დიალოგები


- ვა, რამდენს ლაპარაკობენ!
- სცივათ.
- ჰოო.
- რა, ჰო, სცხელათ, ზოგიც შეყვარებულია.
- რა ვიცი, მაგათი დედაც ავატირე.
- რო არ შაიგინო, არ იქნება.
- მორჩი, შენი.
- რა ჩემი?
- დედაც ავატირე.
- ჰოო.

ქარია, ცივა

- ჩქარა, დავიხრჩვი.
- ერთი შენი!
- რა ჩემი?!
- ახლა ჩხუბი ატეხე.
- რა ჩემი, თქვი.
- აკი იხრჩობოდი.
- თქვი-მეთქი!
- დაიძრა უკვე.
- ჩახტი მერე.
ლიანდაგი აკოკრებულზე იდგა. მიწა იყო დაქანებული. ორთქლმავალმა სვლას უმატა. ბაქანზე ორნი იდგნენ თოვლში.
- ძლივს არ გავგრილდით?
- ჰო, ქარია.
- ვა, რა ცხელოდა.
- საით მივდივართ?
- მე ვიცი.
- შენ ყველაფერი იცი.
- აბა, როგორ.
- ხედავ, რა ქარია?
- ჰო, მეც შემცივდა.
- ქარია.
- ყურები მაძრება.
- მატარებელშიც ციოდა.
- რა ციოდა, კინაღამ დავიხრჩვი.
- ჰო, ცხელოდა.
- აკი ციოდაო!
- დაიწყე ისევ ჩხუბი.
- არა ვარგიხარ, ისა თქვა.
- რა შუაშია ეგ.
- ისე, დოყლო ხარ.
- მე, დოყლო?
- ჰო, შენ.
- კარგი, ვიყო.
- აკი არა ვარო!
- თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, მცივა.
- ჰო, ცივა.
- ქარსაც ახლა მოუნდა ამოვარდნა.
- ერთი მაგისი.
- ნახე, მაინც რამდენია?
- ალბათ, ათამდე.
- ათი მენეთი?
- ჰო, დიდი მენეთი.
- არა უჭირს, ფულია.
- მეც ეგ არა ვთქვი!
- ჰოდა, მორჩი.
- შენ რა, ისე პრიჩინა გინდა?
- მორჩი, მაჩვენე აქ.
- რათა?
- მერე გეტყვი.
- აჰა, ნახევარი.
- სწორია?
- ჰო.
- მაიტა კიდე!
- რათა?
- კარგი, გქონდეს.
- ცივა, კაცო.
- ცივა, მაშ.
- ადგილი არ იცი თბილი?
- შენს ჩხუბში გზა დავკარგე.
- ცივა.
- მე რა გიყო?
- შენ არ თქვი, ქოხი ვიციო?
- ჰო.
- მერე?
- მერე რა?
- წადი შენი მატყუარა დედაც...
- ისევ.
- ქარია, ცივა.
- მე რა გიყო, მეცა მცივა.
- ერთი შენი.
- მორჩა.
- რა მორჩა?
- ხმას აღარ ვიღებ, რაც გინდა იგინე.
- რაც გინდა ქენი, შენი დედაც...
- რათა, კაცო?
- ცივა, შე ბუმერაზო, ცივა.

წელი 1957. მარტის 8.

ცხელა, დავიძინოთ

- ეგ ხევი რა არის?
- არაფერი, ნახევარია.
- წყალი არ მოდის?
- არა.
- ეგრეც ვიცოდი.
- აბა, რაღას მკითხე.
- ისე, ცხელა.
- მერე რა გალაპარაკებს?
- შენ უფრო მეტს ლაპარაკობ ახლა.
- ახლა შენ.
- კარგი ერთი.
- კარგი და კარგი.
- იცი რა?
- რა?
- მოდი, შევეშვათ თხრას.
- შევეშვათ.
- წყალი არ იცი სადმე?
- წყალი არა ისა, აგე მანდა დგას კოკაში.
- ოჰო, კარგია.
- რაღა კარგი, თბილია.
- თბილიც არის, მტვრიანიც, მაინც წყალია.
- შენ მართალი ხარ, რა მაგის პასუხია, მართლა შევეშვათ.
- ძაან კარგს ვიზამთ.
- კოკას რა ვუყოთ, კაცო?
- მაიტა აქ.
- შენ თვითონ აიღე.
თიხის კოკის ნამტვრევები ნანგრევის კედელთან ჩამოცვივდა.
- ესეც ასე.
- ჰო.
- ახლა?
- მორჩა.
ნანგრევების ქვევით ველი იყო. ველზე ხე არ იდგა. ველის იქით ვენახი. ყურძენი მკვახე იყო. ბაღში ფანჩატური იდგა.
- ხედავ?
- ჰო.
- გინდა, დავიძინოთ.
- ნახე რა საკითხავი.
- რას იკბინები ყველაფერზე.
- მორჩი.
- რათა?
- ცხელა, დავიძინოთ.
- მე რა, არა მცხელა?
- ერთი შენი.
- რა ჩემი?
- არაფერი, დავიძინოთ.

წელი 1957. მარტის 8.

მე ხომ გუშინ გაგიცანი

-ხედავ, რა ახლოა.
- აბა?
- აგერ, აგერ იქ.
- როდის მივალთ?
- ერთ საათში.
- მე არ მინდა.
- რატო?
- მეშინია.
- რისი?
- არაფრის, ისე.
- რა ისე?
- ნუ წავალთ, რა.
- აბა, რა ვქნათ.
- აქ დავსხდეთ.
- კარგი.
მდელო იყო მწვანე. ბალახი რბილი.
- იცი, რა?
- არა.
- როგორ გითხრა, არ ვიცი.
- რა უნდა მითხრა?
- იცი, რა?
- ხო გითხარი, არა-მეთქი, ოი, რა დიდი ხელი გაქვს?!
- არა, რას ამბობ.
- არა, კი; ღონიერი ხარ?
- არა, რას ამბობ.
- რა არა, ნახე, რა კუნთები გაქვს.
- იცი, რა?
- არა, ხო გითხარი.
- წამო რა, იქ.
- სად?
- აი იქ, წეღან რომ მივდიოდით.
- მეშინია.
- რისი?
- არ ვიცი.
- აქ არ გეშინია?
- აქ არა.
ბიჭმა თავის თათში მოიქცია გოგოს ხელი, მერე მოუჭირა.
- მტკივა, იცი!
- რათა?
- იმიტომ, რო ღონიერი ხარ, თანაც ამხელა ხელი გაქვს.
- ჰო, შენ პატარა მტევანი გაქვს.
- მე კი, ნახე, რა თხელია.
- აბა?
- აი,
- ჰო, მართლაც, რა თხელია, მეშინია, არ მოგტეხო.
- არც ისე სუსტია, შენ რომ გგონია.
- გინდა გატკინო?
- აბა, სცადე.
- არა გტკივა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- აბა, რატო წითლდები?
- ხო ვითმენ, შენ რა გინდა.
- კარგი, გვეყო, აღარ გატკენ.
- როგორც გინდა. მართლა, იცი, რა?
- რა?
- აბა, მარცხენათი თუ მატკენ მარცხენას.
- კარგი.
- არა მტკივა.
- აბა ცრემლი რა არის?
- არ ვიცი.
- როგორ?
- ისე, არ ვიცი.
- იცი, რა?
- არა.
- ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
- მოვიწმინდო?
- არა.
- რათა?
- მე თვითონ მოგწმენდ.
- ვაჟა!
- რა?
- ვაჟა!! თვალებზე კოცნა არ ვარგა, ცუდი ნიშანია.
- აბა რა ვქნა, ცრემლს ვინ დაგიშრობს?
- არ გინდა, სირცხვილია ასე.
- ვისი?
- არავისი, ისე.
- რა ისე?
- სირცხვილია, გეუბნები.
- განა ვინმე გვიყურებს?
- არა.
- აბა?
- შენი!
- ჩემი?
- ჰო.
- რათა?
- რა უნდა თქვა, მე ხომ გუშინ გაგიცანი.
- მერე?
- არ ვიცი, განა ასე ხდება?
- არც მე ვიცი, ალბათ.
- ვაჟა!
- რა?
- მართლა აკეთებ მაგას?
- რას?
- მაგას.
- ჰო.
- შენი არა მჯერა, მე კი მართლა ვიღებ, ვაჟა, ჰო.
- კიდე ტირი?
- არ ვიცი.
- მომეყრდენი, აი ასე.
- ვაჟა!
- რა?
- თვალებში კოცნა არ ვარგა.
ვაჟი ყვრიმალს დააცხრა, მერე ტუჩებს.
- ვაჟა!
- რა?
- სირცხვილია.
- ვისი?
- შენი.
- ჩემი რატო?
- ისე, არ ვიცი; მე ხომ გუშინ გაგიცანი.

წელი 1957. მარტის 8.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი