ერთხელ
ერთხელ ბერიკაცმა ნიჩბით გადახადა ქვევრს მიშა. - რას შვრები. პაპავ? - შეეკითხა შვილიშვილი. - გუშინ ღამე თუხთუხებდა მაჭარი, მეშინია, ქვევრი არ იყოს გახეთქილი, შვილო. შვილიშვილმა ქვევრთან ჩაიმუხლა, სახურავზე დარჩენილი გადაბერტყა, მერე ნაპირები შემოუწმინდა. პაპამ თავისი ხელით ახადა ხუფი. ორშიმო მოიმარჯვა. დიდხანს იხედებოდა შიგნით, შემდეგ თავი გაწია და შვილიშვილი ჩაახედა. - გახეთქილა. - თქვა ჯემალმა. - ჰო. - დაუდასტურა პაპამ. შვილიშვილი: ასე იცის, პაპა, მაჭარმა? პაპა: ზოგჯერ ჰო, ზოგჯერ არა. შვილიშვილი: ზოგჯერ რატო? პაპა: იმიტომ, რო ზოგჯერ ქვევრის კედელი თხელია. შვილიშვილი: მერე? პაპა: მერე, მაჭარი კი ზედმეტად მდუღარე. შვილიშვილი: ზოგჯერ კი? პაპა: ზოგჯერ კი ქვევრის კედელი სქელია, მაჭარიც ნაკლებად მდუღარე. შვილიშვილი: მერე? პაპა: მაშინ არ სკდება. შვილიშვილი: პაპავ, ეგ ქვევრი აღარა ვარგა? პაპა: ქვევრი არა, მაჭარი კი. რაც დარჩა, უფრო კარგი ღვინო დადგება. მოხუცმა ნიჩაბს წამოავლო ხელი და ახალი ორმოს თხრა დაიწყო. პაპა-შვილიშვილმა საღამომდე იმუშავეს; საღამოს ეზოდან მთელი, უფრო პატარა ქვევრი შემოათრიეს და ორმოში ჩააგდეს. გამზადებულ ჭურჭელში გადაიღო მოხუცმა გახეთქილში დარჩენილი მაჭარი. პატარა ქვევრი უცებ გაივსო. რაც დარჩა, პაპამ კოკაში ჩაასხა, მერე შვილიშვილი პურზე გაგზავნა, თვითონ კი მჟავე ამოიღო. ცოტა დალიეს. პაპამ ყალიონი გააბოლა. კიდევ დალიეს. ჯემალი ოდნავ შეთვრა. - რამდენი წლისა ხარ, ბიჭო? - გადააწიტა მოხუცმა. - თვრამეტის, პაპავ. მოხუცმა კიდევ მოქაჩა, მერე კეფა მოიქექა. - ჯერ მაჭარი ხარ, შვილო, - უთხრა და კეფა ისევ მოიქექა. (წ. 1956. გვიანი შემოდგომა.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი