წერილი ჯურხას
ჯურხა მომილოცია. ძალიან გადარჩი, მართლა ბედი გქონია, შენ რომ წახვედი იმავე დღეს-საღამოს ჩამოვიდა მავრი, ღირსეულად იჯდა ბანოვანთა შორის „ზიმში“ გააჩერა. ერთად ვიცურავეთ. მთელი ჩვენი ოჯახიც იქ იყო. მერე მამა წავიყვანეთ ათონის მონასტერში. ნოდარი, გოგი და მე დავრჩით, მამა კი წამოვიდა. უღმერთოდ მომინდა სმა. ნიდარისა და გოგის ვთხოვე _ ერთმა 20, მეორემ _ 25 იკისრა, წავიდნენ სახლში ფულის მოსანახად. მე კი ვიჯექი მთელი საათნახევარი და მართლა ვტკბებოდი ჩემს წინ გადაგრაგნილი ზღვის ფერითა და ხეობის სიმშვენიერით. ჰარმონიას ავსებს მთაზე დადგმული ლამაზი ახლი. ნამდვილად ამშვენებს ადამიანი ბუნებას. მოკლედ შემიყვარდა ამ საღამოს ჩვენი პლანეტა. ალბათ მოვა დრო, როცა (შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ) განვითარდება ასტრონომია, საპლანეთაშორისო მოძრაობა, რომ ადამიანი ისევე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც დღეს ჩვენ, თუნდაც შენ და მე საქართველო გვიყვარს. ვუყურებ და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ამ სიმშვენიერეში შეიძლება კაცმს კაცს აწყენინოს.ახლა ხეობას ზევით ავაყოლე თვალი. ცოტა გამოფუჭდა გუნება. ხუთი-ექვსი უნიჭო სახლი მართლა უადგილო ადგილას იდგა. უმოძრაოდ ვიჯექი, მაგრამ ტვინი არ ისვენებდა. ზედი-ზედ მომივიდა რამდენიმე საყურადღებო აზრი. გადავწყვიტე მეორე დღესვე გამეკეთებინა. ცხრა საათზე მავრი, ნოდარი, გოგი და მე შევხვდით. ათონის მონასტრის გადაკეთებულ სასაუზმეში ვისხედით. სმა წავიდა ღირსეული. დრო გადიოდა. კარგა დავთვერი. მავრი და მე ანგარიშს ვუსწორებდით, რომ მომესმა ნოდარის ხმა __ გურამ აქეთ, გვცემენ. გავვარდი __ რას დაინახავ __ აფხაზები, როგორც მერე გამოირკვა… ტყუილ-უბრალოდ ან შეცდომით დახვდნენ ბიჭებს და უბათქუნებენ. სანამ შემეძლო მოგერიება ვიგერიე, მაგრამ ნათლიმამამ მიღალატა და ორმოში ჩამივარდა ფეხი-ბლომად იყვნენ, შემდგნენ წიხლებით. ერთი წიხლი კი მომდეს ყბაში, მე სწრაფად გავაკეთე მკვდარი დაცვა და დავიძინე. როგორც ეტყობა კაი ხანს მირტყეს, ადგომის არც თავი მქონდა, არც სურვილი. დავინახე, რომ გოგის და ნოდარს ხელს აღარ ახლებდნენ. როცა გავიღვიძე მარტო ჩვენი ბიჭები იყვნენ. მავრისთვის გულზე დანები დაუდვიათ ისე ჰყავდათ გაჩერებული. მე კარგად აღარ მახსოვს. გამოვსულვარ ღრიალით, ლანძღვით, საცეკვაო მოედანზე ვეძებდით იმათ. უშედეგოდ, კიდევ კარგი-ალბათ კიდევ დაგვბეგვავდნენ- ძლივს ვიდექით ფეხზე. მავრიმ 300 მანეთი დახარჯა. დღეს დილით გავიღვიძე, ვიხედები სარკეში __ რას ნახავ-ყბა გასიებულია. ეგ არაფერი. ნოდარი გავგზავნე ჩვენებთან. ღამე გოგი ცუდად ყოფილა. ვიყიდებით. მართალია, იმ ღამესვე ნოდარი შევგზავნე ლიდასთან, გამოვიდა, სისულელეები ვილაპარაკე. დღეს მარინე დაუბარებია( ნუ გეშინია, სიყვარულზე არა!). შენ ლუსიას უკითხიხარ წყენით, რად აურიაო? ვიყიდებით, ნელ-ნელა მეც მწყდება ზღვარზე უოფნა და თავგადასავლები. შეიძლება მალე ჩამოვიდე, თბილისი ძალიან მომენატრა. ახალი ათონი, 1956 წლის აგვისტო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი