განსმდგომი შუაკაცი


ბავშვი რა – ჯერ თვისაც არ იყო, მჭიდროდ გახვეული, მცირე საწოლზე კი არ იწვა, რაღაცნაირად, საყვარლად, იდო.
მთელი ღამის ნამტირალევსა და გაჭინჭყლებულს, ახლა, რიჟრაჟისას, ძალიან ღრმად, გულის ძილით ეძინა და იქვე მიწოლილიყვნენ მისი მშობლები, ცოტათი იქით, სხვა ოთახში კი – პაპა, და კიდევ სულ სხვა, გისოსებიანი ოთახიდან გამოსული, ბავშვს თვინიერად დასდგომოდა თავს მისი სულიერად ავადმყოფი ბიძა, და, წინგადახრილი, ძალიან დასცქეროდა.
ამჟამინდელი, მთლად პირველადი მშობლობით გამოწვეული არევ – დარევა, თორემ ისე ის აქ ვერ შემოვიდოდა – ყოველი ღამით, ახალთახალი რძლის დაჟინებისა გამო, ოჯახის თავი, ამ ჩვილის პაპა, ცოლ – ქმარი შიგნიდან რომ ჩაიკეტებოდა მხოლოდღა მერე მიაშურებდა უფროსი ვაჟის ოთახს,კარში გაჩხერილ ძველ თუჯის ძველებურ გასაღებს გადაატრიალებდა, და მანამდე მომცრო ოთახში გამომწყვდეული „დღის პატიმარი, დღის ქოთნით ხელში, საჭირო ოთახისაკენ მრუმედ ჩაფიქრებული გასწევდა და თვალში სისოვლემოძალებული მიადევნებდა ნედლ მზერას“. მამა – შვილი იყო, და, უყვარდა, მაინც.
დღისით, როცა საჭმელს შეუტანდნენ ხოლმე, მოაბრუნებდა თავს, მერე ისევ გისოსებიანი სარკმლისაკენ იქცევდა პირს, და ხალხმრავალ ქუჩას დაჰყურებდა, რაღაც დუნე სიმწრით ფიქრობდა, შორეულ გლუვ – ღრმა საიდუმლოს, რაღაც სხვანაირს, რაღაც უცხოს, ხალხი რა, თავისთვის მიმოდიოდა, მაგრამ ხანდახან, ხომ აგვრევია რატომღაც რომელიმეს ფეხი.
რძალი ხანდახან შეშინებული მიაყურადებდა, უნდო კართან გახევდა, მაგრამ ჩქამიც არ მოისმოდა, თავისთვის იწვა, ან იჯდა, ალბათ. მაინც საიდან რძლის იმსიდიდო უნდობლობა, და ეჭვი, არასოდეს აუტეხია შფოთი და აყალმაყალი. ორად ორი რამ გასართობი საცოდავს, ჰქონდა: ერთი ის იყო, გისოსს დაფიქრებული სინჯავდა ხოლმე, არა, მოგლეჯა კი არ უნდოდა, ბლანტე შეგუებული ცნობისწადილით უსვამდა ხელს რკინას, ცივი თითებით ბევრგან სინჯავდა. ხანდახან ლოყასაც კი მიადებდა და ღამით კი, მცირე ფართობზე გამოშვებული, თუჯის ძველებურ დიდ გასაღებსაც მისჯილად დუნე გაკვირვებით დასცქეროდა, და ცოტა მაღლიდან მიუგდებდა ყურს, ეჰ, ვინ იცოდა, რა ბურუსი ამოესმოდა. მეორეც ის რომ, წყალს უფრთხოდა და სისუფთავე კი უყვარდა, საწყალს.და სასთუმალთან დადებულ ყველაზე მდარე ოდეკოლონით ჟღენთდა ბამბას, და სხეულზე საშლელივით ისვამდა, გულმოდგინედ, რაღაც უჩინარ, მხოლოდ მისთვის გასაგებ დამწერლობას შლიდა და შლიდა, და მის ოთახში ამისა გამო აუტანლად მქისე, მისი თვალებისმიერი თითქოს, ლამის ლორწომდე გადაქცეული სუნი, იდგა და იდგა. ახლა კი, ახლა, გამორჩეულ დღეს, რადგან დღეს, რადგან ერთ დროს ესე ოთახი იმისი გახლდათ, მივიწყებულ და მაინც მთლად ახალ მიწათა ბავშვის ტირილით შთაგონებული აღმომჩენი, ხელისგულებით უჟმურ კედლებს გამოყოლილი, გარიჟრაჟისას დიდ საოცრებას, ცხოვრების დიდად სათუო გზაზე ახლახან დამდგარ არსებას, სხვაგვარ სულიერთა მომავალ დამპყრობსა და გამომყენებელს, სუნთქვაშეკრული, წინგადახრილი ჩასცქეროდა და ალბათ ვეღარც ახსოვდა. ის სამუდამოდ მისჯილი ორი საშინელი სიტყვა, მისი გრძნეული დაავადების შემზარავად გადასაფურჩქნი ჩანასახი, თავი და ბოლო: „ტყუილი…“, „სიყალბე…“, და, მზერადქცეულს, ჩვილის ამ უცნაური, გაყინული ჭვრეტით უღვივდებოდა ძველი ეჭვები, ეგებ: „რა, რა გამოხვალ … საით წახვალ… რას ამოირჩევ… ვინ, რა დადგები…“, ბავშვს კი ეძინა, გრძელი გზისთვის იკრებდა ძალას, აჰ, მოელოდა ყოველისათვის როგორი რთული ბილიკთა ქსელი, რა სასოება, რა სივერაგე, წყნარად ფშვინავდა, მაგრამ როდესაც სულიერად გადამთიელი, პატიოსნებით ადრეც გამორჩეული და ახლა კი უნებურად უპატიოსნესი, უცხო ბიძა მისკენ ძალიან გადაიხარა და დაჟინებული ისეთი მზერა, თვალს გაბზარავდა, დააბჯინა და თან ცივ თითებს სახესთან ახლოს უმოძრავებდა, აქ, შეიშმუშნა ჩვილი, და ძლიერ დაფრთხა მსწრაფლ გამართული შორი სტუმარი, ჩასაკეტი ოთახისაკენ მორჩილად გაბრუნდა, აესე მალე დაუმთავრდა ამბოხის მსგავსი გასეირნება, მაგრამ კვლავაც წართმეულ თვალებზე მაინც ეტყობოდა, ისევ თავისას ალბათ ფიქრობდა: „ჰეე, ვინ გამოვა“.

1.
– რა არის, იცით, ქალბატონო? – წინ გადაუდგა და ქალს მიმართა ერთხელაც არჩილმა, – ჩვენ გვაპატიეთ, უცნობ მანდილოსანს ქუჩაში რომ ასე მოგმართავთ, მაგრამ სახელი არც ვიცი თქვენი…
ქალი არცთუ დაშინებული შესცქეროდა – არჩილს კარგი ეცვა, კარგი ეხურა, გარეგნობითაც არა უშავდა რა; აგრეთვე დღე იყო და ბუნებრივი სინათლე, გამვლელ-გამომვლელი, რამე.
– ხოლო თქვენი სახელი როგორია? – იკითხა არჩილმა.
– ფაცაცო.
ქალს არ ეთქმოდა პატარა. არჩილმა თავი დახარა და კეფაზე დაიდო ხელი, ასფალტს ჩასცქემაგრამ აჩიკომროდა. მერე შემართა თავი:
– იცით, მე ამ შინაურული სახელწოდებით ვერ მოგმართავთ, ქალბატონო, თქვენს ნამდვილ სახელს ხომ ვერ მიამბობთ?
-როგორ? – ვერ გაიგო ქალმა.
– თქვენი სასაბუთე, ანუ ანკეტური სახელი ბრძანეთ, – და გაეხუმრა, რა, არა გქვიათ?
-პანტიკაპეა.
არჩილმა კვლავაც დახარა თავი და იგივ კეფაზე დაიდო ხელი. ფიქრობდა, იდგა
მერე, აღიღო მზერა:
– იცით რა, ქალბატონო ფაცაცო, ხომ ვერ მეტყოდით სად მდებარეობს ადამ მიცკევიჩის ქუჩა?
– აა… – გულზე მოეშვა და ეწყინა კიდეც ქალს, – აგერ,ისაა.
– აი ასე ახლოს? ბიჭო პლომბირია?
– მა რა.
– ნაყინს ხომ არ ინებებთ, ქალბატონო
– არა, ახლახანს გეახელით.
– მერე რა, ეს ხომ სადილი არაა?
დაძაბუნებული შოკოლადით გარემოსილი ნაყინ-ესკიმო იყო, ჩვეულებრივი, მაგრამ ყოველნაირობისათვის მზადმყოფმა ქალმა ისე ფრთხილად შემოაცალა ქაღალდი, თითქოს საეჭვო ჩანთაში იქექებოდა.
დაიძრნენ, ნელა.
– მიცკევიჩის რომელი ნომერი გნებავთ?
– შეიძლება, კითხვაზე კითხვით რომ გიპასუხოთ?
– დიახ.
– ალბათ კარგი გრძნობაა, არა, როდესაც იცით რომ ლამაზი ხართ და სალხის თვალს სიამოვნებას ანიჭებთ?
ქალის სახის ხარჯზე ტუჩთა პომადა გაფერმკრთალდა აქ, მერე კი მღელვარებისაგან შეჩერებულმა პანტიკაპეამ ასფალტს ორჯერ დაჰკრა ქუსლი და თავი უკან გადააგდო – ჰა, ჰა…ჰა? – გამოერკვა, სადღაც ლავიწთან ჩამოეკითხა არჩილს მერე, – ვერ გავიგეუ?!
ახლა არჩილმა დაიმორცხვა ვითომ, ნაყინს უკბინა…- გნებავთ, ქალბატონო სიმართლე გითხრათ?
– დიახ,- თქვა ქალმა და კაბაზე დაიხედა. ისევ მწვანე იყო, კი.
– მე…- წამოიწყო ასე არჩილმა, ცოტა უჭირდა,- მე ეს ვიცოდი.
– თქვენ რა იცოდით? – ,, რომ ლამაზზი ვარრ!“
– მე კარგად ვიცოდი, რომ სადაც მდებარეობს ადამ მიცკევიჩის ქუჩა, რადგან იმ ქუჩაზე ვცხოვრობ.
ქალმა მციმაგრამ აჩიკომრე ხნით, მაგრამ მნიშვნელოვნურად შეხედა და უმალ განზე იქცია თავი:
– მაშ, რაღად მკითხეთ?
– მე არშიყობა მეხერხება, – აღიარა არჩილმა.
ქალი გაბრაზდა; გაეცლებოდა კიდეც , მაგრამ რაღაცა აჩერებდა. აჰ, ჰო – ნაყინი…
– რა შემამჩნიეთ მაინც ისეთი?
– აუგად კი ნუ დამძრახავთ ქალბატონო, – დაფაცურდა არჩილი, – მაგრამ თქვენ ხომ ვალიკოს გარებიძაშვილი ხართ
– კი.
– ჰოდა ვალიკოს ნათესავს განა მე რამეს ვაკადრებდი? მე და ვალიკო ერთ სისტემაში ვართ. დღეს თავისუფალი ბრძანდებით?
ქალმა ერთიც აათვალიერა და არჩილის სახეში ამჯერად რაღაცა ისეთი შენიშნა, თუმცა გათხოვება ძალიან უნდოდა და მანამდეც არავისთვის მიუმართავს ასე, უთხრა:
– წადი, შენი…
– და თავად წავიდა.
– ვა, – გაიკვირვა არჩილმა მერე.
* * *

და, თუმცა მაშინ ფული ჯერ ნაშოვნი არ ჰქონდა რაღა თქმა უნდა, ბავშობა, ალბათ, მაინც კარგი იყო.
მჭახე და რბილი, უკიდეგანოდ ფერადოვანი, ღრმა სარდაფები… აის სათუო იდუმალება, სუყოველივეს მჩატედ რომ ედო… გახარებული აბაჯბაჯება და რაღაცა უნდოდ პირშიმთქმელურზე გადაყვლეფილი პაწია მუხლი – რა გულდაწყვეტა… მაგრამ მაინც დღე, და სინათლე, მართლა სინათლე, ბედნიერება, ყოველ უცხო წამს – ჯერაც ნედლ თავზე ფრთხილად დადგმული აღმოჩენანი, გულში კი ისე ხინჯად შეჭრილი… და გაოცების მჩატედ მპოვნელი დიდი თვალები, და, დაფიქრება, დაფიქრებულზე, ჭარბი ძალა და, აჰ – ტიკტიკი და რბენა და რბენა… დიდად გახვითქულს, შიგანში კი თონედ გამომშრალს, აჰ, რა მალამო – სრულიად წყალი – მბრუნავი მიწის ეს უსაზომოდ კეთილი ოფლი. და ისევ სრბოლა, შეთქმული ეზო, და, ამბოხშიმყოფის თრობით დამტკბარი, გაჭინჭყლებულზე, სულ ჰარპუნებით შინაყვანილს, როგორ სულ სხვა რამ – ძალიან დიდი, კასრისხელა კოვზით უჰ, ფაფა, ტანჯვა ვაება, და მერე, ბოლოყლუპმაინცნაპატიებს, ძლივს გამოღწეულს, გრილ იატაკზე თავჩარგულად მჯდარს, უსამართლობის სასტიკი განცდა და ჩიტის გულის გულდაწყვეტა, და, თან, უნებურად, უკვე სანდოდ გამაგრებული ნაიარევის თითით კირკიტი, ბავშვობა, ჰეე…

2.

ლალი გაცილებით კარგი ქალი აღმოჩნდა, სახელიც კარგი ჰქონდა და ყველაფერი, მაგრამ საწყისა ნაყინთან დაკავშირებით შეუსაბამობა რამ მაინც შეემთხვათ ერთი . აი ისიც:
– ნაყინს ხომ არ ინქებებთ, ქალბატონო ლალი? – დიახაც იკითხა არჩითმა.
– არა, ახლახან გეახელით.
– ამ სიცივეში? ბრრ… – უნებურად გაიკვირვა არჩილმა და იქვე მიხვდა შეცდომას,გაბათილება ვერაფერი მოიფიქრა, გაუმწეოვდა, მაგრამ მენაყინე-ესკიმოსმა, აშენდა იმის ოჯახი, თქვა:
– მერე რა,ზოგან ზამთარ-ზაფხულ სჭამენ.
ხოლო ლალი იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, კარღია რესტორანშიაც კი შეჰყვა.
თანაც შუადღის რესტორანში ბევრი თავისუფალი მაგიდა და ოთხი იმდენი სკამი მაინც დგანა, არჩილი+ლალი-ს კანდიდატები კი ორ რჩეულ მათგანზე დასხდნენ. არჩილის მისვლით გახარებულად ჯიბეაქავებული ნაცნობი მიმტანი დაფაცურდა და პატარა ხანში პურ-მარილი გაიშალა? – უმაღლესი. მინამდე კი ასეთი საუბარი ჩატარდა:
– რა მოჟამული ამინდია მაინც.
– დიახ.
– ჰა-ჰა… – არჩილს კბილები რადგან კარგი ჰქონდა.
აიმ არსებას, იდუმალ სხვენში რომ სახლობდა, შეეუსუსურებოდა სახელი ბუა- ეს უწყინარი, მხოლოდ იძულებითი ჭამა-ყლაპვისას სიტყვიერად წარმოჩენილი, და სწორედ ხშირი კვებისა გამო შეჩვეული რამ მცირე მაშიშა – არა, იქ, სხვენში, თავად შიში. სრულიად შიში. ისე ცხადი და ისე აშკარა. შიშში ბუდობდა. ეს ადრე, ადრე, ახლა კი, ახლა:
– ახლა დავრწმუნდი, აეს მიირთვით სანამ ცხელია, ლომის გული რომ მაქვს.
– ახლაა? რატ-ტოომ?
– რატომ და, ვინ იცის, ქალბატონო ლალი, თქვენი სილამაზის პატრონს რამდენი ვინმე თავზეხელაღებულობამდე გეტრფით და მე კი მაინც გავბედე თქვენს გვერდით ყოფნა.
– აჰ, ეს რანაირი ყოფილხართ, ჰაა? – მცირე ხნის შემდეგ ჩახვდა ნათქვამს ლალი და ცარიელ-ტარიელა ჩანგალი ნაზად ჩაიდო პირში, – მამხნევებთ, ხომ?
– არა, რას ბრძანებთ, – სწრაფად იუარა არჩილმა, – მე არშიყობა სრულიადაც არ მეხერხება.
კარგი, მშვენიერი, შამპანიურად სანაქებო სუფრა იყო გაშლილი და თუმცა, მაშინ საამდევნო ფული ჯერ ნაშოვნი არ ჰქონდა რასაკვირველია, ბავშვობა, ალბათ, მაინც ძალიან კარგი იყო, რაღაცა ახლდა, გარიჟრაჟისას მიზეზიანად გახარებული დიდ ტყვეთა არა – ჭალისა ჩიტის, მაგრამ შავ ღამეობით… ბნელ ღამ-ღამობით, რაღაცა უცხოდ დაუნდობელი შეჯანჯღარებით გაღვიძებული, თითებჩაბღუჯულ საბანს გულზე მაგრად, ბავშვურად მიიხუტებდა და თვალებადქმნილი, შესცქეროდა ბნელს… რაღაცა იყო… რა აჰ რაღაცა. არ კი იცოდა და, ეგებ – სხვენიდან შემოპარული? ჟრიალი ახლდა, სიცივე ჰქონდა… ოთახისეულ ფართო ბნელეთში, უჯიათი საიდუმლოთი განაღვიძები, გონდაბინდულიმაგრამ აჩიკომ. შიშითღა გრძნობდა – რაღაცა იყო… მღელვარებისას, თან უკუნეთში, სიბინძურის კასრს ღია ზღვაში ჩაკრული ბავშვი… ყველგან კი, ირგვლივ, წყლით გადამძღარი, ტანჯვაგავლილი და ახლა სხვისა დამაშინები. ლურჯ-მონაცისფროდ ავად აღვსილი, ბრგედ დაბერილი ატივტივებული სხეულები და ეს სად – ოთახში?. როგორ ბნელოდა; რაღაცა იყო!… და აღარაფრის ამაეების ხსოვნა დიდ,სანაქებო დასვენებაზე, აჟივლებული სკოლის ეზოში მთლად გაქუცული პაწია ყოფილი გლობუსით ფეხბურთის მთამაშებელნი – სულ მატერიკთა და ვრცელ წყალთა დარდი არ ჰქონდათ? – აჩიკოო, აჩი, აქეთ მომეცი, გადმომაწოდე, აჩიკო, აჩიი, მაგრამ აღარარა ახსოვდა, რადგან გოლის გატანა თავადა სურდა, მიისწრაფოდა ორი აგურით შექმნილ გოლისკენ, სადაც ყურცქვიტა მეკარე იდგა, პურითა და განახევრებული კატლეტით ხელში, მერე იყო და, იყო ირიბი დატაკება და არევ-დარევა: პენალი იყო? არ იყო, როგორ არ იყო, კი იყო, იყო, მერე გამხდარი, ნაშიმშილარი ზედმეტად თითქოს მასწავლებელი და იმისი ახსნა; „ამრიგად, რეზერფორდის ცდამ გვიჩვენა, რომ ატომში არიან დადებითი ელექტრული მუხტის მქონე ნაწილაკები, რომელთა მასა…“ მიმოწყენისას, ფანჯრის წილი ცა, ძმაბიჭის ზურგი, მერხის ლაქები, და მერე, მერე, გაშვებულობა – მეექვსე გაკვეთილის გაჭიანურებული აღსასრულის მაუწყებელი რა დიდებული, როგორ ზეიმა, და რანაირად აღსავსე შუქით, მბრწყინავი ზარი – გამოფხიზლება, ახლა კი, ახლა, შემთვრალს, სადღა ახსოვდა აის სიფხიზლე, წიწკნია სითხით ნეტარ ბურანში დროდადრო იყო, რადგან წინ ქალი ეჯდა, კარღია რესტორნიდან კერძო ოთახში ამაღამიჩვე წასაყვანი, სახელად ლალი, ადამიანის რა კარგი სათაური, სუფრაც მშვენიერი იყო, დადებითი, ოღონდ ხიზილალას არცერთი არ ეკარებოდა – რაღაცნაირი სიამაყით, ვითომ…
– მე ახლა მინდა, ჩემო კარგო ლალიკო, თქვენი სადღეგრძელო კიდევ შევსვა…
– კარგით რა, არჩილ, ეს მერამდენედ უკვე? – გაკეკლუცდა ქანლი…
– არა, ჩემო კარგო ლალი, მე ახლა სხვანაირი კუთხით, – წამოდგა, სხეულმა თითქოს შებარბაცება განუზრახა, მაგრამ შეიოკა თავი, ხოლო ენა ვერა, – ლალიკოს ვრნაცვალე, ახლა მე უნდა თქვენნაირი კარგი ქალების სადღეგრძელო შევსვა, რომლებიც გამოირჩევიან სწორი გამგებიანობით და, როგორც ძველები იტყოდნენ, მესჩანკი არ ხარ. თუ ამას ვსტყუოდე, შობელძაღლი ვიყო.
ქალს ცოტათი არ მოეწონა ბოლოსწინა სიტყვა, მაგრამ არ დაიმჩნია და განაპირა ტარხუნა შეასწორა.
– მე ეს იმიტომ მიყვარხარ ლალი, რომ ზოგიერთივით მანჭვა-გრეხა კი არ იცი, არამედ ბუნებრივი ხარ და გაკიბვ-გამოკიბვის გარეშე იცი, რა უნდა იყოს ერთმანეთისთვის ნამდვილად კაცი და ქალი, ბოდიშით, ქალბატონი.
უცებ დაარტყა მესამე ბოთლმა, ლაკარაკობდა; ოღონდაც ასე:
– მე და შენ ხომ უკვე ცოტათი ამხანაგები ვართ და, ლალი, კაცის და ქალის ნამდვილი ამხანაგობა იცი სად ხდება?
– სად…
– იქ…
– სად იქ…
– ლოგინში.
ერთხანს გაოგნებული ქალი რომ გამოერკვა. თვალ-წარბი რისხვამ გადაუსერა, სახვა ვერაფერი მოიფიქრა, პომადებშუა ესღა გამოსცრა:
– მაწანწალა შენ! – და ისიც წამოდგა, ყოვლად უდანაშაულო სკამსმაგრად უბიძგა, მიაშურა ღია კარს.
…სანამ აედევნებოდა, არჩილმა მნიშვნელოვანკუპიურიანი ხელის სილამაზე (ხელის ჭუჭყი – ეს ჩამოკონკილ-ჩამოფლეთილი მანეთიანია, ხოლო ტკიცინა ასიანი არჩილის წრეში ხელის სილამაზედ იწოდებოდა) მაგიდაზე დააგდო, გატრუნულ მიმტანს მხარუკუღმა სტყორცნა: „ჯერ ნუ აალაგებ“, ხოლო ჭურვივით ლალის ზედ გრძელი დარბაზის კიდესთან წამოეწია და, თითქოს გამოფხიზლებული, ამისთანებს ეუბნებოდა: „კარგით რა, ქალბატონო ლალი, მე გეხუმრეთ და, – განვლეს ღია კარი, – მე თქვენი უმწიკვლო პატიოსნების გაგება მინდოდა და მართლაც ღირშესანიშნავი ქალი ჰყოფილხართ, კარგით რა, გეთაყვა, ხუმრობა აღარ შეიძლება? თუ არ ვიხუმრეთ…“ მაგრამაცრადგან ქალი თითქოს ჰერმეტიულად იყო დახშული, აღარაფერი გააჩნდა რისხვის გარდა, არჩილს გაშინაურებულმა სიმთვრალემ უფრო წამოუარა და უფრო მძლავრი ხერხი მოუძია: „რა გინდა, ქალო, ჩემთან იყავი და კარგს გაჭმევ, კარგს ჩაგაცვამ-დაგხუავ, კარგს გასმევ, მეტი რა გინდა, არ ვიცი?!“ წვრილ მაღალ ქუსლთა დარტყმის ძალამ საცოდავ იატაკზე მოიმატა აქ, ხოლო არჩილი ბაიბურში არ იყო, და გარდერობთან ისიც დაამატა, რომ შეჩერებულ ქალს დიდის ყურადღებით დაუთვალიერა რა გამობურცულობანი, ყურში ჩაჰკითხა: „აბა, შე ქალო, ტყუილადა გაქვს ყველაფერი ეს? ერთი, მეორე…“ აქ ლალი ისე მკვეთრად შემობრუნდა აჰ, ხელიდან წასული ტუჩები ისე უთრთოდა უჰ, თვალებში მაღალი ძაბვა ჩასდგომოდა ისეთი – ოხხ, თეთრკბილებშუა გამოსცრა ისმაგრამ აჩიკომეთნაირად შავი, შავ-ბნელი: „შშე ვიგგინდარა, ახხლავე თუ არ გაეთრევი ისეთ კივილს ავტეხავ, აქ გაჩნდებიან მთელი უბნის თანამშრომლები…“ნათქვამი იყო? – სამივე ბოთლის წამში ამაორთქლებელი და ენოტივით ფხიზელმა არჩილმა ნათქვამი მყისვე ირწმუნა და ძლიერ შემკრთალმა გაიფიქრა:
„აჰ, არ გამრიცხონ… სერიოზული ინციდენტი იქნება“, და მაშიმათვე დააპირა გაცლა, მაგრამ გარდერობში მათი პალტოები ერთად ეკიდა, ამ შემთხვევაში უხერხული ნომერი ათი კი – ერთიანი და ნულიანი – მას ჰქონდა და ფეხისწვერებზე შეყოვნდა ამიტომ, ნომერი ათი ყულაბასავით მრავლისმომსწრე მეგარდერობეს წარუდგინა, იმან კი მყისვე ვერ ჩამოხსნა ქალის კუთვნილება, რადგან არჩილს კარგად თანამედროვე ქურქი ქალის თეთრ პალტოს სიმბოლურად გადაჰფარვოდა, ხოლო ქალმა კი, მინამ წავიდოდა, კვლავაც მიახალა იღბლიანი მონადირის პირიქითს: „მაწანწალავ შენ!“ – და წავიდა.
არჩილი მძიმედ ჩაფიქრებული შებრუნდა რესტორანში, თავის მაგიდას მიუჯდა. ვერ იყო კარგ ხასიათზე, ფიქრობდა, იჯდა, იჯდა, ფიქრობდა.
– ხურდა მოგართვათ? – ცალყბად, მხოლოდ ზრდილობისათვის იკითხა კარღია რესტორნის მიმტანმა, მაგრამ არჩილმა თქო:
– ხო.
კვლავაც დაფიქრებულმა მამაკაცმა ფეხი გაშალა, ფული ჯიბეში ჩაიტენა, და პურს წაატეხა.
პური სადღაც მინდვრებში მოჰყავთ, თურმე ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, მერე, სულ ბოლოს, არჩილისთანებიც სჭამენ.
მაგრამ მხოლოდ პური რა საკადრისია? არჩილი ხიზილალაში უსვამდა პურის ახალ-ახალ ქერქს და, სანამ ლამბაქი სულ არ მოასუფთავა, ლალით მოწყენილ ორგანიზმში იღებდა. მკვეთრი ფერები რამ, შეეერთა-განწყობილება იყო შავი, ხოლო ხიზილალა წითელი, არჩილი იჯდა და ჭამდა.
ღია კარის, ბითურული დღე…

3.

„ეს არა, ეგ არა, – ჩვეულებრივი, მაინცა და მაინც არაფრით გამორჩეული კაცი მოდიოდა რადგან. „ კი მაგრამ, ბიჭო, სადამდე უნდა ვიცადოთ, ბიჭო“, ვეღარ ითმენდა ყველაზე ცქვიტი თანაკლასელი, მაგრამ თვალმოჭუტული მეორე ყოჩი, თვალთმაქცობათა თავი და თავიმაგრამ აჩიკომ, ღირსეულად მიუგებდა, თუმცა ღელავდა ისიც: „დაიცა, გამოჩნდება. „და აი ეს… ჰა!…“ დიდი, მსუქანი კაცი მოაბოტებდა, რაღაცნაირად სათნოდ გაბიჟვინებული, კეთილი უნდა ყოფილიყო, რაღაც…„არა ეგ“. „და ეს? ეს, აი…“ ნახევარი კლასი, შინისაკენ მარჯვენივ დასაშლელი, სკოლის კუთხესთან იდგა, იცდიდა, მეორე ნახევარს კი პირველი ყოჩის მეთაურობით უკვე ამოერჩია ეგრეთწოდებული „კაი ტიპი“ – და, აღარა ჩანდნენ. „აი ეს, ნაღდად აი ეს ბიჭო, აი-აი ეს!“ – იყვირა ცქვიტმა და მეორე ყოჩმაც, ჩაცინებულმა, კმაყოფილად დახარა თავი. და პატარა ხანში სანახაობა იყო? სიცილით იგუდებოდა მთელი ქუჩა: წარმოიდგინეთ,მოდის თბილისის მთავარ პროსპექტზე ძლიერ დაბალი, და ტანმორჩილთათვის ჩვეული დიდის სიამაყით სახეზე, მძლავრღიპიანი კასრტანა კაცი, იღლიაში ყავისფრად სერიოზული პორტფელი ამოუჩრია, მეორე ხელს კი ისე ღირსებით, თითქოს სააღლუმოდ, ყოჩაღად და შინაგანი სიმტკიცით იქნევს, მიდის სადღაცას, ჰქომია, რომ თავისთვის მიდის, მაგრამ ზურგსუკან ერთმწკრივად ჩაგრძელებული ოცანდე ონავარი მოჰყვება, იღლიაში პორტფელისებრ ჩანთაამოჩრილნი, ხელოვნური ღიპის წარმომქმნელი ქუდი მუცელთან ჩაუკუჭავთ, ფეხაყოლილნი, გაჯგიმულნი მიჰყვებიან და, ხელს სწორედ რჩეულივით კატეგორიულად იქნევენ, შემხვედრნი კი შორიდანვე ფაციცდებიან, იღიმებიან მერე, შემდგომ – სიცილი ძლიერ აწვებათ და უნებურად კაცს თვალაბჟუტულნი შეჰღიმიან, ანცლაშქრის არმცოდნე მეთაური კი გაკვირვებისგან უფრო და უფრორე ამაყდება, ცდილობს არავის მოაჩვენოს დაბნეულად თავი, ჩამვლელთა ღიმილის მოშლასა და გაბათილებას მეტის ღირსების წარმოჩინებითა ცდილობს, მაგრამ რა იცცს, მის ზურგსუკან რა ამბავია… აბა, აჩიკო და მისთანანი, ისე – უბრალოდ დაბრუნდებოდნენ შინ? – ბავშვობა, ჰეე, რარიგ ტევადი, სადამდე ვრცელი, როგორ და როგორრანაირად ცვლადი, მაგრამ ახლა, აქედან, ბედნიერებამდე დაუჯერებელი ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, როგორ მისჯილად დაკარგული რამ, აღუდგენელი, ტყეში ჩიტი მომკვდატიყო, ყოვლისშემძლე და განსაცვიფრებელი – დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში კარგად იყო. ბავშვობა, ჰეე, და ერთი მართლა დიდი კაცი, შორი პოეტი, სიმოხუცემდე ბავშვობისა ვერდამკარგავი, ჩვილის წელადი არტახებით შებოჭილი და ეუჰ, მაინც ზეგარდმოდ თავისუფალი, თავისუფლების ტყვე, არჩილს კიდენ – ბევრისა თვალში კაი ადგილი, და იმ აღზევების, პოეზიას რომ უწოდებენ. ფულით შეძენილი დაკარგვა. და მივიწყება კიდევ აი იმისა, სიტყვით სამშობლოს რომ ეძახიან და დანაწვიმარი, შრობაწყებადი, სუნით ფერადოვანი მიწის ოხშივარის ნაცვლად- ბენზინიანი სამსახური და თანამდებობა, და ვითომც განლაღებული საუბრებისას ამდაგვაროვნად უსუსური ქათინაურები“ „დღეს თქვენ განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით, ჟენიჩკა – ან, დიდი-დიდი, საიდანღაც ნასესხები „შენ წალკოტის ყაყაჩო ხარ, თამარა“, ანარადა, ვითომც ძალიან ჩახვეული: „ალბათ როგორი ძალიან კარგი გრძნობაა, არა, როდესაც იცით რომ თვალწარმტაცი ხართ და ხალხის თვალს სიამოვნებას ანიჭებთ?“, ჩვენს ხალხურში კი, ამისთანები სწერია, ხალხნო – „სად მოიცალაი ღმერთმა შენი თვალ – წარბის წერათა“, მაგრამ არჩილი ისედაც არხეინად გრძნობდა თავს, რადგან ზედაპირულ სიამეთაგან არაფერი აკლდა: კი, ასე იყო, თუმცა არჩილი ვინმეს მხოლოდ პანტიკაპეასა და ლალისთან რომ ეხილა, ეგებ ქალის უნახავიც კი ჰგონებოდა, მაგრამ ძალიანაც შეცდებოდა: არჩილისა და მის წრეელებს რესპუბლიკის გარეთ თითქმის ყოველ გამოჩენილ ქალაქში თითო-ოროლა ათვისებული ქალი მაინცა ჰყავფათ ძირითადა ხელის სილამაზეთა წყალობით, მშობლიურ ქალაქში ხომ… უბრალოდ, არჩილის გულითადი სურვილი იყო, ისე დაეპყრო რომელიმე არცთუ ულამაზო ხორციელის გული, იმან მანდილოსანს მისი ასავალ-შემოსავალი სრულებითაც არა სცოდნოდა და ჩვენი მეტრფე უიმმანქანოდ, რიგითი ადამიანივით ფეხოსნად გამოდიოდა ქუჩებში და პატივმოყვრული ოცნების ახდენას ლამობდა. მაგრამ ვერ გამოსდიოდა ეს. გამოსავალი კი მაინც აღმოიჩინებოდა წყალობით შემდეგ დებულებისა – „ქალი ერთია ყველა“, – და მოშინაურებულ ყოფილ სატრფოს სამზარეულოდან გამოსძახებდა: „მოდი აქ, ქალო, დამალევინე წყალი“, არადა, ადრე აჩიკო ბიჭი იყო? ნაარდადეგებს, რაღაც სიწმინდე ჩამოჰქონდა თიანეთის შუაგზაზე ტყისპირად გაშენებული იმ სოფლიდან, მისი ოჯახის ახლობლები რომ ცხოვრობდნენ; სოფელი იყო? წყაროიანი, კაკლნაროვანი, ცაცხვებიანი, აჩიკომ ბედზე შეფრფინვით ბევრჯერ იხილა მოქმედი ძველი წისქვილი და მბრჭყვინავი კალო, ღელეში თევზიც კი დაცურავდა, მართალი იყო აქ ყოველივე: მზე თუ ჩანდა და, მართლა აცხუნებდა, ქარი თუ ქროდა, აფორიაქებულ სოფელში ნამდვილად ქროდა და, ღრუბლები თუ ჩამოიძენძებოდნენ – წვიმდა, აჰ, ჭეშმარიტად წვიმდა, ძალიან მართლა აჩურჩულდებოდა დამძიმებული ისედაც მიწა – თავშესაფართა, სახლთა საყრდენი, ფერად ნაყოფთა მომთმენი გამდელობით ადამიანთა ადმიანთა მეპატრონე და სულ ბოლოსაც იმათი წყნარი შემკედლებელი, იქ მცირე ღელეს ადიდება სჩვეოდა ხოლმე, რა კარგი იყო ზვინში შეყუჟვა, გველის შიში რომ არა ჰქონოდა, იქ ტყეში მგლები ხაფანგებშუა დაწანწალებდნენ და შუაღამით ხანდახან ეზოს მოადგებოდნენ ყმუილი ისე ახლოს იყო, კი; დათვიც იცოდა. იქ წმინდა ჰაერს გატრუნული ყნოსავდა ბიჭი, სოფლია კვამლიც კი წმინდა გახლდათ, დაფლეთილი და, ისუნთქებოდა, იქ ყოველივე სიმართლე იყო, და იქაურ რძეს სხვა გემო ჰქონდა. სხვა მადლი ახლდა, იქ, – ნამდვილ ქართულა ლაპარაკობდნენ, იქ შებინდებამ მოძალება იცოდა ისეთი, სილამაზეზე გული გწყდებოდა, ნალიან ჭიშკარს მოაბღავლებდა შორით ჩამუქებულ, ვრცელ ტყეთა შიშით მოსილი დიდრონი ძროხა და ვარსკვლავები გინდ აბჟუტებულიყვნენ, გინდა არა, რაღაც სხვა, უცხო ქვეყანაში აღმოჩნდებოდა აჩიკო, აჩი, გახევებული, ნაბიჯწარუდგმელი მოგზაური, ბინდით გაჟღენთილიდუმალებას უყუჩნდებოდა, ხეს მუშტრის თვალით აჰყურებდნენ და გარს უვლიდნენ დღით მოღლილი და მაინც გაფაციცებული ქათმები, ბინდიან მიწას ერიდებოდნენ და ღამის გასათევ ტოტებს ზვერავდნენ, ფრთებს დაიქნევდნენ მერე; იქ რაგინდ ცხელი ზაფხული ჩამომდგარიყო, საღაამოობით მაინც ციოდა, აძიგძიგებამდე იდგა ბნელში აჩიკო და, მერე სახლს მიაშურებდა, სახურავად კრამიტი და იატაკად სოხანე რომ ჰქონდა, და ხელკვეთილით გამომცხვარ სოფლის კარაქით და ნამდვილი რძით ყუჩად ვახშმობდა, გატრუნულ საგნებს ძალიან ოდნავ ალიცლილებდა ძველი ლამპარი, ბუხრის ნათელი უთავბოლოდ და ტკაცუნით ძრწოდა, გასათბობ ლოგინში შეძვრებოდა აჩიკო, მატყლის დიდ საბსნს თავზედაც კი წაიფარებდა და ჩათბუნების მოლოდინში ინაბებოდა, რა გემრიელი იყო სახლი, მისი ნესტიც კი, გარეთ კი ბნელად განდგომილი ქვეყანა რჩებედა, ღამის ანაბარა.
ახლა სულ სხვაგვარ არდადეგებს იწყობდა ხოლმე, რასაკვირველია, -სექტემბრის ასე, თხუთმეტი-ოცი, ყველა დროს სჯობდა, რადგანაც სწორედ მაშინ არჩილი და მისი წრეელები ცნობილ ზღვიან აგარაკზე ხუთი თანადროული მანქანით მიემგზავრებოდნენ, თითოში თითო წრეელლი იჯდა რაღა თქმა უნდა საჭესთან, დიახ; კარგი უჩნდათ გზა გასვლით დროსტარებათკენ, ქროლვა, მოსახვევები მკვეთრი წივილით რჩებოდნენ უკან, წითელ ტაძარს ხურდა ფულს შეუჩერებლივ, ხელუკუღმა მიაყრიდნენ – ვინ იცის, ეგებ…-ინსპექციათა ფარდულებთან კი ძალიან ნელა, ფრთხილ-ზეიმისებრ ჩაატარებდნენ დამჯერ მანქანათ, და ისევ – ქროლვა, წივილი ისსევ, ხრეშზე გადავლას სხვა ეშხი ჰქონდა, რაღაც ყოჩაღად მძიგძიგებლური. პირველ საუზმეს უღელტეხილთან შეასრულებდნენ ხოლმე, უცხო რესტორნებსა და იქაურ სასმელს ერიდებოდნენ – „რა იცი, ამ სიცხეში… როდინდელია…“, და ასფალტისპირა ტყეში სუფთა ადგილს რომ შეირჩევდნენ, იწყებოდა დიდრონ ჩანთებში ფათური და შედარებით უბრალო რაგინდარას ამოღება – შემწვარი წიწილები, მოხარშული დედალი, სუკი გენაცვალე, ხის სოკო, თევზი-მეზვი და ამისთანა ყობით სალათად შეძმაკაცებული კიტრი და პამიდორი, ის ლიმონათი, დიახ, და შინაური ხაჭაპური – კარგი ცხოვრებით ზომიერად კმაყოფილ ცოლთა დროებით ბეჭდებწაძრულ თითთა მეშვეობით ნახელავი, რეჰანი და სხვა, ხოლო ფინალისთვის გამოიძვრინებოდა სასიამოვნო მოულოდნელობანიც – ვთქვათ, რომელიმე გამჭრიახი წრეელის მიერ თერმოსით წამოღებული შოკოლადოვანი ნაყინი, რომელიც სიცხეში ჭამისას პირდაპირ მისწრება იყო, მაგრამ მერე და მერე ძალიან მოწყურება იცოდა; არჩილს გრძელი დანა ჰქონდა ერთი, და იმის წყალობით თერმოსის ყინულოვან შიგანს ჩხრიკნიდა, ჩორკნიდა და დაქუცმაცებულ სასუსნავს წრეელებს ჭიქაში უყრიდა, ისევ-ისევ გზა!… ისიც, როგორი წინანდელი, ისიც გზა იყო?.. ალბათ, აბა რა – პირველადს, სუ-სულ პირველად სკოლის ნაცვლად იმან და კაკიმ სულ სხვა ადგილას რადგან ამოჰყვეს თავი. ეგრეთწოდებულ „შატალო“-ზე იმ დასაკარგავში კაჯი რად გაჰყვა, ეს არ იცოდა, თავად კი… იმიტომ… ეს იმიტომ რომ… იმიტომ, რადგან… რადგანაც… მოკლედ, ეეე… შეყვარებული გალდათ. მეექვსე კლასელ ბიჭებს თანატოლი გოგოებიც კი უფროსულად დასცქეროდნენ, აჩის კი, ბედი არ გინდა, კაცო? – მაინცდამაინც თვით მერვეკლასელი, მისთვის ისეთი დიდასაკოვანი, ისეთი შორეული და მიუწვდომელი, კომკავშირელიც კი უკვე, უყვარდა. ლამის ძალიან დიდი ხანი იყო, სხვაგვარი რეჩხი რომ უყო გულმა – მთელი ოცდაორი ოცდაოთხსაათიანი დღე. ეს რანაირი ყოფილა მაინც ეს შეყვარება ძალუმი ესე, განა აჩიკო როდესმე წარმოიდგენდა, სარკეში თუ მალულად წამდაუწუმ დაითვალიერებდა თავს? ანდა, მთლად უარესი – ვარცხნილობის საუკეთესობაზე დიდხანს ეფიქრნა? გაფრთხილებოდა პერანგს და შარვალს? იმდენის მომსწრე ხელისგულზე, დაფასთან ჩამოსაკაკლავი ისტორიული თარიღების ნაცვლად, დაეწერა „ნ“? შატალოზე რა, მახლობელ კინოში თუ წავიდოდნენ იმისი კბილა ბიჭები, აჩიკოს კი რაღაც სხვა სურდა, რაღაც ამაღლებულად განსაკუთრებულსა სთხოვდა შეძრული გული და, მოიფიქრა – ფუნიკულიორზე ასვლა გადასწყვიტა და კაკიც ისე საეჭვოდ მყისვე დაეთანხმა, აჩიკომ ერთი კი გაიფიქრა:„ესეც ხომ არ…შეყვარებული ხომ არ…!“, და უცებ, სასტიკი განცდით აეწეწა სული: „და ამასაც ის ხომ არ…!“ მაგრამ აჰ, არა, არა, კაკი ისეთი დაბალი იყო, კლასელებს მხრებამდე ძლივას სწვდებოდა, ჯერ პიონერსაც კი არ ჰგავდა, იმას კი, იიმ, „ნ“-ს, წესით და რიგით თუნდაც ფიქრობრივ აბა რანაირად შებედავდა, მაგრამ ძნელი იყო კი, აჰ, სიყვარული, და აჩიკომ მაინც გამოსცადა ძმაბიჭი, თუმცა ღელავდა, ხმადაბლა ჰკითხა:
– ნ?
– რა? – შეაცქერდა პატარა კაკი.
– არა, არაფერი…
„კარგი ბიჭია“.
მერე იყო და, იყო ნელი ტრამვაი, სამიოდ მგზავრი, ვიღაც სამხედრო, ლითონის ბაგირის წყნარი ღრჭიალი, შორეულ ტყეთა ნაცრისფერობა, გაძარცული ტყე, შემოდგომურად დუნე სიყვითლე, გასუსულიყვნენ აჩიკო და კაკი, რადგან თბილისი, მათი ქალაქი, ზემოდან ძლიერ გადასხვაფერდა – რაღაცნაირად, გაიშალაც და დაპატარავდაც, მაშინ თბილისზე კრამიტიანი სახურავები უფრო სჭარბობდა, და უფრო ვიწრო, შინაურული ხიდები იყო მტკვარზე გადებული, და კანტი-კუნტა მანქანები იტაცებდნენ თვალს; სანუკვარ ეზოს, სადაც ცხოვრობდა დედუფალი „ნ“, ამაოდ დაეძებდა აჩიკო, მერე პარკისკენ დაადეს თავი, სადაც იმდროინდელი გამოჩენილი ატრაქციონი – აწონ-დაწონ დიდი ბოქლომითა და ჯაჭვით საიმედოდ დაებათ, მერე პარკს გასცდნენ, იქით უფრო სხვა ხეები იდგა, უფრო ნამდვილი, უფრო ტყედ შეკრულნი თითქოს, და შორეულ ყეფაზე ერთხანს შედგნენ და მერე ორთავეს ერთად გაახსენდა რომ – მოშივნოდათ, და ვითომ ძაღლის შიშმა კი არა, მადის გამოღვიძებამ უბიძგათ უკან, ფუნიკულიორის რესტორნისაკენ, თან ყოყმანობდნენ – მხოლოდ მანეთი, და რაღაც ხურდა, ისიც გზის ფულად, ჰქონდათ. მაგრამ აჩიკომ „ნ“ გაიხსენა და ვაჟკაცურად აიარა საფეხურები, ერთხანს დარბაზში იბოდიალეს, მერე ბუფეტის თავკაცს მიადგნენ და რომ გაუწოდეს მანეთიანი – იმა პაწია ასაკისათვის, ცოტათი ხელის სილამაზე, და დაამატეს: „თუ შეიძლება, ერთი მანეთის, პური და ყველი“, ბუფეტოვანმა მსწრაფლ – განრისხება დააპირა, ჯერ ეგონა თუ, აშაყირებდნენ, მაგრამ თვალების დანახვაზე, თვალებზე, მიხვდა ვისთანებთანაც ჰქონდა ამჯერად საქმე, ნახევარი პური მოუჭრა, ჩამოუთალათ ორი დიდი ნაჭერი ყველი, მერე თავის მხრივ ყოვლად უთქმელად ერთი ბოთლი ლიმონათი დაამატა, შეეძლო ორიც, შატალოიონნი პარკში დაბრუნდნენ, სკამის კიდეზე დასხდნენ, და რადგან აჩიკოს ის გრძელი დანა მაშინ არ ჰქონდა რასაკვირველია, პური შუაზე გადატეხეს, რა სუნი ჰქონდა! მერე ისევ ქალაქის სათვალთვალო მოაჯირს მიადგნენ, აჩიკო კვლავაც იმა ეზოს ძებნას შეუდგა, და, თავისუფლად შესაძლოა. კაკიც შეყვარებული იყო, რადგან ორჯერ ძალიან ხმადაბლა თქვა:
– ეხ.
იმავ საღამოს კი, რადგან, მოგეხსენებათ, უშედეგოდ არარა ხდება,
– ეს საზიზღარი, ეს საზიზღარი, – რაღაცნაირად, მთელის ეშხით და თან უბალღამოდ ამბობდა დედა, – ბავშვს სკოლაში უშვებ და ხედავ, თურმე სად და სად არ დაეთრევა? რა გინდოდა იქ, ბიჭო!
– აბა თავად განსაჯეთ, იტყოდა?
– მითხარი – მეთქი!!
ეტყოდა, განა? შინ კი არადა, ამხანაგებთანაც ვერ გაამხელდა მიზეზს, ახლა კი, პირიქით, საამაყოდაც კი ქონდათ საქმე:
სამი სვიდო მაქვს, – ამბობდა აის წრეელი, კარგ რუსულს დიახაც რომ ჩემულობდა, – რომელ ერთთან წავიდე, კაცო?
– რომელთანაც სჯობს.
– სწორია, სწორია, – ჩაურთავდა არჩილიც და წამოიმართებოდა, – შევიდეთ, ზღვაში?
კოტეჯებიან აგარაკიდან დიდად ცნობილ ქალაქ – კურორტში თუ ჩაისეირნებდნენ, იქიდან, უკან, რამდენიმე ისეთ ქალს წამოიმძღვანიებდნენ, ურთიერთს კარგად რომ შეეხამებოდნენ, იმათი გამოცნობა არ იყო ძნელი – ხელის სილამაზიანნი რომლებსაც უყვარდათ, ეტყობოდათ, რაღაცნაირად, ჩაცმულობაზე, იერსა თუ მტაცებლურ – ბრიყვულ გამოხედვაზე, მაგრამ ერთ წრეელს ერთ მშვენიერ დღეს, ღამეს, შიდა ბარძაყზე დაუმთავრებელ – ვარსკვლავ – ტატუირებული ვაჰ – ქალი რომ შეხვდა, მას შემდეგ მორიგ მანდილოსნებთან შესამოწმებლად ჯერ ზღვაში გასცურ – გამოსცურავდნენ, შრობისას ტანზედ შეამოწმებდნენ და მერე კი, დაორებულნი, აგარაკისკენ ჰერი – ჰერი. სექტემბერში ზღვისპირას იმდენად აღარ ირეოდა მილეთის ხალხი, მაგრამ მაინც, წინდახედულებით,რამდენიმე ხელისსილამაზიან ნეილონის სანდოდ დახშულ პარკს გადასაცმელში საცურაო ტრუსების წინა ვაჟკაცურ მხარეს ჩაიჩურთავდნენ და მერეღა მიაშურებდნენ ზღვას, რომელიც, თავიდან, კოჭებთან, მჭახე სიგრილით შემაკრთობელიც იყო, გაფრთხილებისათვის – „ზღვა ვარ“, მერე, მუცლამდე რომ შეაბიჯებდა, სიცივე იპყრობდა, მერე ერთი უნდა გადაშვებულიყო და გონიერსა თუ უვიც სხეულს ერთნაირად თბილი სიამით ჟღენთდა მარილოვანი წყალი, არჩილი ხელ-ფეხს მადიანად იქნევდა, კარგად იყო სექტემბრის ზღვა, კარგივე გახლდათ იმის შეგრძნებაც, რომ სულიერთაგან აბა სხვას ვის ექნებოდა წყალქვეშ იმდენი ქაღალდის ფული; რესტორნებს გარდა, ნეტარებათა თვალსაჩინო სხვადასხვაობისათვის, ბუნების წიაღშიც სჩვეოდათ ქალებიანა ქეიფითი გასვლა, ხოლო როცა ერთხელ არჩილი იმ თავისი გრძელი დანით შეუდგა ბეჭის დათლას, ერთ–ერთმა თეთრშარვალშემოტკლეცილმა, თვალებგანგებამოღამებულმა ქალმა სიცილ – სიცილით სულ ასე იძახა: „ აჰ, კავკასიელები, კავკასიელები, კავკაზია…“
ბევრი იცინეს, ძალიანი. აი, ეს იყო ცხოვრება, თორემ, იმ თბილისელი ერთი ბებერი ქალის ყოფასაც განა ცხოვრება ეთქმოდა, განა?

4.

არჩილის მეზობლად, სწორედ მისი კარგი კარის პიდაპირ, იგივნაირ ოთხოთახიანში, ერთ–ერთი წრეელი ცხოვრობდა, უშო- ერთად ჩააწყვეს. სართულზე ორი ცალოთახიანიც იყო, რომელთაგანაც თავისკენა არჩილმა არამყვირალა ენერგიულობით შემოიერთა, წრეელმა უშომ კი მეორე, თავისპირა ბინის ათვისებას ვერაფერი მოუხერხა, რას არ შეჰპირდა, მაგრამ გადასვლას არასდიდებით არ თანხმდებოდა იმბინიანი ხნიერი ქალი, მართა, „გიჟია, რეგვენ-ტიალ-ოხერი? – საჭეს უჯდა და ისე შფოთავდა წრეელი უშო, – მეტი რა გინდა ქალო, ოროთახიანში გადაგიყვან – მეთქი, ამავე კვარტალში – მეთქი…“ „მერე? – ეკითხებოდა მანქანისმიერი გვერდითა წრეელი, არჩილი და კიდევ ერთი უკნითა სდუმდნენ, თანაც, არჩილმა კარგად იცოდა, რაში იყო საქმე… „არაო. რად მინდა დიდი ფართობიო“. „ალბათ ფული უნდა“. „არა, მაგისი დედა ვატირე, – ძალიან მწარედ ცხარდებოდა წრეელი უშო, ჯდომლურ მდგომარეობას იცვლიდა, – უკეთეს ერთოთახიანში გადაგიყვან, უკეთეს ადგილას, უკეთეს სართულზე, რაც ხარახურა გაქვს,უფასოდ გადაგიტან-მეთქი, ბლომად ფულსაც დაგიმატ…ჰხაიი, ჰაა,“ – სუნთქვა ეკვროდა. „მერე?“ „არაო“. „რატომ, მაგისი… – უკვირდა გვერდითას, – სხვა რა ჯანდაბა და ოხრობა უნდა.“ „რავი, მაგისი…“ „ეგება ფული ეცოტავება?“ „არა გაგიჟდი? იმდენს დავპირდი რო…“ „მა რა დოზანა და..“ მცირე ხნის შემდეგ, სწორ მონაკვეთზე, უშო ამბოდა: „გიჟია, მა რა, აქ ჩემი შვილი ცხოვრობდაო და მე იმის ხსოვნას ვერ დავტოვებო..“ „მამა უცხონდა, ეგ თუ მაგ ბინას არ მიატოვებს, მაგისი შვილი რა, – გაცოცხლდება?“ „ბებიამაგისამ, – გაიოცებდა აღმართის შემდგომ იგივ წრეელი, – სხვა ბინაში თუ გადაბრძანდება, შვილი რა, აღარ ეხსომება?“ „რავი, მაგისი..“, დაიბოღმებოდა უშო და მოსახვევს ისე ჯიქურ იპყრობდა, მკვეთრი წივილი პროფილებზე, გლუვად უხილავ განაფხაჭნად გადასდიოდათ, და ზომიერად შემკრთალი გვერდითა წრეელი დაუყვავებდა: ,კარგი რა, უშნო, შენ და შენ ნერვებს არ გაუფრთხილდი, სხვა კი არ მოუვლის… შენ კარგად უნდა დაფიქრდე, უშო, ნელა ატარე და ისე , ყოველთვის არის გამოსავალი“ მეტი რაღა ვქნა, შე კაცო, – უკვირდა უშოს, – ცოლად ხომ ვერ შევირთავ და..“ ამას სიმწარე ახუმრებინებდა, რაღა თქმა უნდა, რადგან ის ქალი დედად ერგებოდა. საერთოდ კი საქეიფოდ მიდიოდნენ, გორთან. „ბიჭოო, მოვიფიქრე! – უხაროდა მანქანაში მინამდე ყუჩად მჯდარ უკნითა წრეელს, მაგარი საფლავის დადგმას დაპირდი და, აი ნახავ თუ, თუ არ დაგთანხმდეს.“ უშომ სარკიდან შეხედა და, თქვა: „ ვუთხარი ეგეც. არ მოინდომა“. „ რატომ, შე კაცო… არ ჰყვარებია?!“ „ არა, არ ვიცი, სულ სხვა რამე მოიმიზეზა“. „ რაო…“ „ აქაც უბრალო იყოო და…“ „ კარგი, ოჰ, კაცო…“ – უკვირდა წრეელს. „ აბაა… ბედი არ გინდა? – მწარედ დაიჩივლებდა უშო,- უველა ოხერი მე უნდა შემხვდეს“.
გადაუხვიეს.

5

„შაოს ბოდკინი დამართნია, ეგღა უნდოდა? მაინც ისედაც ძვალი და ტყავია“, – თქვა გვერდითა წრეელმა. „უიმე, რას ამბობ, როგორ? – ძლიერ უგულოდ იკითხა უშომ. „რა ვიცი, კი წევს და…“ „აუცილებლად უნდა ვნახოთ, – სისულელით წამოსცდა გვერდითას, მაგრამ საჩქაროდ გამოასწორა, – თუმცა კარანტინი ექნება ნაღდად, გადამდებია.“ „ხილი და რამე შევუგზავნოთ.“ „ადგილიც აღარ ექნება, კაცო, მარტო ანტონა… ფული სჯობია,“ „აკლია, კი, კი, – იღიმებოდნენ, – და შენ რომ აიღო და ის ფული დაამატო და სადმე სხვაგან გადასცვალო ბინა?“ „გაგიჟდი, ბიჭო? – სარკესამჯერად არ დაკმაყოფილდა და მიუხედა კიდევაც უშომ, – რაც მე რემონტში ჩამიყრია…“ „ჰოო, – მყის თანხმდებოდა და მერე ხელებსაც შლიდა უკნითა წრეელი, – არა, ძმაო, არა, შენ რომ გაქვს, არა? – ეგეთი რამე ჯერ მართლა არსად არ მინახია…“ უშოს გულს ეს კი სიამოვნებდა, მაგრამ დაჩაგრულად ამბომაგრამ აჩიკომბდა: „მე სწორედ მაგისმა რემონტმა არ დამღუპა?“ „შენმა?“ „არა, იმ ქალის“. „იმ ქალის? რატომ…“ „რა ვიცი, მაგის შვილს მაგის ოთახში რაღაც ნაგავი შპალერი თავისი ხელითგაუკრია და… მეო , იმის ნამუშევარს ვერ მივატოვებო, დიახ…“ „მალარი იყო?“ „არა, ფიზიკი. და თანაც, რაღაც მატაციკლეტისთვის თურმე ფულს აგროვებდა“. „მაგრა ყოფილა. ისე, ის ბიჭი რომ არ მომკვდარიყო, ოროთახიანში ნაღდად გადავიდოდნენ, ოჯახის შექმნა, ცოლიო, რამე…“ – თითქოს დასაბუთებულად მსჯელობდა უკნითა წრეელი, ხოლო უშანგის უფრო ეკიდებოდა ცეცხლი, გულდათუთქული, ასე ამბობდა: „აბა მე რავი, მე ჩემი ბედი, მოკვდა.“
უახლოვდებოდნენ, გორს.
ამისთანებს, გულღიაობდა ალაპარაკებდათ, თორემ ისინი აი იქ უნდა გენახათ, ერთმანეთის ოჯახებში, წვეულებებზე, ანდა – საჭირო ზევითურა ხალხის თანდასწრებით ხომ…რა პეწი ახლდათ, რა სიკოხტავე, როგორვითარი მზადყოფნა, ანდ რანაირი სიტყვა-პასუხი; ხვეწნურად ძლიერ მომლოდინე მზერას აღაპყრობდნენ ნემსთყუნწშიგამძვრალთ, დახვეწილები გახლდნენ ისეთი უცხო თვალს მათთვისრომ შეეხედა? – სულო და გულო… ატაშეების მიხვრა-მოხვრა ჰქონდათ. სულ სხვანი იყვნენ ქალაქგარეთა რესტორანში, კაბინეტთაგან ყველაზე უშუალოში მოყუჩებულნი, სიცხეში ცივი შამპანურით აგრილებულნი, და თანავდროულად ახურებულნი მაინც, პერანგჩახსნილნი, ჭიპამდე დეკოლტეთი ისხდნენ და სვამდნენ, მეორე დილით კარგი იყო მაცივრისმიერი შინდის კომპოტი, დაფუფქულივით ენა-ხახაში სასიამოვნოდ იჟღინთებოდა, საერთოდ, ზაფხულს, ნაზად ნატიფი საჭმელები უფრო უყვარდა, ხბო, ბატკანი, ვთქვათ და სულ სხვა რამ ეშხი ჰქონდა დეკემბრობით საფერავსა და ღორის მწვადს, ჯიგრის ყაურმას, ხანდახან ძლიერ კარგი იყო განსხვავებულობანიც კი, როგორიცაა ტორტი, მოკლედ, რა იცი, ორგანიზმი რას არ მოგთხოვდა, მაგრამ ყველაფერი ეს თავისით კი არ მოდიოდა, ამას შრომა და ანგარიშიანი გაბედულებანი უნდოდა, შემმოწმებელთა სისუსტეების ამოცნობა, ჭკუით მიდგომა, სხვადასხვაკუთხა დაზღვევები, გამოზომილი ურთიერთობა როგორც უფროსთან, ასევ – უმცროსთან, თანამშრომელთა თვალის გასაკეთილებლად რაიმე ზედმეტი უანგარო დატვირთვის აღება, მართლა ადვილი კი არ იყო იმათი დარგი, ოღონდაც, რისთვის, და რა ამტანი იყო სხეული, თანდათანობით ბუნების წესით თუმცა ცვდებოდა, ალბათ, მაგრამ ჯერხნობით არა უშავდათ რა, თითქოს, და შესამოსიც აღმატებულად თანადროული ჰქონდათ – ჯერ ის იყო და, ნეილონ – ბაიშილონობა იყო და, სულ შარიშური გაუდიოდათ, „ ბიჭი მიდის მოხვეულში“ – ს ჰგავდნენ, მერე მოვიდა შავად მკაცრი „კრეპ“-ობა, უცხო ქვეყნების მაძებრებს ძლიერ ჩამოემგვანნენ, ოღონდაც ღლაპას ვერა გუობნენ, ხავერდობანა რომ შემოვიდა, ახავერდოვდნენ, მზის შუქზე ჭავლი გადასდიოდათ, მერე ჩამოდგა ტყავით შემოსვა, ტყაოსნობანა, რა უჭირდა რა, სიამოვნებდა თვალს, მაგრამ ერთს ერთხელ თავში დაადეს დიდი აგური.
აგურისავე სახლში ცხოვრობდა ეს ადრე, წინათ, დედუფალი „ნ“ – აჩიკო იმის ფანჯრებს ისე გაოგნებულად დამფრთხალი მიჩერებოდა, შუშაზე მეტად თავად უფრო შუშისა იყო, ფარდის ერთი შერხევა და, დაიმსხვრეოდა ნაღდად, ღელავდა ისე. გარეთ ციოდა, დიდ ერთგულ ჭადარს ამოფარებოდა აჩი; რა კარგი იყო, ზამთრობით რომ ღამდება ადრე, ისე – უბრალოდ ვერ შენიშნავდნენ, აჩიკო ოდნავ წინგადახრილი იდგა, და უნებურად მუცელზე მიედო ფრთხილი ხელისგული – ნაოპერაციევზე, შინიდან პირველად გამოსული გახლდათ. პირდაპირ აქეთ მოაშურა, „ნ“-ს სახლისაკენ, და რა თქმა უნდა, არასდიდებით გაიყოლია შემკრთალი დედა – „ვაიმე, ვინმე არ დაგეჯახოს… “ აჩიკო იდგა რაღაცნაირად ვალმოხდილი, გაამაყებული, რადგან თავისი ძნელი ჩანაფიქრი კაცურკაცურად განახორციელა: სამიოდ კვირის უკან, რაღაცა ბედად, აეკვიატა, რომ ამ შუა ზამთარში თბილისის ზღვაში თუ შებედავდა, მერე მოხდებოდა ისე, რომ გაიცნობდა „ნ“-ს და კინოში ერთად წავიდოდნენ და სანახევროდ ისიც ჩაიფიქრა, რომ „ნ“ ლაღიძის წყლებშიაც კი შეჰყვებოდა და სამ-სამ ორმაგს სვენებსვენებით გამოსცლიდნენ, ჩაიფიქრა აჩიკომ ასე და, თბილისის ზღვაზე მარტოდ წასვლისაც აბა რად უნდა შეშინებოდა, აგერ არ ჰყავდა პატარა კაკი? თბილისისზღვაზე მაშინ, ტრანსპორტი არ დადიოდა, არც ეს სახლები იდგა მაშინ, ყრუ, მივარდნილი ადგილი იყო, მაგრამ აჩიკომ და მისმა კაკიმ ყოჩაღად სძლიეს შორეული გზა, და დიდ-გმოცდის ჟამი რომ დადგა, და ტანსაცმელ-კაკიზე-გადაბარებულმა, სიცივისაგან ქვადქცეულმა აჩიკომ წყალში რომ შეჰყო ცერი, ასე ეგონა, სუსხისაგან აფრინდებოდა, და მაგრამ, მაინც, სიყვარული ეხხ, სიყვარულო-უხხ, თავითფეხამდე დასველდა და, ძმაბიჭის ხვედრის წარმოდგენით თვალებმომწაროდდახუჭულ კაკის თავისი პალტო გამოგლიჯა და ტანს იმითი როცა აკანკალებული სხვა სიტყაა, იმშრალებდა, კაკი თავისი მწვანე ყელსაბურით ძმაბიჭის სველ თმაზე ცოდვილობდა, ძალიან უშლიდნენ ერთმანეთს ხელს, და როცა გადალურჯებულიც სხვა სიტყვაა, აჩიკო გაოგნებული მშობლების წინაშე შუაღამისპირს ამაყად წარსდგა და შეკითხვაზე, თუ სად იყო, გამარჯვებულმა საკუთარ თავზე, გარკვეული ქედმაღლობით მოხსენებულჰქმნა სისწორე, ამ პასუხს მშობლების მხრიდან, რაღა თქმა უნდა, აპლოდისმენტები არ მოჰყოლია, და, კიდევ კარგი, თავშეკავებული კაცი იყო აჩიკოს მამა, მხოლოდ ვალერიანის ორი აბი იკმარა, რაც შეეხება დედას, სხვა დროს ამის მეათედსაც არ აპატიებდა, მაგრამ ახლა, განცვიფრებული, წიგნიან სკამზე დაჯდა და ესღა იკითხა:
– იქ რა გინდოდა, მითხარი, შვილო…
აბა, თავად განსაჯეთ, იტყოდა?
– მითხარი, შვილო, დედა არა ვარ?
ეტყოდა, განა? – ყოფილიყო რა… ნურას უკაცრავად – „ნ“-ს ირგვლითა საქმენი სხვაგვაროვანნი გახლდათ, და სიტყვა „საიდუმლო“ -ს ნაჯობნარა სიტყვა „ხვაშიადი“, ასე ჰფიქრობდა, როცა ფილტვების ანთების შიშით დაფაცურებული მშობლები შეყვარებულ ყმაწვილს თავით ფეხამდე სპირტით ზელდნენ, და თუმცა აჩიკო გაციებითაც არ გაციებულა, გაცივდა კაკი, ოღონდ, ისე მოხდა, დამთხვევა იყოთუ არა კაცმა არ იცის, ალბათ არ იყო, მეორე საღამოს, მწვავე შეტევისა გამო, მკაცრ მაგიდაზე საბრმანაწლაოდ წამოაწვინეს თეთრებმა აჩი, ბიჭ-რომანტიკულს კინოთა და ორმაგ-ორმაგ ტკბილ წყალთა ნაცვლად საცდელი ყარფუზის ბედი ეწია, ეს იყო საქმე? წარმოგიდგენიათ, ხომ?
მაგრამ ბრმა ნაწლავს, გლანდებსა და ამისთანებს რა უჭირდა, მორჩენილზე, ავადმყოფობა ცოტათი საამპარტავნო და შვებითაც იყო, სხვა გემოჰქონდა დასუსტებულზე ქუჩაში გასვლას, როცა გგონია რომ შენი გმირული ამბავი სუყველამ იცის, ხალხი კი თავისთვის მიედინება, რა გამოულევს საქმეს, ნაავადმყოფარზე ახლობელთა ზედმეტი ყურადღებაც საკმაოდ თბილად ეფინება გაამაყებულ გულს, და გაკვრით ჩავლილ, თითქოს თამაშა, სურდოსნაირ, ვთქვათ, ავადმყოფობებს რა უჭირდა რა, დაავადება აი ის იყო, საშინელი და ძრწოლისმიერი – მართას შვილს უცებ რომ აღმოაჩნდა. მართას ქალიშვილიც კი ჰყავდა, მაგრამ ის როგორღაც არ ითვლებოდა, სადღაც შორს იყო გათხოვილი, და მართას იმ თავის ბიჭზე ამოსდიოდა, როგორც იტყვიან, მთვარე და მზე, როგორც იტყვიან, ის იყო მისი გულის ვარსკვლავი. ბიჭს თითქოს არა უშავდა რა, ჩვეულებრივივით იყო, არჩილი იმას არასოდეს დალაპარაკებია, მხოლოდ ესალმებოდნენ ერთმანეთს. ის ერთოთახიანიც იმ ბიჭისათვის მიუციათ; როგორც ამბობდნენ, ნიჭიერი ფიზიკოსი ყოფილა, და შეუწყვიათ ხელი. მართა რომელიღაც საავადმყოფოში მოწყალების დად მუშაობდა, ადრე.

შვილის ამბავამდე, მართა ქოთქოთა და მხიარული, ქალი გახლდათ, მოულოდნელი სიმსუბუქით იმორჩილებდა დიდ, მსუქან სხეულს, გაცინებისას თვალები სულ აღარ მოუჩანდა და ლოყებზე კი სამაგიეროდ დიდი ფოსოები უღრმავდებოდა, მაგრამ არჩილმა არ იცოდა ეს. მართას განსხვავებულ, გაპრანჭულ მეზობლებში მორიდებით ეჭირა თავი, ხოლო მაღაზიებიდან რაგინდ მძიმე ჩანთით მობრუნებულიყო, ლიფტით არ სარგებლობდა – სიმჭიდროვისა თუდახშულობის ეშინოდა თუ რაღაც ამგვარი…
არჩილს კი დიდად ეამაყებოდა განვითარებული ტექნიკური პროგრესი, – იქნებოდა ეს სწრაფმავალი ლიფტი, ფერადი ტელევიზორი თუ გაუმჯობესებული მანქანა, ესკალატორიც, თანდათანობით ყოველივე ეს ძალიან კარგი რამე გახდა, მშვენიერიც კი, რადგან არჩილი საგრძნობლად დამძიმდა, ადრე აჩიკოს, მაღალს და გამხდარს, უფრო ბუნება და მისი თითქოსდა მიშვებული წესრიგისა სწამდა, ათალწუნებით უყურებდა შეკრეჭილ ბუჩქებს. ახლა პირიქით, მსჯელობდა კიდეც – მოდი, თუ კაი ბიჭი ხარ და, ნუ გასხლავს გლეხი ვაზს. მაგრამ ის ბუჩქები ნაყოფს არ იძლევიან, არიან თავისთვის, რას აშავებენ, ეს არ ახსოვდა, არხეინად იყო, დამძიმებასაც რა უჭირდა რა, რომელი ჭოკით მხტომელი არჩილი იყო, მაგრამ ზღვისპირა აგარაკისთვის მაინც ცდილობდა წონის დაკლებას – რაც გინდა იყოს, პლაჟს ტანით მოხდენილები უფრო ჰშვენოდნენ და არჩილი აგარაკამდე ერთი თვით ადრე მკვეთრად ზღუდავდა პურისა და ფქვილეულის ათვისებას, ერიდებოდა ისეთ საჭმელებს, რომ აწყურებენ, უფრო ხაჭოსა და მისთანებს შეექცეოდა, და ამის გარდაც დილის გამამხნევებელ ვარჯიშს მისდევდა; ასე განსაჯეთ, რადიოს დახმარებით და არა ტელევიზორისა, რადგან ამ უკანასკნელში ისე მშვენივრად ჩამოსხმული სამაგალითოდ მოვარჯიშე გოგონები სცვლიდნენ ერთმანეთს, არჩილს განმკლავ-მიმკლავებისა ნაკლებად სცხელოდა. ამ შემთხვევაში უაღრესად ფერად ტელევიზორს ნაკლებად განვითარებული რადიო სჯობდა. კარგსპორტულფორმიანი არჩილი საწყის მდგომარეობაში: („ფეხები ოდნავ განზე!“) დგებოდა ნოხზე, და შეძლებისდაგვარად ასრულებდა დიქტორის მბრძანებლურ-დამყვავებლურ მითითებებს („წაა-მოწექით ახლა, ხელები მაღლა ასწიეთ-ეთ, ასე, წაა-მოჯექით, ამოისუნთქეთ ახლაა, ისევ საწყისი მდგომარეობა, ეეერთი,.. ოოორი – ვაჟებმა შეგიძლიათ ჰანტელები აიღოთ – საამი,.. ოოთ-ხიი,.. კარგია, ეეერთი…“) არჩილი თავიდან კი იღლებოდა და სახსრებში სტეხდა, მაგრამ მომდევნო დღეებში ეუფლებოდა ვარჯიშს, სხეულს ახსენდებოდა მივიწყებული, ერთდროს მშვენიერი კალათბურთელობის რაღაც მოქნილი ნამცეცები, და გიმნასტიკის დიქტორზე ნაკლებ როდი შველოდა იმ უცნობი პიანისტის, გვარად როდიონოვს რომ უცხადებდნენ, მელოდიები და აკორდები. იყო ადგილობრივი გადმოცემაც, ადგილობრივი პიანისტით, ხარშილაძეთი, მაგრამ ხარშილაძეს ნუეწყინებოდა და, როდიონოვის მჩატე ჰანგები ხარშილაძის მჩატე ჰანგებზე უფრო შთამბეჭდავი იყო. პიანისტი როდიონოვი ალბათ თავისით ირჩევდა მოვარჯიშეთათვის მხნე, ცნობილსა და მსუბუქად სასიამოვნო მოტივებს, თავისებურად აიმპროვიზირებდა, საჭიროებისდამიხედვით სცვლიდა რიტმს, და ერთხელ, როგორღაც, არჩილს ის პიანისტი, როდიონოვი, აეკვიატა: რამდენი ვინმე ვარჯიშობდა ალბათ მისადმი ნანდობ პიანინოს ხმაზე, ეს უხილავი და მაინც რამდენის ოჯახისკაცი მოისურვებდა და უფრო სწრაფად აახტუნებდა რამდენ ვიღაცას, მოინდომებდა და, სულ ყირამალა აკოტრიალებდა, არჩილის თვალში ყოვლად უცნობი პიანისტი ესე თანავდროულად ახლობელი და ჰამაც შორეული ისეთიი, ხდებოდა, არჩილი ხანდახან ლიფტშიაც კი ცდილობდა წარმოედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო დილის მაესტრო, როდიონოვი, საერთოდ, ცხოვრებაში. რა უცნაური ახირება იყო მაინც ეს: ნეტა ეკეთა თუ არა რომელიმე თითზე გიშრისთვლოვანი ბეჭედი, ან ჰყავდა თუ არა ნანინანატრი ცოლ-შვილი პიანისტ როდიონოვს, ან ნეტა როგორ მოიქცეოდა პიანისტი როდიონოვი, შვილის უმსგავსი საქციელის ამბავს სკოლიდან თუკი მოუტანდა მისი ნეტაროგორკაბიანი მეუღლე, ევა. ხოლო პიანისტი როდიონოვი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდებოდა, როცა აქა-იქ გამოურევდა ფრანგულსა თუ იტალიანურ მელოდიებს, მაშინ პიანისტს გრძელ გონდოლაზე ყელმოღერებულს წარმოიდგენდა, მაგრამ იყო კი ნეტავი იქ, სორენტოში, ზურმუხტისფერი, ანდა საერთოდ, ზღვა?
უცნაურია, რაღაც ძალით და მიუწვდომლობით, ეს ახირება ბავშვობიდანულს ჰგავდა. ბავშვობაში კი, რა არ ხდებოდა, – ჯადოსნობანი, რა საკვირველი წარმოდგენები იპყრობდა ხოლმე, აი, მაშინ კი, მააშინ, როცა აჩიკო მშობლიურისაზე გაცილებით გრძელ და შეუდარებლად ფართო ქალაქში მოხვდა , და როცა მამა სადღაც უზომოდ მაღლივ შნობაში მივლინების დასამოწმებლად შევიდა, უცხო ქალაქში , ძალიან ჭრელ და მოძრავ ხალხში მარტო აღმოჩნდა პატარა აჩი, სადარბაზოსთან უმწეოდ მდგარი, გადათელილი ქუჩის ხმაურით და მიმომავლებს, აჰ, უცხოთ ისე, რაღაცნაირად, ძალიან განზე მიგდებულის უსუსურობით შესცქეროდა, და მერე, უცებ, საშინლად ისე, რაღაც განათდა! – აჩიკო ჩასწვდა,რომ ყველაფერი, ყოველივე ეს – სულ მისთვის იყო! ეს სწორედ მისთვის ხდებოდა ტროლეიბუსთა გულგრივი ჩავლა, ეს მისთვის იდგა ძველი სარდალის ქანდაკება, ფართო ხმლით ხელში, მისთვის იქნევდა გატიკნულ პორტფელს დაგვიანებული სადღაცას, აღელვებული კაცი, და სწორედ მისთვის იყვნენ ისე გულგრილნი ერთურთისადმი მოძრაობის მარეგულირებელი მილიციელი და ოთხგზის უკვე გამოთხოვილი, გზასაცდენილი, და ქუჩის კი სწორად გადამსვლელი ჯერაც ლამაზი ქალი, ბავშვობისმიერ განთებებში აეს ჩაწვდომა ყველაზე მეტად შთამბეჭდავი, დიადი გახლდათ – რომ ყველაფერი მისი იყო და მისთვის ხდებოდა, მაგრამ ერთს, მთავარს, მაშინაც კი ვერ მიხვდა – რომ აღმოჩენით პირდაღებული პატარა აჩიც თავისი მხრიდან ყველასი იყო, ვერა, ვერ გრძნობდა სწორედ ამ ამბავს, ამ მთავარ ამბავს, რომ თავადაც რომ, ცალმხრივი აღმოჩენით შეძრული, ისიც ყველასი რომ იყო და იმათთვის იდგა, და, აღზევებით გამართული, მამის მოყვარული თითების შეხებისთანავე შეკრთა და თავისი ამ, როგორც ეგონა, ზეპატივმოყვარული წარმოდგენისა ძლიერად შერცხვა, ასე ეგონა თუ, ძალიან ბრგე და ძლევმოსილ ვინმედ წარმოიდგინა პატარა თავი, ისეთი დიდი, ვრცელი ქალაქი რომ დაიჩემა, და მობუზული მიჰყვებოდა რომელიღაც მუზეუმისაკენ გახარებულ მამას – შვილი მოესწრო, შორ ქალაქში ჩამოიყვანა.აჩიკოს მერეც ძაან რცხვენოდა იმ განათების,რა იცოდა რომ, მართალი იყო, რადგან ჩვენ, ყველა ადამიანი, მთლად უხილავი რაღაც ქსელით სულ ერთმანეთზე ვართ გადაბმულნი, რის უცხოობა, მთლად უცხონიც კი, ერთმანეთის ვართ, აქ რაღაც სულ სხვა, სხვა ძალაა და ჰოიჰ, ბეჩავი პიანისტი როდიონოვი, თუკი ჰგონია რომ ეს ის ამოძრავებს, თუნდ დილაობით, სურვილისდასებრ ხალხს, არა, აჰ არა, გინდ სულელური რამ მაგალითი ავიღოთ, თუნდაც უშოსი: „მე ჩემი ბედი, – ჩიოდა უშო, – მაინც რამ მოკლა…“ „აბა, კაცო, – ეთანხმებოდა გვერდითა წრეელი, კვლავ მანქანაში, კვლავ ოთხნი ისხდნენ, გურჯაანამდე ჯერ ბლომად აკლდათ. „მე რომ ბედი მქონებოდა. – მსჯელობდა უშო, – ეგეთი ტუტუცი მეზობელი კი არ შემხვდებოდა, ვინმე ნორმალურს შევეყრებოდი“.
„აბა, მაშ, კაცო…“ მცირედ ჩაყუჩდნენ,და თურმე ტყუილ-უბრალოდ კი არა, რადგან უკნითა წრეელი თურმე ბედის მრავალკუთხობრივობაზე ფიქრობდა, რადგანაც, თქო: „მე რომ ვუკირდები, არა, უშო, რამდენმა რამემ შეგიშალა ხელი, აი, ერთში მაინც რომ გაგმართლებოდა…“ „რაში…“ – სარკიდან შეხედა უშომ. „აი, ვთქვათ, არა?! – ჯერ ის ბიჭი კარგიფიზიკი რომ დამდგარიყო, ბინას ხომ ისე არ მისცემდნენ და ვიღაცამაც აღმასკომში ხომაწონა, და ბინა რაღა მაინცდამაინც შენ გვერდით მიაშავეს, და რაღა მაინცდამაინც შენ ჯინზე მოკვდა და ის იეფი შპალერიც რომ არ მიეტყაპნა, და მატაციკლეტის ფული რომ არ აეგროვებინა, ხომ უკეთესი ექნებოდა საჭმელსასმელი, მაგათ რა,ცოტაც კი ჰყოფნით ხოლმე, და ის მართაა თუ ვიღაც ოხერი, ეგებ სულაც არ გათხოვილიყო, ვერ დაჯდებოდა სახლში?“.. „აბა,მაშ, კაცო… – ჰაზიზი გული უკვებოდა უშოს, საჭესა ბღუჯავდა, – დამჯდარა კიკოდ ოხერ-ტიალი სახლში, და სულ რადიო აქვს ჩართული“. „მუსიკებსისმენს?“ – უკვირდა გვერდითა წრეელს. „ ყველაფერს უსმენს, მე კი მაგისი…“
ასიმართლე იყო. ბალიშში თავით ჩამხობილ მართას რადიო ერთთავად ჩართული ჰქონდა, საშუალო ხმაზე, ზლუქუნს მეზობლებამდე რომ არ გაეღწია; ერიდებოდა. აგარაკისწინა არჩილს დილის ვარჯიშის წამოწყება არ გამოეპარებოდა – გინდაც შესაბამისი დრო დავიწყნოდა, მართას კედლიდან მაინც მოჟონავდა მხნე, ხალისიანი ბგერები,იქით კი იგივ ჰანგები ალბათ უშოს კარგრემონტიანი ბინისკენ მიცოცავდნენ, უშო ძალიან სკდებოდა გულზე, მაგრამ მართასავით, რაღა თქმა უნდა, არ უკვდებოდა გული, რადგან ეს იმას აზლუქუნებდა მიწაში მწოლი ერთადერთი ვაჟი, როგორც იტყვიან, მისი გულის ვარსკვლავი, და ქალისათვის, რომელსაც ლიფტის დახუთულობაც კი აშინებდა, როგორი უნდა ყოფილიყო იმ ერთადერთი ვაჟის კუბოში წოლის წარმოდგენა, რადგან იქ ალბათ ძალიანი სივიწროვეა.
მაგრამაც არჩილს, წრეელებთაგან განსხვავებით, ხანდახან მაინც ეცოდებოდა თავმკვდარი მართა. ის კი არა და და, ცოტ-ცოტაობით თავისი საქმიანობისაც ეეჭვებოდა, თუმცა გამართლებანი წრეელებს, იცოცხლე, ჰქონდათ: „მე რომ არ ვაკეთო, არა? – მერე შენ მირჩენ ცოლ-შვილს?“ „ჩემმა ბავშვებმა რა დააშავა…“ „რაღა მე ვიჩანჩალო კუდში…“ „ქვეყანა ასეა და…“ – ჰეჰ, ქვეყანაში აღარც სთვლიდნენ გლეხს, რომელიც რომ, რაც გინდა იყოს, ბუნების წინაშე მაინც მართალია, არც ინტელიგენტს, და, რაღა თქმა უნდა, აღარც მართას, თავის შვილიანა, ამ უკანასკნელთ მტრებადაც კი რაცხდნენ, და, მხოლოდ თავის გატანა კი არა, ხშირად ნამეტანიც რომ მოსდიოდათ, ამას არაფრად აგდებდნენ, ეს რაღაც ანცობასავით ითვლებოდა, აი, თუნდაც იქ: როცა არჩილის წრეელები ერთ შედარებით დაბლამდგომ ძმაბიჭს ახლო რაიონში ეწვივნენ, ხოლო იმას კი სწორედ იმ დროს მართალია რბილი, მაგრამ მაინც რევიზია ჰყავდა, ერთობლივ დიდად აღფრთოვანდნენ და ეგრევ გადასდეს კარგოქმთფორმება და რაიონის საუკეთესო, ტყეში მოყუჩებულ რესტორნისაკე-ენ სულ ბენზინის წვით აღმართ-აღმართ გასწიეს ნელა, ხოლო როდესაც ძმაბიჭ მასპინძელმა შედარებით უბრალო ღვინო – „კახეთი“ ჩამოადგმევინა მიმტანს, წრეელები და რბილრევიზორნი საკმაოდ შეცბნენ, მაგრამ გაირკვა მსწრაფლ ყველაფერი: იმ ხანობისათვის (მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურული), იმ რაიონში (ჰოპ-გეგმა, ყველაფერი, რამე), თურმე სწორედამ ძნელი ღვინის სმა ითვლებოდა დიდ ვაჟკაცობად, და არა სიძუნწედ, რაიც იმანაც დაადასტურა, რომ მიმტანმა ორი ყუთი შამპანურიც ძლივას ოზიდა რიგრიგობით, გაოცებული სტუმრების თვალწინ სუყველა ვერცხლყელა ბოთლი დიდის დგაფუნით გახსნა, და გაოგნება უნდა გენახათ, როცა ქაფქაფითაელვებული ძვირფასი სითხე მაგიდის ირგვლივ სხვა მიმტანთან ერთად, ყოჩაღად, მაგიდის ირგვლივ მიმოაქცია…
– ორმოცი ბოთლი!, და ამა დიდმანევრობის საშუალებით, ჰოი, რა ძალა მოემატა უბრალო „კახურს“, აჰ, როგორ სვამდნენ, რა აღჭურვილი გაიგეს გემო, აგარაკისპირს, პურს არ სჭამდნენ და გოჭის კანზე მრავლად ისვამდნენ ხიზილალას, ქეიფი იყო? – ძველ რომაელთ დამშვენდებოდათ, ბოლოკიც იდო, აის ეშმაკი, და ვახტანგურად ბრუნდერშაფტს სვამდნენ, და ერთადერთი, არჩილი გახდა რაღაცნაირად უგუნებოდ, რაღაც…მერე, წამოდგა, გავიდა განზე, ვინ შეამჩნევდა, აღფრთ აღგზნებულები იყვნენ, არჩილმა კი მახლობელი ტყისკენ გასწია, ტყე იქვე იყო, შევიდა ტყეში, და ერთ-ერთ ხეს, რომელიც უფრო მოუვიდა თვალში, მიუახლოვდა და ნელა მიადო ხელი. ცაცხვს ნაზად მშრალი, გრილი ქერქი აქვს, მაამებელი, არჩილი იდგა, გატვრინვით იდგა და ხიდან თითქოს რაღაც სიმართლე გადმოსდიოდა, იდგა, იცდიდა, და მიხვდა, მიხვდა: აი ის ფული, შამპანურის ის მიმოდაქცევა და პურმარილი, ნაღდად, ნამდვილად რომ ეყოფოდა მართას ბიჭს იმ სანუკვარი მოტოციკლეტისათვის, – ძალიან მიხვდა. თავჩაქინდრული, დარცხვენილი იდგა არჩილი, ახლა აჩიკოს წააგავდა, და მაინც. მერე, რომ შემოესმა მწყობრი სიმღერა, პირველ ხმას კოხტად ამბობდა უშო. კვლავაც სუფრისკენ გასწია და, პურ-მარილს რა სჯობს, ნეტა თუ სვამდა ხანდისხანობით მუსიკოსებში ის პიანისტი როდიონოვი?

ეს ანცობანი, ჯანდაბას კიდევ, არაფერი, მთავარი უფრო მაინც ის იყო, საკუთარ თავში შეეჭვებულებს, გასამართლებლად, ყოველნაირი ცუდი ამბავი რომ ახარებდათ, ეს იყო მათი შვება, რომ ვიღაცამ ვიღაცა ბებუთით დასჭრა, ან რომ გაქურდა, ან რომ გლეხები დანასისხლად ჰყიდიან სურსათს, რომ ვიღაც ექიმს ქრთამში ჩაავლეს და ვიღაც გამომცდელს ვიღაცისგან დიდი მაყუთი აუღია, აი, რა ჰქონდათ გასამართლებლად და გასახარად, და, უმრუდდებოდათ რეგვენი თვალი, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ის იყო, რომ, გამაძღარებს, აღარ ახსოვდათ, რომ აქვთ სამშობლო, საქართველო, ძველგადმოცემით, ღვთისმშობლის სათნოდ წილი ქვეყანა, რომ იმერეთში ფერებია რომ, აღუწერელი, რომ გურიაში ბორცვებია რომ, აჰ, სანეტარო, სამეგრელოში, განსაცვიფრებლად, ერთი ისეთი ამოდის მთვარე, და რომ კახეთში რა წვალებით, როგორვითარი წვითა და დაგვით მოჰყათ დიდ გლეხებს ეროვნული საუნჯე, ვაზი, და რომ სვანეთში შუაღამისას კლდით გადმოდიან დაუ და დალი, რომ ქართლში ისეთ ისეთ ქართულს ლაპარაკობენ, მიდი, იარე და უგდე ყური და რომ იქ ერთი სოფელია, ძლიერ დრეკადი სახელით, ნოსტე, ეს აღარ ახსოვდათ. თავი და თავი უბედურება, ამაში იყო.
ჩვენს ნათარეშევ, სად და საითკენ არ განზიდულ მკრთალ საცავებშიც, მაინც ისეთი ნივთები ძევსს რომ…

6.

და იყო კიდევ ერთი რაღაცა, ბნელ ღამეობით უსაზომოდ დამაფიქრველი.
არჩილისათვის, უბრალო სიტყვით, ეს იყო ნისლი – გაუგებარი, უცხო ნაწილაკებით მოსილი და დიდად საეჭვო მაინც. გულზე დავიდოთ კარგად დაბანილი ხელი: ხომ გაგვკრთომია ანაზდად, უცებ – ეგება არის?
რა…
რა და, –
ერთხელ უშომაც კი შეახსენა, ამჯერად, ხუთნი, ორთქლის აბანოში, დასვენებისას, ზეწარშემოხვეულები, კაი ჩეხური ლუდით მოთენთილები ისხდნენ, და პირზე რაც კი მოადგებოდათ, ყველაფერს ფქვავდნენ, ოღონდაც ზანტად.
„სახლში,მივალ, და, ხაშსაც, დავურტყამ, – ლუღლუღით ამბობდა აის წრეელი, მანქანაში რომ გვერდითა იყო და ოდნავ ცოცხლდებოდა, – ხომ წამოხვალ ჩემთან?“ „შენ, რა გიჭირს, რა, – ძლივას მიუგო უშომ, – სახლში, შენ, მისვლა, გიხარიან და, აბა, მე მკითხე…“ „აღარ გადადის, ჩემის ტრულალა?“ – იკითხა ამჟამად სხვებზედ ყოჩაღმა წრეელმა, რომელიც თირკმელების ნაადრევი შეჭკნობისა გამო ლუდს არა სვამდა. „არა, აჰ, არა…“, – ვობლაინი ხელი ჩაიქნია უშომ. „შვილის გულისთვის…“ – ჩაურთო ახსნა ყოფილმა გვერდითამ. „ფიზიკი თორემ… – ამოქმედდა აქ აის წრეელი, მანქანაში რომ უკნითა იყო, – ფიზიკი რა, დიდი ამბავი – თუ უნიჭოა, რაღად გინდა, დათუ ნიჭიერია, მთლად უარესი, აკეთებენ დინამიტებს“. შეექცეოდნენ, ვობლებს, არჩილი იმ თავისი გრძელი დანით ყუჩად იჯდა და თევზებს შიგნავდა. „ისე, კაცმა რომ თქვას, – დიდის შეპარვით წამოიწყო უკნითა წრეელმა, – რა არის მაინც მაგისი ცხოვრება, თუ ზის და ტირის“. „მაგის ადგილზე, – ხელათ მიუხვდა ახალი წრეელი, – თავს არ ვიცოცხლებდი“, და გამომცდელად შეაცქერდნენ უშოს, იმან კი ჯერ წამით ქვეშ-ქვეშად გამოხედა რიგრიგობით ყველას, ვობლას წიწკნიდა, და, მერე მაინც დაუდევრობით, სხვა დროს ამას როგორ იტყოდა, ლუდით მოთენთილმა, თქვა: „ვურჩიე ეგეც… ერთხელ შევედი, ვითომ თანაგრძნობას ვუცხადებდი და შეწუხებულმა, ასე ვუთხარი, როგორ ძალიან მეცოდებით, რა არის აბა, თქვენი ცხოვრება, მხოლოდ ტანჯვა და წამება-მეთქი…“„მერე, რა გითხრა,“ – დაეკითხა ყოფილი უკნითა, არჩილს კი უცებ რაღაცნაირად უცხო გორგალი მოეძალა ყელში. „ჯერ შემომხედა…“ „მერე, რა გითხრა…“ „ვერა, მე თავს ვერ მოვიკლავო…“ „ვითომ რატომო…“ – გაიკვირვა ყოჩაღთმიერმა; ამაზედ უშომ: „ესაო, თავის მოკვლაო რაღა, ძალიანი დიდ ცოდვაში ჩამეთვლებაო და…“ „რა ცოდვა, კაცო, – კვლავ გაიკვირვა თირკმელებმინუსამ, უშომ კი, ეს თქო: „რაღაც ღმერთი წამს თუ ჩემი ფეხები“.
რაღაცა ღმერთი… ვინ იცის, იქნებ… ეგება, ვვითომ?.. სულ დაფურცვლული ძველი წიგნის ბრალიც იყო ეს, ამაზე ფიქრი ნისლს ჩამოჰგავდა, არჩილი უცებ წამოდგა:
– რაღა ვერა ვარ კარგად… წავალ.
– რა იყო, კაცო…
– საქმე მაქვს ერთი.
თითებზე, სუნის მოსაცილებლად, ჯერ ლუდი გადაივლო, გრძელ დანასაც ბლომად დაასხა, საპნით იბანა მერე ხელები, ტანთ დაუდევრად, უსარკოდ ჩაიცვა საჩქაროზე და, გამოვიდა გარეთ, ჩვეულებრივი, რიგითი ფეხოსანივით გაუყვა ქუჩას, ქუჩა რა – წყნარი და მშვიდი იყო, ძველთბილისური, არჩილი გამვლელთ ვეღარ ამჩნევდა, ნისლი რამ ადგა. უცნაური რამ მოვლენა არის აი ეს ნისლი, სხვადასხვაგვაროვანი, ალბათ წარსულშიც აკვირდებოდნენ, ხოლო დიდ საბას აი ასეთი საბოძვარიც აქვს დღევანდელთათვის, ჩვენთვის:
ნ ი ს ლ ი – მზის სიმხურვალე წყალთა ქვეყანათა ნოტიოთაგან ორთქლს აჰკრეფს და შეიქმნების ნ ი ს ლ ი .
უკეთუ მრავალი აღიღო მისგან იქმნების წვიმანი და თუცა მცირედი აღიღო მ ა ნ ა ნ ა დ შეიქმნების.
ხოლო ნ ი ს ლ ი ც ა ესრეთ განიყოფიან: მცირესა და თხელს ნისლსა ეწოდების ფ ო შ ფ ო შ ი .
ხმელსა და მტურის მსგავსსა ნისლსა ბ ო რ ი ა ყ ი .
ხოლო ნოტიოსა ნისლსა ბ ო რ ი და ნისლსა მონათოვარსა ბ უ ე რ ი .და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბების მთათა ზედა ა რ მ უ რ ი.
– კარგი საროჩკა არ გინდა, ბიძა?- ვიღაცამ ჰკითხა.
– რაჰ!… არა.
სიტყვით თუმცა კი არ იცოდა და, მაგრამ, ხანდახან, არმური სჭირდა. სულ დაფურცვლული, ძველი წიგნის ბრალი იყო ეს? ცოტათი, დიახ: იმა ბეჩავ წიგნს სარდაფისეულ, მამაპაპურ, მოჯანჯღარებულ, გადასაგდებ სკივრში ქექვისას არჩილი და, თვალი ოდნავ რომ გადაავლო, გაამაყდა კიდეც: რა გასაგებად ვლაპარაკობთ ჩვენ, აი, ახლა, და რა ფშუტურა და ჩამორჩენილი იყო სკივრზეც კი ძველი, გაზედმეტებული ენა. ავიღოთ, თუნდაც: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არც ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე („რა უბედურობაა, და ჯერ სადა ხარ“), და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე,( ,, შეუსაბამობა, შეუსაბამობა! “ ) და რაოდენი არს წყალთა შინა დაქუეშე ქვეყნისა, არა თაყვანი – ჰსცე მათ ( ,, რატო უნდა ვსცე “ ) და არცა მსახურებდე მათ ( ,, რატო უნდა ვემსახურო რო … “ ) .
ანდა, მთლად უარესი, ეს მითომ ყოველი დაძინების წინ უნდა გეთქვა: მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთაო ჩემთაო, რაოდენიცა რა გაგამწარე, ანუ შეგაწუხე, დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, ანუ გონებით, შემინდვენ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა საბრთხეთაგან და ასე შემდეგ, და ა. შ., გაიგე ახლა, თუ კაი ბიჭი ხარ, რამე, მიდი და გაიგე… მაგრამ ის წიგნი რაღაცნაირად არ გადააგდო – იყოს, თავისთვის. ხანდისხანობით კი, ჩამორჩენილი გამოთქმით აღვნიშნოთ და, ფიქრით განსართველად, გადაშლიდა ხოლმე.
შედარებით საინტერესოდ გამოიყურებოდა აბზაცებიანი ადგილი „ათი მცნება“. რამოდენიმე მთლად ვერ გაიგო, ზოგში კი თითქოს საყვედურობდნენ, მაგალითად, აქ: „არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“, აი კი ააქ, მწარედ ჩაფიქრდა: გინდ მოეკლათ და, რა ექნა, აბა, უკნითა წრეელის მეტად ჯანსაღი, საამოდ შევსილი ყოფილი მოცეკვავე, რაღაც სულსხვანაირი ხარისხის ხორცით დატენილი ცოლი მოწონდა, მოწონდა, აჰ, როგორ მოსსწონდა, კი, ნეტა მაინც რას საყვედურობდა ის ძველი წიგნი, გულიც კი არ მიგიწევდესო და, გულს შენ უბრძანებ? – სამაგიეროდ, არჩილს, მისდღემჩი, თვალებში სხვანაირად არ შეუხედავს, არც, მითუმეტეს, როგორ გააპარებდა იმისაკენ აღელვებულ ხელს; ისე, უკნიდან თუ მიადევნებდა თვალს და, აკი იცოდა რომ, დასავითაა ძმაკაცის ცოლი, თვალს თუ არ ჩავთვლით.
ხოლო სამი რამ დარიგება, საკმაოდ სხარტი, ძლიერ გასაგებად ჟღერდა. ესენი იყო:
არა კაც-ჰკლა.
არა იპარო.
არა იმრუშო.
„არ იმრუშო რა, – გაბრაზებული იყო არჩილი, – შენი ნებაა? ორგანიზმი თავისას მოიტხოვს“.
რა იყო მაინც ამაში ცუდი, ესეც ძმაკაცის ცოლი ხომ არ იყო: თუ შენ გინდა და, მითუმეტეს, თუ უცხო ქალსაც უნდა, ნეტაი ვისთვის რა შავდება, ფიზიკური ძალადობისა და გაუპატიურებების სულაც არ იყო არჩილი მომხრე. ორ ადამიანს, არა? თუ ერთმანეთი უხარიანთ, არა? ნეტა რა არის ამაში ცუდი. არა? აი, თუნდაც იქ, ზღვისპირობისას:
აჰ, ერთი ქალი მოეწონა მაგრამ, რას მოეწონა, კინაღამ ჭკვიდან გადადგა კაცი. ვერ პოულობდა ვრცელ პლაჟზეც ადგილს, და, როგორც იქნა, უკნითა წრეელის დახმარებით (იმან კარტობანა იცოდა მიმჯდომლურ-გამცნობლური და კარგი) რომ გაიცნო, ხელის სილამაზეთა წყალობით ჯერ ქალაქის რესტორნები მიმოატარა, მრავლად იგემეს კარგი პროდუქტი, ქალს ერთადერთი, ისიც ქალური, უჩანდა ნაკლი – რაღაც ძალიან ზედმეტად ეცხო სახესა და თვალწარბზე სილამაზისა დახმარებანი. ალაგ – გრაფიკით შესრულებული, ზოგან -ფერმწერლური და, ოჰ, ტუჩებზე ხომ, პომადა ედო? – მძლავრფენოვანი, მაგრამ სხეული, რა სხეული, ტანი – ტატანი, და ის დროც დადგა მანქანაში რომ კოხტად ჩაუჯდა და ბუნებისკენ, მუხნარისკენ დაადგნენ აღმართს, კარგი ადგილი შეირჩიეს. საღამოსაკენ, მსუყედ გრილოდა მშვენიერ ტყეში, არჩილმა ჯერ სურსათ-სანოვაგე გადაიტანა მანქანიდან, მერე – უკანა დასაჯდომი და ზედ დასვა ქალი, თვითონ კი იქვე მოკალათდა, ნოტიო მშრალზე, შესვა ოთხიოდ სადღეგრძელო, სერიოზული, მაგრამ ძალიანი უმიზეზოდ კისკისებდა ქალი მინამ დღე იყო, ხოლო როდესაც შემობნელდა გატრუნულ ტყეში, ანცობას უკლო და, სამაგიეროდ, ახლა არჩილი გათამამდა და გაწვა კიდეც წინაშე იმისთა ლამაზთა ფეხთა, და, შამპანურით შეჟუჟუნებულს, ის ძველებურად რომანტიკული წამოწყება-ილეთი გაახსენდა, მეტრფენი სატრფოს ფეხსაცმლით რომ შამპანურს სვამდნენ, და გამოსთხოვა კიდეც ნებართვა, მაგრამ ქალისა ზედმეტად ღია-ღია „ბოსონეჟკებში“ რვაპირი ქარი გადიგამოდიოდა, იმაში სითხეს რა გააჩერებდა, და არჩილმა კი ჰიგიენური უფრო, გამოიგონა ხერხი – ქალს ხელისგული ჩააღრმავებინა და იმის ამოტრიალებულ პეშვში ასხამდა შამპანურს, იქიდან კი – სვამდა, ქალს მოეწონა ეს ოსტატობა, ლოყაზედაც შეუმშრალა ხელი და, წაქეზებად ამაზემეტი რა გინდოდა? – ეძგერა ნაზად, ქალმა ერთი-ორი ხომ აკოცნინა და, სწრაფ ამბორ-სერიებზეც კი მიუშვა, მაგრამ არჩილმა ყველაფერი რომ მოინდომა, ჩურჩულ-დიალოგი ძუ-ხვადური გაიმართა ასეთი: „არა, აქ როგორ შეიძლება…“ „რატო… როგორ არ შეიძლება“. „არა, არ შეიძლება, არ გამიწყვიტო“, „აი ნახავ ძვირფასო, თუ არ შეიძლება“. „კარგი რა, კაბა სულ დამესვრება, ეგრე მაგრა ნუ,“ „ახლებს გიყიდი… ბევრს,“ „არა, აქ ტყეში არ შეიძლება,“ „რატომ სულიკო“, „ქუჩის ქალი კი არა ვარ“, „რა უნდა ქუჩას ამ შუა ტყეში“, „არა-მეთქი – და გამკაცრდა ქალი, გადამწყვეტლურად შემოეცალა, წამოდგა ფეხზე, და ნაწყენსა და გაბუტულ არჩილს ქოჩორზე ხელი დიდსულოვნად გადაუსვა მერე, თქვა: „რა იყო, ოქრო, რა გეწყინა, ნუთუ სახლამდე ვეღარ მოითმენ?“ „როგორ თუ ვერა!“ – მსწრაფლ ზეწამოიჭრა არჩილი და, სანამ დასაჯდომს კუთვნილ ადგილას ჩასვამდა, ქალმა შეჰკითხა: „მართლა მიყიდი, უკეთეს კაბებს?“ „აბა რა, – ხალისიანად მიუგო არჩილმა, მაგრამ თანდათან მაინც ჩაწყდა გული, სტიმულირებულმა ქალმა კი შამპანური ბოთლით მიიყუდა, საკმაოდ იგემა და, ძლიერ გაცელქდა, იქ კი საკმაოდ მოეკიდა, დაღმართ-დაღმართ რომ დაეშვნენ, ნელა:
– მე მიყვარს სრბოლა, მე სრბოლა ისე ძალიან მიიყვარს, – იმეორებდა აგიჟმაჟებული ქალი, – მოდით რა, ალეკო, თავდაღმართში თავდავიწყებით დავეშვათ, რაა?
– აქ არ შეიძლება, – ჭკვა შერჩენოდა არჩილს, სახელცვლილებამ, „თქვენ“-ობითობამაც, გულში გაჰკენწლა, – ვერ ხედავ, ბარტყკო, როგორი ღრმულიკოებია?
– მითუმეტეს რომ, ალეკო, ალლეკო, უფრო ახტუნავებული არ იქნება ქროლვა?
– არა, სულიკოვ, არ შეიძლება.
– რატომ?
– კარდანი ვალი ჩაიშლება.
– აა. რა ჩაიშლება?
გაუმეორა; მერე და მერე კი იყო მანქანის კარის ფრთხილი მიხურვა, რატომღაც ფეხისწვერებზე შესვლა ამტან კოტეჯში, სინათლის არანთება – აჰ, რომანტიული მთვარის რომანტიკულადვე ბუნებრივი ვითომ, შუქი? და სიჩქარისა გამოისობით დიდად გაურჩებულ ყოველნაირ სამოსთა უარყოფა, აღსრულებული შემოხუტება, მერე თავის ორმხრივი წარმოჩინება, კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს დიახაც, რომ, ვითომ, მაგრამ სულ მერე და მერე, ბოლოს და ბოლოს, იყო გულაღმა უაზროდ წოლა და გამჩმახებელი მთვარე და არჩილისა პირში, პომადისაგან. დაობებული შოკოლადის გემო, ისეთი მძაღე, რომ გაიფიქრა: „არა იმრუშო“, ხოლო მომაბეზრებელი სიჩუმე ქალმა პირველმა დაარღვია:
-კარდანი ვალი რა იყო?
– არის რა… – სანთებელა გააჩხაკუნა არჩილმა და მკერდზე დაიდო საფერფლე, – მანქანის ნაწილია,
– მანქანის?
– ჰო. ხვალე გაჩვენებ თუ გინდა.
– ერთი მაგისი… – ისე მოულოდნელად შეიგინა ქალმა, კარგა რეჩხი ჰყო არჩილის გულმა: „ვაიმე?“, თქმით კი ასე თქვა:
– აბა, რა სისულელეებს იძახი, ჟანა? რა ბავშვობაა?
ბავშვობა, ჰეე – სისულელეებად იწოდებოდა. ნეტა როგორი იქნებოდა სკოლის ასაკში ის პიანისტი როდიონოვი? ნუთუ ეს მართლა ცოდვა რამ იყო – „არა იმრუშო?“ რა დიდი იმდენი იმა აღსრულებულ საქმეში ეყარა რომ, დავუშვათ და რომ, ეგებ თუ არის, მართლა არსებობს, შემოგინახოს დანაშაული და მერე შეგრისხოს და დაგსაჯოს მემრე? როცა მოკვდები… აღსრულებამდე იყო მხოლოდ ესე ცოდვა მაჩქროლებელი, შესრულებისას გახლდათ მხოლოდ ასეთ ქალებთან შინაურულდაველურად კარგი, რადგანაც მერე… – გამოფიტულზე, ა, ასე წოლა და არაფერი, თუმც, რაღა არაფერი, გულგრილობა და ჩუმი ზიზღიც კი, ზედმეტად თუ აქვს პირისახეზე საკმაზი, გულგრილობა და კარგა საკმაო შეცბუნებაც კი, თუ იგინება, გულგრილობა და მოყრიჭება და მიმალვ-მომალვაც, თუკი მეწყვილე ზედმეტურად პროგრესულობითია, ნუთუ ამისთვის უნდა დაესაჯა იმ ვიღაცა ღმერთს? თუ არსებობდა… თუ, დავუშვათ და, გინდაც რომ სწორი ყოფილიყო ჩამორჩენილთა სათუო რწმენა, რომ მართლა არის, არჩილს ხომ ჰქონდა მაინც ერთი რამ პატიება-გამოსავალი,ხომ არასოდეს დაურღვევია იმ დაფურცლული წიგნის ერთი: „არა კაც-ჰკლა,“ – ხომ? აი ეს სიტყვები შვებასა ჰგვრიდნენ, არჩილი ვისი მომკვლელი იყო, საათივით ჰქონდა აწყობილი საქმე, სიამოვნებდა, მაგრამ ჯიბეში რომ ჩაიყო უცაბედი ხელი, და მერე ცხვირსახოციც ტყუილ-უბრალოდ რომ მიიტანა პირთან, მაინც ეტაკა თევზის სუნი და, დანაც დაყნოსა, ვობლას სიმყრალე აიმასაც სდიოდა, ლითონს, და არჩილს თავისი შორეული ხელი გაახსენდა, აჩიკოს ის გადიდმნიშვნელოვნებლური ხელი, „ნ“-ს სანუკვარი კარის სახელურს რომ ჩასჭიდა ერთხელ, იმის ეზოში ნაშუაღამევს ქურდის ლანდივით რომ შეიპარა და, გულრამდენადაც – მოფრიალემ, იმდენად – სუნთქვაგაკმენდილმა, ნანატრ სახელურს გადასარჩენად თითქოს, ისე ღონივრად და მაინც რიდით ჩასჭიდა აძიგძიგებული, რაის უთევზო, რისი სუფთა – წმინდა თითები, მაშინ ხომ განცდა რამდენჯერ იყო უფრო მძლარი, უფრო დიადი, ვიდრე ჟანასთან, და თუ ზიზღამდე მისული საქმე ცოდვას უდრიდა, აის რატომღა არ იყო მაშინ უფრორე მეტად დასასჯელი – ის სიყვარული დედუფლისადმი „ნ“? ალბათ, სიყვარულს, გასამართლები, რაღაცა სჭირდა… რაღაცა იყო მასში ისეთი, გულს ჩამრჩენლური, რადგანაც ახლა, ნააბანოვარზეც, რომ მოენატრა და თავისი კარისსახელურისკენ ადიოდა ისე და, ნელა, ვითომც იმ ძველ სისანუკვრეს უახლოვდებოდა და, ცვლილებას ყურის კუნჭულით გრძნობდა, მერე ერთბაშად გამოერკვა და – იმ მეზობლიდან რადიოს ხმა აღარ ისმოდა… კარიც კი ოდნავ მოღიავებულად დარჩენოდა და ბოლო ორი საფეხურიც შეცბუნებულმა რომ აიარა, მაძებარი თვალი, და, აიმ ღრიჭოში შეიხედა და, მაგიდასთან მიმჯდარი, მაგიდაზე ნიკაპდაყრდნობილი მეზობლის დანახვაზე, გაშრა…
მართა ფიქრობდა!

7 .

„არა იპარო…“
ყველაზე რთული, არჩილისათვის, აი ეს იყო. იმდენად რთული, სისულელეს უწოდებდა ხოლმე. ჯერ ეს ერთი რომ, კომბინაციას პარვად არ თვლიდა, მეორეც ის რომ, რად უნდა ყოფილიყო დოყლაპია და სხვაზე ნაკლები, მესამეც ის რომ, აგრეთვე სხვისა არ იყოს, ძლიერ უყვარდა კარგი ცოლ-შვილი და მეოთხეც რომ, ყველაზე მთავარი, გასამართლებლად იყო კიდევ ერთი რაღაცა…
და მაინც, „არა იპარო“, – ჟღერდა.
…ბნელ ღამეობით, რის მოიდუმლო, მთლად იქითურა, სხვაკანონება, მარტივად სიზმარს რომ ეძახიან, გადასვლამდე, იყო რაღაც ნათელი ჩქამი, გაელვება რამ ბურანეული და მაინც ისე მკაფიოდ ცხადი, თანაც მკაცრი და თან სათნო, დიახ, შორით მართალი, რომ – „არა იპარო…“ და რაღაც უფრო გაცილებით ძლიერის შიში, ვიდრე ეს ლაყე ინსპექტორი თუ მრისხანე რევიზორი თუ დიდრონი პროკურორია და სხვა, და სხვა, და მაინც, შვებად, ეჰ, ყოველთვის რომ არსებობს შვება – დიდის იმედით გახსენებული: „არა კაც – ჰკლა“ და, ამშვიდებდა, ეს. ძალიან არა, – ისე რა; თითქოს. ეს ერთი მცნება, მარტოკინად დაურღვეველი, ნეტა დანარჩენთ, ცხრად წონოსანთა, თუ ეყოფოდა? გადმოსწონიდა?… სიკვდილის მერე. თუ, დავუშვათ და… რაღაცა იდო ღამეში სუფთაც, ასამაღლებელი, წარმოიდგინეთ, ნათელიც იდო, დღისდღეობით კი, ხანდახან, მზისით, ისე ბნელოდაა… რაღაცაც იყო ღამეში ნაღდი და სარკესაებრ მისაჩერები – ნეტავი ვინ ვარ… იძინებდა.
დღე სულ სხვა რამ იყო – წამოდგომა და ტანთ ჩაცმა,რამე, ხანდისხანობით – პიანისტი როდიონოვი, და მერე შხაპი, საგულდაგულო პირპარსვა და გამოწკეპილობა: იქ, სამსახურში, გამოზომილი თავდაჭერა, და სათუო გადახვევათა საფუძვლიანი აწონ-დაწონვა, მართლა ისე-უბრალოდ კი არ მოდიოდა კაი ცხოვრება; საწინწამსვლელოდ კარგად ფასობდა იუმორი და შესანიშნავი სიტყვა-პასუხი იქ, სადაც საჭირო იყო, და მზადყოფნისა და მორჩილების გამოსახატავად – ჟუჟუნი თვალთა, რაღა თქმა უნდა მხოლოდ იმათთვის, ძლიერულად რომ საჭირონი იყვნენ, საჭირო იყო აგრეთვე ნიჭი ქრთამის საჩუქრად გარდასახვისა, და სხვა, რაოდენი რამ იყო საჭირო, ეჰ, დღეისდღეობით,როგორ ბნელოდაა… და თანაც, ღამე, ყოველდღე – ღამე,დაეჭვება და ხიან-მიწიანი მომავლის შიში, და სადღაც ამოკითხული თუ მოსმენილი, რომ დაძინებამდე, ძილის წინ, თითქოს, არის გარდამავალი წმი, როდესაც ჩვენ-ჩვენი თავი სუყველამ ვიცით… ასე იყო, კი, თუ, რაღა თქმა უნდა, არ იყო ნასვამი, ბლომ-ბლომობითაც, – ხშირხშირაობით გახლდათ, ხანდახან ლიფტში ძლივს აგნებდა საჭირო ღილაკს, და სანამ ოთხივე გასაღებს კუთვნილ ქარქაშში შეასწორებდა, კვლავაც მეზობლის ღრიჭოსაკენ გაექცეოდა თვალი – ისევ მართა და, ისევ ფიქრობდა… მაგრამ ვერა და ვერ იქნა, ვეღარაფრით მოაცილა იმ თავის გრძელ დანას ვობლასი სუნი. არადა, გადასაგდებადაც არ ემეტებოდა, შეჩვეული იყო, მოგონებებსაც აღუძრავდა – ზღვაო, ტყე, რამე…რა აღარ სცადა – დიდხანს ხეხავდა, ცივი წყლითაც და მდუღარეთიც რეცხდა, და რეცხდა,საპნიან წყალში მთელი ღამით ჩადო და, მაინც, დაყნოსვისას, ეჩვენებოდა თუ რა, მაინც ასდიოდა კრიალა ლითონს ავად ამომჭოლი, სუნი. ისევ და ისევ ხეხდა და ხეხდა, და , ფიქრობდა თანაც… „არა იპარო“ – გაბათილებებისა და საჭიროების მიუხედავად, ეს ალბათ მაინც ცუდი რამ გახლდათ, მაგრამ არ იყო ის ორი კაცი, დაახლოებით მათივე საქმის მიმდევარნი, ყოვლად სათნოები, უბოროტონი, გაჭირვებულთა დამხმარენი, და სიკეთისას თვალები უფრო უსველდებოდათ, ეს რაღა იყო… რეცხავდა, დანას.
„არა იპარო…“ დიდი ამბავი, კაცს ხომ არ ჰკლავდნენ, მაგრამ ხანდახან ისე ძალუმად, ისე აშკარად წამოუვლიდათ იქამომდე ღონიერი, – დაკუნთულივით, და თან წრიალა, ეჭვი, ვერ ერეოდნენ, ვეღარ მალავდნენ და, თუმც სიტყვა „პარვას“-ს არ ახსენებდნენ,თავს იმართლებდნენ სხვადასხვანაირად, აი, თუნდაც ასე: გვერდითა წრეელმა ერთხელ ძალიან მოიწყინა და, ალაპარაკდა. რამ მოუარა, ჯერ არ იცოდნენ, იგი კი ისე სევდიანად ლაპარაკობდა… ის ჰყვებოდა რომ, ადრე არ იყო ასეთი ცუდი – „მე ადრე კარგი ბიჭი ვიყავი“, რომ სკოლაშიაც, და უმაღლესშიც, მშვენივრად სწავლობდა: „ხუთები მქონდა“, ის ნაღვლიანად იხსენებდა რომ, თურმე ძლიერად სწამდა ამ პლანეტისა, – „მე დედამიწა უკიდეგანო, უფსკერო და დიადი მეგონა მაშინ,“ და ყმაწვილობისას ამა ცხოვრების სასრულობანას ვერ იჯერებდა კი არა, აზრადაც არ მოსდიოდა, არცა ფიქრობდა: „მე, მეგონა, რომ, არასოდეს, არ მოვკვდებოდი“, – უბრალოდ, ვერცკი წარმოედგინა, მაგრამ თანდათან, მერე და მერე, მოგეხსენებათ, ცხოვრების ალაგ დროული და ალაგ-ალაგ უდროო, გამორჩევითი წესი: ხან ნათესავი, ხან – მეზობელი, ყველაზე მწარედ – თანატოლი ხანაც, უკვდებოდა და, დაიმ ერთადერთს, წყალი რომ მართლა არ გაუვა, საკმაოდ მიხვდა: „უცებ დამაწვა, ერთბაშად ჩავხვდი, რომ მოვკვდებოდი… აუცილებლად, როდესმე, სადღაც…“ და ამას ისიც დაერთო რომ, ის დიდი რწმენა, ამ პლანეტისა, თანდათანობით შემოაცვდა: „მე დედამიწა უკიდეგანო რომ მეგონა და, ამით მომქონდა, მისიანს, თავი, თურმე რა – ისიც არაფერი ყოფილა, თურმე, თურმე კოსმოსში მტვრის ნამცეციც კი არაა, თურმე“, და ამ ვთქვათ და ნამცეცის, – მეტრილიონედს – აი, მასავით ძალიან პაწა ადამიანს რითიღა უნდა ეგრძნო რაიმე ძალა – ჰამაც, მოკვდები… და ყველაფერი დამთავრდება სიკვდილის მერე. ხომ ასეა, ეს? „თანაც, ცხოვრება, ძალზე გრძელი გვგონია ხოლმე,“ დანაღვლიანდა, მიყუჩდა და, წყნარის ხმით დაამატა მერე, რომ თავად ეს დროც, ეს წყეული, ისე გადის რომ, ყოველი წამი იმ ოხრობასთან მიახლოებაა, და რაგინდ ბევრი იცოცხლო კაცმა, თურმე, „იმ მარადიულ დროსთან შედარებით, არც საწყისი რომ არა აქვს და არა აქვს ბოლოც, მთელი ცხოვრება აი იმასთან შედარებით სულ დიდი-დიდი მცირე ფინჩხაა ნაკლული წამის, – და, კიდევ მეტად მოიბუზა. მერე კი თითქოს გამხნევდასავით, თავი ასწია გვერდითა წრეელმა, ჯიბესთან მარდად, უნებურად გაიკრა ხელი, მოყოჩაღდა და, საკვირველებავ, აეს სტრიქონიც დაამატა: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა…“, ამიტომ, კაცად რომ ეგრძნო თავი, „ამ სისულელეშიც, ამ გაელვებაში, გადაპრანჭულად „მთელი ცხოვრება“ რომ ჰქვია და ისე კი ჯანდაბისაკენ მიჩინდრიკობს, ნუთუ ამ წამისწამობაში თლათ პატაე-პატარა სურვილთა დაკმაყოფილების უფლება არ უნდა გქონდეს?.. მოდი აქ ბიჭო!“ – მკაცრად გასძახა და მაშინვე გაკვირვებით ახედა თურმე ისედაც იქვე მყოფ, თავთით წამომდგარ ოფიციანტს, კარგა ხანს მის ზურგსუკან რომ გახევებულიყო, და უცხო აზრთა პირდაღებულად მოსმენისას ხელთ რომ შეგრილებოდა „ოსტრი-სალიანკა“.
არჩილს კი ბოლო დროს მაინც, სულ უფრო და უფრო ახსენდებოდა აის ამბავი, ბავშვობისდროინდელი, იმ ვრცელ ქალაქში, მანქანათა და ფეხოსანთა დიდარეულობისას, მეხად განცდილი – რომ ყველა ისინი, ესე იგი ჩვენ, რიგითი და ურთიერთისთვის სრულიად უცხო ადამიანები, რაღაც უხილავი, სათუო ქსელით ვართ ერთიმეორეზე გადაბმული, გადაჯაჭვულნი, რომ ერთმანეთზე, გინდაც არ ვიცნობდეთ, დამოკიდებულები ვაართა. მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო სავსებით სწორი, აგვეღო თუნდაც, აი ეს მართა – ხომ კარის მეზობელი იყო არჩილისი, მაგრამ, აბა რა საერთო ჰქონდათ… თუმცა კი, რაღაც მაინც გააჩნდათ – მართა ხომ უშოს აწყენინებდა და უშოს ცუდი გუნება-განწყობილება წრეელებზედაც გადადიოდა, აი ამაში იყო მაინც პატარა საქმე… ისე კი, მართასთან მანამდე – მხოლოდ „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ და სხვა არაფერი, მაგრამ ერთხელაც, შინ რომ ავიდა არჩილი და, ზაფხული იყო, ცოლ-შვილი აგარაკად ჰყავდა, გასაღებთ-აცმა რომ მოიმარჯვა, კეფაზე უცხო მზერა აეწვა, მიიხედა და, ერთბაშად თავდახრილი, დამორცხვებული ედგა ზურგსუკან ხნიერი მართა. ეს არჩილი კი, გაკვირვებული მთლად, ზემოდან ფართოდ დაჰყურებდა და მერე კი მართამ, როგორც იქნა და, სძლია სიმორცხვეს, ასწია თავი, აჰ, რა ვედრებით ამოსცქეროდა, და ასე უთხრა: „ნეტა მოვკვდებოდე…“ და ჩაქინდრა თავი. არჩილი ერთი პირობა ძალიან დაიბნა, მაგრამ თავს მოერია და როგორც შეეძლო, ანუგეშა: „აბა ეგ რა საკადრისია, პატივცემულო…“ მაგრამ მართამ კვლავაც ახედა, რაღაცნაირი ბევრმაგი მზერით, და უცნაურად გაიმეორა: „ნეტავი მოვკვდე“. „გიჟია, სულელ-ოხერ-ტიალი? – გაიფიქრა არჩილმა მერე, შინ რომ შევიდა. – მე რა ნებართვებს მეკითხება, აიღოს და ასე თუ უნდა, მოიკლას თავი“. მაგრამ აქ ისიც გაახსენდა, მართა ამას რომ დიდ ცოდვად სთვლიდა, თურმე, „მერედა, მე რა შუაში ვარ, აიღოს და ნუ მოიკლავს თავს“, მერე კი გაღიზიანებამ სულ გაუარა, რადგან ზღვისპირობანა მოახლოებულიყო და ახლა საღამოობითაც კი ვარჯიშობდა. ოღონდ უპიანისტროდიონოვოდ. მერე დროულად ჩართო ტელევიზორი, ფეხბურთს გემოზე წამოწოლილმა უყურა, თან ცივ კომპოტს დროდადრო სვამდა – კარგი რამეა აგვისტოში; მერე ერთ ათვისებულ ქალს დაურეკა და ორგანიზმის მოთხოვნილება ხვალისათვის დათქვეს (ხვალ: „მოდი აქ ჩემთან, მოდი აქ ქალო“), ძილის დროც რბილად რომ მოახლოვდა – მთქნარებამ ამცნო, შიშველა ტანზე მხოლოდ ზეწარი წაიფარა, ისიც – მუცლამდე, ნავარჯიშევზე, ხელები უკან, მადიანად, დანებებულივით გადააგდო და გულაღმა, წყნარად, უშფოთველად, მთლად აჩისავით ჩაეძინა, ოდნავ ფშვინავდა ერთხანს, და მერეძალიან ნელა, მაგრამ ღონივრად წამოიმართა, არა, სიზმარი ეს არ იყო, საწოლზე ფართოდ თვალგახელილი იჯდა და ოთახისეულ სიბნელეში რაღაც საზარლის გამორჩევას ძაან ცდილობდა, მაგრამ იქ მაინც ვერაფერი მოიძია და უცებ ფანჯარასთან მომდგარ სულიერს ჰკიდა თვალიდა, გაოგნებისგან. „ჰაჰ“ – შესძახა კიდეც – აქ, ამ შუა ქალაქში, კარგ რაიონში, რა უნდოდადა და ესაქმებოდა ღრმა წყალთა ურჩხულს, თან, მრისხანესა და მუქარიანს კი არა, არა – შეწუხებული, რა უზარმაზრად შეწუხებული, დიდ გამობურცულ სევდიან მზერას რაღაც უმწეოდ, მთლად უილაჯოდ ატრიალებდა, უცხო ვაებითარიდებდა თვალს, და კლანჭებიან თათს თუ რაღაცას, სახესთან ტანჯვით იტრიალებდა, და მთელი სახე ეთქმოდა თუ რა, დიდად ღონიერი, ახორკლილი, გარედანაც კი ეტყობოდა, ძლირ ღრმა ქერცლით დაფარვოდა და თავი ვედრებით სადღაც სადღაც ზემოთკენ რომ ასწია, საკვირველებავ, ახლად გამოჩენი ლყელისავე მძლავრ აბჯარში მცირე ადგილი აქერცვლოდა, და მოვარდისფრო, ღრმად სათუთ კანზე ორად-ორი რამ სიტყვა ეხატა, ლამაზად, მკაცრად, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი გამოარჩია,მისთვის წუნკალი: „არა“.. და, მეორესაც რომ შეაკვირდა, თითქოს დეფიზით სიგრძემომატებულს, ვეღარაფერი ამოიკითხა, ალბათ „იპარო“, ან „იმრუშო“ ეხატა ჩვილ კანს, და მთლად თვალებად გადაიქცა, მაგრამ ფსკერთა მაუწყამ მეორე თათიც ამოიწვდინა სადღაც სიღრმიდან, მაღლა შემართა. აიქიდან კი, კლანჭებიდან, რაღაც ლორწოდ შედედებული სითხე ძალიან ნელა, დიდწვეთობით, და მნვანე ფერის ტანჯვად სდიოდა, და ზედ მეორე საშიშ სიტყვაზეეღვრებოდა, და სულაც დაფარა, არჩილმა ისევ აის მშველელი – „არა კაც-ჰკლა“ გაიხსენა და, აქ კი ფანჯრისამ პირველად, ერთხელ, კვლავ წამებით და თანაგრძნობით, ოღონდ თვალებში წამით შეხედა, და, დაიძირა, სულ ბოლოს – თათით…
გამთენია-ხანს არჩილს მშვენივრად ეძინა, მერე ყოჩაღმა მაღვიძარამ წამოახტუნა, მოგეხსენებათ, რაცაა სისხამი დილა – კაი განწყობა, ოქროყანაში თუ ძმაკაცისას, სხვა წრეელებთან ერთად, ახლა, ზაფხულის გამოისობით, მონატრებული რამ სითხე – ხაში გელის (ზაფხულში ხომ აეს წვნიანი – ათასში ერთხელ), და მერე ისიც მოაგონდა რომ, ნიორს მაინცდამაინც გემოზე ვერ გაურევდა საჭმელს, რადგანაც მერე, ამ შინაარსიან კვირა-დღეს, ათვისებული ქალიც დაეგეგმა, ეგ არაფერი, მცირენივრობა, და ონკანისეულმა რაღაც-ტყვე წყალმა ზღვათა ურჩხული რომ გაახსენა, აი ესეც კი არაფერი, ოღონდ სიზმარი ცოტა მსუბუქად გაუკვირდა – აის ურჩხული რამ დაასიზმრა, რომელი ფსკერთა აქვალანგისტი თავად იყო, უცნაურია სიზმარი მაინც, ჰეჰ.. გასაპნული სახე გულისყურიანად ჩამოიპარს-აიპარსა, საგულდაგულოდ შეიმოწმა და, ის იყო, კარგა გამოეწყო და შარვალზედაც კოხტად შეიბნია ბოლო ღილი, ახალი წრეელის მანქანამაც დაიპიპინა. თავი ფანჯარაში გაჰყო, მხნედ ჩასძახა რომ, ჩაირბენდა ხელათ, ბინას მოავლო
ფხიზელი თვალი – რაიმე ჩართული ან მოშვებული არ დარჩენოდა, კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი, და კარსიქითა რაღაც ხმაური რომ შემოესმა, აქ კი ცოტათი, სულ ცოტათი, ოდნავ შეცბუნდა – ძალიან ადრე, ადრიანი დილა გახლავდათ რადგანაც – და კარის ავ-კეთილსტუმარგამოსაცნობო მინის პაწია ჭუჭრუტანაში გაიხედა და, დაინახა მართა! იდგა და თითქოს ვიღაცას უცდიდა, ჩაექინდრა თავი. არჩილმა კარი ყოყმანის შემდეგ მხნედ გამოაღო, არც მისალმებია, და კიბის ჩარბენამდე ერთი სული კი ჰქონდა, მაგრამ ოთხმაგად მაინც ხომ უნდა დაეკეტა კარი და, რომ შემობრუნდა, მართა ერთი საფეხურით დაბლა დამდგარიყო, რაღაც ვედრებითაც აეწია თავი, აჰყურებდა. არჩილი სრულად დაიბნა და, მერე კი თითქმის უგანა, მაგრამ მართა იქაც გადაეღობა, და რაღაც ხვეწნით, მუდარით უთხრა, ძლიერ ღელავდა: „ნეტავი მოვკვდებოდე…“ – როგორ საბრალოდ, და რა ვედრებითაც, ამოსცქეროდა, კი, მაგრამ აქ უცებ, საკვირველებავ, რა დაამატა: „შენ მდიდარი ხარ… ნეტავი მოვკვდე.“
ვიდრე კიბეს ჩამოათავებდა, გაბრუებული იყო. სულ არ ახსოვდა სიტყვა „მდიდარი“, ყველაზე მეტად ამ მცირე სიტყვამ – „შენ“ – გააოგნა როგორ! აშკარა იყო, მართას უზრდელობით არ მოსვლია ეს, რაღაც სულ სხვა რამ იყო აიამ სიტყვაში – აი ის მართა, მეზობელი, იახლოვებდა!
„რა დაგემართა, – ჰკითხა მერე გვერდითა წრეელმა, – რაღაც ვერა ხარ“. „ჰა? კი, ვერა ვარ…“ – თქვა არჩილმა და მანქანის შუშა ჩამოსწია. ზემო ქუჩებით გადადიოდნენ სოლოლაკისკენ, ქალაქი ცოტა ქვემოთ მოჩანდა, ჯერ ხომ არ იყვნენ უფრორე მაღლა, მერე არჩილმა მთას ახედა და, იმ ნელ ტრამვაის მოჰკრა თვალი, მიაჩერდა, აჰ.
– მე აქ ჩამოვალ.
– რა იყო, კაცო.
– ტრამვაით ავალ.
– რატომ, შე კაცო.
– რაღაც წნევა მაქვს.
– მერე, ტრამვაით უნდა იჩაქჩაქო? ხელათ ავგრიალდებით.
– სწორედ მაგიტომ… – თქვა არჩილმა, რაღაც სწყუროდა, – წნევას არ უყვარს ძალიან სწრაფად ამაღლება, და ტრამვაით ამოვალ, ნელა.
– რა განსხვავებაა, კაცო.
– ნელა ამოვალ. თან, შუაგზაზეც ჩერდება ცოტა… მამა-დავითზე.
– მაშინ სულ ზემოთ დაგიცადოთ?
– არა.
– აბა იქიდან როგორღა მოხვალ.
– დავიჭერ რამეს. ანდა, ფეხით წამოვალ სულაც… იქვე არაა?
– რა არი იქვე…
– გააჩერე, გააჩერე.
და თუმცა ახლა ფუნიკულიორის ქვედა სადგურზე სულ სხვა, ახალი, მამინაცვალივით შენობა იდგა, მაინც ის იყო, აის ადგილი, ბავშვობის მთელი ორი გრძელი წლით უფროსი დედუფალი „ნ“ – ს აიმ პირველმა სიყვარულმა რომ მოიყვანა. ის რანაირი იყო მაინც ის შეყვარება ძალუმი ისე, განა აჩიკო როდესმე წარმოიდგენდა, სარკეში თუ მალულად დაითვალიერებდა თავს? ანდა, მთლად უარესი – ვარცხნილობის საუკეთესოებაზე დიდხანს ეფიქრნა? გაფრთხილებოდა პერანგს და შარვალს? იმდენის მომსწრე ხელისგულზე, დაფასთან ჩამოსაკაკლავი ისტორიული თარიღების ნაცვლად, დაეწერა „ნ“? შატალოზე რა, მახლობელ კინოში თუ წავიდოდნენ იმისი კბილა ბიჭები, აჩიკოს კი რაღაც სხვა სურდა, რაღაც ამაღლებულად განსაკუთრებულსა სთხოვდა შეძრული გული ფა, მოიფიქრა – ფუნიკულიორზე ასვლა გადასწყვიტა და პატარა კაციც ისე საეჭვოდ მყისვე დაეთანხმა, აჩიკომ ერთი გაიფიქრა: „ესეც ხომ არ… შეყვარებული ხომ არ…“, და უცებ, სასტიკი განცდით აიწეწა: „და ამასაც ხომ ის ხომ არ!..“ მაგრამ აჰ, არა, არა, კაკი ისეთი დაბალი იყო, კლასელებს მ ხრამდე ძლივას სწვდებოდა, ჯერ პიონერსაც კი არ ჰგავდა, იმას კი, იიმ, კომკავშირელ „ნ“ – ს, წესით და რიგით თუნდაც ფიქრობრივ აბა რანაირად შებედავდა. მაგრამ ძნელი იყო კი, აჰ, სიყვარული, და აჩიკომ მაინც გამოსცადა ძმაბიჭი, თუმცა ღელავდა, ხმადაბლა ჰკითხა: „ნ“? „რა“? – შეაცქერდა პატარა კაკი. „არა, არაფერი…“ – და გაიფიქრა – „კარგი ბიჭია“.
აი, სწორედ იქ სურდა ნელინელ ასვლა, პატარაობის დიდსურვილებთან, მაგრამ ჯიბეზედ მხოლოდ ხელის სილამაზენი ჰქონდა, და სალაროსთან რომ დაიხარა, ერთ-ერთი მაინც გაიწოდა და მოლარემ კარგა გაკვირვებით ახედა და, არჩილი მერე რომ შეწუხდა – „რა ვქნა, სხვა არ მაქვს,“ რაღაცნაირად, სანდო იერზე, სოფლიდან შედარებით ახლად უნდა ყოფილიყო ჩამოსული ქალი, უთხრა: „ისე მიბრძანდით, ჩემო ბატონო“.
მერე იყო და, ე-როგორც მაშინ, იყო ნელი ტრამვაი, სამიოდ მგზავრი, ვიღაც სამხედრო, ლითონის ბაგირის წყნარი ღრჭიალი, მაგრამ შორეულ ტყეთა ნაცრისფრობისა და შემოდგომურად დუნე სიყვითლის ნაცვლად – ახლა სიმწვანე, მარადი ფერი, მაგრამ ამ უნდო, ამომწუწნავი აგვისტოთი როგორღაც ერთობ დაბზარული და დახეთქილი; სამაგიეროდ, როგორც ახლა, მაშინაც ასე გასუსულიყო ისიც და კაკიც, რადგან თბილისი, მათი ქალაქი, ზემოდან ძლიერ გადასხვაფერდა – რაღაცნაირად, გაიშალაც და დაპატარავდაც, მაშინ თბილისზე კრამიტიანი სახურავები უფრო სჭარბობდა, და უფრო ვიწრო, შინაურული ხიდები იყო მტკვარზე გადებული, და კანტი-კუნტა მანქანები იტაცებდნენ თვალს; სანუკვარ ეზოს, სადაც ცხოვრობდა დედუფალი „ნ“, როგორაც მაშინ ჩვენი აჩიკო, ახლაც ამაოდ დაეძებდა არჩილი, ანდა სად იყო ნეტავ ახალი ის პატარა კაკი, სკოლის შემდეგ რომ აღარც ენახა. მერე პარკისკენ გაიხედა, სადაც რომ, ადრე, გამოჩენილი რამ გასართობი – აწონ-დაწონ დიდი ბოქლომითა და ჯაჭვით საიმედოდ დაებათ, ახლა კი, აუჰ, რაღანაირი გამოგონებანი – „ეშმაკის ქარბორბალა“ და მსხვილმან-დიდრონი ატრაქციონნი, იდგა, ვიღას ახსოვდა ის „აწონ-დაწონ“, არჩილმა ისევ დახედა ქალაქს, რაღაცა იყო ის სიყვარული, გაუმტყუნარი, და, საერთოდაც, ეჰ, სიყვარულში დიდი რამ იდო, და როცა ახლა დაჰყურებდა მშობლიურ ქალაქს, აიმბავშვობით ათრთოლებული რაღაცა დიდი, ამაღლებული,, გამოსასწორებელი რამ მოენატრა, როგორც თავისთვის, უფრორე – სხვისთვის, ჯიბეზე შიშით მოისვა ხელი და, უკვე იცოდა, რას ჩაიდენდა, რასაც იზამდა, იცოდა უკვე!, მაგრამ იქ მხოლოდ კონტროლიორი დამდგარიყო, რაღაცნაირად, ქალაქური მგელი, და ხურდა თუმცა იმასაც არ აღმოაჩენდა, მაინც გაუშვა, ოღონდ უხეშად და დამადლებით:
– კარგი ხო, წადი.
სწრაფად, ჰაერით ბრუნდებოდა ძირს, გადმოვიდა და ხვეული გზით ჩავიდა დაბლა, ზემელზე იყო, ქუჩა გადასჭრა, მერე მანქანის დაჭერისა მოერიდა – მაინც ითრევდა ფეხს, და ტროლეიბუსში რომ ავიდა, მესამედაც რომ არ ბოძებოდა სიტყვიერი წყალობა, კონდუქტორისკენ ზურგშექცევით, სადღაც კუნჭულში აიტუზა და თავისი ძნელი გაჩერებაც რომ მოვიდა, ჩავიდა არჩილი.
ის ადიოდა თავისი სახლის კიბეებზე, რადგან ლიფტი ჯერ კიდევ არ მუშაობდა, ადრე იყო ისე, მაგრამ შინისკენ არა, არა, ცოტათი განზე, და გამოღიავებულ კარში ის დაინახა, ვინაც უნდოდა – საწოლზე იჯდა ხნიერი მართა, სულ მუდარადაქცეული შეჰყურებდა და, ის რომ შეეტყო სახეზე არჩილს, რაც რომ მას სურდა, საწოლზე წყნარად გადაწვა ხნიერი ქალი, ბილიკივით ჭკვიანი, მართა, პირქვე დაემხო, რაღაცნაირად, სანახევროდ იწვა, რადგან ფეხები იატაკიდან სულ ოდნავ ახლოს ჩამოჰკიდნოდა, არჩილი იდგა, მერე გადადგა ნაბიჯები და, იქამდე აყოვნებდა. სანამ მართას ცალ ფეხზე გასძვრა რაღაც უწყინარ-სულელურად ფერადი ქოში, მაგრამაც წინდა ცერთან დაკემსილი ჰქონდა და ამის დანახვაზე არჩილმა მაღლა შემართა ხელი და შიგ კისერში ღონივრად ჩასცა თავისი გრძელი, წვრილი დანა და მერე ადამიანში საკმაოდ დიდხანს ატრიალებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი