ნუგზარ,ნოდარ,ბორია!


მე მოვკვდე, (ჩემი სიკვდილი რათ გინდა) ძალიან, ძალიან მომენატრეთ. უთქვენოთ თბილისი ჩემთვის ცარიელია. მარტო რუსიკო მაძლებინებს. ჯიგარომ სულ გააფრინა: ახლა სხვა უყვარს! ხელზე “ნაკოლკა“ გაიკეთა: ლ.გ.
“ფარშევანგი ამოფრინდა აბრეშუმის
ბუდიდან, ლეილ, შენი სიყვარული
არ მშორდება გულიდან“.
ახლა სუფრაზე ლიზიკოს სიყვარულის შესანდობარი ისმება. ეჰ, ჯიგარო, რას იზამ! ჩემანალა ბაკურიანში ახტა, გელა უნდა ვცემო, რაღაში მჭირდებაო.

მართლა! ბაკურიანში გატარებული ათი დღიდან ორმოცდათექვსმეტჯერ იყო თამადად, ასოთხჯერ არწყია, ოციათასამდე კაცი ცემა: გოგოები იძახდნენ ნეტავ მაგის საყვარელსაო, დედები გაიძახოდნენ: ნეტავ დედამისის მზესაო, სომხები გაიძახოდნენ: ლავე ბიჭო არის ესაო!
ერთხელ ფოტოგრაფს აუხტა: ბაკურიანელები გაიძახოდნენ: ჩამო მარხილიდან(“ტაჩკიდან“) თორე დედას… და აბა, თქვი ჭ-ო და სხვა.
ერთი სიტყვით, როგორც ატყობთ, მეც გამოვყეყეჩდი (მა რა იქნებოდა ათი დღე “მერზავეცთან“ ვცხოვრობდი). ჩვენთანვე იყვნენ: ქოქლან(საიდანო, იკითხავთ), სიხარა (“როჟე“), მერაბ ელიოზიშვილი ექვსი ბოთლი ენისელის მარკის კონიაკით.
ჩამოსვლამდე დეპეშა დამირტყით: “ვსტრეჩა“, ჯიგარო, ჟელტუხინი და ამბავი, რუსიშვილს წერაც დაავიწყდა, ასოებს ვეღარ არჩევს და მის მაგივრადაც მე ვწერ, არც დრო აქვს წერის, ვერც ვხედავ(ლეილა, ჯიგარო).

ნახვამდის. გ. რჩეულიშვილი

1956 წლის თებერვალი, ბაკურიანი.

პ.ს.
ნუგზარ, დღეს ვნახე კოშევოი ვიქტორ. მოდიოდა რუსთაველზე, ჩიჩოტკას ურტყამდა: ათი დღეა ცეკვის კურსებზე ვარო. წერილებსა გწერდითო.

პატივი ვერ ვეცი. დუშეთში მოდიოდა. მახლას.
1. ნუგზარ წერეთელი, ნოდარ ზედელაშვილი, ბორია ინასარიძე _- გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობრები. სამოგზაუროდ პეტერბურგში წასულებს მისწერა გურამმა საერთო წერილი.

2. გურამ რუსიშვილი _- გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი.
მარკა არ არის აქ, საიდანაც წერილს გიგზავნი, მანეთის ზარალი უნდა გაჩვენო.

ძმაო ნუგზარ, როგორ არის ძმა გობრონი, შოთა და ძმის შვილი გურამ რუსიშვილი. გოგლასგან აღტაცებული ვარ, ერთი დღეც რო დარჩეს?! ჩაკუპატებული ბიჭია, მღერის გიტარაზე რომანსებს, ქალებს აბამს, ერთი სიტყვით მთელი მოსკოვი ხელში უჭირავს. ლევანის შეყვარებულს ძალიან მისწინხარ, აღტაცებული დარჩა რო გაიგო შენი ძმაკაცი ვიყავი.
მე ხოშიანად მოვეწყე, ყველაფერი საკუთარი მაქვს, ცალკე, გოგოს გარდა სხვათაშორის მე ერთი ქართველი ვარ, რომელიც მოსკოვში უკვე ათი დღეა და არ ჰყავს დაქერილი არავინ, ვახო ჟღენტი უფრო გახმა __ უკვე ხუთი დაქერა. ერთად ვჭამეთ პური ვაგონ-რესტორანში და აქაც, გოგლას ბინაზე, მერე ჩემთან შევუბერეთ. მეორე დღეს ___ “ნოვოსეკიე“ _- ვიღაც რუსებმა დაგვპატიჟეს ბარში __ ერთი სიტყვით შეუდარებელია __ კარგი ბიჭია საერთოდ.

ბორიას ჩააკითხეთ, მე მისამართი არ ვიცი თორემ წერილს მივწერდი.
ნოდარიმ მოიწეროს __ არც მაგისი მისამართი ვიცი.
გურამს უკვე აღარაფერი უჭირს, გზაზეა დამდგარი და ეგ არის.
თინასთან ხომ არ გიშუხურია?
სამუშაო თუ დაიწყე? ძმა გუარმი.

მოსკოვი, იანვარი, 1958 წელი

ძმაო ნუგზარ!
რუსიშვილის ამბავმა ბევრი ბევრი სიხარულის ცრემლი მადენინა.

ახლა ტელეგრაფში ვზივარ, ისე უსაქმოდ, ველოდი ფულს, მის ნაცვლად შენი წერილი მივიღე__ ღმერთს გეფიცები პირველი თხუთმეტი წუთი დამავიწყდა უფულობა. უფრო ხშირად მოიწერე __ მისამართი იხილე ჯიმის წერილში, რომელიც შენ უნდა გაუგზავნო თბილისში. იქნებ მოახერხო ერთი კვირით ჩამოსვლა. ახლა დავწერ გურამთან წერილს. ლეილა მართლა შესანიშნავი გოგოა _- ჯანსაღად მშურს. გისურვებთ ყველას ეგეთს.
ჩამოსვლას არ ვაპირებ, ალბათ, ძალიან დიდი ხნით.

რა კარგი ხნით ძმაკაცები ვიყავით გახსოვს?! __ ახლა მწყდება გული, რომ ბოლოს ცოტა დავშორდით ამ მოსკოვის გამო.
ბორიას გადაეცი მოკითხვა __ ჩააკითხეთ ხოლმე ხშირად. “ჩორნას“ და ბორიას მისამართები მომწერე, წერილებს გამოვგზავნი.
გურამს საიდუმლოდ გადაეცი __ მეც ყველა გაჭირვებას განვიცდი ფინანსურად, ერთი გამონაკლისით, რომ ცოლი არ მყავს და შემიძლია სადგურზეც გავათენო. მომწერე ზუსტად ვინ გარშემოეწყო ქვიშხეთის ციხეს? როგორ გამოიტაცეთ იქიდან?
ამბობენ მაკარმა საეკლესიო წიგნში შეიტანაო (რედაქტორის უფლებით) ეგ დღე, როგორც წყევლის დღე.
შენი გურამი
მოიკითხე დედაშენი __ გაუფრთხილდი.
თუ შეძლებ გამომიგზავნე მერაბ ელიოზიშვილის მისამართი და გამიგე მამამისის ამბავი. მისწერე, ბიჭო, შენც წერილი __ ცოდოა. შენი გურამი.
ქ. მოსკოვი, 1958 წლის თებერვალი ჩემო ნუგზარ!
თითქმის თვე გავიდა და წერილი აღარ მოგწერე. ალბათ დაკავებული ხარ ქეიფითა და ლამაზი გოგოებით, ან იქნებ წერით ერთობი და ჩემთვის ვეღარ მოიცალე.

ტყუილად ხომ არ უთქვამთ: “თვალი თვალს რომ მოშორდება გულიც გადასხვაფერდებაო“.
ამიტომ გადავწყვიტე მე თავადმა რჩეულიშვილმა თავად მოგწერო წერილი თავად წერეთელს, თავად რუსიშვილისა და აზნაურ ღოღობერიძის მეგობარს, თავისუფალი გლეხების ზედელაშვილისა და ცხვირავაშვილის ბატონს.
ყველანი მენატრებით, ჩემი სახლიც მომენატრა, თბილისიც. მარტოობა წერისათვის აუცილებელია, ფიქრის დროს ხელს არავინ გიშლის, მაგრამ სულიერად მაინც დამთრგუნველია. თავშიც ბევრი უსიამოვნო აზრი მიტრიალებს. თქვენ ყველანი შორს ხართ, ერთად ხართ, მე კი აქ ვარ ერთ ციცქნა ოთახში გამომწვდეული, დღე და ღამ წერით და ფიქრით დაღლილი. ახლაც ვფიქრობდი(როგორც ხშირად): ათი წელი რომ ვიცოცხლო რამდენის დაწერას მოვასწრებ, რამდენი მაქვს გასაკეთებელი, რამდენი აზრი და იდეა მიტრიალებს თავში.
ხანდახან, როდესაც წერას მოვრჩები, ლექსებსაც ვწერ ხოლმე, უფრო მეტად თეთრ ლექსებს.

ზოგიერთი მომწონს კიდეც. ისე შენნაირი რითმის და რიტმის გრძნობა რომ მქონდეს, დარწმუნებული ვარ ბრწყინვალე ლექსებს დავწერდი.
სულ თქვენ მაგონდებით. რამდენს ვიცინოდით, რამდენს ვხუმრობდით. რა სასიამოვნი იყო ის მარტის ბოლო. ვისაც არ უნახავს, ამის გაგება რა თქმა უნდა გაუჭირდება.
ნეტავ აქ იყო. რა კარგ დროს გავატარებდით ერთად, რამდენ რამეს ვნახავდით, რამდენ რამეზე ვილაპარაკებდით, წავიკითხავდით, გავარჩევდით, დავწერდით, ვიქეიფებდით.

სულ მეჩვენება, როგორც იცოდი, მოხვალ და მოულოდნელად მომიკაკუნებ ფანჯარაზე, რომ უფრო გავიხარო. რა კარგია ნაღდი მეგობრობა, რა შეუდარებელი გრძნობაა.
გუშინ სიზმარში შენ, გურამ გეგეშიძე და ედი გნახეთ, ფუნიკულიორზე ვქეიფობდით. იქნებ კარგად აგვიხდეს. სულ ცუდზე ჩემმა მტერმა იფიქროს.
ნუგზარ! სასწრაფოდ გადმომიწერე და გამომიგზავნე ტიციან ტაბიძის ლექსი “შეხვედრა კონსტანტინე ბალმონტთან“. ძალიან მჭირდება მოთხრობებისათვის ან პიესისათვის. ვნახოთ, ამ ლექსიდან მგონი ზუსტად მახსოვს მხოლოდ….
მე აქ ალბათ ერთ სამ-ოთხ თვეს კიდევ დავრჩები, თუ მამაჩემმა მიშამ დაფინანსებაზე უარი არ მითხრა.
ახლა როგორც წესი და რიგი მოითხოვს, მომიკითხე ჩვენი ძმაკაცები (მკითხაობა რომ არ დაიწყო ვინ ვინ არის, საქმეს გაგიადვილებ და ზოგიერთების გვარებსაც მივუთითებ): ედი, ბორია, შალიკო, გურამი(გეგეშიძე), გურამი(რუსიშვილი), გურამი(თიკანაძე), ქართლოსი(სვანიძე), ქართლოსი(ჯაფარიძე), მალხაზი, თენგიზი(ჯაშიაშვილი), თენგიზი(ნაცვლიშვილი), ერლომი, თემო(ბერიძე), თემო(ჯაფარიძე), ჯურხა, ჰასანა, ჟორა, ომარი, ბერდო, გიგუშა(ამათ გვარები არ სჭირდებათ), აგი, ვაჟა, კუზმანა(არც ამათი გვარებია საჭირო), რეზო(ერისთავი), რეზო(ამაშუკელი), რეზრ(თოდუა), ნოდარი(ზედელაშვილი), ნოდარი(ცხვირავაშვილი), ნოდარი(დიდიძე), ოთარი(დიაკონიძე), ოთარი, პუჭურა(იმედაშვილი), ჯიმი დიღმელიშვილი-რჩეულიშვილი, დათო(ჯავახიშვილი), დათო(ღოღობერიძე), ზურიკო(წერეთელი), ძმა გობრონი(იგივე წერეთელი), მერაბი(სიდამონიშვილი ფანცქალათურთ), შოთა(ჩანტლაძე), შოთა(შუბლაძე), შოთა(თანდილაშვილი), ბიძინა(სეხნიაშვილი), ბიძინა(ქუმსიაშვილი), თამაზი(ტოგონიძე), თამაზი(თოფაძე), (მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ვნახე), თამაზი(ჭელიძე), გოგი(ცინცაძე), გოგი(დენეტრაძე), გოგი ჩემი ბიძაშვილი და ყველა, ვისაც ვახსოვარ.
ფულს, ვიცი, არცერთი არ გამომოგზავნის, საკუთარ დალევას ვერ უღალატებენ.

მე მაგათთვის რომ ვწვალობ და ვშრომობ აინუნშიც არ აგდებენ, მუქთად ისტორიაში შესვლა კი ძალიან უყვართ.
ზემოთ ჩამოთვლილ მართლა ისტორიულ სიას თუ გინდა დაუმატე პეია, ქაქლანა, სეროფა, ალაოტელი, ბოყლოტი, პატაშა, ჩიდანა, ჭურტუ, ბაბაჩა, ბაქირა, და ვინც შენ გაგიხარდება. გოგონების მოკითხვა და ნახვის ნატვრას შემდეგი წერილით გაცნობებ, ახლა კი დავიღალე ამდენი გახსენებითა და ჩამოთვლით.
ბიჭო! ხუმრობას თავი გავანებუთ და იცოდე არ დაგეზაროს წერილისა და ლექსის მოწერა.
ისინი ხომ არ შეგხვედრიათ? თუ შეგხვდა არაფერი აგრძნობინო. ნორმალურად მოიკითხე. რას იზამ, ცხოვრება ასეთია. გახსოვს ჯერ „კირჩხიბზე“ და მერე თამილასთან რამდენი ხანი ვსწავლობდით ინგლისურს. მგონი არავითარი წარმატება არ მოგვიპოვებია.

ველოდები სასწრაფო პასუხს. მომკითხე დიდი სიყვარულით დედაშენი და ძია აკაკი, აგრეთვე მაკარი და ფეფიკო. უცებ „ქეთო და კოტე“ არ გეგონოს.

გკოცნი შენი ძმა გურამ (ვამეხ) რჩეულიშვილი.

აპრილი, 1958 წელი, მოსკოვი,

რუსეთის დედაქალაქი და ყველა არეულის თავშესაფარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი