ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა
გურამი ზის ფანჯარასთან. ფანჯარა ეზოში გადის: იქ ბავშვები თამაშობენ. გურამთან ბაბუა მიდის და ეკითხება: - რას აკეთებ? - ვუცქერ, - პასუხობს შვილიშვილი. - რას? - ეზოს, ბაბუ. - რატომ? - ისე, ბაბუა, დედა არ მიშვებს, რომ მეც ვითამაშო. - არა უჭირს, მოესწრები, ჯერ პატარა ხარ, თვალიც გიჭრის, მე კი თითქმის ვეღარა ვხედავ. - ბავშვებსაც ვერ ხედავ, ბაბუ? - ვერა. - ვერც სახლებს? - ცოტასღა ვარჩევ, შვილო. - ხეებს? - ხეებსაც თითქოს. - ბავშვებს ვერა, არა? - ბავშვებს ვერა. - იცი, რას აკეთებენ ისინი, ბაბუა? - არა. - თოვლის ბაბუას. - მეც მიყვარდა შენსობას. - მაშინაც ცოტა თოვლი იყო ხოლმე, ბაბუა? - ხან ცოტა, ხან ბევრი. - ახლა ცოტაა, ნახევარი მიწა ყვება თოვლს. - მაგი არ ვარგა, შვილო. - რატო ბაბუ? - იმიტო რო თოვლის ბაბუა მიტომაა თოვლის ბაბუა, რომ თოვლი უნდა იყოს სულ. - მიწა არ ვარგა, როცა ყვება? - აჰ, გაგიგონია? - ბაბუ, როდის იყო მერე კარგი თოვლი კიდევ? - გუშინ ყოფილა, მამაშენმა თქვა. - კიდე? - გუშინწინ, იმის წინ. - დღეს რატომ არ არის? - დღეს გადნა, გავს. - მოვა კიდევ, ბაბუ? - წელს, არ ვიცი. - მაინც, ბაბუ, მაინც? - არ ვიცი, ბიჭო. - მე კი ისე მინდა თამაში, დედამ თქვა, ხვალ გაგიშვებო ეზოში. მოვა კიდე თოვლი, ბაბუ? - წელს, არ ვიცი, გაისად კი უეჭველად, მაშინ დიდიც შეიქნები, უკეთესია. - გაისად ციგასაც ვიყიდი, არა, ბაბუა? გავიზრდები კიდეც, არა? - ჰო, ბიჭო, ჰო. [1957 წელი. მაისი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი