ახალდაძრულ მატარებელს..


ახალდაძრულ მატარებელს ლევანი გაჭირვებით შეახტა. ორთქლმავალი ძლივს მიიზლაზნებოდა ცემის აღმართზე. ლევანმა ხელფუთა გამოიტანა ვაგონიდან, მერე კიბესთან დადო, თვითონ ქვედა საფეხურზე დადგა და ჩასახტომად მოემზადა. მატარებელი ახლა ხიდზე გადიოდა. ლევანმა უფსკრულს თვალი აარიდა. მთებში შეფენილი ნაძვების სიმშვენიერემ გაიტაცა. მატარებელმა ახლა მეოთხედ მოუხვია, ხიდი ქვევით უკვე პატარადღა ჩანდა. ისედაც გალეული მთის მდინარე აქა-იქ ამოსულ ბუჩქებში იკარგებოდა. ხიდის თავში მდგარ საყარაულოს წინ ჯარისკაცი ზარმაცად დააბიჯებდა. ორთქლმავალმა ნახევარი ხმით დაიყვირა, მერე ცოტა ამოისუნთქა. აღმართის რთული ნაწილი უკვე გავლილი იყო. ორთქლმავლის თავისუფლად ამოქშენამ კარგად იმოქმედა მგზავრებზე. ლევანმა ტყის პირას მოთამაშე ბავშვებს ხელი დაუქნია და გაუღიმა.
- ურა, ვაშა! - ყვიროდნენ პატარები.
- დათუნა, დათიკო! - ბოხი ხმით დაიყვირა ვაგონის ფანჯრებიდან მელოტმა კაცმა, - აქეთ მოიხედე, შვილო.
სათამაშო ცხენზე მჯდარმა მხედარმა უაზრო თვალებით გამოხედა მატარებელს, მერე თავის რაშს წკეპლა შემოჰკრა და სწორებისაკენ გააქროლა.
“ვინ იცის, ჩემი გივიკო როგორ არის”, გაიფიქრა კიბეზე მდგარმა ლევანმა, “უკვე ოთხი დღეა, არ მინახავს, ჩემი ცოლიც ავად იყო, კიდევ კარგი, სიდედრი მაინც არის ჯანმრთელად, თორემ გავწყდი წელში ამდენი შრომით, ჩემს საქმესაც ვეღარ ვასწრებ”. მან ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან, ოფლი მოიწმინდა, მერე ფუთას დაავლო ხელი და იღლიაში ამოიჩარა. მატარებელი სადგურს უახლოვდებოდა. ლევანმა სახელურს მაგრად ჩასჭიდა ხელი, გადმოიწია და გაჭირვებით ჩამოხტა. ვაგონებმა ნელა ჩაუარეს გვერდით. იგი ლიანდაგზე გადავიდა, შუაში ჩადგა და შპალებით უკან გაბრუნდა. ახლო-ახლო დალაგებულ შპალებზე მოკლე ნაბიჯებით სიარულმა ჩქარა დაქანცა. ახლა ისევ გადმოვიდა ლიანდაგიდან და თავისუფალი ნაბიჯით გაუყვა ქვიშიან ბილიკს. ბილიკმა ცოტა ხნის შემდეგ ფიჭვნარისკენ გადაუხვია, მერე ტყეში შევიდა და ბექობისკენ დაეშვა. ვიღაცა ქალს ბავშვი მუხლებს შუა ეჭირა და გაღიმებული სახით რაღაცას უყვებოდა, თან დროდადრო ტაშსა სცემდა. იქვე, ფეხთით ბებია იჯდა, ხელში გოგლიმოგლი ეკავა. გაკვირვებისაგან დაღებულ პირში კოვზსა სჩრიდა პატარას. ლევანმა ახლა ჰამაკში ჩაწოლილ მოაგარაკეს ჩაუარა გვერდით.
- გამარჯობა ლევან, კაცო, როგორა ხარ?
- გმადლობთ, კარგად, თვითონ როგორ ხარ? - ნაძალადევად მოიკითხა ლევანმაც.
- ასე რა, ახლა ცოტა დრო მაქვს და “Королева Марго”-ს ვკითხულობ. მართლა, კაცო, ქალაქში რა ამბებია ნეტავი. ჩვენს ფოსტალიონს ორი დღეა, გაზეთი არ მოუტანია.
- არაფერი, მშვიდობა.
- მშვიდობა როა, ქე ვიცი, სიიაფე თუა? - არ ეშვებოდა მოაგარაკე.
- რა ვიცი, დიდი არაფერი, - ლევანმა ბოდიში მოუხადა, მერე ჩქარი ნაბიჯით წავიდა თავისი ნაქირავები ოთახისკენ. ეზოში სიცარიელე იყო. თუთის ხის ძირში დაბმულ ღორს ბუზები ეხვეოდა. ლევანმა წიხლი წაჰკრა ცხოველს, ამ უკანასნელმა დინჯად დაილრუტუნა და წოლა განაგრძო. “ეს რაღა უბედურებაა, დიასახლისს დღესვე უნდა ვუთხრა, ბაღში გადაიყვანოს, თორემ მისი ბუზებისგან ბავშვს შეიძლება რაიმე ინფექცია დაემართოს”. ახლა ვიწრო, მოგრეხილ საფეხურებს აუყვა ლევანი. კარი შეაღო და ოთახში შევიდა. მის ცოლს, თალიკოს ფანჯარასთან ეძინა. ლევანმა ფუთა ფრთხილად კართან დადო. მერე ფეხაკრეფით მივიდა ცოლის საწოლთან, საბანი ოდნავ გადახადა და თავის თერთმეტი თვის გივიკოს დააცქერდა. “საწყალი, ალბათ, მოიწყინა უჩემოდ”. მერე ბავშვის გარჩევა დაიწყო: “აი ეს ცხვირი, ტუჩები სულ დედისა აქვს, სამაგიეროდ, თვალები, წარბები, ნიკაპიც, არა ნიკაპი ჯერ არა, თუმცა ჩემს მამას ზუსტად ასეთი ჰქონდა”. ლევანი ოცნებებმა გაიტაცა. “ნეტავ როდის იქნება ჩემი გივიკო თუნდაც ათი წლის, არა - ოცის. აუცილებლივ უნდა ვატარო საცურაოდ, თან ენებსაც ვასწავლი, ბავშვი უცებ აითვისებს”. პატარა გივიმ საწყლად დაამთქნარა, მერე თვალები გააღო და მამას მიაშტერდა. ცოტა ხნის მერე თვალები ისევ დახუჭა და გვერდზე გადაბრუნდა. “ვერ მიცნო ამ მამაძაღლმა”, ბავშვივით ეწყინა ლევანს. საწოლიდან გამოტრიალდა, ნავთქურა დაანთო წყლის გასაცხელებლად. მერე შემოტრიალდა, ფუთა გახსნა. ფუთიდან ამოღებული რძე ფანჯარაზე დადგა, ხოლო ერბოს ქილა საწოლის ქვეშ. ახლა უკვე მაგიდას მოუჯდა. ერთხანს იგი თავისმა ფიქრებმა და ლობიოს რჩევამ გაიტაცა.
- გამარჯობა, კაცო, - მოესმა ცოტა ხნის მერე ცოლის ხმა, - ერთი წყალი დამალევინე.
- გამარჯობა, თალიკო, გენაცვალე, როგორა ხარ, ბავშვს ხომ არ უავადმყოფია? - ერთად მიაყარა ლევანმა, მერე მივიდა, დაიკუზა და ცოლს შუბლზე აკოცა. ბავშვმა წამოიკვნესა.
- ჩუმად, კაცო, - წყრომით უთხრა ცოლმა, - ბავშვი არ გააღვიძო.
- კარგი, გენაცვალე. - ლევანი შემოტრიალდა, ფეხაკრეფით მივიდა მაგიდასთან, სურა აიღო, შემდეგ ახალი წყლის მოსატანად წყაროსკენ წავიდა. კიბესთან ცოლის ძახილი მოესმა:
- ლევან, ლევან, გინდა წყურვილით მომკლა, მოიტა, ეგ დამალევინე ჯერ და მერე წადი წყაროზე.
ლევანი შემობრუნდა, ოთახში შევიდა და ცოლს წყალი დაალევინა.
- ახლა მოიტანე, თუ გინდა.
ლევანმა სურა დადგა ისევ მაგიდაზე და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.
- ჯობდა, მოგეტანა, ლევან.
ლევანმა წყრომით მიიხედა. პატარა გივის გაღვიძებოდა, საწოლზე იჯდა და იცინოდა. ლევანი მივიდა, ბავშვს ნაზად აკოცა, მერე გამობრუნდა, სურა აიღო და წყლისკენ წავიდა.
როცა სახლში დაბრუნდა, მისი მეუღლე უკვე წიგნსა კითხულობდა.
- რა წიგნია, თალიკო, გენაცვალე.
- ვითომ არ იცი? - თალიკომ კითხვა განაგრძო. ლევანი ახლოს მივიდა და წიგნს ზევიდან ჩახედა.
- განა არ იცოდი, მორიაკის “მაიმუნია”, - თალიკომ ფანჯარაში გაიხედა. - საწყალი ქალი როგორ იტანჯება დეგენერატი ქმრის ხელში. შენ რა, წაკითხული არ გაქვს, კაცო?
- მე, ჰო, ისე, გადათვალიერებული.
- რა, ვერ მოიცალე, თუ მოთმინება არ გეყო.
- ჰო, ცოლ-ქმრობის საკითხი ძალიან რთულია, - თავისთვის განაგრძო ლევანმა, მაგრამ ეს კავშირი, რომელიც ყოველთვის რაღაც გარკვეულ სიმპათიებს ემყარება, თუნდა მასში ეკონომიურიც ჭარბობდეს, უკვე სიყვარულში გადადის შვილის შეძენის შემდგომ.
- მე შვილით გაღვივებული სიყვარული არა მწამს.
- შესაძლოა, შენ არა გწამდეს.
- როგორ მე, განა უშვილოდ არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი?
ლევანმა პატარა გივი აიყვანა და ხელში სიხარულით შეათამაშა.
- მე ამას გავატარებ.
- არა, შენ გააციებ.
- ნუ, რა არის, თალიკო, რას ამბობ, სულ მე არ დამყავს?
- იმიტომაც ავადმყოფობს. - თალიკო სახეზე ცოტა წამოწითლდა.
“ახლა დაიწყება”, გაიფიქრა ლევანმა, მერე ბავშვი ადგილზე დააწვინა. შემდეგ გარჩეული ლობიო ქვაბში ჩაყარა.
- ოხ, ახლა ოთახი აყროლდება ლობიოს სუნად. შენი ჭირიმე, გარეთ გაიტანე. - უხეშად უთხრა თალიკომ.
ლევანმა უხმოდ გაიტანა ნავთქურა ქვაბიანად.
- კარგი, გაასეირნე ბავშვი, მე უნდა ვიკითხო, - კვლავ გასცა ბრძანება ცოლმა.
ლევანმა ნაზად აიყვანა პატარა, საბანში გამოახვია და გარეთ ხელში აყვანილი გაიყვანა. მერე კიბეზე დაეშვა. “ცხვირი და ტუჩები დედისა აქვს, მაგრამ თვალები, წარბები და შუბლი ჩემი, მაგრამ ნიკაპი, არა, ნამდვილად პაპამისს მიუგავს”.
ფიჭვნარში დედები თავიანთ ბავშვებს დაასეირნებდნენ. ლევანმა ამაყად ასწია თავისი პირმშო. “კარგი ბიჭია, კარგი, ჩემი გივი, მამა ენაცვალოს. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი უნდა გამოვიდეს”. შემდეგ ისევ მორიაკის “მაიმუნი” მოაგონდა. “ბავშვი მაინც ძირითადია, საწყალ დედას თავისი ვაჟიც რო ქმარივით დოყლაპია არ გამოსვლოდა, მისი ცხოვრება ათასჯერ ბედნიერი იქნებოდა, ალბათ, თავისი ქმრის ნაკლს ვეღარც შეამჩნევდა”. ლევანმა ახლა ისევ ბავშვს შეხედა, “საწყალი გივიკო, ჯერ ცხოვრების არაფერი ესმის. ღმერთმა დაიფაროს, ესეც ისეთი გამოვიდეს. თუმცა რატომ? ის რო კარგად აღეზარდათ, რა უჭირდა. ჰო, ყველაფერი აღზრდაა, მაგრამ გარეგნობას ხომ არ შველის.” ლევანი შეზარა ამის გახსენებამაც კი. “რაში მომაფიქრდა”, გაუწყრა თავის თავს “ამისთანა ბიჭი მეორე არ იქნება”. მან მაღლა შეაგდო პატარა და უღიჩინა, გაუცინა და გააცინა.
- შენთვის ბევრს ავიტან, ჩემო პატარა, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. - ხმამაღლა უთხრა გაკვირვებულ ბავშვს და სახლისკენ გამობრუნდა.

1956 წლის 7 მაისი. 3 - 430.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი