ახლა ჭალაში ჩავიდა მოტოციკლეტი..


ახლა ჭალაში ჩავიდა მოტოციკლეტი. ჭალიდან გზა უფრო ქვევით ჩაეშვა ხევში. გურამმა პირველ სვლაში გადააგდო. მოტორი ახრიალდა. მძიმედ ჩაგორდა დაღმართზე. ხევში გზა სწორი იყო, მაგრამ გაფუჭებული. გურამმა გამომთიშავს ხელი მოუჭირა და მეორეში გადააგდო, მერე მესამეში. მსუბუქად დაიწყო ხტუნაობა მანქანამ რიყის ქვებზე. ყველაზე მრგვალი ქვები შინებს ქვევიდან შხრიალით ვარდებოდნენ. ერთი, ნახევრად მრგვალი, ყველაზე შორს გახტა და გუბეში ჩავარდა. გუბე ძველი იყო და აშმორებული. შმორის სუნი პატარა ტალღამ ცოტა გაფანტა. მერე ის ისევ ჩაიბურა. დადგა. კოღოები ისევ დაასხდნენ მიმპალ ფოთლებს. მოტორი კი ისევ გრიალებდა, ოღონდ ახლა უფრო მსუბუქად მიდიოდა წინ. წინ ხევში უკვე ბინდი დაწვა. ზევით ტყის ნახევარი განათებული იყო. მზე სულ შორიდან ანათებდა. ფოთლები მოჩანდა ჭრელი, წითელი, ყვითელი, მაგრამ მწვანე არა. ქვევით ჩრდილი იყო და ტყე რუხი ჩანდა. წინ ხეობა უკვე ბინდში ეხვეოდა. მერე მზის ზოლმა უფრო ზევით აიწია.
მოტორი გრიალით მიდიოდა.
“ნეტა ხევში არ დამიღამდეს”, ფიქრობდა გურამი.
რაღაც ხმაურობდა მოტორში მუშაობისას. ხან გაჩერდებოდა, შემდეგ ისევ ხმაურობდა. “სტუკი აქვს მურტალი, ნეტა ხევში არ გამიჩერდეს”, ფიქრობდა გურამი.
გზა ზევით ჩაშლილი იყო და ქვევით ხევში წყალი მოდიოდა. წყლის იქით გრძელდებოდა რიყის შარა. წყალი გამჭვირვალე იყო. შიგ ბრტყელი ქვები და მრგვალი ქვები მრგვალად მოჩანდა. მოტოციკლეტი იდგა ნაპირთან. მოტორი გამოთიშული იყო და ისვენებდა. გურამი წყლის ნაპირას იჯდა. წყალი ტყიდან მოდიოდა. ტყე ბნელად იყო განათებული. სინათლესავით გამოდიოდა წყალი იქიდან. ის გამჭვირვალე იყო და ბრტყელი ქვებიც მრგვალი მოჩანდა. წყალი ცივი იყო, გემრიელი. გურამი იჯდა მის ნაპირას და ფიქრობდა. “ალბათ მოტორმა უკვე დაისვენა, ახლა ვცდი გასვლას, თორე დამიღამდება ხევში, ნეტა არ გამიჩერდეს წყალში”.
უცებ ადგა და დასაქოქს ჩამოჰკრა, როცა კიდე ჩამოჰკრა, ჩაირთო. ადგილზე ათუხთუხდა მოტორი. “სტუკი აღარა აქვს”, გაიფიქრა გურამმა. მერე ჩუმადა თქვა, “ეშმაკ, ეშმაკ, გამიყვანე, ეშმაკ, ეშმაკ, გამიყვანე”. თავის ნათქვამზე გაეღიმა, შემდეგ გადაჯდა, პირველ სიჩქარეში ჩააგდო. ნელა შევიდა წყალში მოტოციკლეტი. ქვევით სველი კენჭები სხლტებოდნენ, საჭე ძნელი დასაჭერი ხდებოდა და ცურავდა ხელიდან.
“გავედი”, თქვა გურამმა ხმამაღლა, როცა გავიდა.

[1957 წლის შემოდგომა]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი