მიხეილი და ალექსანდრე
1 ალექსანდრე ჯერ ხუთი წლისაც კი არ იყო, ყველა ნიჭიერს რომ ეძახდა. ბავშვმა არ იცოდა, რაში გამოიხატებოდა მისი ნიჭი. რატომღაც არ სიამოვნებდა, მოურიდებლად რომ აქებდნენ და სტუმრებს ემალებოდა. მხრებზე ტვირთად აწვა მახლობელთა ქება და იმედები. ეს კი იყო, ალექსანდრეს ხატვა უყვარდა - ხეს ყავისფერი ტოტები ჰქონდა, ტოტებზე მწვანე ფოთლები ხარობდა. ზღვა ლურჯი იყო, წითელი გემიდან შავი ბოლი ამოდიოდა და ცაში იკარგებოდა.შავი თევზები გაბრტყელებულიყვნენ ზღვის ზედაპირზე. სახლს კედელი, ფანჯარა და კარი ჰქონდა, სახურავიდანაც დაკლაკნილი ბოლი ამოდიოდა. მზე ყვითელი იყო, ანდა წითელი, მოკლე სხივები ჰქონდა. ცაში გამჭვირვალე თვითმფრინავი ეკიდა. ზამთრობით ალექსანდრეს გასასეირნებლად რომ გამოიყვანდნენ, პირდაპირ საცოდაობა იყო ბავშვის ყურება – ალექსანდრეს მძიმე, ყურებიანი ქუდი ეხურა, პალტოს ქვეშ ორი ჯემპრი ეცვა და კაშნე ისე მაგრად ჰქონდა მოჭერილი, სულს ძლივს ითქვამდა; თავს გვერდზე ვეღარ ატრიალებდა; ვინმე გამვლელი თვალში რომ მოუვიდოდა, მთელი ტანით შემოტრიალდებოდა, ამნაირად თუ გააყოლებდა მზერას. ისე იყო გაკოჭილი, ტირილსაც ვეღარ ბედავდა. ალექსანდრე შვიდი წლისა რომ შესრულდა, სკოლაში შეიყვანეს. თუმცა ალექსანდრეს კარგი სმენა ჰქონდა, ვიოლინოზე დაკვრა მაინც არ ეპიტნავებოდა. ძალიან ცოტას მეცადინეობდა და მაინც ხუთები ჰქონდა. იქნება მართლა ნიჭიერი იყო ალექსანდრე? თუ მოეწყინებოდა, ხატავდა. ახლა მის ზღვაზე გემებთან ერთად ნავებიც ტივტივებდნენ, თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებოდნენ მამაცები, სწორუპოვარი კაპიტანი გემის საჭესთან იდგა. ხატვა დიდად არ სიამოვნებდა, უბრალოდ, დრო გაჰყავდა. ვიოლინოზე მეცადინეობასაც ძალაუნებურად შეეჩვია. იცოდა დღეში ორი საათი აუცილებლად რომ უნდა გაეწირა და უხალისოდ, მაგრამ მაინც ყოველდღე უკრავდა, სკოლაშიც ხუთები ჰქონდა, თავისუფალი დრო მაინც რჩებოდა და მხატვრული კითხვის წრეში შეიყვანეს. იქაც უხალისოდ კითხულობდა მხიარულ მოთხრობებსა და ლექსებს. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებოდა, ველოსიპედზე რომ შეჯდებოდა ხოლმე. იმ დროს რომ დაგენახათ, ვეღარც იცნობდით ველოსიპედს აღმა – დაღმა დააქროლებდა, მანქანებს ეჯიბრებოდა, ბევრჯერ იტკინა ხელ – ფეხი, მაგრამ მაინც თავისას არ იშლიდა. სხვა დროს რომ შეგეხედათ, ვერც დაიჯერებდით, ალექსანდრე ასეთი გადარეული თუ იყო. საერთოდ კი ჩემი ბავშვი გახლდათ, ხმას იშვიათად თუ ამოიღებდა, რადგან მხატვრული კითხვის წყალობით ყოველი სიტყვის წარმოთქმისას დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ვიოლინოზე დაკვრა ისევ ეზარებოდა და ცოტათი სინდისიც აწუხებდა – საბოლოოდ მასწავლებელს იმედებს ვერ გავუმართლებო. მაინცდამაინც არც ტოლებთან თამაში ეხალისებოდა. კიდევ კარგი, ველოსიპედი ეგულებოდა. შვიდწლედი რომ დაამთავრა, მუსიკალურ ტექნიკუმში შეიყვანეს; აქ ალექსანდრე ორკესტრში მეცადინეობასაც გადიოდა. ძალიან მკაცრი დირიჟორი ჰყავდათ, ბავშვებს არ უყვარდათ ის კაცი. ალექსანდრესათვის ორკესტრში დაკვრა წამება იყო, მაგრამ ერთხელ ძველი დირიჟორის ნაცვლად სარეპეტიციო დარბაზში სწრაფი და მხნე ნახიჯით შემოვიდა გამართული კაცი, უეცრად შეჩერდა, მოსწავლეები შეათვალიერა, გაიღიმა და თქვა: გამარჯობათ, გვრიტებო, მე თქვენი ახალი დირიჟორი ვარ. ბავშვები პირდაღებულნი შეაცქერდნენ, კაცმა გაიცინა, უეცრად ძალიან სერიოზული სახე მიიღო და თავი დახარა: - მიხეილ სანაძე! ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით... ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, ახლადშემოსულმა კი საქმიანად გამოაცხადა: - გთხოვთ დაიკავოთ ადგილები, რომელია კონცერტმეისტერი? ძალიან კარგი, რას უკრავთ? ო, ფრანც შუბერტი დიდებულია, აბა, ავაწყოთ ინსტრუმენტები... არა, სწორი არ არის, - სახე მოჭმუხნა და წაიღიღინა: - ლა – ა... ყველასათვის აშკარა გახდა, რომ ახალ დირიჟორს აბსოლუტური სმენა ჰქონდა – მის მიერ აღებული ნოტი როიალზე შემოწმდა. ბოდიში, როგორ მომართოთ ხოლმე? - ჰკითხა პირველმა ვიოლინომ. - მამის სახელს გეტყოდით, მაგრამ რა საჭიროა ასეთი ფორმალობა, მაესტრო დამიძახეთ. მშვენივრად ამბობდა ამ სიტყვას - „მაესტრო“. „მაეს“-ს ისე იძახდა, თითქოს ზევით, ცისკენ მიფრინავდა; ოდნავ მოღუნულიც რომ ყოფილიყო, მაშინვე გასწორდებოდა და ისე იტყოდა - „მაეს“... შემდეგ კი „ტრო“-ს ისეთი ნაზი თრთოლვით წარმოთქვამდა, თითქოს ამ მარცვალს წვრილი თოკი ჰქონდა გამობმული და ისე არხევდა. მოკლედ, მაშინვე შეაყვარა ბავშვებს ეს სიტყვა. - აბა, ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ, - მხნედ წარმოთქვა და ხელები მაღლა ასწია. - ვუკრავთ შუბერტს! დაიწყეს თუ არა, მაშინვე ხელი ჩაიქნია და ჩაილაპარაკა: - საწყალი ფრანცი თქვენს ხელში. აბა, მიპასუხეთ, ყურები რომ ჩამოგიყრიათ, რა სწერია, როგორ დაუკარითო? - ფორტისიმო. - მერე, ეგ სიტყვა რას ნიშნავს? - „ძალიან ხმამაღლას“ ნიშნავს, მაესტრო, - უთხრა პირველმა ვიოლინომ. - მერედა, დღეს არაფერი გიჭამიათ? ქალაჩუნებო... მერვეკლასელი ბიჭებისათვის ეს დიდი შეურაცხყოფაა. მათ ვიოლინოები, ალტები და ჩელოები მოიმარჯვეს და მოემზადნენ, მაგრამ მაესტრო მიხეილმა თქვა: მოისმინეთ, ჭაბუკებო დაგოგონებო. მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა დაუკრათ ფორტისიმო, - იგი ჩაფიქრდა. საოცარი სახე ჰქონდა ამ კაცს – თუმცა ხშირად იღიმებოდა და თვალები უციმციმებდა, მაინც დანაღვლიანებული გეგონებოდათ. - დიდი ხნის წინათ, - დაიწყო მაესტრომ, - ცხოვრობდა ერთი კაცი – სამსინი. იგი ძალიან ღონიერი და ამასთანავე სამართლიანიც იყო. მისი ძალა მისივე თმაში იმყოფებოდა, - მაესტრომ თავზე გადაისვა ხელი. - და აი, ერთხელ, მას მიეპარა ბოროტების მოციქული და თმა მაკრატლით შესჭრა, გამოეღვიძა თუ არა კეთილ სამსონს, მაშინვე დიდი ხის გადატეხვა მიუნდა, ხელი წაჰკრა, მაგრამ თვითონვე წაიქცა. შემდეგ წამოდგომაც კი გაუჭირდა. მიხეილი ბავშვების ასაკს ითვალისწინებდა და დარწმუნებული იყო, მის ნაამბობს სასურველი შედეგი რომ მოჰყვებოდა. ამიტომაც ძალზე ხალისიანად ლაპარაკობდა. - ძლივს დაიარებოდა ჩვენი ბეჩავი სამსონი, - განაგრძობდა მაესტრო, - ახლა მასავით უძლური აღარავინ იყო დედამიწის ზურგზე. ბარბაცებდა, დალასლასებდა იგი. ერთხელ გულმა ვეღარ მოუთმინა და ზეცას შესთხოვა – ღმერთო, ღმერთო, დამიბრუნე ძალაო. ღმერთს შეეცოდა სამსონი და დაუბრუნა ძალა. გახარებული სამსონი დიდ მთას დაეძგერა, ხელები შემოხვია და სულ დაფშვნა. გესმით, - ფეხზე წამოდგა მაესტრო,- მთა დაფშვნა, უშველებელი მთა, გესმით, როგორ მოხშუის მიწა, მძიმე ლოდები ენარცხებიან, აი, ესაა ფორტისიმო! აბა, ვითომ სამსონები ხარლ, დასცხეთ, აბა! - მაესტრომ ხელი დაიქნია თუ არა, მოსწავლეების ხემებიც გამეტებით ეძგერა სიმებს. რაღაც გასაოცარი ხმები გაისმა, ორ მოსწავლეს სიმებიც კი გაუწყდა, მგრძნობიარე მაესტროს კანი აებურძგლა, მაგრამ... - ბრავო, ბრავისიმო, - შეაქო მან მოსწავლეები, - თქვენია მომავალი. პატარა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ თავაზიანად გამოაცხადა: - ცოტა ნელა დაუკარით, ყმაწვილებო, სამსონი მხოლოდ ერთი კაცი იყო. ალექსანდრე მხატვრული კითხვის წრეში ისევ დადიოდა. იქ მთელი წლის განმავლობაში სწავლობდა, თუ როგორ უნდა წაეკითხა მხატვრულად ოვანეს თუმანიანის პოემა „ერთი წვეთი თაფლი“. ვიოლინოზე დაკვრას განაგრძობდა, სხვა მუსიკალურ საგნებსაც ასწავლიდნენ. ერთი სიტყვით, ალექსანდრეს ხელოვნებასთან გარკვრული კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეგრეთწოდებული აღმაფრენა აკლდა. ერთადერთი მასწავლებელი, ვისი დანახვაც ამხიარულებდა, მაესტრო მიხეილი იყო, მაგრამ ორიოდე თვის შემდეგ ორკესტრში ახალი დირიჟორი მოვიდა. მას ძალიან ამაყად ეჭირა თავი, თანაც ტრაბახი უყვარდა – თურმე ერთხელ ბორჯომის პარკში დირიჟორობდა და მოულოდნელად სინათლე გადაიწვა. არ დავიბენიო, უამბობდა ბავშვებს ახალი დირიჟორი, ხელზე ცხვირსახოცი შემოვიხვიე, ორკესტრანტებმა თეთრი ნაჭრის მოძრაობა დაინახეს და რიტმი არ დაიკარგაო. მუსიკოსები სიბნელეში ნოტებს როგორ არჩევდნენ, ამაზე არაფერი უთქვამს. ალბათ, ზეპირად თუ იცოდნენ. მოკლედ, კაცი ვერ გაიგებდა, ტყუილს ამბობდა თუ მართალს, ალექსანდრე კი ეჭვით შესცქეროდა მას და ძველი მაესტრო ახსენდებოდა. მეთერთმეტე კლასში ალექსანდრე საბოლოოდ დარწმუნდა, მისგან პროფესიონალი მუსიკოსი რომ არ გამოვიდოდა. მეცადინეობაზე ხელი აიღო და თავს დამნაშავედ გრძნობდა, როცა თავის ვიოლინოს უყურებდა – ტყუილად ნაწვალებ ვიოლინოს. მხატვრულ კითხვასაც თავი მიანება. რამდენჯერმე მაესტრო მიხეილი დაინახა ქუჩაში. მაესტრომ არხეინად სიარული იცოდა, გუნებაში რომელიმე ნაწარმოებს ღიღინებდა და ამ ნაწარმოების ტემპის შესაბამისად დადიოდა – ხან სწრაფად, ხან ნელა. მარჯვენა ხელის თითებს მკერდზე ათამაშებდა, იღიმებოდა და გაკვირვებულ გამვლელებს მოხერხებულად უქცევდა გვერდს. 2 ალექსანდრემ სკოლა დაამთავრა და ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. პირველ ხანებში ლექციებს არ აცდენდა, აუდიტორიაში გრძელ მერხზე ჯდებოდა და ლექტორს უსმენდა. ხანდახან ფიქრებში გაერთობოდა, ანდა თანაკურსელებს ათვალიერებდა. ალექსანდრეს კურსზე ოცდასამი გოგო სწავლობდა, ერთ – ერთ მათგანს კი... თამუნა ერქვა. ლექციების დროს თამუნა თავის ამხანაგს ეჩურჩულებოდა, რაც კარლოს არ სიამოვნებდა. იგი მკაცრად შეხედავდა ხოლმე თამუნას და გოგონა ჩუმდებოდა. კარლო ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი იყო, ჯარი და ფლოტი მოვლილი ჰქონდა, უკვე ჭკუადამჯდარი კაცი გახლდათ და ჩვიდმეტი წლის გოგონას ასეთი საქციელი აღელვებდა ხოლმე. ერთხელ, როცა მისმა მზერამ ვეღარ გასჭრა, პირდაპირ იერიშზე გადავიდა: ქალიშვილო, თუ შეიძლება, ნუ ჩურჩულებთ. კი მაგრამ, რას გიშლით მაგის ჩურჩული? - გაიკვირვა თამუნას ამხანაგმა. რას დამიშლის! სწავლა მინდა მე! რაშია საქმე? - იკითხა ლექტორმა. ხმას არავინ იღებდა. რაშია – მეთქი საქმე? ამ კაცს სწავლა უნდა, - გამოაცხადა უცებ თამუნამ. რომელს? მე, პატივცემულო, - ფეხზე წამოდგა კარლო. ძალიან კარგი, ძალიან, - მოუწონა ლექტორმა, - დაბრძანდით. სწავლის დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, ალექსანდრე უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში რომ ჩარიცხეს. დარბაზში შევიდა თუ არა, მაესტრო მიხეილი დაინახა. იგი რაღაც ამბავს ჰყვებოდა: ...ჰოდა, თავისი სიტყვა რომ შეესრულებინა, ბევრს შრომობდა, თანაც ზეციდან ნიჭით იყო დაჯილდოებული. მართალია, წონაში დაიკლო და გაძვალტყავდა, თავის გადაწყვეტილებას მაინც ხორცი შეასხა. ასეა, ბევრი უნდა იმუშაოთ. თქვენ რა გნებავთ? - ალექსანდრე ვერ იცნო. მე თქვენთან გამომგზავნეს. ო! - გაეხარდა მაესტროს. - რაზე უკრავთ? ვიოლინოზე. რა დაამთავრეთ? მუსიკალური ტექნიკუმი. დიდებულია, ღმერთმანი, თქვენი სახელი მაჩუქეთ. ალექსანდრე. ოო, კარგი სახელია, მაკედონელი... ინსტრუმენტი გაქვთ? დიახ. რომ ვერა ვხედავთ? - თვალები მოჭუტა. მომავალ რეპეტიციაზე მოვიტან. ძალიან კარგი, ყოჩაღ, - გაამხნევა მაესტრომ. - ახლა კი დაჯექი და გვიყურე. ცოტა ხანს ფიქრობდა, მერე გამოერკვა და ომახიანად გამოაცხადა: ვუკრავთ ბიზეს! ზედმეტი არ იქნება, ორკესტრს თვალი რომ გადავავლოთ. ძირითადში იგი შედგებოდა ხელმოცარული მუსიკოსებისაგან, მეექვსე–მეშვიდე კლასში სწავლას თავი რომ დაანებეს. იყვნენ ისეთებიც, მუსიკალური ტექნიკუმი რომ ჰქონდათ დამთავრებული, ხოლო რამდენიმეს უმაღლესი მუსიკალური განათლება ჰქონდა, მოკლედ, ასეთი განსხვავებული ხალხი სტადიონზე თუ შეიკრიბება. რამდენიმე ინსტრუმენტი სულაც არ იყო – პირველი საყვირი მხოლოდ კონცერტებზე მოდიოდა, ოპერიდან იწვევდნენ. არ იყო ფლეიტა და ჰობოიც. პირველ ვიოლინოებს არა უშავდათ, ასე თუ ისე უკრავდნენ, მეორე ვიოლინოებში კი ბევრი „უცოდინარი“ იჯდა, ძნელდასაკრავი ადგილების დროს მხოლოდ ხემის ქნევა ევალებოდათ, ოღონდ ისე, რომ ვიოლინო არ უნდა აეხმაურებინათ. აბა, დავიწყოთ! დაიწყეს. რადგან ჰობოი არ იყო, მის პარტიას მაესტრო ღიღინებდა და თან დირიჟორობდა. დროდადრო შეიძლებოდა მიხვედრა, რას უკრავდნენ. უეცრად მაესტრომ ხელების ქნევა შესწყვიტა და საშინლად გაბრაზდა: კლარნეტ! რატომ არ შეხვედი დროზე? „კლარნეტმა“ თავი ჩაღუნა. ვის ვეკითხები? ჩავფიქრდი... უნებურად. აჰა! ჩაფიქრდი, არა? ოო, მოაზროვნე ხარ? შენი ჭირიმე... რა დროს ფიქრია, თავხედო! „კლარნეტი“ ოცი წლის ჯეელი იყო. ფეხზე წამოდგა და საკმაოდ უკმეხად უთხრა: თქვენ ცოტა ენას მოუარეთ! - ღმერთო დიდებულო, - გაიოცა მაესტრომ, - ვის უბედავ, თავზეხელაღებულო? დასტოვე დარბაზი! მე ნუ გამაბრაზებ, თორემ შემდეგ გვიანღა იქნება თითზე კბენანი. ბოდიში, მაესტრო. მიპატიებია, ჯანდაბას, უნდა დავწყნარდე... შესვენება! უცნაური კაცი იყო მაესტრო მიხეილი. ტრამვაი დაიძრა. ბოდიში, თუ შეიძლება, გადააწოდეთ, ერთი ბილეთი მინდა... ოჰ, თქვენა ხართ? - დიახ, გამარჯობათ, ერთი ბილეთიც მომეცით, - ალექსანდრემ სამკაპიკიანი გაუწოდა კონდუქტორს. რატომ წუხდებით, - დაიმორცხვა თამუნამ. რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა... ტრამვაი მოსახვევს მიუახლოვდა და გოგონა უეცრად გვერდზე გადაიხარა; სკამს ხელი ჩასჭიდა და თავი ძლივს შეიმაგრა, მერე მორცხვად გაუღიმა ალექსანდრეს. თქვენ წელს დაამთავრეთ, არა? დიახ. მეც. მოგწონთ ჩვენი კურსი? რა ვიცი, ჯერ თითქმის არავის ვიცნობ. რა თქმა უნდა, ათ დღეში ძნელია ადამიანის გაცნობა. დიახ. ტრამვაი მიდის, მიდის, რახრახებს. თქვენ რა გქვიათ? მე ალექსანდრე. სანდრო? არა ალექსანდრე. ტრამვაი გაჩერდა. - მე ახლა ჩავდივარ, გმადლობთ ნახვამდის - ნახვამდის, რისი მადლობა... 3 - აბა, დავიწყოთ! ვუკრავთ „დაისის“ შესავალს. ჰობოი არ არის, არა? არა უშავს, მეორე ციფრიდან დავიწყოთ. ააწყეთ ინსტრუმენტები? ძალიან კარგი, აბა, ყურადღება...ერთი,ორი, სამი, ოთხი, ერთი, ორი, სამი...კლარნეტ! რომელი ნოტები წერია მეორე ციფრის მეორე ტაქტში? მაპატიეთ, მაესტრო. - თავიდან დავიწყოთ, არა, თავიდან კი არა, მეორე ციფრიდან. ყურადღება...ერთი, ორი... უეცრად სინათლე ჩაქრა. - რაშია საქმე?- გაისმა მაესტროს ხმა. - სინათლე გადაიწვა,-წამოიძახა ალექსანდრემ. მართლა? აბა გარეთ გაიხედე - მთელ შენობაში გადაიწვა თუ მხოლოდ აქ? მთელი შენობა ჩაბნელებულია, მაესტრო. - სამწუხაროა; ალბათ, ცოტა ხნით გამორთეს. რაღა გადვრჩენია, გულ-ხელი დავიკრიფოთ და დავიცადოთ. ხმას არავინ იღებდა. - ცუდია, ცუდი სინათლე რომ გადაიწვა,- თქვა მაესრომ და იკითხა:- არა? არც ახლა ამოუღია არავის ხმა. ალექსანდრემ ვიოლინო მუხლებზე დაიდო, შემდიგ თითი ფრთხილად გამოჰკრა სიმებს. ბნელა,- ხმამაღლა გამოაცხადა ვიღაცამ. - არა უშავს,- გაისმა მიხეილის ხმა,- თუ გინდათ, მეტად საინტერესო ამბავს მოგიყვებით. დიახ... მოგვიყევით, მაესტრო. უფრო სწორად, ეს ამბავი კი არა, ერთი გენიოსის დახასიათებაა, გინდათ? დიახ. - მაშინ, დავიწყებ... ესე ისი, ასე- მისი სახელია ჯოაკინო, გვარი როსინი.იგი დაიბადა 1792 წლის 29 თებერვალს; მაინცდამაინც 29 თებერვალს, წარმოგიდგენიათ? იგი დაიბადა აპენინის ნახევარკუნძულზე, მშვენიერ იტალიაში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა თვალწარმტაც ქალაქში,რომლის სახელია პეზარო. დიდი როსინი პატარაობაში ცელქი და მოუსვენარი ბიჭუნა იყო. იგი ფეხშიშველი დარბოდა მწვანე ბალახზე, ზეთისხილის ხეებზე აძვრებოდა ხოლმე და ალბათ აღტაცებით შესცქეროდა იტალიის კრიალა ცას. მშვენიერი სმენა მემკვიდრეობით მიიღო, დედისაგან- ანნა გვიდარინი მეტად მუსიკალური ქალი იყო. პატარა როსინი ყურს უგდებდა ადრიატიკის ზღვის ფშვინვას, ყინულოვანი, ჩანჩქერების ხმაურს, ფოთლების შრიალს, წისქვილის საამო გუგუნს და ყოველივე ამისა და ვინ იცის, კიდევ რის გამო, მშვენიერ ხასიათზე დგებოდა და ლაღად, თავისუფლად სუნთქავდა. ეს ის სუნთქვაა- გენიოსის სუნთქვა. ასეთი იყო იგი ბავშვობაში და შემდეგაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე. მან ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა ესუნთქა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მუსიკა მისთვის ჰაერი გახდა, ყველა ხვდებოდა ამას დიდი მაესტროც ასე ამბობდა თავის თავზე: „მუსიკა ჩემთვის ჰაერია, რომლითაც ვსუნთქავ“. ასე ამბობდა იგი ხომ არ მოგწყინდათ ჩემი ლაპარაკი? რას ბრძანებთ, მაესტრო,- უთხრა პირველმა ვიოლინომ. - აღარ იკითხავთ, რა ხდებოდა ამ დროს იტალიაში? საწყალი იტალიელები ამ დროს ავსტრიელთა უღელქვეშ იმყოფებოდნენ, საბრალოებს არ გაუმართლა საფრანგეთის რევოლუციამ, რომელსაც იმედით შესცქეროდნენ, არც ნაპოლეონმა, არ ცვენის კონგრესმა. ისინი კიდევ უფრო თავისუფლებასმოკლებულნი აღმოჩნდნენ, გაწამებულნი და იმედგაცრუებულნი რეაქციის ქვეშ მოჰყვნენ, თითქოს იმედიც გადაიწყვიტეს... ზანტად, მძიმედ გადიოდა უხალისო დღეები, საბრალო იტალიელებმა აღარ იცოდნენ, რა ეღონათ... თითქოს არსაიდან არ იყო საშველი... და როგორ გგონიათ, აღმოჩნდა თუ არა გამოსავალი?.. აღმოჩნდა! აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ დროს მთელ იტალიაში გაისმა როსინის უშფოთველი, დიდებული, ღვთაებრივი სუნთქვა. მთელი ხალხი-ეს გატანჯული, იმედდაკარგული ადამიანები მიაწყდნენ, იტალიის საოპერო თეატრებს, სადაც დასი აღმაფრენით ასრულებდა ისეთ შედევრებს, როგორიცაა „ტანკრედი“. „იტალიელი ქალი ალჟირში“, „სევილიელი დალაქი“, „ვილჰელმ ტელი“, „ქურდი კაჭკაჭი“ და ასე შემდეგ. ხალხში ეპიდემიასავით გავრცელდა როსინის დიდებული სუნთქვა, იტალიელებმა შვებით ამოისუნთქეს. თითქოს დაავიწყდათ კიდეც ყველა ის უბედურება, იმ ხანებში რომ გამოიარეს. აი, რა შეუძლია მუსიკას, მე დიდებულ მუსიკას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. სუნთქვა მთავარია, თუ მუსიკის საშუალებით ლაღად სუნთქვას ისწავლი, მაშინ არაფერი დაგადარდიანებს, აღარაფერი გინდა, პურიც კი. თუმცა, - მაესტრო დაფიქრდა, - სიმართლე რომ ითქვას, პური მაინც საჭიროა. ცხოვრებაში კი... ო, სინათლეც მოვიდა. ცხოვრებაში კი მხიარული, ენამოსწრებული კაცი იყო დიდი ჯოაკინო. იუმორის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა, ქალები უყვარდა და უეცარი გაბრაზებაც იცოდა – თუმცა იმ ხანებში ასანთი არ არსებობდა, ასანთივით აფეთქდებოდა ხოლმე. ასეთია მისი მოკლე დახასიათება, ახლა კი რეპეტიცია განვაგრძოთ. მართლა, მე სახლში მაქვს როსინის ოპერების მშვენიერი ჩანაწერები; ვინც ამ ფირფიტების მოსმენას მოისურვებს, ჩემი სახლის კარი მუდამ ღია იქნება. ახლა კი განვაგრძოთ, ვუკრავთ „დაისის“ შესავალს. ჰობოი არ არის, არა? რა უშავს მეორე ციფრიდან დავიწყოთ. ყურადღება... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ერთი, ორი, სამი... კლარნეტ!! გამარჯობათ, ალექსანდრე გამარჯობათ, არ შეგიშვათ ლექტორმა, თამუნა? მე თვითონ არ შევსულვარ. უხერხულია, დამაგვიანდა და... მეც დამაგვიანდა, როგორც ხედავთ. საათი გაჩერებულა და... რა ვქნათ? - რა ვიცი, აბა, - თავი გვერდზე გადასწია გოგონამ და უეცრად შეეშინდა. - დეკანი რომ გაგვიბრაზდეს? - რას ამბობთ... თამუნა, - გაიღიმა ალექსანდრემ, - ვერც გაიგებს. რა მოხდა, პირველად დავაგვიანეთ. მართლა, აქ შეიძლება ჩვენმა დეკანმა გამოიაროს, სადმე სხვაგან მოვიცადოთ და მეორე საათზე შევიდეთ. კი მაგრამ, სად წავიდეთ? ბაღში მოვიცადოთ, გინდა? ბაღში გრილოდა. დაბალი კაცი ხეებს რწყავდა და სასიამოვნო სიგრილე იდგა. სკამზე დასხდნენ, გოგონამ თმა შეისწორა, მერე ხელი მუხლზე დაიდო და ფეხსაცმლის წვერით წითელ მიწაზე რაღაცა გაჩხაპნა. ხატვა იცი? - ჰკითხა ალექსანდრემ. არა, რატომ მკითხე? ისე. ისე არაფერი არ ხდება. როგორ არა. მაინც? რა ვიცი აბა? - მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ. ეს რა ხეა? ეს, მგონი ცაცხვია... შეიძლება ცაცხვი არ იყოს, მაგრამ არც მუხაა. მუხას უფრო სხვანაირი ფოთლები აქვს და საერთოდაც სხვანაირია. რკოცა აქვს.დიახ, რკოც. ალექსანდრე, გინდა, კევი ვიყიდოთ? როგორც გნებავთ. არ გიყვარს კევი?ალექსანდრეს არ მოსწონდა, როცა ვინმე კამეჩივით იცოხნებოდა. რა ვიცი... წამოდი ვიყიდოთ. ბაღის შესასვლელთან მზემოკიდებული კაცი იჯდა და ეშმაკურად იძახდა: - აბა კევი, კევიი, სიყვარულის წამალი! ალექსანდრეს ესიამოვნა ამ სიტყვების გაგონება, თამუნა ოდნავ წამოწითლდა. მოგვეცით კევი, - ალექსამდრემ იმ კაცს აბაზიანი გაუწოდა. ა, ჭირიმე. ორი არ გვინდა, ერთი. ორი აიღე, შე კეთილო კაცო, წამალი კი არ არი... ერთი გვინდა, ერთი, ხურდა არ მინდა. იცოცხლე, გენაცვალე, იბედნიერეთ... ახლა კი თამუნა აშკარად წამოწითლდა და შადრევანისაკენ გაემართა. ალექსანდრე უკან გაჰყვა. შადრევანს ვიღაც მსუქანი კაციც მიუახლოვდა და ნაბიჯს აუჩქარა; ორიოდე წამით დაასწრო თამუნას და წყალს დაეწაფა. ძალიან დიდხანს სვამდა; ალექსანდრე შადრევანთან მივიდა, დადგა, მიმოიხედა, მერე საათს შეხედა, კაცი ისევ სვამდა წყალს და თამუნა გაბრაზებით დასცქეროდა სქელ კისერზე. როგორც იქნა, კაცი წელში გაიმართა და მთელის გრძნობით ამოიხვნეშა. თამუნამ ათვალისწუნებით შეხედა და კაცმა თვალი აარიდა. მერე თამუნამ კევი წყალში გაავლო და სკამისაკენ გაემართა. გავიყოთ, გინდა? კი. თამუნა გემრიელად ამოძრავებდა ყბებს და თავს აქანავებდა. ალექსანდრემ უყურა, უყურა და გაიღიმა. რატომ იცინი? კევი.... გყვარებია. 4 მიხეილი და ალექსანდრე ერთმანეთს ტროლეიბუსის გაჩერებასთან შეხვდნენ. ოჰ, შენ ვიოლინო არა ხარ? დიახ. რატომ გაავდინე ბოლო რეპეტიცია? არ გამიცდენია, მაესტრო. მართლა? ყოჩაღი ბიჭი ხარ... შენი სახელი მაჩუქე. ალექსანდრე. ამასობაში ტროლეიბუსიც მოვიდა. ჯერ მიხეილი შევიდა, კონდუქტორს მაშინვე მანეთიანი გაუწოდა და გაეხუმრა: ორი ბილეთი მომეცით პარტერში, თუ შეიძლება. კონდუქტორი სქელი, წითელლოყება ქალი იყო. ჯერ ვერ მიხვდა, რა უთხრეს, შემდეგ მიხვდა და გაიღიმა. - გაიღიმეთ, გაიღიმეთ, უფრო გაბედულად, - შეაგულიანა მაესტრომ. - სიცილი ჯანმრთელობაა. მე შავი ფული მაქვს, - მორცხვად ჩაურთო ალექსანდრემ. შავი? ვერ დავიჯერებ. ალექსანდრე დაიბნა, კონდუქტორი აღტაცებით შესცქეროდა მიხეილს. აი, მაესტრო. - არ აიღოთ, - უთხრა მიხეილმა კონდუქტორს, - ეს თუ შავია, მე მტრედისფერი ვყოფილვარ. კონდუქტორმა ჩაიკისკისა. - აბა რა არის? - ოქროსფერია, ყმაწვილო. ალექსანდრემ დაიმორცხვა. თან მანეთიანის დახურდავებაც მინდა. ხომ დამიხურდავებთ? სიამოვნებით, პატივცემულო, - გაუღიმა კონდუქტორმა. - მშვენიერი ქალი ბრძანდებით. მე რომ დიქტორი ვიყო, დღესვე რადიოში გამოვაცხადებდი: თბილისის დროით 17 საათი და 18 წუთია. ვიწყებთ გადაცემას ბავშვებისათვის. გამარჯობათ, ბავშვებო. იცით თუ არა თქვენ, ბავშვებო, რომ აფრიკაში ბინადრობს ორსართულიანი სახლის ოდენა მწერი და რომ (მაესტრომ ტროლეიბუსს თვალი მოავლო) მერვე მარშრუტის №81 ტროლეიბუსში მუშაობს გულისხმიერი და ღირსშესანიშნავი კონდუქტორი.? კონდუქტორმა გულიანად გადაიხარხარა. სქელი ქალი იყო, სიცილის დროს თვალები ეხუჭებოდა. ტროლეიბუსიდან რომ ჩამოვიდნენ, მაესტრომ ცოტათი მოიწყინა. შემდეგ ალექსანდრეს მიუტრიალდა: სადმე ხომ არ გეჩქარება? დარა, არსად. მაშინ უნივერსიტეტის ბაღში ჩამოვსხდეთ და ვილაპარაკოთ, კარგი? სკამზე როგორც კი დასხდნენ, მიხეილმა ჰკითხა: შენ გიყვარს მუსიკა? დიახ. - ძალიან კარგი, ძალიან. მუსიკა, ჩემო ალექსანდრე,საერთაშორისო ენაა. ეს მხოლოდ ჩემიაზრი არ გეგონოს, საყოველთაოდ ცნობილი აზრია. ასეა თუ ისე, მუსიკა ყველასათვის ხელმისაწვდომია, უფრო სწორად – ყურმისაწვდომი. არ არსებობს ისეთი ადამიანი, მუსიკა რომ არ უყვარდეს – უკანასკნელ რეგვენსაც კიუყვარს მუსიკა. ერთხელ, როცა დიდებული როსინი ვენეციაში თავის რომელიღაც ოპერას დირიჟორობდა, მტრებმა დარბაზში მოსყიდული სალახანები შეუგზავნეს. ამ ბნელ პირებს უნდა ჩაეშალათ ოპერა – უნდა დაესტვინათ, ეღრიალად და ასე შემდეგ. ისინი შლეგიანებივით შეიჭრნენ დარბაზში, იქ კი... იქ ისმოდა დიდი მაესტრო როსინის დიდებული, უდრტვინველი, ღვთაებრივი, სუნთქვა, დარბაზში დაფარფატებდა ოცნება ჯერ არნახულ, მომხიბვლელ ქვეყანაზე, სადაც ადამიანები მშვიდად, ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობდნენ. დარბაზში შეცვენილნი შეკრთნენ, დაიბნენ, შემდეგ კი გაინაბნენ და როცა უვერტიურა დამთავრდა, ტაშისცემისაგან კინაღამ არ ჩამოინგრა ვენეციის მშვენიერი თეატრი. ისინი ტაშს უკრავდნენ და თან ღრიალებდნენ - ბრავო, მაესტრო, ბრავიმო!!! ოპერა ტრიუმფით დამთავრდა, ბანკეტზე მაესტრო როსინი ლამაზი ქალების შუაში იჯდა და არც იცოდა, რას გადაურჩა... თავს არხეინად გრძნობდა მომხიბვლელი ქალების საზოგადოებაში და ნელ-ნელა წრუპადა იტალიურ ღვინოს. მიხეილმა სული მოითქვა და პატარა ხანს ჩაფიქრდა. - ეეჰ, მაინც რა უცნაური დარგია ჩვენი დარგი,- განაგრძო მაესტრომ, - კუნთმაგარ ძალოსნებსაც კი არა სჭირდებათ იმდენი ვარჯიში, რამდენიც ჩვენ. თუ მუსიკოსობას დააპირებ, ყოველდღე რვა საათი მაინც უნდა დაუკრა, ხოლო დარჩენილი დრო ფირფიტების მოსმენას და მუსიკაზე ფიქრს უნდა მოანდომო. სიზარმაცე და მუსიკა ისევე ვერ შეეთვისებიან ერთმანეთს, როგორც... ცეცხლი და ყინული. მთავარია მუყაითობა და სიბეჯითე, უმთავრესი კი მაინც ნიჭია. თუ მუსიკოსს ნიჭი არა აქვს, წასულია იმისი საქმე. უნიჭო კაცი შეიძლება ფილოსოფიისა და ფილოლოგიის დოქტორი გახდეს, მუსიკოსობას კი ვერ მივართმევთ, ჩემო კარგო. ეს ხელოვნების კანონია, ჩემო. ხოლო ნიჭი, ალექსანდრე, დაიკარგება, კატორღული შრომა თუ არ გასწიე. სამაგიეროდ არ უნდა იყოს უფრო დიდი ჯილდო, კარგ მუსიკოსობას რომ აღემატებოდეს? არაფერი. ჩემი შეკითხვა სულელურია, რადგან აშკარად ცხადია, მაგრამ მაინც ჭეშმარიტებაა. თანაც, თუ ნიჭით არა ხარ დაჯილდოებული, დღეში რვა საათს ვერ დაუკრავ. თუმცა, როგორც ყველგან, გამონაკლისი აქაც გვხვდება, ამ რამდენიმე წლის წინათ თბილისში ერთი პორტუგალიელი პიანისტი ჩამოვიდა – სეკეირო კოსტა. შესანიშნავი პროგრამა ჰქონდა, კონცერტზე უყოყმანოდ წავედი. და, აი, ეს კაცი სცენაზე გამოვიდა, როიალს მიუჯდა და ყველაფერი უშეცდომოდ დაუკრა თავიდან ბოლომდე, მაგრამ ვაი იმ დაკვრას – ეს იყო მოვალეობის შესრულება. ის ნაწარმოებები დიდ შინაგან ღელვას მოითხოვდნენ, მის დაკვრაში კი განცდის ნატამალიც არ ჩანდა. ისე, გაგიხარია, კარგი ტექნიკა ჰქონდა. ასე რომ, მხოლოდ შრომა არა სწყვეტს საკითხს, მაგრამ დიდი მუშაობის გაწევა მაინც აუცილებელია, აუცილებელი, ალექსანდრე. მაესტრომ მიმოიხედა, ალექსანდრესაკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა: - არ გეგონოს, ასე რომ ვლაპარაკობ, თითქოს ბევრს ვმუშაობდე. არა, ჩემო კარგო, ჩემდა საუბედუროდ, ზარმაცი ვარ. ამაშია ჩემი უბედურება. ნიჭი კი არ მაკლია, მაგრამ... ეეჰ, ალექსანდრე, ალბათ ისედაც იცოდი, ზარმაცი რომ ვარ, შენ საზრიანი გამომეტყველება გაქვს. თამუნა, თურმე ახალი ფილმი გამოსულა. მართლა? კი. და ძალიან აქებენ. ეჰ, ხანდახან აქებენ და მაინც არ ვარგა. არა, ახლა ისეთმა კარგმა ადამიანებმა აქეს, რომ ნამდვილად კარგი იქნება. მაშინ მართლა კარგი იქნება. მე ძალიან მიყვარს კარგი ფილმები. მეც. მართლა? კი. იცი, თამუნა, ამ ახალ სურათს ძალიან აქებენ. მაშინ ღირს ნახვა. რა თქმა უნდა, თანაც... შენ რომელი ფილმები მოგწონს? მე მომწონს... „ლილი“ და „ჩრდილი და სინათლე“. შენ? - მე - „წეროები მიფრინავენ“. ამას წინათ ერთი იტალიური სურათი ვნახე - „ვაკანტური ადგილი“. ძალიან მომეწონა. - ჰო? მე არ მინახავს. რვა დღე იქნება, კინოში არ ვყოფილვარ. დიდი სიამოვნებით ვნახავდი კარგ ფილმს... მეც... - იცი, ალექსანდრე, შენ რომ ჯარისკაცი იყო და უცებ ტყვე მოგიყვანონ და გითხრან, დახვრიტეო, რას იზამ? რა ვიცი,თამუნა... არ ვიცი. იქნება ისიც გითხრან, რომ იმ ტყვეს საზარელი ამბები აქვს ჩადენილი? მაშინ მოვკლავ. და თუ სულ არაფერი იცი იმის შესახებ? მაშინ შემეცოდება. რა ვიცი, ვინ არის, ვინ ელოდება. სწორი ხარ. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ალექსანდრე. თამუნა, დღეს ერთი ახალი ფილმი გამოსულა, ძალიან აქებენ. მართლა? არა გჯერა? კი მჯერა. თამუნა, მართლა გინდა, რომ ახალი კარგი ფილმი ნახო? კი. მაშინ... წავიდეთ, გინდა? წავიდეთ, ალექსანდრე. 5 - ოო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, მობრძანდი, მობრძანდი, ჩემო ალექსანდრე, მოგწონს ჩემი ოთახი? დიახ, ძალიან კარგია... საწვიმარი აქ ჩამოკიდე, ამ სავარძელში დაბრძანდი, ხედავ, როგორ გამეხარდა შენი მოსვლა? დიახ, მაესტრო. - მე ვიცი, რისთვისაც მოხვედი, მაგრამ ჯერ მიმოიხედე, ჩემო კარგო, მარტოხელა კაცის პირობაზე ოთახი დამაკმაყოფილებლადა მაქვს მოწყობილი, არა? თუმცა, მე მგონი, ქალის ხელი აქაურობას მაინც აკლია. არა, რატომ... - როგორ არა, ალექსანდრე. მე რომ ცოლი მყავდეს, აქურობა აქაურობას არ დაემსგავსებოდა. ბუნდოვნად ხომ არ ვლაპარაკობ? არა, რასა ბრძანებთ. ხათრიანი ხარ, ალექსანდრე, - გაუღიმა მაესტრომ. - ისე, კარგი ცოლი კარგია. დიახ. - შენ ახლა „დიახ“-ს მეუბნები და თან, ალბათ, ფიქრობ – მერედა თუ კარგია, მაესტროს რატომ არ ჰყავს ცოლი? არა, ეგ არ მიფიქრია. როგორ არა, მაგას გაიფიქრებდი. არა, მაესტრო... ცოტათი მაინც არ გაგკრა გულში მაგ აზრმა? ცოტათი კი. - ჰოდა, მეც მანდა ვარ... ალექსანდრე, მე შენ აგიხსნი რატომ არ მყავს ცოლი. ხომ ხარ უკვე თვრამეტი წლისა? დიახ. - ჰოდა, თვრამეტი წლის ადამიანთან ამ თემაზე ლაპარაკი უკვე შეიძლება. კარგად მისმინე, ალექსანდრე. თუმცა მე ჩემს თავისებურებას ვერ ვგრძნობ, ყველა ნაცნობი თავისებურ ადამიანს მეძახის. ალბათ, მართლაც, ასეთი ვარ. ეს კი ამ შემთხვევაში კარგია, ქალებს მოსწონთ თავისებური ადამიანები. აი, მაგალითად, დიდი როსინი მეტად თავისებური პიროვნება იყო. როსინის ქალები დასდევდნენ, ჩემო ალექსანდრე, არ ასვენებდნენ, იმასაც ეს უნდოდა, მეც ეს მინდა, მაგრამ... - მაესტრო უცებ შეჩერდა და შიშით შეხედა, - აუჰ, ალექსანდრე, არ იფიქრო, რომ რაიმე მსგავსებას ვგრძნობ როსინისთან. ეს ჩემგან თავხედობა იქნებოდა. რას ბრძანებთ, მაესტრო. სწორად ვბრძანებ, ჩემო. გაინტერესებს, როგორი დამოკიდებულება ვითარდება ჩემსა და ქალებს შორის? დიახ, ბატონო მიხეილ. მაშინ, დიდი როსინიდან პირდაპირ ჩემზე რომ არ გადმოვიდეთ, ცოტა ხანს სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. სიამოვნებით, მაესტრო. მიხეილი ფანჯარასთან მივიდა, ქუჩაში გაიხედა: - ვიღაცა კაცი თავისთვის მიდის, - უთხრა ალექსანდრეს, - ღმერთმა ხელი მოუმართოს. დიახ. წარმოგიდგენია? ის მიდის და ვერც გრძნობს, რომ მე ვუყურებ და წარმატებას ვუსურვებ. მე კი ასე არ შემიძლია, მე თუ ვინმე მიყურებს, მაშინვე გული მიგრძნობს. ეს კი... ეეჰ, შე სქელკანიანო... - მიხეილი უეცრად უკან გადმოხტა. რა იყო... მაესტრო?! - შეშფოთდა ალექსქნდრე. ამოიხედა! იმან... იმ კაცმა? ხო. მართლა? არა. ტყვილა. რა ვქნა, რას ვხტებოდი უკან, რამე არ იფიქროს, ვინმეში არ ამრიოს. არა, მაინც რა მომივიდა, რატომ გადმოვხტი? ალექსანდრე ჩუმად იყო. მითხარი რამე! არა უშავს, მაესტრო. ვითომ? რა თქმა უნდა, რა მოხდა ისეთი? რა ვიცი, ჩასაფრებული ყაჩაღი არ ვეგონო, - გაიხუმრა მაესტრომ და ისევ გაბრაზდა, - თბილისში რამდენი ქუჩაა, რამდენი პროსპექტი და ჩიხი, რაღა აქ მოუნდა გავლა?! - ხომ არ იცნობდით? ვისა, იმ კაცს? რას ამბობ, ალექსანდრე, რომ ვიცნობდე, გამარჯობას ვეტყოდი. მასტრო, მაპატიეთ, მაგრამ... ისეეთი რა მოხდა? - არაფერი, ჩემო; უბრალოდ, ყველაფრის გაზვიადება მიყვარს. შეიძლება ამიტომაც არ მოვწონვარ ქალებს. ახლა კი შეგვიძლია, ქალებზე ვისაუბრო, არა? დიახ. იცი, რას გეტყვი, ალექსანდრე? თუმცა ქალი და კაცი თანასწორია, კაცი მაინც უფრო ძლიერია, ქალი კი სუსტი. როცა ქალი კაცს მიანდობს თავს, ამას კიდევ არა უშავს, ხოლო თუ პირიქით მოხდა, ეს უკვე... ეს უხერხული იქნება, არა? ქალს უყვარს, როცა მამაკაცსში ჭკუას, გონებასა და თვითდაჯერებულებას ხედავს. იბადება კითხვა – როგორ უნდა მოიქცეს კაცი, რომ ქალმა მასში დაინახოს სწორედ ეს ჭკუა, ეს გონება და თვითდაჯერებულება? პასუხი ასეთია – უპირველეს ყოვლისა, კაცს აარ შეშვენის ბევრი ლაპარაკი. მისი სიტყვა მოკლე უნდა იყოს, მაგრამ ქვასავით მაგარი და დამაჯერებელი. ქალთან ბევრს თუ ილაპარაკებ, წასულია შენი საქმე. თავი ამაყად უნდა დაიჭირო, უნდა თქვა მხოლოდ: ხო, არა, შესაძლებელია. ათასი სიჭკვიანისა და სისულელის გაფიქრება შეგიძლია, მაგრამ ზედმმეტი სიტყვა არ უნდა დაგცდეს. მე კი, ალექსანდრე, რაც პირზე მომადგება, ყველაფერს ვამბობ. აი, ახლაც გულახდილი ვარ, გულგახსნილი, როგორც იტყვიან... ჰო. ჩემდა საუბედუროდ, თავდაპირველად ზედმეტად ეფექტური ვარ – არ ვიბნევი, საინტერესოდ ვლაპარაკობ, ენამოსწრებულიცა ვარ. ქალს აშკარად ეტყობოდა, რომ სიამოვნებს ჩემთან ყოფნა. შემდეგ გადის დრო, ჩემი ეფექტურობა არ მატულობს და მოსაწყენი ხდება. თანაც... აქ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო, ალექსანდრე. ყველას ჰყავს თავისი კერპი, ადრე თუ გვიან, ყველას ეყოლება. ჩემი კერპი როსინია, დიდი მაესტრო. როცა ქალს გვერდით მივყვები, მისი დიდებული სუნთქვა მახსენდება, მეც მინდა, რომ ისე ვსუნთქავდე, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ეს არ შემიძლია და გულში ნაღველი მეპარება, მაგრამ არ ვიმჩნევ. პირიქით, ამის დასამალავად ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც კი ენაზე მომადგება. ბუნებრივია, სისულეებს ვიძახი და ერთ მშვენიერ დღეს მივიღებ წერილს, სადაც ნაჩქარევი ხელით წერია: „ჩვენი შეხვედრა შეცდომა იყო. ლ. ვ.“. ანდა ხელს აწერს თ. მ., ან ზ. ნ., ან ჯ. ლ. ეჰ, ასეთები იყვნენ. ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, გავიცანი, დავუახლოვდი და კინოში წავედით. გადაწყვეტილი მქონდა, სიყვარული ამეხსნა მისთვის. ამისათვის საჭირო გახდა, მაესტრო როსინზე არ მეფიქრა. როგორც იყო, ჩემს თავს დავძლიე. იმ ქალის სახელს არ გეტყვი, ცოტათი უხერხული სახელი აქვს, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, კინოდან რომ გამოვედით, გარეთ წვიმდა. გავიფიქრე, ტრამვაიში ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვაგონში ერთი მოხუცი კაცი ისე მომჩერებოდა პირში, რომ ვერაფერი ვუთხარი. რაღაცა მნიშვნელოვანის თქმა რომ მინდოდა, ამას, მე მგონი, ფისოც გრძნობდა. უჰ, მაინც წამომცდა მისი სახელი. არავის არ უთხრა, კარგი? ვის უნდა ვუთხრა, მაესტრო? არავის, გეხუმრე. ჰოდა, მშვენიერ ხასიათზე ვიყავი და უცებ ტრამვაიში ათიოდე წლის ბიჭუნა ამოვიდა. თავიდან ფეხებამდე სველი იყო, თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყალი, პერანგი ტანზე მიჰკროდა და სველი კედები ეცვა; მხრები უცახცახებდა, ძალიან მეტყველი თვალები ჰქონდა. ჩვენ მალე ჩამოვედით ტრამვაიდან, მე კი იმ ბავშვმა დამადარდიანა, მოვიწყინე. ფისომ კარგა ხანს იცადა თავის სადარბაზოსთან, ეგონა, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ვეტყოდი, მაგრამ მე ის ბავშვი მედგა თვალწინ და ხმა ვერ ამოვიღე. ფისომ იცადა, იცადა, მერე გაბრაზდა, ფეხი დაჰკრა და წავიდა. მეც სახლში წამოვედი, პაპიროსიც მოვწიე, ის ბავშვი ხშირად მახსენდებოდა. მე ძალიან სწრაფად მეცვლება ხასიათი, მაგრამ მეორე დღესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და სულ სახლში ვიჯექი, მესამე დღეს კი დაზღვეული წერილი მივიღე ფისოსგან: „ჩვენი შეხვედრა შეცდომა იყო. დარეჯანი“. საერთოდ, ძალიან არაპრაქტიკული ვარ – რა იქნებოდა, ჯერ ფისოსათვის სიყვარული ამეხსნა, შემდეგ კი იმ ბავშვზე მეფიქრა? მაგრამ მე ასე არ შემიძლია, მე გრძნობებს ავყვები ხოლმე, იმ წუთში ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ის ბავშვი თვალწინ მედგა. თუმცა ზედმიწევნით ვიცი, პრაქტიკული კაცი როგორ უნდა მოიქცეს, მაინც არაპრაქტიკული ვარ. მაგალითად, ვიცი რომ პალტო ზაფხულში უნდა შეიძინო, ხოლო ჩალის ქუდი ზამთარში; ასე უფრო ადვილია, მაგრამ ასე არ ვიქცევი. ეს წვრილმანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც...ახლაკი, ალექსანდრე, ამეებს რომ გიყვები, ჩემი მარტოხელობის ბრალია, ისე კი კარგად ვიცი, როსინის მოსასმენად რომ მოხვედი. სწორი ვარ? დიახ. - აი, ამ ყუთში დევს ყოვლისშემძლე ფირფიტა - „ქურდი კაჭკაჭის“ უვერტიურა. მას შეუძლია ადამიანის გარდაქმნა უკეთესისაკენ. და თუ ნებას მომცემ... ვიღაცამ დააკაკუნა. - მობრძანდით! ოო, არჩილ, მობრძანდით, დაბრძანდით, გაიცანით – ჩემი ორკესტრის ნამდვილი წევრი – ალექსანდრე, ჩემი მეზობელი არჩილი. ალექსანდრე წყნარი, ზრდილობიანი ჭაბუკია, არჩილი კი უპატიოსნესი და მორიდებული ადამიანია. დაბრძანდით, ვიწყებთ! არჩილი უხალისოდ ჩამოჯდა სკამზე. მაესტრომ ფირფიტა რადიოლაზე დადო. მუსიკა გიყვართ, არჩილ? რა ვიცი, კი. აბა, სმენად გადაიქეცით, ვიწყებთ. არჩილი ისმენდა. ცალი ყურით ისმენდა, რადგან ძალიან ეჩქარებოდა. გული ვერ დაუდო მუსიკას, მხოლოდ ერთხელ მოეჩვენა, რომ მოხდენილი ჭაბუკი და ლამაზი ქალიშვილი მაღალ ბალახში დარბოდნენ და ცაც კრიალებდა. მეტი არაფერი. მუსიკა შეწყდა. მაესტრო გაოგნებული იჯდა სავარძელში, ალექსანდრეც. სიჩუმე გაგრძელდა, მერე არჩილმა თქვა: თუ შეიძლება, სკამები მათხოვეთ. სტუმრები მიცდიან და... ო, წაიღეთ, წაიღეთ, სიამოვნებით, - გამოფხიზლდა მიხეილი. მე წავალ, მაესტრო. რატომ? რა ვიცი. მითხარი, რა... რა ვიცი, გავლა მომინდა. - აა, - გაიღიმა მაესტრომ. - ასეა, როცა როსინის მოისმენ, შეუძლებელია კედლებით შემოფარგლულ ადგილას გაჩერება. ყოჩაღ, მე შენ ტყუილად არ მოგასმენინე ეს ფირფიტა, წადი, ძვირფასო... რომელი საათია, ალექსანდრე? ცხრა. ხომ არ გეჩქარება არა, ისე გკითხე. „ნეტავი რატომ მკითხა?“ - გაიფიქრა ალექსანდრემ და ჩუმად შეხედა. თამუნა ჩაფიქრებული იყო, ნელა მიაბიჯებდა. უკვე ბნელოდა, ამ წყნარ ქუჩაზე აღარ იყო ხალხი. ალექსანდრეს ძალიან უნდოდა, რომ თამუნას მხარზე ჩამოედო ხელი და ასე ევლოთ. გუშინაც ასე უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. რატომღაც ეგონა, რომ თამუნა გაბრაზდებოდა და საერთოდ აღარ გაეკარებოდა. შენ უკრავ, ალექსანდრე? კი, ვიოლინოზე ვუკრავ. რა დაამთავრე? ტექნიკუმი. მე კი მეექვსე კლასიდან გამოვედი. კარგი გიქნია. რას ამბობ, ალექსანდრე? მაშინ პატარა ვიყავი,არ მესმოდა. - სწორს ვამბობ, თამუნა. ასეა – თუ მუსიკოსობა გინდა, მთელი ცხოვრება უნდა გასწირო, თუ არადა სულერთია, ორ კლასს დაამთავრებ თუ კონსერვატორიას. ჩვენი დირიჟორიც ასე ამბობს, თუ მუსიკოსობას აპირებ, მთელი ცხოვრება უნდა გასწიროო. მართლა, თქვენი დირიჟორი როგორი კაცია? - იცი, რა კარგი კაცია? - ალექსანდრე ლაპარაკის გუნებაზე დადგა. - ეგეთი ნიჭიერი ადამიანი არ მინახავს, აბსოლუტური სმენა აქვს, მაგრამ, საწყალი, მე მგონი, ხელმოცარული კაცია. სიმართლე რომ ითქვას, ჩვენი ორკესტრი არ ვარგა, თამუნა. ის კი დირიჟორობს და თითქოს ვერ ამჩნევს, შეცდომებს რომ ვუშვებთ. ხანდახან , ათასში ერთხელ, არ ვიცი, რა დაემართება ხოლმე და არც ერთ მცდარ ნოტს არ აგვაღებინებს. მაგრამ ასეთ დროს მთელი რეპეტიციის განმავლობაში ათიოდე ტაქტს თუ დავუკრავთ. ისიც აიღებს და ჩვეულებრივად განაგრძობს ხოლმე. კონცერტებზე ხანდახან არც თუ ისე მომზადებულნი გამოვდივართ, ის კი ისე მხნედ შემოდის სცენაზე, გეგონება, პირველხარისხოვანი ორკესტრი აბარია. სცენაზე გამოსვლის საკუთარი მეთოდი აქვს – ზოგს თვალს ჩაუკრავს, ზოგს მხარზე მოუთათუნებს ხელს, მერე სცენის შუაგულში დადგება, ყველას გაგვიღიმებს და ასე ვიწყებთ დაკვრას. რაც უნდა დავუკრათ, ბოლოს მაინც შეგვაქებს ხოლმე. - კი მაგრამ , ვის ატყუებს? - რა ვიცი. იცი, რაშია საქმე, - თქვა ალექსანდრემ და... მხარზე ჩამოადო ხელი; რაღაც საშინელის მოლოდინში გაინაბა, მაგრამ თამუნას ხმა არ ამოუღია და შვებით ამოისუნთქა. საოცარი სიხარული მოაწვა და ანგარიშმიუცემლად ალაპარაკდა: - შეიძლება არც გვატყუებს, შეიძლება ჩვენი გამხნევება უნდა. ისეთი კარგი კაცია, რომ გულს არ გაგვიტეხს. იმას ძალიან უყვარს როსინი, დიდი მაესტრო. როსინი მისი კერპია, ყველას ჰყავს კერპი... ალექსანდრეს თამუნას მხარზე ედო ხელი და სხაპასხუპით ლაპარაკობდა. 6 მეორე დღეს, ლექციების დამთავრების შემდეგ, ალექსანდრეს ჯგუფელებმა კამათი ასტეხეს – ნაწილი იძახდა, რომ N დიდი მწერალია, სხვები კი ამბობდნენ, რომ არც ისე დიდია, ხალხს ჰგონია. ისინი ჯერ ოცი წლისაც კი არ იყვნენ და ძალიან ხმამაღალა კამათობდნენ. - რას ამბობთ, - ცხარობდა ერთი ვაჟი, ჯერ მხოლოდ მისი დიალოგები რადა ღირს, რა შეედრება მის მოკლე ფრაზებს, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. - ჰოდა, მას სწორედ ისეთი მდიდარი გამოცდილება ჰქონდა, რომ თავისუფლად შეეძლო უფრო დიდი მწერალი გამოსულიყო. ალექსანდრე ხედავდა, რომ თამუნას ძალიან აინტერესებდა კამათი N – ის შესახებ. ძალიან მოუნდა, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა. - რას ამბობ? - წამოიძახა იმ ვაჟმა. - განა შეიძლება, რომ უფრო დიდი მწერალი გამოვიდეს ვიდრე მას არც ერთი სიტყვა არა აქვს ზედმეტად ყოველ წინ დადებაში ისეთი ქვეტნერი აქვს, რომელიც თავისთავად რომანს უდრიან. N-ის ნაწარმოებები უმრავლესობას წაკითხული ჰქონდა. მისი მოთხრობები თბილისში რამდენიმე წლის წინათ წაიკითხეს. პირველ ხანებში ყველას მოსწონდა N, ყველა აღფრთოვანებული იყო, ყველგან გაისმოდა მისი ქება, იგი ერთგვარ ეტალონად გადაიქცა. სხვა მწერლების ნაწარმოებებში დაჟინებით ეძებდნენ მის გავლენას და ხანდახან პოულობდნენ კიდევაც. ზოგიერთს კი ისე გაუწყალა გული ამ გაუთავებელმა ქება-დიდებამ, რომ გაბრაზებულ გულზე თვალი გადაავლეს N-ის ნაწარმოებებს და ცდილობდნენ, რაიმე ნაკლი აღმოეჩინათ. გარკვეული ძიების შემდეგ მათ „აღმოაჩინეს“ N-ის რამდენიმე ნაკლი, რომელთა შორის უმთავრესი იყო... - არ არის საჭირო ეგეთი ქვეტექსტები, - ხმამაღლა თქვა ალექსანდრემ და იგრძნო, თამუნა ინტერესით რომ შეაცქერდა. ამან გაამხნევა და გაბედულად განაგრძო ლაპარაკი: -ადამიანს გადაჭრილი პასუხი უნდა ჰქონდეს ყველაფერზე. N-ს კი არ უყვარს გადაჭრილი პასუხის გაცემა. ასეთი იყო მისი თაობა! - ამაყად წარმოთქვა ვიღაცამ. - მით უმეტეს – პასუხი უნდა გამოეძებნა. სწორი ვარ თუ არა? გვჭირდება თუ არა ჩვენ პასუხი? რა ვიცი... მე კი ვიცი - გვჭირდება! ასე დამთავრდა კამათი, თამუნა აღტაცებით შესცქეროდა ალექსანდრეს. სხვა საიდუმლოებების გაგებაც მოუნდა და უთხრა: - ალექსანდრე, შენ მოხერხებული ბიჭი ხარ. მე ძალიან მაინტერესებს, რატომაა შენი მაესტრო ასეთი უცნაური კაცი? იქნებ გამიგო... - მაგაზე ადვილი რა არის, - დამაჯერებლად უთხრა ალექსანდრემ. - ის ძალიან გულახდილი კაცია. ყველაფერი რიგზე იქნება, ამ დღეებში გამოველაპარაკები. - ჩემო ალექსანდრე, - დაიწყო მაესტრომ, - ხელოვანთა ერთ ნაწილს აქვს საერთო მიზანი – ესაა უკვდავება. უფრო სწორედ, ეს მიზანი კი არა, საოცრად ძლიერი ჟინია. ამ ჟინით შეპყრობილნი, ისინი თეთრად ათენებენ ღამეებს, პოულობენ საუკეთესო ჟღერადობის რითმებს, ერთმანეთში აზავებენ სხვადასხვა ფერსა და ხაზს, სულს უნერგავენ ცივ მარმარილოს, ეძებენ მანამდე არგაგონილ მელოდიებს და დაძაბული მუშაობის შემდეგ დაღლილნი დაეცემიან საწოლზე და გრძნობენ, რომ რამდენიმე მილიმეტრით კიდევ უფრო მიუახლოვდნენ მიზანს. მიზნამდე კი კილომეტრებია, ჩემო. ხელოვანთა მეორე ნაწილი სულ სხვაგვარი ხალხია, ალექსანდრე. მათ არც უფიქრიათ, თუ რაა უკვდავება. ისინი უკვდავებად იბადებიან, თუ შემდეგ ყალიბდებიან, ეს კაცმა არ იცის. ფაქტი ისაა, რომ ისინი თავიდანვე შერჩეული არიან უკვდავებას, ისინი აღარ ფიქრობენ ამის შესახებ. რაც არ უნდა შორი გზა გაიარონ, ანდა შორი გზა ჰქონდეთ გასავლელი, ისინი არაფრად ჩააგდებენ ამას, რადგან მათ ახასიათებთ ყველაზე ძვირფასი თვისება – მათ შეუძლიათ ფრენა... და არა მილიმეტრობით გადაადგილება. ალექსანდრე, თუმცა მე ვერ დაგისახელებ ვერც ერთ ასეთ მხატვარს, ვერც ერთ ასეთ პოეტსა და მოქანდაკეს, რადგან ნაკლებად ვართ გათვითცნობიერებული ხელოვნების ამ დარგებში, მე მაინც შემიძლია დაგისახელო ასეთი კომპოზიტორი – ესაა როსინი. აი, ვისში ფეთქავდა უკვდავება, აი, ვინ იყო თავისი შედევრების ავტორი! ალექსანდრე, რაც მე გიამბე, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. მეც ვიცი, რომ დამაჯერებლად ჟღერს შემდეგი ფრაზა - „თუ ბევრს არ იმუშავებ, მიზანს ვერ მიაღწევ.“ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როსინის არასოდეს ჰქონია არავითარი მიზანი. უბრალოდ, იგი ისეთი იყო, როგორიც იყო. და ეს სავსებით კმაროდა იმისათვის, რომ დღეს, ესე იგი საუკუნენახევრის შემდეგ, მე ასე აღტაცებით ვლაპარაკობ მის ქმნილებებზე. არ გეგონოს, რომ მხოლოდ მე ვარ მისი თაყვანისმცემელი. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ მე იმით გამოვირჩევი, რომ როსინის ერთი რამით ვგევარ კიდევაც. ეს მსგავსებაა... სიზარმაცე. მე, რა თქმა უნდა, არა მაქვს სიზარმაცის უფლება, მას კი... მას ჰქონდა. მან იცოდა თავისი საქმე! როცა ოპერას შეუკვეთავდნენ, საოცრად ხანმოკლე ვადას თხოულობდა როსინი-თვენახევარს.შენ ალბათ გგონია, ჩემო ალექსრანდე, რომ იგი ამ თვენახევარს ათენებდა და აღამებდა, არა? ცდები. როსინი მთელი თვე უდარდელად დასეირნობდა იტალიის ცის ქვეშ, ეშმაკურად ათვალიერებდა ქალებს და არხეინად თვლემდა რბილ სავარძელში. ასე გადიოდა მთელი თვე, ხოლო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იგი გემრიელად მოკალათდებოდა რბილ ტახტზე, ხელში ბატის ფრთა ჰქონდა მომარჯვებული და ასე იქმნებოდა ისეთი ოპერები, როგორიცაა „ტანკრედი“ და „სევილიელი დალაქი.“ პირადად მე მგონია, რომ როსინი – ეს სიჭაბუკეა, მომხიბლავი, უდარდელი, მუდამ სანატრელი. და სიჭაბუკითვე ვხსნი იმ გარემოებას, რომ როსინის ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ოპერა აღარ დაუწერია. იგი ისმენდა თავის ნაწარმოებებს, საკმაოდ კარჩაკეტილად ცხოვრობდა, გასუქდა, ექიმების დაჟინებული რჩევის შემდეგ ხანდახან გასასეირნებლად გამოდიოდა. იგი მიდიოდა ნელა, მძიმედ, ჯოხის კაკუნით და თაყვანისმცემელთა ბრბო უკან მისდევდა. ისინი აღტაცებით შეჰყურებდნენ მას და ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ხედავ, როსინი, დიდი მაესტრო... ალექსანდრე, მე მგონი, შევცდი, ხელოვანნი ორ ჯგუფად რომ დავყოთ. ალბათ, არავინაა როსინისავით ადვილად რომ მიეღწიოს დიდებისათვის... თუმცა, შეიძლება პოეტებშიც გამოერიოს ასეთი ვინმე, არა? ალბათ, მაესტრო. - ეეჰ, მე ძალიან პატარა მაესტრო ვარ, ჩემო... დირიჟორისაგან ძალიან შორსაა უკვდავება, მაგრამ მაინც გამორიცხული არ არის. დირიჟორის უპირატესობა ისაა, რომგგ მას ისე შეუძლია ორკესტრის ამეტყველება, როგორც მოესურვება. მე პირველხარისხოვან ორკესტრს ვგმულისხმობ, რა თქმა უნდა. რა სჯობია დირიჟორობას – გამოდიხარ სცენის შუაგულში, თავს ზრდილობიანად დაუკრავ ხალხს, შემდეგ ორკესტრისაკენ შეტრიალდები, ჯოხს დააკაკუნებ და მთელი ორკესტრი სულგანაბული შემოგაცქერდება, ხელებს შემართავ, მერე დაიქნევ და ყველაფერი დაგემორჩილება, ყოველი ინსტრუმენტი - ემოციური ვიოლინოები, ნაღვლიანი ჩელოები, მშრალი და უდარდელი კლარნეტები, რომანტიული ჰობოი, ზედაპირული, ჰაეროვანი ფლეიტა, მრისხანე საყვირები და ტრომბონები, ჩუმი და მორიდებული ვალტორნები, ეშმაკური ტემბრის ფაგოტები, მგრგვინავი დოლები და თეფშები, მეოცნებე არფები, დინჯი და დარბაისელი კონტრაბასები, იდუმალი ინგლისური საყვირი...მე მიყვარს ჩემი საქმე, ალექსანდრე, ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ძალიან პატარა მაესტრო ვარ, მე რომ დიდი მაესტრო ვიყო, სიკვდილის შემდეგ არ დავიკარგებოდი - რომელიმე ქუჩას ჩემს სახელს დაარქმევდნენ, უფრო სწორად - გვარს. რა უნდა იყოს ამაზე კარგი, ვთქვათ, ბიჭი ეუბნება გოგოს: „ხვალ სად შევხვდეთ?“ - „სადაც გინდა“. - „მაესტრო სანაძის ქუჩის კუთხეში მოდი, 8 საათზე, კარგი?“ - „დიახ“ - უპასუხებს მორიდებული გოგონა, რა უნდა იყოს ამაზე კარგი, ჰა? ხომ არ შევტოპე, ალექსანდრე? - არა, რასა ბრძანებთ. - ეეჰ, ჩემო ალექსანდრე, - განაგრძო მაესტრომ, - ტრაბახში ნუ ჩამომართმევ, გეთაყვა, და ძალიან ნიჭიერი ვიყავი. ჰე-ე, როგორი ნიჭიერი, - მიხეილმა მოიწყინა, - მაგრამ ეს წყეული სიზარმაცე ხელს მიშლიდა. შენ გგონია, მუსიკა არ მიყვარდა? არც ერთი წამით არ გაიფიქრო! მუსიკით ვცოცხლობდი და ვიცოცხლებ. იცი, რატომ გავზარმაცდი? ახლავე მოგახსენებ. ჯერ როიალზე ვუკრავდი, შემდეგ ჰობოიზე... ო, მშვენიერი ინსტრუმენტია ჰობოი, კლარნეტი არ მიყვარს... ფლეიტაც მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. დირიჟორი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ მაინც ... ჰოდა, ყველაფერს ძალიან ადვილად ვითვისებდი და ბევრი თავისუფალი დრო მრჩებოდა, ჩემო... იმანო ჰო, ალექსანდრე! მაპატიე, როცა ბავშვობას ვიხსენებ, ქვეყანაზე ყველაფერი მავიწყდება. აღარ ვიცოდი, თავისუფალი დრო როგორ მომეკლა და იცი, რა დავიწყე? ფიქრი, ოცნება დავიწყე, ჩემო ძვირფასო. ჰეი, რა მარტივი და გულუბრყვილო ოცნება მიყვარდა მაშინ, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით იყო გულუბრყვილო, რადგან კარიერისტული მისწრაფებანიც ერია – მინდოდა, დიდი ადამიანი გამოვსულიყავი. მე, როგორც საოცრად არაპრაქტიკული კაცი, ისე გამიტაცა ოცნებამ, ისე შემეჩვია, რომ... დამიჯერებ, ალექსანდრე? დიდი განსხვავება არც არის ახლა ჩემთვის, ოცნებაში გამეხარდება რაიმე თუ სინამდვილეში. თუმცა ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია, მაესტრომ მაინც საჭიროდ სცნო შემდეგის თქმა: - შენ, ალბათ, არა გჯერა, ალექსანდრე, ახლავე აგიხსნი. ოცნებასაც გააჩნია. ერთ-ერთ მათგანს დაწვრილებით მოგიყვები და მერე შენ განსაჯე, სწორი ვარ თუ არა. დღეს გულახდილი ვარ, გულგადახსნილი, როგორც იტყვიან. მე ისე ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე ყველაფერს, რომ... ახლავე მოგიყვები – აი, ვთქვათ, მივდივარ სახლში, ვარ დიდი დირიჟორი და მორიგი რეპეტიციის შემდეგ შინ ვბრუნდები. ჩემი კარის წინ დიდი თაიგული დევს, შიგნით პატარა ბარათია, სადაც ლამაზი ხელით წერია: „-მაესტროს – თაყვანისმცემლებისაგან“. მე თუმცა მობეზრებული მაქვს ამგვარი ამბები, მაგრამ მაინც მიხარია. სახლში ბიჭუნა მეგებება, ჩემი სისხლი და ხორცი. იგი თუმცა ექვსი წლისაა, უკვე მშვენივრად უკრავს ვიოლინოზე ვივალდის კონცერტს. და აი ბიჭუნა დეპეშას მაძლევს. მე ვკითხულობ: „ საქართველო, მაესტრო სანაძეს, იტალია მოუთმენლად გელოდებათ. იტალიელი მუსიკოსები“. და აი, თვითმფრინავი ლაღად მიაპობს სივრცეს, თვითმფრინავში მგზავრები, მე, ჩემი ბიჭუნა, მფრინავი და ჰაეროვანი სტიუარდესაა. აგერ, მილანიც. აეროდრომზე გამოჩენილი იტალიელი მაესტრო მხვდება. იტალიაში ზაფხულია, იმ მაესტროს მსუბუქად აცვია, მეც.ჩვენ ვზივართ რომელიღაც ბაღში. ჩემი ბიჭუნა და იმ მაესტროს შვილიშვილი დაჭერობანას თამაშობენ. ჩვენ ღრმად ვისუნთქავთ დიდებულ ჰაერს და თან ჩუმი ხმით ვსაუბრობთ უდრტვინველ მაესტრო როსინიზე, რომელმაც იცოდა თავისი საქმე. საღამოთი ლა- სკალა გაჭედილია, ნემსის ნამსხვრევიც კი ვერ ჩავარდება. მე სცენაზე ჩემებურად გამოვდივარ და დარბაზი ტაშისაგან ზანზარებს. შემდეგ ხელებს მაღლა ავწევ და სამარისებური სიჩუმეა. და აი, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ორკესტრი ასრულებს მარშს ვაგნერის ოპერიდან „ ტანჰეიზერი“. შენ იცი ეს მარში, ალექსანდრე? - დიახ. - მაშინ საჭირო აღარ არის მისი აღწერა. მერე ვუკრავთ ბეთჰოვენის მესამე სიმფონიას, შემდეგ სიმებიანი ორკესტრი ასრულებს ჰენდელის მეთორმეტე კონცერტს. შენ მოგისმენია ეს კონცერტი, ალექსანდრე? - არა. - ო, დიდებული კონცერტია, მშვენიერი და თანაც თუ შეიძლება ასე ითქვას, მორიდებული. ამ კონცერტში გენიოსის თავდაჭერილობა იგრძნობა, ჩემო. შემდეგ ბისზე ვასრულებთ უვერტიურას მოცარტის ოპერიდან „ სერალიდან გატაცება“, შემდეგ კი... როსინის „ ქურდი კაჭკაჭის“ შესავალს. წარმოგიდგენია, როგორი აღფრთოვანებულები დამრჩებოდნენ ტემპერამენტიანი იტალიელები? ისინი კვლავ მევედრებიან რაიმეს შესრულებას, მე კი ღონე აღარ შემწევს, დავიღალე, და უეცრად ორკესტრანტებს სცენაზე გამოაქვთ როიალი, როიალთან ხანშიშესული, გამოცდილი პიანისტი ჯდება, ხოლო სცენაზე გამოდის ჩემი ბიჭი, ჩემი ჭკუის კოლოფი და ისინი უკრავენ ვივალდის კონცერტს. და აი ახლა, ალექსანდრე, იტალიელ მაესტროს და საერთოდ ყველას თვალები სიხარულის ცრემლითა აქვთ სავსე. გარდა დიდებული აწყმოსი, ისინი ბრწყინვალე მომავალსაც ხედავენ. ახლა კი კეთილი ინებე და მიპასუხე, ალექსანდრე – უნდა იოცნებოს თუ არა იმ კაცმა, ვისაც გონებაში ასეთი მშვენიერი სურათები ეხატება? - დიახ. - სრული პასუხი! - აუცილებლად უნდა იოცნებოს, მაესტრო. - ჰოდა მეც მანდა ვარ. ქუჩაში ტროლეიბუსმა ჩაიარა, ეს ჩვეულებრივი ტრანსპორტი იყო, გრძელი, ყვითლად შეღებილი, ალექსანდრეს ყურადღება არ მიუქცევია ამ ამბისთვის, მაესტრომ კი ნაღვლიანად ჩაილაპარა: - ოცნებაში ყველაფერი ადვილად ხდება, სინამდვილეში კი ყოველივე ეს გაცილებით ძნელად მისაღწევია, ალექსანდრე. თამუნა ძალიან მხიარული გოგონა იყო, მაგრამ საოცრად სიამოვნებდა, ხანდახან სერიოზულად რომ ეჭირა თავი. მითუმეტეს ისეთი ნათელი გონების ადამიანთან, როგორიც იყო ალექსანდრე. ესე იგი, გული გადაგიშალა, არა? - კი. მე არ ვიცოდი, მაგრამ თურმე არსებობს ისეთი ადამიანების კატეგორია,ვისთვისაც სულერთია, ოცნებაში გაეხარდება რამე თუ სინამდვილეში. თამუნას უეცრად ძალიან მოეწონა სიტყვა „ კატეგორია“. კატეგორიაო, შენ ამბობ? იქნებ ასეთები ერთეულები არიან... - რა ვიცი, შეიძლება. მომავალი დაგვიდასტურებს, ჩემო თამუნა. მთავარი დაკვირვებაა. თუ ადამიანი ფხიზლად იქნება, ყველაფერს გაიგებს. რა თქმა უნდა. მერედა შენ რა აზრისა ხარ მაესტროსთანა ადამიანებზე? - ეს ცოტათი რთული საკითხია, თუმცა არა, არ არის რთული. მე მგონი, ასეთმა ადამიანებმა შეიძლება სხვასაც გადასდონ ეს უდარდელობა, ეს ოცნება და არაპრაქტიკულობა. რა თქმა უნდა ზედმეტად პრაქტიკულობა არ ვარგა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ძალიან მშრალი ხდება. მაგრამ ყველა უნდა იყოს იმდენად პრაქტიკული, რამდენადაც საჭიროა. - სწორი ხარ, ალექსანდრე. ესე იგი, ამ ადმიანმა შეიძლება სხვა ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს, არა? სავსებით შესაძლებელია. მერედა რას უყურებ? ? - ალქსანდრეს უცებ შეეშინდა, - რა მითხარი? რა და ასეთ ადამიანს უნდა აუხსნა, რომ მისი საქციელი გასაკიცხია. დამიჯერებს კი? უნდა დაჯერო. მე მგონი, შენ ეს შეგიძლია, ალექსანდრე. - იცი რა თამუნა? შენ მართალს ამბობ, ხვალ, რეპეტიციის შემდეგ, შეიძლება მოველაპარაკო. მე მგონი ყველაფერი რიგზე იქნება. 7 ნათურა მკრათალად ანათებდა ეზოს, ფოთლებდაცვენილი ხეები ძლივს მოჩანდნენ სიბნელეში. ფანჯარასთან კაცი იდგა და შეორთქლილი მინის მიღმა უყურებდა ფიფქებს. ყველა ფერს ფარავდა პირველი თოვლი. ფიფქები ტრიალით ეშვებოდნენ მიწაზე, სიბნელეში გაუჩინარებულ მავთულებზეც ეცემოდა ფიფქები, სახურავებზე თხლად იდო თოვლი. მიწაზე შუბლმიბჯენილი კაცი გარეთ იყურებოდა. გარეთ ბარდნიდა, ბჟუტავდა ნათურის მკრთალ შუქზე, გაუთავებლად, ხვავიანად თოვდა. კაცმა თითით გაწმინდა შეორთქლილი მინა. მას ძალიან უყვარდა თოვლი. იგი გარეთ იყურებოდა და ხან ეგონა, რომ ფიფქები მხიარულად მოსდევდნენ ერთმანეთს, ხანაც ეგონა, რომ ისინი სევდიანად ცვიოდნენ ციდან. კაცი დიდხანს იდგა ფანჯარასთან. იდგა, სანამ თოვლმა ყველგან არ დაიბუდა: ეზოში მდგარ სკამზე ჩამოჯდა, მავთულებზე წამოწვა ჯამბაზივით, სქლად დათოვლილი სახურავები უზარმაზარი ფრინველის ფრთებსდაამგვანა და კაცმა სინათლე ჩააქრო და დაწვა. სანამ დაიძინებდა, მას უხაროდა, რომ მეორე დილით იქნებოდა ძალიან თეთრი, სუფთა, ქათქათა. - მობრძანდით! ოო, ალექსანდრე, რა კარგია, რომ მოხვედი. იცოდი, ავად რომ ვარ? რეპეტიციაზე რომ არ ბრძანდებოდით, მაშინვე გავიფიქრე... მაესტრო ავად ხომ არ გახდაო, არა? დიახ. -ჯერ პალტოს ნუ გაიხდი, აბა, ახლოს მოდი. მაესტრომ პალტოზე ხელისგული მიადო. ზამთრის სურნელება აქვს შენს პალტოს, სუსხი შემოგყვა ოთახში, ალექსანდრე. მაპატიეთ, ახლავე გავიხდი, მაესტრო. მაპატიეთო? რას ამბობ, ალექსანდრე, მე ისე მიყვარს თოვლი, ძლივს ვიგრძენი მისი სუნთქვა შენი ტანსაცმლის წყალობით. ეეჰ, უკვე გათბა პალტო, შეგიძლია გაიხადო... ახლა კი დაბრძანდი. ალექსანდრე სკამზე ჩამოჯდა. ძალიან მიყვარს თოვლი, - დაიწყო მაესტრომ – მარტოოდენ სიტყვა „ თოვლიც“ კი წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებს. როცა ამ სიტყვას იტყვიან, მაშინვე წარმომიდგება ნახშირისთვალება თოვლის ბაბუა, მოუსვენარი ბავშვები ციგებზე და გუნდით ხელში, თხილამურებზე შემდგარი ახოვანი ქალ – ვაჟები, სახურავზე ჩამოკიდებული ყინულის ლოლუები და კიდევ ბევრი ამდაგვარი რამ. ახლა ნამდვილი თოვლი იკითხე, მარტოოდენ სიტყვა რას გვეყოფა. თოვლი იმითაც არის კარგი, რომ თუ მოვა, ყველგან მოვა, სადაც კი გაიხედავ, ყველაფერი თოვლითაა დაფარული. შენ მიდიხარ და რომელი ნოხი და ხალიჩა შეედრება თოვლზე სიარულს. მიდიხარ, თოვლი ჭრიალებს შენს ფეხქვეშ, უყურებ ლოყებაწითლებულ ბედნიერ ბავშვებს, შენს ფეხქვეშ კი: „ ჭრაჭ!“. მიდიხარ, გორაკებიდან ციგით ეშვებიან, ციგა სწრაფად მიჰქრის ქვემოთ, ქარი სახეს უწიწკნის ბავშვებს, ციგა გვერდზე ყირავდება, ყველა იცინის, გაყინულ ჰაერში ზარის წკრიალივით გაისმის ბავშვების სიცილი, შენს ფეხქვეშ კი: „ ჭრუჭ!..“ მიდიხარ, ბwaxnagiიჭები გუნდებს ესვრიან გოგონებს, ხან ააცილებენ, ხან შიგ ბეჭებში მოარტყამენ, ყველაფერი ეს ხალისითა და სიხარულითაა აღსავსე, მიდიხარ და, რაც მთავარია, საოცრებავ, როგორი მსუბუქი ჰაერია გარეთ, როცა თოვს – ისე ადვილად სუნთქავ, ისე ძალდაუტანებლად... თოვლი გაიძულებს, რომ ისუნთქო ისე, როგორც სუნთქავდა... როსინი, დიდი მაესტრო. ხედავ, ალექსანდრე, მე კი ავად გავხდი, მაინცდამაინც ახლა, როცა გარეთ თოვს. ფანჯარა ხომ არ გამოვაღო, მაესტრო? გამოაღე, ჩემო კარგო. მე მაგრად შევიფუთნები, შენ კი ფანჯარა გამოაღე. ვერ უთხარი, ალექსანდრე? ვერა. რატომ? რა ვიცი, - ალექსანდრეს შერცხვა, - მართლა, ავად იყო და შემეცოდა. კარგად მოქცეულხარ. ავად თუ იყო, არ უნდა გეთქვა. ჰო, სწორედ მაგიტომ არ ვუთხარი. ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ, რადგან მათ გვერდით ქალი იჯდა. ქალს ბავშვი მოეყვანა ბაღში და თვალყურს ადევნებდა. ბიჭუნა დარბოდა, დახტოდა და მიწით ხელებს ისვრიდა. როგორ შეიცვალა ამინდი არა? აბა ვინ იფიქრებს, გუშინ რომ თოვლი იყო. ნამდვილი გაზაფხულის დღეა. ბავშვმა დედასთან მიირბინა, მაგრამ რაღაცას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. ქალი სწრაფად წამოდგა და ბავშვს მივარდა, ალექსანდრეც წამოდგა. - რამე ხომ არ იტკინა? - არა, ასე ხშირად ეცემა. ბავშვი ჯერ დაბნეული იყო, მერე თამუნას შეშფოთებული სახე დაინახა და ტირილის გუნებაზე დადგა. - არ იტირო, არ იტირო, - ეუბნებოდა ქალი. ბავშვმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი, სახე მოეღრიცა და ყველა მიხვდა, რომ ჩქარა ღრიალს ამოუშვებდა. - მიწამ გატკინა ფეხი, - არა? - უთხრა ალექსანდრემ. -აბა შენც ატკინე მიწას, აბა, დაარტყით; დ ბავშვი ყოყმანობდა – აღარ იცოდა, ეტირა თუ მიწისთვის სამაგიერო გადაეხადა. აბა, დაარტყი, ესე დაარტყი, ესე, - თამუნამ ფეხი დაჰკრა მიწაზე. ბიჭუნამაც დაარტყა ფეხი მიწაზე და აშკარად დაეტყო, რომ აღარ იტირებდა. - მოდი, შვილო, ახლა ნამცხვარი ვჭამოთ, - ალერსიანად უთხრა ქალმა, - აბა, პირი გააღეე. ბავშვმა თავი გააქნია. ჭამე, შვილო, აბა პირი გააღე. ბავშვი გაჯიუტდა. ბავშვი გაჯიუტდა. ჩაყლაპე, თორემ ბიძია შეჭამს (ალექსანდრეს პირველად უწოდეს „ ბიძია“), აი, აი, ჩაყლაპა, ჩაყლაპა,- ქალმა ალექსანდრეს პირთან მიუტანა ნამცხვარი. მეც შევჭამ, მეც შევჭამ, - თქვა თამუნამ და ნამცხვრისაკენ მიიწია. ბავშვმა საჩქაროდ გააღო პირი. ალექსანდრე წამოდგა, ზევიდან დააცქერდა ბიჭუნას. ჭამე, შვილო, და ამსიმაღლე გაიზრდები, გენაცვალე!-მოეფერა ქალი. ბავშვმა დაკვირვებით შეათვალიერა ალექსანდრე. 8 კონცერტის დაწყებას ხუთიოდე წუთი აკლდა. ორკესტრის წევრები საკრავებს აწყობდნენ. სალამი, მაესტრო. ო, ალექსანდრეს გაუმარჯოს, როგორა ხარ? დღეს ვერ დავუკრავ, ხელი ვიტკინე. რას მეუბნები, ძალიან გტკივა? ისე, საშუალოდ. - ნუ დაუკრავ, ჩემო ალექსანდრე. ოღონდ პირობა მომეცი, რომ ექიმთან აუცილებლად წახვალ. წავალ, კი. აბა, შენ იცი. მაესტრო, ერთი რამ უნდა გკითხოთ. მიბრძანე, ჩემო ალექსანდრე. მაესტრო, ჩვენს ორკესტრზე რა აზრის ბრძანდებით? ეეჰ... თუმცა, მოყვარულების პირობაზე მშვენივრად უკრავთ. მართლა? კი მაგრამ მოყვარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს რომ არ ვუკრავთ? მერე რა... ცდა ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგია. თუ „ვერა შეჯდა მწყერი ხესა“, ა, მაესტრო? იცი რა, ალექსანდრე? მე არ მომწონს შენი ლაპარაკი. გულახდილი კაცი ვარ და გულახდილადვე გეუბნები. - ალექსანდრემ ძალა მოიკრიბა და უთხრა:მაესტრო, მაპატიეთ, მაგრამ... თქვენ ერთი ახირებული ჩვევა გაქვთ. რაც არ უნდა სამწუხარო ამბავი შეგხვდეთ, მაინც ისე შეალამაზებთ, რომ ბოლოს კმაყოფილი რჩებით. ეს „შელამაზება“ პრაქტიკულად რომ ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ სინამდვილეში საქმეს ვერ შველით. ეს შენი სიტყვებია, ალექსანდრე? - დიახ, ჩემია. თქვენ ასე იქცევით და ვერცა გრძნობთ, რომ შეიძლება სხვასაც გადასდოთ ეს მავნე ჩვევა. ვინ იცის, რამდენი ადამიანი გააუბედურეთ. შენ ამას მეუბნები, ალექსანდრე? მე მეუბნები, თუ ვინმე სხვას? - მიხეილმა უკან მიიხედა. - თქვენ გეუბნებით, დიახ! თქვენ კინაღამ არ ამიყოლიეთ, კინაღამ არ შემაჩვიეთ ეგრეთწოდებულ „ოცნებას, რომელიც ისე დამაჯერებელია, რომ სინამდვილეს უდრის“. კიდევ კარგი, რომ...-ალექსანდრე შეჩერდა. რა – კიდევ კარგი? რა და... მიდი, დაამთავრე, ნუ გეშინია. კიდევ კარგი, საკმარისი გონება გამაჩნია, - ჩუმად თქვა ალექსანდრემ. მიხეილმა გადაიხარხარა. ნერვიულად, ძალით იცინოდა. უეცრად სიცილი შესწყვიტა, შეაცქერდა და უთხრა: იცი, რას გეტყვი? წადი აქედან, ალექსანდრე. ალექსანდრემ ნერწყვი გადაყლაპა: - მე კი წავალ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ: თქვენ ცხოვრებაში ხელმოცარული კაცი ბრძანდებით, - და დაცინვით დაუმატა: - მაესტრო. გაეთრიე აქედან! - უთხრა მიხეილმა. - სადაც გინდა, წადი, ოღონდ შენი „საკმარისი გონება“ სადმე არ დაგრჩეს! ალექსანდრე შეტრიალდა, დარბაზში შევიდა. თამუნას გვერდით დაჯდა და ფარდას შეაცქერდა. უთხარი? კი,- მიუგო ალექსანდრემ და ამაყად გაიფიქრა: „მე ვიყავი თამამი, გაბედული, მტკიცე“. დარბაზში სინათლე ჩააქრეს, ფარდა გაიხსნა. ორკესტრის წევრები ცდილობდნენ, დარბაზისაკენ არ გაეხედათ. სცენის შუაგულში გამოვიდა მსუქანი კონფერანსიე და გამოაცხადა: კომპოზიტორი აზმაიფარაშვილი, ბაღდადური, შეასრულებს ორკესტი, დირიჟორი მიხეილ სანაძე! კანტიკუნტად ტაში დაუკრეს, მიხეილი გამოსვლას აგვიანებდა. „ეჰე, - გაიფიქრა ალექსანდრემ, - შეიძლება ვეღარც გაბედოს დირიჟორობა ჩემი სიტყვების შემდეგ“. დარბაზი ჯერ მშვიდად იცდიდა, შემდეგ ოდნავ ახმაურდა. მაესტროს საკუთარი მეთოდი ჰქონდა – იგი სცენაზე გამოდიოდა მხნედ, გაბედულად, დამაჯერებლობა და იმედი შეჰქონდა ორკესტრში – ერთს მხარზე მოუთათუნებდა ხელს, მეორეს საალერსო სიტყვას ეტყოდა, მესამეს თვალს ჩაუკრავდა, შემდეგ მთელ ორკესტრს ღიმილით მოავლებდა თვალს და... ახლაც ასე გამოვიდა სცენაზე. ხალხს თავი დაუკრა, შემდეგ ორკესტრისაკენ შეტრიალდა და ხელები მაღლა ასწია. ორკესტრმა შეასრულა ძველებური საცეკვაო, რომელსაც ადრე კინტოები ცეკვავდნენ. ამ მივიწყებულ მელოდიაში იყო რაღაც სითბო და ხალხი კარგა ხანს ტაშს უკრავდა. გახარებულმა მაესტრომ მადლობა გადაუხადა ხალხს და ორკესტრს შესძახა - „ყოჩაღ, არწივებო!“ ტაშისცემამ მაესტრო აიძულა, რომ „ბაღდადური“ ისევ დაეკრათ. ეს უკვე პატარა, ძალიან პატარა გამარჯვებას უდრიდა, მაესტროს ნამდვილი ტრიუმფი კი შედგა იმავე ღამეს, ორ საათზე. 9 მეორე დღეს მაესტრომ თავის ორკესტრის ერთ-ერთი წევრი დაიმარტოხელა და უთხრა: იცი, რას გეტყვი, კონსტანტინე? მე გუშინ ერთმა ადამიანმა ძალიან მაწყენინა. ისეთი რამ მომახალა, რომ... მე იმ ადამიანს ვენდობოდი, ისევე, როგორც ახლა, შენ გენდობი. უცნაური რამ უნდა მოგიყვე, დღეს გულახდილი ვარ, გულგადახსნილი, როგორც იტყვიან. გუშინ, მისი სიტყვების შემდეგ, საოცრად მომიმდა ისეთი რამ, რაც დამამშვიდებდა და გამახარებდა, გესმის, კონსტანტინე? გუშინ ძილი არ მომეკარა, თვალი კი მოვხუჭე, მაგრამ მაინც დამიფრთხა ძილი. ღამის ორ საათამდე ასე ვიწექი, და... იცი რას გეტყვი, კონსტანტინე? ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ოღონდ მიგნება უნდა. უეცრად ბრწყინვალე აზრმა გამინათა გონება – ავდექი, ფრაკი ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, ერთი სიტყვით ყოველნაირად მოვემზადე. შემდეგ კარადიდან საყვარელი ფირფიტა გამოვიღე და რადიოლაზე დავდე. სინათლე ჩავაქრე, მარცხენა ხელით რადიოლა ავამუშავე, მარჯვენა ხელი კი დავიქნიე და მაშინვე „ქურდი კაჭკაჭის“ დიდებული უვერტურა გაისმა. ჩემს წინ, სიბნელეში იყო მშვენიერი და ნანატრი ორკესტრი, თვალები მაინც დახუჭული მქონდა და ისე ვამოძრავებდი ხელებს. ყველა ინსტრუმენტი ისე მემორჩილებოდა, როგორც მე მინდოდა, ყოველივე ჩემს განკარგულებაში იყო – ემოციური ვიოლინოები, ნაღვლიანი ჩელოები, მშრალი და უდარდელი კლარნეტები, რომანტიული ჰობოი, ზედაპირული, ჰაეროვანი ფლეიტა, მრისხანე საყვირები და ტრომბონები ჩუმი და მორიდებული ვალტორნები, ეშმაკური ტემბრის ფაგოტები, მგვრგვინავი დოლები და თეფშები, მეოცნებე არფები, დინჯი და დარბაისელი კონტრაბასები, იდუმალი ინგლისური საყვირი. მე ზუსტად და მკაფიოდ ვდირიჟორობდი, როგორც ეს გამოჩენილ მაესტროებს შეჰფერით, ჩემი ოთახი სავსე იყო საოცნებო ხმებით და ალბათ ჩემს მეზობლებსაც ძილში ჩაესმათ ეს უცნაური, საუცხოო ჰანგები. ეს ტრიუმფს ჰგავდა, კონსტანტინე – მე ვდირიჟორობდი და ჩემს პატარა ოთახში გაისმოდა დიდ როსინის უდარდელი, ღვთაებრივი სუნთქვა. - კი მაგრამ მუსიკა რომ დამთავრდა, ალბათ, ძალიან დაგწყდათ გული, - უთხრა კონსტანტინემ. რატომ, ჩემო? ტაში რომ არავინ დაუკრა. მაესტრომ საყვედურით შეავლო თვალი და გაკვირვებით ჩაილაპარაკა: განა ჩვენ მხოლოდ ტაშისთვის ვიღწვით, კონსტანტინე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი