელზე აღარ იზრუნებ. ამიერიდან, ერთადერთ სადარდებლადღა მხოლოდ მუსიკა გექნება, შვილო. ყოველ ორშაბათს თორმეტ პესოსაც მიიღებ.
_ გმადლობთ, არ მინდა.
_ როგორ არ გინდა, შემწარი წაბლისა და სანთლების ფული. ჰა, გამომართვი.
მაგრამ ბესამემ ვერ გამოართვა. სირცხვილისაგან, თვალებიც დახუჭა და და მოხუცმა თავად ჩაუჩხრიალა ჯიბეში ფული.
_ და მე რომ... თქვენთვის... არც ერთი ცხვარი არ მომიმწყემსავს...
_ აეს იქნება ჩემი ცხვარი, _ უთხრა მოხუცმა, _ შენი ფლეიტა. ხოლო მუსიკა ის ჰაერია, რომლითაც უნდა ასაზრდოო.
_ სად ვასაზრდოო...
_ იმ შენს ოთახში.
_ და... ცუდად რომ დავუკრა, ხომ შეგაწუხებთ...
_ ჰაერი მაინც საჭიროა. ცალ მუხლზე დადექ.
შავი ხავერდის გრილი ნაჭერი შუბლზე, კეფაზე შემოახვია, საფეთქელთან გაუკვანძა და მხრამდე გვერდულად დაქანებული, მორჩილი ბაბთა შეუსწორა, უთხრა:
_ ჩვენთან ბესამე, ყოველნაირი საკრავის პატრონს განსხვავებული ქუდი ახურავს, ფლეიტაზე დამკვრელებს კი ასეთნაირი თავსამკაული გაქვთ, მოგწონს?
ბესამე უცებ დიდებულად ჩამოტორილ მის მრავალტანჯულ ხელს მოკუმული ტუჩებით დასწვდა და ისე ფრთხილიად ეამბორა, ფლეიტაზე დაკვრას იწყებდა თითქოს, და სინაზით მწარედ სულმობჯენილი ყელში დიდი მაესტრო ქრისტობალდ დე როხასი მთელ ხელის ზურგზე გრძნობდა მის ძალიან ცხელ, ძალიან ობლურ ცრემლებს და, თავზე დეადო შეგირდისთვის მეორე ხელი. ამ ხელს, ამ დიდ ხელს, გამსრეს მუსიკას გრძნობდა კვლავაც, ქუჩაში ეულად მიმავალი, თვალებშესიებული ჩვენი ბესამე, პატარა კარო, მაგრამ ფლეიტა ფრთხილ იღლიაში იმედად ჰქონდა, მის ოდნავღა თამამ ფეხისხმაზე იდუმალებით მოსილი რომელიღაც დონნას სახება გამოჩნდა ვიწრო სარკმელში წამით, და მიიმალა – რადგანაც სულ სხვა, ოქრო-ვერცხლ-დაშნით მოჩუქურთმებულ მუსიკის უვიც კაბალიეროს სულ ტუჩმოკვნეტით ელოდებოდა დაკოცნილი ქალი, ხოლო ბესამემ იგი კი არა, ვერც ნაცნობ სახლთან შეამჩნია დიდი მოხუცის შვილიშვილი, ეზოგადმოვლილი და მის დანახვაზე ღობესთან მკვეთრად შეჩერებული, ჭიშკრის რამონა, რომელსაც ახლა, მის დანახვაზე, რაღაც ძლიერად პატარქალური უკვე ჩაედო ნაზ, წელად გულში, ეს ბესამე კი, ჩვენი, აქეთურა, მიაბიჯებდა სამართლიანად მკაცრი სახლისკენ, რომლის შიგნითაც რბილი სურნელი და მოწიწება თანაბრად იდგა, მრავალფერთაგან აქ ის სილურჯე უფრო, კი სუფევდა, და ჩვენმა მწირმა ფეხსაცმელები გაიხადა, მეორე, უფლეიტო იღლიაში ამოიჩარა და, ასე, გამხდარ ფერდებზე იდაყვებმიწებებულმა ძლივს ამოიღო ორიოდ ფული, სანთელი მისცეს... ბესამე კარო, ორთავ მუხლზე დაჩოქილი, ციცქნად აალებული სანთლით ისედაც გამჭვირვალე თითებში, ცალ იღლიაში ჯერაც უნახავ ფლეიტითა და ფეხსაცმელებით – მეორეში, იმ გამჭოლსა და გამამჟღავნებელ ბინდში უცნაურ ფერებს თვალებადქმნილი შესცქეროდა, იქ კი, კედელზე, თან ნაგვემი და თანაც ჯვარცმული, თანაც ღარიბი, ისეო ეხატა, ცოტა იქით კი მკრთალად მოჩანდა იმის დედა, ძაან ნატიფად მგლოვიარე, ვისაც ბესამე, მუხლოყრილი და სანთლით ხელში, ჩურჩულით ასე ეუბნებოდა:
_ ძალიან დიდო ქალბატონო მარიამ, ყველაზედ მოწყალეო სენიორა, აქ, ამ ქალაქში რომ ჩამომიყვანეთ, ძლიერად გმადლობთ.

როგორც ბევრგან ვთქვით, თავად განგებასთან შედარებით, აფრედერიკ მე ზღვაში წვეთი იყო.


7

აქ არ გეგონოთ, თითქოს ამბავი სრულიად მორჩა – აჰ, ნახევრამდეც არა ვართ, მგონი. არადა, ისე, თითქოს მორჩაო, არა? _ სხვა რაღა გვინდა, ობოლი ბიჭი კარმენსიტასაგან განსხვავებით, სწორ გზაზე დადგა, დაფასებასაც მიაღწია, რაკიღა ქვეყნიერების ყოველ კუთხეში ყოველ რაგინდარანაირ გარეწარსად უყვარს მუსიკა, ოღონდაც – სხვისი, თავისი არ აქვს, რა ადვილია აქ დამთავრება, მოკლედ რომ მოვჭრათ: `ბესამე კარომ მუყაითი მეცადინეობით თავი გამოიჩინა, გახდა ცნობილი მუსიკოსი, წამოზრდილ რამონაზე ჯვარი დაიწერა, მოხუცმა სიკვდილის წინ მას გადააბარა დიდი თეთრი კონსერვატორია და დირიჟორის სპილოს ძვლისა პატარა ჯოხი, ბესამეს მუსიკალური გამოსვლებისას დარბაზი ტაშით ინგრეოდა, შინ ჰყავდა შესანიშნავი შვილები ორი ბიჭი და ერთი გოგო, ხოლო ჩიტები სტვენდნენ~. მაგრა არ იყო, ძვირფასნო, ასე და აფრედერიკ მემ რომ მოგატყუოთ, სირცხვილისაგან სარკეში ვეღარ ჩაიხედება, და თუ ეს ვერ ჰქმნა, აღარაფერი გამოუვა – სხვის ხელყოფამდე, ჯერ ხომ კარგად და წამდაუწუმ უნდა ვიცოდეთ ჩვენივე თავი, ხოლო ბესამეს პატარა ქალაქ ალკარასში დიდი ამბები გარდევლინა თავს, როგორც იტყვიან.
დიდი მოხუცის ვრცელ, ნათელ სახლში, გრძელ მაგიდასთან შორიშორ მსხდარნი, წყნარად, მსუბუქად საუზმობდნენ დიდი მოხუცი, სუნთქვაშეკრული ბესამე და დილის რამონა, მერე ბესამე ხავერდის ნაჭერს საფეთქელთან გაიკვანძავდა და მორიდებით მიაბიჯებდა დიადი თეთრი შენობისაკენ, სადაც ბესამეს მკაცრად იღებდა გამოჩენილი მიმოფლეიტე, თავისი საქმის კეთილად მცოდნე მაესტრო კარლოს სეგოვია, ირიბად სახენაიარევი. ბესამეს მოწიწებულ ბაგეებთან მიჰქოდნა ჯერაც ღრმად მიძინებულჯადოქრიანი საკრავი და თავის სუნთქვას ამბორიდან გადასცემდა მას, მაესტრო კარლოს სეგოვიას რჩევებითა და მითითებით იმა ჯადოქრის გაღვიძებას შეძლებისდაგვარად მონდომებით თუმცა ძალიან კი ცდილობდა, მაგრამ ეჰ, ვერა, ერთხელეც ვერ უნაცვლა გვერდი – მისი ფლეიტა ჩახრინწულსა და ხეშეშ, მთლად ხიწვებიან ხმას გამოსცემდა, და დაფარულად მგრძნობიარე მაესტრო კარლოსს მთელი შიგანი თითქოს შუშისა უხდებოდა, მაგრამ ალესილ დანას მოურიდებლად უსვამდნენ ზედ და თვით სეგოვიას თუმცა კანი ებურძგლებოდა, კუშტად ითმენდა ყველაფერს მაინც, და, ასწავლიდა. რას და მუსიკას...
საღამოობით ჩაფიქრებული შეექცეოდა ბესამე ვახშამს, იქვე ციცქნიდა ლამაზ ნამცხვარს ბინდის რამონა, მეხუთე დღეს კი, დიდი ქრისტობალდ დე როხასი სასადილო ოთახიდან ვიღაც სტუმარს ნაჩქარევად რომ გაეგება, გოგონამ ჩანგლით პურს უკირკიტა, გაბედა მერე:
_ შენა... რა გქვია?
_ ბესამე... და თქვენ?
_ მე კიდევ რამონა.
აჩქროლება, აჰ... მაესტროთაგან, თითქმის ყველანი კარგები იყვნენ: თეორიისა – წვერმოშვებული თამამი კაცი, სოლფეჯიოსი – მზე რანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს, ბერიკაცი; ღრმად იდუმალი მეჰარმონიე – უცნაურმზერადაბინდული, ამაღლებულად ღვარჭნილი და რაღაცნაირი მიუწვდომლობით სწორი მაესტრო; მუსიკალური ლიტერატურის ტკბილმოუბარი მასწავლებელი, ვისი წყალობით ბესამემ მცირედ შეისწავლა დიდთა და დიდთა მუსიკოსთა ძნელი სიცოცხლე... გუნდურად მღერის ოცდარვაყურა მასწავლებელი – სხვადასხვანაირ ქუდიანნი, გუნდში ოცდარვა შეგირდი იყო... ერთადერთს, ვისაც ვერ შეეჩვია, მეჰისტორიეს კარტუზო ბაბილონია გახლდათ, მშობლიური ესპანეთის დამაქცევლის – ნაპოლეონ ბონაპარტეს ფარული თაყვანისმცემელი. იმას საძილე ოთახში, ყოვლად მიღებული საერთო წინაპრის – ჰერცოგ ალბას დიდი პორტრეტის უკანა მხარეს ნაპოლეონის სურათი ეგულებოდა და ძილის წინ მეჰისტორიე იგი სწორუპოვრად მზირად ჰერცოგს პირს კედლისაკენ აქცევინებდა და ბლანტედ ამხედრებული ნაპოლეონის ცქერით სტკბებოდა, თუმც ბონაპარტე, უნდა აღინიშნოს, სულ არა ჰგავდა ჯიგიტს. დილაადრიან კი, ყოველნაირ საქმიანობამდე, ფარულ-კარტუზო საჩქაროდ გადმოაბრუნებდა სურათს, ხოლო უკამყოფილოდ გამომზირალ ჰერცოგს ტუჩებზე ყვითლად შეღებილი კედლის ნაფშხვენები ეცხო.
ასე მშფოთვარედ იღვიძებდა ბაბილონია, ბესამე კაროს კი, დიდი მაესტროს მადლიან ოთახში, სიხარულით ეღვიძებოდა, რადგან აის საკარავი, საამბორალი, ტახტზე უცდიდა – გრძელი და მშრალი მისი ფლეიტა, რომელშიაც რომ ერთხელ, თითქოსდა, ძლივს შეიშმუშნა ყოვლად მძინარე ჯადოქარი, და თუმც ბესამეს თავის ოთახში ყოველთვის ჰქონდა ნაწყალობევი დაკვრის უფლება, გარიჟრაჟისას, ფლეიტას ფრთხილად დაავლებდა ხელს და ჯერ ალკარასისი გარეუბნისკენ სასუნთქ ჰაერში მიაბიჯებდა, და ამა ქალაქში ცისკრის მადლით გულმოცემულნი, აქ, ამ ქალაქში გადმოხვეწილი, მაინც სოფლელი ჩიტები სტვენდნენ – თამამად ისეე, მერე კი მოზრდილ, დაკლაკნილ შეღმართს აუყვებოდა, ჩანჩქეროვანი ღელე დიოდა, მიადგებოდა რიჟრაჟით მთრთოლავ, ცოცხალ, კი, ჭალას, აქ ყოველივე ეზიდებოდა, დარჩენას სთხოვდა ხეებში გაზრდილს, მაგრამ ბესამე თავისი მყუდრო და უჩვეულო სამყოფლისაკენ მიიჩქაროდა; იქ, ჭალის მიღმა, კასერესას სევდიან ბორცვზე, საიდანაც რომ კარგად მოჩანდა მისი მიმღები, შემკედლებელი ალკარასი, ისედაც მომცრო, ახლა კი, ზემოდან, სულმთლად პატარა, ციცქნა ქალაქი, კლდე იყო ერთი, ოდნაც კენწეროჩაღრმავებული, და იქ ჯდებოდა. უფსკრულისაკენ ჩამოჰკიდნოდა ჩვენს ბესამეს აქ ორთავე ფეხი, და ის სიფრთხილე, აის სიმაღლე, აიძულებდა რაც შეიძლება ფრთხილი, ნაზი ამბორით დაეწყო დაკვრა, და მადლცხებული, სულარაფრისა არადამკარგავი ჯადოქარი, ვინც დიახაც რომ კარგად უწყოდა მისადმი შედგომილთა სინაზისა და ერთგულების ფასი, ახლა აშკარად იშმუშნებოდა – კასერესას კლდეზე... ხოლო ბესამეს, ტუჩფლეიტიანს, ქალაქისადმი მადლობის თქმა საკრავით სურდა, ქალქისადმი, სადაც დიდი ნათელი კონსერვატორია იმედად ედგა, აქედანაც კი, ზემოდანაც, პირველ შეცთომილთ ვარსკვლავამდე თეთრად მაღალი... ფლეიტიანიმ ფრთხილად სუნთქავდა ბესამე კარო, მცირე ქალაქი კი იღვიძებდა და აფრედერიკ მეს ვერ გაეგო, გათენებისას რატომაა მომხიარულო იდუმალება ყველგან, ყველაზე, ვერც ის გაეგო, მდინარის ხმა რატომ იკლებდა, რაც ის იცოდა, თუ ვინ იყო ესპანელთათვის უფრორე მტერი – ტომით უცხო ბონაპარტე თუ გულბოყვიანად ღვიძლი ალბა, ძლიერ აბნევდა მეჰისტორიის თმცა ფარული, მაგრამ ცნობილი მაინც ყველასთვის მიდრეკილება და სიყვარული იმ განსვენებულ კაცისადმი, ვინაც სამშობლო გადაუბუგა და ჭრილობები ყოვლად უწყინარ თვით ამ ქალაქსაც, პაწა ალკარასს, ახლაც კი აჩნდა, მაგრამ აფრედერიკ მემ ის კი იცოდა, თეთრი შენობის მთლად ნაცრისფერებში გამოწყობილ მეჰისტორიეს ამა სიყვარულს იმიტომ პატიობდნენ, რამეთუ კარტუზო ბაბილონია და პროვინცია მურსიის მთავარმმართველი. ჰერცოგი ლოპეს დე მორალესი, მეგობრები იყვნენ, რადგან კარტუზოს ცოლი, სახელგავარდნილი მერგრეტ ბოსკანა, ჩინმედლებიანი ლოპეს მორალესის ნახევრადარაოფიციალური საყვარელი გახლდათ. მერგრეტ ბოსკანას მისახმობად ამ რჩეულ სამთა უსმენო ტრიოს უცნაური რამ, და ყოვლად უცხო, ხერხი გააჩნდა – ალკარასში დროდადრო დავანებული ლოპეს მორალესის ჭრელსა მიმინოს რომ აუშვებდნენ და ის ჩიტი კი მეჰისტორიეს სახლის შეჩვეულ ბანზე საგანგებოდ დაბმულ კაკაბს რომ დააცხრებოდა და ტავს ამოჰკორტნიდა, მყისვე აცნობებდა ამა ამბავს მსახური პატრონს და თავად კარტუზო საკუთარი ხელით, რძეზომიერადნარევი წყლით შეუდგებოდა სახელგავარდნილი მეუღლის ტანის ბანას და, არიგებდა თან: `ასე უთხარი, რომ მთლად დაბერდა ქრისტობალდ დე როხასი და ანტრაქტისის მთავარ მაესტროდ მუსიკოდი იყოს~.
აიამ კარტუზო ბაბილონიამ, აფრედერიკ მეს მსგავსად, ძალიან ამოიჩემა ბესამე კარო, ოღონდ სხვაგვარად – სიძულვილით, რადგან ბესამე იმ ბონაპარტეს სულაც არ სცემდა პატივს კი არა, მის ხსენებაზე – აჟრიალებდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
_ ნაპოლეონზე ვის რა გსმენიათ, ახალგაზრდებო, მართალია, მას ჰქონდა დიდი შეცდომა რომ ჩვენს ტკბილად მშობლიურ ესპანეთს გაუფრთხილებლად თავს დაესხა, მაგრამ თავის ძალიან ცუდ საქმეში გენიოსი იყო იგი ჭეშმარიტი, დიახ, თანაც შეცდომა ვის არ მოგვსვლია, დიახ... ვის რა გსმენიათ?
ბესამეს მკაცრად მიაბჯინა მექისის თითი.
_ პაპაჩემის ახალგაზრდობის დროს, _ ფეხზე წამოდგა ბესამე კარო, _ თურმე ჩვენს სოფლად დამპყრობლების მთვრალმა გუშაგმა უნებურად ცეცხლი წაუკიდა მინდობილ საწყობს და ეს ამბავი სოფლის კაცებს გადააბრალა...
_ რა შუაშია აქ ბონაპარტე? _ შეაწყვეტინა ბაბილონიამ.
_ ნაპოლეონმა გზად ჩაიარა, გუშაგის ახსნა-განმარტება მოისმინა და მთელი სოფლის მამაკაცები ჩაამწკრივებინა და ყოველი მესამეს ხიშტზე აგება ბრძანა, სენიორ კარტუზო.
_ კი მაგრამ, შენ რა?
_ პაპაჩემი ოცდამეოთხე კაცად იდგა, ჰერ კარტუზო.
_ კი მაგრამ, აკი ყოველი მესამეო?
_ ყოველი მესამე – ოცდამეოთხეზედაც მოდის, სერ.
_ არა. _ მკაცრად თქვა მეჰისტორიემ, _ ოცდაოთხი – ეს რვაზე იყოფა.
_ სამზედაც იყოფა, სენსეი.
_ რვა არ შეიძლება გაიყოს სამზე.
_ მაგრამ სამი შეიძლება გამრავლდეს რვაზე, კარტუზო ფედოტიჩ.
მეჰისტორიე რაღაცას სწონიდა გონებაში; მერე იკითხა:
_ ეგ მათემატიკა სადღა ისწავლე?
_ მწყემსად ვიდექი, მილორდ.
_ ასეა თუ ისე, _ აღელდა კარტუზო ბაბილონია, _ ჩვენ აქ მათემატიკის გამოცდა არ გვაქვს, ხოლო ჰისტორიაში – არადამაკმაყოფილებელს გიწერთ.
_ რატომ, ბატონო?
_ მაგი არაა შენი საქმე. აბა, შემდეგი...
კარმენსიტავ, აჰ! ნეტა რამდენჯერ გამოგაგდებდნენ გიმნაზიიდან, სასწავლებლად რომ მიებარებინეთ... ხელს ჩაგჭიდებდნენ დედა და მამა, დახვეწილი ცოდნის მისაღებად წაგიყვანდნენ, საუზმედ პურს, ყველს, ფორთოხალსა და ატამს კოხტად დაწნულ კალათაში ჩაგილაგებდნენ შენი მშობლები, არც ვიცი, გყავდა? პეპლებდაქარგულ წინსაფრისა ორთავ ჯიბეში ორთავე ცელქ ხელს ჩაიწყობდი, დასვენებისას ფილაქანზე აუტეხავდი კაკუნს ფეხსაცმლებს, რა ვიცი, გქონდა? აჰ, მეფანტასტე აფრედერიკი – ფილაქნის ნაცვლად ფეხსაცმელი ააკაკუნა, ეგ კიდევ რაა, ჩვენ სიგარეტი ხემის ნაცვლადაც კი შეგვიძლია დავუსვათ სიმებს, თუმცა რა გამოვა, არავინ იცის, გესწავლათ, კარმენ, რა იქნებოდა რა? გამოხვიდოდით პატივსაცემი ყველასთვის ქალი, საწერ მაგიდაზე დიდრონ თვალებდახრილს, სულ მეცნიერნი გეყოლებოდათ თაყვანისმცემელნი, სასიქადულოდ გამართული წინადადებებით მოისმენდით სიყვარულის ახსნას, სადაც სიყვარულზე მეტად გრამატიკა იჭარბებდა, თუმცა გრამატიკას რა სჯობს, ფიზიკ-ქიმია-მათემატიკის გარდა, ვიცი კია რომ, იყვნენ?.. ცოტათი ავცდი მგონია ჩემს დარგს, თუმც არა, არა, მიმოფანტასტეს სუყველაფერი ეპატიება, რაღა თქმა უნდა, უცენზურო სიტყვების გარდა, იმ სიტყვებისა, შენ რომ მრავლად მოგისმენია, გრამატიკულად გაუმართავი – თანაც. რომ მეცნიერი გამოსულიყავ, მანდილოსანი იქნებოდი ბოშებისათვის საამაყო. თუმც, იქნებოდი? და მაინც, კარმენ, რა ძალიან კარგი რამე იქნებოდა, სასახელო ცოდნით რომ გესახელა თავი, მაგრამ შენ სულ რსხვა რამით ისახელე თავი, ანდაა, სულაც, გამრჯე დიასახლისი გამოსულიყავ, მაშინ ხომ ქუჩურ შეხლა-შემოხლაში ნაუცბათევად არვინ გიბწკენდა, დამდგარიყავი დიასახლისი, ვინ დაგიშლიდა ბულიონის კარგად მოხარშვას, და მხოლოდ ხახვის დაჭრა თუღა აგიტირებდა მაგ ლამაზ თვალებს, დაამატებდი თუხთუხა კერძს საგულდაგულოდ გარეცხილ ქინძსა და რეჰანს, მერე, სულ ბოლოს – აღზევნის მარილს პირის გემოთი, თეფშებს ვერცხლისა დანა-ჩანგალს აქეთ-იქით შემოუწყობდი, მაგრამ სხვაგვარი დანა დაგქონდა კაბის საიდუმლო ჯიბით შენ, რეციდივისტს, მაგრამ მიყვარხარ.
მე რავი, რატომ.
ხის ძირას კიდევ – გოგო იდგა, შეკრთა ბესამე...

8

დიდი ფიჭვის ქვეშ გოგონა იდგა, ჭალის რამონა, ცისფერ კაბაზე თეთრად მაქმანებგაწყობილი, შეკრთა ბესამე:
_ აი ეს... თქვენვე?
_ კი.
ცამეტი წლის გოგონა, თხუთმეტი წლის ბიჭი.
_ ნახვამდის, _ თქვა აქ ბესამე კარომ.
_ დიახ.
_ როგორ ბრძანდებით...
_ გიყვართ მუსიკა?
_ კი! _ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ჩვენს ბესამეს, და, და, დაიმორცხვა უფრო...
თვალმოჭუტული იდგა რამონა, რადგან სახეში ჩამავლი მზის ნათელი სცემდა, ეჰ, საიდან სად მოსულა შუქი...
_ აქ უკრავთ ხოლმე?
_ რას ვშვრები? _ შეკრთა ბესამე კარო.
_ თურმე აქ უკრავთ, _ უთხრა გოგონამ და გაინაბა აქ ჩვენი ბიჭი.
ძილშივე წყნარად ჩაეღიმა აიმ ჯადოქარს.
_ დიდი მაესტრო როგორ ბრძანდება...
_ თქვენს მოსაძებნად სწორედ ბაბუამ გამომაგზავნა.
_ ვინ?.. ჰო. ჩემთან? თუ რატომ... _ დაიბნა ბესამე.
_ კონცერტია დღეს. სარაგოსელი მუსიკოსები ჩამოგვივიდნენ. იქით მოდიხართ?
დაღმართი ფრთხილად ჩაათავეს და ბესამე კარომ მერეღა იკითხა:
_ თუ იცით, სენიორიტა, რას ასრულებენ?
_ მხოლოდ ბეთჰოვენს...
მხოლოდ ბეთჰოვენს! ნაკონცერტალზე, უჩუმარ ღამით, გასრესილი და გადათელილი, თავის ლოგინზე ეგდო ბესამე, რა, ის რა იყო – დაგორებული მთებიდან ძალა? ამბოხებული გამოქვაბული? მიწისძვრა, ეგებ... ოკეანიდან ამოზრდილი დიდი ლურჯი მთა, ოკეანისა შესაფერი, გრძნობიერებით აღმომავალი... მაინც რა იყო – უდიადეს ხელს ვულკანიდან ამოჰქონდა გრძნეული ფიჭა, რა იყო ეს და – ბეთჰოვენის მუსიკა იყო, ჰერ კარტუზო კი _ `ძალიან ცუდი ყველაზე კარგი ადამიანის მძაფრი პატივისცემით და თანდათანობით ხაზგასასმელი წერტილებია აუსტერლიცი და ვატერლოო – მონბლანი და ჭა...~, კარტუზო, თავზე დაგასხი ლაფი, შე... _ ყოველნაირად შეიგიძლიათ დაამთავროთ მიმართვა ესე, აფრედერიკი ნებართვას გაძლევთ, ვინ ეკითხება თორემ კი, თავის დროზე ხომ სერ ბაბილონია აკი დაფასებული გახლდათ კი, კაცი, რადგან თვით დიდად გამოჩენილ ლოპეს მორალესს და კარტუზოს იმასთან უშუალო ცოლს ხანდახან, ასე, თვეში ერთ-ორხელ, ერთმანეთში რაღაცა ჰქონდათ, რაღაც კი არა, ყველამ იცოდა იგი ამბავი, ბესამეს გარდა; იმან, ბესამემ, შეურყვნელმა ბითურმა, ბევრი რამისა საერთოდ არა უწყოდა რა, ასე მაგალითად, ერთხელ, წოწოლაქუდიანმა მეკლარნეტემ, ძალიან ნაადრევი წვერ-ულვაშით შემკულმა ტახომ მხელი ამბავი რომ მოიტანა კონსერვატორიაში: `თურმე ჩვენმა კამუჩომ, აი, იმან, რა, თერძმა, თურმე ლორთქო ბალახივით ცოლი ითხოვა და ის კი, ჰაჰა, თურმე ქალიშვილი არ აღმოჩნდა, ჰაჰა~, ჩვენმა ბესამემ ასე იკითხა: `ბებერი ყოფილა?~, ახლა კი, ახლა, ნაკონცერტალზე, უმოწყალოდ გადაექლილი და გასაცოდავებული, მომცრო ქვეყანას მაინც იმა მუსიკის რბილად აჩაჩხულ მწვერვალებიდან დასცქეროდა და, აჰ, კაცთ ხედავდა მიმომავალთ, ვით ჯინჭველთ, ისე, ყველაზე მეტად მირად დასრესილს კი – თავის თავს, ბეჩავს – სული ეწვოდა!, რა იყო მაინც.. რა და ეს იმავ ბეთჰოვენის აგოროზებულად სპეტაკი დანაორთქლი იყო, ბიჭუნავ, ესე ტკივილი – ბეთჰოვენია, ბეთჰოვენი, პატარა მუსიკოსო, რამ მიგალურსმა აიმაგ საწოლზე, ბგერებზე მცირე მონადირევ, რა იცოდი რომ, თუ რა გელოდა, რაო, გაგსრისა? დაგჭმუჭნა, კარო? დაგწვა ხომ, ბიჭი?.. ძლიერ, ძალიან, ფრიად აჰ, დასწვა, ბამბას პენტავდნენ, და გრილი კეტის ყოველი დარტყმა ცხელ ტვინს უწეწდა, განრისხებული მზე ჩასდგომოდა დანისნულ თვალებში, ულმობლად დამარცხებული, გულაღმა იწვა, ციმციმა ოფლი ამოჟღენთოდა შუბლზე ყურებში ცუდი წივილი ედგა, ხელ-ფეხ ჯიუტად, უნამუსო სიფრთხილით ტეხდნენ, განუკითხავი ტკივლი ღრღნიდა, და უილაჯოდ კვნესოდა ბიჭი, ჩვენი ობოლი ბესამე კარო სხვისა ქალქში, სხვისავ ოთახში, სულ სხვის ლოგინზე, სრულიად უცხო, სხვაფრივ ეგდო და ალმოდებული სულიდან ბეჩავ სხეულზეც ცეცხლგადადებული ავარვარებული, ხელისგულებატკიებული, იხვეწებოდა, `რას მერჩით, ნეტა... მე ღარიბი ვარ, როგორც იესო~, ხოლო სასთუმლით დიდი მოხუცი – ქრისტობალდ დე როხასი ეჯდა, და ქაფითრებით ატუზულიყო იქვე, კედელთან, შიშის რამონა.
ალკარასელმა მკურნალებმა სულ რომ ვერ გაუგეს ვერაფერი, ცნობილ ტერუელელ აქიმთან აფრინეს სოტო, მაგრამ იამანც ნამგზავრი მხრები აიჩეჩა... ორ ძალიან გრძელ დღეს სადღაცას, სადღაც ცხელიანში ეგდო ბესამე კარო; ალმურიანი, სუსტად გმინავდა, გაჩახჩახებულ უდაბნოვან წყვდიადებში უგვზოდაუკვლოდ დაეხეტებოდა და, კუშტი კლდე აწვა, და არ ესმოდა მკურნალთა მშრალი: `ბიჭიკო, ბიჭი... გამოიხედე, რაა?!~ დახეთქილ ტუჩებზე ყინულს ადებდნენ, გალმხვარი სითხე დანაყრებული ხვლიკივით ნელა და გრილად უცოცდებოდა ლავიწთან, დაბლა, ალი რაც უფრო ედებოდა, უფრო ქრებოდა საბრალო კარო და ბეთჰოვენით აიასე მწარედ, ასე სასტიკად ინათლებოდა, მესამე დღეს კი დიდმა მოხუცმა იმ ოთახიდან ყველა დაითხოვა, თანაგრძნობის რამონაც, და ბესამეს შუბლზე მძიმედ დაადო მრავალნაცადი ხელი. სწორედ ის ხელი, რომლიდანაც რომ ხშირი აღზევების ჟამს ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, და ჰენდელი გამოდიოდა, და იმა ტორით სულში მუსიკაჩაწვეთებული, შეკრა, გაფხიზლდა ბესამე კარო.
სიჩუმედ იდგა საღამოს პირი, სასტიკ თვლემებთან ნაომარი, და ზმანებებით მრავალჭრილობაგამოყოლილი, უარაქათოდ იწვა ლოგინზე ბესამე კარო, გულგრილ ჭერს დუნედ ასცქეროდა, ესღა იკითხა:
_ იმას... რა ერქვა...
_ მესამე სიმფონია.
ბესამემ თვალი მოარიდა, თქვა:
_ სოფელში მინდა... დამიბრუნეთ, გთხოვთ.
მოხუცი კუშტად დასცქეროდა ერთხანს, მძიმედ წამოდგა მერე:
_ დილამდე მოიცდი?
_ დიახ. რა თქმა უნდა...
ღია ფანჯრიდან მთვარე მოჩანდა, სავსე და მქრქალი... ყოველივეს თუ შავად ნაფერი იდუმალება ემატებოდა, ის – ერთადერთი, სრულაიდ ღამის ცალი გუშაგი, ბნელით კვებული, მთვარე, მსუყდებოდა და, შორეული სევდით სახეზე რაღაცას კრძალვით ელოდებოდა მოკეცილ იდაყვებზე წამოწეული ბესამე კარო, ქვედა სართულზე კი მოხუცი აფრად სახურავახდილ როილას მიუჯდა, მანაც გახედა იგივე მთვარეს და აის სონატა, სონატა მთვარის, სამად და სამად დაბზარული, მოედო მთელს სახლს, გაუჯდა კედლებს, მთვარის ნატიფად უილაჯო, და მშრალად ლბილი თითები დაპოტინებდნენ ღამეულ სხვენში, და მიგდებული ნივთების უღონოდ მაწანწალა, დამტვერილი სულები ბესამეს ირგვლივ დაფათურობდნენ, და იდუმალი ნეტარებისგან რაღაც მთავარი ძლიერ ტკიოდა წეღან მორჩენილ ბესამე კაროს, ხოლო როდესაც დაკვრა მოწყვეტით, უდროოდ მოსპეს, და ჰაერში რომ მკვეთრად გაიყინა მიმოციაგე თრთოლვით ბგერები, რაღაცა სურდა ლოგინიდან წამომდგარს, მომცრო აივანს მოშიებული გადაეყუდა და, ეზოდ გამოსული, თეთრი ლივლივით გახევებული დიდი მოხუცის დანახვაზე, ღამეულ ბნელსა და სიჩუმეში, კვლავაც ჩურჩულით, ისევ, იკითხა: 
_ რა... ეს რა იყო... ეს ვიღა იყო?
_ ესეც ბეთჰოვენი იყო, ბესამე, _ ჩურჩულითვე ზეამოესმა, _ ის, ვინც გენიალობამდე აიყვანა თვით სიმარტივეც.
გაბრუებული ბესამე კარო ოთახისაკენ დუნედ შებრუნდა, და უცებ – მიხვდა! 
... ის მიდიოდა დიდი ტახტისკენ; ბესამე კარო, სუნთქვაშეკრული, მიაბიჯებდა დიდი ტახტისკენ, რომელზედაც რომ მისი კუთვნილი, ჯერაც გემო და გულვერჩატანებული, მოგრძო საკრავი, ხავერდი ნაჭრით შემოხვეული, იდო, და ეს ბესამეც გზადაგზა, იმ მცირე, მაგრამ ისე საოცრად აღმომჩენად ექვსნაბიჯოვან გზაში, ბევრს რასმე უფიქრელად და უგანსჯოდ მიხვდა, იმ ნაჭერს სასოებით დასწვდა, გამოათავისუფლა საკრავი, და ხავერდი შუბლზე შემოიხვია, ირიბად გაინასკვა საფეთქელთან, ფრთხილად ასწია ახლადშობილი თითქოს ფლეიტა, უყურა ერთხანს, აევსო სული, მერე ტუჩებთან მიიტანა და, მაშინვე მიხვდა, რომ აქ პირველად, სულ პირველად, კი, კი, პირველად, რომ ეამბორა, და ავსებული სულიც შთაბერა... და ყოველივე – ლტოლვაც, სინაზეც, იდუმალება, მაშინვე, მყისვე, გადაუხადეს, ამოუბოძეს: იმა გრძნეულმა ჯადოქარმა თავისი უცხო, სევდის ლაშქარი ბგერებად დასძრა, გამჭოლ სირბილედ მოედო ჰაერს ყველაზე მეტად კეთილშობილი ლითონი – ვერცხლი, მართლა უკრავდა ახლა ბესამე, სუყოველივე გაეჟღინთა იდუმალ წუხილს, უცხო ხილვები ჩაეღვარა სიზმრის რამონას, ხოლო ეზოში დიდი მოხუცი გრილ ხესთან იდგა, ხისათვის მძლავრად მოეხვია ნაცადი ხელი, ხოლო სათუთად მიმომსუნთქველი, თვალმილულული ბესამე კარო სალუქ ღამესთან მთლიანობას და ერთობას გრძნობდა, რადგან ფლეიტას მთვარის მჭვირვალად ჩამომწვდომადი სული ედგა, მთვარე კი – ფლეიტის ბაცი კუნძული იყო.
_ სოფელში, მაინც წახვალ? _ მცირე ალერსით დაეკითხა დილით, დაქანცულს, სავსეს, ტანჯულს, ბედნიერს, ქრისტობალდ დე როხასი.
_ არა, აჰ, არა... გთხოვთ, მაპატიოთ.
ხომ გესმის, კარმენ?! იმას შენსავით რომ დაეწყო აღმა და დაღმა უთავბოლო ტანტალი, ვერ მიაღწევდა ვერაფერს, კარგო, რა იქნებოდა, მოხვედრილიყავ ალკარასში და თეთრ შენობასთან ჯადოსნური ხმები გესმინა, თუმც, რად გინდოდა, თავად იყავი ჯადოქარი, ოღონდ სხვა რამის, ცეკვისას სხეულს როგორ იგრეხდი?! აფრედერიკმა რომ იშოვა ბოლოს და ბოლოს შავი მელანი, შენი თვალები ახსენდებოდა, და შენივე ცეცხლს სტრიქონებში ისე ნატრობდა? აჰ... აფრედერიკის ბესამემ, კარმენ, წერა-კითხვაც კი შეისწავლა, გამოჩენილ კომპოზიტორ ბეთჰოვენის ამბები რომ წიგნად ეკითხა, თუ არ უკრავდა; შენსავით კი არ აბდრღვიალებდა მაძებარ თვალებს – თავაუღებლივ კითხულობდა, შენ კი, გენაცვა, ხეირიანად წერა, ან კითხვა, ანდა ციფრები მაინც გესწავალ, თუმც, რა ჯანდაბად გინდოდა, თორემ კი, ისეც მშვენივრად მოგეხსენებოდა შენ-შენი უარუოფითი, მზაკვრული საქმე, და ძლიერ მიკვირს, ბნელით მოსილი, ისე ძალინ როგორ ჩახჩახებდი, დიადმა ხელმა ვრცელი მოთხრობა დაწერა შენზე, მაშინ როდესაც რამდენ უბიწო ქალთა სქესისი წარმომადგენელს შეცდომითი დეპეშაც კი არ ღირსებია, ის კი არა და, გადასარევი ოპერაც კი შეგვითხზეს შენზე, მაშინ, როდესაც რამდენ დადებით კარგ ოჯახიშვილს აბღავლებული გლახა სიმღერაც კი არ სმენია, რა ნახეს მაინც შენში ისეთი, მაგრამ მიყვარხარ. მტკივიხარ, კარმენ, იმაზედაც კი შევკრთები ხოლმე, ფეხშიშველა რომ თავისუფლად დაშტრიგინებდი, არ შეგსობოდა ბოროტი ხიწვი.
ის ბოლო დანა, ძაან გეტკინა?.. 

9

ხოლო კარტუზო ბაბილონია:
_ აბა ვინ იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ყველაზე დიდი ადამიანი? თქვენ მიპასუხეთ...
_ ნაპოლეონი, სერ.
_ სწორია. აბა ახლა თქვენ მიპასუხეთ!
_ ნაპოლეონი, მილორდ.
_ სავსებით სწორია. ოღონდ სრული პასუხი მინდა.
_ ძალიან ცუდი, მაგრამ ყველაზე დიდი ადამიანი იყო მისი კეთილშობილება იმპერატორი ნაპოელონ ბონაპარტე, მონსენიორ.
_ კარგია, ყოჩაღ, ფრიადოვანს გიწერთ. აბა ახლა თქვენ!
_ ყველაზე კარგი ყველაზე დიდი ადამიანი, _ ფეხზე წამოდგა ბესამე კარო, უკვე თექვსმეტისა იყო, _ დიდი ბეთჰოვენი გახლდათ, ჰერ.
გაბრაზებისას კარტუზო ბაბილონიას მარჯვენა მხარე რაღაცნაირად უფრო მეტად ეჭმუჭნებოდა, განრისხებისას კი – მარცხენა. ახლა ჯერ მხოლოდ მარჯვენა ნახევარკვადრატზე იყო მიმდგარი საქმე:
_ მე სახელმწიფოებრივ მოღვაწეებზე გეკითხებით, და არა თქვენებრ მუსიკოსებზე, ყმაწვილო.
(`თქვენებრ მუსიკოსებზეო, ე!~ _ გადანცვიფრდა აქ აფრედერიკი, მაგრამ ბესამე წამოროშილს ვერ ჩახვდა).
_ მე ადამიანი მომესმა თქვენს პირველ შეკითხვაში, სენსეი.
_ და მერე განა ნაპოლეონი ადამიანი არ იყო?
_ ვინ იცის, ბვანა.
ის ერთადერთი ალკარასელი, რომელსაც რომ ჩვენი ბესამე – წყნარი, მორჩილი, წესიერი, ნაადრევად ობოლი, გამომწვევად ესიტყვებოდა, მეჰისტორიე კარტუზო გახლდათ, ხოლო ამჟამად იმ უკანასკნელის დაჭმუჭვნილობამ მარცხენა მხარეს გადაინაცვლა:
_ შენ, ღლაპო, დამიგდე ყური! _ შენ და შენნაირმა ტუტუცოვანმა მუსიკოსებმა ვთქვათ და ცხოვრებაში რაგინდ ბევრ ტაშს მიაღწიონ, კარგად იცოდე, მაინც სახელმწიფო მოღვაწის მძლავრ მარწუხებში ხართ გამომწყვდეული და როცა მოუნდება, მაშინ დაგლეწავთ, ხოლო ამჟამად ადგილობრივ ეს დიადი პიროვენება დიადი დე ლოპეს დე-დე მორალესია, ჭეშმარიტი მამაკაცი, და მუჭში აიი, ასე, სწორედ ასე ჰყავხართ, იგი კი ჩვენი კეთილდღეობისათვის ზრუნვაში დღეს და ღამეს ასწორებს, უძლიერესია იგი, მოუნდება და? _ აღგგვის, გაგაქრობს... შენი ბენტერა ბეთხოვენიც სწორედ ასეთი იქნებოდა, ფიჰ, უსუსრი.
_ თქვენ შესაძლოა ერთის მხრივ სწორს ბრძანებდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ქუჩაში რომმ გავაჩეროთ ვინმე გამვლელი, დ ვკითხოთ, თუ ვინ იყო ბეთჰოვენის დროს ყველაზე მძლავრი კურფიურსტი, ასე მგონაი ვერ გიპასუხებთ, ხოლო თუ ვინ იყო ბეთჰოვენი, ძლიერ ნაკლებად მოსალოდნელია რომ არ იცოდეს, კარტუზო ფედოტის-ძევ.
_ რაებსა ჩმახავ? 
_ მე ჩემი აზრი მოგახსენეთ, კარტუზო-სან.
_ შენ შენი აზრი, _ მთლად მობრეცოდა გადაჭყლეტილი მარცხენა მხარე ბაბილონიას, _ ვირებისათვის შეინახე, ხოლო ჰისტორიაში – არადამაკმაყოფილებელს გიწერთ.
_ რა შუაშია აქ ჰისტორია, პან კარტუზო?
_ იმ შუაშია, რომ!, სწორედ ისტორიაში არადამაკმაყოფილებელს რომ გიწერ!, იმ შუაშია!
_ რატომ, ბატონო?
_ არაა მაგი შენი საქმე! დატოვე ახლავე აუდიტორიის კუთვნილი ტერიტორია! _ მზერა მრისხანედ გაადევნა, _ ლაწირაკი ეს...
ხოლო როდესაც ბესამემ კარი არცთუ ძალიან ფრთხილად მიიხურა, ცალფლანგ მოშლილმა მეჰისტორიემ დაქადნებით ასე წარმოთქვა:
_ შენ თუ აღდგენით სამუშაოებს არ მიგამაგრო, კაცი არ ვიყო...

* * *
ოკეანეში მიმობნეულ კუნძულებთაგან ყოველზე იჯდა თითო მფლობელი, თავის მიწაზე – მარტოკანი იყვნენ, წვითა და დაგვით, და აღმაფრენით, და ნეტარებით, და ვრცელი ტანჯვით თავის კუნძულზე უცნაური და ფერადოვანი, ჰაერშივე გამოკიდებულად მთრთოლავფესვება, მცენარეები გამოეზარდათ უნდა. იყვნენ კონსერვატორიაში ისეთები, თავთავიანთ კუნძულს ბრძნულად მოქნილი თითებით რომ განაგებდნენ, ანდა, ჩაბერვით გადაცემდნენ უკვე მიმხვდარ სულს, და მხენარეებს ძალა და ხიბლი ემატებოდათ, ხოლო შორეულ და უხილავ ფესვთა ბრჭყალები გადასაკარგავ იმ მარადიულ მატერიკებში ჩაზრდომოდათ, რომელთაც ბახი, ჰენდელი, მოცარტი, ან როგორხ ახლა, ბეთჰოვენი დიადად ერქვათ.
ჩვენი ბესამე ჯერ მხოლოდ მცირე მეჩეჩზე იჯდა, თუ ეძინა და _ მაინც, რადგანაც ყოველ დღე-ცისმარეს სიზმარშიაც კი შიშნეული გახარებით უცდიდა, რამეთუ თავთით ძნელი საკრავი, ფლეიტა, ედო. საკრავი ყველა ძნელი იყო, მაგრამ ბესამე შედარებით იოლად შესცქეროდა კლარნეტსა თუ ალტს, დილდილაობით თვალახელილი კი, მუდამდღე ისე იღვიძებდა, როგორც პირველად – სასთუმალთანვე მოგრძო და მშრალი, აწ გაფაციცებულ ჯადოქრიანი, მოთბო ჩაბერვით გასაცოცხლებელი მთელი ერთი ქვეყანა, გესმით, ქვეყანა ედო, და ყოველ წამიწამს ახსენდებოდა მიმოფლეიტე კეთილმაესტროს – კარლოს სეგოვიას სიტყვა: `შენი კუნძული ფლეიტაა, ჩემო ბესამე, ხოლო ფლეიტა ჩაფიქრებული ანგელოსის სუნთქვას წააგავს~.
ბესამე კიდევ – მხოლოდ მცირე მეჩეჩზე იჯდა, მაგრამ დაკვრისას შორი ქვეყნიდან სულ მუჭა-მუჭად ჩამოჰქონდა მშობლიურად ღორღიანი მიწა, ქვებიც ერია – რადგან ბესამე დაკვრისას ხშირად ბორძიკობდა და, ეკაწრებოდა რაღაც-რუღაცას უკვე ჩამხვდარი სმენა და სული. ოთახად იყო, ამოღრმავებულ კლდეზე მოკალათებულიყო თუ რა, გულგრილად ვეღარ ჩერდებოდა ფლეიტის ურჩი ჯადოქარი, ხან გაურბოდა, ხანაც ნელა მზარდ მეჩეჩზე ფეხს გაჭირვებით იკიდებდა, და სულ სხვადასხვა იერს იღებდა, ოღონდ – მოწყენილს, იმას ვერავინ გააცინებდა, ეჰ, დარდიანი, იდუმალი საკრავია იგი ფლეიტა, გაყუჩებული, ამბორს ითხოვდა, და ბესამე რომ ძლიერ ფაქიზად დაადებდა დარცხვენილ ბაგეს, სულო ცოდვილო – ჭალის რამონა ხანდისხანობით ახსენდებოდა კიდევაც, აქ... 
შენ კიდევ, კარმენ, გიტარა და კასტანტები და იმისი ჯანი... აჰ, რა ხმამაღლა გაიცინებდი, იმათი სისულელემდე მოგულუბრყვილო საუბრები რომ მოგესმინა. ასეთი, თუნდაც:
_ მე არასოდეს ფეხ არ შევდგამ რიკარდოს ქუჩის დასაწყისშიაც კი, _ უეცრივ ასე წამოიწყო ბინდის რამონამ, ყვითელკოპლება თეთრი კაბა გვირილებივით ტანს მოსდებოდა, ბორცვიდან ფრთხილად ჩამოდიოდნენ და პასუხისმგებლობით სუნთქვაშეკრულ ბესამეს ხელზე მსუბუქად დაყრდნობოდა ნდობის რამონა, _ რადგან რიკარდოს ქუჩის ბოლოში ცუდი სახლი დგას. შენ ეს იცოდი?
_ კი.
თექვსმეტი წლის ბესამე, თოთხმეტი წლის გოგო...
_ საიდან იცი? _ შეჩერდა კიდეც წყრომის რამონა, და მოაცილა საკრავით ფაქიზი და ძნელი ერთდროულად, ხელი.
_ ტახომ თქვა ასე, ერთი ბიჭია... _ შეკრთა ბესამე.
_ სად თქვა.
_ კონსერვატორიაში, შესვენებაზე.
_ მუსიკის თეთრად ამაღლებულ სახლში, ღვთაებრივი ბგერების ტაძარში, _ ძლიერად გამკაცრდა მაღაფარდოვნების რამონა, _ ამისთანაეებს გეუბნებიან?
_ არა, მე კი არ მითხრა, სხვას უთხრა და მე გავიგონე.
მართალს ამბობდა.
_ ეს შეიძლება, _ მყის აპატია დიდსულოვნების რამონამ, დაძაბულს, ისევ დააყრდნო ხელი და მაშინვე რომ მოაცილა, შეშფოთდა ბესამე, მაგრამ რამონამ ასე მიმართა:
_ იმ ყვავილს ხედავ?, მომიტანე, მინდა.

კარტუზო-აღა ბაბილონია კი დიდი ჰერცოგის მისაღებში ატუზულიყო. ძლიერ ღელავდა, მნიშვნელოვანი რამ სათქმელი აგერ უკვე ექვსი დღე იყო, პირის ღრუში ედო. ნოხებიანი კედლის იქით კი დიადი ჰერცოგი ლოპეს დე მორალესიც გვარიანა ღელავდა; დიდად თუ გლახად გამოჩენილ ბონაპარტესი არ იყოს, ორი საქმე ერთდროულად ეკეთებინა, მასაც შეეძლო – აწრიალებული ბოლთას რომ სცემდა, ეს ჯერ ერთი და, ფიქრობდა თანაც: `ნეტა რა უნდა... კანონიერი ქმარია, რაც არ უნდა იყოს, მაინც... ეგებ აღევსო მოთმინება... და შურისგება გადასწყვიტა..~ და საეჭვო სტუმრის გრძელ სახელოში შემალული უუბასრესი დანის შიშით, ჯანღონით სავსე მოდღლეზილ კაც-მდივანს კარტუზოსათვის აი ასეთი რამ ათქმევინა: `დიად ლოპესთან შესვლა თუ გნებავთ, ჯერ მექისემ ყოვლად უფასოდ საგულდაგულოდ გაგხეხოთ უნდა...~ `რატომ?~ `იმიტომ. ქვემოთ წამოდი, იქ აბანოა~. აქ შეიშმუშნა ბაბილონია, რადგან ცოლს თვისას, სახელგავარდნილ მერგრეტ ბოსკანას, ასეთივ წესით – საგულდაგულოდ გახეხილ-დაბანილს უშვებდა იგივ ჰერცოგთან, და პატარა ხანში მარმარილოს გულგრილ ტახტზე ბრტყლად გაშოტილი, ზურგზე დასმული მექისეთი, უსიამოვნო ეჭვით ფიქრობდა: `ამ უშვერებმა... რამე არ მიყონ...~, მაგრამ ცდეობდა – გვერდით ოთახში მის საგარეოდ ძვირფას ტანსაცმელსა და საბუთებს საგულაგულოდ ჩითავდნენ სამნი, ეს იყო და ეს.
_ უდიადესად დიდო ჰერცოგო, სახელოვანი ვრცელ-პროვინცია თქვენის წყალობით განათებული მურსიის ჟანგბადოვანად მანათობელო მზევ, ხომ ძალიანი კარგად ლამაზად ბრძანდებით, ჰაა? _ ასე იკითხა ნააბანოვარმა მეჰისტორიემ, აკრიალებულ პირისახეზე ჯერ კიდევ არ გამოჟონვოდა სხეულისმიერი ზეთი.
_ გისმენთ, კარტუზო.
_ ძალიან ფრიად მახარებს მე, კარგად და ჯანმრთელად რომ ბრძანდებით, ორასი ბუღის ჯანი მოგსცეთ...
_ მე გისმენთ-მეთქი.
_ საიდუმლოა, თქვენო საბედნიეროდ კეთილადნაშობშობილებავ, _ მიმოიხედა საუკუნეთა წიაღის მჩხრეკმა, _ და ხოლო თუკი აეს მხლებლები ორიოდ წუთით დასტოვებენ თქვენს ღრმასამუშაოიან ნათელ დარბაზს, მსწრაფლ მოგახსენებთ.
_ ეგ არაფერი, სამთავე ყრუა, _ თქვა ჰერცოგმა და შუბლზე მოსმული მყის გაქონილი ცხვირსახოცი ბროლის ურნაში რომ მოისროლა, ახალ განსაწირ ცხვირსახოცს დასწვდა, _ თქვი, რა გაწუხებს, ოღონდ დროულად ამოღერღე.
_ დიდო ჰერცოგო, უმორჩილესად მინდა გთხოვოთ, რომ პროვინციის მთელ მუსიკოსებს ერთ სანაქებოდ გაშლილ სუფრაზე მოუყაროთ თავი და...
_ ხელფასი ხომ აქვთ? _ წყნარად იკითთხა ლოპეს მორალესმა და ოდნავ განზე იქცია ყური.
_ კი, როგორ არა, _ ყოჩაღად უპასუხა მესამე მხლებელმა. 
_ აბა ჩემგან რა ჭამა-ყლაპა უნდათ, _ კარტუზოს მკაცრად შეხედა იმისი ცოლის თვეში ერთ-ორხელ ამხანაგმა.
_ ხელფასი კი აქვთ თქვენის შეწევნით, დიდო ჰერცოგო, მაგრამ იმათი კვება-გაძღომა კი არ მინდა მე...
_ აბა რა გინდა, არ ამოშაქრავ?
_ მე მინდა, რომ ყველა დავწამლოთ. 
_ რაო?
_ მოვწამლოთ კარგად. რომ დაიხოცნონ.
მცირეოდენი გასაკვირვალი პროვინციათა მთავარმმართებლებს როგორ არ ხვდებით, კი, კი, მაგრამ ლოპესი თანამდებობისას მხოლოდღა სამჯერ გადანცვიფრებულა ძლიერად – ერთხელ, როდესაც ვალენსია-ალდაბადაკრა-მადრიდის გზაზე უმშვენიერეს, არაბეთიდან ახლად ჩამოყვანილ ბედაურზე იჯდა, ცხენი რატომღაც უხალისოდ მიადგამდა ფეხს, ხოლო ჰერცოგმა მბზინავ კისერზე ხელი რომ მოითათუნა და ესპანურად ჰკითხა: `რა იყო, რატომ მოგიწყენია?~, პირუტყვმა ოდნავ იბრუნა თავი, ალმაცერად გამოხედა და ესპანურადვე რომ უპასუხა: `აბა, შე ვირიშვილო, ჩემნაირ ცხენზე უნდა იჯდე შენ?~ _ აი, პირველად მაშინ გადაგვინცვიფრდა ლოპესი – იმ არაბულ ცხენს ესპანური აბა საიდან უნდა სცოდნოდა? მეორედ მაშინ, ჰერცოგ ალბას დაბადებიდან ოთხმოცდამეთოთხმეტე წლისთავის აღსანიშნავ, ხეხილის მსხმოიარე ბაღში სიმბოლურად გამართულ მეჯლისზე ეროვნული გმირის ნათელ ხსოვნასა და სადიდებელს ორთავ ფეხზე მდგარი რომ ამბობდა და მის შინაარსიან ლაპარაკისას ხიდან ორი ალუბალი სწორეს მის სავარძელზე მხლებელთათვის შეუმჩნევლად რომ დავარდა და სააღლუმოდ თეთრშარვლიანი ლოპესი ტაშისცემის გრიალში იმ ალუბლებზე რომ დაჯდა, შემდეგ კი გაჭიმულ-გასუსლ გარნიზორს ამაყად რომ ჩამოუარა და თანმხლებნი ვერც ამჟღავნებდნენ მარცხს, ზოგსაც კიდევ აის მრგვლად მყვირალა ლაქები რაღაც ახალი ჯილდო თუ წოდება ეგონა, და აი მეპრეს სწორედ იმ საღამოს გაშრა, პირშიმთქმელმა ცოლმა შინ მიბრუნებულს ეს ყოველივე ზედ შიგ პირში რომ უთხრა და სარკეებიან დარბაზში კარგად დაინახა ზურგითა ტანი. ეეს – მეორედ, მესამედ კი ახლა განცვიფრდა:
_ კი მაგრამ, რატომ?
_ საჭირო არის.
_ კი მაგრამ და, რატომ?
_ საჭიროა და რა ვქნა, თქვენო კეთილშობოვადშობილებავ.
_ ჰა, აღარ იტყვი, შე შობელძაღლო? სამთავე გადით...,... გისმენთ, სენიორ.
_ შთამომავლობაში თქვენი კეთილდღეობისათვის, დიდად მოწყალეო ხელმწიფევ, სწორედ ასეა ზუსტად საჭირო.
_ მუსიკოსები რომ დაიხოცონ?
_ აუცილებლად, _ მკვირცხლად მიუგო ბაბილონიამ, ძალიან ცუდი ხარისხის ზეთი უკვე მოსდებოდა შუბლ-ცხვირ-ღაწვებზე, _ წრუწუნებივით გავჟლიტოთ უნდა. მაინც ისედაც აწრუწუნებენ შტერულ საკრავებს.
_ კი მაგრამ, რატომ? მუსიკოსები ძირითადად უწყინარი ხალხია.
_ თქვენ უწყინარი ეძახეთ და, _ჰერცოგისაკენ გადაიხარა კარგა შორს მდგარი ბაბილონია, _ მაგრამ სამასი წლის შემდეგ მსოფლიოს ხალხებს შესაძლოა ზედმიწევნით არც ეცოდინოთ ღვაწლი თქვენი და არსი თქვენთა დიად საქმეთა, ეს იმიტომ რომ, ბახთხოვენისებრ მუსიკალურ ვიგინდარებზე ექნებათ გადატანილი მთელი ძირითადი ფუჭი ყურადღება.
_ მურსიის ბრიყვი მუსიკოსები რაღა შუაშუა?
_ ვინმე ცნობილი არ გამოვიდეს!..
ფეხზე წამოდგა წოდებ-ლოპესი, ვრცელ კაბინეტში გაიარ-შედგა-გამოიარა.
ძლიერ ფიქრობდა პასუხ-არჩევანს, სხვადასხვანაირ აწონ-დაწონილობებში ისე ჩაეფლო, მძიმე სიჩუმის შესავსებად დროდადრო მეტისმეტად დაუდევარ შეკითხვებსა სვამდა:
_ თქვენ ცოლი თუ გყავთ?
აქ პან კარტუზო ძლიერ დაიბნა:
_ ოღონდაც, არც ისე...
_ რა ქვია?
_ ვის, ცოლს? _ მთლად აირია მილორდ კარტუზო.
_ არა, მუსიკოსს.
_ ბახთხოვენიო, მაგრამ მგონი ეს გავრი არ არის. დაგიზუსტოთ თუ?
_ არც საჭიროა... აი, სიერა-ნევადის მმართველს... მუსიკოსები ძალიან ბლომად... მცირე ნალექი... რაზე დავჯექი... გაქნილიცაა... _ ფიქრთა ნაწყვეტებს აქა-იქ მდორედ ამოთქვამდა ადგილობრივად აღიარებული მმართველი, _ სტუმრიანობა... მუსიკა უნდათ... სტუმრები დამიდიან... ის რომ თქვან?.. ჭაღი...
და ლოპეს მორალესმა ნაღდი პასუხი რომ მოიფიქრა, დაუდევრობა მყისვე უარჰყო და – კვლავ გაჰერცოგდა – სავარძელზე ამაყად დაჯდა, მუშტები მკაცრად დააყრდნო მოჩუქურთმებულ ძვირფას მაგიდას, ნიკაპი მძლავრად დააბჯინა დახუჭუჭებულ წრიულ საყელოს, თვალში ძალუმად შეაცქერდა და, სთქვა:
_ სამასი წლის შემდეგ, ბაბილონიავ, ესე იგი ჩემს მერე, ქვა ქვაზეც ნუღარ დარჩენილა, მე კი – ახლანდელ, დღევანდელ ჰერცოგს, მოსამსახურე და სათავისგამომჩენო პერსონალი – ანუ მხლებელნი, მზარეულნი, მუსიკოსები, მექისეები, უნდა მყავდეს. _ და ცბიერებით ერთობ აღვსილმა, თავი დახარა, ძაან ქვემოდან ამოხედა და, ჰკითხა: _ მე რა, რითი ვარ სხვა ჰერცოგებზე ბევრად ნაკლები?
_ ნაკლები კი არა, დიადო მეფევ, სხვა თქვენისთანა არც მეგულვის ქვეყნად თქვენებრი.
_ ახლა კი მიბრძანდი. ხოლოს ძილისას ნუ წკმუი ხოლმე, არაა კარგი.

10

ხოლო ფლეიტის მთვარის სალუქი, ვერცხლად თხიერი სული ედგა და მთვარის ხილულად იდუმალ შუქზე, ღამის ციაგა სასოებაში, მქრქალ წუხილისას უფრო ჟღერდა და, აიმ ფლეიტას შედგომილი ჩვენი ბესამე, უიმნატიფხმოდ ღამღამობითაც კი ვეღარ სძლებდა, და იმ განაბულჯადოქრიანი საკრავით ხელში, მიძინებული ქალაქის ჭრელა-ჭრულა და ამოუცნობი, მომასწავებელი მრავლის – ტლანქად უწონო სიზმრები რომ არ შეეწუხებინა, სუნთქვაშეკრული ადიოდა კასერესას აღქმულ ბორცვზე და ღამის პეშვში ფრთხილად ჯდებოდა, რათა დაეკრა იქ.
ქვემოთ კი ცოტა მისი და ცოტათი ჩვენი მცირე ქალაქი რამ ალკარასი ჩაბუდებულიყო შავად, მხოლოდ ფარნებით წრიატებდა და, მისავათებულს, მიგდებულს თითქოს, სასოება რამ ეფინებოდა – ღრმად მოერთგულე სულის ჩაბერვით, მჭვირვალ თანხმოვნებას გამოსცემდა მჩატე საკრავი, მერე – ხმოვანებად იწელებოდა, მფშვინავი სუნთქვით იმ კუნაპტეში უჩუმარ ბზინვით იჩეკებოდა ვერცხლის ყლორტები, რადგან ფლეიტა – მთავარი შტო იყო.
ის სიფრიფანად ღონიერი ჯადოქარი კი რაებს აღარა სჩადიოდა – მელნისფერ ბნელში, მთვარით იისფრად მოვარაყებული, მიმოძინებულ მცირე ქალაქზე დიდ ხელისგულებს გამასწორებლად უსვამდა თითქოს, სინაზით ოღონდ, და ნათლისაკენ ფილაქნიანა აიყვანდა კიდეც, მაგრამ თითები არ ჰქონდა. ვინ იფიქრებდა, მინამ უწვრთნელი ბესამეს ხელში იმოდენა ხანს თუ ძილად ეგდო – ნაამბორალი, ფაქიზად სულშთაბერილი, შთაგონებული ახლა, კუმშვად სურვილად იწელებოდა, ღამეულ მფლობელს, რაღა არ ჰქონდა მოსაფერები – იქაური ტყე, იმსიდიდო ცა, ისეთი ბორცვი... ჯადოქრულ სუნთქვას აყოლილი ჩვენი ბესამეც, ღრმაღამეული სიგრილით ჟრჟოლადავლილი, ღამის ლებანში კენტად იჯდა, და სათუთი ხმებით გარემოსილი, იმ ტკივილიან სიხარულს გრძნობდა, ხანდახან შვებას რომ ეძახიან, მაგრამ ერთ ისე-რა დღეს, ჩვეულებრივი ამინდი გახლდათ, პან კარტუზომ თქვა:
_ ყველაზე დიდი ძალიან ცუდი ადამიანებიც კი მარცხდებიან ბედის სიმუხთლით ბოლოს ხოლმე და, აბა, მითხარით, თუ რომელია ყველაზე დიდი ძალიან ცუდი უდიადესი ადამიანის ყველაზე დიდი დამარცხება?
_ ვატერლოო, სერ, _ ფეხზედ წამოდგა თმახშირი ტახო.
_ კარგია, ყოჩაღ, ფრიადოვანს გიწერთ.
_ გმადლობთ, ეფენდი.
ჩვეულებრივი ტაროსი იდგა.
_ ხოლო რას იტყვით აი-აი თქვენ?
_ ყველაზე დიდი ადამაინის უდიადესი დამარცხება ის იქნებოდა, _ წამოიმართა ბესამე კარო, _ მესამე სიმფონიის თავფურცელზე წარწერილი მიძღვნა ნაკუწებად რო არ ექცია, ბვანა.
მილორდ კარტუზო შეიჭმუხნა და:
_ მაინც ისეთი რა დიდი უბედურება ეწერა შავით თეთრზე ზედ?
_ გულუბრყვილობით, ჯერ ბონაპარტეს მიუძღვნა ესე ქმნილება, სენსეი.
კარტუზოს ფერმა გადაუარა, ცნობისწადილმა აცთუნა მაინც:
_ რა ქმნილებაა?
_ მესამე სიმფონია.
_ რაის მესამე...
_ ბეთჰოვენის, ჰერ.
ცოტა ხნის შემდეგ კარტუზო-აღამ თქვა:
_ მე აქ მუსლიტერატურის სულელური გაკვეთილები არ მაქვს, ჯერ ეს ერთი და, დაა, მეეორეც, ცუდოვანის დაწერის გარდა, აღდგენით სამუშაოებზე გამწესებულათ შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი.
_ ფედოტიჩ, რატომ?
_ ეს იმიტომ რომ, _ ყურიც კი ოდნავ უცახცახებდა თავშეკავებულ მეჰისტორიეს, _ მე სხვას გეკითხებით და თქვენ სულ სხვა რამეს მპასუხობთ თვით მე.
_ ეგ აღდგენითი სამუშაოები რაღა შუაშია, დონ.
_ იმ შუაშია, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული წევს.
ბესამემ ერთხანს უყურა და მერე იკითხა:
_ იმ გარდასული კაცთამკვლელისთვის ჭეშმარიტ საქმეს რად უნდა მომაცდინოთ, ბეი?
_ ვინ მოგახსენათ, ჯერ ეს ერთი რომ, კაცისმკვლელი იყო? ისტორიაში აკი ცნობილია, რომ უშუალოდ ნაპოლეონის დიად ხელიდან არც ერთი კაცი არ დახვრეტილა, ბიჭო.
_ ეგ ხომ არაფერს ნიშნავს, ო, მაჰარაჯავ.
_ რატომ არ ნიშნავს მაინც არაფერს, რატომ, ჰა!
_ იმიტომ რომ, სენიორ, ნაპოლეონს ალბათ არც ადამიანის ხორცი უგემნია, მაგრამ მაინც კორსიკელ კაციჭამიას ეძახდნენ, მონსენიორ.
აქ მისტერ კარტუზომ მუშტები აღმართა, თვალები დახუჭა, მაგრად შეისუნთქა, თავი გადასწია და აიძახა:
_ ახლავე დატოვე აეს დარბაზიი!!
აღდგენითი სამუშაოები ალკარასს გარეთ, დიდფანჯრებიან – რაღაც – მორუხფროდ შეღებილ დარბაზში რომ ტარდებოდა, ეს კი იცოდა ბესამე კარომ, მაგრამ შიგნი-შიგან თუ რა ხდებოდა, ამისა არა უწყოდა რა.
_ ბაბუს არ უყვარს ეგ შენობა, _ თქვა ბინდის რამონამ, ძლიერ ყვითელი სამოსი ეცვა, ლურჯი მაქმანით კოხტად გაწყობილი. და ბესამესაც აღარ უკითხავს _ `რატომ~ _ რიკარდოს ქუჩის ბოლოში მდგარ დაწესებულებასაც რომ არ გადასწვდენოდა სიტყვა. ნოემბერი იდგა, ზამთრისპირა თვე, აღარ იბანავებოდა მცირე მდინარეში, ქალაქის საპატივცემულოდ ალკარასულა რომ ერქვა. იმ მდინარიდან კი მცირე რამ არხი გამოიყოფოდა, რომელშიც, ასე, თვეში ორხელ, მცირე ხნით გადააგდებდნენ წყალს და არხის ბოლო კი იმა იდუმალ დარბაზში უჩინარდებოდა; მერე შენობის ქვეშ, მცირედ ჩაღრმავებულ ორმოებში, დიდ ცეცხლს აჩაღებდნენ ვიღაც ჯანმრთელი მამაკაცები, კვლავ დარბაზში შერბოდნენ და პატარა ხანში წყლის დგაფუნი და შეყვირებანი რამ ძლიერი და მოკლე, გაისმოდა. `საწამებელია, თუ რა...~ _ გაიფიქრა ბესამემ, და ვერც გაიგო რამონას თქმული:
_ განა შეიძლება, ერთ ადამიანს რომ მეორე არ უყვარდეს და მაინვ აკოცოს?
_ როგორ?..
_ განა შეიძლება-მეთქი, ერთ ადამიანს რომ მეორე სულაც არ უყვარდეს და მაინც აკოცოს? და კიდევ უფრო უარესი...
_ არა, ეს როგორ შეიძლება, _ შორს დაიჭირა ბესამემ.
_ მაგრამ რომ ხდება? თურმე.
ბესამემ ღონე მოიკრიფა და თქვა:
_ ძალიან ცუდი.
ჩვიდმეტი წლის ბიჭი და, თხუთმეტი წლის, რაღაცნაირად უფრო უფროსი, გოგო.
და აქ ბესამემ ნამეტანი თქვა:
_ მე მგონი, რამონა, ორ ადამიანს ერთმანეთი თუ უყვართ, მაინც არ უნდა აკოცონ ერთმანეთს, მგონი.
_ ბესამე, რატომ? _ იკითხა გაკვირვების რამონამ.
მაგრამ ის დარბაზი მთლად საწამებელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან იქიდან ღონივრად აროხროხებული, თმასველი, ჯანიანი ყმაწვილკაცები მხიარული ყაყანით გამოდიოდნენ, და რკინისმკვნეტელი დიდი კბილებით იღეჭებოდნენ ხორცს.
წაბლს – კანიანა ჭამდნენ ხოლმე.
ხოლო ფლეიტას გავსილი მთვარის ბაცად კამკამა, მიმოწყენილი რამ სული ეგდა და, თავად თუ სულმთლად მთვარისა გახლდათ, მთვარეც – ფლეიტის სათნოდ ერთგული, დუნეეჟვნება კუნძული იყო. ჩვენი ბესამეც, შეყვარებულ ბაგესთან მიტანილი ღამისღამინდელ შტოთი ხელში, შორეულ კვირტებს მჭვირვალ სუნთქვას აფენდა ხოლმე, ზრდიდა. კასერესაში ფესვჩამდგარ ნაძვნარს, იქოვან ჰაერს, მათრობლად მჩხვლეტავს, იქით ათრობდა და თავის ოთახშიც, ბრიალა შუქზე, გაფაციცებულ თვალს ადევნებდა მზის ირიბად შემოჭრილ სხივში მტვრის გაბრუებული ნამცეცების უთავბოლო, დაბნეულ ტივტივს – ფლეიტის ხმაზე.
_ ბესამე, თითქოს არა გიშავს რა, _ ხანდახან ასეც ეუბნებოდა კეთილ-მაესტრო კარლოს სეგოვია, ვარგოდა ბიჭი.
დიდი მოხუცი, ქრისტობალდ დე როხასი კი დროდადრო ზურგზე მიაპყრობდა თვალს.
ჯადოქარს რაღა-რა არ შეეძლო – მაღალ ბგერებზე, მოზევითურო ნაყოფისაკენ ჩამოსაწყვეტად ხტებოდა თითქოს, დაბალ ხმაზე კი –სიოში თოვდა. ნისლი ეფინათ შორეულ ბაღებს, რაღაც ხატება ღრმა ჭაში ჩანდა, გუბეზე წვრილად, მეჩხრულად წვიმდა, და ზღვათა ფსკერზე გატრუნულიყო უცხო ბუჩქნარი, მისჯილად სველი; რაღაცა იყო ფლეიტის ხმაში, მძინარე ბავშვის ნიკაპზე მძიმედ ჩამოღვენთილი ნერწყვივით წმინდა, მაგრამ ფელიტა იმ დაბინდულ ჰაერს ჰმონებდა, შორეულ გზაზე სავალად რომ ციაგით ედო, რადგანაც მთვარე – ფლეიტის სათნო კუნძული იყო. კარმენ, ავოეეე... რად მოენატრე აქ აფრედერიკს, შენ ხომ კუნძულად სისხლის სამართლის დანაშაულიო, როგორც იტყვიან, გედო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ცუღლუტო, კარმენ, იმ უკაცრეილ საღ კუნძულზე დაგასახლებდი, მხოლოდ ცხვრები და ხარ-კამეჩი რომ... _ აჰ, საიდან სად გადაგვიხტნა აფრედერიკი, აფრედერიკ მე, რომელსაც სხვა რამ ჰქონდა მოსაყოლად ჩაფიქრებული, ეუუჰ, სულ სხვა რამ, გამიზნულ-მწარედ, და სუსულსხვა კი გამოუვიდა, ჰყვება: იმისი ნება რომ ყოფილიყო, გაგამწესებდა ვერაგო, კარმენ, ველურ კუნძულზე, ბესამესავით ფარას მომწყემსდი, ნახირს – ნებაზედ მიუშვებდი, რადაგან არც მგელი და არც არაფერი აქ არ დაძრწოდა იქნებოდა, სხვა პირმეტყველი შენს გარდა არა, არავინ მეყოლებოდა, დრო რომ გქონოდა საფიქრალი, და იქ რაღას-ღა ჩაიდენდი, ვეღარანაირ დანაშაულს – ვინმეს დასჭრიდი, მე შენ გეტყვი?!. მესხვადასხვიევ! _ ემაგ თვალებით წააბამდი ვინმე ქალისმნდომ პოლკოვნიკს თუ რა... აიმ კუნძულზე, შენ ტანსაცმელიც არ უნდა გცმოდა, და ისე უნდა ნელის ნაბიჯით ჭალებში გევლო, იქ ზამთარ-ზაფხულ იდგომებოდა შუა ივნისი, მძიმე ხეები ყოვლად უსასყიდლოდ ჩამოგაწვდიდნენ დალოცვილ ნაყოფს, ხანდისხანობით ტბას უბოძებდი დასაგვემ სხეულს, მზის გულზე მერე პირქვე შრებოდი, და ტიტლიკანა იფიქრებდი ქვეყნის ავ-კარგზე, და, რაღაც სითბოს მონატრებული, წამომართული, აიყვანდი კრავს, და მართლაც ნეტარ, ორნაყოფიან მკერდზე მაგრად მიიხუტებდი, და ცოტა მეტად შეგითბებოდა იმ ნაყოფთაგან ეგ შენი ოდნავ უფრო სავსე მარჯვენა ძუძუ... ეჰ, ნეტავი თუ იმა უცნობ თავისუფლებასაც აქვს თავისი სევდა? მიმოწყენილი, ლეღვიბისას ხარს გადაჰხვევდი მკლავს დამნაშავეს, კამეჩს თვალებში შეუმჩნევდი კამეჩურ ნაღველს; შიშვლად დაღვრემილს, ოქროს დიდი საყურეებიც კი ვერ დაგამახინჯებდა, და ღამღამობით ააცქერდებოდი ალბათ ხოლმე ვერცხლთა ღმერთს – მთვარეს, და მაშინ აღარ იქნებოდი სრულიად მარტო, რადგანაც მთვარეს სულ სხვანაირ კუნძულებიდანაც უმზერენ ხოლმე, თრთოლვენ, ბნდებიან, მაგრამ დონდლო კაპრალმა კი არ იკითხა, თქვა:
_ რომელი – არის – თქვენში – ეე... ბესამე კარო.
_ მე.
აქ იმ კაპრალმა კი არა ბრძანა, არამედ იკითხა:
_ დღესვე საღამოს აღდგენით სამუშაოებზე თუ არ გამოცხადდებით, ოცდაოთხ საათში უნდ დატოვოთ ქალაქი?

11

_ ჩემი ნამდვილი სახელწოდება რიხოებრტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი გახლავთ, მეგობრებო, მაგრამ ამ შენობაში უბრალოდ ჩიტუნელა უნდა დამიძახოთ, მერე გაიგებთ, რატომც. სალუტ!
_ გაუ! _ ყოჩაღად შესძახა ტახომ, იგი აღდგენით სამუშაოებზე სოლფეჯიოს უცოდინარობისა გამო მოხვდა, საერთოდ კი თეფშებზე უკრავდა.
_ გაუს მოგცემ შენ, შე ვირიშვილო, _ თქვა ჩიტუნელამ, ბაზალტოვან უშველებელ ნიკაპზე თითქოს ნაჯახით ამოჰკვეთნოდა დიდად შთამბეჭდავი ღარი, _ რაც შეიძლება ნაზად უნდა ილაპარაკო, მერე გაიგებ, რატომც. აბა, თავიდან – გამარჯობა, გეთაყვანე. ა?
_ ჰამარ-ჩობათ... _ ძლივს თქვა ტახომ, ფერწასულ ღაწვებზე ახლა უფრო მკაფიოდ გამოჰყოფოდა ნაადრევი წვერი.
_ ასე. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული წევს, _ გამოთქვა ჩიტუნელამ, უცნობი კარი წამით გამოაღო, რაღაც დგაფუნში მძლავრად გასძახა: `ჩაძირე, ჩაახრჩვე!~, და კვლავ ახალწვეულებს მიუბრუნდა, _ ხოლო ის დარგი, რომელსაც მე უნდა გაზიაროთ თქვენ, ჩამორჩენილები, საუკეთესოა.
_ ბოლთასა სცემდა, და უეცრივ კი – გახევდებოდა, და თითს დამბაჩად მიაშვერდა ვინმეს:
_ არ გამოგკითხავთ, თუ ვინ რაში მოიკოჭლებდით, ჩემთან თუ რატომ გამოგაგზავნეს, _ განაგრძობდა სვლას – ტაქტიანი და მგრძნობიარე ვარ. მაგრამ ვიცი რომ, აღდგენითი სამუშაოები გჭირდებათ და, ამისათვის, _ ჩია მუსიკოსს მიაშვირა თითი, გახევდა, _ ქვეტექსტოვანი ჩემი დარგი – გამკაჟებელი, დამკაცებელი, საუკეთესოა-მეთქი, აკი ვამბობ.
იატაკი ხისა იყო, ჭრაჭუნებდა.
_ ვინმემ რომ გკითხოთ, თუ რაშია თქვენი ამბავი, უნდა მიუგოთ, რომ აღდგენით სამუშაოებშია, ახალი ხანა გეწყებათ, ბიჭნო. ხოლო ჩვენი მეცადინეობდა, ჩემი გვრიტებო, დიად დატვირთვას რადგან მოითხოვს, განტვირთვისათვის ერთმანეთს მოფერებითად უნდა მივმართოთ და თუნდაც აი შენ, ბრიყვო, რა სიტყვა გქვია?
_ ტახო.
_ ტახო... _ ჩაფიქრდა ძვალმსხვილა კაცი, _ არა უშავს რა, მოფერებითად ჟღერს, და მაგრამ, ეე, და მაინც, ეე, თაჰოს გიწოდებთ. ცურვა თუ იცი, თაჰო?
_ დიახ, სენიორ.
_ რააო, რაო?
_ დიახ, ჩიტუნელა ბიძია.
_ ძალიან კარგი, _ და მეყვსეულად სტყორცნა შემდეგს: _ შენი-ღ ამბავი?
_ მე თანამედროვე ბიბლიაში ჩავიჭერი, ჰერ.
_ ჰერს მოგცემ მე შენ მაგ ცხვირპირში, სულ ძმარ-მდოგვს გადენ! _ ძლიერ განრისხდა რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი, _ ჯერ ეს ერთი რომ, აკი აღვნიშნე, ჩაჭრა-მაჭრაებს არ გეკითხებით და მეორეც ის, მეფორებითი სახელი მქვიან. 
_ ჩემი ამბავი აღდგენით სამუშაოებშია და მეც ვიცი ცურვა, ჩიტუნელა ბიძია.
_ ამას ზეგ ვნახავთ. დიიახ, ზეგვე, დღეს კი მხოლოდ ჩემს მიერ თქვენი საგასაცნობო დათვალიერების გაკვეთილია. შენ რაღა გქვია?
_ ბესამე მქვია.
_ და... რა გვარის ხარ?
_ ბესამე კარო.
_ როგორო?
_ კარო...
_ რას ამბობ?! _ გაოცებისგან დაჯდა კიდევაც რ.დ.ჟ. რექსაჩი, _ როგორ?
_ გვარად ვარ, კარო.
_ აჰ, ეს ხომ, ბიჭოვ, შესანიშნავია, შესანიშნავი, _ მოკლე ფეხებზე წამოიმართა აღმადგენელი, _ რადგანაც კარო იტალიურად – ძვირფასსა ნიშნავს. შენ ყოჩაღ, ყოჩაღ...
პატარა ხნის შემდეგ კი, თქვა:
_ ზეგ ამ დროს მოხვალთ. ქვედა საცვალი ყველას უნდა ზედვე გქონდეთ. დიახ. ახლა კი ამ ბურთს მაღლა ავაგდებ და სანამ უკანვე დაეცემა, გარეთ გავარდნას თუ ვე მოასწრებთ, ხელ-ფეხ დაგამტვრევთ. აბაა, ჰაი!

* * *
მშვიდი საღამო ფართოვდებოდა ჩვენს ალკარასში, ვიღაც სულსწრაფმა ჭრაქიც აანთო, და მაწანწალა სულით ყოვლად, აფრედერიკი, მიმოფანტასტედ უხილავი აფრედერიკ მე, ერთი, ორი და, კირ-კირ-მოკირწყლულ აიღო და ქუჩას გაუყვა, დიახ.
ის მიდიოდა ცოტათი მისი, ცოტათიც ჩვენი ბესამე კაროს მისასაგებლად, რაღა თქმა უნდა; _ ბესამე ჰყავდა ამოჩემებული. ვიღაც ძალიან ფხიზელი ქალი თავისი თეთრი ჭიშკარის წინ მთლად მარტოკინა, ჩაფიქრებული ცეკვავდა ბოლეროს – ეჰ, ყველასა აქვს თავისი დარდი, თავისი დარდი, აჰ... ჩვენს ბესამეს ხომ, ჰქონდა და ჰქონდა... გაბრუებული მოაბიჯებდა ჩიტუნელადან, და აფრედერიკი გინდაც ხილული რომ ყოფილიყო, ეს ჩვენი ბიჭი ვერასდიდებით ვერ შენიშნავდა გზაზე გადამდგარ მიმოფანტასტეს, სხეულში ისე გაუარა, ვერც შეამჩნია, რაღა თქმა უდნა, აფრედერიკი კი, ჰოპ – აედევნა ქუჩა-ქუჩად, რა ძალა ადგა, მაინც ვინ ჰყავდა გვარში ჯაშუში, გავრში ჯაშუში, ჰეჰ...
რა ცოტა გინდა ზოგ ადამიანს...
მაინც რა ცოტა გინდა ხოლმე ზოგ ადამიანს – ბესამემ როცა წაბლი იყიდა, სულ სამი პეშვი, თითქოს გაერთო, ესიამოვნდა, და რომ მოსწყურდა და იგემა ღამისწინობით გამუქებული შადრევნის წყალი, სულ ორი ყლუპი, უგუნებობამ გადაურა თითქოსდა, ვითომ: წყალთან ჩამოჯდა... და იმ შხეფებში, რომ არა ჩანდნენ, ღამობით დიდად გულმოცემულ და მორიდებულ მაინც შივილში, ღრუბლების მიღმა, დაუნახავში, შორით სჭვიოდა რაღაც ვარსკვლავი, ბესამემ თავი ასწია მაღლა, ბნელ ცას ახედა, შავობდა როგორ, და უცებ მტრული, მოურიდები, ვერგასაქცევი, ადრე თუ გვიან რომ ეწვევა და ეძგერება ადაამიანებს, მასაც ეტაკა: `რატომ ვარ...~
მთლად მოკუნტული იჯდა ბესამე, როგორი ობლად დადიოდა ამ დედამიწის ამ ტევად ზურგზე როგორ წვალობდა, როგორ შიოდა და სციოდა, ეწამა როგორ, და როგორც იქნა და ჯადოქარი ძლივს რომ ეწვია, ესღა უნდოდა? – და რ. და დ. და ჟ. რექსაჩით მთლად დათრგუნვილი, სიმწრით ფიქრობდა, რომ ამა ქვეყნად, აჰაჰ, რამდენი რამ სჭირდება ადამიანს და თუნდაც მას, ობოლს, რაოდენი რამ – თავი და თავი ან მზე არის, ანდა ჰაერი, ალბათ... უჰ, წყალი და მიწა დაგვავიწყდა თავსა და თავში, წყაალი და მიწა, სრუულიად მიწა, ეჰ, რაოდენი რამის მომცემი, მრავალფეროვან და უხვ ნაყოფთა მარადიულად მეძუძური და დაუყვედრებელი, დაოკებულად უხმო ალერსით, ეს დიადი და მაღალი დედა-მიწა, გამღები. და ბესამე კი სიმწრით ფიქრობდა, ეს ყოველივე მისთვის, ობლისთვის რომ – არამი იყო; შეშინებული, ვერც სხმარტალებდა – მცირე ქალაქის უხვთითა ღამე ზედ საყელოში ჩაფრენოდა და შავი ხელებით, ჩაებღუჯნა და, ნახევრად მიმხრჩვალს, ბნელი ფოსოთი ჩაჩერებოდა, და შავი ხახა ჩამოჰყურებდა: `რისთვის ხარ, რატომ...~ ჰეე, სადღა იყო დედამიწის სიკეთეები, და ბესამეც კი თავად იქცა სრულიად ღამედ – ყურებზე ხელი მიიჭირა, თვალი დახუჭა, მუქად გატვრინდა, მაგრამ სხვა ხელი იგრძნო დამზრალ კეფაზე, მსუბუქი, ამო, შემკრთალმა, თვალი გაახილა და ის დაინახა – გადარჩენის და შვების რამონა.
_ დაგალევინეს? _ ჰკითხა იმან და ცოტათი ფრთხილად შეაცქერდა.
დაალევინეს, კი, როგორ არა – ზაფრა და შხამი. აქ, ალკარასში, სულ მთლად პირველად გაეღიმა ძალიან ობოლს.
ხოლო რამონამ რომ იკითხა: `დაგალევინეს?~ _ ბოლო ხმოვანზე, `ე~-ზე ოდნავ ღიადღა დარჩა შემკრთალაი ბაგე, და მოხიბლული შესცქეროდა იმ სიბნელეში ბესამე, კარო. _
რამდენი ხანი იყო, უყვარდა.

* * *
ჩიტუნელამ კი სთქო:
_ არა უშავს რა, ფისუნიებო, ცურვა გცოდნიათ, განსაკუთრებით შენ, ჩემო კარო, ხოლო ეს სიტყვა, ეს ტკბილი კარო, აქ, ამ ნათელ კედლებში, შენი გვარი კი არა, ამიერიდან სახელწოდება იქნება. შენ რაღა გქვია?
_ აკიო თაჰო, ჩიტუნელა, ბიძიავ.
_ ძალიან კარგი. შენ, გენაცვალე?
_ მე კარლო მქვიან.
_ ლ ზედმეტია. მაგრამ ისედაც, ორი კარო გუნდში არ გვინდა. ჯანკარლოს გარქმევ. შენ, ცავატანემ?
_ ხუანი.
_ აბა ხუანი რა სახელია, დუშენკა? ჰუანი იქნები. შენ, მაი დარლინგ?
გრძლად ოთკუთხედი აუზის პირას ისხდნენ გვრიტები, შორით მოსული ალკარასულას ამღვრეულსა და შემთბარ წყალში წვივები ჩაეყოთ; ჯერ კიდევ სველნი, ოდნავ ძიგძიგებდნენ, მისჯილი ჰქონდათ ასე ყოფნა – ამტანობისთვის, იმათ ზურგს უკან კი რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი მიმოდააბიჯებდა; უზარმაზარი, შეყუჟულგუგულიანი საათი თავდაყირად და ოდნავ გვერდულად ჩამოეკიდებინა გულ-ბოყვ-ჯიგრამდე, გრძელი სასტვენი შინაურულად, ყურს ზემოთ დაემაგრებინა, და ვისაც რაიმეს ჩაჰკითხავდა, ალერსიანად წაჰკრავდა ხოლმე ფეხს.
_ მე შეგასწავლით ქვეყნად არსებულ მრავალ თამაშთა შორის უდიადესსა და უნეტარესს – აჰჰ! – ვატერპოლოს. ხომ გინდა, თაჰო?
_ დიახ...
_ შენ, მონ შერ ჰუან?
_ დიახ...
_ ვატერპოლო კი, ჯანკარლო ჩემო, თვით ცხოვრებაა, ხოლო თუ რატომ, მომდევნო შაბათს აგიხსნით ამას. რა არი. ბიჭო, არაფერს არ გაჭმევდნენ სახლში? _ ჩია მუსიკოსს ამოჰკრა ფეხი, _ შენ ვიოლინოს აწრუწმაწუნებ? ხომ?
_ დიახ, _ ისევ წამოჯდა ხრტილივით ბიჭი.
_ რაღაცით გამოგიყენებ მაინც. რადგან დიადი ვატერპოლო – თვით ცხოვრებაა. ცხოვრებაში კი, ხომ არა გცივათ, რამ გაგალურჯათ, მინდვრის იებო, ცხოვრებაში კი რაღა არ ხდება? მაგრამ მთავარი მაინც ისაა, ის, რომ... აბა, რა არის, ძვირფასო თაჰო?
_ აბა მე რავი...
_ ამ ცხოვრებაში, სულიკოებო, იცით რა არის ყველაზე ნაღდი?
სიჩუმე დადგა.
აქ ჩიტუნელამ თავი შემართა, სთქო:
_ რა დ, _ გამარჯვება.
სიჩუმე გლახა ჯორივით იდგა. სანამ რ. და დ. და ჟ. რექსაჩმა ბრძანა:
_ აუზის პირას ორ-ორნიი დადექ!.. სამ-სამ ნაბიჯზე-ე!.. პირის-პირობით!.. ჰათ, ბურთები და, სანამ გუგული ჩემს წუთმზომიდან სულ გუგუგუთი გამოხტნდებოდეს, ერთმანეთს სტყორცნეთ. ოღონდ ისე რომ, ძლიერ ატკინოთ. ხოლო თუ ვინმე თავის მეწყვილეს მძლავრი ტყორცნისგან აუზში ჩააგდებთ, ეს ხომ – თლათ კარგი.

12

ერთი ბესამე არ ეყოფოდა ჩვენს აფრედერიკს? _ სამი გაუჩნდა: გასამდა ჩვენი საბრალო ბიჭი, აითქვიფა და, გზაარეული მიმოდიოდა ამ ტევადზურგა დედამიწის მცირე ნაკვეთზე, სხეული ისე – დამძიმებოდა, მაგრამაც მიწა – ამტანი იყო, ამტანობაში მხოლოდ ქაღალდი თუ შეედრებოდა, კაროსთანები უტარებია? _ იმასაც, ობოლს, უყვედრებლივ დაატარებდა.
ერთი ბესამე, ეგებ, მთავარი, თან – იმ ჯადოქარს მონად ედგა და, ამასთანავე იმასაც, წელადს, დამყოლ მოციქულს, შეყვარებული ჩაბერვით მორჩილს, ფსკერთა ეჟვნებით აშიკრიკებდა; თან ვის, მერე-დ სად – თავად მთვაარისკენ. იმა ჯადოქრის მიმოფანტული, მოტივტივე და, შემობურვილი სულის მმართველი, კასერესაზე ბნელი ღამობით იჯდა და იჯდა, კასერესაზე ღამით ყოფილხართ? არც მე, გეთაყვათ, და მხოლოდ კიდევ აფრედერიკი ჩინდრიკობდა იქ, ჩვენში ის ერთი ყოფილა იქა...
ხოლო მეორე ბესამე კარო ბინდბუნდიანი რამონასი გახლავდათ ბიჭი...
საღამოობით, მიყუჩებისას, შებინდების ჟამს, როცა სულდგმულებს – მწერს, პირუტყვსაცა და ადამიანს სხვანაირი რამ თავშესაფარი უნდებათ ხოლმე, ოთახის კარო ტახტზე იწვა და ბაცი გოგონა ახსენდებოდა – მინდვრის რამონა. უცნაურიაჰ – ქოლგისტოლა იებით ხელში... მაღალ ბალახში იდგა და იდგა, დაიძრებოდა ბესამესკენ ნელინელ მერე, მწვანე გზას წელით მიაპობდა და, საკვირველიაჰ – ღაწვზე ხალად გვირილა ედო, შუბლზე საამოდ შემოხლართოდა ტირიფის წნული, თითზე ბეჭედად ყაყაჩო ჰქონდა, ყოველივე ეს – ძალიან კარგი, მაგრამ სუსტ ყელზე ნაიარევს დაედო ბინა, საიდან, როგორ – გადასარევი!
იწვა, ზმანობდა... ზმანობდამ იწვა.
ხოლო მესამე ბესამე... _ აჰ, რითმა-ღ გვაკლდა – ხოლო შემდეგი, უკანასკნელი ბესამე კარო ჩიტუნელა ბიძიასი გახლდათ და მის შეგონებებს გულშეკუმშული უსმენდა ხოლმე. რ., და., ჟ. რექსჩს ჭკუის სწავლება აღსადგენლების ქანცგასაწყვეტი ცურვის შემდეგ სჩვეოდა ხოლმე: `ყური დამიგდეთ, ფისუნიებო, ვატერპოლოსთვის ცურვაც აკი უნდა იცოდეთ, რაკი ვატერ ხომ წყალსა ნიშნავს სხვათა ენაზე და წყალში უცურველად კი – წარმოუდგენელია~.
ჩია მუსიკოსს თვალმოჭუტულმა უცქირა ერთხანს, მერე დაბინდულ მზერაში ჭავლმა გაჰკრა და თქვა:
_ მომდევნო სამუშაოებზე შენი საკრავით მოდი, გენაცვა.
_ ხომ არ გამიტეხავთ? _ შეშინდა ბიჭი, რაც ფერი ჰქონდა, ისიც დაჰკარგა.
_ არა, რას ამბობ, მონ შერ მაი დარლინგ, _ თქვა ჩიტუნელამ, _ ოთახს მიგიჩენ და მზადყოფნა რომ არ დაკარგო, ჯერჯერობით უშინაარსო სავარჯიშოები უკარი ხოლმე. ხოლო თუ რატომ, შემდგომ გაიგებ, რადგან დიადი ვატერპოლოსთვის შენისთანა მთხლეც კი უნდა გამოვიყენო, გენაცვალე. 
რამონას კიდევ – ძალიან თეთრი კაბა ეცვა და ფეხისწვერებზე მიჰყვებოდა შემკრთალი ბიჭი. აეფ, რა ჰკითხეს:
_ შენ ცოლს მოიყვანე როდესმე, კარო?
ბესამემ თავი ჩაღუნა აქა, რატომღაც შედგნენ, ბესამე ჭვინტით მიწას ჩიჩქნიდა.
_ მოიყვან-მეთქი?
_ ვინ წამომყვება... _ თქვა ბესამემ და გაწითლდა, შერცხვა, _ მე ღარიბი ვარ.
_ როგორც იესო?
_ შენ ეს რა იცი.. _ დაფრთხა ბესამე, თავი ასწია.
_ აბოდებდი და...
_ აი ეს, მაშინ?
ჰო.
დაიძრნენ ნელა...
_ ბაბუმ მითხრა რომ, აღდგომისათვის ტერუელელი მუსიკოსები ჩამოვლენ ჩვენთან და თავად მოცარტს შეასრულებენ.
ბესამე იქვე გახევდა და სუნთქვა შეეკრა:
_ როგორ, თვით მოცარტს?..
_ ჰო. ვთქვათ, დიდობაში, მე რომ წამოგყვე, წამიყვან, კარო?
_ კიი!
დღე – სასწაული.
იმა საკრავის ჯადოქარი კი – რა იყო მაინც, ეჭვიანობდა ეთქმოდა თუ რა, ისერიგ აღარ მორჩილებდა, ზლაზვნით ფშვიოდა და შიგადაშიგ ხრინწიან ბგერებს გამოსცემდა კიდევაც, ურჩი; ბურთის ტყორცნისგან შესიებული და დაკლანჭული თანაც თითები საკრავს ადრინდებურად ვეღარა ფლობდნენ, და ბაგეებსაც სხვა საზრუნავი გასჩენოდათ:
_ და თუ ოდესმე ჩემი ცოლი მართლა გახდები, რამონა, _ ამბობდა კარო, ღილს იწვალებდა, იყურებოდა განზე, _ თუკი გახდები... აი, შენ თუკი ჩემი ცოლი გახდები, მაშინ?!.
_ რა მაშინ... _ ბესამესფერი გადაედო, წითლად აღვივდა მინამდე თეთრი, თოვლის რამონა.
_ აი იქ, მაშინ.. _ მთლად აირია ბესამე, ღილი ჯიბეში ჩაიდო და თქვა: _ იქ, სარეცელზე....
_ რა, სარეცელზე... _ ისევ გათოვლდა ღველფის რამონა.
_ იქ, სარეცელზე, ხომ მაკოცნინებ ხელზე?
რამონამ შვებით ამოისუნთქა, უთხრა:
_ შენ შეგიძლია ახლაც მაკოცო, ოღონდაც ხელზე.
_ მაშინ, რამონა, _ აღფრთოვანდა ბესამე კარო, _ მე აღდგომა-დღეს გაკოცებ ხელზე, კარგი?
_ რატომ, ბესამე?
_ ეს იმიტომ რომ... რამონა, აი, აღდგომა-დღემდე ბედნიერი ვიქნები, რადგან... რადგანაც იქამდე სულ მეხსომება, ხელზე რომ უნდა გაკოცო და, რამონა, თანაც...
_ რა თანაც, ბესამევ... _ გამკაცრდა გოგო.
_ და თვით მცარტიც უნდა რომ მოვისმინო.
_ ძალიან მოგწონს? _ შემშვიდდა რამონა.
_ ძალიან, დიახ.
რაღაც ბედნიერ ქირწინებასავით იყო მოცარტი, ოღონდ – დიადი რამეების... რა რამეების – ჯერ არ იცოდა, ვერ ჩამხვდარიყო, ნატიფად კეთილ სიდიადეს კი – აჰ, ძლიერ გრძნობდა.
_ კარგი ბიჭი ხარ, _ ისე შეაქეს, გინდაც უმცროსი ყოფილიყო.
და, საკამოდ რომ ისწავლეს ცურვა, და ხმელეთზე კი – ბურთის ტყორცნანი, რდჟრექსაჩმა ქვედა საცვლისამარა აღსადგენლები ჯერაც არნახულ რკინის კართან მიიყვანა და აღნიშნა:
_ პირველი მონაკვეთი, ჩემო ბარტყებო, ჩამოვიტოვეთ, რადგან ასე თუ ისე, წყალში არც ერთი არ იძირებით, ჰა-ჰა. ახლა კი, ჩემო შოშეიბო, აი ეს კარი გამოაღეთ და ყველანი შედით.
ტახომ რომ კარი გამოაღო, ცოტათი შეკრთა:
_ იქ რაა, ძიავ? რამე სანთელი ხომ არ გექნებათ, ვერაფერს ვხედავ.
_ კი, კი, ჭაღს მოგართმევ, დიახ... შეეთრიეთ-მეთქი!
ტახომ ზღურბლი რომ გადაიარა, ოთხნიც შეჰყვნენ და, მოისმა მერე:
_ აქ ხუთზე მეტნი ვერ დავეტევით...
_ ხმა, ლაპარაკი! _ განრისხდა რ-დ-ჟ-რ-აჩი, _ თოთხმეტივენი შეიჭუჭყნეთ! შენ არა, ბიჭო, _ მიუგდო ჩიას, _ შენ სხვა საქმისთვის გამოგიყენებ, თქვენ კი, ახლავე შეიტმასნეთ თორემ, სანამ ხელ-ფეხი დამიმტვრევია! _ აქ ორი თითიც კი წაიწვეტა: _ თვალებს ამოგთხრით!
და წვალებით რომ მიხურა კარი, ჩაეღიმილა, _ თქვენისთანები დამიტევია?
შენ ვერ გაძლებდი იმ საკანში, აშარო, კარმენ. შენ რექსაჩს დიდრონ თვალებს მთელის სიმძლავრით აუჟუჟუნებდი იქნებოდა დამ წააბამდი კიდევაც, ოხერს, გაგუჭირდებოდა ეს მე შენ გეტყვი თუ რა. აღსადგენლიდან სულ დაპირ-დაპირებებით და ჰაეროვანი კოცნების ტყორცნით რომ გამოშპებოდი, იმავ საღამოს დანიშნულ ადგილას არა, არასგზით, არაფრისდიდებით მიუვიდოდი დიდ აღმდგენელს, რადგან დაბლები, გრძელხელება და ქვისნიკაპიანი სულაც არ მოგწონდა. კარგად ხელ-პირ კი დაბანილი ჩვენ რდჟ შუაღამემდე იმა ადგილის გარშემო დასცემდა ჯერ ძლიერ ამაყ და აჰ, მერე კი – წრიალა ბოლთას, შემდგომ კი, ბოლოს, ნამეტნავად გაცურებული, მოკლე ფეხს დიდის გაწბილებით დაჰკრავდა მიწას, და შენისთანა ქალის ტუჩ-არამცოდნეს მოიკვენტდა. შენ ამას – კი, ჰო, ძალიან, დიახ, დიახაც, ოღონდაც რომ შესძლებდი, კარმენ, თავისუფლად იქმოდი ამას, მაგრამ რა ეღონა იმ თოთხმეთ აღსადგენელს, რომეთაც რთული თამაშის – ვატერპოლოს შემასწავლელი იგივ რექსაჩი ჭერის სარკმლიდან კბილებდაძრობილ ვირთხებს აყრიდა, ჩასძახოდათ თან: `გვრიტუნიებო, ეს ვირთხებია, თქვენი სტუმრები, აი, ახლა კი გეტირებათ უმწიკვლო ყოფა, რას იკლაკნებით, მაგოდენა ვირგლა ბიჭები ვირთხებმა როგორ დაგაშინათ, ჰაამ?!. თავზარდაცემულ აღსადგენლებს კი წამიწამ სადმე ედებოდათ ნაცრის სხმარტალა სისოვლე – ყურზე, ლავიწზე, ნემსჩაუგდებში, ტანი უთრთოდათ, ერთმანეთს მძლავრად ებჯინებოდნენ, იატაკისკენ ძნელ გზას ეძებდნენ ჭროღა ვირთხები და აღსადგენლებს რაღაც მორუხოდ შეკრული ლორწო სხეულებშუა უსავსავებდათ. `გვრიტუნიებო, ახლა გაიგებთ, თუ როგორ უნდა სხეულს დაძაბვა, მანდედან ღონიერები გამოხვალთ, გვრიტნო, ვატერპოლოსთვის გამოგადგებათ~, _ დასძახოდათ რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი, _ ხომ კი გრძნობთ ძალას?... აი ვარჯიში, მესმის!~ კუნთებადქმნილი აღსადგენლები კი ერთმანეთს დაუნდლობლად აწვებოდნენ, სიცივე იდგა, სასოწარკვეთით ღრიალებდა ნორჩი ჯანკარლო, ვიღაც ერთი კი მთლად მოიმჩვარა, თავი ჩაჰკიდა, მაგრამ რექსაჩმა ზედ კეფაზე რომ დაახალა სლიპინა ტვირთი, კვლავ გონს მოეგო, გამწარებულმა, რკინის ფრჩხილებით ჩამოახოკა ვიღაცას ლოყა. `კარგნი ხართ, ყოჩაღ~, _ ჩასძახოდათ მძლავრად რექსაჩი.
... და მერე თუმცა ბესამემ აგურით დიდხანს იხეხა შერყვნილი ტანი, იარებამდე იწმინდებოდა, მაინცღა შერჩა საშინელი აის სისოვლე, შინ მიბრუნებულს კი რამონა სახლთან როცა დახვდა, ჭიშკრისა იყო, და რომ უთხრა: `ჩქარა, ბესამე, კონცერტზე არ დაგვაგვიანდეს~, ესღა იკითხა: `რა კონცერტია...~ `რა, აღარ გახსოვს? _ და საზეიმოდ გამოუცხადა: _ უკრავენ მოცარტს!~ ბესამემ კი თქვა: `ერთი მაგისი...~
რაღაც უცხო ხმა, ბოროტი, ჰქონდა.

13

რაც გინდა იყვე, თუნდაც _ ფანტასტი, ადამიანი მაინც გინდა და, კასერესაზე მიმოწყენილ აფრედერიკ მეს შუაღამობით იქ აღარავინ ეგულებოდა, დაგვირჩა მარტო.
ბორცვიდან ქვემოთ ქალაქი ჩანდა, ცოტათიც ჩვენი... სრულიად ღამე გადაჰფარვოდა, მხოლოდ აქა-იქ თუ მოსჩანდა წრიატა შუქი, ქუჩებში თვლემდნენ ბაცი ფარნები, მთელ ქალაქს გულის ძილით ეძინა, და ერთადერთიღა მიჯნურწაგვრილი ავაზაკი იდგა კუთხეში, გრძელ მოსასხამში ჩვილივი გახვეული, და ყოველ ჩქამზე დანიანი ხელი უთრთოდა.
მაგრამ ჩქამიც რომ რაა, არრაა, აი ისიც კი არ გაისმოდა, თუმც უთვალავი სამოძრავე რამ ძალიან ფრთხილად ეფრქვეოდა ყუჩად მდგარ ქალაქს – თოვდა კი, თოვდა...
უხმო ზმუილით დასწოლოდნენ შედედებულად მქისე ღრუბლები ალკარასს თავზე, სუყოველივეს განურჩეველი სევდით ათოვდა, იმ ადრიანად ჩამოწოლილ საღამოთივე ფანჯრებთან გასუსულად მიმდგარიყვნენ რიგირთი ალკარასელები, თოვას უმზერდნენ, ხოლო ფარნების სუსტ, უსულგულო სინათლეზეც კი ღონივრად ფეთქდებოდნენ სიბნელიდან ჩამოუშუქებელი ფიფქები და, იმ რუხად ცივი ღამის ბრალი თუ იყო ალბათ, გარეთ არავინ გამოდიოდა, მიმოფანტასტესი და ავაზაკის გარდა, ეჰ, დანაჩაბღუჯულმა იკითხოს, თორემ აფრედერიკს რა – უჩინარი გახლავდათ რაკი, ფიფქები სულაც არ ეყრებოდა, ჩასაფრებუსლ კი მხრებზე, თავზე, ბორცვებად ედო თოვლი – ქათქათა, შინიდან ამოდ და იისფერად საცქერალი, სინამდვილეში – თეთრზე უფრო თეთრი, ცივზე მეტად ცივი... გარეთ არავინ გამორბოდა – ბავშვებს ეძინათ, გუზგუზა ცეცხლთან კი გოგო იჯდა, ბუზრის რამონდა, და აუარება მუქარიანად ხტუნია ჩრდილი, მრავლად ტეხადი, დასთამაშებდა მას.
ასე განსაჯეთ, ვისზეც ფიქრობდა სითბოს რამონა თუმცა ყელამდე წყალში იყო, არა სციოდა – ძალუმი ცურვით გახურებული აღსადგენლები აუზის კიდეს ორთავ ხელით ჩასჭიდებოდნენ და ისვენებდნენ, მათი რექსაჩი კი იგავ აუზის იგავ კიდეზე მიმოდიოდა, და ტლანქლანჩება მძიმე ჩექმებით მუსიკოსების თითებზე მძლავრად დააბიჯებდა – თან ამტანობას უვარჯიშებდა აღსადგენლებს და, არიგებდა თან:
_ თვით ცხოვრებაა ვატერპოლო, თვითონ ცხოვრება, დაყოველი მოქალაქის მთავარი მიზანი რადგან ისაა, ცხოვრებაში რომ გამარჯვებული გამოვიდეს, გამარჯვებული კი ისე ვერ გამოხვალ, სხვას თუ არ დაამარცხებ და სხვა რომ დაამარცხო, ათასნაირი ხერხი და ხრიკია საჭირო და ამეებს კი ვატერპოლოზე უკეთესად სხვა ვერაფერი შეგასწავლით, გვრიტნო.
მიმოდიოდა, ვისმე თითებზე შედგებოდა, შეჩერდებოდა; მიმოდიოდა.
დაუნდობლები უნდა იყვნეთ, ჩემო კარგებო სხვას თუ დაინდობ, ის არ დაგინდობს და ის არ სჯობია შენ არ დაინდო, შოშიებო, ჰა?!
ცეცხლისპირს ეჯდა გაღვივებული, მშრალი რამონა, მაგრამ რაღაცა ზედმეტად ავი უციებდა გულს – ცუდი რამ საქმე თუ ხდებოდა სადღაცას, სადმე...
_ აიშენ, გენაცვა, და კიდევ შენ, შენ ჩემო თაჰო, შუაგულისკენ გასცურეთ... ასე, ახლა კი, ჩემო ტკბილო ჯანკარლო, შაქარყინულოვ, წყალში რამდენადაც კი ამას შესძლებ, განზე მძლავრად გაიქნიე ფეხი და სანუკვარ თაჰოს მუცელში წიხლი ჩააჭედე. ქუსლით აჯობებს.
_ ჰა... ძიავ, რატომ?
_ ქუსლით უფრო მტკივნეულია.
_ არა, ბიძიავ, ქუსლი რატომ უნდა ჩავაჭედო-მეთქი?
_ და რატომ არ უნდა ჩააჭდო, ვთქვათ? _ წყნარად კი იკითხა აღმადგენელმა, მაგრამ ახლო-მახლონი მშვენივრად მიხვდნენ, შიგნი-შიგან რომ ფრიად დაძაბული გახლდათ, ხოლო ჯანკარლო ცოტათი შორს დატივტივებდა, თქვა:
_ ამხანაგია.
_ ამხანაგს მოგცემ შე უზრდელ-ბრიყვო, ისეთ ამხანაგს!, ვირიშვილო შენ! _ აქ კი იფეთქა რდჟრ-აჩმა, _ ვატერპოლოში ამხანაგობა ვის გაუგია! დაუნდობელი უნდა იყვნეთ, ამდენს ტყუილად ვქადაგებდი? არ მოგეწონა, ხომ, ერთის თქმით ეს ჩემი მოწოდება, ჯანკარლო, ტკბილოვ?.. მაშინ, ჩემო ერთგულო და სათნოვ, თაჰო, შენ ჩააჭედე მაგ ტუტუცს ქუსლი, თანაც ისე რომ, ტკივილისაგან გორგალად იქცეს. ხოლო თუ, თაჰო, ამას ვერ შესძლებ, _ ჭროღა მუქარა გამოერია ჩახლეჩილ ხმაში, _ აიმ ოთახში მარტო შეგაგდებ, ხელ-გეხს შეგიკრავ, მთელ ტანზე ქონებს მოგისვ-მოგისვამ და იმ მოშიბეულ ცუგრუმელებს მრავლად დაგაყრი, ძალიან მრავლად, გამიგე, თაჰო?, ჩემო ძვირფასო, ო, ალმა მია?
ჯანკარლოს მოკლე გმინვა აღმოხდა, პირი დაეღო, სუნთქვა უჭირდა, მერე კი წყალში სახე ჩარგო და გამწარებული იკრუნჩხებოდა, და როგორც იქნა და აღიღო თავი, მოითქვა სული, ბესამეს თითებზე შემდგარმა რექსაჩმა ცბიერად ჰკითხა:
_ ხომ ამხანაგი ყოფილა? თუ – არა?
_ არა, _ თქვა ჯანკარლომ, თვალები ცუდად უელავდა.
_ არაო, თაჰო, ხომ გესმით, ბრიყვო? ერთიც მიართვი...
და მეორედაც სანახევროდ ცნობაწართმეულ ჯანკარლოს, შურისძიებით ავარვარებულსა და გამწარებულს ისე, მუცელს იხოკდა, კვლავ დაეკითხა:
_ ამხანაგიო, ამხანაგი... ჩიტო, ყოფილა?
_ არა.
_ სრული პასუხი და, დაგაჯილდოვებ.
_ არა ყოფილა, ჩიტუნელა ბიძიავ!
_ კარჰია, ყოჩაღ... ახლა, ძვირფასო, შენი რიგია – ამ ჩვენს ნაზ თაჰოს, ყოფილ ამხანაგს, ერთი ლამაზი კარგი წიხლი უნდა უბოძო. _ და ყურის უკან მიიდო პეშვი: _ რითი აჯობებს?
_ ქუსლით, სენიორ.
ჩასაცმელში კი, ვიდრე თაჰო საბოლოოდ მოვიდოდა გონს, საცვლისამარა აღსადგენლებში ჩიტუნელა-ძიო დინჯის ნაბიჯით მიმოდიოდა, ირიგებოდა თან:
_ აჰ, ცხოვრებაში რაღა არ ხდება, მძლავრი ოჯახის მახინჯი შვილი ცოლად დამისვამს და – არ მყვარებია. ფულებს ვცინცლავდი, ამისთვის კი აი, იმისი გამხიარულება იყო საჭირო ალმა მიებო და, მუხლებზე ნაზად დავისვამდი, ვუღიტინებდი, აი ესეც კი ცხოვრებაა საგამრჯვებო, გაცრეცილ ტუჩებში თვალდახუჭული მაგრად ვკოცნიდი და იმასაც, სულელს, თვალები ვნებით დაეხუჭა, ფისუნიასებრ კრუტუნებდა და იმისი ფული კი იმის ჯიბიდან ჩემსაში კოხტად გადმოდიოდა, გავაგდე მერე.
ააი, ასე ირიგებოდა აღსადგენელებში რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩი, გარეთ კი – თოვდა... შენ მატყლის მსხვილი ხელთათმანებით გიტარზე თუ დაგიკრავს, კარმენ? აჰ – ალბათ ვერა... შენ აგვისტოსი შვილი მგონიხარ, რაღაც ყავისფრად ჩახურებული და მესაწნეხლესავით ფეხშიშველი, მკერდმოღლეტილი – თან... ფლიდო, აშარო, ძვირფასო, კარმენ, რაღაცა გქონდა ისეთი რომ, ძლიერ უყვარდით. რაღაცა გქონდათ, აკი ვამბობ, ოღონდ – თვალებში... დაუდეგარო, მზაკვარო, ანცო, შენი გულისთვის ვინმე პოლკოვნიკს დაბანილ ყელს რომ გამოსჭრიდნენ, აბა მითხარი, იმავ საღამოს კოცონთან რაღა გეცეკვებოდა, ჰა? ის, ესე იგი დაწინაურ-აწინარეულ-ჩინმენდლებიანი პოლკოვნიკი მავან რიგითი ჯარისკაცივით უბრალოდ ეგდო, შენ კი, ორპირო, ცრუვ, გაიძვერა, ისე ცეკვავდი, ვითომც და აქ არაფერი. მერე, რა კარგად... რაღაცა გქონდა ემაგ თვალებში, რაღაც კი არა, მოთ, ყურში გეტყვით: თა... მიხვდით?.. თა-ვი... ვერა?... თავის... მაინც ვერ მიხვდით? თავისუფლება ედგა კარმენს დიდრონ თვალებში, ამხანაგებო! აი, ისეთი, ანდალუზელნო და საერთოდაც ყველანო, ძმებო, ცუდს და მიშვებულს რომ ეძახიან, ვთქვი მეც კი, რაღა, მიშვებული-თქო, თავისუფლება მიშვებული გახლავთყე ყველა, და აი ისეთიც, კარმენისებრი. მაინც კარგია... შეუზღუდველი იყავი, კარმენ. თავისუფლება თვალებში გედო, და არასოდეს წვეთწვეთობით არა გცვიოდა, შეუზღუდველი იყავ-მეთქი და განა შესძლებდი მატყლის მსხვილი ხელთათმანებით იმა ნატყვიარ გიტარაზე ნებაზედ დაკვრას? აჰ, არა, ვერა – ერთ სიმს რომ ნეკას ამოჰკრავდი, მეორეზედაც უნებურად წამოგდებოდა, შეგეჭმუხნებოდა ვერაგად თლილი სატყვიე შუბლი, აჰ, რა წამომცდა რახან მიყვარხარ, ისევ სცდიდი და გაბრაზებული გაიქნევდი თავს, ცალი საყურე აგიხტებოდა, მერე კი, ბოლოს, განრისხებული წაიძრობდი რეგვენ ხელთათმანს და იმ ბუჩქებში მოისროდი, ხანდახან შენც რომ ემალებოდი ფხიზელ მესაზღვრეთ და არხეინად შესძლებდი დაკვრას, მაგრამ რა ექნა ერთ საბრალო ბიჭს, ბესამე კაროს, გაუხეშებული თითებითა და მძლავრი ფილტვებით მკრთალ ფლეიტაში მიძინებულ ვერცხლა-ჯადოქარს რომ ვეღარ სწვდებოდა? უროთი ჰაერს ვინ გამოსჭედდა? მთვარისმიერი ყმაწვილის მეტი... მაგრამ ბესამე მთვარის კი არა, ჩიტუნელა-ძიოსი და წყალქვეშა ფარულად შეხლა-შემოხლის მებრძოლი იყო – აჰ, ვატერპოლო, იმდროინდელი, ალკარასულას განუწმენდელ, მუქმღვრიე ბნელში... აღსადგენლებს აუზის მცირე მონაკვეთში განათავსებდა ლოდკაც რექსაჩი, ირიგებოდა, თან:
_ აბა, ჯანკარლო, ბესამესკენ ზურგით შებრუნდი, ძლიერ უწყინრად იტივტივე, ახლა კი უკან ღონივრად გაუქანე ფეხი, რომ არ შეგეტყოს, ისე, გაუქანე, ხომ? ბესამევ, ტკბილო, ფეხი დაუჭი და ისე სავსებით მაგრა უჩქმიტე, გულ-ბოყვი ჩასწყდეს, მერე კი, მაგის შეყვირებაზე ძალიან გაკვირვებით მიმოიხედე, დაბნეული ღიმილი აღიბეჭდე, ეგრე კი არა, შემხედე, კარო, აი, ასე... ცოტათი კიდევ გაიკვირვე... აიი, ასე. კარგია, ყოჩაღ. შეისვენევით.
გამოგონების დიდი ნიჭი და მარიფათი ქჰონდა ჩიტუნელა-ძიოს:
_ გვრიტუკავ, თაჰო, ო მაი დარლინგ, აბა კარგად დამიგდე ეგ ვირის ყური. იცოდე, ფისოვ, სახეზე უმწიკვლოება გეხატოს უნდა, შენ კი, სისკო, დროებით დაუთმე კანჭი. ძვირფასო, თაჰო, აბა ახლავ შემოაჭდე ემაგის კანჭს ორთავე ფეხი და გულით ეცადე, გადაუმტვრიო... კარგია, კარგი, გეტყობა, რომ პატიოსნად ცდილობ, მაგრამ ეს არ უნდა გემჩნეოდეს, არადა, სხვაფრივ თითქოს შეუძლებელია და, ამისთვის თუ იცით, ო, ალმა მია, რაა საჭირო?
თუ არ ჩავთვლით ღრიალს `აიღე ფეხიი!~, სიჩუმე იდგა.
_ ვერ იცით, არა? შოშიებო, ვერ ხვდებით, არა? ვერც შენ, მონ ჰუან? რა ბრიყვებია... რა და, თაჰუნავ, ოთხგზის რეგვენო, ვითომცდა წყალი ჩაგეყლაპა და ხველა ასტეხე ისეთი რომ, მსაჯულებს ეგონათ, ვითომ მართლა იხრჩობი ხველებისგან და თან გამწარებულმა იყეფე და ჰამაც აკეთე ეგ შენი საქმე.
აჰ, ისე კოხტად, ისე მშვენივრად იხველებოდა თმახშირი ტახო, მაგრამ სხვა კიდევ აღსადგენელი რადგან ყვიროდა: `ვაიმეეე, დედააა!!, მიშველეე, დედააა!!~, აღმადგენელს ისე უკვირდა, სრულიად აუზს მოავლებდა თვალს: `ფრნცსკავ, ძვირფასო, სადაა აბა მე შენი დედა?~
`უჰჰუუ, კარტუზო...~ _ გამწარებული გაიფიქრებდა ბესამე კარო, კარტუზო ეგებ თქვენც კი გახსოვთ, ბაბილონია, ჰისტორიისა მიმომასწავლე, ძველებურადვე მირიკრიკებდა მისი ცხოვრება, მაგრამ ერთხელ კი უსიამოვნება რამ შეემთხვა, თანაც დამლაგებელი ქალის, წარმოგიდგენიათ? – გამო. აიასე მოხდა: კარტუზო შესვენებაზე გასულ მოწაფეთა ჯიბეებს ათვალიერებდა, ამ დროს კი დამლაგებელი შემოვიდა და იკითხა: `შეიძლება, აქაურობა დავხვეტო?~ მსუქანი, ჯანსაღი ქალი ჩანდა. მოხუცი არ იყო. მახინჯი არ იყო. კარგა გემრიელი ქალი იყო. თანაც გულისპირი შეკრული არა ჰქონდა, არამედ ძალიან გაღეღილი ჰქონდა. `კი, როგორ არა, _ ჰსთქვა კარტუზომ და ხელისგულით ჰაერი გულზე შეიფრქვია, _ რამდენიც გნებავთ~. `რამდენიც მნებავს, სენიორ?~ `დიახ, _ ყოჩაღად მიუგო კარტუზომ, ძალიან კარგად ეჭირა თავი, არც დაუსლოკინებია და არც არაფერი, _ და რამდენსაც უფორ მეტს დაგვით, მით უკეთესი~. `რატომ, სენიორ?~ _ იკითხა ქალმა, გაღეღილ საინტერესო ადგილას ოთხი თითი მიიდო, ცერი შემალული ჰქონდა, ცელქი აღმოჩნდა ისიც. `იმიტომ რომ... _ წამოიწყო დასაბუთება კარტუზომ, _ რაც დიდხანს დარჩებით, მით უკეთესი~. `ოოჰ, სენიორ, თქვენ ეს რანაირი ყოფილხართ, ჰაა?!~ _ წამოიძახა ნასიამოვნებმა ქალმა. კარტუზოც ნასიამოვნები იყო ამ მომცრო-არშიყულ შეხლა-შემოხლით, საქმე საქმეზე რომ მიდგარიყო, დიდი იმდენი არაფრის თავი არა ჰქონდა, მაგრამ მაინც – კარგია, მსუქან ქალთან, ხანდახან, სამ-ოთხ-ხუთ სიტყვა... გაღიმებულა მიმოიხედა და აქ კი შეცბა: ზედ შუა ზღურბლზე აღმართულიყო მერგრეტ ბოსკანა, ჰერცოგიდან რატომღაც ნაადრევად გამოშვებული, ძლიერ მრისხანედ შეცქეროდა და კარტუზო დაფრთხა: `რა იყო, მერგრეტ, ხომ მშვიდობაა?~ `ეს ცოცხიანი ჯერ მსწრაფლ გავიდეს!..~ `გათახსირებულო, _ პირში უთხრა მერგრეტმა შემდგომ, _ რომ დაგიყვლეპია ეგ თვალები და ვიღაც უბორშჩიცას შესციცინებ და თანაც დნები, რომ არ დაგავიწყდა, ვისი რჩეულის ქმარიცა ხარ, ვიგინდარა შენ!~ `კარგი რა, მერგრეტ, ეს მაინც რამ გაფიქრებინა, აბა რას ამბობ? _ და აქ კარტუზომ გულზე მიიდო ხელი, _ მე და... ასეთი რამეები?~ `კაცები ერთი ოხრები ხართ ყველა! _ კვლავ მძვინვარებდა მ. ბოსკანა, _ თქვენ ოღონდ ქალი დაგანახათ და...~ აიი, ეს კი გულს მოეფონა ჩვენსა კარტუზოს, კაცად ჩასთვალეს, და გამხნევებულმა მიმართა მერგრეტს: `კარგი რა, ჩემო ყვავილო, ამ ტყუილ-უბრალო გაბრაზებას და ქიშპ-პაექრობას ის არა სჯობიან, _ დაითაფლა ხმა, _ ლოგინში დავწვეთ და ვითამაშოთ?~ `კი, როგორ არა, ამ ახალ დაბანილზე მეტი საქმე არა მაქვს, დიახ! _ ფრიად ფიქრობდა მერგრეტ ბოსკანა, _ საცა კი გინდა, იქ ჩაწექი და შენით მარტოკამ ითამაშე~. 
_ კარგი რა, მერგრეტ...~ _ კვლავ წამოიწყო ბაბილონიამ, მაგრამ სათქმელს ვეღარ მოაბა თავი, ფანტაზიისა ნიჭი არ მოეძევებოდა, იგი ხომ მკვეთრად განსხვავდებოდა რექსაჩისგან, ვისაც რომ, დიახაც რომ, როგორც ზემორეთ უკვე აღვნიშნეთ, ლაზათიანი გამოგონების შნო, უნარი და მოწოდება ისე-უბრალოდ კი არა და, არამედ ნიჭიერულად გააჩნდა, ჰქონდა:
მთელი დღის მშივრებს, კვლავ წყალში ჰყრიდა, აუზის პირას მაყალს კოხტად ჩაახურებდა, ზედ გააწყობდა ცვრიანი ხორცით დამძიმებულ შამფურებს, ველურად ამო ქონნარევი კვამლი მზაკვრად ცურავდა სააღმადგენლოში და მევატერპოლნეთ შემპარავად სთავაზობდა მასწავლებელი: `შოშიებო, ჰეე, ვინც თუ რომელი სხვას ყოფას უტირებთ და სახეზე კი ეს არ შეგეტყობათ, მწვადისა ლუკმას მიიღებთ პირში, გვრიტუნიებო, ხომ გაწყობთ, ჰაა?~
და იმა კვამლის გამოისობით წყალში სურვილით მთლად ბუსუსდაყრილ აღსადგენელებს, მზერაარეულთ, ნერწყდადენილთ, ერთმანეთისა ბრაზი აღრჩობდათ, ავაზაკურად მიცურავდნენ ერთმანეთისკენ, `ავაიუუ!~, ღრიალებდა სუსტი ფრანსისკო, ხუანი კი გაკვირვებით იხედებოდა ირგვლივ, და ჩიტუნელაც არ ახანებდა: `შენ ყოჩაღ, ჰუან, მომიცურდი აქ~, და მწვადი ნაჭერს მაგრად დაფჩენილ პირში უგდებდა. ამასობაში ჯანკარლო სიმწრით აფართხალდებოდა, ტახო კიდევ – ძალიან მშვიდად ისწორებდა თმას, და იმასაც ხუთიოდ წამში ყოფილი ბურვაკის მხირე ნაწილი პირის მოშიებულ ღრუში ცხელ მალამოდ ეგულებოდა, `შენ ყოჩაღ, თაჰო...~, და ასე შემდეგ.
მისავათებულ, აუზის პირას მიმოყრილ აღსადგენლებში ლოდად ჩამდგარიყო ქვაკაც რექსაჩი, და შორეულსა არცთუ ისე, ყმაწვილკაცობას იხსენებდა: `მე ჩემი გუნდის კაპრალი ვიყავი მაშინ, ხოლო მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი გუნდის კაპრალი იყო? _ აჰ, მტრისას, მტრისას... რაიმე უნდა მეღონა, თორემ ყველას თავფეხიანა ჩაგვახრჩობდა გვადალკვივირის ნესტიან წყალში. შეხვედრისწინა მთელი ღამე რძისფრად ვათიე, მერე კი, გვრიტნო, გათენებისას, როდესაც ჩვენ, ადამიანებს, დიადი აზრები მოგვდის ხოლმე, ძვირფას რამეს მივხვდი, და იმავ დღესვე აღვასრულე: წესია ასეთი, ნიბლიებო, პაექრობის წინ, სანამ წყალში გადახტებიან, კაპრალებმა მსაჯულთა წინაშე ერთმანეთს მეგობრულად უნდა ჩამოართვან ხელი დამ ძმური ღიმილით მივუახლოვდი იმ პირქუშ კაპრალს, და როგორც კი ხელში ჩავუდე ძვირფასი ხელი, უცებ შევჰყვირე, ისე ძლიერ რომ, მაყურებლები ადგილზე შეხტნენ, იმ გაკვირვებულ ჯანსაღ კაპრალს მარწუხებივით ვუჭერდი თითებს, და თანაც, ვითომ, ჩემი ხელის გამოსაგლეჯად გამწარებულ რამ მოძრაობებს დამაჯერებლად ვასრულებდი, მთლად ვფართხალებდი, მერე კი, ვითომც იმან შემიშვა ხელი, მსაჯულთა ფერხთით გულწასული განვერთხე ვითომ და გონმოსული, აღშფოთებული დამსწრე საზოგადოების მრისხანე შეძახილები ატყდა: `სადამდე მივიდნენმ წყალში ჩასვლამდეც კი ვეღარ ითმენენ!~ მე კი, თავი ვითომცდა ძლივას რომ წამოვწიე, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და მთავარ მსაჯულს გულდაწყვეტილად, სუსტად, მაგრამ ყველას რომ მაინც გაეგო, ისე მივმართე: `რა ჩემი ბრალია, დონ მსაჯულო, ვიოლონჩელზე მაგაზე უკეთ რომ ვუკრავ, ძია სენიორ?~ და კვლავ განრისხდა მთელი დამსწრე საზოგადოება, ხალხი, და მსაჯულებმა აის კაპრალი თამაშის დაწყებამდე მკაცრად გააძევეს, მე – სააქიმო დახმარება გამიწიეს, კოხტად ვკვნესოდი, ყოფილი ხარის ძარღვებით გადამიხვიეს ვითომგვემული, ძლიერი ხელი, და თამაში უკვე გახურებული იყო, როდესაც მე, როგორც რომ ტკივილთდამძლევი გმირი, ისე ჩავეშვი გვადალკვივირის ნესტიან წყალში და დამსწრე საზოგადოება, ნაღები მთელი ვალენსიისა, ხალხი, ამტანობისთვის ტაში გრიალით მაჯილდოებდა, მე კი, კვლავ დაჩაგრულის უმწეო ღიმილით კეთილ სახეზე, აჰ, ისე მკვეთრად გავიქნევდი ფეხს, შიგ მუცელსა და უარესში! _ ერთი და ორი, მთელი იმათი გუნდი ბღაოდა, მე კი წყლის ზემოთ განცვიფრებით მეკავა ჩემი ერთი ვითომც მომჩვარული ხელი მეორეთი, მთელი დარბაზი აღშფოთებისგან ჰქუხდა და ჰქუხდა: `რაა, მსაჯულნო, რას გადაეკიდნენ ყველანი ამ ბეჩავს, რეებს აღარა უგონებენ, მსაჯულნო, უუ! მსაჯულნოო, მეხაშეე!~ _ და მოხსნეს კიდეც შეჯიბრებიდან იმათი გუნდი. მე, წყლიდან ვითომც ტანჯვით ამოსულს მთელი დარბაზი მამხნევებდა, სულ ჰაეროვან კოცნებს მტყორცნიდა და მეფერებოდა, ყველაზე უფრო ლამაზმა დონნამ უძვირფასესი თავსაბურით გადამხვია რკინისა ხელი, და კიდევ უფრო გამახარა იმავ ღამით, ასეა გვრიტნო, რომელი დიდი მოსაზრება დარჩენილა უჯილდოოდ და დაუფასებლად, უნდა ეცადოთ ათასნაირ ხრიკს, ხომ ხედავთ, როგორ კარგად მაცვია, რა ბეჭდები მაქვს, ის ნაკაპრალარი კი, ახლა ალბათ სადმე თხრილში გდია, რადგან გალოთდა~.

ერთ-ორ-სამ-ოთხ – გადიოდა დრო.

14 

უი ჰო, მართლა, აფრედერიკს სულ დაავიწყდა – აუზის ახლოს, მინდვრად გაშლილ მწვანე კარვებში ჭამდნენ, სვამდნენ და იძინებდნენ აღასდგენლები: ცხოვრობდნენ, რაღა. ქვაკაც რექსაჩმაც იქვე დასცა ლურჯი კარავი, შესამოწმებლად მოდიოდა ხანდისხანობით, ღამესაც იქვე ათევდა ხშირად, რადგანაც დიდად ქოფაკი სიმამრი ჰყავდა, ხოლო მას, რექსაჩს, დაბალი და ჩასქელებული, წვივებმრგვალი ქალები უყვარდა და ჰყვანდა.
და გამორჩეულ ღამოღამობით, რომ მიწყდებოდა ლოდკაცის ოხვრა, ქშენა და წამოკვნესანი, თავზარდაცემულ, უფრო მეტიც _ თავზე ხორცდასხმულ აღსადგენლებს, ჰოი, რაღა არ უტრიალებდათ ამღვრეულსა და აჭრილ რძისმაგვარ ფიქრებსა და მოძალებებში და, სულგაკმენდილნი ყურს უგდებდნენ შორეულ ტახოს, რომელსაც რომ ვიღაცა გოგო რაღაც-რაღაცებს აბედვინებდა:
_ მერე მე იმას... _ ჩურჩულებდა ბნელეთში ტახო, _ მერე მე იმას ზემო ფეხებში ვსტაცე ხელი...
სიჩუმე, იდგა!
და ბოლო-ბოლო, ძლივს ახერხებდა დაგუდულად შეკითხვას ჯანკარლო:
_ ხოლო იმან რა თქვა...
_ იმან არაფერიც არ თქვა, იმან მარტო თქვა _ `აჰ!~
_ და არ გაგარტყა? _ შეცბა ფრანსისკო.
_ არა. პირიქით.
კარვებთან შორიახლოს, ჩაჟამებული გომური იდგა, მორუხო ხავსით გამოჭმული, მოქმედი იყო – იდუმალ ხმოვნად ედებოდა გასაბზარ ღამეს დათვდასიზმრული ძროხის ბღავილი, სიოს კი, ვითომც სუსტსა და ფაქიზს, მორცხვულად უკმეხს, იქითა მხრიდან დროდადრო ნაკელისა და შმორის წელადი, უხამსოდ მოტკბო სუნი მოჰქონდა.
სხვა რამ სურნელი ტრიალებდა კასერესას მადლიან ბორცვზე, მაგრამ ბესამე იქ აღარ იყო, აღსადგენლებს ნასამხრალზე თუ გაატარებდა ალკარასის გარეუბნებში რკინკაც რექსაჩი. პაწაპუწოებს, მორჩილ-დამყოლთ, წინ ამაYად გაირეკავდა, დინჯის ნაბიჯით მიჰყვებოდა მოწაფეთ ფარას, იმათ რცხვენოდათ, ხოლო რექსაჩი გზადაგზა ნაცნობთ თავს უკრავდა, ზოგს – ღირსეულად, ჩავლილ ქალებს კი ერთ ადგილას მიადევნ-მიაწებებდა თვალს – ჩამავალი მზის ირიბ სხივებში, სეირნობდემ, აჰ... მაგრამაც ერთხელ, წაბლის ყიდვისას, ფრიად უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ – ამაზრზენი რამ ღრენა მოესმათ, მიიხედეს და, ადამიანი იყო, ოღონდ ზედმეტად კუთოვანი, თუჯკაც რექსაჩიც მთლად აიწურა, საღი კბილები გამოაჩინა, მოიხარა და დაუნდობელი ნახტომისათვის განემზადა, ისიც, უცნობი ორფეხი, მორკალული და თმა-წარბ აშლილი, ძალიან ავად იღრინებოდა, და აი ასე შესცქეროდნენ ერთურთს, მაგრამ რექსაჩმა მაინც იმარჯვა, ძალუმი თვალით მაინც გატეხა იმისი მზერა, და შედარებით სუსტი ღრენით სულ უკან-უკან ნელა გაბობღდა აის უცნობი, ქუჩის კუთხეც და – მიეფარა თვალს, ბალღებმა შვებით ამოისუნთქეს, ხოლო ფრანსისკომ, მთლად წამხდარმა, როცა ხავილით ძლივს იკითხა: `ვინ იყო, ძიოვ...~, რექსაჩმა დიდის თავმოწონებითა თქვა:
_ აი ეს ჩემი საუკეთესო მოწაფე იყო.
სეირნობა რა, _ თავი და თავი, ვარჯიში გახლდათ. ფიტულებიან ოთახებში ყოფნას უმატეს, თოკზე ჩამოკიდებული, მიმოქანავე აღასდგენლები ფიტულს როგორც კი გაუსწორდებოდნენ, სათუო მკერდში, ყელსა თუ მუცელში უნდა ეგლიჯათ მონდომებული ფეხი, `კარგია, ჰუან, ცხოვრებაში არ დაიკარგები... ასე განაგრძე, ჩემო თაჰო და, ცხოვრებაში კაცი გამოხვალ... ჯანკარლოვ, ტკბილო, დღეს არაფერი გიჭამია, ჩვენ შენი დედა?.. ფრანცსკავ, ძვირფასო, დღეს ვირთხებიან სენაკში შეხვალ... ასე, ჯანკარლო, ჰოო, სწორედ ასე... ახლა პირდაპირ აუზში ჩახტით~.
`აბა ჰე, თაჰო, ფრანცსკას მუცელში წიხლი ხეთქე, თანაც კი თავზე უწყინრად გადაისვი ორივე ხელი, ვითომ თმას ისწორებ, არა გაქვს თუ რა... კარგია, ასე. ჰუან, ძვირფასო, ფრანცსკას ერთი ისეთი ლეწე ყელში, ღრიალი წამსვე რომ შესწყვიტოს... ჰოო, ახლა კი, არხეინად მოიხოცე ეგ ღორის ცხვირი, ვითომც მსაჯულის გაფაციცებას სულაც არ ელი, კარგია, ჩიტო... კაროვ, ძვირფასო, ჩაყვინთე და ფრანცსკა მოძებნე... კარგია, ასე, ამოიყვანე, ცოტა ხანს ეგდოს. ვირი კოჭლობით არ მოკვდება~.
`ახლა ტყორცნები, გვრიტუნიებო. თაჰოვ, შოშიავ, შე დამპალო, აბა სად ისვრი, ემაგ ბურთში ხარ გასატარები, მე შენი დედა და დეიდები! ჰუან, შენ ყოჩაღ...~
ხოლო ერთხელ კი სასომიხდილმა ფრანსისკომ, რომელიც რომ შეძლებული ოჯახიდან იყო, რ.დ.ჟ. რექსაჩს გიშრისთვლოვანი ბეჭედი და ლარნაკი რამ უცხოდ მოხატული, მოუტანა და გაუწოდა.
_ აბა ეს როგორ შეიძლება, უხერხულია, _ აღნიშნა ჩიტუნელა ძიომ და ბეჭედი თითზე გაიკეთა, ლარნაკს კი გული ჯიბეში ჩადებამდე დააკვირდა, ატრიალა, _ სადაურია, შვედურია?
_ იაპონურია.
_ მაინც კარგია, საღოლ.
,ერე, სხვებს უთხრა:
_ ფრანსისკიტოს დღეის ამას იქით რომ ვინმემ ფეხი ახლოს, თავს ძირში მოვჭრი.
`ჰუან, შე ვირო, ჩემო ნიბლიავ, როგორ წაგართვა ჯანკარლომ ბურთი, ფრანსისკოვ, მიდი, ჩემი ბიჭი და, ჯიგარში ლეწე. კარგი ყოფილა ფრანსისკოს წიხლი, ჰჰუანსიტო? ჰა?~
`ჯანკარლოვ, ბნელო, ვარსკვლავბიჭუნავ, საით მიცრუავ, რომ დაგიდია ეგ ქათმის ტვინით გამოტენილი ფუტურო თავი, ახლავ ამოდი აუზიდან და წყლის პირას წაკუზული დადექ. მოდი შენც, ჩემო ტკბილო ფრანსისკო და პანღური უთავაზე კოხტა-ისეთი ერთი, პირიდან ენა გამოვარდეს. კარგია, ასე~.
_ აეს რაღაა? _ იკითხა რ. დ. ჟ. რექსაჩმა და უცნაურად მუსბუქ ლამბაქსა და ფინჯანს ისე დაადგა მახვილი თვალი, კიღამ გაბზარა, _ უხერხულია. იაპონურია?
_ ჩინურია, _ უთხრა ჯანკარლომ, _ დედამ თქვენთან გამომატანა. და ესეც, ქოლგა. 
_ ესეც ჩინური?
_ დიახ, ბიძიო.
_ უხერხულია, ძალიან კარგი. რაღა დღეს არ წვიმს.
`ჰუან, დამპალო, ეგ რანაირი გაუშვი ბურთი, ააბათ, ჩემი ბიჭები, ფრანსასკო და ჯანკარლო, ჰუანს აქეთ-იქიდან აუტივტივდით და იმდენი ურტყით, სანამ ფეხები არ დაგცვივდებათ~.
_ სადაურია, ჩინურია?
_ არა, ბიძიოვ, გერმანულია.
_ კი მაგრამ, ჰუან, სად იშოვე ასეთი კოხტად ლამაზი სურა?
_ გვქონდა, ოჯახში.
_ ხომ ვერცხლისაა?
_ დიახ, როგორ არა, კი!.. დიახ.
_ უხერხულია; სერვანდაზე დავდოფ.
`ფუნის ხევ, თაჰო, რამდენჯერ გითხარ, წყლიდან მშრალი ნუ ამოხვალ-მეთქი, აბა, ბიჭებო, ჩემო ფრანსისკო დ ჩემო ჯანკარლო და ჩემო ჰუან! ეგ ბანჯგვლოვანი შუაში კოხტად გამოიჭირეთ და...~
ძაან საწყალი მშობლები ჰყავდა, გაფხეკილები იყვნენ, მაგრამ ტახომ თავისით იმარჯვა – ორ სოფელს გასცდა ბნელი ღამით და, გათენებისას, მობრუნებულმა, აიმ გომურში რ. დ. ჟ. რექსაჩს სამმაგოვნად ვრცელ სახელზე დამაკებული ძროხა მიაბა.
... ბესამეს ერთხანს ღაწვის ფხანვით დასცქეროდა აღმადგენელი. მერე ასე თქვა:
_ მე კარო-მარო და ძვირფასები სულაც არ ვიცი. აბათ, ბიჭებო, ჩემო ჰუან, და ჩემი თაჰო, და ჩემო...
ოთხ აღსადგენელს მღვრეი წყალში ოთხივ მხრიდან მოემწყვდიათ ბესამე, კარო. და დაგვემილი, იმავე ღამით, ბუჩქებში თავქვე ჩახერგილი, ატირებული, თავისი უნებური დანაშაულის გამოცნობას ამაოდ ცდილობდა:
ქურდობა – ეს ხომ ცუდი გახლდათ; არადა, სად რა ეგულებოდა, ან საიდან რა მოეტანა, ობოლი იყო. 

15

აჰ, ფანტასტიკის ნება არ არი?! _ ოთხი სამი თვე ისე გავიდა, როგორც რომ ვითომ არაფერი.
ეს აქ, ქაღალდზე, თორემ ისე, სინამდვილეში, ჰეეე, ოო... _ საწყალ ბესამეს, უმცროსთა ჯგუფის სხვა დანარჩენი აღასდგენლები რექსაჩის მითითებით თავ კი არა და, თავს ქვემოდან ესხმოდნენ და, იმასაც, ბეჩავს, რა დარჩენოდა – ისედაც სხვებზე სწრაფად ცურავდა, დაუკეთესი კიდევ უფრო, მღვრიე წყლისა კვეთა უნდა ესწავლა, მაგრამ ხანდახან ისეც ხდებოდა, სადმე კუთხეში გამოიჭერდნენ ხოლმე და მიმწყვდეულს, ოთხი წყვილი ხელი და ფეხი შეძლებულთაგან და მპარავთაგან სასჯელად ჰქონდა. აქ ტირილი და ხვეწნა-კვნესა რომ ვერ გასჭრიდა, ხვდებოდა ბესამე, თვალები ავად უელავდა, ვისიმე წვივს თუ დაიჭერდა, იმ უნდო ხორცის ამოფლეთა სურდა ხოლმე და, იმ აუზის გაწებილ ჰაერს ბესამეს გარდა სხვა რომელიმე აღსადგენლის ყოვლად ძლიერი შებღავლებაც აჯანჯღარებდა.
გრძელ ღამეობით, სხეულში მუდამ ალაგ-ალაგ ჩალეწილსა და დალურჯებულს, უმოწყალოდ ნაგვემს, თავის გატანის მკვეთრი სურვილი არ აძინებდა ბესამეს, ღრღნიდა, ცხოვრება, ვითომ, სწორედ ეს იყო, ეს ვატერპოლო?!. არდანდობა და, გაუტანლობა? ტახოსგან მაინც, იმ ზედმეტად მძლავრ წიხლებს არ მოელოდა – აკი მანამდე ერთ მერხზე ისხდნენ... მერხი არა, ის. და როგორმე რომ გადარჩენილიყო, ნაამხანაგრებს ჩახრჩობამდე რომ არ გადაექელათ, რა, რა ეღონა, რა უშველიდა ნეტავი ობოლს... და არც თუ ისე მოგვიანებით, მიხვდა: რა და, ძალა და, სიმძლავრე უხ, და, თანაც, რაც მთავარია, აჰ, სითვალთმაქცე – ისეთი ტკბილი და გემრიელი, და აკრძალული ცხოვრებაში ვითომცდა, ხილი.
დღითა თუ ღამით, ნაშუადღევს ან საღამოთი, ანდა სამხრობით, გინდაც რიჟრაჟზე, თუკი ეღვიძა, ბესამე მუდამ ღონეს იკრეფდა. რომ შესძლებოდა უფრო მწარედ ვისიმე ჩქმეტა, იმ სამი თითით, რომელბითაც რომ სოფლის პატარა ეკლესიაში კვირ-კვირაობით პირჯვარს იწერდა, ახლა გომურთან, თუკი არავინ უყურებდა, ხის კედელში თითისტოლა ლურსმანს თითქმის ბოლომდე აჭედებდა და, პირმოკუმული, დაძაბული, იმ სამი თითით დიდად ურჩ ლურსმანს უკანვე თრთოლვით ამოაძრობდა ხოლმე; აჭედებდა კვლავ.
მოზრდილტა ჯგუფის ჯერაც უხილავ აღსადგენლების მძლეთა-მძლე გრგვინვა აუზიდან თუ არ ისმოდა, გვიანი ღამით შეიპარებოდა ხოლმე და, რისხვიანად დაცურავდა იქ. დიდ ქვებს ათრევდა აღმართებში; ორად მორკალულს, გაუგონარი სიმძიმე აწვა, და მაინც, მაგრა, დასაცემად არა დრკებოდა. ლოდს დათქმულ ხესთან აზიდავდა, იქიდან – თავქვეზე დააგორებდა და, უტვირთო, მძლავრი, მხრებგაშლილი, ბორცვზე სუნთქავდა, ისე ღონივრად, ისე ძლიერ...
ერთ დღეს იყო და, მკაფიოდ იგრძნო, სხეულში რაღაც მომცრო თაგვები რომ ჩაებუდა, განსაკუთრებით, კიდურებში – მუშტს თუ ღონივრად შეკუმშავდა, და მთელ ხელს სიგრძივ დაძაბავდა, მაჯიდან მხრამდე, შიგნით, ხელში, რაღაც თაგვივით რამ მოძრავი, თაგვივით უხმო, ძაან ერთგულად აურბოდა – კუნთები იყო.
მაგრამ ის ოთხი აღსადგენელი, ჯგუფად შეკრული, ჯერხნობით მაინც ერეოდა და, უკანმიხედვით აწყდებოდა აუზის კედლებს ბესამე კარო, ხანდახან კი, მის დევნაში გართული მავანი სხვებს თუ გამოუსწრებდა, მოულოდნელად ბესამე მისკენ მთელი სისწრაფით გაცურავდა, და იმ სამი თითით ვაიდედამდე აყვირებდა. ამიტომ, უფრთხოდნენ, ცდილობდნენ, რომ სულ მუდამ ოთხად ყოფილიყვნენ, ესეეც – კვარტეტი. აქ აფრედერიკს, მიმოფანტასტეს, სწორედ კვარტეტზე გაახსენდა, რომ ერთხელ ჩვენი აღსადგენლები კონსერვატორიაში წაასხეს, იქ გამოცდაზე ურიგოდ შეუშვეს და ეგება გახსოვთ, კარტუზო-აღა, ბაბილონია, იყო ასეთი, ალკარასისა ყველაზე ნათელ შენობაში ბნელ ჰისტორიას ისწავლებოდა იგი, ბესამეს მუშტრის თვალით ახედ-დახედა და, ჰკითხა:
_ რომელი არის ადამიანის ყველაზე დიდი დამარცხება?
რა ჟამი დადგა? _ ბონაპარტისტი ბონაპარტეზე `დიადის~ თქმას ვეღარ ბედავდა – უხერხულია, რაც გინდა იყოს, სამშობლოს მტერი... მაგრამ კარტუზო შეუპოვარი რადგან იყო, `ადამიანში~ თავისთვის, გულში, ღრმად, `დიადსაც~ აკი გულისხმობდა და, შეუპოვრობა~ _ კარგია, არა? _ ასეთნაირად ახსენებდა. ის კი არა და, რთხელ ერთი მაღალი თანამდებობის პირი რომ გაიცნო, ისიც კვლავ მერგრეტ ბოსკანას (მის ცოლს ერქვა ასე) წყალობით, და როცა პირმა საკოცნელად უწყალობა ხელი, სენიორ კარტუზო კანის ნაცვლად ბეჭედზე ემთხვია, აი ასეთი გახლავდათ კაცი, სულ სხვაა მაინც, ესპანური ამაყად მიმოჩქეფარე სისხლი. ახლა კი, როცა ბესამეს აიასე ჰკითხა: `რომელი არის ადამიანის ყველაზე დიდი დამარცხება?~, ბესამემ განზე იქცია თავი, ფანჯარაში გაიხედა და ჩაილაპარაკა:
_ ვატერპოლო, სერ.
_ როგორ? _ იკითხა მონსენიორ-კარტუზო ეფენდიმ და ყური ხელისგულით მოიმარჯვა, რადგან სმენასთან ცოტათი მწყრალად ბრძანდებოდა, _ როგორა თქვი, ა?
_ ვატერპოლოო, სერ, _ დაასმინა თანააუზელი ტახომ. ისე იყვირა, ააწყდა ღილი.
_ რაღა თქმა უნდა, _ მთლად გაიბადრა პან კარტუზო, _ ვატერლოოა.
და იქავ დასძინა:
_ ძალიან კარგი, კარგოვანს გიწერთ. ორივეს. წადით.
_ მე ფრიადი მინდა, _ თქვა ტახომ.
აღსადგენელთა ნებისმიერ დუეტს უკვე თამამად უსწორდებოდა ბესამე კარო, ერთს რომ მუცელში ჩაასობდა ქუსლს, სხვას ყელში მძლავრად წაუჭერდა, და მეორე ხელით არხეინად ისწორებდა თმას, `კარგი, გეყოფა, ნუ დაახრჩე, შენი გაჩენილი კი არ არი, _ დასძახებდა რ. დ. ჟ. რექსაჩი, _ შენ რომ ვირი ხარ, ეგ ვირიშვილი კი არ არი, ამოდი, ჰუან, და დაისვენე~.
ტანთ რომ იხდიდა, თვალს გაოცებით უსწორებდა შეორთქლილ სარკეს – ვიღაც ამაყი, მძლავრი, მრისხანე, მძიმედ, გოროზად შემოჰყურებდა; რაღა რა ვიღაც, იეშმაკა რა, აფრედერიკმა, თავისი ჭკუით – ვიღაც კი არა, ბესამე იყო, სარკეში ხომ საკუთარი მოჩანს ხოლმე თავი, მარტოკა და პირდაპირ თუ დგახარ.
`ამოდი, ბიჭო, ეხლავე წყლიდან, არ გესმის, კარო?!! _ დროდადრო ასე დასჭექდა ხოლმე გრდემლკაც რექსაჩი, _ მე აქ მაგათზე პასუხსაც კი ვაგებ, ისე კი არ არი... ძაან გეტკინა, ფრანცსკავ, ჩიტ-გვრიტო?~
სიმართლე ითქვას?: ახლა მთელ ტრიოს ბესამე ისე უმკლავდებოდა, კიდეც ზოგავდა – დიდი ტკივილის მოლოდინით თვალდაჭყეტილნი, მოფართხალენი, ეცოდებოდა. თანაც, ბესამეს სხვა აღსადგენლებიდან მოშორებით, აუზის კუთხეში ავარჯიშებდა თუჯკაც რექსაჩი, სუყველას ერთად არიგებდა: `ააბა, გვრიტებო, გაიქნიეთ მძლავრად ფეხი და წამსვე სახეზე უნეტარესი, უსათნოესი ღიმილი მსწრაფლვე აღიბეჭდეთ, გესმით, ვირებო? ჯანკარლოვ, ტკბილო, აბა, ფეხი მონდომებულად გაიქნიე, თან მთელი შენი ნაბიჭვრული ძალით წყალსაც უჩქმიტე და უცებ სახე მიიღე ისეთი რომ, ვითომც მდელო და ფერად-ფერადი ყვავილები გიდგას თვალწინ, ნაკადდულები, ბულბულები, ხავერდოვანი ფარშავანგები, იასამანი, ერთი, მეორე, ნამდვილი თაფლი... ასე, კარგია~. ხოლო ერთ ისერა დღეს, გარეთ ცოტათი მოღრუბლულობა იყო, ჩია მუსიკოსის ჯერიც კი დადგა:
_ მოდი აქ, ჩხინკო, დამიგდევი ყური.
აუზის პირას მოკუნტული ბიჭი იდგა, ვიოლინოთი ხელში.
_ ხომ დადებითად მოასწარი გავარჯიშება?
_ დიახ.
_ სრული პასუხი, ღორის ბახალავ!
_ მე კარგად მოვასწარი მთელი ამ დროის განმავლობაში გავარჯიშება, ჩიტუნელა ძიავ.
_ მაშინ, სხვადასხვა რამეებში დამიკარი. ოღონდ კარგი და ძლიერ სათუთი, ჩემს ჯორებს შენს დაკვრაზე სპეტაკოვანი იერი რომ აღებეჭდოთ.
ნისლიან ჰაერს შეეჟღინთა ვიოლინის ხმა.
_ აეგ ვინაა?
_ ბახი გახლავთ, ძიოვ.
_ არ ვარგა, რაღაც მოსაწყენია, პროზაულია, _ აღნიშნა რექსაჩმა, იმასაც აკი ხომ ესმოდა რაღაც-რუღაცეები, _ სხვა დაუკარი.. აეგ ვიღაა?
_ ეს ბეთჰოვენი გახლავდათ, ძიოვ.
_ არ ვარგა, რაღაც ღონივრულია, მე კი ისეთი ჰაგები მინდა, ჩემს გვრიტუკოებს ვირის სახეზე უწყინარობა რომ აღებეჭდოთ. განაგრძე, შტერო. ეგ ვიღა იყო?
_ როსინის ერთი ჰანგი გახლდათ.
_ არც ეგა ვარგა. რაღაც ზედმეტად ჩიტირეკულია. აბა, ახალი... ეგ აკი უკვე მოვისმინე.
_ ეს ჰენდელია.
_ ეგ ხომ პირველად დაუკარი.
_ ის ბახი იყო.
_ ეგეც იმის პოლკის ჩანს, მოსაწყენია. სხვა ვინმე სცადე...
და ამჯერად კი რკინკაც რექსაჩი ნეტარებისგან ისე შეძრწუნდა, ლამის სულ დადნა და აუზის წყალს ჩაეღვარა, _ ოიი, აიი, უუ, გენაცვა, აეს ვიღაა, ნამდვილი ხმეცი?..
_ ეს მენდელსონი გახლავდათ, ძიოვ.
_ დიდებულია, აეგ რომელი ჰანგიდანაა?
_ მენდელსონის სავიოლინო კონცერტის დასაწყისი გახლავთ, სერ.
_ სერც მოგცემ მე შენ, ვირიშვილო, ჭირიმე შენი, აეგ დაუკა.
`აბათ, ბიჭებო, ძაღლისთავებო, ხომ გესმით ყურში რა ჰანგებია, რა ჯიგრიანი, გაინაზე ფრანცსკ! შენცავ, ჯანკარლო, ნეტარების დაიდე შუქი, ასე როგორი ძალიან კარგი ვიტამინებიანი მუსიკაა. ორმოცი კვერცხისძალიანიმ მწვანილით, რამე... ჰუან, თხის თავო, თვალებს შტერივით ნუ აპაჭუნებ, შე მაი დარლინგ, ო ალმა მია, გენაცვალე შენ, მზერა მინაბე... ბესამე, ბიჭო, ნეტარეული აღმაფრენისგან მაგრად დახუჭე ორთავე თვალი, მაგრად მომუწე საჭყეტელები, გეუბნები სენ! ასე, ძვირფასო, წარმოიდგინე ზეცით მომსკდარი ბედნიერება და უწყინარობა, ეგრე იყავი, იტივტივე, ბარაქალა შენ, ცხოვრებაში არ დაიკარგები, მაგრამ იცოდე, ახლა ცალიც რომ გაახილო, კბილებში გადაგჭრი, ინეტარე და იბედნიერე შენ, მონ შერ მია, აი, კარგი ხარ, აიი, ასე~. და აქ ბესამემ უცებ იგრძნო, ვიღაცამ მძლავრად რომ შეუბოჭა ორივე ფეხი და მწარე მუშტიც ტუჩებში მოხვდა. იმ აღმაფრენულ ზმანებებში ასე უმოწყალოდ ელდანაკრავი, ჯერ გაოგნებით შეცქერდა დაღმეჭილ ჰუანს, ვინაც რომ თმაში ჩაფრენოდა და სიღრმისაკენ ექაჩებოდა, ხოლო ჯანკარლო და ფრანსისკო სახეში სცემდნენ. ახლა ხელებსღა უნდა ეხსნათ ბესამე კარო, თავდასხმისათვის სად ეცალა, რომ არ ჩაეძირათ, ღონიერ მკლავებს გამწარებით ამოძრავებდა, ტახო არ ჩანდა, რაღა თქმა უნდა, ის უბორკავდა წყალქვეშ ფეხებს, ღრმად შეისუნთქა ჩაყვინთვამდე ალბათ ყმაწვილმა და მერე ფეხებზე მარწუხებივით შემოაჭდო ორთავე ხელი. ახლა, ურტყამდნენ დაუნდობლად, თავ-პირში სცემდნენ, ჩამოაფხოჭნეს შემკრთალი სახე, ყელში უბწკინეს, ხორხში ულმობლად ჩააზილეს წიხლი, ფერდიდა ხორცი ამოაგლიჯეს, შეძრწუნებულმა, წყალნაყლაპმა, თავზარდაცემულმა რექსაჩისაკენ იმედითა და სასოებით აღაპყრო თვალი, ის კი, თუჯკაცა, თურმე ასე გაიძახოდა: `მიდით, ჩაახრჩეთ, ვინმე გვიჩივლებს მაგზე თუ რა, უპატრონოა ეგ ვირიშვილი~, და აქ სულგაბრაზულმა ბესამემ ძალიან იგრძნო, რომ ობოლია, რომ არავინ ჰყავს, მთელი შიგანი ღრიალით გრძნობდა სისაცოდავეს, გარედან – ჰგვემდნენ, თანაც, ესმოდა: `შენ არ შესწყვიტო დაკვრა, ჩხინკო, თორემ დაგამტვრევ, გვრიტუნიებო, თან იცინევით~, და ის ფრანსისკო, მინამდე ლაყე, ისე ძალუმად რამ გააცოფა, მხარში კბილებით ჩააფრინდა და სულელს, უვიცს, ძლიერ ზედმეტად მოუვიდა რადგანაც კბენა, განრისხებულმა უცებ ბესამემ მთელი ძალით აიქნია მუხლი და ფეხები წამსვე გაუნთავისუფლდა – წყლიდან ბღავილით ამოყვინთა ტახომ, ფართო ნესტოებიდან სისხლი სდიოდა და ბესამემ ფრანცსკას სულელურ თავზე გამეტებით დაუშვა მუშტი, ჰუანს ხელში სწვდა და ორი თითი გადაუმტვრია, ჯანკარლო შერჩა ჯერაც დაუსჯელი, ორთავე ყუღით ჩაბღუჯა და შიგ ცხვირ-პირში ლეწა თავი, ამაზრზენად ყრუ ხმა გაისმა რაღაც, ჯანკარლოს თვალები აუტრიალდა, თავგადაგდებულს, ყელში მუშტი ჩასცხო ბესამემ, `რას სჩადი, ბიჭოო, _ გამწარებული ყვიროდა მშრალზე აღმადგენელი, _ აჰა, ფრანცისკოო, და შენც, ჯანკარლო, მაშველი რგოლიი!, მხეცოო, რას ჩადი~, ბესამემ კი ყველაზე მეტად თმახშირი ტახოს ჯავრი სჭირდა – ხომ მოგეხსენათ, ოდესღაც რომ ერთ მერხზე ისხდნენ – მძვინვარე ცურვით დაედევნა და, უკვე თითქმის თავდაღწეულს, აუზის კიდეზე აფორთხებულს, კისერზე მოსდო მრისხანე ხელი და ისევ აუზში გაადენინა ზღართანი. უტყამდა, მაგრამ რანაირად, მერედა როგორ დაუნდობლად, ანდა რა ძალით, ურტყამდა, როგორ... იმ სიმღვრივეში ღია ვარდისფრად, ამ ნაზი ფერით დამწყებ გველად იკლაკნებოდა ტახოსა და ჯანკარლოს სისხლი, აუზში ყეფით გაისმოდა: `მე შენი აქეთ გამომგზავნიი!~ _ გავეშებული თუჯკაც რექსაჩი ფინიასავით მიმორბოდა, მქუხარებდა, მჭევრმეტყვეულად იმუქრებოდა, მაგრამ ბესამე აშვებული იყო ზვავივით, სისასტიკე რომ გაუგონარი ყოვლად, ხდებოდა, აუზის პირას ამ უჩვეულო დაუნდობლობით მონუსხული, ჩია მუსიკოსი იდგა, ამ ჟამისათვის საოცრებამდე ზედმეტი ვიოლინოთი შეყინულ ხელში, ბესამე ახლა ხუანს ძიძგნიდა, რექსაჩის მიერ დიდი ბადით ამოთრეულნი ჯანკარლო, ტახი და ფრანსისკო სამშვიდობოზე პირქვე ეყარნენ, და ჰუანიღა სავსავებდა აუზის პირქუშ, სისხლანერვ წყალში, და ბესამეს აქ თავში უეცრად კეტი მოხვდა. სულ ერთის წამით თვალთ დაუბნელდა, რექსაჩმა ისევ შემართა ხელი, და მოუნაცვლა, მაგრამ ბესამემ დროზე უტაცა კეტზე თითები, რექსაჩი მკვეთრად დაიძაბა, ფერი დაედო, ვერ გამოგლიჯა მიანც კეტი, და გაკვირვებით დააცქერდა იმ აღსადგენელს, გაუგონარი რამ თავხედობა რომ აგრძნობინა, ერთმანეთს მკაცრად შეჰყურებდნენ ბრაზიან თვალში, ხუანმა კიდევ – დრო იხელთა და აუზიდან დამდუღრულივით, ღრიალით რომ ახტა, ზურგზე დაეცა მიძინებულ თითქოს ჯანკარლოს, და ისიც მყისვე ზეწამოიჭრა, შეხებისაგან ძრწოლადავლილი, იმის ბღავილზე ფრანსისკოცა და ტახოც მყისვე წამოფრინდნენ, გარბოდნენ, მაგრამ რას გარბოდნენ, და ერთმანეთს თუ შეეხლებოდნენ, კედლებს არყევდა საზარელი მათი ყვირილი, ძალადატეხილთ, რისხვანაგებით, ძვირფასი ხორცის გადარჩენა სასწაულებრივ ამოძრავებდათ, რა სწაფად მერე, ერთი მეორის გადასწრებას დიდად ლამობდნენ, შეფერხებისას ჯიკაობდნენ, ერთურთში ყველას ბესამე კარო ელანდებოდა, აუზის გარეთ როგორმე უნდა გაეტანათ მთლად დაბურძგვნილი სხეულები, ნაგავემი ტანის ყოველი მისხალი ქარიანობის ცაცხვებივით უფრთხიალებდათ, ასე გარბოდნენ ერთ დროს დამწყები მუსიკოსები, მოწყალმობურთნე – მერე, შემდგომ, ახლა კი, შიშის ვოკალისტები, ღრიალებდნენ, აჰ, კვარტეტი იყო? _ ხმაშეუწყობი, რა თქმა უნდა, და ტიტლიკნურად, ველურად რომ გაიჭრნენ გარეთ, ღრიალზე მეტად მნიშვნელოვანი, ჰოი, როგორი დაძაბული ასაფეთქებლად სიჩუმე ჩამოწვა მთელ აუზში, რადგან წყლის ბესამეს და ხმელეთის რექსაჩს ერთი კეტისა ცალ-ცალი ბოლო მძლავრად, ღონივრად ჩაებღუჯათ და, მთლად აკრეფილნი, კვლავაც თვალებში შესცქეროდნენ ერთურთს, მერე ბესამემ კეტი თავისკენ ძალიან ნელა, დინჯად, ჩაგუბებული მუქარით მიიზიდა, რექსაჩმა იგრძნო, რომ ცოტაც და – ტანსაცმლიანა, საათიანა აღმოჩნდებოდა იმ მღვრიე წყალში, დამარცხებული თითები გაშალა, ბესამემ კეტი მომსუბუქოდ შეათამაშა ხელში, დახედა, მერე აღმადგენელს ისევ გაუყარა თვალი თვალში და, ცბიერად, ყალბი ზრდილობით ჰკითხა:
_ სად მიგიტანოთ აეს წკეპლა, მონსენიორ?
აჰ, მაინც რა დალოცვილი პროფესიონალიზმი... უთავუბოლო განრისხების, უკიდეგანო სიძულვილის მიუხედავად, რექსაჩი მიხვდა, რომ ჭეშმარიტი ვატერპოლოსთვის ვარგოდა ბიჭი. 
ბესამეს კეტი მაღლა ეჭირა, სისველეს თუ არიდებდა ალბათ, და აწეული ხელის იმ მთავარ კუნთში რისი თაგვი, რაის თაგუნა – კარგა მოზრდილი ვირთხა ეჯდა.
აუზის პირას ბოლთა დასცა რიხობერტო დანიელ ჟუსტინიო რექსაჩმა, დაფიქრებული მიმოდიოდა; უთხრა მერე:
_ მოზრდილთა ჯგუფში, აღდგენილებში გადაინაცვლებ ხვალიდან, კარო. თვეში სამასი პესო გექნება.


16

აშარო, კარმენ, ხედავ, რარიგად მიავიწყდა ჩვენს აფრედერიკს, აფრედერიკ მეს დაუძალებლად ამორჩეული ჟანრი? ცოტათი უნდა გავასწოროთ ეს ხარვეზი და სისულელეს ვთქომთ, მაგრამ მაინც ერთიოდ წუთით მომაპყროთ თავაზიანი ყური – ლოკოკინა ხტის, სპილო დაფრინავს, ფლეიტას ობი მოსდებია, თევზი ყმუის და მგელი წინდას ქსოვს, ცოტათი, ვგონებ, რაღაც გასწორდა იმაში, არა? _ ჟანრსა ვგულისხმობ. საკვირველია მაინც, ცხოვრება, ზედ მიწაზეც და ასოთხმოციოდ სანტიმეტრით ცოტა მაღლა, იქ, სადაც ჩვენ-ჩვენი საკუთარი და სანუკვარი დაგვაქვს თავი, რაღანაირი ჰოპ-აზრები არ მოგვდის ხოლმე და, ყველაფერ ამას, გენაცვალე, ქაღალდი უნდა – აფრედერიკისათვის მაინც.
ხოლო ბესამეს ქაღალდი სულაც არ სჭირდებოდა – აკი სველდება სახლში. არადა, თვითონ სულ აუზში ეგდო, ღრმა ვატერპოლოს ამოუხაპავ სიბრძნეთა ოთხკუთხა საბადოში, ერთ-ორ, ერთ-ორ: _ გადიოდა დრო, ჩვენი ბესამე მოზრდილთა ჯგუფის სხვადასხვანაირ ხელობისა და ჯურის აღდგენილებში დიადი პოლოს მთალ ახალ-ახალ ხვაშიადებს ეზიარა, ადრეულ ხერხთა ის ანა-ბანა არსენალი აქ, ამ ჭეშმარიტ აღდგენილებში, შვიდ-რვა-საათა უშესვენებოდ მოლაქლაქე ორატორთან აღუა-ჩვილის ლუღლუღსა ჰგავდა, კბილებით მებრძოლთ, აქ თავიანთი აქიმიც ჰყავდათ, შუბლშეკრულ, გოროზ აღდგენილებს ფრთხილად ადებდა ძვირფას მალამოთ, ბესამეს რაღაც ქვურ კმაყოფილებას ჰგვრიდა სხვისა სხეულზე თავისი ნახელავი. ძნელი ის იყო, დაუნდობელი ქიშპის შემდეგ, ხმელეთზე უარესი თავაზიანობით რომ უნდა ესაუბრათ, სულ დაშაქრული გამოთქმებით, მაგრამ ამასაც შეეჩვია, ადამიანი იყო ისიც, ბესამე. ჭამა-სმა, ტახტი, უფასო ჰქონდათ, ყოველი თვის თერთმეტ რიცხვში – სამასი პესო, და ნუგბარეულს თავისი ჯიბით ყიდულობდნენ. ახლა სხვებსავით წაბლს კანიანა ღეჭდა ბესამე, და რაგინდ კერკეტი თხილი კი არა, თუნდაც კაკალი შეხვედროდა, ნებისმიერი ორი თითით ღიმილიანად ტეხდა, თითები ძალა გააჩნდა? _ მტრისას; ერიდებოდნენ. იმ დიად კუნთში ბესამეს ახლა გატრუნული ბაჭია ეჯდა, ადამიანის სიახლოვეს ისე იცოდა იმან დაძაბვა თანააც... განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდაო, როგორც იტყვიან, წყლისა ბესამე კარში ბურთის მძლავრად ტყორცნას უთმობდა, რადგან რექსაჩმა, აქ მას ბიძიკოს ეძახდნენ და ის კი აღდგენილებს ძამიკოობით მიმართავდა, ბესამეს მიერ ფიცის მიღებისას გარკვევითა თქვა: `ოფიციალურ შეჯიბრებებში ყოველი სამი გატანილი ბურთის ავტორი ჰონორარად რიკარდოს ქუჩის ბოლოში მდგარ სახლში ყოვლად უფასოდ შეშვებას მიიღებს, ორ ბურთზე – ნახევარს ფასს გადაიხდის, ერთზე – მთლიანად, ვერც ერთზე – უშემწვარხორცოდ დარჩება ხუთ დღეს. აბაა, ძამიკო~. მაგრამ სახალხოდ შეჯიბრი ჯერ არა ჩანდა. ეჰ...
ბესამეს ხელით ნატყორცნი ბურთი ისე შხუილით მიგრიალებდა, უჰ, ნუღარ იტყვით, ჩვენს მტერს და მტრისას... ერთხელ, შემთხვევით, კარში მდგარ რომელიღაც ბეხლეწს მოხვდა და, გონს რომ მოიყვანეს, რვა ნაკერი აღმოიჩინა დაბალ შუბლზე. აიმდროინდელ ვატერპოლოში ვადას წუთობით არ აღნუსხავდნენ – კარის რვაჯერ აღებამდე იყო თამაში. კარგი სიტყვაა თამაში, არა?.. მოვატერპოლნე შეჯიბრებისას რიგრიგობით უნდა მდგარიყვნენ კარში, ყოველი ბურთის გატანისას იცვლებოდნენ, ასე რომ, სანუკვარი გოლების გატანა ყველას შეეძლო, თუ ძალუძდა ეს. გადახოტრილ თავზე კუპრივით შავი საღებავით სუყველას რომელიმე ციფრი ეხატა _ ნუმერი ოთხი, ანდა ხუთი, ექვსი, გინდ _ სამი...
ქუჩაში გასულთ, სუყველანი ერიდებოდნენ. ერთხელ, ნაპოლეონის გაყოფვისას, ერთიმეორეში ჩხუბი ქნეს ისეთი რომ, მოშორებით დავანებული მიჯნურწაგვრილი ავაზაკი ისე გარბოდა, კეფაზე ქუსლებს იტყაპუნებდა. იმ აუარება ღონის დახარჯვას, აღდგენა კარგად უნდოდა და – ოდნავ შემწვარი ძროხის ჯაგარი, ანუ ნაზად როგორც ეძახდნენ, ღვიძლი, ყველაფერს ერჩივნათ. თვით ძამიკო ბერნარდოც კი, აღდგენილებში შეუპოვრობით გამორჩეული, მოტივტივეებში ერთ-ერთი მძლეთამძლე და ყოველივესი დროისებრ ამტანი, ერთხელ საწოლზე მოკუნტული ჩამჯდარიყო და გულამოფსკვნილი სტიროდა. აქ შეგვიშფოთდა ბიძიკო რექსაჩი:
_ რა მოხდა, რა იყო...
_ დღეს ხორცი არ იყო... _ ამოისლუკუნა ძამიკო ბერნარდომ.
_ აბა რა იყო...
_ მარტო ფხალი იყო...
_ როგორ თუ მარტო ფხალი იყო...
_ მე რავი, მარტო ფხალი იყო, ჰიკ!
_ მერედა, უნდა შეგეწვევინებინა, მზარეული სად იყო...
_ აბა მე რავი, სად იყო.
_ სად იყო, ვირიშვილი ეგ.
_ აბა მე რავი, სად იყო.
_ აჰ, ეგ ჩათლახი _ აღნიშნა რექსაჩმა.
მერე დასძინა:
_ ნუღარ ტირი, ძამიკო, ხვალამდე გასძელ, და სამ ულუფას მოვაცემინებ.
_ და ხვალამდე კი რა ვქნა?
_ როგორ, მახათი არ გაქვს, ძამიკო?
ხანდისხანობით, თვალებახვეულ ჩია მუსიკოსს შემოიყვანდა ხოლმე რექსაჩი: `გადააბიჯე... ეგრე, კარგია... მიდი, მიდი, _ უჯიკავებდა, _ ჰოო, აი აქ დადექ და აწრუწმაწუნე~. სახვევი რომ არ ჰქონებოდ, ნამდვილად გული შეუღონდებოდა ჩია მუსკოსს – აღდგენილების ზეჯანსაღ სხეულში ისეთი კატები, ლეკვები, ციყვები, თაგუნიები, კურდღლები, ჭიაღუები, გოჭები ისხდნენ. `აბაათ, ძვირფასო ძამიკოებო, კარგად დაუგდეთ მანდჰელსონს ყური, ხედავთ, როგორი პატრიოტულად კეთილშობილი ჰანგებია? თქვენი სიფათიც შესაფერისი უნდა იყოს, ჯიგრებო...~
დაა, როგორც იქნაა, დი-იდი დღეც დადგაა – ოფიციალური ქიშპისათვის ტერუელელი მევატერპოლნე ეწვივნენ ქალაქს. აჰ, სამი გოლი!.. _ რიკარდოს ქუჩა!! იმდროინდელ ვატერპოლოში ხუთ-ხუთი სხეული ერკინებოდა ერთურთს, სათადარიგო მოთამაშედ შეიყვანეს გუნდში ბესამე, ახლად აბიბინებული თავი კვლავ საგულდაგულოდ გადახოტრეს, და აღიარებულ კალიგრაფს ზედ კინკრიხოზე დაახატინეს `ა~ _ ალკარასის საწყისი ასო და იმის გვერდით – ნუმერი ექვსი. ოვაციებით შეხვდა დარბაზი მოვატრეპოლნეთ, ვერცხლით მოოჭვილ სავარძელზე თვით დიდი ჰერცოგი, ლოპეს დე მორალესი, ბრძანდებოდ-იჯდა. საზეიმო რამ განწყობილება მძვინვარებდა მთელს აუზეთში, მესაყვირეებმა რაღაცა დიდად შთამბეჭდავი რამ ფილტვების უკიდურესი დაძაბვით დასცხეს. ზედ წყლისა პირას ჩამწკრივდნენ გამზადებული აღდგენილები, მოცუნცრუკე ხალხს რიდით შეავლო თვალი ბესამემ. დარბაზი კი შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეირყა, როცა რექსაჩის საუკეთესო მოწაფე, გრძელთმიანი ახალგაზრდა ადამიანი შემოვიდა, იქვე გაიხადა, ტანსაცმელი ორი მხლებლის გამოწვდილ ხელებზე ჩამოჰკიდა და ალკარესელ რჩეულთა შორის დადგა. იმას თავის გადაპარსვასა და ნუმრის დაწერას აბა რომელი ჭკუათმყოფელი გაუბედავდა, ტერუელელთა გუნდშიც ერია ერთი ასეთი, ისიც უნომრო და გრძელთმიანი, ოღონდ – მკერდზე რაღაც პეიზაჟი ეხატა. დიდი მსაჯული გამოჩენაზე საგანგებოდ აჟღერებული ჰანგებისა ხმა ოვაციებმა გადაფარა; მსაჯულს პრიალა ფრაკი ეცვა, ყელზედ – პეპელა უბზინავდა ხელოვნური, თავზედ – მოსამართლისა შთამბეჭდავი ქუდი ეხურა. ქვედა საცვლისამარა აღდგენილების წინ საზეიმოდ წარსდგა და, კეთილი ჩვეულებისამებრ, სახალხო ფიცის დადება წამოიწყეს. ჯერ მსაჯული ამბობდა: `დიდი ჰერცოგის სატევარს ვფიცავთ...~, და `ვფიცავთ, ცავთ, ავთ, ვთ...~ _ გუგუნებდა აღდგენილების ღონიერი ხმები აუზში, მთელი დარბაზი ჰერცოგიანა ფეხზე იდგა, `რომ ძმურ პაექრობაში ვიქნებით პატიოსანნი...~, `პატიოსანნი, ოსანნი, სანნი...~, `მართებულნი და უმწიკვლონი...~, `და უმწიკვლონი, მწკვლონი, ლონ-წკვლონნი...~ `და ერთმანეთი როგორც წყალზემოთ, ასევე წყალშიც გვეყვარება~. `გვეყვარ, ყვარ, ყვება...~ ტაშისცემამ კვლავ შესძრა დარბაზი, მერე კი იმავ მსაჯულის ნიშანზე მოვატერპოლნენი ერთურთს მიეხალნენ და ძველი ბასკური წესისამებრ, ერთიმეორეს მხარზე ემთხვივნენ, კიღამ შეჰყვირა აქ ბესამემ, რადგან ტერუელელთა სათადარიგომ, ტ-ექვსმა, დამსწრეთათვის შეუმჩნევლად და ამასთანავე კარგა გვარიანად, უკბინა – არ მოელოდა ამას ბესამე, თორემ უბრალო კბენა განაცვიფრებდა? თმოსანებმა კი ერთიმეორისკენ ფეხაკრეფით გასწიეს, შედგნენ, მერე ნელ-ნელა გადაიხარნენ, ხელი წაიშვირეს, საჩვენებლი თითის წვერები ერთმანეთს ისე ფრთხილად დაჰკრეს, უთოს სიცხელეს ამოწმებდნენ თითქოს, და სიმხურვალისგან მყისვე უკუგახტნენ. ყოფილი თოთხემტფუტიანი ღორის ფაშვი კენჭისყრით ტერუელებს ერგოთ, სიამისაგან გაიბადრა იმათი მწვრთნელი, აღტაცებულმა, გაურკვეველი მისამართით ასე ჩაილაპარაკა: `შენი ჭირიმე, შენი გვარში გასათხოვარი...~, იქვე რექსაჩმაც დაიგინა, ოღონდ სხვაგვარად, და აღდგენილებს უკანასკნელად მიაჩურჩულა: `კარგად გახსოვდეთ მანდჰელსონი~.
ქიშპი დაზვერვით დაიწყო, ხალხნო. ბურთი მეკარეს ჩააბარეს ტერუელელებმა, მეტოქეები ფრთხილად დაწყვილდნენ, ოღონდ ერთმეორისაგან ფეხმიუწვდნენელ მანძილზე ძალიან ფრთხილად ტივტივებდნენ, გაბედულები ხელს წამქეზებლურად გაიშვერდნენ ხანდახან – მტაცეო, აბა, თუ ბიჭი ხარო, თითები, აბა... სულგაკმენდილი დარბაზის დუმილს მხოლოდ შხეფების მცირედი ხმა არღვევდა ზოგჯერ, უჩვეულო დაძაბულობა იკლაკნებოდა მღვრიე წყალზე, და უცებ ალკარასელთა ნუმერმა სამმა დამუშავებული ილეთი იხმარა: ბულბულივით იცოდა სტვენა, ისე ბაძავდა, ხნიერ კატასაც კი შეაცდენდა, და მისკენ ზურგით მოტივტივე ტერუერელთა ნუმერმა ოთხმა გაკვირვებით რომ იბრუნა თავი – აუზში ბულბულს რა უნდოდა?! _ ალკარასელთა ნუმერმა ოთხმა თავისი ქვედა კიდურებით მარჯვენა ფეხი ფიქრის სისწრაფით გამოუჭირა და, მენდელსონით სახეზე, მეტოქეთა გადაწყვეტილებას ელოდებოდა. აქ ტ-მეოთხეს, დედამისის შვილი იყო და რამე არ ეღონა? _ წამსვე გადაემტვრეოდა ფეხი, მორჩილად გაყუჩებულიყო უნდა, ხოლო მის ნიშანზე, ნიშნად ენის გამოყოფა ჰქონდათ, მეკარე ბურთს ალკარასელებს თუ არ დაუთმობდა, წასული იყო ჩვენ რომ ვიცით, იმ ფეხის საქმე. ყოფილი ფაშვი ალკარასელთა ნუმერ სამს დამსახურებულად გადაეცა, მაგრამ იმისკენ მოკლედ ჩაიღრინა რექსაჩის საუკეთესო მოწაფემ, მყისვე მიიღო შეშინებული პასი, მეტოქეთა კარისაკენ მძვინვარე ცურვით, დაუბრკოლებლად გაეშურა, თანაც ფაშვს ხელებშუა ანანავებდა, მერე, შემართა მრისხანე ხელი, დაიქნია და აჰ, რარიგ ერთხმად აგუგუნდნენ მაყურებლები, როგორ ერთგულად სკანირებდნენ: `ალ-კა-რას, კარრას!~, და რექსაჩმაც ნერვიულობით თავიდანვე აქავებული ზურგი მხოლოდ ახლაღა მოიფხანა, ა-მეოთხემ კი ტ-მეოთხეს დაუბრუნა ფეხი.
მეკარეები გამოიცვალნენ, განრისხებისგან მთლად ფერწასულმა ტ-ების თმოსანმა სიმწრით სულ თითზე კბენანი ჩაიტარა – როგორი ამბავია, ფაშვი შენ გქონდეს და, ბურთი კი იმათ გაიტანონ? საბარაუდო ცენტრიდან განაახლეს ტერუელელბმა თამაში, ბურთი მეკარეს გადააწოდეს. ისევ სიჩუმე და ფრთხილად ტივტივი დადგა, მერე კი ტ-თმოსანმა ჰაერი მოშიებულივით, ძალიან ღრმად შეისუნთქა და, მღვრიე წყალში გაუჩინარდა. აქ რისხვიანად აფართხალდა ა-თა თმოსანი, ხელ-ფეხს წინ, განზე, გამეტებულად იქნევდა, ჩაყვინთულს რომ არ ეტაცნა ხელი, მაგრამ ტერუელელბსაც მოეძევებოდათ ხერხთა არსენალში საუცხოო ილეთი: თ-თმოსანმა ყვინთვით აუზის შორეულ კუთხეში გასწია, იქ ა-მეხუთეს ფეხი ჩაუბღუჯა და თანამოილეთე ტ-მეხუთეს გადააბარა, თავად კი უკან გამოეშურა, და სწორედ ძველ ადგილას უწყინრად ამოყვინთა, რადგან მღვრიე წყალშიც კი შესანიშნავად ერკვეოდა ორიენტირებაში, და თან იმასაც, ოხერს, სულ ზედმიწევნით სცოდნია მენდელსონი თუ ვიღაც იმგვარი, ხოლო ენაგადმოგდებულ ა-მეხუთეს გამო ვერავინ დაესხა ჯერ ტ-მეორეს, რომელმაც მეკარის მიერ გადმოწოდებული ბურთი ტ-მესამეს გადასცა, იმან – თავიანთ ქოჩორა კაპრალს და კაპრალმა კი ძლიერი ტყორცნით ფაშვი ბადეში მოათავსა. წარმოიდგინეთ, აქა-იქ კანტიკუნტა ტაშიც გაისმა – ისევე, როგორც ყოველ ქალაქში, სხვაგან არსად იყო ალკარასელებისთანა ობიექტური მაყურებელი. 
ა-თა ბადეში მეორე და მესამე ფაშვიც რომ გაეხვია, თუმც სულ არ იყო თუჯკაცას ბრალი, ხმელეთზე იდგა იგი, მაყურებლები ერთხმად აყვირდნენ: `რექსაჩ, მეწააღე!, რექსაჩ, შე ფუნაა!~, ყოველივე კი, სინამდვილეში, ტ-მეორისა გამოისობით გახლდათ – იმან ა-მეორეს ვითომც შეცდომით, დროებითად დაუთმო ფეხი, გახარებულმა ა-მეორემ მაგრად ჩაბღუჯა საჩუქარი, მაგრამ შემწირველს კონტრილეთი სცოდნია რაღაც, და იქვე ენაგადმოგდებულმა ა-მეორემ ბურთი მუდარით მოითხოვა, გადააწოდეს, იმან კი მოწინააღმდეგეს დაუთმო ფაშვი. მესამე ბურთიც, როგორც იტყვიან, ანალოგიურად გავიდა – გაბრაზებულმა ა-მეორემ ისევ მიიღო ცბიერი ფეხი, წინა შეცდომის გამოსწორებას საგულდაგულოდ შეეცადა და ოთხივე კიდურით ისე ჩაბღუჯა, ქვასაც კი ზეთებს გაადენდა, მაგრამ კვტრილეთის მთელი მადლი იმაში იყო, რაც უფრო მონდემებით ირჯებოდა შეტყუებული, უფრორე სჭრიდა.
აქ ტაქტიკური გადაადგილება მოხდა: ტ-მეორესთან ა-პირველმა გადაინაცვლა, მაგრამ ნუგბარა მოსატყუარით ისიც ხაფანგში აღმოჩნდა მალე, ა-თა თმოსანს კი, გავეშებულს, იმისი დარდი სულაც არ ჰქონდა, უსოლიდარო ნაბიჯი გადადგა – ვითომც, აქაოდა, ენაგადმოგდებულს ვერა ვხედავო, ფაშვი არ დათმო, სამი ბურთის გატანით შეპყრობილმა, საკმაოდ შორიდან იკისრა ტყორცნა, და მძლავრად სროლა კი გამოუვიდა, მაგრამ რა გინდა – რომელიღაცა გულშემატკივარს მუცლის ჯიბეში ღრმად ჩამალული ოქროს საათის ბროლისა შუშა გაუტეხა მხოლოდ, ფეხმოტეხილი ა-პირველი კი აქიმთა დასმა გასახდელისკენ გააქანა, საქმიანად და უგულო გენაცვალეობით დაჰფუსფუსებდნენ, კოხტად მოარგეს წინასწარვე გამზადებული ნედლი არტახი, ხოლო ტერუელელბმა ამასობაში მეოთხე ფაშვიც გაიტანეს.
ბატონებო – ეს ნამეტანი იყო უკვე, მთელი დარბაზი გრანდიზოულ საცივგადასხმულივით იჯდა: როგორ, შენს პროვინციაში თამაშობდე, კუთვნილ ქალაქში, მშობლიური აუზის წიაღსა და ღვიძლ მღვრიე წყალში და, ჯიგრიანი თანაქალაქელების წინაშე, ოთხით ერთს აგდებდე? აჰ, ბატონებო, აჰ... და, წამოიჭრნენ, დააღეს ხახა, რექსაჩს ფუნობაც აღარ აკმარეს, ხოლო ვიღაც ერთი ჭეშმარიტი ინტელიგენტი ასე ყვიროდა: `თქვენ, როგორც მწვრთენლიიი, ორივე ფეხით მოიკოჭლეებთ, სენიორ რექსააჩ~, `გაბრაზებულ რკინკაცს კი ცალკე გაეხმო სათადარიგო მოთამაშე და გამალებული უჩურჩულებდა: `ყური დამოგდე, აბა, შენ იცი, ჩემო ბესამე, ახლა შენზეა დამოკიდებული მთელი ქალაქის ღირსება და სინდის-ნამუსი და, ორ გოლზედაც კი, სიტყვას გაძლევ, რიკარდოს ქუჩის ბოლოში ყოვლად უფასოდ გატარებ ოთხ დღეს, აბა, შეხედე...~ და ქურთუკი ოდნავ გადაიწია, სათადარიგოს საიდუმლოდ დაანახა სარჩულზე მიკრული ზენატარული ზესაოცრება – ერთი მხატვრის, გვარად რუბენსის, უსაცვლებო ქალის მომცრო რეპროდუქცია, დაჭიმული ქურთუკის შიგანს გაოგნებული თვალების წინ უტრიალებდა, `დღეს თუ ივარგებ, ასეთ ქალთან იკუნტრუშებ ბუმბულზე, კარო...~ და ა-პირველის ნაცვლად წყალში თავით გადაეშვა აღგზნებული ჯეელი.
სუნთქვა შაჰკარით, ბატონებო, პატარა ხანიც და – ახალი ერა დაიწყება ვატერპოლოში, ჩვენ სუყველანი ამის მოწმე ახლავ გავხდებით, და ვიტრაბახებთ მეზობლებსა და უცნობებში ამაყად მერე, რომ სანახაობას დავესწარით ძლიერს და ისეთს, თვით ზვიგენსაც კი გააკვირვებდა, ფანტასტიკურად რომ დავუშვათ და რომ გაგვეშვა იმ მღვრიე წყალში:
ზვერვით იწყება ყველაფერი, ძვირფასოებო, და ეს ზეუცხო სანახაობა გამონაკლისი აბა რად უნდა ყოფილიყო – დაწყვილებულნი, დატივტივებდნენ, _ ჯერ. გამოზომილად ამოძრავებდნენ ვირთხა-კატოვან კიდურებს წყალში, ათ-ათი ყურო გამოებათ, თვალი – კიდევ უფრო მეტი, დაძაბვისაგან სხეულზე სულ ჟრიალი გადასდიოდათ, ბურძგლი დასხმოდათ, მაგრამ მთავარი _ გუმანი იყო... რაღაც დიადის მოლოდინში გაყუჩებულ მაყურებელს – ვინ თქვა, წინათქმა არ არისო – ტანი უგრძნობდათ რაღაცა დიადს, კისერწაწვდილნი, სანახაობის ერთ გოჯს იგებდნენ, ტუჩმოკუმულნი, დაბერილი ნესტოებით სუნთქავდნენ გულსულშიგანშემატკივარნი და, ვიღაცამ ხველაც რომ დაიოკა, სწორედ აქ, ამ დროს, ბესამემ მუხლთან აიმ ვერაგი მოილეთის ფეხისწვერისა ცაცუნი იგრძნო.
სწვდებოდა, აბა როგორ არ სწვდებოდა, ასეთ საჩუქარს მიიღებდა კი არა, მთელის არსებით ჩაბღუჯავდა, აჰ, ისე ავად ჩაეხუტუნებოდა, მაგრამ ბესამეს დიდი რამ ნიჭი ამოუმჟღავნდა – ქალაქად მოხვედრილი სოფლელის მსხმოიარედ უცნაური ეშმაკობა სჭირდა, და ქიშპს ანგარიშმიუცემლად არ აჰყოლია – აქავებულ ხელ-ფეხს იოკებდა, დიდის წვალებით, მაგრამ მაინც იმორჩილებდა, ტ-მეორე კი კვლავ გულუბრყვილოდ სთავაზობდა მითომ-უბიწო ფეხს, აჰ, რა საჩუქარს, აჰჰ, მაგრამ ბესამე თუმც უმოქმედოდ დატივტივებდა, დროს არ ჰკარგავდა, გამალებული ფიქრობდა რადგან, თანაც, ტანჯული წინამორბედის გადატეხილი წვივი გამაფრთხილებლად ჩამოჰკიდნოდა ფიქრების ცაზე, და, საუცხოო რამ გადასწყვიტა! _ ჯერ ერთი ფეხი შემოაჭდო ვერაგ საჩუქარს, ტ-თა მეორეს თვალთა სიღრმეში ღიმილ-ბოროტმა გაჰკრა, ბესამემ ცალი ხელიც შეაშველა ვითომცდა ფეხს და, ვითომც ამისთვის გადაიხარა და, უცებ მეორე, რკინისთითება, შიგ ყრონჭში სტაცა!.. ტ-თა მეორემ აქ კი მართლა გადმოაგდო ენა, ფაშვი ბესამეს მსწრაფლ დაუთმეს ტერუელელბმა, და თუმცა ა-თა მრისხანე კაპრალი უყვიროდა: `გადმომაწოდეე!~, ბესამემ ბურთის ხელთაშუა ნანავით მეტოქეთა კარისკენ ძალუმი ცურვით გასწია, მაგრამ თვალი კუთხით იმასაც მოჰკრა თვალი, ტ-თა კაპრალმა რომ ჩაყვინთა და, სწრაფად იაზრა, განზე გაცურდა, ფაშვიანი ხელი შემართა, იყო, იცდიდა, ტ-თა კაპრალმა კი მღვრიე წყალში ბესამეს ფერხთა უშედეგო ძებნის შემდეგ გაკვირვებულმა რომ ამოყვინთა, ბესამემ შიგ სახეში უსწორა წყლით გაჟღენთილი მძიმე ფაშვი და აჰ, როგორ დაუნდობლად ხეთქა, არეკლილ ბურთს თვითონვე დაეპატრონა, აქ მეორედაც დაიქნია მძვინვარე ხელი და მეკარეს ისღა დარჩენოდა სანუგეშოდ, ბადის ერთ-ერთი გაგლეჯილი ნაწილი რომ არ იყო. `ბესამეე, ხმეცოოო!~ _ მოფერებით და აღტაცებით ყვიროდ ხალხი, საზოგადოება, აქიმთა დასი კი ტ-მეორეს და ტ-თა კაპრალს პუნქტისკენ ციმციმ მიაქანებდა, ახლახან ცბიერთ, ახლა – უგონოთ, მძლავრი ხელები ჩამოჰკიდნოდათ, სისხლისგან სხვაფრივ შეღებილიყო ტ-თა კაპრალის მკერდისა პეიზაჟი, `ბესამეეე, რავოო, ბესამეეე, საღოლ!~, ჰყვიროდ ხალხი, ხოლო ა-თა კაპრალი წეღანდელი ურჩობისათვის დასასჯელად მიუცურდა და როგორც კი შეჰსისინა: `ფშავი რატომ არ გადმომაწოდე, შე შობელძაღლო!~, ბესამემ მყისვე გადაუტეხა ნეკა და ცერი – ვატერპოლოსთვის უაღრესად საჭირო ეს ორი მთავარი თითი, ფაშვის ჩასაბღუჯი ალფა და ომეგა.
ტ-თა ფერმიხდილმა მწვრთნელმა კი გაცრეცილი ტუჩი მოიკვნიტა და სულ სხვა ტაქტიკა იხმარა – რადაგან წამყვანი და ცბიერა მოთამაშეები წყალ-ხმელეთშუა გამოეცალა, ორ ბრგე, უზომოდ ღონიერ სათადარიგოთ წყალში ჩაზღართანება უბრძანა – ძალისმიერი მებრძოლნი იყვნენ, მაგრამ ბესამე აწყვეტილი იყო შარვლის უბრალო ღილივით კი არა, არამედ ზვავივით, და მინამ სამთა აგრიგალება ჩაწყნარდებოდა, ა-თა ბერნარდომ ისარგებლა და ორი ინდივიდუალური გარღვევის წყალობით ფაშვთა ანგარიში გაათანაბრა, ამასობაში სამთა ორომტრიალიც ჩაცხრა და ესპანურად-ენსპანსიური მაყურებლები უმაგალითო და მბზინავი შხეფების გამო აქამდე ბრძოლას თუ ვერ ხედავდნენ, თვალნათლივი და საუცხოო შედეგი იხილეს აწ _ ორთავ ძალისმიერ მებრძოლს ხაოიანი ენა გადმოეგდო, წყალთა ბესამე კი გადაცემას ითხოვდა, რაღა თქმა უნდა მიიღო კიდეც, ტ-თა კარისკენ სულ ნახტომ-ნახტომ გასწია და ისეთი ძალით სტყორცნა ბურთი, რომ მომდევნო ტყორცნაზე ტ-თა მეკარემ უმალ ჩაყვინთა, ტ-თა მწვრთნელი კი აუზის პირას გონმიხდილი ჩაიკეცა და გულისწასვლა ჰქონდა პირწავარდნილად ღრმა და იგეთი, რომ აქიმთა დასის ყველა გონებამხვილმა წევრმა მეყვსეულად იქ სტაცა ხელი; მთელი დარბაზი კი, ალკარასული საზოგადოება, ხალხი, ისეთის ძალით სკანდირებდა: `ბე!, სა!!, მე!!!, ბე!, სა!!, მეეე!!!~, _ რომ არამცთუ მთავარ მსაჯულს, არამედ ძალიან შორს, თივაში შემძვრალ, მთელ ღამენათევ მიჯნურწაგვრილ ავაზაკსაც კი გაეღვიძა და თვალებს გულდასმით ახამხამებდა, სმენა დაძაბა იდუმალ სარკმელთან მოფარებით მდგარმა დონნამ და ერთხანს ისეც კი მოეჩვენა, თითქოს მის ყოფილ მეტრფეს ხვდებოდა ასეთი დიდის აღფრთოვანებით ხალხი, მაგრამ აჰ, არა _ აღფრთოვანება სულმთლად ბესამეს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა, გასახდელ-ჩასაცმელშიაც კი, კვლავაც შეუწყვეტ კედლისმიღმა ბარაქალოებს კმაყოფილებით გაზიზინებული უსმენდა, იქვე ყურჩამოყრილ იჯდა ა-თა კაპრალი, და ბესამემ უპირატესობა საბოლოოდ რომ განემტკიცებინა, თქვა: `აეგ ჩემი შარვალი მომაწოდე, ვაჟკაც. ეგრე~, ხოლო უმთავრესი რამ აღტაცება მაშინ ელოდე, როცა რექსაჩმა გარეთ, ქუჩაში გაიყვანა, ხედლი მსუბუქი მოფერებით უბიძგა, და, უთხრა: `მე ფულიანა უკან მოგყვები, შენ კი, ბესამე, აბაა, სმენა-ა, რიკარდოს ქუჩის ბოლოსკე-ენ... იარ!~. 

17

როგორ გადის დრო?!
რა შეუმჩნევლად, ვითომ...
საკვირველია პირდაპირ, მაგრამ, მაშინაც, თურმე, ფული ძალიან კარგი რამე ყოფილა თურმე – საჭმელი გინდა, სასმელი გინდა, ქალი გინდა, ტანსაცმელი გინდა თუ ბრილიანტის ბეჭედი გინდა თუ მოხარშული საზამთრო, პატივისცემა გინდა, მოკლედ, რა გინდა... _ ყველაფერი ახლდა.
ოღონდ თუკი გქონდა.
ხოლო თავქოჩორა ბესამეს – ძალიანაც ჰქონდა. სხვა რომ არარა, კაპრალობისთვის – რვაასი პესო. ეს იქით იყოს, ყოველი გოლი ფული არ ღირდა? ესეც რომ არა, გულშემატკივართაგან შეძლებული ხალხი – ჰერცოგები, მემწვანილეები, ქალაქისთავები, ოფიციანტები, მეხეტყევეები, ადმირალები, ჰერცოგთათვის სარგებლიანად მეფილოსოფოსები, კონტრაბანდისტები თუ სხვა, რჩეულ მევატერპოლეს ყოველი მტკივნეული ილეთის ჩატარებისათვის უხვად აყრიდნენ საჩუქრებს თავზე, დააზიანებდნენ თუ რა – ბესამეს, ამაყს, იმოდენა ქოჩორი ედო. ახლა, გულმფრქვევად დონებს აღარ იკითხავთ?! სარკმელში ღამით შემოსროლილი ძვირფასთვლოვანი მედალიონი და შიგ თმის კულული და ხოლო ირგვლივ დასუნამოებული გრაგნილი და გრაგნილზე კი: `საიდუმლოდ ატარეთ. კ-ს ტ., პ.~ ბესამე კეცვად ოქროს გადახსნიდა, კულულს სულისშებერვით გააცლიდა ნივთს, ნივთი ა-თა რომელიმე თავგადახოტრილს მიჰქონდა, გრაგნილი და კულული ბუხარში აღესრულებოდა, ბესამე უგულო ამთქნარებდა, ხოლო ამასობაში ა-თა რომელიმეს ფული მოჰქონდა, არა უშავდა-რა ცხოვრებას, თითქოს...
ჰოიი, რა კარგიიყო ქუჩაში გასვლა, ოიი... ისეთი რა წვიმა უნდა მოსულიყო, ბესამეს ორმოციოდ თაყვანისმცემელი მაინც რომ არ ასდევნებოდა. გოროზად მიმავალს, ყურში თაფლად ეწვეთებოდა აღტაცებულ-მორიდებული: `ეს ბესამეა... ბესამეა ეს, დიდი ბესამე...~ მზიან დღეობით უფრო დიდი რამ კუდი ახლდა, ფერად-ფერადი, ჭრელა-ჭრულა, თანაც, აზნექილ-ჩაზნექილი – თაყვანისმცემნი სხვადასხვანაირი სიმაღლისანი იყვნენ; სამოსიცა და პირადი ასაკიც განსხვავებული ჰქონდათ, გულშემატკივრები ხომ უცნაური ხალხია... შემოხვედრილნი ჯერ მოწიწებით, პირ-დაბნეულ-გახარებულ-ღიმილიანნი, დაუთმობდნენ გზას, ყოველივესი ამტან კუდს შეერთვოდნენ, მიაბიჯებდა დიდი ბესამე დაპყრობილ ქალაქ ალკარასში, მომცრო სარკმელთან შეჩერდებოდა, გაისუსებოდა წამსვე კუდიც, ბესამეს წაბლიან პეშვს გამოუწვდიდნენ, ფულს არ ართმევდნენ, მხრებს ვითომცდა გაკვირვებით აიჩეჩავდა ხოლმე ბესამე, და, კიდევ კარგი, წაბლს კანიანა ჭამდა ხოლმე, რადგანაც, სხვაფრივ, ჩენჩი ქვაფენილზე რომ დაეგდო, სუვენირისთვის ერთმანეთს ნაღდად დახოცავდა ალკარასული საზოგადოება, ხალხი. ეს იმიტომ რომ... ეს იმიტომ, რომ დიდმა ბესამემ პატარა ქალაქ ალკარასის ოთხმარცვლოვანი სახელი სრულიად ესპანეთში ღირსეულად და გადასარევად გაიტანა: ვალენსიაში – რვით სამი და, სარაგოსაში – რვით ერთი; ალბასეტეში – რვით ორი და, სეგოვიაში – რვით ხუთი; პენიაროაში – რვით სამი და ტარაგონაში – აღარ მახსოვს; ვალიადოლიდში, ბურგოსსა და პამპლონაში შესაბამისად _ რვით ერთი, რვით ნოლი და რვით ნული; ბადახოსში – რვით არცერთი და მადრიდში – რვით მხოლოდ ერთი... აიამ თამაშთა შუალედებში მუდამ მშობლირ წიაღს უბრუნდებოდნენ, იყო დახვედრა, ერთი, მეორე, ბრავო, ტუში და ყვავილები. `ერთ მერხზე ვისხედით, _ ამბობდა ტახო, _ თუ ვიტყუებოდე, ფინთი ვიყო...~ _ მაგრამ არც ერთი მდედრი არ უჯერებდა. რექსაჩს მგზავრობაში საგანგებოდ მიჰქონდა ბესამესათვის საჭმე-სანოვაგე-სასმელი, რათა დამხვდურთა თავაზიან მზა-მზარეულებს თამაშის დღეს კერძში კუჭის მოსაფონფლოვებელი რაიმე ეშმაკობა არ შეერიათ. როცა ბესამე ვარჯიშობდა, ჩაცუცქული რ. დ. ჟ. რექსაჩი სადმე მინდორში ცვრიან მწვადთათვის ქვაზე ხახვსა სჭრიდა, თამაშის შემდეგ კი, სტუმარ-მასპინძლობის წმინდა ადათით, იყო ბანკეტი და ბროლის ჭურჭელიი... ბესამეს მადა კარგი ჰქონდა.
სახელგავარდნილ ა-თა კაპრალს ბევრი რამ ფრიად უნდა სცოდნოდა და ეცოდინებოდა, მა რა: ა-თა მეორეს შაირთა შეთხზვა ემარჯვებოდა, ოღონდ სხვისათვის ცოდვილობდა – ბესამე აქაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო, და ერთხელ, ლებრიხაში, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მოწინააღმდეგეთა კაპრალს საკმაოდ უნიჭო ტაეპზე ასე უპასუხა:

გლადიატორი სპარტაკი
იყო თრაკიელი მონა,
ჩემი გუნდი – ოტელოა,
შენი გუნდი – დეზდემონა,
და-გახ-რჩობთ!,

და ამით ტაში გამოიწვია, რომელს არ გვიყვარს ენამახვილობა, ვიღას ახსოვდა მენდელსონი.
რა გამოლევდა შემოსავალთ... თუნდ კორდოვაში, ვთქვათ: `სენიორიტა მიყვარს ერთი და... _ ღელავდა განზე გამომხმობი კო-თა ნუმერი სამი, _ გამატანინეთ, რა იქნება, თუ შეიძლება, დიდო ბესამევ, ორი ბურთი, რაა...~ `რად გინდა, ბიჭო...~ `თავს შევაყვარებ~. `რამდენს მომცემ რო...~ `სამ ათასს, დიდოვ~. `კარგი, _ დიდსულოვნად დასთანხმდა ბესამე, მაგრამ დაამატა: _ ოღონდ თითი ფაშვზე~.
ქალაქის თავის განკარგულებით, ძველს სახლებს წუთში ამტვრევინებდნენ, რა გამოლევდა შემოსავალთ. ოღონდაც, ღამით სჩადიოდა ამას ბესამე.
ისე კი, სხვა დროს, ბნელ ღამოობით, როგორ გგონიათ, რაღაცა აკლდა? არაფერი, არა, ნავარჯიშევსა და ბარაქიანა ნავახშმევს, კუნთურის ძილით ღრმად და ღონივრად ეძინა ხოლმე, დილაადრიან გამოღვიძებულს, ეზიდებოდა მღვრიე წყალი, დგაფუნა ტალღა, საღამოობით – რიკარდოს ქუჩის ბოლოსკენ სულ სტვენა-სტვენით, პესოებიან ჯიბეებში ყელებჩაწყობილი მიეშურებოდა ხოლმე, პატარა ხანიც და – იქავ იყო, განლუქულ ოთახში სავარძლის ზურგზე მძლეთამძლურად გადაწოლილს, ხელები თავქვეშ ამოედო, ხოლო თითო მუხლზე ორ-ორი პატარა ცელქი როსკიპი უჯდა. ერთი – მძლავრ მკერდზე ეფერებოდა, მეორე – ფორთოხლისა და ბროწეულის ნარევს ასმევდა, მესამე – ღილებს უპრიალებდა და მეოთხე კიდევ, რაღაც. მერე ერთ-ერთთან ცალკევდებოდა და წყვილდებოდა დიდ-დიდი ბესამე, იმნაიროვან ღამოობით – უფრო ეძინა, მაგრამ, დაიჯერებთ? – რაღაცა მაინც აკლდა ხორცთ და, კონსერვატორიის ერთმა მასწავლებელმა, გვარ-სახელად ბაბილონია კარტუზომ, იყო ასეთი, შესანიშნავი რამ ურჩია ქალაქის თავს და, აღასრულებინა კიდეც:
ყოველი დილის შვიდის ოც წუთზე სამრეკლოს თავზე მოექცეოდა ხოლმე ბესამე, ფეხებს ზედ მაგრად დააჩაჩხავდა, ქამარში ორფა სატევარივით გაჩრილ ტრომბონს დააძრობდა, მოიმარჯვებდა, რაღარანაირ, დიდ-პატარა ქალთა მცოდნე ტუჩებზე მრგვალად მიიჭერდა და, ქალაქში სიფრიფანად დაკიდულ ჯერაც ნედლ ჰაერს ჭურვივით მკვეთრად და მრისხანედ მიაპობდა სამხმოვანებით გაწყობილი, მაჟორულ ყაიდაზე აგებული მძლავი ოქტავა: რეე!, ფადიეზ., ლააა!!, რეეე!!! _ და ამა ხმაზე ეღვიძებოდათ ალკარასელებს, შვიდის ოც წუთზე მადრიდის დროით, ზუსტად, და დროის ასეთ მკაცრ წუთიწუთობას მაინცდამაინც ნუ გაიკვირვებთ, რადგანაც სწორედ ამა დროს თავის დროზე დაბადებული იყო პროვინცია მურსიის მთავარმართებელი დიდი ჰერცოგი დიადი ლოპეს დე მორალესი.
ამაშიც კიდეენ – ათასი პესოო. შეჯიბრ-გაცდენა, რაღა თქმა უნდა, საპატიოდ ეთვლებოდა, დიახ.
ახლა კი, მართლა აღარაფერი აკლდა – მოვატეროპლე ხომ იყო და იყო, და მემუსიკეც გახლდათ და გახლდათ, წონას მატებდა, აღაზევებდა ხალხის თვალში ეს – თან, ათლეტი და, თანაც, ჰანგმტყორცნა... ჰოიი, რა კარგი, გადასარევი იყო პირდაპირ ქუჩაში დინჯად სეირნობა, მის დანახვაზე ატეხილი ცხელი ჩურჩული, ცქვიტ ყურებამდის ძირითადად თანხმოვნებად მოღწეული: ეს ბსმ-ა, დდ ბსმ... _ სიამოვნებდა ყურს, უხაროდა თვალს, არკი იმჩნევდა, და მოსირმული ტანსაცმელი უბზინავდა ეჰა, იმდენის მომსწრე მზეზე, სუნამოუხვადნაპკურები, აღებულ ქალაქ ალკარასში რიგითი ფეხოსნების წინ მიდიოდა დიდი ბესამე – მევატრეპოლე და ჰანგამწევი ერთდროულად, კი... მაგრამ ცხოვრებაში რაღა არ ხდება და, ესიხაში კაპრალი დახვდა? _ არც დაიჯერებთ: ერთ რაღაცა დროს მუსიკოსი ყოფილა აგრეთვე იგი. და მატჩისწინა, ბუნების წიაღში აუცილებელი დასამეგობრებელი გაბაასებისას, თავიდან რაღაც საერთო ნახეს:
_ თქვენ რაზე უკრავდით, სენიორ? _ ე-თა კაპრალმა იკითხა ასე.
_ მე ახლაც ვუკრავ, ოღონდ ტრომბონზე. და თქვენ, სენიორ? _ დიდმა ბესამემ იკითხა ასე.
_ მე ვალტორნაში ვბერავდი ჰაერს, დონ ბესამე.
_ კარგი საკრავია ვალტორნა, დონ.
ძალიან ციოდა, ოღონდ სხვათათვის, აესენი კი წელზემოთ შიშველელები ისხდნენ მინდორზე და კუნთებს მალულად უთვალიერებდნენ ერთმანეთს, ისე კი, მოწყვეტილ, გაუჭირდებოდათ ეს თუ რა, მოგვიანებულ ბაბუაწვერებს უბერავდნენ სულს, ვითომ.
_ თუ შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ, სენიორ?
_ ბრძანეთ, სენიორ.
_ თქვენ Yთავის დროზე რა ვერ ჩააბარეთ, დონ?
_ მე თავის დროზე ჰისტორია ვერ ჩავაბარე, დონ.
_ ჰისტორიაო? _ გაოცდა ე-თა კაპრალი, _ ისტორიის ჩაბარებას რა უნდა, იგი ხომ შავით თეთრზე წერია, დონ?
_ ხოლო თქვენ, სენიორ? _ გაღიზიანდა დიდი ბესამე, _ ხოლო თქვენ რაღა ვერ ჩააბარეთ, დონ?
_ მე ჰარმონიაში ჩავიჭერი.
ელაპარაკე ამას!
_ ხოლო ჰარმონია, პატივცემულო, ნამდვილ მუსიკოსს სულში უნდა ედგას, პატივცემულო.
ე-თა კაპრალიც აიმრიზა:
_ მაშ, თქვენის აზრით, მე ნამდვილი მუსიკოსი ადრევეც არა ვყოფილვარ, არა?
_ არა, _ პირშიმთქმელურად უთხრა ბესამემ.
_ როგორ თუ – არა?
_ ეს თქვენვე ბრძანეთ.
_ არა, ასეთი რამ ჩემს ბაგეებს არ დასცდენიათ, _ თქვა ე-თა კაპრალმა, ისეთი მსხვილი ტუჩები ჰქონდა, ლაპარაკობდა ძლივს.
_ ნამდვილად დასცდათ, მოწყალეო ხელმწიფევ, _ ამაყად მიუგო ბესამემ, _ ჰარმონიაში ჩავიჭერიო, შენ არა ბრძანე?
_ მერედა, ამით რა გინდა რომ თქვა, ბიჭო?
_ რა და, ბიჭიკო, ნამდვილი მუსიკოსები ჰარმონაიში რომ არ იჭრებიან, ის.
_ ამას ჩვენ წყალქვეშ დავაზუსტებთ, ჯორო, _ თქვა ე-თა კაპრალმა. კარგა-ზე მეტად ჯანიანი იყო ის.
_ ნამდვილად დავაზუსტებთ, ვირრო, _ ქედმაღლურად შეეპასუხა ბესამე, ჯანიანობით აბა რომელი გააკვირვებდა, მძლეთამძლე იყო იგი. თუმცა, გარკვეულ წინააღმდეგობას მაინც გადააწყდა, რადგან ალკარასში დაბრუნებულს, ჰკითხეს:
_ თვალზე რა დაგემართა, ბესამე?
_ ეგ არაფერი, შენ ის უნდა გენახა. სხვა, როგორა ხარ, რასა იქმა, ჰაა?
ჭალად მიმავალს, გოგო შემოხვდა, ჭალის რამონა.
_ რამდენი ხანია, აღარ მინახავხარ, გოგო, _ დაურიდებლად ათვალიერებდა ბესამე, _ გამოცვლილხარ, აი.
_ ორი წელია.
_ კარგად გამოცვლილხარ, ძალიან კარგად, _ სჭვრეტდა ბესამე, _ რაღაც-რუღაცები დაგტყვია ტანზე. ასე უნდა, აბა... არაა დრო თუ?.. რამდენისა ხარ?
_ ჩვიდმეტის.
_ ძაალიან კარგი, _ აღნიშნა ბესამემ, _ ეგება ხომ არ გათხოვილხარ, ჰა?
_ არა.
_ მერედა, ჭალაში არ გეშინია? ასეთი კარგი, მშვენიერი, ქორფა...
ცხრამეტი წლის მუტრუკი და, ჩვიდმეტი წლის გოგო.
_ მშვიდობით. წავალ...
_ სად უნდა წახვიდე, აბა რას ამბობ? _ თქვა ბესამემ და მაჯაში ჩასჭიდა მხოლოდ ცერა-თითი, მაგრამ ისეთიი... _ წამოდი, ტყეში წავიდეთ, გოგო.
_ ტყეში რა მინდა...
_ ტყეში ერთი ძალიან კარგი რამე უნდა გასწავლო, გოგო, წამოდი, წამოდი, შენ განა კარგი გოგო არა ხარ? დამჯერი.
_ გამიშვი ხელი!
_ წამო, კუდრაჭავ, თორემ წელში გადაგტეხ, ეს კი ცუდია, _ ამბობდა ბესამე და მახლობელ ტყისკენ ჯერ მსუბუქად ეზიდებოდა, _ რბილად დავწვებით, ბალახი ტყუილა კი არ ამოდის.
_ ვაიმე, ხელი!
ცხრამეტი წლის მუტრუკი და, ჩვიდმეტი წლის გოგო.
_ შენით წამოდი, ის გირჩევნია, თუ არა და, გვრიტო, იღლიაში ამოგიდებ. ჯერ ხომ არ იცი, რა უნდა გასწავლო, დამიჯერე, მოგეწონება.
_ პირუტყვო, მხეცო! ვაიმეე, მიშ...
_ აბა, აბა, ყვირილს მოუკვდა პატრონი, _ გამკაცრდა ბესამე და ქვის ხელისგული პირზე ააფარა, _ თავიდან ყველა კი ინაზება, მერე კი ისე კოხტად კრუტუნებთ, გაინაზე რა, რა მენაღვლება, პატიოსნებაში ჩაგეთვლება, _ ტყისკენ მსუბუქად მიდიოდა, იღლიაში ფართხალა ტვირთით, _ მაგრამ აბა მეც მკითხე, მესამე დღეა, უქალოდა ვარ. შენ რომ არ გინდა, მე მინდა, და რატომ უნდა გავიდეს შენი და არა ჩემი? რა, ჩემზე ღონიერი ხარ? _ ტყე ახლო იყო, _ და გინდაც პატიოსანი იყო, ქალი ერთია ყველა. ქალი კი აი ასე უნდა დაიჭირო და...
_ არ შემობრუნდე.
ოხ, ხმა იყო რომ... შედგა ბესამე.
_ ეგრე იდექი.
ხმა იყო წყნარი, მშვიდზე მშვიდი. ოღონდაც, თითქოს ხავსლამაზადმოდებული, თრთოდა ბესამე... რამონა უკვე შინისაკენ მაგრად გარბოდა, გახევებული იდგა ბიჭი.
_ იდექ, მისმინე.
მხარზე დაედო, ჩამოაწვა მრავალნაცადი, დიდი ქრისტობალდ დე როხასის უუმძიმესი ვეება ხელი. და, როგორც ლომის გამოჩენაზე, კიდურთმიერი ვირთხ-კატები, ძაღლ-კურდღლები, სადღაცას გაქრნენ.
ეს რა ხმა იყო, რარიგმიერი წამღერებით ამბობდნენ კანტეს! _

ფარაში დამიდიოდა
ერთი ციკანი,
მოფერებამ გადამიქცია
გარეულ მხეცად...

ბესამე, გახსოვს?
_ დიახ.
_ მუდამ გახსოვდა?
_ დიახ.
_ ცრუობ.
წყვილი კურდღელი მაინც შერჩენოდა, რას მოჰკურცხლავდა, აჰ...
_ ადამიანი იყავ ერთ დროს და, რამ გაგამხეცა...
მთლად მოკუნტული იდგა ბიჭი.
_ რისი გული გაქვს, თავი რით მოგაქვს, რა გაბადია...
და აქ ბესამემ უცებ იგრძნო, მინამდეც, სადღაც მიმალულში, ერთი წრუწუნა მის შიგანში რომ დაჩიფირთობდა და, ამავდროულად, პესოებიან ჯიბეებში თითქოს რაღაცას კვნეტდა და ღრღნიდა, ახლა კი უფრო ამოქმედდა და, თაგვის ნაღრღნავი სხეულში ძალად ეწვეთებოდა, მოეცა ღონე, თავი შემართა, თქვა:
_ მე მდიდარი ვარ, როგორც რომ ალბა.
შემართულ თავზე დაადეს ხელი.
_ შენ ღარიბი ხარ, როგორც ისეო.
მოიმჩვარა, კი. მოიმჩვარა და, მერე როგორ, გადაფითრდა და, მერე რაფრად...
_ შენი ალბა კი მათხოვარი იქნებოდა, ხომ?
დაეთანხმა:
_ ხომ.
_ წადი, იარე.
სიარულისას, თავსა და მხრებზე კვლავაც ვაებად დასწოლოდა დიდი ხელები, ძნელ უსინათლოს მიუძღოდა თითქოსდა ბიჭი, მაგრამ საითკენ – არ იცოდა. საღამოვდებოდა.
საღამოვდებოდა. ბინდდებოდა და, რაღაცით ნაცნობ ბილიკს ტანჯვით მისდევდა ძალიან ნელა, ძალიან მძიმედ, შიშით და ფრთხილად, ღამე იყო შავი, უშავესი.
და, სუნზე მიხვდა! _ გომურთან შედგნენ. იდგა, იცდიდა, საძაგლობა რამ მოჰქონდა სიოს, იცდიდა, იდგა.
_ მოდი, შევიდეთ.
შიგ გომურში კი, ჩამყაყებული, დამძიმებული, ობმოდებულად წებოვანი რან სუნი იდგა, წვივებით დამბალ ნაკელს გრძნობდა ბესამე, რაღაცა მოტკბოდ საზარი სუნი ყნოსვას უფლეთდა.
_ იცი, სად ხარ?
_ კი!
_ მოგწონს?
_ აჰ, არა!
_ გიშველო?
_ დიახ!
_ ჰა, გამომართვი.
ტანში, დაზრინა. აქ, ამ უწმინდურ შენობაში, ბინძურ უკუნში, მუხლამდე ზიზღში იდგა და იდგა, ხელთ კი ფლეიტა დაეჭირნა, ისეთი სუფთა, გრილი, შიშველი... უფრა დამძიმდა მოხუცის ხელი, ჭანგები მხარში ესობოდა, ეგება შველას უპირებდნენ, აფრენას მაღლა... შხამი და ლორწო კი დაბლისაკენ ეზიდებოდა, მთლად წაბილწული სუნთქვა ეკვროდა, რა იყო მაინც, ასეთი სუნი!, ასეთი უნდო, ასეთი მჭახე, გამოსავალი სად იყო, ნეტავ.
_ მიიდე პირზე, და ეამბორე.
ღამე იყო ბნელი, უშავესი.
ხოლო ფლეიტას...

18

ხოლო ფლეიტას მთვარის სალუქი, ვერცხლად თხიერი სული ედგა და, დიდი ხნით ობლად მიგდებული, მოშიებული აქ, გომურისმიერ სიბინძურეში, ჯერ მკრთალად, სუსტად წრიატებდა და აქამომდე მისავათებულს, უნდოდ მიგდებულს, სასოება რამ ეფინებოდა, რადგან ბესამეს ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და, შეიშმუშნა.
ღრმად მოერთგულე სულის ჩაბერვით, მჭვირვალ თანხმოვანებს გამოსცემდა მჩატე საკრავი ფლეიტა – შმორში, მერე – ხმოვნებად იწელებოდა, მშვინავი სუნთქვით იმ კუნაპეტში უჩუმარ ბზინვად იჩეკებოდა ვერცხლის ყლორტები, რადგან ფელიტა – მთვარის შტო იყო. და თუმცა ღამე იყო ნაღდი, უშავესი, მელნისფერ ბნელში მთვარით იისფრად მოვარაყებული ის სიფრიფანად ღონიერი, უმოქმდებოთ მოშიებული ჯადოქარი რაებს აღარა სჩადიოდა – დიდ ხელისგულებს ყოველივეს აღსაზევებლად უსვამდა თითქოს, და შედედბულ, გაქვავებულ მინამდე სიმყრალესა და უწმინდურობას ფაქიზად სათნო ხმებით ბზარავდა, რაც კი რამ იყო შესაზიზღი თუ საძულველი, აქრობდა, შლიდა, ვინ იფიქრებდა, მყაყე გომურშიც თუ ექნებოდა ასეთი ძალა, და იმოდენა ხანს თუ ძილად ეგდო, ნაამბორალი, ფაქიზად სულშთაბერილი, შთაგონებული ახლა, კუმშვად სურვილად იწელებოდა, ღამეულ მფლობელს, რაღა არ ჰქონდა გომურშიაც კი, მოსაფერები – ისეთი ტყე და, ისეთი ბორცვი, იმსიდიდო ცა... საკმეველივით ედებოდა ფლეიტა ჰაერს, და თუ რამ იყო უწმინდურობა, სწმენდდა და ითვინიერებდა, რადგან საკრავთა შორის ვიოლინოსებრ უპირველესს, ორი დიადი უმთავრესი რამ – თავისუფლება და სიყვარული გააჩნდა, ჰქონდა; ვითომც სხვების გადამქელი და, სინამდვილეში ისევ თავად გადათელილი, ჩვენი ბესამე მომცრო ქვეყანას ისევ იმა მუსიკის რბილად აჩაჩხულ მწვერვალებიდან დასცქეროდა და, აჰ, კაცთ ხედავდა მიმომავალთ თუ მევატერპოლნეთ, ვით ჯინჭველთ, ისე, და ეს სუსტი ხმა რა იყო ნეტავ, ღონიერებით როგორ სავსებით დატენილი, რა, და სიფაქიზის მიუხედავად, რა, ეს რა იყო – დაგორებული მთებიდან ძალა? ამბოხებული გამოქვაბული? მიქისძვრა, ეგებ... ოკეანიდან ამოზრდილი დიდი ლურჯი მთა, ოკეანისა შესაფერი, გრძნობიერებით აღმომავალი... მაინც რა იყო – უდიადეს ხელს აბოლებული ვულკანიდან ამოჰქონდა გრძნეული ფიჭა, რა იყო ეს და – მუსიკა იყო, ქვეყნის მფლობელი, რას დააკლებდა შმორი და ზინზლი, ჩაბინძურებულ შენობაში დამპყრობლად კი არა, არაა, ღმერთმა დაუფაროს, მომთვინიერებლად იდგა ბესამე, და ისე კუშტად ჩამოეძრწოდა დიდ მოხუცს სახე, რადგანაც ობლის დაკარგული და აწ მოძებნილი, დაკემსილი ახლად ბგერები, ვინ-ვინ და დიდმა მუსიკოსმა, ქრისტობალდ დე როხასმა კარგად იცოდა, კარგად უწყოდა ამ ცხადეული, მძიმედ უწონო სიზმრების ფასი, ჯადოქარს რაღა არ შეეძლო, მაღალ ბგერებზე მოზევითურო ნაყოფისკენ ხტებოდა თითქოს, დაბალ ხმაზე კი – სიოში თოვდა, ნისლი ეფინათ შორეულ ბაღებს, რაღაც ხატება ღრმა ჭაში ჩანდა, გუბეზე წვრილად, მეჩხრულად წვიმდა, და ზღვათა ფსკერზე გატრუნულიყო უცხო ბუჩქნარი, მისჯილად სველი – რაღაცა იყო ფლეიტის ხმაში, მძინარე ბავშვის ნიკაპზე მძიმედ ჩამოღვენთილი ნერწყვივით წმინდა, თავად ფლეიტაც იმ დაბინდულ ჰაერს ჰმონებდა, შორეულ გზაზე სავალად რომ ციაგით ედო, რადგანაც მთვარე – ფლეიტის სათნო კუნძული იყო, ლურჯ, მიმოფანტულ კუნძულთა შორის უსათნოესი, მიწით გრძნეული, ჰაერით წმინდა... სიფრიფანა ხმით იმსჭვალებოდა განწმენდილი და შვების გომური, წიწვოვანი ტყის სურნელება თვალნათლივ იდგა, რადგან ბესამე თავად წააგავდა ახლა ჯადოქრულად მასუნთქებელ, გირჩებოვან მცენარეს, ერთი პატარა, გრძნეული ტოტით, რომლიდანაც რომ უცხო ნაყოფად ამოდიოდა თვით ის: უფსკერო, განუზომელი, თვით ის – მაღალი, უხვი, მდიდარი, თვით ის – უზმომოდ მწყალობელი, _ ლაღი, ფარფატა ბედნიერება, სიბედნიერე თვალთუხილველი, ყოვლისმომცველი ჩვენი მეუფის, თავად ჰაერის, ჰაერის მეფე უზენაესი, დიდაღზევების მასუნთქებელი თვით იის – მუსიკა!
დიდ მოხუცისგან ნაბოძევ სამოსს – სოფლურ ტანსაცმელს გომურის წინ იცვამდა ბიჭი, ყალბად ბრწყინავდა იქვე მიყრილი მოსირმული პანტალონები და ეპოლეტებიანი ქურთუკი; გაისმოდა, ბნელში: `კარგად გახსოვდეს, ბესამე რომ, ბგერები ჰაერში არ იკარგებიან~. იცოდა, კიი, კარგად იცოდა, სიამნარევი ტკივილით გაბუჟებული ნამცეცები ბითურ მოძმეებს რომ ეხლებოდნენ და, აკეთილშობილებდნენ იმათაც მერე, `და რაგინდ დიდი დრო გავიდეს, ბესამევ, კარო, ალბა-კალიგულაიანი მონაკვეთები, ძრწოლა და სისხლი, დიადი რხევა მაინც რჩება, გვეწვეთება ყურთ, ჯერ არ ყოფილა ქვეყნად ნამცეცი, რომ დაიკარგოს!~, შუბლზე, კეფაზე, გრილი ხავერდი შემოახვია, მიმოფლეიტის ნიშანი სანდო, `გზად კორდოვაში შეჩერდი, კარო, ის დაი გაგბანს... შენს პესოებს კი რა ვუყოთ, ბიჭი~. `გლახაკებს ჰქონდეთ~. `როდის ვუბოძო~. `აღდგომა-დღეს. ბევრნი არიან?~ მოხუცმა თავზე კვლავაც დაადო ხელისგული, ოდნავ უბიძგა, და სოფლისაკენ მთელი ღამე ქვეითად მავალი, სამყაროს დიდი მშობიარობით თითქოს, ისე წვალებით, ისე ნელინელ ამომჭვირვალი ცისა და მიწის დანახვაზე მიხვდა, რატომ წააგავს გათენება დაბადებულის ღონიერ ტირილს, რატომ ჩახჩახებს მერე ქვეყანა, ბნელდება მერე უხმაუროდ – რისთვის და რატომ, და, როგორც ნამდვილი, ჭეშმარიტი ქვეყნისა კაცი, კაცი – მიწისა, ბესამე დღისით ხნავდა, სთესავდა, რწყავდა, იმკიდა, ხოლო ფლეიტას, რადგანაც მთვარის კუთვნილი იყო, მაინც ღამე, კი, ღამე ერჩია, ნაშუაღამევს ქოხიდან ფრთხილად გამოდიოდა ბესამე კარო, და უძაღლებო მახლობელ სოფლებს ღამ-ღამობით ისე ფაქიზად, ისე წმინდად ედებოდა მთვარის ეჟვნები, მძინარე გლეხებს, მიწის მუშაკთ, დალოცვილ მიწის მფლობელებსა და ყმებს, ძილში მკრთალ შვებად ეფინებოდათ ამ სუყველაზე იდუმალი საკრავის ხმები, შვებასვე გრძნობდა ბესამე კარო, ისევ ობოლი, რადგან მიწაზე ფეხშიშველად მდგარს და ფლეიტით ღამის მაკეთილშობილებელს, არ აწვალებდა ბევრ ჩვენგანისთვის ისეთი უნდო: `რატომ ვარ... რისთვის...~ _ ღამის ლებანში თითქოს კენტად იჯდა ბესამე, გარემოსილი ფლეიტის მწუხრით, და ეს, სწორედ ეს გახლავდათყე მისი ნამდვილი აღდგენითი სამუშაოები, ქვეყანასა და მის ჯინჭველთზე მჩატე ფლეიტით მიმომფენი თავისუფლება, და სიყვარული, იქავე სადღაც გატრუნულიყო აფრედერიკ მე, ძლიერ ობოლზე სულთავიდანვე მიჩენილი, და უხაროდა, ძნელმა ჟანრმა ცოტათი თითქოს რომ გაუმართლა – თავისუფალი იყო ბიჭი... და აფრედერიკს ხანდახან თუკი ავიწყდებოდა კიდეც ამორჩეული და მისჯილი დარგი, ის ფანტასტიზმი, დროდადრო ტყუილ-უბრალოდ კი არ ახსენდებოდა თავნება ქალი, სახელად – კარმენ, თავისუფლებას, სულის ველურა აყვავებულ ბუჩქნარს, მისით ეტრფოდა და, დიდად უყვარდა თავისუფლება და, შემთხვევით ხომ, მოგეხსენებათ, არაფერი ხდება მორჩილ ქვეყნად და, აფრედერიი აბა რად უნდა ყოფილიყო შემთხვევითი ფანტასტი, ხოლო ჟანრი რომ განიმტკიცოს, მოახლოებულ დამშვიდობებისას ყოვლად ჭეშმარიტ, ფანტასტიკურ ხერხს გთავაზობთ – არ დაიჯერებთ, გამოყენებულ ლიტერატურას გვთავაზობს იგი! როგორიცაა:
1. პროსპერ მერიმე, `კარმენი~, თარგმანი არ. ცაგარლისა, და
2. ფრედერიკო გარსია ლორკა, `ისპანსკიე კოლიბელნიე პესნი~, პერევოდ ვ. ბიბიხინა ი. ვ. ჩერნიშვოი.
და, ბოლოს, მასაც მოვუსმინოთ, რამდენი ხანია, არაფრით არ შეუწყენია უჩინარი თავი, ჰოიი, საწყალი, საბრალოესი აფრედერიკ მე, ვისაც რომ ბევრი ჭკვამხიარული გასართობიც მრავლად შემოხვდა ცხოვრების გზაზე, მაგრამაც იმან ამოირჩია შეხვედრილთაგან ყველაზედ მეტი ხელობა, პროზა, და თუ ხანდახან ლექსად უქცევდა, ოჰ, აპატიეთ, ვის არ გაგვირბის ლამაზ ქალისკენ ოხერი თვალი, აღარც ის უკვირს, დროებითად ყოვლისშემძლე, უფლებადიდადშემოსილი კურფიურსტები მთლად როგორი გაქრნენ, დაიკარგნენ საცხა, ხოლო ბეთჰოვენი, თითქოს იმათზე დამოკიდებული, თქვენ წარმოიდგინეთ, დარჩა. და ამ პატარა გახსენებაზე აფრედერიკ მეს ერთი სული აქვს, ჰაერთ-დიადი-მპყრობელები, ისე თვალნათლივ რომ არხევენ თავად მეუფეს, სრულიად ჰაერს, მისთვის ხანდახან ჩუმჩუმად და ხანაც – ძლიერ ხმამაღლად სათაყვანებელი ხალხი, დიდბატონები, სულ ექვსი კაცი, ჩამოგითვალოთ: ბახი, ჰენდელი, მოცარტი, ვივალდი, როსინი, ვერდი...
ერთხელ კიდევ, რაა?:
იოჰან სებასტიან ბახი,
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი,
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი,
ანტონიო ვივალდი,
ჯოაკინო როსინი,
ჯუზეპე ვერდი,
კაროვ, ძვირფასო! აფრედერიკ მემ თავისი მცირე საშუალებით შენ მოგახმარა თავისი შრომა, თავისი მოკრძალებული აღდგენითი სამუშაოებიც არამცთუ დაუყვედრებლივ, სიხარულითაც კი შემოგწირა შენ, საბოლოოდ ბედის რჩეულს, სად აღარ გაგყვა, სადღა არ გახლდა, ქალაქ-ქალაქად და სოფელ-სოფელ, უცნაურია, მაინც, ცხოვრება, ნეტავ რა ძალამ დაგაკავშირათ ის, ამა ძნელი საუკუნის კავკასიელი აფრედერიკი და შენ, ისე ძალიან შორეულო, ბესამევ, კარო, საიდან მოსწვდა ეგ შენი ხმები, ალბათ მბჟუტავი ნამცეცები მართლაც არსად იკარგება, ყოველთვის რჩება, უფრო ჩანს – ღამით, და თუმც საბრალომ ახლაც არ იცის, რომელი სოფლის მიწაში ხარ, რომელ პატარა სამრეკლოსთან ნეშტად ჩაფლული, მაგრამ, იცოდეთ – უპატრონო საფლავები არ არსებობენ, რადგანაც მიწა – ყველასია და, აეს ჰაერიც, მუდამ ირხევა.

აქ აფრედერიკს სხვა აღარარა დარჩენია, დაგემშვიდობოთ.
ხოლო სივრცეში არაფერი იკარგება, ეჰ.

1980-81 წწ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი