ბილიკი სულ ვიწროა..


ბილიკი სულ ვიწროა. ის მწვანეში ძლივს შესამჩნევად მიიკლაკნება. გვერდებზე ყვითელთავა ყვავილი ხარობს, მერე ბაბუაწვერების მთელი ტყეა. შარვლის ტოტებით ვედები მათ: ნაწილი წვერებისა ზედ ეკრობა, ნაწილი ჰაერში იფანტება, მერე ქვევით ეშვება და მწვანეში იკარგება.
ბილიკზე ჭიანჭველები დაძვრებიან. მე ფეხებს ფრთხილად ვადგამ: ვცდილობ არ გავჭყლიტო. ერთგან მუხლუხა მიძვრება: კინაღამ გავჭყლიტე. რატომღაც შემეცოდა, “ხომ შეიძლებოდა გამეჭყლიტა”, ვფიქრობ “თუმცა რატომ არ უნდა გამეჭყლიტა, რა მოხდებოდა”, ვამბობ ხმამაღლა და უკან ვიხედები: მუხლუხა საცაა შეძვრება ბალახებში, დაიმალება. მე ვიკუზები, მერე შუა ბილიკზე ვაგდებ და ფეხს ვაჭერ: ვგრძნობ, როგორ იჭყლიტება. “რა სულელი ვარ”. ვფიქრობ. “დიდი რამე, თუ გავჭყლიტე, ყოფილიყო რა”. შემდეგ სტვენას ვიწყებ და ხის კენწეროებს ვუყურებ: ისინი ძალიან მაღლა მიდიან და წყდებიან, მერე იწყება ცა.

[1957 წ. მაისი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი