ბავშვებო! - ბოხი, გულთბილი ხმით..
- ბავშვებო, - ბოხი, გულთბილი ხმით დაიწყო შუახანს გადაცილებულმა, ულვაშა პელო მასწავლებელმა, - ბავშვებო, - განაგრძო და სათვალე გაისწორა. - პატარებო, პატარებო! - მთელი თავისი ჰუმანური გრძნობების მობილიზაციით გამოთქვა ეს ორი უკანასკნელი სიტყვა, რითაც დაამთავრა თავისი სიტყვის შესავალი და საქმეზე გადავიდა: - დღეს ჩვენ წილად გვხვდა უდიდესი ბედნიერება, დიახ, უდიდესი ბედნიერება. - ლაა? - სიტყვა გააწყვეტინა მასწავლებელს უზრდელობაში შემჩნეულმა ოთხი წლის მანანამ. პელო მასწავლებელმა პატარას სათვალეს ზემოდან გადაჰხედა, შემდეგ უბის წიგნაკი ამოიღო, რაღაცა ჩაინიშნა (როგორც ეტყობა, მისი დასჯა სხვა დროისათვის გადადო), მერე თავისი მოკლე, მაგრამ ღრმაშინაარსიანი, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე სიტყვა გააგრძელა: - დღეს ჩვენს საბავშვო ბაღს, რომელიც დამსახურებულად ატარებს გ.მ. მალენკოვის სახელს, წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომლის ღირსნიც ზოგიერთი ჩვენს რიგებში მდგომნი არ არიან. გ.მ. მალენკოვის სახელობის საბავშვო სახლის მეორე ჯგუფის კურსდაუმთავრებლებმა თავისზე ერთი წლით უმცროს ამხანაგს წყენით გადახედეს, ხოლო ჯგუფის მოწინავეთა შორის მასწავლებელმა ზიზღიც კი ამოიკითხა მანანასადმი. - დიახ, დიახ, თქვენ უკვე პატარები აღარა ხართ და მე პირდაპირ გეტყვით: ჩვენმა საბავშვო ბაღმა პარტიის მეოცე ყრილობის გენიალური, ისტორიული გადაწყვეტილებების გამოხმაურების მიზნით იკისრა ვალდებულება თბილისის ზღვაზე დარგოს 251 ხე და 311 ბუჩქი, ურა! ურა! ურა! პატარებო! - ულა, ულა, ულა! - პატარა ბავშვები სიხარულისგან ერთმანეთს ეჯახებოდნენ. რამდენიმემ ქუდიც კი ააგდო მაღლა. რაიკომის მდივნის შვილმა მარკლენმა, ექვსი წლის ნაცადმა ბაღელმა, თავის ამხანაგებს გადახედა, საერთო სიხარულით აღფრთოვანებული თავადაც აჰყვა მათ, მაგრამ უმალ შედგა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. აქ მანანა თავის ხუთი წლის ამხანაგს ივერის ელაპარაკებოდა; მარკლენმა ახლა გვერდიდან შემოუარა მათ. “რა ვქნა, ეს ტიპები დიდი ხანია არ მომწონს, პელო მასწავლებელიც გავაფრთხილე ამის შესახებ, არც ახლა იღებენ საერთო სიმხიარულეში მონაწილეობას”. მერე უბის წიგნაკი ამოიღო, შიგ ჩაიხედა, მარკლენისა და მანანას სახელის გვერდით ჯვარი დასვა “так, так”, ჩაილაპარაკა თავისთვის და მოწინავეთა რიგებისკენ გავიდა. პელო მასწავლებელმა მას თვალი ჩაუკრა: - პარტია ჩვენი მესაჭეა, პარტია... - ხავერდოვანი ბარიტონით დაიწყო მარკლენმა. - პალტია, ლა ლა ლა ლა ლა ლა... - ერთხმად აჰყვა ბაღელთა მონოლითური კოლექტივი საყვარელ სიმღერას. მარკლენმა სიმღერა თანაჯგუფელებს დაანება და თვითონ კვლავ უკან დაიხია. ივიკო და მანანა ტყუილა აღებდნენ პირს, მარკლენმა სიმღერის ხმა ვერ გაიგონა. “ასე, ასე, ჩემი ეჭვი დასტურდება”, თქვა მან და უბის წიგნაკში კვლავ აღნიშნა. როდესაც სიმღერის დიდებული ჰანგები შეწყდა, სიტყვა მეეზოვის ბიჭმა ბუხრუშამ აიღო, რომელსაც საკუთარი მოთხოვნით ერთი თვის წინათ მისთვის საძულველი სახელი სტალბერი წინ მოხსენებულით გადაუკეთეს. - ძმებო! - დაიწყო მან, მერე მასწავლებელს შეხედა. ამ უკანასკნელმა დაუბღვირა და მუჯლუგუნიც კი წაჰკრა. - ვაშა, ვაშა. - საცოდავი ხმით დაიწრიპინა პატარა ბუხრუშამ და დადუმდა, დიდი თავი ძაფივით წვრილ კისერზე ჩამოჰკიდა. “ნამდვილი ბინძული მეეზოვის ბიჭია, დედა სწორს ამბობდა”, გაიფიქრა მის წინ მდგარმა ლეილამ, რომელმაც თანაჯგუფელის ჩამოკიდებულ თავზე ამოკორტნილი ადგილები დაინახა, მერე კოხტად შეკრეჭილი თმა შეისწორა და მარკლენს ფარულად გახედა. “какое уравнение,” დააბოლოვა თავისი ფიქრები და შეწყვიტა აზროვნება. ახლა იგი პელო მასწავლებელს უსმენდა: - ვინ არის მომხრე, რომ ნაცვლად გეგმით დადგენილი 251 ხისა - ორატორობდა პელო - და 311 ბუჩქისა დარგულ იქნას 293 ხე და 393 ბუჩქი, აქ მან ხმას აუწია. მისი ხმა ლაღადა ჟღერდა. ბავშვები აღფრთოვანებით ყვიროდნენ და ორივე ხელსა სწევდნენ მაღლა, ბუხრუშას ვაშას ყვირილისგან თვალები დაუწითლდა. მარკლენმა ივიკოს და მანანას გადახედა. ორივენი დუმდნენ, მერე მანანამ ივიკოს თვალი ჩაუკრა. ორივემ ნელა ასწია ხელები. “საქმისთვის ასე ჯობია,” გადაულაპარაკა მანანამ ივიკოს. (1956 წ. აპრილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი