დევს თავის ქალა


სატივეზე ტივი შევკარ
ტივი იყო ნაძვის ხისა
მტკვარი ქვიანი, მტკვარი კლდიანი
მტკვარი მღვრიე და ხიფათიანი
სატივეზე ტივი შევკარ
და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა
იშლება შენი თმა თაფლისფერი
და მტკვრის ნაპირას გველი
შხამს ტოვებს.
და მტკვრის ტალღებში უშხამო გველი
ებრძვის მეტივეს.

И подо мной вода пресная
вода мутная, змея ядовитая
და
მტკვარი ქვიანი, მტკვარი კლდიანი
მტკვარი მღვრიე და ხიფათიანი.

დალიეთ ბურახი
ოფლი შეგაშრებათ
შეჭამეთ ნაყინი
გაიგრილეთ გული.
ზემოთ ჩანს დუქანი
მივდივარ,
ჩავდივარ,
არ ვჯდები:
თაროდან მიყურებენ მე
`პოლბუტილკები~.

მე არ ვარ მარტო –
ნათესავები,
ძმაკაცები,
და საყვარელი.
მე არ ვარ მარტო
და მარტოობა
ყველაზე მეტი
ალბათ აქ არის.
ისევ ის ქარი,
ასფეხა ქარი,
ზღვების ხმაური,
ზვავების ლეწვა,
ჩემი გრძნობები
ავადმყოფური
და თოვლის სამარეში
ნაპოვნი კაცი,
და მიწის სამარეში
ნაპოვნი კაცი
და თოვლის სამარიდან
მიწის სამარისკენ
კაცები, ჩონჩხები,
ჩონჩხები ხორცებით.
ავადმყოფური ჩემი
გრძნობები,
ნათესავები,
ძმაკაცები,
საყვარელი –
მე არ ვარ მარტო
და მარტოობა
ყველაზე მეტი
ალბათ აქ არის.

ნედლი ბალახი
მწვანე,
გამხმარი ბალახი
რუხი,
კუნძები – ფესვებით,
ხეები – ფესვებით,
ხევიც – ფესვებით
და კაცი
შავი,
რუხი
ოფლისფერი
თუ ჟანგიანი,
და ესკავატორი უფერული.
მიწა
შავი,
მიწა
თეთრი,
მიწა
რუხი
და ხევი ფესვიანი,
სავსე კუნძებით, სავსე
ფესვებით
სავსე ბალახით.
ესკავატორი გავსებულ
ხევზე
შედის და ტკეპნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი