ნაბიჯი
1 გოგია კიზირია მოწაფეობისას ძალიან ერიდებოდა თეატრში სიარულს. არადა, უყვარდა. თეატრში აბონემენტით დაიარებოდა მთელი კლასი, გოგია მაშინ ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა. იმხნად ბიჭებში რატომღაც დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, არაფერი არ გაკვირდებოდათ, არაფრით არ აღტაცებულიყვნენ და ასე. გოგია კი, სულელი, წარმოდგენას რომ მიჩერებოდა, რომელიმე რომელიმე ისეთი სცენის ყურებისას, სერიოზული ხალხი ,,მძიმეს“ რომ ეძახდა, უნებურად აცრემლდებოდა ხოლმე. ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, იცოდა, ქალაჩუნად რომ ჩათვლიდნენ ბიჭები, მასხარად რომ აიგდებდნენ, მაგრამ რა ექნა, ცრემლს ვერ იკავებდა და… მალულად შეიმშრალებდა თვალს და ცდილობდა სხვა რაღაცეებზე ეფიქრა, მაგრამ მუშტებშეკრული, საგანგებოდ განათებული კაცი სცენაზე ხალხის გასაგონად ყვიროდა: „ის უნდა სასტიკად დაისაჯოს!“ და გოგიას ისევ აუჩუყდებოდა ხოლმე გული. თეატრიდან რომ გამოვიდოდა, სულ სხვა გოგია იყო – მიდიოდა თავისთვის ქუჩაში, საკუთარ თავზე განაწყენებული და მაინც ერთგვარად თანამგრძნობი, მიდიოდა და ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა, რომ ის ნამდვილი ამბავი კი არ იყო, არამედ პიესა, რომ მართლა კი არ მოჰკლავდნენ ვინმეს, უბრალოდ მსახიობები იყვნენ. გოგია უფრო რომ დაშორებოდა მოქმედ პირს, პროგრამას ამოიღებდა ჯიბიდან, დახედავდა და წაიკითხავდა: გრაფი – კ. ზუმპიაშვილი. სიმართლე რომ ითქვას, ეს ზედმეტიც იყო, თეატრიდან გამოსულ გოგიას აღარაფერი სჯეროდა იმ პიესისა: სამაგიეროდ, ამით მომავალი სპექტაკლისათვის იმხნევებდა თავს. მაგრამ შემდეგ წარმოდგენაზე რაც უნდა გულგრილი განწყობით წასულიყო, თეატრს მაინც რაღაცა უხილავი ძალა ჰქონდა-შესასვლელთან რაღაცნაირი უცხო სინათლე ციაგებდა, მრავლად გაკრულ აფიშებზე რამდენიმე პიესის სათაური მსხვილად დაებეჭდათ, თავისი ავტორითა და დაწყების დროით, მერე კონტროლიორი აბონემენტს მოხევდა, გოგია კიბეს ნელა ჩაივლიდა, პალტოს გაიხდიდა, კაშნეს სახელოში ჩაკუჭავდა და მეგარდერობეს ფრთხილად ართმევდა გრილ, ბრტყელ ნომერს. მერე დარბაზში შედიოდა, სანახევროდ გავსებულ პარტერში; სანამ თავის ადგილს იპოვიდა, ძალაუნებურად შეაწუხებდა ვინმეს -თუ შეიძლება, გამატარეთო… მერე კიდევ შემოდიოდნენ მაყურებლები, სავარძლის ზურგს გადააწვებოდნენ, დახედავდნენ ნომერს და სხდებოდნენ… ჭაღები თანდათან, ზომიერად ქრებოდა, ხმადაბლა ალაპარაკებული მაყურებლები ჩუმდებოდნენ, ერთი-ორგან თუ მოისმოდა დაგუდული ჩოჩქოლი, მერე დაუკრავდა ორკესტრი და ხავერდის მძიმედ დანაოჭებული ფარდა იხსნებოდა, დეკორაციების სუნი გადმოდიოდა პარტერში და გოგია აშკარად გრძნობდა, რომ აღარ იყო გულგრილი… მერე კი, მესამე მოქმედებისას, როცა ცნობილი მსახიობი ქალი მისთვის ჩვეული ათრთოლებული ხმით იკითხავდა: „ცოცხლივ? როგორ, ნუთუ მშვენიერი ანტუანა ცოცხლად უნდა დასწვან?“ გოგიას ბურთი გაეჩრებოდა ყელში და თუმცა თავს მაღლა სწევდა და თვალებს ნაძალადევად ახამხამებდა მაინც ვეღარ იკავებდა ცრემლს. ეს ყველაფერი გოგიას ჩვიდმეტი წლისას მოსდიოდა, მერე, რომ დაკაცდა, თანდათან გადაუარა. კლასის ამხანაგები ჩამოშორდნენ, ზოგი სად მოეწყო, ზოგი სად; გოგია კი თანამშრომლებთან რაღაც უხერხულად იყო – ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა. ხანდახან თუ შემოხვდებოდა რომელიმე, გაჯგიმული, ცხვირაწეული, ამაყი, შეხვდებოდა და ეუბნებოდა: – რავა ხარ, გოგია? – გმადლობთ, – შენი მადლობა რად მინდა, რავა ხარ ისე? – კარგად. – ბიჭებს თუ ხვდები? – ხანდახან, ათასში ერთხელ. – ბიჭები თუ შეგხვდნენ, გადაეცი, რომ კარგად ვარ, ჯანზე ვარ, კარგად არის თქო. – კარგი. – წადი ახლა შენ, გოგია, და ვინმემ რამე თუ გითხრა, მე აქედან გიყურებ და – თუ გაგიჭირდა, ხელად გამოვქანდები. სხვა რა გიყო? – არაფერი,- ამბობდა გოგია. ისე, სიმართლე რომ ითქვას, გოგიას ბავშვობიდან უნდა დაგვეწყო ამბავი, თანამიმდევრულად. მისი მშობლები წესიერი ხალხი იყო, ოღონდ ცოტათი ფოციანი დედა ჰყავდა – გოგიას სკოლიდან ხუთი წუთი რომ დაგვიანდებოდა, გამოვიდოდა გარეთ, დადგებოდა ხესთან, გაჰყურებდა ქუჩას. გამოჩნდებოდა გოგია, გაემართებოდა დედამისი, გაბრაზებული, მაგრამ რომ მიუახლოვდებოდა, გაუვლიდა ბრაზი, გადახვევდა ხელს, შეიყვანდა ეზოში… გოგია პატარა უხერხულად გრძნობდა თავს, მეზობლების თვალწინ ასე ბავშვივით რომ ჩაატარებდა დედა, მაგრამ თან უხაროდა კიდეც. – ა, ხო მოვიდა, არ გამიგია მასე გადარევა,- ამბობდა მამა. – რა ვიცი, რეები არ ხდება. – სად იყავი, სკოლაში, ხომ? აჭამე ახლა ბავშვს და მანამდე გაიქე, გოგია, პური მოარბენინე. წვალებით გახსნიდა დედა კვანძს, გახსნიდა ცხვირსახოცში გამოხვეულ ფულს და მიდიოდა პურზე გოგია. აღმართს აივლიდა, იყიდდა პურს, ჩამოდიოდა დაღმართში. თითებს სწვავდა, იყიდდა პურს, ჩამოდიოდა დაღმართში. თითებს სწვავდა ახლად გამომცხვარი, თხელი ქართული ლავაში, ცხელი იყო ძალიან. თუ მაგრად შიოდა, თუმცა ხანდახან არც შიოდა, ჩამოაგლეჯდა გოგია პატარა, უფორმო ნაჭერს, მადიანად ილუკმებოდა ქუჩაში. მერე პურს ნაკლულ ადგილას ჩასჭიდებდა თითებს და ეზოში ისე შედიოდა. გაემზადებინა დედას სალათა, ერბო – კვერცხი, წყალში გავლებული მწვანილი, ისაუზმებდა გოგია და ჯდებოდა ხის ტოტზე. ხელებს მუხლებზე დაიწყობდა, იჯდა ასე, ოდნავ მოხრილი. მამას ძალიან უყვარდა გაზეთები, გადაშლიდა მთელ სიგრძე – სიგანეზე, კითხულობდა. სამზარეულოში დედას ხანდახან წყნარად აუხმიანდებოდა ჭურჭელი, კერძის სუნი დგებოდა ოთახში, იჯდა გოგია ტახტზე. ზამთრობით ციოდა ოთახში, დილა-საღამოს მამა ღუმელს ანთებდა. შეაწყობდა კოხტად შეშას, შეუკეთებდა ძველ გაზეთს, გაჰკრავდა ასანთს, აანთებდა. აციაგდებოდა ღუმელის წინ, იატაკზე, სინათლე; მიუშვერდა მამა დამზრალ თითებს, იფშვნეტდა ხელებს, სიამოვნებდა, მოდი, გოგიაო, აქ, გასძახებდა. მიდიოდა გოგია ღუმელთან, თბებოდა ისიც… ხანდახან წვიმდა. ატყდებოდა ეზოში პატარა ალიაქოთი, ჩამოხსნიდნენ სარეცხს, ფანჯრებს ხურავდნენ, სველდებოდა გარეთ ყველაფერი, მავთულზე ოდნავ ჩამოიბურცებოდნენ წვეთები, გადაიღებდა წვიმა,- კლებულობდა ხმაური; გამოვიდოდა მზე, ორთქლი ტივტივებდა დაბლა, ასფალტზე, გააღებდნენ ფანჯრებს, მშვენიერი კარგი ჰაერი იყო… დედა და მამა ხანდახან კინოში დაიარებოდნენ, ქართულ ფილმს მაინც ხომ არ გამოტოვებდნენ არაფრით. რჩებოდა გოგია შინ, ჩართავდა რადიოს, მუსიკა უყვარდა. „ჰააი-ი, მუხრანბატონის ყმობითა-ა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა-ა“, წამოიწყებდა პირველი და წარმოუდგებოდა გოგიას ღარიბი კაცი, ჩამოკონკილი, მშიერი, მწყურვალი, აუჩუყდებოდა გული. ხანდახან უცხოურ სიმღერებსაც ისმენდა, დიდი უცნაური სიტყვებით: „ტუ-უ, სალა ტუუ…“ მაინც მოსწონდა, მუსიკას ააყოლებდა ხოლმე თავს, კარგი იყო კარგი სიმღერის მოსმენა. იმღერეს ერთხელ რადიოში რაღაც უცხოური, ყველაზე ხშირად ორი სიტყვა ისმოდა და ის სიტყვები დაამახსოვრდა მხოლოდ: „ სანტა ლუჩია“. ისიც კარგი სიმღერა იყო, ტალღა-ტალღად ადიოდა და ჩამოდიოდა. ჯერ ლოგინში იწვა გოგია და ისე უსმენდა, შეფუთვნილი; იმოქმედა მერე რაღაცამ, ძალიან იმოქმედა, აღელდა გოგია, წამოდგა ზეზე, სიმღერას აყოლილმა გაიარ-გამოიარა საწოლზე, კიდევ მოუნდა რაღაც, რაღაც უფრო მეტი, დაიხედა ძირს… აიღო ზეწარი, შემოიხვია ტანზე, ცალ ხელში ვითომ კალათი ეჭირა, მეორე ხელს კალათაში ჰყოფდა, მიმოდიოდა ლოგინზე და, სიმღერას აყოლილი, კალათიდან ნელ-ნელა ურიგებდა ზღვა ხალხს რაღაც საჩუქარს, ყვავილები იყო ეს თუ კარალიოკი, რაღაც ამდაგვარი, ზუსტად არ იცოდა… გათავდა მერე სიმღერა, გაიხედ-გამოიხედა გოგიამ, შერცხვა, გაიფინა ისევ ზეწარი, დაწვა, უფრო შერცხვა, წაიხურა თავზე საბანი… მერე ის იყო, აბონემენტები რომ დაურიგეს კლასში და თეატრში დაიარებოდა, მაგრამ აუჩვილდებოდა ხოლმე გული და ვერ იკავებდა თავს. დაბრუნდებოდა შინ, გადაიკითხავდა დავალებებს, წერდა რვეულში სუფთად.სწავლობდა გოგია ოთხებზე, სამებზე, ორიანი თავის დღეში არ მიუღია. ძალიან უყვარდათ მასწავლებლებს, ეჰ, ნეტაი ამასაც ჰქონოდა ნიჭიო, ამბობდნენ. ვინ აწყენინებდა, ან როგორ დაილაპარაკებდა გაკვეთილზე; იჯდა თავისთვის, წყნარად. ზოგმა ბოლო კლასში აურია ძალიან, ასეა, გენაცვალეო, ამშვიდებდნენ მშობლები ერთმანეთს, ბიჭი რისი ბიჭია, ცხოვრებაში ერთხელ თუ არ აურიაო. გოგია კი ისევ ისეთი იყო, ნამეტანი ჩუმი, წყნარი… გადიოდა კლასიდან კლასში, დაამთავრა სკოლა, უმაღლესში ჩაბარებით კი ჩააბარა გამოცდები, მაგრამ პირველ წელს სამი ქულა დააკლდა, მეორე წელს – ხუთი, არ გამოუვიდა არაფერი, ვოეწყო გოგია სამუშაოდ – ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, ლაბორანტად. ხალათები ეცეათ ყველას, გოგიასაც შეუკერა დედამ ხალათი, ფართო ჯიბეები ჰქონდა. მეცნიერ-მუშაკები კი იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი სამი-ოთხი წლით უფროსი თუ იქნებოდა გოგიაზე, იყურებოდნენ მიკროსკოპში.გოგიასაც ავალებდნენ წვრილმან სამუშაოებს, როგორ დაიზარებდა რამეს. ნაშუადღევს საათიანი შესვენება ჰქონდათ, დადებნენ პატარა ფულს და გოგია ხალისით მიდიოდა იმის მაგივრად, როგორ დაალაპარაკებდა ვინმეს. გახარებულს მოჰქონდა საჭმელი, სიამოვნებდა, კარგ საქმეს რომ აკეთებდა. შინ რომ დაბრუნდებოდა,რადიოს უსმენდა, კარგი გადაცემა თუ იყო, წიგნსაც კითხულობდა ხანდახან. დედა ავად გახდა ერთხელ,ლოგინად ჩავარდა ქალი. იმის ნაცვლად გოგია დაიარებოდა ბაზარში, ერთი-ორჯერ არ ეყო ფული—რასაც ეუბნეოდნენ, იმას იხდიდა. დაარიგა მერე დედამ და ბაზარში შშევიდა, ამოუდგა ვიღაც ქალს უკან, იმას ექვს შაურად დაუფასეს კარტოფილი, მაგრამ ქალი შეევაჭრა და ოთხ შაურზე დააყვანინა. სანამ ქალი ჩანთაში ჰყრიდა კარტოფილს, გაუწოდა გოგიამ გამყიდველს ოთხი შაური… აუწონა ამ კაცმა ერთი კილო, გადაზოგა ასე გოგიამ ორი შაური, ამოუდგა მერე უკან ვიღაც წუნია კაცს, სდია აქეთ-იქით,მერე,როგორც იქნა,ააწონინა იმ კაცმა ერთგან ხახვი და იყიდა გოგიამაც იმ ფასად ხახვი…ერთ კვირაში უკვე თვითონ ევაჯრებოდა გამყიდველებს, გაიგო გოგიამ ფულის ფასი, მოიზოგავდა ხოლმე ცოტას, გაზეთებს ყიდულობდა. მიუჯდებოდა მაგიდას, გადაშლიდა, მიაჩერდებოდა ხოლმე დედა, ატირდებოდა-მამაშენსაც უყვარდა მაგ… გადადებდა გოგია გაზეთს გვერდზე, მიაჩერდებოდა კედელს… რა ყოფილა მაინც სიკვდილი-დიდი უცნაური, გამოუცნობი, აუხსნელი, საიდუმლო-იმ დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა, დედა მეზობელთან იყო გასული სალაპარაკოდ, ტახტზე კი მამა გულაღმა იწვა და ისე იწვა, თითქოს ეძინა,მაგრამ გახეხილი,დაბინდული,ჩამორეცხილი ფრესკისფერი თვალები ჰქონდა…გაშრა გოგია, ფეხისწვერებზე შედგა და ისე დაჩერდა… დედა რომ მომჯობინდა,მერეც კი დაიარებოოოდა ბაზარში, სამსახურში ხომ დადიოდა და დადიოდა. ტრამვაი ერჩია ყველაფერს – იაფი ღირდა. დაზოგა გოგიამ ბაზარში სიარულით თოთხმეტი მანეთი ფული, ჩაიდო ჯიბეში. ცოტათი გამოიცვალა, სულ ცოტათი – აქამდე თუ ყველაფერი სჯეროდა, ახლა რაც დასაჯერებელი იყო, იჯერებდა და რაც არა…მაგრამ ერთხელ ერთმა ნათესავმა ქალმა ისეთი ამბავი მოჰყვა, მტრისას – ორი რუსის ქალი ცხოვრობდა თურმე იტალიაში, დები ყოფილან, მილიონერის შვილები; რომ გარდაცვლიათ დედ-მამა, დარჩენიათ ზღვა ფული და ამტყდარა პირველი მსოფლიო ომი და მაინცდამაინც მაშინ მონატრებიათ სამშობლო, წამოსულან, ნამეტანი უცნაური ქალები ყოფილან… თვალ-მარგალიტი წამოუღიათ მარტო და ისე წამოსულან, მაგრამ გზაში ვიღაცას აუფეთქებია რაღაცნაირად რელსები და გაჩერებულა კაიხანს მატარებელი ერთ პატარა სოფელთან, ერთ თვეს მდგარა თურმე – ომი იყო… იქ მქგარი შიმშილობა ყოფილა თურმე, რა ექნათ იმ ქალებს, ცხოვრებქში გამოუცდელები ყოფილან ძალიან – თითო პურში თითო მარგალიტს აძლევდნენ თურმე და რომ მოუღწევიათ საქართველომდე, ორი თუ სამი საგვარეულო ბეჭედი შერჩენიათ ხელზე… ამ დროს, მოგეხსენებათ, რა ამბავიც იყო საქართველოში, მენშევიკები, აქეთ შოტლანდიელი ჯარისკაცები, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა… დაუქირავებიათ იმ ქალებს ერთი პატარა სარდაფი, ბნელი, ნესტიანი, მაგრამ სულაც არ წუხდნენ, ადრეც არ ყოფილან ნამეტანი ფუფუნების მოყვარულნი… ჰოდა, იმ სარდაფში ვირთხა იყო ერთი თურმე…ჯერ კი დააფრთხო ქალები, მაგრამ მერე ისე ძალიან აღარ ეშინოდათ. თავი რომ ერჩინათ, მოწაფეები დადიოდნენ იმ ქალებთან, სამეცადინოდ – ერთს ექვსი ენა სცოდნია კარგად, მეორეს – ათი, უცნაურები ყოფილანო… ამდენ ენას რომ დაიმახსოვრებ კაცი, დაბნეული იქნები, აბა რა იქნებიძ?! ჰოდა მოსულა ვიღაც ბავშვის მშობელი და გადარეულა, რაა ეს, არ გრცხვენიათ, ვირთხა რომ გყავთ ოჯახშიო? მაგია ავადმყოფობის გადამტანი, ყელში კბენა უყვარსო დაასე… აგერ, მოგიტანთ დარიშხანს და აჭამეთო… გაჩუმებულან ის ქალები, სირცხვილით ვეღარ თქვეს, იყოს, რა გვიშლისო და რომ მოუტანია იმ მშობელს საწამლავი, გადაუგდიათ ვირთხისთვის დაიმას უჭამია. ისხდნენ თურმე და ვერ იძინებდნენ – ნეტაი რა მოხდებაო… რომ მოუტანებია ღამეს, გამხდარა ვირთხა ცუდად, დაწრიალებს თურმე ოთახში, რას დაწრიალებს, წყალი უნდება თურმე მაგ დროს, სხედან ეს ქალები, ხმას ვეღარ იღებენ… მერე, რომ შექმნილა ძალიან გლახად ვირთხა, ააცოცდა თურმე ერთ ქალს მუხლებზე, დაუბჯენია თათები, ძლივს აუწევია თავი და უყურებს, უყურებს თვალებში… ეს ქალები ერთდროულად წამომდგარან, არაფრის შნო და მარიფათი არ ჰქონიათ მანამდე, მაგრამ იმ დღეს გადაუდიათ თავი – უკაცრავბი პასუხია, მაგრამ სხვადასხვა ხერხით გადაურჩენიათ ვირთხა, მოწამლულ ადამიანს რომ უვლიან, ისე. არაა გადასარევი? კი იყო გოგია გამოუცდელი, მაგრამ ასეთ სისულელეს დაიჯერებდა ვითომ? რომ ყოფილიყო ის ცხოველი ან ძაღლი (ადამიანის მეგობარი), ან ცხენი (ტრანსპორტის საშუალებაა), ან ძროხა (რძეს და ხორცს გვაძლევს), ან ბულბული (სტვენს კარგად), კიდევ შეიძლებოდა დაჯერება, მაგრამ… დედამ კი თქვა, მაინც რა არის ცხოველიო, მაგრამ ალბათ ისე თქვა, ზრდილობისთვის. ჩართო გოგიამ რადიო, გადაშალა გაზეთიც, ის ქალი კი ლაპარაკობდა, – არა, მე იმას კი არ ვამბობ, ვირთხა რა გადასარჩენი ცხოველიაო, მაგრამ ისაა მთავარი, რანაირი უცნაური ქალები ყოფილან ის ქალებიო… გოგია აღარ უგფებდა ყურს, მაგრამ სტუმარი რომ წავიდა, ძალიან დაინტერესდა, ეს ამბავი ნამდვილად მოხდა თუ არაო, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი დაადგინა – ერთი მხრივ ვირთხის გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან უცნაური ქალები ყოფილან და ვერ დაასკვნა გოგიამ მაინც ვერაფერი… მიუბრუნდა ისევ გაზეთს – გადატრიალება ჩილეში. პარიზი, 22 ნოემბერი. როგორც ფრანს პრესის სააგენტო იუწყება… დაიარებოდა გოგია სამსახურში, მიდიოდა, მოდიოდა, კვლევით ინსტიტუტში ბუფეტი გახსნეს, შესვენებაზე იქ ჩავიდნენ თანამშრომლები – ორ-ორი, თითო-თითოდ… გადაზოგა იმ დღეს გოგიამ კიდევ ათი შაური, არ უსაუზმია, მოშივდა ძალიან, ეჩქარებოდა შინ და ხალხით გატენილ ტრამვაის შეახტა. საფეხური არც ჩანდა, ისე იყო დახუნძლული; სხვები გულგრილად იდგნენ. იქ, ეტყობა, შეჩვეულნი იყვნენ ასე მგზავრობას, გოგიას კი რცხვენოდა, თანამშრომლებმა ანდა ვინმემ არ დამინახოსო. ტრამვაი ზრიალით მიდიოდა, კარგიაო, ფიქრობდა გოგია, ჩქარა მივალ სახლშიო. იდგა ასე თავჩაქინდრული, მერე გახედა გზას, ტრამვაის რელსებს, ქარი სიოდა ყურებში, გამოცოცხლდა გოგია, გვერდით მდგარ ბიჭს გახედა. ეცნაურა ცოტათი და უცებ გაუკვირდა – ბიჭს თვალები გაუფართოვდა და ტრამვაის მიეხუტა, გაოცებული გოგია ორიოდე წამს ვერაფერს მიხვდა, მერე კი, ტრანვაიმ მკვეთრად რომ შეანელა სვლა და რელსებზე აღრჭიალდა, რაღაცა ძლიერი, მოურიდებელი ტკივილი ეტაკა ბეჭებში. სანამ გამოერკვეოდა, ფეხზე წამოდგა და უზარმაზარი თეთრი შვიდიანი ეცა თვალში. დაიბნა, თითქოს პირველად ხედავდა საბარგო მანქანას. გაფითრებულმა კაცმა ხელი წაავლო, კაბინაში გვერდით მოისვა. გოგიას ეგონა, გაუბრაზდებოდა, მაგრამ მძღოლმა უთხრა, არ დამღუპოო, კინაღამ ბავშვი გავიტანე და იმიტომ შევაჩერე ისე უცებ მანქანაო, კიდევ კარგი, ტრანვაიმაც დროზე დაამუხრუჭა, თორემ არ დაგყვებოდა მიწაზე სულიო, ძალიან ხომ არ გტკივა… არაო, გოგიამ. მძღოლმა შინ მიიყვანა, ნაძალადევად გაუღიმა და თავის გზაზე წავიდა. გოგიამ შარვალი დაიფერთხა, ეზოში შევიდა, ჩვეულებრივად აიარა კიბე, პირი არ დაუკარებია საჭმლისათვის,წამოწვა. რა იყო, ბიჭო, რატომ არ სადილობო, ჰკითხა დედამ… რა მინდაო… ბევრს ხომ არ გამუშავებენ, შვილო, სამსახურშიო… არაო, ბუფეტი გაგვსვენებ, და… მართლაო? რეები აქვთ მაინცო. დედა, დავისვენებ, რა, ცოტასო…დაწვა გოგია ტახტზე, თვალები დახუჭა, ახლაღა შეეშინდა… რა, როგორ, ეს ორი სიტყვა ამოიჩემა- რა, როგორ… მერე გაახსენდა, რიმ უნდა ესადილა, რომ ასე იუო საჭირო. ძალისძალათი წაიხემსა, პატარა სანს მობუზული იჯდა და დაწვა. ღამით ორჯერ გაეღვიძა, ზურგი სტკიოდა… დილით სამსახურში წავიდა, ავტობუსით, მოტორის გუგუნმა გული გაუწვრილა, გააღიზიანა… სამსახურში რომ მივიდა, გაუთავებლად გრძელი მოეჩვენა კიბე; თანამშრომელებმა ვერაფერი შეამჩნიეს, მიკროსკოპში იყურებოდნენ, ჩამოჯდა სკამზე, იჯდა, იჯდა… არაფერი გაუკეთებია, ძალიან დაღლილი დაბრუნდა შინ… ითმინა, ითმინა, მესამე დღეს საავადმყოფოში დააწვინეს. რატომ არ მითხარი დროზეო, ლოყებს იხოკავდა დედა, რატომ არ მითხარი დროზეო… გოგია იწვა და სუსტად იღიმებოდა… დიდი სიცხე ჰქონდა, ოცდაცხრამეტი ექვსი ხაზი. ექიმები რომ მოვიდნენ, დედამ ტუჩებზე მაგრად მიიკრა მომუჭული თითები, თვალებად გადაიქცა… წამოჯექი აბაო, უთხრეს… წამოჯდა საწოლზე, ააწევინეს პერანგი, შერცხვა გოგიას, ძალიან გამხდარი იყო… ზურგზე რაღაცა მიადეს თუ არა, მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს. ჰიდროტორაქსი, უთხრა ერთმა ექიმმა მეორეს, პუნქცია უნდა გავუკეთოთ ხვალვე… მითხარით, რაა ჩემს თავსო, გამოედევნა ექიმებს დედა. ნუ ღელავთო, თქვეს ექიმებმა , ტრამვის შედეგად პატარა სითხე წარმოქმნილაო და ხვალვე გამოვუღებთო… როგორო… ნემსითო… უიმე, ჩემს თავსო, შეიცხადა დედამ… დაწყნარდით, დაწყნარდით, ნამდვილად არაათ საშიში… თქვენი ჭირიმე, არ მომატყუოთო, ეგ ერთი მყავსო, ეგ ერთი. ღამით ცუდად ეძინა გოგიას, ას ოცდაათი ჰქონდა პულსი. ჰაერი არ ჰყოფნიდაა, წამდაუწუმ ეღვიძებოდა, ოფლი სდიოდა, ხშირ-ხშირად და ღრმად სუნთქავდა; ნემსები დაუნიშნეს, დილამდე ძლივს მიატანა, გული უხურდა… ექიმები მოვიდნენ თუ არა, სანიტრებმა ურიკაზე დააწვინეს გოგია და გაქათქათებულ, ბრჭყვიალა ოთახში შეიყვანეს. ექიმი რეზინის მოყვითალო, გამჭვირვალე ხელთათმანებს იცვამდა, მხიარულად უთხრა, ხომ ხარ ვაჟკაციო… გოგიამ უზერხულად გაიღიმა-ძალიან გამხდარი იყო. აბა, დაჯექიო; ექთანმა იღლიებში მკლავები შეუყო, დაამგრა გოგია… ჯერ გამაყუჩებელ ნემსს გაგიკეთებთო, თქვა ექიმმა და გოგიამ პატარა ჩხვლეტაიგრძნო, არც ეტკინა მაინცდამაინც… დაიცა აბა ცოტა ხანსო, დრო უნდა გავიდესო, უთხრა ექიმმა, ფანჯარასთან მივიდა და ეზოში იყურებოდა. მერე პირი და ცხვირი თეთრი ნიღაბით აიკრა, თეთრი ქუდიც წარბებბამდე ჰქონდა ჩამოფხატული, მხოლოდ ნაცრისფერი თვალები უჩანდა. რაღაც ცუდის მოლოდინში გოგია სულ მოიმჩვარა, ასე იყო ერთხანს და მოღონიერდა თითქოს… გონს მოეგო და შეკრთა – ექთანის მკერდს გრძნობდა გამხდარ, დალეულ მკერდზე, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ქალთან… უკან დაიხია, ძლივს ასწია თავი, შიშნარევი ვედრებით მიაჩერდა მზერაარეული, ტუჩებგამშრალი… ექთანმა მშვიდად გაუღიმა, რაღაც საოცრად თბილად, კარგად გაუღიმა ექთანმა და გოგია ისე დამშვიდდა, რომ ბურანი ჩამოაწვა და მკლავში ისევ უჩხვლიტეს. გამოფხიზლდა თუ არა, აბა, გამაგრდიო, დაუყვავა ექიმმა და უეცრად ზურგში მძლეთამძლე, ძლევამოსილი ტკივილი ეძგერა. თვალთ დაუბნელდა გოგიას, არა, კი არ დაუბნელდა, რაღაცა მონაცრისფრო, მზის გულზე შემთბარ ბამბის ზვინში იძირებოდა თითქოს, ეფლობოდა, ყოველი კუნთი სასიამოვნოდ დაშორდა ერთმანეთს, ეს ნამდვილი ნეტარება იყო, არაფრით არ უნდოდა გონზე მოსვლა, არადა, მკლავში ისევ უჩხვლიტეს, ცხვირში მჭახე სუნი ეტაკა, ლოყაზე ურტყამდნენ თითებს, საფეთქლებს უსრესდნენ, ის საშინელი სუნი აღარ აძლევდა საშვსლს, თავი გადასწია გოგიამ, შეკრთა, თვალი გაახილა, არა, შეიხვეწა გოგია, არა, არა… ნუ გეშინია, ცოტაღა დარჩა, ნუ გეშინია, ეუბნებოდა ექიმი. გოგიას ყბა ჩამოუვარდა, პირი დააღაო, ქუთუთოები დაუმძიმდა, მთელი სხეულით მინდობოდა ექთანს, ნიკაპი ჩამოადო მხარზე, ლოყით მიეხუტა. იჯდა ასე, ვერაფერზე ფიქრობდა, უმწეოდ იცდიდა, მერე მიხვდა, ნემსი რომ გამოუღეს ნეკნებიდან, ღრმად შეისუნთქა, უკეთ გახდა მაშინვე, შერცხვა – ექთანს სხაე მოაცილა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო… შენ რა გითხარი, უთხრა ექიმმა და თეთრი ნიღაბი შეიხსნა, როგორ შეგვაშინე… მაინცდამაინც არ ეტყობოდა, თუ შეშინდა, ნაღდად ეხუმრებოდა, ძალიან კარგი კაცი ჩანდა… გოგიას მადლიერებისაგან გული აუჩუყდა, არადა, ლაპარაკი უჭირდა, ისე იყო ღონემიხდილი, მაინც მოახერხა ხმის ამოღება: – მადლობა, დიდი მადლობა, ბოდიში… რის ბოდიში? – სუსტად გაიკვირვა ექიმმა… შეგაწუხეთდა… ექიმმა მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა: ეგ არაფერი… რა გქვია? გიორგი… ეგ არაფერი გიორგი, უთხრა ექიმმა. სანიტრებმა ისევ ურიკაზე დააწვინეს, გოგიამ თვალი მოავლო ოთახს და ის ნემსი რომ იპოვა, გააჟრჟოლა, – წვრილი ფანქრის სიმსხო იყო. დერეფანში გამოიყვანეს თუ არა, დედა მივიდა, ლოყაზე მოუფათურა ხელი, მერე მხარზე, ნიკაპზე, შუბლზე… რორგორა ხარ, რატომ არ ყვიროდი, როგორა ხარ, რორგორ? გოგიამ გაუღიმა – კარგად… მართლა უკეთ იყო – თავისუფლად სუნთქავდა, ისეთ მხურვალებასაც აღარ გრძნობდა, გულიც საგულეს ჩაუდგა. სანიტრებმა ლოგინში ჩააწვინეს, დედამ კოხტად ამოუკეცა საბანი, ატირდა და გავიდა გარეთ… გოგია მშვიდად იწვა, ხელები მუცელზე ელაგა, ფანჯარას მისჩერებოდა… კარგა ხანს იყო ასე, სუსტად იღიმებოდა. სამიოდე დღეს უკეთ გრძნობდა თავს, დილით ოცდაჩვიდმეტამდე ჰქონდა სიცხე, საღამოს ოცდათვრამეტამდე აცოცდებოდა ვერცხლისწყლის სვეტი, მაგრამ რა უჭირდა ამას, იმ ამბების შემდეგ… პალატაში ერთი ავადმყოფი იწვა, გოგიას კბილა ბიჭი იქნებოდა. ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაეკეთებინა და აშკარად ეამაყებოდა, იმისმა ოპერაციამ ჩვეულებრივზე დიდხანს რომ გასტანა. „რო ამოჭრეს და მაჩვენეს არა? გავგიჟდი“… ყვებოდა ბიჭი, „რვა სანტიმეტრი ყოფილა სიგრძით, პრიციპში“… იმ ბიჭთან ძალიან ბევრი მნახველი მოდიოდადა ავადმყოფს ყველასთან სხვადასხვანაირად ეჭირა თავი – ზოგთან ამპარტავნულად, უინტერესოდ, მნახველი სხაპასხუპით უყვებოდა რაღაცას, ავადმყოფი კი ჭერს შესცქეროდა, დროდადრო უილაჯოდ გაიკვირვებდა და იკითხავდა: „ჰო?“ მერე კი სხვა მოვია და იმის დანახვაზე სულ გამოიცვალა, დაიძაბა, აშკარად დაეტყო, ძალიან რომ მოუნდა რაღაცა ჭკვიანურის თქმა. მნახველი საშუალო ტანის ბიჭი იყო, წითელი პერანგი ეცვა. ავადმყოფისაკენ დაიხარა და აკოცა, საერთოდ, ვინც კი მოდიოდა უბრმანაწლავოსთან, ყველა კოცნიდა. „მაშ, მაგრად იჩხუბეს?“ – ენერგიულად იკითხა ავადმყოფმა. „ისე რა… – თქვა წითელპერანგამ, – არა უშავს“. „როგორ მოერია მაინც , ა?“ „ყველაფერი ხდება – ჩხუბია… ბალეტი ხომ არ არი“. „თანაც, იმან გაარტყა არა, პირველად?“ „კი, მაგრამ კარგად ვერ მოაჯდა“… „ალბათ, მაგას კარგი დარტყმა აქვს პრინციპში…“ „არა უშავს, – დაეთანხმა წითელპერანგა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა, – კარგი დარტყმა თუ აქვს, უნდა მოესვა“. „აბა რა“, – თქვა ავადმყოფმა. ერთხანს ჩუმად ისხდნენ, წითელპერანგამ მხარზე რატომღაც ამაყად დაიხედა, მერე ოთახს მოავლო თვალი: „რადიო არა გაქვთ?“ „არა… აი, ამას ხელს რომ დააჭერ, გარეთ სინათლე ინთება და ექთანი მოდის“. „ვა…“ ისევ ჩუმად ისხდნენ, რაღაცნაირად ვერ ააწყვეს საუბარი და ავადმყოფი ძალიან განიცდიდა ამას. უცებ გოგიას შეავლო თვალი და ძალიან ხმამაღლა თქვა: „აი, ეს გუშინწინმოიყვანეს, წყალი გამოუღეს ფილტვებიდან“. „მართლა“? – გოგიას შეხედა წითელპერანგამ, – ეს როგორ“… „ნემსი ყოფილა, გაგიჟდები, – თქვა უბრმანაწლავომ, – კოკტეილის ჩხირივით“. „ვა, – გაიკვირვა წითელპერანგამ და გოგიას მიუბრუნდა: – ეს რატომ?“ „მანქანა დაეჯახა“. „ვოლგა?“ „არა, საბარგო, – თქვა გოგიამ, – საბარგო დამეჯახა“. „ხომ არ დააჭერინე, ჰა, ბიჭო?“ „არა“, – დაიმორცხვა გოგიამ. „ყოჩაღ, რამდენი შეაწერე?“ – გოგიას ეუხერხულა, სიტყვა რომ გაამეორებინა, არადა, ვერ მიუხვდადა დაბნეულმა თვალი მოარიდა. „მალავს, – ეწყინა წითელპერანგას, – შენ იცი შენი საქმე, ყველამ თავისი საქმე იცის“. მნახველი შეურაცხყოფილი გამოიყურებოდა და უბრმანაწლავომ თქვა: „ალბათ, ნომერი ვერ დაიმახსოვრა, პრინციპში, წაქცეულა“… „მართლა? – წყენამ გაუარ წითელპერანგას. – გაიქცა?“… „არა, იმან მიმიყვანა სახლში“… „მერე, ისე გაუშვი?“ „არა, მე თვითონ ვიყავი დამნაშავე“… „ეს როგორ?!“ – წარბები აზიდა მნახველმა. „ტრამვაიზე ვიყავი ჩამოკიდებული“… „მერე რა?!“ – გაუკვირდა წითელპერანგას, შეაცქერდა. აგდებული ღიმილი მოერია სახეზე და ისევ შეათვალიერა გოგია: – „შენ რომელ უბანში ცხოვრობ?“ „ვერაზე“. „შუშტას იცნობ?“ „არა“ – შეწუხდა გოგია. „არც გაგიგია არა?“ „არა“. „ეე,“ გაიღიმა წითელპერანგამ ა ზურგი შეაქცია – ახლა მისთვის ნათელი იყო, რას წარმოადგენდა გოგია. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მნახველს რაღაცა გაახსენდა და იკითხა: „რომელი საათია?“ „არ ვიცი, – შეწუხდა უბრმანაწლავო და მაჯაზე ხელი დაირტყა, – არ მიყვარს საათის ტარება“. „ამას ხომ არა აქვს, – მხარუკუღმა გაიშვირა ცერი წითელპერანგამ, – ეგ ისეთი ტიპია, ნაღდად ექნება“… „საათი ხომ არა გაქვს, ბიჭო?“ „არა“. „ვა, რა ვქნათ?“ – დაინტერსდა მნახველი. „ვახ… ჰო! – გამოცოცხლდა ავადმყოფი და ღილაკსთითი დააჭირა, – ახლავე იქნება ყველაფერი“, ეს რორგორ?“ „აი, ნახავ…“ პალატაში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა,მორიგე ექთანი -“რომელი მეძახდით?“ „მე, – გაუღიმა ავადმყოფმა, – ვენერა, გენაცვალე, ჯერ გაიცანი, ეს ჩემი ამხანაგია“. „აა“ – თქვა ვენერამ და შეწითლდა, წითელპერანგაც სანახევროდ წამოდგა, ერთხანს მოხრილი იდგა და თავს კარგა ხანს აკანტურებდა, გაცნობის ნიშნად, ბოლოს მაინც ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. „ვენერა, საყვარელო ხომ არ იცი, საათის რომელია? არა, მე დიდი ბოდიში, საქმეები გაქვს, რამე, შეგაწუხეთ, მაგრამ აქ არავის არა აქვს საათი და თუ და ხარ, ძმურად, გამიგე რა?“ „ეგ ადვილი სამსახურია“, – თქვა ვენერამ და გავიდა. „რა ქაჯია არა, პრინციპში?“ – იკითხა ავადმყოფმა. „ჰო, რა… გუშინ, ღამე, ლევანას სუფრიდან გაუგდია“. „არ გამაგიჟო, – აღელდა ავადმყოფი, – ლევანას ბორია?“ „ჰო, რა…“ „როგორ იყო? ვაჰ, მითხარი რა…“ „შვიდის ოცი წუთია“, თავი შემოჰყო ვენერამ. „გმადლობთ, გენაცვალე, დიდი მადლობა… როგორ იყო?“ „ვა, რა დრო გასულა, მე წავალ, – წამოდგა მნახველი, – ძალიან მეჩქარება, ხვალ მოვალ, მოგიყვები“… „ნაღდად გააგდო?“ „იქ ვიჯექი – როგორ“… „ხვალ მოდი რა“… „მოვალ, აბა რა, – თქვა წითელპერანგამ, დაიხარა და ერთმანეთს აკოცეს, – კარგად“… წითელპერანგა რომ წავიდა, კმაყოფილმა ავადმყოფმა გოგიას შეხედა და უთხრა: „ იცი, ეგ რა სამართლიანი ბიჭია, ყველანი პატივს სცემენ…“ იწვა გოგია თავისთვის, ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი, ჩამოჯდა იქვე, თავთით, დედა. იყვნენ ასე – დედა გოგიაზე ფიქრობდა, გოგია… იმ წითელპერანგა ბიჭზე: „სამართლიანია… როგორია მაინც? რაშია სამართლიანი?“ საჭმელი ხომ არ მოგენატრა რამეო, ჰკითხა დედამ. დაფიქრდა გოგია – პირი უშრებოდა, ლაღიძის წყალი გაახსენდა – ტკბილი, ცივი, შუშხუნა… იმას მაინც ძალიან კარგი გემო ჰქონდა, პიტნას… სწრაფად დაბრუნდა დედა, ვაშლები ამოალაგა ჩანთიდან, ბულიონი, ხაჭაპური, თერმოსი – დალია გოგიამ ლაღიძის წყალი. ღამღამობით უფრო ცუდად იყო, ყოველ ნახევარ საათში ეღვიძებოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა, მოკეცავდა ფეხებს, ეგება ასე უფრო კარგიაო. ოდნავ შეიცვლიდა გვერდს, აუძგერდებოდა გული, გაშლიდა ისევ მუხლს, იწვა ასე, ჩაეძინებოდა, ეღვიძებოდა ისევ, შუბლი დაცვაროდა… მეექვსე დღეს ისევ გამოუღეს სითხე. ბრჭყვიალა ოთახში რომ შეაგორეს, იმ ნემსს მოჰკრა თვალი და გააჟრჟოლა. ამჯერადაც წაუვიდა გული, მაგრამ სულ სხვანაირად – ორიოდე წამით ჰკარგავდა გონებას, მაშინვე ფხიზლდებოდა, ისევ დაუვარდებოდა თავი, ისევ ფხიზლდებოდა და ასე, ნემსი უჩხვლიტეს მკლავში. ურიკაზე რომ გადააწვინეს, რაღაცის გახსენება დააპირა ერთხანს, მაგრამ ტკივილმა გადაავიწყდა და რა დავაშავე ასე, რა დავაშავეო, გუნებაში ჩურჩულებდა. დედა მჯიღს ირტყამდა გულზე, როდემდის, როდემდის უნდა იყოს ასეო…დაამშვიდეს,დააწყნარეს, ამჯერად ნაკლები იყო სითხეო, ვითომ? ცოტათი მოეშვა დედას. საღამომდე წყნარად იწვა გოგია, აღარაფერი აწუხებდა და ნეტარებდა. სიამოვნებით ახამხამებდა თვალებს, ერთი – ორჯერ თითებიც აითამაშა მკერდზე, მერე იყო და იმ ბიჭთან მნახველები მოვიდნენ – ორი გოგო. ერთი შეუხედავი იყო, მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მეორე კი, ლამაზი, ჩუმად იჯდა, გულმოდგინედ ცოხნიდა საღეჭ რეზინას და დროდადრო თავისთვის იღიმებოდა. გოგიას საბანი ეფარა ტანზე და ახლა უფრო თამამად გრძნობდა თავს, სიგამხდრის აღარ რცხვენოდა, თანაც გოგოები ზედაც არ უყურებდნენ და ძალიან თავისუფლად იწვა. მაგრამ უეცრად მდგომარეობა დაიძაბა: – დღეს, რომ გამოვდიოდით სკოლიდან, ბაღის წინ ორი ბიჭი იდგა და… – სული მოითქვა მოლაპარაკე გოგომ, – ერთმა შეხედა ინგას და ხმამაღლა თქვა, რა გოგოა, ბიჭოო? ლამაზმა უფრო გაიღიმა. – რა-ა? – უბრმანაწლავომ, – როგორა თქვა? – რა გოგოა, ბიჭოო?! – ჰმ! – მუხლზე ხელი დაირტყა მწოლიარემ და მოლაპარაკე გოგო დაფაცურდა, -კარგი რა, ანზორ, იმიტომ კი არ გითხარი, რომ ინერვიულო, კარგი რა, შენ თუ არ გაუფრთხილდი შენს ნერვებს სხვა კი ვერ მოუვლის, ჯერ ერთი, გულიდან წამოსცდა ეს, მეორეც, რა არის აქ ცუდი და მესამეც, ეგება ამხანაგურად თქვა და… – ამხანაგი, ბიძაშვილი და ყვავი – ჩხიკვის მამიდა არ ვიცი მე! – უბრმანაწლავო განრისხებული ჩანდა. – რა ჰქვია?! – რა ვიცი, ანზორ, მე რა ვიცი, ვიღაცა ოხერია, პირველად დავინახე და, საერთოდ, არაფერი არ უნდა მეთქვა, რა ვიცი მე იმისი სახელი! – არ იცი, რა? – თვალები მოჭუტა ავადმყოფმა. – არა, მამას გეფიცები! – რა ეცვა? ლამაზი გოგო ისევ იღიმებოდა, ოღონდ ახლა იატაკს დასჩერდებოდა. – რაღაცა მომწვანო ჯემპრი ეცვა. – ნაღდად? – ჩემს მამას გეფიცები, მწვანე ჯემპრი ეცვა. – მართლა?-მიუბრუნდა ანზორი ლამაზ გოგოს. – მმ?-იკითხა იმან. ახლა კბილებით ღეჭავდა რეზინას. – მწვანე ჯემპრი ეცვა? – მე არ ვიცი არ შემიხედავს. – ჰმ, – თავი გააქნია ავადმყოფმა, – მაგათ ჰგონიათ,ოპერაციას გადავყვებოდი, არა? დაიცადოს…ვნახოთ, აბა ვნახოთ, რა ბიჭია, ჰაა-ჰა!..- სული შეეხუთა. – ვნახოთ, რა ბიჭია, ხვალ ნაკერებს მომხსნიან და ვნახოთ!.. – აი, შენ ისევ ანერვიულდი, ანზორ, ისევ ანერვიულდი. – ავნერვიულდი კი არა, დაიცა… ახლა ტყუილი ლაპარაკი რა საჭიროა, მე მაგაზე მეტს არ ვილაპარაკებ, მაგრამ რომ გამოვალ, მე იმას ვნახავ… როგორმე გავარჩევთ მწვანე ფერს ლურჯისაგან და არც ის ბაღი წავა სადმე… ჰაი-ი, არაფერია, არაფერი… ჰმ! ორიოდე დღეს არა უშავდა გოიას, პატარა მადაც გაეხსნა, შემწვარი ხორცი ინატრა, მჟავე კომბოსტო, ლიმონიანი ჩაი. ღამღამობით ერთი-ორჯერ მაინც გაიფაჩუნებდა ზურგში ტკივილიდა მხარს აცვლევინებდა. გათენებისას, როცა საავადმყოფო ჭრაჭუნითა და ხველებით იღვიძებდა და ექთნები ჭერში დამიზნებული ნემ-სებით შემოდიოდნენ პალატაში, მაინც უხაროდა, და, ოდნავ სახეალეწილი, პირქვე წვებოდა – დილანდელი ჩხვლეტა სრულებითაც არ იყო მტკივნეული. სამ სკამზე მოკალა- თებული დედაც იღვიძებდა, ხელისგულით ისწორებდა დაჭმუჭნულ ტანსაცმელს. „წადი დაიძინე,“ – ეუბნებოდა გოგია. „აგერ არ მეძინა?!“ – უკვირდა დედას. „კარგად ვარ ახლა, წადი დაიძინე“. „აგერ არ მეძინა?!“ – უფრო უკვირდა დედას. ანზორი რომ გაეწერა, მეორე დღეს ისევ წაიყვანეს ურიკით.მაღალი სიცხე ჰქონდა, მაჯა ახლა ძალიან სუსტად, მაგრამ სწრაფად უცემდა – ას ორმოცი წუთში. იმ ოთახში რომ შეაგორეს, რეჩხი უყო გულმა – ახალგაზრდები დაინახა, სულ გოგოები იყვნენ, ექთანთა მოსამზადებელი კურსებიდან, პრაქტიკაზე. ექიმიც სხვა დახვდა, დაბალი, ამაყად მოლაპარაკე კაცი. „თქვენს წინაშეა, – თქვა ექიმმა და ხელთათმანები მოირგო,- ავადმყოფი, მკვეთრად გამოვლენილი ჰიდროტორაქსით, ჰიდრო – წყალი, ტორაქსი – გულ-მკერდი. აბა პერანგი აიწიე, გენაცვალე…“ გოგიას ხელები დაუმძიმდა, ჯერ ერთ გოგოს შეხედა, მერე – მეორეს, სხვებს ვეღარ გაუსწორა თვალი, შერცხვა – ძალიან გამხდარი იყო. კიდევ კარგი, ის ძველი ექთანი მაინც რომ იყო და იმას მიენდო, ნიკაპი ჩამოადო მხარზე, თვალები დახუჭა. „ჩხვლეტა კეთდება მეექვსე და მეშვიდე ნეკნებს შუა, აი აქ, სადაც ახლა გამაყუჩებელ საშუალებას, ნოვოკაინს ვაკეთებთ“, – თქვა ექიმმა და გოგიამ ის უწყინარი ჩხვლეტა იგრძნო, პირველი ჩხვლეტა. „ნემსი გაივლის მთელ კუნთის ქსოვილს, პლევრასაც, შეჩერდება პლევრასა და ფილტვს შორის და იქიდან გამოვიღებთ სითხეს“. – თქვა ექიმმა და გოგია დაძაბული დაელოდა მთავარ, ძლევამოსილ ტკივილს. იმდღევანდელი გულისწასვლა ყველაზე ღრმა, თბილი და რბილი იყო, მანამდე არასოდეს წოლილა შემთბარ ღრუბელზე, საოცრად დამძიმებული სხეული მაინც მსუბუქად ტივტივებდა ჰაერში და მთელ ტანზე რაღაც უჩვეულო, მათრობელა ნეტარება ელამუნებოდა. აღარსად იყო უმწეობის მტანჯველი გრძნობა, სულერთი იყო ახლა ეს ყველაფერი მისთვის, მაგრამ როცა ვიღაცა სხვას უჩხვლიტეს მკლავში ნემსი და გოგია იძულებული გახდა, მისი ხათრით ბრჭყვიალა ოთახში დაბრუნებულიყო, ამ მერყევ, გარდამავალ შუალედში თვალი მოჰკრა ვიღაცის შიშველ, ძალიან გამხდარ სხეულს, რომელიც… უყვარდათ! ვის, როდის, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი ის იყო, რომ უყვარდათ. ვისი იყო ეს სხეული, თავისი, სხვისი, ვერ გაარჩია, მხოლოდ ის იყო მთავარი რომ სიყვარულს გააჩნია… რომ მართლა უყვარდათ! და როცა გოგია გონზე მოვიდა, ვისაც კი შესწვდა თვალით, ყველას მშვიდად შეაცქერდა და იმ სიყვარულის რაღაც ერთი უმნიშვნელო, პაწაწინა წვეთი ყველას თვალებში დაინახა; იქამდე შესცქეროდა თითოეულს, სანამ ამ სიყვარულს არ შეამჩნევდა და მერე სხვაზე გადაჰქონდა დაღლილი, მომლოდინზე მზერა. იქაც, პალატაში რომ დაბრუნდა, დედას უყურა და ცდილობდა წამით განეშორებინა ის უზარმაზარი, განსხვავებული სიყვარული, რომელიც ყოველ მოყვარულ დედას აქვს და სამაგიეროდ უფრო კარგი, უფრო საერთო სიყვარული შეემჩნია, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იყო, ყველაზე ძნელი დედის თვალებში იყო ამის დანახვა და კედელზე გადაიტანა მზერა, რაღაც ოკრობოკრო ლაქას უყურა, უყურა და გაბრუვდა. სანამ საავადმყოფოდან გამოეწერებოდა, კიდევ სამჯერ გამოუღეს სითხე. II მომჯობინდა გოგია როგორც იქნა, ძლივს წამოდგა, გაიარ-გამოიარა. დადიოდა დერეფანში, უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ავადმყოფები დომინოს, ხანდახან, ყველა რომ გაიცინებდა, იცინოდა ისიც. სულ დერეფანში იყო, ძალიან თუ დაიღლებოდა, ჩამოჯდებოდა სკამზე, ზამთრის მიკნავებულ, გემრიელ მზეს შეუშვერდა ზურგს და იჯდა ასე. გაძლიერებული კვება დაუნიშნეს ექიმებმა და დედა სოფელში წავიდა, დასთან.სანამ ჩამოვიდოდა, ის ორი დღე მეზობელი დაიარებოდა გოგიასთან. ჩამოიტანა დედამ იქიდან სულგუნი, ჭყინტი ყველი, წმინდად გაცრილი ფქვილი, ქათმები, ბურვაკი, კაი ადესა ღვინო, შებოლილი კუპატი და კიდევ რაღაც-რაღაცეები, მიიტანა შინ და იქიდან მაშინვე საავადმყოფოში გაიქცა. გამოწერეს გოგია, ტაქსი დაიჭირა დედამ, დასხდნენ უკანა სავარძელზე, გაჩერდა მერე ჭიშკართან მანქანა, გადმოვიდნენ, დედამ ფართოდ გააღო კარი, მოდი, მოდი, გოგიაო, უთხრა. შევიდა გოგია ოთახში, გაიხედ-გამოიხედა,გაუხარდა შეჩვეული,მონატრებული ნივთების დანახვა, ახლავე დაწექი, უთხრა დედამ, დაიღლებოდი გზაშიო. შემოვიდნენ მეზობლები, მოიკითხეს, დაანთო დედამ ღუმელი, დათბა, დაღალა გოგია იმ დღეს მანქანით მგზავრობამ, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდამ, ნაცნობი ნივთების თვალიერებამ, ლაპარაკმა, დაეძინა მოღლილს; დილით ადრე გაეღვიძა, დედისაკენ გაიხედა, იმას ისევ ეძინა. კარგა ხანს იწვა გოგია თავისთვის, ახედა მერე კარადაზე წამოსკუპებულ, გაფარჩხულ ფეხებზე შემდგარ მაღვიძარას; ცოტათი შეცვლილი მოეჩვენა, რანაირად – ვერ მიხვდა. უყურა, უყურა, გაუკვირდა-ხან სწორედ ისეთი იყო მაღვიძარა, უკანასკნელად რომ დაინახა, ხან-ბავშვობისდროინდელი საათივით კრიალა, ხელში ჩასაგდები, ხან – სულ სხვანაირი, გაერთო გოგია მაღვიძარას თვალიერებით, გაუკვირდა ცოტათი – ხანდახან გარკვევით ესმოდა წიკწიკი, მერე არაფერი ესმოდა, თავისას ფიქრობდა – თოთხმეტი მანეთი გაახსენდა, დედას ხომ არ მივცეო, ა? ასე იყო ყოველთვის – საათი სულ თანაბრად მუშაობდა, რაც გოგიას ახსოვდა, მაგრამ ხანდახან ესმოდა ეს წიკწიკი, ხან – არა, შეხედა მერე-გოგიამ ღუმელს, ერთმანეთში ჩამჯდარ მილებს, კუთხეში მიწყობილ, კოხტად დალაგებულ შეშას, იწვა ასე, ერთობოდა. სანამ ქუჩაში გავიდოდა, ერთი კვირა შინ ტრიალებდა: დადიოდა ფანჯარასთან, იყურებოდა გარეთ, გამვლელებს, გამომვლელებს, ბავშვებს, კაცებს, ქალებს, ვისაც კი დაინახავდა, ყველას აკვირდებოდა, გააყოლებდა ხოლმე თვალს… აი, ვუყურებო, ფიქრობდა, ნაბიჯებს ვუთვლიო, იმათ კი არაფერი იციან, მიდიან თავისთვისო… დაიღლებოდა ფანჯარასთან დგომით, მიდიოდა მაგიდასთან, სკამს გამოსწევდა, მოხერხებულად ჯდებოდა, აქამდე არც იცოდა გოგიამ რა მშვენივრად შეიძლებოდა სკამის გამოყენება – საზურგეს მიეყრდნობოდა, გაშლიდა ფეხებს, თავს გადასწევდა, ხელებს ჩამოყრიდა. მიდიოდა ისე ფანჯარასთან, შეიფუთნებოდა, გამოაღებდა, სიამოვნებით შეისუნთქავდა ოთახში შემოჭრილ ჰაერს, წამოწვებოდა ტახტზე, ორ მუთაქას კედელთან მიაწყოგდა ერთმანეთზე, მიეყრდნობოდა და გაზეთებს კითხულობდა: „გადატრიალება ჩილეში. პარიზი, 18 დეკემბერი. როგორც ფრანს პრესის სააგენტო იუწყება…“. საღამოხანს, დაძინებამდე, ასე ნახევარ-ერთ საათს ფიქრობდა.ხან რა გაახსენდებოდა, ხან რა, თითქოს ამოწმებდა, რაზე ღირდა შეჩერება. ამდაგვარი ამბები კი მაინცდამაინც ბევრი არ ეგულებოდა. მაინც იყო თითო-ოროლა: „რომ უყვარდათ!.. რომ მართლა უყვარდათ!..“ აფორიაქდებოდა გოგია, მერე მშვიდდებოდა, ახსენდებოდა სკოლა, თავისი მერხი, თანაკლასელების ოინები, ფიზმომზადების გაკვეთილები, ქიმიის ლაბორატორია, კვლევითი ინსტიტუტი, მაგრამ ბოლოს მაინც იმ მტანჯველ, ეჭვიან კითხვებზე შეჩერდებოდა: იმ ქალების, უცნაური ქალების ამბავი – მართალი იყო თუ არა; ა, მართალია თუ არა? არა, არ იქნებოდა მართალი, მაგრამ იქნებ… ანდა… ვინ იცის… აჰ, არა, არა… სამაგიეროდ, ის ქალები ჩვეულებრივი ქალები რომ არ ყოფილან? რაღაც ნამეტანი უცნაურები იყვნენო, არა, ხომ შეიძლებოდა, ძალიან უცნაურ ქალებს რომ ჩაედინათ ასეთი დაუჯერებელი რამ?.. ვითომ?! ეს წააგავდა იმ უსიამოვ ო, საძულველ მელოდიას, დაუკითხავად რომ აგეკვიატება და მთელი დღე იმას ღიღინებ, ათასჯერ შესწყვეტ ღიღინს გაბრაზებული, მაგრამ მერე ისევ წაუმღერებ გუნებაში და, განრისხებულმა, აღარ იცი, რა იღონო. ასე ფიქრობდა გოგია იმ ქალებზე, იმ ვირთხაზე, გაუწვრილდებოდა გული, ჩაიქნევდა ხელს, მაინც ახსენდებოდა ის ამბავი და, კიდევ კარგი, ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში გასვლის წინ, ნაღდად გადაავიწყდა. კარგი დღე შეარჩია გოგიამ, თბილოდა; ერთხანს გაუბედავად მიაბიჯებდა, მთავარ ქუჩაზე რომ გავიდა, უფრო გათამამდა – იქ მეტი იყო გამვლელი. დაჯდა ტროლეიბუსში, პლეხანოვის პროსპექტზე ამოჰყო თავი. კინოთეატრ „ამირანთან“ ჩამოვიდა, შეხედა აფიშას – „ფანტომასი“ გადიოდა. დიდძალი ხალხი ირეოდა სალაროსთან, კი მოუნდა ამ ფილმის ნახვა, მაგრამ გაყიდული იყო ბილეთი. რა ექნა, მერე ვნახავო, გიფიქრა. იქვე, გვერდით, ქრონიკაში პატარა ბიჭს მოჰკრა თვალი. რაღაცა უცხოური გვარი თუ სახელი, ანდა სულაც ორივე ერთად ეწერა – მიქელანჯელო. მივიდა მოლარესთან, გადაიხადა ფული, აბაზი ღირდა ბილეთი, მეტი კიარა. გაუწოდა ბილეთი კონტროლიორს, როგორც წესი და რიგია, დახედა მერე ზედ – არც რიგი ეწერა, არც სკამის ნომერი, მაინც ჩაიდო ჯიბეში. კედლის საათს ახედა და გაუკვირდა – ძალიან ადრე შესულიყო, ჯერ წინა სეანსიც არ იყო დამთავრებული და პატარა ნახერხმოყრილ ოთახში მოუწია ცდა. ვიღაცა მეორე კაციც იყო იქ, წამოდგებოდა, გაივლ-გამოივლიდა, დარბაზის კართან შეჩერდებოდა, ყურს მიუგდებდა და ისევ ჯდებოდა; დარბაზიდან მოგუდული ლაპარაკი და რაღაც უცნური მუსიკა ისმოდა, სამიოდე კაცი შემოემატათ. წინა სეანსი რომ დამთავრდა, როგორც იქნა კარი გააღეს. დარბაზი კი არა, ერთი ბეწო ოთახი აღმოჩნდა; გოგია სულ ბოლო რიგში დაჯდა, იცადა, იცადა, მერე რიგები გადათვალა – სულ ათი რიგი იყო, ცხრა-ცხრა სკამიანი. ის კაცი აშკარად ღელავდა, წრიალებდა – ერთხანს არ ჯდებოდა, კედელს ძალიან არაბუნებრივად აეკრა და იმ ხუთიოდე კაცს, ცალ-ცალკე რომ ისხდნენ, სათითაოდ მოავლო თვალი; მერე დაჯდა, მაგრამ მაშინვე გამოიცვალა ადგილი, სხვა სკამი ააჭრაჭუნა – ძალიან ღელავდა. კიდევ შემოვიდნენ ვიღაცეები და გოგიამ სწრაფად დაითვალა ისინი: თერთმეტი მაყურებელი იყო სულ, გოგიანად – თორმეტი. სინათლე ჩაქრა და რაღაცა ისედაც უცხო წარწერები აცახცახდა ეკრანზე, ხმაც მონჯღრეულად ისმოდა, მაგრამ ჩქარა ყველაფერი გამოკეთდა და უცხო ქალაქი დაინახა გოგიამ, კრამიტით მოფენილი სახლებით. ეს ფლორენცია იყო, აფიშაზე გამოკრული კაცის მშობლიური ქალაქი. ეს კაცი, თურმე, ლექსებსაც კი წერდა, მაგრამ იმაზე უკეთესი პოეტი იტალიაშიც იყო თურმე, სხვა ქვეყნებს თავი რომ გავანებოთ; სამაგიეროდ, ხუროთმოძღვარი ყოფილა ძალიან კარგი, მაგრამ ალბათ მასზე დიდი არქიტექტორებიც ყოფილან იტალიაში; სამაგიეროდ, იმისთანა მხატვარი შეიძლება ვერც მოგეძებნათ მსოფლიოში და მოქანდაკე? – როგორიც არავინ, არასოდეს, ეს ნაღდად იგრძნობოდა დიქტორის ლაპარაკში, კი იცოდა გოგიამ იმდენი რუსული. ჯერ, როგორც წესი და რიგია, იმისი პირველი ნამუშევრები აჩვენეს – ქვიდა გამობურცული ქალი და კიბეზე ჩამომავალი ბავშვი, და ვიღაცეების ჩხუბი; ეს ბარელიეფები თხუთმეტ-ჩვიდმეტი წლისას გუკეთებია, მერე შეუსწავლია ადრინდელი ქანდაკებები კარგად, გადასულა საცხოვრებლად რომში და გამოუქანდაკებია სიმთვრალის ღმერთი, რომელიც ისე იდგა, თითქოს ქანაობსო და კულულების ნაცვლად ყურძნის მტევნები ეკიდა, ხელში თასი ეჭირა კოხტად; არა, მართლა გადასარევი იყო, გაუკვირდა გოგიას – ეს ქვის მძიმე კაცი ისე მსუბუქად ტორტმანებდა თითქოს… გამხიარულდა გოგია და გაახსენდა – მთვრალი კაცი … გაუღიმა ეკრანს შორიდან, მაგრამ მერე უზომოდ ჩაფიქრებული, ამაყად თავჩაქინდრული ქალი აჩვენეს, მუხლებზე მკვდარი შვილით. პირზე შეაშრა გოგიას ღიმილი, ახლაღა შეამჩნია, რაღაცა დიდი უცნაური მუსიკაც ისმოდა, საოცარი გაწელილი ხმებით… მოაცილა გოგიამ სკამს ზურგი დაძაბული იჯდა, ეკრანისკენ გადახრილი, მაგრამ ახლა სხვა ქანდაკება აჩვენეს… ოსტატმა, ვის ნამუშევრებსაც ახლა ეკრანზე უჩვენებდნენ, მიუხედავად ახირებული და ღვარძლიანი ხასიათისა, ხანდახან მოსისხლე მტრების დაფასებაც იცოდა: „დიდი, შესანიშნავი ბრამანტე“, ასე ამბობდა იგი. სამაგიეროდ, უნიჭო მხატვრად მიაჩნდა რაფაელი და ზომიერად სძულდა, რადგან მასში ვერ ხედავდა ტოლფასოვან მოწინააღმდეგეს, პერუჯინოს, მაგალითად, უბრალოთ „უტვინოს“ ეძახდა, ერთი მხატვარი კი პირდაპირ აცოფებდა- რანაირი ხალხი არ ტრიალებდა მის გარშემო: ათასი უვიცი, გაიძვერა, მოშურნე, უნიჭო, ცილისმწამებელი, უფლებამოსილი მოძალადეები, მაგრამ მას ყველაზე მეტად გონიერი ფერმწერი- ლეონარდო და ვინჩი სძულდა, ვისაც მისთვის არაფერი დაუშავებია. საოცრად სულმდაბლად ექცეოდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ სიძულვილმა იგი დიდი ოსტატი გახადა. მისი ნამუშევრებით აფორიაქებულმა, დროებით გვერდზე გადადო საჭრეთელი და იქამდე ჯიუტად ხატა, სანამ საკუთარ გზას, ისეთისავე დიდს მაგრამ განსხვავებულს, არ მიაგნო. მის გარდა არავინ იცოდა ვერც ერთი მონდომებული ხელოვნებათმცოდნეც ვერ გაიგებს, როგორი ტანჯვისა და სიხარულის ფასად გახდა ეს ოსტატი „კაშინის ბრძოლის“ ავტორი, იმ უზარმაზარი კარტონისა, რომელიც მის სიცოცხლეშივე უცნობმა პირებმა ნაჭერ-ნაჭერ დახერხეს და გააქრეს. მაგრამ საქმე მაონც შესრულებულიიყო და საჭრეთელსმოწყურებულმა ოსტატმა მარმარილოს საბადოებს მიაშურა კარარაში. ეს იყო მისი ტანჯული სიცოცხლის საუკეთესო წუთები-ეს სწრაფმავალი რვა თვე. ზღვის პირას მარმარილოს მთებს შესცქეროდა ოსტატი და ყოველ უზარმაზარ, უფორმო ლოდში შეეძლო ამოეცნო „დავითი“, „მოსე“ ან „მომაკვდავი ტყვე“ და, გაავებული, საჭრეთელითა და ჩაქუჩით მიადგებოდა, მოთმინებადაკარარგული იქნევდა და ნედლი მარმარილოს ნაკუწები შხეფებად ცვიოდა ირგვლივ. როგორც დაკვირვებულმა ხელოვნებათმცოდნეებმა მისი დაუმთავრებელი ნაწარმოებებიდან შეამჩნიეს, ოსტატს ყველასაგან განსხვავებული მუშაობის მეთოდი ჰქონდა, სხვებივით თანდათანობით კი არ ამუშავებდა ქვას, – ამორჩეულ ადგილს მიადგებოდა, დამჯერი საჭრეთლით გამოღრღნიდა, უპოვიდა სხელის რომელიმე ნაწილს, ვთქვათ, მუხლს, მერე სხვაგან გადაინაცვლებდა, გამოუჩენდა მხარს… მისი გონებისა და მზერის წყალობით, ყოველ ლოდში მზამზარეული შედევრი იჯდა, რომელსაც მხოლოდ ნაქურჩალის შემოცლა ესაჭიროებოდა, ეს კი მან მშვენივრად იცოდა. მაგრამ მარმარილოსთან ჭიდილს მონატრებულ ოსტატს იმდროინდელმა უმაღლესმა პირმა ისევ ფერწერის განგრძობა დაუჟინა და დიდი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, ოსტატი დათანხმდა სიქსტესპლაფონის მოხატვაზე. რადგან საჭრეთელზე დროებით ხელი ჩაიქნია, მთელი თავისი უნარი და ოთხი წლის სიცოცხლე ამ ექვსასი კვადრატული მეტრის მოხატვას შეალია და თავი რომ დავანებოთ ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა კონტრაპოსტის, რაკურსის, პერსპექტივის, შუქ-ჩრდილის, ხაზისა და ფერის ურთულესი ხელოვნება, აქ გაჩნდა აზრი, მანამდე არნახული, გაუგონარი, უკიდეგანო… მაგრამ სწორედ იმხანად დიდი უცნაური ამბავი დატრიალდა; მშობლიურ, მრავალტანჯულ იტალიას სხვა დროს იშვიათად რგებია ასეთი მძიმე ხვედრი: რომელიღაც კარლოსი, მერამდენმეღაც ლუდოვიკო, შინური ომები; ათასი ჯურის კარიერისტი, უფლებამოსილი ხეპრე, დაქირავებული მკვლელები, ალაპლაპებული ხანჯლები და კამკამა საწამლავი, ზარბაზნების გრიალი, ეპიდემია, შიმშილობა, ხოცვა-ჟლეტა, ის კი, ოსტატი, გულაღმა იწვა ხარაჩოზე და, ფუნჯმომარჯვებული, კირსა და საღებავებში ამოთხვრილი, „თავად წააგავდა უზარმაზარ პალიტრას“. იშვიათად კი, დაბუჟებული მკლავის დასვენებისას, წამოავლებდა ხელს ბატის ფრთას და, ნათესაური გრძნობებით აფორიაქებული, მამა-ძმებს ასე და ამგვარად: „როცა გავიგე, მანდ რაც ხდება, გადავწყვიტე ჩემი აზრი შეგატყობინოთ, იგი ასეთი – რადგან ქალაქი განსაცდელშია, უნდა გაიქცეთ დაქონება და ყველაფერზე უფრო კარგია. ფული თუ არ გაქვთ, მიდით სანტა მარია ნოვას ჰოსპიტალში და იქ აიღეთ, ჩემს სახელზე. თქვენს ადგილას ვიყო, გავიქცეოდი სადმე შორს, ვთქვათ, სიენაში, დავიქირავებდი სახლს და მშვიდად ვიცხოვრებდი. სახელმწიფო საქმეებში ნუ ჩაერევით. იმოქმედეთ ისე, როგორც შავი ჭირის გაჩენისას: იყავით პირველნი გაქცევაში… უშფოთველად იცხოვრეთ და არავისთან არ გააბათ არც მეგობრობანა, არც ნაცნობობანა, ღვთის გარდა. ნურავისზე ნუ იტყვით ნურც ცუდს, ნურც კარგს, რადგან კაცმა არ იცის, რითი დამთავრდება ყოველივე ეს. იჯექით შინ, თქვენთვის – და მორჩა“. „მანდ ჩემზე ჭორები დაუყრიათ, თითქოს მედიჩებზე ცუდი რამ მეთქვას. ღმერთმანი, არაფერი დამცდენია იმის გარდა, რასაც ყველა ლაპარაკობს, ქვას რომ ენა ჩაუდგა, ისიც ჩემსავით ილაპარაკებდა. ბევრი ყბედობა მოვისმინე და მხოლოდ ისა ვთქვი: თუ ნამდვილად მართალია, რომ მედიჩები ნამდვილად ცუდად იქცეოდნენ, მაშინ ისინი ცუდად მოქცეულან. ღმერთმა ქნას, ყოველივე ეს სიცრუე აღმოჩნდეს…“ ზოგიერთმა მომთხოვნმა ხელოვნებათმცოდნემ სამარცხვინო ლაქად ჩასთვალა მისი ბიოგრაფიისათვის ეს წერილები – რატომ არ აღსდგა ხმლით ხელში მტრების წინააღმდეგო, რა გულმა გაუძლოო, სამარცხვინოა, რომ ასეთი წერილები ეკუთვნოდეს დიდი მხატვრის ბატის ფრთასო, აღნიშნავდნენ. მაგრამ ოსტატს, ჯერ ერთი, თავისი საქმე ჰქონდა და მეორეც, მაშინ ვერ გაიგებდა კაცი, ვინ ვის წინააღმდეგ იბრძოდა, ვინ იყო მართალი – ეს მხოლოდ შემდგომ გამოაკვლიეს ისტორიკოსებმა. მაგრამ, როცა მისი მშობლიური ქალაქი, ფლორენცია, ტირანს აუჯანყდა, ხალხსაყოლილი ოსტატიც სხვების გვერდით იდგა, საომარ საჭურველში გამოწყობილი და თაცდაცვით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, მერე კი, „თეთრი ტერორის“ დღეებში დიდხანს იმალებოდა რომელიღაც ეკლესიის სამრეკლოზე. ბოლოს მაინც ყველაფერი აპატიეს – ოსტატი იყო, მერე როგორი… ბრძოლითა და დაუსრულებელი იერიშებით მოქანცული უმაღლესი პირი დროდადრო შემოივლიდა ხოლმე კაპელაში და ჭერს მოუთმენლად ახედავდა: „როდის დაამთავრებ?“ „როდესაც შევძლებ“, იყო პასუხი. ეს ორად ორი სიტყვა პირდაპირ აცოფებდა უმაღლეს პირს, განრისხებული აყვირდებოდა, წავიდოდა მერე, იომებდა, იომებდა, დაიღლებოდა, ჩამოვიდოდა ისევ რომში, მაშინვე სიქსტეს კაპელას მიაშურებდა და ჯერ ალერსიანად შეაქებდა ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოს, მერე ფრთხილად შეაპარებდა: „მაინც დაახლოებით როდის დაამთავრებ?“ „როდესაც შევძლებ“… რამდენჯერ გვსმენია კეთილი გულით ნათქვამი: „ეეჰ, იმას პატრონი რომ ჰყოლოდა… რამდენს მიაღწევდა?!“ ეს ზოგიერთისათვის შეიძლება მართლაც კარგი ყოფილიყო, მაგრამ ისეთ ოსტატს, ვის ნამუშევრებსაც ახლა ეკრანზე აჩვენებდნენ, რად უნდოდა პატრონი? პატარა ბიჭობაში, როცა გრამატიკის რვეულების ნაცვლად ამოიღლიავებული ნახატებით ბრუნდებოდა შინ, მამა-ბიძები უმოწყალოდ სცემდნენ – იმათ სამარცხვინოდ მიჩნდათ მხატვრის ხელობა. და განა მხოლოდ ეს უშლიდა ხელს? საერთოდ, ცხოვრებაში, დიდი უცნაური კაცი იყო: ხან – თავდავიწყებამდე გაბედული, ხან – აცახცახებული ლაჩარი, მოულოდნელად თავსდატეხილი პანიკური შიშით გონებაარეული; ხანდახან – ძუნწი და უფრო ხშირად – მეფურად ხელგაშლილი; ფული ყოველთვის თავსაყრელად ჰქონდა, მაგრამ მუშაობისას ცარიელა პურსა და წყალზე იჯდა; შრომობდა როგორც კატორღელი და ცხოვრობდა, როგორც უკანასკნელი გლახა. მთელი ცხოვრება უძილობა სტანჯავდა, თვეობით არ იხდიდა ჩექმებსა და სამოსს; ჩაეძინებოდა თუ არა, მაშინვე ზეზე წამოაგდებდა მუშაობის სურვილი. დედა ადრე გარდაეცვალა, მამაზე უკვე მოგახსენეთ; არ ჰყოლია ცოლი და შვილები, და თუმცა თაყვანისმცემლებით იყო გარშემორტყმული, არად მიაჩნდა ყოველგვარი ქება; მტრებიც ულევი ჰყავდა და, თავგაბეზრებული, ჩიოდა – მუშაობაში ხელს მიშლიანო; ბევრჯერ ჩავარდნილა ლოგინად, ხანდახან იმედიც კი გადაუწყვეტიათ ახლობლებს, მაგრამ ის გასაოცარი ენერგია, ოთხმოცდაცხრა წლის მანძილზე რომ გასწვდა, ფეხზე წამოაყენებდა ხოლმე. მარტოობა თავად სწყურია, აეც მტერს ნატრობდა, არც მოყვარეს – მუშაობაში ყველანი ხელს მიშლიანო. ათასი გეგმა ჩაეფუშა, ყოველთვის სხვების გამო – თვითონ არასოდეს, არაფერში ყოფილა დამნაშავე; გული ჰქონდა გაწვრილებული ათასი ქურდისა და მაბეზღარასაგან, მსაჯულებამდეც კი მისულა საქმე; იმ ქალსაც, რომელიც უყვარდა, მარტოდმარტოს არასოდეს შეხვედრია. ერთი უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება ომიანობისას ზარბაზნად გადაადნეს, „დავითს“ ხელი მოსტეხეს; დაიკარგა პროექტი, რომელზედაც ოსტატმა ერთადერთხელ იხმარა სიტყვა „გენიალური“; და როცა სიქსტეს საკურთხევლის დიდ კედელზე საკუთარი ნება-სურვილით დახატა „განკითხვის დღე“, ზემდგომმა პირებმა სხვა მხატვრის ხელით შიშველ ფიგურებს ტანსაცმელი „ჩააცვეს“… ზოგიერთი მისი ქანდაკება მოგვიანებით სამიზნედ გამოუყენებიათ და სროლაში ვარჯიშობდნენ; საუკეთესო ნაწარმოები დაუხეხეს, მაგრამ ოსტატი… „ეს გასაოცრად მთლიანი ბუნების ადამიანი ყველაზე მეტად იმით გვაკვირვებს რომ მასში გაერთიანებულია მტრული სამყაროები: მატერიალური სიტლანქე და იდეალიზმი; წარმართული ძალითა და სილამაზით თრობა და სილამაზით თრობა და ქრისტიანული მისტიციზმი; ფიზიკური ძალისა და ინტელექტური აბსტრაქციის შერწყმა; პლატონიკური სული ათლეტის სხეულში. ამ საწინააღმდეგო ძალთა ეს ურღვევი კავშირი, რომელიც ნაწილობრივ უეჭველია მისი ტანჯვის მიზეზიც იყო, იმავე დროს მის განსაკუთრებულ სიდიადეს ქმნის“. „ეს უზენაესი მხატვრობა ნიმუშად უნდა იქცეს ჩვენი ხელოვნებისათვის. ღვთიურმა განგებამ ეს საჩუქარი ქვეყანას იმისათვის მოუვლინა, რომ ეჩვენებინა, რა დიდი გონებით შეუძლია მას დააჯილდოვოს ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნად გზავნის“. უცნაურია, მაგრამ სიქსტეს კაპელამ მხატვრობა ჩაჰკლა იტალიაში, კარგა ხანს აღარ გამოჩენილა ნამდვილი ფერმწერი, ვიღას ახსოვდა თავისი საქმე – კაპელაში ისხდნენ და ასლებს აკეთებდნენ, ოსტატის მოხატულობით გაოგნებულნი. ერთმა ცნობილმა მწერალმა ისიც კი თქვა, რომ ასეთი გენია მომაკვდინებელია სხვა ხელოვანთათვის, რომ ასეთ ნამუშევარს მხოლოდ წამით უნდა გაუსწორო თვალი,თორემ თვალს მოგჭრის. მაგრამ მწერალს, ეტყობა, გადაავიწყა, გონიერი ფერმწერის გენია რა უცნაურად დაეხმარა თავის დროზე ოსტატს. ეს ზეადამიური ეს კოლოსალური ეს გენიალური… ამბობენ მკაცრი ხელოვნები, თავად ოსტატი კი სიქსტეს პლაფონზე მუშაობისას ტიროდა თურმე დროს უბრალოდ ვკარგავო. ისე ზოგიერთმა, მომთხონვა ხელოვნებათმცოდნემ რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა ოსტატის ნამუშევრებზე. შენიშვნა, როგორც ასეთი, რამდენიმეა ერთი, რომ სიქსტეს პლაფონისფიგურები რამდენამდდდე მომცროა, თორემ სხვაფრივ კარგია. მეორე რომ დავითს შედარებით დიდი ხელები და თავი აქვს (ისე, ოსტატი ამბობდა ხოლმე, რომ დიადი საქმის შესრულება ძალუძს მხოლოდ იმ ხელებს, რომლებიც თავს ემორჩილებიან ) და მესამე, უკანასკნელი, რომ წმინდა პეტრეს ჯვარცმა „ზედმეტად ვირტუოზულადაა შესრულებული“… თავად ოსტატი კი ხანდახან გამწარებული დაიყვირებდა: „ფერმწერი არ ვარ! არა ვარ ფერმწერი!“, და ბარათებს სახელთან ერთად აუცილებლად მიაწერდა ხოლმე – მოქანდაკე. და ეხლა ეკრანისაკენ გადახრილი მაყურებელი გაოცებული მისჩერებოდა მის ქანდაკებებს – ოთხმეტრიან დავითს, მოსეს, დედას – ნაწამები შვილით მუხლებზე, გაბაწრულ ტყვეს, მედიჩთა აკლდამის საღამოს, დილას, ღამეს, დღეს, ბრუტოსს, რონდანინის პიეტას… მის გასაოცარ არქიტექტურულ ნამუშევრებს – სან ლორენცოს საჯარო ბიბლიოთეკას, წმინდა პეტრეს ტაძარის გუმბათს… სიცოცხლის უკანასკნელი წლები, თურმე მთლიანად არქიტექტურას შესწირა, მაგრამ საჭრეთელს მაინც არ ეშვებოდა. ღრმად მოხუცებული, ღარიბ ქალიშვილებს მზითევს უგზავნიდა, მაგრამ ცდილობდა, კეთილის მყოფელის ვინაობა არ გამაშკარავებულიყო. ქანდაკებებზე ღამღამობით მუშაობდა, ძილგატეხილი, თავატკივებული, ხელები თავისუფალი რომ ჰქონოდა, თავზე მუყაოს ქუდს იხურავდა და სანთელს ამაგრებდა ზედ… სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე ცხენით მოსულა წმინდა პეტრეს ტაძართან… ოთხი დღით ადრე, სიცხიანი, წვიმაში დამდგარა… მერე კი, ერთგული თაყვანისმცემლების თანდასწრებით გარდაიცვალა მიქელანჯელო, ეს შესანიშნავი პოეტი, უდიდესი არქიტექტორი, გენიალური მხატვარი და… და მოქანდაკე. „ო, საოცარო და ამაღლებულო ადამიანის დანიშნულებავ! – წამოუძახა ერთ ადამიანს, – ჰოი, საოცარო და ზეამაღლებულო ადამიანის დანიშნულებავ რომელსაც ძალგიძს მიაღწიო იმას, რასაც ესწაფვი და იყო სწორედ ისეთი, როგორც შენ გინდა“… მაგრამ თავად ოსტატს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე უთქვამს: ძალიან მენანება სიცოცხლესთან განშორება, რადგან ახლახან ავილგი ფეხი ჩემს პროფესიაშიო. ეს იყო საოცარი, საზარელი სიტყვები და სინათლეც აინთო. ეკრანზე აღარაფერი ჩანდა, მაგრამ ეს სიტყვები… „ახლახან ავიდგი ფეხი“… მერე ვინ თქვა! კი მიხვდა გოგია გუმანით ყველაფერს, გოგია გახსოვთ ალბათ, აი, სწორედ ის, პურზე რომ გზავნიდნენ, ღუმელთან რომ თბებოდა… ყელში რაღაც ამოებურცა, ცრემლები მოაწვა და უცებ, თავის პატარა სიცოცხლეში პირველად, მუშტებად შეეკრა თითები – დავითი დაუდგა თვალწინ, მარმარილოსი, ოთხმეტრიანი; მაგრამ მთელი თავისი სიმძიმით დააწვა გოგის ქვის გოლიათი, სული შეეხუთა, ჰაერზე გავიდა, ამანაც არ უშველა; გვერდით რომ კინოდარბაზი იყო, აქაც დამთავრებულიყო ფილმი, გამოდიოდნენ მაყურებლები, ძლივს მიიკვლევდა გოგია გზას ზღვა ხალხში… რატომღაც მხოლოდ დავითი ედგა თვალწინ, დიდთავა, გრძელმკლავა, ნესტოებ დაბერილი, ერთიანად დაძაბული… მთელი თავისი სიმძიმით დააწვა თითქოს საწყალ გოგის, რაღაცა უნდა მოეფიქრებინა, რაღაცა უნდა ეღონა, ცუდად იყო საქმე… რაიმე უნდა ეღონა! მოიკუნტა გოგია, ორად მოკეცა თავსდატეხილმა სიმძიმემ, თითები გაშალა, თითები გაშალა, მობუზული მიაბიჯებდა, თავის ქუჩას აუყვა, ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, ნაბიჯს აუჩქარა, ხელი ჰკრა კარს, დაკეტილი დახვდა, ჯიბეზე გაიკრა ხელი, გასაღები ამოაძვრინა; კარი შეაღო, ოთახში შეაბიჯა, ბნელოდა, ხელი ასწია სინათლის ასანთებად, მაგრამ გადაიფიქრა – რატომღაც სიბნელე მოუნდა. კარი მიხურა, კუნაპეტში იდგა და იცოდა, გრძნობდა, რაღაცა რომ იყო საჭირო, რაღაც აუცილებელი… რა, მაინც რა – რას მივარდნოდა, რა გაეხსენებინა ისეთი, თეატრში რომ აბონემენტით დაიარებოდა? შესასვლელი უცნაურად რომ იყო განათებული? რომელიმე კლასელი… არა, არა. ცხელი პური რომ მოჰქონდა, წვიმა რომ მოდიოდა, ღუმელთან რომ იდგა… არა, არა, რაღაც სხვა იყო… ფიზმომზადების გაკვეთილები, გაზეთის კითხვა, მამა რომ მოუკვდა? დედა რომ ავად გაუხდა, ბაზარში რომ… პალტო შეიხსნა გოგიამ, ამოიღო ჯიბიდან თოთხმეტი მანეთი ფული, მაგიდაზე დააგდო, მერე კაშნე შემოიძრო და საწოლისაკენ ისროლა, პალტო არ გაუხდია, ისე იდგა, მანქანა რომ დაეჯახა, თანამშრომლები მიკროსკოპში იყურებოდნენ, არა, არც ეს, არც ეს… ვერაფერი მოიფიქრა ისეთი, არადა, რაღაცა ნაღდად იყო საჭირო, რაღაცა აუცილებელი, გამამხნევებელი, რაღაცა იყო… იყო… იყო, ნამდვილად იყო! კი, კი, ნამდვილად! – დიდი ვირთხა, უმწეოდ გაჭიმული თათებით, თვალებში ვედრებითა და სევდით… კი, კი, ნამდვილად იყო! ის ქალებიც, უცნაური ქალები, ნამდვილად იყვნენ! ეს მოხდა, მოხდა, იმეორებდა გოგია, ეს ხომ მართლა მოხდა; ეს მართალია, ნამდვილია… მუშტებშეკრული ცოტახანს ასე იდგა, აფორიაქებული, გახარებული, და უცებ თითქოს ხელიდან გამოეცალა ყველაფერი, მოხდა, მოხდა, ისევ იძახდა, მაგრამ რატომღაც სიძლიერეს ჰკარგავდა ეს სიტყვები და უიმედოდ ებღაუჭებოდა ამ „მოხდა, მოხდას“. და უეცრად, სიბნელეში, გოგიამ ცხადად წარმოიდგინა უზარმაზარი ვირთხა, ისეთი კი არა, მომაკვდავი და დახმარების მომლოდინე, არა, ნამდვილი – ისე აშკარად გაარჩია მისი უსიამოვნო, მოწითალო თვალები, გლუვი, ლაპლაპა, საზარელი ბეწვი; გოგია ხედავდა დაჭიმულ, გველის წიწილასავით კუდს, წაწვეტებულ ყურებს, მის ცივ, გაყინულ ცხვირსაც გრძნობდა… და იმ სიბნელეში, გასაოცარი სიჯიუტითა და ძალ-ღონის მოკრებით, შიშით აღვსილმა; მუშტადშეკრული თითები წვალებით გაშალა და იმ საზარელ სხეულს დინჯად, აუჩქარებლად გადაუსვა; მაშინვე ყველაფერი გაქრა. გოგია გრძნობდა მხოლოდ საკუთარ ხელს, ხედავდა სიბნელეში გაფარჩხულ თითებს – ეს იყო უკანონო გონებას დამორჩილებული, ხუთი აცახცახებული თითი და გონიერი ხელი, საკუთარ მოძრაობაში დარწმუნებული და მაინც აცახცახებული, როგორც უკანასკნელი სტრიქონით აფეთქებული, გაბრწყინებული ლექსი და გონიერი, როგორც ზღვასმიახლოვებული მდინარის სიმშვიდით დამთავრებული პროზა… და, თუმცა გოგიას სამიოდე დღის შემდეგ ისე ცხადად აღარ ახსოვდა ყოველივე ეს, მეხსიერების ფსკერზე მაინც სამუდამოდ დაელექა იმდღევანდელი ამბავი, როცა საკუთარ თავს შეეჭიდა, დაეჯაჯგურა და წამით მოერია… ესეც საქმე იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი