სამოსელი პირველი (ნაწილი IV)
კანუდოსი
თავი პირველი
თითქმის მთლად აყრილ, მიტოვებულ სერტანას მშვიდად, გულგრილად, უქმად აწვიმდა. შემოღობილში ნაღვლიანად მიმდგარიყო სისოვლით დაღარულბეწვიანი ნახირი, კუშტად, უგულოდ იცოხნებოდა, ჩამოძენძილი, დაბალი ღრუბლები ჩამოწოლილიყვნენ, ნაადრევი ბინდი უკვირდა ნასიამოვნებ ჭოტს, დიდ მუხაში რომ შეყუჟულიყო და იგივ ხის ფუღუროში ცოლშვილიანა მოკალათებულიყო რძით გაჭყეპილი ცალფეხა ჭინკა, სასი, და თუმცა ახლა, იმოდენა მიტოვებული ძროხების წყალობით, რძე და კარაქი სულ არ უჭირდა, მაინც დასევდიანებული გასცქეროდა დანაწვიმარ სერტანას, სადაც ჩაუქი მწყემსები ფეხმალი ცხენებით აღარ დანავარდობდნენ, წვიმდა სერტანაში, რაღაცნაირად, უგულოდ წვიმდა, მცირე წვეთებით ისერებოდა დამბალ ჰაერში მძიმედ ატივტივებული ნესტი, და სამად-სამი სევდამორეული, დაფიქრებული ვაკეირო ხის ძირას, ამოზნექილ ფესვებზე იჯდა, ხმას არ იღებდნენ. აღარცერთ ქოხში არ ბჟუტავდა უღონო ჭრაქი, საკვამურიდან მსუბუქი ბოლი არცვის სახლიდან ამოდიოდა. დუნედ, ზანტად აცახცახებდა წვეთები ჩამუქებულ ფოთლებს, უმძრახი დამღა სუყოველივეს ჯიუტად ედო, და მხოლოდ მიწა, ერთგული მიწა, ყოველივესი ერთიათად დამბრუნებელი, თავის დიდ საქმეს ჩვეული სიდინჯით აღასრულებდა - ხეებისათვის, ბალახისა და ყვავილებისთვის ისრუტავდა მაცოცხლებელ სისოვლეს, გაფუებული, გულმადლიანად შიშინებდა და მაინც, ახლა, ადამიანთაგან მიტოვებული, ისიც კი, ისიც, თავად მიწა, ალაგ-ალაგ რაღაც უცხოდ უჟმურად ატალახებული იყო და ზე მორეირას ეზოს კუთხეში ლაფში ამოსვრილი, ხიდან გამოჩორკნილი პაწია ცხვარი ეგდო - ბალღების მივიწყებული სათამაშო და მანუელოს ეზოში კი, იქვე ღობესთან, რომელიღაცა გულამოსკვნილი ქალის ნაჩუქარი, ყოვლად უმაქნისი, გადაგდებული ენძელაამოქარგული აბრეშუმის ცხვირსახოცი თითქოს ცრემლებით ინამებოდა, მხიარული მწყემსი კი გაკვირვებული ატუზულიყო იქ, შორეული კანუდოსის მისადგომებთან - გორაკს მოფარებულ, უხილავ კანუდოსთან, სადაც ჯერ მხოლოდ ათად-ათი თიხის სახლი იდგა, გორაკის ძირას ეულად მიმჯდარ, მუხლზე გადაშლილ ქაღალდში ცხვირჩარგულ ბატისფრთამომარჯვებულ უჟმურს შესცქეროდა: - მე ვარ, ჟოაო ბიძია, ვეღარ მიცანი? - სახელი და გვარი მითხარი-მეთქი, ვის ვეუბნები, ვინაა შენი ბიძია. - მამასხარავებთ, ჟოაო ბიძია? რა, ვეღარა მცნობ? - იკითხა უნებურად შეჭმუხვნილმა მხიარულმა მწყემსმა, - ჩამავალი მზე სცემდა თვალებში. - შენთან სამასხარაოდ მცალია სწორედ, ვინაა შენთან მომასხარავე! - ბატის ფრთა დააგდო გულმოსულმა ჟოაომ და რისხვით ახედა, - აქ აღარ გაგივა ძველი ხრიკები და ტინგიცობა, წესი უნდა იცოდე აქაური და რიგი... აქ მანუელომ რიდით შეხედა, თავი დახარა: - ქალაქის ნახვა მეჩქარება. კი. - თუ გეჩქარება, რად არ მპასუხობ... - და გაამაყდა, - ჩვენი ქალაქი ძლიერ ახლოა, აი, ამ გორაკს გადავივლით და... - რა გიპასუხოთ... - სახელი და გვარი როგორია თქვენი. - მანუელო კოსტა, - თავაზიანად მიუგო მხიარულმა მწყემსმა და ვიღაცას შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი. - რამდენი წლის ხარ. - ოცდაშვიდისა. - საიდანა ხარ. - კალაბრიიდან. - თათ!! - გაგულისდა ისევ ჟოაო, - სერტანიდან ხარ! მოხარშულს გიცნობ... - რაღას მეკითხებოდით მერე... - ასეთია წესი! - სერტანიდან ვარ... - რა მოიტანე. - ჯერ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი და ტანი... - დაიწყო ისევ! - სამი ხბო მოვიყვანე, ჟოაო ბიძია, ჩემი კუთვნილი და ერთიც ზაქი. - აღარ ახსენო ჩემი სახელი. - ხბო და ზაქი ვთქვი, რამ გაგაბრაზათ. ხომ ისევ აქ ხართ? ჰეჰ! - კაატინგაც გამოვიარეთ... სულ არ გაგფხაჭნათ? სულ, სულ, ცოტათი. ეგ არაფერი, ნუ გეწყინებათ... და აბა, ახლა, გორაკთან მდგარი, თუკი მიხვდებით ჩვენს მანუელოს თუ რა ახუმრებს, ძალიან ძლიერ გამეხარდება... არ იცით, არა? - ღელავს, ძვირფასო... და ისიც, კიდევ, ისიც ახუმრებს, რომ იმ გორაკის გადავლის შემდეგ ვეღარ იხუმრებს უწინდებურად, ამასაცა გრძნობს, რადგანაც, იქვე, კონსელეიროს მიერ აღქმული მცირე ქალაქი ჩვენი, დიდი კანუდოსი ელის... მხიარული მწყემსი კი არა, აგერ, მუდამ უთქმელი ეს ვაკეიროც სახუმაროდ გამზადებულა, ეს რა იკისრა, ყური დაუგდეთ... - შენ რაღა გქვია. - ინოსენსიო. - საიდანა ხარ! - სერტანელი ვარ. - რამდენი წლის ხარ! - მე? - არა, - მე... - გამოაჯავრა ჟოაომ და თვალებში გამომწვევად შეხედა. იმან კი არხეინად გაუსწორა მზერა და უთხრა: - თქვენ? თქვენ იქნებით, ასე, ორმოცდაორი-ორმოცდახუთი წლისა. - თათ!! - გაგულისდა ისევ ჟოაო, მაგრამ ნამდვილად მაშინ დაიბნა, შეუმჩნევლად, ფარულად აღტაცებულმა თავისი ცოლ-შვილი რომ შენიშნა მწკრივში. დროის მოსაგებად დიდი გულმოდგინებით წვერს უსწორებდა ბატის ფრთას და თან გამალებული ფიქრობდა - არ ეკითხაა, შინაურობისა გამო თავისივე მიერ შემოღებული წესის დარღვევა გამოუვიდოდა, არადა, რომელი ჭკუათამყოფელი ჰკითხავდა ცოლს და შვილს სახელს... და მოიფიქრა: - ქალები იქით... იქით მიდექით... მარიაამ, თქვენც. აქ ჟოაო აბადოს პირველად გაუხარდა, რომ ოთხივე ქალიშვილი ჰყავდა. და მერე, დიდ მწყემსსაც ვეღარ აკადრა ეს ყოვლად უმაქნისი გამოკითხვა და მცირე ბარათი ასე შეავსო: „ზე მორეირა, არა?“ „ოცდათოთხმეტისა, არა?“ „კი“. დიდის გულმოდგინებით გამოჰყავდა ასოები: „სე... ერ... ტა-ნე... ლი. მადლობთ“. სერტანაში კი ის სამი მწყემსი დიდხანს უმძრახად, მოწყენით იჯდა. წვიმით დამბალი დიდი, ორკუთხა ქუდები დაუდევრად ეხურათ ეჭვებით დამძიმებულ თავებზე, მობუზულები ისხდნენ. მაინც უსმენდნენ წვიმის ჩუმ შიშინს და უკანასკნელი წვეთების უღონო ხმა მიწაში რბილად რომ ჩაილია ერთი მათგანი წამოდგა ფეხზე, შორს გაიხედა, და გაბრაზებულმა თქვა: „უნდა წავიდე!“ „სად უნდა წახვიდე...“ - თქვა ყურმოჭრილმა, მესამე ვაკეირო თავჩაღუნული, კრიჭაშეკრული იჯდა, ჯიუტად ჩასცქეროდა მიწას. „მერედა, ჩვენი მიწა რომ მაინც არაა ეს?“ „აბა ვისია - იწყინა მწყემსმა და ფეხზე მდგარს ახედა, - მე ვამუშავებ“. „თუ შენი ცოლი...“ „სულ ერთი არაა?“ „არა. მწყემსს მიწა არა აქვს, არა, - თქვა ფეხზე მდგარმა, - ბალახზე ცოცხლობს“. „ბალახი მერე - რაა, ცუდია?“ „მშვენიერია, - თქვა წამომდგარმა, - მაგრამ ფესვები არა აქვს გრძელი“. „აბა, სხვა რა გსურს... - თქვა ყურმოჭრილმა, - ხეებიც ხომ გვაქვს, გრძელფესვიანი...“ „ხე შენი მოყვანილი არაა, ტუგო, - თქვა ფეხზე მდგარმა, - ხოლო კომბოსტო, სტაფილო და ოხრახუშ-ქინძი ვერ დამაკავებს“. „მაშ რა დაგაკავებდა, პრუდენსიო...“ - ხმადაბლა იკითხა ფესვებზე მჯდარმა. „ჯერ, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ისიც მყოფნოდა, რამე მცენარე რომ გვქონოდა, ჩვენი გაზრდილი, ღრმაფესვიანი. მაგრამ ხეხილიც აგვიკრძალეს, ეს იმიტომ, რომ იმათ საქონელს მოვლა და ზრუნვა არ მოჰკლებოდა, სხვა რაიმეზე - ყურადღება არ გადაგვეტანა, მაგრამ ხეხილი კიდევ ჯანდაბას, ჩემი ფესვები არა მაქვს, საკუთარი, ჩემი, სიარულისას მიწას ვერცა ვგრძნობ, ვერ დავაბიჯე ვერაფრით ფეხი, რადგან - სხვისია, და თუმცა გულს გატკენ, ტუგო, მაინც უნდა გიამბო ის ცალი ყური თუ როგორ მოგჭრეს... როგორ და რისთვის...“ გორაკზე მძიმედ ადიოდა სერტანელთა გოროზი მწკრივი. სულ წინ - ჟოაო მიაბიჯებდა, დიდად ამაყი, თავშემართული... ძლივს სუნთქავდნენ, თითქოს კაატინგას მარწუხები შემოსალტოდათ ყელზე, ისე ღელავდნენ. ზე მორეირამ გოგო და ბიჭი მიწაზე დასვა - არა, აჰ, არა, ზეს რა დაღლიდა - თავისი ფეხით უნდა ასულიყვნენ ბავშვები ბორცვზე, და თავიანთი სიმაღლიდან უნდა ენახათ უცხო ქალაქი - ზეს ასე სურდა. იქვე, მის უკან მიაბიჯებდა გაფითრებული მარიამი, და მაჩეტეზე თითებშეყინული ინოსენსიო, და ყვრიმალებდაბერილი, პირველად კუშტი - მანუელო კოსტა... ადიოდა მწკრივი. ფრთხილად სუნთქავდნენ, და ყველასთვის შეუმჩნევლად - აჰ, ქალის იშტა... - გაამპარტავნებულ ჟოაო აბადოს სხვებისთვის შეუმჩნევლად სახელოზე ჩამოქაჩა ცოლმა და მიაჩურჩულა: „არ მოგენატრე, აჰ, პუმპურიკა?“ რაღა დროს იმისი ცელქობაა... - გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა, და გაკვირვებისგან მთლად რეტდასხმულმა ჟოაომ მხოლოდ ხმადაბლა წაიზმუვლა რაღაც და ისევ გასწორდა, ისევ გადადგა მტკიცედ ნაბიჯი, და ბორცვის თავზე ამაყად შედგა. სერტანელები აიმ გორაკზე გვერდიგვერდ იდგნენ, ღრმად და ღონივრად სუნთქავდა ყველა, და ყოველივეს, გაოგნებულნი, თვალებით ჭამდნენ. „კამორელები რომ ამოვიდნენ, შემმოწმებლები, სულ სამი კაცი - თქვა ფეხზე მდგარმა, პრუდენსიომ, ფესვებზე დამჯდარს არც უყურებდა, - აბა, რომელ ერთს გვესიამოვნებოდა, მაგრამ შენ მაინც, განსაკუთრებით შეძრწუნდი, ტუგო - ქათმები გყავდა. ვის რას უშლიდა ის ფრინველები, მაგრამ ესეც კი აკრძალული გვაქვს, ქათმების ყოლა - ასე ჰგონიათ, რომ იმ ჩვენს კუთვნილ ნამატის მეოთხედზე ისე ძალიან აღარ ვიზრუნებთ, ქათმის იმედიც თუკი გვექნება... რა მშვენიერი აზრია, არა? ჰოდა, შენ ერთი გამოდექ ჩვენში, ვინც მათი ბრძანება დაარღვია. სხვებმა არ ვიკადრეთ ეს, კი არ დავშინდით, უბრალოდ, ისე... და ვიდრე ის სამი კამორელი ნახირს შორის მიმოდიოდა, შენმა მამალმა იყივლა, ტუგო... და გაიგონეს. წამსვე ეცვალა სამთავეს სახე, შენი სახლიდან ჯერ შორს იყვნენ. და მორიგ, ახალ ყივილამდე გაშეშებულნი, სმენადქცეულნი, წინგადმოხრილნი, მამლის ხმობისას ოციოდ ნაბიჯს გამოირბენდნენ. ასე გიპოვეს ის აკრძალული ფრინველები, ტუგო. მერე იმ კაცმა, დანარჩენ ორს რომ თავკაცობდა, ძალიან დინჯად და საქმიანად იკითხა ასე: „აქ ვინა ცხოვრობს?“ შენ კი ბეჩავო იმის წინ წარსდექ, შემოგყურებდა ქედმაღალი, აჰ, რა სამოსი, რა დიდებული კურტაკი ეცვა, სულ ვერცხლის მბზინავღილებიანი... შენ კი, ბეჩავი, ჩამოძონძილი, იმის წინ იდექი... იმ ორს ანიშნა და კამორული წვრილი დანებით ქათმებს ალერსით გამოჭრეს ყელი - ტუჩი კბილებში გამოიმწყვდიეს, თვალი მილულეს, ქათმებს ასე უსვამდნენ დანას... მერე მესამემ, იმ თავკაცმა, ღილებიანმა, ერთხანს თვალებში გიყურა, ხელი ბრძანებით გამოგიშვირა და საკუთარი შენი მაჩეტე, იმ შემმოწმებელს ჩაუდე ხელში. ის აგდებულად შემოგცქეროდა- ეჰ, რა დაცინვით გიმზერდა, მერე ორი თითით ზიზღიანად გადაგიწია ყური, მეორე ხელი აღიმაღლა და, ჰოი, სირცხვილო, საკუთარი, შენივ მაჩეტეთი მარჯვენა ყური ჩამოგათალა, მე - პრუდენსიო, იქავე ვიდექ! და იქვე იდგნენ სერტანელები. მაჩეტესაკენ წაუვიდა სუყველას ხელი, შენ კი, შემცბარი, გაოგნებული, უძრავად იდექ, სისხლი გდიოდა. უიარაღოდ იდექი, ტუგო, და მაშინ კიდევ - არაფერი, მაგრამ თავკაცმა შენი მაჩეტე, ვაი სირცხვილო! - დაგიგდო ფერხთით და მაშინაც კი არ დაიხარე, ერთხანს გიცადეთ, შენ კიდევ - არა, არაფერი, ვაი, სირცხვილო, მე - პრუდენსიო, შენი ღვიძლი ძმა, იქავე ვიდექ! მაგრამ შენს ნაცვლად რომ გამოეღო რომელიმე სერტანელს ხელი, მთლად თავის მოჭრა იქნებოდა შენი და, ჯანდაბას კიდევ, ჩამოთლილი - ყური... არაა, ტუგო? და შენისთანა მწყემსის წყალობით, იმავ დღეს ტუგო, ყოველ სერტანელს მოგვეჭრა თითქოს ცალ-ცალი ყური... ყურმოჭრილები გავხდით ყველანი... ახლა კი, ახლა, აის ქალაქი გვეძახის თურმე, სადაც საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იქნება ყველა და რად არ მოდიხარ, აქ რა გაკავებს! თქვი, რა გაკავებს, - წელში ორად მოიკეცა, ძმისკენ დახრილმა, ჩურჩულით ჰკითხა: „აჲამ მიწაში ჩაფლული ყური?“ იმან კი თვალი აარიდა, ოფლმა დაასხა, სადღაც განზე თქვა: „ჰო“ და ფეხზე მდგარი კვლავ გაიმართა, სიბრალულით დახედა ერთი, უთხრა: „შენ შენს მიწაზე არ იდექ, ტუგო... და იმიტომაც - გალაჩრდი“. აქ ფესვზე მჯდარი რაღაცნაირად ღონივრად, ნელა, ძალიან ნელა, თანდათანობით წამოიმართა, ძმას შეაცქერდა აალებული თვალებით, და მთელი სახეც ისე ეწვოდა, თავს ზემოთ ჰაერი აულივლივდა და ალმურის მიღმა შორეული ხეეებიც ატივტივდნენ თითქოს. „აი, სწორედ მაგ სიტყვას ვუცდიდი შენგან, - თქვა მწყემსმა, სახე უბრიალებდა, - მაგრამ ლაჩარი არ ვარ. კარგად მისმინე, ყოველივეს გეტყვი. ოდონდ შებრუნდი! აიი, ასე... - შეტრიალებულს მხარზე დაადო მარცხენა ხელი, - ერთი იცოდე - სიკვდილისა არ მეშინოდა. ყველაფერს აგიხსნი... აის ქათმები, პრუდენსიო, იმიტომ მყავდა, მინდოდა გამეგო, ამისთვის მართლა დამსჯიდნენ თუ არა, და ისიც მსურდა, ყველას გაეგო, რანი არიან კამორელები... რომ ამოვიდნენ, კი არ შევძრწუნდი, პრუდენსიო, არა - ვღელავდი... მერე რაც მოხდა, კარგად იცი და ისიც იცოდე, პრუდენსიო, თუმცა შენსავით შეუპოვარი არ ვარ, სიკვდილის შიშმა არ მაიძულა ის საოცარი მოთმინება... მე მაინც მოვკვდი სერტანის თვალში - ეს იმიტომ რომ თქვენ, თქვენ დაგინდეთ. მშვენივრად იცი, მთელი ჯარი ამოვიდოდა და დედაბუდიანა ყელს გამოგვჭრიდნენ. ჩემი სიკვდილის არ მეშინოდა, პრუდენსიო... ისედაც მოვკვდი. მაგრამ იმ ჩემი უზომო დამცირებით ყველანი საბოლოოდ ხომ მიგახვედრეთ, ვისთანაც გქონდათ საქმე. და ახლა, რომ არ მოგყვები, ესეც არაა სიკვდილის შიში, პირიქით - ნაადრევი სიკვდილის სურვილია, პრუდენსიო... - აქ რომ ამოვლენ, მოგეხსენება, მაინც მომკლავენ - ვის რად არგია ერთადერთი მწყემსი. ჯავრს კი იყრიან... ისიც იცოდე, ხელს არ გავანძრევ, თითსაც კი არავის დავაკარებ, და ეს შიში კი არ იქნება, პრუდენსიო, არა, - მინდა, რომ იქ თქვენს ქალაქში, აქედან შორს, ყველამ იცოდეს, ცხენები და საქონელი უკლებლივ რომ ჩავაბარე კამორელებს და არც წყენის საბაბი მიმიცია რაიმე და მერე, მაინც, მაინც რომ წამოვლენ თქვენზე, გეცოდინებათ, რომ მართლები ხართ, შემოტრიალდით“. - ძალიან კარგი, თქვა პრუდენსიომ, - ასეც მეგონა. მაგრამ შენი პირიდან მსურდა გამეგო ყველაფერი და იმიტომაც განგარისხე და გათქმევინე. ძლივას დავმშვიდდი. - წადი. - გახარებული მივდივარ შენგან. - წადი. ჩემი ცოლ-შვილიც წაიყვანე. აქ მესამე ძმაც წამოდგა, ხმა ამოიღო: - მეც აქ დავრჩები. ცოდოა მარტო. - მეც დავრჩებოდი, - თქვა პრუდენსიომ, - მაგრამ სირცხვილია, ჩვენი გვარიდან იქ არც ერთი რომ არ იყოს და, სირცხვილიც რომ არა, მაინც მიგატოვებდით - დიდად ვეცდები, ერთი ათ-ოცი კამორელი მოგაყოლოთ გზაზე. - კეთილად გევლოს. - აბა, წავედი. და პრუდენსიომ ორკუთხა ქუდი მოიხადა, ღრმად თაყვანი სცა ორივეს და თქვა: - მშვიდობით, ძმებო. არა ტიროდა. სერტანელები უცხო გორაკზე გვერდიგვერდ იდგნენ. აფერადებულ თვალსაწიერზე ჯერ ქვიშნარი იყო, მზის გულზე ყვითლად აკიაფებული, თვალისმომჭრელი... უსიცოცხლო და მიუსაფარი, მაინც ბზინავდა და ლივლივებდა, რაღაც მოძრავი რამ ფერი ედო - სუფთა, ყვითელი... ქვიშრობის იქით ყვავილოვანი ველი ღვიოდა, ათასნაირად დაწინწკლული, წყნარად, უჩუმრად, თავისთვის ხარობდა და მკრთალი ბილიკი ეტყობოდა, დაუჩაგრავი. იმ ველს მიღმა კი ჭალა იყო, ატივტივებული, მეჩხერი, რაღაცნაირად, მსუყედ გამჭვირვალე და ტოტებშუა სერტანელთათვის უცხო რამ შვება, მდინარე ჩანდა - პირველად სჭვრეტდნენ ამ აბრჭყვიალებულ მიმოკლაკნილ წყალს, უხვად რომ მოაგორებდა ზვირთებს, რბილად ჩასდევდა თიხოვან ნაპირს და ნაპირთან კი, გვერდიგვერდ, ერთად, თიხის ათიოდ სახლი იდგა. ახალი, თეთრი... კანუდოსი, ჰეჰ! არც გაუგიათ, როგორ დაიძრნენ, როგორ გადადგეს პირველად ფეხი, და, გორაკიდან რომ ჩადიოდნენ, არ შესცქეროდნენ მინდორსა და ქვიშნარს და არც იცოდნენ სად აბიჯებდნენ, რაზე, მხოლოდ მდინარეს, მდინარეს, ცოცხალს, შეჰყურებდნენ და მიაბიჯებდნენ. დაღმართში ჩამავალთ, ყოველი ნაბიჯი ნეკნებზე აწვებოდათ, მერე ქვიშაზე მიაბოტებდნენ სუნთქვაშეკრული სერტანელები, ბილიკს დაადგნენ გრძელ მწკრივად მერე, გადაიარეს ფერადი ველი, კვლავ გაიშალნენ, ჭალა ეგრილათ და თიხის სახლებთან მისიანები დახვდნენ. უღონოდ, მორცხვად წაუღიმილეს, სხვა რამ ელფერი ედოთ სახეზე გრეგორიო პაჩეკოს, აველინოს, როხასს სენობიო ლჲოსას... კონსელეირო ჯერ არსად ჩანდა. წამით შეავლეს ერთმანეთს თვალი, კრინტი ვერ დაძრეს - ყველა, სუყველა მდინარეს ჭვრეტდა, ოღონდ, ფარულად იცქირებოდნენ, ერიდებოდათ - თითქოს მდინარე ცოცხალი იყოს! ის კი, მდინარე, უხვი, მდიდარი, ამოზნექილი, ფერად კენჭებზე გადადიოდა და ათასხმოვან მარტივ სიმღერას აჩხრიალებდა, აჩურჩულებდა, აბრჭყვიალებულ გლუვ კუნთებად ამოსდიოდა ნაზი კუნთები, მოდიოდა და სულ, სულ, ყოველ წამს - ახალი იყო! შუბლზე ხელი მოისვა გაბრუებულმა ზემ, თვალები მოისრისა, ეზიდებოდა რბილი ტალდები, მზის გულზე დამდგარს, უხმობდა როგორ, და მაინც ვერ გადადგა ფეხი, თავისუფალი ჯერ კიდევ არ იყო, არა, და მდინარე კი, უხვი, ცოცხალი თითქოს თავისთვის მიედინებოდა, მაგრამ რაღა იყო ის იდუმალი, რბილი ჩხრიალი, მდინარე ყველას ჯიუტი ჩურჩულით უხმობდა... მაღალი ფეხი მოინაცვლა ზემ, უხვ წყალში მზერააბჯენილს, პირი გაუშრა, და მდინარისკენ როგორც გადადგა უნებური, გრძელი ნაბიჯი, მაშინვე ჩაუქროლა მანუელო კოსტამ, ნაპირთან ღონივრად დაჰკრა ფეხი, ისკუპა და მდინარეში მოადინა ზღართანი. და წამსვე აგუგუნდა ნაპირი - მდინარისაკენ გარბოდა ყველა, თავით, ფეხებით, მუცლით ხტებოდნენ მამაკაცები, ქალები კი ყელამდე წყალში შედიოდნენ და, ახმიანებულთ, მდინარეში მდგართ, მდინარე სურდათ, ვერა ძღებოდნენ და დიდმა მწყემსმაც დააღირა თავი და ისეთი ზღართანი გაადინა, ნაპირზე დარჩენილ ბავშვებს მიეშხეფა წყალი. დინჯი მწყემსები უჩვეულოდ ცელქობდნენ და ჭყუმპალაობდნენ - გრეგორიო პაჩეკო, სენობიო ლჲოსა, სახეს ურტყამდა ზვირთებს როხასი, თვალებდახუჭული და განაბული იდგა ყელამდე წყალში მარიამი, ჟოაოს ცოლი და ქალიშვილები, ინოსენსიო ჩაბუქნავდა და მერე ახტებოდა მაღლა, ძალიან მაღლა და ტანსაცმლიდან გრძელი წვეთები სცვიოდა, ხტოდა და ხტოდა, ზე მორეირა წყალში თავს ჰყოფდა, ბუნდოვან ფსკერს თვალგახელილი ჩასცქეროდა, მერე მაღლა შემართავდა თავს, გემრიელად კბეჩდა მოშიებულ ჰაერს, და, ერთხელაც რომ აღაღო თავი, სველ წამწამებში მზემ იფეთქა და ხელისგული რომ ჩამოისვა, გორაკისაკენ გაიხედა, წამოიმართა - შორეულ ბორცვზე სერტანელთა ახალი ჯგუფი იდგა. გახევებულნი, მდინარეს სჭვრეტდნენ, მწემსთა ცელქობით მრავალგან აფეთქებულს, და ზეს, ზეს გარდა ვერავინ ამჩნევდა მათ, დაძაბულებს და გახევებულებს და მწყემსი მიხვდა, რომ აგერ, ახლა, ამ მდინარეში, მათგან განსხვავებით ცოტათი უფრო, სულ, სულ ცოტათი უფრო, თითქოს როგორღაც თავისუფალია და იქ გაახსენდა თავისი თავი, მომცრო გორაკზე. დაღმართში მძიმედ ჩამოდიოდნენ... მანუელომ კი აქ, მდინარეში, ერთ-ერთ ქალიშვილს შორიდანვე აპკურა წყალი, იმანაც კოხტად შემოჰღიმილა, მამამისი კი, დიდი უჟმური, მთლად მოიქუფრა, მაგრამ ჟოაო ნამდვილად მაშინ გაცეცხლდა, სახეზე მძიმედ სველთმაჩამოშლილმა მანუელომ თავი მკვეთრად რომ გაიქნია, და რომ ურჩია: „თქვენც ჩამოდით, რა, ჟოაო ძია, იცით, რა კარგია?“ აქ დიდმა უჟმურმა გაცლა დააპირა, შემობრუნდა და უცებ, ერთბაშად დაინახა სერტანელთა ახალი ჯგუფი - მდინარისაკენ თავქუდმოგლეჯილნი გამორბოდნენ და ჟოაო, ერთხანს დაბნეული, გამოერკვა და მაშინვე გზაზე გადაეღობა - „ჯერ არა, არა, ჯერ ქაღალდი უნდა შეივსოს“, - აქ რომელიღაცამ სწრაფად აურბინა და ჟოაომ იქუხა: „ჯერ სახელი მითხარ, სახელი მითხარი-მეთქი, არ შეიძლება ასე, გესმის, ნიკასიო!“ და როცა იმან მდინარეში გაადინა გემრიელი ზღართანი, სხვას მიაძახა: „შენ რაღა გქვია, ჩემო გაბრიელ!“ მაგრამ იმანაც იქით ისკუპა, გაბრაზებული ჩვენი ჟოაო ჭალას შეეფარა, ზურგი აუქცია უხვ, გრილ მდინარეს, მაგრამ ხანდახან მალულად მოაბრუნებდა თავს... ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე... - და წყალში ხტოდნენ ტანსაცმლიანი სერტანელები, მარიამს გოგო-ბიჭი ნაპირთან დაეყენებინა და სველ ხელისგულებს ნაზად უსვამდა მუხლებზე, თავზე, და მერე უცებ გაყუჩდა ყველა - თიხის ნაპირზე შავტანსაცმლიანი კონსელეირო - მენდეს მასიელი იდგა. გახევებულ სერტანელებს ათვალიერებდა და, სადღაც, ტუჩის კუთხეებსა თუ შორს, ღრმად თვალებში, თვალების მიღმა, მაინც ეტყობოდა ღიმილი და კუშტი ალერსი. „ძალიან კარგი, - თქვა მერე კონსელეირომ, გაწუწული მრევლი რომ შეათვალიერა, - როცა ამოხვალთ, თიხის მოზელას შეუდექით. ყველანი ერთად იმუშავებთ. ჯერ ბავშვებისათვის ააგეთ სახლი, მერე - ვისაც ქალები და მოხუცები ჰყავს, დანარჩენები ჯერჯერობით სხვას შეეხიზნეთ. დღე ჯერ დიდია. ამოდით, ძმებო“. და, ამოსულნი, ყველანი მიხვდნენ - იმ მდინარეში სერტანელებად ჩავიდნენ და ახლა კი, ახლა, განბანილები, გრილნი, ძლიერნი - კანუდოსელები იყვნენ. ჟოაო აბადომ ცოტათი მოგვიანებით გაიგო ეს - იმავე გრძელ დღეს, როცა ყველამ დაიძინა და მთვარიან ღამით იქ მდინარეში ჭყუმპალაობით იჯერა გული. *** - აეს ვიღაა, ოთო-ექიმო? - მაგას კიდევ არა უშავს, მაგრამ იქით რომ დგას, დაბალი, უჰ - უბედურის ერთია, უბედური... შუა კამორაში მიაბიჯებდნენ, აქა-იქ საეჭვოდ ირხეოდა ფარდები. ნაცრისფერ სახლთან ზორბა მუსიკოსები იდგნენ, ღონივრად აზმუვლებდნენ რაღაც ჩასაბერ საკრავებს, მედოლეც გამწარებული იქნევდა მრგვალთავა ჯოხს, აზიდული ღრიანცელი იდგა, მაგრამ სახლიდან შიგადაშიგ მაინც გამოსხლტებოდა კვნესა-ყვირილის ნაფლეთი... - არ შეიმჩნიო არაფერი, ფანჯრისკენ არ აიხედო, ჩჩუუ, გაიღიმე, - გადაულაპარაკა ოთო-ექიმმა, - გაიღიმე-მეთქი. თავგადახრილმა დომენიკომაც გაიღიმა, როგორც შეეძლო - ღაწვით-ღაწვამდე მშრალი, ირიბი ნაიარევი გადაესერა. - რა... რა ხდებოდა იმ სახლში ძია? - ვიღაცას სცემდნენ. - რატომ? - რა ვიცი, ისე კი, იმიტომ უკრავენ ხოლმე, ყვირილის ხმა არ მოედოს ქალაქს. - რატომ? - ვითომ კამორაში ცემა არ არსებობს. ასეთია წესი. - და ისე აბნეულად რატომ უკრავდნენ? - არ იციან და იმიტომ. ისე კი, იძახიან, მომავლის მუსიკააო. - ძალიან სცემენ? - არა, არც ისე, მხოლოდ ცხვირ-პირში. რაშია იცი, საქმე, დომენიკო? ამ ყვირილს განგებ გვასმენინებენ. - როგორ... ეს როგორ... - როგორ და, სინამდვილეში, დამნაშავეებს სადღაც მიწის ქვეშ აწამებენ, მაგრამ ეს რომ მიიჩქმალოს, ვითომ ცემაც კი აკრძალულია და ვითომ მაინც ჩუმად სცემენ და ცემაც რომ ვითომ გასაიდუმლოებულია დაკვრის წყალობით, ვითომ მხოლოდ ცემაა კამორაში, იფ, იფ, რა დალაგებულად ვლაპარაკობ? - ფუჰ, რამდენჯერ ვახსენე ეს ერთი სიტყვა... გაიგე რამე? - ვერა, ვერაფერი. - ეჰ, შენ კი არა, - მოიწყინა ოთო-ექიმმა, - მეც ვერ ავიგე ვერაფერი. არადა, ამ ქალაქში დავბერდი კაცი... ერთხანს უმძრახად მიდიოდნენ, დომენიკოს წამლებიანი ყუთი მიჰქონდა. - და იმ სახლში ვინ ცხოვრობს? - სადა, ცხვირ-პირში რომ სცემენ? - დიახ. - არავინ, დომენიკო. დაწესებულებაა. - ეგ რასა ნიშნავს? - ეეჰ, - ამოიოხრა ოთო-ექიმმა, - აუხსენი ახლა ამას ერთ წუთში, კამორაში რა როგორაა... - და გამოცოცხლდა, - აქ შეგიძლია აიხედო, ყველაზე ხნიერი კამორელი ქალია, მაგრამ იქით გვეძახის ყველას ბებიას. აი, ნახავ, თავისი შვილიშვილის ამბები თუ არ გამოგვკითხოს... ნოხგადმოფენილ აივანზე მოძრავი, ცქრიალა დედაბერი მიმოდიოდა, ხელით მოიჩრდილა, შედგა: - შენა ხარ, ოთო, ბებია? - მე ვარ, ბებია. - ჩემი რამუნჩო ხომ არ გინახავს, ბებია? - არა, ბებია. - რას ამბობს ხალხი, აღარ მოყავსო რამუნჩოს ცოლი, ბებია? - არაფერი მსმენია, ქალბატონო. - კარგი ქალია, - თქვა მერე ოთო-ექიმმა, აივანს რომ გამოსცდნენ, - მხოლოდ მაგას და მე არ გვერჩიან მთელ ამ უბანში. მე იმიტომ რომ - ექიმი ვარ, მაგას იმიტომ - რომ ასეთ ხანდაზმულობამდე მიღწევის იმედი ჰქონდეს ყველას. - ქალებსაც ერჩიან? - ქალი რაა ამათთვის ვითომ... - გაიკვირვა ოთო-ექიმმა, - ისე, რომ იცოდე, ბავშვებს მართლა არ ერჩიან არაფერს, თორმეტ წლამდე, - და დააყოლა, - თუკი იმათმა ახლობლებმა არ დააშავეს რაიმე, ნუ შემომცქერი ასე, გაიღიმე... წინ მოკირწყლული აღმართი ჩანდა; ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩა მძიმედ მიბობღავდა მაღლა. თუჯის ჭიშკართან მცველების უფროსს რაღაც წასჩურჩულა ოთო-ექიმმა და იმანაც მაშინვე ხის ორი მოსასხამი გამოატანინა ხელქვეითებს, დომენიკოს დიდის ყურადღებით უმზერდა. ხის უხეშ სამოსს ვიდრემდე მხრებზე მოირგებდნენ, და რკინის ნიღაბს საიმედოდ აიფარებდნენ, მცველთა უფროსმა ნელა ასწია ხელი და ქვედა კამორაში შესასვლელი თუჯის ჭიშკარი ზლაზვნით, ღრჭიალით განიხვნა. ქვედა კამორასკენ აცოცებულ აღმართს მძიმედ შეუყვნენ, რკინის ნიღაბში როგორ ცხელოდა, ოფლად გაიწურა საბრალო მგზავრი, სველი რკინის სუნი უჟმურად სცემდა, ძლივს ადგამდა დამძიმებულ ფეხს, - „გაიღიმე, დომენიკო, გაიღიმე... - უჩურჩულებდა ოთო-ექიმი, - ეგ არაფერი, ნიღაბში რომ ხარ, გაიღიმე, მაინც გაიღიმე...“ მოკირწყლული აღმართი ტერფებსა სტკენდა, ეზიზღებოდა გაოფლილი ხელისგულები, ვიწრო ჭრილიდან სულ ნაირ-ნაირფრად შეღებილ, თითქოს მხიარულ, მაგრამ ავ, უნდო, ყრუ, პირქუშ სახლებს შეძრწუნებული მისჩერებოდა, და უცებ, ზურგში, ხის მოსასხამზე, რაღაც მოკლედ ეძგერა და ჩაელურსმა - „ნუ გეშინია, დომენიკო, - წაიჩურჩულა ოთო-ექიმმა,- ეგ არაფერი, ხუმრობა იყო“. „რა იყო...“ „დანა“. „როგორ თუ დანა!...“ „ხუმრობის ნიშნად, მოსასხამში დანა ჩაგასეს.“ დომენიკოს, მობუზულს, ცივი ოფლი სდიოდა. აქ საოცრად ღირსეულად მორთული კაცი ნაზის ღიმილით მიუახლოვდათ, მოწიწებით დაუკრა ოთო-ექიმს თავი: - როგორ ბრძანდებით, ბატონო ოთო, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი? - კარგად, ჩემო გაბრიელ, თავად როგორ ხართ, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი? - რა მიშავს, გმადლობთ, ვართ ნელა-ნელა, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი. ფრთხილად ვზრდი ბავშვებს, გულისყურითა, როგორც იტყვიან, რადგან ამდენი ტრაღიკულობის შემხედვარეთ, ნაღველი არ გაუჯდეთ ნორჩ გულში, დიდადა ვშიშობ. მიუხედავად ნიღაბ-მოსასხამისა, მეყვსეულადვე შეგიცანით. აეს ჭაბუკი, ხელყუთიანი, რაღა თქმა უნდა, თანაშემწეა კეთილი თქვენი, არა ბატონო? - დიახ, გაბრიელ. - ბატონო ოთო, თუ ნებას მომცემთ, მოსასხამები დამიტოვეთ, შეგაწუხებდათ, აქ უკვე ნაკლებ სახიფათოა. - კი, კი, გაბრიელ, აქვე დავტოვოთ? - რაღა თქმა უნდა, მე ვუდარაჯებ, თუკი მენდობით. - კი, როგორ არა, და შენ თუ არა - სხვას ვის ვენდობი, დიახ, გაბრიელ. ერთიანად სველ, ალაგ აწითლებულ, ალაგ - გაფითრებულ, შიშით დაფორაჯებულ სახეზე ხელი ჩამოისვა დამშვიდებულმა დომენიკომ, ესიამოვნა უცნობის ზრდილი, თავდაჭერილი საუბარი და როგორც კი გასცდნენ, ხმადაბლა ჰკითხა: - ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქვედა-კამორელია, არა, ოთო-ექიმო? ექიმმა უბრად იარა ერთხანს, მერე კი თავი მიაბრუნა, შორით ჩამოტოვებულ გაბრიელს მეგობრულად დაუქნია ხელი და სხაპასხუპით მიაჩურჩულა: - გაგიჟდი, დომენიკო? რიგით მეორე თავზეხელაღებულად ითვლება ქვედა კამორაში, რიგობერტოს შემდეგ. მაგისმა ლაპარაკმა არ შეგაცდინოს, და ისიც იცოდე, დომენიკო, რომ მით უფრო თავზეხელაღებულია ქვედა კამორელი, რამდენადაც უფრო ზრდილობიანად გებაასება. - როგორ... ეს როგორ... - როგორ და, ბიჭო, თავზეხელაღებულებს მშვენივრად აქვთ მოწყობილი ცხოვრება და, კმაყოფილნი, თავაზიანად საუბრობენ. აქ მართლა წესიერი კაცია რამდენიმე, ინტელიგენტები, არისტოკრატული ოჯახიდან გამოსულნი, რომლებიც ჯერ ზედა კამორაში, მერე კი აქ, გაყვლიფეს და, რაღა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ და, განათლებისა და აღზრდის მიუხედავად, სულ დედის გინებაში არიან. ამისმა თავაზიანობამ დაგაბნია, არა? აბა ერთი მოსასხამი მაშინვე არ მოგვეცილებინა, წამში წაგვიჭერდა ყელში ხელს. მერე გენახა მაგის გინება. - როგორ, ეგ კაცი და... იგინება? - ვაი, ჩემი ბრალი... - მუხლზე დაირტყა ოთო-ექიმმა, - თუკი დასჭირდა? აჰ, მტრისას, მტრისას... - ესე იგი, ბიძია ოთო, ჩვეულებრივი საუბრისას ვინც ზრდილობიანად ლაპარაკობს, უფრო ცუდი კაცია და ვინც იგინება, ის კიდევ - კარგი? - ასეა, ასე... - და ხუმრობით შეიგინა ოთო-ექიმმა, მოუწყლიანდა ნაცრისფერი, სველი თვალები, - აი, ეს რომ ვთქვი, მეც ახლა კარგი გამოვედი, ამათი წესით. - და, ესე იგი, ბიძია ოთო, ტყუილ-უბრალოდ ვინც იგინება, ყველას მივენდო? - არა, რას ამბობ, რას, დომენიკო... ზოგი ოხერი ხანდახან განგებ იგინება - ვითომ ინტელიგენტია... - აა... სულ ის თავაზიანობით აღსავსე კაცი ედგა თვალწინ, ვერ იჯერებდა. - და... მაგან ხომ არ ჩამასო დანა? - არა, რას ამბობ... ეგ ეგეთ წვრილმანს არ იკადრებდა, მსხვილი ჩიტია... - და დაიძაბა, - აეს სახლია, აი, მოვედით, გაიღიმე, დომენიკო, ჰა, გაიღიმე... - და წაუმღერა, - შვიიდასჯერ ოთხიი შვიიდას ერთიაა... გვიანი ღამით, კანუდოსელებმა თიხის კიდევ ერთი სახლი რომ ააგეს და, ბნელში ყუჩად მდგარს, მოხიბლულები შეაცქერდნენ, კონსელეირომ დიდი მწყემსისკენ გაიშვირა მწყალობელი ხელი და ლიცლიცა სანთელი მიაწოდა - აჰა, ზე, შედი... - და, სანთლით ხელში, მცირე სინათლით, სუყოველივეს იდუმლად, მძიმედ რომ ამჟღავნებდა, ზემ ჩაუარა გაღიმებულ მანუელო კოსტას, კუშტად კმაყოფილ ჟოაოსა და ინოსენსიოს, მოხიბლულ როხასს, ბნელში გატრუნულ გრეგორიო პაჩეკოსა და სენობიო ლჲოსას, აველინოსა და კიდევ სხვას, ბევრს. ყველას სახეზე მოცურდა შუქი, მშვიდად აფრუტუნდა ჭალაში მდგარი თორმეტი ცხენი, იმ კამორელებს რომ აართვეს და ხელსანთლიანი დიდი მწყემსი, ცოლ-შვილიანი, ბნელში სინათლით მიაბიჯებდა. ბნელში ყუჩად მდგარ, თეთრად მბჟუტავ სახლს მორიდებით მიუახლოვდა, ერთხანს შეჩერდა, ჟრჟოლადავლილი, და მცირე ალი მისი სუნთქვისგან ოდნავ წაწვრილდა, შორეულ კედელს წამით მიებჯინა მქრქალი სხივი და ქვემოთკენ დასხლტა, და დიდმა მწყემსმაც შინისკენ წარსდგა მაღალი ფეხი. შვილთა შუა ჩამდგარ მარიამს ხელისგულები ედო ბავშვებზე, ოდნავ უბიძგა... როგორ შეივსო თიხის სახლი და, თქვენი შენობა, თეთრი და მშვიდი, მცირე სინათლით აბჟუტებული თქვენი სპეტაკი, გრილი სახლი, ზე... ბავშვებს ეძინათ და ოდნავი ფშვინვა ისმოდა ოთახში, კედელზე მიმაგრებული სანთლის წვას საოცრად შეხამებული... ალივლივებულ მცირე სინათლეს შესცქეროდნენ ზე და მარიამი; მარიამი და ზე... სუნთქვაშეკრული დიდი მწყემსი გაოგნებული მისჩერებოდა კონსელეიროს ნაბოძებ შუქს და თავადაც, სულში, რაღაც ეწვოდა. და ნეკნებზედაც გრძნობდა დიდ, უზარმაზარ ხელისგულებს, ვიღაცას ჰყავდა გამომწყვდეული დიდი მწყემსი, ზე, რბილად ეჭირა, გრილი მდინარის მოგუდული ხმით გაჟღენთილიყო მისი ოთახი, მისი შენობა, ის უცნაური ხელისგულებიც - როგორ ათბობდა... და სანთლის ალი რომ მიილია, აჰ, ეს რა მოხდა - თავად პირველი ვაკეირო, დიდი ზე შეკრთა - მობუზულიყო იმ კუნაპეტში, მდინარის ხმაღა ესმოდა მხოლოდ, არა, არ სურდა ეს სიმარტოვე და კუნაპეტი, შეტრიალდა და, ხელგაშვერილმა, გადადგა ფეხი - რაღაც ცოცხალს და თბილს ეძებდა. თავისი სახლის მდუმარებასა და წყვდიადში ბრმასავით თრთოლვით დაძაბული დაიარებოდა ზე, მოკლე ნაბიჯებს ფრთხილად ადგამდა, თანაც ესმოდა სხვა ნაბიჯთა ხმა, და ის სუსტად აშრიალებული სხვისი ფეხის ხმაც ჯიუტად მაძიებელი და მოსურვილე იყო. ხელგაშვერილნი, ხელის ცეცებით დაძრწოდნენ ბნელში, იბოდიალეს, და მხარზე მოხვდა ნაცნობი ხელი, გაიტრუნა და მერე კი, მერე, სახლსავით გრილი მარიამი მკერდზე მიიკრა და ჩაიხუტა... სული თბებოდა, ვაკეიროს ტევადი სული, მარიამი კი, ფეხისწვერებზე შემდგარი, გასუსული, მხოლოდ ამასღა ჩაჩურჩულებდა: „ზე... ჩემი ქმარი, ზე“, უთქმელი მწყემსი კი ვერ ბედავდა ვერაფრის თქმას და, რაღა დროს „გვირილა“ იყო, უმღერდა სული - სულ, სულ, ცოტათი, სულ ოდნავ, ცოტა - ამ გრილ კედლებში, მაღალ კედლებში - თავისუფალი იყო!.. - დიდი ხანია, რაც ავად გახდა? - იკითხა ოთო-ექიმმა, წამლების ყუთი გამოართვა დომენიკოს და მაგიდაზე დადო. აქ ყოველ კედელს სქელი ფარდა დაუყვებოდა, თვალებამოქარგული. ოთახის შუაში ტახტი იდგა, და ავადმყოფი გაწოლილიყო ზედ. თხელი ზეწარი ეფინა მხოლოდ, შუბლზე სველი ტილო ედო და დროგამოშვებით სუსტად, უღონოდ კვნესოდა. ჭირისუფლები იდგნენ ოთახში, ხუთი აწურული კაცი, ხაზგასმული სევდით დასცქეროდნენ ავადმყოფს და მაინც, ყველას, რაღაცნაირად თითქოს სულ სხვაგან ჰქონდა გულისყური, რომელიღაც გაურკვეველ, მაგრამ აშკარად ერთ ადგილს მილურსმოდა მთელი მათი არსება და ისიც კი, ვინც ექიმს პასუხობდა, გულზე თითქოსდა ნაზად თითებმიხუტებული კაცი, სულ სხვაგან იყო: - წუხელის, ღამით, ბატონო ოთო. გუშინ, მთელი დღე, ჩემო ბატონო, ისეთი საღ-სალამათი იყო, შურიან ადამიანსაც კი დაეთუთქებოდა გული და მერე, უცებ, გავიხედე და, კვნესის, მოწყალეო ხელმწიფევ! აჰ, აეს კაციც ზრდილობიანად ლაპარაკობდა... - ვკითხე, რა მოგივიდა, რა გტკივა, რა გაწუხებს-მეთქი, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი-მეთქი, - სიტყვა ჩამოართვა მეორემ, ელამმა ქვედა-კამორელმა და გაურკვეველი მზერა ოთო-ექიმზე მოაცურა, - გაგიგონიათ?! - ხმას ვეღარ იღებს. უმორჩილესად ვევედრებოდით კრინტის დაცდენას, მაგრამ არა ქნა - არ შეეძლო და... ვერც გავამტყუნებ. ახლა კიდევ რა უჭირს, თეთრად გადაფითრებული მაინცაა და მაშინ კი, გუშინ, წუხელ, ესე იგი, ისე გამწვანდა, ჩემო ბატონო - სულ მდელოსფერი გახდა. ბუნების ფასი რაა ამქვეყნად, მაგრამ სახეზე? - აჰ, არა, ვერა... ჩემო ბატონო... ოჰ, აეს კაციც ზრდილობიანად ლაპარაკობდა... - ოღონდ კი ეგ გადაგვირჩინეთ, ბატონო ოთო, - თქვა მესამემ და, სადღაც ზურგსუკან გაფაციცებით მიეპყრო მთელი თავისი ყალბი არსება, რაღაცნაირად, ზეპირად ლაპარაკობდა, - თან სტუმრად იყო და, მოგეხსენებათ, ჩვენი ქალაქის ეგზომი ამბავი - ვის დააჯერებ, არ მოწამლესო, და ეგ რომ მიიცვალოს თუნდაც ძალიან მშვიდი გარდაცვალებით, ხომ დაგვჭრეს ყველას კეთილი თავი, მოგვაშთობენ და, გვიშველეთ რამე, ოთო-ექიმო, გთხოვთ გვიწყალობოთ ყოველნაირი განსწავლულება და ცოდნანი აურაცხელნი თქვენნი. უჰ, აეს კაციც ზრდილობიანად ლაპარაკობდა... ოთო-ექიმმა მაჯა გაუსინჯა ავადმყოფს, რაღაცა დიდად გაუკვირდა და, პირი რომ დააღო, ელამმა მყისვე აჩვენა მუშტი, მრისხანე მზერა უნებურად განზე ააცდინა და, დიდის თავაზიანობით დაეკითხა: - ვითომ, არაა იმედი, ბატონო ოთო? - რა ვიცი, აბა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია... - ოღონდაც მაგას უშველეთ რამე, ბატონო ოთო, - თქვა აქ მეოთხემ, ტახტს ირგვლივ უვლიდა, - და ფერხთა თქვენთა ნოხად გვიგულეთ. და უღრმეს ბოდიშს კი მოგახსენებთ გამოთქმისათვის, მაგრამ წვეთი არ გვიძინია, მაგას რომ რაიმე მოუვიდეს... ეეჰ, აის კაციც ზრდილობიანად ლაპარაკობდა... ერთს მაინც ნეტავ შეეგინა. - ამ წამალს მისცემთ ორ საათში ერთხელ და... - წამოიწყო ოთო-ექიმმა, მაგრამ ძაან ღონივრად, გაბმით დასტვინა უცებ ელამმა. ფარდა ჭერისკენ ავარდა და ხელშემართული კაცი გამოსხლტა, ავადმყოფს მიეჭრა, მაგრამ ყელში ეძგერა ხუთი წვრილი, ალესილი დანა - ზუსტად ესროლეს. ჩაიკეცა და ჯერ კიდევ შუქშერჩენილი, საოცრად გაოგნებული და დამანამუსებელი მზერა აღაპყრო ერთ-ერთს, ისინი კი, საქმიანად წაკუზული ქვედაკამორელები, დანას უხმო გააფრთებით სცემდნენ. და ელამმა ერთხელაც რომ ჩაასო მუცელში დანა, ამოღებისას, სანამ ხელს შემართავდა, გზად ერთ-ერთ ამფსონს ყელში შეუმჩნევლად ამოჰკრა, მერე ისევ ჩასცხო წაქცეულს და მისი ამფსონიც გვერდზე მძიმედ, მორჩილად გადაგორდა. - კაცი მოგვიკლა! - იყვირა ელამმა და შიგ თვალებში ჩაასო წვრილი დანა პირველს, - ამ ოხერ-ტიალმა, კაცი მოგვიკლა!.. შურისძიებით ანთებულნი, მკვდარს გამეტებით სჩხვლეტდნენ, დროდადრო ამფსონისაკენ აპარებდნენ თვალს. ეგდო, ჰყინავდა... ისევ ურტყამდნენ წვრილ დანებს პირველს და, ოთო-ექიმმა მორიდებით თქვა: „რატომ იღლებით ტყვილა, კმარა, მკვდარია...“ - ეგ არაფერი, - მოისმა უცებ, და ავადმყოფი ტახტზე წამოჯდა, - ძალიანაც სწორად იქცევიან, ბატონო ოთო - თუ ცოცხალია, უნდა მოიშთოს, კაცი მოგვიკლა, თუ მკვდარია და, რა უჭირს მერე - სულ არაფერი არ ეტკინება. - დედით ცნობილმა, კაცი მოგვიკლა, - მორიდებით შესჩივლა ელამმა. ავადმყოფი წამოდგა და ამფსონს დიდის სინანულით დააცქერდა, მაგრამ აჰ, არა, არა, ტყუოდა... - უუძვირფასეს ადამიანებს ვკარგავთ... - ნაღვლიანად თქვა. ქვედაკამორელი პირველი თავზეხელაღებული, რიგობერტო გახლდათ. ბნელ და დაგუდულ, გაბმულ ჟრიალში... ნეტავი როგორ გამომძვრალიყო... ვიწრო ხვრელი ამოდიოდა კლდიდან, იქით ქვეყანა იყო, განათებული, მაგრამ შვებისთვის ჯერ არ ეცალა - როგორმე უნდა ამომძვრალიყო... ჯერ ხელი გაყო, დიდ, გრძელ, დაგრეხილ კუნთს ლოყით მიეხუტა, მხარიც მიაყოლა, და დაიძაბა, დაიჭიმა ზე, მაგრამ, აჰ, არა - იმ ვიწრო ხვრელში ვერ ეტეოდა... დაიხია და ესეც გაუჭირდა, უმოწყალოდ გაჩხერილს, მხარი გადაუყვლიფა შემოსალტულმა კლდემ, სივიწროვეში მოიკუნტა ზე, მძიმედ ჩახოხდა დაბლა, და დიდად უცხო რამ იისფერი - აწრიალებული იისფერი შემობურვოდა და უკანვე მიაჩოჩებდა, დაბლა, მაგრამ ხვრელს მიღმა ქვეყანა ჩანდა - უშველებელი, მწყალობელი სინათლით შუქჩამდგარი და განათებული... ისევ გახოხდა ზევით, და მაღლა; მრგვალ ცას ხედავდა მცირე ნასვრეტში კლდით შებოჭილი დიდი მწყემსი, ზე, და რა სიმძიმე, რა სულისხუთვა რა კუშტად ედო... თავი ჩაღუნა, როგორ ბნელოდა... შეკუმშულ სხეულს ასვენებდა ზე, მაინც ბორგავდა - თვალდახუჭული, რადგან სინათლე ადიდებდა და აფართოვებდა... და, თავჩარგული, ისევ გაღოღდა, ფეხის თითებით ებჯინებოდა მისი სხეულით ამოქოლილ ხვრელს, მძიმედ მიახახუნებდა ფერდზე მიწებებულ იდაყვებს, და რა ტკივილით აცურდა მაღლა... მაგრად დახუჭულ ქუთუთოებში შუქი ჩაუდგა, გარიჟრაჟივით ნაცრისფრად თეთრი... და ცალი მხრით რომ აუტანელ ტკივილამდე მიებჯინა დაუნდობელ ხვრელს, მეორე ხელი დიდის წვალებით იქ, გარეთ გაჰყო... და თავისუფალ ჰაერს, გარეთა ჰაერს დაბუჟებულ თითებს უპოტინებდა ზე, შვებით აღვსილი, ჰაერს, უხილავს, ეფერებოდა, თვალდახუჭული, ბედნიერი თითებით მთელ სხეულს შვებას აგრძნობინებდა, და როგორ სურდა, თავით-ფეხებამდე, გარეთ, სულ ზევით, სულ მაღლა, მაღლა, ძალიან შეკრთა, წამოიკვნესა და გაახილა დიდმა ზემ თვალი, ხელაწეული, გრილ სახლში იწვა - თქვენი სპეტაკი, თიხის ქოხი, ზე - ერთთავად ღია, ამოუშენებელ კარში კი მდინარე ჩანდა, მარადახალი, მდორე, წყალუხვი, და დიდ მწყემსს ხელი არ დაუშვია, ისე წამოდგა, ხელგაშვერილი გავიდა გარეთ, და დილა იყო... დილა იყო მშვენიერი, ზე... - სულ ვერ გავიგე ვეღარაფერი, გაიღიმე, დომენიკო, გაიღიმე, - მიაჩურჩულა ოთო-ექიმმა, სახლს რომ გამოსცდნენ, - არა, რაღაცა რომ მზადდებოდა, მაშინვე მივხვდი, ავადმყოფს მაჯა რომ გავუსინჯე... უცნაურია, დიდი უცნაური... - რა, ოთო-ძია... - რიგობერტო რომ მაგ საქმეში ერია. - რატომ... - არა კადრულობს ეგეთ წვრილმანებს. თუმცა, ხანდახან, ეგეც ანცია... - ოთო-ექიმო, - შეაცქერდა დომენიკო, თვალებში ხვეწნით უყურებდა, - ანცობა იყო? - არა მგონია. ჩქარა, გაიღიმე... დიდად თავაზიანი გაბრიელი უახლოვდებოდათ, აჰ, როგორ ეცვა, „რაა ახალი, ბატონო ოთო, როგორ მოიარეთ უბადრუკი ადგილსამყოფელი ჩვენი?“ „კარგად, ჩემო გაბრიელ“. „ძალიან კარგი, - თქვა გაბრიელმა, - ენაჭარტალა ხომ არ არის კეთილი თანამგზავრი თქვენი?“ „არა, რას ბრძანებთ“, წამოიძახა ოთო-ექიმმა, დომენიკომ კი გაიღიმა - ეცინებოდა, როგორ არა, აბა, კი... „სიტყვა ფრინველი კი არაა, - აღნიშნა შავტუხა გაბრიელმა, და ძალიან გრძელი ოქროსფერი თმის ღერი ფაქიზად მოიცილა მხრიდან, - ოჯახსა ვფიცავ, ერთხელ გაშვებულს ვეღარ დაიჭერთ“. „რაღა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩემო გაბრიელ...“ „და ის ანდაზაც არაა სწორი, - თქვა გაბრიელმა, - ორმა იცისო, ღორმაც იცისო. არაა ასე - ბატონო ოთო?“ „სიმართლეს ბრძანებთ“. - ვერაფერს მივხვდი, - წაისისინა მერე ოთო-ექიმმა, ნიღაბმოსასხამი რომ მოირგეს და გაბრიელს გასცდნენ, - ვის რად უნდოდა იმის სიცოცხლე... - ვისი, ოთო-ძია... - პირველად რომ მოკლეს. უპატრონო იყო, საცოდავი, სამადლოდ ვზრდიდით, დამტირებელიც არავინა ჰყავს... როგორ გაბედა რიგობერტოზე ხელის შემართვა... თუმცა, ეგება არც იცოდა, ტახტზე ვინ იწვა... მეც ვერ ვიცანი, წვერ-ულვაში დაეკრა და შუბლიც არ უჩანდა, ნაჭრილობევი... ცივი ტილო ედო. - და ის... მეორე... - გასაღებული? ოო, იმას დიდი ნათესაობა ჰყავს, მთელი კამორა იქ შეიყრება. ისე კი, ძაან უცნაურია, ყელში ხუთგან დანაგარჭობილმა კაცმა როგორღა შეძლო ვისიმე მოკვლა. - თქვენ... - გაიოცა დომენიკომ, ფრთხილად გადაყლაპა ნერწყვი, - ვერ დაინახეთ?! - რა, დომენიკო... - შედგა ექიმი. ორი უმეტყველო ნიღაბი ბრიყვულად მისჩერებოდა ერთურთს. - აიმ მეორეს აიმ ელამმა ამოჰკრა დანა! აქ ოთო ძიამ ნაბიჯები სწრაფად გადადგა, და ადევნებულ დომენიკოს დროდადრო ასე ეუბნებოდა: - არაფერი გამიგია, დომენიკო, არაფერი გამიგია... გაიღიმე, მე არაფერი გამიგია... მერე კი, მოსასხამები და ნიღბები რომ ჩააბარეს თუჯის გახვნილ ჭიშკართან მცველების უფროსს, და პატარა ხანს უბრად იარეს, ოთო-ძიამ თქვა: - აი, ახლა კი, დომენიკო, ყველაფერს არა, მაგრამ რაღაც-რაღაცას კი მივხვდი. მეორის გასაღებას მაინც უსიამოვნების მოტანა შეეძლო და, ამისთვის ის პირველი შეაცდინეს, რომ ვითომცდა რიგობერტოს ან ჩვენი გაბრიელის დავალებით ვინმე ავადმყოფი მოეკლა. გაიღიმე. - და ეგ რაღა შუაში იყო? - იმ შუაში რომ დომენიკო, ამ ჩვენს ქალაქში, ყველგან, საერთოდ, არავინ არავის ენდობა და ჩვენი მისვლა ალბათ ორგვარად გამოიყენეს - ერთი, რომ ჩვენს დანახვაზე ის საცოდავი მართლა დაიჯერებდა, რომ ნამდვილ ავადმყოფს ადვილად გაასაღებდა, და, მეორეც, რამე იყოს, მოწმეებად დაგვიყენებენ, რომ ის მეორე პირველმა მოკლა. - მოწმეებად? - აბა. - და სიმართლე რომ ვთქვათ, მერე? - აჰ, დომენიკო, - შეკრთა ექიმი,- აღარ ახსენო სერიოზულად აქ, კამორაში სხვა დროს ეგ სიტყვა. გაიღიმე. დაფიქრებულნი მიდიოდნენ და, უკვე აღწევდა ჯანმრთელ მუსიკოსთა საკრავების ხმა, დიდად აღრეული... მომავლის მუსიკა... შორს, აივანზე, რამუნჩოს ცქვიტი ბებია ჩანდა, ხელით იჩრდილებდა სახეს, გამვლელ-გამომვლელს დაეძებდა, „გააჭირა, დომენიკო, საქმე...“ - თქვა ოთო-ძიამ. - აქ, კამორაში... როგორ მარხავენ... - ააქ? ორნაირად. იმ უპატრონოს, მაგალითად, ნაღდად დასწვავენ, როგორც დამნაშავეს და მეორეს კი მუხის კუბოთი მიაბარებენ მიწას. - და... მე რომ მომკლან... - შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, არავის, დომენიკო, - ნაღვლიანად შეაცქერდა ოთო-ექიმი, ნაცრისფერი თვალები მოუწყლიანდა, - შვილივით მყავხარ... და ამ ქალაქში ყველას ვჭირდები, დღევანდელივით კი არა. მართლა ხდებიან ხანდახან ავად. დიიიდად ვჭირდები... - თქვენ... - შეაცქერდა დომენიკო, ვედრებით სჭვრეტდა, - თქვენ ალექსანდროს უფროსი ძმა ხართ? - ვინ ალექსანდრო...- შეცბა ექიმი. - არ იცით, არა? - რიდით გაუღიმა დომენიკომ. - ჟაგუნსოებში ჩამაგდონ, თუკი ვიცოდე. ძმა არასოდეს მყოლია, და თავის დროზე მამაჩემს თუ უყოჩაღნია ჩუმად სადმე, ეგ აღარ ვიცი. - ჟაგუნსოები რა არის, ძია? - ერთად დამწყვდეული, განსაკუთრებით საშიში, ქვედა კამორელებია. - რატომ ამწყვდევენ... - არ გაიშვებიან ჟაგუნსოები გარეთ. - როგორ, ამათზე უარესები არიან? - გაცილებით, მაშ. - და დამწყვდეულნი რაში არგიათ? - ხალხს რომ იმათი შიში ჰქონდეს, ბრრ, დომენიკო... - და სულ დამწყვდეულები არიან? - არა, ხანდახან გამოიყენებენ ხოლმე. არცთუ იშვიათად... - და, რით ცოცხლობენ... დამწყვდეულები... ოთო-ექიმმა ნაღვლიანად შეხედა, უთხრა: - დროდადრო ვინმეს შეუგდებენ ხოლმე. დილა იყო... დილა იყო მშვენიერი, ზე. და ჭალა-ჭალად მიაბიჯებდა მხრებაწურული დიდი ვაკეირო, უცნაურად გაიტრუნენ ცხენები, დილის ჰაერი, საამოდ მჭახე, იწიწკნებოდა, სულს ერთვოდა და თავისუფალ, ამჟამად მომცრო ჯერ კანუდოსში მიაბიჯებდა სუულ ცოტათი თავისუფალი ზე, იქაურობის ერთი რიგითი პატრონთაგანი, მდინარეც ჰქონდა! მიუახლოვდა, დაიხარა და ხელები ჩაჰყო, მერე პეშვები შეატყუპა, შვებით შეისხა სახეზე წყალი, წამოიმართა, შვებამოგვრილი, მდინარენაპკურები, და საცა თვალი მიუწვდებოდა, ხარბად ისუნთქავდა ყველაფერს, ფილტვებდაბერილი - ტლანქი სიზმრის შემორჩენილი ნაფლეთები მაინც ისევ მძიმედ ექიჩავებოდა სადღაც ზეს, დაბლა, და დიდ ხესთან მივიდა მწყემსი, რკინის ხელები შემოაჭდო, აცოცდა მაღლა. მერე ტოტები შემოხვდა ამამაღლებელ გზაზე, თითები ჩაასო, აიზიდა, მწყურვალი აფათურებდა ახალი ტოტის მოსაძებნად ხელებს, და ერთი-ორჯერ ახტა კიდევაც, სიმაღლეს ჩაებღაუჭა, და კენწეროს რომ მიუახლოვდა, თავი ჩაღუნა, გაწითლდა, შერცხვა - ზემოთა ტოტზე მხიარული მწყემსი, მანუელო კოსტა იდგა და ისიც დიდად დამორცხვებული ჩამოსცქეროდა. მერე მაინც ამოუდგა გვერდით ძმაკაცს ზე. და ერთმანეთი როგორღაც მიავიწყდათ - სიმაღლე სურდათ, და, მაღლა მდგარი, რა თავისუფლად, როგორ სუნთქავდა დიდი მწყემსი, ზე, წვრილ რტოებს განზე სწევდნენ და ოთხსავე მხარეს ლაღად, ამაყად იმზირებოდნენ. თავისი სახლის თეთრად აბზინებულ სახურავს დაჰყურებდა მწყემსი, სხვათა სახურავებსაც იგივ ახალი, უცხო ალერსით დასცქეროდა მერე, თვალი მოავლო გადათიბულ ველს, ზურგმორკალული მათი ქალები კომბოსტოსა და სტაფილოს სთესდნენ. შორს, იმ გორაკზე, ვიღაცა იდგა, დააკვირდნენ და, პრუდენსიო იცნეს. უძმებოდ იყო... ბავშვებიანი რძლებიღა ახლდნენ. და სხვა მხრიდანაც შემოდიოდა კანუდოსში ხალხი. სხვაგვარად ეცვათ, ესენი სერტანელები არ იყვნენ, არა, ერთს გრძელი, ფართო ხმალი ეჭირა. კოჟრებამობურცული ხელისგულებით იზილებოდა დამყოლი თიხა, მდინარის პირას კი კუშტად მგლოვიარე კონსელეირო, შავტანსაცმლიანი მენდეს მასიელი მოდიოდა, და სერტანელთათვის უცხო რამ ნივთი - ბადე მოჰქონდა. ნაპირთან შედგა, თიხის სახლებიდან გამოდიოდა ხალხი, ზეს გულში გაჰკრა, ცოლ-შვილი რომ დალანდა ფოთლებშუა, ახლოვდებოდა მრისხანე პრუდენსიო, ყვრიმალებდაბერილი, მაჩეტეჩაბღუჯული, და შორს დარჩენილ ძმებზე ფიქრობდა, ხალხი იკრიბებოდა კონსელეიროს ზურგს უკან, დიდად რამ უცხო სასწაულის მოლოდინში, და მის უცხო ნივთს ძრწოლითა და იმედით შესცქეროდნენ. მენდეს მასიელმა კი ბადე მოისროლა, თქვა: „აქ ერთმა კაცმა შვიდი თევზი გაუშვა ადრე... და დამძიმებულ ბადეს ღონივრად ჩაებღაუჭა, მაშინვე მიეშველნენ გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლჲოსა, იმ უცხო გამჭვირვალე ქსელში შორიდან ვერცხლი ბზინავდა თითქოს, „სულ რამდენნი ხართ...“ „ოცდაათი...“ - წამოიძახა ჟოაომ და მყისვე შეჩერდა - ახალი დასტა შემატებოდათ, და იქით, ბორცვზე, სხვებიცა ჩანდნენ... „სამოცდარვანი, კონსელეირო,“ უთხრა ჟოაომ, ამაყად აღმართა თავი. და კონსელეირომ კიდევ ორჯერ ისროლა ბადე, მერე თევზები გადათვალა, და რამდენიმე უკანვე ისროლა, წყალში. „თითო გერგებათ სუყველას, - უთხრა, - ამიერიდან, კარგად იცოდეთ - ბავშვი იქნება თუ ზორბა კაცი, ყველა თანაბრად განიყოფთ ყოველს“. - და იმ შეგდებულს... ჟაგუნსოები რას უშვრებიან? - ჯერ მოჰკვლენ ხოლმე. - და მერე, მერე... ოთო-ძია? - არ ვიცი... არაფერი ვიცი, დომენიკო, - თვალი აარიდა ოთო-ექიმმა, - ისე კი, ხალხი რას არ იტყვის, უძვლოა ენა. - რა, რას ამბობენ, ოთო-ძია? - დაეკითხა დომენიკო, ხელში ჩასჭიდა ათრთოლებული ხელი. - არ ვიცი, არა... სხვა რამეზე ვილაპარაკოთ... ვიღაცა გვლანძღავს. - და, ოთო-ძია... იმ ჟაგუნსოებს უფროსი თუ ჰყავთ. დანაღვლიანდა ოთო-ექიმი, ხმადაბლა უთხრა: - კი, დომენიკო... მიჩინიოა. - სალამ-გამარჯობათ, ბებია, - აივანზე გადმომდგარიყო ცქვიტი დედაბერი, უჰ, მერამდენედ ესალმებოდათ, - საით ყოფილხართ, ბებია? - სალამ-გამარჯობათ, ბებია, ისე, გავისეირნეთ ჰაერზე ტყვილა... - ჩემი რამუნჩო ხომ არ გინახავთ, ბებია? - არა, ბებია. - რას ამბობს ხალხი, არ მოჰყავსო რამუნჩოს ცოლი, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი, ბებია? - არაფერი მსმენია, დღეგრძელი იყო დიდი მარშალი, ბებია. - ეგ საძაგელი გლახა ქალებში დაიარება ალბათ ხშირხშირად, არა, ბებია? - არა, რას ბრძანებთ, არ ეკარება გლახა ქალებს ახლოს, ბებია... თავისი ჭკუით ანუგეშა ოთო-ექიმმა, მაგრამ აქ მოხუცებულმა მოიწყინა, თავი ჩაჰკიდა და თქვა: - აბა, თლად დავღუპულვარ, შვილო.თავი მეორე
წაკუზულ ადამიანთა მობოდიალე ჯგრო სილაზე რაღაცის ამოკითხვას ამაოდ ცდილობდა, ორასნი იყვნენ. დუნედ მაძებარნი, ბლანტედ მოფუსფუსენი, ორად მოხრილნი, წელატკიებულნი, ოთხით დაიარებოდნენ და ხელები სილაში მაჯებამდე ეფლობოდათ, ხანდახან თავებით ეჯახებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერც გრძნობდნენ, ოეჰ, ამისთვის ვიღას ეცალა - მრისხანე ლეიტენანტი, ზედამხედველი ნავოლე, მცხუნვარე მზისგან თავდაღწეული, ფერად კარავში წამოწოლილიყო და იქიდან მკაცრად იმზირებოდა. კაპრალი ელიოდორო კი, დიდი, ჭრელი ქოლგით ხელში, კარვის შესასვლელთან, ოდნავ განზე ატუზულიყო და დაოთხილ ბრიგადას გულდასმით შესცქეროდა. „ნსულ ვერ ნგავიგე ვერანფერი, - თქვა ზედამხედველმა ნავოლემ და დიდი ტოლჩა პირზე მიიყუდა, რა ენაღვლებოდა რა - მაინც ცხვირში ლაპარაკობდა, - სულ განმოვცალეთ თინთქმის ნპრონდუქტი და იმათ ნკვალს მაინც ვერ მივანგენით“. „ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენი პირით, ჩემო ლეიტენანტო, - მაშინვე დაეთანხმა კაპრალი ელიოდორო და ქოლგა გაიშვირა, - იმ ნაწვიმარზეც ხომ სწორედ რომ აი აქ, კაატინგასთან დავკარგეთ კვალი. აქ კი, უფროსო, ისე-უბრალოდ ხომ ვერ გაივლიდნენ და...“ „რას ნფიქრობ მერე...“ „საიდუმლო ხვრელი უნდა იყოს სადმე, - აღნიშნა კაპრალმა ელიოდორომ და თავმოწონების ეშხით ვრცლად ლაპარაკის იშტაზე დადგა, - რომ ხვრელი არა, რაღა აქ დაიკარგებოდა კვალი, კაცმა რომ თქვას და, მით უმეტეს, კაატინგაში ძვლებიც არსად ჩანს და ის ერთი უცნაური ტყვეც ხომ სწორედ კაატინგასთან დაგვეკარგა, - აქ ძაან სხაპასხუპით მიაყარა, - მაგრამ სილაში ყველგან ერთიანად ეფლობა ჭოკი და თუმცა ჯერ ხვრელი ვერ ვიპოვნეთ, მე მაინც მჯერა, ჩემო ლეიტენანტო...“ „ნცონტათი მნელა ილაპარაკე, - შეიჭმუხნა ლეიტენანტი ნავოლე, - ნსულ ნვერ გავიგე სულნ ვერაფერი“. „ხვრელია-მეთქი, ჩემო ლეიტენანტო, სადღაც, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი“. „ნდღეგრძელი იყოოს... - ისურვა ნავოლემაც, ფიქრში წავიდა, - ნვინ იცის, ნჰაა, ჩემს კოხტა ნსუზის ნროგორ ვენატრები?“ სუზზის კი ქმარი, შორს, კამორაში, მართლა ძალიან ენატრებოდა - მოწყენით იჯდა, ამთქნარებდა, ასე ამბობდა: „ეჰ, ჩემი დუდღუნა ნავოლე მაინც იყოს აქ...“ „რა ჯანდაბად და ოხრობად გინდა სულო?“ - სუზანნას ნაცვლად ამაყი წინაპრის სევდიან პორტრეტს დაეკითხა პოლკოვნიკი სეზარ. „მე სახიფათო სიყვარული მწამს, - აღნიშნა ქალმა, დიდ თეთრ ვარდს ფურცლებს ნაზად აფცქვნიდა, - აბა, რაღა ხიფათია ეს ჩვენი ტრფობა და სიყვარული, როდესაც ქმარი სადღაც გადაკარგულში დაძრწის“. „და, ჩემო სუზზი, სტელა ხომ აქ გვყავს?“ მომხიბლავად ახლა ჭაღს დაეკითხა ყოჩაღი პოლკოვნიკი. „იჰ, სტელა, სტელა... - ხელი ჩაიქნია სუზზიმ, - სტელა - ბრიყვია, ვერ-სახიფათო“. „ხო - ნავოლე მყავს დიდი ჭკვიანი“, - შორს, კამორაში, ასე იწყინა ყოჩაღმა პოლკოვნიკმა, აქ კი, კაატინგას მისადგომებთან, ჩვენი ზედამხედველი ნავოლე, ერთგული ლეიტენანტი, თავის ხალხს ოთხით დაარონინებდა და, ჭოკს ღრმად ასობინებდა სილაში, - „ინს ორი ნმუნჯი ნროგორ დავბრიდეთ?“. „ვინა, მწყემსები? - გამხიარულდა კაპრალი ელიოდორო, - ძაან ყოჩაღად მივაბრიდეთ, ჩემო ლეიტენანტო. როგორ დაშინდნენ, ჰააჰა, ჰაჰა, ვერ გაანძრია ვერც ერთმა ხელი“. „ნმერედა, ჩემო, ინსე კანკალებდნენ, ინსე, გეგონებოდა, განბრაზებულნი არიანო ნჰარა?“ „აბა, აბა, - მუხლზე ხელი დაირტყა კაპრალმა ელიოდორომ, - ძაან შეშინდნენ. იმათი ძმა კი, რა ქვია, ფუი, აგერ, ცხრილშია... ჰო, პრუდენსიო, სხვებს გაჰყოლია...“ „ნყველას დავბრიდავთ, - მხიარულად აღნიშნა ნავოლემ და, კვლავ მოიწყინა, - ენჰხ, ჩემი სუნზი ალნბათ როგორ მელის?“. *** კანუდოსს ხალხი ემატებოდა, მდინარის ნაპირს - თეთრი სახლები, ატატებული ბავშვებით ხელში, პირქუში რწმენით, და დაბნეულნი შემოდიოდნენ - ძაან უცხო რამ ქალაქში ჩანდა, და - სასურველი. მოდიოდა ხალხი ბაზრობათა ქალაქიდან, გულისთქმას მინდობილი, აყოლილი; მოდიოდა ხალხი ტბიან სოფლებიდან. დაფიქრებულნი, უთქმელნი იყვნენ. სერტანელთათვის უცხო საკვები - კარტოფილი დიდი, მხარზე მძიმედ დადებული ტომრებით მოჰქონდათ, შემოდიოდნენ თითო-თითოდაც, მიტოვებულნი, მიმტოვებელნი... მჭედელიც ჰყავდათ. ფართოვდებოდა კანუდოსი, სახლებისათვის თიხასა ზელდნენ, გარუჯული მკლავები თეთრად მოთხვრილი ჰქონდათ, ყველას ჟოაო ეგებებოდა, თავისი საქმის დიდად ერთგული, მუხლზე ქაღალდგაშლილი, და, მოსულნი რომ გადაებირებინა, უაღრესად მოქუფრული ხვდებოდა ყველას, თუმც საამისო არაფერი სჭირდა - თიხის ქალაქში გაოგნებულნი, გახევებულნი შემოდიოდნენ... მაგრამ იქ ერთხელ ვიღაცა ერთი დილაადრიან ისე მოვიდა!.. ჟოაო აბადომ ამპარტავნად მომავალს შორიდანვე რომ მოჰკრა თვალი, გაოცებულმა წამოიძახა: „ვინაა ეს საფრთხობელა...“ ხმელი, ძალიან მაღალი ახალგაზრდა კაცი გახლდათ, ყანჩასავით, ამაყად მოადგამდა ფეხს; აიმ სიცხეში ყვითელი ხავერდის მძიმედ ალაპლაპებული მოსასხამი უქარქაშო, შიშველ სატევარს მოხდენილად გამოებზიკა. ისეთი კრიალა ჩექმები ეცვა, სულ ათინათი გადასდიოდა; ფართოფარფლებიანი, დიდად განიერი ქუდი ეხურა, ფარშავანგის მბზინავი კუდი ქუდში გაერჭო, და რაღაც ზედმეტად ბრჭყვიალა სამი მცირე ქვა მიებნია მკერდზე. გაოცებულნი მისჩერებოდნენ, ამგვარი უცხო რამ ფრინველი ჯერ არ ენახათ, ის კი არხეინად, ოდნავ შესამჩნევი მოწონებით ათვალიერებდა გარემოს. ჩვენი მთავარი უჟმური ამრეზილი მისჩერებოდა და, პირი რომ დააღო, უცნობმა დაასწრო, დაიქუხა: - ერთი საბუთი მაჩვენეთ თქვენი! და, პირდაღებულ ჟოაოს მოულოდნელად ისე შესცინა... - გეხუმრეთ, ძია... კანუდოსში ვარ? - აბა სადა ხარ!! - კეთილი იყოს ჩემი აქ მოსვლა... ერთმანეთს როგორ მიმართავთ ხოლმე? - კონსელეირო ძმებოს გვეძახის. გრეგორიომ უთხრა. - კეთილი იყოს ჩემი აქ მოსვლა, - ძმებო, - დაშნის ტარს ჩამოადო მარცხენა ხელი, მარჯვენათი - ქუდი მოიხადა, ჯერ ლამაზად დაიქნია მუხლებამდე, მერე ჰაერში უხილავი წრე შემოავლებინა, და ცალფეხწარდგმული, ოდნავ მოიხარა, - მიმიღეთ, ძმებო. - რა ხელობა გაქვს რო... - ათვალწუნებით ახედ-დახედა ჟოაომ. - კაბალიერო ვარ. - ვინ ხარ?! - კაბალიერო. - ჯანდაბა შენს თავს, - ჩაიბურტყუნა ჟოაომ, ყური მიუშვირა, - რა ვარო. - კაბალიერო. - კაბალიეროები აქ არ გვჭირდება! - მკვახედ მიუგო ჟოაომ, - ვისაც გვიყურებ, სულ მწყემსები ვართ... დაა, გლეხები. - მერე, არ გინდათ ერთი სხვაგვარი? - არა, არ გვინდა. ეს უკვე პრუდენსიო გახლდათ, ძმათა დამკარგავი, მდიდრულ სამოსში გამოწყობილ კაცს მტრულად უმზერდა. ახალმოსულიც სულ ერთიანად აიკრიფა, რაღაცა ავი გაუკრთა თვალში. - უნდა მივიღოთ, - გაისმა იქვე, მენდეს მასიელი სადღაც, განზე იყურებოდა, ისე ამბობდა: - ვინც კი აქ მოვა, ყველა, ყველანი უნდა მივიღოთ, ჟოაო. დაიმახსოვრე. - აი... ასეთიც? - დიდად განცვიფრდა ჟოაო. - ეგეთიც, ჰო. ახალმოსულმა ცალი მუხლი მოიყარა, იმანაც განზე გაიხედა, თქვა: - დიდადა გმადლობთ, კონსელეირო. თვალს არიდებდნენ ერთურთს. იმისმა მუხლმოყრამ კი ჟოაო ოდნავ კეთილად განაწყო, ამაყად ჰკითხა: - ხელობა იცი რამე? - კი, როგორ არა, - სხარტად წამოდგა უცნობი, - მაგრამ თქვენობით მელაპარაკეთ, თანდათან, მერე შეიძლება დაგრთოთ კიდევაც შენობით მომართვის უფლება. - არ გვინდა, არა! - მენდეს მასიელს შესძახა ჟოაომ, - ეს გაპრანჭული, ეს საფრთხობელა ჩვენ აბა რაში გამოგვადგება... - არა უშავს რა, - მძიმედ წარმოთქვა კონსელეირომ, ყველას ისევ არიდებდა თვალს, - მიდი, განაგრძე. - ხელობა იცი-თ? - კაბალიერო გახლავართ, ძმებო. - კომბოსტოს თესვა თუ იცით, ეე... - აჰ, არა, არა. - ხვნა-თესვა? - აჰ, აჰ. - ხელი გაასავსავა მოსულმა. - ცხენზე ჯდომა თუ მაინც შეგიძლია... - ოოო, ცხეენზე... - სიამოვნებით გაჭიმა უცხომ, - გაჭენებულ ცხენზე შემიძლია წამოვწვე და დავიძინო. - სახელი თქვენი. - დონ დიეგო. - რაო? - დონ, ესე იგი - ბატონი დიეგო. უცხოური სიტყვიდან - დომინუს... - აჰა, ხომ ვამბობ! - იმედიანად შეჰყვირა გამწარებულმა ჟოაომ, - არ გამოდგება-მეთქი, ბატონი და ოხრობა გვინდა? მაგრამ მენდეს მასიელი დაფიქრებული იყურებოდა განზე. - მთავარსაც გეტყვით, - მშვიდად განაგრძო დონ დიეგომ, - კარგად ვიცი რომ, ბრძოლა მოგელით. მაგრამ ჩემი იმედი იქ ნუ გექნებათ. არ შემიძლია, მტერს ერთ-ერთ მებრძოლად რომ შევერკინო. დიდ ბოდიშს ვიხდი, ახალო ძმებო, მაგრამ, ვერ ამოგიდგებით მხარში. ჩემისთანა შესაძლებლობების კაცს არ ეკადრება, ოთხ კამორელს რომ ერთად ებრძოლოს და უცებ კი ზურგში ბრმა ტყვია მოხვდეს, რომელიმე თქვენგანისკენ დამიზნებული. სამაგიეროდ, მოწყალეო ძმებო, ურთულესი რამ შეგიძლიათ დამავალოთ - ვთქვათ, მინდვრად მოხეტიალე რაზმის გაჟლეტა. სიამოვნებით გავეშურები, რადგან მხოლოდ მე და ჩემი კეთილშობილი თავი ვიქნებით პასუხისმგებელნი. - რამე თუ იცით... - ხმადაბლა იკითხა ჟოაომ, ცოტათი დაბნეული ჩანდა. დონ დიეგო კი უფრო გაიმართა, თქვა: - ყველა ჩიტის ენა ვიცი. - ჰა! - შეკრთა ჟოაო, - მასხარაობაც აქ მოიტანე? - არა, რას ბრძანებთ, სხვა რამეები, აი, თუნდაც ეს. - თოფებს იყიდით, - ერთ-ერთი ბრჭყვიალა ქვა შეიხსნა, თვალარიდებულ კონსელეიროს მოწიწებით დაუდო ფერხთით, - და კიდევ სულ სხვა უცხო რამ. - რა... - ქაღალდი მოიმარჯვა ჟოაომ. - არტისტიზმი. - რაა? - არტისტიზმი, მოწყალეო ძმაო, - დინჯად გაუმეორა დონ დიეგომ, - ნემსის ყუნწში შემიძლია გავძვრე, - და გაიკვირვა, - ჰოიი, რამდენი ვილაპარაკე, ახლა კი შეგიძლიათ, შენობით მომმართოთ, უკვე საკმარისად დავუახლოვდით ერთმანეთს რადგან. - წადი მაშინ და კარტოფილი გათალე, კარგი. - ამაყად დართო ნება ჟოაომ. დონ დიეგოს სახე საწყლად მოებრიცა, თქვა: - ეგებ სხვა რამე დამავალოთ, ეგ არ შემიძლია. - რა გნებავს მაინც! - შეშას დავჩეხავ, წყალს ამოვიტან, თიხას მოვზელავ... - არა, - გამკაცრდა ჟოაო, - კარტოფილი გათალე-მეთქი. - კარგით რა, ძია... კაბალიერო და - კარტოფილის თლა? - არ გამაგონო აღარაფერი! მე ძია არ ვარ, ჟოაო მქვია... დონ დიეგო ერთხანს მხრებჩამოყრილი იდგა, მერე ითხოვა: - ძონძი მომეცით... ჟოაო ძია... - თუ დანა... - დანა შვიდი მაქვს. ძონძი მომეცით... - რა ოხრობად და ჯანდაბად გინდა! - რაა - ძნელია?! და თითქოს მორჩილად გაეშურა კარტოფილის გროვისაკენ, ორი თითით ზიზღიანად ეჭირა ძონძი. მერე კი, როცა მოიკითხეს, არსად აღმოჩნდა. გამწარებულნი ეცნენ აქეთ-იქით, იქაურობა მოირბინეს, არსად ჩანდა და ჟოაომ, განრისხებულმა, ასე იფეთქა: - აკი ვამბობდი, გავაგდოთ-მეთქი, პირველსავე დღეს ვინ გაპარულა! მოგვეკლა უნდა! წავა ახლა და... ამბავს წაიღებს... მაგრამ დონ დიეგო ორიოდ საათში მობრუნდა, ოდნავ მძიმედ მოაბიჯებდა, იღლიაში კი პირში ძონძგაჩრილი კაპრალი ელიოდორო ჰქონდა. - აი, ეს გათლის, - უთხრა პირდაფჩენილ ჟოაოს და კაპრალისათვის არც დაუხედავს, ისე დააგდო მიწაზე, - სულ ერთი არაა? გადაჭარბებით შევასრულებინებ გეგმას. *** მგზავრს, დომენიკოს, რაღაც უნდოდა, რაღაცა სურდა... აი, იმ შიშში, და ავ ფიქრებში, აწეწილ ბინდში გაუელვებდა ხოლმე სურვილი, რა - არ იცოდა, და პირქვე იწვა. იმ მონაცრისფროდ საზარელი თვალების სუსხიც ზურგში კლანჭებად ესობოდა და გულაღმა ამოტრიალდებოდა ყმაწვილი მგზავრი, ახსენდებოდა წყალი, ბალახი, სადღაც, კი, სადღაც... და იმ სურვილთან მიახლოებულს, ისევ საზარელი მიჩინიოს თვალები წარმოუდგებოდა, ღვარძლიანად მბჟუტავი, ჭრილით-ჭრილამდე ერთიანად ნაცრისფერი... ქვედაქალაქელ ჟაგუნსოების უფროსი, მთელ კამორაში ნებაზე გაშვებული! გადამტერებული... ყელი სადანოდ აექავებოდა, შეშფოთებული იკეცავდა ნიკაპქვეშ საბანს, და იმ სურვილთან მისაახლოებლად თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ფეხის ხმა ესმოდა თითქოს - რბილი, მსუბუქი, ამაზრზენი, მიჩინიოსი... შეშფოთებული წამოჯდებოდა, თვალებგაფართოებული ისე, თითქოს მზერით სურდა ამ საშინელი ხმის აღმოჩენა, - არავინ იყო... იქითა ოთახში ოთო-ექიმი ხანდახან უნებურად თუ აახმიანებდა ჭურჭელს, შვილობილის ძილს უფრთხილდებოდა... ადრიანი დილა იდგა კამორაში, ომახიანმა კაეტანომ წეღან იყვირა: „დი-ილის რვა საათია და...“ კი, სუყველაფერი გეენიიაალურააადააააა-დ იყო, კი, როგორ არა. დიახ. კი... ისემც!... აფორიაქებული, ტანსაცმელს დასწვდა, მიიფარა და ისე შეიხედა ტახტქვეშ - არავინ იყო... მაგრამ კარადა ავად გასუსულიყო, მაღალი, შავი... - გამალებული იცვამდა ჩექმას, ამ ოთხკედლობას, ისევ ქუჩაში სიკვდილი სჯობდა. მაგრამ დომენიკომ წამით ისევ აირბინა შინ, აფორიაქებულმა, ოთო-ექიმს ჭურჭელი სთხოვა: „ოღონდ თიხისა, რა, ოთო-ძია...“ „რად გინდა, ბიჭი“. „რა ვიცი, მინდა...“ - ქუჩის კუთხეში რძესა ყიდდნენ. ქუჩის კუთხეში რძეს ყიდდნენ და, თიხის კოკით ხელში, კამორელებს ამოუდგა დომენიკო, ხორციც ეკიდა ბასრ კაუჭებზე მძიმე, ჩახუნებულსისხლიან ნაჭრებად, ყასაბი ხან ნაჯახს მოიმარჯვებდა, ხანაც კი, ბინძურ ტილოზე ხელშეხოცილი, ჩამჩას წაავლებდა მოლურჯო თითებს და ქალებს ჭურჭელში რძეს ჩაუღვრიდა. კაცები ხორცს ყიდულობდნენ, არ ეპიტნავა დომენიკოს ქალების ხვედრი, მაგრამ ცხელი რძე ძაან უნდოდა... მის წინ კი, რიგში სისხამ დილით, შუა ზამთარში ისე შილიფად ჩაცმული ქალი იდგა! და მოსასხამში შეფუთვნილ დომენიკოს იქით შესცივდა, მისი შიშველი მხრების დანახვაზე. გაბრუებულმა ნაბიჯი წარსდგა, და, ჩაფიქრებულს, გვერდიდან სჭვრეტდა. ქალი კი თავისთვის იდგა, ხორცსავსე, ნოყიერი, ისეთი თბილი, რბილი და სათნო, ვერც შეატყობდა ვერავინ ასაკს, არიან ხოლმე ასეთი ქალები; მით უმეტეს ახლა, სისხამი დილით ახალგაღვიძებული, უფერუმარილო, სახელდახელოდ შეზვინული თმითა და მიმზიდველნაოჭებიანი, ჯაფისაგან მსუბუქად სახედაღარული, ლოგინის სითბოგამოყოლილი - ნამდვილი იყო, და მოჯადოებული დასცქეროდა იმის შიშველ მხრებს ყმაწვილი მგზავრი, ეხიბლებოდა დიდი თვალები, და ერთი სული თუმცა კი ჰქონდა, შემოეხვია ცივი ხელები, დიდ, ფაფუკ მკერდზე მიედო გამხდარი ლოყა, ჩახუტებოდა მაგრად, ძალიან მაგრად, ამასთან ერთად აიმ სურვილის ნატამალიც კი არა ჩანდა მგზავრის თვალებში, ჩვეულებრივ დედაკაცზე მეტი იყო ახლა იმისთვის ეს თბილი ქალი - დედა მოუნდა, დედა უნდოდა... და ჩაფიქრებულმა ქალმაც იგრძნო ეს დაჟინებული, ლამაზად მათხოვრული მზერა, თავი ასწია და მერე მძიმედ შემოტრიალდა. ჯერ დაკვირვებით ახედ-დახედა, კარგი სამოსი თვალთ მოუვიდა. და მგზავრის სახეც - თლილი, ფერმკრთალი, ვედრებით სავსე, და ვერაფერი გაუგო ალბათ, რადგან მაშინვე ისე ბილწად, ისე ბინძურად შეაღიმილა... მგზავრი - საბრალო, და გველნაკბენი, „რამ დაგაღონა, ლამაზო ბიჭო?“ - დაეკითხა ქალი და დომენიკომაც ძლივას გაბედა: „მე... დედა არ მყავს...“ და შეაცქერდა, რაღაც თბილ სიტყვებს, ნუგეშს ელოდა, ქალმა კი უთხრა: „დიდი ამბავი... მშობელი მიდის და შვილი რჩება“. საბრალო, მგზავრი... და როცა ქალი სავსე ქვაბიანა მახლობელი სახლისაკენ ქვედატანის ღონივრად დატენილი რხევით გაეშურა, და გამარჯვების მომლოდინე თვალებით გამოხედა, შეცბა - თავჩაღუნული იდგა დომენიკო... ყასაბმა კი უთხრა: „მომეცით, ჰალე...“ და სისხლშემხმარი, საზარლად ჩაყვითლებული ხელის დანახვაზე შემკრთალმა დომენიკომ უცებ კინაღამ მოსასხამის ქვეშ შემალა კოკა, მერე კი მაინც გაუწოდა და, შეძრწუნებული უყურებდა, ყასაბმა როგორ მიიხუტა უცოდველი თიხის ჭურჭელი სისხლიან წინსაფარზე, მეორეთი კი დიდი ჩამჩით მარჯვედ გაავსო - „სამოცი გროში...“ ოთო-ექიმის კიბეზე ადიოდა, შერყვნილი კოკა თითებსა სწვავდა, მაგრამ რა ექნა, რძე სურდა ბეჩავს... დაფშვნილი აგური იქამდე უხახუნა ჭურჭელს, ხელისგულები სანამ არ გაუთხელდა და მერეღა გადაასხა რძე ქვაბში, ცეცხლზე შემოდგა... ბალახი, წყალი, კი, ესეც სურდა... ცეცხლს შესცქეროდა - როგორი უცხო, თავის თავისა გულგრილი იყო... სიმხურვალე კი, იცოცხლე, ჰქონდა - ძლივას მოასწრო დომენიკომ ქვაბის გადმოდგმა, ატივტივებული თაკარა სითხე სვენებ-სვენებით ჩაშოშმინდა, თაროს შეავლო ობოლმა თვალი, მოზრდილი ტოლჩა გააპიპინა... ეჩქარებოდა პირველი ყლუპი, სულს უბერავდა, ხელისგულითაც უნიავებდა, და როგორც კი მოსვა, ხელიდან გაუვარდა ტოლჩა, ფანჯარას მივარდა, გამოაღო, გადაეყუდა - ამ ქალაქის რძეს სისხლით აჭრილი გემო დაჰკრავდა... უცოდველ თიხაში მაინც გაატანა ალბათ სისხლმა და იკრუნჩხებოდა უმოწყალოდ გულარეული მგზავრი, გადმოცვენაზე ჰქონდა თვალები, მუცლიდან ყელში ხაოიანი დანა ურტყამდა, დედის რძე აღარ შეარჩინა და გამოვარდნილი ოთო-ექიმიც განცვიფრდა, შეკრთა: „ხომ არ მოგწამლეს...“ დომენიკომ ძლივს გაიქნია თავი, ხელისგულითაც არა, არაო, უთხრა... „რა, რძე დალიე?“ - იატაკს დააჩერდა ოთო-ექიმი, თავი ორჯერ დაიქნია ფანჯარაში გადაყუდებულმა მგზავრმა, აჟრიალებდა. „შემოგთავაზეს?“ - გადაფითრდა ოთო-ექიმი. „არა, ქუჩაში... - თქვა დომენიკომ, ძლივს გაიმართა, სიმწრის ცრემლებით დასველებოდა ლოყები, ნიკაპი, ყბა... - ქუჩაში ვიყიდე“. „ქუჩის რძეს არ მოწამლავდნენ, ნუ გეშინია, - ამოისუნთქა ოთო-ექიმმა, - აქ წამოწექი...“ „არა, არ მინდა... - თქვა დომენიკომ, ის შესაზიზღი, ავმოტკბო გემო ისევ ამღვრევდა, და მერე, უცებ, ასე ითხოვა: - პური მომეცით“. „აჰა, დომენიკო...“ რბილ პურს ღეჭავდა და ყოველი ლუკმა უქარვებდა იმ საზარელ გემოს, მადლიერმა, პური სველ ლოყაზედაც კი მიიხუტა... „რძე მოგინდა, არა, დომენიკო?“ - წყნარად დაეკითხა ოთო-ექიმი, სისოვლემოძალებული თვალებით ნაღვლიანად დასცქეროდა, და დომენიკომ როგორც კი შეხედა, იმისი თვალებით პირთამდე ნაწყალობევმა, ორივე ხელი შემოხვია, მხარზე დაადო საბრალო თავი, ატირდა მერე... „ეგ არაფერი, დომენიკო, ეგ არაფერი, - ანუგეშებდა ოთო-ექიმი - რა ვუყოთ მერე, თუ არ მოგიხდა... - მგზავრის თმას ჯერ კიდევ ბავშვის სურნელი ჰქონდა, თავზე აკოცა ოთო-ექიმმა, - სამაგიეროდ, პური ხომ გეამა?“ „დედა არა მყავს - სადღაც, მკერდში ჩასჩურჩულა მგზავრმა, - მამაც დავკარგე... არავინა მყავს“. „ნუ გეშინია, დომენიკო, - უთხრა ექიმმა, მიუალერსა, - მე ხომ აქ გყავარ, ნუ გეშინია“. ჭერიდან კუშტად იმზირებოდა ნაცნობი ლაქა. ალალ ჩემი, ალალ მისი, დომენიკო, ეჰ... *** და დილაადრიან მენდეს მასიელი ჟოაოს თანხლებით იმ სახლისაკენ გაეშურა, დონ დიეგოს რომ უწყალობეს და, შიგ შესულნი, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ: გათლილი კარტოფილის უშველებელი ზვინი იდგა ოთახში, თვალებამოღამებული კაპრალი ელიოდორო მაშხალის შუქზე დიდის გულმოდგინებით, განაგრძობდა თლას, კედლისაკენ გადატრიალებულ დონ დიეგოს კი არხეინად ეძინა, მაგრამ როგორც კი დააცქერდნენ, მაშინვე იგრძნო, სხარტად წამოხტა, ქუდი დაიქნია: „თავკაცთ ვახლავარ... ტყუილ-უბრალოდ არ მოხვიდოდით, გისმენთ“. „მართლა გეძინა?“ - კითხა ჟოაომ. „მეძინა, დიახ... - და გაიკვირვა, - აბა, ღამით, უსაქმო კაცს სხვა რა უნდა მექნა?“ „კი მაგრამ... როგორ... ეს - დანით ხელში და... შენ კი გეძინა?“ აჰ, ეგ ვერაფერს გაბედავდა, - ჩაეცინა დონ დიეგოს, - მაგან ისეთი შიში ჭამა რომ... ერთ ორ-სამ კვირას მაინც, ვეღარ ივარგებს კაცად“. „ასეთი რა უყავ...“ - მცირე ღიმილი გაუკრთა მენდეს მასიელს. „ეგ მე და მაგან ვიცით, კონსელეირო, - მოწიწებით დახარა თავი დონ დიეგომ, - მთელი ჩემი ქებული არტისტიზმი თავს დავატეხე“. „გარეთ გავიდეთ ყველანი, ეგეც, - კუშტად თქვა მენდეს მასიელმა, მობუზულ კაპრალს ზიზღნარევი სიბრალულით დასცქეროდა, - გრეგორიოს უთხარ, ჟოაო, თავისი დოლი აახმიანოს“. - „ჯერ თქვენ გაბრძანდით, - თავაზიანად გაიშვირა დონ დიეგომ კარისკენ ხელი, - სულ რომ არა იყოს რა, სტუმრები ბრძანდებით და... - მერე თვითონაც გავიდა, ზურგს უკან კი ეს გადააგდო: - წამო, ჩემი ბიჭი“, - და თავჩაქინდრული, მხრებჩამოყრილი კაპრალიც მიჰყვათ. გაბმით, ღონივრად აგუგუნდა გრეგორიო პაჩეკოს დოლი, სამი დიდი ხის ჩრდილქვეშ იკრიბებოდნენ კანუდოსელები; მენდეს მასიელი ქალაქისაკენ ჯერ ზურგშექცევით იდგა, შორეულ სივრცეს გაჰყურებდა, მუშტებშეკრული. გრილი სახლებიდან გამოდიოდა ხალხი; დოლის ხმით ოდნავ შეშფოთებულნი, მაინც ხალისიანად უღიმოდნენ ერთმანეთს, და მთელ კანუდოსს, მზის გულზე გაშლილ თიხის თეთრ ქალაქს, ერთიანი ღიმილი გადაკვროდა თითქოს, იმათ თვალწინ კი ავაზაკთა ქალაქის მკვიდრი, კაპრალად დაწინაურებული ელიოდორო მოკუნტული იდგა. მძიმედ შემობრუნდა მენდეს მასიელი, ერთ-ერთ ძმას თვალი გაუსწორა, უთხრა: „თავშეკავება გმართებს, იცოდე“, და პრუდენსიომაც მყისვე შეუშვა ხელი მაჩეტეს, მორჩილად ჩამოუშვა. იმ სისხამ დილით დონ დიეგომ პირველად დაინახა მანუელო და ზე, თვალში მოუვიდა ორივე მწყემსი, ხალისიანად გაუცინა მხიარულ ვაკეიროს, ზე მორეირას კი აღტაცებული შურით ათვალიერებდა. მაგრამ იმათ ვერაფერი შეამჩნიეს - ყველანი ავაზაკთა ქალაქის სულიან-სისხლხორცეულ პირმშოს ათვალიერებდნენ და შავად ამაყმა კონსელეირომ ნაბიჯი წარსდგა, თავს დაადგა და უთხრა: „ჯერ, რა თქმა უნდა, სერტანაში გამოივლიდით“. „დიახ, გრანდჰალლე“, - თავიც ძალიან მონდომებულად დაუქნია ელიოდორომ. „გრანდჰალე არ ვარ“. „მაპატიეთ გრანდისსიმოჰალლე“... „აქ ჰალეები არა გვყავს, ვაჟკაც, - უთხრა მომტაცებელმა, - მხოლოდ მე შეგიძლია მომმართო პატივსაცემი წინსართით - „დონ“. „მერე, თუ დაგხვდათ სერტანაში ვინმე“. „დიახ, კი დაგვხვდა...“ „ვინ!“ „ორი მწყემსი“. პრუდენსიოსკენ გაემართა მენდეს მასიელი, ხელი დაადო თავზე, „მერე, დახოცეთ?“ „მე არა, სხვებმა...“ „რატომ დახოცეთ, ხომ თქვენკენ დარჩნენ“. „რა ვიცი, ისე...“ „ისე, არა, ხომ?“ - თქვა პრუდენსიომ, თავდავიწყებით, ერთიანად აკანკალებდა, „ყური დამიგდე, პრუდენსიო, - მკაცრად შეაცქერდა მენდეს მასიელი, - ეს კაცი უნდა გამოვიყენო, გატყობ რომ, მოკვლას დაუპირებ და, თუმც მესმის შენი, ძალიან გთხოვ მე შენი კონსელეირო, ბადე აიღო და მდინარისაკენ წახვიდე, ძმაო...“ „უნდა გაუშვათ?“ „კი, პრუდენსიო“. „მე არ დამითმობთ?“ „უნდა გავუშვა, საქმე მოითხოვს“. მორჩილად გასცდა. „ყური დამიგდე, კამორელო, - თქვა მენდეს მასიელმა, მდინარისაკენ იყურებოდა, - ერთი მითხარი, რა დაგიშავეთ...“ „არაფერი, პატივცემულო“. „მერე, რას გვერჩით“. „არაფერს, ჰალე...“ - გაიოცა ელიოდორომ. „ეს ძმა ყოფილა არტისტიზმში ჩემი“. - გაიცინა დონ დიეგომ და კაპრალს მხარზე ისე დაკრა ხელი, იქვე ჩაკეცა. „აბა რა გვექნა, - საწყლად ასჩივლა მენდეს მასიელს ელიოდორომ, - სამსახურში ვდგევართ“. „ჯერ ეს ეგ ერთი, - ჩაიბუზღუნა ჟოაომ, - ვდგე-ე-ვართ კი არა, არამედ - ვდგ-ა-ვართ, და მეორეც რომ, ეგ ვერაფერი შეღავათია, სამსახურში დგომა - ის ორი მწყემსი რატომ მოკალით“. „მე არ მომიკლავს...“ „იმან ხომ მოკლა, ვინც... - თქვა მენდეს მასიელმა და ისე დააცქერდა, დაპატარავებულმა კაპრალმა თავზე შემოიხვია ორთავე ხელი, - ვინც შენს სამსახურში იდგა...“ „დიახ, გრანდჰალლე...“ „მერედა, რატომ...“ „ლეიტენანტი ნავოლე არის ჩვენი უფროსი!“ - გაუნათდა სახე ელიოდოროს. „ემორჩილებით?“ „იმისი სიტყვა აქ კანონია... ეე, აქ კი არა, ბოდიშით, ჰალე - იქ...“ „და უფრო იქით, შორს, კამორაში?“ „იქ გრანდის... იქ ბეტანკურის“. „ნავოლემ ბრძანა იმათი მოკვლა?“ „დიახ, პატივცემულო“. „იმისი სიტყვა კანონია, ხომ?“ „აბა რა, პატივც...“ „შენ რომ გაგიშვათ იმ პირობით რომ, იმ დამნაშავე ნავოლეს მოკლავ, რას იზამ?“ „ყოფას ვუტირებ წამში, გრან...“ „როგორ, - თვალთმაქცურად გაიოცა დონ დიეგომ, სინანულით გადააქნია თავი, - იმას დაბრიდავ, ვისი სიტყვაც შენთვის კანონია, ჰალე?“ თავჩაქინდრული, დაბნეული იდგა კაპრალი. - ყური დამიგდე, კამორელო, - მძიმედ წარმოთქვა მენდეს მასიელმა, შორს, მდინარეში სიმწრით მოთევზავე პრუდენსიოს გასცქეროდა, - იმ თქვენს დიდ მარშალს ყბადაღებულ კანონთა წიგნში ჯერ არსად კრინტიც არ დასცდენია, რომ სერტანელებს, დაქირავებულ მწყემსთ, სხვაგან ცხოვრების უფლება არ აქვთ. აეს ადგილიც, საცა შენ დგახარ, კარგად იცი რომ, თქვენ არ გეკუთვნით - კაატინგასთან იღველფება თქვენი საზღვარი. როგორ ბავშვივით ვტიტინებ, კაპრალო, არა? - ვის გაუგია თქვენი კანონი, ქაღალდის გარდა, და რუკაზედაც კლაკნილი ხაზის გადასწორებას ნეტა რა დიდი ამბავი უნდა - ორიოდ წამში გაიზმორება, გაფართოვდება, ხახაში კუდჩაჩრილი, მორკალული გველი... მაგრამ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაიგებს, რანიც ხართ. გაიყიდებით უფრო! პატივისცემით მისჩერებოდა კონსელეიროს ზე მორეირა - ვაკეიროთაგან უპირველესი. - აი ესენიც, ვისაც აქ ხედავთ, თქვენ გმსახურებდნენ. და ყოველივე, კამორელო, კარგად იცოდე, წონასწორდება - ჯერ ის იყო და, რომ აღარ შეგრჩათ აღარც ერთს ნამუსი, იქ, სერტანაში, ამ ღარიბ-ღატაკთ შემოემატათ - ვის გაუგია ამ მწყემსთა რაიმე ძვირი... და ერთურთს უმოწყალოდ რომ ხოცავდით ქონებისათვის, ნივთების გამო, აი ესენი, გაჭირვებულნი, მშიერნი, ძმებივით იყვნენ... მალვით მოავლო ზე მორეირამ თანამოძმეებს მოყვარული თვალი. ყველა, ყოველი გაიხსენა და - კონსელეირო სწორად ბრძანებდა... - მაგრამ ესენი, კამორელო, ბრიყვები იყვნენ და მონებიც კი არ ეთქმოდათ, არა, მთლად უარესი - მოტყუებული ბრიყვები იყვნენ! თქვენი სტომაქის ამოსავსებად - აჰ, რა ხვედრია? - ძროხებს მწყემსავდნენ ჩაუქი ცხვრები. თავი დახარა ზე მორეირამ, მანუელომაც თავი დახარა... - აი, ამ ხალხმა, კამორელო, მამაპაპითგან ნაქირავები დატოვა სახლ-კარი, მიხვდები, რატომ? - მე ამ ხალხს მივეც თავისუფლება, და შორეული სერტანის დათმობის ფასად აქ, უცხო მხარეს წამოვიყვანე და დავასახლე. მე გავუღვიძე მთვლემარე სულში ყველაფერზე მეტად სანუკვარი რამ, სულისმიერი უცხო ყვავილი - თავისუფლება აღმოვუცენე, რასაც შენ, კამორელი კაპრალი, ვერასოდეს მიხვდები და ახლაც კი, ემაგ საცოდავ გამოხედვაში მაინც გეტყობა - თავით-ფეხამდე სამუდამოდ მოწამლული ხარ, წამოვიყვანე ნამუსის ხალხი, რათა აქ, აღთქმულ მიწაზე, ახალი ქოხი თავისუფალი ხელით აეგოთ, უხვი მდინარის პირას დავასახლე და კამორელებო, ახლა გვიფრთხილდით - თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია... შენ ვერ მიხვდები თავისუფლებას, წარმოიდგინე, ვერც ის შენი დიდი მარშალი - თქვენ ერთმანეთში ახლართულნი ხართ. დილის ჰაერში მოციმციმე ქოხს რა მადლიერი შესცქეროდა პირველი მწყემსი - თავისუფლებით, სული ეწვოდა. - ყური დამიგდე, კამორელო, რაღა გსურს ახლა? ხომ შეგრჩათ ამათგან გამოწოვილი ქონება, სისხლი, ხომ ჩაიბარეთ უკლებლივ ჯოგი, და გასამრჯელოდ იმ ორ ვაკეიროს ღიმილ-ღიმილით გამოჭერით ყელი; თქვენივ კანონით უფლება ხომ გვქონდა, გაგშორებოდით, მაგრამ, კაპრალო, თავგანებებულთ, რად დაგვადევნეთ უცხო მხარეში პირველ თერთმეტ კაცს ის წარწყმედილი ოცდაათი ცხენოსანი, თქვენივ კანონით-მეთქი, კაპრალო, ხომ კი გაგვაჩნდა ამის უფლება, მორჩილად მდგარი ერთ-ერთი მწყემსი, კამორელო, რად მოგვიკალით... რისხვად აღივსო ზე მორეირა, მუშტებშეკრული, კუშტად უმზერდა კაპრალს. - წადი ახლა და, კამორელო, ყველას უთხარი, თუმცა კანონი ჩვენს მხარეზეა, თქვენსავე მიერ ყალბად შეთხზულ ლამაზი ხელით ძვირფას ქაღალდზე მიმოთითხნილი, კარგად ვიცით, რომ მაინც გამოილაშქრებთ - ამ მცირე ცოდვას - თავისუფლებას თუ მოგვითმენს დიდი მარშალი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის სახეზე მიტყაპნილ სილას, მშვენივრად იცის, სხვანიც რომ წაუთამამდებიან - თუნდაც, შენგვარნი, ბნელ-ბნელ საქმეებში - და ამის გამო, ჩვენ არ დაგვზოგავს. ისე, კაპრალო, მოსამსახურეც კარგია, არა? და თუ შერიგებას შემოგვთავაზებს, კარგად იცოდე, რომ იმისი სიტყვის არავის სჯერა, და რომ მზადმყოფნი გვიგულოს მუდამ - ჩვენზე თავდასხმას ძალიან ძვირად დაგისვამთ. კარგად იცოდე. არც მტრობა გვინდა, კაპრალო, თქვენი, და, მით უმეტეს - არც მეგობრობა. გზად კი, გახსოვდეს, აის ნავოლე გააფრთხილე, უკან გაბრუნდეს, და კამორაში წაათრიოს ორასავაზაკიანი ბრიგადა. ასაბარგებლად მთელ სამ დღეს გაძლევთ. თუ არ წავა და, თავს დააბრალეთ, რაც მოხდება მერე, იცოდე. დაფიქრებულმა გახედა სივრცეს, ცას მიაჩერდა და ძალიან ჩუმად თქვა: - ჩვენ ჩვენს ნებაზე ვიცოცხლოთ გვინდა... გვეძლევა ერთხელ. მდუმარედ იდგა ერთხანს, მერე სითბო გაუჯდა ხმაში: - შენ გააცილებ და გადაიყვან. დონ დიეგოს უთხრა. - გმადლობთ ნდობისთვის, კონსელეირო, - თავი დაუკრა დონ დიეგომ, და ერთიანად აკრეფილი, დაძაბული შესცქეროდა კანუდოსელებს, განრისხებულნი, ძალიან მძიმედ, ძალიან ნელა რომ მოიწევდნენ ათრთოლებული კაპრალისაკენ, მაჩეტეებით ღონიერ ხელში. დონ დიეგოს კი გამომცდელად დაჰყურებდა კონსელეირო, ხმას არ იღებდა; ვიწროვდებოდა კაპრალის ირგვლივ მრისხანე ალყა, და დონ დიეგომ რაღაც იაზრა, უდარდელად თქვა: „ჰალე-კაპრალო, თქვენის ნებართვით, სახეს აგიხვევთ, მზემ რომ არ მოგჭრათ ნათელი თვალი...“ ჯვალოს ტომარა სახეზე სამგზის შემოახვია, მყისვე შეფერხდნენ კანუდოსელები - ვერ იკადრებდნენ თვალახვეული კაცის მოკვლას და, შემცბარნი იდგნენ. დონ დიეგომ კი არტისტიზმიდან ხუმარაობა მოიშველია: „ახლა კი, ჰალე, ხელკავი გამიყარეთ თუ შეიძლებოდეს, ძვირფასო ელიოდორა, ხეელ-კავი-მეთქი, აიი, ასე... - და ჯერ კიდევ ძალიან კუშტად გამომზირალ ჟოაოს თვალი ჩაუკრა, - აჰ, რა ბარიშნა ჩავიგდე ხელში?“ ღიმი გაუკრთათ კანუდოსელებს, დონ დიეგო კი ხელკავიან კაპრალს ეთვალთმაქცებოდა: - ფრთხილად, ძვირფასო, აქ კენჭი გდია, ძალიან ფრთხილად გადაალაჯეთ, ელიოდორა, აიი, ასე, აჰ, ქალბატონო, ეს რამოდონა გქონიათ ტერფი... და ასე მასხარ-მასხარაობით წაარონინა... გააშორა წრეს. და უცნაური თანამგზავრებით დაბრუნდა მერე. - შენი დებია? - როგორც იქნა, იკითხა გაოცებულმა ჟოაომ. - დები კი არა... პირველად ვნახე, კაატინგასთან დაბორიალებდნენ და აქამდე მოყვანა ძალიან მთხოვეს, და მეც, როგორც ჭეშმარიტმა კაბალიერომ... შვიდივე ქალი გულმოდგინედ ფარავდა სიმორცხვეს და, სწორედ ამიტომ, სიმორცხვის ჯინზე, ზედმიწევნით ამაყად, მკაცრად გამოიყურებოდნენ. - თქვენ... ჩვენთან გინდათ? - დაეკითხა ქალებს ჟოაო. - არა, მცირე ხნით... - განაცხადა ყველაზე მდიდრულად ჩაცმულმა ქალმა, იდუმალად გამჭვირვალე შავი პირბადე ჩოეფარებინა, ხელთათმანზე ბეჭდები უციმციმებდა, მაღალი საყელო ნიკაპამდე სწვდებოდა, ასე რომ, ძალიან მკაცრად ეცვა, მაგრამ კოჭებამდე კაბა ცალმხარეზე ძალიან გრძლად ჩაჭრილი ჰქონდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თეთრად უელავდა ქათქათა ფეხი, - სტუმრად მოვედით. - სტუმრად მოხვედით? - აიი, ეე... ჰო, როგორ გითხრათ, ერთი რაღაც გვაინტერესებს ყველას და თუკი შესაძლებლობა იქნება... არა, ისე კი არ გაგვიგოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა და ამიტომაც მოვედით, დიახ. - რა გინდათ, ქალო! - ვერაფერს მიხვდა ჟოაო აბადო. - ერთი ადამიანის ნახვა გვაინტერესებს ყველას, და რომ იცოდეთ, - სხაპასხუპით მიაყარა მეორე ქალმა, რატომღაც მხოლოდ ცალი საყურე ეკეთა, - როგორ ცხელოდა და საერთოდაც სულ არ ვარგა აქაური გზები და ლოლიტას ხვლიკი გამოუხტა უცებ და საწყალს ალბათ იქით შეეშინდა, მაგრამ ლოლიტასაც ძალიან შეეშინდა, რადგან უარესი ეგონა. - ხვლიკის და თაგვის თუ გეშინიათ, ვერ დაჯდებოდით სახლში? - სახლში რომ დავმჯდარიყავით ის ადამიანი ბაზრობათა ქალაქში აღარ მოდის და ამიტომ ავდექით და ჩვენ წამოვედით აქეთ, რადგან ჩვენ ვინც გვაინტერესებს ის ჩვენთან აღარ მოდის და აქეთაა. - ვინ ადამიანია... აქ კი შვიდივემ დაიმორცხვა, ის ერთი მაინც მთლად გადაწითლდა. მხოლოდ პირბადიანი ქალიღა ამაყად სცემდა ბოლთას, და აქ ჟოაოც ვითომ გაგულგრილდა და გაამაყდა, რადგან მკაცრად ჩაცმული ქალის ფეხმა ძალიან მოსჭრა თვალი. - ვინ გინდოდათ-მეთქი. ცალსაყურიანმა ქალმა ჯერ ისევ მიეთ-მოეთი სცადა: - ჩვენ, არა? ჩვენ აი... აიი... ეე... - და მოულოდნელად ძალიან მტკიცედ განაცხადა: - ჩვენ მანუელოს დობილები ვართ. და პირბადიანმაც დაუმტკიცა: - დიახ. - ააა, - სახე მოეღრიცა ჟოაოს, - აააა... მაგრამ აქ საკინძეძალზედამოჭრილი ქალიც ჩაერთო მომეტებულ აღიარებაში: - მაგრამ მე არ შემიძლია თქვენსავით პირფერობა და სულაც არ მრცხვენია განვაცხადო, რომ მიყვარს იგი. - და, ესე იგი, ჩვენ ვტყუით, არა? ვცრუობთ, არა, ხომ, როცა ვაღიარებთ, დობილები ვართ-მეთქი? თქვენი არ ვიცი მოწყალეო ქალბატონო, მაგრამ ჩემთვის მანუელოს თითიც არ დაუკარებია არასოდეს! - გაცხარდა მკაცრად ჩაცმული ქალი და სწორედ ის ფეხი მიწაზე გაბრაზებულმა დაჰკრა. - კი, კი, საწყალი, - გამოაჯავრა თამამგულისპირიანმა, - შენ არ იყავი, ფანჯრიდან კიბე... და ატყდა, მაგრამ რა ატყდა, გაბრუებული იდგა ჟოაო... - დაწყნარდით, დაწყნარდით ქალიშვილებო, - დაშოშმინება სცადა მათი მომღიმარე დონ დიეგომ, მაგრამ ვიღა უგდებდა ყურს, სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაისმოდა: - შენ რომ ჭალაში, ნამცხვარ-ყვავილა... მე მიყვარს იგი... მეც დობილი ვარ... კიბე არცა მაქვს... კი, კი, საწყალი... მხოლოდ ის ერთი, თავდახრილი, ძალიან მორცხვი, უჩუმრად იდგა. - შენ რომ შენს ფარანს... ღამის პირველზე... ნემსი და ცოცხი... - ყველა ერთმანეთს დაესია, იმ ერთის გარდა, - ვითომ ჰაერი რომ მოგენატრა... აბგა რად დადე... დობილი ვარ მე... მე შემეძლო, რომ ბავშვიც მყოლოდა... დღეს რა რიცხვია... დობილი კი არა, დებილი... ეს ქუჩის ქალი... სულ არ ბნელოდა... ლოგინის ქალო... არც ერთი ხელი... შე ჭალის ქალო... არც ერთი თითი... ჭალაში ვითომ ქოლგა რომ დაგრჩა... მეც დობილი ვარ... - რაშია საქმე, - მკაცრად გაისმა. რიდით ახედეს კონსელეიროს, წამსვე ჩაშოშმინდნენ. - რა გნებავთ-მეთქი... - რა ნებავთ და მანუელო მოუნდათ, ყმაწვილი, ძმობილი... აკი ვიძახდი, კონსელეირო, იმ ქარაფშუტა მანუელოს ჩვენთან რა ესაქმება-მეთქი, აგერ, ხომ ხედავთ, ბაზრობათა ქალაქიდან რაღანაირი ქალი არ მოადგა, და სწორედ ამ გადაპრანჭულმა დონმა მოჰგვარა, ხომ ხედავთ, რომ სწორედ იმ ორმა კაცმა, ვის წინააღმდეგაც თავიდანვე გავილაშქრე, არივ-დარია კანუდოსი. - კანუდოსს აეგ ქალები ვერ არევ-დარევენ, ჟოაო, - უცნაურ სტუმრებს ახედ-დახედა, - მანუელოსთან საუბარი სურთ? - საუბარი არაა... - კარგი, დაწყნარდი, თავი შეიკავე, ჟოაო. როხას! - გისმენთ, კონსელეირო. - მანუელო მოძებნე სადმე. მანუელომ კი ჯერ არაფერიც არ იცოდა, მის თავს რა იყო. შორს, მდინარის პირას იწვა მოხდენილი, გაგრილებული მწყემსი და მზის გულზე ნებივრობღა, შრებოდა. - როგორ იარეთ აქეთობისას, დონ დიეგო. - კონსელერიო, კარგად. თავ-გზა რომ არეოდა, საიდუმლო ხვრელის შთაბეჭდილება არტისტიზმით შევუქმენ: სილა-სილა ვაბობღე და თავს ოდნავ თუ წამოსწევდა, მაშინვე იდაყვით ჩავუკაკუნებდი, - ვითომ გვირაბის კედელს ურტყამდა თავს. დავარწმუნე, რომ ხვრელით გამოვდივართ კანუდოსისკენ - კარგია, ეძებონ... დროდადრო, სილას ვაყრიდი თავზე. - აეს ქალები სადღა იპოვე... - კაატინგაში ხოხვა-ხოხვით რომ გავიყვანე ჰალე-კაპრალი, თვალახვეული იქვე მივაგდე, და დავიცადე, სანამ ბრიგადის რომელიმე ავაზაკი გადააწყდებოდა. რაღა თქმა უნდა, მე არა ვჩანდი. მერე წამოვედი და, მოშორებით ესენი შევნიშნე, ძალიან უთავბოლოდ დაბოდიალობდნენ. მივედი და, რა ვქნა, მაპატიეთ თუ დავაშავე, კონსელეირო - უარი ვეღარ ვუთხარ, სულ ხვეწნა-ვედრებით გამოიწიწკნეს ყელი, რაღა თქმა უნდა, თვალები ყველას ავუხვიე და, თანაც, ერთ-ერთი მომეწონა და... მხოლოდ კაპრალის ხელკავი მეყოფოდა, ჭეშმარიტ კაბალიეროს? მაგრამ ქალები ყურს არ უგდებდნენ, ყველას თვალები უციმციმებდა, და მკაცრად გამოწყობილმა მანდილოსანმა ორივე ხელით აიწია ნაზი პირბადე - თვით მანუელო, მხიარული მწყემსი, მოაბიჯებდა. ის მოდიოდა ლაღი, უდარდელი, მდინარის გამოყოლილი მადლი - სიგრილე მთელი იმ თავისი მოხდენილი სხეულით მოჰქონდა, იღიმებოდა ქვეყნის პატრონი მანუელო კოსტა, და როგორ ემსუბუქებოდა ღატაკი მწყემსი კანუდოსის მიწას... კოხტა ღიღინით, ხელების ქნევით კონსელეიროსაკენ მოეშურებ... მაგრამ აქ შვიდივე ქალი ერთად შენიშნა და, წამსვე რომ იცნო, შედგა, დაბნეული - შვიდივე ერთად, ასე გვერდიგვერდ, ჯერ არ ენახა, ცალ-ცალკე კიი, ჰეეი, იცოცხლე, მაგრამ ასე, შვიდივე, ერთად... - ისე გაოგნდა, და ისე შეკრთა, ერთი პირობა მდინარისაკენ კინაღამ იბრუნა პირი, კიღამ გაიქცა, მაგრამ მიხვდა, რომ, არ იქნებოდა ეს... სულ რომ არაფერი, დაედევნებოდნენ ალბათ კიდეც... და თავსა სძლია, მხრებჩამოყრილი, აჭარხლებული, ნაბიჯათრევით მიუახლოვდა ძაან ძნელ სტუმრებს, თავჩაღუნული შეჩერდა მერე, დროდადრო თუ გამოაპარებდა თვალს, და მშვენივრად გრძნობდა, როგორ აშკარად აკნინებდა ის სიმორცხვე და დაბნეულობა, და ყველასათვის მოულოდნელად, ლაღად შემართა ლამაზი თავი, ცელქმა ღიმილმა გადაუბრწყინა სახე, - სხვები, ქალებო, სადღა არიან? - ასე იკითხა. იღიმებოდნენ კანუდოსელები, მძიმედ შებრუნდა მენდეს მასიელი, მდინარისაკენ წავიდა ნელა, ჟოაომაც ჩაიბურტყუნა რაღაც, გაერიდა ისიც, ყველა, ყველანი შემოეცალნენ უცნაურ სტუმრებს, და მათ წინაშე, ერთადერთი, სასურველი მანუელოღა დარჩა. ის კი, მხიარული მწყემსი, თვალებით ისრუტავდა იმ შვიდასნაირ მონატრებულ მადლს, ახსენდებოდა რაღაც-რაღაცეები. „დავსხდეთ, ქალებო, - გაიღიმა მანუელომ, - შინაურულად ვიქნებით უფრო, სკამები ხომ არ მოგართვათ?“ „არა, არა, სავარძლები რად გვინდა, - იუარა მკაცრად ჩაცმულმა, იქვე, მიწაზე მოირთხა ფეხი, - მე ცხოვრებაში ისეთი უბრალო ვაარ...“ მერე სიჩუმე ჩამოვარდა, ოღონდ - საოცრად დატენილი, ექვსი ქალი დაუფარავი ალერსით შესცქეროდა, მეშვიდეს კი, მორცხვს, თავჩაღუნულს, თითი დაებჯინა მიწაზე, იჩიჩქნებოდა - ღღ, ღღ, ღ... - წამით შეავლებდა მანუელოს თვალს, და მერე ისევ ააწვალებდა თითს - ღღ, ღ, ღღ... - და ასე ისხდნენ, შვიდნი - ქალი და ერთიც - პირიქით... შორიდან კი ჟოაო ამრეზილი იჭყიტებოდა, „ჰოჰო, ყმაწვილი, დამიხედეთ, ფიჰ...“ დონ დიეგოს კი იმისი გაჯავრებული სახის დანახვა მოესურვილა და ფრიად გულუბრყვილოდ იკითხა: - რა იცით, ჟოაო ძია, ეგება მართლა დობილები არიან? - კი, კი, დობილები, როგორ არა, დიახ! - მყისვე აღშფოთდა ჟოაო, - დობილი კი არა, ფოცხვერს არ გაუშვებს ტყეში! მანუელომ კი, როგორც იქნა, ღიმილიანად ასე იკითხა: „კი მაგრამ, ქალებო, თითო-თითოდ ვერ წამოხვედით?“ „ჩვენ... თითო-თითოს გვეშინოდა, - გაკეკლუცდა მკაცრად ჩაცმული, - თანაც კი, აბა, რა განსხვავებაა, შენ ხომ ჩემთვის მაინც ჯერ თითიც არ დაგიკარებია, - და ძლიერ მრავლისმეტყველად შეაცქერდა, - ა, ხომ ასეა, არა, მანუელო“. „რაღა თქმა უნდა ასეა, მატილდა, - დაემოწმა მანუელო, - მხოლოდ ერთხელ, სამშაბათი იყო მახსოვს, თქვენს იდაყვზე შემთხვევით მომიხვდა უსახელო თითი“. „ეგ არ ითვლება, შემთხვევითობა, - აღნიშნა ქალმა და გაიფიქრა, - კარგი ბიჭია, აჰ, ვენაცვალე...“ მანუელომ კი ეს გაიფიქრა: „რაში სჭირდება ვიცოდე, ნეტავ...“ თან მკაცრი ქალის სხვადასხვა... ეე... თავისებურებანი ახსენდებოდა. „ყური დამიგდე, მანუელო, - ნაზად მიმართა მაქმანებით ერთიანად მოჩითულმა ქალმა, ზომიერად უთრთოდა მშეენიერი ხმა, - ვერ წამოგვყვები?“ „საად, ლოლიტა...“ - გაიოცა მანუელომ. „ბაზრობათა ქალაქში...“ „ვერა, ბლანკიტა, ვერ წამოგყვებით“. „რატომ, მანუელო, რატომ?“ - მწარედ დაეკითხა საკინძეამოჭრილი. „ნუ გეწყინებათ... - თქვა მანუელომ, მჩატედ წამოდგა - სულ რომ არაფერი, იქ აუცილებლად გამასაღებენ, როგორც ვაკეიროს, და მეორეც ის...“ „ჩვენ, ჩვენ დაგმალავთ...“ „და მეორეც ის, - ყური არ ათხოვა მანუელომ, - გინდაც ვიცოდე, რომ თითს მართლა არავინ დამაკარებს, მაინც ვერ წამოვალ, რადგან ეს მიწა... აი ეს მიწა, რომელზედაც ვდგავარ, კანუდოსია“. „დიდი ამბავი, - ტუჩი აიბზუა ვერონიკამ, კაცივით ეცვა, ოღონდ მელას ფუმფულა ბეწვი შემოეხვია ყელზე, - დიდი ამბავი...“ „ჩემთვის დიდია... ძალიან დიდი“. „აი ეს მიწა? - მკვეთრად მიმოიხედა ცალ თვალ-ლოყაზე განგებ თმაჩამოშლილმა ქალმა, - წამოდი, რაა, ძალიანა გთხოვთ“. „გათავდა, მორჩა, - თქვა მანუელომ, უცნობი სუსხი გაერია ხმაში, - ძალიან კი მსურხართ, მაგრამ მაინც ვერ გამოგეკიდებით“ „სულ არ გიყვარვარ?“ - გულდაწყვეტილი დაეკითხა ნაზი, ლამაზი, ზორბა ქალი. მართლაც, ის ქალი მანუელოს ყველაზე მეტად ხიბლავდა - სულ სხვა სხეულზე სხვა თავი ედგა - ნაზსახიანს და ცისფერთვალებას, თხელნაკვთებიანს, მერე ისეთი ჩამოსდევდა ძლიერი ტანი, და მანუელოს, მისი სხეულის მსუყე სიმკვრივით პირთამდე სავსეს, იმ ლურჯ, დიდ მუქლურჯ ორსავ თვალში ცქერა უყვარდა, „თავს მირჩევნიხარ, - თქვა მანუელომ, - მაგრამ ეს მიწა, ეს კანუდოსი, რაც კი ქალია დედამიწაზე სუყველას ერთად მირჩევნია და...“ „რატომ, მანუელო, გვითხარი, რატომ, რაა მაინც ასეთი...“ - შესჩივლა მაქმანებიანმა და მანუელომ შორს გაიხედა, ცას შეჰღიმილა, თქვა: „თავისუფალი მიწაა ესე... თავი ვიპოვე“. „და რა, დაკარგული გქონდა აქამდე?“ „მატილდა, კი... და კიდევ, უფრო... ვიპოვე სული“. თავისთვის ჩუმად იცრემლებოდა თავჩაღუნული, მორცხვი ქალი და ცალი თითი კი აღარ უჩანდა - მღელვარებისას, თითის სიღრმეზე ამოეღრუტნა მიწა. მერე კი იქით, ნაღვლიან გზაში, ჭეშმარიტი კაბალიერო გულდასმით ანუგეშებდა ატირებულ, თვალ-სველსახვევიან ქალებს: - დამშვიდდით, დონნა... თქვენ რომ ქვითინებთ, გული მიკვდება... დამშვიდდით, დონნა. *** სავარძელზე მშვიდად, ღირსეულად იჯდა დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური, სახელურზე დარბაისლურად დაელაგებინა მოკლე ხელები და თუმცა სახეზე სულ არარა ემჩნეოდა ღირსების მეტი, მაინც, თითქოს, რაღაცნაირად, ერთგვარად დაძაბული გამოიყურებოდა, რიდით შესცქეროდა ახალშემოსული, სასწრაფოდ გამოძახებული გამჭრიახი ადმირალი ციცკა. შორიახლოს პოლკოვნიკი სეზარ გაჭიმული იდგა. და თვით კადიმაც გასუსულიყო მარშლის ფერხთით, შიშნაკრავ ადმირალს უმოძრაო, ცივად მბჟუტავი თვალებით მისჩერებოდა. მშვიდად უმზერდა დიდი მარშალი ნაცრისფრად მოჭიქულ კედელს, სიტყვის წარმოთქმას აგვიანებდა, მოლოდინით გული გადაელია ადმირალ ციცკას, იდგა, უსუსურად გაჯგიმული „ელიოდოროს პატრონი დედა... - ბოღმიანად ფიქრობდა თავაზიანი ღიმილით სახეზე პოლკოვნიკი სეზარ, - რაღა სწორედ ახლა მოუნდა დაბრუნება და ამბების ჩამოკარკვლა, აჰ, ალბათ როგორ მიცდის, არ გააჭირეს იმ მათხოვარი მწყემსებით საქმე, რა მკერდი ჰქონდა?.. როგორი წელი, ალბათ კორსეტის ხელოვნებაა, მაგასაც ჩქარა ვნახავთ... ის კონსელეირო ნეტა ვიღა ოხერი გდია... თუმცა ძალიან რომ შემოეჭირა, მაშინ ხომ ისეთი ლაღი, ცელქი სიცილი აღარ ექნებოდა, დაძაბული იქნებოდა მაშინ... ბრიყვებმა, კაატინგაც კი ვერ გაჩეხეს, გავუშვი, რაღა, მეც, ნაღდი კაცი... იჰ, სუზის დედაც, ეს ბევრადა სჯობს, წინასწარ მაინც არ უნდა მიმეცა ფული, ისე, ნაღდია, როგორ ათრთოლდა როცა მკერდზე...“ მაგრამ აქ აწეწილი ფიქრი მყისვე შეუწყდა - ფეხზე წამოდგა დიდი მარშალი, კიდევ უფრო გაიჭიმნენ ადმირალი და პოლკოვნიკი სეზარ, გრილი კადიმაც მაშინვე რხევით წამოისვეტა. დიდი მარშალი აუჩქარებელ ბოლთასა სცემდა, მიმოდიოდა, მხედრული წესით, ცალ ქუსლსა და მეორე ფეხის წვერზე ტრიალებდნენ მისკენ სამხედრო პირნი და საპატიო ყარაულად მისდევდა მარშალ ბეტანკურს მოწიწებული, მზადმყოფი ყოვლად, მზერა. მერე შეჩერდა დიდი მარშალი, გააჟრიალა და წითურბალანაშლილ ციცკასაც ასე დაეკითხა: „ის სამანევრო ხომალდები, მხოლოდ ჩვენ რომ ვიცით, რიგზეა ყველა?“ „უწესივრობა დაუშვებელია, გრანდისსიმოჰალლე“. „რიგზეა-მეთქი?“ - აიმრიზა დიდი მარშალი. „რიგზეა, დიახ“. - მოიკუნტა წყალთა განმრიგე. „ასე, ოცდაათ წყრთამდე სიგანის მდინარეზე თუ შეძლებენ ლაღად მიმოსვლას?“ „ვერა, გრანდისსიმოჰალლე“. „შინ როგორა ხართ, ჩემო ადმირალო, რასა იქამენ ჩემი თქვენები?“ „დიდადა გმადლობთ, გრანდსსიმოჰალლე, - აღფრთოვანდა ყურადღებანასხურევი ადმირალი, - ვაჟმა დანიშნა ზუსტად ახლახან ერთი ისეთი შესანიშნავი...“ „რამდენი წყრთისა უნდა იყოს მდინარე, იმ ხომალდებმა ლაღად მიმოსვლა რომ შეძლონ?“ „ორმოცდაათამდე მაინც, გრანდ...“ „ნავები ხომ გვაქვს“. „ქვეყნის, გარნდისსიმოჰალლე“. „როგორ ბრძანდება თქვენი მომხიბვლელი მეუღლე, რამდენკაციანია?“ - „ვინ... გრანდ...“ „ჩერჩეტო! ნავი...“ „ცხრა, თორმეტ, თხუთმეტ, და ოცდაორკაციანი, გრანდისსიმოჰალლე“. „აიმ ოთხმოცამდე დიდი ნავით ფეხოსნებს ხომ ვერ შეებმეოდით, რამე იყოს, ჰალე?“ „ნაპირ-ნაპირ თუ...“ „კი“. „ის გვირჩევნია, დიდო მარშალო, - აწრიალდა გამჭრიახი ადმირალი ციცკა, - იმათგან მოშორებით, შენიღბული მანევრით რომ გადავსხა ნაპირზე ხალხი და ისე შევებრძოლოთ, მყარ ხმელეთზე, გრანდისსიმოჰალლე. რადგან ნავიდან, მოგეხსენებათ, ტორტმანა წყალზე, ვერც ხეირიანად დავუმიზნებთ ვერავის და სანამ ხმელეთზე იმათ თვალწინ გადავალთ და ნაპირის ფორსირებას მოვახდენთ, ცარიელა ქვებითაც კი შეიძლება ზიანი მოგვაყენონ და სამჯერ მცირე ხალხიც კი შეიძლება მოგვერიოს სტრატეგიულად, რადგან...“ „წადი“. „რა ბრძანეთ, გრანდისსიმოჰალლე...“ „არაფერი სხვა. წადი“. ისევე, როგორც მარშალ ბეტანკურის მისაღებ ოთახთა ყოველი არასაიდუმლო, ძვირფასად მოოჭვილი გამჟღავნებული კარი, ისიც საგანგებოდ გათვალისწინებული ჭრიალით მიიხურა, ახლა პოლკოვნიკ სეზარს შესცქეროდნენ კადიმა და დიდი მარშალი, „ჩემო პოლკოვნიკო, - მძიმედ წარმოთქვა გრანდისსიმოჰალლემ, თვალები ავად უბრჭვიალებდა, - შენ ალბათ ორადგილიანი ნავი გირჩევნია ყველაფერს, არა? - მიჯნურთათვის ხომ დიდად მარგია“. კვლავაც ყოჩაღად გაჭიმულიყო პოლკოვნიკი სეზარ, თუმც ვრცელი შიშით ყურებიც კი ლამის უთრთოდა. „როგორ მყავს ჩემი მკვიდრი დისშვილი, შენი სათუთი მეუღლე, სტელლა? აჰ, კარგად, არა? ოოო, კარგი, ძალიან კარგი... აქ დამიცადეთ, და სანამ მოვალ, ჩემო გრანდჰალლე, შენს თანამშრომელთაგან ყველაზე მეტად მოხერხებული მეთვალყურე შემირჩიე, აუღელვებელი ხელის პატრონი და დიდად გამოცდილი, სიარულიც რომ ემარჯვებოდეს და დაბალი იყოს ტანად“. „მესმის, გრანდისსიმოჰალლე“. „აქ, კადიმასთან დამიცადე, და მოიფიქრე. როცა საჭირო იქნება, მოვალ“. *** ავად ხრაშუნებდა მიწისქვეშეთში ფრთხილ ნაბიჯთა ხმა, საფეხურებზე დაპოტინებდა ბაცი, ტლანქად ჩაბობღებული სინათლე, მძიმე ჩრდილები დატორტმანებდნენ, იძვროდა ნესტი - ქვის ხვეული კიბით მიწისქვეშეთში ღრმავდებოდა დიდი მარშალი, ძვირფასი, წითელი ხის ტარიანი მაშხალა ეპყრა ხელთ, დამადაბლებელ სვეტს გარს უვლიდა. ოღროჩოღრო, კლაკნილ ზოლებად ამოჭრილი მიწის კედლიდან ჯიუტი ღეჭვის ხმა მოისმოდა, შეჭმუხვნილიყო დიდი მარშალი, მიწის კედელზე მიმოხლართულ ხაზებს თვალმოჭუტული აკვირდებოდა. რაღაც ეხატა ამ ყრუ კედლებზე, ღვარჭნილი ზმორებით რაღაცები ეხატა... მკრთალად დაძრწოდა მარშლის სინათლე, და უკუნეთთან ჩახლართულ ჭიდილში იძაბებოდა მიწისქვეშეთი, უნდილი სინათლით გამჟღავნებული, და მძიმე სითხედ მიცურდა მარშლის ჩრდილი კიბეზე, დაბლა. ამოღამებულ ფართო ხვრელში გატრუნულიყო მარშლის პატრონი, მოწიწებული გრანდისსიმოჰალლე ფრთხილად იმზირებოდა ხვრელში, იღიმებოდნენ, მარშალი - ბაცად და შიშნეულად, ხვრელი კი - ფართოდ, ამაყად, შავად, და ცალი, მარტოკინა, მომნუსხველი ბნელი თვალით კუთვნილს, თავისას, აბრჭყვიალებულ მძიმე სიყვითლეს მკაცრად ითხოვდა... ჯიბეში ხელი ააფათურა მარშალმა ბეტანკურმა, ოქროს ნატეხები ამოაძვრინა, ხვრელში ფრთხილად ჩადო. მაშინვე კუშტად მოიკუმა პირქუში ხახა, სამაგიეროდ იქითკენ, ბნელში, ზლაზვნით განიხვნა დიდი და მძიმე, პრიალა კარი. „შენ ხარ?“ - იკითხა მინის მრგვალ ვიწროყელიან ჭურჭელს შეშტერებულმა კაცმა, თავიც არ მიუბრუნებია. „მე ვარ, რემიხიო“, - გაეპასუხა დიდი მარშალი. „ახლავე ერთი წუთით, - მოიბოდიშა დიდმა გამომგონებელმა, გასაიდუმლოებულმა რემიხიო დასამ, - გრძელ ცდას ვამთავრებ“, „მიდი, კი, მიდი, განაგრძე, ჩემო, - დაუყვავა გრანდისსიმოჰალლემ,- შენ შენს საქმეს ნუ გააფუჭებ და...“ აუარება სინჯარის ქვემოთ ყველგან ბჟუტავდა მიმქრალი ცეცხლი, არეკლილი სხივები უნდოდ კვესავდა ყოველ ჭურჭელზე, მწვანესითხიან კოხტა სინჯარას უჭვრიტინებდა მიწისქვეშეთში ჩასაიდუმლოებული დიდი სპეციალისტი რემიხიო დასა, „ეს ძაან სითხე გამომივიდა, - წასჩურჩულა გრანდისსიმოჰალლეს, - ერთი დიეტური კოვზი ორმოცდაორ მეგალიტრ წყალს მშენივრად ეყოფა, ვინც პირს დააკარებს, იქვე დაკარგავს სასიცოცხლო უნარს“. „მართლა? - ესიამოვნა დიდ მარშალს, - როგორ მიიღე..“ „მიღებით, მოგეხსენება, დიდი ხანია მიღებული მაქვს, მაგრამ ამჯერად ძლიერ გავაუმჯობესე, რადგან ნელ ცეცხლზე ვაყენებ, დიდი სიმხურვალე გარკეეულ ღირსებებს უქვეითებდა, ნელი ცეცხლით კი ყოველივე საჭიროს თანდათან გამოვწოვ“. „ბრავო, - ჩუმად თქვა დიდმა მარშალმა, - სანაქებო ხარ“. „თანაც, ხომ იცი მასალა კარგად მოიპოვება ბუნებაში და შედარებით იაფიც ჯდება“. „შენ ფულის დარდი ნუ გექნება, რემიხიო, - კვლავაც ხმადაბლა წარმოთქვა მარშალმა, ორთავ სულიერი სინჯარას შესცქეროდა, ერთმანეთს არ უყურებდნენ, ისე ჩურჩულებდნენ და ის მწვანე ხსნარიც, მკრთალ ცეცხლზე მდგარი, ფრთხილად იძვროდა, აჩურჩულებულიყო ისიც, - შენ ოღონდ ეგეთი შესანიშნავი სითხეები მიიღე და, ხარჯთაღრიცხვაში ფულს რამდენსაც მომთხოვ, იმდენს მიიღებ, ნუ მოგერიდება, რემიხიო, რადგან...“ „აი, უყურეთ, - გააწყვეტინა დიდმა გამომგონებელმა, - სწორედ ამ მრავალკუთხა ბუშტუკის გაჩენა ცდის დამთავრებას უტყუარად მოწმობს“. წელში გასწორდნენ გამომგონებელი და დიდი მარშალი, მაგრამ რემიხიო დასა ასეც, გამართული, მაინც რაღაცნაირად მოკუნტული ჩანდა, სუფთად გაპარსულ პირისახეზე უხილავი აბლაბუდა ედო, ცუდი გზით მოარული ჭკუის ნაყოფი; გაჭირვებით ყლაპავდა ნერწყვს, მისთვის ყველაზე მძიმე სითხის ამ გაჭირვებულ ყლუპს, რომელსაც სხეულის გარეთ სხვა სიტყვა ჰქვია; და გაზინტლული, სარჩულში საიდუმლოდ ჩაკერებულორდენებიანი ქურთუკისკენ დიდად უცნაურად გაეშურა: რაღაცნაირად, შეფერხებით ადგამდა გრძელ ნაბიჯს, მუხლი ძლიერ მაღლა აჰქონდა და რომელ ფეხსაც ყოვნით წასწევდა იმავე გვერდის დაძაბულ ხელს მიაყოლებდა, და წინ უსწრებდა იგივე მხარი. შებორკილივით მიალაჯებდა. - მე, რემიხიო, - დინჯად წარმოთქვა გრანდისსიმოჰალლემ, გახუნებულ თვალებში შესცქეროდა - იმ ხვრელში ხარკი შენგანაც ჩავდე. მშვენივრად იცი, პურს ვინც გვაჭმევს და, მე, რემიხიო, ისეთი სითხე მინდა, მდინარის სათავეში რომ ჩავაგდო და ერთი დღის მერე შუაწელამდე ჩააღწიოს და არც-ერთი თევზი აღარ დატოვოს. - როგორ, სულ გააქროს თუ... - არა, დახოცოს. - მხოლოდ? - წამით გაიღიმა რემიხიომ, ისევ შეიჭმუხნა, კარადას ზურგით ეხახუნებოდა, ექავებოდა ზურგი, - მაგას რა უნდა... აგერ, თუნდაც ამ სითხეს ვერცხლისწყალში ამოვავლებ და მშვენივრად ჩააღწევს, თანდათანობით გაიხსნება, გრანდისსიმოჰალლე... - ძალიან კარგი, - თქვა ბეტანკურმა, - ახლავე გამიმზადე, - და გაიფიქრა: „რასაც ვერ შეძლებდა ადმირალი ციცკა, აღჭურვილი ფლოტით, ეს ერთი კაცი თავისი ნიჭით... აი, ამისი ხელობა - მესმის... ასეთი ნაღდი, და უჩინარი... და ამასთან ერთად გრეგ რიკიოც რომ საჭიროა, უცნაურია ძალზე... განა რა ყრია გრეგ რიკიოს ჯღაბნილობაში და მაინც... ისიც რომ საჭიროა?! ბრბო რა ბრიყვია...“ მერე ხმადაბლა, პატივისცემით, იმედით უთხრა: - რემიხიო დასა, მოგიგონებს ხალხი. *** ხის კენწეროზე მანუელო გატრუნულიყო, ჯერ არნანახი, უცხო თამაშის უნებური მოწმე. ჯერ იყო და, აქედან, მაღლიდან, თავის ვრცელ ლამაზ ქვეყანას სჭვრეტდა; ლაღს, თავისუფალს, ებერებოდა კოშკივით სული და შორით მოფუსფუსე კანუდოსელებს, ახალ ძმათათვის თიხის სახლებს რომ აგებდნენ, ცოტათი დარცხვენილი კი უმზერდა, მაგრამ რა ექნა - ასე, ხანდახან, სიმაღლისა და ჭვრეტის სურვილი თუ წამოუვლიდა, ვეღარაფერი შეაკავებდა, ზედ კენწეროზე მოექცეოდა ყველაზე მეტად აზიდულ ხეს და იდგა, ტკბებოდა ოთხსავ მხარის თვალით დამპყრობი, ყოველი ჯურის დამპყრობელთაგან გამორჩეული, უბოროტო და ვრცელსულოვანი - მხიარული მწყემსო მანუელო კოსტა, მაგრამ იქ, დაბლა, სწორედ ხის ძირას, დიდ ტოტებს ქვემოთ, თვრამეტი წლის გოგომ ფარა მოდენა. ჯერ ის იყო და, იმ სიმაღლეზე მცირე ბაკუნი რამ შემოესმა მანუელოს, დაიხედა და სულ თეთრი, თეთრი, თოვლივით ცხვრები მობაკუნობდნენ, შუა ფარაში კი თვრამეტი წლის მწყემსი გოგონა, მსუბუქი წკეპლით, ისე მსუბუქით, თვინიერ ცხვართა მოფერებას თუ შეძლებდა მხოლოდ, მოაბიჯებდა. თეთრები ეცვა... თმა აეზიდა, მაღლა შეეკრა, და ჩალისფერ ზვინს დასცქეროდა განაბული მანუელო, ჯერ ვერა სცნობდა, იმ უხვ ფოთლებში ძლივას ატანდა გაფაციცებულ მზერას, მწყემსმა კი, იქვე მიაგდო წკეპლა, ხისქვეშა მოლზე ცხვრებიც შეჩერდნენ, მშვიდად ცოხნიდნენ კანუდოსის ბალახს, მიმოიხედა თეთრმა მწყემსმა, და შორიახლოს რომ ვერავინ დალანდა, მდინარისაკენ გაეშურა, მთელი სხეულის უჩვეულოდ ლამაზი, მომეტებული რხევით ნაპირთან ისევ მიმოიხედა, თავზე წაივლო ორივე ხელი, სათუთი ზვინი რომ არ ჩამოშლოდა, და ტანსაცმლიანა შევიდა წყალში. გაბრუებული დასცქეროდა მანუელო კოსტა, სულ მიავიწყდა ოთხსავე მხარეს გატყორცნილი ვრცელი სამეფო, რადგანაც დღისით, მზისით, მარტოობაში დარწმუნებული თეთრი მწყემსი, თავისთავს ლაღად აყოლილი და ამჩატებული, ყოველივეს სჯობდა - წელამდე შესულიყო კანუდოსის მიმოზნექილ წყალში და ძალიან ფრთხილად, ფაქიზად ხტოდა, მძიმედ აზვინული თმა რომ არ ჩამოშლოდა; თავგადაწეულს, ნატიფი ხელი კეფაზე მიებჯინა და მეორეთი კი მდინარის ცვალებად ზურგს მსუბუქად ელოლიავებოდა, და სახისკენ რომ წაიღო სავსე, გამჭვირვალე პეშვი, წყვეტილ ბილიკად დააჩნდა თეთრ გულისპირზე ბაცი წვეთები; დილის მზით გაღვივებულ სახეზე იპკურა მადლიანი მდინარის ნამცეცი, სულ ერთი მცირე პეშვი და, გაბრუებული, ადგილზე ნელა, მძიმედ დატრიალდა, მცხუნვარებითა და სინათლით აფუებული ზედატანი მცხუნვარე მზისთვის შეეშვირა, წელსქვევით კი, ისედაც გრილი და მკვრივი თეძოებით, ნაზი სიავით ჩამოქნილი ფეხებით, უხვი მდინარის გამჭოლ სიგრილესა გრძნობდა, და მდინარითა და მანათობლით ერთიანად გაბრუებული, იმ მდოვრედ ჩამომავალ წყალში მოხიბლული ნელა ბრუნავდა კანუდოსელი თვრამეტი წლის გოგო. გახევებული, სუნთქვაშეკრული შემოხვეოდა მაღალი ხის კენწეროს მანუელო კოსტა; თავგადაწეული თეთრი მწყემსი მშვენივრად იცნო და ხანდახან გულში მწარედ გაჰკრავდა, ავად კენწლავდა: „რაღა იმისი... რაღა იმისი შვილი“, და გაკვირვებული ჩამოსცქეროდა, რადგან აქამდე მხოლოდ ქალებთან ეჭირა საქმე და იმათ კი სულ სხვა, სულ სხვანაირი მიმოხრა ჰქონდათ, სხვა ელფერი ედოთ, ეს კი, გოგონა, უცხო მღვიმესავით იდუმალი და თან - სიოზე უფრო ჩვეულებრივი და ბუნებრივი, უკვე ნაპირზე მოაბიჯებდა, ისევე, მზისთვის შეეშვირა ახურებული ზედატანი, იგივ მდინარის გრილი მისხალი წელსქვემოთ მჭიდროდ შემოტმასნილი თეთრი სამოსით მოჰქონდა... და გოგონა რომ შემოვიდა დიდი ხის ჩრდილში, შეკრთა მანუელო, გაოცებისაგან პირი მოკუმა, კიღამ შეუშვა იმ შემობღუჯულ კენწეროს ხელი - დიდად უცნაურად ირჯებოდა თეთრი მწყემსი: შეოკებული, მოკლე ბიძგით წარსდგა სოველი ფეხი, ხელი მოწყვეტით აიქნია და უცებ, ჰაერში გააქვავა... ერთხანს ასე იდგა, მერე კი მკვეთრად შემოტრიალდა, ფრთასავით სწრაფად დაიქნია ორივე ხელი, ისე ღონივრად, რომ უნებურად ფეხისწვერებზე შედგა, გახევდა, თვალებგაფართოებული, თითქოს რაღაცას უსმენდა... სურვილისაგან გააჟრიალა და გამოერკვა, მყისვე შებრუნდა, და ყოვლისმძლე ლტოლვას აყოლილი, ადგილზე როკავდა, ღონივრად უტყაპუნებდა პაწია ფეხისგულებს კანუდოსის მიწას, და მანუელო კოსტა, ხეზე გატრუნული, უეცრად მიხვდა თეთრ მწყემსს რაც სურდა... თვრამეტი წლის კანუდოსელი გოგო კი შედგა, ცისკენ იშვერდა ხელებს, შეყოვნებული, მერე ადგილზე ტრიალებდა, ფრთხილად ჩამოცოცდა ხიდან მანუელო კოსტა, გამალებული ფიქრობდა თანაც: ასე, უეცრად რომ არ შეიძლებოდა სურვილისაგან გაბრუებული გოგოს წინაშე გამოცხადება, მშვენივრდ გრძნობდა - ისე შეაცბუნებდა, თვალის დასანახად აღარ ენდობოდა უჩვეულო ცელქობაში წასწრებულ გოგოს; ისიც იფიქრა, ვითომ შორიდან ღიღინ-ღიღინით მოემართებოდა და სულაც ვერ ამჩნევდა, მაგრამ ცივ იერს მიიღებდა ქათქათა მწემსი... და მანუელომ, ხეს ამოფარებულმა, მოიფიქრა და მოლზე გამოხტა, და მანაც, ზუსტად იმ გოგოსავით აიქნია ცისაკენ ხელი, გაფითრებული შესცქეროდა მწყემსი გოგონა, ფეხებზე სამოსშემოტმასნილი, დაბნეული იდგა, უნებურად ხელგაშვერილი მანუელოსაკენ, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრი, უფრო ტეხილი მოძრაობებით მიაპობდა უჩინარ ჰაერს, მშვიდად ძოვდნენ ბალახს მორჩილი ცხვრები, მანუელო კი გულგაღეღილი, შემართული, თავაწყვეტილი, რასაც უნდოდა, მთელი სხეულით იმას შვრებოდა, ოღონდაც - მკვეთრად, ტეხილად, და თეთრი მწყემსის იდუმალ სურვილს, იდუმალ ლტოლვას იმეორებდა - ორივეს, იმათ თავისუფლების პირველი ყლუპი აიძულებდა უცნაურ თამაშს, და ახირებულ სურვილს შეოკებული მოძრაობისა, შეუჩვეველი, მცირე თავისუფლების შარავანდედი ედგათ რადგანაც თავზე, და თავისუფლებას, სულის ყვავილს, უცოცხალადამიანოდ და უახლობელოდ, თავისივე ყოვლისმომცველი დიადი ყვავილი - სიყვარული აკლდა, ორივე გრძნობდა, უამყვავილოდ თავისუფლებას ის დიდი ფასი მაინც არ ჰქონდა, და ამ სახელდახელოდ მოგონილი, უფრო ტეხილი, უფრო ღონივრად გამეორებული მოძრაობებით უახლოვდობოდა თვრამეტი წლის დაბნეულ გოგოს მოხდენილი მწყემსი, მანუელო კოსტა, და იმისაკენ გაიშვირა ორივე ამოტრიალებული პეშვი, ასე მიაპყრო ორივე ხელი, ერთი - უფრო გრძლად, და შეაცქერდა, და თეთრმა მწყემსმაც, თეთრმა მწყემსმაც სწორედ იგივე გაიმეორა!.. და ახლა დინჯად, მძიმედ გაშალა მანუელომ ლაღი ხელები, მძიმედვე წარსდგა ორიოდ ნაბიჯი, თვალებში ჩახედა, რა მადლიერი ამოსცქეროდა კანუდოსელი გოგო, და მანუელომ მხრებში ჩაასო გრძელი, ღონიერი თითები - მოალერსე მარწუხები, მიიზიდა და აკოცა. ჟოაო ამ დროს თიხასა ზელდა. დიდის გულმოდგინებით მუშაობდა, იდაყვებამდე ამოთხვრილი, იმ დალოცვილ, რბილ სიგრილეს ღონივრად ჭყლეტდა და ჭყლეტდა, დაკოჟრებულ თითებს თითქოს გამწარებულად აღეჭინებდა თიხას; მეზობლებისაკენ გააპარებდა ხანდახან გამომცდელ მზერას, დროდადრო კი მოწიწებით ახედავდა მარადკუშტ მენდეს მასიელს, კანუდოსელ ძმებს შორის რომ მიმოდიოდა. ჟამიჟამ - ამაყ, თავმომწონე მზერას შეავლებდა თეთრად გაშენებულ, ჯერ კიდევ ნედლ ქალაქს, და ერთხელაც რომ მიიხედა, თიხაში ჩაჯდა; თვალებდაჭყეტილი, პირდაღებული, გაოგნებული შესცქეროდა ხელიხელჩაკიდულებს - თავის უფროს ქალიშვილსა და მხიარულ მწყემსს მანუელო კოსტას, რომლებიც მენდეს მასიელს თავჩაქინდრული უახლოვდებოდნენ. „ცოტა მომშივდა, ჰალეებო, მაგრად მომშივდა, - ლაქუცით განაცხადა ჩიჩიომ, მაგიდასთან დაჯდა, - თუმცა, ჯერ სალამ-გამარჯვება უნდა ითქვას, სალამ-გაგიმარჯოთ, ჰალე, რაიმე კბილის გასაკრავი ხომ არ გაქვთ, ოთო-ძია?“ ოთო-ექიმი ტახტზე იჯდა, შარვალი გადაეფინა მუხლებზე, ღილს გულმოდგინედ აკერებდა, „იმ ოთახიდან გამოიტანე, ცხვრის ხორცია კარგი, შეათბე და ისე“. „შეთბობა რად უნდა, - გაიკრიჭა ჩიჩიო, მკვირცხლად წამოდგა, - ცივ ხორცს რა სჯობია, ქონი პირში იგლისება და დიდხანს სძლებს უფრო“. ფარდას აჰკვროდა გასუსული დომენიკო, ერთ-ერთი ამოქარგული თვალიდან ქუჩაში იჭვრიტებოდა. არავინ ჩანდა, „ვითომ, მართლა ის გამოგზავნიდა, ოთო-ძია?“ „კი, დომენიკო, - უთხრა ექიმმა, - შუა ქალაქში იმისი მარჯვენა ხელი და შიკრიკია ეს ვაჟბატონი“. კარი გაიღო, ჩიჩიომ შემოჰყო კოხტად გადავარცხნილი თავი, „პური სადა გაქვთ?“ „კიდობანშია“. „ნეტავი რატომ გამოგზავნიდა...“ „ნუ გეშინია, დომენიკო, ნუ გეშინია, - ძაფი გადაკვნიტა ოთო-ექიმმა, პატარა ყუთში ახალი ღილის ძებნას შეუდგა - შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ნუ გეშინია“. ჩიჩიომ ისევ შემოჰყო სუნამონაპკურევი თავი, „მარილი არ გაქვთ? ვერსად ვიპოვე...“ „აქაა, მაგიდაზე“, გაეპასუხა ოთო-ექიმი, და ხანამ ჩიჩიო გაქონილ საჭმელს შემოიტანდა, დომენიკოს მიაჩურჩულა: „სანამ დარჩება, რაიმეზე მშვიდად მებაასე, მთავარია, შიში არ შეგეტყოს, დომენიკო, გაიგე, შიში...“ ღიღინ-ღიღინით შემობრუნღა ჩიჩიო, ტაფაზე დაყინული ხორცი მოჰქონდა, იღლიით-პური, მაგიდას მიუჯდა. სამივე ფანჯრის თვალებმოქარგული ფარდებიდან ვიწროდ შემოდიოდა მტვრით ანამცეცებული სინათლე, ირიბი სვეტებით გადახაზული ოთახის შუაგულში ჩიჩიო იჯდა, იაფი სუნამოს სქლად მოტკბო სიმყრალე იდგა ოთახში, გულისამრევი, შორს, სადღაც, ალბათ ნაღდი ტყე იყო; ჩიჩიომ მადიანად ამოუსვა პური ქონში, ხორცი ჩაკბიჩა, თავი გადასწია, თვალი მილულა - მმ, მმუუ... მერე ერთბაშად ტაფისაკენ გადაიხარა, ლოყებგამოტენილი, ღონივრად იყლაპებოდა, „ოთო-ექიმო, - თვალი აარიდა ჩიჩიოს დომენიკომ, - აი, თქვენ როცა ავადმყოფს სინჯავთ, მაჯაზე თითებს წაავლებთ ხოლმე, და რატომ?“ „როგორ თუ რატომ, - ვითომ გაიოცა ოთო-ექიმმა და ლაპარაკის წამოწყებისათვის თვალი ჩაუკრა, მოწონების ნიშნად, - გულის ცემას ვუმოწმებ ხოლმე“. „ავად როცა ხდებიან, - თქვა დომენიკომ, ტახტისაკენ გამოემართა, - გულის ცემაზედ ეტყობათ ხოლმე?“ „კი, აბა“, „ამბრა, - დაუდასტურა პირგამოტენილმა ჩიჩიომაც, - გუი აამიაში ყვეაფეია“. „ოთო-ექიმო, - შეაცქერდა დომენიკო, - გული - მთავარია?“ „სხეულისათვის - კი“. „ხეი რა, ააა საირო?“ „რა თქვი, ჩიჩიო?“ იმან კი მძლავრი, დაძაბული ყლუპით შთანთქა დიდი ლუკმა და ამჯერად მკაფიოდ წარმოთქვა: „ხელი რა, არაა საჭირო?“ „კი, როგორ არა, კი“, - უგულოდ დაეთანხმა ოთო-ექიმი. ჩიჩიო ახლა აუჩქარებლად იღეჭებოდა, სიამის გაქონილი ტალღა მდორედ ჩამოსდიოდა სახეზე, „ოთო-ძია, აეგ ღილები სად აგაგლიჯეს?“ „ხათაბალაში მოვხვდი, ეეჰ, - ამოიოხრა ოთო-ექიმმა, - რამდენიმე ინტელიგენტი ერთმანეთს დაესია, მე ჩემი ჭკუით ვითომ ვაშველებდი და ზედახორაში კი მოვხვდი“. „ოო, - თავი გაიქნია ჩიჩიომ, ურჩ ძვალს ცალთვალდახუჭული ტკვირავდა, - იგინებიან, ერთი მაგათი პატრონი დედა“. და ძვალს ახედა, დახედა, მიაგდო, ისევ ხორცს ჩააფრინდა, სიმაძღრით გაპირქვავებული, ხუმრობის გუნებაზე დადგა: „მე კი მეგონა, ოთო-ძიას ვიღაცა შეყვარებული ქალი დაებრდღვნა-მეთქი“. „ფუჰ, ბრიყვი, ბრიყვი, - შეიჭმუხნა ოთო-ექიმი, გულმოსულმა ჩაილაპარაკა, - კარგად კი ესმის სიყვარული, რაც მართალია, მართალია...“ მერე ათვალწუნებით შეათვალიერა უსიამო სტუმარი, უთხრა: „მე რომ წოდებების მინიჭება შემეძლოს, ჩიჩიო-ჩემო, ქალაქის მთავარ სალახანად გამოგაცხადებდი“. „ხი-ჰი... ხი-ჰიჰი...“ გაიკრიჭა ისევ ჩიჩიო და ოთო-ექიმმაც დაფიქრებულმა თქვა: „თავია მაინც, დომენიკო, თავი, მთავარი...“ მკაცრად დასცქეროდა თავჩაქინდრულებს მენდეს მასიელი, მიწას ჩასჩერებოდა გაფითრებული გოგო, მანუელომ კი პატარა ხნის მერე ვეღარ მოითმინა, ცალი თვალით აიხედა და გულზე მოეშვა - პირქუში სახე გაებზარა კონსელეიროს, აგიზგიზებულ თვალებში ჯერ არნახული, უჩვეულო სითბო ჩაუდგა, ალბათ ცოტაც და, გაიღიმებდა, და მარად კუშტად აჟღერებულ ხმაშიც ალერსი გაერია: - ძალიან გიყვარს? - კი, - თქვა მანუელო კოსტამ და მხნედ მოინაცვლა ფეხი. - და შენა, ქალო? - დიახ. - თქვენი ჭირიმეთ! - წამოიძახა კოლომბინამ, ქალის ბებიამ. - ძალიან კარგი, - თქვა მენდეს მასიელმა, - დღესვე, ახლავე დაგაქორწინებთ შენ და... შენს ქალს რა ჰქვია?.. ჰოიი, სირცხვილო... აქ მანუელო ძლიერ დაიბნა, რადგან თავისი ქალის სახელი ჯერ არც იცოდა, მაგრამ გამოსავალი უცებ იპოვა: - ძალიან მინდა, დღეის ამას იქით მანუელა ერქვას, რადგან ჩემია... - ძალიან კარგი, თუკი ისურვებს... და გოგომ მყისვე წამოიძახა: - დიახ. უცხო რამ შუქი დასთამაშებდა მენდეს მასიელს; რწმენით, იმედით შესცქეროდა გაღიმებულ კონსელეიროს ყველა კანუდოსელი, იმ ერთის გარდა... და კონსელეირომ იკითხა: - მშობლების ნებართვა თუ გაქვს, მანუელა... - ჯერ არა... მანუელომ კი ერთბაშად გაბედა და მხნედ, თამამად მიუახლოვდა დაბნეულობისაგან შიგ თიხაში ჩამჯდარ, აქამდე კვლავაც თვალებდაჭყეტილ, პირდაღებულ, გაოგნებულ ჟოაო აბადოს: - დაგვლოცეთ, მამა... - ვინაა შენი მამა! - ისე წამოხტა ზეზე ჟოაო, თვალი ვერავინ შეასწრო, - ვინაა მაგისი მამა! შენი მაგისი მამა კი არა, არც იმისი მამა ვარ... მამაო! მამა! წადი ახლავე კონსესიონ სახლში! სადაა ჩემი ქამარი! ბავშვი შემიცდინა და, მამაო! ვინაა... ძლივს აკავებდნენ როხასი და ინოსენსიო; დაბნეულები იდგნენ კანუდოსელები, გადაფითრებულ სახეზე ხელებაფარებულ თეთრ მწყემსს მიწა გასკდომოდა, ერჩია. - წადი-მეთქი, ახლავე-მეთქი! კონსესიონ! სულ დედაშენის ბრალი იქნება, დაგხოცავთ ყველას!.. - გაგიჟდი, ჟოაო, შვილო? - დაეკითხა მეუღლის დედა. - ვინაა შენი შვილი! ვინაა მაგისი მამა! ვინაა ამისი შვილი! ვინა ხართ... - გაცოფებული ღრიალებდა ჟოაო, მაგრამ მენდეს მასიელი დინჯად მიუახლოვდა, მხარზე დაადო მძიმე, დაძარღვული ხელი, თვალებში ჩახედა, მაშინვე ჩაუქრა ჟოაოს რისხვა, ისე აშკარად, ისე თვალნათლივ, კანუდოსელებს ცეცხლზე დასხმული წყლის შიშინიც მოესმათ თითქოს. - მდინარის პირას დაგაქორწინებთ, - თქვა შემობრუნებულმა მენდეს მასიელმა, ჯერ მანუელოს გაუღიმა, მერე მდინარეს გახედა და უეცრად შეკრთა, ხშირ ტალღებად გადასდიოდა სახეზე მრისხანება, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მძლავრი, უფრო ულმობელი და, განრისხებულმა, აცახცახებულმა, ძლივას წარმოთქვა: ყველა წავიდეთ... პრუდენსიო, გამაგრდი... მომყევით, ძმებო. „რა ვქნა? გავძეხი... - საბრალოდ თქვა ჩიჩიომ. სახე მოღრიცა. - მე მგონი, ნამდვილად მეტი მომივიდა, ჰალე... ოთო-ექიმი ტახტიდან წამოდგა, შარვალი კოხტად ჩამოკიდა, „რა ვქნა? - იკითხა ისევ ჩიჩიომ, - მეტი მომივიდა, რა ვუყო? აა? - მუცელზე ფრთხილად მიიდო ხელები, სახემობრეცილმა, თვალები სიმწრით მილულა, „წყალი, დამალევინე... დომენიკო, რა... ოღონდ გამჭვირვალე ჭიქით... ოთო-ძია, შეიძლება, ტახტზე წამოვწვე?“ „კი, კი“. სანამ დომენიკოს ჭიქას გამოართმევდა, ეჭვით მოუთვალიერა სახე, მერე თითები ჩაჰყო მიწოდებულ წყალში, თვალმოჭუტულმა, გულდასმით დაყნოსა, სინათლის ერთ-ერთ ირიბ სვეტზე გახედა ჭიქას, და დომენიკოს მაინცა სთხოვა: „ჯერ შენ მოსვი, რა...“ შეჭმუხვნილიყო ოთო-ექიმი, ჩიჩიოს შემყურე, ისიც ზედმეტად გამაძღარივით შეჭმუხვნილიყო, სიმწრით კრუსუნებდა ტახტზე მიწოლილი ჩიჩიო. „ცხელი წყალი მომიტანეთ, რა... პირს გამოვივლებ... სულ ვერ ვლაპარაკობ... პირი გამეგლისა... ენას მიბორკავს... ის ტაფა გაიტანეთ, რა... ვეღარ ვუყურებ...“ „ზეთისხილი მიატანე, - ურჩია ოთო-ექიმმა, - ზედმეტ ქონს შეიწოვს...“ „აჰ, არა... არა... - ძლივს იუარა ჩიჩიომ, ზეთისხილს ვერ ვიტან... ზეთისხილზე... მაჟრიალებს. ტაშტი მომეცით...“ ცხელი წყლით გამოივლო პირი; ცოტას მოსვამდა, თავს გადასწევდა - ღრღრღღღ... უოპ! ფუჰ... - ცოტა მოეშვა, პირაღმა გადაწვა, ჯერ მაინც სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა: - მე თუკი მკითხავთ, ჰალეებო... სულელი იყო ის ძველი ხალხი... რომ გამოიგონეს... ზეთისხილის რტო სიკეთეს ნიშნავსო... აგერ ნაცნობისას, შარშან... ქეიფზე... ზეთისხილიც ჰქონდათ სუფრაზე და სამნაირი ხიზილალაც და და ყველაფერი, მაგრამ მაინც შვიდი კაცი დაიბრიდა, ჰალე“, „რამდენი“? „ოთხი... და მჟავე კიტრი ხომ არ გაქვთ, ჰალე? ეგებ მიშველოს...“ ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, კანუდოსელებს ხომ ჰქონდათ და ჰქონდათ, სიწმინდითა და ალერსით სავსე, თევზით - მდიდარი, დამპურებელი, დამარწყულებელი, შვებისმომგვრელიც, მარად ახალი, სათუთი, გრილი, იმის ნაპირთან შეგროვილიყვნენ გაბრუებული კანუდოსელები, შეძრწუნებულნი დასჩერებოდნენ რაღაცა სასტიკ, უცნაურ ავადმყოფობაშეყრილ მდინარეს - უცხო სითეთრე დაუყვებოდა მის უხილავ, პაწია ზვირთებად აქა-იქ ამობურცულ ზედაპირს, წყალი არც ჩანდა - აურაცხელი თევზის მუცლით დაფარულიყო, თავიდან ვერც მიხვდნენ რა აკაშკაშებდა ისეთნაირი ავი ბრწყინვალებით იმათ მდინარეს, მერე კი, რისხვით აღივსნენ, დაიბერნენ, ააცახცახათ, პრუდენსიოს თავს კი რაღაც საშინელება ხდებოდა - მხრებაწურული, გაოგნებული დასჩერებოდა სილაში ჩამხობილ ძმისწულს, მოკრუნჩხულ გოგონას აი იმ ძმისა, უთქმელის, ტოგოსთან რომ დარჩა: უსუსურად იგრიხებოდა კანდათუთქული ბავშვი, პატარა ხნის უკან მდინარეში უდარდელად მოჭყუმპალავე, მენდეს მასიელისკენ მიაბრუნა ყველამ სიმწრით მოკრუნჩხული სახე, კონსელეირომაც, თეთრად ალმოდებულმა, თქვა: - მდინარე მოგვიწამლეს, ძმებო. პრუდენსიო, შენი დროც - შურისძიების დრო დადგა. აღარ უჩანდა თავი და ბოლო მუცლით ამოტრიალებულ, მძიმედ დაცურებულ აუარება თევზს, ხელი შეუშვა მანუელას თვალებჩამქრალმა მხიარულმა მწყემსმა, ცალი თვალ-წარბი ისე აუთამაშდა ზეს, თითები მიიჭირა; დაბერილ ყელზე სქელი ძარღვები გადაეწნა ინოსენსიოს, ფრჩხილები ჩაესო ხელისგულებში როხასს, მოკვნეტილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა გრეგორიო პაჩეკოს, სენობიო ლჲოსას გულისპირზე ღილი ააწყდა... მოქუფრულიყვნენ ტბიანი სოფლებიდან ჩამოსული კანუდოსელები; შუბლი ისე მწარედ ჩამოიხოკა ჟოაო აბადომ, ორი ფრჩხილი გადაუტყდა, და თვალებზე ჩამოიფხატა ორკუთხა ქუდი, ახალთახალ, ოდნავ გაღუნულ ხმალს რკინის თითებით ჩაფრენოდა მჭედელი, სუნთქვა შეკვროდათ ჟრჟოლადავლილ ქალებს. იმ ერთს კი, შეძრწუნებისგან მთლად გაოგნებულს, კონსელერიომ უთხრა: - ნუ გეშინია, მე მოგირჩენ. შენ და შენ - თიხა მოიტანეთ... ჩქარა... დაიხარა და ფრთხილად აიყვანა ბავშვი, პაწია, ალმოდებული თავით მკერდზე მიისვენა, სწრაფად მკაფიოდ ალაპარაკდა: - ეს ჟამიც დადგა. ყური დამიგდეთ, მოაშორეთ მდინარეს თვალი. სამი დღე მივეც, წათრეულიყვნენ, კვირა გავიდა, თუმც ათას ოთხასივე კანუდოსელს, კაცსაც და ქალსაც ერთნაირად გსურთ შური იძიოთ საკუთარი ხელით, იმ ორასკაციანი ბრიგადის ამოსაჟლეტად მხოლოდ თორმეტი კაცი წავა - ჯერჯერობით მეტი ცხენი არ გვყავს. იმათ უფროსად შენ იქნები, ზე. ყური დამიგდე, პრუდენსიო, გამოიხედე, - რადგან ყველაზე გამწარებული ამჟამად მაინც შენ ხარ, იმ მონაცრისფრო ცხენზე შეჯდები, ყველაზე მეტად ჯაგლაგზე, ვიცი, გული ვერ მოგითმენს და სხვებს რომ ვერ გადაასწრო, ამიტომ გადავწყვიტე ასე. ასე რომ არა, თავსაც ტყუილად დაიღუპავ და, შენი ნაჩქარევი გამოჩენის მერე, დანარჩენებსაც, მზადმყოფნი დახვდებიან. ჯერჯერობით იმ ცხენზე შეჯექ, იქ კი, კაატინგასთან, ვინმეს გაუცვლი ყველაზე ფეხმარდ, აიმ თეთრშუბლა ცხენში. ეს - ორი კაცი, კიდევ ვინ წახვალთ... ყველა მიაწყდა კონსელეიროს, ისე მიცვივდნენ, კინაღამ გადაჰქელეს, ძლივას შეიკავეს თავი, ძლივს დაიოკეს ფეხი, უცნაური სახეებით - რისხვით და მუდარით აღსავსენი მისჩერებოდნენ. მერე ერთბაშად შემოეცალნენ, რადგან სოველი თიხა მოარბენინეს. კონსელეირომ დაიჩოქა, ცალი ხელით ბავშვი ეკავა, მეორეთი თიხას სულს უბერავდა და დათუთქულ სხეულზე ფაქიზად ადებდა. ლაპარაკობდა თან: - მე ამოგარჩევთ. შენ - გრეგორიო პაჩეკო, - წამით იმისკენ გაიშვირა თიხიანი ხელი, - სამი, შენ - სენობიო ლჲოსა, ინოსენსიო - შენ, ხუთი... წამით შეჩერდა. აღტაცებული შესცქეროდა საოცრად ლამაზად, თანდაყოლილი სიამაყით მოახლოებულ დიდ მწყემსს, მოხდენილ ზე მორეირას; იმას შუბი და ხმალი მოჰქონდა, ორი ქამანდი კისერზე ჩამოეკიდნა, ქამარში გაერჭო ორი მაჩეტე. - მეც გამიშვით რა, კონსელეირო... - ითხოვა მანუელომ, და ყველა მიხვდა, როგორ ძალიან შეეკუმშა მანუელას გული. - შენ? - წამით დაფიქრდა კონსელეირო, სუსტად აკვნესებულ ბავშვს თიხით მოსავდა; ისევ ფოლადი გაუჯდა ხმაში - ძალიან კარგი, მანუელო - ექვსი... ფლოქვების თქარათქური შემოესმათ, შეცბნენ - ჯაგლაგ ცხენს შორეული კაატინგასკენ მიაჩქარებდა უკვე, ხმლიან-შუბიანი პრუდენსიო. - ეგ არაფერი, მაინც დაეწევით, - თქვა კონსელეირომ, - იქამდე კარგა დიდი გზაა, შენ, როხას, შვიდი... მხოლოდ ვაკეიროები რომ არ იყვნეთ, ტბიან სოფლიდან მოსულთაგან სამი კაცი წავა. - შენ... შენ... და შენა... ათი. - რა დავაშავე მე უბედურმა, - გულზე მჯიღი დაირტყა ჟოაომ - ეს მაინც რა დღე გამითენდა მაინც, მე რა - არ მიშვებთ? - ჟოაო - თერთმეტი... აქ დონ დიეგომ ფრთაგარჭობილი ძალიან ფართო ქუდი მოიხადა, მკერდზე მიბნეულ ძვირფას ქვაზე მიიფარა, თავი მდაბლად დახარა მერე და სთხოვა: - მეც გამიშვით რა, კონსელეირო... თუმცა ბრძოლაში... ვერ ჩავებმები... ძალიან ძლიერ თუ არ გაუჭირდათ... აიმ საუკეთესო ცხენზე მე შევჯდები, ხომ ხედავთ, მაინც არავინ ეკარება და... მე გადავუცვლი იქ პრუდენსიოს. - კარგი. თიხის გრილი, სუფთა ქოხებიდან სწრაფად ბრუნდებოდნენ იარაღასხმული გამორჩეულები. - ეგ არაფერი, თორმეტნი რომ ხართ - რაც მთავარია, არ მოგელიან. მერე და მერე უფრო ძნელი საქმეები მოგელით, ძმებო, ამბის წამღები შეგიძლიათ არ დატოვოთ - ისედაც გაიგებენ, როცა იქნება. დროსაც მოვიგებთ. თოფები სადმე ერთად ექნებათ მიწყობილი. თავს რომ დაატყდებით, ყველანი იქით გაიქცევიან, და არამც და არამც იარაღამდე არ მიუშვათ, გზა გადაუჭერით. თოფები და ტყვიები იმათსავე ცხენებს აჰკიდეთ მერე. სხვა - არაფერი წამოიღოთ. სულ არაფერი. ტყვია გინახავთ? არ იცით, რაა? რამდენიმე კანუდოსელი უხერხულად შეტოკდა ცხენზე. თავი მიაბრუნა ზემ. - მე ვცნობ მშვენივრად და ზედმიწევნით, კონსელეირო, - თქვა დონ დიეგომ. - ძალიან კარგი. რა გადაწყვიტე, ზე... - დიდად ვეცდები, პრუდენსიოს რაც შეიძლება, მეტად გადავასწროთ, და იმის მოსვლამდე ცხენებს დავასვენებთ ცოტა. მერე ყოველი შემთხვევისათვის პრუდენსიოს პირს მაგრად ავუკრავ, შორიდანვე რომ არ მიაყვიროს კამორელებს, კონსელეირო. - ძალიან კარგი, - ფეხზე წამოდგა მენდეს მასიელი, იმედით, რწმენით შესცქეროდა ამხედრებულებს, - კანუდოსელო ძმებო, - თქვა და მაღლა ასწია მთლად, ერთიანად თიხით შემოსილი, მხოლოდ პაწია ნესტოებგამოჩენილი ბავშვი, - ძმებო, ამისი საცოდაობა გფარავდეთ... ხალხს მიუბრუნდა მერე: - არავითარი დამშვიდობება და თვალის გაყოლა ამათ არ სჭირდებათ, - და ხმას აუწია, რადგან ღონივრად გაისმა თქარათქური, - წამოდით, ძმებო, და, საქმე განაგრძეთ, გაშრება თიხა... ამ ბავშვს მოგირჩენ, ნუ გეშინია, დაო, დამშვიდდი... გულზე მიხუტებული გოგონათი ხელში, ხალხს მხნედ წარუძღვა სამუშაოსკენ, თითქმის ყველანი მორჩილად მიჰყვნენ, და უკვე ძალიან შორით ავარდნილ მტვერს მხედრების ცოლებიღა მისჩერებოდნენ, სნეული მდინარის ნაპირთან შერჩნილები... იმათ შორის კი ყველაზე მეტად გაფითრებული მარიამი... და სუყველაზე უფრო მობუზული მანუელა - აბადო-კოსტა. - „ორი ქოთანი ვიყიდე - ჰიყ, ყურიანი და უყურო - პიყ. ორვე ქოთანი დავბრიდე - ჰიყ, ყურიანიც და უყუროც - პიყ, მე რითმიანი ლექსები მიყვარს, - აღიარა ჩიჩიომ, - ცოტა გადამიარა, ხო იცი, ჰალე, რა არის ქვეყნად სიმშვიდის ფასი, თქვენ რომ დრაჰკანიანი მაჩუქეთ მაშინ, არა? ვიღაცამ მომპარა... ცოდო არა ვარ? მე კიდევ რაიმეს მომპარავს კაცი, დო-ჰალე?“ „მაგისთვის მოხვედი?“ - გულზე მოეშვა დომენიკოს, ტახტზე ჩამოჯდა, „არა, აჰ, არა, - შეცბა ჩიჩიო, - ეს ისე ვახსენე, გაკვრით. ჰოდაა, მისმინეთ - მიჩინიომ დამაბარა, ჩემმა უფროსმა, ის ბიჭი როაო, დიდი ბითურიო, კისრის ზომა აუღე და მოიტანეო, ჰალეო, აბა?!“ მაშინვე წამოხტა შეძრწუნებული დომენიკო, ის ორი თვალი, ავი ნაღვერდლები გაახსენდა - რისხვით მბჟუტავი, ჭრილით-ჭრილამდე მონაცრისფროდ აჩურჩულებული, წამომჯდარი ჩიჩიო კი არხეინად განაგრძობდა: „დიდი კაცია მიჩინიო, დიდი კაცია, თვით კადიმაც კი ჰყავს დაჭრილი ერთხელ... ეგ რომ მოვიდა ჩვენს ძვირფას კამორაში, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი, მოძველებული მეთოდებით ვმუშაობდით მაშინ - დაძმობილებისას, გასასაღებელი უნდობლობისა გამო ჯერ მე თუ დამალევინებდა წყალს, მე ვითომ გულდაწყვეტილი, ნაღვლიანად მოვსვამდი და მერე, ბოლოს, პირის კუნჭულში კოხტად შენახულ პაწია ბურთუკას ენის დახვეწილი, გავარჯიშებული მოძრაობით სიფრიფანა ქაღალდს მარჯვედ მოვაშორებდი და იმ საძმადნაფიცო ჯამში - წკაპ! - და ალალ-მართალი ღიმილით გავუწოდებდი... ცუდი ხერხი კი იყო ძაან ის მეთოდი - საწამლავი ცოტათი პირშიაც მეხსნებოდა და თავბრუსხვევები მქონდა სულ, ქრონიკულად, ჰალე. ძნელი დარგია ის ჩვენი დარგი“. „ახლა გაუმჯობესებული მეთოდები გაქვთ?“ - დაინტერესდა ოთო-ექიმი; „აბა!“ - გაამაყდა ჩიჩიო. „როგორი, - მაინც...“ „გაგიჟდით, ოთო-ძია, იი? - გადანცვიფრდა ჩიჩიო, - მაგას როგორ გავთქვამ. მე ვინ გგონივართ. სამთელქალაქო საიდუმლოებაა... ისე კი არ არის ის... ხელი მაქვს მოწერილი, ჰალე“. „კარგი, ნუ მეტყვი, - უგულოდ უთხრა ოთო-ექიმმა და მერე ისევ დაინტერესდა, - და ის ახალი მეთოდები თვით მიჩინიომ შემოიღო?“ „მაშ, - თქვა ჩიჩიომ, - უმრავლესობა... ჯერ ის იყო და, სულ პირველად როგორ გადარჩა... დიდი კაცია ნამდვილად, ჰალე, აქ რომ მოვიდა, დიდი ხნის წინათ, სხვის სისხლში ამოთხვრილი, თვითონ მარშალმა ბეტანკურმა თვალით შეამოწმა ძვირფასი ფარდიდან და არ მოუვიდა, ნათელ თვალში, ჰალეებო, თურმე და ჩვენს ტკბილ გრანდჰალეს მიანიშნა თურმე, გაგვესაღებინა ხელათ და ჩვენმა ძვირფასმა პოლკოვნიკმა სეზარმა, შედარებით დამწყები უცოლშვილო ლეიტენანტი იყო მაშინ, მე დამავალა, დაძმობილების ნიშნად იმასთან ერთად შემესვა თასი და როგორც შევედი იმის ოთახში, მიჩინიოსთან ესე იგი, ჰალე, ერთი კი ამხედ-დამხედა მკაცრად, რომ იცის, ისე, და მაშინათვე ისქესა და ღრანჭში წამწვდა და მომიჭირა და სეკუნდში გადმომაგდებინა ჩემი ბურთუკა, აბა?! დიდი კაცია, ძალიან დიდი...“ „და მერე რატომ აღარ გაასაღეს...“ „თქვენ რა, გინდათ ხომ, ასე ყოფილიყო?“ - თვალები მოჭუტა ჩიჩიომ. „აჰ, არა, არა, - ორივე ხელი გაასავსავა ოთო-ექიმმა, - უბრალოდ, მიკვირს...“ „ჯერ ეს ერთი რომ, რაღანაირად გაასაღებდნენ. დამცინით, ჰალე? - იწყინა ჩიჩიომ, - ხომ ცოცხალია ახლაც კამორაში სადღაც, და, მეორეც, რატომ უნდა დაებრიდათ, მადლობის მეტი სხვა რა ეთქმოდათ - ჟაგუნსოების უფროსად დადგა - ჟაგუნსოები მოთოკა, ჰალე! და პოლკოვნიკიც დიდად აფასებს... აფასებდეს იქნება, რა იქნება აბა, - გამოცოცხლდა ჩიჩიო, - ყველაზე ძნელად გასასაღებლებს მაგისი ხელით ბრიდავენ, ჰალე, თანაც, კეთილო, ჩაცმა-დახურვა იმას არ აინტერესებს, ქონება და არაფერი - საქმისთვისაა მოწოდებული მხოლოდ... მოწი აქეთ ყელი“. „არა, - ძლივას წარმოთქვა ხმაჩამწყდარმა დომენიკომ, და, ყელგამშრალი, წყურვილმა აიტანა, მაგრამ ცახცახგადადებული თუნგიდან ყელით-მუცლამდე ჩაეღვარა ცივი, უსიამო წყალი, - არ აგაღებინებ ზომას...“ „როგორც გენებოს, - მაშინვე დათანხმდა ჩიჩიო, და მიაყოლა: - ისე კი, გადაწყვეტილების შეცვლა არ უყვარს და თვითონ მოვა და თავისი ხელით აგიღებს ზომას, ასეა, ჰალე“, მყისვე წამოდგა საბრალო მგზავრი, ყელი მოიღეღა. ჩიჩიომ კი კოხტად შემოავლო მბზინავი თოკი, წამში შემოხსნა, მარჯვედ გაკვანძა, გულის ჯიბეში შეინახა, დანაღვლიანდა მერე: „ძაანკაი, კია ერთი დრაჰკანი, მაგრამ ორი აჯობებდა ნამდვილად - ორი დრაჰკანი რითმასავით იქნებოდა ერთმანეთთან, ჰალე“. *** ბრიგადაში თავდასხმას არავინ ელოდა. დედიშობილა ლეიტენანტი ნავოლე მძიმე ნაჭრისგან გამზადებულ ფერად კარავში იჯდა, მოხატული ზურგით კარვის დაქანებულ კედელს მიყრდნობოდა, გამოებერა. სიცხით გათანგული, სვენებ-სვენებით წრუპავდა მურაბიან წყალს, ტიტველა მუცელზე თითებს ითამაშებდა და სათაყვანებელი ცოლი სუნზი ენატრებოდა. მეორე კარვის შესასვლელთან, სადაც თოფები ინახებოდა ორი კამორელი ჩაცუცქულიყო; გაფაციცებულნი, თეთრ, რვაკუთხა ძვლებს სილაზე რიგრიგობით ჰყრიდნენ. ხელის ყოველი გაქნევის შემდეგ ერთ-ერთი გულზე მოხდენილად იდებდა ხუთივე თითისწვერს, მეორე - ხელისგულს ბარძაყზე ირტყამდა. დანარჩენები, ქვედა საცვლის ამარანი, კაატინგას შორიახლოს დაძრწოდნენ - უმრავლესობა ფეხებს ატყაპუნებდა სილაზე, უფრო მონდომებულნი - დაოთხილიყვნენ, ზოგიერთს კი გრძელი ჭოკი მოემარჯვებინა და რამდენადაც შეეძლო, სილაში ღრმად ასობდა - თავიანთი ჭკუით კაატინგას ქვეშ გამავალ საიდუმლო ხვრელს ეძებდნენ. ერთგან ჭოკს, სილაში კარგა მაგრად ჩაფლულს, ორნი დასჭიდებოდნენ, კიდევ უფრო ჩაღრმავებას თითქოს დიდადა ცდილობდნენ და იმ ქოშინ-ქოშინში ერთ-ერთი ძმობილი ქვედა საცვლის საიდუმლო ჯიბიდან საკბილოს ოსტატურად აცლიდა მეორე ძმობილს, რომელიც ვითომ ვერ ამჩნევდა ამას - ჯიბეში ყალბი დრაჰკანიანი ედო და გაქურდვის შემდეგ, იმავ საღამოს, ძმობილს ზედამხედველ ნავოლესთან დააბეზღებდა, როგორც ყალბი ფულის მჭრელს... ორივე ისე რა, ზომიერად ღელავდა. სილაში ჩამჯდარ, ზურგამოკორტნილ კამორელთან, რომელიც დაუდევრობით სახიფათო მანძილზე მიახლოებოდა კაატინგას, რამდენიმე ძმობილი შეკრებილიყო და ჭრილობის გადახვევის საფასურზე ევაჭრებოდნენ, „ოთხმოც გროშს გაძლევთ, წუთის საქმეა, მეტი რა გინდათ, მე თქვენი დედა, ვაი“, კვნესოდა და თანაც თვალებს აბრიალებდა დაზარალებული და პირი ღონივრად დააღო, უცებ, ჭროღა თვალები გაუფართოვდა... და მყისვე ის და შორიახლოს მოფუსფუსე ათი კამორელი საშინელი ძალით მიელურსმა მიწას - ეს გადაწეულ კაატინგაში ცხენები გამოაგელვეს კანუდოსელებმა, და თერთმეტი შუბი გამეტებით ტყორცნეს. ღვთის რისხვას ჰგავდნენ - უმოწყალო, შურისმაძიებელი ხმლები დაატყდათ თავს ჭოკიანებსაც და უჭოკოებს, დაოთხილ მაძებართ, ფერადი კარვისკენ მიაჭენებდა თეთრშუბლა ცხენს ხმალშემართული პრუდენსიო, მაშინვე იაზრა, კამორელთა ბრიგადის მეთაურისა რომ იქნებოდა გამორჩეული საცხოვრისი, და გზადაგზა ვინმეს თუ ჩაუქროლებდა, ხელის დაქნევა მხოლოდ ერთი... მეორე კარავთან მიიჭრა ზე მორეირა, გულზე თითებმიდებული მოთამაშე წელამდე ჩასხიპა, მეორე კი, კამათლებგაცვენილი, ყელში გადასჭრა. ფერად კარავთან ისე მოთოკა ცხენი პრუდენსიომ, ყალყზე შემართა, კარგა ხანს შეყოვნდა ორ ფეხზე ბედაური, პრუდენსიომ კი იმასობაში სახვევი ჩამოიგლიჯა პირიდან, საზარელი ხმით დასძახა და იმ შემკრთალ ბორცვს, კარვის კედელი რომ გამოეზნიქა, ცხენის ჩამოოთხებისთანავე დაუშვა ხმალი. მეორე კარვისკენ გარბოდნენ კამორელები, იქ - იარაღი ეგულებოდათ, მაგრამ გზაშივე, ხმალდატეხილნი, სილაზე პირქვე ენარცხებოდნენ. და ხოხვა-ხოხვით გაცურებული, განზე ფრთხილად მღოღავი კამორელიც შეამჩნია ინოსენსიოს მარჯვე თვალმა და, სხვებზე მეტად მახვილგონიერ კამორელსაც სხვებსავით ხმალმა მოუღო ბოლო - კეფაგადახსნილს, პირქვეჩამხობილს, იმასაც ხმალი სჭირდა... ვიღაცა ცხენზე შემოახტა როხასს, კისერში კბილებით ჩააფრინდა, ვაკეიროს კი მიხედვაც არ უცდია, ისე გადაიქნია თავსუკან ხმალი - დიდად უცნაურად გაასაღა... მერეც, ერთხელ არ დაინტერესებულა, ვინ იყო, რა იყო, ახალ-ახალ კამორელებს ხოცავდა და მეორე ხელით ნაკბენს იზელდა... ორივე ტორით ჩაებღუჯა ხმალი ჟოაოს, ვაი იმისი ბრალი, ვისაც... და ხელების ყოველ დაქნევას მძლავრად აყოლებდა: „ჰახ!“ და თუმცა ზოგიერთმა კამორელმა მაინც მიაღწია კარვამდე, ამა საქმეში იმდენი არაფერი ეყარა - იქ დიდი მწყემსი, ზე მორეირა შავ ცხენზე იჯდა და ალესილი ხმალი ეპყრა ხელთ. ჯაგლაგზე შესკუპებული დონ დიეგო კი შორიდან საქმიანად უთვალთვალებდა კამორელთა ჟლეტას - ყოჩაღ, გრეგორიო... მანუელო, იფ... ეს ტბიანი სოფლელებიც, ბრავო... აჰ, პრუდენსიო, ნამეტანია... ჰეჰ, სენობიო რა ყოფილა და...“ შორეულ ტყეში რაღაც დალანდა პრუდენსიომ, მიმოიხედა და, სილაზე მილურსმული კამორელი, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩაუმქრალი, გველის თვალებით რომ იმზირებოდა, შუბიანად ასწია, ღონივრად დაიქნია მერე და შუბიღა რომ შერჩა ხელთ, ტყისკენ გაჭენდა, იქ კი საბალახოდ მიშვებული ცხენების ორი მოდარაჯე, თავით-ფეხამდე შეიარაღებული კამორელი ხეს ეფარებოდა და პირველი ტყვია პრუდენსიოს კი ასცდა, მაგრამ მის მიღმა, შორს, უკვე საქმეგამოლეულ როხასს მხარში ეძგერა და მოკუნტა, მეორე კამორელის ტყვიამ კი - საოცარია - იგივ როხასის ცხენი წააქცია და დაჭრილ მხედარს ფეხი ქვეშ მოჰყვა. გახევებულნი გასცქეროდნენ კანუდოსელები პრუდენსიოს, მიშველებას აღარ ჰქონდა აზრი, წამში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, და ერთ-ერთმა კამორელმა, ვინც იაზრა, რომ, თოფის გატენას ვეღარ მოასწრებდა და დანასაც ძნელად თუ მოახვედრებდა ამ ღვთისდამტყდარ რისხვას, იმ თავის ძმობილს მოახლოებული პრუდენსიოს დასანახად კისერში ჩასცა გრძელი, ვიწრო დანა და თავად კი, რამდენადაც შეეძლო, მომღიმარე, ხელებაწეული შეეგება და დასაძმობილებლად უღიმოდა პრუდენსიოს, იმან კი, მოქუფრულმა, კამორელის დაკრეჭილ ხახაში შუბი გაატარა და ღონივრად ჩააჭედა ხეში. ცხენები გაექვავებინათ კანუდოსელებს, მზე აცხუნებდა, საზარლად მოთბო-მოტკბოდ ორთქლდებოდა კამორელების მოწამლული, დაღვრილი სისხლი და თვალნათლივი, შემზარავი ვარდისფერი დატივტივებდა... უძრავად ეყარნენ დაჩეხილები - ძმათა გამყიდველნი, დამბეზღებლები, მომხვეჭელნი... ვეღარაფერს დააშავებდნენ აწი... ეჰ, უბედურნი, კამორაში ჩამოყალიბდნენ, შეჭმუხვნილიყვნენ კანუდოსელი ძმები... მოლოქეს ნეკა თითი წააჭრეს ფეხზე, მაინც რა იყო ამდენი სისხლი, ვეღარ ისრუტავდა გაწებილი სილა სხეულებიდან გამოცოცებულ მოყავისფრო გველს, და ისეც ჩანდა, ის მუქი გველი სილიდან ამოცოცებულიყო თითქოს და, კუდით თავისკენ უფრო და უფრო გამაძღარი, ჭრილობაში თავჩაყოფილი, გრილ სისხლს წუწნიდა, და სუქდებოდა... ნელი ნაბიჯით მოარონინებდა ტყისპირიდან ცხენს პრუდენსიო, მეორე მხრიდან, კაატინგადან, დონ დიეგოს ჯაგლაგი მოაქნევდა თავს... ჩამოქვეითდა ზე, გრძელი ქამანდი სამგან გადაჭრა... როხასის ცხენი განზე გადააჩოჩა დონ დიეგომ, ჩაიმუხლა: - მაჩვენე ერთი... ძალიან გტკივა? - ძალიან არა. - ცოტა შებრუნდი... აიი, ასე... არაფერია, გამოსულა ტყვია. - რაიმე ხომ არ იტკინეთ, მამა? - გულუბრყვილოდ იკითხა იქით მანუელო კოსტამ და ჟოაომ ერთხანს კინაღამ იფეთქა, მაგრამ გადაიფიქრა: - არა. შიგ სულში ურტყამდათ ის მწკლარტე, მოავვარდისფროდ აორთქლებული სიმყრალე... როხასს ჭრილობა გადაუხვია დონ დიეგომ, მკვდარ ცხენს გადახედა: - უცნაურია, დიდად უცნაური... - რა... - მკვახედ იკითხა ჟოაომ, - რომ არ იბრძოდი? - არა, - უშფოთველად მიუგო დონ დიეგომ, - ორად-ორი გასროლა, ორი ბრმა ტყვია და ერთი - ამას და მეორე - ამის ცხენს... უცნაურია. ვერ წამოდგები? - ფეხიც ვიღრძე ცოტა. - მაჩვენე, დაგიჭიმავ. ცხენების მოსარეკად ტყისპირისკენ გაეშურნენ გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლჲოსა. როხასს კრინტიც არ დასცდენია და, დონ დიეგომ, გაკვირვებულმა, ჰკითხა: - სულ არ გეტკინა? - რა... - ფეხი, ან მხარი... - ეგენი არა... კისერზე მალამო წამისვი რა, ერთი... - კისერზე რაღა დაგემართა... - განცვიფრდა დონ დიეგო. - რა ვიცი, აი... ნაკბილარებიდან სისხლი სდიოდა. - რაა... ეს რაღაა... - რა ვიცი, ვიღაცამ მიკბინა მგონი... - რა ქნა? - მიკბინა. აქ დონ დიეგოს ისეთი სიცილ-კისკისი მოაწვა, ძლივას შეიმაგრა თავი, დაძაბულს სახე აუცახცახდა, მაინც შეძლო და საქმიანად იკითხა მერე: - კი მაგრამ, ყველაფერი - შენ? ძლივს იკავებდა უადგილო სიცილს, ძაან უჭირდა, მაგრამ თავად როხასმაც გაიღიმა: - რაღაც სულელივით გამოვდივარ, არა? - არა, არა, კაცო, რატომ... - საგანგებოდ შეჭმუხვნილი სახე გაებადრა დონ დიეგოს და კინაღამ მხარზე დაჰკრა ხელი, - ისე კი, რა დააშავე მაინც ამისთანა ჩვენში... ქამანდები დაეჭრათ მოღრუბლულ კანუდოსელებს, კამორელთა ცხენებზე კამორელთა თოფებს და ტყვიის ყუთებს ამაგრებდნენ *** „სუფთად მუშაობს, - აღნიშნა შორს, კამორაში, პორფირიომ. - რაც მართალია, მართალია, და სუფთად მუშაობს“. და მაშინვე დაეთანხმა ლოყებჩამოკიდებული არტემიო ვასკეს - „ნაღდად მუშაობს, მშვიდობის საათები გაგგრძელებოდეთ, აუგს ვერ ვიტყვი, გამოზომილად, სუფთად მუშაობს“. „ბრავო, ბრავისსიმო, მარცხენა ხელო“, - შესძახა პოლკოვნიკმა და ამჯერად ერთ-ერთ გენერალს მიაპყრო გამომცდელი თვალი, ხოლო გრანდჰალლეს ცაციაობისა გამო მის მარცხენა ხელად აღიარებული მიჩინიო უზარმაზარ, რკინის რიკულებიან გალიაში იდგა, გრძელი შოლტით ხელში და პირისპირ შეყრილ ექვს დედიშობილა ჟაგუნსოს რასაც უნდოდა, იმას აკეთებინებდა. თუმც გარკვეული სიძნელეები, როგორც ყოველ საქმეს, ამასაც ახლდა - გაფითრებული, თმააშლილი, ალესილკბილებდაღრჭენილი, ჟაგუნსოები დროდადრო აფეთქებული სიძულვილით მკვეთრად გაიწევდნენ მისკენ, მიჩინიო კი ხან გრძელი შოლტის ენისწვერს მეხივით მიატკაცუნებდა რომელიმეს სახეზე და სიმწრის ცრემლებს ადენდა, ხანაც - გროშებს და უმ ხორცს სამოწყალოდ უგდებდა ფერხთით. გალიის ირგვლივ კი ზედა ქალაქის რჩეულ მამაკაცთა მთელი ნაღები სეირის ჭვრეტად შეკრებილიყო - ხნიერთა დასის უხუცესი პორფირიო და დიდვაჭარი არტემიო ვასკეს, გენერალი ხორხე და დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, ლამაზგენერალი და გამჭრიახი ადმირალი ციცკა, ყელშეფუთვნილი კარის ტენორი ეზეკიელ ლუნა, საჩუქართსაქმისმწარმოებელი შიშველი ანისეტო და დიდი მარშალის პირადი აღმსრულებელი უძვლო კადიმა, გასაიდუმლოებული მექისე ლეიტენანტი ალფრედო ევია და ყოვლად გამომზეურებული ყალმის დიდოსტატი გრეგ რიკიო, სრულიად კამორას მთავარ შემმოწმებლად აღზევებული ყოფილი ჯიბის ქურდი პედრო კარდენასი და ბრჭყვიალა პოლკოვნიკი გრანდჰალლე სეზარ, ხოლო ძვირფასი შენობის საიდუმლო ფარდის ერთ-ერთი ამოქარგული თვალიდან თვით გრანდისსიმოჰალლე - სამფეროვანი ქალაქის კლაკნილ გზაზე სწორუპოვარი წარმმართველი, დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური იჭვრიტებოდა. შუა ქალაქიდან კი მხოლოდ ორნი ამოეყვანათ, ისინიც - საჭიროებისდაგამო: მიჩინიოს რაიმე გაუთვალისწინებელი რომ შემთხვეოდა, ოთო-ექიმიც იქავე იდგა, და განუყრელი თანაშემწე - ყმაწვილი მგზავრი დომენიკო, მალამოებიანი ჩანთით ხელში, ახლდა. თუმც მიჩინიოს სამალამო არა სჭირდა-რა, სუფთად მუშაობდა - მრისხანე მზერით წამოწოლა უბრძანა ერთ-ერთ ჟაგუნსოს, და იმანაც ღრენა-ღრენით ჩაიჩოქა და გროშიანიც რომ დაეცა იქვე, გულდაღმა დაწვა, ოღონდ ისევ შემართული ჰქონდა თავი, დაჭიმულ ყელზე დიდი ძარღვები შეოკებული რისხვით ებერებოდა. მერე მეორეც, გააწვინა მიჩინიომ, მესამე - კარგა მაგრად გაუჯიუტდა, მაგრამ ლოყაზე ლურჯად დაემჩნა შოლტის ნაკვალევი და მეოთხე ჟაგუნსო, ამის შემყურე, თავისით დაწვა, „სუფთად მუშაობს, ბარაქალა“, აღნიშნა პედრო კარდენასმა და ლამაზ-გენერალიც იქვე დაეთანხმა - „დიდებულია“. ხოლო ექვს, გვერდიგვერდ გაწოლილ ჟაგუნსოზე ბოლოს თავად მიჩინიო წამოწვა, შოლტი მოისროლა, თითქოსდა უიარაღოდ გახლდათ, მაგრამ ყველამ იცოდა სახელოში დანები რომ ჰქონდა შემალული; ჟაგუნსოთა კისერზე სიგრძივ მოკალათდა მიჩინიო, ზოგს მუხლი დააჭირა თავზე, სხვას - იდაყვი და წვივი, და ყოველ მათგანს ხახაში რომ შესჩარა ხორცი, პირქვე ჩაემხო ყველა და ისე იღეჭებოდნენ, მოსეირეებმა ზომიერი ტაში შემოჰკრეს, მიჩინიომ კი, საზარლად მომღიმარემ, გაფითრებული დომენიკო გამოარჩია გალიის ირგვლივ შემოჯარულ ხალხში, ყელზე მოისვა სასტიკი ხელი, და გაოგნებულს, ავი ღიმილით, ხმადაბლა დაემუქრა: „სულ ბოლოს ჩემი გახდები, ბიჭი...“ საღამოვდებოდა, ბინდით იჟღინთებოდა კანუდოსი და, გახევებულ მომლოდინეთ, როგორც იქნა, იმ მძიმედ ჩამოწოლილ სიჩუმეში შორეული, წყნარი გუგუნი შემოესმათ თითქოს, მერე და მერე, უცხოდ ნაღვლიანი ბინდის მოძალებასთან ერთად, ის მოგუდული ხმაურიც გამკაფიოვნდა, მთლად ჩამობნელდა, მთვარით განათდა მიდამო მერე, დამხვდურებს თოფებითა და ტყვია-წამლით დატვირთული აუარება ცხენი რომ მიაყენეს უცნაურად დადარდიანებულმა კანუდოსელებმა, უმაშხალებოდაც კარგად მოჩანდა იმათი სახეები. მთვარე იყო ისეთი დაბალი და სავსე... ძალიან მძიმედ, უჩვეულოდ ჩამოქვეითდნენ, როხასს ცხენიდან გადმოსვლაში მიეხმარა დონ დიეგო... დაღონებული, განზე მზირალი ქმრის ხელებს თვალს ვერ აშორებდა შეძრწუნებული მარიამი, თუმც დიდ მწყემსს სისხლის ნასახიც არა ეცხო რა... რაღაცნაირად დაუდევრად, ბლანტედ იდგნენ დაბრუნებულნი, მხრებჩამოყრილებს, ჩაფიქრებულებს, მთვარის შუქზეც კი ემჩნეოდათ ის უპირველესი ჭმუნვა, და მღრღნელი სევდა, თანდათანობით იქუფრებოდა მათი შემყურე მენდეს მასიელი, ერთადერთი დონ დიეგო გამოიყურებოდა ძველებურად ცოცხლად - ქუდი მოიხადა, კოხტად მოინიავა, თქვა კიდევაც: „დავიღალე, ჰეჰ“, სხვები კი დუმდნენ, აღარ იცოდნენ რა ეთქვათ, რა ექნათ, ან სად წაეღოთ იმდღევანდელი ამაზრზენი ჯაფით მოქანცული ხელები... მანუელასკენ გახედვას ვერცა ბედავდა მანუელო კოსტა; ინოსენსიომ, თავჩაღუნულმა, უშნოდ მოინაცვლა ფეხი, მაგრამ სხვათაგან განსხვავებით, ცხენზე ჯიუტად გაქვავებულიყო კვლავაც ამხედრებული პრუდენსიო, ამაყად შეემართა თავი. ხეს მიყრდნობოდა ქანცგაწყვეტილი როხასი. მლაშე ტკივილი სამგან ლოღნიდა... ვეღარ გაძლო ზემ, გაუბედავად წარსდგა ფეხი, მარიამს მიუახლოვდა და თუმცა სხვათა წინაშე ცოლთან გამოლაპარაკებისაც კი ერიდებოდა, ახლა უღონოდ ასწია ხელი, მარიამის მხარზე დაედო უნდა, ყველა, ყველანი მიჩერებოდნენ გარდა მზერაარიდებული მარიამისა და ზეს კი უცებ ჩამოუვარდა ხელი - სირცხვილისა არ იყო ეს, სულ სხვა რამისა გახლდათ, და უილაჯოდ დაბნეულს, ზურგსუკან მდგარი მენდეს მასიელის რისხვით აღვსილი ხმა შემოესმა: - დაადე ხელი. დამორჩილდა ზე. მობრუნებულებს უახლოვდებოდა კონსელეირო, მტკიცედ ადგამდა ნელ, მუქარით დატენილ ნაბიჯს, და პირველსავეს თვალებში წყრომით ჩააცქერდა. - იქ, სერტანაში, ხომ ყველაფერს ვითმენდით, გრეგორიო. - დიახ. - როგორ გგონია, რატომ? - სხვის მიწაზე ვცხოვრობდით, კონსელეირო... ფესვი არ გვქონდა... სამი ნაბიჯი გადადგა მენდეს მასიელმა. - ეს კანუდოსი ჩვენამდე ხომ არავისი მიწა არ იყო, სენობიო? - არა. - ხომ ჩვენივე ხელით, საკუთარი ხელით ავიშენეთ ჩვენი სამშობლო. - კი. ხეს მიყუდებულს მიუახლოვდა მენდეს მასიელი, წელში გაიმართა ვაკეირო. - ხომ გვქონდა, როხას, ამის უფლება! - დიახ. - და წინასწარ მაინც ხომ ვიცოდით, თავს რომ არ გაგვანებებდნენ. - დიახ, ვიცოდით. - ტბიან სოფლელებმა, საკუთარი მიწა დატოვეთ. ბევრად ვრცელი და ნოყიერი. არ დაგენანათ? - არა. - არც დღეის შემდეგ დაგენანებათ? - არა, კონსელეირო, არა. - იქ ხომ გყოფნიდათ ყველაფერი. ის მადლიანი მიწა დატოვეთ და აქ, განსაცდელში ჩაიგდეთ თავი. გააგებინეთ ამათაც - რატომ... - მოეხსენებათ. ორი ნაბიჯი წარსდგა კონსელეირომ, თავჩაქინდრულ მწყემსს ნიკაპქვეშ ამოსდო ხელი, თავი აუწია: - დაგვიშავებია იქ, სერტანაში, ინოსენსიო, იმათთვის რამე? - არა. - შენ როგორ ფიქრობ, პრუდენსიო, რაღად მოგვდევდნენ. - ეს დღე უნდოდათ. - და უარესიც ხომ არ ეკუთვნით, პრუდენსიო? - გაცილებით უარესი, კონსელეირო. ესენი წვრილი ნაძირალები იყვნენ. კუშტად მზირალ მწყემსს შეაცქერდა მენდეს მასიელი: - ძალიან ნანობ, ჟოაო, ადამიანი რომ შემოგაკვდა? - ვინ? - კამორელები რომ შემოგაკვდნენ. - თავიდან ცოტა ვინანე, ჩემი სისუსტით, - თქვა ჟოაომ და მერე თვალებში შეხედა, - მაგრამ ეგება იმათთვისაც უკეთესი იყო... - რა... - ჩვენი წყალობით, ვეღარაფერს დააშავებენ. სულს უფრო მეტად ვეღარ დაიმძიმებენ აწი. ესიამოვნა მენდეს მასიელს ჟოაოს სიტყვა. ხალხს მიუბრუნდა მერე, ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა: - ბევრს ვერაფერს გეტყვით, ყველამ ვიცით, რომ ბოლოს მაინც დაგვამარცხებენ. და ისიც მშვენივრად ვიცით, ისედაც რომ დამთავრდება, როცა იქნება დედამიწაზე ჩვენი სიცოცხლე - უიმათოდაც. შორით მოსულნი, უფრო შორს წავალთ, და მხოლოდ ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეში, ვიცოცხლოთ ერთხელ, კაცურად, ძმებო, ვიცოცხლოთ უნდა. სხვის მიწაზე მშვიდად მიცვალებას, საკუთარი ხელით ანაგები სამშობლოსათვის დაცემა გვიჯობს - საამაყო... სიხარულია... თავად დაგვესხნენ, თავად წამოიწყეს, არავის მოკვლა ჩვენ არა გვსურდა, მოგეხსენებათ, ძმებო. და სხვა გზა არა გვაქვს - უნდა დავუხვდეთ, თქვენი იქ წასვლაც დახვედრა იყო. რა გვექნა, აბა - იმათ ჩვენ ვეღარ გადმოვაგვარებდით, ასე რომ, ძმებო, სანამდეც შევძლებთ, იქამდე დავიცვათ ჩვენი სამშობლო. და დააყოლა: - უსინანულოდ. გამართულიყვნენ კანუდოსელები, ამაყებს, მოხდენილებს, თავისუფლების ეშხი ემოსათ. თავი გადახარა მარიამმა, მხარზე შეყინულ ხელს ნაზად ჩამოადო ლოყა. დატვირთული ცხენებიდან თოფები და ტყვიაწამალი ჩამოხსნეს ვაკეიროებმა. მიხრა-მოხრაში ძველებური შემართება ეტყობოდათ, ჩამოქვეითდა პრუდენსიო, ხმადაბლა გაიკითხა ბავშვის ამბავი. - როგორ მოიარეთ... - მშვიდად წარმოთქვა მენდეს მასიელმა. - კონსელეირო, კარგად, - წამსვე გაეპასუხა დონ დიეგო, - მშვენივრად აღასრულეს... - შენ რა, იბრძოდი?! - ჩაიბუზღუნა ჟოაომ, მაგრამ დონ დიეგოს აინუნშიაც არ ჩაუგდია მისი ნათქვამი, სხაპასხუპით განაგრძობდა: - მშვენივრად აღასრულეს ყოველივე, თუმც მე, როგორც დაგპირდით, თითიც არ გამინძრევია. ორასი ცხენი წამოვდენეთ, და იარაღიც გამოვიძღვანიეთ. სხვა არაფრისთვის დაგვიკარებია თითი, უი, ჰო, მართლა, ფათერაკი შეგვემთხვა ოთხი, - ხმა გაუცელქდა, - ოთხი მცირე რამ უსიამოვნება შეგვამთხვიეს, კონსელეირო, მხოლოდ. - ისევ ამჩატდა, ძლივს იკავებდა სიცილს, - ცხენი მოგვიკლეს ერთი - როხასს, ფეხი გვაღრძობინეს ცალი - როხასს, მხარში გვაძგერეს ერთი ტყვია - როხასს, და ერთხელაც გვიკბინეს, ოღონდ კისერზე - ისევ და ისევ როხასს, უცნაურია, არა? თავჩაქინდრული როხასი დამნაშავესავით, უილაჯოდ იღიმებოდა. ანთებული მაშხალები გამოიტანეს, როხასს ფაქიზად მობანეს ჭრილობა. ხის ძირას დასვეს, ნაღრძობი ფეხი ცივ წყალში ჩაადებინეს, მთელ კანუდოსში ყველაზე კარგი, ჩითის ზოლებიანი კაბა მოარბენინა ინოსენსიოს მარჯვე ცოლმა და კოხტად დაფხრიწა, ჭრილობა რომ გადაეხვიათ, თუმცა ასეთ დიდ ყურადღებას სიკვდილი ერჩია როხასს, მორიდებულ მწყემსს. მხნედ, გამართულნი დააბიჯებდნენ კანუდოსელები, „პუმპურიკ, რამე ხომ არ იტკინე?“ - ჟოაო აბადოს მიაჩურჩულა ცოლმა და იმან კი განზე გაიწია, კონსელეიროსკენ დაადო თავი - იმის გვერდით მდგარს, რაღა თქმა უნდა, ვეღარავინ შეაწუხებდა, მაგრამ იქაც კი შეშფოთება ელოდა ერთი... მენდეს მასიელმა ბრძანა: - მანუელო, მოდი. დიდად აღელვებული წარუდგა კონსელეიროს მხიარული მწყემსი. - მანუელა, შენც. თავჩაღუნული, მაგრამ აჰ, რა სწრაფად მიაბიჯებდა ფეხშიშველა კონსესიონი. გული შეეკუმშა ჟოაოს. - მდინარის პირას დაგაქორწინებთ, მეჯვარეებად... შენ იქნები, ინოსენსიო, და პრუდენსიო, შენ, ზე, არ გეწყინოს - ისედაც კარგი ძმაბიჭები ხართ. აქ კი ჟოაომ უკანასკნელად გაიბრძოლა. - ინოსენსიო და პრუდენსიო არ შეიძლება. - რატომ... - გაუკვირდა მენდეს მასიელს. - ორივე ნსიო-ზე მთავრდება. - ეგ არაფერი, - გაეღიმა კონსელეიროს, - ჩემი ქოხიდან სანთლებია მოსატანი. ყველა მუდარით შეაცქერდა, ყველას უნდოდა მისი დავალების შესრულება, სულწასულები შესცქეროდნენ, განსაკუთრებით კანუდოსში დარჩენილ მამაკაცებს უციმციმებდათ მაშხალის შუქზე მომლოდინე სახე, მაგრამ მენდეს მასიელმა ისეთი რამ თქვა, თავიდან ყურსაც არ დაუჯერეს: - შენ წახვალ და შენ მოიტან, როხას. ...და ყველა მიხვდა - კანუდოსი ძნელი ყოფილა. დონ დიეგომ კი მეორე დილით კარგა ხანს იწრიალა მენდეს მასიელის შორიახლოს, მიდგა, მოდგა და, როგორც იქნა დაუმარტოხელდა, ცას ახედა და თქვა: - რა მშვენიერი დღეა, კონსელეირო, არა? - კარგია, კი. მითხარ, რა გინდა. - კონსელეირო, - ყოყმანით წამოიწყო დონ დიეგომ, თვალებში მორიდებით შესცქეროდა, - ჩემის ღრმა რწმენით, მდინარის მოწამვლა დიდი უნამუსობა იყო. მდუმარედ შესცქეროდა მენდეს მასიელი. - კონსელეირო, რაღა თქმა უნდა, ასეთ ძლიერ საწამლავს ალბათ თავის საქმეში დიდად დახელოვნებული ოსტატი ამზადებს. ხმას არ იღებდა მენდეს მასიელი. - კონსელეირო, - ჯიუტად განაგრძობდა დონ დიეგო, - თუმც საწამლავმა მდინარეში უკვე ჩაიარა, მაინც ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით, იმ კაცის სახელოსნო რომ არ არსებობდეს. მით უმეტეს რომ, თამამად მოსალოდნელია, ისევ მოგვიწამლონ ჩვენი მდინარე, რომელიც, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, კანუდოსელთა სასმელი წყალიცაა. კრინტს არა სძრავდა მოქუფრული მენდეს მასიელი. - კონსელეირო, - გულზე მიბნეულ ძვირფას ქვასთან ხელისგული მიიდო დონ დიეგომ, - ამ ამბავმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და, თუ ნებას მომცემთ, ზუსტად ორი დღით წავალ და გავივლ-გამოვივლი ერთი, იქნება სადმე გადავაყოლო გული. წავალ. - წადი. დონ დიეგო მართლაც ზუსტად ორი დღის შემდეგ მობრუნდა, ოღონდაც გულზე ის ძვირფასი ქვა აღარ ებნია, მილეწილ-მოლეწილ ლაბორატორიაში კი დიდ გამომგონებელს - ყელგამოღადრულ, ნამდვილ გაუვარგისებულ რემიხიო დასას მძიმედანაკარგიან მარშალ ბეტანკურის საიდუმლო ბრძანებით სარჩულში ჩაკერებული ორდენები ააგლიჯეს და კამორას ფარგლებს გარეთ, გასაიდუმლოებულ ჭაში თავით გადაუძახეს. აქვე მთავრდება „კანუდოსი“-ს მეორე თავითავი მესამე
მოხუც სანტოსს განზე ღონივრად განეზიდა ხელები, დიდ ტახტზე პირქვე იწვა. ბოლო დროს ცოლ-შვილის გახსენებას ვეღარ ბედავდა, რადგან ყინულად ედებოდა დაფლეთილ სულზე მათი ხატება, ყველაზე ავი სიცივით სციოდა ანატკივარ სულში მოხუც სანტოსს. და იმ მაღალი კამორელის გახსენებისთანავე შეჩვეული ცეცხლი მოედებოდა, ჩამტვრეულ ყბაზე - უფრო, მუდამ იმისი სახე ედგა თვალწინ, ყალბი ღიმილი, ცრუ თანაგრძნობა და გამაუბედურებლის წამებისა და ტანჯვის წარმოდგენით რომ დაიქანცებოდა, ისევ უბედური ცოლ-შვილი ამოუტივტივდებოდა თვალწინ; ახლოს, ბორცვებქვეშ, სოველ მიწაში, ცოლ-შვილი სტკიოდა და, სულშეყინული, ისევ შურისგების ცეცხლს იშველიებდა. ტახტთან მიგდებულ კუნძს, რომელსაც მასიმო დაარქვა, თითებს წაუჭერდა და ახრჩობდა, გუდავდა, მუქ წრედ ემჩნეოდა ნაჯიჯგნ კუნძს ღონიერი ნათითარები, თვალები გადმოცვენამდე ებერებოდა შეძრწუნებულ კამორელს, გადალურჯებული, იმ საზარელი თვალებით იხვეწებოდა - „არა, რა, არა!“ სანტოსი კი, შურისძიებით ავარვარებული, უმოწყალო ალერსით ჩასჩურჩულებდა - „კი, მასიმო, კი“. მერე ბუხარში დიდ ცეცხლს ანთებდა კვლავაც ტახტზე პირქვემიგდებული სანტოსი, ნედლ შეშას არჩევდა, მკაფიო კვამლით რომ ახრჩოლებულიყო, და თავის ქოხის სახურავზე, ქეჩოში თითებჩავლებული მასიმოს ცხვირ-პირი ზედ საკვამურის თავზე ეჭირა, იგუდებოდა ძალისძალათი წაკუზული კამორელი, დაუნდობელი ხველა ახრჩობდა, ცრემლში აზელილი ჭვარტლით მიმოთხაპნოდა სახე, დროდადრო თითებს მოადუნებდა სანტოსი, და თვალებჩასისხლიანებული, სიმწრით ცრემლდადენილი მსხვერპლიც უხმოდ აბღავლებული ვედრებით მიჩერებოდა - „არა, რა, არა!“ მოხუცი სანტოსი კი ისევ ისე ჯიუტად, ისე ერთგულად ჩასჩურჩულებდა - „კი, მასიმო, კი“, და დაბინდულ საკვამურში ისევ ჩაარგვევინებდა თავს. ჩვენს მასიმოს კი, სწორედ ამ დროს, თავის ქალაქში, კამორაში, ერთი დარდიღა ჰქონდა - წვერის პარსვისას ლოყაზე მცირე რამ განაკაწრი, და სანაქებო მალამოთი გაჟღენთილი ბამბა მიედო სათუთად გაპარსულ ლოყაზე, დროდადრო თითებს მოიცილებდა და დიდის ყურადღებით ითვალიერებდა იმ მცირე ნაკაწრს, მეორე ლოყას კი წრფელი ალერსით ეფერებოდა - რა ექნა აბა, მართლა ძაან უყვარდა საკუთარი თავი, მაგრამ ზიანმიყენებული ღაწვის საბოლოოდ მოშუშება - ბედი არ გინდა? - ვეღარ დასცალდა, რადგან საგანგებო შემთხვევისა გამო მოკრძალებული მაცნეს პირით დამსჯელი რაზმის, კეთილ-გენერალ რამოსთან სასწრაფოდ იხმეს. მოსაცდელში, სხვა რჩეულ დამსჯელებთან ერთად ხუთიოდ საათს მაინც მოუწია ყურყუტმა. მაგრამ კეთილ-გენერლის ბრალი არ იყო ეს - ისიც, სხვა გენერლების ხან მხარდამხარ და ხანაც საპირისპიროდ, პოლკოვნიკ ფედერიკო სეზარის ძვირფასად გაწყობილ მისაღებ ოთახში ნერვიულ ბოლთას სცემდა, პოლკოვნიკი კი უუძვირფასეს კაბინეტში, თავად გრანდისსიმოჰალლეს წინაშე დიდის გულმოდგინებით გაჯგიმულიყო და კუთხეში მოკუნტულ კაპრალ ელიოდოროსთან ერთად საყურადღებო ამონათქვამს მღელვარებით შეპყრობილი ელოდებოდა. - ხომ არაფერი გაგიგია, ჩემო პოლკოვნიკო? - იკითხა მარშალმა ბეტანკურმა, გაფითრებოდა სახე. - როდის, გრანდ... მაგრამ მარშალმა გააწყვეტინა: - ჩემო კაპრალო, არც შენ? - არა, გრანდისსიმოჰალლე. შუა ოთახში გრძელი სკივრი იდგა, ბეტანკურმა თითით იხმო ელიოდორო. - ჩემო კაპრალო, თავი ახადე და შიგ მოთავსდი. როცა დაგიკაკუნებ, სახურავი ასწიე და ყური დამიგდე. ჩქარა. - ორსავ ყურით გისმენთ, გრანდისს... - ჩაძვერი-მეთქი, ბრიყვო! სკივრი რომ დაიხურა, მარშალმა სამიოდ ნაბიჯი გადადგა, მერე ცერად გამოხედა პოლკოვნიკ სეზარს, გააჟრჟოლა და თავით-ფეხამდე ბუსუსებაშლილ სეზარსაც ასე უთხრა: - მთელი ბრიგადა თურმე დახოცილი ყრია. - რა ბრიგადა... გრანდ... - შენი ცოლისძმა ნავოლესი. - ვეღარაფრის თქმას ახერხებდა პოლკონიკი, სიტყვა-პასუხში ფრიად ალღოიანს, ამჯერად ორი ზედიზედ მიხლილი მოულოდნელობა ბორკავდა, ხელს უშლიდა: ერთი - ბრიგადა!.. მეორე - „იცის, სცოდნია, ყველაფერი იცის!..“ და სისულელე წამოროშა: - ნამდვილად იცით, გრანდისსიმოჰალლე? და თუმცა მაშინვე ენაზე იკბინა, გვიანღა იყო - მოკუნტულს, დამცინავად გადმოხედა ედმონდო ბეტანკურმა: - შენი და სუზზის ამბავი, პოლკოვნიკო? თავი ჩაღუნა, ძლივს ამოღერღა: - ბრიგადის ამბავი, გრანდისს... - კი. და ფარდას მიუახლოვდა დიდი მარშალი, გადაიხარა, ეზო-კარს სჭვრეტდა. წელში გასწორდა, მძიმედ შემობრუნდა მერე: - დახოცილები ზედ კაატინგასთან ყრიან. როგორ გგონია, რა ოხრობიდან და ჯანდაბიდან გამოტყვრებოდნენ ის მათხოვრები? - ეგებ ძალიან შორიდან მოუარეს, გრანდ... - არა. კლდეებიდან ვერ გამოვიდოდნენ, იქით კი მხოლოდ ველია და ორასი კაციდან რომელიმე მაინც შეამჩნევდა. თანაც, დღისით უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. ღამით ერთი კაცი მაინც დაუსხლტებოდათ. უტვინოები - საცვლებისამარანი გდიან. - ეგებ გახადეს, ჩემო მარშა... - არა. თითი არაფრისთვის დაუკარებიათ, ცხენებისა და თოფ-იარაღის გარდა, მაგრამ არვისთან დაგცდეს. - ვისთან უნდა დამცდეს, გრანდის... - ძალიან კარგი. თორემ კადიმასთან შეგდებას, რაღა თქმა უნდა, სუზზისთან ყოფნა სჯობია. არა? მიპასუხე. - დიახ. - როგორ გგონია, - თქვა ბეტანკურმა, ოთახში დინჯად გაიარ-გამოიარა, - როგორ გამოსცდებოდნენ კაატინგას... - ეგებ ზემოდან გადმოახტნენ როგორმე... ჭოკით. - ვერ გაბედავდნენ. თანაც, ჩემო ასკეტო პოლკოვნიკო, თოფით არავინაა მკვდარი... - აბა? - სულ შუბებით და ხმლებით. - რა ველურობაა, აჰ... - და ცხენებით იქნებოდნენ ალბათ. ასე რომ არა, ჩვენთაგანები იარაღის კარვამდე მიაღწევდნენ და, მოგეხსენება, პოლკოვნიკო, შუბითა და ხმლით შეიარაღებულ ბრბოს მუდამ აჯობებს თოფიანი ბრიგადა. არაა ასე? - ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენი პირით, დიდო მარშალო. - ხოლო ცხენს, რაგინდ მარჯვე იყოს, ჭოკით მაინც ვერ გადაახტუნებ. არა? თავი ჩაღუნა დარცხვენილმა პოლკოვნიკმა. დიდი მარშალი აგდებული ღიმილით ათვალიერებდა ერთხანს, მერე სკივრთან მივიდა, დააკაკუნა და წამსვე ამოჰყო თავი ელიოდორომ: - გისმენთ, გრანდ... - ხომ არ გესმოდა ჩვენი საუბარი? - არა, აჰ... ისე ბნელოდა, გრანდისს... - როგორ გგონია, იმ გარეწარმა რანაირად გამოგიყვანა. - კარგა ხანს ფეხით მოვდიოდით, გრანდისსიმოჰალლე. გზა სრულებით ვერ დავიმახსოვრე, რადგან თვალები ახვეული მქონდა, მაგრამაც მერე, დიდი მარშალო, დიდხანს ვხოხავდით - საიდუმლო ხვრელი აქვთ ნამდვილად, გრან... - კარგი, ჩაძვერი. დახურულ სკივრზე ჩამოჯდა დიდი მარშალი. დაფიქრებული, ხმადაბლა მსჯელობდა: - იმ მათხოვრებმა მთელი ბრიგადა ამომიჟლიტეს... აქამდე მხოლოდ თორმეტი ცხენი ჰყავდათ, ისინიც - ჩვენი... ორას ერთმა ხეპრემ იმოდენა ხვრელი, ცხენიც კი რომ გამოეტია, ვერ იპოვა... თორმეტმა მაწანწალამ სანაქებოდ გაწვრთნილი ბრიგადა დამიხოცა. რანაირად, როგორ... მკაცრად შესცქეროდა მობუზულ პოლკოვნიკს, ხმა აიმაღლა: - ახლა ორასი თოფი და ცხენი დაემატათ, უწესიერესო. აღზრდილ-გაწვრთნილი ხალხის დაკარგვა სულაც არ მეპიტნავება. სამათასიანი კორპუსი უნდა მოვამზადოთ, პოლკოვნიკო. იმ გლახაკებს აქამდეც ნაკუწ-ნაკუწ აქნას რომ ვუპირებდი, იცი, ახლა რაღა ვუყოთ! - სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, გრანდისსიმოჰალლე, - და გახალისდა, - მოვიფიქრებ რაიმეს, ჭეშმარიტად თქვენს მოსაწონარს. - გენერალთაგან, ვის დავავალოთ? მცირე ხნით თვალები ჭერისკენ აღაპყრო პოლკოვნიკმა, და მოიფიქრა: - გენერალ ხორხეს გაგზავნა აჯობებს, გრანდ... - სწორი ხარ. და კეთილ-გენერალ რამოსის - არა? ოდნავ შეყოვნდა ბრჭყვიალა პოლკოვნიკი: - მე მგონი... არა. დამსჯელი რაზმი, მაინც, როგორღაც... მუდამ აქ უნდა გვყავდეს. - ვინიცობაა, რამე იყოს, არა? ერთი სიკვდილი გაათავა პოლკოვნიკმა სეზარმა, ძლივას წარმოთქვა: - დიახ. - ყოჩაღ, ფედერიკო. როცა საჭიროება მოითხოვს, პირში მთქმელიც ხარ. ქუსლი ქუსლს მარჯვედ მიარტყა ნასიამოვნებმა პოლკოვნიკმა, ხალისიანად გაიჭიმა. სკივრიდან მძიმედ წამოდგა მოკლეხელება დიდი მარშალი, საიდუმლო უჯრიდან ძვირფასი სურა გამოიღო, უუძვირფასეს ჭიქას ავსებდა, თანაც, თვალს არ აშორებდა პოლკოვნიკ სეზარს. გულისპირში ჩაიყო ხელი, მაშინვე მწარედ გააჟრიალა; ჩხირი გაერჭო კბილებშუა, აელვარებულ ჭიქისკენ გადახრილი, პოლკოვნიკისკენ თვალებაპყრობილი, ავად აჟრიალებული, იმ მუქტკბილ სითხეს ისე სასტიკად იწოვდა, გულ-ღვიძლი ეცლებოდა შიგანიდან პოლკოვნიკ სეზარს. და, როგორც იქნა და ფსკერამდე რომ ამოწოვა, გულის ჯიბეში ღრმად შეინახა ჩხირი: - როგორ გგონია, ეყოფათ ოხრებს ერთი გენერლის კორპუსი? - კი, როგორ არა... - კი, როგორ არა!! - გამოაჯავრა დიდად განრისხებულმა გრანდისსიმოჰალლემ, - ჯერ ის იყო და, იმ თორმეტ კაცს ოცდაათი ცხენოსანი ხომ ამყოფინე? მერე იყო და, ორასკაციანი ბრიგადა გულარხეინად გააგზავნე და ახლა კი, ისევ და ისევ როგორარაებს იძახი, არა? კბილებში გადასაჭრელი ხარ, ბრიყვო... - სისულელით წამომცდა, მაპატიეთ, გრანდისსიმოჰალლე... ზუსტად არ ვიცი იმათი რიცხვი... მძიმედ წამოდგა მარშალი ბეტანკური, სკივრზე იმ უძვირფასესი ჭიქით დააკაკუნა. მყისვე აიწია სახურავი: - გისმენთ, გრანდ... - რამდენნი იყვნენ, როგორ გგონია?.. - კაცები, ასე... შვიდას-ხუთასი... - ათას ორასი? - არა, შვიდასი. - ქალები, ბავშვები, მოხუცები, ბრიყვო? - ეგენიც ეგრე, მაგდენივენი იქნებოდნენ, გრან... - როგორ გაგკოჭეს მაინც, შე ბოთე... - თხუთმეტნი იყვნენ, გრან... - აჰა, რამდენი, ჩემო კაპრალო? - შვიდნი მაინც იქნებოდნენ, სულ კბილებამდე... - კარგი, ჩაძვერი. ყური დამიგდე, ჩემო პოლკოვნიკო, სკივრზე ჩამოჯექ, და ისე, - თქვა ბეტანკურმა, დაიხარა და, დამჯდარს, ყურთან მიუახლოვა სახე, გაფაციცებულს, ხმადაბლა უთხრა: - სამი ჩამოსაწერი თანამშრომელი შეარჩიე თანამშრომლებიდან, ძაან ალესილი სამართებლები გაატანე და დაავალე, დახოცილ ბრიგადელებს რაც ადვილად მოსაჭრელია, მოჭრან - ცხვირი, ყური, და რამე. თვალებიც დათხარონ - მაინც აღარაფერი ეტკინებათ, და ჯიბეებიც გაუსუფთაონ და ამოუტრიალონ. მერე მობრუნდნენ, პირდაპირ შენთან, ოღონდ შორი გზა მოიარონ, ჩემს გაგზავნილ ურმებს რომ არ შეხვდნენ. როგორც კი შენთან შემოვლენ, დასაძმადნაფიცებო თასი შეასვი, ის მწვანე სითხე, მე რომ გაჩუქე, ალბათ კიდევ გაქვს. - დიახ, გრანდ... - ჩემო პოლკოვნიკო, ეს მათხოვარი მწყემსები სამაგალითო სიკვდილით რომ დაისაჯონ, ჩვენი ხალხი, დიდი კამორა, ძლიერ უნდა შევაგულიანოთ. - და დააყოლა: - არაფერი მითქვამს. შენ შენი ჭკუით უნდა მოიქცე, ბავშვი აღარ ხარ. წადი ახლა და, გრეგ რიკიოს მიხმე. - ვის, გრანდისსიმოჰალლე? - გაოცდა პოლკოვნიკი სეზარ. - მშვენივრად გაიგე, წადი. *** საბრალო მგზავრი... ყმაწვილი მგზავრი... „ხომ ჩქარა მოხვალთ, ოთო-ძია?“ „კი, დომენიკო“. „ჩქარა დაბრუნდით, რა, ოთო-ძია...“ „ხელათ მოვირბენ“. „მე... მაპატიეთ რომ ვეღარ დაგყვებით, - თვალი აარიდა დომენიკომ, ძირს დაიხედა, - მაგრამ ქუჩაში, გარეთ... არ შემიძლია“. „ეგ არაფერი, დომენიკო, ეგ არაფერი, - უთხრა ექიმმა, - შინ ყოფნას რა სჯობს“. „ოთო-ექიმო, - ძლივას ახედა, ღელავდა, წვალობდა, პერანგის ღილი შერჩა ხელთ, - ერთი თხოვნა მაქვს“. „მითხარი, ბიჭი...“ „უხერხულია“. „რა, დომენიკო“. „ღვინო მომინდა“. „მაგას რა უნდა, - თქვა ექიმმა და მიუახლოვდა, ჩაქინდრულ თავზე ხელი დაადო, ხმადაბლა, თანაგრძნობით დაეკითხა: ღვინო მოგინდა?“ „დიახ. მაპატიეთ, რომ... თქვენ ექიმი ხართ, ღვინო ცუდია და... თქვენ რომ ამას გთხოვთ“. „რას ამბობ, ბიჭი, ძალიანაც კარგი, - გაუღიმა ოთო-ექიმმა, - შენ ღვინო კი არა, თრობა მოგინდა და თრობაზე უფრო, რაღაცნაირად, თავდავიწყება და გამოთიშვა, არა?“ „დიახ, - გახარებულმა შეხედა დომენიკომ და იქვე მოიწყინა, - ოღონდ მოწამლული რომ შემოგაპარონ...“ „რა უნდა შემომაპარონ, რას ამბობ, - გაიკვირვა ოთო-ექიმმა, - აგერ, აქვე მაქვს, სარდაფში, ავადმყოფმა მომცა“. „და ალბათ... მართლა სანდოა, არა?“ „აბა რა, ბიჭი, ავადმყოფი ცუდ ღვინოს არასოდეს მოგცემს... მადლიერია, თანაც სჭირდები“. ისევ შეწუხდა ყმაწვილი მგზავრი, დამორცხვებულმა, თვალი აარიდა: „ოღონდ... ძალიანა გთხოვთ, ოთო-ექიმო, - სირცხვილით იწვოდა - თქვენ ამოიტანეთ... რა. სარდაფში... ვერ ჩავალ. იქ გრილა... ბნელა“. „მე ჩავალ, აბა რა, აბა არა, ბიჭი, მაგას რაღა თქმა უნდა, - შეეშველა ოთო-ექიმი, - შენ, ჯერ ეს ერთი, მაინც ვერ მიაგნებ და...“ „ძალიანა გთხოვთ“. ოთახში იდგა, ხელებჩამოყრილი, უმწეოდ აფორიაქებული. ღვინო მოუნდა, ღვინო უნდოდა, და დრო რომ არ გასცდენოდა, კარადიდან ჭიქა გამოიღო, დაბალი, განიერი, წასახემსებელიც მოიმზადა - პურს ყუა წაატეხა, მცირე ნაჭერი ჩამოათალა ყველს და უცებ, ერთბაშად, ხელიდან გააგდო დანა - იმის თვალები გაახსენდა, მიჩინიოსი... და კისრის ზომა. ფარდას ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით მიუახლოვდა, გაიჭვრიტა და - არავინ იყო, მაგრამ ხმაურზე ელდა ეცა, შემობრუნდა და გულზე მოეშვა - ზღურბლზე შეჩერებულიყო უხერხულად მომღიმარე ექიმი, ორივე ხელში დოქი ეჭირა, ის კარი, ალბათ, ფეხით შემოაღო, ცოტათი მაგრად მოუვიდა და... „აჰა, დომენიკო, - დოქები მაგიდაზე დადგა, - ისიამოვნე, შეექეცი, როგორც გენებოს, მე ავადმყოფთან წავალ... იცოდე, გარედან ჩაგკეტავ, ნასვამს, გასეირნება რომ არ მოგინდეს“. „კარგი, ოთო-ძია“. ჭიქა შეივსო, ექიმისა მაინც ერიდებოდა და გვერდულად დადგა, პირველი ყლუპი... რაღაცა სითბო, გამჟღენთავი, თითქოსდა - მადლი, არადა - უნდო... ყელი მოეწკურა, გაკვირდა, კბილებშუა ისრუტავდა აბჟუტებულ სითბოს... ჭიქა ჩამოდგა, ისევ შეივსო, ცოტათი მაგიდაზე გადაეღვარა, ოთო-ძიას გახედა - ის არც უყურებდა, იმ თავის ჩანთაში წამლებს ალაგებდა. კვლავ მიიყუდა და მეორე ჭიქა ისე ძალიან აღარ გაკვირვებია - ნაცნობს შემოხვდა ცრიატა გზაზე, სასიამოვნოდ ჩაეწვა ყელი... დაბინდული ქვეყნისკენ მიმავალს გამომაფხიზლებელი რული ეტაკა წამით, მხოლოდ წამით, ჯერ, რა თქმა უნდა, წინ დიდი გზა ედო, მოკლედ, ადვილად გასავლელი... ჭიქა დადგა და პურს დასწვდა მგზავრი, პირთან მიიტანა, შეჩერდა... გამართულიყო ოთო-ექიმი, ხელჩანთიანმა, ჯერ გაუღიმა შვილობილს, უცნაურად შეაცქერდა მერე: „შენ, დომენიკო...“ უჭირდა ექიმს სიტყვის ჩამოგდება, ვეღარ ამბობდა. „რა, ოთო-ძია?“ „არა, უბრალოდ... - სოველ თვალებში ნაღველმა გაჰკრა, მერე გაბედა, თითქოს მხნედ უთხრა: - დილის ქალი ხომ არ გინდა, ბიჭი?“ „ჰა! - შეკრთა დომენიკო, - რა დილის... არა, არ მინდა... არა, რათ მინდა...“ „რა ვიცი, ისე...“ „არა, არ მინდა...“ - უფრო ნელა წარმოსთქვა ახლა, როგორღაც ყალბად გამოუვიდა, აწითლებულმა, სურვილმოგვრილმა, უკვე კარის სახელურს თითებშევლებულ ექიმს შეცვლილი ხმით მიაძახა: „თქვენ... რატომ მკთხეთ?“ მაშინვე მიუხვდა ოთო-ექიმი, გაუღიმა: „მამაკაცი ხარ და იმიტომ, ბიჭი“. „და... უხერხული ხომ არ... არაა?“ „არაა, არა, ანუგეშა ოთო-ექიმმა, - რომელიმეს მოგიყვან, არადა, ისე, უდილისქალოდ, მთელი ქალაქი მასხრად აგიგდებს, - და გაეხუმრა, - თუ მოგეწონა, როცა დავბრუნდები, ლაპარაკში მსხალი ახსენე, არადა - ვაშლი, - და დააყოლა, - ცოდო ხარ... ისე“. „ხომ ჩქარა მოხვალთ?“ „კი. მხოლოდ ერთგან დამიბარეს და... წავედი აბა“. ამჩატებული, ბოლთასა სცემდა. ახალი ჭიქაც რომ გამოსცალა, თითქოს ემწარა, საჩქაროდ მიიტანა პური და ყველი და საჭმლით გართულს, თან რაღაც, რაღაც სულ უხაროდა, ჰო, - დილის ქალი... ერთიც შესვა და, ტახტზე წამოწვა, კოხტად მოთავსდა, ხელები თავქვეშ ამოიდო - აჰ, დილის ქალი... მოვა მორჩილი, საქმიანი, მზადმყოფი... თან სადაური! ჰმ, კამორელი... ექნება მკერდი, ხელები, რამე... ოდნავად შემთვრალს, კამორელთა დაჯიჯგვნის უცხო, ბოროტი სურვილი ღრღნიდა, თუნდაც იმ ერთის, ვიღაცა ქალის, მობრძანდეს, ველით, მოოობრძანდეს, ვეელით, აგდებულად იმეორებდა... მოსწყურდა ყმაწვილს, მარჯვედ წამოდგა, დაისხა ერთიც... კინაღამ ფეხი შეეშალა, ფანჯრისკენ რომ მიეშურებოდა, არხეინად გადასწია ფარდა, ვიღაც თავწახრილ გამვლელ კამორელს კინაღამ ცელქად შეუძახა - ჰეეეი, ფიტ! - მაგრამ გადაიფიქრა. იმიტომ კი არა, რომ შეეშინდა, აარა - დაეზარა უბრალოდ... ფარდა ხელის ისეთი აგდებული გაქნევით დახურა კვლავაც, თითქოს ხელუკუღმა წაუთაქა და მიაყოლა: - გადი იქით, შენი... თითოც დაისხა, მაგრამ დალევა აღარ დასცალდა შეყინულღიმილიანი, სმენად გადაიქცა - დიდ კარს აღებდნენ. გააღეს კიდეც... მთლად გაიტრუნა... ნაბიჯების ხმა... ერთი - ნაცნობი... ვიღაცაც იყო... მეეორეც, ჰა-თათ! - გამხიარულდა... მაინც ღელავდა... მისი ოთახის კარიც გაიღო - მხოლოდ ექიმი! მაგრამ ექიმმა ხმადაბლა უთხრა: „აჰა, ღრიჭოდან გაიხედე... შეხედე? ხედავ?“ ჭუჭრუტანას შეეყინა დომენიკო, ის ცალი თვალი გაუფართოვდა - ქვემოთ კიბეზე, ქალი რამ იდგა, მართლა ნამდვილი, ხელშესახები... სწორედ ისეთი, ახლა რომ სურდა - ოდნავ მომსუქნო, გაიმართა და „რა, დომენიკო, - ჰკითხა ექიმმა, - ვაშლი თუ მსხალი? რა მექნა აბა, სხვები ყველანი გასულები იყვნენ...“ „მსხალი, კი, მსხალი, ძაანაც კაია, - ამაყად გაიღიმა დომენიკომ, - მსხალი, გულაბი“. „ხომ არ შეთვერი, - შეაცქერდა ოთო-ექიმი. - ა, ჩემი ბიჭი?“ „არაა, კაცო, - ხელი აიქნია დომენიკომ, - მე რას მიზამდა თოთხმეტიოდ ჭიქა“. „კარგი, მე წავალ, ჩაგკეტავ ისევ... როდის მოვიდე“. „რა ვიცი... ხვალ, ზეგ“. „მაგდებ, დომენიკო? - გულიანად გაეცინა ოთო-ძიას, თვალები კეთილად მოეჭუტა, მხრები მსუბუქად აუთამაშდა, - საღამოს მოვალ და, თუ ისევ აქ გეყოლება, გვერდით ოთახში დავიძინებ. კარგი?“ „კარქი, - ნება დართო დომენიკომ, - ოღონც რომ ამოხვალ, მე გამოვალ, თქვენ არ შემოხვიდეთ, კარქი?“, „კარგი“. კიბეს ჩაუყვა ოთო-ექიმი, ღია დატოვა კარი. მისი ფეხის ხმა ქვემოთკენ მიწყდა, სამაგივროდ, აქეთ, ზემოთკენ, სხვა ნაბიჯთა ხმა ამოიზარდა, ამოჩნდა - ქალი. მოსასხამში იყო. ძალიან ჯიქურ კი შემოვიდა - არც შეუხედავს დომენიკოსთვის, მთელ ოთახს ისე შემოუარა. პირველი წრე ძალიან აჩქარებული, სწრაფი ნაბიჯით შემოარტყა; მზერაგაციებული, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა; მეორე წრის შემოვლას კი სულ სხვანაირად შეუდგა - ნაბიჯს წარსდგამდა, რაიმე ნივთზე შეაჩერებდა მზერას, კიდობანზე, ვთქვათ, ნაბიჯსაც ოდნავ აყოვნებდა, ისევ გაეშურებოდა წინ, კვლავ ყოვნდებოდა და დაახლოებით ასე მიდიოდა: ეერთი, ორისამი, ოოოოთხი, ერთი, ორსამოთხერთოოორიი.... უცებ შეჩერდა, ძალიან მკვეთრად შემოტრიალდა და დომენიკოს ძაან თამამად, გამომწვევად მიაჩერდა და უცებ გაიკვირვა: „აჰ, ეს შენ?“ „რა?“ „როგორ ხარ, ა? ეე...“ „ვინ, მე?“ „როგორ ხარ, ეე... სულ დამავიწყდა“. „რა...“ „შენი სახელი“. „მე დომენიკო!“ „როგორ ხარ, დომენიკო, ა?“ „კარგად“. „ეს მოსასხამი მოვიხსნა თუ არა? - და მოიწყინა, - თუ არ მოგწონვარ, თუ არ მოგწონვარ, რა უჭირს, წავალ“, - და ძალიან გამოზნიქა მკერდი. „როგორ არა, კი.“ „მომეხმარები?“ - ყალბად, კეკლუცად იკითხა ქალმა და უცებ შეკრთა - ნასვამი იდგა მის წინ ყმაწვილი. „მომეცით, დავკიდებ“. „აჰ, არა, არა, რა საჭიროა, - შეშინდა ქალი, - ძალიანა გთხოვთ, ძალიანა გთხოვთ...“, „რას, ქალბატონო?“ - გაოცებისგან ლამაზ-ქალაქურ ყაიდაზე ჰკითხა. „მე ერთხელ... ასე... - ძაან დამფრთხალი კი ჩანდა ქალი, - ასე ზრდილობიანად და ვითომ დაბნეულად მპასუხობდა ერთი და უცებ ისეთი მთხლიშა... თქვენ ხომ არ... აა? ძალიანა გთხოვთ...“ „არა, როგორ გეკადრებათ, არა“. ქალი კი ფრთხილად მიუახლოვდა, თვალებში ააცქერდა და მიხვდა, დომენიკო რომ არა ტყუოდა და წამსვე გამხნევდა, გადიდგულდა, დიდის უპირატესობით ჰკითხა: „შენ, ბიჭო, ხომ არ გრცხვენია ჩემი?“ - ეჰ, ისიც დიდი ოხერი ჩანდა. „მე არა... - და თვალი აარიდა, - მე რა, რისა უნდა მრცხვენოდეს, ქურდი კი არ ვარ“. დაბნეულობამ! - სოფლელივით აალაპარაკა. „მოკლედ, ჩვენი ამბავი ასეა, - საქმიანად წამოიწყო ქალმა, თან მოსასხამი ჩამოკიდა, ტახტს მოწყვეტით დაასკდა, ალბათ სიმაგრე თუ გაუსინჯა; კოხტად წამოდგა, ფარდას გახედა, და დომენიკოს ისე შეუძახა, არც გამოუხედია, - რა კარგი ხარ, კაცო, რა კარგი, ფოსტლები არა გაქვს? ძალიან მომიჭირა, ჰო, ჩვენი საქმე ასეა: დღე - ნახევარი დრაჰკანი, დღე-ღამე - ერთი. ძალიან თუ მოვინდომებ და ძალიან გაგახარებ, ცინ-ცრიკ! - ორი. და თუ ოთხ დრაჰკანს მომცემ, როგორც დაუსტვენ, შენთან გავჩნდები მთელ ამ ერთ თვეში, ოღონდ დღეის ჩათვლით. კარგი?“ და, შეხედა და, შეცბა - დაბნეულობისგან დროებით მიყუჩებული თრობა კვლავაც შემობურვოდა დომენიკოს, იდგა, დამცინავი ღიმილით, აგდებულად შეჰყურებდა. ოღონდ ირწეოდა ფეხიდან ფეხზე, და ქალისათვის უტიფარი მზერა არ მოუშორებია, ერთიც დაისხა, მორიგიც შესვა. მძიმე, ამაყი ნაბიჯით მიუახლოვდა, ოთხი დრაჰკანი ჯიბეშივე გადათვალა, ხელში ჩასჭიდა ხელი, პეშვი ამოატრიალებინა, ფული ჩაუდო და უფრო მედიდურმა, უფრო დიდგულამ, მობუზული ქალი, საბოლოოდ ნაყიდი და დასაკუთრებული, ამპარტავნულად აათვალიერ-ჩაათვალიერა. შეშინებული ამოჰყურებდა დილის ქალი, მერე დრაჰკანები მაგიდაზე დამფრთხალმა მიჰყარა: - ჯერ არა... ჯერ მე... არ დამიმსახურებია. - დაიმსახურებ, - თქვა დომენიკომ. - აბა, სხვა რა გზა გაქვს... - არა, არაფერი, - მორჩილად დაეთანხმა ქალი. აჰ, რა ქედმაღლად უთვალიერებდა უბადრუკ სახეს - საცოდავს, წარბები მეტისმეტობით სულ ამოეპუტა, ნაწარბალზე კი ნახშირი წვრილად გადაესვა. ამოლურჯებული თვალის უპეები ჩასცვენოდა, აგდებულად დაეკითხა შემთვრალი მგზავრი: - რაღაც, ქალბატონო, ვერ გამოიყურებით კარგად. - რა ვქნა, - თქვა ქალმა, თავი ჩაღუნა, - ღამე, წუხელის, ორი მთვრალი შემხვდა... ძალიან მაწვალეს. კინადამ მომკლეს... - რა გიქნეს? - მომკლეს. კინაღამ... ისე გამტანჯეს. - მა რა გგონია, - განსაჯა დომენიკომ, - ფული თუ გნებავს, უნდა გაუძლო. - ფულიც არ მომცეს, იქით წამართვეს, - წყნარად დაიჩივლა თავდახრილმა ქალმა, - აღარაფერი არ მაბადია. მხოლოდ ორმოცი... ორმოცი-გროში. - ახლა გექნება. ოთხი დრაჰკანი, - ამაყად წარმოთქვა დომენიკომ და სუსტად გაუღიმა ქალმა: - შენ ისეთი ძალიან კარგი... იცი რა, - ოდნავ გაცელქდა, დოქისკენ გაიშვირა თითი, - შეიძლება, მეც შევსვა? არა, საერთოდ, მე ჯერ სულაც არ გამისინჯავს ღვინო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორია და... - არ გაგისინჯავს? - მკაცრად დაეკითხა დომენიკო. თავი ისევ ჩაღუნა შემცბარმა ქალმა: - კი, როგორ არა... ყოველდღე მიწევს... თითქმის. - რამდენი მაინც. - ჩემი სამყოფი. - რაღას მატყუებ. - არ ვიცი, ისე... უცაბედად. - და მაშინ ღვინოც არ შეიძლება უცაბედად, - თავისი ჭკუით, სიტყვა მოუჭრა. - თქვენი ნებაა. ოთახში ამაყი ბოლთა დასცა დომენიკომ, გაიარა, გამოიარა და ორი თითი - საჩვენებელი და ცერი, აგდებულად მიაშვირა. - ეგ რაღაც ზედა გაიხადე. - კი. კვლავ დამცინავად შესცქეროდა, მაგრამ ქალი წელს ზემოთ ისეთი სწრაფი და მარჯვე მოძრაობით გაშიშვლდა, მაშინვე დაიბოღმა დომენიკო. გულმა კი რეჩხი მაინც, მაინც უყო. - ერთი აქ მოდი. მივიდა ქალი. დიდი, მუცლისკენ ჩამძიმებული მკერდი ჰქონდა. - რას გიგავს, ქალო, - თქვა დომენიკომ. - რამდენი წლის ხარ. - რა მნიშვნელობა აქვს, - ჩუმად თქვა ქალმა, განზე გაიხედა, - რაცა ვარ, ეს ვარ. ვერ შეეცოდა, პირიქით, ყმაწვილს, მთელი კამორას ბოღმა მოაწვა - მასხრად აგდება, გაბითურება, დამცირება და შიში, შიში, ახლა კი, ნასვამს, გადიდგულებულს, ერთი დასაჩაგრი კამორელი წინ ცხვარივით ედგა და ღვინონასვამს, შურისძიებამ მხარში უბიძგა - მიდი... ჰა, მიდი, და თითები ღონივრად ჩასჭიდა მარცხენა ძუძუში, თანაც, საწყალს თვალებში უყურებდა, მაგრად მოუჭირა ხელი, დაეკითხა: - გტკივა? - ჯერ არა. - და ასე... ქალო? - ისე... ცოტათი... მთელი ძალ-ღონით უჭერდა თითებს: - და ახხლა? ა-ასსე? მითხარი, ჩქარა... - თქვენ როგორც გინდათ, ისე გეტყვით. - მართალი მითხარ. - მტკივა... ძალიან. ძალიან მტკივა. - ძალიან კარგი, - თქვა დომენიკომ, ნასიამოვნებმა, ხელი შეუშვა, - მიდი ახლა და ტახტზე დაწექი, ლოგინი იქით აი, სკივრშია. კარგად გაშალე, ეგ შენი კაბა და რამერუმე სკამზე არ დადო. იატაკზე დააგდე. გესმის? - კი მესმის. დიახ... ზურგი ამაყად შეაქცია, და ის ღრჭიალი, მანამდე შორიდან, ბუნდოვნად რომ მოესმოდა, რაღა თქმა უნდა, ქუჩიდან იყო - უშნოდ ღრჭიალებდა რაღაც. ფარდას არეული ნაბიჯით მიუახლოვდა, მედიდურად გადასწია; გადაიხედა და რაღაცა დიდი, მონაცრისფრო კი ეცა თვალში, თავიდან მაინც ვერაფერი გაარჩია, იმდენად უცხო რამ იყო სანახავი, წყნარი ღიღინით, არხეინად დააცქერდა და უცებ სქელ გისოსს სტაცა ხელები: დიდი ურმებით, შუა კამორაში, დახოცილი ბრიგადელები შემოჰქონდათ. ერთმანეთში არეულ, გადახლართულ, გაციებულ სხეულებს მუქ მონაცრისფროდ შეპარვოდათ ჭკნობა, აჰ, საზარელი ფერი იყო, თავზარდამცემი, ავ სილურჯეში გადადიოდა... ფართო ურმებზე ახოხოლავებულნი ეყარნენ, უღელში შებმულ ყოველ წყვილ კამეჩს მოუხეშავი, მძლავრი სხეულით, უზარმაზარი უტყვი თვალებით მოჰქონდა ყრუ, ტლანქი სევდა. აგლოვებულნი, მძიმედ შემოდიოდნენ შუა ქალაქში და ურმის თვალი ისე ღონივრად და უნამუსოდ ღრჭიალებდა, ნაიარევზე სამართებლის დასმასა ჰგავდა... გისოსს ჩაფრენოდა თითებშეყინული, შეძრწუნებული დომენიკო, მიცვალებულთა სახეს ვერ არჩევდა - დაუნდობლად ამოსცქეროდა წარბებქვეშ ამოთხრილი ორი ღრმა ორმო, და ცხვირის ნაცვლად, სინაცრისფრიდან, ორი ამოღამებული ნასვრეტი უმზერდა... ლურჯად ჩაკლაკნილი სქელი ხაზი იქ, სადაც ადრე ყურები ებათ... ურმიდან წელამდე გადმოკიდებულ, თმაჩამოშლილ ცხედარს ზემოდან დაყრილთა სიმძიმე აჩერებდა, ცალხელჩამოგდებული, თითისწვერებით ეხებოდა მშობლიური ქალაქის - სამფენოვანი კამორას მოკირწყლულ ქუჩას, წელამდე ჩასხეპილს, ჩაჟანგებული შიგნეულიდან შედედებული, მოყავისფრო სიცივე ამოსდიოდა და უთანაბრო, უცნაურ ხმას გამოსცემდა ცახცახგადადებული გისოსი, მერე სხვა ურმებს შესწვდა თვალით საცოდავი, გამწვანებული მგზავრი, ვიღაცის თავი სულ ცალკე იდო... ჩამოძენძილი ყელით! და უცნაური რამ დაემართა დომენიკოს - გაოგნებული, შეძრწუნებამ ბოლოს და ბოლოს მაინც რომ გამოარკვია, ძაან ცდილობდა, როგორმე ფანჯარას მოშორებოდა, და ვერ შესწევდა ამის უნარი - ჯერ ის იყო და, შეყინულ თითებს ვეღარ შლიდა, შუბლზე ოფლგადამსკდარი, პირიქით, უფრო და უფრო ღონივრად ჩაფრენოდა გისოს, და თავიც ვეღარ შეატრიალა - ვიღაცა ძლიერს, ძალუმს, ღონიერს, უკნიდან ქეჩოში ჰყავდა ჩავლებული, ის კი არა და, გისოსზე სოველ შუბლს ახლევინებდა, და თვალიც კი ვერ დახუჭა - ქუთუთოებშუა რკინის გამჭვირვალე თითი ჩაედო ვიდაცას და თანაც კუშტად ჩასჩურჩულებდა: შეხედე, ნახე... შეხედე, დომენიკო, ნახე... სანახავი კი - გაპობილი მკერდი, გადაჭრილი ყელი... დათხრილი თვალები, მუცელი - გამოფატრული... მძიმედ დატვირთული ურმები კი ღრჭიალით მოდიოდნენ, და უცებ ძრწოლას უარესი რამ - სიბრალული შეერია... უფრო სასტიკი, უფრორე ძნელად ასატანი, გვამებს დაჰყურებდა დაბეჩავებული, მოკუნტული დომენიკო, შიგ ყელში მძლავრად, დაუნობლად ურტყამდა ამოკორტნილი გული, ყელში გაჩხერილ ეკლიან გორგალს გამეტებით ესობოდა და დომენიკოს აღარ ახსოვდა, რომ ეს გვამები ყოფილი დიდი ავაზაკები იყვნენ, არა, დომენიკო დასცქეროდა ადამიანთა საოცრებას - იმათსავე სხეულს, მოძრაობისთვის დიდებულად აწყობილთ, მომართულთ, ბოროტი ჭკუით ნაკარნახევი საქციელისთვის ამ დიდებულად აწყობილ სხეულს რად უნდა ეგო ასე პასუხი, ნეტავ; აუარება სიკეთის შემძლე, ასე დაუნდობლად რად უნდა შემჭკნარიყო, აი, სწორედ ისეთი თითებით, ახლა კამორას ქვაფენილზე უღონოდ რომ მიჩოჩიალებდა. გაზაფხულობით ახლად გადახნულ მიწაზე რწევით მიმომავალი კოჭლი ყმა ხორბლის, სიმინდის მარცვლებსა ჰყრიდა, და ვაზს ფურჩვნიდა, და ცრემლებწამსკდარ დომენიკოს ებრალებოდა თვალები, აუარება სიკეთისა და სილამაზის გამომრჩევი; ფეხები, გული - ვეღარ ხედავდნენ, ვერ დადიოდნენ, და აღარარა მკერდში არ ფეთქდა... ჟრჟოლადავლილი, შემცივნებული, გამწვანებული დასცქეროდა ამ გაუვარგისებულ საოცრებათ, ყელში უჭერდა ვიღაცის ხელი, ვეღარ სუნთქავდა საბრალო მგზავრი და, ცრემლებშუა გაბუნდოვანებული ღამის ყვავილი - დიადი შიში ამოეზარდა და გულუბრყვილო, გულისმომკვლელი - ცოდო არაა?.. და უცებ ნემსი აეჩხვლიტა ქვემოდან გულში, ძალიან წვრილი - სადღაც იკივლეს! - შუა კამორაში ჭირისუფალმა ახლობლის გვამი გამოარჩია... და შემკრთალი გულის ნემსზე აგებით თითებს ეშველათ - მაშინვე მოსცილდნენ გისოსს, ფანჯარა მაგრად ჩარაზა მდუღარეგადავლებულმა დომენიკომ, ფარდა გასწია, და თვალწინ მაინც საშინელება ედგა - იმ გადახლართულ სხეულებში როგორ ეძებდნენ ქმრებს, მამებს, შვილებს... დასახიჩრებული სხეულები კვლავ თვალებსა სჩხვლეტდა, ფანჯრისკენ სასწრაფოდ იქცია ზურგი, და უცებ, მაინც, ელდა ეცა და შეჰყვირა კიდეც, სახეზე აიკრა ცივი თითები - ტახტზე შიშველი სხეული იდო... თვალებზე თითებმიფარებული, უძრავად იდგა, მერე ბუნდოვნად გაახსენდა რაღაც და ძლივს გაბედა, ცალი თვალით გამოხედა. აიმ სხეულზეც დაუნდობელ იარებს ეძებდა თითქოს, და კიდევ კარგი, არა, არა, ცოცხალი იყო, კი, კი, ცოცხალი - ტახტზე დაგებულ ფართო ლოგინზე მორჩილად გაწოლილიყო დილის ქალი და - ცოცხალი იყო... დაწუნებულ მკერდზე აეფარებინა ხელები, თვალდახუჭული, გვემას და ჯიჯგნას, დამცირებას, მასხრად აგდებას - სუყოველივეს მორჩილად, შიშველი ელოდებოდა... მაგიდაზე მიყრილი ოთხი დრაჰკანის ფასად. ცოცხალი ჩანდა, თბილი და რბილი, წყნარად სუნთქავდა, და იმ გვამების დანახვაზე თრობაგამონელებულ დომენიკოს თავისი თავი გაახსენდა, ამ ცოცხალ ქალთან მოლაპარაკება, ურცხვი, უხამსი, თავხედი, და მარჯვენა ხელის ხუთივე თითზე ცეცხლი წაეკიდა - ქალს რომ ატკინა... ძალიან ფრთხილად, ფანჯრიდან შემოწოვილ დაგუდულ კივილში, დაძაბული უახლოვდებოდა; თვალდახუჭული, შეშფოთებული ქალი მაინც გრძნოდა მის ნაბიჯებს და კვლავაც ტკივილის მოლოდინში, ისე გატვრინდა, ისე გაფითრდა და გაისუსა, სუნთქვასაც კი ვეღარ ბედავდა ახლა და დომენიკომ კი, ეჭვმორეულმა, ორსავე მუხლზე დაიჩოქა, მკერდიდან ფრთხილად მოაშორებინა ხელი და აი სწორედ იქ, წეღან რომ ატკინა, ყური დაადო... კი, კი, ფეთქავდა, სიამოვნებით ისმენდა დომენიკო თანაბარ ბაგბუგს, ქალმა კი ცალი თვალით გამოჭვრიტა, და განცვიფრებული, დომენიკოს კეფაზე დაჰყურებდა, მერე სასწრაფოდ დახუჭა თვალი - თავი აღაღო დომენიკომ, სახეზე ხარბად დასცქეროდა, და ის ყველაზე მეტად გასაცოდავებული ადგილი, - ნაწარბალი შეარჩია და იქ აკოცა. ორთავე თვალი დააჭყიტა გაოცებულმა ქალმა, და მისკენ დახრილ უცნაურ მგზავრს შეშინებულმა ამოხედა, დაიბნა, გაშრა - ძაან უცხო რამ, მისთვის ჯერ ვერნანახი უცხო რამ სითბო ჩასდგომოდა თვალებში დომენიკოს, ღრმა რამ ალერსი... დაიბნა ქალი, დომენიკო კი, სითბოდავლილი, ქალს მხრებზე, ყელზე ადებდა ხელისგულს, თავზე ფაქიზად ეფერებოდა. აი ეს ქალი, აეს ქალიც ადამანი, კი, ადამიანი იყო და დომენიკომ გარინდებულსა და გახევებულს, თვალებში სული ძალიან ფრთხილად, ნაზად შთაბერა, და აახამხამა თვალები ქალმა, და, მადლიერმა, გულში ჩაიკრა. როგორ სათუთად ეფერებოდნენ მის ნაჯიჯგნ სხეულს, და ეს მომსუქნო, მოკლეფეხება დილის ქალი შვებით ტიროდა, აუხდენელი რამ სიყვარული ახლა, მოტეხილს, გასაცოდავებულს ასე ფაქიზად რომ დაატყდა და ტიროდა ქალი, „რა გქვია...“ „როსა, შენ...“ „დომენიკო“, „დომენიკო, გმადლობ“ - თქვა ქალმა და მხრიდან ხელი გააშვებინა, ათივე თითით მაგრად ჩაუბღუჯა, პირთან მიიტანა, აკოცა, დომენიკომ კი ხელი გამოსტაცა, ლოყებზე მაგრად შემოაჭდო თითები და თვალის სოველ უპეებზე წყნარად ემთხვია. მაგრად ჩაეკრა მაშინვე ქალი, იხვეწებოდა: „დომენიკო, ნუ, ნუ წახვალ, კარგი, ნუღარასოდეს ნუ წახვალ, კარგი, აღარასოდეს არ წახვალ, არა?“ ...რომ გაეღვიძა, მგზავრს ყოველივე ეს ეგებ სიზმრადაც მოჩვენებოდა, რადგან ლოგინში მარტოკა იწვა, მაგრამ მაგიდაზე ოთხი დრაჰკანი სხვადასხვაგვარად ეწყო - სიმაღლეზე, ერთიმეორეზე ელაგა, და უცებ, ელდანაცემი, სულ სხვა რაღაცას დააშტერდა - ოთხი დრაჰკანი ხომ იდო და იდო... - და იქვე, კიდევ, ორმოცი გროში. *** თქვენი არ ვიცი, მე კი, დროდადრო, ეს კანუდოსი ისე ძალიან მომენატრება ხოლმე... გამორჩეული ქალაქი ჩემი, გათენების ჟამს მაინც... და მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი, და, კანუდოსი მიმოვიაროთ, მოდით, ამ ქოხში შევიპაროთ, ეს ზეს სახლია, შეხე, შეხედეთ, როგორა სძინავს ვაკეიროთაგან უპირველესს, როგორ გაიღვიძებს; გულაღმა გაწოლილს, თავსზემოთ ბავშვივით ლაღად ხელებგადაგდებულს, აი სულ ოდნავ შეუკრთა სახე, ჯერაც თვალაუდგმელი, იღიმება ზე - გაგიღვიძნიათ კია როდესმე ასე, პირზე ღიმილით, როცა წინ დღეა, სინათლითა და სიმართლით სავსე. როდესაც იცი, შენი ყოველი ნაბიჯი რომ - სწორი იქნება, და ძილ-ღვიძილში იღიმები... უცხო სიმართლე რომ გიხარია. ჯერაც შეუჩვევი... აქეთ გამომყეთ, ფეხისწვერებზე... - როგორ იღვიძებს მანუელა, თეთრი მწყემსი და ძილისგან ოდნავ, მსუბუქად დაბუჟებული, ბურანის ლურჯად მოალერსე მარწუხებით მძიმე სილბოთი შემოსალტული, გრძელი, ლამაზად გაწვდილი ხელით მეზობელ ბალიშზე მანუელო კოსტას ქოჩორსა თუ ღაწვებს თითების როგორი ზანტი სიჯიუტით, ფათურით ეძებს... როგორ იღვიძებს კენტი როხასი, მოშუშებულ ნაიარევებს მსუბუქად იზელს, და ისიც, ბურანში, როგორი შვებით იღიმება - ეს კანუდოსი, ჰაერი, წყალი, და თავად მიწა, სულ იმისია... როგორც ყველასი, ისე. წამოდით, მამყე... რა ჰაერია, მსუბუქად მჩხვლეტავი, რაღაცნაირად ფხიზელი, მართალი, გონიერი, ან რა მიწაა, როგორი მკვრივი - იყავი, იდექ, რამდენიც გინდა, ვინ დაგამადლებს. ჭალაში მარდი ცხენები დგანან, ემსუბუქებათ თხელი და მარჯვე კანუდოსელები, კაკუნი, გესმით? იმ ხმებს ვერა გრძნობთ? დაიმახსოვრეთ აეს კაკუნი, სწორედ ამ ხმაზე იღვიძებს კანუდოსი, ეს - მკაცრი ხმაა, გამაფრთხილებელი, და მაინც მხნედ, მხიარულად იღიმებიან. სულ სხვანაირი კაკუნის ხმაზე ეღვიძება მშვენიერ დილით გენერალ ხორხეს, თუმცა, რა დილა-მშვენიერი კამორაში უნდა იყოს, შუბლშეჭმუხვნილი, თვალებს ახელს და წითელი ხის კარზე მკვეთრ დაკაკუნებას მხედრული რიხით, ხმაჩახლეჩილი პასუხობს ასე: - ახლავე! გისმენთ... - თურმე სწორედ იქ, ყველაზე მეტად დიდმნიშვნელოვან მარმარილოს სახლში იხმობენ, და სამხედრო ყაიდაზე გაჭიმული გენერალი ხორხე, უფლებამოსილი პოლკოვნიკის პირით უზენაეს დანაბარებს ორსავ წაჭიმული ყურით ისმენს. აქ კი, კანუდოსში, ყოველ დილით თანაბარი და მკაცრი კაკუნი ისმის, ეს - ხმლებს ამზადებს კანუდოსელი დიდი მჭედელი, აბა, - მიხვდით ვინ? ჩვიდმეტჯერ მაინც მყავს ნახსენები... რაღა თქმა უნდა, ვერ მივხვდებოდით, რადგან არაფრით გამორჩეული არა მყავდა, და, მეორეს მხრივ, სწორედ ამით უნდა ამოგეცნოთ, ჩემო: კანუდოსელთა მჭედელი - სენობიო ლჲოსა გახლდათ, აი, სწორედ ის, გრეგორიო პაჩეკოსთან ერთად კონსელეიროს სულ თავიდანვე რომ აედევნა. და აი, ასეთი დიდად საჭირო კაცი მენდეს მასიელმა პირველსავე შეტაკებაში უყოყმანოდ რომ გაგზავნა, უცნაურია, არა? ოდავადაც არა - საკუთარი ხელით შექმნილი რამ ნივთი, დოქი იქნება ეს თუ ნაჯახი, ყველამ ჯერ თვითონ უნდა იხმაროს, უნდა იწვნიოს თავისი ნახელავის ფასი და სენობიო ლჲოსა, დინჯი, უთქმელი, იმ ბრძოლის მერეც თავის კუშტ საქმეს სინდისიერად აგრძელებდა, და ახლა, იქნებ, ისე ბუნდოვნად აღარ წარმოგესახებათ, რომ - კონსელეიროს ყველაზე ადრე ეს ორი ვაკეირო აედევნა: გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლჲოსა, ერთი - გუგუნა დოლის ჯადოქარი, მეორე - მჭედელი... და სწორედ მისი ჩაქუჩის ხმაზე ეღვიძებოდათ კანუდოსელებს, ყურებში ეღვრებოდათ ხმალგარეული მომავალი, და მაინც პირზე ღიმილით, გახარებული იღვიძებდნენ - მართალნი იყვნენ... გენერალ ხორხეს ერთდროულად მხნე და მოწყენილი კორპუსი კი დატკეპნილ ველზე მხედრული წესით მიმოდიოდა: ეთ, ორ, სამიი, ეთ, ორ... და ბიჭი იყო და ვინმე აქეთ, კანუდოსში, დონ დიეგოს თავის ჭკუაზე გაატარებდა - აჰ, მხარ-თეძოზე ბლანტედ იწვა და მაგრამ, მაინც, ყოველთვის ეტყობოდა, ხელად რომ შეეძლო წამოფრენა... დიდი მარშალი კი ფრიად საიდუმლო ოთახში მრისხანედ შესცქეროდა საღებავებში ამოთხაპნილ, აცახცახებულ გრეგ რიკიოს:. „მე რა გითხარი, შე ვიგინდარა, ხუთნი უნდა იყვნენ-მეთქი“. „კომპოზიციაში მეხუთე კაცი ვეღარ ჩაეტია, გრანდისს...“ „კომპოზიციის პატრონი დედაც, ჩაგტევ მე შენ იქ... - წამოიძახა დიდად აღელვებულმა მარშალმა, იშვიათად, წონასწორობიდან რომ გამოსულიყო, - და მეორეც რომ, ეგ არამზადები კაცად არ უნდა მოიხსენიო. ყურუმსაღო, გესმის?“ „რროგორ არ მესსმის, დიდ-დო მარშალო, - თვალს ვერა სწყვეტდა ფუნჯის დიდოსტატი იქვე, სკივრზე აზმორებულ კადიმას, აცახცახებდა, - ახლავვე მივახატავ“. ფერწერულ ტილოზე კი ერთადერთ კამორელ ბრიგადელს ოთხი ვაკეირო შემოხვეოდა, ერთს თოფი მოემარჯვებინა, მეორეს - ხმალი, სხვებს - შუბი და მაჩეტე, ქმნილების გაჯორილი ავტორი კი ისე გადაფითრებულიყო, მარშალმა ოდნავ დაუყვავა: „ჰო, კარგი, კარგი, ეგ არაფერი, - საჭირო ხელოსანი იყო მისთვის გრეგ რიკიო, ვაითუ, ამოდენა შიშით პაწია გული გახეთქოდა, - ეს სურათი კი კარგად დაგიხატავს, შეიძლება ითქვას, რომ ოსტატურია“. - მეორე სურათზე მკვდარ, დასახიჩრებულ კამორელს ჯიბეში ხელს უყოფდა ორი ვაკეირო, ერთი ზურგით იყო მნახველისაკენ, მეორე - სახით, და წუწკი თვალები ისე უელავდა, რომ: „კანუდოსელი ავაზაკის თვალებიც რა შთამბეჭდავად დაგიხატავს, - გაამხნევა დიდმა მარშალმა, - ვისგან აიღე, ცხოვრებაში“. „ხომ არ გამიწყრებით, დიდო...“ „რადგან გეკითხებიან, თქვი“. „თქვენი მთავარი შემმოწმებლის, პედრო კარდენასისაა“. „აჰა, - თქვა მარშალმა ბეტანკურმა, გაიარ-გამოიარა, - ვგონებ, ზედმეტი იქნება იმის თქმა, თუ გაგაფრთხილებ, ეგ არავისთან დაგცდეს-მეთქი“. „აჰ, არა, არა, ვისთან უნდა დამცდეს, თუ გნებავთ, გადავუსწორებ თვალებს“... „არა, იყოს. მაგ სურათს რომ მოატანინებ ჩემთან რჩეულ სტუმართა თანდასწრებით, ძალიან ამაყად დაიჭირე, იცოდე, თავი, თორემ გაგაქრობ, აღგგვი. და როცა შეგაქებ, ეგ გაზინტლული ცხვირ-პირიც ამაყად მიაბრუნე განზე. გესმის?“ „მესსმის, გრანდისს...“ პოლკოვნიკი სეზარ კი დიდი მოუცლელობის მიუხედავად, უქმად არა კარგავდა ალაგ-ალაგ გამოჩხრეკილ დროს - ახალდაქვრივებულ სუზზის, რომელსაც მხოლოდ სახიფათო სიყვარული სწამდა, დაჟინებული თხოვნის შედეგად ღამის დარაჯი, კაეტანო, სასწრაფოდ განაშორა ცოლს, და სუზზიზე დააქორწინა. ვაჟურად გამოწყობილი სუზანნა გახარებული (ღამის დარაჯს ნავოლეზე მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ჩაევლო), ფეხაკრეფით მიიპარებოდა გრანდჰალლეს ძვირფასი სახლისაკენ. გაფრთხილებულ კარისკაცს ყურში უჩურჩულებდა: „ოთხჯერ ჩვიდმეტი ერთია“, და მეორე კარისკაცს საქმიანად მიჰყვებოდა ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ოთახისკენ, სადაც პოლკოვნიკი სეზარ, შავ ტახტზე წამოგორებული, ქვედატანმშვენიერ სუზის მოუთმენლად ელოდა, ხოლო სამიოდ ოთახის იქით მის მომხიბვლელ მეუღლეს, საკრავთან მიმჯდარ დონდლო, უცხვირპირო სტელლას მხიარული ჰანგები ძალიან გულგრილად გამოჰყავდა. ხოლო ძალიან იქით, შუა კამორაში, გალიაშემოვლებული კაეტანო ახალშეუღლებული მეუღლის სარეცელს, რომელზეც ორი მუთაქა სიგრძეზე იდო და ზედ საბანი გადაეფარებინათ, გამწარებული დასცქეროდა და მერე მაინც მთელ კამორაში გაისმოდა მისი მხნე, ომახიანი შეძახილი: „ღა-ამის სამი საათიაა და... (აქ შეისუნთქავდა, გაიფიქრებდა - ოხ, პოლკოვნიკო, მე შენი სუყველაფერი...) სუყველაფერი გეენიიაალურააადააააა!!!“ კანუდოსში კი ძალიან რბილი, ლამაზი სევდა გაისმოდა ყოველ ამა დროს - მუშაობით დაღლილი სენობიო ლჲოსა ხის ძირას ჯდებოდა, კეფას ადებდა გრილ, ხორკლიან მერქანს, თვალებს ხუჭავდა და დიდრონ ხელებში გამომწყვდეულ შვიდსიმა სევდას - ძალიან დაბალი ხმით ააჟღერებდა. შრომით მოქანცული კანუდოსელების სიზმრები რომ არ შეეწუხებინა. სულ სხვა ხმა ჰქონდა მჭედლის თითებში სხვათა წყალობით ხანდახან ისეთ უვიც გიტარას; გეგონებოდათ, სამი თუ არა, ორი კაცი მაინც ერთდროულად უკრავდა და სენობიო, დიდი მჭედელი, ათას ჩახლართულ ამბავსა და ხატებას ერთდროულად როგორ გადმოსცემდა, ეჰ, ვინ იცოდა... დახუჭული თვალების გარდა. მგზავრსაც მივხედოთ, იგია მაინც ჩვენთვის მთავარი. ხედავთ, მოკუნტულს, შემცივნებულს, მცირე ზღვასავით რომ გადასდის შიშის ტალღები... მიჩინიოს წინ იდგა. თვალმოჭუტული შესცქეროდა ჟაგუნსოების ერთპიროვნული თავკაცი, ნაცარწაყრილი ნაღვერდლები ავად, ცბიერად უელავდა: - შენ ფული ნუთუ აღარ გაქვს, გენაცვა, ჩვენი ბიჭი? - არა, - ძლივას თქვა დომენიკომ, სახე ეწვოდა, ნეკნებზე სციოდა, - თუმცა კი, კი მაქვს, ორმოცი დრაჰკანი და რამდენიმე გროში. - ეგ არა, ბიჭი, აეგ საკენკი შენს მცირე ჩიტებს დაუყარე... მე სხვა ფრინველი გახლავარ, ვაჟკაც. და დაუნდობელმა სიმხურვალემ იფეთქა საზარელ თვალებში: - სხვა ფული... არ გაქვს? - არა, ღმერთმანი... - და გაახსენდა! - კი, როგორ არა, მართლა კი, კი მაქვს, კი... - აღელდა მგზავრი, აქამდე ერთხელ მაინც როგორ არ გაახსენდა, - ლამაზ-ქალაქში... გადაჭრილ ხესთან, ათასი დრაჰკანი! და მიჩინიო იმ თავისი ამაზრზენი ნაბიჯით მიუახლოვდა - თან მძიმედ, თანაც მსუბუქი ფეხაკრეფით, საკინძეში ჩაავლო კაატინგასმაგვარი ხელი, მაგრად ჩაბღუჯა. მიიახლოვა გადაფითრებული მგზავრი და, უსუსურად თავგადაგდებულს, საზარლად ახლოს გადააყოლა სახე, და შიგ ცხვირ-პირში ჩაეკითხა: - აქამდე რატომ არ გაგახსენდა... - და უცებ შეკრთა, მიაგდო მგზავრი, მიჩინიო შეკრთა! ოთახს მოავლო ბოროტი მზერა, კარადას ფრთხილად მიუახლოვდა. დანა იშიშვლა, ერთბაშად, მძლავრად გამოაღო და - არავინ იყო. სწრაფად შებრუნდა, ტახტს მიაბჯინა ალმოდებული თვალები, დაძაბული, უხმაუროდ მიეპარა, სწრაფად ასწია ჭრელი ფარდაგი და ტახტქვეშ დანა მარჯვედ ისროლა - მჭახე ხმაზე შეატყო, არავინ იყო, მაინც შეიხედა ტახტქვეშ, მერე მძიმედ გაიმართა წელში. ახლა სკივრისკენ მიიპარებოდა, სახელურს მაგრად ჩასჭიდა ცალი ხელი და, მოხრილმა, დანაშემართულმა, ძალიან ნელა, გაფაციცებულმა ახადა მოჩუქურთმებული სახურავი - არავინ იყო იქაც. „ალექსანდროს ძმა! - გაუელვა დომენიკოს, - ალექსანდროს ძმას ეძებს...“ გამხნევდა მგზავრი, თან შეშინდა, ის ერთადერთი მისი იმედი აქ რომ წაეკლა სასტიკ კამორელს, მაგრამ სხვა ნივთი რამ, სამალავი, ოთახში აღარ იყო, მიჩინიომ კი, ერთხანს მაინც შეეჭვებულმა, ვიწრო კარი გამოაღო: თქვა: „ჩიჩიოს დამიძახეთ ერთი“, და სადღაც, განზე, დაფიქრებული იყურებოდა, ჭერს ასცქეროდა დომენიკო - ნაცნობი ლაქა!... - და ჩიჩიო რომ შემოიქლესა, ღრმა თაყვანისცემითა და მოწიწებით აღვსილი, ჟაგუნსოების თავკაცმა ძალიან უგულოდ თქვა: - ახლა ომია, დიად კამორას თანხა სჭირდება, - თვალდანისლული, თუმცა ალბათ სულ სხვას ფიქრობდა კია, საქმიანად ლაპარაკობდა მაინც, - ლამაზ-ქალაქში ერთად წახვალთ, ჰალეკოებო, ფეხით. საგზალი ამაღამ მოიმზადეთ, გათენებისას შუა კამორას დიდ კართან მოხვალთ, გაგატარებენ. დანებს არც ერთი არ წაიღებთ. მეხუთე ღამით ფულს რომ ამოთხრით, მაშინვე აქეთ წამოდით, არავის შეუჩერდეთ გზაში. ერთმანეთს თითი რომ დააკაროთ, ან ფულის გამო, ანდაც, საერთოდ, მერე მე ვიცი... შენ ზედმიწევნით მოგეხსენება, ჩიჩიო, რაც მოგელის. შენ კი, ყმაწვილო, იმ ფულიანად სადმე გადაკარგვას თუ დააპირებ... - და ისევ აუელვარდა თვალები, აჰ, რა მრისხანედ შესცქეროდა, ნემსივით შეესო დამფრთხალ თვალის გუგებში დომენიკოს იმისი მზერა, - ქვესკნელიდან ამოგიღებ, იცოდე და წყალშიც გიპოვი. გათენებისას, შუა ქალაქის დიდი კარისკენ გაემართა, ნელინელ მჟღავნდებოდა ბნელში კამორა, ოთო-ექიმი მიაცილებდა, საგზალით ხელში, ხის წამოსასხამ-ნიღბებში იყვნენ, ნაადრევად მოუვიდათ მისვლა, რადგან ჩიჩიო ჯერ არ მობრძანებულიყო, ყმაწვილი, მაგრამ გუშაგმა მაინც განახვნა მძიმე, ღრჭიალა კარი, კამორადან გამოვიდა დომენიკო! მოსასხამი საგუშაგოში ჩააბარა; ოთო-ექიმი ისევ ხის სამოსში იდგა, წელზე მსხვილი თოკი ერტყა, რომლის ბოლოც ოციოდ ნაბიჯს იქით, კამორაში, ხელზე მაგრად გადაეხვია გუშაგს. კიდევ კარგი რომ, ოთო-ექიმი აცილებდა, და ნიღბის ვიწრო ჭრილიდან რაღაცნაირად მაინც ეტყობოდა, ალერსით რომ უმზერდა. - რამდენი დრაჰკანი უნდა მოიტანო? - ათასი. უხმო ზმუილით იწელებოდა დაგუდული ბინდი. - მერე, თუ იცი, რაში უნდა მოიხმარონ. - იმ კანუდოსელთა წინააღმდეგ, ოთო-ძია, - და უცებ ციცქნა სიბრძნე მოუნდა, - ისინი ხომ ძალიან ცუდი ხალხია, როგორ დაუსახიჩრებიათ მკვდრები. ოთო-ექიმმა ნიღაბი მოიხსნა, ფრთხილად, უცნაურად ათვალიერებდა, მიმოიხედა და კეფაზე თითები შემოაჭდო დომენიკოს, მიიზიდა, შიგ ყურში უთხრა: - ცხვირი, ყურები, იმ საცოდავებს სიკვდილიდან ხუთიოდ დღის შემდეგ აქვთ ჩამოჭრილი, დომენიკო. მე ექიმი ვარ, არ შემეშლება. - როგორ... - სუნთქვა შეეკრა დომენიკოს, - თვალებიც მერე დათხარეს, ძია? - თვალებიც, კი. - ვინ... - აი, ამათმა... - თითი გაიშვირა ოთო-ექიმმა. ბინდიდან გამოცრეცილიყო კამორა. - რატომ. და მიხვდა. - ამათი მტრები... - მიაჩურჩულა ოთო-ექიმმა, და ყურში ჰკითხა: - გაინტერესებს? ყური შემკრთალმა მოაცილა დომენიკომ, თვალებში შეხედა, დანაღვლიანდა მერე, ძალიან ჩაღუნა თავი: - ქვესკნელიდან ამომიღებს, ოთო-ექიმო, და წყალშიც მიპოვის... - ვინ, მიჩინიო? - დიახ. - როგორც გენებოს. თვალი აეწვა დომენიკოს, რაღაც ნამცეცი ჩაუვარდა, ძალიან სტანჯავდა. მაგრად იზელდა ქუთუთოებს, წვალებით ახელდა მერე, და ცრემლებშუა ძლივს ბჟუტავდა მარმარილოს სამფენოვანი ქალაქი. - თვალში რაღაცა ჩაგივარდა? - ჰკითხა ექიმმა, აიწურა. - კი. - მოდი, მოგაცილებ. მაგრამ თავად მიუახლოვდა, სახეზე ნაზად შემოაჭდო თითები, ქუთუთოები გადაუწია, ფრთხილად, გამოზოგილი სიამოვნებით ჩაჰბერა, სული დაუამდა მგზავრს და, უცებ, იმ უჩვეულო სილისგაწვნის მოლოდინში, შეიფრთხიალა, მაგრამ ისე ღონივრად ჩაებღუჯა ექიმს... მერე მოეშვა ოთო-ძია, ხელები შეუშვა, და, რაღაცნაირად გაბრუებულმა, მოწყენილმა, უთხრა: - ვინმემ როდესმე თუ გკითხოს, კამორა როგორ დატოვეო, ასე უპასუხე, ვითომ ოთო-ექიმმა ერთი კაი-მაგარი ალიყური გტკიცა. გამიგე? - ვერა! - მაინც ასე თქვი... ლოყაზე აკოცა და გაბრაზებული დომენიკო გალხვა, ვედრებით ახედა, შეაცქერდა: - ოთო-ძია, ძალიან გთხოვთ, მართალი მითხრათ... - თქვენ ალექსანდროს უფროსი ძმა ხართ? - ვინ ალექსანდრო, რა ალექსანდრო... - გაღიზიანდა ოთო-ექიმი, - მერამდენედ დაგიფიცო, დომენიკო, ეგეთს არავის ვიცნობ-მეთქი, სსუ... ჩიჩიო უახლოვდებოდა, ყმაწვილი: - სალამ-გაგიმარჯოთ, ჰალეებო, დდეელიიოს დიდი მარშალი, ხომ არ გავდგომოდით გზას?! დღისით შეჭმუხვნილი ისმენდა ხოლმე ჩიჩიოს ბჟუტურს („ამდენს ვჭამ, ჰალე, და არ ვსუქდები, რაშია ნეტავ საქმე, ალბათ ჭიები თუ მყავს მუცელში, მაგათი დედა, თუმცა აჰ, არა, მაგათი დედა მე გამოვდივარ...“), ღამით ფხიზლობდა - გატყავებული გველი იწვა მის შორიახლოს, შხამამოცლილი - დანა არ ჰქონდა. თენდებოდა და ერთად საუზმობდნენ, დომენიკო სევდამოგვრილი, ერთ-ორს თუ წაიკიკნიდა, ჩიჩიო მაძღრისად, დამძიმებული წამოდგებოდა და გზას მიჰყვებოდნენ. დიდხანს იარეს... ხანდახან რაღაცას წამოიძახებდა ხოლმე ძილში ჩიჩიო. ლამაზ-ქალაქის მისადგომებთან მოსაღამოვებულს იყვნენ, ერთი მოსახვევიც და, ანა-მარიას ქალაქი გამოჩნდებოდა, სუნთქვა შეეკრა დომენიკოს, სხვაგვარად აძგერებული გული შიგ გორგალგაჩრილ ყელში სცემდა, ხეს ამოეფარა და, თავზე მოსასხამშემოხვეული ძალიან ტიროდა, კარგად იცოდა, რომ არ შეეძლო ცისფერ, ვარდისფერ სახლებშუა ჩავლა, თუმც ის ქალაქი ყველაზე მეტად, ალბათ, ტულიოსი იყო. მოსასხამითვე შეიმშრალა სახე, თვალებდასიებული, ჩიჩიოს მიუახლოვდა, ნოყიერი ვახშმობანა მოემთავრებინა ყმაწვილს, შვიდპირად გამაძღარი, მთქნარებაატეხილი უცდიდა. აღარ იცოდა დომენიკომ, როგორ გადაედგა ნაბიჯი, აყოვნებდა და მოსახვევიდან კი ხის ნიღბოსანი გამოვიდა, ცალ ხელში დანა ჩაებღუჯა, მეორეთი მომცრო ტომარა გაუწოდა, დრაჰკანებიანი - ალექსანდროს ძმა!.. სისინით უთხრა.. - აეს წაუღე იმას, გამომართვი... ასე. რაღას მომჩერებიხართ, შეტრიალდი, ჩქარა... გამობრუნებულნი, მოძალებულ ბინდში დროდადრო გაკვირვებით შეაჩერდებოდნენ ერთმანეთს, ჩიჩიოს დრაჰკანებიან ტომარაზე ეწებებოდა მზერა. ღამღამობით, მოსასხამში რომ შეიფუთნებოდნენ და სილიან ადგილს ამოარჩევდნენ დასაძინებლად წამოწოლილნი, ერთიმეორის შიშით ჯერ ძალიან ფრთხილად, უხმაუროდ მიჩოჩავდნენ განზე, მერე წამოხტებოდნენ და, წაკუზულნი, საპირისპირო მხარეს გარბოდნენ ბნელში. დილ-დილაობით, ღამენათევნი, მიახლოებისას ერთმანეთს თითქოს მღელვარედ, ყასიდად ეკითხებოდნენ: „რა ქენი, შენც ვერ იპოვნე წყალი?“- ესე შეკითხვა, რაღა თქმა უნდა, ჩიჩიომ გამოიგონა, ისე კი, ჭები და წყარო ბლომად იყო ირგვლივ. გზად სადმე მოზრდილი ქვა თუ ეგდო, სანამ ჩაუვლიდნენ, ურთიერთშიშით ფეხისწვერებზე აიკრიფებოდნენ ხოლმე: ჩიჩიო მაინც, ახლა ორმაგად იტანჯებოდა - გამოელიათ საგზალი, ვეღარც ნატრობდა შემწვარ-მოხრაკულს, მოძალებული ნერწყვი უშლიდა, თვალები ეხუჭებოდა დომენიკოს, ეს მერამდენე ღამე იყო, ყვინთვა-ყვინთვაში რომ ათენებდა და ერთხელ, დილით, ათრთოლებულმა ჩიჩიომ უცებ სადღაცას გაახედა; მერე უბიძგა და, გზისპირა ხეს მიეფარნენ. კამეჩებშებმულ ვეება ურემზე ჭაღარა, ლოდივით კაცი იჯდა, წინ ფარა მიუძღოდა, უკანა ჭალზე ხარი გამოება. ურემზე კი, დიდ გალიებში, შინაური ფრინველები იდგნენ - მამალ-ქათმები, ინდაური, ბატი. ნელინელ ახლოვდებოდა და ჩიჩიო სწრაფად ალაპარაკდა, მუცელზე იხახუნებდა თითებს, გეგმას აწყობდა, იქით, ურმისკენ გამალებული იცქირებოდა და ასე არიგებდა: - ყური დამიგდე, დომენიკო, ვითომ ცხვრის ყიდვა გვინდა და ერთი დრაჰკანი დროებით მივცეთ. სალამ-ვაჭრობაში თავს შევაყვარებ, ხომ იცი, ჰალე, ჩემი ტკბილი ენა... მერე ურემზე რომ დაგვსვას, ვთხოვოთ, ფეხს ავიტკივებ კარგოსტატურად, ჰალე... გლეხი კაცი ჩანს, უარს არ გვეტყვის, დაგვეხმარება... - მაგას ვერ ვიზამ, - თქვა დომენიკომ, ეძინებოდა, - ამ ათას დრაჰკანს არც ერთი არ უნდა აკლდეს. წამით შეავლო თვალი ჩიჩიომ, მოკლედ ჩაიცინა: - როდის გითხარი მოვაკლოთ-მეთქი, დროებით მივცეთ... - იმან ხომ გვითხრა, გზაში არავის გაუჩერდეთო... - და გაიკვირვა, - როგორ, დროებით... - როგორ და, ჰალე, გვენდობა, ჰალე და იმ ურემზე რომ დაგვსვამს, ჯერ რაიმე ბეწვს ავაცლი მოყვრულად მხრიდან, პატარა ხანს ტკბილად ვემუსაიფოთ, ყურადღებას მოვუდუნებთ, ჰალე, და ქვას ჩავარტყამთ მერე თავში და მივახრჩობთ კოხტად. ის დრაჰკანიც ხომ ჩვენი და ჩვენი იქნება და ეს საქონელი? - აჰ, ხმელ ტოტებს დავკრეფთ, კაი ცხვრის მწვადებს აგიშიშხინებ, ტკბილო. და მიჩინიო ბიძიაც ამ ერთი შეჩერებისთვის რად გაგვიწყრება - დიდ ძღვენს მივართმევთ, და ეამება, ყველას აქვს ჯიბე და კუჭი, იცოდე, ჰალე, - და უცებ გაახსენდა, შეწუხდა, - დანა რომ არ გვაქვს? როგორღა გავატყაოთ ცხვარი... - და მყისვე დამშვიდდა, - არაფერია, იმას ექნება, - კვლავ აღფრთოვანდა, - აი ნახავ შენ, ნახავ შენ აგერ, თუ არ გვენდობა... - კი მაგრამ, როგორ... - შეკრთა დომენიკო, ოდნავად აღარ ეძინებოდა, ბინძური წყალი დაასხეს თითქოს, - თუკი გვენდობა, უნდა დავახრჩოთ? - მაააშ, ჰალე. - კი მაგრამ, როგორ... - დაიბნა მგზავრი, - თუ გვენდობა და ხელს მოგვიმართავს, მადლობის ნაცვლად - უნდა დავახრჩოთ? - ახლა აგიხსნა ცხოვრების წესი?! - გაიკვირვა ჩიჩიომ, შორიახლოს მოზრდილ ქვას დაეძებდა, - სულ რომ არაფერი, აჰ, ისე ძალიან ამიხურდა კუჭი... იქ, კამორაში, არაფერი გაუკვირდებოდა დომენიკოს, რადგან ყოველი, ყველაფერი, უნდობლობითა და სისხლით იყო გაჟღენთილი, მაგრამ აქ, ხესთან, ჰაერზე, ტყეში, განცვიფრებული, დაბნეული, გაუთავებლად იმეორებდა: - კი მაგრამ, როგორ... - როგორ და ჰალე, ასეა ჩემო, ცხოვრების წესი. თუკი გვენდობა და შავბნელია, სულელი თუა, სულელს დანდობა რაღად უნდა, ჰალე, უნდა ჩამოიცილო გზიდან, გავწმინდოთ უნდა გზა, წინ-წინ მივდივართ ყველანი ჩვენ და მგელი რომ მგელია, უენო მხეცი, ჩამორჩენილ ირემს ჭამს ისიც... ჰოდაა, ჰალე, სულელ-სისულელეს ჯერ რა გამოლევს ქვეყნად და ნდობას, ჯერ კაიძალი დრო, სანამ დაიხვეწება ჯიში, ამჟამად კი მე, - აქ გაიპრანჭა, - გამოცდილი გამომვლენი, დიდი მარშალის ერთგული კაცი, ვიღას ავალაპარაკებდი სუფრასთან თუ სხვაგან სადმე, თუ არა სულელების ნდობა, ნდობას რა სჯობია, ტკბილო. - და გაუკვირდა, - ნდობა რომ არ იყოს ამქვეყნად, რაღა მაჭმევდა პურს?! - გამოიხედე, - თქვა დომენიკომ. ჯერ გაკვირვებით შესცქეროდნენ ერთმანეთს, თავ-თავიანთ სიმართლეში დაჯერებულნი და დომენიკომ, შეძრწუნებულმა, ჩიჩიოს თვალში საკუთარი თავი დალანდა, წაგრძელებული და უსიამო, უშნო. გააჟრჟოლა - ამ კამორელშიც ცხოვრობდა თითქოს; ძრწოლადავლილი მისჩერებოდა და გაახსენდა, რომ კამორელთა სამფენოვან ქალაქს ეკუთვნოდა მართლა, რომ იქაურად ითვლებოდა აქ, ამ წმინდა ჰაერზე ახლაც, ამ წუთას, და კვლავაც ასე იქნებოდა, და საკუთარ თავს, ჩიჩიოს თვალში ამობჟუტებულს, კვლავ ჩაეკითხა: - თუკი გენდობა... მოვკლათ? - აბაა, ჰალე. გაუქანა და შიგ თვალში ლეწა. სახეზე ხელები აიფარა ჩიჩიომ, მოიკუნტა, და ცხვირპირში რომ საშინელი ამოჰკრეს წიხლი, იქვე ჩაჯდა, გაბრუებულმა, მხოლოდ ესღა თქვა: „გაგიჟდი, ჰალე...“ დომენიკო კი ისევ ურტყამდა - კეფაზე, მკერდში, წამოაყენა, მუცელში მძლავრად ამოჰკრა მუშტი და ჩიჩიომ მოშიებულ კუჭზე რომ გადაიტანა ხელები, გადმოხრილს, ახლა ტუჩებში ამოსცხო დომენიკომ, და, გამართული, პირაღმა, გადააქცია, გამწარებული სცემდა და სცემდა, ურტყამდა, სცემდა, „ეს იმიტომ რომ, - იძახდა მგზავრი, - რომ გამომიტყდი, რომ მენდე, მენდე... კარგი ყოფილაა? კარგია არა?“ მთლად მომჩვარულს და თვალებამოტრიალებულს, თმაში სწვდა და მაგრად ჩაბღუჯა, თმით ასწია, ფეხი მოხარა, და გამეტებით ირტყამდა იმის ცხვირ-პირს მუხლებზე. მერე კვლავ სცემდა, ხელით, წიხლებით, აჰ, დაგროვილი დიდი ხნის ბოღმა - იქამდე ურტყა, ქანცგაწყვეტილი, სანამ თვითონაც არ ჩაიკეცა, ზედ გადაემხო, მძიმედ სუნთქავდა, მუშტს ვეღარ შლიდა, გვერდზე გადაგორდა მერე, მწარედ აქოშინებული, ძლივას წამოჯდა - იქვე, მიწაზე, ტომარა ეგდო! ათასი დრაჰკანი... და მიჩინიო გაახსენდა - „ერთმანეთს თითი რომ დააკაროთ...“ რა, რაღა ექნა... და მაინც მშვიდად, კაცურად იყო... მძიმედ წამოდგა, ტომარა მიიხუტა, ძლივს გაალაჯა, გზაზე... დინჯად შეჩერდა ვეება ურემი. სისხლში ამოთხვრილს კუშტად უმზერდა კაცი. - თქვენ... კანუდოსში მიდიხართ, ძია? - ჰო, - თქვა სანტოსმა. - მე ვერ წამიყვანთ? - კამორელი ხარ? ვისი სისხლია... - თვალი მოჭუტა მოხუცმა სანტოსმა. - კამორელსა ვცემე. - დაჯექ. ძლივს აფოფხდა, ძალზე უცემდა გული. ზურგით ბრძანდებოდა მისკენ ბერიკაცი, რაღაცნაირად ღონივრად, ამაყად იჯდა და დომენიკომ მფარველი იგრძნო; მაგრამ შიგანში ესობოდა იმ სისხლის სუნი, თავბრუ დაეხვა. - შეიძლება, რომ... - თქვა დომენიკომ, დინჯად მოაბრუნა მოხუცმა ყბაჩატეხილი სახე, - შეიძლება, რომ წამოვწვე, ძია? - დაწექ. - არა, უზრდელი რომ არ გეგონოთ... დავიღალე და... - დაწექ... და, როგორც დაწვა, იმ შინაური ფრინველების ისეთი ნაცნობი, ისეთი შორეული ეტაკა სუნი... გახარებაც კი ვეღარ მოასწრო, მოთბო ძილქუში დააწვა თავზე, მაგრამ, ბედნიერს, აქ გული აუჩუყდა და, ძლივას მოიკრიფა ღონე, უთხრა: - გზაში თუ მოვკვდები, ძია, აეს ტომარა კანუდოსელებს გადაეცით, გამოადგებათ... და, ჩაძირვამდე, ორიოდ წამს მაინც შეეჭვდა ამ ზურგშექცეულ მოხუცებულში, მაგრამ იმა კაცს ახალგამომცხვარი შავი პურის სურნელი ჰქონდა, და ენდო, ენდო! - ძიავ, ათასი დრაჰკანია, ძია... -კარგი, გადავცემ. დაამებული ფშვინავდა მგზავრი. ძალიან დიდხანს, ბევრი ეძინა, სიზმართა ტევად, მოიისფრო სარდაფებში დახეტიალობდა მგზავრი, ხან ვინ ამოუტივტივდებოდა, ხან ვინ გადააწყდებოდა, ხანაც რომელი შემოხვდებოდა რბილ, ფლობად გზაზე... ოდნავ არწევდა დიდი ურემი, იწვა, ეძინა. შუადღის მზეზე უღვივდებოდა მოღლილი სახე, საღამოობით გრძელი, ირიბი, იდუმალი სხივი გალიებიდან ებჯინებოდა დომენიკოს და მთელ სხეულზე გისოსებს ჰფენდა, და რომ მოწვიმა, არ გაუგია ისიც - სანტოსმა ფართო, შავი ნაბადი გადააფარა თავით-ფეხამდე, და კუნაპეტში მორჩილად იწვა, სხვის სისხლში ერთიანად ამოთხვრილი. და რამდენი რამ, ვრცელ ქვეყანას სულაც რომ თავი გავანებოთ, იქვე შორიახლოს, ირგვლივ ხდებოდა: დიაღაც რომ ბეჯითად მუშაობდა ფუნჯის დიდოსტატი გრეგ რიკიო, და შეკვეთილ ნახატქმნილებას კამორას ქუჩებში გამოსამზეურებლად რომ გაიტანდნენ, ახალ შეკვეთას დაეძგერებოდა, დიდი დამკვეთის ნაკარნახებ მუზაზე იმყოფებოდა აღტყინებული გრეგ, ღამეს ათევდა, იმავ ღამით კი დაღლილი მჭედელი სენობიო ლჲოსა დიდ ხესთან იჯდა და სწორედ იმას უკრავდა, რისი ხოშიც ჰქონდა; მოსაღამოებულს, მდინარის პირას უცნაურად მიმოდიოდა განსხვავებული კანუდოსელი - დონ დიეგო, და მდინარეზე რხევით დაფენილ, რბილად ათრთოლებულ საკუთარ ჩრდილს, წაგრძელებულს, დიდის გულმოდგინებით აკვირდებოდა, უთვალთვალებდა, და რა ამაყად მიმოდიოდა, გამორჩეულ იარაღს - არტისტიზმს აყოლილი... ხალხისა სულაც არ ერიდებოდა, ასე ვარჯიშობდა; განპირობებულ-მინდობილ კორპუსს კი სულ სხვანაირად, საგანგებოდ ავარჯიშებდა უფლებამოსილი გენერალი ხორხე - ოთხი ჯარისკაცი დიდ ლეიბს, რომელზედაც მეხუთე კამორელი იწვა, გააქან-გამოაქანებდა და მერე, მძლავრად რომ აიქნევდნენ, ლეიბზე გაწოლილი კორპუსელი მაღალ, სახელდახელოდ აღმართულ ღობეს სულ ფრენა-ფრენით გადაევლებოდა და იქით კი რბილ, საგანგებოდ გაწყობილ ფუმფულა ბალიშებზე ყოჩაღად ეცემოდა - თვით ბეტანკურის დავალებით, საჭირო იყო ვარჯში ესე; მანუელო და მანუელა კოსტა კი, მდინარეს მაღლა აყოლილნი, თვალსაწიერზე განმარტოებულნი, თავითფეხამდე გაწუწულები, ბედნიერები, სილაზე იწვნენ და დიდი მზის გულზე ეფერებოდნენ ერთმანეთს; საბანში გახვეულ ორ მუთაქას გამწარებული დასცქეროდა გალიაშემოვლებული კაეტანო; ავი თვალებით მიჩერებოდა მესამეს, მძინარესა თუ თავმოკატუნებულს, ორი ჟაგუნსო; საყვარელი კატის - არუფას წვრილ კბილებშუა გაჩრილი თითი ექავებოდა მარშალ ბეტანკურს, გეგმებს აწყობდა; ტუჩებშეღებილ ქალბატონებში წენგოთი თითებგათხაპნილი, სოფლელი გოგო ენატრებოდა პოლკოვნიკ სეზარს, და ვერ ხვდებოდა; ანატკივარ ფეხს სხვებისდაშეუმჩნევლად იზელდა უთქმელი როხასი; ხმლის სიბასრეს ცერა თითით ამოწმებდა დაფიქრებული ინოსენსიო; ღვინიან ჯამში ფხვნილს აზავებდა სქელი, წარბებგადაბმული კამორელი, და კიდევ სადღაც ფანტს თამაშობდნენ... *** ძალიან შეკრთა, მოლურჯო ცა ჩაუდგა თვალში, დაიძაბა და ციცქნა ღრუბელი გამოარჩია... როგორ წყუროდა! მყისვე წამოჯდა, და ირგვლივ შემოჯარულ ხალხს გაკვირვებული შეაცქერდა - „სადა ვარ?“ ამდაგვარები ჯერ არ ენახა - ხმელნი, მაღლები, დაძარღვულნი იყვნენ, დიდი ორკუთხა ქუდი ეხურათ... კიდევ კარგი რომ, მოხუცის ზურგი ეცნო, მიუჩოჩდა და ხმადაბლა ჰკითხა: - სადა ვართ, ძია... - კანუდოსში ვართ, - უთხრა სანტოსმა. ჟოაო აბადო უახლოვდებოდათ, დიდად მოჭმუხვნილი, მაგრამ, რაღაცნაირად, არ დაეჯერებოდა. ურმიდან ჩამოვიდნენ სანტოსი და ტომარამიხუტებული დომენიკო, ცხვრებშუა იდგნენ. - თქვენი შვილია? - იკითხა ჟოაომ. - შვილი არა მყავს, - ხმადაბლა სთქვა სანტოსმა. - მაშ რა ხართ ერთმანეთის, მეზობლები? - არა. ცალ-ცალკე წამოვედით. - გზაში შეხვდით თუ ადრეც იცნობდით ერთმანეთს... - ქაღალდი მოიმარჯვა ჟოაომ. - გზაში შემომხვდა. - რამდენი დღეა, რაც სათითაოდ გამოხვედით და ერთად რაც იარეთ; რამდენი დღე იქნება? - თავი გამანებე, თუ კაცი ხარ, ერთი. გაბრაზდა ჟოაო: - აქ ვინმე თუ გყავთ! - არა. - და მაშინ... ვინ გამოგიშვათ ასე მოხუცი. - მოხუცი არ ვარ. - როგორ არა ხარ... - უბრალოდ, თმა მაქვს თეთრი. - როგორ არა ხარ... - არ თმობდა ჟოაო. აქ სანტოსი ურმის ჭალზე გამობმულ ხარს მიუახლოვდა, თოკი შეხსნა, ხელები ამოსდო და მაღლა ასწია. - ბეჰ! - გადანცვიფრდა ჟოაო, - იი, იიე... მოხუცმა სანტოსმა კი ხარი ფრთხილად დასვა, გალიებთან მივიდა, მომცრო კაუჭები ამოაგდო; თვალები აემღვრა ფრთებაფართქუნებული, კანუდოსის მიწაზე დამხტარი შინაური ფრინველების დანახვაზე პრუდენსიოს, ვერა, ვერ იყო ჯერ გამაძღარი შურისძიებით. - შენც აქ მოხვედი? - მოისმა უცებ. კონსელეირომ ბრძანა. მყისვე მოსწყვიტა თიხის თეთრ სახლებს, და მთელ კანუდოსს მოჯადოებული თვალი დომენიკომ, რიდით ასცქეროდა შავ სამოსაფრიალებულ მენდეს მასიელს. - დიახ... - რატომ. - იქ, კამორაში, აღარ მიმესვლება. კამორელსა ვცემე... - და გამხნევდა. - აი აქ... ათასი დრაჰკანია. - საიდანა ხარ. - მაღალ სოფლიდან. მაგრამ იქ აღარ მიმიღებენ. დაფიქრებული შესცქეროდა მენდეს მასიელი, მერე მოხუცზე გადაიტანა მზერა: - რა გქვია, ძმაო. - სანტოსი. - აი ის ქოხი შენი იქნება, სანტოს. გაუძეხ, ჟოაო. ეს საქონელი დააბინავეთ, გრეგორიო, ზე მოძებნე და, ვინმე ერთიც წამოიყვანოს, საგზალი კარგად მოიმარაგონ. მდინარესთან ჩამოვიდნენ, ვუცდი. მგზავრს შეაცქერდა. გაფითრებულიყო თავდახრილი დომენიკო, შემხმარი სისხლი გულს ურევდა და შემოიხევდა კიდეც ტანსაცმელს, ეს ხალხი რომ არა, შებარბაცდა და კამეჩს ჩამოეყრდნო. - ცუდად ხომ არ ხარ... - ჰკითხა მენდეს მასიელმა. - დიახ. - გაწუხებს რამე? - აი ეს... სისხლი. საზარლად მოტკბო, დანაფშხვენებული სუნი მხოლოდ ცხვირში კი არა, მთელ სხეულშიაც ესრუტებოდა. ავ ფერსა და სხვათათვის შეუმჩნეველ წებოვან ოხშივარს გაეყვითლებინა საბრალო მგზავრი, მეორე ხელიც შემოხვია მორჩილად მდგარ კამეჩს, ძლივსღა იდგა, მხოლოდ ის აძლებინებდა, რომ არ უნდოდა აქ, ამ უცხო ქალაქში წაქცევა. - მოდი, გამომყე... მე მოგარჩენ, ნუ გეშინია. აეგ ტომარაც წამოიღე. გამხნევდასავით. მცირე დაღმართში, მდინარისაკენ ჩადიოდნენ. უცნაური რამ კაცი შემოხვდათ გზაზე, გაკვირვებით შეაცქერდა მგზავრი. იმას კი მოჭუტული თვალები ძალიან ცელქად უბრჭყვიალებდა: - აჰ, ახალია? მეტნი გავმხდარვართ... ერთი სახელი მიბოძეთ თქვენი. - მე დომენიკო... - აჰ, მშვენიერი სახელია, სიტყვებიდან - დომინუს და დომენ... - შეჰღიმილა დონ დიეგომ და, ერთხანს ხუმრობის იშტაზე დამდგარი, უცებ გამკაცრდა; ჯერ დომენიკოს დიდის გულისყურით შეაცქერდა, მერე კონსელეიროს მიაბჯინა მომლოდინე თვალი და, მენდეს მასიელმაც, მზერაარიდებულმა, თავი შეუმჩნევლად, ოდნავ დახარა. ჩაფიქრებულ დონ დიეგოს გვერდი აუარეს, გზა განაგრძეს და მდინარის პირას შედგნენ, მსუყედ შრიალებდა წყალი. - რაო, რა მქვიაო... - დომენიკო. - დომენიკო, მდინარეში ჩადექ. დაბნეულმა, ღილზე წაივლო ხელი, მაგრამ მენდეს მასიელმა თავი გაიქნია: - ტანსაცმლიანად შედი, დომენიკო, ყელამდე ჩადექ, და გაგრეცხავს... - მერე მოკლე ღიმილი აუბჟუტდა თითქოს: - შენისთანები გაურეცხია? ყელამდე წყალში, მარადახალ მდინარეში მორჩილად ჩამდგარიყო მგზავრი, იწმინდებოდა. უბეში ხელი შეიყო მენდეს მასიელმა, პურის ყუა გამოაძვრინა: - დაიჭერ? - დიახ. რკალად გამოსროლილ ყუას თითები სტაცა დომენიკომ, მერამდენე დღის მშიერი, გაცხარებით ილუკმებოდა; სუფთავდებოდა თანაც... გრილ, ამო ზვირთებს მისხალ-მისხალ მიჰქონდათ კამორაში აყოლილი ჭუჭყი... თავი მდინარის სათავისაკენ გადახარა, სისხლგაურეველ წყლისკენ, პურიანი ხელი მაღლა აეშვირა, და იმ ახალი მდინარიდან სვამდა და სვამდა; გაიმართა და ორი ვაკეირო დაინახა, ერთიმეორეზე მოხდენილები, აშოლტილები, შემართულნი - ზე მორეირა და მანუელო კოსტა. განსაკუთრებით, მხიარულ მწყემსს მოხიბლული შესცქეროდა დომენიკო - ასეთი ლაღი, ასე თამამი და თანაც ზრდილი, ჯერ არავინ ენახა. - ამ ტომარაში ათასი დრაჰკანია, - უთხრა ვაკეიროებს მენდეს მასიელმა, - კამეჩებს კარგად რომ დაასვენებთ, იმ ახალი ურმით წადით, კაატინგასთან გამოღმა დატოვეთ და ბაზრობათა ქალაქში მთელი ამ ფულით თოფები და ტყვია-წამალი იყიდეთ. ძალიან შეკრთა დომენიკო - ტყვია ახსენეს... - ის მოხუცი რომ გამოიძინებს, კაატინგასთან გამოვგზავნი. აქეთ, გამოღმა დაგიცდით, ურემთან, თქვენ კი, ყოველ ჯერზე რასაც მოერევით, იმდენი ტვირთი მოზიდეთ ხოლმე და კაატინგაზე გადმოისროლეთ. თქვენ ნუ გამოხვალთ, სანამ ამ ფულს სულ არ დახარჯავთ, რამდენიმე გზა მოგიწევთ და იმ მოხუცს მაინცდამაინც ხმამაღლა ნუ გამოსძახებთ. გამიგეთ? - დიახ, კონსელეირო. თიხის ქალაქში მამალმა იყივლა. - კონსელეირო, - წამოიძახა მდინარიდან დომენიკომ, - თუ შეიძლება, მაგ ათას დრაჰკანს თოფებში და ტყვია-წამალში ნუ დახარჯავთ, რა... - აბა რა ვუყოთ... - მკაცრად დააცქერდა მენდეს მასიელი. - სხვა რამ იყიდეთ, რა ვიცი, რაც გნებავთ - სასმელ-საჭმელი, პური და ფქვილი... თოფი სისხლია! - პური და თოფი... - დინჯად წარმოთქვა კონსელეირომ, - აქ, ახლა, ჩვენთვის, სულ ერთი რომაა, დომენიკო? - როგორ - სულ ერთი... - ასეა, ასე... ორივემ ერთად უნდა გვარჩინოს. - და ისევ ვაკეიროებს მიუბრუნდა, - ფრთხილად იყავით. ორკუთხა ქუდს ნუ დაიხურავთ. მთელი ქალაქი ჯაშუშებით იქნება სავსე. ღამით ივაჭრეთ. „როგორ - სულ ერთი. - ფიქრობდა დაბნეული დომენიკო, - პური და ტყვია... სულ ერთიაო... ა?“ მცირე აღმართში ამავალ ვაკეიროებს შესცქეროდა მენდეს მასიელი. ერთ-ერთ იმათგანს - უკანასკნელად. მძიმედ შემობრუნდა მერე: - ახლა როგორ ხარ... ცოტა მოგეშვა? - დიახ, ძალიან. კიდევ დიდხანს უნდა ვიდგე თუ... სანამ საბოლოოდ გაქრება სისხლი. - ქვეყნად არაფერი ქრება, დომენიკო, - თქვა მენდეს მასიელმა, - მით უმეტეს - სისხლი... შენ მოგშორდება მხოლოდ... - მერე, სად წავა. - სად წავა, ჯერ ზღვაში. - მერე, იქიდან... - სადმე ყოველთვის, მუდამ იქნება. - კონსელეირო, - აფორიაქდა დომენიკო, - სულ არაფერი არ იკარგება? ქვეყნად... - არა. - არც კვამლი? - არა. - და გამომცდელად შეაცქერდა, - რამ გაგახსენა კვამლი... თავი ჩაღუნა დომენიკომ. - მითხარ. ისევ იყივლა მამალმა კანუდოსში, გამხნევდა წყალში ჩამდგარი მგზავრი. - ჩვენთან, სოფელში, - რაღაცნაირად ხვეწნით უამბობდა დომენიკო, ვედრებით ასცქეროდა, - ერთი დღესასწაული ვიცოდით, გაზაფხულობით, მთელი სოფელი აიყრებოდა... - შეფერხდა, თვალი აარიდა, - ერთი კაცის გარდა და ბორცვს გადაღმა ერთი ღამით ვბანაკდებოდით. ავადმყოფებიც გაგვყავდა ხოლმე... და გარიჟრაჟზე ვბრუნდებოდით, რტოებითა და ნაჯახებით ხელში, მზე შიგ სახეში გვირტყამდა, შორიდანვე ალბათ კარგად ვჩანდით და ის ერთი კაცი, ლოდზე შემდგარი გველოდებოდა. ბორცვს ჩავივლიდით, მერე ის ერთი კაცი მაინც გვკითხავდა: ვინმე ხომ არ დარჩა... არა, არავინ - ვპასუხობდით და ის კი მაინც თვალს შეავლებდა იმ ბორცვს, იმ ველს, მიდამოს ირგვლივ და მერეღა ამბობდა: დამილოცნიხართ, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა... საღამოობით კოცონს ვაჩაღებდით, კონსელეირო, - ისევ შეაცქერდა დომენიკო, ყელამდე წყალში, იწმინდებოდა, - წრეს შემოვარტყამდით და ჯერ უძრავად ვიდექით, სანამ კარგად არ აალდებოდა, მერე კი, რომ ატკაცუნდებოდა და აგუგუნდებოდა ცეცხლი, რიგრიგობით ვუახლოვდებოდით, ტანსაცმლის კალთიდან მომცრო ნაჭერს ჩამოვიხევდით და კოცონზე ვყრიდით - ასე ამბობდნენ, თითქოს ჩვენ, იმსოფლელები, დიდი ხნის წინათ ციდან ჩამოვედით და წინაპრები კი იქ დარჩნენ და ტანსაცმლის ნაგლეჯს ჩვენი ამბებიც სხეულიდან შეჰყვებაო და სხეულის სითბოგამოყოლილი ნაგლეჯის კვამლიც ხომ მაღლა ადის და ვითომ ცადდარჩენილებს ჩვენი ამბავიც კვამლად აუვათო, ასე ამბობდნენ... კონსელეირო, - ძალიან ღელავდა, - მართლა არაფერი არ იკარგება? - არა. - მართლა ასეა, კონსელეირო? ნამდვილად იცით? მშვიდად და მკაცრად დასცქეროდა კონსელეირო; იმედით უთხრა: - კი. აქვე მთავრდება „კანუდოსი“-ს მესამე თავი.თავი მეოთხე
თუ როგორ გახდა მანუელო კოსტა პირველი დიდი კანუდოსელი თავს ვეღარ სწევდა ბურანდატეხილი მანუელო, მოპირდაპირედ მჯდარ ზეს დუნედ, გაოგნებული ამოსცქეროდა - დამძიმებოდა ქუთუთოები იმასაც, თავი წამდაუწუმ უვარდებოდა, მერე ნიკაპით მკერდს დაეყრდნო ზე, ისღა მოასწრო, წვნიანი ჯამი განზე გასწია და მაგიდაზე შუბლი ჩამოდო, მწარედ ჩასთვლიმა. იძირებოდა მანუელოც, თვალის გახელის არაქათიც აღარა ჰქონდა, არადა, ბუნდოვნად მიხვდა, ვიღაცამ წელზე რომ შეავლო ხელი, მაჩეტე ამოუძვრინა, თავი... გამ... ნე... ბე... თუ არა“... - ვეღარ აბამდა სიტყვებს, ზედ თეფშზე დაუვარდა თავი, და ხახვის მჭახე სუნიც კი სუსტად, მიძინებულივით სცემდა; ის ათად-ათი დრაჰკანიც მარჯვედ ამოუცოცეს, ვინ, რანი იყვნენ... მერე ჯანჯღარი მოეჩვენა თითქოს, ყელი, მუცელი, მუხლები სტკიოდა - ცხენზე დაეკრათ, სამგან გადაეჭიმათ მანუელოზე თოკი. - როგორ გააბით... - დინჯად იკითხა დიდმა მარშალმა, სიამის მცირე რამ ნატამალი დასთამაშებდა სახეზე. - ჩემმა რჩეულმა მეთვალყურეებმა თავიდანვე საეჭვოებად მიიჩნიეს, გრანდისსიმოჰალლე, - ყოჩაღად გაიჭიმა პოლკოვნიკი სეზარ, - ღამით დაძრწოდნენ ბაზრობათა ქალაქში, მერე კი ორი ყუთი ტყვია-წამალი მხრებზე დაიდეს და კაატინგასკენ წავიდნენ. იქ - ერთი, ორი და ის მძიმე ყუთები რიგრიგობით გადაისროლეს, თვითონ კი აქეთ გამოეშურნენ, და ღამის სასადილოში შევიდნენ. იქ კი მთავარ მესასადილოეს ჩემმა კაცმა თვალი უყო და დიდძალი ფხვნილი ჩააყრევინა ამათ კერძებში, ძილისმომგვრელი. - ფული რამდენი აღმოაჩნდათ. - ათი დრაჰკანი, გრანდ... - და აიმ ვაჭარს... - ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი, გრანდისსიმოჰალლე. აქედან, რვაო, ჩემი იყოო... - ბრიყვო! ის ორი მწყემსი იქამდე ავაჭრეთ, სანამ მხოლოდ ეგ დარჩათ, არა? ნუთუ ვერ ხვდები, ეს იმ ყმაწვილის ფული იქნება, ბითურად რომ თვლიდით და ჩვენი... ჩვენი კაცი რომ გაგვილახა, ფუჰ, დამავიწყდა იმისი სახელი... - ჩიჩიო, გრანდ... - ის დოყლაპია ჩიჩიო რომ გალახა... შენ გააყოლე ვგონებ, არა? - აჰ, არა, არა, გრანდისსიმოჰალლე, მე მაგისთანა სისულელეს როგორ ვიზამდი, სამიოდ გამოცდილ კაცს მაინც გავაყოლებდი, მიჩინიოს ადგილზე რომ ვყოფილიყავ. - და... მიჩინიოს მოუვიდა აეგ შეცდომა? მხოლოდ ერთი რომ გააყოლა... - დიახ, გრანდისსიმოჰალლე. სულ მაჯებს იკბენს... - შენი მარცხენა ხელია, მგონი. თავი ჩაღუნა პოლკოვნიკმა. - და ხელის უმსგავს მოქმედებაზე ხომ კარგად იცი, პოლკოვნიკო, პასუხს რაც აგებს? უფრო ჩაღუნა პოლკოვნიკმა ტყვიადამიზნებული თავი. - რეგვენო, ბრიყვო! - დიდად განრისხდა მარშალი ბეტანკური, - ჯერ ეს ეგ ერთი, იმ ოხერ მწყემსებს რად არ აედევნეთ შეუმჩნევლად, მაგ ათ დრაჰკანსაც ტყვიაწამალში რომ დახარჯავდნენ, სხვა რა გზა რჩებოდათ, ისევ თავიანთ საიდუმლო ხვრელს მიადგებოდნენ და ახლა კი, ასე, მძინარენი, რა ჯანდაბად და ოხრობად მინდა... კარგად იციან, საიდუმლო რომ გინდაც გასცენ, მაინც რომ მივაბრიდავთ და კაატინგასკენ წინ რომ გავუშვათ, ხელად ჩაყურყუმელავდებიან და ხვრელის ბოლოში მაგათი ერთი კაციც რომ იდგეს, თოფიანი, მთელ ჩვენს კორპუსსაც შეაჩერებს, დაჭრილებიც - გაეჩხირებიან, მაგათი დედა, თუმცა ცხენიც ეტევა იმ ხვრელში თუმცა... - აქ კი დაფიქრდა, - და ერთდროულად სამნი რომ გახტნენ... - მთლად დალაგებულად არ ლაპარაკობდა. კვლავ პოლკოვნიკი გაახსენდა, მისი შეცდომა, წყრომით მოეჭმუხნა სახე, - და კიდევ, თანაც, სანამ გაეღვიძებათ, იქით ისინი იყიდიან, ჩვენ რომ აქ გავაბით და გაამახვილებენ ყურადღებას, ყურადღება კი ფხიზლად ყოფნის საწინდარია, მათი სიფხიზლე კი სულაც არ მაწყობს, სრულიად არა, გესმის, შე ბრიყვო!? - დიდო მარშალო, მე არ ვიცოდი, მხოლოდ ათი დრაჰკანი რომ ჰქონდათ. ასე მეგონა, იმ ბითურის... ეე, ყმაწვილის მთელი ათასი დრაჰკანი აქვთ-მეთქი და მთელი იმ ფულით ნაყიდი იარაღი თანდათანობით რომ გადაეყარათ კაატინგაზე, სად წავა-მეთქი საქმე, ვფიქრობდი... - მეც მაგას ვამბობ, შე უგუნურო, ის ფული როგორ დაახარჯინეთ, როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე!.. ჯერ ის ვაჭარი უნდა აგეწიათ და გამოგეკითხათ... - იყიდიდნენ და თავს შეგვაკლავდნენ, აღარაფერი ექნებოდათ დასაკარგი, გრანდისს... - იყიდიანო! კაატინგასკენ როცა წავიდნენ, უტვინო, ბრიყვო, იმ ვაჭრისთვის მაშინ უნდა გეტაცათ ხელი. - აის ვაჭარი მაშინ სულაც არ ვიცოდით, გრანდისსიმოჰალლე, სულ არ ვიცოდით, რომელ ვაჭართან ჰქონდათ საქმე... - მერე ხომ ნახეთ! - მერე რომ ვნახეთ, გვიანღა იყო, გრანდისსიმოჰალლე, უკვე ჩაყრილი ჰქონდათ ის ფხვნილი, მერე მიუჯდათ მხოლოდ ვაჭარი. - ვერ დააცადეთ იმ ვაჭარს მისვლა? შე ტუტუცო, შენ! ანდა იმ ფულის დახარჯვამდე როგორ ვერ აღნუსხეთ ქალაქად შემოსული უცხო ელემენტები, სანამ იმდენი დრაჰკანის თოფ, ტყვია-წამალს გადაზიდავდნენ, რამდენი გზობა დასჭირდებოდათ... თავი იმართლე! - ეგება ბევრნი იყვნენ თავიდან და ცოტა გზობა გააკეთეს, გრანდისსიმოჰალლე... - ახხჰ... შტერო, ბრიყვი! - და ბევრნი ერთად უფრო არ უნდა შეგენიშნათ? იატაკს საწყლად ჩაჩერებოდა მხრებაძურწული პოლკოვნიკი. გააჟრიალა მარშალ ბეტანკურს, უბეში ფრთხილად შეიყო ხელი, ოთახში გაიარ-გამოიარა. - ამ ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ, ჩემო ფედერიკო, - ოდნავ დაუყვავა დიდმა მარშალმა, ძაღლის თვალებით შეაცქერდა სიტყვიერი ლუკმის მოლოდინში ბრჭყვიალა პოლკოვნიკი, - იმდენი ქალის გადამკიდეს, სულ გამოგეწრიტა ჭკუა. ახლა კი, ხედავ, თავსაც ვეღარ იმართლებ, როცა ეს თავისუფლად შესაძლებელია. აი, ხომ შეგეძლო გეთქვა, რომ სამი კაცის თანწარგზავნა ბითურთან ერთად უფრო სახიფათო იყო - ერთ-ერთი რომ გაწუპაკებულიყო, ჭკუა-გონებას თუ დაუბნელებდა ფული, მაშინ ხომ დანარჩენ ორს, ბითურიანად, ძილისას თავში ქვის ჩარტყმით გაასაღებდა, ხოლო ერთ კაცში, სამკაციან ჯგუფთან შედარებით, ხიფათი აშკარად ნაკლებია, სამჯერ ნაკლები. არაა ასე, ჩემო პოლკოვნიკო? - დიახ, გრანდისსიმოჰალლე! - წამოიძახა გახარებულმა პოლკოვნიკმა, ოდნავ გაიჭიმა. - შე ყეყეჩო, შენ, მერედა, იმოდენა ხალხში სამი ერთგული თანამშრომელი აღარ მოგეძევება, ბრიყვო? ისევ ძალიან ჩაიფუშა პოლკოვნიკი სეზარ. კვლავ ბოლთა დასცა დიდმა მარშალმა, თვალმოჭუტული, თავისას ფიქრობდა. - კარგი, დამშვიდდი, ფედერიკო, - თქვა მერე, ბოლოს, - როგორც ძველები დიდსულოვნად იტყოდნენ, რაც იყო, იყო. ახლა ესენი სამაგალითოდ უნდა ვაწამოთ, რომ ვათქმევინოთ სუყველაფერი. ჯერ კი მანამდე, ტკბილი სიტყვები, მუქარა და დაპირება სჯობს. წამება ხანდახან ადამიანს აბოროტებს ხოლმე და კრინტსაც აღარ სძრავს. აეგ მწყემსები მაინც ბრიყვები იქნებიან, ასე მგონია... ალბათ წავაბამთ. ის კაციც ხომ აქვე გყავთ, ის იარაღის გადამყიდველი... - რა თქმა უნდა, დიახ, რა თქმა უნდა, ისიც აქა გვყავს და ვათქმევინე, რომ სულ სხვადასხვა ადგილას ხვდებოდნენ თურმე ერთმანეთს ღამით, და, ერთიც კარგი ამბავი, გრანდისსიმოჰალლე - სულ ჩამოწერილი, უვარგისი თოფები მიუყიდნია... - აკრძალული ვაჭრობისათვის ჩემი ნებართვა ნეტავ თუ ჰქონდა, რაღაც არ მახსოვს... - დიახ, გრანდისსიმოჰალლე, - დაირცხვინა პოლკოვნიკმა, თვალი აარიდა. - რააო? ჰქონდა თუ არა! - არა, არ ჰქონდა, გრანდისსიმოჰალლე... - ჰოდა, ფედერიკო, დამნაშავეა ისიც, და აი იმ ორს დაპირებებით თუ ვერ წავაბამთ, სწორედ აის ვაჭარი თვალწინ სამაგალითოდ უნდა ვუწამოთ. და არა ვინმე სხვა... - დიახ, გრანდ... - ვაჭარს იცნობენ, უსაუბრიათ, გარიგებულან, ნაცნობის წამების ხილვა კი უფრო მეტად შთამბეჭდავია - რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც ახსოვთ, როგორი იყო და წამებით შექმნილი განსხვავება უფრო დიდად ხვდება გულს. არაა ასე? - დიახ, გრანდ... - იმ ორ ავაზაკს, ვაკეიროებს, გამოსაფხიზლებლად ხსნარი ასუნთქეთ, დრო აღარ ითმენს. - დიახ, გრანდის... - ჯერჯერობით კი ის ორი მწყემსი მდიდრულ ოთახში, ნუმერ რვაში გადაიყვანეთ. ერთი კარგადაც ვასადილოთ ჯერ, რაიმე ნივთი დროებით ვაჩუქოთ, უნდა გავასინჯოთ ცხოვრების გემო, და თუ არ წაებმებიან, ქვედა ოთახში მერე ჩავაგდოთ. უფრო იგრძნობენ დიდ განსხვავებას, და მოტყდებიან. თითოს სამ-სამი მარჯვე დანასროლია დააყენე თავზე. აშკარად. გესმის? - დიახ, გრანდისსიმოჰალლე... - რადგან სიკვდილის საფრთხეს ტკბილსაუბრისასაც უნდა გრძნობდნენ, ნუ დააყოვნებ, ბარემ ახლავე გადაატანინე ორივენი ნუმერ რვაში, და გამოსაფხიზლებელს ბლომად რომ ასუნთქებთ, და გონზე მოვლენ, სადილობისას, ცოტა ქალებმაც წაუცეკვონ, აღმოსავლურად. დაპირებებით აუთრთოლონ ზედ ცხვირწინ ტანი, თუმცა, არ უნდა... - ძველი ხერხია. ენა დაიტკბე, ჩემო პოლკოვნიკო, აჩვენე ღონეც და შემძლეობა. სუყოველივე ზომაზე, იცოდე. და თუ ვერ შეძლებ იმათ მოტეხვას, შემატყობინე და საწამებელში რომ შეაბრძანებ, მე საიდუმლო ჭუჭრუტანიდან ყველაფერს მოვისმენ და ვნახავ, იცოდე, ბრძნულად მოიქცე უნდა, ფედერიკო, აბა, შენ იცი, ნუმერ რვაშივე თუ ათქმევინებ... ანდა, როგორმე, ისევ ყოჩაღად გაიჭიმა პოლკოვნიკი სეზარ, მუზაზე დადგა: - არის როგორმე ვათქმევინო, გრანდისსიმოჰალლე. კანუდოსის განაპირას, ბორცვზე, მოსაღამოვებულს ორი ქალი იდგა - მანუელა და მარიამი, ვრცელ მინდორს გასცქეროდნენ. არავინ ჩანდა. მოხუცი სანტოსი დატვირთულ ურმიანად რომ მოაყვანინა ინოსენსიოს მენდეს მასიელმა, ბაზრობათა ქალაქის მხრიდან, კაატინგადან, აღარავინ გამოჩენილა მერე. ორი მომლოდინე ქალი იდგა ბორცვზე, საღამოვდებოდა. გული ეწურებოდა მანუელას, მაგრამ ასე, მარიამის გვერდიგვერდ, დაჩივლებასა და ამოოხვრას ერიდებოდა. იმას, მარიამს, შვილებისათვის გადაეხვია ხელი, ზე მორიერას - ოჯახიდან სამნი უცდიდნენ. ძლივს შემოიძურწა უუძვირფასეს, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში პოლკოვნიკი სეზარ. დაშინებული, დამორცხვებული, თავდახრილი იდგა. ერთი კი შეავლო თვალი მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა, ფაფუკი სავარძლის სახელურებზე აუთამაშდა გრილი თითები - მიხვედრილობისას უკრავდა თითქოს: - უარზე დგანან? - დიახ, გრანდ... - სულ ოდნავ მაინც ვერ მოარყიე? - მე მგონი, ვერა, დიდო... - სულ ვერაფერი ათქმევინე? - მთლად ვერაფერი ვათქმევინე გრანდისსიმოჰალლე. რეგვენებია. ოდნავ უხეშად უბიძგა დიდმა მარშალმა მის ბარძაყებში მოკალათებულ არუფას, მძიმედ წამოდგა. - სადილი მაინც თუ ეგემრიელათ... - არც დააკარეს პირი, გრანდის... - ეგებ მოწამლული ეგონათ. - არა, გრანდისსიმოჰალლე, ყოველი ლანგრიდან იმათ თვალწინ ჯერ მე გიახელით თითო-თითო ლუკმა. ფარდის შორიახლო მძიმედ შეჩერდა დიდი მარშალი, ერთ-ერთი ამოქარგული თვალიდან პაწია სივრცეს დინჯად გახედა. - საიდუმლო ხვრელის ხსენებაზე, ძალიან შეეცვალათ სახე?! - ძალიან, გრანდისსიმოჰალლე - ვითომ სიცილი აუტყდათ... თვალთმაქცებია. - კედლისკენ შებრუნდი. მაგიდის უჯრა გამოსწია დიდმა მარშალმა, მცირე ბოთლიდან რაღაც მოყავისფრო სითხე დაისხა კოვზზე, ერთი ყლუპით შესვა, დინჯად წარმოთქვა მერე: - საწამებელში გადაიყვანეთ, გამოიხედე, მეც იქ ვიქნები, როგორც ერთი მუშაკთაგანი. რბილ სავარძლებში დასვით და ისე აყურებინეთ ვაჭრის წამება. სამაგალითოდ უნდა აბღავლოთ. გამიგე? - მესმის, გრანდ... - შეუდექ, წადი. ორი ბალღის შუა იწვა თვალგახელილი მარიამი, ზეზე ფიქრობდა. მანუელო კოსტას ბალიშზე ხელისგული დაედო იმის ცოლს, მანუელას, რა ექნა, მაინც ჩასძინებოდა - თვრამეტი წლისა იყო მხოლოდ. იმ შუაღამით აალმასებულ მაჩეტეს ლესავდა პრუდენსიო. ღამეულ სიჩუმეში იმისი გაუმაძღარი იარაღი თანაბრად, მკაფიოდ, ავისმომასწავებლად შხიოდა, ეჭვები ღრღნიდა ჟოაო აბადოს, ძილში კრთებოდნენ კანუდოსელები. თანწამოღებულ კუნძს ჩაფრენოდა ისევ სანტოსი, და ერთადერთი, ვისაც არხეინად ეძინა, დონ დიეგო იყო. თიხის სახლებშუა ძალიან მძიმედ, აუჩქარებლად მიმოდიოდა მენდეს მასიელი, ღამეზე მეტად მოქუფრული, კანუდოსელთა კონსელეირო. ვაჭრის ნარჩენები რომ გაიტანეს, პოლკოვნიკმა კედელთან მიდგმულ უზურგო, გრძელ სკამზე ჩამომჯდარი სამი კაპრალისკენ გადაიტანა მზერა და ვითომ სასხვათაშორისოდ, დუნედ იკითხა: „ხომ არ დაგვეწყო, ვაკეიროებო, თქვენთან ბაასი, ჰა?“ - და სკამზე ჩამომსხდართაგან მარჯვნიდან პირველმა, კაპრალად გადაცმულმა მარშალმა ბეტანკურმა ოდნავ დახარა თავი. ფერხთით კადიმა ეწვა, იმ დანარჩენ ორს, გადაფითრებულ ნამდვილ კაპრალებს, წებოვან მზერას არ აშორებდა. გამართულნი ისხდნენ სავარძლის კიდეზე ზე მორეირა და მანუელო კოსტა, იმათ წინ კი, ორიოდ ნაბიჯზე ვითომც შემთხვევით დარჩენილი, ვაჭრის თვალი ეგდო. ხელსაწყოებთან ფეხზე დგომელა ისვენებდა ოთხი ჯალათი. კეფასთან ხელი მიეტანა დიდი მარშალის ათ რჩეულ დამცველს, ყველა იქ მყოფი - რაღა თქმა უნდა, მარშალ ბეტანკურის გარდა - განაწილებულ-აყვანილნი ჰყავდათ. - კი ბატონო, ბრძანეთ, - თქვა მანუელო კოსტამ. გაოცებულმა გადახედა ზემ: ჯერ არ იცოდა არაფერი და კარგა ხანსაც ვერ გაიგებდა, მანუელოს თუ რა ედო გულში. და კიდევ უფრო განცვიფრდა, რადგან: - ისე კი, გვიჯობს, ჯერ მე მოგახსენოთ ჩემი სათქმელი, - შესთავაზა პოლკოვნიკს მანუელომ. კვლავაც დახარა თავი მარჯვნითა კაპრალმა, ამჯერად გაცილებით სწრაფად, და პოლკოვნიკმაც წამოიძახა: - ბრძანეთ! - მაგრამ ამასთან ვერაფერს გეტყვით, სანამ უფრო კარგად არ გაკოჭავთ. სისხლი აუვარდა თავში ზეს, უახლოესი ძმაკაცისაგან ასე მოულოდნელად შეურაცხყოფილმა, განრისხებულმა, მიახლოებულ ჯალათებზე დააპირა ხელის შემართვა, მაგრამ იმ ჯაჭვმა არ დაანება, იდაყვიდან იდაყვამდე ზურგს უკან რომ ჰქონდა გადატარებული. - თქვენ, რა თქმა უნდა, კანუდოსის აღება და იქ თავშეყრილთა გაჟლეტა გაინტერესებთ, არა? - გულუბრყვილოდ იკითხა მანუელომ, მაგრამ გაცილებით გულუბრყვილოდ ჟღერდა პოლკოვნიკის პასუხი: - არა, რას ბრძანებთ, ჩვენ თქვენი მხოლოდ სწორ გზაზე დაყენება და გამოსწორება გვსურს მხოლოდ, დიახ, მხოლოდ... - ძალიან კარგი, - თქვა მანუელომ, - მაგრამ მე თქვენი სულაც არ მჯერა. გული მიეცა თავით-ფეხებამდე გაკოჭილ ზეს. - აჰ, როგორ არა, აჰ, რასა ბრძანებთ, რატომ არ გჯერათ... - გულდაწყვეტილივით მიაყარა პოლკოვნიკმა, მაგრამ მანუელომ გააწყვეტინა: - ყური დამიგდეთ. თუ დამიჯერებთ, კანუდოსი თქვენი იქნება. იმ უბედურის წამებამ გასჭრა. მაგრამ საიდუმლოს ამდენი ხალხის თანდასწრებით ვერ გაგიმხელთ და, ძალიანა გთხოვთ, აი ეს ხალხი მომაცილეთ. თქვენთან პირისპირ საუბარი მსურს, და ესეც, ჩემთან ერთად შეპყრობილი, აქვე იყოს, ოღონდ ვერაფერი რომ ვერ გაიგონოს, ისე... - ძალიან კარგი, პირისპირ დავრჩეთ, - აღფრთოვანდა პოლკოვნიკი ფედერიკო სეზარ, და უცებ: - ეე, როგორ გითხრათ... - შეფიქრიანდა მოულოდნელად და გამოცოცხლდა, - ორ კანუდოსელთან მარტოდმარტო მე ვერ დავრჩები. თუმცაღა ერთი გაკოჭილია, მეორეს კი, ესე იგი თქვენ, იმდენად გაქვთ შებორკილი ხელები, მხოლოდ სადილის მირთმევასა და წერას თუ შეძლებთ, მაინც, რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, ხომ გაგიგიათ... თქვენმა თორმეტმა ცხენოსანმა ორასი კაცი გამიჟლიტა და ასე... ორთან... არ მსიამოვნებს მარტოდ დარჩენა. ერთ კაპრალს მაინც დავიტოვებ. - კეთილი. ამ კანუდოსელს კი, ახლავე თუ არ დაუხშობთ სმენას, გადავიფიქრებ. - სმენას კი არა, მთლად თავს მოვჭრი ახლავე, ჰალე. - არა, ეგ კაცი შემდგომ დაგვჭირდება. დროებით უნდა დავუხშოთ სმენა. - არიქათ, ცვილი! - იყვირა პოლკოვნიკმა სეზარმა. - ჯერ ცვილი ძალიან ცხელი არის, - თქვა ერთ-ერთმა ჯალათმა. - მერე, შე... მერედა, მიდი, რაღას უდგეხარ, სამუელინო. ჯალათის სულის შენაბერი, წაბილწული ცვილით ამოუგლისეს ყურები ზეს, და რა მძულვარედ, როგორი ზიზღით შესცქეროდა პირველი მწყემსი ატლიკინებულ ნაძმაკაცარს - პირობა ჰქონდათ, კამორელები თუ შეიპყრობდნენ, არ დასცდენოდათ სიტყვა. ოთხნიღა დარჩნენ საწამებელში, თვალს არიდებდა მანუელო ზეს, აინუნშიაც არ აგდებდა გატრუნულ კაპრალს, და მხოლოდ პოლკოვნიკ სეზარს მისჩერებოდა. - მაშ ასე, გისმენთ, - თქვა მანუელომ, - ჩემგან რა გნებავთ... - მოდით, ერთი რამ თავიდანვე დავთქვათ, - მომხიბვლელი ღიმილით შესთავაზა პოლკოვნიკმა. - მოდით, პირდაპირ ვილაპარაკოთ, კარგი? - რა თქმა უნდა, - სიამოვნებით დათანხმდა მანუელო, - მიუკიბავ-მოუკიბავად, და თანაც - მოკლედ. რა გნებავთ ჩემგან. - საიდუმლო ხვრელი. თითქოს დაფიქრდა მანუელო, თავი დახარა. მერე ერთბაშად გაიმართა, თამამად გაუსწორა თვალი. - კარგით, მიგიყვანთ. სწორედ რომ გამართლებული სანახაობა წარმომიდგინეთ - იმ უბედურის წამებამ და ბღავილმა გასჭრა და, მაგის გარდაც, კანუდოსს ისე, უბრალოდ, დასაღუპავად არ გავიმეტებდი, მაგრამ ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც განწირულია, ადრე თუ გვიან, როცა იქნება, მაინც დაგვაქცევთ, და მეორეც რომ, ამგვარ წამებას ალბათ ვერ ავიტანდი. და თუმც ისიც მშვენივრად ვიცი, მაინც რომ მომკლავთ, მოდით, ჯერ რამდენიმე პირობა დავდოთ. - მიდი ჰო, თქვი... გეთაყვათ, ბრძანეთ. - ჭეშმარიტი ვაკეიროს სიტყვას გაძლევთ, რომ კანუდოსს ხვრელის წყალობით აგაღებინებთ. თქვენ კი, პოლკოვნიკო, სიტყვა დადეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ოღონდ ამ საშინელი იარაღებით ნუ მაწამებთ და, ისე მომკალით. - თქვენი სიკვდილი რა საკადრისია, როგორ გე... - არ მაძლევთ სიტყვას? თავი მრისხანედ დაიქნია მანუელოს უკან მდგარმა დიდმა მარშალმა. - მეც ჭეშმარიტი პოლკოვნიკის სიტყვას გაძლევთ, ჰალე. - ძალიან კარგი, გრანდჰალე, მე მჯერა თქვენი... და მაგრამ, მაინც, ნუ გეწყინებათ და, შემომფიცეთ კიდეც. - ჩემს უსათნოეს მეუღლეს, გრანდჰალლა სტელლას გეფიცებით,-აღუთქვა პოლკოვნიკმა და მყისვე გაწითლდა - თავდახრილი, ისევ მშვენივრად გრძნობდა, როგორც უმზერდა დროებითი კაპრალი. აქ მანუელოც ძალიან შეცბა - ისეთი ზიზღით შესცქეროდა გაკოჭილი მწყემსი... - ძალიან კარგი, დიახ... - თქვა არეულმა მანუელომ, თავს ძლივს მოერია, - იმ ჩვენს საიდუმლო ხვრელზე რაიმე ცნობა მოგეპოვებათ? - ცხენი ეტევა! - მოყოჩაღდა პოლკოვნიკიც. - და მერე, განა, ერთი და ორი?! - ამაყად წარმოთქვა მანუელომ, თავი შემართა, - ახლა მეორე გარიგებაზეც გადავიდეთ, პოლკოვნიკო... თქვენი სახელი? - ჩიკოპოტამო, - თქვა პოლკოვნიკმა, ცოლის სახელის სწორად ხსენებამ რა ხეირი დააყარა და... ყოველ შემთხვევისათვის, მარჯვედ იცრუა. - მოგეხსენებათ, ჩიკოპოტამო, ცოლი და შვილი რა ძვირფასია, - ნაღვლიანად წამოიწყო მანუელომ, - შვილი სამი მყავს, მარგალიტივით... ორი ბიჭი და ერთიც - გოგო. მხოლოდ ჩემი უბადრუკი თავისა გამო მშობლიურ ქალაქს არ გავწირავდი, მაგრამ ცოლ-შვილი, მოგეხსენებათ... ახლა კი კარგად მისმინეთ, გრანდჰალე - მე თუ დავრწმუნდები, რომ ჩემს პატარა ბარათს ნამდვილად გადასცემენ ერთ კანუდოსელს, მერე დამშვიდებული გავამჟღავნებ თქვენთვის ესოდენ დიდმნიშვნელოვან საიდუმლოს. - ვინ კანუდოსელია, რა ბარათი... - ცოლის ძმა მყავს ძალიან მოლაყბე ერთი და, ყველას მუდამ რაღაცას გვარიგებს ვითომ, თავისი ჭკუით და მეტსახელად კონსელეირო შევარქვით, - მოგეხსენებათ, მრჩეველსა ნიშნავს. - როგორ გადავცეთ... აქეთ გამოვა? - არა, იქ მიცდის. მე... ანდა ბარათს. გული მიგრძნობდა, ბაზრობათა ქალაქში გავებმეოდით და აქ, კამორაშიც თავს ამომაყოფინებენ-მეთქი, ვფიქრობდი და იმას, ცოლისძმას, წამოსვლისას მოვეთათბირე - თუ დამიჭერენ, შეიძლება საიდუმლოც გამომძალონ და მაშინ როგორმე შენიღბულ ბარათს მოგაწვდი და ჩემი ცოლ-შვილი კანუდოსიდან როგორმე გააპარე...მეთქი. - კი მაგრამ, როგორ... - ახლა კი დიდად შეეჭვდა პოლკოვნიკი სეზარ, უმოწყალოდ სუსხი შეეპარა ხმაში, - ბარათის მიწვდენის იმედი საიდანღა გქონდა... ჩქარა მითხარი! - თქვენთვის დიდმნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნება უკანასკნელ იმედად მქონდა, გრანდჰალე. კაპრალს გახედა ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა. შეჭოჭმანებულიყო ისიც... მშვიდად განაგრძო მანუელომ. - წინასწარ იმიტომ დავაწყე ეს გეგმა, დარწმუნებული ვიყავ, ჩიკოპოტამო, თავიდანვე ჩაგვავლებდით, რას წარმოვიდგენდი, კაატინგასთან ისეთი ბითური გუშაგები თუ გედგათ. ჩემი ღალატის მიზეზებსაც აგიხსნით - სანამდე გავძლებთ, ადრე თუ გვიან უჩემოდაც ხომ მაინც იპოვით იმ საიდუმლო ხვრელს, და ბარეღამ ცოლ-შვილს ახლავე გადავარჩენ. თანაც, იმ უბედური ვაჭრის წამება რომ ვნახე, სიჯიუტე და ამაო ვაჟკაცობა არ ღირს, დავრწმუნდი. ძალიან დუმდა პოლკოვნიკი სეზარ, მერე იკითხა: - კი მაგრამ, როგორ შევატყობინოთ. - აი, ამაშია მთელი დავიდარაბა, გრანდჰალე. ახლა რომ გითხრათ, მე წავალ და შევატყობინებ და მაშინვე მოვბრუნდები-მეთქი, რაც არ უნდა ვიფიცო და დარწმუნებებით თავი ვიკლა, მაინც არ დამიჯერებთ, არაა ასე? - კი. - და პოლკოვნიკს მაცდური აზრი მოუვიდა: - ჩვენს კაცს რომ გავატანოთ... - ეს რა მითხარით, ჩიკოპოტამო, აჰ, - ჩაეცინა მანუელოს - ხვრელი რომ მიგასწავლოთ, მერე სულ ჩემი ცოლ-შვილის დარდი არ გექნებათ? მაშინვე შეცვივდებით კანუდოსში, ჩემიანები გაპარვას როგორღა მოახერხებენ... ეს როგორა თქვით, არ მოველოდი ამ სიტყვას თქვენგან. ჰმ, ჩვენს კაცსაო... - მწარედ ჩაეღიმა მანუელოს, თავისთვის ჩაილაპარაკა: - ხვრელის ამბავი რომ გაიგონ, ხომ მაშინვე წამაგდებინეს თავი?! - და თქვენ ხომ გვთხოვეთ, ოღონდ წამებით ნუ მომკლავთო და... - ვითომც სიტყვა მოუჭრა, მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა პოლკოვნიკმა - აჰ, როგორი რისხვით, და ეჰ, თან რა დამცინავად შესცქეროდა მარშალი ედმონდო ბეტანკური... არხეინად იღიმებოდა მანუელოც, მხიარული მწყემსი. - „ეს რა ჯანდაბა მომდის, მარშალთან როგორ ვიბნევი მაინც, ასეთ შეცდომებს... ნებისმიერი სერჟანტიც კი არ ჩაიდენდა, რა ოხრობაა ამის გვერდით ჩემს თავს“... - ნაღვლიანად გაიფიქრა პოლკოვნიკმა. - შეიძლება სწორი არ ვიყო, - აღნიშნა მანუელომ, - მაგრამ ხომ მაქვს ამგვარი ეჭვების საფუძველი... - კი მაგრამ, რა ვქნათ, - ფიქრებიდან გამოერკვა პოლკოვნიკი, - როგორ მოვიქცეთ... - გამოსავალი, ვგონებ არსებობს. - რომელი... ბრძანეთ! - თქვენ ჯერ ვერ მიხვდით? - ვერა. - მართლა ვერ მიხვდით? - ვერა. - ამას გავატანოთ. ზეს დააცქერდნენ პოლკოვნიკი და დროებითი კაპრალი. - აი ეგ კაცი, - თქვა მანუელომ, - ნამდვილი ხეპრეა, მაგრამ გარკვეული ღირსებები, როგორც ყოველ ადამიანს, მაგასაცა აქვს. მშვენივრად დააჭენებს ცხენს, მაგალითად... ადვილად მოსატყუებელიცაა. ახლა მოღალატე ვგონივარ, მაგრამ რამენაირად წავაბამ, ცვილს როცა გამოუღებთ ყურებიდან. მაგას თუ გავატანთ ბარათს, და სიტყვას მომცემთ, რომ არაფერს დაუშავებთ გზაში, დღესვე საღამოს საიდუმლო ხვრელი თქვენი იქნება. თავი სასწრაფოდ დაიქნია მარშალმა ბეტანკურმა. - კარგით. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენა გსურთ, - აღუთქვა პოლკოვნიკმა, - სადაა ბარათი. იმედია, ჩვენც გვაჩვენებთ... - რა თქმა უნდა, - დათანხმდა მანუელო, - მაგრამ ამისთვის ქაღალდი უნდა მომცეთ, და თუ შეიძლება ცოტათი იქითაც მიიწით, გრანდჰალე, არ მიყვარს როცა წერისას ვინმე დამდგომია თავს. მაგიდაზე მიმოყრილი უცნაური, სისხლშემხმარი ხელსაწყოები სავარძელზე გადაახვავა პოლკოვნიკმა. მაგიდას მიუჯდა მანუელო. იდაყვიდან იდაყვამდე გადაჭიმული სქელი ჯაჭვი ძალიან უშლიდა ხელს, მაგიდისაკენ გადაიხარა და ვერ გამოზომა, იატაკზე დაფრიალდა ქაღალდი. მყისვე ყოჩაღად დაიხარა პოლკოვნიკი, ქაღალდი თავაზიანად მიაწოდა და კაპრალის გვერდით, ისევ განზე გადგა. მანუელომ კი მადლობა უთხრა, პატარა ხანს იჩალიჩა, ოთხად გაკეცა მერე, წამოდგა: - აი, ესაა. - ხომ კი გვაჩვენებთ. - ინებეთ, ნახეთ. ოღონდ ამ კაცმა არ მოჰკრას თვალი. ფურცელს გაკვირვებული დასცქეროდა პოლკოვნიკი, ვერაფერს მიხვდა: - რაა... ეს რაა. - გაგიკვირდათ, ხომ? - გაეღიმა მანუელოს, - ეგ ნიშანია სწორედ იმისა, რომ გზა ხსნილი აქვთ. აბა, რომ დამეწერა, თქვენ იცით ახლა, გაიპარეთ-თქო, ძაან საქმე არ გამომივიდოდა? - ეს ყმაწვილი მარტოკა რომ დაბრუნდება კანუდოსში, თქმა აღარ უნდა, გარკვეულ ეჭვს გამოიწვევს და კარგადაც გაჩხრეკენ. და ეს ბარათი, კონსელეიროს ნაცვლად, მენდეს მასიელს ჩაუვარდება ხელში, ის ვერაფერსაც ვერ მიხვდება, კონსელეირო კი ვითომც რჩევისათვის ჩაიჭყიტავს და ყველაფერს გაიგებს. ეჰ, პოლკოვნიკო, პოლკოვნიკო, - სევდანარევი ღიმილით შეაცქერდა მანუელო კოსტა, - როგორ გგონიათ, ასეთ უბრალო ამბავსაც კი ვერ გავითვალისწინებდი? ბრიყვი გგონივართ... ჰა, როგორა ვქნათ, გავუშვათ ეს კაცი, თუ არა... - მე... მე მგონია... ხომ არ... იქნება... - უშნოდ აბლუკუნდა პოლკოვნიკი, და მოიფიქრა, - ვნახოთ, მარშალი რა პასუხს გაგვცემს. აი, ამ კაპრალს გავაგზავნი და... კაპრალო, წადით და მოიტანეთ მარშლის პასუხი. - ტყუილ-უბრალოდ ნუ შეაწუხებთ, - თქვა მანუელომ, - ნუთუ ვერა სცნობთ, ბეტანკურია კაპრალი ესე. - რაო?.. - ელდა ეცა პოლკოვნიკს, - რაებსა ჩმახავ! საიდან მოიტანე... - ჯერ ერთი რომ, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, თქვენს სიტყვა-პასუხში და საქციელშიც იგრძნობოდა, აქ რომ უფროსი გყავდათ - რაღაცნაირად, შებოჭილად მოქმედებდით. ის არსებაც, მაგის ფეხებთან გაწოლილი, მხოლოდ დანარჩენ ორ კაპრალს უბღვერდა, და თვალის კუთხით მაგისი თავის დაქნევანი გინდაც არ შემენიშნა, ჩემ მიერ განგებ დაგდებულ ქაღალდს თქვენ დასწვდით ასაღებად და არა უბრალო კაპრალი, პოლკოვნიკო. - ეგებ გენერალია რომელიმე, ჩემზე უფროსი... - ერთხელაც გასხმარტალდა პოლკოვნიკი სეზარ. - ქვეყანამ იცის, კამორაში მეორე კაცი რომ ხართ, გრანდჰალე. - ძალიან კარგი, - მძიმედ წარმოთქვა დიდმა მარშალმა, - სწორი ხარ, შვილო, ბეტანკური ვარ. ჩემი ნუ მოგერიდებათ, ისაუბრეთ, განაგრძეთ, - და გაიფიქრა: „გველის წიწილი, კარგად მუშაობს...“ - ვგონებ, უკვე შევთანხმდით, გრანდისსიმოჰალლე, - გაიჭიმა პოლკოვნიკი სეზარ, - თქვენი ნებართვაც თუ იქნება და... - კარგით, გავუშვათ ეგ კაცი, მარდი ბიჭი ჩანს, - ალერსიანათ დათანხმდა მანუელოს დიდი მარშალი, - მაგრამ ხომ ხედავ, როგორი ზიზღით მოგჩერებია, შვილო. ვითომ, დაგიჯერებს? - როგორმე მოვთაფლავ, გრანდისსიმოჰალლე, ხმას სულ შარბათად გადავიქცევ, ენას დავიტკბობ და რეგვენს სხვა რა უნდა. - კარგი, შენ იცი. - და სულ უკანასკნელი გარიგება, მარშალო - რომ დამთანხმდება, მაგ კაცთან ერთად, ოთხივენი, თქვენს თავლაში წავალთ. ამ ყმაწვილს ყველაზე კარგი ცხენის ამორჩევა არ გაუჭირდება, თქვენი ქალაქის კარი გაუღეთ, და რომ გაქუსლავს, ათიოდ წუთის შემდეგ თავით-ფეხამდე თქვენი ვიქნები, გრანდისსიმოჰალლე. მაგას, კარგ ცხენზე ვეღარავინ მიეწევა. მაჩეტეც გაატანოთ უნდა. აშკარად არ ესიამოვნათ უკანასკნელი პირობა პოლკოვნიკსა და მარშალს, შეიჭმუხნენ. - თქვენი იმედი და პატივისცემა რომ არ მქონდეს, - განმარტა მანუელომ, - ერთ გამორჩეულ მტრედსაც მოგთხოვდით, მაგას გავატანდი და იქამდე არ გავთქვამდი საიდუმლოს, სანამ ის მტრედი კანუდოსიდან დაბრუნდებოდა. მაგრამ ეს სრულიად ზედმეტია, ის თქვენი ბოთე გუშაგები ამას ვერ შეაჩერებენ - მთელი ჭკუა ხელ-ფეხში აქვს წასული, გრანდისსიმოჰალლე. - არა, არა, - თავი გაიქნია პოლკოვნიკმა, - ჯერ ის... - ხმა ჩაიწყვიტე, - მკაცრად წარმოთქვა დიდმა მარშალმა და მანუელოს მიუბრუნდა, - დრო რომ არ დავკარგოთ, მტრედი გავატანოთ, შვილო. - ეგრე უფრო დავკარგავთ დროს, გრანდისსიმოჰალლე, - მშვიდად შეაცქერდა მანუელო კოსტა, - ვიცი, რაცა გაქვთ გულში - მაგას მოკლავთ და მტრედს რამდენიმე ხნის შემდეგ აუშვებთ, მაგრამ არ გამოვა - სამგზავროდ გამზადებულს, ჩემ თვალწინ ხელები ხომ უნდა აუხსნათ, და გზად თუკი ვინმე მიუახლოვდება, და თუნდაც სასიკვდილოდ დასჭრის, მაინც მოასწრებს და იმ თქვენ გამორჩეულ მტრედს თავს წააწყვეტს, ჰალე. უკაცრავად - გრანდისსიმოჰალლე. ველოდოთ მერე იმ მტრედის გამოჩენას. უმძრახად იდგნენ პოლკოვნიკი და დიდი მარშალი. - ერთი რაღაცა ვერ გამიგია, - გაიკვირვა მანუელომ, - ამოდენა საიდუმლო უნდა შეიტყოთ და აი ამ ერთ რეგვენზე გეთანაღრებათ გული... კანუდოსს რომ აიღებთ, სადღა წაგივათ, ეგეც თქვენი არ იქნება და ცხენიც? - ეგ იმ თქვენ ქალაქში მარტოკა რომ დაბრუნდება, - გაბრაზდა პოლკოვნიკი სეზარ, - ყველა მიხვდება, თქვენს საიდუმლოს დიდი დღე რომ აღარ უწერია და გაამახვილებენ ყურადღებას, ხვრელის ამოსასვლელთან აუარება დარაჯს დააყენებენ და ხვრელიდან თავამოყოფილ ჩვენიანებს, გინდაც ათასნი ვიყვნეთ სულ მუსრს გაგვავლებს ათიოდ კაცი! დააინტერესა დიდი მარშალი პოლკოვნიკის გამონათქვამმა, მანუელოზე გადაიტანა გამომცდელი მზერა. - ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, პოლკოვნიკო, - ოდნავ გაბრაზდა მანუელოც, - ხვრელის თავთან ღამით შეუმჩნევლად მიხოხდებით, და პირდაპირ კაატინგაში გაისროლეთ, ათასივე კაცმა. მოგეხსენებათ, ტყვიას კაატინგა ვერ შეაჩერებს და იმის მიღმა ყველა გუშაგი განიგმირება. თანაც, ის ხვრელი არც ისე ვიწროა, თქვენ რომ გგონიათ - ექვსი ცხენოსანი ერთდროულად ეტევა. დადგებით იმ ხვრელთან, გაიშვერთ თოფებს და, მე შენ გეტყვი, უვარგისი იარაღი გექნებათ - ერთი ზალპი და იმისი ჯანი. კრინტს არა სძრავდა გრანდისსიმოჰალლე. - კარგით, მარშალო, - თქვა მანუელომ, - არ გინდათ, ნუ გინდათ, მოდით, წამებას შეუდექით, ამ კაცს სიტყვას კი არა, ბგერასაც რომ ვერ წამოაცდევინებთ, მშვენივრად ვიცი, და ისიც ვიცი, მე თუ გავმწარდები, ვერც ჩემგან მოისმენს თქვენი ყურები რასმე ღირებულს, ჰალე. წეღან გითხარით, ტანჯვას ვერ ავიტან-მეთქი, და სიმართლეც გითხარით, მაგრამ თქვენის მხრიდან ისეთი წვრილმანის ვერგამეტება, როგორიც ჩემი ცოლ-შვილია, აუცილებლად გამამწარებს და რასაც გეტყვით, იმასაც ვნახავთ. ვნაახოთ... - თვალები აუბრიალდა მანუელოს, - და ემაგ ტანჯვის ატანას რომ შევძლებ, ახლავე დაგიმტკიცებთ... და მანუელო, იდაყვებშებოჭილი, სავარძელზე დახვავებული ხელსაწყოებისაკენ გვერდულად გადაიხარა, ერთ მათგანს დასწვდა, მოიმარჯვა და მეორე ხელის შუათანა თითში ჩაისო, მოკლედ, ღონივრად გამოსწია და პოლკოვნიკსა და გრანდისსიმოჰალლეს ამოძრობილი ფრჩხილი აჩვენა. გაკვირვებისაგან ოდნავ გაუბაცდა თვალებში ჩამჯდარი ზიზღი გათოკილ ზეს; კვლავ ჭოჭმანებდნენ პოლკოვნიკი და დიდი მარშალი. - რაღას უდგეხართ, ჩიკოპოტამო, - თქვა მანუელომ, ამაყად გაიმართა, - ჯალათებს უხმეთ. იმასაც ვნახავთ, რა საიდუმლოს გაგიმხელთ წამებისას... სულ ვერცხლის ლანგრით მოგართმევთ, დიახ. „საწამებლიდან საღ-სალამათი კანუდოსელი როგორ გავუშვა - ფიქრობდა მარშალი ედმონდო ბეტანკური, - ვის გაუგია მტრის ასე გაშვება, უკანასკნელი ბითური ხომ არ ვარ... მაგრამ საიდუმლო... გვიანი მოქმედების საწამლავი რომ... თუმცა, პირს არაფერს აკარებენ და... ეს ენადქცეული ვაჟბატონი, წამებისას, ვითომ არ იტყვის? შებერტყილი ჩანს, შეიძლება მართლა არა თქვას... როგორ ადვილად გამოიძრო თვითონვე ფრჩხილი... ეს გაკოჭილიც მაგაზე უარესი ყოფილა... მაგრამ გაშვება როგორი... და იარაღიც უნდა დავუბრუნო?...“ - სანამ თქვენ აქ გუნებაში ბჭობთ, დიდო მარშალო, - დამცინავად მიაჩერდა მანუელო კოსტა, - ნეტა განახათ, კანუდოსში როგორ დროს ვატარებთ - სიმღერებს ვმღერით, და ლექსებს ვამბობთ, მდინარეშიაც ვხვანჩალებთ, ჰალე, თუ მოგვეხასიათება... საღამოობით გიტარაზე არხეინად ვუკრავთ, და დიდი, გუგუნა დოლის ხმაზე ცეკვებსა ვცეკვავთ... სისხლმა აასხა თავში ბეტანკურს: - თავლაში წადით, პოლკოვნიკო, ახლავე წადით, თუმცა ჯერ არა, ამას როგორც კი დაიყოლიებს, მაშინვე წადით. ყურებიდან ცვილი შენ გამოუღე, არ ჩასჩურჩულოს შეუმჩნევლად რამე, - კარისკენ მძიმედ მიეშურებოდა გაფითრებული მარშალი, მითითებებს გზადაგზა იძლეოდა, - და შენ კი, ბიჭო, ტილიანი ოჯახის მოყვარულო, მუნიანო მწყემსო, - მხარუკუღმა რისხვით გამოხედა, - კარგად იცოდე, ემაგ გაკოჭილთან საუბრისას ფარდის უკან იდგება პოლკოვნიკი და სხვადასხვა სამალავიდან რამდენიმე კაციც გითვალთვალებს სხვა, და რაიმე ნიშანი რომ მისცე მაგ ნაგავს, არც შენი ხვრელი მინდა და არაფერი, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ, იცოდე, და უსასტიკესი წამებით ამოგხდი სულს, კარგად იცოდე... - ასე არა სჯობს, გრანდისსიმოჰალლე? - გაიღიმა მანუელომ, მხიარულმა მწყემსმა, - ცოლ-შვილის დარდი აღარ მექნება. - რომ ვერ დაიყოლიოს, - შეშფოთდა პოლკოვნიკი სეზარ, გაიჭიმა, - გრანდისსიმოჰალლე? წამით შეჩერდა კარის სახელურზე თითებშევლებული ედმონდო ბეტანკური და მანუელოს ერთხელაც გახედა. - დაიყოლიებს, - უგემურად თქვა დიდმა მარშალმა, შეიჭმუხნა, - დაიყოლიებს, ისეთი ოხერი ჩანს... მთვარიანი ღამით თავაწყვეტილ ცხენს დაუზოგავად მიაჭენებდა ზე, და სუსტად აციაგებულ მდუმარებაში მძლავრი, სიჩუმის ღონივრად დამფლეთი თქარათქური შეჰქონდა, იშმუშნებოდნენ ფოთლებშუა შეყუჟული, ძილგამკრთალი ფრინველები, დაფეთებული სიჩუმე გაურბოდა ზეს, მაგრამ ფლოქვებით მაინც მიწაზე ილურსმებოდა ადგილის მდუმარება, ისე სწრაფად ჩაუქროლებდა ათრთოლებულ მიდამოს პირველი მწყემსი, და ხმაურმიღწეული შორეთი იძაბებოდა, ცხენზე იჯდა ზე, გაგიხარია... ქვიან ბილიკზე ფლოქვებქვეშ მჭახე, ირიბი ნაპერწკლები სხლტოდნენ, ქვიშაზე მძიმედ მიჭენაობდა ცხენი, ყრუ დაგადუგი გაისმოდა ღამეული სიცივით გამკვრივებულ მიწაზე, კანუდოსისკენ მიიჩქაროდა უცნაურად განთავისუფლებული მწყემსი, ეჭვები ღრღნიდა, და დიდის ამბით გამოტანილი საიდუმლო ბარათი უბეში ედო და მკერდს უხურებდა... ჩექმის ჯიბეში შიშველი მაჩეტე იმედად ეგულებოდა წინგადახრილს, ჯაჭვშემოცლილი, დაძარღვული ხელები აღარ უბჟუოდა, სადავეცა და წკეპლაც ერთნაირად მსუბუქად ეჭირა, ჭენებისას დაღლის ნაცვლად ისვენებდა ცხენზე გაზრდილი მწყემსი, მაგრამ ძალიან მოჭმუხვნოდა ყვრიმალებდაბერილი სახე, მთვარის უნდო ნათელით აბჟუტებულ სივრცეს კუშტად გასცქეროდა... გზად ცხენი ორჯერ გამოიცვალა, მაინცდამაინც არც შეფერხებულა, ისე - ბაზრობათა ქალაქთან ამხედრებულ კამორელთა ჯგუფი იდგა და, უკვე დღე იყო, შორიდანვე შეირჩია ცხენთაგან უკეთესი და ყველაზე მეტად დასვენებული, მეხივით მიეჭრა, ეგრევე აიწია და დაახტა, იმის განცვიფრებულ და შიშნაჭამ პატრონს კი კარგა მაგარი ბრაგვანი გაადენინა; მერე იყო და, კაატინგას მისადგომებთან, სილაში, მისკენ ზურგით მჯდარ, სასტიკ მცენარეში მთელის გულისყურით მომზირალ გუშაგს უხმაუროდ მიეპარა, უკანიდან თავში ჩააფარა და წამსვე დაიკავა დიდხანს ჯდომისაგან ჩათბუნებული იმისი უნაგირი, გადაიწია კაატინგა და, შორს ჩამოიტოვა წვალება-ტანჯვით ძლივს წამომდგარი, ადგილზე დაბარბაცებული გუშაგი. კანუდოსში გვიანი ღამით იყო, და მოერიდა ასე, ცხენდაცხენ ჭენებითა და ხმაურით შესვლა მიძინებულ თიხის ქალაქში, ჩამოქვეითდა, მიატოვა დაღლილი ცხენი და კანუდოსში ფეხით შევიდა. მდინარის წყნარად ნაქსოვი ხმა შემოესმა, მონაცრისფროდ მთვლემარე თეთრ კანუდოსში ფეხაკრეფით მიდიოდა ზე, რადგან გზა ყოველნაირ საცხოვრებელთა შორის ყველაზე მეტად გატრუნულ - თიხის ქოხებშუა ედო... თავისი სუფთა, მომლოდინე სახლისკენ ცალი თვალითაც კი ვერ ბედავდა გახედვას, კონსელეიროს ქოხისაკენ მიაბიჯებდა. კარი არ ებათ სახლებს კანუდოსში. ზღრუბლთან შედგა და მორიდებით ჩაახველა. „შენ ხარ, ზე?“ - მშვიდად გაისმა. „მე ვარ... კი“, „შემოდი“. ძალიან ბნელოდა ოთახში, ჭრაქი აანთო მენდეს მასიელმა, და ყოველივე სუსტად ალიცლიცდა, ფარფატა ჩრდილებით ილოკებოდა ბუნდოვანი ოთახი. ისევ ზღრუბლისკენ შეაბრუნა თავი მენდეს მასიელმა, ხელით მოიჩრდილა, „რომელი ხარ მანდ...“ „მე გახლავართ - დონ დიეგო“. „რამ შეგაწუხა“. „აჰ, ეს ზე ყოფილა?.. აღარ ველოდი. თვალი მოვკარი, ამ შუაღამით აქ რომ ვიღაცა შემოიპარა და... რა ვიცოდი, თუ დაუსხლტებოდა, - და შემპარავად, ფრთხილად ითხოვა: - ხელს ძალიან თუ არ შეგიშლით, მაინტერესებს მაგათი ამბავი...“ „კარგი, შემოდი, - ნება დართო მენდეს მასიელმა და ზეს მიუბრუნდა: - რა გადაგხდათ თავს, სადაა მანუელო, წვრილად მიამბე სუყველაფერი...“ მანუელო კი, ზე თვალს რომ მიეფარა, გაარხეინდა და სულწასულ პოლკოვნიკს ამშვიდებდა: „კარგი, მოიცა, ჩიკოპოტამო, სად გვეჩქარება, გავიდეს ათი წუთი“. პოლკოვნიკი კი მაინც ჩქარობდა, და როგორც იქნა და სილის ათწუთიანი საათი რომ ჩამოიცალა, სახელოზე დაქაჩა მოუთმენელი ხელით: - წამო, წავიდეთ. - სად წავიდეთ. - როგორ თუ სად, კაატინგასთან... - ფეხით? - იკითხა მანუელომ, - ძაან შორია. - ფეხით კი არა... აი აქ დგანან ცხენები, აი. - ცხენი რად გვინდა... - აბა რითი წავიდეთ, ჰალე... - სად უნდა წავიდეთ რო... - როგორ თუ სად, კაატინგასთან... - კაატინგასთან რაღა გვინდა... - აბა სადაა საიდუმლო ხვრელი... - რა ხვრელი... - თქვა მანუელომ. „მერე ერთი რამ გამიკვირდა, - განაგრძობდა ზე, - ის კაპრალი საუბარში რომ ჩაერია, არ ვიცი, ისეთი რა უნდა ეთქვა, მაგრამ ძალიან გაჭიმული და გაფითრებული იდგა მის წინაშე პოლკოვნიკი. მანუელოზეც ცოტათი გამინელდა ბრაზი, რადგან კაპრალი აშკარად განაწყენებული გავიდა. მერე პოლკოვნიკმა ყურებიდან ცვილი ამომიღო, თოკი შემომხსნა, და სანამ კარს მიიჯახუნებდა, მანუელომ თვალი ჩამიკრა, რატომღაც გახარებული ჩანდა. მე მაინც უნდოდ შევცქეროდი - პირობა გვქონდა, კრინტი არ დაგვეძრა. ის კი მთლად ენად გადაიქცა კამორელებთან. ალაპარაკებული, იქამდე თუ სულ თვალს მარიდებდა, ორნი რომ დავრჩით, ისეთნაირად შემომაცქერდა, დავიბენი და ახლა მე ავარიდე თვალი, ვერ ვენდობოდი მაინც, მაგრამ ფეხი რომ უნდა ამომერტყა ყბაში, გადავიფიქრე, ისეთნაირად იღიმებოდა, კანუდოსისთვის სიკეთე თუ გინდა, მითხრა მანუელომ და ის გაკეცილი ბარათი მომცა, ძალიან რომ ათვალიერებდნენ პოლკოვნიკი და კაპრალი - ეს ბარათი კონსელეიროს გადაეცი და პასუხსაც ის გამოგატანსო. ისე გულღიად შემომყურებდა, დავუჯერე... თქვენი სახელიც ახსენა და... ისიც წამოგვყვა. და დიდ თავლაში ამომარჩევინა პოლკოვნიკმა ცხენი. დავაჯექ და წამოვედი, არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა... ბარათში რაიმე ხრიკი არ იყოს“. „სადაა, მაჩვენე“, - მიუახლოვდა მენდეს მასიელი. ზემ ფრთხილად ჩაიყო უბეში ხელი, ოთხად გაკეცილი ბარათი გამოაძვრინა. კონსელეირო ჭრაქთან მივიდა, სუსტი შუქით გამჟღავნებულ ბარათს დააცქერდა, გადაატრიალა, გადმოატრიალა, ათვალიერა ერთხანს, და დონ დიეგო მიიხმო მერე: „მოდი, შენც ნახე...“ დონ დიეგომ კი ბარათს ერთი დახედა და უცნაურად შეაცქერდა ზეს, თვალში სისოვლე მოეძალა, რაღაცნაირად, თანაუგრძნობდა. ამაყად გახევებულიყო ზღურბლთან მისული კონსელეირო, ღამეს გასცქეროდა. „აი ის კაპრალი, ლაპარაკისას, ხელებს იფშვნეტდა?“ - იკითხა დონ დიეგომ. „კი“. „უბეში ხომ არ იყოფდა წამდაუწუმ ხელს...“ „კი. და აჟრჟოლებდა“. ერთმანეთს წამით გაუსწორეს თვალი დონ დიეგომ და შემობრუნებულმა კონსელეირომ, „საიდუმლო ხვრელი ორჯერ ახსენესო, არა?“. „ორჯერ, კი“. „ასეც ვიფიქრე, კონსელეირო, - ხმადაბლა უთხრა დონ დიეგომ, - არარსებული ხვრელის ჩვენებას დაპირდებოდა, თანაც, როგორი საქმეა ორი ისეთი ავაზაკის საწამებელში მოტყუება, იქით ისინი წაუბია, აქეთ - ეს, მეც კი გამიჭირდებოდა მსგავსი არტისტიზმი... - და ზეს შეაცქერდა, - შენ არ გინახავს, ბარათი, არა?“ „არა, - კუშტად თქვა ზემ, - საწამებელში არ მაჩვენეს და წამოსვლის წინ კი მანუელოს სიტყვა მივეცი, რომ არ ვნახავდი. ძალიან დამიჩემა... - და ისევ ბოღმა შემოაწვა, - იმათ კი, ორივეს, ისეთი დიდი სიამოვნებით აჩვენა!“ ისევ გაუსწორეს ერთმანეთს პატარა ხნით თვალი დონ დიეგომ და კონსელეირომ, და ზე გაცხარდა: „ბოლოს და ბოლოს, რა ბარათია, ხომ უნდა ვიცოდე, დროებით რისთვის გამომიშვეს!“ „დროებით არ ხარ გამოშვებული, დაწყნარდი, კარგი... - ხმა დაურბილდა დონ დიეგოს, - მალე გაიგებ ყველაფერს, მაგრამ ჯერ ერთი რამ უნდა გკითხო - როგორ დაშორდი...“ „ვის, იმას?“ - ვერ ახსენებდა ძმაკაცის სახელს. „მანუელოს, კი“. „ცივად, ცოტათი... - განზე გაიხედა ზემ - სანამ იმ გამორჩეულ ცხენზე შევჯდებოდი, მომიახლოვდა და გამიღიმა“. „ურცხვად ხომ არა...“ - ძალიან დაინტერესდა დონ დიეგო, ერთიანად აიწურა. „მე მგონი, ურცხვად... და ესეც არ მაკმარა - იდაყვები რადგან შებოჭილი ჰქონდა, ცალი ხელი ზურგს უკან წაიღო, რამდენადაც შეეძლო, ისე, ამით მეორეს მეტი თავისუფლება მისცა, და მაინც გვერდზე ძალიან დასჭირდა გადახრა, გადაიხარა და როგორღაც შეძლო, მხარზე დამადო ხელი, მკითხა: გახსოვს, ხანდახან ღამღამობით ერთად რომ ვსვამდით?“ „და, გიღიმოდა?“ „კი. მაგრამ მერე, არც ისე ურცხვად...“ „შენ რაღა ჰქენი, ზე... გაუღიმე?“ „არა. მე მხარი ავუკარი, და ხელი ავაღებინე, რადგან ბოლომდე დარწმუნებული ახლაც არა ვარ მასში“. „მერე, ეწყინა?“ „წყენით არ ვიცი, ისე კი, ნაღვლიანად და თან სიხარულით შემომცქეროდა... - და უცებ რისხვა შემოაწვა ეჭვებაშლილ ზეს, - აღარ მაჩვენებთ იმ ოხერ ბარათს!?“. კონსელეირო ჭრაქიანად მიუახლოვდა, მომეტებულად აცახცახდნენ ქოხში ჩრდილები, სევდანარევი სიამაყით შესცქეროდა ზეს, და წყნარად უთხრა: „ბარათს გაჩვენებ, ოღონდ გამაგრდი, ზე...“ ხმისამოუღებლად გაიშვირა ხელი შემკრთალმა მწყემსმა, სწრაფად გაშალა დაკეცილი ბარათი, ჭრაქს მიუახლოვდა და გაშრა - საკვირველებავ, ქათქათა ფურცელს ერთი წერტილიც კი არსად აჩნდა. მთლად სუფთა იყო! „რაა... ეს რაა!“ - წამოიძახა გაფითრებულმა პირველმა მწყემსმა, და სუყველაფერს ერთბაშად მიხვდა, დონ დიეგომ კი მაინც აუხსნა: „გადაურჩენიხარ, ზე“. მანუელო კი იქ, კამორაში, გაუთავებლად იმეორებდა: - რა ხვრელი, რის ხვრელი... - როგორ თუ რა ხვრელი... - თმა აბურძგნოდა პოლკოვნიკ სეზარს, - რეებს მიქარავ, სადაა ხვრელი... - რომელი ხვრელი... - ლაღად ჩერჩეტობდა მანუელო, - ხვრელი ძალიან ბევრნაირია... თქვენ რომელი გაინტერესებთ? „სად უნდა დაბრუნდე, რას ამბობ, ზე, - წინ გადაუდგა და ხელისგული მიაშვირა დონ დიეგომ, - კამორაში შესვლისას ისევ ჩაგაბამენ ჯაჭვს და იმ პოლკოვნიკს თითსაც ვერ დააკარებ...“ „უნდა წავიდე მაინც. ჩამომეცალე“, - მკაცრად შეხედა ზემ. „ჯერ მომისმინე, ზე, და მერე წადი“, „ჩქარა მითხარი“, - გაღიზიანდა პირველი მწყემსი, მოუთმენლად მოინაცვლა ფეხი. „კარგად დამიგდე ოღონდ, ზე, ყური, - გაბრაზებულსა და თვალარიდებულს, დონ დიეგო ჯიუტად შესცქეროდა, - ჯერ ეს ერთი, რომ მაინც წამებით ამოგხდიან ორთავეს სულს, რადგან ის ხვრელი, კარგად იცი, სულ არ არსებობს, მეორეც ის, რომ მანუელომ იცოდა ყველაზე მეტად შენ რომ გვჭირდები აქ, კანუდოსში, რადგანაც დიდი ბრძოლები გველის, შენ კი პირველი მეომარი ხარ. ჩემს შემდეგ“. აბუჩად შეავლო თვალი ზე მორეირამ, მაგრამ დონ დიეგომ უშფოთველად განაგრძო: „მესამეც ის, ზე, რომ შეიძლება მანუელოს იმედი აქვს, ვითომ ხვრელისკენ რომ წაიყვანს კამორელებს, აიღებს და კაატინგაში გამოვა, ეძებონ მერე, - და შეუმჩნევლად დაიმორცხვა აქ დონ დიეგომ - მშვენივრად იცოდა, კაატინგას სიახლოვეს ორ-სამ თოკს მაინც შემოახვევდნენ მანუელოს წელზე, - მეოთხე ის, რომ იქ თუ დაბრუნდები, ისევ შენს გადარჩენაზე დაიწყებს ფიქრს და ამით ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევ, თავისი თავის გადასარჩენად ძალიან შეუშლი ხელს, ზე, რადგან ორივეს ერთად, კაატინგასთან არ მიგიშვებენ, აქვთ იმ ნაგავებს იმდენი ჭკუა, და მეხუთეც ის, - მიუახლოვდა დონ დიეგო, მხარზე ნუგეშად დაადო ხელი, - ცოცხალი აღარც იქნება მანუელო, და იმ ნაძირალების გახარების მეტს ვერაფერს მიაღწევ, და ის გიჯობს, ზე, აქ რომ დარჩე და შური იძიო. დიდი ბრძოლები გველის. აგერ პრუდენსიომ, ძმები იმისთვის მიატოვა, შური რომ ეძია...“ აწურული მხრები ჩამოეყარა პირველ მწყემსს, გაიბზარა... მენდეს მასიელისკენ გააპარა უმწეო მზერა. იმანაც მძიმედ, დამაჯერებლად დახარა თავი, დინჯად აუხსნა: „როდესაც ჭირში ადამიანს გვერდით ჰყავს ვინმე, ისიც მასავით განწირული, უმსუბუქდება ხვედრი... მანუელომ კი, როგორც ხედავ, ზე, თავს სძლია და სასტიკი ტანჯვის მოლოდინში, შენზე ფიქრობდა. და იმიტომაც მოგატყუა, იცოდა, ზე, რომ ქედმაღალი ხარ, მის დატოვებას არ იკადრებდი. ძალიანა გთხოვ, ნუ ჩაუყრი ამ დიდ სიკეთეს წყალში, ცოდოა...“ ფრთხილად მოიშორა დონ დიეგოს ხელი ზემ, თავჩაქინდრული, ქოხიდან გავიდა, ძლივს აითრია ფეხი... - ასე არ ხდება, არა, არა, არ ხდება-მეთქი, - გაცხარებული იმეორებდა დიდი მარშალი, - ფეხებზე დაიკიდებდა იმ ამხანაგს თუ რა ჯანდაბა ერქვა, ცოლ-შვილსაც ზედ არ მიაფურთხებდა, ჩვენგან შეწყნარების იმედი რომ არ ჰქონოდა, ასეთია ადამიანის ბუნება და წესი... - არ ვიტყვიო და, გრანდისსიმოჰალლე... - ისე იტყვის რომ, ძალიან კოხტად... შენი მოწონებული... მზე მაღლა იქნება, - თავს იმშვიდებდა დიდი მარშალი, - სამაგალითოდ უნდა ვაწამოთ, და თუ ოთხივე სანაქებო ჯალათის ხელოვნებამ არ გასჭრა, არუფას გაგატან და კარგად მოვაშიებ მანამდე... - პირს არ აკარებს მაინც საჭმელს, გრანდ... - არუფას მოვაშიებ-მეთქი, მაგას კი არა, ბრიყვო... - კვლავ ბოლთა დასცა დიდმა მარშალმა, ხელებს იფშვნეტდა, - მაშ, ასე გითხრა? - დიახ, სწორედ ეგრე მითხრა, გრანდისსიმოჰალლე - ამხანაგი ხომ გადავარჩინე და ახლა არაფერს არ გეტყვითო ... - ტყუილია ეგ. ადამიანია, ბოლოს და ბოლოს... და, რადგან ყოველ ადამიანს, სხვისი ჭირი უფრო ამხნევებს, ასე, უბრალოდ, მხოლოდ იმისი გადარჩენისთვის გვერდიდან არ მოიცილებდა. რაღაც სხვაშია, პოლკოვნიკო, საქმე... - ასე კი იძახდა და... ხანდახან იმასაც ამბობს, რა ხვრელი, რის ხვრელიო... - ძალიან კარგი, - გაღიზიანდა დიდი მარშალი, - იმასაც ვნახავთ, წამებისას როგორი ხუმარაობის ხასიათზე იქნება. მეც წამოგყვები. გასასვლელები ხომ საიმედოდ ჩაკეტილია... - დიახ, გრანდ... - წამო, წავიდეთ. ტანსაცმლიანად გაწოლილიყო ქვეშაგებში მწარედ ფიქრებაშლილი მწყემსი, ხელები თავქვეშ ამოედო, ბნელ ჭერს შესცქეროდა; არ სიამოვნებდა მარიამის ნაზი ხელისგული, მკერდზე რომ ედო; კედლისკენ გადაბრუნდა. „რა შენი ბრალია, გამოიხედე, ზე... - ხმადაბლა უთხრა მარიამმა, ახლოს მიუჩოჩდა, აეკრო, - მაინც ორივე დაიღუპებოდით... რას შემატებდა შენი სიკვდილი. გამოიხედე... იმას კი მართლა შეემატა, რა ვიცი, როგორ ეძახიან... ვაჟკაცობაო, თავდადება. გამოიხედე...“ „დამანებე თავი...“ - თქვა ზემ, მძიმედ წამოდგა, მთელი ოთახი გადაიარა, მოპირდაპირე კუნჭულში მიწვა, მოიკუნტა. - იმ კაცის გაშვება მოგვთხოვე, შვილო და, გავუშვით, - ამბობდა მარშალი ბეტანკური, - ცხენი თვითონ ამოირჩიოსო და ამოვარჩევინეთ, ათ წუთს ნურავინ დაედევნებითო და, ვინ ოხერი, ვინ გადგა ნახევარ საათს ფეხი... ის რაღაც ბარათი უნდა გავატანოო და, ხომ გავატანეთ, მაჩეტე უნდა დაუბრუნოთო, დაიჟინე და, აკი დავუბრუნეთ, მანამდე კარგად გაგვაკოჭინე და ცვილით ამოგვაგლესინე იმ კაცის ყურები, შენი სურვილით, და, ესეც არ იყოს ჭეშმარიტი ვაკეიროს სიტყვა ხომ კი მოგვეცი, და ახლა აღარ იძახი არაფერს, შვილო? - რა უნდა ვთქვა რო... - ხმადაბლა იკითხა მანუელომ, ცოტათი მართლა დამორცხვებული ჩანდა. - სადაა ხვრელი... - რა ხვრელი... - წამოიძახა მანუელომ და გაწითლდა. თვალთ დაუბნელდა მარშალ ბეტანკურს, განრისხებისგან სულ აერ-დაერია გონება, და, სასწაულით, მაინც შეიკავა თავი: - ეგაა ჭეშმარიტი ვაკეიროს სიტყვა? - გულდათუთქული პატიოსნებით დაეკითხა, - ასე უნდა მოგეტყუებინე, შვილო? - მაგისი ბრალია, - პოლკოვნიკისკენ, განზე, ორჯერ მკვეთრად გაიქნია ცერი მანუელომ, - მაგან დაიწყო თავიდან ტყუილები, მე კი არა... და ამიყოლია. აქ არ იყავით თქვენც? - რა მოგატყუა? მითხარი და, დავსჯი... - რა მომატყუა და, ჯერ ერთი, ჩიკოპოტამო მქვიაო, მითხრა. ადამიანურად ვკითხე სახელი და... სულ არ დამინდო, გამამასხარავა, - საწყლად ჩიოდა ვითომ მანუელო, - ესაა საქმე? რა დავუშავე, რას მატყუებდა... - მართლა ჩიკოპოტამო მქვია. - არ დაიბნა პოლკოვნიკი, - შინაურობაში ასე მეძახიან, ღმერთმანი. - კი, როგორ არა, დიახ, - დამცინავად შეაცქერდა მანუელო, - შინაც და გარეთ ფედერიკოს გეძახიან, გრანდჰალე. - საიდან იცი ჩემი სახელი... - განცვიფრდა პოლკოვნიკი. - მითხრა ერთმა ქალმა... შინაურობაში მაგას თუ გეძახიან, იმ ქალს აღარ ეცოდინებოდა? საკმაოდ ახლოს ყოფილა თქვენთან. ზედმიწევნით ახლოს, გრანდჰალე, თქვენი გადახრანიც კი მიამბო, ასე, რომ, იმ ქალის წყალობით, მოხარშულს გიცნობთ. ისე, ცოტათი ჩვენც ახლობლები გამოვდივართ, იმ ქალის გამოისობით, შენ და მე... - ვინ, რა ქალია! - გადანრისხდა პოლკოვნიკი, - ახლავე მითხარი!!! - ჰეჰ, - კოხტად ჩაეცინა მანუელოს, - ხვრელს არ გიმხელ და, იმ ქალის სახელს გეტყვი, ჰალე? - და დააყოლა, - უთხარით, რა, დიდო მარშალო, ეგრე ძალიან ნუ მიბრიალებს თვალებს, მეშინია... - მთლად მოისაწყლა თავი მანუელომ. - ენა ჩაიგდე, ფედერიკო, და განზე გადექ! - ხმა აღიმაღლა დიდმა მარშალმა. კუთხეში მიიყუჟა დატუქსული პოლკოვნიკი, ნაცემი ძაღლივით გამოხედა მანუელოს, მაგრამ მზერაში ღრენაც ერია. მანუელომ კი ნიშნით მიუგო: - ახია შენზე, - უთხრა პოლკოვნიკს, - აბა რა გეჩიკოპოტამოებოდა? - მომხედე, შვილო, - დაუყვავა მარშალმა ბეტანკურმა, - ნუ აქცევ მაგას ამდენ ყურადღებას, არაა ღირსი, თუკი გვეტყვი ან მიგვანიშნებ, სადაა ხვრელი, ცოცხალსაც გაგიშვებთ და იმ ათ დრაჰკანსაც ერთი-სამმაგად დაგიბრუნებთ, შენიანებსაც... მაგრამ მანუელოს უცებ მობეზრდა თვალთმაქცობა და თამაში, გააწყვეტინა: - ჩემგან ერთ სიტყვასაც ვეღარ გაიგებ, და შვილოსაც ნუ დამიძახებ, მამაჩემი გარეწარი არ იყო. მიდით, შეუდექით. და, სავარძელზე დახვავებულ, აკრიალებულ ხელსაწყოებს, ზიზღით დახედა - რაღაცნაირი დაგრეხილი ნემსები, მარწუხები, მაკრატელი, სქელი მავთული, დაკლაკნილი რკინა... - აბა, ვნახოთ თუ ვერ გათქმევინებ, ძაღლიშვილო. - ძაღლთაპირო, ვნახოთ, - ყვრიმალები დაებერა მანუელოს, - შენ მხოლოდ იმას ნახავ, დამონებული ავაზაკების თავო და თავო, როგორ მოკვდება თავისუფალი მწყემსი. - გამოდით, ჩქარა, - შესძახა მარშალმა ბეტანკურმა და თავისი ხელით გადასწია ფარდა. ოთხივე გატრუნული ჯალათი იქ იდგა თურმე, ცვილი გამოიჩიჩქნეს ყურებიდან, - ძალიან უცებ არ შემოგაკვდეთ, მაესტროებო, ნელა, ნელინელ აწამეთ, ძალიან ნელინელა... და არუფაზე თუ მიდგა საქმე, შენ მომახსენებ, პოლკოვნიკო, ნუმერ მეხუთეში ვიქნები. ყოფა უტირეთ... სახელოები დაიკაპიწეს ჯალათებმა და, ერთმა პერანგიც კი გადაიძრო; ხელებში ჩასჭიდეს ხელი. - შვიდი არუფა რომ დამახვიო, მაინც არაფერს გეტყვი, ვირიშვილო შენ.... - თქვა მანუელომ. - არუფა კაცი გგონია, არა? - ზედ კართან შედგა დიდი მარშალი, თვალმოჭუტულმა გამოხედა, გააჟრჟოლა. - აბა, ქალია? ამისი თუა, კარგი იქნება, - პოლკოვნიკისკენ ნიკაპი გაიშვირა მანუელომ, - ქალების ჭკუა... - ნახავ, რაც არის... - შენნაირი ოხერის მერე აღარაფერი გამაკვირვებს, ნაძირალების ჭკუა-გონების სალაფავო, შენ... იმასაც ნახავ, რასაც გაიგებ. - ვნაახოთ, ვნაახავთ, - მთლად აკანკალდა დიდი მარშალი. თითებს იმტვრევდა. - ვნახავთ, კი, ვნახავთ, - ზიზღით გამოაჯავრა მანუელომ და იმ საშინელ ხელსაწყოებს ისევ რომ გადახედა, ერთხანს თითქოს შეკრთა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა: „რა უნდა ვთქვა რო... ძალიანაც რომ მოვინდომო, ვთქვათ, რაც არ ვიცი, იმას როგორ ვიტყვი, - და აქ ძალიან გამხიარულდა, - ვაჰ, ეს რა კარგი რამ მოვიგონე... ვაჰ, ეს რა ძალიან კარგი რამე მოვიგონე, მინდა-არმინდა, მაინც გმირი ვარ...“ ეს სიტყვა, გმირი, რაღა თქმა უნდა, ხუმრობით გაიფიქრა... ღამე გაბაცდა, გათენებისა ეშინოდა კუთხეში საწყლად მოკუნტულ ზეს, სიბნელის მოსურნეს, თვალები მაგრად დაეხუჭა, მაგრამ დროს, დილას, რომელი შიში შეაჩერებდა - ოთახიდანაც გარეთ იწოვებოდა დანამცეცებული, მძიმედ მოტივტივე ბინდი, და ზეს გულმოსაკლავად, ისე თვალნათლივ მსუბუქდებოდა... გატრუნული იწვა პირველი მწყემსი, და სუნთქვისაც კი ერიდებოდა - სხვის წილს, სხვის ჰაერს, მანუელოს წილ ჰაერს ისუნთქავდა თითქოს, ეჩვენებოდა ასე... და ვერც გაიგო, უნებურად ისე ჩათვლიმა. ბურანმა წაართვა გაბეჩავებული თავი, და მაშინვე ისევ ძმაკაცის სახე წარმოუდგა, მშვიდი, მართალი, სევდიანად მომღიმარი, თურმედა ზეს მომავალი თავისუფლებით გახარებული, ეჰ, რა იცოდა, და მკვეთრი ბიძგით წამოიწია ზემ, მიმოიხედა - შეშფოთებული შესცქეროდა ეს მერამდენე ღამენათევი მარიამი, დილის ბინდბუნდში განაცრისფერებოდა მოღლილი სახე. უპეები ამოლურჯებოდა. „არ დაიძინებ? ლოგინზე დაწექი, გთხოვ“, შეევედრა მარიამი, ზე კი არც შერხეულა, და, ხმაწამხდარმა, მხოლოდ ესა თქვა: „კარზე საბანი ჩამოკიდე, ფანჯრებსაც ააფარე რამე“. ისევ ჩამობნელდა ზეს ქოხში, ვითომც - დაღამდა, სიამოვნებდა წყვდიადი, მაგრამ იქვე, მის სახლთან გულმოდგინედ კრიახობდნენ ქათმები და კამორული ცვილი ინატრა - არც აღარაფრის მოსმენა სურდა, არავის დანახვა, შვილებისაც კი, არც ჭამა, სუნთქვა, არც ხმის გაღება, „ეს რა მიყავი, მანუელო, - მწარედ გაიფიქრა, - ვითომ გამანთავისუფლე და, ვაი ასეთ თავისუფლებას... ამ ტანჯვის ნაცვლად, მოვკვდებოდი და ის იქნებოდა, გავნთავისუფლდებოდი მართლა, - დამწუხრებული ფიქრობდა მოკუნტული დიდი მწემსი, ზე, - ეს რა მიყავი, მანუელო, რა დღეში ჩამაგდე...“ „არ მოგშივდა, ზე?“ - მორიდებით დაეკითხა მარიამი. „არა. წყალი დამალევინე“. მხარი რომ აუკრა!.. ყველაფერზე სასტიკი მაინც ეს გახსენება იყო, ყელი ამოეწვა, და თიხის მოზრდილი თასი ხარბად რომ გამოსცალა, უფრო მოსწყურდა, ისევ გაუშვირა მარიამს თასიანი პეშვი, შეავსებინა, პირთან მიიტანა და, შეცბუნებულმა გადაიფიქრა - მანუელოსი მოეჩვენა წყალი, თასი იატაკზე ცივად დადგა, ბნელ კუთხეში მიიყუჟა ისევ. მანუელოს კი წყალს ასხურებდნენ, და შხეფებმა რომ ვერაფერი უშველა, სამმა ჯალათმა წყალი უზარმაზარი კასრით დააქცია თავზე, მეოთხე განზე იდგა, ხელში მანუელოს თვალი ეჭირა. ატალახებულ სოხანეზე გულაღმა წაქცეულიყო მანუელო, გონებადაკარგულს, თავი უმწეოდ უცახცახებდა, აჯანჯღარებდნენ, ორგან ამოკორტნილ მუცელზეღა შერჩენოდა თვალის ფოსოდან გადმომდინარე სისხლი, სხვა ნაკვალევი გადაერეცხა წყალს. და ერთ-ერთ ჯალათს უნებურად მის ჩატეხილ ნეკნზე რომ მოუხვდა სქელი მოქნილი თითი, ისევ ტკივილმა გამოაფხიზლა მანუელო - დასიებულ ტუჩებზე ენისწვერით წყლის ორიოდ წვეთი მოიძია, და კენტად შერჩენილი თვალი გაახილა - ზედა ქალაქის ნაღების თვალსაჩინო უმეტესობა შეკრებილიყო - მარშალი კადიმათი, პოლკოვნიკი და მიჩინიო, დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, გასაიდუმლოებული მექისე ალფრედო ევია - წამების დარგში, ყველასა ჰქონდა თითო-ოროლა აღმოჩენა, უმრავლესობა გამოიყენეს... და მთავარი რამ საშინელება, დიდი მარშალის კატა, არუფა მშვენიერ გალიაში იჯდა, ახლა იმაზე მიმდგარიყო ჯერი. წამოიწია მანუელომ, არა, არ სურდა იმათ წინაშე მიწაზე გდება, ფრჩხილებდაძრობილი თითებით დაეყრდნო სისხლნარევ მიწას. დამსწრეთა გასაკვირად, მაინც შეძლო და წამოდგა ფეხზე, დაბარბაცდა, მაგრამ შეიკავა თავი. ირწეოდა, და იდგა. თავი მკვეთრად დაიქნია მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა, გალიის კარი გაუღეს არუფას და იმ ჯალათმაც ახლოს მიუგდო თვალი. საშინელებას დასცქეროდა მანუელო - მსუნაგად, ფეხაკრეფით უახლოვდებოდა რბილ თათებში ჭანგებშემალული არუფა ნუგბარს... ნუ გამირბიხარ, ვიცი, ძნელია, მაგრამ მანუელო ხომ სხვადროსაც გახსოვთ... იქ, სერტანაში, უცნაურად იღვიძებდა ვაკეიროთგან უმხიარულესი - თვალს გაახელდა თუ არა, იღიმებოდა. სულელის ღიმილს არ წააგავდა მისი სიხარული, უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას - ყოველივეთი აღფრთოვანებულს, კოშკივით სული ევსებოდა და მხიარულად დასდევდა დუჟმორეულ ხარებს, გახსოვთ? როგორც ყოველმა ვაკეირომ, იმანაც მშვენივრად იცოდა თავისი საქმე და სულ ცოტათი - უფრო. თვით დიდ მწყემსს, ზე მორეირასაც კი უახლოვდებოდა მამაცობითა და ღონით. მანუელასთანა ცოლი მაშინ არ ჰყავდა და ბაზრობათა ქალაქში ხშირად დაიძურწებოდა ხოლმე, სიხარულს წინასწარატანილი - ორი თითით ყელს მოიწიწკნიდა და ასე სთხოვდა თავის მეზობელს, ზე მორეირას, ნახირისათვის ერთი დღე ეპატრონა. გარეგნობითაც ყმაწვილი გახლდათ, ჰეე... როგორ უყვარდა თავისი ცხენი... და თუ ყოველი ხე, უკანასკნელ ფოთლიანა, ჟრუანტელს ჰგვრიდა, უდაბნოში პეშვით აღებულ სილასაც იმავ სიყვარულით დასცქეროდა, ვინ რას გაუგებდა - მაშინ მარტოკინა იყო. მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივესი დაფარული ფასი და იქ, სერტანაში, უცნაური სიყვარული სჭირდა - მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა - ბაობაბივით დიადდებოდა - ლამაზდებოდა, იფურჩქნებოდა, რა უცნაური მწვანე ეფინებოდა, რას არა ჰგავდა, ცად აზიდული მანუელო კოსტა ცხენიდან მსუბუქად ჩამოხტებოდა და შუაგულ ბუჩქში გულაღმა წვებოდა - ცამდე ამაღლებდა. მთელი ქვეყანა - ღატაკ მანუელოსი გახლდათ, ისეთი ცქერა იცოდა, ალბათ თქვენც გახსოვთ - საცა კი თვალი მიუწვდებოდა, სუყოველივეს ითვისებდა. ყოველივეთი იჟღინთებოდა ვაკეიროს ტევადი სული და, ბედნიერად აღზევებული, სილამაზეში გაღიმებული დააქროლებდა მშვენიერ ულაყს ერთცხენიანი მეფე - მანუელო კოსტა, ლაღად აციმციმებული თვალებით მიდამოს სჭვრეტდა, იხიბლებოდა, და იმ წყვილად ნაბოძებ წყალობათაგან ერთს, სოხანეზე ჯალათის ხელით დაგდებულს, ახლა მარშალ ედმონდო ბეტანკურის განებივრებული კატა - არუფა ჭამდა! - დედამიწაზე არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, რაც თვალია, - თქვა მარშალმა ბეტანკურმა, მიუახლოვდა, - რამდენი ფერის, საგნის, ნივთის გამორჩევა შეუძლია. თვალი ყველაფერს საინტერესოს ხდის, თუკი შეიძლება ასე გამოითქვას, ყველაფერს ასაინტერესოებს... მანუელოს უხსნიდა. - როცა რაიმე დიდი ღირებულება გვაქვს ხოლმე, ჯეროვნად ვერ ვაფასებთ და ვერ ვამჩნევთ, და მხოლოდ მაშინ ვწუხვართ, როცა დავკარგავთ, თვალი კი ამქვეყნად უძვირფასესია. თვალი ყველასათვის საჭიროა - უბრალო მეწაღისთვისაც და ისეთი დიდი შემოქმედისათვისაც, როგორც გრეგ რიკიოა. სადაა ხვრელი... პირმოკუმული შესცქეროდა მანუელო კოსტა. - ახლა ცუდ ოთახში ვართ და თვალებს... ეე, თვალსა გვტკენს ეს ყველაფერი, მაგრამ აქ შენი წყალობით ვართ, ჩემს გამო კი არა, არამედ შენი სიჯიუტის წყალობით, მაგრამ თუ მოინდომებ და კარგად მოიქცევი, ეგ ცალი თვალიც შეგრჩება და დაზიანებულ ეე... დაზიანებულ ადგილებსაც დახელოვნებული ექიმები გიმკურნალებენ. სადაა ხვრელი... აღარ ბარბაცებდა მანუელო, გაქვავებული იდგა, ყოველი ნაკვთი გახევებოდა, სისხლი სდიოდა მხოლოდ. - თუ არ გჯერა თვალის შენარჩუნების უპირატესობა, ჩემს ბაღში გაგატარებ, იქ შესანიშნავი მცენარეები და ნარგავებია, სუფთა ჰაერის მომცემი, თავისი საქმის მცოდნე მებაღეები ძალიან გულისყურით უვლიან, ისინი ნამდვილი ბუნების მეგობრებია. ბუნება არ გიყვარს? ოღონდ მითხარი, სადაა ხვრელი, და კარგად დაგათვალიერებინებ ბუნებას. ანდა, თუ გინდა, ჯერ ბუნებას დაგათვალიერებინებ და მერე მითხარი. კარისკენ შებრუნდა მანუელო, ფეხი გადადგა. მაშინვე გადაეღობა ორი ჯალათი, მაგრამ მარშალმა ბეტანკურმა ხალისიანად შესძახა: რად უშლით ხელს, განა დასაძრახისია, ადამიანმა კარგი ბაღის ნახვა რომ მოინდომოს?.. - და აედევნენ, - აქეთკენ წადი... ახლა იქ... ასე. ახლა ეს კიბე აიარე... აი იქ შედი. შვიდჯერ თერთმეტი ოცდაოთხია, გაუღეთ კარი... ახლა, იქ... აქეთ. რომ არ წაქცეულიყო, კედელს მიუყვებოდა მანუელო კოსტა, ნაჯიჯგნი სხეული სურვილითღა მიჰქონდა, სხვა რამ ძალისგან დაცლილი იყო... მზემ ერთადერთი თვალი მოსჭრა, თავი დახარა. შეკრეჭილი ბალახი დაინახა, ცოტათი იქით - შეკრეჭილივე ბუჩქები, შეიჭმუხნა - ეზიზღებოდა, ბუნების საქმეში როცა ერეოდნენ. მაღალი ხისკენ წაბარბაცდა, ტოტისკენ ძლივს ასწია თითებდამტვრეული ხელი. - აჰ, ხეზე ასვლა სურს, - მიხვდა ბეტანკური, - ძალიანაც სწორია, მაღლიდან კარგად, ზედმიწევნით ჩანს ლამაზი სანახები. მიეშველენით... არ ჩამოვარდეს. ოთხ ჯალათს მაღალ ჭადარზე აჰყავდა მანუელო, ხანდახან გრძნობას კარგავდა და მაშინ - აჰქონდათ, ერთიმეორეს აწვდიდნენ. ახლად დანაწვიმარი იყო ხე, ნესტი შერჩენოდა, მწვანედ კრიალებდა, მერე გაწვრილდა სქელი ჭადარი, ძლივსღა უძლებდა ხუთი კაცის სიმძიმეს, და უფრო ზევით მანუელოს მხოლოდ ორნი მიაცილებდნენ. მერე მარტოკამ შედგა ფეხი მაღლითა ტოტზე, მუხლი გამართა. მკლავები მაგრად შემოხვია ხეს, ქანცგაწყვეტილი, მაგრად ჩაეხუტა. გადამტვრეულ თითებს ვერ იშველიებდა, შემოსალტული იდაყვებით ჩაკვროდა ხეს. ზედ კენწეროსთან იდგა მანუელო, და ცალი თვალით ძალიან დინჯად, საგულდაგულოდ, რიგრიგობით, ოთხსავე მხარეს იხედებოდა. ბევრი რამ ჩანდა. როგორც იქნა და, გააძღო თვალი. მაცდური აზრი წამოეპარა - იმსიმაღლიდან რომ გადმომხტარიყო, მიწამდე სულიც არ დაჰყვებოდა, აღარ შეეძლო იქ, იმ ოთახში მეტის ატანა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა - ეს, ჯერ ერთი რომ, ლაჩრობას დაემსგავსებოდა, და მეორეც ის, მარშლისათვის უკანასკნელი სიტყვა უნდა ეთქვა. იმსიმაღლიდან, ერთხელაც მოავლო ქვეყანას თვალი, ცისკენ აიხედა. ძირს მძიმედ დაეშვა მანუელო, ჯალათების ხელიდან ხელში გადადიოდა. მიწას შეახო, როგორც იქნა, ფრჩხილდაძრობილი ფეხის თითები, შებარბაცდა და ამჯერადაც შეიკავა თავი, გაიმართა, ფეხები განზე გადგა. - სადაა ხვრელი... - დაეკითხა სულწასული დიდი მარშალი, - აუარება ფულს მიიღებ, თუ... - ახლა კი შეგიძლია მეორე თვალიც ამომთხარო, - გააწყვეტინა სიტყვა მანუელომ, გამარჯვებული შესცქეროდა, თავი შემართა, - სუყველაფერი დავიმახსოვრე. მანუელო კოსტა პირველი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა. ბზარი დილაადრიან, დომენიკო და მოხუცი სანტოსი მდინარის ნაპირთან თიხასა ზელდნენ. სიამოვნებდა დომენიკოს დამყოლი თიხა, ხელის მტევნები ეგრილებოდა, მალიმალ ახედავდა კანუდოსის ცას - კი, ლურჯი იყო, მუქად მჭვირვალებდა, დახარბებული ნამდვილ, საღ ჰაერს, თავს უკან გადააგდებდა დროდადრო მგზავრი, ფართოდ თვალგაღებული, ცასაც ისუნთქავდა თითქოს. ცას რა, - კრიალებდა... მერე, მზის გულზე რომ დასცხებოდა, უხვ მდინარეში ტანსაცმლიანად, წელამდე შედიოდა მგზავრი, მჭახე სიგრილისგან ზედ ყელთან ამოეწეოდა და ეზღუდებოდა სუნთქვა, გაყუჩებული ეჩვეოდა ცივ, ჯიუტ ტალღებს, მერე თანდათან რბილდებოდა წყალი, საამოდ თბებოდა და, მთელი სხეულიც სრულ შვებას რომ მოსთხოვდა, ერთბაშად გალაღებული, თავით გადაეშვებოდა. მზეზე ბრჭყვიალებდნენ დაფეთებული შხეფები, მდინარეს ცურვით მიუყვებოდა დომენიკო, ხალისიანად ჭყუმპალაობდა; სამფენოვანი ქალაქით დაღლილს, დაძაბულს, თავმოძულებულს, აქ, ამ ზვირთებში, თიხის ქალაქთან, ცელქობა სურდა... მდინარისაკენ ზურგით იჯდა მოხუცი სანტოსი, თიხას უმოწყალოდ ჭყლეტდა, როგორც ყოველთვის თავისას ფიქრობდა, ვერა და ვერ გამოეგონებინა მასიმოს ღირსი, ყველაზე მეტად საზარელი სიკვდილი; მოქუფრულიყო, თეთრი, უხეში წარბები თვალებზე ჩამოსწოლოდა... მდინარიდან გაღიმებული ამოდიოდა სიგრილითა და შვებით პირთამდე სავსე დომენიკო, მზეზე დგებოდა, შრებოდა მზეზე, ჯერ სიფრიფანა ნისლი ასდიოდა. მერე ღრუბელში ჩამდგარიყო თითქოს - როგორ ღონივრად ორთქლდებოდა მდინარის წყალი... ცვარშერჩენილს და ჯერაც გაუმშრალს, კანუდოსის ქუჩებში ხეტიალი მოსწონდა, კანუდოსელთა ხილვა - თითქმის სუყველას მშვიდი, მართალი სახე ჰქონდა. უნებურად თვალს თუ გაუსწორებდნენ ერთმანეთს, სიამოვნებდათ, თან - უილაჯოდ იღიმებოდნენ... სისხამი დილით უხაროდა თავისი ახალი, ნედლი ქოხიდან გამობიჯება დომენიკოს, გზად თანაქალაქელებს ესალმებოდა, ყოველივეთი იხიბლებოდა - სხვა წყალი იყო აქ, კანუდოსში, სხვა გემო ჰქონდა, სულ სხვა ჰაერით სუნთქავდა მგზავრი, სხვანაირ სახლებს შვებით უმზერდა, სხვაგვარ მიწაზე ბედნიერი დააბიჯებდა და უცნაური რამ დაემართა, ადამიანი შეუყვარდა - უცნაურობა სჭირდა! ინოსენსიოს შესცქეროდა, ვთქვათ... შეშას აპობდა მწყემსი, აუჩქარებლად ირჯებოდა - დიდ კუნძს მოსწორებულ ადგილზე დადებდა, ნაჯახს შემართავდა, ღონივრად დაიქნევდა, მერე ისევ მაღლა ასწევდა კუნძაყოლილ ნაჯახს. შეისუნთქავდა და დიდ მორზე ყუით დაანარცხებდა, ორად ცალკევდებოდა კუნძი, აი, ამა საქმეში ხომ ისეთი დიდი არაფერი ერია, არა? - მაინც როგორი მადლიერი, რა სიყვარულით უჭვრიტინებდა დომენიკო... ადამიანი - ქალი თუ კაცი, ჩვილი, მოხუცი - ადამიანი, როგორც ასეთი, ნებისმიერი ამ ქალაქისა, ყველა უყვარდა... ან, ვთქვათ, სენობიო ლჲოსას შორიდან უთვალთვალებდა, გვიანი ღამით როგორ ჯდებოდა გამორჩეულ ხესთან, როგორ მომართავდა შვიდსიმა საკრავს, და როგორი შეყოვნებული სიდინჯით კენკავდნენ მჭედლის თითები ნაღვლიან მარცვლებს; ან გრეგორიო პაჩეკო გათენებისას დიდ, გუგუნა დოლს როგორ აახმიანებდა, თიხის სახლებიდან გამოდიოდა ხალხი და უხვფოთლება ხეში შემალული დომენიკო შინიდან გამოსულ, ძილისგან ჯერაც საბოლოოდ თავდაუღწეველ, ოდნავ დაუდევრად მიმომავალ კანუდოსელებს რა სიყვარულით, როგორი ლხენით დასცქეროდა, ეწიწკნებოდა თითქოს სხეული, ოჰო, კაქტუსი... შუაგულ სულში, სიყვარულის მჩხვლეტავ მცენარეს გაედგა ფესვი... ასეთი ოთხი დღე ჰქონდა მხოლოდ, პირველ ხანებში დაბნეული აკვირდებოდა ყველას, ყველაფერს, მერე მოვიდა ეს ოთხი უცნაური, აღმაზევებელი დღე, სულ ოთხად ოთხი, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი და მაგრამ, მაინც, ზოგისას - მთელ სიცოცხლეს სჯობდა... და საკვირველი მაინც ის იყო, ამ სიყვარულისა რომ ერიდებოდა, ერცხვინებოდა, როგორც შეეძლო, ისე ნიღბავდა... პაწია, უცოდველი ქურდი, დომენიკო - სამუშაოს რომ მოამთავრებდა, თიხის გუნდას გულისპირში მალულად ჩაიგდებდა და ვითომც არხეინად, ჯიბეებში ხელჩაწყობილი, ხმადაბალი ღიღინით შედიოდა ჭალაში, იქ კი, სადმე მყუდროში, დიდის ხის ჩრდილში შეიყუჟებოდა და თავკომბალა ადამიანს გამოუცდელი ხელით ძერწავდა, ცხვირს უწვეტებდა, ჩხირით თვალებს ამოუღრმავებდა, ირიბად გადაუხაზავდა პირს, ხელ-ფეხს შეაბამდა, და იმ უმწეო ნაჩალიჩარს მერე, რომ გამოერკვეოდა და უცხო, ბურუსმოსილი ქვეყნიდან ქვემოთ, მიწაზე დაეშვებოდა, გულდაწყვეტილი დასცქეროდა - აჰ, არა, არა, სად ესა და ეჰ, სად ნამდვილი ადამიანი, მას რომ უყვარდა; ადამიანი მაინც სხვა იყო, სულ ძალიან სხვა - ნაღდი, ცოცხალი, და თუმცა ძალიან სურდა, სულიერი რამ, მრავალთვისება, მისთვის ჯერ უცხო ადამიანი მიემატებინა ამა ქვეყნად, მხოლოდ თავისი მაძებარი გონებით ჩაფიქრებული და საკუთარი, დაუღლელი ხელით შექმნილი, ვრცელ, ტევად ქვეყანაზე საიმედოდ დაესახლებინა, ამ აჩემებას მხოლოდ სურვილით ვერ გასწვდებოდა, რაღაც სხვა ხერხი, რაღაცის ცოდნა, სხვა რამ უნარი იყო საჭირო... გრძელ გზაზე იდგა, ამა საქმეში ჯერ თოთო ბავშვი, ვერ გადაედგა ფეხი... თიხა შრებოდა, იბზარებოდა, მომცრო ნაპრალებდაჩენილი, ხელებგაჩაჩხული, მიწაზე ეგდო... ვერ ელეოდა მაინც ნახელავს, თავის გრილ ქოხში ფრთხილად მიჰქონდა და მიფარებულში, ცოცხის ქვეშ დებდა. და უჩვეულო განცდის მოსურნემ, ვეღარ დაიძინა მეოთხე ღამით, წამდაუწუმ გვერდს იცვლიდა, თივაზე წრიალებდა, რაღაცა სურდა!.. ოთხკედელშუა ვეღარ გაძლო და მდინარისაკენ ფეხაკრეფით დაუყვა ბილიკს, მთვარის ნათელი სქლად ეფინა გზაზე, მერე მცირე აღმართში, მდინარის სათავისაკენ გაეშურა, კარგა მანძილი აიარა, რომ მიიხედა, აღარ მოჩანდა კანუდოსი. ტანთ გაიხადა, ცალი ხელით მაღლა ეჭირა დახვეული ტანსაცმელი, მდინარე ისე გადასცურა, გაღმა ნაპირზე შემცივნებული ავიდა, აძიგძიგებდა მგზავრს, მაგრამ ძლიერი იყო ის უცნაური „ვითომ“, ბავშვობისდროინდელი თამაში... ოდნავ რომ შეშრა, ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა, მერე მოდუნდა, მიწაზე გაწვა, ძლივს წამოიწია ვითომ, ფეხათრევით მივიდა წყალთან, ძალისძალათი ბორძიკობდა, რა ახირება იყო მაინც... ტანსაცმლიანად შევიდა მდინარეში. კანუდოსისკენ მიცურავდა დომენიკო, ვითომ დაღლილს და დაოსებულს, ზლაზვნით მიაქანებდა დამძიმებული წყალი, თვალს ვერ ახელდა ქანცგაწყვეტილი, ვითომ... მდინარეში სახეჩარგული, ხანდახან უღონოდ ასწევდა თავს, და მონაცრისფროდ ჩათვლემილი კანუდოსიც რომ დაინახა, ვითომ გამხნევდა და, მართლა გამხნევდა - მაინც რა კარგი ქალაქი იყო... მოიკატუნა ისევ თავი, მდინარის ნაპირს არაქათგამოცლილი, სუსტად მიეხალა თითქოს, თიხაზე გაცოცდა, ძლივს მიფორთხავდა მგზავრი - ვითომ ბრუნდება, ბრუნდება დიდი განშორების შემდეგ... აჰა, ის სახლიც, მთვარის მქრქალ შუქზე გახევებული, ყუჩად მდგარი და მომლოდინე, როგორ უცდიან! არ იციან კი, ის, დომენიკო, შინ რომ ბრუნდება... წამოიწია, როგორ არ სურდა გარდაცვალება სახლთან, კერასთან ასე ახლოს. ხელისგულებით დაეყრდნო თიხას, სველი თითებით აატალახა. და წამოდგომას შეეცადა, აი, თუ ადგა, თუ აიტანა როგორმე მაღლა დამძიმებული ისე სხეული, ვითომ... სული ეცლება, სულსა ღაფავს... გაწამებული, მაინც დგება და მიტორტმანებს; რომ არ წაიქცეს, საცოდავად იძაბება და უცებ ისე ძალიან სწრაფად გაიმართა, კინაღამ შეხტა - დიდ, ჩამუქებულ ხესთან ზე მორეირა იდგა, გულზე ხელებგადაჭდობილი, დაკვირვებით შესცქეროდა ატინგიცებულს, იცნო, თავი ჩაღუნა დომენიკომ, ისე გაწითლდა, სახე აეწვა, თითებს იგრიხავდა, ხელისგულებზე აიკორკოშა თიხა, არც გაუგია, ისე მოიცილა. სახლისკენ მთლად წამხდარი გაეშურა, ნირშეცვლილი, ფრთხილად მიწვა, სირცხვილისაგან თავზე გადაიფარა თივა. გახევებული იდგა ისევ ხესთან ზე მორეირა, ოდნავ, სულ მცირედ გაიკვირვა მგზავრის ახირება, იმისთვის ძაან კი არ ეცალა, რადგან თავისი ვეებერთელა რამ სადარდებელი აწუხებდა, თავისა სჭირდა... - ვითომ ეგრე აჯობებს? - შეეჭვებულიყო დიდი მარშალი. - კი, როგორ არა, მე მგონი, დიახ, გრანდისსიმოჰალლე, - ალალმართალი ღიმილით შეაცქერდა ფუნჯის დიდოსტატი გრეგ რიკიო, კამორელი ხელოვანი, - ყურები მგონი უნდა დავუტოვოთ, დიდო მარშალო, რადგან გარკვეული პროპორციით შემოიზღუდება სახე, თვით სახეს კი სამაგალითოდ გადავუსწორებთ, რაკურსობრივად, ეს უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს. ერთი თვალის ფოსოში, მაგალითად, ხელის შუათითი ჩავჩაროთ, გრანდისსიმოჰალლე, მეორეში კი - ფეხის ცერი, და ეს გარემოება თვალსაჩინო დისპროპორციას შეიტანს, გვერდითა ხელუხლები პროპორცია კი, ამ შემთხვევაში ყურების სახით, უფრო ხაზს გაუსვამს სახის შიდა შეუსაბამობას, ტუჩების მოჭრა-ლიკვიდაციაც სასურველია, კბილების გაშიშვლება სასურველ ეფექტს გამოიღებს ნატურალურად, გრანდისსიმოჰალლე, რადგან გარკვეულ ასოციაციას იწვევს. „ნიჭიერია, ვირიშვილი,“ - გაიფიქრა მარშალმა ბეტანკურმა. - თუ მაპატიებთ, დიდო მარშალო, ერთი შენიშვნაც უნდა გამოვთქვა, თუ ნებას მომცემთ. ვთქვა? - მიდი! - თავი ბოლომდე არ უნდა მოგეჭრევინებინათ... წკიპზე დაკიდებული უფრო წარუშლელ შთაბეჭდილებას დაიმსახურებდა. თუმცა, შეგვიძლია ახლაც მივაკეროთ ოდნავ და ნაწლავებით მაგრად რომ გადაახვევინოთ და მიამაგრებინოთ ამ ადგილას ტორსთან, აჯობებს ნამდვილად, გრანდისსიმოჰალლე. - კარგი. გვამს ვერ იტანდა გრეგ რიკიო, აზიზი გული ჰქონდა, მაკეტზე მუშაობდნენ. - და კიდევ ერთი რამ, გრანდისსიმოჰალლე - მე მგონი, ჩემი აზრით, იმ შეჩვენებულ კაატინგაზე ტომარაში გამოხვეული უნდა გადავაგდოთ, რადგან თუ სხეულს შორიდანვე დაინახავენ, სანამ მიუახლოვდებიან, გრანდისსიმოჰალლე, თანდათან შეაჩვევენ თვალს და მოულოდნელობის ელემენტი დაიკარგება, ეს კი ცუდია, - თან მაკეტზე მუშაობდა წაკუზული გრეგ რიკიო, თანაც თავაზიანად ლაპარაკობდა, ორ საქმეს ერთდროულად აუდიოდა, მაღალნიჭიერად ითვლებოდა, - ხოლო როცა ტომარას შემოაცლიან და უეცრად დაინახავენ, ელდა ეცემათ და სასურველ ნაყოფსაც გამოიღებს ეს უკანასკნელი გარემოება. აი, ეს ხაზიც უნდა გადავაგვაროთ... აიი, ასე. იქაც, ი, აი... გამართულიყო გრეგ რიკიო, წელს ასვენებდა, ნამუშევარს კმაყოფილი დააცქერდა: - რა უშნო ყოფილა, არა, გრანდისსიმოჰალლე? მოხუცი სანტოსი კაატინგასთან წააწყდა ტომარას, გულგასივებულმა ნახა, შიგ რაც იყო და რადგან ისედაც არ იცნობდა მანუელოს, ვერაფერს მიხვდებოდა, ტომარაში ჩატანებული ორკუთხა, ვაკეიროთა ქუდი რომ არა. ფრთხილად დაიდო მხრებზე ტვირთი, მოშხამული გაუყვა გზას, კანუდოსში აიტანა. მთელი ქალაქი შემოიკრიბა სანტოსთან, გაირინდნენ, კარგს არაფერს უქადდათ სანტოსის კიდევ მეტად მოქუფრული სახე; იმან კი მიწაზე ფრთხილად ჩამოდო ტვირთი, ტომარა გაფხრიწა, შემოაცალა და განზე გაიხედა. უჩვეულოდ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა კანუდოსში, დედებს ამოეფარნენ ბავშვები, ბალღამჩაღვრილი მამაკაცები ძლიერ დამწუხრდნენ, ანატკივარი სული ეფლითებოდათ, და სიბრალულით დასცქეროდნენ მწყემსს - ვინ რა იცოდა, მანუელო თუ როგორ მოკვდა... მთელი კანუდოსი ცხედართან უზარმაზარ წრედ იდგა, ერთადერთი ზე კვლავინდებურად ვერ ბედავდა დღისით გამოსვლას, მაგრამ იმ უჩვეულო სიჩუმემ ყველაფერს მიახვედრა, ნაცრისფერი დაედო. წრე გაარღვია მოხუცმა სანტოსმა, ხალხს გაერიდა, წერაქვი, ბარი, ნიჩაბი მოიძია. სუნთქვაშეკრული მთლად გახევებული იდგა მანუელა, ოღონდ მოკვნეტილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა. კივილით არავის შეუცხადებია, არც არავინ ატირებულა. ტირილით მერე, გვიანი ღამით მოიოხეს გული, განმარტოვდნენ და ისე; მთელ კანუდოსში მოგუდული, უცნობი თანხმოვნები ისმოდა. ახლა კი მდუმარედ დასცქეროდნენ მხოლოდ, და ვერ გამართლდა მარშალ ბეტანკურის ჩანაფიქრი - შეძრწუნებასთან ერთად, მეორეს მხრივ, საოცარია, მაგრამ, მუდამ ბრძოლისა და სიკვდილის მომლოდინეთ, თვალმოშხამულებს, სამაგიეროდ ერთი ამბავი გულზე მოეშვათ. აი როხასი, თუნდაც... ასე ფიქრობდა: „მე რა, მე გინდაც მოვკვდე, მერე რა... აგერ, ასეთი მანუელოც კი რა ცუდად მოუკლავთ. იმასთან შედარებით მე ვინა ვარ, რო...“ „თანაც, ბრძოლაში - თითქოს იმის ფიქრს განაგრძობდა ინოსენსიო, - სიკვდილი ალბათ რამდენად უფრო ადვილია... ყოფას გიტირებთ!“ მეტისმეტობით, ვერ გამოზომა მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა განზრახვა, კამორულმა გამოცდილებამ უკარნახა ამგვარი საქციელი, მაგრამ სხვა წყობის, სულ სხვანაირ ხალხს რომ გადააწყდა, ეს არ იცოდა, ვერ წარმოედგინა - არ გაუმართლდა. შიშის ნასახიც გულში არავის გაუვლია, დამწუხრებით კი, დიდად დამწუხრდნენ. შემოჯარულთაგან ყველაზე მეტად მაინც ჟოაო იტანჯებოდა - ხმას არა სცემდა მხიარულ სიძეს, რაღაცნაირად ლამაზს, მოხდენილს. აქამდე ერთთავად პირს არიდებდა და ახლა კი, უმოწყალოდ დასახიჩრებულს, თვალს ვერა სწყვეტდა... ვეღარ მოითმინა. მიუახლოვდა, დაღონებული დააცქერდა, გადააქნია თავი, მერე ოდნავ მოიხარა, ბარძაყზე ღონივრად დაირტყა ხელი, და უცნაური წამღერებით თქვა: „ეჰ, მანუელო კოსტა, მანუეელ...“ - და წრიდან თავჩაქინდრული გავიდა, მერე სენობიო ლჲოსა მივიდა ცხედართან, იმანაც ბარძაყზე დაირტყა ხელი, იმანაც კუშტად წაუმღერა: „მანუელო კოსტაა, მანუეელ...“ და, რიგრიგობით, ყოველი მამაკაცი ასე გამოეთხოვა დაფლეთილ ცხედარს, თივაში პირქვე ჩამხობილ ზე მორეირას გარდა. და როცა ყველა გამოიკრიბა, გაუბზარავმა მენდეს მასიელმა თვალის ფოსოები დინჯად ამოუცარიელა მანუელოს გვამს, გადახვეული ნაწლავები შემოაცალა, ასე თუ ისე მოაწესრიგა ცოტა, გულზე დაადო ვაკეიროთა ქუდი, მოხუც სანტოსს კი კარგა ხნის გათხრილი ჰქონდა სამარე. ფრთხილად ჩააწვინეს შიგ მანუელო, და თითო-ოროლა მუჭა მიწით საფლავი ამოავსეს, და ასე, მუჭა-მუჭად. მსუბუქი იყო კანუდოსის ასეთი სიღრმიდან პირველად ამოთხრილი მიწა. ეჰ, მანუელო კოსტა, მანუელ... *** გენერალი ხორხე კი, საგანგებოდ გაწვრთნილი კორპუსით, კაატინგას მისადგომებთან, მოფარებულში, კუნაპეტ ღამეს უცდიდა. „აჰ, ეს როსკიპი, - მთვარეს გულისხმობდა გაბრაზებული გენერალი, - როგორ ანათებს, აღარ მოშორდება!“ - ეჩქარებოდა გენერალ ხორხეს იმა მანევრის განხორციელება, დიდი მარშალის პირადი დავალებით რომ შეიმუშავა. კორპუსელთაგან ესე მანევრი არავინ იცოდა, არც რიგითებმა, არც ოფიცრობამ, და, როგორც იქნა, და კუნაპეტი ღამე რომ ჩამოწვა, გენერალმა ხორხემ ასამდე ყველაზე მარჯვე მსროლელი და რვა ძალიან ჯანიანი რიგითი შეარჩია, საიდუმლოდ შემოიკრიბა და ხმადაბლა ასე დაარიგა: „ყური დამიგდეთ. ლეიბების და ერთმანეთის დიდ კედელზე გადასროლაში ტყუილად არ გავარჯიშებდით. კაატინგასთან მიცოცდებით და დაბრედილი, საფლავიდან წამომდგარი ნათესავებიც რომ შემოგხვდნენ გზაში, ხმა არავინ გაიღოთ, იქ, შესაძლოა, იმ გათახსირებულებს გუშაგები ედგნენ და ჯერ მიაყურადეთ. და ჩქამსაც თუ ვერ გაიგონებთ, ჯერ რამდენიმე აი, ეს ფუმფულა ლეიბი გადაისროლეთ კაატინგაზე, იქითა მხარეს ერთიმეორეზე რომ დაცვივდნენ, ისე, შემდეგ კი რიგრიგობით გადაისროლეთ თითო კორპუსელი, და თოფიც ზედ გქონდეთ, - თავს აქეთ-იქით აბრუნებდა გენერალი ხორხე, ხან ჯანიანებს მიმართავდა, ხან - გადასაგდებებს, - თორემ ცალკე რომ გადაუგდოთ თოფი, შესაძლოა, თავში მოახვედროთ და ეს არ ივარგებს - ძალიან საჭირონი ხართ დედა-კამორასთვის ახლა... არა გიშავთ რა, ლეიბზე რბილად დაეცემით, და მაინც, შემთხვევით ხელს ან ფეხს თუ მოიტეხთ, რომ არ შეჰყვიროთ, გადასასროლებმა პირში თეთრი გორგალი ჩაიჩარეთ და იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა, გორგალი უკან გადმოისროლეთ, შემდეგ კი ლეიბიდან გადახოხდით და იქვე გაიტრუნეთ - სხვა დასალეიბებელს გაუნთავისუფლეთ ადგილი. მუდამ გახსოვდეთ, რომ გუშაგების შორიახლოს არსებობა დასაშვებია და ჩქამიც არ უნდა გაიღოთ, გესმით? და იმ ერთ პატარა მონაკვეთში უხმაუროდ გადალახულმა ზღუდემ თუ გაგვიმართლა, ძალიან კარგი იქნება, მერე რა გვიჭირს - ყველანი იქით რომ აღმოჩნდებით, რვა გადამსროლელის გარდა, თავი დაადეთ და იმ წყეულ, გაუფორმებელ ქალაქამდე ძალიან ფრთხილად, სწრაფად და უხმაუროდ იარეთ, გათენებამდე გარს შემოერტყით, კარგად ჩასაფრდით ხეებზე და შემაღლებულზე, და როგორც კი ვინმე შინიდან გამოვა, მიზანში კარგად ამოიღეთ, არ გესწავლებათ ეგ და აბა, თქვენ იცით, იმ შეჩვენებულებს როგორ წარმატებით დასცხებთ - პოზიცია და მოულოდნელობის ელემენტი თქვენს მხარეზე იქნება, ზედმიწევნით უნდა გამოიყენოთ, მეგობრებო! არადა, კბილებში გადაგჭრით. იმ მუდრეგ ქალაქში ხუთიოდ შინიდან გამოსულ ერთეულს რომ მიასაღებთ, ცხვირის გამოყოფასაც ვეღარ გაბედავენ სხვები და ამასობაში ჩვენ ერთდროულად ოც-ოც კაცს გადმოვისვრით თითო ჯერზე, გარეწრები თქვენი წყალობით მიჯაჭვულნი იქნებიან სოროებში და რაღა შეგვაფერხებს, ორ-სამ საათში მთელი კორპუსი თქვენს პოზიციასთან მოგროვდება. კალორიულ პროვიანტსაც ამოგიტანთ და მერე მძლავრი იერიშით იმ მურდალ ქალაქს მსწრაფლ ავიღებთ. ჩვენს ამოსვლამდე შეგიძლიათ დანებება შესთავაზოთ, ხმამაღლა გასძახეთ, რომ შეიწყალებთ, სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვით და თუ ხელებაწეულნი გამოვლენ, დედაკაცებსა და ბავშვებს მართლა ნურაფერს დაუშავებთ - ჟაგუნსოებს უნდა ჩავუგდოთ. ლამაზი ქალი თუ გამოერევათ, უნდა ცალკე გადაინახოთ - მერე განაწილდებიან, როგორც საჭიროა. აბა, ჰათ, წადით, დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!..“ და თუმცა რჩეულმა კორპუსელებმა პირნათლად შეასრულეს დავალების საწყისი ნაწილი, ამა მანევრიდან დიდი ვერაფერი გამოვიდა, რადგან კაატინგას იქით მოქუფრული პრუდენსიო იდგა, მაჩეტეთი ხელში. პირველ კამორელს ჯერ დააცადა, თუ რას იზამდა; კატისთვალება, ყოველივეს არჩევდა ბნელში, იმან კი გორგალი პირიდან რომ გამოიღო და უკან გადაისროლა, მაშინვე ტუჩ-ცხვირზე ააფარა ხელი და მიაკლა, მეორე გადმოფრენილ კორპუსელს კი, ჰაერშივე მაჩეტეგამოსმულს, თავად ამოაცალა გახევებული, დაღრჭენილი პირიდან გორგალი; ორი თითით ზიზღიანად გადისროლა კაატინგაზე და მაშინვე მესამეც გასხმარტალდა ჰაერში... მერე და მერე, ძალიან თუ დაიღლებოდა, გორგალის დაბრუნებას აგვიანებდა პრუდენსიო, მცირე ხნით გაიშოტებოდა, ისვენებდა - საათივით ააწყო საქმე... და კაატინგასთან, გადაღმა რვა გადამსროლელიღა რომ დარჩა, დავალების უხმაუროდ, წარმატებული აღსრულების შესატყობინებლად გენერალ ხორხესთან გაგზავნეს შედარებით მსუბუქი ჯანიანი, მერე თანდათან ირიჟრაჟა და, დაბურულ კაატინგაში შორიდან წვალებით რომ გააძვრინეს მზერა, გაიჭყიტეს და რა დაინახეს, ელდა ეცათ - ასიოდევე კორპუსელი, სულ საგანგებოდ გაწვრთნილ-გამოკვებილი მსროლელები, იქითკენ, მიღმა, ყელგამოღადრულნი ერთმანეთზე ეყარნენ... და მშვენიერ გუნება-განწყობაზე დამდგარი, ყოჩაღად მოახლოებული გენერალი ხორხე სანამ ამ მეტად უსიამო ამბავს შეიტყობდა კაატინგადან გამოსროლილი ერთადერთი ტყვია მხარში ეძგერა. კორპუსელებმა კაატინგასკენ ზალპი დასცხეს და უკუიქცნენ, ისევ მახლობელ ტყეს შეაფარეს თავი, კამორასაკენ ფიცხლად გაქანდა სამი მალემსრბოლი, მოგვიანებით კი იმათ ნაკვალევზე მომცრო ურიკაც წაჩაქჩაქდა, მხარგადახვეულ გენერალ ხორხეთი. დილაადრიან, უკმაყოფილოდ წამოჯდა ისევ თივაში სახეჩარგული ზე, ოთახში უხერხულად შემოძურწულ სტუმრებს ამრეზილმა გახედა - ინოსენსიო და როხასი იყვნენ. „რა კარგია, რომ მოხვედით, - გაეხარდა მარიამს, თავმიბრუნებულ ზეს მალულად შეავლო თვალი, - აგერ, დასხედით, ახლავე ავადუღებ რძეს.“ იატაკზე უმძრახად იჯდა მოღუშული მწყემსი, განზე ჯიუტად იყურებოდა; ძალიან დაბალ სამფეხა სკამზე უშნოდ წამოჭიმულიყო ინოსენსიო, როხასი მობუზული იდგა, აღარ იცოდა, სად წაეღო ხელები, ფეხსაც მალიმალ ინაცვლებდა. „ჰოოო...“ - ძალიან სულელურად წამოიწყო ინოსენსიომ და თავადვე სხვებზე ადრე მიხვდა ამას, პირი მოკუმა. უნამუსოდ დადუმებულიყო ზეც, უცხვირპირო, გაბეზრებული მასპინძელი - თავისი დარდი ჰქონდა, აღარავისი დანახვა სურდა. მარიამი ეზოში ფიჩხს აყრიდა ცეცხლს, ფარფატით მაღლდებოდა კვამლი, დროდადრო ნიავით იფლითებოდა. ოთახში ძალიან უხერხულად გაყუჩებულიყვნენ, სამიოდ გრძელი წუთი რომ გავიდა, უცებ ინოსენსიომ მოიფიქრა, თქვა: „გამარჯობა, ზე“. „გამარჯობა...“ - თავი არ მოუბრუნებია ზეს. „გამარჯობა“, - თქვა პატარა ხნის შემდეგ როხასმაც. „ხომ არ გამოხვალ გარეთ, - შემპარავად წამოიწყო ინოსენსიომ, - ჩვენთან ერთად სამუშაოზე თუ წამოხ...“ „არა,“ - გააწყვეტინა ზემ. დუმდნენ. მერე ინოსენსიომ მუხლზე რაღაც ლაქა გახარებულმა აღმოიჩინა, უხახუნა და უხახუნა ხელისგული, შარვალი ძალიან გაცრიცა და მუხლიც კინაღამ გადაიყვლიფა. მერე დუმილმა საბოლოოდ გააღიზიანა, წამოდგა: „აბა, კარგად იყავი, ზე.“ „კარგად იყავი...“ „კარგად იყავი, ზე...“ - ძლივს ამოღერღა როხასმაც და გავიდნენ. „სად გეჩქარებათ, - შეწუხდა მარიამი, - აგერ, უკვე ადუღდა რძე“. „მადლობთ, არ გვინდა, წეღან დავლიეთ.“ - თავაზიანად მიუგო ინოსენსიომ, მოგვიანებით კი გაბრაზებულმა გაიფიქრა: „რძე არა, ისა...“ სახლს როგორც გასცდა, თუმცა მისივე წადილით იყო, ზეს რომ ეწვივნენ, როხასს ამ ჩაშლილ სტუმრობაზე კრინტიც არ დასცდენია - უბრალოდ, ხათრი ვერ გაუტეხა და ამიტომ წაჰყვა, ინოსენსიომ, ამ საქმის ერთპიროვნულმა მოთავემ, მაინც უშარა, ასე უსაყვედურა თანამგზავრს: „რა იყო, რას ამტეხე, ვერ დაჯდებოდი შინ?“ მაგრამ როხასს სიტყვა არ შეუბრუნებია, უთქმელი იყო, მხრები უილაჯოდ აიჩეჩა. ისევ თივაში ჩაერგო თავი ზეს, დამდუღრული სული ეწვოდა... მხარი რომ აუკრა! განრისხებული დასცქეროდა პრუდენსიო გვამებს; გენერალიც რომ ჩაკეცა, მაინც ვერ მოიოხა გული, რაღაცა კიდევ სურდა, ვერ მიმხვდარიყო, რა... ტყვიებმა ახლოს ჩაუზუზუნეს, წარბიც არ შეუხრია. სიბნელეში აღსრულებულ, ჩქარიჩქარ მკვლელობებს ვერ ჩაატანა გემო, მეტი რამ მოუნდა, სხვა... და ნაჯიჯგნი მანუელო კოსტა თვალნათლივ რომ წარმოუდგა, ძმებიც გაახსენდა, იქ, სერტანაში, წვრილ დანებქვეშ მაშინ ალბათ მორჩილად მდგარნი, და გონება აერია, ჩამოებინდა - „თქვენი ჯილაგი... ყველაფრის ღირსი...“ - გამწარებულმა გაიფიქრა და იქვე მიგდებულ კამორელს ფეხებში სწვდა, კაატინგასკენ წაახოხიალა, დამძიმებული ცხედარი იყო, სილაზე კეფით აშკარა ნაკვალევს ტოვებდა. მოიქნია და შიგ კაატინგაში შეაგდო. მაშინვე შემოეგრიხა გვამს მოშიებული ბუჩქი, უამრავგან ჩაესო ბასრი, აურაცხელი კლანჭით, სწრაფად შეიწოვა, შესანსლა, ხარბად ათრთოლდა, შორითა ბუჩქებიც, მადაატეხილნი, ჟრჟოლადავლილნი, წვრილ, დაგრეხილ ბრჭყალებს კამორელებისკენ მოუთმენლად იწვდიდნენ. საზარელი რამ სანახავი იყო, და სულ მცირე ხნით შეყოვნდა პრუდენსიო, ხელები ჩამოეყარა, გულმა რეჩხი უყო, შეფიქრიანდა, და სინანულისდამაგვარი რაღაც რომ შემოაწვა, ისევ გაიხსენა მანუელო და ძმები, ერთბაშად გაცეცხლდა საკუთარ თავზე, სხვა გვამებს გადახედა და იმ ძვლებგამოხრული კამორელის ხვედრი - „ამათაც რატომ არა?“ - გაიფიქრა და ახლა მეორეს სწვდა ფეხებში, მოლოდინით ცახცახდავლილი კაატინგა შორიდანვე დააიმედა: „ყოველ ფესვს გაგიძღობ... ყველას შეგხვდებათ, ნუ გეშინიათ, - ჩურჩულებდა ველურ სიხარულატანილი პრუდენსიო, - ჰა შენ... ჰა, შენაც...“ - კაატინგაში ახალ-ახალ გვამებს ღონივრად ისროდა, მთელ სიმაღლეზე წამომართულიყო ჯერაც დაუნაყრებელი, მომლოდინე, სასტიკი ბუჩქნარი, ყოველი კლანჭით თავის წილს უცდიდა, და რომ მიიღებდა, მაშინვე დაბლა ჩაიგრიხებოდა, გრძელ, ღვარჭნილ ღეროებს ყელში მარწუხებად ასობდა ცხედარს, კანს აფხოჭნიდა თავზე, ლოყებს უძიძგნიდა, გულ-ღვიძლისაკენ ჯიუტად, ფლეთვით მიძვრებოდა, ჯერაც მოთბო ხორცსა და სისხლს მადიანად, ხარბად იწოვდა, და პრუდენსიოც გამალებული აწვდიდა ახალ-ახალ ძღვენს. მიცვალებული კამორელებით გაიჟღინთა მთელი კაატინგა, წვრილი, მოქნილი ღეროები დაუსქელდა, ერთმანეთს რბილად ჩაეხლართა, მიწვნენ; გადამძიმებული ბუჩქები ფესვიან-კლანჭებიანად ძალიან დაძღნენ, მერე და მერე ეზარებოდათ თითქოს სისხლის გამოწოვა; ბლანტედ უცაცუნებდნენ ჯერ კიდევ გამოსადეგ ნარჩენებს თვლემამორეულ ბრჭყალებს, ძალიან ზანტად იშმუშნებოდნენ, წითლად ფერმიცემულნი, იქ კი, კანუდოსში, მენდეს მასიელმა ყელზე იტაცა ხელი, სულმთლად გადაფითრდა, ღონემიხდილი ჩაჯდა, ხელისგულებით დაეყრდნო თიხის იატაკს. „რა დაგემართათ, კონსელეირო. - შეშფოთდა ჟოაო აბადო, - ჩქარა, გრეგორიო, წყალი!“ „არა, არ მინდა, - ჩაქინდრული თავი გაიქნია მენდეს მასიელმა, - ყველანი აქ არიან? კანუდოსში...“ „მგონი ყველანი, კონსელეირო“. „გუშინ, საღამო ხანს, პრუდენსიო სადღაც წავიდა, - თქვა გრეგორიომ, - კაატინგასკენ, მგონი...“ „კი, პრუდენსიო თუ დამმართებდა ამას, - დანაღვლიანდა მენდეს მასიელი, მერე წამოწევა უშედეგოდ სცადა, - გარეთ გამიყვანეთ, სწრაფად შეკრიბეთ ხალხი...“ მძლავრად, ღონივრად აგუგუნდა გრეგორიო პაჩეკოს დოლი, კონსელეიროს ფრთხილად ამოუდეს იღლიებში ხელი, მხარში შეუდგნენ. ჭალიდან მოირბინა დომენიკომ, ხალხს შეერია - მთელი კანუდოსი მენდეს მასიელის წინაშე მოგროვილიყო, შეშფოთებულნი მისჩერებოდნენ, მიყუჩებულიყო დოლი. „ძმებო, გამხნევდით! - ძლივას წარმოსთქვა მენდეს მასიელმა, თავი აღაღო, - შიშს ნუ აჰყვებით, გამაგრდით, ძმებო, - კაატინგა, ჩვენი იმედი, გაბზარულია...“ გადაგვარებულ ბუჩქნარს შეძრწუნებული დასცქეროდა პრუდენსიო, სადღა იყო ძველი, სასტიკი, მრისხანედ შემართული კაატინგა, - გამძღარი და დასიებული, მიწაზე უღონოდ თვლემდა, სულს ღაფავდა თუ რა, წამოწევის არაქათი აღარ ჰქონდა, ამაოდ დააყარა შემორჩენილი გვამები პრუდესიომ - ზიზღით მიხოხავდა ლეშისგან შორს, განზე, სისხლმოყირჭებული კაატინგა. ზურგი შეექცია ხელქვეითთათვის ჯერაც ამაოდ სისხლმოწყურებულ მარშალ ბეტანკურს, ფრჩხილებს იკვნეტდა, მისით წაქეზებული პოლკოვნიკი სეზარ კი თავჩაქინდრულ, საკაცეზე უღონოდ წამომჯდარ გენერალ ხორხეს თავს დასდგომოდა და, როგორც შეეძლო, აბურთავებდა: „ასეა, ასე, ჩემო გენერალო, იმდენს სხვა ვერავინ დაგიშავებს, რასაც შენი საკუთარი გასიებული, ტუტუცი თავი, - მორიგი ახსნა-განმარტება წარუდგინა და, გაბრაზდა, - შე ჩერჩეტო, შენ, საუკეთესო მიზნოსნები ასე ბრიყვულად მაინც როგორ დააბრედ... - მარშლისა მოერიდა, - როგორ დაახოცინე, გეკითხები, ელემენტარული ხერხი ვეღარ გამოიყენე, შე ტუტუცების ყურუმსაღო, შენ? დაგემწყვდია ვინმე ორი დღით სიბნელეში, გამოგეყვანა ღამით და მაშინ კაატინგას მიღმა ყველაფერს წმინდად დაინახავდა“. - ყური დამიგდეთ, ძმებო, - კანუდოსელებს მოღლილი თვალი მიაპყრო მენდეს მასიელმა, - ბევრს ვერას გეტყვით, ლაპარაკი მიჭირს... ისე კი, ვიცხოვრეთ რამდენიმე ხანი... ახლა ერთ-ერთი გზა უნდა ამოირჩიოთ - მტრებს ან აქ, ჩვენს ქალაქში უნდა დავხვდეთ და თავი შევაკლათ, ანდა ოჯახებიანად უნდა დაიქსაქსოთ მდინარის გაღმა, ტყეში, და ნამდვილ ნადირობას გამართავენ თქვენზე. რომელი გიჯობთ, ძმებო?.. - ქალაქის დაცვა გვირჩევნია, კონსელეირო! - წამოიძახა უცებ როხასმა, გაწითლდა. და დონ დიეგოც მაშინვე წამოეშველა: - რაღა თქმა უნდა, სხვაგვარად ალბათ ტყეში გამოიჭერენ თანდათან ყველას, კონსელეირო, და ყოველ მათგანს გემოზე აწამებენ, ისე კი, ბრძოლაში, მანუელოზე ადვილი სიკვდილი ელით. ქალაქის დაცვა ურჩევნიათ, კონსელეირო, რაღა თქმა უნდა. არ მოეწონა ჟოაო აბადოს, თავის თავს რომ არ ათვლიდა კანუდოსელებში დონ დიეგო, მენდეს მასიელს დიდმნიშვნელოვნად გადახედა, მაგრამ იმას ყურადდება არ მიუქცევია, ხალხს წყნარად უთხრა: - სამი ნაბიჯით განზე გადექით, ვისაც ასე გსურთ! დიდიან-პატარიანად სამი ნაბიჯით გადაინაცვლა ხალხმა. დომენიკოც მიჰყვა... და ყველამ უკან, სახლებისაკენ მიიხედა - პირველი მწყემსი, ზე მოდიოდა. მძიმედ მოახლოვდა, ხალხს არ შერევია, შორიახლოს დადგა. ენანებოდა მოტეხილი დიდი მწყემსი მენდეს მასიელს, თავი ასწია, შეათვალიერა. რაღაც მოიფიქრა და ტანჯულ სახეზეც კი შეეტყო, რომ ეამა; ისევ ხალხზე გადაიტანა მოღლილი მზერა. - დროს ნუ დავკარგავთ. ბოლოს მაინც დავმარცხდებით, ბევრნი არიან, და ქალებს და ბავშვებს ნუ ჩავუგდებთ ხელში. დიდი ხეების ჭრას შეუდექით, ტივები შევკრათ, და რომ დაბნელდება, მდინარით ქვემოთკენ გაუყევით გზას. გათენებისას სადმე გადახვალთ, და რომ ვერ მოგაგნონ, ტივებს ნაპირზე ნუ დატოვებთ, ისევ ქვემოთ დააცურეთ, იქ კარგა ფართო იქნება მდინარე, ზღვამდე ჩაიტანს. ტყეს შეერიეთ. რაც შეიძლება, ღრმად... გეძებონ მერე. ნაჯახს რომელი ხმარობთ კარგად, გამოდით. ყველამ გადმოდგა თითო ნაბიჯი. - არა, ასე არ გამოდგება, - ძლივს ჩაეღიმა კონსელეიროს, - მხოლოდ ათი კაცია საჭირო... დანარჩენებს სხვა საქმე გელით. - ხეებს მე მოვჭრი... - კუშტად წარუდგა მოხუცი სანტოსი, - ოღონდ ფეხებში ნურავინ მომედება... დამხმარე არა მჭირდება. დანარჩენებმა მოჭრილ ხეებს ტოტები დაასხიპონ, გამოაჩინონ და ტივებად შეკრან. - აუხვალ კია მარტო? - დააცქერდა მენდეს მასიელი, - იმოდენა ხალხის სამყოფი ტივები... - დარდი ნუ გექნება, კონსელეირო. - კარგი. გრეგორიო, ნაჯახის ხმამ შორს რომ არ გააღწიოს, ახლოს დაუდექ და შენი დოლი ააგუგუნე. თორემ მაშინვე მიხვდებიან, და გადაკეტავენ სადმე მდინარეს. ჭალისკენ გაეშურა მოხუცი სანტოსი, გზაშივე ლესავდა ნაჯახს. გრეგორიოც, დოლიანა, გაჰყვა. - დანარჩენები, მამაკაცები, კაატინგასკენ წახვალთ. ცოტა ხანს ალბათ ვერ შემობედავენ, მაგრამ მაინც უნდა იჩქაროთ. შორიახლოს ჩასაფრდით ბორცვებზე. შენ აქ დარჩი, ზე. შინ დაბრუნდი და კარგად იფიქრე. არავინ გემდურის, იცოდე, არავის სწყდება შენს გადარჩენაზე გული, და რახან ასეთი ეჭვიანი ხარ, გამოსავალი დამშვიდებისა შენვე უნდა იპოვნო. მუდამ არსებობს. ნაჯახის ღონიერი ხმა გაისმა კანუდოსში და მაშინვე აგუგუნდა დოლი. - ახლა კი, ძმებო, - ხალხი მოათვალიერა მენდეს მასიელმა, - ვიდრემდე წახვალთ, ერთს კიდევ გეტყვით. ნუ გგონიათ, რომ ცუდ და უბედურ დროს დაიბადეთ. იქნება მართლა კარგი რამ იყო ის ოქროს ხანა, ზღაპარ-ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი... და რომ იცოდით, უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილი ყველანი, ძმებო, - სიბინძურეში, ამაღლების საშუალება უფრო არსებობს, და, თქვენ მოგეცათ. წადით ახლა და, თქვენ იცით, როგორ იბრძოლებთ, თუ გამოჩნდებიან. საღამო ხანს შემოიარეთ, ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ. ჭალაში მძიმე შხუილით გადაწვა პირველი ხე. - ჩვენ გავიმარჯვებთ კონსელეირო, აი ნახავთ, თუ არა! - წამოიძახა აღელვებულმა ჟოაო აბადომ, - თითო ჩვენგანი აუარება იმათს ვუდრივართ, და აი, ნახავთ, თუ არ გავიმარჯვებთ, მზე მაღლა იქნება. თოფებიც გვაქვს და ტყვია-წამალიც, ყველაფერი, აუცილებლად გავიმარჯვებთ, კონსელეირო! მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა: - ღმერთმა დაგვიფაროს... - კარგი ამბავი, დიდო მარშალო, კეთილი ამბავი, ჩიტი-გვრიტი, - სახე უციმციმებდა ოთახში სირბილით შემობრუნებულ პოლკოვნიკ სეზარს, - ამასთან გითხრათ? - არა, მოაშორე. და გაჯორილი გენერალი ციმციმ რომ გაიყვანეს, პოლკოვნიკმა ბედნიერად შეჰღიმილა: - კაატინგა გადაწეულა, გრანდისსიმოჰალლე, და გზა ხსნილია! - რაო? რას ამბობ... - ახლახან მოიჭრა მაცნე, გრანდ... - ძალიან კარგი... ძაალიან კარგი, ჩემო პოლკოვნიკო, - სიხარულით დაბურძგლა მარშალ ბეტანკურს, ბოლთა დასცა და გააჟრიალა, ხელებს იფშვნეტდა, - როგორ მომხდარა? - ჩვენი ძვირფასი გარდაცვლილების ნეშტს იქიდან აყრიდა თურმე ვიღაცა, ვინმე, - მხიარულად უხსნიდა პოლკოვნიკი, - და კაატინგა თანდათანობით, დამძიმებული, დანაყრებული, ქვევით იწევდა და ახლა ისეა მოდუნებული თურმე, გადი-გამოდი ვისაც გინდა, რამდენიც გინდა... - აიმ ვიღაცას ნეტავი არ გამოედევნენ? - პირიქით, გრანდისსიმოჰალლე, თვითონ გიჟივით გამოქცეულა აქეთ და ძალიანაც ყვიროდა თურმე. ჯერ ეგონათ, რომ ჩვენი ორიენტაციისა იყო და ამიტომ მოიგონა კაატინგაში გამოსასვლელი ხერხი, მაგრამ პირველსავე კორპუსელს ყელში კბილებით ჩაფრენია და ვერასდიდებით ვერ აუგლეჯიათ, დიდხანს ურტყეს კონდახები თურმე. - მოკლეს? - კი... დიახ! შენაღვლიანდა მარშალი ბეტანკური, იშვიათად თუ განაწყენებულა საკუთარ თავზე - „როგორ ვერ მოვიფიქრე კაატინგაში ხალხის ჩაყრა... რა ადვილად გადასავლელი ყოფილა და, თავს როგორ ვიტეხდი“. და აჩქარებით რაიმე კიდევ რომ არ შეშლოდა, ძლიერ ჩაფიქრდა, გაიარ-გამოიარა. პოლკოვნიკს შეაცქერდა მერე: - აქ, კამორაში, ან გზად, ეგ ამბავი ვინმესთან ხომ არ დასცდენია... - არა, გრანდისსიმოჰალლე. - ეგ მაცნე ახლავე დაამწყვდიე. კორპუსისაკენ კი ვინმე გაგზავნე და ჩემი სახელით უბრძანოს, ფეხი არ მოიცვალონ. დიდი ზარალი მოგვაყენეს იმ ოხრებმა და გათახსირებულებმა, ჩემო პოლკოვნიკო, დიდი ზარალი, - დაფიქრებული მიმოდიოდა მარშალი ბეტანკური, - და მთელი ამ ხათაბალიდან რაიმე ხეირიც უნდა ვნახოთ. ამიტომ ახლავე, სანამ დღეა, შინისკენ ღიაა საკაცით წაიყვანეთ გენერალი ხორხე, და იმის დაჭრას მთელი ქალაქი რომ შეიტყობს, ეგონებათ, რომ ცუდად გვაქვს საქმე, და ვისაც გულში ჩვენზე რაიმე ცუდი უძევს, დრო დაგვიდგაო, ეგონებათ და აყრანტალდებიან. მთელი შენი გადაცმული ოფიცრიონი ქალაქში დაქსაქსე, ასი ყური და თვალი გამოიბან, და ჩემით უკმაყოფილოთა სიები დილითვე მომართვი. იმ დაბაა თუ რაღაც ჯანდაბას მიწასთან რომ გავასწორებთ, მერე საეჭვო ელემენტებისგან უნდა განიწმინდოს დიადი კამორა. გასაგებია? - ჩემგან შექება როგორ გეკუთვნით, როგორ გაკადროთ, დიდო მარშალო, - გული ისე აუჩქროლდა პოლკოვნიკს, მაინცდამაინც ვერ დაალაგა წინადადება, - მაგრამ გენიოსი ხართ და, რა ვქნა, როგორ შევიკავო ამ გამოთქმისაგან თავი, გრანდისსიმოჰალლე. - და კაეტანომაც ასე იყვიროს - საღამოს ამდენი და ამდენი საათია და ყველაფერი არც თუ ისე გენიალურადაა. - რომ ვერ გაბედოს?.. - რიღასთვის მყავხარ. - აუცილებლად ეგრე იყვირებს, გრანდისსიმოჰალლე. - სხვა... თუ მიიღე რაიმე ზომები. - ერთი ვცადე და მაინცდამაინც ვერ გამიმართლდა, დიდო მარშალო... - დაირცხვინა პოლკოვნიკმა სეზარმა. - რა სცადე... გისმენ. - მეც მოვინდომე უკმაყოფილოთა მიგნება, სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებდით, გრანდისსიმოჰალლე, და რადგან ჩემს გადაცმულებს, უმრავლესობას, პარიკიან-ულვაშიან-სათვალიანადაც სცნობენ, ახალი კადრი გამოვიყენე - ლამაზ-გენერალს ქალურად ჩავაცვი, მატყლი ჩავუდე მკერდში, სხვაგან არ დასჭირდა და ღამის სასადილოში შევუშვი... ძალიან შევცდი. - რატომ. - მეტისმეტობით, ისე ძალიან შევალამაზე, ისეთი დავასწავლე გამომწვევი სიარული, პირის კანიც ისეთი ნაზი აქვს, გრანდისსიმოჰალლე, ისეთნაირად ჩავაცვი კოხტად... გადავამლაშე - მოგეხსენებათ, დიდო მარშალო, ლამაზ ქალებთან პოლიტიკაზე არ საუბრობენ. - აბა?! - სულ ერთიანად დაბწკენილია. სახე შეჭმუხნა დიდმა მარშალმა, მაგრამ გართულ პოლკოვნიკს არ შეუმჩნევია. ესეც არ ესიამოვნა მარშალ ბეტანკურს, უხეშად უთხრა: - მაშ, ესე იგი, ჩემი დავალება გაიგე, არა? - კი, როგორ არა, - მხიარულად მიუგო პოლკოვნიკმა სეზარმა, - ვინც თქვენზე ცუდი რამა თქვას, გული გაუპოს დანამა, არა? - ძალიან გათამამდი შენ, ფედერიკო, - სუსხიანად მიაჩერდა დიდი მარშალი, - უსაქმურობამ იცის ეგ. და, სხვათა შორის, კაატინგას გადახსნაში არავითარი წვლილი არ გიძევს. - კი... - ძალიან შეცბა გალაღებული პოლკოვნიკი, თავი ჩაღუნა, - დიახ, როგორ არა, სწორი ბრძანდებით, გრანდ... - იმ კორპუსს შენვე უმეთაურებ. წადი. მზე ჩასულიც არ იყო, მდინარესთან მიჩოჩიალებული აუარება მორი ტივებად რომ შეკრეს, ხელისგული გადაისვა გახვითქულ შუბლზე მოხუცმა სანტოსმა, მერეღა დადუმდა გრეგორიო პაჩეკოს დოლი. ჯირკვზე ჩამოჯდა დაქანცული დომენიკო, ყურებში ისევ გუგუნი ედგა, ხელ-ფეხი, ბეჭები, წელიც ძალიან სტეხდა და მაინც, მწარედ სიამოვნებდა; თავი გადასწია, ტკივილით გაიზმორა და, როგორც კი თვალი გაახილა, შეკრთა, წამოდგა - თოფჩაბღუჯული ვაკეიროები დინჯად ბრუნდებოდნენ კანუდოსში, ჟოაო კი ჯგუფს გამოეყო და გაცხარებულმა მიირბინა მენდეს მასიელთან, აღშფოთებისგან სიტყვა უწყდებოდა, სუნთქვა ეკვროდა: - აკი ვამბობდი, კონსელეირო, ნუ მივიღებთ-მეთქი... ძალიან, რადგან... როგორ!.. ისეთი დაპრანჭულ-გამოპრანჭული... ისღა გვაკლდა სწორედ, ოოხ, მაგისი!.. - რა დააშავა, - წყნარად იკითხა კონსელეირომ, დაბრუნებულებს რომ გადაავლო თვალი - დონ დიეგო აკლდათ. - რა და... ჯერ ის იყო და, მასხარაობა მომინდომა... მხოლოდ ის მყავდა არასაიმედო, და ამიტომაც ჩემთან ახლოს ჩავასაფრე... - კაატინგასთან, სადარაჯოდ. პატარა ხანი რომ გავიდა, სსსუო, დამისისინა და რომ შევხედე, ისეთი შეშფოთებული ჩანდა, ფუჰ, ვიგინდარა, მეც შევშფოთდი, ალბათ კამორელები თუ შენიშნა-მეთქი და რა არი-მეთქი, ხელით რომ დავეკითხე, აქ მოდიო, მანიშნა... ძალიან ფრთხილად, სულ ხოხვა-ხოხვით მივუჩოჩდი და ქეიფში როგორ ბრძანდებით, ჟოაოო, მკითხა! კაატინგასთან კი არავინ ჩანდა... ახ, ის მასხარა, ვიგინდარა ის! ძალზედ გავბრაზდი, კონსელეირო, გავეცალე, აღარ ვიყურებოდი იმისკენ, დასანახად მეზარებოდა, მერე კი, წამოსვლის დრო რომ დაგვიდგა, მოვიკითხეთ და... სადღა იყო! მოღალატე, ლაჩარი, გამყიდველი, მშიშარა!.. რად გვინდოდა, ა, კონსელეირო, ისეთი უცხო, ისეთი გადაპრანჭული... - კარგი, დაწყნარდი, ჟოაო, - მშვიდად ახედა მენდეს მასიელმა, - ყველამ თავისი საქმე იცის. დიდ ხესთან მიმჯდარ კონსელეიროს მიუახლოვდნენ მწყესები, შედგნენ; მთელი ქალაქიც იქვე მოგროვდა, კვლავ მოშორებით გამდგარიყო ზე. გრეგორიო პაჩეკომ და სენობიო ლჲოსამ ფრთხილად წამოაყენეს კონსელეირო, მხარში შეუდგნენ, წელზე შემოხვიეს ხელი, ღონე მოიკრიბა მენდეს მასიელმა, სუსტი ხმით, მტკიცედ ალაპარაკდა, კიდევ კარგი, რომ საღამოსპირი იდგა, შებინდების დასაწყისი, მიყუჩების დრო, სიტყვა კარგად ისმოდა. - ერთი რამ ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, ძმებო. ქალებს და ბავშვებს ორი თქვენგანი უნდა გაჰყვეს. გაკვირვებულნი უმზერდნენ კანუდოსელები, რა დიდი გადასაწყვეტი ეს იყო... - და სამუდამოდ იმათთან უნდა დარჩნენ. აქ კი სუყველამ განზე იბრუნა პირი, კონსელეიროს სახეს არიდებდნენ, რომ არ მოხვედროდნენ თვალში. ერთადერთი, დომენიკო მისჩერებოდა... ვერ მიმხვდარიყო, რა რას ნიშნავდა. და კონსელეირომაც ახსნა: - ვიცი, ძალიან რომ გერიდებათ განწირული ქალაქის მიტოვება, მაგრამ აუცილებელია ეს, ძმებო, - ტივების მართვას მაგარი ხელი სჭირდება, ქალი ვერ შეძლებს და მეორეც ის, ჩვენი შვილები მამაკაცმაც უნდა გაზარდოს - ცხენოსნობაო, ნადირობა, ათასნაირი ხერხი... რომლები წახვალთ? არც კი გამოუჭვრეტია არავის, და ზეს კეფაში ჩაალურსმა მზერა მენდეს მასიელმა, და იმანაც მაშინვე იგრძნო, მკვეთრად მოაბრუნა თავი. რა დაძაბულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს კონსელეირო და ზე მორეირა, პირველი მწყემსი... თვალებით როგორ ლაპარაკობდნენ! მერე თავიც კი ოდნავ დახარა მენდეს მასიელმა - რაღაცაზე შეთანხმდნენ, და მხოლოდ წამით, შვებით გაიღიმა ზემ... დომენიკოღა მისჩერებოდა რიგრიგობით ორივეს; სხვებს, თავმიბრუნებულთ, არაფერი შეუტყვიათ. წელში გასწორდა ზე, მხრები გამართა, გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე, როგორ მოქცეულიყო სიცოცხლის ბოლომდე. ძველი იერი უბრუნდებოდა, ძველებური ლაზათი და თანდაყოლილი სიამაყე, ეშხი... და მერე განგებ ისევ საწყლად ჩაღუნა თავი. - კენჭისყრის დრო არა გვაქვს, - თქვა მენდეს მასიელმა, - მხოლოდ საღამო უნდა ვიკმაროთ, რადგან ან დღისით გადასწყვეტენ ხოლმე შეტევას, ან - ბნელი ღამით. საღამოობით - არასოდეს. რომელი წახვალთ... - მე, მე წავყვები, კონსელეირო! სუყველამ ზესკენ მიაბრუნა თავი, დაბნეულები შეაცქერდნენ. თავისით როგორ იკისრა გაცლა!.. ის კი, ოდნავ აწითლებული, იხტიბარს არ იტეხდა თითქოს, მენდეს მასიელთან საქმიანად ალაპარაკდა: - ორი კაციო, კონსელეირო, არა? - კი, ორი კაცი. - როხასს წავიყვან. - ძალიან კარგი. - როდის წავიდეთ? ძველებურად მხნედ შემართულიყო პირველი მწყემსი, მაღალ ფეხებზე არხეინად იდგა, კანუდოსელების გაკვირვებას არად აგდებდა. - როგორც დაღამდება. - ეს რთული და საპატიო საქმე უნდა იყოს, წესით, ჩემზე უკეთესად ალბათ ვერავინ გამოზრდის ბიჭებს, კონსელეირო, არა? - კი. - და, ამიტომაც, სწორედ მე წავალ. ეუხამუშათ პირველი მწყემსის საქციელი კანუდოსელებს. ზედ გარდუვალი ბრძოლის წინ, ასე უდარდელად გაცლა... მარიამიც კი დაბნეულიყო. მაგრამ ზე ერთ-ერთი გახლდათ იმ რჩეულ ხუთთაგან... - კი მაგრამ, მე რა დაგიშავეთ, კონსელეირო, - ხმა აუკანკალდა როხასს, და აღშფოთებამ სიცოცხლეში პირველად ძალიან გრძელი წინადადება ათქმევინა: - რითი მიწუნებთ მაინც, ცუდად ვმუშაობდი, ცუდად ვიბრძოდი თუ რა, ის ჭრილობებიც კარგა ხანია მომიშუშდა და სხვებსავით არც ცოლი მყავს და ძირი, რომ გავეკიდო. - უნდა წამომყვე, - უთხრა გაფითრებულმა ზემ, და მერე თითქოს წაეხუმრა, - მე რა, რითი ვარ შენზე ნაკლები, ჭრილობები რომ არ მაქვს? მეც კი შეიძლებოდა მქონოდა და რომ მივდივარ ახლა... მაგრამ როხასმა ზიზღით შეხედა, და დაუნდობლად გააწყვეტინა: - შენ ნაჩუქარი სიცოცხლე გაქვს, და როგორც გინდა, ისე მოიხმარ. მაჩეტესაკენ გაექცა ხელი ზეს, მაგრამ დროულად შეიკავა თავი, ტუჩი მოიკვნიტა. - შენ რომ გგონია, არც ისეა საქმე, როხას, - ძლივსღა ლაპარაკობდა მენდეს მასიელი, ყოველი სიტყვა ძალიან უჭირდა, - დიდად მოსალოდნელია, გზაშიაც დაგხვდნენ კამორელები და სხვებზე სასტიკი ბრძოლა ეგებ შენ გელის... - მით უმეტეს, კანუდოსში მინდა მოვკვდე. - გრცხვენოდეს, როხას! - დაანამუსა მენდეს მასიელმა და მწყემსმაც მაშინვე თავი ჩაღუნა. მოსაღამოვდა, დაბალ ხეებზე მიძვრებოდნენ თვლემამორეული ქათმები. - ეგ ფრინველები აუცილებლად წაიყვანეთ. იმ ახალ ადგილას, სისხამ დილით, - სუსტად გაიღიმა კონსელეირომ, - მამალმა აუცილებლად უნდა იყივლოს. და მთელი ნახირიც გაიყოლიეთ, ორ ტივზე მოთავსდებიან. ათიოდე ცხენიც წაიყვანეთ. - ახლა კი ყველანი დავსხდეთ, და გავყუჩდეთ, - თქვა მენდეს მასიელმა, შეშფოთებული ქათმების კრიახი რომ მიწყდა, განშორების წინ, ასე იციან. დამშვიდობებით კი ერთმანეთს სიბნელეში დავემშვიდობოთ, ვისაც როგორ გვინდა... დაღამებამდე, თვალს არიდებდნენ დედას, ცოლს, შვილებს, საბრალოდ ისხდნენ; წამოდგნენ მერე, გახევებულნი, ისე თვალნათლივ მკვრივდებოდნენ მოძალებულ ბინდში... მერე კი, მაგრად რომ ჩამობნელდა, თითქოს ძალიან ამოძრავდა ყველა, თითქოს ერთმანეთს ეფერებოდნენ, ტიროდნენ, ქვითინებდნენ ზოგან, ხელისგულს ნაზად უსვამდნენ ერთმანეთს ლოყებზე, თავზე, გატრუნულ ბავშვებს შუბლზე ჰკოცნიდნენ, ძაან ახლობელს თუ მიაგნებდნენ, ჩახუტებულნი, შეჩვეულ სითბოს სუნთქვაშეკრულნი უგდებდნენ ყურს... ნაჯაფ, ხესავით გრილ, დაკოჟრილ ხელებს ყელზე სათუთად უსვამდნენ ბავშვებს, ზოგი მალულად იმშრალებდა ცრემლს, და ბნელ ღამეში ძალიან აითქვიფნენ, ყველა ერთმანეთს ეფერებოდა თითქოს. დამრჩენებიც კი, ხელისგულს რწმენით ადებდნენ ერთიმეორეს მხარზე, იმ კუნაპეტში თანაქალაქელებს აღელვებულნი, იმედით შესცქეროდნენ, დაბორიალებდნენ ბნელში, წყნარი მდინარე ვერ ფარავდა იმათ ფეხის ხმას, საყოველთაო, შეკავებული ალერსი სჭირდათ, წყვდიადში მხარს თუ უნებურად გაჰკრავდნენ ვინმეს, მაშინვე ალერსით იღიმებოდნენ, ასე ეგონა დომენიკოს, იმ სიბნელეში ნამდვილად ასე ეჩვენებოდა. ...მსგავსი არაფერი მომხდარა, უძრავად იდგნენ. და, ტივები რომ ჩასცდა კანუდოსს, კონსელეიროსკენ იბრუნეს პირი, კვარი სახეზე დაანათეს - ვეღარ სუნთქავდა. გაბრუებულები, მხრებჩამოყრილნი იდგნენ: დედა, ცოლშვილი - უსუსურად მდინარეს მინდობილნი და სამუდამოდ, ალბათ, მათთვის დაკარგულნი... ის საკვირველი უცხო, დონ დიეგო, სამარცხვინოდ გაპარული... პირველი მწყემსი, ამ ბოლო დრომდე მისაბაძი და ხერხით, ძალ-ღონით, მთავარი იმედი, ზე მორეირა - მთლად გამოცვლილი, თავარიდებული ბრძოლას... და კაატინგაც - გადაწეული... მანუელო კოსტა - მკვდარი... ყველაზე ნამდვილი ვაკეირო, როხასი, უთქმელი და საქმისმოყვარე, მშვიდად მართალი - კანუდოსიდან ძალისძალათი გადახვეწილი... და სიტყვიერი მათი ერთობა, იმათი რწმენა, კონსელეირო მენდეს მასიელი, ვეღარ სუნთქავდა... თავისი ქალაქის მიწაზე, პირაღმა გადაქცეული იწვა. კანუდოსელები მაინც კარგად იბრძოდნენ როგორც ეს მოგვიანებით გაიფიქრა პოლკოვნიკმა სეზარმა, კორპუსი დღისით, მზისით, მთლიანად არ უნდა გაეყვანა კაატინგას მიღმა. ასე ეგონა, მრავალრიცხოვნებითა და სანაქებო შეიარაღებით თავზარს დასცემდა მოწინააღმდეგეს, მეთაურთა გაცემას მოსთხოვდა, სამაგიეროდ რიგითებს სიცოცხლის შენარჩუნებას აღუთქვამდა და იარაღს ფერხთით დაუყრიდნენ. მაგრამ მოლაპარაკება ვინ აცალა - მთელი კორპუსი რომ შექუჩდა, მწყობრად განლაგდნენ და უხილავი ქალაქისაკენ ყოჩაღი მარშით გასწიეს, გორაკებზე ჩასაფრებულ კანუდოსელთა თოფებიც გრილი ლულებით ჩააცქერდნენ მომხვდურებს და უმრავლესობას თუმცა უვარგისი, მიზანმოშლილი იარაღი ჰქონდა, ეგ არაფერი - ერთს რომ გულმოდგინედ დაუმიზნებდნენ და ჩახმახს გამოჰკრავდნენ, სულ სხვა კორპუსელი გაგორდებოდა - ძალიან მჭიდროდ მოდიოდნენ დამხობილი კაატინგათი გაარხეინებული კამორელები. პოლკოვნიკის ბრძანებამდეც კი მთელი კორპუსი გაიფანტა, გაწვნენ, ზოგნიც კანტიკუნტ ხეს ამოეფარა, და არ იძვროდნენ; ფრთხილად თავაწეულნი, გაყინული, ხვლიკის თვალებით იყურებოდნენ ბორცვებისაკენ. ვერ დავუკარგავთ - არ დაშინებულან. ხანდახან იმათ გვერდით მიწაში ესობოდა ტყვია, თავს ჩარგავდნენ ხოლმე. მერე სიჩუმე დააწვათ და გაიკვირვეს, დაინტერესდნენ, წამოწეულნი დიდის იმედით უცდიდნენ ღამეს, რა იცოდნენ რომ, კანუდოსელებსაც ღამის იმედი ჰქონდათ. აქა-იქ, ბორცვებზე, ხანდახან ვაკეიროთა ოთხკუთხა ქუდი ამოიწვერებოდა, და მაშინვე იქით მიაშვერდნენ თოფს. მერე გაუტკბათ ცალმხრივი სროლა, ცოტა უკვირდათ, კანუდოსელები რომ არ პასუხობდნენ. მაინც დიდის სიფრთხილით, სუნთქვაშეკრულნი ეფარებოდნენ არიერგარდიდან მოყვანილ, საგანგებოდ გაწვრთნილ, გაყუჩებულ ცხენებს, და უცებ მოულოდნელმა თქარათქურმა შეაკრთოთ - ბორცვების თავზე ჭენებით გადადიოდნენ კანუდოსელები, მიეფარნენ თვალს. სწრაფად წამოხტა პოლკოვნიკი, კორპუსს ამხედრება უბრძანა და ვაკეიროებს გაედევნენ. მაგრამ მანძილი არ მოკლდებოდა, მხოლოდ პოლკოვნიკის სიფეხმარდით განთქმული ცხენი უახლოვდებოდა ჩამორჩენილ ვაკეიროებს და ისიც შედგა - სულაც არ შემკრთალა პოლკოვნიკი სეზარ, მაგრამ ერთი კაცის შებმა იმოდენა რაზმთან სისულელე იყო. იდგა, კორპუსს უცდიდა. მერე ოფიცრებს მოკლე ანგარიში მკაცრად, საქმიანად მოსთხოვა - მაინცდამაინც ბევრნი არ აკლდათ, დამსჯელი რაზმიდან წამოყვანილ, მომვლელებად გადაცმულ რამდენიმე ადამიანს თოფნაკრავებთან დარჩენა უბრძანა, რადგან კაატინგას აღორძინების გამოსარიცხად - ასე დაარიგა დიდმა მარშალმა - ბუჩქნარში დროდადრო უნდა ჩაეგდოთ უდისციპლინონი ან დაჭრილები. შებინდებისას ტყეს მიადგნენ და პოლკოვნიკმა ვახშმობა ბრძანა, მაგრამ სურსათით დატვირთული ურმები აღარსად ჩანდა. პროვიანტის მოსაძებნად რამდენიმე ამხედრებული კორპუსელი გაგზავნეს, მაგრამ აღარც ერთი დაბრუნებულა - ბნელში, მაჩეტე... შორითა ტყეში კი უხვად დაძღნენ ტურები. იმ რამდენიმე ვაკეირომ, ინოსენსიოს მეთაურობით ურმები რომ ჩაიგდო, არ იკადრა მტრის ლუკმა, მხოლოდ ერთი ციკანი - პოლკოვნიკის კუჭით საყვარელი შინაური ცხოველი - დაუთმეს უცნაური ნადირობის ხასიათზე დამდგარ სანტოსს. მთელი დღის უსმელ-უჭმელი, მანამდე კი ათასგვარი სურსათ-სანოვაგით ერთთავად განებივრებული პოლკოვნიკი სეზარ ახლა, ამ ტყეში, ხმელა პურზედაც არ იტყოდა უარს - მუცელი გვრემდა. აწრიალებული მიმოდიოდა ოფიცრიონში, შენიშვნას შენიშვნაზე იძლეოდა, ვერ ისვენებდა; ორიოდ ყლუპმა ნაზად ცეცხლოვანმა, მოალისფრო სითხემ უფრო აუღერღა მადა, კუჭი ეწვოდა. იმ სიბნელეში რომელიღაც არხეინ ლეიტენანტს თავზე დააბიჯა, მის წამოყვირებაზე კინაღამ გული გაუსკდა, ძალიან განრისხდა და უადგილო დროს ძილისათვის წოდება ფიცხლად აჰყარა. მერე გუშაგები მიმოაყენა, და ძილი ისურვა; თვალდახუჭული კი იწვა, მაგრამ კარგა ხანს არ ეკარებოდა რული - დიდად მოგვიშივდა პოლკოვნიკ სეზარს. გამორჩეული საჭმელები ენატრებოდა, და ისე ცხადად წარმოედგინა, სუნიც კი სცემდა - ხახვმოყრილი შემწვარი სუკი, მაგალითად, ვთქვათ; ღვიძლი, ბასთურმა, და დედის მუცლიდან ამოყვანილი ჯერაც დაუბადებელი ხბო, რძეში მოხარშული - აჰ... ოდნავ ჩასთვლიმა, და ნიკაპზე ნერწყვი გადმოსდინდა, ზმანება ნახა მაშინვე ისეთი - შავ პურზე თხლად წასმული ღორის გადამდნარი ქონი და წითელი ხიზილალა ბარაქიანად ზედ, მსხვილმარცვლოვანი - რა სანუკვარი შესაჭმელი იყო, სამი საოცნებოდ განსხვავებული რამ ერთდროულად, ერთად: ხაოიანი შავი პურის გამომწვევი სიველურე, ქონის მძიმედ ნატიფი, ამაზრზენი ცხიმიანობა და მთავარი რამ - შორეულად მწკლარტე, ნერწყვდამდენი წითელი ბუშტუკები ენამიჭერილ აქავებულ სასაზე როგორ სკდებოდნენ... აჰ?! სწრაფად წამოჯდა პოლკოვნიკი, მიმოიხედა - ბნელოდა ძაან, რა იქნებოდა აბა უმთვარო ღამით დაბურულ ტყეში, და ციკნის უმწეო, ბაცი კიკინი მოესმა თითქოს. რა, მომეჩვენა? - გაიფიქრა პოლკოვნიკმა, მთელის არსებით მიაყურადა, მოესმა კვლავაც - სხარტად წამოდგა; იმ სიზმრის მერე, გამგელებულმა, აღარ იცოდა, სად იყო, ვისთან, სანუკვარი ხილვებით შემობურულს, კორპუსელები კი არა, ქალიც აღარ ახსოვდა, მაგრამ სიბნელეუჩვევს წყვდიადი მაინც უსიამო აზრებს ჰგვრიდა და გასამხნევებლად ისევ მიიყუდა კონიაკიანი მათარა, სული აეწო... მერე გამხნევდა, და საოცნებო კიკინისაკენ, დროდადრო რომ გაისმოდა, ყურმიშვერილმა, ოდნავ გვერდულად გასწია, ვეღარა გრძნობდა სახეზე წაცაცუნებულ ფოთოლს, წვრილად მოდებულ აბლაბუდას, ხოლო წინ, იქით, საფუძვლიანი ქსელი ელოდა - დაბალ ტოტზე იჯდა მოხუცი სანტოსი, ქამარში ნაჯახი გაეჩარა და იმავე ხეზე გამობმულ ციკანს გრძელი, წვეტიანი ჯოხით ფერდში სჩხვლეტდა და აკიკინებდა. კისერწაგრძელებულ, მსუნაგად მიახლოებულ ადამიანს შორიდანვე მოჰკრა თვალი, არა, მასიმო ეს არ იყო, მაგრამ მხრებზე კარგა ბრჭყვიალა ეპოლეტები კი ესვა; ფეხისგულებით მიებჯინა მოხუცი სანტოსი წინა ტოტს, გამაგრდა ადგილზე, გაიტრუნა... უჩხვლიტა ისევ ციკანს და გახარებულმა განაგრძო საბოლოო გზა სეზარმა. ხელის ცეცებით, გულაჩქროლებული უახლოვდებოდა სანტოსიან ხეს, კარგი ჭამა და კარგი სვა პოლკოვნიკმა იქამომდე, ბევრიც იარა, რაღა უნდოდა, რაღა გინდოდა. ჰოი, ბეჩავო, ბეჩავო, ბეჩავო პოლკოვნიკო, სად მიხვალ, პოლკოვნიკო, სად... რას დაგიდევდათ, ციკნის ხორცი ესურვილებოდა, უკაწკაწებდა მოშიებული სული, როგორც ყოველთვის, მთავარი ის იყო, ახლა, ამწუთას ჰქონოდა საზრდო, ადრინდელ ნუგბართა - „დედა არ ვატირე?“ - გაიფიქრა პოლკოვნიკმა, უფრო სულსწრაფად გასწია, და არ იცოდა, ვერა ხვდებოდა, ამა კიკინის წყალობით რომ იქ, ჩასაფრებულში, ცეცხლია მაღალი, იქ, ჩასაფრებულში, მაღალი ცეცხლია და კვლავინდებურად ხელგაშვერილი მიიკვლევდა გზას, მშვენივრად იცოდა, რაც უნდა ექნა - თავს ნაზად გადაუწევდა ღონივრად თითებჩაბღუჯულ ციკანს, ალერსიანად გამოუსვამდა ყელში დანას და იქვე კოხტად გაატყავებდა, მოკლედ, იცოდა, რაც უნდა ექნა და ბნელში ნაცრისფრად ამობჟუტულ ციკანსაც ჰკიდა თვალი, ერთი, ორი და იქავე იყო, და სანამ დახრას მოასწრებდა, მოხუცი სანტოსი გადმოიზიდა; ქეჩოში სწვდა და ლეკვივით ასწია, ფეხებიც კი აკეცა მოულოდნელობისაგან მთლად წამხდარმა სეზარმა, ჰაერში უსუსურად კონწიალობდა, მოხუცმა სანტოსმა კი მეორე ხელით წელში გაჩრილი ნაჯახი დააძრო, მოიმარჯვა, გვერდიდან შეხედა ვედრებით თვალებაპყრობილ, შეძრწუნებულ ნადავლს და ნაჯახიანი ხელი მოკლედ, ღონივრად დაიქნია... ზიზღით შეუშვა თითები მერე. უბრალოდ მოხდა - იყო და არა იყო რა, იყო ერთი ყოჩაღი პოლკოვნიკი ფედერიკო სეზარ. *** დაეჭვებული ეფერებოდა დიდი მარშალი აკრუტუნებულ, სიამით თვალებმილულულ კატა არუფას - გამარჯვების მაუწყებელი მაცნე იგვიანებდა რაღაც... *** გათენებამდე გრძელდებოდა მოქუფრულ კანუდოსელთა თავგზააბნეულ კამორელებზე ეს დაუნდობელი, ჯიუტი ნადირობა. გამწარებულნი დაეძებდნენ თავშესაფარს ბნელსუჩვევი კორპუსელები, მაგრამ ყოველი ხის უკან ყვრიმალებდაბერილი, მაჩეტეჩაბღუჯული ვაკეირო - თავად ბედისწერის მსახვრელი - იდგა. ვერ წაუვიდოდნენ, უმეტესობათაგანნი, მაინც: ფეხისწვერებზე დიდხანს მოარულს და უკვე გადარჩენის იმედჩაღვრილს - უცებ, ანაზდად, ფერდში ქვემოდან ნაძგერები დანა... ტოტზე გაჭირვებით ამძვრალს, ზემო ტოტიდან - ყელში, მაჩეტე... ხეს ამოფარებულს - თითქოსდა გადამრჩენელ ხეზე მიმლურსმნელი შუბი... წაკლული თანაკორპუსელის ხვედრით შეძრწუნებულ მორბენალს, უკან-უკან შიშით მზირალს - წინიდან, კეფაში, სენობიოს გამოჭედილი ხმალი... ტყიდან თავდაღწეულსა და გაკვირვებით მდგარს, ავი წინათგრძნობით გახევებულს - ყელზე ქამანდი და მერე სწორედ ცხენის სისწრაფით მიწაზე მწარე ხახუნით თრევა... რომელიღაცა საზარლად, გავეშებული ბღაოდა და სულ გინებით იხვეწებოდა ხან შველას, ხან სიკვდილს, და არც შველიდნენ და არცა ჰკლავდნენ, ბღაოდა როგორ, ყურები ხელისგულებით დაიცო სანტოსის გვერდით ტოტზე მჯდარმა დომენიკომ, დაბლა, მიწაზე, რა ჩაიყვანდა - ვაკეიროს ჯერ არა ჰგავდა მიხრა-მოხრით, და იმ ღამეში სულ სისხლი, სისხლი ელანდებოდა, სისხლისავე სცემდა აუტანელი სუნი, ყრუ დარტყმების ხმა მაინც სწვდებოდა და თვალდახუჭულიც კი მშვენივრად ხედავდა, როგორ უხვედრებდა გამოქცეულ კამორელს გადაზნექილი მოხუცი სანტოსი დიდ, კალაბრიულ ხანჯალს ზედ ყელთან, მერე კი, წამოცმულს, მკერდზე ფეხს აჭერდა და ხანჯალს ასე აშიშვლებდა. და დომენიკომ უცებ საწყლად რომ ამოიკნავლა: „აღარ გინდათ, რა...“ - ძალიან შერცხვა, გულს იმაგრებდა, როგორც შეეძლო, და ხოცვა-ჟლეტას ძალისძალათი აკვირდებოდა: ერთი პატარა კანუდოსელი ხომ იყო ისიც და რომ არავის ჰკლავდა, ეგ კარგი, კარგი, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ მთლად თვალგაუხელობაც არ იქნებოდა - თაროზე შესკუპული სათამაშო ხომ აღარ იყო - დაბალ ტოტზე სანტოსის გვერდით იჯდა. გათენებისას კი, სხვებთან ერთად რომ მიუახლოვდა განაპირა ხეებს, ფრთხილად გაიჭვრიტა და შეკრთა - თუმცა გამესამედებულიყვნენ კორპუსელები, მაინც ღონივრად ფეხგადგმულნი იდგნენ, თოფი ეკავათ. და ტყისკენ თვალმოწკურულნი იმზირებოდნენ რაღაცნაირად ალბათ, შორიდანაც კი ასე ეჩვენებოდა დომენიკოს. და კანუდოსელები თუმცა ამ გამესამედებული კორპუსის ნახევარნიც არ იყვნენ, მოგვიანებით ლამაზ-გენერლის კორპუსიც რომ ამოვიდა, ეგ არაფერი, და მერე კეთილ-გენერალ რამოსის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დამსჯელი რაზმიც რომ ამობრძანდა, ეგეც კი არაფერი - თვით მიჩინიო მოუძღოდა ჟაგუნსოების აშვებულ ხროვას! მუხლები მოეკვეთა დომენიკოს, მთლად გაეყინა დაბუჟებული თითები, კი, სრულდებოდა - „წყალშიც რომ დაიმალო, იქაც გიპოვნი!..“ შეძრწუნებულმა, ძლივას აითრია ფეხი, შემცივნებული გონებით ვეღარაფერს გრძნობდა, მხოლოდღა სხეულს ეშინოდა რაღაცნაირად ბრმად და სასტიკად, და კამორელებმა მხარზე რომ მიიბჯინეს თოფი, დომენიკომ კანუდოსელებთან ერთად ტყის სიღრმისაკენ დაიხია, შეგროვდნენ და შორეული კვამლის სუნი ჯერ ძალიან ბაცად, ბუნდოვნად იგრძნეს, მერე ძალუმად, მრისხანედ ეცათ, ეს - ტყე იწვოდა... თავიანთ ქალაქს, კანუდოსს მიაშურეს; საღამოვდებოდა, თავთავიანთი ქოხის სარკმელთან გამაგრდნენ ვაკეიროები, თოფები დატენეს, მოიმარჯვეს, უბრალოდ, იცდიდნენ, კორპუსელები კი მეთოდურად, გაწვრთნილ-დამუშავებული ხერხებით ნელინელ არტყამდნენ ალყას, იმათი მთავარი ძალა - დამსჯელი რაზმი საგულდაგულოდ ახლოვდებოდა, ნასწავლ-დახვეწილი სიარული ჰქონდათ, ძალიან ყალბად მოძრაობდნენ და თოფის სასროლ მანძილზე შედგნენ. საღამოსპირი იდგა, დიდი მიყუჩების დრო, თიხის მშვიდ, თეთრ სახლებში გამაგრებულიყვნენ კანუდოსელები და დარდი ღრღნიდათ: სული სულია, სული - ტკბილია... სხვა დროს არც იდარდებდნენ მაინცდამაინც ამას, მაგრამ შებინდების ჟამი, საღამოსპირი იდგა, მიყუჩების დრო და ყოველ ჩქამსაც უჩვეულო ფასი ედო და იმ მძიმედ მოწოლილ სიჩუმეში ნაღვლიან ფიქრებს მისცემოდნენ. ჰეეი, ქვეყანა, დალოცვილია, კარგია, დიდია, ფერადია და მოუბეზრებელი, მაგრამ უკანასკნელი დღე ედგა ყველას, აღარ იცოდნენ, როგორ მოსწყვეტოდნენ მდუმარებაში წამოშლილ დარდს, ის ოხერი კამორელებიც არ ისროდნენ, ლოდად დააწვათ, თავზე მდუმარება და უცებ მჭახე, სიჩუმის სულ ნაკუწ-ნაკუწ დამფლეთი თქარათქური მოესმათ, გაკვირვებულებმა მიიხედეს - იმათი მდინარის ნაპირს ლაღი ჭენებით მოუყვებოდა ზე მორეირა, პირველი მწყემსი, საკვირველებავ, რა უცნაურად - ცხენის ზურგზე გამართული იდგა! სანამ რაიმეს მიხვდებოდნენ, მხედრის უჩვეულო ხელოვნებამ მაინც მოსჭრათ თვალი, მოხიბლულები შესცქეროდნენ და იმან კი რომ ჩაიქროლა და, ზედ კამორელებისკენ გაფრინდა, კანუდოსელებმა იმასაც ჰკიდეს თვალი, პირველ მწყემსს ზურგსუკან წაღებულ ხელებში ორი ხმალი რომ ეჭირა, ტანზე აკრული, მტერს თუ უმალავდა, ალბათ, და კამორელებიც არ ესროდნენ, დესპანი ან გამოქცეული თუ ეგონათ ზე, და გინდაც არ ჰგონებოდათ, ვინ წარმოიდგენდა ერთი კაცის იმოდენა ლაშქართან შებმას და ზემ კი, კამორელებს რომ მიეხალა, ხელები ფიცხლად შემართა და ორი მეწინავის თავზე აჰ, რა სასტიკად დაუშვა ხმალი... მერე მაღალი ფეხები ოდნავ გაშალა და ცხენზე დახტა, და სანამ გაოგნებული კორპუსელები გაიაზრებდნენ, თუ რა მოხდა, ან როგორ მოხდა, ან თოფს მოიმარჯვებდნენ, იმათ შორის რისხვად დაბზრიალდა ზე მორეირა, პირველი მწყემსი, ორივე ხელით ბასრ ხმლებს იქნევდა, ცხენს კი შემოსალტული მუხლებით იქით მიმართავდა, საითკენაც სურდა და მისი შემყურე კანუდოსელები ყველაფერს ერთბაშად მიხვდნენ: რატომაც გაეცალათ სულ მცირე ხნით ზე - ერთხელ დახსნილს, სამოწყალოდ რომ არ ეგრძნო თავი, მეორედ თითქოს საკუთარი ნებით გაეცალა ხიფათს და ახლა ამ ამოსვლით, ამ დაუძალებელი უშიშრობით, ორივე დახსნა ასე, ამგვარად გააბათილა; რომ ამობრუნდა, ამით ბავშვებისა და ქალების სამშვიდობოზე გაყვანის ამბავიც ამოაჭენა, შვება მოჰგვარა კანუდოსელებს; და მესამეც რომ, ახლა, ამ მჭმუნვარების ჟამს, მოძმეებს იმას აჩვენებდა, თუ როგორ უნდა მომკვდარიყო ჭეშმარიტი კანუდოსელი და იმ ჭენება-ჭენებაში სხარტად, ლაღად იქნევდა ორ ხმალს, და რა ამაყად შემართული იჯდა იმ მორჩილად აყოლილ ცხენზე, მრავლისმნახველ კანუდოსელებსაც უმაგალითო სიჩაუქეს ახილვინებდა, თქვენ მანამდეც ტყუილად კი არ ბრძანდებოდით სრულიად სერტანის პირველი მწყემსი, სხვათათვის უცნობი, მიკარგული გმირი, ძლიერ უბრალო სახელი გერქვათ - ზე... და მუდამ უთქმელი, რაღაცნაირად განსხვავებით მორიდებული, სულ იმის დარდში - თავისუფალი რომ არ იყავით, ახლა რა თამამად, რა ომახიანად დასძახოდით გაოგნებულ კამორელებს და რა მოწყვეტით იქნევდით ორ ხმალს, რა ლაღად - ყოველმხრივ, ყოვლად თავისუფალი ბრძანდებოდით სიკვდილის წინ, ზე! რწმენასაცა აქვს თავისი ქსელი, მხოლოდ ობობას და ბადეს კი არა, და რწმენის უხილავი ქსელით გადაიბნენ კანუდოსელები; უცხენოები, შინ გამაგრებულნი, თვალნათლივ მიხვდნენ, სიკვდილიც რომ შეიძლება ასე ამაყად ლამაზი იყოს და მიჩინიოს ხილვით თავზარდაცემულ დომენიკოსაც წამით ყველაფერი მიავიწყდა, ისიც სხვებსავით შეჰყურებდა, ეს ლაღად განრისხებული, ეს სხარტად მძვინვარე დიდი მეომარი, ტყვიით დაცხრილული, ბოლოს, ცხენიდან გადმოვარდნისას, ჰაერში მოკვდა, რა უცნაურად - ღიმილით პირზე, თავისუფალი! და იმოდენა სისხლისღვრით შეძრწუნებული აქამდე დომენიკო მაშინ, იმ წუთას, მოხიბლული შესცქეროდა იმასაც, სხვები თუ როგორ დახოცა ზემ და იმასაც, თუ თავად როგორ მოკვდა, რადგან ზე მორეირა, პირველი მწყემსი - ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა. *** იმ ბოლო ღამით, თვალს აბა ვინ მოხუჭავდა, მაგრამ ორი კაცი განსაკუთრებით წრიალებდა მაინც - იქით მასიმო, აქეთ - მოხუცი სანტოსი. ერთმანეთთან შეხვედრას დაჟინებით უგრძნობდათ გული და თუ სანტოსმა მშვენივრად იცოდა, ვისი გამოჭერაც სწადდა, მასიმოს, ცოდვილს, ცოდვებნაჭამს, ცოდვებმორეულს, გამოუცნობი შიში კაწრავდა, მინაზე უსვამდნენ სამართებელს თითქოს, აჟრიალებდა... დამსჯელ რაზმში კი დიახაც რომ არ შეიძლებოდა შიშის გამხელა - ჩამოაქვეითებდნენ, მასიმო კი ისე-უბრალო, რიგითი მოღვაწე კი არ იყო, მთელი ჩვიდმეტი კაცი ებარა. კეთილ-გენერალ რამოსსაც ეამაყებოდა რაზმელად ასე ლამაზი, ასეთი მოხდენილი ყმაწვილი. პეწიანიც გახლდათ მასიმო, თავისმომვლელი, კვირ-კვირაობით დაბარებულ ცნობილ დალაქს აკრეჭინებდა თმას, ნელსაცხებლები, კანის გამასათუთებელი მალამოები და ამისთანები ულევად ჰქონდა, სიტყვა-პასუხი კარგი შეეძლო, საღი კბილების გამომჩენი ღიმილიც სჭირდა, იცოდა ქიციც და ქიცმაცურიც, დასვენების ჟამს კარის ტენორის, ეზეკიელ ლუნას შეგირდთა მოსმენა ნამდვილ სიამეს ჰგვრიდა... ბოროტი იყო. მრავალი ცოდვა ედო სუფთად გაპარსულ კისერზე, თავისუფლად და მოხდენილად დააბიჯებდა. რა გაუჭირდებოდა, როგორღანაირ გასართობზე არ მიუწვდებოდა ხელი; უხუცესთა დასის მეთაურის, პორფირიოს, ერთადერთი სიძის - რამირეს კისპეს ყველაზე მეტად ახლო ძმაკაცი იყო და მესაიდუმლე. წრიალებდა ახლა... შორიახლოს, კანუდოსში კი, სანტოსის ქოხში, ის მორი ეგდო, მისი სახელი რომ შეარქვა მოხუცმა სანტოსმა და ახლა, ამ უკანასკნელი ღამით, მორისთვის აღარ ეცალა - თავად მასიმო უნდა მოეხელთებინა, მაგრამ სად, როგორ... ხომ ისევ აქ ხართ, ჩემი თანმდგომი, ვითომ მორჩილი, ჯიუტი, უნდო, მოდით, შევხედოთ ორივეს ერთად, აჰ, ერთდროულად როგორ წამოდგნენ - ეს ბედია, ბედი, ბედისწერაა, ჩემო, მათი ბედია... იქვე, ქოხშივე წაიხარა სანტოსი, ჯიბეში მატყლის გორგალი ედო, წელზე თოკი შემოეხვია, მოკლე ნაჯახი ეპყრა ხელთ - ღამეულ ნადირობაზე მიდიოდა, ფეხთ გაიხადა, უხმაურო და მთლად აკრეფილი მონადირე ქოხიდანვე წაკუზული გავიდა, მხრებზე კუნთები უჩუმეს რისხვად გადასდიოდა... უმწეოდ იდგა იქით, კოცონთან, დამსჯელრაზმელი; აი აქ, ასე, განათებულში ყოფნა სულაც არ სურდა - ნაჯახისა არა უწყოდა რა და, ავ წინაგრძნობა ატანილს, შიგ თვალში დამიზნებული თოფის ლულა ელანდებოდა... შავები ეცვა მოხუც სანტოსს, კოცონისკენ მიიპარებოდა, ჭაღარა თავზეც შავი თავსაფარი მოეხვია, მირცას ნაქონი... მირცა მთელი იმ სოფლის თვალი იყო და ყველას უკვირდა, რამ მოაწონა ყოვლად გამოურჩევი - არც მდიდარი და არც ღარიბი, არც ლამაზი და არც გონჯი, უთქმელი და მუდამ ჩრდილში მდგარი სანტოსი, აი ეს ღონეც კი არა ჰქონდა მაშინ... - მაგრამ მირცა ის ქალი იყო, წინასწარ რომ შეეძლო კაცის დაფასება და სწორედ იმ საქციელისთვის, ახლა, ამ უკანასკნელი ღამით რომ უნდა ჩაედინა მოხუც სანტოსს, სწორედ ამიტომ შეიყვარა... როგორ გაუღიმა მაშინ, პირველად... აწურული უახლოვდებოდა მსხვერპლს სანტოსი... მირცამ პირველად რომ დაინახა, ჯერ დაკვირვებით, გვერდზე ოდნავ თავგადაწეული შეაცქერდა, მერე გაუღიმა... ვერაფერს მიხვდა მაშინ სანტოსი, ლამაზ ქალებთან რა ესაქმებოდა, უკან მიიხედა, მაგრამ არავინ იდგა და განცვიფრებული შეაცქერდა მირცას. ის კი მიუახლოვდა და სოფლელი გოგოს პირობაზე, ისე უდარდელად, ყოველგვარი მორიდებისა და დარცხვენ-გაწითლების გარეშე უთხრა: თუ გინდა, მოსაღამოებულს, ხელისგულზე ხაზებს რომ ვეღარ გაარჩევ, ცაცხვებთან მოდი... „რას წამოპლაკულხარ, - გაუბრაზდა უცებ ერთ ჩვიდმეტთაგანს მასიმო, უცნაური ჭია ღრღნიდა, - რა დროს წოლაა...“ სანტოსს ჯერ ეგონა რაიმე ხრიკს უწყობდნენ, თავგზა აებნა, მაგრამ საღამო ხანს მაინც ცაცხვებთან იდგა და ჯიუტად დაჩერებოდა ხელისგულს... „მე გავალ ერთი, - ხმამაღლა თქვა მასიმომ, კოცონის წრიალა შუქზე ვეღარა ძლებდა,- რაღაც მომინდა... აჰაჰა, ჰა-ჰა...“ მოვიდა მირცა და დაბნეულ სანტოსს სხვა არაფერი დარჩენოდა - სულო ცოდვილო - საიდუმლოშენახული გლახა ქალი რომ არ ჰგონებოდა მირცა, მაგრამ აჰ, არა... ბნელში ხეს ამოფარებოდა ახლა, ნაჯახი მოიმარჯვა და ის-ის იყო, კამარა უნდა შეეკრა, თავად მასიმო, აი, სწორედ ის, სწორედ მასიმო! - მისკენ წამოვიდა... მთლად გაიტრუნა მოხუცი სანტოსი, გაოგნებულმა, გვერდით ჩავლილს თვალი გააყოლა და მერე უჩუმრად, ფეხშიშველი, მიჰყვა... ხან საითკენ გასწევდა მსხვერპლი და ხან საითკენ, საიმედო ადგილს ეძებდა, თავისი ჭკუით... ერთხანს შედგა და ხეს ააყოლა დაშინებული მზერა, ტოტზე აძრომა მოუნდა თითქოს, მაგრამ გადაიფიქრა... ფეხარეულმა გასწია ისევ, ორად მოხრილი, შურისძიებით ავარვარებული, მისკენ თვალებაპყრობილი, უჩუმრად მიჰყვებოდა სანტოსი... უზარმაზარ, ფუღუროიან ხისკენ გაეშურა მასიმო, ერთხანს ფეხიც კი ასწია, მაგრამ არა, არა - უნდო ფუღურო ჩანდა რაღაცნაირი, რაღაც, გადაიფიქრა... და იქვე, შორიახლოს, ჯაგებში შეძვრა, მხრებს აფართხუნებდა. დინჯად გაიმართა სანტოსი, აცოდვილებულ მსხვერპლს კუშტად დასცქეროდა... და მასიმო რომ შეიყუჟა ჯაგნარში, დაიხარა, შარვლის ტოტზე ორი თითი ზიზღიანად ჩაავლო და იმოდენა გავლენიანი ვაჟკაცი, მასიმო, მთელ ჩვიდმეტ კაცთა ზედა მდგომი, ორი თითით გამოათრია... საკვირველი ხავილი შემოესმა, ფეხისწვერით გულაღმა გადააგორა - მატყლის გორგალი აღარ იყო საჭირო, ხმა ჩაწყვეტოდა მასიმოს, ყმაწვილს, სუსტად ხაოდა... გვერდით მიუწვა სანტოსი ნადავლს, გადაეფოფრა, და იმ თავისი ტლანქი იდაყვებით ისე ღონივრად დაეყრდნო ჩვიდმეტმეთაურს მკლავებზე, ადგილზევე ჩაუჭედა, მოღუნული ფეხი გადასდო ორთავე ფეხზე, მძლავრად დააწვა, გაუკავა, მხრებზე დააბჯინა კოჟრიანი ხელისგულები, მიწას მიალურსმა. იმის ბილწ სახეს ვერა ხედავდა - უმთვარო ღამით, ძალიან ბნელოდა ტყეში; და შურისგებით მოცახცახე, სიხარულით აცეტებული სანტოსი კიდევ უფრო რომ დარწმუნებულიყო მსხვერპლის ნამდვილად არსებობაში, ლოყაზედაც კი - აჰ! - მიეფერა, რა დრო დაუდგა, მერამდენე ღამის ოცნება, რა ჟამი დადგა... ერთი ის იყო მხოლოდ ცუდი, რომ ვერა ხედავდა გამომწყვდეულს, როგორ უნდოდა ახლა სანტოსს, შიშით ამოკარკლული თვალები ეხილა, კარგად ეცქირნა და დამტკბარიყო... ლოყებზე შემოაჭდო თითები, გამაუბედურებელს დაჟინებით ჩასცქეროდა და, გაფითრებული, ერთხანს კინაღამ გამოარჩია სიშავიდან, მაგრამ კვლავ გალღვა ამობჟუტული სახე - ალბათ, თუ გამწვანდა... ცხვირ-პირზე მაგრად მოუჭირა რკინის თითები სანტოსმა, ნიკაპით სადღაც ტუჩთან დაებჯინა და შიგ თვალებში ჩასჩურჩულებდა საგულდაგულოდ ხან იმას, თუ რანაირი სიკვდილით აღასრულებდა, ხან იმას, როგორ გაუბედურდა, მირცა ახსენა რამდენჯერმე, შვილს არა, არა, არ იგონებდა, ვერა ბედავდა... თანაბრად სუსტად ცახცახებდა მსხვერპლი. მოხუც სანტოსს კი, ახდენილი საწადლისგან გონებაარეულს, ბალღამნარევი ბედნიერების ველური მღერა ჩაესმოდა და მიზანმიღწეული, ქოჩორს ცხელი თითებით ფრთხილად უწეწდა, მოფერებიდან სურდა დაეწყო უმაგალითო, ჯერ არსმენილი ქვეყნად წამება - სულ ასე, ფერება-ფერებაში ამოხდიდა სულს, რის კვამლით გაგუდვა და ნელ ცეცხლზე დაწვა, ან ჩამოხრჩობა, მსხვერპლს ვის, ანდა რას უწილადებდა, ასე, მოფერებით, ყველაფერს სჯობდა. ნელა, ნელინელ, მაგრამ ხანდახან რომელიმე განრისხებული თითი უკითხავად გაექცეოდა, და ისე სწრაფად იფლობოდა ყელში, სანტოსი მეორე ხელით ძლივს ააგლეჯდა - აჰ, არა, არა, უცებ მიხრჩობას რა გემო ჰქონდა, ასე არა სჯობდა? - ნელინელ, ნელა... ცხვირპირში ჩასცინოდა შეგუბებულად სანტოსი, სიცილი რაა, ჯერ იმასაც კი იზოგავდა და იოკებდა, ეს იმიტომ რომ - ნადავლისაგან სულის ამოხდა ხარხარით სურდა დაემთავრებინა. ქშუტუნებდა და განცხრომისგან თვალი მილულა, აძიგძიგებულ ყელზე ეფერებოდა ცალი ხელით. მეორეთი კი, რამ მოაფიქრა - უხიცინებდა... ნეტარებისგან თვალებმილულულს, დამწვარ სულზე ისე საამოდ ესალბუნებოდა მსხვერპლის ამოწკავწკავება, და შიგ სახეში ისევ ჩასცინა, ზემოდან აწვა. „ჩემი ბიჭი, ჩეემი კარგი ბიჭი, - თვალდახუჭული დასჩურჩულებდა სანტოსი, - ჭკვიანი ბიიჭი, დამჯერი ბიიჭი, რა ჭკვიიიანურად წევს... - ფუჰუჰ, რა ავად ეფერებოდა: - ჩეემი მასიმო, ცელქი კამოორელი...“ და მერე, ენაც კი მოუჩლიქა! თვალდახუჭული ეფერებოდა, და როგორც იქნა, ზანტად რომ შეავლო მილულული მზერა, შეკრთა სანტოსი - მთვარე დანათოდათ, და მსხვერპლის სახე ფარფატა შუქზე ლიცლიცებდა... აჰ, ადამიანს აღარა ჰგავდა, და გვერდზე ზიზღიანად გადაგორდა სანტოსი, მძიმედ წამოდგა, დააცქერდა... რაღაცის თქმა უნდოდა მასიმოს და თუმცა გამალებით ეკლაკნებოდა ტუჩები, კრინტს ვეღარ სძრავდა... ხასიათი წაუხდა სანტოსს, ნაჯახს დახედა... თვალმოჭუტული, პატარა ხანს მთვარეს შეაცქერდა მერე - ამ მცირე შუქმაც კი... კი, სხვა სიმართლეს მიახვედრა. ისევ დაწოლილს დასჩერებოდა, არარაობას, და არამცთუ რისხვას, ზიზღსაც კი ვეღარ გრძნობდა - სულ სხვა რაღაცას, ამისთანებზე გაცილებით დიდს, მთავარს მიხვდა... მაინც გულდასმით, გლეხის სიდინჯით ფიქრობდა ერთხანს და ამ უეცარი, დიდი მიხვედრის სისწორეში საბოლოოდ რომ დარწმუნდა, მაინც ისევ ფიქრობდა და ცალი ხელით საყელოში სწვდა მერე, მაღლა ასწია, დაძაბუნებულ ფეხებზე დააყენა და რომ შეატყო, ხელშეშვებული, კვლავ რომ წაიქცეოდა, ერთი ისეთი შეაჯანჯღარა, გონს მოიყვანა, უთხრა: „ახლა რომ მოგკლა, შური ვიძიო... - მშვიდად სუნთქავდა, - ჩემდაუნებურად, ჩემიანებთან გაგატოლებ ამით... ამის ღირსი კი, მასიმო, არ ხარ“. ვერაფერს მიხვდა ჩვიდმეტმეთაური, თავზარდაცემული შესცქეროდა. „ისევ მორმა ზღოს, ის მირჩევნია...“ - ჩაილაპარაკა სანტოსმა, დაფიქრებულმა, ერთიც ახედ-დახედა მერე, შეაბრუნა და, პანღურიც კი არ ამოურტყამს, ოდნავ უბიძგა, უთხრა: - ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს. წადი. მოხუცი სანტოსი ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა. და არა პრუდენსიო. *** კვამლადენილი ქალაქი, კანუდოსი, ნაშუადღევს დაიქცა. ოთხსავე მხრიდან ალყაშემორტყმულ თიხის ქალაქს ჭურვებს ახლიდნენ უნამუსოდ დამიზნებული, ბილწი დაყეფების შემდეგ დუნედ ახრჩოლებული ზარბაზნები, ტყვიით დაცხრილული თიხის სახლები ჩაწვნენ, ჩაინთქნენ ცეცხლსა და კვამლში; ჯერ ნავთს ასხამდნენ ღია კარებში მრავალრიცხოვნებით გალაღებული კამორელები, მერე - მაშხალას შეაგდებდნენ და თივის ბულულსაც მიაყოლებდნენ, და თუმცა ყოველი კარ-ფანჯარა ათამდე რიგითს მიზანში ამოღებული ჰქონდა, იმ მძიმედ შედედებული კვამლის წყალობით მაინც ახერხებდნენ გამოპარვას ვაკეიროები და ბევრი უნებურად ცრემლდადენილი კამორელი ბოლში მაჩეტეს გადააწყდა. ისე, უბრალოდ, ვაკეიროთგან თითქმის არავინ წასულა... ზეს საქციელით გამხნევებულნი, კანუდოსელები წყვდიადიდან საიერიშოდ გამორბოდნენ თითქოს, ერთგული მაჩეტეთი მრისხანე ხელში, ვერა და ვერ იგუეს თოფი, თავად - ტყვიით კვდებოდნენ, ცივსისხლიანი, მოწყურებული ჟაგუნსოებიც კი ვერ გაეკარებოდნენ სხვაფრივ შორიახლოს... არამცთუ სახლებს, ქალაქგარე მთელ ჭალას, მანამდე ჰაერში მწვანე სიმსუბუქით მოტივტივეს, უცოდველსა და ნატიფს, მჭვირვალს, დაასხეს ნავთი და ცეცხლს მისცეს - სრულიად კანუდოსი, ძმათა თეთრი ბინა, ავაზაკთა ხელით ავი გუგუნით იწვოდა, და ნაშუადღევს დაიქცა თიხის ქალაქი, ვინ იფიქრებდა, ამ შერუჯული, გამურული ნანგრევების ნაცვლად მხოლოდ ერთი ღამის წინ ქათქათა, სპეტაკი სახლები თუ იდგა, თქვენი ქალაქი დააქციეს, გრილი და მშვიდი, მჭვარტლით შებღალეს თქვენი სახლები, ყველა დახოცეს... ორი კანუდოსელის გარდა. ერთი - დომენიკო იყო... კვამლით გულწასული, ვიღაცის ღონიერმა ხელმა ჩაბღუჯა, გაიტანა გარეთ, ერთხანს ზიდა და მდინარის პირას დააგდო მერე. გონს რომ მოვიდა, განაწამებ თვალებს ვეღარ ახელდა მაინც, და საზარლად გამჭოლი ქირქილი შემოესმა, აიხედა და - კამორელები იყვნენ. და იქვე ჟოაო აბადოც იდგა, ტანსაცმელშემოხეული, წარბებშეტრუსული, კუშტი. „ა, ნუთუ ამან გამომიყვანა?.. - განცვიფრდა დომენიკო, - ალექსანდროს ძმა? - და მაშინვე მიხვდა შეცდომას, - ამას კამორაში ფეხიც არ დაუდგამს და...“ მაგრამ ამ ხროვაში, მაინც მხსნელი ეგულებოდა, რიგრიგობით, ფარული იმედით შესცქეროდა ყველას, მაგრამ ზიზღისა თუ დაცინვის გარდა, ვერაფერი ამოიკითხა და გამწარებული, იმათ ჯინზე, საკვირველებავ, გამხნევდა კიდეც, მძიმედ, ამაყად წამოიმართა, მხრები გაშალა, და ის-ის იყო, რაღაც თამამი და ამაღლებული რომ უნდა ეთქვა, მყისვე მუხლები მოეკვეთა, უღონოდ ჩაიკეცა მდინარის პირას და შეძრწუნებულ მზერას მაინც ვერ აშორებდა იმას, შორიდანვე რომ დაინახა და იცნო - ღიღინ-ღიღინით, ავის ნაბიჯით, დიდად მზაკვარი ღიმილით მომუწულ პირზე, თვალანთებული, უახლოვდებოდა თავად მიჩინიო... და შორიდანვე მიაძახა: „აჰ, ჩემი ბიჭიც აქა ყოფილა?! აკი დაგპირდი, გიპოვნი-მეთქი... რა, არ გჯეროდა?“ თვალებზე ხელი აიფარა დომენიკომ, და, შეძრწუნებულმა, მაჯაზე რომ იგრძნო თვით ჟაგუნსოთა ნებაზედ მიშვებული უფროსის თითები, მაშინვე მკლავი ჩამოუვარდა, მიჩინიომ კი მცირე ხნით ზურგი შეაქცია, ჟოაოს ახედ-დახედა, იკითხა: - ეს საფრთხობელა ვიღაა... - ეგეც მაგათი გახლავთ, ჰალე. ოდნავ შეიჭმუხნა მიჩინიო. - და... ჩვენ დაგვნებდა? - კი. დიახ, ჰალე. იმ თავისი უხმაუროდ მძიმე ნაბიჯით შემოუარა: - შეწყალება გსურს, პატარავ, ბრიყვო? - ბრიყვის ხმა მესმის, - უპასუხა ჟოაომ, ზიზღისგან დამანჭული შესცქეროდა. - ოჰ, ეს სულელიც ყოფილა, ნაძირალა!.. - მსუბუქად გაიკვირვა მიჩინიომ, - რაღად დაგვნებდი?.. - ახლავ გაიგებთ, - თქვა ჟოაომ და უცებ შეხტა, დაიძახა: - ჰოპ! - გაგიჟებულა, ტუტუცი, კვამლში, - თითქოს შეიბრალა ტყვე მიჩინიომ, მაგრამ იქავე დააყოლა: - მაინც დაგბრიდავთ, რაც არ უნდა გიჟად მოგვაჩვენო თავი. - არა, ავაზაკო, - ხმა გაუმკაცრდა ჟოაოს, - შენი შეწყალება რა ჯანდაბად და ოხრობად მინდა, უბრალოდ, ძნელი სიკვდილი ავირჩიე, თანაც, მომინდა, ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მეცელქა. - და ამისთვის ჩვენ აგვირჩიე? მაყურებლებად? - თვალი მოჭუტა მიჩინიომ. - შენი დამბრედ-გამსაღებელი ხალხი? - მაშ, - ხალისით დაეთანხმა ჟოაო, - ადამიანების წინაშე ერთხელ მაინც საჭირო იყო ჩემი ცელქობა და, მიუხედავად იმისა, გარეწრები და (აქ დიდად უხამსი სიტყვა იხმარა)... რომ ხართ, მაინც ნამდვილად ადამიანის გარკვეულ ნაირსახეობას წარმოადგენთ და იმ პატიოსან ხალხში, ვაკეიროებში ერთთავად მოქუფრულს, ახლა, რატომღაც, ზედ სიკვდილის წინ, ავაზაკების დასანახად მხიარულება და ცეკვა-თამაში მომინდა. - დაა... სიმღერაც? - რატომაც არა, - მხიარულად მიუგო ჟოაომ და ომახიანად წამოიწყო. - ნე-ეტავ, რა უნდა ბეეენს... რაღაც საშინლად წარმოუდგენელი სმენა აღმოაჩნდა, ტანსაცმელშემოფლეთილი, წარბებშეტრუსული, გამურული, ზედ მდინარის პირას ხტოდა, ბუქნავდა, მიმოდიოდა, ხელებს შლიდა და მაინც უცნაურად შვენოდა ამ სისულელის უნიჭოდ მღერა... - კარგი, გაჩერდი... - თვალები აუკიაფდა მიჩინიოს, - ქალები და ბავშვები რაღა უყავით, ტკბილო... - და დომენიკო გაახსენდა, მხარუკუღმა გადაუგდო, - შენ პატარა ხანს არ მოიწყინო, ჩემი ბიჭი... - კი, როგორ არა, დაგახვედრებდით... - დაემანჭა ჟოაო, - ლანგრით მოგართმევდით ცოლ-შვილს, დიახ... ჟაგუნსოებში რომ ჩაგეგდოთ, არა? - და, გააპარეთ? - აიწურა მიჩინიო, მიმოიხედა. - კი, როგორ არა, სულ მაგის იმედით ვიყავით, - ინადით გაეპასუხა ჟოაო, - თქვენი ხელობა სხვა რაა, თუ არ ლტოლვილების მოძებნა. ძაღლის გეში გაქვთ. - მაშ, რა უყავით... - შეცბა მიჩინიო. - ჩვენით დავხოცეთ... - საზარელ თვალებში უდარდელად მიაჩერდა ჟოაო, - ჩემიანები, მაგალითად, აი, ამ ხელებით... დაძაბული უცქერდა მიჩინიო, მაინც ყოყმანობდა. - რაღაც არ მჯერა... ჩემი ჟაგუნსოებიც კი არ იზამდნენ მაგას. - ჩვენ კი აი, - ლაღად წამოიწყო ჟოაომ და ისევ შეხტა, დახტომისას კი ხელები მხირულად გაშალა, თავი სასაცილოდ გადასწია, - ავიღეთ და - ვქენით! არც თქვენ, არც ჩვენ... ძლივს გამოერკვა თავზარდაცემული, ზედ მდინარის პირას ჩაკეცილი დომენიკო, ჟოაოს ხტუნვა-თამაშმა ისე გააოცა, გონზე მოვიდა. - და შეწყნარების იმედი მაგ საქციელით გაგიჩნდა? მაგიტომ დამნებდი, ცოლ-შვილის მკვლელო? ბავშვზე უკეთესი... - თქვენი და თქვენი შეწყალების... - ჩაეღიმა ჟოაოს, - შეწყალებაო, ჰეჰ... მაგისთვის არა. - აბა, რიღასთვის?! - მინდოდა კარგად დავრწმუნებულიყავ, ადამიანთა წინაშე მაინც რომ არ ვნანობ. თქვენს პირისპირ კი, კაცისმკვლელების, ყოვლად გაოხრებულების შემხედვარეს, ეს გაცილებით მეადვილა. თანაც, შეთავსებით, ვიცელქე კიდეც, გული მოვიოხე... სხვა დროს, ნაღდ ხალხში, მასხარაობისთვის სად მეცალა... ლოყაზე ღონივრად დაისვა მოკეცილი თითი მიჩინიომ; აღარ ეჭვობდა თითქოს, მაინც იკითხა: - და როდის მოხდა... ეგ? - კაატინგა როგორც კი გადაიწია. სიმართლეს ჰგავდა ჟოაოს პასუხი, და მის შემყურე დომენიკოს დამზრალი სული თითქოს გაუთბა - აი ამ კაცმა, პირველმა უჟმურმა, იმის გამო რომ კანუდოსელთა ცოლ-შვილისათვის მდევარი აეშორებინა, რა არ იკადრა - ტყვედ დანებება, ცეკვა-თამაში, ხტუნვა, სიმღერა... და ალბათ საშინელი წამებით სიკვდილი, ავაზაკთა რკალში. - მერედა, გვამებს რა უყავით... გვამებს რაღა უყავით, ბრიყვო! - ისევ შეეჭვდა მიჩინიო, განრისხდა. - რას ვუზამდით... - მხრები აიჩეჩა ჟოაომ, - ბრძოლა გველოდა და საფლავების თხრას ხომ არ შევუდგებოდით... - აბა? - დავწვით. ხომ ნახეთ, აქვე, რამდენიმე გადაჭრილი ხე. დიდიან-პატარიანად, ეყოთ. ერთხანს ჩაფიქრდა მიჩინიო. თავისიანებს მიუბრუნდა მერე, ბრძანება გასცა: - თუმცა სიმართლეს ჰგავს ამ ნაძირალა ხეპრეს ნაამბობი, მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, რამდენიმე კაცმა მდინარე გადალახეთ და შორიახლოს კარგად მოჩხრიკეთ მიდამო, ცხენებით წადით, ქალები და ბავშვები შორს ვერ წავიდოდნენ. ტყეს თუ გაივლით, ტირილს კარგად მიუგდეთ ყური. როგორც კი ვინმეს დაინახავთ, ორმა თქვენგანმა შემატყობინოს. სამ საათს გაძლევთ. ქალაქში ერთად უნდა დავბრუნდეთ, ზეიმით. აბა, ყოჩაღად, გაეშურეთ, ნუ აგვიანებთ! - ახლა, კეთილო, შენც ნუღარ აგვიანებ, - თავი გადასწია ჟოაომ, ყელი დაჭიმა, - აბა ჰათ, დანა... ან თოკი, ხმალი, საწამლავი, ჩემთვის სულ ერთია. და ტყვედ ჩაბარების მესამე მიზეზსაც მოგახსენებთ - ხომ შემიძლია, ახლა რომელიმეს ყანყრატოში გწვდეთ და ძიძგილაობაში ალბათ შედარებით იოლია სიკვდილი, მაგრამ მინდა რომ, თქვენისთანებიც კი გავაკვირვო - დანის მოქნევასთან ერთად, სილაც რომ შემაყაროთ, თვალს მაინც არ დავახამხამებ. რაღას მიყურებთ, არიქათ, ჩქარა, რამდენი ხანია, კეთილებო, კაცი არ მოგიკლავთ. უხერხულია... თუ გინდა, შენ თვითონ სცადე, შენისთანა გამოცდილ ჭოტსაც კი განვაცვიფრებ - ისე მოვკვდები, თვალს ერთხელაც არ დავახამხამებ, ჰალე. - ვითომ? - წამით გამსუნაგდა მიჩინიო, და კამორული დანა მაშინვე ხელში აღმოაჩნდა - ვერავინ ჰკიდა თვალი, საიდან და როგორ დააძრო. - ვითომ კი არა, მართლა არ დავახამხამებ. ვერა ხედავ, როგორ მაგრა ვარ?! - თქვა ჟოაომ და, ისევ დაამღერა: - ლამაზი ენატრებაა ბეეენს... ეჰ, სმენა ჰქონდა? მტრისას, აჰ, მტრისას... - გიჟების მოკვლა არა მჩვევია, - შეიჭმუხნა მიჩინიო, - მე აი, ასეთ გონიერთ, სიცოცხლე ძალიან რომ უყვართ, სწორედ იმათ ვკლავ, - დომენიკოსკენ გაიშვირა კაუჭა თითი, - ერთი შეხედეთ, როგორა გდია... მე ამას განზე გავიყვან, ცალკე, და მოწმეები არა მჭირდება, სულ მისხალ-მისხალ უნდა ამოვხადო სული, და ახლა კი ეს ტუტუცი მომღერალი რომ წავაკლა, მერე ამ ქორფა ურჩს, ერთგული კაცი რომ გამილახა, სასურველ გემოს ვეღარ ჩავატან. მთელი ჩემი ოსტატობა და რისხვა მხოლოდ ამ ერთზე უნდა გადავიტანო, - და შემოკრებილთ მოავლო თვალი, - მოდი აქ, რიგობერტო, ყოველმხრივ დაიმსახურე შენ ეს, ნიძლავსაც დაგიდებ, თუ გსურს, ერთი მოქნევით, შენი ცნობილი ხერხით, ყურიდან ყურამდე თუ გადაჭრი... მე მგონი, ვერა, ხედავ, როგორი კისერი აქვს, როგორი დაძარღვული... და ალბათ თვალსაც ვერ დაახამხამებინებ. კარგა გიჟი ჩანს. - რვა დრაჰკანსა ვდებ, - თქვა შეურაცხყოფილმა რიგობერტომ, ჩექმის ყელიდან ლაპლაპა დანა ამოაძვრინა. - დაენიძლავე ჩქარა, სულელო, - შეაგულიანა მიჩინიო ჟოაომ, - ნაღდად მოიგებ. - მოვიდა, კარგი, - თქვა მიჩინიომ. და სანაძლეო მართლა მოიგო. ჟოაოს, რა თქმა უნდა, თვალი არ დაუხამხამებია და ყელიც მხოლოდ სანახევროდ გამოუღადრა დანამ - ხედ ქცეულიყო კაცი. და სისხლიც ბევრი არ გამოსვლია, როგორც ერთ-ერთმა იქ მყოფთაგანმა აღნიშნა - ორიოდ ყლუპი. სიკვდილისთვის კი, ესეც კმაროდა. ჟოაო აბადო, დიდხანს უჟმური, მეოთხე იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა. მთლად უცხო ბილიკს დადგომოდა დომენიკო, მგზავრი. სასტიკმა მზერამ მაინც აიძულა წამოდგომა და ცხვარივით მორჩილად გადაიარა ახრჩოლებული კანუდოსი, და გზად არავინ დასცინოდა - ამ შემთხვევაში მისი პატრონის, მიჩინიოსი, რიგითებსაც ერიდებოდა და ოფიცრიონსაც, კეფაში ჩასობოდა მრისხანე მზერა და ნაქალაქარს რომ გასცდნენ, ოდნავ უბიძგა მიჩინიომ, უცნობ ბილიკზე დააყენა. ერთხანს ვეღარაფერს გრძნობდა მგზავრი, იმდენი გვამი შემოხვდა გზაზე, თითქოს გამხნევდა, ეჩვეულებრივა... მაგრამ მცირე ხნით - სხვა იყო მაინც, საკუთარი თავი... დაქცეულ სახლებს როგორც კი გასცდა, დაინახა ბუჩქი, ხე, შემჭკნარი ბალახი, და ძაან მოუნდა ბეჩავს, სიცოცხლე... ამან კვლავ დასცა, ძალუმი შიშით მეხდამტყდარი, იმ მზიანი დღით მრუმე ბურუსში მიაბიჯებდა და, თავჩაქინდრულმა, შიშველი ფეხი, საკუთარი, ბურუსიდან წამით რომ გამოარჩია, ძალიან შეკრთა - აღარ უნდოდა თავისი სხეულის დანახვა, კარგად იცოდა, სიმწრით რომ მოეკრუნჩხებოდა პატარა ხანში და მაღლა აიხედა... რაღაც ღრუბელი კი დაინახა, ლაქასა ჰგავდა... მცირედ გამხნევდა, ხავსს მოეჭიდა - რა იქნებოდა, ალექსანდრეს ძმა საიდანმე რომ გამომტყვრალიყო, მიჩინიოსთვის ესროლა დანა, მისთვის, მგზავრისთვის, ცხენი მიეცა; სულაც, რად უნდოდა ცხენი, ისე ირბენდაა... ირგვლივ აღარავინ ჭაჭანებდა ალბათ, თვალსაწიერზე არავინ ჩანდა, და უკანაც რომ სცადა მიხედვა, მაშინვე ზურგში ღონივრად უბიძგეს. მთლად ჩაიფერფლა, გული მოუკვდა - რა ალექსანდრო, ანდა რისი ძმა, ის ალბათ, სულაც ბრძოლაში მოჰკლეს... უკაცრიელ ველზე მარტოკანი იყვნენ. ისევ ბურუსი რამ ჩამოაწვა, მახინჯი, მრუმე და მაღალი ცისკენ აღაპყრო სახე, იმ ღრუბლისაკენ, მაგრამ გადაწეული ყელისა შეეშინდა და წინ გაიხედა. გამოქვაბული მოჩანდა რაღაც, დიდ, გოროზ კლდეს დათხრილ თვალად აჩნდა. შეშინდა, შედგა. იქ, სიბნელეში, უფრო საზარელი იქნებოდა ალბათ სიკვდილი, ისევ აქ ერჩია, ამ შეჩვეული დიდი მზის გულზე, იმას ნატრობდა, ოღონდაც ზურგში ჩაეცათ დანა, მაგრამ მოესმა: - შემოტრიალდი! უცხო ხმა იყო; გახარებული, სწრაფად შებრუნდა და მაშინვე ელდა ეცა, ყოველნაირი იმედი გადაუწყდა - ისევ ის კაცი, ჟაგუნსოების უფროსი, პირისპირ მარტოდმარტო ედგა, იმ ბასრ თვალებში ვერ შეხედავდა, თავი დახარა. - ყური დამიგდე, დომენიკო, - თქვა მიჩინიომ და მხარზე დაადო ხელი, - მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ. თუ როგორ მოკვდა მეხუთე დიდი კანუდოსელი ხოლო როდესაც მარშალი ბეტანკური ცხვირსახოცს მიიდებდა პირზე, კარის ტენორი ეზეკიელ ლუნა ჩვეული ოსტატობით მღეროდა კარგ და ლამაზ და ფერადსიტყვოვან სიმღერებს - დიდი მარშალის ვრცელ მისაღებში ზედა კამორას მთელი ნაღები შეკრებილიყო: დიდვაჭარი არტემიო ვასკეს და ხნიერთა დასის უხუცესი პორფირიო, დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს და გასაიდუმლოებული მექისე ალფრედო ევია, ლამაზ-გენერალი და დიდგვაროვანი არისტოკრატი გერმოგენ კარრასკო, მთავარი შემმოწმებელი, ყოფილი ჯიბის ქურდი პედრო კარდენასი და ჯუჯა უმბერტო, მარშალის პირადი ჯალათი კადიმა და ფუნჯის ქედუხრელი დიდოსტატი გრეგ რიკიო, პირში მთქმელი პროკურორი ნოელ, წინარე ნახსენები ეზეკიელ ლუნა და ასე შემდეგ, მშვენივრად იყვნენ ჩაცმულ-დახურულნი, ოღონდ ფეხთ სუყველას ფაჩუჩები ემოსა, პირწმინდად შიშველი ანისეტოს გარდა. მათი ძვირფასად გამოყვანილ-შეკერილი ჩექმები კი ვერცხლით მოოჭვილ კარს უკან ელაგა, ყველამ იცოდა დიდი მარშალის აღიარებული სისუსტე: კრიალა იატაკისა და ნოხებისადმი ფაქიზი სიყვარული, თავად მარშალს კი ამ ფაჩუჩობანაში სხვა რამ აზრი ედო - შეუძლებელი იყო ფეხზე მსგავსი უმწეობა გცმოდა, და გეტერორისტა. დაძაბულნი ისხდნენ სტუმრები, რადგან თავად დიდი მარშალი დინჯ ბოლთას სცემდა, შემოკრებილთ კი წამოდგომის ნებას არ რთავდა. მკერდზე ხელები გადაიჭდო გრანდისსიმოჰალლემ, გამარჯვების აღმნიშვნელი სადღეგრძელოების შემდეგ, მოიღრუბლა და ახლა მწუხარედ დაფიქრებული ჩანდა, მერე რამდენჯერმე სევდიანად, დინჯად დაიქნია თავი, მძიმედ წარმოთქვა: „ეჰა... რა ხალხი დავკარგეთ...“ მსწრაფლ წამოიწიეს სტუმრებმა, გარდაცვლილთადმი პატივისცემის ნიშნად, მაგრამ მარშალმა ხელისგული წამით გაიშვირა მათკენ და კვლავაც სავარძლის კიდეზე ფრთხილად ჩამოსხდნენ. „საბრალო ქვრივ-ობლები ბევრნი აღმოჩნდნენ? - იკითხა დიდმა მარშალმა და პედრო კარდენასს მიაპყრო მზერა: - იჯექ.“ „დიახ, გრანდისსიმოჰალლე“. „ერთნაირი შეძლებისანი არიან ქონებრივად თუ...“ „არა, გრანდ...“ „აეს ცუდია, - აღნიშნა მარშალმა ბეტანკურმა, მისაღებში გაიარ-გამოიარა, - მე რომ ადამიანის ბუნება ვიცი, მდიდარ ქვრივებს ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდება ალბათ და ანგარებას კი კამორაში, როგორც ყოველთვის, ადგილი არ უნდა ჰქონდეს“. „დიახ... აჰ, დიახ... დიახ, როგორ არა“, - ხალისიანად აყაყანდნენ სტუმრები, მაგრამ მარშალმა ისევ აჩვენა ყველას მოკლე ხელისგული. და თუმც ხასიათზე მაინცდამაინც ვერ იყო - დილიდანვე გამოუცნობი შიში წიწკნიდა - მაინც მშვენივრად ანვითარებდა ჩანაფიქრს: „და ანგარებას ადგილი რომ არ ჰქონდეს, ყველაზე ქესატი ქვრივების ავლა-დიდება კარგად აღწერე, ჩემო კეთილ-გენერალო რამოს, და დანარჩენი ოჯახებიც იმათ შემოსავალსა და ქონებაზე დაიყვანე - გაწონასწორდებიან. ყოველი სხვაობა კი ანისეტოს ჩააბარე, თანაბარშეძლებიანი გახდება ყველა, და ანგარებას აღარ ექნება ადგილი ძველებურად. ცუდი აზრია?“ „დიდებულია, დიდო მარშალო, აჰ, დიდე... სილამაზე გაიმარჯვებს, გრანდის...“ მაგრამ კვლავაც ხელისგული იხილეს სტუმრებმა. „ქვრივ-ობოლთა კეთილდღეობისათვის კი, ჩემო გენერალო, ლამაზ-ქალაქელებს ხარკი საჭიროებისამებრ გაუდიდე, ნუ მოგერიდება“. „სულ ტყავს...“ - წამოიძახა კეთილ-გენერალმა და მყისვე გაჩუმდა. პატარა ხანს დუმდნენ, და ბეტანკურმა გამომცდელი მზერა ერთადერთხელ შეავლო სტუმრებს, მერე ისევ ღრმად დაფიქრებული იყურებოდა განზე. სხვებს უხუცესმა პორფირიომ დაასწრო, ყველაზე ადრე მიხვდა: „ერთი თხოვნა მაქვს, დიდო მარშალო, ერთი რამ ძალიან უნდა გთხოვოთ“. „თქვი, ჩემო პორფირიო, გისმენ“, - დაუყვავა მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა. „დიდო მარშალო! გრანდისსიმოჰალლე!! - თითები გულზე აიკრა პორფირიომ, - ჩემს თვალწინაა გაზრდილი ცქრიალა სტელლა, და ძალიან გთხოვთ, სახელოვანი ქმარ-პოლკოვნიკის, ჩვენთვის ყველასათვის უსაყვარლესად მოსაგონარი ფედერიკო სეზარის თავდადებული შრომისა და ღვაწლის მონაგარს ნუ ჩამოვართმევთ... ფედერიკოზე დარდ-გლოვა გვაკმარეთ!“ „აჰ, არა, არა, ჩემო პორფირიო, უხერხულია, - სულ რაღაც წვეთით გაკეკლუცდა დიდი მარშალი, - სტელლა ხომ ჩემი მკვიდრი დისწულია და, ხალხმა სხვაგვარად არ ჩამომართვას“. „აჰ, რასა ბრძანებთ, რასა ბრძანებთ, დიდო მარშალო, ნაგროვი თანხა სულაც ალბათ სახელოვანი ქმარ-პოლკოვნიკის საცხოვრებლის სასახლე-მუზეუმად გადაკეთებისათვის დასჭირდება ცქრიალა სტელლას, და, ბავშვებისთვის, ახალი თავშესაფარი განაღა არ დასჭირდება? ბავშვზე უკეთესი...“ და აღგზნებულ პორფირიოს დანარჩენებიც ერთხმად რომ აჰყვნენ: „აჰ, ძალიან გთხოვთ, ოჰ, შეგვიბრალეთ...“, „კარგით, აგრე იყოს“, - თქვა დიდმა მარშალმა. და ხელქვეითთა საზრიანობა თუმცა საკმაოდ ესიამოვნა, კვლავ შეიჭმუხნა - რაღაცა შიში ჯიუტად წიწკნიდა. ეჭვით, უნდობლად შესცქეროდა ყველას, აფორიაქდა, რაღაცა უცხო საჩეჩელი სულს უწეწდა, ბასრ ჭანგებს გრძნობდა, და კედლისაკენ პირით შებრუნდა - „არ შემამჩნიონ!“ და მყისვე მკვეთრად მოტრიალდა, დაშინებულ ხელქვეითებს ძალად მრისხანე მზერა სტყორცნა. და ისე უბრალოდ, უცებ დაწყნარდა მერე... „მაინც რა იყო, - გაიფიქრა, - რა დამემართა?..“ და სულ ცოტათი მაინც დაბნეულს, რაიმე ბუნებრივი მოძრაობა მოეხასიათა და, უნებურად, ცხვირსახოცი სახესთან რომ მიიტანა, „ზაამთარ-ზაფხუულ მივაბიიჯებთ...“ - ყოჩაღად წამოიწყო ეზეკიელ ლუნამ და დიდმა მარშალმაც იფეთქა: „დასჩუმდი, ბრიყვო! - და ელდანაცემ, შიშით კინაღამ გულგამსკდარ კარის ტენორთან ერთად სხვა წვეულთაც მკაცრად მიმართა: - ყველანი წადით. მარტო დამტოვეთ. თქვენც გთხოვთ, მიბრძანდეთ, ჩემო გრეგ რიკიო... - თანდათან ისევ მშვიდდებოდა, - ჩემო კეთილ-გენერალო, რომ გახვალ, ამ კარის დარაჯს ჩემგან გადაეცი, თუკი არ დავუძახებ, არ შემოჭაჭანდეს“. სისულელე თქვა - გრანდისსიმოს ოთახში უნებართვოდ ვინ შემობედავდა... „წადი, წა შენც, კადიმა...“ მოჭუტული თვალი გააყოლა არეულად მიმავალთ, და, მარტოდ დარჩენილმა, მაშინვე მჭიდროდ მიხურა ძვირფასად მოოჭვილი კარი, ათასნაირი საკეტით მაგრად ჩარაზა. შუა მისაღებში, დაფიქრებული იდგა, რა იყო მაინც, ეს რა შეუჯდა... საძინებელშიც აღარ შეეძლო გასვლა, ფორიაქი რამ სჭირდა! დიდად უცნაური ბზიკი შეჩენოდა, ხან ყურებში ოდნავ უწუოდა, სულაც ქრებოდა მერე, და უცებ! - სული ეფლითებოდა... კედელთან მიაჩოჩა გადატყლარჭული სავარძელი, ჩაჯდა, ჩაეფლო, ფეხები გაშალა, „იმ უპატრონო ნახირის მწყემსებად... ჰო, კალაბრიელებს ვაიძულებ... - გეგმებს აწყობდა, საქმიან ფიქრსა ცდილობდა, - ანდაა, სულაც, ლამაზ-ქალაქელებს გავავაკეიროებ... ეყოფათ ხტუნვა და ღრეჭა-კისკისი... ხელოსნებს არ წამოვიყვან... უსაქმურები მაინც ბევრნი ჰყავთ... ისეე, საბოლოო ჯამში, კაცმა რომ თქვას, ძალიანაც კარგი, ომი რომ შემემთხვა, - მოესალბუნა ეს გაფიქრება, - გასაცხრილები მყავდნენ მაინც და ბუნებრივად გაიცხრილა კამორა... ხალხი კარგია, საკმარისად როცა გყავს, საკმარისზე მეტი - უკვე ცუდია... ზედმეტი ბარგია... ძალიანაც, კარგად მოხდა. ხაზინაც... მშვენივრად მომემატება...“ ისევ აწივლდა ირგვლივ რაღაცა, სავარძელს ზურგი სწრაფად მოაშორა, რა ჯანდაბა და ოხრობა იყო! ყრუდ, დაგუდულად მოისმა შორიდან: „ღაამის თერთმეტი საათია და ყველაფერი გენიაააალურააადაააააა!“ ოდნავ ეამა - ეს ხომ მისი ერთ-ერთი კაცი, ომახიანი კაეტანო გაჰყვიროდა უნდოდ გატრუნულ კამორაში... კვლავ აწრიალდა - რაღაცა სურდა მარშალ ბეტანკურს, რაღაცა თბილი, სულიერი... მართლა, არუფა! აქამდე როგორ არ გაახსენდა... აქ, ამ ოთახში ეგულებოდა, რამ დაავიწყა გამორჩეული, ნებიერი კატა, „არუფა, სად ხარ, - ალერსიანად წამოიძახა დიდმა მარშალმა, - გძინავს? ა, ფისო! ფის-ფის-ფის...“ ისე გამხნევდა და გათამამდა, სულ მიავიწყდა ყველაფერი, ერთიღა ჰქონდა ახლა სურვილი, არუფა როგორმე ჩქარა ჩაეწვინა კალთაში, მოფერებოდა, აეკრუტუნებინა, წვრილ, ბასრ კბილებშუა ჩაეყო თითი და თვალები მიელულა, „არუფა, სადა, ხარ, შე ცელქო, ფის-ფის-ფისო-ფის... - მოფერებით უხმობდა დიდი მარშალი, დაიხარა და მაგიდის ქვეშ შეიჭვრიტა, მერე სავარძლები გადააადგილა, - სად დამემალე, იცოდე, ჩქარა გამოდი, თორემ... - ცოტათი გული მოუვიდა, ამდენ ხანს რატომ ემალებოდა, სწყინდა, - თორემ იმ ნუგბარს ააღარ გაჭმევ, შენ რომ ყველაფერზე მეტად გიიყვარს...“ და უებარი ხერხი იხმარა, კატასავით დაიკნავლა დიდმა მარშალმა, აჰ, გრძნობებს აჰყვა, ისე მოუნდა გამორჩეული, დიდბეწვა, მსუყედ ფუმფულა ცხოველი, და ამან გასჭრა, როგორც იყო, მძიმედ შეირხა კუთხეში ფარდა... „აა, სად ყოფილხარ, - გაიხარა დიდმა მარშალმა, ჯერ ვერ ხედავდა, - ახლა კი გიჩვენებ სეირს, იმასაც ნახავ, როგორაც დააგსჯი... - ფარდას მსუბუქად, ფეხაკრეფით უახლოვდებოდა, - არ გამოდიხარ მაინც ხომ, არა?..“ ხელი ჩასჭიდა სქელ, მძიმე ქსოვილს, ერთხანს მაინც გაბუტულივით იცდიდა, მაგრამ არუფა აგვიანებდა, და ბეტანკურმა უცებ, ერთბაშად, მკვეთრად, ღონივრად რომ გადასწია ფარდა, შეძრწუნებული, თავზარდაცემული, დაიბღავლებდა კიდეც, ხმა რომ არ წართმეოდა. - ფარდის უკან დონ დიეგო იდგა, მაჩეტეთი ხელში. - და დიდად გასაკვირველი მაინცდამაინც არაფერია, - განაგრძობდა მიჩინიო, - იქაც, ჭალაში, ის დანები მართლა ცალ-ცალკე კი არ ვისროლე, ერთმანეთში შედუღებული სამი დანა - ერთი რამ ნივთი იყო. - აა... - ძლივს მიხვდა დომენიკო, გამოქვაბულის სიღრმეში, წყვდიადში იდგნენ, და მიჩინიოს, გადამრჩენელს, ჩამუქებულ ლანდად აღიქვამდა მხოლოდ; ქვისასა ჰგავდა, მყარად, ამაყად, საოცრად მძიმედ შემართულიყო, დომენიკოს კი, ზღვაგანცდაგამოვლილს, გამოლეოდა არაქათი, მუხლები ეკეცებოდა, მაგრამ იმდენი რამის გაგება სურდა... აფორიაქდა, და მხსნელს სადღაც, მკერდთან, მადლიერად შეაცქერდა: - ისე, წესით კი უნდა გამომეცანით... თქვენს გარდა, ღამით, კამორაში, სხვა ვინ გაბედავდა სიარულს. - ვერ მიხვდებოდი, - თქვა მიჩინიომ, მაინც სიმკაცრე ეტყობოდა ხმაში, - რადგან მე ასე მსურდა. რომ მიმხვდარიყავ, გათამამდებოდი, და არ ივარგებდა ეს. ახლა კი, რაიმე ხინჯი რომ არ ჩაგრჩეს, რაც გინდა მკითხე, ბევრი დრო არ გვაქვს. - არ გეწყინებათ? - არა. - სიკეთე თუ ხართ... - გაუბედავად წამოიწყო დომენიკომ, და სიბნელის იმედით, აიმ ოდნავ აბჟუტებულ თვალებში შეაცქერდა! - ხალხს როგორღა ჰკლავთ... - მაინც რომელი დაგენანა ? - მშვიდად დაეკითხა მიჩინიო. - აი, ვთქვათ... თუნდაც... - მართლა ვერავინ გაიხსენა, გაოცდა, - არავისა ჰკლავთ? - არა. - და მაშინ... და რომ იძახიან, ცალკე გაჰყავს და საშინელი წამებით ჰკლავსო... - ცალკე ისინი გამყავს, ვისაც სიკვდილი უჩემოდ მართლა ვერ ასცდება, და რადგან ყველას ვერ გავწვდები, მხოლოდ იმათ ვარჩევ, ვინც ნაკლებადაა სიკვდილის ღირსი. მოკვლის სიამეს ვითომც მე დავიჩემებ, მოშორებით გამყავს და მერე ვუშვებ ხოლმე, ქვეყნად მიდიან, - და წყნარად უთხრა, - შენი ლტოლვილიც ერთ-ერთი იყო. შენც, სხვათა შორის. - ჩემი ლტოლვილი... საიდან იცით! - აირია დომენიკო. - ის სულ სხვა მხარეს გავაქციე, შენ ამ გამოქვაბულით წახვალ. კარგი კი იყო, ერთი დრაჰკანი მაინც დაგეტოვებინა სოფლად, მაგრამ რას იზამ, რაც მოხდა, მოხდა. დიდხანს ივლი და, არ შეგეშინდეს, ბნელში იმედი არ გადაიწურო, - მიუახლოვდა და მძიმე აბგა კისერზე ჩამოჰკიდა, მაინც შეეშინდა მისი ხელებისა დომენიკოს, ოდნავ მოიბუზა, - ბევრი პურია, გამოიზოგე. წყალი კი მრავლად შეგხვდება გზაში, ხანდახან მუხლამდეც კი ჩააბიჯებ. და სინათლეს რომ დაინახავ, გამოქვაბულიდან ფეხი არ გადგა, სანამ კარგად არ დაღამდება. მერეღა გადი და დიდ საღორეს დაინახავ იქვე; თუ უმთვარობა იქნება, სუნითაც მიხვდები. ჩაუარე და სადმე მოშორებით დაიძინე. დილაადრიან კი, ჭყვირილი როცა გაგაღვიძებს, იქითა მხრიდან მოადექი, ღორების პატრონს, ვიცი, მწყემსი სჭირდება. - მე კი მეგონა... - თქვა დომენიკომ, თავი დახარა, - სოფლად მიშვებდით. მაღალ სოფელში... ძალიან მინდა. - კი, გაგიშვებდი, ის ერთადერთი დრაჰკანი რომ დაგეტოვებინა. რომ მიგესვლებოდეს, - გაუმკაცრდა ხმა, - რა პირით ახვალ, გინდაც იქითკენ გაგიშვა. - ჰო, - დაიჩურჩულა დომენიკომ, თავდახრილი იდგა. - ერთ-ერთი გზა ეგა გაქვს, ღორების მწყემსად უნდა დაბერდე. - დაა... მეორე? - მცირე იმედი აუკიაფდა. - მეორე უკან, ნანგრევებისკენ. ვითომ გამექეცი. - აჰ, არა, არა, - შეკრთა დომენიკო. - ეგებ, გერჩიოს კიდეც, ნუ აჩქარდები. იმ კაცის ხელში, შიმშილით კუჭი ამოგიხმება, იცოდე. და ის საჭმელიც გენატრებოდეს იქნება, ღორებს რომ დაუყრი. - რატომ... - გაიცნობ, ნახავ. - ვინაა, ეგეთი... - გაიცნობ-მეთქი, - და შემპარავად დაეკითხა, - გერჩია სოფლად? - დიახ. ძალიან... როგორ არა, კი! - ერთი დრაჰკანი რად არ დატოვე!.. - და საზარელი ნაღვერდლები აუმოძრავდა, კვლავაც ჩაღუნა მგზავრმა, საბრალომ, თავი - ისევ მოესმა დაუნდობელი: - რამდენი გქონდა! - ექვსი... - მთლად დასაცოდავდა დომენიკო, მოიბუზა, - ათასი... შეებრალა თუ რა იყო, სულ სხვა რამ ჰკითხა: - იმ კაცს რა ერქვა, რომ მღეროდა... - ჟოაო აბადო. - ის მართლა დიდი კანუდოსელი იყო. - როგორ შეატყეთ... - განცვიფრდა მგზავრი. - ისიც მიმიხვდა. - რას... - ვინც ვიყავი. - საიდან, როგორ... - მთლად აირია მგზავრი. - ისეთი შეკითხვები დავაყარე, დამაჯერებელი პასუხები რომ გაეცა. შენ ალბათ იმან დაგაბნია, ძალიან რომ მლანძღავდა... - დიახ. - თვალი ჩამიკრა, სამაგიეროდ. მადლობის ნიშნად... ისე კი, სწორად მოქცეულხართ, ტივით რომ დაგიცურებიათ ქალები და ბავშვები. - საიდან იცით! - მოჭრილმა ხეებმა მიმანიშნეს. კანუდოსში კი მაღალი კვამლი არ აწელილა. ერთბაშად შეძრწუნდა დომენიკო, და უკან გახტა: - და... მდევარი რომ დაადევნეთ! თქვენ!.. აქ მიჩინიოს ბნელშიც შეეტყო, მოკლედ რომ ჩაიღიმა: - როგორ გგონია, სამ საათში შესძლებენ იქამდე ჩასვლას და ამობრუნებას? თან, ძებნა-ძებნით... ისევ მიენდო. და უცხო ალერსით ხმაში - მერე ვის, თავად მიჩინიოს! - ჰკითხა: - სიკეთე თუ ხართ, იქ, იმ ქალაქში... რა გაძლებინებთ... - ჩამოვსხდეთ, გეტყვი. რბილ სავრძელში გადაწოლილიყო დონ დიეგო, და პირში გორგალგაჩრილ, ზურგსუკან ხელებგაკრულ ბეტანკურს ზიზღით ათვალიერებდა. ვაკეიროების გაღუნული დანა, მაჩეტე, მსუბუქად ეპყრა ხელთ, სწორედ ამნაირი იარაღით სურდა დიდი მარშალის დაკვლა, ვისი ფერხთითაც - ჯერ კიდევ გათენებისას ორი თითით მიმხრჩვალი კატა-არუფა ეგდო. მთელი დღე აკრეფილი იდგა ფარდის უკან დონ დიეგო და ახლა ფაფუკ სავარძელში ჩაფლულიყო, დაბუჟებულ ფეხებს ასვენებდა, სამაგიეროდ, მარშალს სულ სხვა რამ უბუჟებდა შეძრწუნებულ ნაწილაკებად დაშლილ მთელ სხეულს, დაღლაზე გაცილებით სასტიკი - მაჩეტეიანი ხელი. ზიზღით დავიწროებულ თვალებს არ აშორებდა ბეტანკურს დონ დიეგო, და მონუსხული მარშალიც ვერა სწყვეტდა გაოგნებულ მზერას. თვალის კაკლები უზომოდ გაფართოებოდა და, თავზარდაცემულს, ნესტოები ძალიან უთრთოდა. ჰეე, რამდენი რამის თქმა სურდა დონ დიეგოს, მისთვის ჩვეული არტისტიზმით; წინ მთელი ღამე მარაგად ჰქონდა, როგორ უნდოდა რიგრიგობით: მისი გინება, მასხრად აგდება, და ისევ ლანძღვა მერე, და ისიც ეთქვა, განრისხებულს, აქ შემოპარვის ფასად რომ მიატოვა სანუკვარი ქალაქი და აი, სწორედ ამ დღის საფასურად, ალბათ მოღალატედ რომ ჩასთვლიდნენ კანუდოსელები; როგორ უნდოდა, სილა გაეწნა, მერე ჩვეული არტისტიზმით ეთქვა, რომ: „კარგი ქონება კი დააგროვე, ძალიან ყოჩაღ, აჰ, რა სახლი გაქვს... - და დაეყოლებინა, - ისე, გერჩია, სადმე, მინდორში, ბალახი გეთიბა - ხვალაც ცოცხალი იქნებოდი...“ მაგრამ ვერ შესძლო - წინ შესაზიზღი რამ არსება ედგა, ლორწოვანი, მისთვის ერთ სიტყვასაც ვერ იმეტებდა. ის სავარძელიც შეეზარა, სხარტად წამოდგა, ოთახს მიმოავლო თვალი. კუთხეში მიდგმულ სილის ძვირფას საათებს მიუახლოვდა, დაიხარა და ხუთწუთიანი ამოარჩია, აუჩქარებლად გაიმართა, და ერთადერთი მხოლოდ ეს უთხრა: „რომ ჩამოიცლება, მოგკლავ“. და საათი გადააბრუნა, ხელისგულზე დაიდო და მაღლა შემართა, მარჯვენაში კი, მაჩეტე ეპყრა. სამიოდ ნაბიჯზე, პირისპირ იდგნენ. თვალები ამოებურცა შეძრწუნებულ ბეტანკურს, მოკლედ, მალიმალ ქშინავდა, რაღაც ზმუილიც იწოვებოდა იმ გორგალიდან, დონ დიეგომ ჯერ ჩექმები რომ გაიწმინდა და მერეღა ჩასჩარა პირში; რა უნამუსოდ - მარშალისათვის - და რა სწრაფად იღვრებოდა ვერაგი სილა, იქით აღეპყრო ბეტანკურს ყოფაანატირები მზერა, ხანაც მაჩეტეს მიაწყდებოდა დიდი მარშალის დაბინდული თვალთა სინათლე, მერე - კვლავ მაღლა აუხტებოდა; ტანსაცმლიანა ააცახცახა მარშალ ბეტანკურს, ეს ყველაფერზე საშინელი წამება იყო - ეს ხუთი წუთი, მარშალის ჯინაზე ისე ხალისით ჩამოფშვნადი, ლაღად მომჩქეფარე - არა, ეს უფრო მის უგვანო ცხოვრებას ჰგავდა... დონ დიეგოს კი ერთხელაც კინაღამ წასძლია ენამ, უნდოდა თვალთმაქცურად აღენიშნა, რომ სიცოცხლეში პირველად ხედავდა მარშალს, თანაც, უბრალოს კი არა, - თეთრ შარვალში ჩასველებულს, მაგრამ აქაც შეიკავა თავი, და ბეტანკურის სიმწრით დახუჭულ თვალებზე მიხვდა, რომ ჩამოიწურა სილა... და ის საათი ისე დააგდო რბილ, ფერადოვან ნოხზე, არც დაუხედავს, მძიმედ გადადგა ერთი ნაბიჯი და ბეტანკურმა უცებ თვალები გაახილა, იქით, კედლისკენ, მკვეთრად გააქნია თავი. დაკვირვებით შეაცქერდა დონ დიეგო, ყოველივესი გაგება, წვდომა - სისუსტედ სჭირდა და მინიშნებულ კედელს მიუახლოვდა, თითი დაადო, და თვალებით იკითხა: „აქ?“ „არა, არა“, - გაიქნია მარშალმა თავი, და ნიკაპი წინ გაიშვირა. „აქეთ? აქეთ, ხომ...“ - ისევ შეაცქერდა დონ დიეგო, ჯიუტად უტყვი, და მარშალმაც გახარებულმა დაუქნია თავი. რას ანიშნებდა მაინც, ჯერ ვერაფერს ხვდებოდა დონ დიეგო, და, როგორც იქნა, კედელზე რომელიღაც ფილას მსუბუქად რომ მიადო თითი, იმედმოცემულმა ბეტანკურმა სწრაფად ააკანტურა თავი, თვალები მაგრად დახუჭა და შუბლით ვითომ ღონივრად მიაწვა რაღაცას. „მცველთათვის რაიმე ნიშანი არ ჰქონდეს სადმე, გამოსაძახებელი, - შეეჭვდა დონ დიეგო, - არა მგონია. კარი როგორც კი გაიღება, იცის ალბათ რომ, დაბნეულ მცველებს მაინც დავასწრებ, მაშინვე მოვკლავ. რაღაც სხვაშია აქ საქმე... გადარჩენისთვის, ნეტავ რისი იმედი უნდა ჰქონდეს... უცნაურია“. და, ყოველივეს გაგების ჟინით შეპყრობილმა, ფილას ღონივრად მიაჭირა ხელისგული, და ოდნავ მაღლა, ორი ფილა გადაიწია. ერთი კი გახედა მარშალს დონ დიეგომ და სავარძელი მიაჩოჩა კედელთან, საიდუმლო უჯრა გამოსწია, დიდის ინტერესით დააცქერდა - აუწონავი განძით იყო სავსე. აქ ჩაეღიმა დონ დიეგოს და, მარშალს გახედა. იმან ხალისით, რამდენადაც ახლა ეს შეეძლო, ვითომ მხიარულად დაუქნია თავი, მაგრამ მაშინვე ნირი ეცვალა, რადგან დონ დიეგომ მოსასხამი გადაიწია, ერთადერთი ძვირფასი თვალი, მკერდზე რომ ებნია, მოიგლიჯა და იმ განძზე დააგდო, სავარძლიდან ფეხი ჩამოდგა მერე, და ბეტანკურისკენ მძიმედ გაეშურა. მივიდა, მოკლა. - და უზარმაზარ ფანჯრებდაგმანულ ეტლში აღმოვჩნდი მაშინ, სხვა ქალაქისკენ მიდიოდა, - განაგრძობდა მიჩინიო, გამოქვაბულში, გრილად მოჭიქულ წვდიადში ისხდნენ, - ოცნი ვმგზავრობდით, და სუყველანი გამორჩეული ავაზაკები იყვნენ, ვიღაცა ერთის გარდა, იმას არ ვიცნობდი, თავისთვის იჯდა კუთხეში, წყნარად. ნიღაბი მხოლოდ მე მეკეთა, და საგანგებო დავალებაზე მიმავალი ვეგონე ყველას, არავინ უწყოდა, რომელი კამორელი ვიყავ, მერიდებოდნენ. ვიწრო ჭრილიდან შევცქეროდი მათ, ავაზაკებს, კარგად ვიცოდი ყოველი მათგანის ასავალ-დასავალი და სურვილისაგან მაჟრიალებდა - მე ხომ სწორედ იმიტომ მივედი კამორაში, ასე მეგონა, თუკი სიკეთის მთესველი ვარ, ბოროტება უნდა მოვსპო-მეთქი და იმ დიდი ეტლის უფსკრულში გადაჩეხა მყარად მქონდა გადაწყვეტილი. ხანდახან იმ უცნობსაც შევავლებდი თვალს - რაღაც ძალიან უცნაური იერსახისა იყო, დაფიქრებული; ვერც შეატყობდი, გულში რა ედო. მხოლოდ ის მგზავრი არ ვიცოდი, დანარჩენების მოსასპობად კი კაცი უკეთეს დროს ვერ ინატრებდა. და მეეტლემ წინასწარ დათქმულ ადგილას რომ შეაჩერა ეტლი, მძიმედ გადმოვედი, კარი მივხურე და ვითომ ფულის მისაცემად დინჯად მივუახლოვდი მეეტლეს, მერე ვისკუპე, გადმოვაგდე და კოფოზე ჯერაც დამჯდარი არ ვიყავ, ცხენებს რომ გადავუჭირე წართმეული შოლტი, ეტლში მსხდომთ არაფერი გაუგიათ. მივჭენაობდით, თოთხმეტი ცხენის სადავე მეპყრა ხელთ, კარგად ვიცოდი - უფსკრულს როგორც კი მივუახლოვდებოდით, განზე ჩაქროლების ნაცვლად სწორედ იქითკენ გავაჭენებდი ცხენებს, ერთსაც ღონივრად დავიქნევდი შოლტს და მე კი უვნებლად გადმოვხტებოდი. მოუთმენლობისგან ავწრიალდი, ზეზე დგომელა მივერეკებოდი ცხენებს, ერთი სული მქონდა, სანამ იქამდე მივაღწევდი, ასე მეგონა, მართალი ვიყავ; სულო ცოდვილო - ვზეიმობდი წინასწარ კიდეც, მაგრამ უეცრად ის კაცი გამახსენდა, აის უცნობი და ხასიათი წამიხდა; რაღაცნაირად, შევიბოჭე, სულ მისი სახე მიტივტივებდა, გამოუცნობი. „დიდი ამბავი“, - გავიფიქრე, მინდოდა თავი მემართლებინა, - ვინც გინდა იყოს, სამაგიეროდ თვრამეტ ავაზაკს მოვაცილებ ქვეყანას და ამით რამდენ კაცს გადავარჩენ-მეთქი... მაგრამ ის კაცი, თავისთავად, ისევე როგორც ყველანი ჩვენ, დომენიკო, თავისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო, და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინად ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანაზე - საკუთარი თავი, მხოლოდ მისეულ, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა, მხოლოდ... და იმ კაცისთვის რა იყო, აბა, ის თვრამეტი ავაზაკი, რა? - არაფერი, თუკი სიცოცხლე წაერთმეოდა... თან, არც ვიცოდი, ავაზაკი იყო თუ არა, გინდაც ყოფილიყო, „რა უფლება მაქვს!“ -შევუწყერი თავს და კვლავ შევყოყმანდი; მერე ისიც კი გავიფიქრე, ეტლს თავადაც რომ გადავყოლოდი, იმ კაცისადმი დანაშაული თითქოსდა ამით გამომესყიდა; მაშინვე მივხვდი, ესეც რომ არ იქნებოდა სწორი - იმ კაცისათვის, მეც სულერთი ვიყავი, რა მე და რაღა ის ავაზაკები, ძაან არ ვენდომებოდი? თუ მოკვდებოდა... და ღონივრად მოვზიდე სადავე, გავაჩერე ეტლი, მეწინავე ცხენისკენ გავიქეცი, სწრაფად გამოვხსენი, მოვახტი და უკანვე, კამორასკენ გავაჭენე. ამასობაში ეტლიდან გამოცვივდნენ, რაღანაირი ლანძღვა-გინება არ დამადევნეს, დაწევით რაღას დამეწეოდნენ, განაგრძნობდნენ ალბათ მერე გზას, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ავაზაკთაგან დღესაც არავის ეცოდინება, იმ კაცმა მისდაუნებურად ყველანი სიკვდილს რომ გადაარჩინა. და დომენიკოს თუმცა კრინტი არ დაუძრავს, მიჩინიომ მაინც იკითხა: - რატომ გიამბე? თუ გინდა, გეტყვი... - დიახ... - ერთი იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი, სუყველანი, ადამიანები, უხილავი ქსელით ერთმანეთზე გადაბმულნი ვართ - არც ვიცით, ისე. შენც, მაგალითად, ვერასოდეს წარმოიდგენდი, მანუელო კოსტამ დიდი ზეს გარდა შენც რომ სიკვდილს გადაგარჩინა. - მე არა, არა, - თავი გაიქნია სიბნელეში დომენიკომ, - მე კანუდოსიდან არც გამოვსულვარ და მხოლოდ... - მე, როგორც ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ღირსეული კამორელთაგანი, - გააწყვეტინა მიჩინიომ, - იმის წამებას ვესწრებოდი და მანუელოს საქციელით აღფრთოვანებულს, ერთთავად სული მიკაწკაწებდა, გადამერჩინა, და როგორმენაირად შევძლებდი კიდეც, მაგრამ იმჯერად ისეთ ძვირფას ტყვეს, ვითომც საიდუმლო ხვრელი რომ იცოდა, ცალკე არ გამაყვანინებდნენ და სხვაგვარად კი, გავიყიდებოდი. მეც უნდა გადავკარგულიყავი. - მერე რა... - წამოიძახა დომენიკომ, - დიდი ამბავი... გადაკარგულიყავით, თუკი შეგეძლოთ მისი დახსნა... ის ხომ ნამდ... - მერე შენ ვეღარ გადაგარჩენდი, დომენიკო, - კვლავ გააწყვეტინა მიჩინიომ, - შენი თავი მებარა. მანუელომ კი, როგორც ხედავ, შენც დაგდო მადლი. შუბლზე ხელი მოისვა დაბნეულმა მგზავრმა. - მაგრამ იმ ეტლის ამბავი მხოლოდ ამისთვის არ მიამბნია, კარგად დამიგდე ახლა ყური. იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი! - რას... - რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი. - ასე რომ არა, დაიქცეოდა, - მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, - ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა. მე ვინ ვიყავი მაშინ, სულ ერთი ბღუჯა ხალხი მებარა, რაღაც ცხრამეტი კაცი, და ჩემისთანა ღარიბ-ღატაკსაც კი გაუჩნდა სადარდებელი; მთლად უცხო კაცმა ავაზაკები გადამირჩინა, დედამიწას კი, სხვებთან ერთად მანუელოს და ზე მორეირას, ჟოაო აბადოს, და მასიმო რომ უვნებლად გაუშვა, იმ ბერიკაცის პატრონს, სწორედ რომ მხოლოდ სიყვარული ატრიალებს, იცოდე. - და იმიტომაც სწორედ ისინი დაიღუპნენ, არა? - გამწარდა დომენიკო. - დაიზრდებიან. - ვინ... - სხვები. - როდის... - დაიზრდებიან, როცა იქნება. ისიც იცოდე, დომენიკო, ძალიან დიდი განსხვავება არა აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო - მაინც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ. - ახლებს, რა დაზრდით... არა სჯეროდა მაინც დომენიკოს, და აქ სუნთქვა შეეკრა, მაშინვე იგრძნო, როგორი დაუნდობელი სიჯიუტით შესცქეროდა მიჩინიო. რაღაცა იგრძნო, ჯერ აუხსნელი... ადამიანი რომ გამოძერწა? აჰ, არა, არა... - ზეზე აეგდე. - მოესმა უცებ და წყვილ კიაფს თვალი ააყოლა - ფეხზე წამოდგა მიჩინიო. - რა... მე მითხარით? - აეგდე-მეთქი. და ისევ შიშით, ძრწოლადავლილი იდგა. - მე კი, ესეც იცოდე, იმიტომ გამოვიყურები ყველაზე სასტიკ კაცად მთელ კამორაში, მინდა ვიფიქრო, ეგებ სხვებსაც ნიღაბი აქვთ-მეთქი. ასე რომ არა, გამიძნელდებოდა. შენ კი, უნიღბოვ, ჯერ ისევ მხოლოდ ცომი ხარ, ცომი... - და შეებრალა, - ერთი დრაჰკანი რად არ დატოვე... - მე მინდოდა და... - ენა ჩაიგდე! ერთი დრაჰკანი მაღალ სოფელში რომ დაგეტოვებინა, ეგება კაცი გამხდარიყავ - უცებ იმედი შეერია სიძულვილნარევ ხმაში, - კარგად მისმინე - მუდამ არსებობს გამოსავალი, ღორებშიაც კი. წყვილი კიაფი თვალებსა სჭრიდა, ისევ თავი დახარა მგზავრმა. - ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს, თუნდაც, ის საიდუმლო ხვრელი, არავინ რომ არ იცოდა, თვით მენდეს მასიელმაც კი... - რა... არსებობდა? - იმ ხვრელში დგახარ. ფრთხილად იარე, კედელს ხელის ფათურით გაჰყე. პური გეყოფა, ნუ გამოიზოგავ. გზად წაძინება არც გაიფიქრო, თორემ სამუდამოდ ამ სიბნელეში ჩარჩები, მხარი გეცვლება. მღვიძარე იყავ. გამიგე? - კარგით... - იქ ვერავინ გიპოვნის, შენი დარდი კამორელებს არ ექნებათ, რადგან მთელი ქალაქი აიწეწება - გუშინდელს აქეთ, დიდი მარშალი თავის მისაღებ ოთახში ალბათ ყელგამოჭრილი გდია. - თქვენ... - სუნთქვა შეეკრა დომენიკოს, - ნამდვილად იცით? - წესით კი ასე უნდა იყოს და... როგორ გგონია, დონ დიეგო მართლა გაგექცეოდათ, რაიმე საქმე რომ არ ჰქონოდა? - კი... არა! - სწორედ მაგიტომ გაიქცეოდა, ასე რომ, მსხვილმან-მსხვილმანი ავაზაკებიც იღუპებიან ვისიმე ხელით... და მაგ საქმეში მეც ვურევივარ. ცოდო კი იყო - ბევრი ქონება დააგროვა, მეტი უნდოდა. რას იზამ, ასეა... შენც, ვაჟბატონო, ერთი, ერთადერთი დრაჰკანი მაინც რომ დაგეტოვებინა... ვითომ სიძუნწით მოგივიდა ეს? არა მგონია, ალბათ უფრო სისულელით იყო... - ოდნავ დაუცხრა ანაღვერდლებული მზერა და, მერე ისევ აუკიაფდა, - ვიდრემდე წახვალ, ერთსაც გკითხავ - თვალი ხომ არ გეწვის... ეწვოდა. - არა. - ნუ გეშინია, ოთო-ექიმისა არ იყოს, არც მე მიგაწებებ სილას. მაგრამ იმან თუ თავისი გულჩვილობით არ გაკადრა ეს, მე სხვა რამ საჩუქარი მაქვს გაშვებულთათვის შემონახული, უფრო საგრძნობი. შებრუნდი. შეტრიალდა და მაშინვე ღონივრად აეწვა მხარი, დაიგმინა კიდეც; ბეჭიდან ხორცი ამოეფლითა, რაღაც კაშკაშა ტკივილი იყო, მცირედი ელვა დასცემოდეს თითქოს, მერე მოთბო, მძიმე სისოვლე რამ გამოეჟონა, იგრძნო, ზურგზე დაუცურდა, მუხლამდე ჩაეღვარა... - აეგ მცირედი ჭრილობა, - გაისმა ბნელში, - მოკვლით არ მოგკლავს, სამაგიეროდ, მუდმივ სახსოვრად გექნება ჩემგან. აჰა, ეს ტილო მიიჭირე... გზად დაასველე ხოლმე და ცივი კარგია, სისხლს შეაჩერებს. ახლა კი, წადი. აქ დომენიკომ ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი, და მხარუკუღმა დაუღრიალა: - ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ! მაშინვე მშვიდად უპასუხეს: - ადამიანი რომ გყვარებოდა. მთლად მოიბუზა შეკუმშული მანამდეც მგზავრი. და გზას გაუდგა - მარცხენა მხარზე მარჯვენა ხელისგულით ტილო მიედო, ნიკაპს მორკალული იდაყვი უგრძელებდა, განზე გაშვერილი მარცხენათი კი გამოქვაბულის პირქუშ კედლებს ფათურით მიუყვებოდა, სხეულზე წყნარად ეხლებოდა კისერზე თასმით ჩამოკიდებული პური... სად მიდიოდა! წინ რა ელოდა! და სიბნელეში თეთრი ფრინველივით მსუბუქად მიეწია, იმედად ჩასწვდა მიჩინიოს უცნაურად გამოცვლილი, მჭახე ალერსით გაჟღენთილი ხმა: - მშვიდობით იყავ, დომენიკო. კეთილად გევლოს... მეორე დღეს, გათენებისას, უკაცრიელ კანუდოსში დონ დიეგო ავიდა, მოსასხამის ქვეშ ფრთხილად ამოედო თიხის მომცრო ქილა. უჩვევი სევდა ედგა თვალებში, და არ ეხამებოდა ძველებური, მაინც ამაყი მიხრა-მოხრა და ფრთებგაჩრილი ქუდი. დამწუხრებული გასცქეროდა გაპარტახებულ ქალაქს. პირველსავე ცხედართან შედგა, დააცქერდა, მაგრამ ვერ იცნო - ცეცხლით იყო შეჭმული. მერე პირქვეჩამხობილ კანუდოსელთან შედგა, ჩაიმუხლა, ქილა ფრთხილად დადო, ფაქიზად გადააბრუნა ცხედარი, სახე შეეჭმუხნა - ეჰ, გრეგორიო პაჩეკო, გრეგორიო... - ბარძაყზე დინჯად დაირტყა ხელი. დამწუხრებული, მიმოდიოდა, ორსავ მუხლზე ჩაიჩოქებდა, - ეჰ, ინოსენსიო, ინოსენსიო, ეჰ... ეჰ, სენობიო ლჲოსა, სენობიო... - და დიდ მჭედელს ხელზე დაადო ხელი. მძიმედ წამოდგა, მიმოიხედა, ბინდ-ბუნდში ღია ნაცრისფრად ბზინავდა ჭაღარა თავი, - ეჰა, მოხუცო სანტოს, ეჰ... მგლოვიარედ, ჩაფიქრებული იდგა, მერე ღიმილმა მკრთალად აუციაგა სახე, და ქილას დასწვდა, მდინარისაკენ გაეშურა, და ლოდივით კუშტად გახევებულ კანუდოსელთან ისევ შეჩერდა, ადრეული ნაოჭებით ისევ დაესერა სახე - ეჰ, ჟოაო აბადო, ჟოაო... მერე იმედით ჩახედა ქილას - შიგ წყალი იდგა, და ექვსი ლიფსიტა უთავბოლოდ დაბორიალებდა. ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე... და იმ თავის მდინარეში ფრთხილად ჩაღვარა ქილიდან ლიფსიტებიანი წყალი, გულზე მოეშვა, გაიმართა. მერე დინჯად, აუღელვებლად ირჯებოდა: სქელი ფიცრები იპოვნა, მაგრად გადააბა თოკით, ორი ტოტი აასხიპა გადარჩენილ ხეს, ფიცარზე მიაჭედა, და პაწია ეჟვნები ჩამოკიდა ზედ. ეს მცირე ტივი მდინარეში შეაცურა, ნაპირზე ჩასობილ პალოს თოკით მიუბა. მერე ერთხელაც გახედა კანუდოსს, მშვიდად, მორჩილად თქვა: ეჰ, მენდეს მასიელ, კონსელეირო... ცრემლი მოადგა მომწვანოდ შეფერილ თვალებზე, - ეჰ, მანუელო კოსტა, მანუელ... - და დიდის კრძალვით წარმოსთქვა მერე - ეჰ, ზე მორეირა, ზე... ფრთიანი ქუდი მოიხადა, განზე ისროლა, მდაბლად დაუკრა კანუდოსს თავი, მერე მუხლამდე შეაბიჯა მდინარეში, ფიცრებზე გაწვა, რვად დაკეცილი მოსასხამი თავქვეშ ამოიდო, ჩექმის ჯიბიდან მაჩეტე ამოიღო, თოკზე არც დაუხედია, ისე გადაჭრა, და მდინარესავით ნელა დაიძრა მცირე ტივი, ეჟვნები მორიდებით აწკარუნდნენ - უკანასკნელი არტისტიზმი, და დონ დიეგომ აუჩქარებლად, საქმიანად გადაისერა ორთავე მაჯა, მაჩეტე გააგდო, ხელები ჩაჰყო მდინარეში. ნელინელ მიუყვებოდა ზვირთებს ეს უცნაური, ეჟვნებიანი არტისტული კუბო, და მდინარეში ორ მოვარდისფროდ მკრთალ ზოლს სტოვებდა, დონ დიეგო კი ყუჩად იწვა, უყურებდა ცას. ა, ასე მშვიდად მიიცვალა სხვა დროს დიდ აყალმაყალთა ამტეხი, მეხუთე დიდი კანუდოსელი. ეს თვითმკვლელობა არ იყო, ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ, ეჰ, დონ დიეგო, დონ... აქვე მთავრდება „კანუდოსი“-ს უკანასკნელი, მეოთხე თავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი