ბაცი სათოვლე ღამე ჩაწვა..
ბაცი სათოვლე ღამე ჩაწვა მუქი ლიანდაგების შუაში. გურამმა შპალებიდან შარაზე გადაუხვია, ქარი ზევიდან მოდიოდა და შუბლში ურტყამდა. უფრო დაღამდა, ცა თეთრად გაშავდა და თოვა დაიწყო. გზის ერთ მხარეს სიმინდის გადაჭრილ ფუჩეჩებს ამოუყვიათ თავი თეთრი მინდვრებიდან, მეორე მხარეს რუხი ღობეებია ჩაწნული, რომლების უკანაც გაუთავებელი უფოთლო ვენახი მიდის. თხელი თოვლი ჭრიალებს ფეხებში, გურამი ნაბიჯს უჩქარებს, უნდა დროზე მივიდეს ბებიამისისეულ სოფელში. იქ ნათესავი აღარავინა ჰყავს, მაგრამ გლეხები, ძველი ნაცნობები მისი წინაპრებისა, ელიან. მიახლოებული უკვე ნელა, დინჯად შედის ფერდაზე შეფენილ ხოვლეში. სიმონის სახლის წინ თოვლი ბრჭყვიალებს, ფანჯრებიდან სინათლე გამოდის, წამოსულ ფიფქებსა კვეთს და ძირს ეცემა. ლეგა ქოფაკის ლეკვი აივნიდან ჩამორბის წკავწკავით, მერე გურამს მიჰყვება უკან ძუნძულით. ოთახში სიჩუმეა, სიმონი დაბალ სამფეხა სკამზე ზის, ყური მეორე ოთახისკენა აქვს. დიდ დარბაზში მარტო მისი ქალი თეკლე ფუსფუსებს. - მოდი, გურამ, მოდი, - ამბობს ის მორცხვად, ხელს ართმევს და დაბნეული უყურებს მამამისს. – როგორა ხარ, გურამ, – დგება სიმონი სკამიდან. – დიდი ხანია აღარ ჩამოსულხარ, დაგვივიწყე, ცუდ დროს კი შეგვხვდი ახლა..., ვინ იცის ლხინის მაგიერ, თუმცა ნუ გეშინია, დედას ვუტირებ დედაკაცებს, რაც უნდა მოხდეს, ჩემი ბუხრიდან ამაღამ სიმღერის ხმა ავარდება ახალწელთან ერთად. გურამი ჩუმად უსმენს, არ უნდა პირველმა ჰკითხოს მიზეზი ასეთი ხასიათის. იქითა ოთახიდან ჩუმი შეკივლება ისმის, მერე მოძრაობის, შრიალის ხმები, გარედან ყეფა, მეორე კიბიდან ვიღაცა აჰყავთ. სიმონი ღვინოს იღებს, დიდ ჭიქებში ასხამს. - მოდი, დავლიოთ ახალწლამდე, მეტიმეტი ღვინის სმა დაგვებედოს, ჰა?................................ იმაზე უარესი რა უნდა დაგვებედოს, ბიჭო, რაც იქა ხდება, თან რა ვიდარდო, არ ვიცი. ჩემს უფროს ქალს ხო იცნობ, არა? ახლაც არ ამბობს, ვისგან, ქალაქში სწავლობდა სამკერვალოზე, ეს მეხუთე თვეა შეიცვალა, ჩამოვიდა, გარეთ აღარ დადის, ხმას არ იღებს, ბოლოს გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო, თავს იკლავს, არ ამბობს ვაჟის სახელს, მეზიზღებაო, იძახის, რომ მითხოვოს კიდეც, სიკვდილი მირჩევნიაო მასთან ცხოვრებას; ვერც გვარი ვათქმევინეთ, ვერც სახელი, გესმის, ბიჭო, რა ახალი წელი თენდება, ჰა? - ნუ გეშინიათ, პაპა სიმონ, ქალიც გადარჩება, ბავშვიც. - არა, მაგის არ მეშინია, თუნდა დახოცილან, უკეთესია, რაა? ვტყუი, ბიჭო, ვტყუი, პირველი შვილიშვილი მებადება, ისიც უგვარო, იმის გაჩენას ვენაცვალე, არ ვიცი, არა, - ისევ გაუფუჭდა ხასიათი. - რა ვიდარდო, ცოცხლად გადარჩენა თუ სიკვდილი, ჰა? მოდი ერთიც დავლიოთ, დაგვებედოს რა, მეტიმეტი სიმთვრალე დაგვებედოს, ჰა? იქითა ოთახიდან კივილი ძლიერდება, მოხუცი ფეხზე დგება, ქალები მოძრაობენ. ტუკ-ტუკ-ტუკ, – ისმის შუალედებში საათის ხმა. გრძელი, გირამობმული ძეწკვი თითქმის ბოლომდეა დაშვებული. - მე აღარ მინდა, პაპა სიმონ, დალევა, ერთი შენს ცხენზე გადავჯდები, – დგება გურამიც უხერხულობის გასაფანტად. - გადაჯექი, კარგი, იქვე აბია, ოღონდ იცოდე, არ დააგვიანო, ახალწელს სახლში უნდა შეხვდე, გარეთ არ დაგებედოს, გესმის?! გურამი თავლაში ჩადის, ფიქრობს საწყალ ქალზე, არა, უფრო სწორად, უკანონოდ დასაბადებელ ბავშვზე. საჯინიბოში წივისა და თივის სუნი დგას, სიბნელეში ლაშების შმაშუნსა გრძნობს და პირდაპირ ეხლება ცხენს: მაგრად გადაუსვა გავაზე ხელი, მთელ წელზე გადმოუტარა; ცოტა შეაჩვია სიბნელეს თვალი, კედელზე დაკიდებული ლაგამი ამოსდო სიმონას შამილას დაკრეჭილ კბილებში; ნასვენი ცხენი ტორტმანით აჰყვა აღვირს და თავის ქნევა დაიწყო. ერთხანს ორღობეში მიაჭენებდა მოკლე ოთხით, მერე მინდორში გაუშვა ნებაზე, სასაფლაოსაკენ, სადაც ბებიამისის ნათესავები ასვენიან, ჯავახიშვილები, რატომღაც მოუნდა ახალწლამდე ენახა ის ადგილი; უცებ გააჩერა ცხენი, მოატრიალა და ოთხით დაძრა უკან. თავდაღმართზე ცურაობით ჩადიოდა ფლოქვები ახლად დადებულ თოვლში, მერე ხრაშუნით გადავიდა ხევზე. დაიწყო სწორი, ნაცნობი მინდორი. მთლიანად მიუშვა ლაგამს, გახელდა ცხენი, მაგრამ თავმიშვებულს ჩქარა მოსწყინდა სირბილი, ნაბიჯს უკლო; ისევ მოზიდა, დააოთხა. გახურდა თვითონაც, ჭენებამ თავისი რიტმით ააკანკალა, თითქმის გაუჩერებლივ გადახტა ცხენიდან, ფეხი აუცურდა და რბილად დაეპერტყა ახლადგათხრილ ნაქალაქარის კედელთან. გაეცინა, თოვლით მოისრისა გახურებული სახე, შამილა იქვე მიაბა ბოძზე. თვითონ გალავანს გაუყვა, შიგ გადავიდა და ბორცვის თავისაკენ გასწია. თოვლი გათხრილი ოთახების ძირებზე უკვე კარგად იდო, შავად მარტო ნახევრადდანგრეული შიშველი კედლები მოჩანდნენ. ფიფქები უფრო გახშირდა, გურამმა ქუდი მოიხადა. თოვლი ყინვასთან ერთად ჩაიპარა თმებში, ჩაახვია, სასიამოვნოდ მოუჭირა შუბლზე. თითქმის არაფერზე არა ფიქრობდა, უბრალოდ იცოდა, რომ უფრო ძველი, სულ ძველი წინაპრები აქა ცხოვრობდნენ, საფლავები კი შორს იყო აქედან, მათ უკანასკნელ სამყოფელს მაინც აქ უფრო კარგადა გრძნობდა; ამიტომ იჯდა გარინდული, უმოძრაოდ, უფიქრელად, გარშემო კი ფანტავდა თოვლი და ნელა ეკიდებოდა შავ, ნახევრადდანგრეულ კედლებს. ბუნდოვნად გაარჩია ცხენის კმაყოფილი ჩახვიხვინება, ტორის დაცემასთან ერთად.,,სიამოვნებს ჰაერი თავლის შემდეგ”, გაიფიქრა. ისევ დაიხვიხვინა ცხენმა, გურამმა დაუსტვინა. თოვლში ხმა დაიფანტა, დაგუბდა და თვითონვე ჩაუდგა ყურებში. აფორიაქდა, იგრძნო, რომ უკვე მოუვიდა ახალი წლის დრო აქ, ამ მინდორში; დაცემ-დაცემით ეშვება ციხის თავიდან. ფეხით მიდის სოფლისკენ, ცხენი აღვირით მიჰყავს, მსხვილლანჩა მაღალყელიანები ხრაშუნობენ თოვლში რაღაცნაირად, ჭრიალით, ცხენის ფლოქვები კი ყრუდა სცემენ: დუმ, დუმ, მ. - თავი გაიქნია გურამმა, ამჩატდა, ცხენივით დაიჭიხვინა და ზურგზე მოექცა უბელოს. - ბუფ, ბუფ. - ბუფ, ბუფ, ბუფ. - ბუფ. ისმის სოფლიდან ორლულიანის ხმები, ზოგი ზედ ნაგანს აყოლებს: კრახ, კრახ - წუუ...,,დავიგვიანე, გზაში შევხვდი ახალ წელს, დამებედება,” - გაურბინეს თავში და ადგილს მოსწყვიტა ცხენი... გაენთო თოფის ხმისგან ჟინზე მოსული. “გზა მებედება, გარეთ ყოფნა, ყველა სახლშია, ეგეთია წესი, იქ უნდა შევხვედროდი, ოჯახში, ისე ცუდია, ამბობენ,” ჭენების რიტმში უტრიალებს თავში გურამს. თოფის ხმები გრიალით აწყდებიან გარშემო მთებს და არეკლილი იკარგებიან მტკვრის ველებში, მთელი ძალით მოზიდა ლაგამი, არეული იორღით შემოახვევინა ცხენს და უკან მიუშვა მინდვრებში, მოყინულ თოვლის გოროხებზე მალაყებით გადადის სიმონის შამილა.,,დამებედოს, გაუშვი დამებედოს”, - დახტიან გურამის თავში. -,,დამებედოს გზა, ხიფათი, გარეთ ყოფნა, ჭენება, დაე, დამებედოს, ეშმაკმა წაიღოს სახლში ჯდომის დაბედება, გაუშვი, დამებედოს ეგეთი ბედი.” - იიიჰიჰჰჰო, - ჭიხვინებს თვითონ, ცხენმაც წინ წაწია თავი, მაგრამ ჭენებისგან გახელებულმა ვერ შეძლო. - იიიჰჰჰუჰი – ისევ დაიხვიხვინა გურამმა. დიდ დარბაზში მთელი ოჯახი ხვდებოდა ერთად ახალ წელს. სუფრის თავში სიმონი იდგა ჩაწითლებული სიფათითა და დიდი ყანწით. თვალები ვაჟივით უელავდა ოთხმოცსმიღწეულს. - სტუმარო, – გადასძახა გურამს, – წელს ჩვენი მეკვლე ხარ, ამ სუფრაზე ჩემი მოადგილე, აბა დაუჯერეთ მაგას, ქალებო, – სიმონის ცოლი და უფროსი ქალიშვილი საახალწლოდ იღიმებიან ნამტირალევი თვალებიდან. - მოადგილევ, – გუგუნებს ისევ სიმონი, – მრავალ ახალ წელს დაასწროს ჩვენი მიწა გამჩენმა, ეგ ერთია იმედიანი ჩვენთვის, შენც ამ მიწისა ხარ, ამ ძირების, მაგას ვენაცვალე. აგე ჩემი ქვევრები, აგე ჭირნახული, აგე ცოლშვილი და ახლად შეძენილი შვილიშვილი. დედას უტირებს ეგ მიწა ელიას - დასეტყვავს? სამი კუფხალი რო დარჩეს, მაინც გამივსებს სამყოფ ღვინოს; მზე დაგოლავს, დახეთქავს ამ ბარაქასა - იმდენი მაინც მოვა თავთავი, რო სხვასთან არ წავიდე სათხოვნელადა. ეგ ბუშიც ახლა ჩვენია, ჩვენი მიწის შვილი, სიკვდილს რა უნდა მაგასთან. ამინ! გაუმარჯოს ახალ წელს, ახალ შვილიშვილს, ამ მიწის პატარა შვილს. გურამმა ყანწი ჩამოართვა, თქვა და დაცალა. დედაკაცებმაც მიიღეს ღვინო. - აბა, ქართული, ჩვენებური “ჰაი და მუმლი და მუხასაო”, – გაჭიმა სიმონმა. – დაგვინახეთ, ვმღერივართ თქვენთან ერთად, მეზობლებო, ნუ შეგაშინებთ ჩემი ჭირი, ახლა მოვრჩი უკვე დარდისაგან, თქვენი ჭირიმეთ, ბიჭებო, ჰაი, ჰე, ჰი... გახურდა სმა. გარეთ უკვე აყივლდნენ მამლები. სიმონი და გურამი მარტო სხედან სუფრასთან. - ბიჭო, - დაიწყო ჩუმად სიმონმა, – ეგ ბავშვი მადარდებს, რა ვუყოთ, ჰა? ჩემ გვარზე არ მინდა დავწერო, დედისაზე, შენც იცი სოფლის ამბავი, მოიზრდება. ტოლებში... ვინ იცის, რა იქნება. გარედან სიმღერა ისმის. ფეხების ბრახუნით შემოდიან გლეხები ახალი წლის მოსალოცად, ლოცავენ ოჯახს, ლოცავენ ბავშვს, გურამს თვალები ევსება თქმის ჟინით, დინჯად იღებს უზარმაზარ ყანწს. შეუვსეს. - სიმონ, - დაიწყო მან – ეგ ბავშვი მე მომანათვლინე, გვარსაც მე მივცემ, სახელსაც, ბებიაჩემის ხსოვნას გაფიცებ. გლეხები ფეხზე ამდგარი ჩუმად ისმენენ. - სიმონ! ჯავახიშვილები აღარ არიან ამ სოფელში, გადავიდნენ ქალაქში, იყოს მაგისი გვარი ჯავახიშვილი, სახელი გიორგი, დავლიო, სიმონ?! სიმონი აცრემლებული მიდის მასთან, ვახტანგურად გადაეჯვარედინა ორი ყანწი. - ამდენი მტერი დარჩეს, ჯობია, – დაასხა ცოტა ღვინო ოჯახის უფროსმა სუფრაზე. – ჯობია, ფხიზლად იქნება. - ჯავახიშვილ გიორგის მომავალ კაცობას გაუმარჯოს! – დაჭექა ზორბა გლეხმა, სხვებიც აჰყვნენ და ისევ დაიწყო,,მუმლი მუხასაო... მუხა რჩებოდაო, მუმლი კვდებოდაო.” ოღონდ უფრო ძლიერი, ბევრხმიანი, ომახიანი. ნამთვრალევი გამოვიდა გურამი გარეთ. მთელი ფილტვებით იწოვდა ყინვას, გახურებულს, სიცივეზე საფეთქლები უცემდა. თოვას გადაეღო. უფოთლო ხეები, თოვლისაგან წელში გაზნექილი, ებჯინებოდნენ მიწას; შორს ხოვლიგორის ნაქალაქარზე ყველაფერი გადათეთრებული იყო, თეთრებში იჯდა საპატარძლოსავით სოფელიც, მარტო საკვამურები მოჩანდა შავად, გარშემო გამდნარი თოვლითა და სქელი ქულა ბოლებით. ყინვაში გიორგი ჯავახიშვილის ტირილის ხმა იჭრებოდა. გურამი დიდ დათოვლილ ხესთან მივიდა; თვალწინ ბავშვის ერთიბეწო დაწითლებული სახე ედგა, რომელიც დილით აჩვენეს, მერე პატარამ გაიღიმა მის გონებაში. გურამმა ხელი დაჰკრა დაბლა დაწეულ ტოტს, ერთად ჩამოყრილ თოვლს შეუშვირა გახურებული შუბლი, ნელა მიაბრუნა გუნდებისგან გათეთრებული ხუჭუჭა თავი საჯინიბოსკენ და ჩუმად ჩაიფრუტუნა თავისთვის. [1957 წლის გვიანი შემოდგომა]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი