დღიური


გარემო ისე სავსეა შთაბეჭდილებებით, რომ მეშინია დღიურების წერა, თითოეული დაწყებული წინადადება თუ დროზე არ ალაგმე, რომანამდე შეიძლება გაიზარდოს, შრომის ჩვევა კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდადა მაქვს განვითარებული, თან რომ არ ვწერო ის, რაც შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს, ჩემთვის შეუძლებელია; თითოეული ჩაუწერელი ამბავი ცრემლებამდე მეცოდება, როგორც მომწიფებულ ქალს თავისი უბავშვოდ არსებობა. ასეთ დროს მივდივარ დათმობაზე და, ჩვეულებრივ, შუიდან ვიწყებ, დღეს, გამონაკლისის სახით, დავიწყებ ბოლოდან.
ვზივარ ავტოსკოლის ნახაზ-ნაწილებით სავსე საკლასო ოთახში. თავი მიბრუის, მოტორის ზუსტი შემადგენლობა მაქვს ჩასაბარებელი, არაფერი არ ვიცი, მაინც ვერ ვაიძულე თავი გამოკითხვამდე, მასწავლებლის მოსვლის წინ მაინც, წავიკითხო რამე, ხელოვნურად ვაჭიანურებ, ჯობია ვწერო, დრო ისეც ცოტაა.
მაშ ასე! აქ ერთი ებრაელი ბიჭია, აბრამ ხაიმაშვილი – ზედმიწევნით გულისხმიერი, არაფერს არ ტოვებს შეუმჩნეველს და ტირილამდე მონდომებით ლაპარაკობს; დაბალი, ოთხკუთხედი ტანიდან მარტო ხელებს ამოძრავებს, ისიც მხოლოდ ზევიდან ქვევით, წელიდან სახემდე – ავტოკაცივით. ამ მოძრაობის პარალელურად სისტემატურად სწევს მაღლა ნიკაპწამოწეულ თავს, უკან როდის აბრუნებს ახლიდან ასაწევად, ამ მომენტის დაჭერა შეუძლებელია; ნიკაპი თავისი კონსტრუქციით მზესუმზირის საჭმელადა აქვს მომზადებული, მთელი ამ სწორხაზოვან მოძრაობათა რიგიდან მხოლოდ ის გამოდის გადამკვეთად, საოცარი სისწრაფით მირბი-მორბის მარცხნიდან მარჯვნივ, ლაპარაკის დროს, გეგონებათ, ჩენჩოს იფურთხება.
აბრამამ, თავისი გულისხმიერების წყალობით, ახლაც უცებ შენიშნა ჩემი ბათინკები, უფრო სწორად, ის დიდი ხანია შენიშნული ჰქონდა, მაგრამ მე ჩუმად ვიჯექი მთელი კვირა, სიტყვა არ მითქვამს არავისთვის. ახლა, ხმის ამოღებისთანავე, ის საიდანღაც გამოძვრა, სკამზე მოყუჩდა დაინტერესებული სახით, ნიკაპი უფრო წინ წასწია, ორი რაღაცა თქვა მანქანაზე, მერე უცებ დაიკუზა, მაღალყელიანის პირს ალერსით გადაუსვა ხელი და ყბა აამოძრავა –,,ზამშია, აი,~ – თქვა. პირდაღებული კურსანტები სასწრაფოდ მოგროვდნენ, უსვამენ ხელს ჩემს საზიზღარ, ბინძურ ბათინკებს, ეტყობა, იმდენი მჭორეს მათთვის უცხო, ახალ კარგკოსტუმა და დახეულ ფეხსაცმლიანი ბიჭი, რომ ახლა ეშინოდათ არ გამომჟღავნებულიყო ეს, თითოეული ცდილობდა სხვას არ ჩამორჩენოდა ქებაში. ერთი განსაკუთრებული დაჟინებით ირწმუნებოდა, რითაც სხვებიც დააეჭვა: ბათინკა კარგია, ოღონდ ჯობდა ქვევით ყოფილიყო ბუსუსი, ზევით სწორი პირიო. ,,ვააიი,~ მოულოდნელად მთელი ავლაბრული ხმით გაწელა ხაიმამ და ჩემი ფეხსაცმელების დაცვა იკისრა,,,რას ამბობს?!~ ყბა გააქნია მთქმელისკენ და გამგებიანად გადმომხედა მე,,,აი, ჯარში რო ვიყავით, მეტი წილი ზამშით ზევით იკერებოდა, ქვევით შეკერილი კი...~ მასთან მოკამათე კურსანტი წვრილი, გამხრჩვალი ბიჭი, ირონიული წამოწიწმატებული სახით და საიდანღაც ბოხი ხმით, კედელივით დახვდა:,,ხაიმასი გჯერათ?~ თქვა მან, `როგორ, ქურქს რო კერავენ, ქვევით ბეწვია, – არა, განა?! – სითბოსთვის, ზევით ტყავი, აქ კი...?~,,აქ რა! აქ რა?!~ მოწყვეტით აჭყიპინტდა ხაიმა, დაიბნა, მერე უცებ მოიფიქრა,,,აქ რა, ქვას წამოჰკრავ, გაიჭრება, წყალი იქნება, არა, ძმაო, ეს იცავს, ბუსუსი, პრიალა არ იცი? იჭრება, უცებვე იჭრება, ხიკ~, შებზრიალდა ის, მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსული,,,ვააიი,~ დააყოლა და მთქმელს, როგორც წარმოუდგენელ ტუტუცს, ისე შეხედა; ,,ეჰ, ზამში ზამშია,~ წამოსცდა ზევიდან წამოყუდებულ დიდყურა ბიჭს, ჩამოფხატული წარბებითა და მრგვალი თავით, რომელზედაც მჩხვლეტარებად ჰქონდა ამოსული სწორი, შოფრული თმა,,,ორივე მხარე ერთნაირი აქვს~.
ეს კი ვეღარ აიტანა აქამდე ასე თუ ისე თავშეკავებულმა აბრამამ,,,ვააიიიომე,~ გაწელა ყოველგვარ ფონეტიკურ კანონს დაუმორჩილებელი ბგერა, ღრმად ამოისუნთქა გულამომჯდარი ფრინველივით, ხელების ქნევით წინ გაუშვა მეორე კლასისკენ ზარის დარეკვაზე აჩქარებული ბიჭები და ჩემთან დარჩა,,,ვაიჰ მამჰ–უ, ~ ამოიხვნეშა ისევ, ახლა სიბრაზით და საიდუმლო გულისწყრომით, რომ იძულებულია ასეთი რეგვენის გვერდით იჯდეს,,,ეგ მე მასწავლის?! ორი წელი ზამშზე მიმუშავია, თავისი პირი არა აქვს? ჰა, ნახე, რა თქვა?! კოსტუმის ნაჭერი რო ნაჭერია, აი, მე მაქვს ერთი ინგლისური ტრიკო, ერთი სწორი მხარეა, მეორე, ზოლიანი – ბრტყელი, უბრალო საროჩკა აიღე,~ ამოატრიალა თავისი უჯრედა პერანგი,,,ეს და ეს ერთია? რა თქმა უნდა, არა, ნახე რა?! – ისე, ეს ბათინკები კარგი საქმეა, იარე რამდენიც გინდა თოვლში, იმან რო თქვა დაცურდებაო, მაგას რა დააცურებს, რკინები აქვს! ვაჰ, ვაჰ! ახლა ვფიქრობ, ხო იცი, რომელი ვიყიდო – ან ეგ, ან სალდათური ჩექმები, იცი, რაშია საქმე, ეგ ინტერესნია სასიარულოდ, რამდენიც გინდა იარე, ისე ის სჯობია,~ ბოდიშის მოხდასავით, რომ ყველაფერში არ ვარგა ჩემი ფეხსაცმელები, განაგრძო ხაიმამ,,,ისე ისა სჯობია ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხო იცი, ჭუჭყი, რამე, მანქანის ქვეშ შეძრომა, აქეთ, იქით, არა?~,,მა რა,~ დავეთანხმე,,,არა,~ ჩაურთო იმან,,,ისე, ეგ მაინც კარგი რამეა,~ მე ავუხსენი სად იყიდება ჩექმები, ეტყობა, ხაიმაშვილის რეპერტუარში უარის ან ვერგაგების თქმა არ შედის, მშვენივრად გაიგო ვაკეში მივარდნილ ადგილას მაღაზიის ადგილი.

შემოვედი და ვწერ, თავი ისევ მიბრუის, მომაგონდა, რომ დილით თითქმის დამაბარბაცა, მერე ტროლეიბუსში მანქანის ნაწილებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ლია პავლოვსკაიასთან დაახლოება, რომელიც ჩემ გვერდზე იდგა და ვიღაცას გამარჯობა უთხრა, მე პირველად საკუთარ თავზე მივიღე მისალმება, გავუღიმე. მსუბუქი შურისძიების ნოტამ გამკრა გულში ამ გოგოსადმი, რაც ჩემმა უნებლიე შეცდომამ გამოიწვია.
ახლა გარეთ გიჟივითა წვიმს. ტტ-ტტტტტ-ტ ურტყამენ სახურავს წვეთები, წერა წვიმის რიტმს მიჰყვება, სულერთია რასა ვწერ, მე ვწერ, ვწერ, ვწერ, ვწერ.
წვიმა შესუსტდა, ახლა აღარ მინდა ვწერო, მინდა მხოლოდ წვიმას ვუსმინო, ბიჭები მოწყენილები დგანან კარებთან და გუბეებში აფურთხებენ, ვიღაც გრძელი ნაბიჯებით მოდის ასფალტზე – ეს ძველი შტრიხია, რომელიც ყოველი წვიმისას მეორდება. ერთი მომენტია, წერა რომ შევწყვიტო, ვეღარ დავიწყებ, ამიტომ მექანიკურად ვაგრძელებ ქაღალდზე ასოების გამოყვანას. ვიღებ ერთ ინტენსიურ კამათს, რომელშიაც მხოლოდ ჩემი მოწინააღმდეგე იღებდა მონაწილეობას, აზრი თავისას შვრება, იკარგება მთელი გარემო და აღელვებული ვაგრძელებ მუშაობას; თითქოს ამითი უნდა დამეწყო დღევანდელი დღიური, რადგან მთელი გზა ვპასუხობდი იბა ქაცანაშვილს, რომელსაც გუშინ მხოლოდ ვუსმენდი.
იბა წარმოშობით არის ქისტი, მთელი ბავშვობა მთაში გაატარა, ომის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. ახლა ის წამყვანი ინჟინერია. მისი ნაცნობებისთვის ის კარგი კაცია, უფრო სწორად, ნამდვილი ვაჟკაცი, ჭკვიანი, ღირსეული პარტნიორი ყველა საქმეში. არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ის ადამიანური მოწოდების სიმაღლეზე იდგა მოქმედებებში, ამიტომ მეხის დაცემასავით გამაკვირვა მისმა ერთ სუნთქვად ამოღებულმა სიტყვებმა გუშინდელი ლაპარაკის დროს, პირველად მე ვიფიქრე, რომ ეს არის გზასაცდენილი ცელქი ბიჭის მორიგი ოინები, მაგრამ ჩავწვდი თუ არა უფრო ღრმად, დავინახე სულისკვეთება გულმართალი, მაგრამ კარჩაკეტილი მთიელის, მისი აბსურდამდე მისული აზრები. ის დიდი გატაცებით ლაპარაკობდა ასე თუ ისე დღის წესრიგიდან მოხსნილ ფრაზებს: თვითგამათრახება, რასა, ხალხის სიბევრე, სუსტები უნდა დაიხოცნენ, ფაშიზმის ჰუმანიზმი, სიმართლე ამ სფეროში, გულწრფელი, უეშმაკო ნაცისტები, ორასი ჯვაროსანი ბავშვი, რომელიც პალესტინისკენ მიმავალ გზაზევე დაიხოცა, რაინდი პერსევალი, არიული წრფელი, ცისფერთვალა რასა, სიტყვით – იბას იდეალი, რასა, რომელსაც აქვს ცხოვრების უფლება,,,ჩვენ უნდა დავიცვათ ძლიერნი სუსტებისაგან~ და არა სუსტნი ძლიერთაგან,,,მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ~ – ჰიტლერის გენიალური ფრაზა, რომელიც თითქმის მაღლა შეხტომითა თქვა იბამ. მე შევეცადე ოდნავ მაინც გადამეცა ჩემი აზრები, ოღონდ ისეთი კედელივით მიუდგომელი შეხედულება ჰქონდა მას, რომ, უბრალოდ, ვეღარ შევძელი, ის იდგა ჩემს წინ, გართული თვითგამათრახებით, რომ თვითონ არის შავი მონა, არაკეთილშობილი, ასეთია ბედი არსით შავგვრემანების, მან იცის ეს და ეს ცოდნა მაღლა აყენებს რაღაცით ქერებზე, რომლებიც არიან ბუნებით კეთილშობილები. მე ჩავიხლართე, არ მესმის, ის აქებს თუ აგინებს საკუთარ თავს, ან რა უნდა, საერთოდ, სიტყვა,,თვითგამათრახებით~ თქვას. თუმცა ის აზრი, რომ ვიღაც არის სუსტი და ამიტომ უნდა მოკვდეს, ძირშივე მიუღებელია ჩემთვის და მაიძულებს არ მიყვარდეს რაიმე, მსგავსიც კი ნაციზმისა. ეს განსაკუთრებით ადვილი გასაგებია ქართველი კაცისთვის, რომელმაც შორეული დროიდან შეინარჩუნა ეროვნული სახე /სხეულის სიჯანსაღითა და სულის სიმტკიცით/ ისე, რომ შინაგანად არ ზიზღებია არც ერთი ერი არასოდეს – მტერიც კი. ამით საქართველო დიდი ჰარმონიით ავლენს არეული, აგრესიული თუ თავისდამცველი მსოფლიოს ფონზე, შინაგანად აუცილებელი წონასწორობის, ზომიერების გრძნობას – ამაშია სისუსტე და სიძლიერე მისი.
დღიურის წერისას ბევრი ამბავი მოდის ნაწყვეტ აზრებად, ერთი შეხედვით, ყოველგვარი კავშირის გარეშე, მაგრამ ხელოვნურადაც რომ ეცადო მათი არდაკავშირება, ისინი (ამბები) მაინც გააბამენ ერთმანეთში შინაგან ჰარმონიულ კავშირს. დავუბრუნდები იმ გარემოს, რომელშიაც მიხდება მუშაობა; წვიმამ გადაიღო, მაგრამ ღრუბლები უძრავად, მოწყენით კიდიან ხეებზე, აივნებზე, რუხად გამოიყურება ავტოსკოლის ცისფერი კედელიც.
მე მასზე მიყუდებული ვკითხულობდი დაწერილს, როდესაც თითქმის უხმაუროდ ჩამიარა გვერდზე საშუალო ტანის გამხდარმა ბიჭმა. მას ეცვა გაცვეთილი ფეხსაცმელი,,ლუქსი~, გაუუთოებელი ტილოს შარვალი, ჩამოკიდებული, ზოლიანი პერანგი, შეკრული სახელოებით. ვიწრო მხრებიდან თითქოს პირდაპირ ეწყებოდა დიდი, ოთხკუთხედი თავი, რომელზედაც არ იყო არც ერთი გამოკვეთილი ნაკვთი, თვალები მას თითქმის ცხვირისა და შუბლის სიბრტყეზე ეწყო (მიუხედავად ამისა, ის აბსოლუტურად არა ჰგავდა ჩინელს). ამ კაცს ხელში ეჭირა ავტოსკოლის რვეული, უსაზღვროდ მოწყენილი იყო ამ წამში ბუნება, წვიმის გაბერილი წვეთები ცრემლებივით ეკიდნენ ჟანგიან მილზე.,,აი, ვის სჭირდება ტარების უფლება~, მომივიდა თავში და გული გამევსო თითქოს არაფრისგან გამოწვეული სევდით, რომელიც სწრაფად შეცვალა უცებ მოვარდნილმა, ჩემი მსჯელობისთვის არაობიექტურმა სიბრაზემ. ამ ახალი გრძნობისგან აყვანილი, თითქმის სირბილით შევვარდი საკლასო ოთახში, გადაშლილი, გაკვირვებული ორი თეთრი ფურცელი თვალისმომჭრელად მეცა თვალში. აქ მივხვდი, რომ ჯერ არაფერი არ დამიწერია საერთოდ, უცნაური ნერვიულობით დაიწყეს მათ ავსება, აზრები აღარ მემორჩილებოდნენ; მე ვწერდი, გამომდინარე ახლად ნანახიდან: რა უფლება ჰქონდა, საერთოდ, გულში გაევლო ვინმეს, რომ არ უნდა იცხოვროს ამ კაცმა, რომელიც, აშკარად, სუსტია, რომლისთვისაც რვაასი მანეთი იქნება ყოველთვის შემოსავლის მაქსიმუმი. განა ამ უსაზღვრო სამყაროში იმდენივე უფლება არა აქვს ამ ადამიანს იცხოვროს და უყვარდეს თავისი თავი ისევე, როგორც თუნდაც ნაპოლეონს; ეს კაცი სწორედ იმითაა კარგი, რომ ასეთია, მე შევჩერდი და დავამთავრე წინადადება – რასაკვირველია, თავის მხრივ, მასაც არავითარი უფლება არა აქვს განაცხადოს, რომ უნდა გაწყდნენ ძლიერები.
ხშირად ხდება ასე, წერ ქვითინით სავსე გულით, ხოლო სიტყვები გამოდიან მშრალი, გაკვირვებული – სად არის აქ სამართალი?! – თვითონ იმ კაცში და არა ჩემ დაწერილში!
ასეთი მიამიტი, სწორხაზოვანი მსჯელობების დროს ყოველთვის პატარა ბავშვის შეგრძნებები მეუფლება და ყველაფერს განვსაზღვრავ ერთი მცნებით: ვიტირებ თუ არ ვიტირებ, რომ მოკვდეს ეს კაცი? არ ვიტირებ, ისევე როგორც არ ვიტირე სტალინის სიკვდილისას – მე მათ ორივეს შორიდან ვიცნობ. მაგრამ აქ არის გაკვირვების კოეფიციენტი, რასაც მე განვიცდი სხვადასხვა სიკვდილების დროს. ახლობლის გარდაცვალებისას მე ვტირი და არა ვფიქრობ, ისე ვმსჯელობ სიკვდილის ულმობლობაზე. როცა მოკვდა სტალინი, მე გაოცებული ვიყავი, ეს ჩემთვის საკმაოზე მეტად უცნაური მოვლენა იყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ბავშვისთვის ომში წასული ორდენოსანი მამის დაღუპვის ამბის გაგება. ის უყურებს სურათს, რომელიც ფრონტიდანაა გამოგზავნილი და არაფერი, გარდა გაკვირვებისა, არ იპყრობს მის შეგრძნებას. ასევე ჩემთვის ამ კაცის, პროლეტარიატის ბელადის, სახელი გაერთიანდა რაღაც აზრთან, ჭეშმარიტებასთან და უცებ ის აღარ არის – გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ ეს მცნება შემეცვალა მასთან დაკავშირებული სხვა მცნებით;
მაგრამ წარმოიდგინეთ, მე უფრო მეტად გაოცებული დავრჩებოდი, ამ წამში ამ კურსანტი ბიჭის სიკვდილის შესაძლებლობაც კი რომ დაეშვათ. ის ხომ ხელმოსაკიდს, თვალით დასანახავს თითქმის არაფერს არ აკეთებს – მაშ, როგორ შეიძლება მისი სიკვდილი?! მე ვფიქრდები და ვგრძნობ, საკმარისია, დავკარგო მშრალი მსჯელობის უნარი, რომ ავღრიალდე იმ დიდი კაცის ცრემლებით, რომელმაც იცის რა დაკარგა, იმდენად ახლობელი, შინაურია ეს ბიჭი ადამიანის არსებობისათვის /ფილოსოფიურად მას შეიძლება ერქვას პირველწყარო, ჭურჭელი სიცოცხლისა, მაგრამ მე ახლა სხვაგანა ვარ/, გეფიცებით ჩემ ყველა კარგებს, როგორც მეხუთე კლასელი, რომ ვერ ვიტყვი გამოუვალი არჩევანისას მას /კურსანტ ბიჭს/ უფრო გავიმეტებ სასიკვდილოდ თუ ჩემს ყველაზე ახლობელს. მთელი ამ კაცის სევდიანი, უშნო აღნაგობა, რომელიც თითქოს მართლა არ არის ცხოვრებისთვის შექმნილი, განსაკუთრებული ხაზგასმით ლაპარაკობს, რომ მას ისევე უნდა სიცოცხლე, როგორც უძლიერესთ ამა ქვეყნისა, რომ მას იმდენივე უფლება აქვს სიხარულზე, როგორც უბედნიერეს ადამიანს და, დასასრულ, ეს სევდიანი ფიგურა ამბობს, რომ ის არის კიდეც ბედნიერი, უსაზღვროდ ბედნიერი, ამის გამოხატვისთვის იმას არ სჭირდება ხტუნაობა, სიცილი, ეს ჩანს მის უმოძრაობაში, მის მოწყენაში, მხოლოდ წმინდად გარეგნულ უსურვილობაში.
მე თითქოს ავქლოშინდი და უცებ დავისვენე ამის დაწერის შემდეგ. დგება ერთადერთი წამი, მთლიანად უფიქრო წამი ამ დღის განმავლობაში, რომელსაც მე გამოვიყენებ, რათა, გარკვეული ისტორიული პროცესის გათვალისწინებით, გავამართლო იბას ის სიტყვები (ვიმეორებ მხოლოდ სიტყვები და არა მოქმედება), გაბრაზებულ გულზე რომ გავიხსენე.
როგორც ვწერდი, მე იბას ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცი მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ, თვითონ მისგან თუ მისი მეგობრების მიერ მოყოლილი. შევეცდები შევაჯამო ყველაფერი. ჩემი მეგობარი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხოვრობდა თავის სახლში, ქისტეთში. მიდიოდა ომი, სავსე მოულოდნელობებით, და, შინაგანი კანონზომიერებით, მათემატიკურად ზუსტი..
ამბები, ერთი შეხედვით, მოულოდნელი, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობოდა ომის დასაწყისში, როდესაც ჰიტლერის არმიები წარმატებით ატარებდნენ ბრძოლებს, რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩაიგდეს ხელში. ყველაზე უცნაური მსოფლიო თვალისთვის მოხდა ის, რომ სულ რამდენიმე წლის წინ შეერთებული მრავალეროვანი სახელმწიფო, სხვადასხვა სარწმუნეობისა და ჩვეულებების მქონე, კი არ დაიშალა გასაჭირთან ერთად, არამედ უცნაური ძალით შეიკრა ცენტრისკენ. ბევრი ომამდელი მოწინააღმდეგე უცებ გახდა ერთგული დამცველი სახელმწიფოსი. ბევრი,,ნაცმენი~, რომელიც ამტკიცებდა რევოლუციამდელ აზრს, რომ უნდა იცხოვროს თვითონ მარტო, ყოველგვარი პოლიტიკური კავშირის გარეშე სხვა ერთან, – შემოტრიალდა მთლიანად თავის იდეოლოგიაში და თითქოს უცებ იგრძნო ტკივილი, რომელიც მიაყენეს აქამდე მის არაღიარებულ მთლიანობას. შეგნებულად თუ ქვეშეცნეული პატრიოტიზმით დაიძრნენ ფრონტისკენ მთის მიყრუებული სოფლებიდან, იურტებიდან, უდაბნოდან, ციმბირიდან. საბჭოთა წყობილების უბოროტესი შინამტრებით, სისხლის სამართლის დამნაშავეებით და პოლიტიკური პატიმრებით ივსებოდა მოწინავე მებრძოლი პოლკები. ყოველგვარი შინაური გაუგებრობები აღმოიფხვრა,,სასწაულმოქმედი~ ძალით. ეს ცარიელი ფრაზები არ არის: ჯერ ერთი, დამტკიცდა ისტორიულად, მეორე – შინაგანად ხალხმა იგრძნო რაღაცა დიდისთვის გაერთიანების ჯერ არნახული მოთხოვნილება. ეს სურვილი იგრძნო არა მარტო საბჭოთა ხალხმა: ამ შინაგან გარდუვალ ისტორიულ პოტენციას შეუერთდნენ ყველანი, სოციალისტური წყობილების მქონე ხალხები თუ არასოციალისტურისა /მეტ-ნაკლები მასშტაბით/, წავალ უფრო შორს: იგივე ვნება ამოძრავებდა ომის დამწყებ გერმანიასაც, მაგრამ მისი გზა განხორციელების ძირშივე იყო არაგულწრფელი, მათ ზევიდან მეტი როლი იკისრეს, ვიდრე ეს შეიძლებოდა აეტანა ხალხის ნებას. არც ჩვენ, არც სხვებმა ობიექტურად არ დავამარცხეთ ისინი – მათი დამხობა იყო ისტორიული კანონზომიერება, მათ თავიანთი ფანფარონობისათვის, ხალხის ნების წინ წახტომისათვის მიიღეს საკადრისი პასუხი, ნაცისტებისაგან წამოყენებული გაერთიანების იდეა იწყებოდა ზევიდან ერთი ერის პრიორიტეტით, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების იმავე სურვილს აყენებდა შეურაცხყოფას. ფაშისტთა ვნება უცებ გახდა არაპოპულარული მსოფლიო ასპარეზზე გასვლისას, რადგან ამ ვნებაზე სხვასაც ჰქონდა იმდენივე უფლება, რაც მარტო გერმანიამ იკისრა თავზე ძალით მოხვევის გზით. მხოლოდ ჩვენმა საბჭოების სოციალისტურმა კავშირმა, შინაგანი სიმართლით, სწორად აუღო ალღო მსოფლიო ხალხების პოტენციალურ სურვილს, აღსანიშნავია აქედან, მისი განსაკუთრებული ობიექტურობა, როდესაც გერმანიის აღების შემდეგ იქ ხალხს არ გაუსწორდნენ როგორც მტრებს, არამედ მოექცნენ, როგორც ექცევიან დაბნეულ ბავშვებს და მისცეს ნორმალური, ე.ი. სხვისი ტოლი უფლებები – არც მეტი, არც ნაკლები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს საქმის კეთებისას არცთუ ისე უმტკივნეულოა; გარკვეულ წერტილამდე ძნელია დაარწმუნო განგრენიანი კაცი, რომ მისივე სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი იყო ფეხის მოჭრა.
ბუნებრივია, ასეთ ფონზე, როდესაც ხალხები მთელი მასებით მიდიან ერთმანეთისაკენ გასაერთიანებლად, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანან ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ნეიტრალიტეტს ან აშკარა ჯიუტ ოპოზიციაში დგანან. დღევანდელი მსოფლიოსთვის, საბჭოთა კავშირის მაგალითზე, აღარ არსებობს პიროვნება, მაღლა მდგომი საზოგადოებაზე როგორც ლიტერატურულად, ისევე პოლიტიკურად. წინათ ცალკეული ადამიანი, განზე გამდგარი /წინ წასულის მნიშვნელობით/, ერთგვარად მოწინავე იყო – მაღლა მდგომი – პროგრესული, ახლა ყოველგვარი ასეთი მაღლა დგომა უგულებელყოფილია შინაგანი კანონების მიხედვით. თითოეული ადამიანი, არამდგომი ხალხთან ერთად, ყველა თავისი ტალანტის მიუხედავად, რეგრესულ ძალას წარმოადგენს /ამაში არ იგულისხმება პიროვნების ღირსების დაკარგვა/. ახლა დადგა ეპოქა, ჯერ არნახული მთლიანობისა. შემთხვევითი არ არის საბჭოთა კავშირში მიღებული ადმინისტრაციული ღონისძიება პიროვნების კულტის წინააღმდეგ – ეს არის ერთგვარი სოციალური შეკვეთა, რომელიც დიდ ჰარმონიაშია საზოგადოების შინაგან მოთხოვნილებასთან.
დავუბრუნდები მოსათხრობის თემას: ბევრი ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელ /ეგოისტურის გაგებით/ ცხოვრებას მიჩვეული კაცისთვის ძნელია შეეგუოს ასეთ ვითარებას და, მიუხედავად თავისი კარგი /ცუდი, თავისთავად იგულისხმება, არ ვარგა/ ადამიანობის, სურვილისა, თავისდაუნებურად იქცევა ხოლმე დამმუხრუჭებელ ძალად. ამას ჰქვია ბუნტი მოჩვენებითი პროგრესისათვის – გამომდინარე შინაგანი განვითარების არასწორი გაგებისაგან ან სწორად გაგების პრეტენზიისაგან. ამის მაგალითი იყო ომამდელი იტალია და სხვა პატარა, ოღონდ ძლიერი /არა პოლიტიკურად ძლიერი/ სახელმწიფოები, აგრეთვე, ცალკეული პირები. ისინი თავიანთი როლის გაზრდისა და არავისთვის /მათთვისაც კი/ საჭირო დამოუკიდებლობისთვის, ომის მძიმე წუთებში დადგნენ მოწინააღმდეგის მხარეზე. ესენი, როგორც ცნობილია, იყვნენ პატარა ტომობრივი დაჯგუფებანი, ჩვენთან, კავკასიაში – ქისტ-ჩეჩენთა მთელი მხარეები. ამ მოვლენაში უნდა ვეძიოთ ერთგვარი ისტორიული წყენის ელემენტიც: სულით ძლიერი მუსლიმანი მთიელები, აღჭურვილი პირადი ვაჟკაცური ღირსებებით, არასოდეს ყოფილან მაინცდამაინც საჭირო პოლიტიკური ძალა, სიმცირის, კარჩაკეტილობის გამო; ამიტომ სულ პატარა შემთხვევასაც კი არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ისინი მსოფლიო ასპარეზზე ეღიარებინათ. წინათ ამ მდგომარეობას იყენებდნენ თურქები, ხოლო ახლა სწრაფად მოექცნენ პირდაპირ გერმანიის გავლენის ქვეშ. დადგა საუკეთესო არტისტული მომენტი მსოფლიო არენაზე დგომისა და მათ დაიღრიალეს მთელი ხმით: ჩვენ და გერმანია! /უნდა აღინიშნოს, ეს ხმა თითქმის არ გასცილებია მთებს/. მათ ჩაიდეს თავში, რომ მხოლოდ ამ,,ორი სახელმწიფოს~ გაერთიანებას შეუძლია გააკეთოს ნამდვილი, ჭეშმარიტი საქმე; ამ პერიოდში მათ თითქმის უყოყმანოდ გაყიდეს მეომარი საბჭოთა კავშირი.
მაშინ იბა იყო თექვსმეტი წლის ბიჭი, ის, ბუნებრივია, იდგა თავისი ტომის მხარეზე, მაგრამ ეს იყო ქვეშეცნეული სურვილი, მისი ნათესაური აუცილებლობა – ის შიშველი მიდიოდა საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი თეორიული აზრის გარეშე – უიდეოლოგიოდ. მხოლოდ 1942 წლის ზამთრის პირზე გაჩნდა მათ სოფელში გერმანელი ოფიცერი, ის იარების მოშუშებასთან ერთად ნაცისტურ აგიტაციას აწარმოებდა ამ მხარეში. აღსანიშნავია ამ კაცის რკინისებური ლოგიკა, ძლიერი იარაღი უფროსის ყურისგდებას მიჩვეული მთიელების წინააღმდეგ. ძალას ამ ლოგიკისათვის იმ კაცს, ვილჰელმ შტოლცს, აძლევდა არაჩვეულებრივი შინაგანი რწმენა, ის არ ეწეოდა არასოდეს სიმულაციას თავისი სიტყვებით, ეს სწრაფად გაიგეს ქისტებმა და როგორც მეგობარი ისე მიიღეს საკუთარ წრეში. ზამთარში ამ მხარეში გზები იკეტება; ხუთი-ექვსი თვე იმოსებოდნენ ქისტები იარაღით და შტოლცის იდეოლოგიით.
შტოლცი თავის თავს მიიჩნევდა არაღირსეულ ნაცისტად ყოველგვარი თავის დამდაბლების გარეშე. მას დედა ებრაელი ჰყავდა, თვითონ იყო დაბალი, გამხდარი, შავგვრემანი, შავი მოძრავი თვალებით, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არიული რასის გარეგნულ ნიშნებს. ეს თავის მიერვე გაცნობიერებული და სხვების თანადასწრებით აღიარებული ნაკლი საჭირო ტრაგიკულობასა და დამაჯერებლობას მატებდა მის სიტყვებს, ნათქვამს, ქერა, მაღალი ნაცისტების სასარგებლოდ.
იგი უყურებდა ტანაყრილ, ცისფერთვალა მთიელებს და არწმუნებდა, რომ ისინი მასზე, ამ განათლებულ კაცზე, მაღლა დგანან, გაცილებით მაღლა და ამის დასამტკიცებლად არ სჭირდებათ არანაირი ცოდნა, რადგან ეთნიკური ტიპი თავადვე მეტყველებს ყველა ცოდნაზე ნათლად – მას აუარებელი ძალის დახარჯვა სჭირდება იმისთვის, რომ ინტელექტით შეივსოს, რაც აკლია.
მისი თეორიის ძირი იყო: შავები არიან არაკეთილშობილნი, ეშმაკები, მონები; ქერა, ცისფერთვალა არიელები კი – კეთილშობილები, ბატონები; მათი, შავების, ვალია ემსახურონ ქერებს; ამ თავისი სისწორით ის ასიამოვნებდა მთიელებს და აქ იწყებოდა ამ კაცის ის ძალა, რომელიც მის სიტყვებს ასეთ დამაჯერებლობას აძლევდა: ის შინაგანი ცეცხლით იტენებოდა იმ უზარმაზარი ეგოისტური ტკბობისაგან, რასაც მონას ანიჭებს თავისი კეთილშობილი ბატონის ყველა საქმის ცოდნა იმაზე უკეთ. ეს მონა კვდება ბატონისათვის, იტანჯება, ათას რამეს იტანს, მაგრამ ის, რომ ამ საკუთარი თავის დაწიხლვით მასზე მაღლა დგება, იმდენად ძლიერი დასაყრდენია მისთვის, რომ პატრონისთვის სიკვდილის წუთებშიაც კი უზარმაზარი, მართლა მონური სიამოვნებით განიცდის ამ თავისი ნაკლით გამოწვეულ უპირატესობას, რაც, საიდუმლო ჰარმონიით, ბატონის ბატონურ წარჩინებას მის წინაშე ერთი წამითაც არ აყენებს ჩრდილს.
უცნაური შეთავსებაა ადამიანის ბუნებაში – ჩაღრმავებისთანავე თავისგამათრახებით უცებ ისე მაღლა დგება, რომ ყოველგვარი შეცნობილი შეურაცხყოფა საკუთარი თავისა უკმაყოფილებს თავმოყვარეობას. შტოლცი არ ლაპარაკობდა მხოლოდ ცარიელი ფრაზებით, მას ჰქონდა წმინდა პლებეური ინსტინქტი ბრწყინვალე მხატვრული თხრობისა, დამყარებული იმავე ბატონების საქმის მათზე უკეთ ცოდნაზე. ის იყო, ამ მხრივ, ტიპიური შემოქმედი – სხვა დროში, შესაძლოა, პროგრესული პიროვნებაც კი.
მისი მონათხრობიდან ფსიქოლოგიურად საინტერესოა ერთი მოგონება თავისი პაპის ცხოვრების ბოლო წუთის შესახებ;
ჰყვება შტოლცი:
ჩემი პაპა იყო წმინდა სისხლის არიელი, ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის მსახური. მაგრამ გარეგნობით ის საოცრად მგავდა მე, დედით ებრაელს: შავი, ხშირი თმა, რომელიც, მიუხედავად სამოცდათხუთმეტი წლისა, შეჭაღარავებულიც კი არა ჰქონდა, შავი, მოძრავი თვალები /გადმოცემით ვიცი/, ტანით დაბალი და მოქმედი. სიტყვები, რომელსაც ის ამბობდა ხოლმე ბატონების მიერ შეთქმულების მზადების წუთებში, შემდეგ მათი იდეოლოგიის დასაყრდენი ხდებოდა. მისი გონება აზრებად აყალიბებდა იმ შინაგან ვნებებს, რომელიც მის პატრონებს ამოძრავებდა, თვითონ კი ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა. ამ,,საიდუმლო~ უსახელობაში დარჩენით ის ამაყობდა ზუსტად ისევე, როგორც ბატონთა უპირატესობით მის მიმართ. პაპაჩემს ეჯავრებოდა თავისი გარეგნობა, ამიტომ არასოდეს არ ინდობდა მას, თავისი, თითქმის საუკუნოვანი, ერთგული სამსახურის განმავლობაში ბევრჯერ დაუტანჯავს საკუთარი სხეული სხვის მაგიერ: მან რამდენიმე მძიმე საქმე დაიბრალა, რისთვისაც უღმერთოდ აწამეს. ამ წამების დროს დაკარგა მან ფეხი, ცალი ხელი და ორივე თვალი. მიუხედავად ასეთი დასახიჩრებისა, ეს მსახური პირველ უჩინარ კაცად რჩებოდა შეთქმულთა წრეში. მისი თითოეული დროზე ნათქვამი სიტყვა მთელ ორატორულ თქმად იღვრებოდა მაღალი ტუუ- ების პირში.
არგამართლება ბუნებრივი ხვედრია ასეთი ადამიანისთვის. ოთხმოცდაცხრა წლის პაპაჩემი /ის არასოდეს არა ყოფილა მოხუცი/ დაიჭირეს სხვა შეთქმულებთან ერთად და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანის დღეს მე თორმეტი წლის, ხუთი თვისა და რვა დღის ბავშვი ვიყავი. ჩემს გარდა, პაპაჩემის დასჯის საყურებლად ჩვენი ოჯახიდან არავინ წასულა. ბაბუა თვალით არასოდეს მენახა იმ დღემდე, მაგრამ ვიცოდი თითოეული წვრილმანი მისი გარეგნობიდან. ის იყო მიკრული ერთიმეორის გვერდზე ჩარჭობილ ერთ-ერთ ბოძზე. ცეცხლის ალის შეხებისთანავე საშინელი ხმით აღრიალდნენ მაღალი ქერა ბატონები, ტიროდნენ მთელი მათი ოჯახები, მოსულები ამ უბედურების საყურებლად. უცნაურმა ძალამ შემაოკა მე. თითქოსდა, არაფრისგან გამოწვეული სიამოვნება ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს, გააჩნია რას როგორ შეხედავ, შეიძლება უყურო ხალხის ცეცხლზე დაწვას ისე, რომ მიიღო წმინდა არტისტული სიამოვნება. აქ საჭიროა ამაღლდე ბავშვის გონებამდე: სცენაზე დახოცილ არტისტებს ხომ ვეღარ ხედავ მეორე დღეს, ფაქტიურად, შენთვის ისინი კვდებიან როლებში დახოცვის დროს. მიუხედავად ამისა, ყველაზე პატარა, გამოუცდელ მაყურებელსაც კი, ცრემლით სავსე თვალებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი /სცენაზე დახოცილები/ უკვდავებაში გადადიან და, რაც უფრო დიდია სანახავად ტრაგედია, მით უფრო თვალსაჩინოა ეს შტრიხი. საერთოდ, ასე უნდა ვუყუროთ ამ ცეცხლზე დაწვასაც. უყურო სიცოცხლეს ყველა მომენტიდან – ეს ჩემი თვისებაა. განწირულთა შემზარავი ბღავილი, როგორც ორატორის სიტყვა, სავსე უდიდესი ვნებებით, რომელიც ერთ მასად კრავს ხალხს და თავის ნებაზე ათამაშებს, სწორედ იმით, რომ ლაპარაკობს იმას, რისი გაგონებაც ხალხს უნდა – ტრანსში ჩავარდნამდე მოქმედებდა ჩემზე. მე ვგრძნობდი, რომ აღარა მქონდა არაფერი სანატრელი, გარდა იმისა, რასაც ვხედავდი: რომ ასე, დაუსრულებლად მეყურებინა ცეცხლის ალის თამაშისათვის ღრიალად ქცეული ხალხის სახეზე. და უცებ, უნებურად, შევხედე პაპაჩემს. ცეცხლის ენები თავისუფლად თამაშობდნენ მის ბრმა თვალებზე, მძიმედ, უსიამოვნოდ მოვიწყინე, ის თავისი იქ ყოფნით ეშხს უკარგავდა მთელ სანახაობას, მაშინ ვიფიქრე, რომ ბაბუაჩემი ბოროტი კაცია და არ უნდა კარგად მოიქცეს, ე.ი. იღრიალოს. მე მისგან სხვაზე გადავიტანე მზერა.
წარმოიდგინეთ მოედნის შუაგული, შეგიძლიათ ისე უყუროთ, თითქოს ყველაფერი ეს ღამით ხდებოდეს, მკაფიოდ ჩანან ცეცხლის ენები, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შუადღე, როცა მზის სხივები ემატება ცეცხლის სიმხურვალეს და, ორივე შემთხვევაში, სამყარო სავსეა ერთი მთლიანი ღრიალით, ცეცხლი ფარავს ბოძზე მიკრულთა სახეებს და უცებ დგება წუთი უცნაური, არაბუნებრივი სიჩუმისა, რისგანაც ყურები გიბრუის. დგას წამი, როცა კაცი უნდა იქცეს ფერფლად და ამ დროს, ბუნების დრამად ქცევის წამში, ისმის არაადამიანური ღრიალი სიჩუმით შეკრული მოედნის შიგნიდან – მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აფეთქდა პაპაჩემი.
დგება ახლა უკვე პანაშვიდური სიჩუმე და ჩაფერფლილი ცეცხლის მაყურებელი ხალხი, დაღლილი, ქვითინებს.

– ოუ, ვეღარ აიტანა ცეცხლის სიმხურვალე?! – ამბობს ვერგამოფხიზლებული იბა, რომლის სახეზეც ალი თამაშობს და იქიდან უყურებს ქვენოს შუაკერასთან მჯდარ ორატორს.
– არა, – ამაყად პასუხობს შტოლცი, – ეს იყო წამი, როდესაც მას აღარ შეეძლო თითოეული ნაწილით, ხმამაღლა არ ემცნო თავისი არსებობის შესახებ, – ტკივილი მისთვის არაფერს ნიშნავდა! ამაშივე იყო, ალბათ, – უკვე ექსტაზის გარეშე განაგრძობს შტოლცი, – უზარმაზარი ერთად დაგროვილი სევდა ადამიანისა, რომ ის ისეთი არ დაიბადა, როგორიც უნდა დაბადებულიყო, ეს იყო ბუნტი საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩვენ, შავები, აღვდექით ამ ბუნტის სახელით, ჩვენ არ გვინდოდა ტვინის ჭყლეტა, შეუცნობლის წვდომა, მაგრამ მაშინ ვერ ვიპოვიდით ჩვენს საჭიროებას ამ ქვეყანაზე, ჩვენ თვითონ შეგნებულად დავუმორჩილეთ თავი ბუნებრივი ცოდნით აღჭურვილ არიელებს. ისინი მათ, ვინც ჩვენსავით თვითონვე არ ცნობს იმათ პრიორიტეტს, ძალად აცნობინებენ; ეს არის უკეთილშობილესი ხალხი, ისინი იბრძვიან ძლიერთა დასაცავად სუსტებისგან და, თუ არ გვინდა ჩვენ ვიყოთ სუსტები, უნდა ვიცოდეთ მათზე მეტი და ამით საერთო საქმეს ვემსახუროთ.
– მერე? – იკითხა იბამ.
– მერე ყველანი გახდებიან კეთილშობილები.
– ჩვენც?
– ჩვენ მაშინ აღარ ვიქნებით.
– ო, ნეტავი გამაწირვინა თავი მათი გულისათვის, – ყოველგვარ ლოგიკასთან კავშირის გარეშე, მთელი არსებითა თქვა იბამ და შტოლცმაც განაგრძო პრაქტიკული გზების დასახვა.

წერას თავი გავანებე. უაზროდ ვუყურებ მასწავლებელს, რომელიც ჩემს გვარს ჟურნალში კითხულობს და დაფასთან მიძახებს. ტონს ხაიმაშვილი იძლევა, ის ყველაზე კარგად ამჩნევს, თავისი დაკვირვებულობის წყალობით, რომ მე სულ სხვა გაკვეთილს ვამზადებ და უხმოდ იცინის. სიხარულამდე ეშმაკურები ხდება კურსანტების სახეები, ალბათ, ასეთივე სახე მაქვს მე, როცა ფეხზე ამდგარი ვუყურებ მასწავლებელს.,,მოტორის რამდენ მოძრაობას იცნობ?~ მეკითხება ის ჩვენნაირივე სახით. კლასი გაჩუმებულია და ჩვენს დუელს უყურებს, მასწავლებელი წინასწარ ჭვრეტს მცდარი პასუხიდან გამომდინარე სიამოვნებას,,,ბევრს,~ არ ვაგვიანებ მე სისულელის თქმას.,,საინტერესოა, გარეთ როგორი ამინდია,~ კურსანტებისაკენ მიდის მასწავლებელი და ისე მიყურებს, ახლა უკვე ყველა ბრუნდება აქეთ. უცნაური სიხარული მიპყრობს, ასეთივე სახე აქვს იმ ბიჭს, რომელიც ჩინელს არა ჰგავს. ხაიმას ხელები მერხიდან ოდნავ აწეული უჭირავს, ერთი პატარა შებერვაა საკმარისი, რომ იმან დაუკრას,,დოლზე~, სხვებმა ტაში დასცხონ და მე ავცეკვდე, თითქოს მასწავლებელიც წინააღმდეგი არაა, ოღონდ ამის გაკეთება საჭირო არ არის.,,რად გინდა მესამე კლასი?~ მომმართავს ის,,,ხი, ხი,~ ხითხითებენ რატომღაც სხვები, მე უაღრესად ტუტუცური სახე მიხდება. ეზოდან ღრიალით გადის ხრეშით დატვირთული სამოსვალი,,,აი, ეს ბიჭები სამოსვალზე იმუშავებენ, კომუნიზმს ააშენებენ, შენ კი სტუდენტი კაცი ხარ, წადი, შენი საქმე აკეთე, თუ არ დაგიშლია, მოყვარულის უფლება აიღე, დღეიდან სიიდან გშლი, შენ მოტორის სწავლის თავი არა გაქვს, შეგიძლია წახვიდე~. ტუტუცივით ვუყურებ მას და მეცინება, ეცინება ხაიმასაც, ვიღაცა ხარხარებს,,,რა შენი საქმეა მესამე კლასი,~ ვერ იკავებს ღიმილის ამოხეთქვას მასწავლებელიც. სიცილის ტონი მიცემულია, ნებადართული, ხარხარებენ კურსანტები, ვხარხარებ მეც, რამდენი სიხარულია, როგორ გვესმის ყველაფერი, ხაიმას აქაც მიღწევები აქვს.
საერთო მხიარულ ხმაურში ვტოვებ საკლასო ოთახს, თან მიმყვება უცნაური სიმხიარულე, ხმები, რეპლიკები, ჩემ წინ დევს ისეთივე ქუჩა, ხმაურიანი, მტვრიანი, იწყებს დაბნელებას ცა, ინთება პირველი სინათლეები, ო, როგორ დავიღალე მე... არ შემიძლია დავიჭირო ის მომენტი, როდის დავკარგე მხიარული განწყობა, არ მინდა არაფერზე ვიფიქრო, ოღონდაც ვინმემ არ გამომიყვანოს ჩემი უსხეულო ფიქრებიდან, არ მითხრას უხეში სიტყვა, მე არა ვარ ქრისტიანობის იდეალი, რომ შევუნდო ბრიყვთა, ამიტომ ვერ ვიტან უხეშ მომართვას სხვისგან, როცა მე თვითონ არ ვაძლევ თავს ამის უფლებას.
ჰო, ვიღაცა მთვრალმა ნაცნობმა შორიდან დამიძახა:,,ბიჭო, ისე მოდიხარ, თითქოს ქვეყნის საქმეები გქონდეს გადასაწყვეტი,~ დამძახებლისგან განუზომავი, მოულოდნელი რეაქციით აღელდა ჩემი ბუნება, სწორედ ამ წამში ვწყვეტდი მე ჩემი, გურამ რჩეულიშვილის, ქვეყნის საქმეებს, იმას, რომ ცუდია გქონდეს გვარი, რომელიც ბოლოვდება,,შვილით,~ მაგრამ ახლა რომ მოვაკლო,,შვილი~ და დავტოვო მხოლოდ,,რჩეული~, გამოვა ყოყოჩობა, კიდევ ვფიქრობდი, შოფრების სკოლის დატოვებასთან დაკავშირებით, ახალ ნაცრისფერ კოსტუმზე, ჟილეტით, დიდი ბაფთით და ტროსტით, რომლებითაც მინდოდა მევლო მომავალში, შემდეგ გამკრა შიმშილის გრძნობამ, ჯიბეში მოვსინჯე ორი მანეთი და თხუთმეტი კაპიკი – ზუსტად ეკლერის ფული. სწორედ ამ დროს მიტრიალებდა თავში, რომ საერთოდ სისულელეა გვარი და მთლიანი უაზრობა იამაყო ამ გვარით, როგორც დანომრილი მორბენლისთვის უაზრობაა იამაყოს თავისი ნომრით, რომელიც კენჭის ყრისას მიაკუთვნეს, და რატომღაც ამ მძიმე მაღალყელიანებში განსაკუთრებით უხერხულად ვიგრძენი მთელი სხეული, რომელიც ფიქრობდა და რომელიც უსუსურობამდე უძლური იყო მისწვდომოდა ამ რაღაც დიდსა და საიდუმლოს, რომელსაც ასეთი ჩანჩალით, მძიმე ფეხსაცმელებით და სინამდვილის თავიდან ასაცილებელი აზრებით მისდევდა იგი. ამ დროს ეს ალალბედზე, უპასუხისმგებლოდ ნასროლი სიტყვები კეტივით ხვდება კაცს თავში: ეი, შენ! ისე მოდიხარ, გეგონება, ქვეყნის საქმეებს წყვეტ!
თითქოს ფხიზლდება ადამიანი გაოგნებისაგან, იყურება გარშემო, აღიქვამს მოძრავ ფიგურებს ცარიელ ქუჩაში და განუსაზღვრელი, თითქმის გამოუვალი ირონია ეპარება საკუთარი თავისადმი – აი, როდის გინდა იტირო ნამდვილად, ეძებ რაიმე ხელმოსაკიდს, გასაქცევს ჩაღრმავებიდან, ებღაუჭები პირველივე შემხვდურ შეგრძნებას.
უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ამ წუთში, რომ მშია.
იქვე გრძელ საკონდიტროში შევუხვიე ეკლერის საყიდლად;
პატარა მაგიდასთან მიმდგარი, ვჭამ ნამცხვარს, ჩემ პირდაპირ ზის დიდი თათარი მუშა, რომელიც ყოველთვის გლეხის დიდ შენარევს შეიცავს ხოლმე. მან მესამე ეკლერი მოითხოვა, მე უმიზეზოდ მესიამოვნა, რომ იმას ფული ჰქონდა. რაც შეიძლება ღრმად შევძვერი სკამში და შევეცადე ნელა მელოღნა ნამცხვარი, საქმე პირიქით წავიდა, ვერ მოვასწარი მოხედვა, რომ კრემი თითებამდე დამივიდა. მოწყენილმა დავუწყე მაღაზიის კარებს ყურება; იქიდან კოხტა ნაბიჯებით შემოვიდა სამი გოგო. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ეკლერებზე გადავიტანე, ქვეშეცნეულად შეუწყვეტლივ განაგრძობდა ჩემი გონება თვითანალიზს და გარშემო მყოფთა საქციელს უკავშირებდა თავის თავს. ჩემს ენაზე ის გოგოები ჩურჩულებდნენ: შეხედეთ გურამს, ვითომ კარგი კაცია, ისე მიირთმევს არყის მაგიერ ნამცხვარს, თანაც ისეთი სახე აქვს, თითქოს გუშინ არ დარბოდა ქუჩაში ყვირილით, ხელების ქნევით, ნაჩხუბარი და მთვრალი. მე ავდექი, ნელა დავიძარი, აშკარად ვგრძნობდი ყველა კიდურის უხერხულობას, იმდენად ნაძალადევი წესიერებით მეჭირა ტანი. ჩემს უკან გამოვიდნენ ის გოგოები გამალებული წაბმული ჩუჩუნით, შევანელე სიარული, ისინიც შედგნენ, მერე მძიმე ნაბიჯით ავუყევი ქუჩას, მათი თვალები საზოგადოებრივი აზრივით მდევდნენ ყველგან, ულმობლად, გამყინავად, ჩემმა სხეულმა ვეღარ აიტანა მათი თვალების ქვეშ ეს არაბუნებრივი, წესიერი მოძრაობა, სავსე უაზრობით, არაფრით, ხაზგასმული ნელი ნაბიჯებისაგან ფეხი ამერია, ვგრძნობდი, სადაც არის დავკარგავდი წონასწორობას და ავღრიალდებოდი უცრემლო ხმით, როგორც უდაბნოში მზის სხივების ულმობლობას ვერსად გაქცეული მწყურვალე კაცი, ეს მომენტი იყო მთელი დღის აზრთა შეჯამების მწვერვალი, როგორ გაუძლებდა ის ხალხის აზრს და მოულოდნელად ვიგრძენი, რომ წავბორძიკდი, მე დავმარცხდი, როგორც ჯამბაზი თავის ნათამაშებ წარმოდგენაში.
და ამ წამში მესამედ,,,უცებ~, მე ისევ ვიგრძენი, რომ შევმსუბუქდი, გავბრწყინდი: წინიდან მოდიოდა ღიმილად ქცეული ნაცნობი ბროდიაგა, ჟუჟუნა თვალებით, დაბალი, თხელი, გახუნებულ, ყელამდე შეკრულ გიმნასტიორკაში, რომლის მიუხედავადაც არაჩვეულებრივად თავისუფლად გრძნობდა კისერს, ის სუფთად იყო გაპარსული, ეცვა ამოთხვრილი, ეტყობა, უქამრო შარვალი, კეპი ზედ შუბლზე ჰქონდა ჩამოფხატული. როგორც იმავე უდაბნოში ჩრდილის მომფენი ღრუბლის ნაფლეთი, მზის განუკითხავი ცხუნებისგან დამჩრდილავი, ისე აღვიქვი ამ კაცის გამოჩენა და ღრმად ამოვისუნთქე, რაც აუცილებელი იყო ძალის მოსაკრებად.
ეს ადამიანი მოდიოდა ქანაობით, არხეინად და მთელი გულით შემშურდა მისი, გიჟივით მომინდა სიმთვრალე, არაყი, პაპიროსი. "Брат!" გავუწოდე ხელი, არასასიამოვნო, ყალბი ხმა ამომივიდა პირიდან, მაგრამ ამას აღარ შეეძლო ჩემი უკან დაბრუნება. იმან ხელი გამომიწოდა და ღიმილი განაგრძო "Корнилов мне сказал генерал Корнилов да, да...пошел домой, домой, домой...", " По соскдству со мной, нет ли?" ჩავურთე მე ნაძალადევი აგდებულობით, რომ მისთვის მიმემსგავსებინა ჩემი ქცევა, მაგრამ ხმა პირველი სიტყვასავით განსაკუთრებით მოგონილი გამომივიდა და სულ საცოდავი, დამცირებული გამოვჩნდი შავ კოსტუმში, ბრექით, თეთრი პერანგით ამ რუსი ლოთის გვერდზე, რომელიც ხელს მიჭერდა, ღიღინებდა, ხარობდა, რომელიც აბსოლუტურად არ მაქცევდა ყურადღებას, რომელიც არ აქცევდა ყურადღებას არაფერს – როცა მე ამ დროს, ასე ცხადად აღვიქვამდი მის აქ ჩემთვის სასურველ ყოფნას და გაახლებული ძალით ვგრძნობდი ჩემს ზურგზე იმ გოგოების თვალებს. მაგრამ ამ ახალმა დაბრკოლებამ ჩემს გზაზე უცნაური იმუნიტეტი შემიმუშავა. უფრო ხელშესახებად დავიწყე აზროვნება, მინდოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეშორებინა იმ გოგოების დევნა, სულ ცოტა ხნით მაინც გავმხდარიყავი ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც ეს უთვისტომო მათხოვარა იყო – ჟუჟუნა თვალებით, კეთილი, სიბრაზის გარეშე, სხვისი თვალების შეგრძნების გარეშე.
ეს კაცი იდგა ჩემს წინ და მღეროდა, მეც ავყევი, ოღონდ ისევ ყალბად, არასასიამოვნოდ, რის გამოც ცრემლები მომაწვა თვალებზე და პირველად შემეცოდა ჩემი თავი. შეგნებულად ავუხვიე ჩაბნელებული ყაზბეგის ქუჩისკენ, ხელი მის ზურგზე მქონდა მიდებული და ვაწვებოდი სახლისკენ, ვაწვებოდი ცარიელი ქუჩისკენ, რომ მე თვითონ აღარ დამენახა ჩემი შავი კოსტუმი, თეთრი პერანგი, ბრახუნები, რომლების ხმაც ჯიბრზე მთელ კვარტალში ისმოდა, მაგრამ სიბნელემ არ მიშველა, პირიქით, მისთვის კი ისევ ყველაფერი სულერთი იყო, ის განაგრძობდა თავისთვის, შეუჩერებლივ "А вот я, лично я, никогда, а вот сижу в траншее и не боюсь не, не, не...идет враг и стреляет тра, тра, та, та, "დაბარბაცდა ის, ხელი გაიქნია ტყვიამფრქვევივით აქეთ-იქით, "никогда не боялся", უცებ მობრუნდა ჩემკენ და მითხრა, ე.ი. თქვა – ის კი არ მელაპარაკებოდა, ლაპარაკობდა - "не бойся никогда, мы, советский союз не боимся", ის ახლო მოიწია, "а вот я тебе секретчик скажу, там у нас стоят дуло вверх батарея супротив поджигателей", "ну ято поджигатели" მოვურუსულე ისევ ნაძალადევი აქცენტით და ჩემს თავზე რომ მთლიანად არ დამეკარგა შთაბეჭდილება, მაგრად მოვკიდე ხელი მის უღონო სხეულს და წინ წავიგდე. ის მიცუნცულებდა – უსხეულო, უხორცო, უწყინარი – და მღეროდა; მე მივდევდი დიდი, აღჭურვილი კოსტუმ-ბათინკებით, და,,ვტიროდი~, რომ არ ვიცოდი ის საიდუმლო, რაც იცოდა ამ კაცმა, საიდუმლო, რის გამოც არის ის კმაყოფილი.,,რა გქვიათ, ა?~ ვკითხე ყურში. "а, Корнилов, конечно, Алексей Сидорич обязятелбно вперед, Алексей Сидорич". მე გადავწყვიტე საკადრისი პატივი მეცა, სისულელე იყო მასთან, საერთოდ, რაიმე პოზის მსგავსის დაჭერაც კი, მაგრამ იმ წამებში იმდენად ვიყავი ამოვარდნილი ბუნებრიობიდან, რომ წინასწარი გადაწყვეტის გარეშე ვერ ვაკეთებდი ვერაფერს.,,Алексей Сидорич, прошу сюда",, გულზე ხელი მივიდე ღიმილით, ის თავისას აგრძელებდა "Мы поджигателей за раз К..."გაიქნია К-ზე კედლისკენ, "к стенке" დაამთავრა და რაც შეიძლებოდა კეთილად გაიღიმა; მე შემეშინდა: უცნაურად ბნელოდა ქუჩაში, მეორე სართულზე უსხივოდ ენთო ნათურა, ის იმის ქვეშ იდგა და სულ იღიმებოდა, თითქოს რაღაცას მივხვდი, სულ გაუბრაზებლად მოვიდა აზრი: ამ კაცს შეეძლო გაეწყვიტა ყველა და თვითონ მაინც სავსე დარჩენილიყო უმანკოებით, სიკეთით, იმდენი ობიექტური არასიბრაზე იყო მასში. " Все они против нас ничто" ისმოდა მისი ხმა სიბნელეში "во" მოკეცა ერთი თითი "Советский Союз двести миллионов, Китай восемьсот миллионов, Неру еще... " "Мы, три, Грузия ", ვთქვი მე. "о, о правильно, еше три" მიითვალა სათვალავში – მე თვალები გამიფართოვდა, რაღაც უცნაური ხდებოდა გარშემო, ვუყურებდი ამ არარაობას და ვგრძნობდი, რომ ის იყო ქვეყნის მფლობელი, რითი? რითი? რითი? გაუთავებლივ მოდიოდა ეს ერთი კითხვა ჩემს თავში, რომელი ცოდნის მფლობელია ის? საიდან მიიღო იგი? უცებ მომესმა, რომ მან რაღაც თქვა საფრანგეთის შესახებ და მისი აზრის გასაგებად ვკითხე Который лучше, а, Франция или Америка" მე დამშვიდებით ველოდი, რომ იტყოდა "оба один х...", გუნებაში ასეც ჩავიწერე, მაგრამ როცა იმან არც კი მიაქცია ყურადღება ჩემს ნათქვამს და განაგრძო ომის გამჩაღებელთა ზოგადი ლანძღვა, მივხვდი, რომ ისევ დავმარცხდი, ამ კაცისთვის არსებობდა მხოლოდ საბჭოთა კავშირი, რითაც ის აბსტრაქტულად გამოხატავდა თავის სიყვარულს, ღირსებას, რომ ის სწორედ იმით იყო კარგი, რაც ჰქონდა და იმ სურვილით, რომ ჰქონოდა ის, რაც არ ჰქონდა, დიამეტრულად მოწინააღმდეგე მხარე კი, ომის გამჩაღებლები, მისი ვიზიონერული გონებისთვის ისეთივე ზოგადის, ოღონდ ცუდის, გამომხატველი იყო. ამ ფრაზების უკან იმალებოდა შეცნობა სამყაროსი, ჩემთვის დაუნახავამდე მარტივი ამ წამებში, ხოლო მისთვის ცხადზე ცხადი. ეს ცოდნა აძლევდა მას საშუალებას ყოფილიყო მშვიდი, ბედნიერი, ბავშვივით უმწიკვლო, უცნაურად განურჩეველი სხვისი თვალისადმი, ადამიანებისადმი, თვით სიკეთის მცნებისადმიც კი; ეს მსუბუქი, ჰაეროვნად მოძრავი კაცი, დატვირთული მხოლოდ ჩემი ეპითეტებით /მე მეშინია არ დავამძიმო ის/, პაპიროსის სათხოვნელად შეჩერდა ვიღაცეებთან, რომლებმაც ცუდად დაუწყეს ყურება, მაგრამ ჩემი დანახვისას კარგად ჩაცმული ბიჭი აღიქვეს და მოუკიდ-მისცეს,,ყაზბეგი~. ალექსეი სიდორიჩმა შეატყო, რომ თუ მე არა, ისე არ მისცემდნენ პაპიროსს და აქ პირველად მცნო როგორც სხვა კაცი, მის გარდა. "Правильно, вперед, ребятки, вперед, генерал Корнилов приказал, Алексей Сидорич человек неплочой, проводи его до дома, он человек боевои"– ეტყობოდა, ვერ წარმოედგინა რა საჭირო იყო ასეთი სიტუტუცე – გაცილება მეორე კაცის, უცნობის, სახლამდე და რახან ამ ფაქტს აქვს ადგილი, ე.ი. ამ ადამიანს, რომელიც მისთვის წუხდება, დაავალა ვიღაცამ, ეს ვიღაცა კი არის მის მიერ შექმნილი გენერალი კორნილოვი, თავისივე გვარის ოფიცერი, რომელიც ასმევს მას, ხალხს ავალებს გააცილოს, და რომელსაც, როგორც ლაპარაკიდან გამოირკვა, ალექსეი სიდორიჩი აბრალებს ყველა საყოფაცხოვრებო სიკეთეს; ალექსეი სიდორიჩით გატაცება მას, ეტყობა, ძალიან მოეწონა და მთელი გზა იმეორებდა,,Корнилов приказал, проводи этого человека, меня знают, меня уважют...."ჩუ, ჩუ ბიჭო,:я тебе тайну сажу, там на горе супротив их танки стоят, пушки стоят", ის უფრო ახლო მოიწია ჩემკენ, ხელი მომიჭირა მაჯაზე და ჩურჩული დამიწყო; გარშემო არავინ იყო, მხოლოდ მაღაზიასთან ისხდნენ ღამის ყარაული ქალები, გამოხვეულები ქურქში, და თვლემდნენ ნახევარლაპარაკით.
"Это не плохо". ვთქვი მე ჩემთვისვე მოულოდნელად, უაზროდ, და უცებ სიხარულმა შემიპყრო, ისეთივე უაზრომ, როგორიც იყო ეს სიტყვები. ჩემი ტანი იდგა მოუხეშავი, ზედმეტი, ამ უხორცო კაცთან, რომელიც უბრაზოდ ემუქრებოდა ომის გამჩაღებლებს, "Ирак, Дамаск" იძახდა, ხელს სწევდა სუსტად, ნაზად, უდიდესი ჰარმონიით, ისე, რომ სულ მცირე ადგილსაც კი არ იჭერდა, საერთოდ, როცა მე ამდენ არასაჭირო სივრცეს ვიკავებდი გარშემო და მაინც გიჟურმა სიხარულმა შემიპყრო, სიცარიელემ, სიჩუმემ თავისებურად იმოქმედა და მე უსაზღვროდ ახლო მივედი რაღაცა საიდუმლოს გაგებასთან. ის კაცი გამოიწია ჩემკენ, მანიშნა, ყური დაბლა დამეწია, მე აღელვებული დავიხარე, მომეჩვენა ღამის სიმარტოვეში, რომ უნდა მომესმინა ის უდიდესი, ჯერ ართქმული, რაც გამათავისუფლებდა ყველაზე მძიმე ცოდვისაგან, ცოდვისაგან, რომელიც არ ჩამიდენია.
პატარა ფანარი ანათებდა ცარიელი ქუჩის შუაში მდგარი წინასწარმეტყველის კეთილ, უნაკვთო სახეს, კაბასავით ჩაშვებულ მწვანე გიმნასტიორკას, მე, როგორც არაცოცხალი შენობა, სმენად ქცეული ვიდექი მის წინ. საიდუმლოს გაგების ეს წამი იყო ნამდვილად ზღაპრული სიძლიერის, ამიტომ იყო ასეთი მოლოდინით დაძაბული ჩემი აღგზნებული ბუნება; მისი სიტყვების უფრო უკეთ შეგრძნებისათვის ხალათის სახელოზე მოვკიდე ხელი "Знаешь что я тебе скажу", გაიმეორა იმ კაცმა და გაგების მოლოდინის, სურვილის სიდიდისგან, თითქმის დავკარგე შეგრძნება სხეულის, რომელიც ასეთი უაზრო, უხერხული მეჩვენებოდა აქამდე. ის განაგრძობდა: "Знаешь в чем наша тайна, а? там у нас..., ის დაიხარა და ფარნის მიმართულებით გაიშვირა ხელი, მეც ჩავიკუზე და თვალი გავაყოლე რაღაცის დასანახად "В Семеновке то..." ის ფანარს ვერ ამჩნევდა "Пушки стоят супротив поджигателеи войны", ზევითა კუთხეში გაჩახჩახებულ ფანჯარას ფარდა ჩამოაფარეს და ქუჩაში უფრო დაბნელდა. მძიმედ დამეუფლა იმედის გაცრუებისა და უდიდესი საიდუმლოს გაგების შეგრძნება, ასეც ვიცოდი, მთელი ამ კაცის ცოდნა ეს არის, რაც თქვა! ესა ყოფილა ის საიდუმლო, რომლითაც მას შეუძლია იყოს ბედნიერი და არის კიდეც, მთელი გზა მეუბნებოდა ამას, წარმოუდგენელი სიცხადით აღვიქვი, რომ არ არსებობს არავითარი საიდუმლო, ე.ი. მას არა აქვს სახელი, არა აქვს სიტყვები, მას აქვს მხოლოდ შეგრძნება, ამიტომ შეგიძლია დაარქვა ყველა სიტყვა, რაც შენ მოგესურვება, გამოხატო ენაზე მომდგარი პირველივე წინადადებით, რომელიც ისევე არაფერს ეტყვის სხვას, როგორც ამ ვიზიონერის სიტყვები არ ამბობენ არაფერს.
ის კაცი კი იდგა ისეთივე კმაყოფილი, მოღიმარი, მერე ჩამომართვა ხელი, წავიდა და გასამრჯელოსავით დამიტოვა ორი სიტყვა "Спасибо, брат!" დიდს ხანს ისმოდა კიდევ ქუჩის სიჩუმეში თვალსმოფარებულის სიტყვები, შიგ ჩართული რეპლიკით "вперед, ребятки, вперед".
მე კიდევ დიდხანს ვიდექი მარტო, დარჩენილი ღამის ყარაული ბებერი ქალების მფარველობის ქვეშ, რომლებიც საკუთარი ჭორებით იყვნენ გართული. უჩვეულო, სასიამოვნო სიგრილე იდგა ზემო ვერაზე, მას არ არღვევდა არც მთვარის თეთრი შუქი, არც ჩახჩახა ნათურები, არც მანქანის ხმაური, სრულიად არაფერი, გარდა ჩემი ატეხილი, ინტენსიურად დაძაბული, ზოგჯერ ბანგივით გამაბრუებელი ნახევარფიქრებისა, სწორედ ეს უკანასკნელი გაჰყვა შეუჩერებლივ ალექსეი სიდორიჩის გზას. გზა კი მიდიოდა მაღლა, თითქოს სახაზავით გახაზული მამადავითის ქედისაკენ, რომელიც სიბნელესავით იდგა გზის ბოლოს და თავისი უტეხი სიღრმიდან გამოყოფდა გამჭვირვალე, ვარსკვლავიან სიბნელეს. ცა იყო აუღელვებელი, არ ჩანდა არსად მეტეორების წითელი წყდომა და თვითმფრინავის ლურჯი სინათლეები. ეს იყო მთლიანი ჰარმონია, რომელსაც უერთდებოდა მაღლა, მთის ძირისაკენ ლაპარაკით მიმავალი ლოთი.
ავიდა ეს კაცი ბოლო პერპენდიკულარულ ქუჩამდის, სადაც შეწყდა ქვაფენილი, მერე ღიღინით დაეშვა მოკლე ხევისკენ და თავისთვის შეიბუდრა დიდ სახლზე მიდგმულ პატარა ქოხში.
მთლიანად გამეფდა ბუნება გარემოზე.
შეუმჩნეველი ჩხრიალით იწყებდა ხევს გაფუჭებული ონკანიდან გადმოსული წყალი, დიდხანს უმტკიცებდა ქანდარასავით საწოლზე ასული ლოთი რაღაც უშფოთველ აზრს საკუთარ თავს. დიდი ხანია უკვე რაც მან ამ საწოლზე დაიძინა, მისი ტუჩები კი განუწყვეტლივ მოძრაობდნენ, აღიქვამდნენ, ყვებოდნენ რაღაცას, ზოგჯერ წყნარად, ზოგჯერ ბორგვით, ნაწყვეტებად, მხოლოდ დაძინებისას პირზე დარჩენილი ღიმილი რჩებოდა მის სახეს უცვლელად. ნახევრად ღია, მოლიცლიცე თვალები უძრავად ჰქონდა გაჩერებული და იქიდან ხედავდა ის დაუნახავს:

მისი ქოხის წინ კლდიდან მრგვლად მოჭრილ ეზოში ორად გაყოფილი პატარა ბავშვები თამაშობენ ლახტს, ისინი არც ისე პატარები არიან, ყველას უკვე ფორმის გრძელი შარვალი აცვია, ნაწილს ქამრები წრის კიდეზე აქვს დაწყობილი, ნაწილსაც მრგვლად დახვეული მიუგდია გვერდზე ონკანის ძირში დაყრილ წიგნებთან. წყალი იპარება წიგნებთან და ასველებს მათ, თამაშით გართული ბავშვები ვერ ამჩნევენ ვერაფერს; დაბალი, ჩაფსკვნილი ბიჭი წამოეპარა უკნიდან თავის დოყლაპია ამხანაგს, ზურგზე შეახტა და წრიდან გაათრია, კინაღამ არ გადაცვივდნენ ორივენი დაბალ ხევში. თამაშობენ ბავშვები გართობით, თავმიცემით, ვერაფერს ამჩნევენ თავიანთ გარშემო.
ისევ იმარჯვა ჩაფსკვნილმა, მოხერხებულად გამოიყენა წრიდან მოტაცებულის უნიჭო სიარული, ჰკრა მას ხელი ქამრის დამცველისაკენ, ორივენი იქით გადაყარა და ერთი ღვედი მოიტაცა. წრეში დარჩენილებმა მეორე ქამრის დასაცავად გადაინაცვლეს, როგორმე უნდა დაჭრან მოწინააღმდეგე ამ ღვედის წაღებამდის, თორემ ორივეს გატაცების შემდეგ დაიწყება მათი წიაწობა, უწყალო ცემა შიგ წრეში მოწინააღმდეგის დაჭრამდე. ურტყამს დაბალი დარჩენილ ქამარს თავისგან მოტაცებულ ღვედს, რომ გარეთ გამოაგდოს ისიც; ქამარი მკვირცხლ, აყრილტანიან ბიჭს ხვდება შარვალზე, რომელიც მოქნევისას წინ უდგამს ფეხს, მერე სწრაფად სწევს უკან და პირში უცინის მოწინააღმდეგეს, დანარჩენები უკნიდან უვლიან.
ლახტის წრის შიგნით შიშველკანჭება ქალაბიჭა ლენა, განიერი კლოში იუბკით, გრძელ ნახტომს აკეთებს იმათ დასაჭრელად ისე, რომ ცალი ფეხი წრეს არ გასცილდეს, იწელება მთელ სიგრძეზე. ტრიალებენ თავდამსხმელები: ეს გოგო და ის ბიჭი – რა გახდა ამისთანა?! ორი კაცი გაიტაცეს, ერთი ქამარი უკვე მზადა აქვთ და მაინც ვერ ახერხებენ მეორის წაღებას. თამაშის, შეჯიბრის ტემპერამენტით ივსება ყველაფერი.
მოქნეულმა ღვედმა თითქმის გაიტანა დარჩენილი ქამარი, დამორცხვებული და გაბრაზებული იგერიებს მკვირცხლი ბიჭი წრეზე მიტანილ გააფთრებულ იერიშებს.
– გადმოდი აქეთ! – უბრძანებს ლენა.
– ლენა დადგა, ლენა, ლენა!! კანჭებში მაგას! – ყვირიან გარედან.
ქვასავით ჩადგა შიშველა ფეხი ხაზიდან გადაწეულმა ლენამ ქამრის წინ. ფეხის მოუცვლელად იღებს დარტყმას დარტყმაზე. ყივიან ბიჭები. უხმოდ, ტკივილისგან მოკუმული ტუჩებით დგას ლენა. მისი სიჯიუტით უფრო მწარდება დაბალი და ჩაფსკვნილი. თამაში უკვე სერიოზულ ხასიათს იღებს. თითქმის ყველა ითიშება, გარდა ამ ორისა. ეთერში ისმის გაწელილი დუდუკისა და უცებ მოვარდნილი გახურებული დაფა-ზურნის ხმა. იქნევს, ურტყამს გამწარებით ჩაფსკვნილი, იტანს ქალის სიჯიუტით ლენა, დაუსივდა წვივი, ერთგან გაუსკდა ხორცი, მაგრამ არავინ არა გრძნობს ამას, არც ბიჭი, არც თვითონ; მთავარი ის არის, რომელი აჯობებს, თამაშის შინაარსიც კი კარგავს აზრს – მანამდე გაიტანონ ქამარი, სანამ თვითონ დაიჭრებიან. თვალები ებერება ლენას, უკვე ბევრ ადგილას უსკდება წვივი და ხმას არ იღებს. ბიჭი ხედავს მის დაფლეთილ წვივს, თითქოს უნდა შეჩერდეს, მაგრამ თამაშის რიტმმა ისე აიტაცა, რომ უფრო მეტი გამწარებით ურტყამს ღვედს, თითქოს არ უჩანს ბოლო ამ ორი ადამიანის თამაშით წვალებას. გიჟურად სასიამოვნოა შეჯიბრი, ტანჯვამდე მისული. რამდენიმე წამიც და შეიძლება დაიღუპონ ორივენი. არ არის არავინ, ვინც შეძლებს შეაჩეროს ისინი, არც მასწავლებელია ახლოს, არც უფროსი – ან დედა ან მამიდა, ბებიის ჭაჭანებაც კი არ არის.
სისხლი ნაკადად გადმოსდის ლენას დამსკდარი ფეხიდან. ბიჭებმა თვალებზე აიფარეს ხელი და ისე, უგრძნობლად, ყვირიან: `კიდე მაგრა, კიდე! კიდე!! კიდე!!!~ ვერაფერს ვერ ხედავს ჩაფსკვნილი, ქამრისა და წითელი ფეხის გარდა, რომელიც მის წაღებას უშლის.
კინოკადრებივით იცვლება: ფეხი, ქამარი, ფეხი, ქამარი, სისხლი....
ოო, აღარ შეუძლია ჩუმად ყოფნა ალექსეი სიდორიჩს. ის საერთოდ ვერასოდეს ამჩნევდა ასეთ რამეებს თავის გარშემო, ყოველთვის ჩაურეველი იყო ყველაფერში, მხოლოდ თავისი მოკრძალებული ფილოსოფია იყო მისი უვნებელი ზრუნვის საგანი, ახლა კი თამაშის დაწყებისთანავე უნდოდა ჩარეულიყო და ეთქვა, რომ წიგნებს წყალი შეუდგა, რომ ისინი ფუჭდებიან, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც სულ შეაცვლევინა ზრუნვის საგანი და აიძულა აუცილებლივ ამოეღო ხმა, ის თავს გრძნობდა იმ ბიჭის მდგომარეობაში, რომელიც იძულებული იყო, რაღაცა ტრანსს აყოლილს, კანჭებში ერტყა გოგოსთვის; ერთი წამით გადაიბუდრა კიდეც მისმა გაშლილმა, ლოთურმა სულმა იმ ბიჭის სხეულში და საშინლად შეეცოდა ის და როცა იგრძნო, რომ ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან, ვეღარაფრით ვერ მოითმინა – შუა, გახურებული რტყმის დროს დაებერა ფილტვები და სრულიად უნებურად, თავშეუკავებლად წამოილაპარაკა:
"Ребятишки, вперед, вперед, вперед" უცნაური იყო: სიტყვების შინაარსით ისევ გააქეზა ისინი, ისედაც გაგიჟებულები, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო რამ: ბიჭმა უცებ შეაჩერა ღვედის რტყმა, სწრაფად შემოირტყა ქამარი წელზე, გაქანდა ქუდისკენ, დაიხურა და უწყინარი სახით დადგა. სადღაც გაქრა ლენას ფეხზე დამსკდარი იარა, უკვალოდ გაშრა სისხლი და გოგოს სახეზე გაკვირვება გამოეხატა, ეს გაკვირვება გადაედო ჩაფსკვნილ ბიჭს, მერე მკვირცხლ, ტანაყრილ ბიჭს და, ბოლოს, ყველამ უცნაურად გაკვირვებული სახე მიიღო, იმდენად გაკვირვებული, რომ ეს გამომეტყველება გადაედო ალექსეი სიდორიჩსაც. ის იწვა თვალებდახუჭული და ცდილობდა, რომ არაფრით არ შეემჩნია თავისი შინაგანი მდგომარეობა, თავის გარეგნობაზე უკვე აღარა ზრუნავდა, იმდენად უიმედოდ გაოცებული იყო ის და უცებ მთელი არსებით შეეშინდა ალექსეი სიდორიჩს.,,ნუთუ გაიგეს!~ გაიფიქრა მან.
– ალექსი, ლოთი ლექსო მომკვდარა, – აყაყანდნენ ბავშვები და გაიქცნენ მისი ოთახისკენ, ისინი იჭედებოდნენ კარებში, ეცემოდნენ ზღურბლზე, დგებოდნენ ფეხზე და დაუსრულებლივ მირბოდნენ მისი საწოლისკენ "Надо было молчать, надо было молчать", აჭყეტდა დახუჭული გუგების ქვევიდან ალექსეი სიდორიჩი თვალებს.
გაჭედილი სიჩუმე ჩამოვარდა ქოხის პატარა ოთახში. ბიჭები ორად გაიყვნენ და გზა დაუთმეს ლენას: მას ეცვა მკაცრად შეკერილი შავი კოსტუმჩიკი, უცნაურად ცოცხლად, დაუნდობლად იყურებოდნენ მისი შავი თვალები ბავშვურ სახეზე ჩამოშვებული ვუალიდან. თითოეულ ბიჭს ფორმის მარცხენა სახელოზე შავი არშია შემოევლო წითელი კანტით. `მათ მაინც ყველაფერი იციან,~ გაიფიქრა ლოთმა და უცნაურად დაუწყნარდა აცახცახებული სხეული, `Оყბ ვჯბ უჯცგჯლფ, ჯყბ ცფვბ პყფ.ნ~, გაიაზრა მან, ამ ახალმა დასკვნამ უფრო დაამშვიდა და შეარიგა ბედს.
ბავშვები, ლენას ხელმძღვანელობით, დიდი სისწრაფითა და დაკვირვებით მოქმედებდნენ, ეს არ ეპარებოდა მხედველობიდან მიცვალებულს, ის ამით თითქმის ამაყობდა კიდეც და უზომო კმაყოფილება იგრძნო, როდესაც შემორბენილმა ბიჭმა მოიტანა ამბავი, რომ საფლავი უკვე საკმაო სიღრმეზე არის გათხრილი,,,ნუთუ კურთხევაც არ დაავიწყდებათ მიწას მიბარებისას,~ გაუელვა ალექსეი სიდორიჩს და მაშინვე ლენამ ბრძანება გასცა:
– სწორდი! – ბიჭები გამწკრივდნენ ერთ ხაზზე და ყოველი მათგანის ყელზე გაჩნდა წითელი ყელსახვევი.
– სმენა! – გასცა ბრძანება ლენამ, – ბიჭებმა ქუდები წელთან დაიჭირეს და გაიჭიმნენ.
– პატიოსან, კეთილ, პარტიის, პიონერების პატრიოტს, მაგრამ, ამასთანავე, უმოქმედმიზნო ლოთს, ალექსეი სიდორიჩს, ეთხოვება ჩვენი ქუჩის პიონერთა კოლექტივი, – მკაცრად, უდეკლამაციოდ დაიწყო ლენამ. ბიჭები პიონერული სალმის მდგომარეობაში უსმენდნენ, ლენა ამთავრებდა თავის სიტყვას: ის იყო ლოთი, არაფრის მაქნისი და, თუ აშკარა მაგალითად არ ავიღებთ, როგორ შეიძლება ამ ქვეყნიდან უნაყოფოდ წავიდეს კეთილი, პატიოსანი კაცი, ალკოჰოლის მიღებისგან გაბრუებული და მხოლოდ საკუთარ თავთან სწორი ფიქრებით მოხეტიალე, სხვაფრივ უნაყოფოა მისი ცხოვრება. "Вперед, ребятки, вперед", გაუთავებლივ იმეორებდა ალექსეი სიდორიჩი და სულმოუთქმელად უსმენდა პიონერხელმძღვანელის სიტყვას, მას გული იმდენად გაევსო, რომ რაღაც კარგის, მოქმედის თქმაც კი დააპირა, მაგრამ ის მკვდარი იყო და მის მაგიერ ლაპარაკობდა პიონერი ლენა: კვდება ადამიანი და სიკვდილი ამბობს, რომ არ ყოფილა მისი სიცოცხლე ტყუილად, მან ჩვენ გვიანდერძა: წინ, ბავშვებო, წინ, – წინ, პიონერებო, წინ, – გაიმეორეს ბავშვებმა და წამოიწყეს პიონერული სიმღერა.
საოცარი სიმსუბუქით აიტაცეს ხელში ლოთის გვამი, ჰიმნით გასწიეს საფლავისკენ, აქ ორმა უკანა მხრიდან შემოუარა აყალო მიწას, ზენიტში ასული მზისგან იკარგებოდა მათი ჩრდილები. აცხუნებდა, მნათობს თითქოს უნდოდა ამოეღო ყველაფერი მიწიდან, რისი ამოღებაც კი შეიძლებოდა. იმდენად პირდაპირი იყო სხივების ცემა, რომ გვამმა, საფლავის ფსკერისკენ დაშვებულმა, თითქმის გეომეტრიული სიზუსტით დაფარა თავისი ლანდი. ბავშვებს სახეები ქვევით ჰქონდათ დაშვებული, მხოლოდ ცხედარი იყურებოდა ზევით, მზისკენ, საშინელი ტკივილით იგრძნო მან ეს უცნაური დამთხვევა, თავისდაუნებურად ოდნავ შეინძრა, რომ როგორმე მეტი ჩრდილი მაინც გამოეცა მის სხეულს; ამ სრულიად არასაჭირო, უაზრო მოქმედებამ მკვდრისათვის უცნაური შედეგი გამოიღო: იმ ბავშვს, რომელსაც ის ფეხების მხრიდან ეჭირა, ჩაშვების დროს, ფეხი დაუცურდა და საფლავში ჩავარდა.
შიშისგან გაისუსა გარემო. გაქვავებულივით იდგა ლენა, აქ უკვე მას არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. ის გრძნობდა, როგორ ებერებოდა ცრემლით ბავშვური თვალები, ამავე მდგომარეობაში იყვნენ სხვა პიონერებიც; ისინი იქცნენ წეღანდელ დაღლეტილ, ლახტის მოთამაშე მოწაფეებად; იდგნენ გულგაღეღილები, უქამრო, ისევ გამოუჩნდა ლენას დაწითლებული კანჭები, ფოთოლიც კი არ ინძრეოდა მათ ახლოს, უმაღლეს წერტილს მიაღწია სიჩუმემ და უცებ საფლავიდან გაისმა საშინელი ქვითინი, ამოვარდნილი გმინვასავით: `მიშველეთ!~ ყვიროდა ბავშვი, `უშველეთ, უშშშ …~ აშრიალდა ყველაფერი; ტირილად იქცნენ მოწაფეები, `უუს~ ღრიალებდნენ ისინი; გარშემო არავინ იყო, მათ გარდა, უფროსი, ვისაც შეეძლო მათი ამხანაგის ამოყვანა, არ იყო არც ერთი სულიერი, გარდა ცარიელი სახლებისა, ქოხისა, გუბედ ქცეული წყლისა, უხმო ექოდ ქცეული გმინვისა, ამას გრძნობდა, გრძნობდა ტირილამდე, მკვდარი ალექსეი სიდორიჩი და უცებ მან მიაფურთხა ყველაფერს, მიაფურთხა იმასაც კი, რომ მკვდარი იყო და ფეხზე წამოდგა, ხელში აიყვანა ატირებული ბავშვი, მძლავრი მოძრაობით ააგდო საფლავიდან, შემდეგ თვითონაც ამოფორთხდა, მის მიერ ფეხის უსწორო დადგმისაგან ჩაშლილი მიწის ნაწილმა დენა დაიწყო საფლავში. რამდენიმე წუთის შემდეგ აღარაფერი აღარ დარჩა იმ ადგილას, სამარის მსგავსიც კი, რიტმულად გადავიდა ტირილი ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიტყვებში, სლუკუნით სიცილში, რაღაცნაირ შინაგან თავშეუკავებელ სიმხიარულეში და საოცრად დაემსგავსა კაკანს.
კა-კა-კა-კა-კა კაკანებდა აფხორილი, გაკვირვებული კრუხი; მისი წიწილები, აფორთხებულები ალექსეი სიდორიჩის გულზე, შარვლის დაკემსილ ჯიბეებში ჩარჩენილ პურის ნამცეცებს კენკავდნენ; ნაზად მოიშორა ისინი ლოთმა, გაჭიმა ხელები, თითი წინ წაიღო და დააპირა ეთქვა "Вперед, ребятки, вперед", მაგრამ გამოფხიზლებულს თითქოს რაღაც მოაგონდა, რამაც მაინც ვერ შეუშალა ხელი და სათქმელი გაიმეორა: `ჰო, მზე პირს იბანს,~ გაიფიქრა მან. Gგარეთ, გაშანშალებულ მზეზე, საიდანღაც საბედისწეროდ შერჩენილი ღრუბლიდან კოკისპირულად წვიმდა. მან მხარზე მიტოვებული ერთი წიწილა მუჭაში ჩაისვა, მერე დასვა მიწის იატაკზე. პატარა გოგმანით გაიქცა თავისი ყვითელი დებისკენ. ალექსეი სიდორიჩმა თვალი ჩაუკრა წიწილებს. "Вот и вы, мой желтые цыплятя, вперед, ребятки, вперед"– იჯდა სიდორიჩი გაკვირვებული თვალებით თავის საწოლში და ღია კარებიდან გარეთ იყურებოდა.

[1959 წლის შემოდგომა]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი