გურულები რესტორან 'ნოვი ტბილისში'
- რა? - რა და თურქეთი: - არა მგონია. - როგორ, კაცო, ვასოს თუ აღარ დოუჯერებ? - მისი ნათქვამი კია? - ღმერთს გეფიცები. პაპიროსს არც ვახტანგი ეწეოდა, არც სევე. მომტანს ღვინო მოჰქონდა: ორივენი სვამდნენ. - ახლა თუ გვეშველა, ნამდვილად, - თქვა სევემ. - ჩვენი შველა? - დაეჭვდა ვახტანგი. - აბა, ლუქსემბურგს ხო უყურებ? - ხო, კაცო, რაშია საქმე? - არაფელი, სულ ნახევარი მილიონი კაცია. - აპა! - ჰო, შე კაცო. - ახლა რითი ცხოვრობენ ვითამ? - რას გეიგებ, ალბათ ხნავენ. - მოდის რამე? - აპა რავა, ჩვენ ერთ ქცევაზე მოყავს ჩემს ძმას და... - სევასტის? - ჰო, რავა, არ იცოდი? - კი მარა, ისე ვიკითხე, მართლა, კიდევ თუ გიდგათ ადესა? - ადესა? რამდენიც გინდა, აგერ ბოვშის ნათლობაზე დაგალევინებ მის ღვინოს. - ვისი ბოვშის, ნუ გადამრიე. - სევასტის, კაცო. - სევასტის? ღმერთო მომკალი, რა ხნის ყავთ? - ექვსი თვის. - აუჰ, დავბერდით კაცო. - მიდის ჩვენი დრო, მიდის. - კი მარა რა ქვია ბოვშვს? - კაკო. - კაკო?! - კაკო. - მაშ კაკოს გოუმარჯოს, მისი კარგად ყოფა და ბედნიერება იყოს მუდამჟამს. შენი ძმისშვილი სევასტი კარგი ბიჭია, რაც მთავარია, ადამიანი, ჰოდა ბოვშის დღეგრძელობა იყოს. დალიეს. - კი მარა, კაკო რამ დაარქმევინა? - რავა, არ მოგწონს? - რავა არ მომწონს, კაკო ყაჩაღს თუ მიამსგავსა, თქო. - ნამეტანი კაცი იყო მაგი ყაჩაღი. - ჩვენ დოლიძესთან ვერ მევიდოდა, თვარა ისე. - ვითამ? - ნამდვილად. - მეც ქე ვიფიქრე მაგი. - აპა, დაერქმია სიმონა, ჰა? - ნამდვილად ამბობ მაგას, ხო იცი. - აპა რავა, კაცო, გურულებს სამაგისო რა გვჭირდა. - მეიტა ხელი. - ა! წელი 1957. აპრილის 21.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი