წერილი ახალი ათონიდან ნუგზარს


გამარჯობა ნუგზარ!
ძალიან მომენატრე. მამამ მითხრა ასე თხუთმეტი წუთით ვნახე თბილისშიო, რა მოგივიდა. ბორჯომში მაინც წასულიყავი, დაგესვენა. მაინტერესებდა კისლოვოდსკის ამბავი, რაღაც ისე შპინტიკობდით, რომ საქმის გამოსვლა საეჭვო იყო.

ახლა ჩემზე:
ახალი ათონი მართლა მშვენიერი ადგილია. მთა და ზღვა, რაც მე მინდა. ჩვენები და ნოდარი ცხოვრობენ შიგ ათონში, მე კი მარტო ვარ ათონის ცოტა გარეთ პატარა ოთახში. მაქვს რადიომომღები, პატეფონი, საწერ-კალამი. სმით არა უჭირსრა, ვსვამთ. საერთოდ მინდა თავი დავანებო. “პახმელიაზე“ ხაშის მაგიერ ხანდახან თითო ნოველასა ვწერ და ზედ არყად წერილს ან დღიურს ვაყოლებ.

დღეს არაყი შენზეა.
ბორიას მივწერე წერილი, მინდოდა შენთვისაც მომეწერა, გურამისთვისაც, მაგრამ არ ვიცოდი სად იყავით.
მართლა! აქ არის მავრი ზალდასტანიშვილი, არ ვიცი იცნობ თუ არა. თუ გახსოვს უნივერსიტეტთან მე რომ შურა ვაჩნაძესთან ერთად მივდიოდი სამხედროზე, შენ და ზურღანა მოხვედით. მაშინ იყო მანქანით მოსული, ვიღაცას ეძებდა, შავგვრემანი ბიჭია, ჩემზე ცოტა დაბალი. მოკლედ ძალიან კარგი ბიჭია. რამდენიჯერმე უკვე გვაპურმარილა.
ერთი კვირის წინ გიგიასთან ერთად ვიქეიფეთ (გოგიც აქაა ჩემი ბიძაშვილი) და აფხაზებმა მაგრად გვნაყეს. ტყუილად. მე ძალიან მთვრალი ვიყავი, დანა მომიქნიეს, მაგრამ ხელით ავიცილე, მერე ფეხი თხრილში ჩამივარდა.

ზედ შემდგნენ და ისე მბეგვეს. ერთი ოცი კაცი მაინც იყო.
გოგოებს არ ვეტანები. ისე არიან. კარგები თითქმის არ მოიძებნება. მესამე დღეა რაც ჩამოვიდა გივი მაჭავარიანი. უზომოდ გამიხარდა მისი მიღება უნივერსიტეტში, ახლა ჯავახიშვილის სახელობა მისცეს, გივის კი არა, უნივერსიტეტს. მაშინვე დაიწყო გივიმ შპინტრიკი.

ნუგზარ! ჭუღუს უნდა მივართვათ დაფნის გვირგვინი და ფასიანი საჩუქრები ოლიმპიადაზე საუკეთესო ნაწარმოების წარდგენისათვის. შენთვისაც მომილოცნია __ ბევრი იწვალე.
ბიჭო! რო იცოდე რა ლამაზი სახლი მაქვს თავისი ფანჩატურით ზედ ზღვაზე, ნეტა შეიძლებოდეს ჩამოხვიდე. ძია აკაკის მერიდება, თორემ აქამდისაც დაგპატიჟებდი. ხო იცი, ასეთი წერილიდან დაეწყო ყველაფერი.
მე უმეტესად მოწყენილი დავდივარ. უთქვენიდ მიჭირს, თან ზღვა აყენებს კაცს ნაღვლიან ხასიათზე.
ჩემთან ერთი კვირით სტუმრად იყო ჯურხა. აქ ყოფნისას რამდენიმე გენიალური აზრი მოუვიდა. ერთი რუსების შესახებ.

“რუსები არიან ცივილიზაციის სანაგვე ყუთში ამოთხვრილი, გამაიმუნების გზაზე დამდგარი ადამიანები“ და სხვა. ამ აზრზე დააყენეს რუსმა ქალებმა საცურაოზე პამიდორის ჭამის დროს. ისე ძალიან კმაყოფილი და მხიარული იყო. გოგოც გაიჩინა.
ნახვამდის!
დიდი პატივისცემით და სიყვარულით მომიკითხე დეიდა ცუფა და ძია აკაკი, აგრეთვე ჯონდო და გობრონი.
ჩემს მაგიერ აკოცე ან თავში ჩაარტყი კომპოზიტორ რუსიშვილს, უთხარი წერილის მოწერა მინდოდა, მაგრამ რუსთაველის რა ნომერია ვერ გავიხსენე, ჯიგარო.
მომიკითხე თბილისი. აქ მინდა სექტემბრის 10-მდე დარჩენა.
მართლა, თუ ნოდარ დიდიძე ან ფარვიზა ნახო, უთხარი თქვენი ძმაკაცი მამია აქ არის-თქო. გუშინ გვაქეიფა. ოქრო ბიჭია.
ჩამოსულა დოდო და ალეკო.
ნახვამდის.
თავადი გ.

რჩეულიშვილი.

პ.ს.დღეს ვზეიმობთ ნოდარ ზედელაშვილის დაბადების დღეს. აქ არის მარინა კერესელიძე თავისი ძმით. მოკლედ დიდი ამბებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი