კეთილშობილი სისხლის მქონე...
წერილი დავით ღოღობერიძის წერილი აზნაურ დათუნა ღოღობერიძეს მის მეგობარ კეთილშობილი სისხლის მქონე გურამ რჩეულიშვილისაგან I. შესავალი (თეზისები) II. ძირითადი ნაწილი 1. მოკითხვა დათუნას და მისი ჯანმრთელობის გამოკითხვა 2. დედის მოკითხვა 3. ჩემი ამბავი 4. მარიკას დაბადების დღის მილოცვა 5. მწუხარების გამოთქმა, რომ შურა მღებრიშვილი ვერ მოხვდა 6. აქაური საინტერესო ამბების მოყოლა 7. ღვთის მონების თავად რუსიშვილის, თავად წერეთლის და თავად ინასარიძის შესახებ ცნობები (მოკლედ) 8. ცნობები ზაფხულის ქერაობების შესახებ (არაფერი დაიჯერო) 9. ფული თუ გააკეთა დათუნამ ზაფხულში, ე.ი. თბილისში თუ იქნება შეხვედრისას პურმარილი. III. დასკვნა I. მას შემდეგ, რაც დაგშორდი, როგორც შენც მოგეხსენება, აღარ მინახიხარ. II. 1. ძმაო დათო, ვიღებ კალამს და ათონიდან გიძღვნი სალამს წრფელი მეგობრული გულის თანხლებით. თქვენი დიდი თავი ხომ კარგად ბრძანდება, ხომ არ ავადმყოფობთ და სხვა წვრილმანები. 2. სერიოზულად: როგორ არის დეიდა ფეფიკო? ბიჭო, თბილისში რასაც აღელვებენ ისიც იკმარე და მაქედან მაინც გაუგზავნე ხოლმე ხშირად წერილები, უფრო დამშვიდებით იქნება. 3. მე, როგორც მოგეხსენება ჩემი ამბავი, მე თვითონ არ ვიცი როგორა ვარ. 4. მომილოცნია შენი საყვარელი ბიძაშვილი მარიკას დაბადების დღე, გისურვებ ცხოვრებაში წინსვლას (რა შუაშია?) მარიკას ვუსურვებ მე-5 კურსის უნივერსიტეტის სახელოვან დამთავრებას, მერე გათხოვებას, როგორც მის მშობლებს, შენ და ჩვენ ყველას გაგვიხარდება. როგორ არის ცისანა, ივიკო, ნანა, ინესა, ტურანდოტი, და ა.შ. ირინას მამა მიშა… შენი კი არა, ჩემი ნათესაობა ვერ ჩამომოთვლია ისე ვარ გაბეზრებული სიცხითა და არყით 5. შენი ბიძაშვილი შურა, როგორც შენვე გითქვამს მისთვის __ უმაღლესისათვის სათანადოდ მომზადებული არ იყო და ვერ მოხვდა. პუპულეც. ახლა ჩემს ვილაში გადმოვყვანე ზღვის პირას, მე ცალკე ოთახი მაქვს, ის და ნოდარ ზედელაშვილი კი ჩემს გვერდზე ოთახში ისვენებენ.მწუხარებას გამოვთქვამ შურას ვერ მოხვედრის გამო. 6. აქ დიდი ამბებია. მხოლოდ მაშინ ვსვამთ, როცა სხვას აქვს ფული (მე, შენც მოგეხსენება, ოჯახი საარყე ფულით არ მეხმარება) სხვას საშუალოდ სამ დღეში ორჯერ აქვს ხოლმე ფული. რაც აქ ვარ, სულ სამჯერ მცემეს მთვრალი, რომ მცემეს აღარ მახსოვს, მხოლოდ მეორე დღეს ვატყობდი “სინიაკებზე“. ოთხჯერ გამოვედი ფხიზელი “დასტოინად“, ოღონდ ქვევიდან. მურტალი ხალხია, კბილებამდე არიან შეიარაღებული რეაქტიული თვითმფრინაქვებით, ტანკებით, ატომური იარაღით (ხომ იცი, ატომის საუკუნეა), ქვებითა და ბლაგვი, ჟანგიანი ჯაყვებით (აფხაზები განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან), აქვთ ხელკეტებიც და სხვა პირველყოფილი იარაღი(ქამრის ბალთების მსგავსი). აქა ვხურავ დიდ და პატარა ფრჩხილებს __ შენ გახსენი. 7. თავადები რუსიევი, წერეთელი და მთავარი ინასარიძე, როგორც მოგეხსენება, აპირებენ ნუგზარის ჩეხური ფეხსაცმელების სასყიდლად კისლოვოდსკში წასვლას. გასწი-გაჭიმე, ვარიანტი მგონი “ტუფტა“ აღმოჩნდა. ჯიგარმა რუსიშვილმა კრახი განიცადა, მაგრამ იმედს არ იწყვეტს, თურმე იძახის დედას ვუტირებ გაისად წავალო. ბილეთი უკვე აუღია. აქ არის გურამის ჩანახატები. 8. აქ იყო გივი მაჭავარიანი. ერთ მშვენიერ ღამეს ჩხუბი ატყდა, მეორე დღეს ერთი ჯენტელმენი მოაყუჩეს, გივი აითესა. ჩამოვიდნენ იკა და პარჩო: შენს მისამართს ისინი მაძლევენ. 8. ახლა განსაკუთრებით პატივით მინდა მოვიკითხო (მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ადამია ვნახე სოხუმში). სხვა რასა შვრებით, როგორ ბრძანდებით, ხომ კარგად ა? ჩემო დათო, ფულს თუ აძლევენ მაგ მხარეში, ხო? რას მეუბნები, ბიჭო, არ შემოგეხარჯოს, მოუფრთხილდი, დაგვჭირდება თბილისში, ხომ იცი სამადლო კარგი პურის საჭმელი ადგილია. დასკვნა: ამრიგად, შენ, როგორც მითხრეს, კარგადა ხარ, მე როგორც გწერდი ვარ ცუდად (ნაცემი და უქერავებელი). თავადები თბილისში უნდა იყვნენ. შენ ფულს ალნათ მანდვე დახარჯავ. გწერს პატივისცემით შენი პატივისმცემელი შენი მეგობარი თავადი გ. რჩეულიშვილი მთვრალი არყითა და მისი ფანჯრიდან გადაშლილი, ზღვაში არეული არყის ხეების სიმშვენიერით. წელი 1959.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი