გაზაფხული გადის
დღიურიდან: წ. 1956, ოქტომბრის 25. - ჯემალ, როგორ ხარ? ჯოხი რად გინდა, ბიჭო. - გამარჯობა, ლეილ, ეს არაფერი, ფეხი მტკივა. - ფეხი? ხო, ვხედავ, - ლეილა გაწითლდა. - სად იყავი, ლეილ? მოკეთებულხარ, ახლა ნამდვილი ქალი ხარ. ლეილას აღმოსავლურ, მოყავისფრო სახეზე ალმურმა მოუმატა, მერე თავი დახარა და გაიღიმა. როცა ჯემალს შეხედა, სახეზე წყენა გამოეხატა. ის მოპირდაპირე ქუჩისკენ იხედებოდა. ლეილამ ჯემალის მზერას გააყოლა თვალი: საფუნთუშეში მკერდსავსე და თეძოგანიერი ოცდახუთიოდე წლის ქერათმიანი ქალი შედიოდა. ლეილამ უაზროდ გაიღიმა: - ნახვამდის, ჯემალ. ჯემალმა უცებ მოაბრუნა თავი. - ნახვამდის, ლეილ. ლეილა შეტრიალდა. გრძელი ნაწნავები წელამდე სცემდა. მისმა სწორმა წვივებმა და მაღალმა თეძოებმა ჯემალი ოცნებიდან გამოიყვანა. - ლეილ! გოგონა ნელა მოტრიალდა მისკენ. ბიჭმა ახლაღა შეამჩნია მისი სწორი სახის ნაკვთები, სქელი, ვნებიანი ტუჩები. - ლეილ, - გაიმეორა ჯემალმა. გულში კი გაიფიქრა, “როგორ გამოიცვალა პატარა გოგონა, ნეტა რამდენი წლისაა? ალბათ, თექვსმეტის, მაგრამ ეს მკერდი?” მერე სადღაც ამოკითხული მოაგონდა. - აღმოსავლელი გოგოები ადრე ქალდებიანო. “ძველ დროს ეს ანგელოზი შაჰის ჰარამხანას ვერ ასცდებოდა”, დააბოლოვა ვნებამორეულმა თავისი ფიქრი, შემდეგ ახლო მივიდა. - ლეილ, მეც შენკენ მოვდივარ. გოგო გაწითლდა, მერე ხელი გაუწოდა: - დამეყრდენი, ჯემალ, ჯოხი მეორე ხელში დაიჭი; ძალიან გტკივა? ჯემალმა ახლა გვერდიდან შეხედა ქალიშვილის სახეს. “რა მორცხვია და რა თამამი”, გაიფიქრა და მთელი ძალით დაეყრდნო მის მკლავს. იდაყვი სავსე თეძოს ეხებოდა. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ; ქუჩაში ხალხი შფოთავდა. ახალგაზრდები რვა საათის სურათზე იგვიანებდნენ. ჯემალი ყველას უყურებდა, მაგრამ ვერავის ამჩნევდა. ლეილას თეძოდან გადმოსული სითბო მთელს ტანში ჟრუანტელსა ჰგვრიდა; შემდეგ სახეზე ალმურმა დაუარა, ნელა გაუხურდა ტუჩები. უსაზღვროდ მოუნდა კოცნა. “ოჰ, ერთი კოცნა ლეილას ტუჩებში მთელს სიცოცხლეს მირჩევნია”, გამოუტყდა თუ არა თავს სურვილში, უფრო მოუნდა, მერე კიდევ უფრო მოუნდა. “ვკოცნი ამაღამ”, დაიქადნა გულში. - ლეილ, ლამაზო, დაქალებულხარ. - ტუჩები ყურთან მიუტანა და დინჯად უთხრა. ქალიშვილს ახლაღა ეცა გარკვევით სასმელის სუნი, ვაჟის პირიდან ვნებასთან ერთად ამოსული. ჯემალის ხელს უფრო მინებდა. - ლეილ, მე ზევით მივდივარ. - დაიწყო ვაჟმა. - სად? - ზევით. - ვისთან? - ხმაში წყენა დაეტყო გოგოს. - ისე, არავისთან; გავლა მომინდა მარტოკას. - სულ მარტოს? - არა. შენთან ერთად. აუხვიეს. ჯემალმა სიტყვებს დაუწყო ძებნა, მერე ისევ ტუჩები მოაგონდა, მოხედა ლეილას. გოგოს გააჟრჟოლა, “მთვრალია”, გაიფიქრა და ნაზად მოაბრუნა თავი ვაჟისკენ. ჯემალმა ქალის მალული მზერა იგრძნო და თავისდაუნებურად დაიწყო: "Я был в России, грачи кричали, Весна смеялась в мое лицо". ხევიდან ქარმა მოუბერა, ლეილას ცალი ნაწნავი დაეშალა, მეორეს ხელი მოჰკიდა და ყელზე გადაიგდო. მხრით ეხებოდა ვაჟის მკერდს. ვაჟი კი ლექსს განაგრძობდა: “და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა, იშლება შენი თმა თაფლისფერი, და სტირის ყვავი, ყვავი ყვანჩალა, ლექსებში ასე რომ მოეფერე”. ჯემალი გრძნობდა, რომ ქალი კანკალებდა, მერე მისი ხმა ყრუდ, ყრუდ მოესმა. - ვისია? - ტიციანის, - ბოხი ჩახლეჩილი ხმით უპასუხა მან და ტაეპი დააბოლოვა: "Я был в России, грачи кричали, Грачи кричали: зачем? зачем?". გზა შეწყდა. ჯემალი ხეს მიეყუდა. - ლეილ, შენ წადი სახლში, მე ფეხი მტკივა, ვერ გამოგაცილებ. - შენ სად წახვალ? - მე? - ჰო. - მე არსად, ხევში ჩავალ, მიყვარს ღამე იქ ჯდომა. ლეილამ ხელი გაუშვა და წავიდა. ჯემალს გული შეეკუმშა. გოგო ისევ შემობრუნდა. - ჯემალ, მარტოკამ იქ რა უნდა აკეთო? ვაჟი იდგა ხეს მიყუდებული. არც განძრეულა, ისე დაიწყო ყრუდ: - ლეილ, გესმის, მიყვარხარ. ხო, მიყვარხარ. მართლა მიყვარხარ, როდიდან არ ვიცი, როდემდე არც ის. ახლა მიყვარხარ. შენს მზეს, ჩემს მზეს, შენს თავს ვფიცავარ, მართლა მიყვარხარ. გოგო ახლო მივიდა და ვაჟს ხელი მოჰკიდა მაჯაზე. ახლა უკვე კარგადა გრძნობდა მის ხშირ სუნთქვას. სასმელის ოხშივარი მასაც ათრობდა. - ეგ მართალია, ჯემალ? - ნაძალადევი ღიმილით იკითხა ქალმა. - რა? - ვაჟს თვალები უელავდა. - ეგ, რაც ახლა მითხარი. ჯემალმა ხელი მოხვია წელზე და საკოცნელად მიიზიდა. გოგო გაუსხლტა. - არ გინდა, ბიჭო, შენი ჭირიმე. - მაშ, შენ მაკოცე თვითონ. - ბიჭი ისევ ხეს მიეყუდა. ლეილა მივიდა და ორჯერ აკოცა ლოყაზე, მერე ნელა დაეშვნენ ხევში. ვაჟი წყლის პირას ჩამოჯდა, ისევ მოხვია წელზე ხელი. ერთხანს ასე ისხდნენ. ისევ მოუნდომა კოცნა. გოგომ ხელი გააშვებინა, შემდეგ თვითონ მოხვია, მიიზიდა და დიდხანს, დიდხანს კოცნიდა კისერში, ლოყაზე, ყვრიმალთან. ჯემალს არაყი უფრო მოეკიდა, ოდნავ თავბრუ ეხვეოდა. მერე ისევ ძალიან, ძალიან მოუნდა ტუჩებით დაკონებოდა მის ბაგეებს. ლეილა ახლა გვერდზე იჯდა და ვაჟის ქედს ვნებით უყურებდა. ბიჭმა ისევ მიიწია ტუჩებში საკოცნელად, ისევ გაუსხლტა გოგო. - წავიდეთ, ჯემალ. - თქვა მან. წამოდგნენ, ლეილამ წელზე მოხვია ხელი და ღაწვებზე აკოცა. ჯემალი ხმას არ იღებდა. - სად ცხოვრობ, ჯემალ? - ჰკითხა ლეილამ, როდესაც ქუჩაზე გამოვიდნენ. ვაჟმა სახლი დაანახვა. სახლის კარებთან ლეილამ მოიზიდა ჯემალი და კისერში აკოცა, მერე უცებ მოტრიალდა და დაღმართზე სირბილით დაეშვა. ვაჟს გამოდევნება მოუნდა, მაგრამ ფეხი ეტკინა. - ლე, - დაიწყო, შემდეგ თავი შეიკავა, ტუჩები ისევ აეწვა, როცა გაიხედა თავდაღმართისკენ, ლეილა უკვე აღარა ჩანდა. “ოხ, ეგ ტუჩები, ნეტავ მეკოცნა, ნეტავ!” მერე ისევ ქვევით გაიხედა, ქუჩა ცარიელი მოჩანდა. “რაღა დროსია”, გაიფიქრა. წელი 1956. მაისის 20. კვირა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი