ესტატე


(უმწეოდ იკბინებიან ბუზები)

დღიურიდან:
წ. 1956
ივლისის 25.

შუადღე იყო.
ცაზე ღრუბლები დაიხლიჩა და მზემ გამოანათა. ჰაერი ჩაიხუთა. გორგოლების ნავალში და ცხენის ფლოქვების დანადგამებში დაგროვილმა წვიმის წყალმა აორთქლება დაიწყო. ღრუბლები ისევ შეიკრა, მერე სხვა ადგილას გაიხლიჩა. მზემ უფრო მაგრად დააცხუნა: მოთენთილი ბუზები ნელა ამოძრავდნენ ნაგვის ყუთზე. თავლიდან ამაყად გამოვიდა მამალი; ღობის ძირას დაყრილ ქერის ნარჩენებთან მივიდა და ფეხებით დაუწყო ქექვა. ბოლოს სიღრმეში რაღაცა იპოვა. ჩაუნისკარტა. საიდანღაც გაისმა კაკანი. დაბალ აგურის ღობეს დამფრთხალი დედალი გადმოევლო. მის შემდეგ კატა ახტა კედელზე. ერთხანს მამალს უყურა, რომელმაც ქექვა შეაჩერა. მერე აგურებზე გაწვა და მზის სხივებს მიუფიცხა ზურგი.
უარესად ჩამოცხა.
მამალი ნელა წავიდა საჯინიბოსკენ.
თავლაში ესტატე იდგა და უმადოდ ღეჭავდა თივას. ბუზები უღმერთოდ კბენდნენ. კუდს იქნევდა, მაგრამ არაფერი შველოდა. ბარძაყის ძირებში შემჯდარი მწერები არა შორდებოდნენ. მერე ფეხები გაიქნია, მთელი ტანი დააძაგძაგა უღონოდ და ღეჭვა განაგრძო. ბუზები ახლა გავის ძირში ამოუსხდნენ. ესტატე დაღალა კუდის ტყუილად ქნევამ.
წინა ფეხი ჰაერში ჰქონდა აწეული და სისხლი წვეთავდა. ჭრილობაზე ბორა დააჯდა, ჩამოღვრილ სისხლს კი ნაგვის ბუზები წოვდნენ. მისი შევარდნილი ფერდები თითქმის ერთმანეთს ეკვროდა, ხოლო ზურგზე გრძელი ფიცარივითა ჰქონდა ხერხემალი ამოწეული. ბეჭებზე კეხის დგომისაგან გაჩენილ იარებზე ათობით ასხდნენ ბუზები. მან ჭამას თავი მიანება, მისი დიდი, წირპლიანი თვალები უმწეოდ უმზერდნენ ბაგის კედელს. საჯინიბოში მზე ჯერ უკანა ფანჯრიდან შემოიპარა, მერე კარში შეყო თავი. ბუზები სხივის ვარდნის ადგილას ათობით ისხდნენ.
შუადღე გადავიდა.
სხივი უფრო დაიხარა. ახლა ის ცხენის ფეხს ანათებდა, მერე ბარძაყს, მერე ზურგს. ესტატემ კუდი მოიქნია. მწერები უფრო გამძვინვარდნენ. რამდენიმე მათგანი აფრინდა ჰაერში და მაშინვე ისევ დაეწაფა ზურგის იარებს. სხივმა ახლა ზურგიდან კიდევ მაღლა აიწია. საჯინიბოს კუთხეში აბლაბუდის ქსელში გაბმული ბუზი ფართხალებდა. ქსელის თავიდან ობობა დაიძრა, ჯერ ნელა მიდიოდა, მერე მოუმატა სისწრაფეს და თავისი გრძელი ფეხებით დააცხრა ბუზს. მწერმა მოძრაობა შეწყვიტა. ობობამ მთლიანად გამოწოვა ესტატეს ზურგიდან აღებული სისხლი; შემდეგ ქსელში გაბმულს თავი მიანება; ახალი მსხვერპლის ცდაში მიმალულ ადგილზე გაინაბა.
მოსაღამოვდა.
მზე ახლა თავის უკანასკნელ სხივებს ჰაერშიღა აბნევდა.
ბუზები მიწყნარდნენ. ქსელში ახლადგაბმულები ბედს შეეგუენ. მათი სისხლის გამოწოვა ობობას დილისათვის გადაედო.
ალაყაფის კარი ჭრიალით გაიღო. ესტატემ თავი ოდნავ წამოწია, მერე ყურები ცქვიტა. ეზოში ხმაურით შემოვიდა ლინეიკა და ნაგვის ყუთთან გაჩერდა. კოფოდან ჩამოსულმა ცხენი გამოხსნა, მერე მოსართავები აკრიფა და საჯინიბოში მიიმალა. იქ ესტატე აუშვა ბაგიდან, თვითონ კი ჭერზე ჩამოკიდებული ჩანთა ჩამოიღო; უმადოდ დაიწყო შავი პურის ღეჭვა. არაყი დააყოლა; მერე პაპიროსი გააბოლა გათელილ თივაზე წამოწოლილმა. შეუმჩნევლად მიეძინა დაღალულს.
ესტატე კოჭლობით გამოვიდა გარეთ. ფაშატის დანახვაზე ყურები ცქვიტა, მაგრამ ისევ მოეშვა და კასრში ჩამდგარ წყალს დაეწაფა. ფაშატს კი წყალი უკვე დაელია; ახლა გამალებული ჭამდა თივის ნარჩენებს.
ესტატემ კოჭლობით შემოუარა ეზოს, მერე ლინეიკა დაყნოსა. ერთხანს ასე იდგა, ისედაც დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა. ნესტოები დაებერა:
ულაყს მოუნდა ფაშატი და კოჭლობით წავიდა მისკენ. მან იუკადრისა; გვერდზე გახტა. ულაყმა მისდია. ორივენი დაიღალნენ. ბოლოს ესტატემ დაყნოსა და წინა ფეხებით ზედ შეახტა. გაფუჭებული წვივი ფაშატის გამხმარ ზურგს მოარტყა. სისხლმა წვეთა დაიწყო. ორივემ ინერციით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ერთხანს ასე იჯდა, მერე ულაყის უმოქმედობით გულნატკენი ფაშატი გვერდზე გახტა. ესტატე მარტო დარჩა. ოდნავ გაღვივებული ხალისი ჩაუქრა. ახლა ის ისევ თივას მიუბრუნდა.
მზე ჩავიდა.
სუსტად მოვარდნილმა ნიავმა გალეწილი ქერის ღეროები აშალა. ღრუბელმა კიდევ უფრო დააღო პირი. მალე სულ გაიფანტა.
დაღამდა.
შუაღამისას ცაზე უზარმაზარი ვარსკვლავები ანათებდნენ.

წელი 1956. ოქტომბრის 30.

ამ მოთხრობის ორი შავი ავტოგრაფი არსებობს: (1+1+1-6გვ). (1-2გვ) და ერთი თეთრი (I-II+1-5გვ.). ავტოგრაფების დასათაურება და დათარიღება ერთმანეთისგან განსხვავდება.
შავი ავტოგრაფის ქვედა ნახევრზე სათაური: „ესტატე” წერია ყავისფერი ფანქრით. შავი ავტოგრაფის მეორე სატიტულო ფურცელზე წერია სხვა სათაური: „უმწეოდ იკბინებიან ბუზები.” მოსდევს დღიური თავისი თარიღით. ტექსტი ნასწორებია ყავისფერი ფანქრით, ავტორის მიერ აღნიშნულია დამატებითი აბზაცები, ბოლოს უზის თარიღი.
მეორე შავი ავტოგრაფი წერია შუაში გახეული თაბახის ფურცლის ერთ ნახევარზე, რომელიც წინა ავტოგრაფის ფურცლის მსგავსია. ტექსტის შემდეგ წერია თარიღი: წელი 1956. ივლისის 25”. ეს ფურცელი არქივში ინახებოდა უმისამართო ფურცლებთან ერთად. მოძიებულია როგორც „ესტატეს” შესავალი დღიურის შავი ვარიანტი.
თეთრი ავტოგრაფის პირველი ორი გვერდი თავფურცელია სათაურით, თარიღითა და დღიურით. (გვერდები კვლავ რომაული ციფრებითაა დანომრილი). ტექსტის გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან არაბული ციფრებით. ტექსტის ბოლოს ზის თარიღი. თეთრი ავტოგრაფის მე-5 გვერდზე უკვე მეორედა გვხვდება ინტერვალი ორ წინადადებას შორის ხაზის შიგნით, თავისებური აბზაცი, რის შესახებაც იყო საუბარი წინა ავტოგრაფის შენიშვნებში (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
თეთრი ავტოგრაფის ქვესათაურში: „უმწეოდ იკბინებიან ბუზები”, ჩანს კვალი, რომ თავდაპირველად ნაცვლად სიტყვისა „უმწეოდ” აპირებდა დაეწერა „უმოწყა” (ალბათ, „უმოწყალოდ”). ზევიდან მუქად აწერია „უმწეოდ”. შავშიც არის „უმწეოდ”.
I სიაში: „69. უმწეოდ იკბინებიან ბუზები.”
პირველად გამოქვეყნდა 1961 წელს წიგნში „სალამურა”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი