დათო და გურამი ბუხართან (ბაკურიანისკენ)
- მართლა, გიყვარს, ბიჭო ის გოგო? - როგორ არ მიყვარს, მთელი კვირა არა მძინებია. - მე მგონი, სიზმარში ხედავ და გეჩვენება, რომ არა გძინავს. - შეიძლება სიზმარიც იყო, მაგრამ რახან სიზმარში ვხედავ, ალბათ, მიყვარს. - მეც ასე მგონია, რომ უნდა გიყვარდეს, წინაამღდეგ შემთხვევაში, ასე ხშირად არ დაგესიზმრებოდა. გურამმა პაპიროსი ჩააქრო და შეყვარებულ ძმაკაცს არაფრის გამომხატველი თვალებით შეხედა. დათოს თავი ჩაექინდრა და ბუხარში გაღვივებულ ნაკვერჩხალს უყურებდა. “ღმერთმა დასწყევლოს, მგონი, მართლა უყვარს,” გაიფიქრა გურამმა და ხმამაღლა განაგრძო: - მოდი, ბიჭო, არაყი დაგალევინო. ჩვენებური, კახური ჭაჭაა. თანხმობის ნიშნად დათომ თავი აიღო და გაიღიმა. - ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს! - გაუმარჯოს. - ლეილას გაუმარჯოს თვითონ. - გაუმარჯოს. - შენ და ლეილას გაგიმარჯოთ ერთად! - გმადლობთ. დათო სულ უფრო მდუმარე ხდებოდა. გურამმა ცეცხლს შეშა მიუმატა და ერთხანს თვითონაც ფიქრში გაერთო. - სად არის ლეილა ახლა?- ისევ დაარღვია გურამმა აუტანელი სიჩუმე. - ბაკურიანში, ეჰ, ნეტავ მეც იქ ვიყო. - იმას უყვარხარ? - ალბათ. - საიდან იცი? - მე თვითონ ძალიან მიყვარს. - მაშ, წავიდეთ ბაკურიანში. - როდის? - ახლავე. - რითი? - თორმეტის ნახევარზე გადის მატარებელი. - მერე ფული რომ არა გვაქვს? - მე მაქვს ჩემი შარვლის საყიდელი ფული და იმითი. - არ შემიძლია, ვერ დაგახარჯვინებ. გურამი წამოდგა, თხილამურები გადმოიღო, შემდეგ ორი წყვილი სათხილამურო ფეხსაცმელი, საგზალი შეახვია და გარეთ გავიდა. როცა დაბრუნდა, დათოს ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან. - რა მოგივიდა, ბიჭო? - შეეკითხა გურამი. - არაფერი, ბოლისგან. - მიუგო დათომ. გულში კი ფიქრობდა, “როცა ადამიანს ასეთი მეგობარი ჰყავს, საყვარლის დაშორება ვერ შეაშფოთებს.” დილის ოთხ საათზე ახალციხის მატარებლიდან ბიჭები ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან მატარებელზე გადასხდნენ. არემარე თოვლით იყო დაფარული. დათო და გურამი მატარებლის კიბის საფეხურის გვერდებზე დარჩენილი თოვლიდან გუნდებს აკეთებდნენ და ხეებს ესროდნენ. ხეებიდან თითოეული გუნდის სროლისგან თოვლის ფართო ფიფქები ცვიოდა. საკოჭაოდან მატარებელმა სვლას უმატა. ბიჭები კიბეზე იდგნენ, როცა მატარებელი ბაკურიანში შევიდა. ლეილა, დათოვლილი თმითა და მოღიმარე სახით, ბაქანზე იდგა. - რად დაიგვიანეთ? გამარჯობათ! როგორა ხართ. გურამ, რა ამბებია? - დათოსკენ განგებ არ იხედებოდა. - ჩვენ ხომ ჩამოსვლას არც კი ვაპირებდით, - მიუგო გაოცებულმა გურამმა. - მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩამოხვიდოდით. - ცოტა წყენა დაეტყო ლეილას ხმაში. სადგური მგზავრებისგან დაიცალა. დათო და ლეილა ხელიხელგადახვეულები მიჰყვებოდნენ თოვლით დაფენილ შარას, ხოლო გურამს სამი წყვილი თხილამური გაედო მხარზე და ორივეზე უფრო კმაყოფილი მათ უკან მიბაკუნებდა. (1956 წ. მარტი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი