ბათერეკა ჭინჭრაული


იშვიათია ისეთი მთა სამოსახლო, როგორიც ხევსურეთია. თუშეთს, ხევს, სვანეთსაც კი აქვს ვაკე ადგილები გაშლილი ქედების ძირში ან ხეობების გასწვრივ, მხოლოდ ეს კუთხე გაუწირავთ ღმერთებს ციცაბო ფერდობებისა და ბასრი ჭიუხების ანაბარად.
ვაკის სამყაროდან მოწყვეტილი ცხოვრობდა ეს ხალხი არაგვის ხეობებში, დაყოფილი პირაქეთ ბარისახოსა, ბაცალიგოს და პირიქით არხოტის, შატილის თემებად.
მათ შორის მიმოსვლა ზაფხულშიაც კი ჭირდა. მხოლოდ ხატობები ან სხვა რაიმე დღესასწაული ყრიდა ერთად ერთი ხეობის მცხოვრებლებს წელიწადში სამ-ოთხჯერ. უფრო სწრაფად აგროვებდა ამ ხალხს ომის ყიჟინა, საერთო მტრის წინააღმდეგ დაძახებული. მათი სხვა დანარჩენი დრო მიჰქონდა მარტოკაცის ბრძოლას ბუნებასთან და საკუთარ კერპ ხასიათ-ვნებებთან, რომელთა თვითეული წვრილმანი გამოხატულება დანაშაულში "ცხვარ-ძროხის გადახდის" კანონით იყო განსაზღვრული; მთელი იურისპრუდენციული კოდექსებია შექმნილი სისხლის გამოსყიდვის შესახებ უსისხლოდ, რომელიც შვიდი-რვა თაობა გრძელდებოდა ყოვლად საზარალო, დამამცირებელი კანონებით მკვლელის ოჯახისათვის და ჭირისუფალთათვის სასარგებლოდ. უცნაური, ნამდვილად ხევსურული ხასიათიდან გამომდინარე სიტყვებით თავდებოდა ეს სქელტანიანი, დაუწერელ კანონთა წიგნი: ყველაფერი ამის შესრულებით (იგულისხმება ცხვარ-ძროხით გამოსასყიდის აღება სისხლის აღების მაგიერ) დაკმაყოფილება ხევსურული კაცური ადათებით სირცხვილია. ჯვარპერანგიანი ვაჟები სირცხვილს არ ჭამენ არასოდეს და ერთ მკვლელობას ხშირად გვარების ამოწყვეტა მოჰყვებოდა ხოლმე.
აქ პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე, პოეზია თავის "ულოგიკო" ვნებებითა და გამოხატვის შეუდარებელი დრამატული სიმშვენიერით. შემთხვევითი არ არის, რომ აქ ხალხური ფოლკლორი, ნაჭედი ხევსურული ლექსი, როგორც ფორმის, ისე შინაარსის ღირსებით კლასიკურ სიმაღლემდე ადის. ყველა ხევსური, როგორც წესი, პოეტია.
ყველაზე კარგს კი მათგან იგი დაწერს, ვინც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება, ვერ მიღწეულის ვნებით შეპყრობილი.
ასეთი ლექსია თავისთავად ამ მოკლე დროში ლეგენდად ქცეული შატილი.
როცა ამ მოთხრობაში აწერილი ხალხი ცხოვრობდა, ას ოცი კოშკი იყო ამ სოფელში და უფრო მეტი ოჯახი; ომებითა და მშვიდობით სავსე ცხოვრობდა საქართველოს უკიდურეს საზღვართან გაშენებული ეს ქალაქი-სახელმწიფო. ახლაც კი, ნახევრადდანგრეული შატილის მნახველს ეგონება, რომ ბერძენთა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ გადმოინაცვლეს, ამ პოლისში, რომელიც არავის სჭირდებოდა და არასდროს თვითონ არ მოაგონებდა თავს სამყაროს.
არ არიან შატილელები ძუნწები თავიანთი პიროვნების გამჟღავნებაში: ისინი იტაცებენ საქონელს, იღებენ სისხლს, სტეხენ დავას და თვითონ ავალიანებენ სხვებს. ომობენ გაზაფხულზე გზების გახსნისთანავე, არბევენ, უმოყვრდებიან ქისტებს თუ ხევსურებს (ასე ეძახიან ისინი თავის თანამეტომეებს, თვითონ შატილიონები ჰქვიათ). მთელი ზაფხული, შემოდგომაზე გზების დაკეტვამდე თვს უბამენ, ამთავრებენ სისხლის საქმეებს, ან გულში ჯავრს იდებენ და უცებ, თოვლის ჩამოყრისთანავე კუტებივით სხდებიან.
ძნელად ეჩვევიან ხევსური კაცები ოჯახს; ზაფხულის ჯაფით ილაჯგაწყვეტილი თუ ჯანზე მოსული ქალები კრიახობენ გრძელი ზამთრის ღამეებში, წივისა და ვნების სუნით ივსება მთელი სოფელი, ბოლავს, ჟინს იკლავს, ღვივდება, არაყსა ხდის, ლუდსა სვამს და ღრეობს კოშკებში დაზამთრებული სოფელი. თეთრია ყველაფერი შატილის გარშემო, თეთრია კოშკის სახურავებიც, მხოლოდ სიპით ნაშენი კედლები ერთმანეთში ჩახლართული კიბეებითა და ბანებით დგანან შავად, ავი მიუკარებლობით, საომრად, ჰარმონიულად შეზრდილი ტიტველა კლდეში.
ზამთრის დღის უმოქმედობისაგან იღლებიან კაცები, სახლის საქმე მათ არ ეკითხვით, დაძრწიან და მთელი დღე ლოთობენ, ბუბუნით არჩევენ შუღლის ამბებს.
ამ დაზამთრებული ლაბირინთის კლდე-წვეროში ცხოვრობს ბათარეკა ჭინჭარაული. თითქმის ცარიელია მისი კოშკის უზარმაზარი ტალანები. გამოუსვლელად წევს იგი თავის ცოლთან მთელი დღეები და თივაზე მიგდებულ ქურქზე მორთხმული სვამს ერთნახადს. რამდენჯერ მოუვიდა მოგვარეებიდან მოპატიჟე, სხვებთან ერთად არყის მისაღებად, სისხლის საქმეების გასარჩევად და საღრეობოდ. "დიაცს გაახლებთ თქვენთან სალასებოდ", ბუზღუნებს ის ყველა მოპატიჟებაზედ და გაუნძრევლად წევს. ვერაფრით ვერ ეგუება დაუდევარი მოშუღლე ბათარეკა ზამთრის უმოქმედობას. პანკისში მართებთ მისი სისხლი, ომალოში უნაგირი მოპარეს ვერცხლით ნაკაზმი, ათი იმდენი თვითონ დაუშავა სხვებს, ვერ ისვენებს სახლში გამომწყვდეული. ამ ზამთარში ისეთი ზვავები ჩამოწვა, ისე მოთოვა, რომ, გვერდზე სოფელშიაც კი არ შეიძლება გასვლა; თავისუფლად დადიან ჭიუხებიდან ქვევით დაწეული ჯიხვები. გმინავს ბათარეკა. მოუშვა წვერი და ჩაებურძგნა ხასიათი.
აღარ არიან ქედების ძირში ნაზი იები, აღარ იკრიფება ქედზე მოფენილი შალშავა ხილი; იმათ ადგილზე დაუსრულებლივ დევს თოვლი და ათოვს ზევიდან. ზის კოშკის ზემოთა მუხლში ქურქების შუაში ჩამჯდარი მზია, _ ბათარეკას ცამეტი წლის ქალიშვილი. ვიწრო სარკმლიდან იყურება დღისით, როცა ფიფქები ჩანან, ღამით, როცა თოვლიც კი შავდება, სწორ, ჩამოთლილ თითებს ისვამს ღაწვებზე, დილით უსარკოდ ივარცხნის შუადღემდე თმებს. მისი სახე გაკვირვებულ, გაბრწყინებულ თვალებადაა ქცეული, არ არის არავინ მის გარშემო; სადღაც გულის სიღრმეში განსაკუთრებით კარგად გრძნობს მზიას სხეული, რომ ის უნაკლოა.
შეყვარებულია ყველაფერი მის გარშემო; სიპისგან დატეხილი კედელი - უხმოდ, პირქუშად, გამოუმჟღავნებლად; დიდი ოთხკუთხედი კიდობანი - ვაჭრულად, მზაკვრული იერით ქონებას პირდება გოგოს და მით იბირებს; უხმარი ხმლები იბრძვიან შეუჩერებლივ, ნაპერწკლის ცვენით - ათას სიყვარულს პირდება მათ ქალის გული. მხოლოდ უზარმაზარი ცხვრის ქურქი, რომელშიაც ის გახვეულა, ეალერსება მის სხეულს, მატყლში ჩარგული ტუჩებით ასუნთქებს მზია მას თავის სურვილებს და ეკვრის. თავზე იხურავს ზევიდან ტყავ-საბანს, რომლის ქვეშაც მთელი სამყარო ჩანს: კაცები, კოშკები, საქონელი, შუღლი და თვითონ. მას, როგორც ყველა ხევსურის ბავშვს, ოთხი სახელი ჰქვია. მზიას შემდეგ განსაკუთრებით უყვარს თამარი, ქართული სახელი, დანარჩენი ორი - სანდუა და ბუბა ეჯავრება. ისინი პატარას, მომავალ, ქმრიან ჯაფაზე უყვებიან ქვეშეცნეულად. უცნაურია, საიდან გამოვიდა ასეთი ქალი შატილის კოშკში; არაფრით არ შეუძლია იშრომოს, ან თესოს, ან მომკას, ან მოზილოს, ან დაგავოს. ის დადის, დადის უზომოდ შეყვარებული თავის თავზე, კიბეებზე, და ისეა ამ გრძნობით გაბრუებული, რომ სიტყვებით ამ სიყვარულსაც კი ვერ არქმევს სახელს. კიბეზე ასვლისას ხშირად ეჩვენება, თითქოს წინა საფეხურს უფრო უყვარს, ვიდრე იმას, რომელზედაც ფეხი უდგას. უდედო ნუკრივით ფრთხილი, მშვენიერი და უსუსურია მისი სიყვარული. ის ისეა შეპყრობილი ამ ხალისით, რომ არ შეუძლია იფიქროს რაიმე სხვაზე. ზის ქურქში გამოხვეული ეს უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ, შატილში გააჩინა, და ელის... არ არის გაწბილებული მისი მოლოდინი, ის ყველაფერში ხედავს მას, დიდი ანთებული თვალები გრძელი, გაკვირვებული წამწამებით ყველაზე პატარა საგანსაც კი არ უშვებენ თავის გარშემო შეუყვარებლად.
თითქმის არ იცნობს მზია სოფლის მცხოვრებლებს, დედ-მამაც კი არ იცის როგორია. უცნაური, მთლიანი სისავსით ხედავს იგი თავის გარშემო ყველაფერს; როცა ელაპარაკებიან, პასუხობს სრულიად ბუნებრივად, ხალისით, ისევე, როგორც ზის ხოლმე მარტოკა კოშკის თავში. არ ანაწევრებს არაფერს მისი სხეული და გონება. არც ერთი ნაწილი არ იყოფა იმ ლეგენდიდან, რომლის მოყოლითაც ის იძინებს, რომელიც ესიზმრება დაძინებულს და არც ესიზმრება.
ესაა ამბავი ჯიხვებზე მონადირე ვაჟისა, რომელმაც ოჩოპინტრე გაანაწყენა და დაისაჯა. აღუკვეთა მას ნადირი ამ ღმერთმა. დაბადებით არაფრის კეთება არ შეეძლო მონადირეს, გარდა ნადირის ხოცვისა; დადის ახლა, ეძებს ფსიტს, ნიამორს, ჯიხვს; საკმარისია თვალი მოჰკრას ჭიუხის ბოლოში, რომ ისინი გაქრნენ; ქედიდან ქედზე, ღამით, დღისით, თოვლში, მზეში, წვიმაში, მეხში დადის და ეძებს. ჩამოხმა ვაჟი, გაუტყდა სხეული, მთელი დღეები ლოცულობს, რომ შეუნდონ.
ოჩოპინტრემ აპატია დანაშაული, რადგან სხვა არაფრის კეთება არ შეეძლო ამ კაცს. მოუვიდა ისევ ნადირი, აევსო ხორცი, აუყვავდა სული, ამღერდა მისი ბუნება. პატიების წინ ნადირობის ღმერთმა ერთი პირობა დაუდო - არ მოეკლა ხარ-ირემი, თორემ უარესად დასჯიდა მას. ხინჯად შეეპარა ეს პირობა მონადირეს; ახსოვდა ის ყველა ჯიხვის დანახვისას, ნიამორის დევნისას, ფსიტის მოკვლის დროს. მოუდიოდა ნადირი, ხოცავდა და ეხში დადგმულ ნიშნებთან წირავდა ნაწილს მპატიებელს _ აღუთქვამდა პირობის შესრულებას. ღია იყო მის წინ ფეხმარდი თხების დევნისას ჭიუხების კარი, ზვავი გზას აძლევდა, მდინარე ვიწროვდებოდა და თავის სხეულზე უვნებლად ახტუნებდა. ულევი ჰქონდა ნანადირევი, ხალისი, ვნება და არც ერთი წამით არ ავიწყდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა ხარ-ირემი.
მზემ ხეობა მიატოვა საღამო ხანს, ბნელში დარჩა მოკლული ჯიხვი, რომელიც ეხში ჩამქრალი ნაკვერჩხლების წინ დააგდო ვაჟმა. სხივები ქედის გასწვრივ გაწვნენ და დააბრმავეს თავისი სიმშვენიერით მონადირე. მთის დატეხილ ხერხემალზე ხეობიდან ავარდნილ ხარ-ირემს გამოუდგა, მთელი ღამე სდია გონებაგაშავებულმა და დილით დაეწია. ისრის სასროლად მოზიდულ მშვილდს მზის პირველი სხივი დაეცა ოჩოპინტრეს თვალთან ერთად. ხელიდან გაუვარდა პირისგამტეხს სასროლი, მოსაზიდად მოხრილი მკლავი გაუშეშდა, აეყარა ძარღვები წყრთასა და მხარს შუა, არფის სიმებივით გაება და დაიჭიმა, ტანი ცხენს შეეზარდა, რომ არ შეჩერებულიყო მისი ჭენება ნადირის საძებნელად და მეტი სიმწუხრე მიეყენებინა ნადირობის უნარს მოკლებულისათვის; მხოლოდ საისრე მარჯვენა ხელი დარჩა თავის ნებაზე მოძრავი; ჩამოჰკრავდა იმ ხელს სიმებად ქცეულ ძარღვებს და მღეროდა, რადგან არაფერი შეეძლო ნადირობისა და იმ ვნების გამოხატვის გარდა, რომელსაც მასზე მოგონებით სიმებს ათქმევინებდა.
ძლივს მიეჩვია ოჯახს ბათარეკა ჭინჭარაული. ავად გაუხდა ცოლი, თითონ შეუდგა საჭმლის კეთებას. დაასუფთავა სახლი, ორი ქურქი გამოიყვანა, მერე ხმლები დაპოხა და ლუდი მოხადა მეზობლების დასაძახებლად. ამოაქოთა ჩაწყობილი სკივრი, ჭრელი პერანგები, ამოარჩია, ისევ ჩააწყო, გახეული ბანდულები დაიკერა. მთელი ვნება ოჯახის საქმეზე გადაიტანა, ჩათბა სახლში, თითქოს დაიღალა და მოეწონა საქალო საქმე, არ დატოვა არც ერთი კუთხე აუქოთებელ-დაუქოთებელი და ზემო კოშკში ავიდა მესამე დღეს.
ბუნებით ნაზი, ავაზაკივით უჟმური იყო ხასიათით და ქცევით ბათარეკა. დაშტერებით, გაბრაზებული უყურებდა ის ჭერში ჩამოკიდებულ აბლაბუდებს, რომელშიაც თავი გაერჭო. მიმოყრილ ნივთებში ფეხი აერია და თავის ქალს დააშტერდა ოჯახის საქმეს მოკიდებული კაცი. ბოროტად აადევნა თვალი, ისევე, როგორც საქონლის პარსვისას ამხანაგის უმოქმედობის დროს გაბრაზებულს სჩვეოდა.
თითქოს რაღაც კიდევ მოემატა მზიას პოეზიას და ქუთუთოები უფრო გაუბრწყინდა მამის დანახვისას. გული მოულბა ბათარეკას და თვალებმა ამ გრძნობის დამალვის სურვილით უფრო ავად დაიწყეს ყურება, სულში შეჭრილ სისუსტესთან ერთად უცებ მოაწვა მთელი ზამთრის უმოქმედობის სევდა, ბრაზი და მთელი ხმით დაიღრიალა:
- რად არ ეხმარები დედასა, ქალაუ!..
მზია ახლო მივიდა გაღიმებული და ვერაფრით ვერ შეძლო დამორცხვება ან თავის მოკატუნება, იმდენად მართალი იყო თავის თავთან, ისე არაფრისმთქმელი იყო მისთვის ეს ბრალდება. ბათარეკამ თითქოს გაიგო, რომ შვილმა აჯობა სიმართლეში, რომ არაფერი იყო სახლში საკეთებელი, და უცებ დაიმორცხვა ოჯახის საქმით ანთებულმა მზიას წინ.
ეს დამორცხვება ასე გამოხატა მან:
- ქალაუ!!
- ა!
- რისი მაქნისი ხარ შინ ტყუილა მჯდომარე!
- ა! მამავ...
- ათასი ჭირი, ქალო!!! - დაიგრგვინა კაცმა.
არ უნდოდა მზიას ამ სიტყვების გაგება და შეწუხებულმა სარკმლისაკენ მიიხედა.
ქალიშვილის თვალების მოშორებამ გონს მოაგო ბათარეკა და იმ ბრაზის გადმონთხევის საშუალება მისცა, რომელიც თავისი თავისადმი იგრძნო შვილის დანახვისთანავე. ეს ბრაზი იმ დანაშაულიდან მოდიოდა, რომელშიაც მას ბრალი არ ჰქონდა და რომლის გამოსწორებაც მას არ შეეძლო. ერთ ვნებად შეიკრა ის რაღაცის წინააღმდეგ ამხედრებული, სილის გაკვრით დაანთხია ქალიშვილს ყველაფერი და კიბეებზე დაეშვა ბუბუნით.
თვითონ ვეღარ გაბედა კაცმა ზევით ასვლა და მეორე დღეს სადილობისას ავადმყოფი დედა აუგზავნა საჭმლით შვილს. ჭერხოს შუაში გამქრალი შუაცეცხლის ჯაჭვზე ჩამოეხრჩო მზია ბათარეკას ასულს თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი